დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 192
2016 წლის იანვარი
ლ.ი. საბერძნეთის წინააღმდეგ (L.E. v. Greece)
(საჩივარი- 71545/12)
გადაწყვეტილება, 21 იანვარი, 2016 [1-ლი სექცია]
მე-4 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილი
ტრეფიკინგი
ფაქტები – აპლიკანტი ლ.ი. არის ნიგერიის მოქალაქე, დაბადებული 1982 წელს და ცხოვრობს გლიკა ნერაში (საბერძნეთში).
2004 წლის ივნისში ლ.ი. შევიდა საბერძნეთის ტერიტორიაზე, რომელსაც თან ახლდა კ.ა. იგი სავარაუდოდ დაჰპირდა მომჩივანს, რომ წაიყვანდა საბერძნეთში, ბარებსა და ღამის კლუბებში სამუშაოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სანაცვლოდ გადაუხდიდა 40,000 ევროს და აღნიშნულის შესახებ პოლიციას არ შეატყობინებდა. საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ კ.ა-მ აპლიკანტს ჩამოართვა პასპორტი და აიძულა პროსტიტუციაში ჩაბმულიყო. ლ.ი. ეწეოდა იძულებით პროსტიტუციას დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. აპლიკანტი დაუკავშირდა Nea Zoi-ს - არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იძულებით პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს უწევდა პრაქტიკულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
2004 წლის 12 ივლისს ლ.ი-მ მიმართა ათენის უცხოელთა დეპარტამენტს თავშესაფრის მიღების თხოვნით. 2005 წლის 8 ივნისს მომჩივანი ინფორმირებული იყო, რომ მას გამოეყო ადგილი წითელი ჯვრის მიმღებ ცენტრში თავშესაფრის მაძიებელთათვის. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ლ.ი. არ წავიდა ცენტრში.
2005 წლის 29 აგვისტოს ლ.ი. დაკავებულ იქნა პროსტიტუციის კანონმდებლობის დარღვევისთვის, საბერძნეთში შესვლისა და ცხოვრებისთვის. იგი გათავისუფლდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2006 წლის მარტში აპლიკანტი კვლავ დააკავეს პროსტიტუციის ბრალდებით, მსჯავრდებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და გათავისუფლდა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
2006 წლის 2 აპრილს პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უცხოელთა მდგომარეობაზე, გამოსცა გაძევების ბრძანება. აპლიკანტის ქვეყნიდან გაძევება შეწყდა იმ მიზეზით, რომ იგი არაგონივრული იყო. 2006 წლის ნოემბერში ლ.ი. კვლავ პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს. შემდეგ იგი მოათავსეს დაკავების ცენტრში, სანამ გააძევებდნენ, რადგან მას არ ჰქონდა საბერძნეთში ბინადრობის ნებართვა.
2006 წლის ნოემბერში, სანამ აპლიკანტი დაკავების ცენტრში იყო მოთავსებული, მან სისხლისსამართლებრივი საჩივარი შეიტანა კ.ა-ს და მისი პარტნიორის -დ.ჯ-ს წინააღმდეგ. ლ.ი. აცხადებდა, რომ იგი ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო და ზემოთ აღნიშნულ 2 პირს ადანაშაულებდა პროსტიტუციის იძულებაში, რომელიც მას და კიდევ 2 სხვა ნიგერიელ ქალს შეეხო. 2006 წლის 28 დეკემბერს ათენის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა უარყო ლ.ი-ს სარჩელი, აღნიშნა, რომ საქმეში არაფერი იყო ისეთი, რაც დაადასტურებდა მის ბრალდებას. 2007 წლის 26 იანვარს ლ.ი-მ მიმართა პროკურორს კვლავ განეხილა მისი საჩივარი და პროცესს შეუერთდა, როგორც სამოქალაქო მხარე. 2007 წლის თებერვალში ათენის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უცხოელთა მდგომარეობაზე, ბრძანა გაძევების ორდერის შეჩერება. 2007 წლის 21 აგვისტოს პროკურორმა დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება კ.ა-ს და დ.ჯ-ს წინააღმდეგ ტრეფიკინგის ბრალდებით. 2009 წლის 20 ივლისს საქმის მოსმენა გადაიდო იმ დრომდე, სანამ მოპასუხეები, რომლებიც ძებნაში იყვნენ, არ დააკავეს. 2011 წლის მაისში დ.ჯ. დაკავებულ იქნა და შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა 2012 წლის 20 აპრილს და დაადგინა, რომ დ.ჯ. არ იყო კ.ა-ს თანამზრახველი, პირიქით, იგი იყო კ.ა-ს ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელიც ასევე სექსუალურ ძალადობას ექვემდებარებოდა.
შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა განაახლეს ლ.ი-ს ბინადრობის ნებართვა 2014 წლის 2 ნოემბრამდე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, ლ.ი. კონვენციის მე-4 მუხლზე დაყრდნობით (მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა) ჩიოდა, რომ ის ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო და პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულეს. აპლიკანტი დავობდა, რომ საბერძნეთის სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მისი პოზიტიური ვალდებულებების შესრულება კონვენციის შესაბამისი მუხლიდან გამომდინარე, რაც მოიცავდა ამ დებულების დარღვევას.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტსა (გონივრულ ვადაში საქმის სამართლიანად განხილვის უფლება) და მე-13 მუხლზე (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დაყრდნობით, იგი დავობდა სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, სადაც იგი ითხოვდა სამოქალაქო ზიანის ანაზღაურებას. ამასთან, აპლიკანტმა განაცხადა, რომ იმ დროს, მას საბერძნეთში არ ჰქონდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებული საჩივრების მიმართ.
სამართალი – მე-4 მუხლი
სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-2, მე-3 მუხლებთან ერთად მე-4 მუხლი მოიცავდა ევროპის საბჭოს დემოკრატიული საზოგადოების ძირითად ღირებულებებს. მე-4 მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებდა რიგ პოზიტიურ ვალდებულებებს, რომელიც ეხებოდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაბამის დროს საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 351-ე მუხლი განმარტავდა ტრეფიკინგს პალერმოს პროტოკოლისა და ევროპის საბჭოს ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენციის შესაბამისად. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ დროს მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით შესაძლებელი იყო ლ.ი-ს პრაქტიკული და ეფექტური დაცვა.
2006 წლის 29 ნოემბერს, მთელი დაკავების პერიოდის განმავლობაში, ლ.ი-მ ცხადად აცნობა სახელმწიფო უწყებებს, რომ იგი იყო ტრეფიკინგის მსხვერპლი. ამ თარიღამდე, აპლიკანტს შესაბამისი ორგანოების ყურადღება არ მოუთხოვია, მისი - როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლის მდგომარეობასთან დაკავშირებით. შესაბამისი ორგანოები, რომლებიც აპლიკანტის მიერ გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ კ.ა. და დ.ჯ. აიძულებდნენ მას პროსტიტუციაში ჩაბმას, გულგრილნი არ იყვნენ აღნიშნული ფაქტის მიმართ. პოლიციამ მიიღო იმწუთიერი გადაწყვეტილება, გადაეცა ლ.ი. პოლიციის სპეციალური დეპარტამენტისთვის, რათა გამოძიება ჩატარებულიყო განმცხადებლის ბრალდებების ნათელყოფის ფონზე. შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით, აპლიკანტის გაძევების პროცედურები შეწყდა და მას მიენიჭა ბინადრობის ნებართვა, რომლის საფუძველზე შეეძლო საბერძნეთის ტერიტორიაზე დარჩენა.
2007 წლის 21 აგვისტოს ათენის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა ოფიციალურად დაადგინა ლ.ი., როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლი, რაც დადასტურდა ათენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით. თუმცა პროკურორს ლ.ი-ს მიერ შესაბამისი ორგანოებისადმი საკუთარი მდგომარეობის შესახებ შეტყობინებიდან 9 თვის განმავლობაში მისთვის არ მიუნიჭებია აღნიშნული სტატუსი. ასევე, 2006 წლის დეკემბერში ე.ს-მა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Nეა ძოი-ის დირექტორი იყო, აპლიკანტს დახმარებას უწევდა. ე.ს-მ დაადასტურა ამ უკანასკნელის განცხადებები და დაამტკიცა, რომ მას ნამდვილად ესაჭიროებოდა ასეთი ტიპის სახელმწიფო დახმარება. ე.ს-ს ეს განცხადება არ იყო საქმის მასალებში შესული დიდი ხნის განმავლობაში. შედეგად, ლ.ი-ს განცხადებასა და შესაბამისი ორგანოების მიერ განმცხადებლის მსხვერპლის სტატუსის აღიარებას შორის 9 თვის პერიოდი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც „გონივრული“. ეროვნული ხელისუფლების ორგანოების დაყოვნება ლ.ი-ს დაცვის ღონისძიებების განუხორციელებლობას წარმოადგენდა.
ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების მხრივ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ.ი-ს პირველი საჩივარი უარყოფილ იქნა პროკურორის მიერ. ამ უკანასკნელს არ ჰქონდა წვდომა მოწმის ჩვენებაზე, რომელიც მიცემულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციის Nეა ძოი-ს დირექტორის - ე.ს-ს მიერ. მან დაადასტურა ლ.ი-ს მოთხოვნები. აღნიშნული მოწმის ჩვენება არ იყო შესული საქმის მასალებში პოლიციის მაღალჩინოსნების დაუდევრობის გამო. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მოწმის ჩვენება დაემატა საქმის მასალებს, მართლმსაჯულების განმახორციელებელმა ორგანოებმა არ განაახლეს საჩივრის განხილვა საკუთარი ინიციატივით. აპლიკანტს თავად უნდა განეახლებინა სამართალწარმოება 2007 წლის 26 იანვარს პროკურატურისთვის მიმართვით. ამასთან, 2007 წლის 1 იანვრამდე პროკურორს არ გამოუცია ბრძანება სისხლის სამართალწარმოების დაწყების თაობაზე. მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე ახსნა-განმარტება ამ პერიოდის უმოქმედობასთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდა 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
წინასწარ და შემდგომ გამოძიებასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ რიგმა ხარვეზებმა შეარყიეს აღნიშნული მოქმედებების ეფექტურობა. ლ.ი-ს ბრალდების შემდეგ, სახლი მაშინვე მოექცა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა კ.ა-ს - სავარაუდო დამნაშავის ადგილსამყოფელი განესაზღვრათ. თუმცა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ იგი აღარ იმყოფებოდა შესაბამის მისამართზე, პოლიციას ძებნისთვის ფართომასშტაბიანი სახე აღარ მიუცია ორი სხვა მისამართის მიხედვით, რომელიც კონკრეტულად ლ.ი-ს მიერ იყო აღნიშნული მის განცხადებაში. არც ის იკვეთებოდა, რომ პოლიცია ცდილობდა სხვა ინფორმაციის შეგროვებას შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით. არსებობდა მნიშვნელოვანი შეფერხებები წინასწარ გამოკვლევასა და საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც სისხლის სამართალწარმოება დაიწყო კ.ა-ს და დ.ჯ-ს მიმართ 2007 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 4 წელსა და 8 თვეზე მეტი დრო გავიდა, სანამ ათენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე სასამართლოს სხდომა გაიმართებოდა.
საბოლოოდ, კ.ა-ს მიმართ, რომელიც სავარაუდოდ ძირითადი ბრალდებული იყო ტრეფიკინგის დანაშაულში, არ არსებობდა მტკიცებულება, რომ პოლიციამ მიიღო შემდგომი ხელშესახები ზომები მის საპოვნელად და მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად და მხოლოდ შემოიფარგლა ამ პირის სახელის დამნაშავეთა საარქივო მასალებში შეყვანით. ხელისუფლების ორგანოებს არ დაუმყარებიათ კონტაქტი ან არ უთანამშრომლიათ ნიგერიის ხელისუფლებასთან, რათა დაეკავებინათ დამნაშავე.
სასამართლომ აღნიშნა გამოძიების სწრაფად განხორციელების არარსებობის თაობაზე, ასევე საბერძნეთის ხელისუფლების მხრიდან კონვენციის მე-4 მუხლიდან გამომდინარე არსებული პროცედურული ვალდებულებების შეუსრულებლობა და დაადგინა, რომ დაირღვა წინამდებარე მუხლი.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-13 მუხლი
სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან მიმართებით, მხედველობაში მისაღები პერიოდი დაიწყო 2007 წლის 26 იანვარს, როცა ლ.ი-მ განაცხადა მისი განზრახვის შესახებ ჩაბმულიყო სამართალწარმოების პროცესში, როგორც სამოქალაქო პირი და დასრულდა 2012 წლის 20 აპრილს, როცა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. შესაბამისად, საქმე გაგრძელდა 5 წლის განმავლობაში და 2 თვეზე მეტ ხანს ერთ ინსტანციაში. გამოძიების ეტაპზე და საქმის სირთულის შეფასების გარეშე, სასამართლომ აღნიშნა, რომ დაახლოებით 2-ნახევარი წელი გავიდა ლ.ი-ს, როგორც სამოქალაქო პირის მიერ განაცხადის შეტანიდან სამართალწარმოებაში ჩართვის მიზნით და 2009 წლის 20 ივლისიდან, როცა საქმის განხილვა შეწყდა ბრალდებულთა მოძებნამდე და დაკავებამდე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალწარმოების ხანგრძლივობა გაჭიანურებული იყო ერთი ინსტანციის სასამართლოსთვის და არ აკმაყოფილებდა „გონივრული ვადის“ მოთხოვნას. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი.
ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების არსებობასთან დაკავშირებით, რათა გაესაჩივრებინათ სამართალწარმოების ხანგრძლივობა, სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ დროს, საბერძნეთის სამართლებრივი სისტემა არ უზრუნველყოფდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებას კონვენციის მე-13 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში იმ საჩივრებთან დაკავშირებით, რომელიც სამართალწარმოების ხანგრძლივობას ეხებოდა. ეროვნულ სამართალში შესაბამისი დაცვის საშუალების არარსებობის გამო, რომლითაც ლ.ი. შეძლებდა მისი უფლების აღსრულებას - გონივრულ ვადაში საქმის განხილვის შესახებ, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: სასამართლომ დაადგინა, რომ საბერძნეთს ლ.ი-სთვის უნდა გადაეხადა 12 000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ხოლო 3 000 ევრო - ხარჯებისა და დანახარჯებისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy