ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება გადაწყვეტილების დასაბუთების შესახებ.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს დამნაშავედ ცნობის შესახებ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ვერდიქტზე მოტივის დასაბუთებას: დარღვევა არ დადგინდა.
საქმე „ლეგილონი საფრანგეთის წინააღმდეგ“
CASE OF LEGILLON v. FRANCE
განაცხადი N53406/10
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2013 წლის 10 იანვარი
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებელს, ნაფიც მსაჯულთა სააპელაციო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 15 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთა გაუპატიურებასა და მათთან სექსუალური კავშირის გამო.
განაცხადი შეეხებოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებაში დასაბუთების არარსებობას. განმცხადებელმა სააპელაციო განაცხადი წარუდგინა საკასაციო სასამართლოს, რომელიც არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები.
სამართალი
59. სასამართლო აღნიშნავს, რომ საფრანგეთის სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში ყველა ბრალდებული, ისევე როგორც განმცხადებელი, უზრუნველყოფილია გარკვეული ინფორმაციითა და გარანტიებით: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროცესზე, საგამოძიებო განყოფილების საბრალდებო აქტი ან სააპელაციო საქმეზე გადაწყვეტილება სრულად იკითხება სასამართლოს მდივნის მიერ; ბრალდების წაკითხვის შემდეგ შეჯიბრებითობითი სახის პაექრობას ექვემდებარება, თითოეული მტკიცებულება განიხილება და ბრალდებულს დახმარებას უწევს ადვოკატი; მოსამართლეები და ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა გადის საკითხის განსახილველად ზეპირი საქმის განხილვის დასრულებისა და კითხვების დასმის შემდეგ. ნაფიც მსაჯულებს მოცემულ მომენტში არ აქვთ საქმის მასალებზე წვდომა, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მათი გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს მხოლოდ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც განიხილეს მხარეებმა სასამართლო პროცესის დროს; გარდა ამისა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებები ექვემდებარება გადახედვას გაფართოებული ნაფიც მსაჯულთა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
60. რაც შეეხება საბრალდებო აქტის და ნაფიც მსაჯულთა კითხვების ერთობლივ ზემოქმედებას წინამდებარე საქმეში, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, განმცხადებელი იყო ერთადერთი ბრალდებული და სავარაუდო სამართალდარღვევები, მიუხედავად მათი სერიოზულობისა, არ იყო კომპლექსური.
61. ამასთან ერთად, როგორც მხარეები თანხმდებიან, საბრალდებო აქტის მოქმედება შეზღუდული იყო რადგან იგი წარდგენილი იყო სასამართლო განხილვამდე, რაც სამართალწარმოების კრიტიკულ ნაწილს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი განსაკუთრებულად დეტალური იყო და ბრალდებები სამი დღის მანძილზე განიხილებოდა. რაც შეეხება საბრალდებო დასკვნაში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ ღირებულებას და დახმარება გაეწია განმცხადებლის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გაგებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარ დასკვნებს გავლენა არ მოუხდენია ნაფიც მსაჯულთა განხილვებსა და გადაწყვეტილებაზე, რომელიც მათ საბოლოოდ მიიღეს.
62. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ სამართალდარღვევების ხელახლა კლასიფიცირება განმცხადებლის სასამართლოსთვის გადაცემის ბრძანების შემდეგ მოხდა და ნაფიცი მსაჯულებისთვის კითხვების დასმამდე, ხაზს უსვამს იმას, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის განაჩენი საბრალდებო აქტისგან განსხვავდებოდა. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება, რომელიც სასამართლო პროცესის შედეგად წარმოიშვა, უნდა დაეხმაროს განმცხადებელს ნაფიც მსაჯულთა დასაბუთების ნაწილის გაგებაში.
63. რაც შეეხება კითხვებს, ყველა მათგანი მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ, როგორც თავად მთავრობა აღნიშნავს, მოსამართლეებს და ნაფიც მსაჯულებს ხელი არ მიუწვდებოდათ საქმის მასალებზე საქმის განხილვის დროს და გადაწყვეტილებამდე მივიდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც მხარეებმა განიხილეს სასამართლო პროცესზე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მათ ასევე ხელი მიუწვდებოდათ საბრალდებო აქტზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
64. პროცესზე დასმული თორმეტი კითხვა, რომელიც მთლიანობაში მკაფიო და არაორაზროვანი იყო, შეეხებოდა განმცხადებლის წინააღმდეგ ბრალდებებს.
65. უნდა აღინიშნოს, რომ განმცხადებელი ასევე ჩიოდა, რომ არავითარი განსხვავება არ გაკეთებულა ძალადობას, იძულებას, მუქარას და მოულოდნელად თავს დადგომას შორის, რომელიც გამოხატავს სხვადასხვა ტიპის ქცევას. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს არ შეუძლია იმის თქმა, რომ აღნიშნულ ფაქტორს შეეძლო ხელი შეეშალა მისთვის ვერდიქტის გაგებაში, განსაკუთრებით კი, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი ქმედება ჩადენილი იყო აღმავალი ხაზის ნათესავის მიერ უახლოეს გარემოცვასთან, რომლებიც სრულწლოვანების ასაკს არ იყვნენ მიღწეული.
66. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ არსებობდა კონკრეტული კითხვები, რომელიც ეხებოდა დაზარალებულთა ასაკთან დაკავშირებულ დამამძიმებელ გარემოებებს და განმცხადებლის სტატუსს, რომელიც წარმოადგენდა ნათესავს აღმავალი ხაზით, რომელიც საშუალებას აძლევდა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას ზუსტად განესაზღვრა მისი ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
67. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს საკმარისი გარანტიები ჰქონდა, რომელიც საშუალებას აძლევდა, გაეგო, თუ რატომ იქნა ცნობილი იგი დამნაშავედ.
68. სასამართლო ითვალისწინებს რეფორმას, რომელიც განხორციელდა იმ ღონისძიების შემდეგ, რასაც 2011 წლის 10 აგვისტოს შესაბამისი კანონის გამოცემა მოჰყვა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა ახალ დებულებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების გადმოცემას „მოტივის დასაბუთების ფორმაში“, რომელიც თან უნდა დაერთოს კითხვების ფურცელს. განაჩენის გამოტანისას, კანონი მოითხოვს მოტივის დასაბუთებაში მითითებული იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა განხილვის დროს გადაისინჯება და რომელიც დაარწმუნებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ყოველი წაყენებული ბრალის სისწორეში. სასამართლოს აზრით, აღნიშნული რეფორმა, ერთი შეხედვით, მნიშვნელოვნად აძლიერებს გარანტიებს თვითნებობის წინააღმდეგ და დახმარებას უწევს ბრალდებულებს გაიგონ თუ რატომ არიან ისინი მსჯავრდებულები და ამგვარად იგი პასუხობს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
69. შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას წინამდებარე საქმეში ადგილი არ ჰქონია.
Full & Egal Universal Law Academy