დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ლიპინსი ლატვიის წინააღმდეგ (LIEPIŅŠ v. LATVIA)
(საჩივარი- 31855/03)
გადაწყვეტილება, 25 თებერვალი, 2015 [მე-4 სექცია]
მე-6 მუხლი
ფაქტები: 2002 წლის 11 დეკემბერს იეკაბპილსის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ქურდობაში დამნაშავედ ცნო. მომჩივანს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე მის წინააღმდეგ გამოტანილი შვიდი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ საბოლოოდ მას სამი წლითა და 7 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2003 წლის 24 იანვარს ზემგალეს რეგიონალურმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი და მისი პატიმრობის ვადა 6თვით შეამცირა, გადააკვალიფიცირა რა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, როგორც ქურდობა ჩადენილი მცირე ოდენობით. მომჩივანმა გადაწყვეტილების სამართებრივი საკითხები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის მოთხოვნა, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, რათა წარმოედგინა ახსნა-განმარტებები, არ დააკმაყოფილა და მას წერილობით აცნობა, რომ შეუძლებელი იყო საქმის განხილვაში მისი მონაწილეობის უზრუნველყოფა. საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ განიხილა საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოო გახლდათ. მომჩივანი დავობდა, რომ მას დაერღვა კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება, რადგან სახელმწიფო ბრალმდებელს მიეცა უფლება მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, ხოლო მას კი უარი ეთქვა აღნიშულზე და რომ მისი უფლება, მონაწილეობა მიეღო საკასაციო განხილვაში, არ იქნა გათვალისწინებული.
სამართალი: მოცემულ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ უზენაეს სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ უნდა დაედგინა, არამედ უნდა შეეფასებინა სამართლის ნორმების განმარტებები, რომელიც გამოყენებული იყო საქმეში. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვერ დაასკვნის, რომ მომჩივნის სხდომაზე დაუსწრებლობა მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევას წარმოადგენდა. მოცემულ საქმეში, უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია შეზღუდული იყო სამართლებრივი საკითხებით. გარდა ამისა, მომჩივანი სასამართლოს წინაშე არ დავობდა, რომ საქმეში არსებული სამართლებრივი საკითხები ვერ იქნებოდა განცალკევებული რაიმე ფაქტობრივი გარემოებების განხილვისაგან, რაც საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მის დასწრებას სავალდებულოს ხდიდა. იგი არც იმას უთითებდა, რომ საკითხები შეეხებოდა მის პიროვნებას ან ხასიათს. შესაბამისად, სასამართლო ვერ მიიჩნევდა, რომ მომჩივნის დაუსწრებლად საკასაციო საჩივრის განხილვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფოს დარღვევას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის საქმის განხილვაზე ბრალდებულის პირადი დასწრება სამართლიანი სასამართლოს უფრო ფართო კონცეფციის ასპექტია. მოცემულ საქმეზე დასწრების ელემენტს შეჯიბრებითობის პრინციპის კუთხით, რომელიც მოითხოვს, მხარეებს მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, რათა მათი საქმე იმგავარად წარმოადგინონ, რომ არახელსაყრელ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ, მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აცხადებს, რომ პროკურორს საკასაციო სხდომაზე დასწრების უპირატესობა ჰქონდა და, განსხვავებით მომჩივნისაგან, შესაძლებლობა ჰქონდა უზენაესი სასამართლოსათვის ზეპირი ახსნა-განმარტება წარედგინა,რომელიც მიზნად ისახავდა ამ უკანასკნელის მოსაზრებაზე ზეგავლენის მოხდენას. როგორც ჩანს, აღნიშნული ახსნა-განმარტებები მიმართული იყო მომჩივნის საჩივრის არ დაკმაყოფილებასა და მისი მსჯავრდების ძალაში დატოვებისკენ. ცალსახაა, რომ მომჩივანს ჰქონდა საკასაციო სხდომაზე მონაწილეობის მიღების უფლება. გარდა ამისა, რადგან მომჩივანი დაპატიმრებული გახლდათ,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 458-ე მუხლის მიხედვით მის მიერ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო მისი სხდომაზე დასწრება. მომჩივანმა აღნიშნული მოთხოვნა დააყენა, რომელიც უზენაესმა სასამართლომ სხდომამდე ერთი კვირით ადრე მიიღო, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვერ გაიზიარებს მთავრობის არგუმენტს, რომ აღნიშნული განცხადება დაგვიანებული იყო, რადგან იგი არ იყო წარმოდგენილი მომჩივნის საჩივარში. როგორც თავად მთავრობამ მიუთითა, მოცემული შეფასება ეფუძნებოდა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ იყო დადგენილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული მიდგომა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც რომ ყოფილიყო, მთავრობას არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი, რომ მომჩივანი ამის თაობაზე ინფორმირებული იყო. საკასაციო განხილვის თაობაზე შეტყობინება არ შეიცავდა ინფორმაციას მოთხოვნის დაყენების შეზღუდულ დროსთან დაკავშირებით. სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება წარმოადგენდა, გაეტარებინათ შესაბამისი ღონისძიებები, რათა აღესრულებინათ ეს უფლება. სასამართლომ დაადგინა, რომ საკასაციო სხდომის განხილვის თაობაზე შეტყობინება ადვოკატსაც ჩაბარდა. მთავრობას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. უფრო მეტიც, სასამართლოს წინაშე სხვა წარდგინებების მიხედვით, ისინი აცხადებდნენ, რომ მომჩივანს არ ჰყავდა ადვოოკატი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მათ მიერ საკასაციო საქმის განხილვის თაობაზე შეტყობინება დროულად იქნა გაგზავნილი, რაც მომჩივანს ადვოკატის დანიშვნის დროსა და საშუალებას აძლევდა. მიუხედავად ამისა,ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ პროცედურული სამართლიანობის პრინციპი მოითხოვდა, რომ მომჩივანს მისცემოდა შესაძლებლობა, პროკურორის საპასუხოდ, საკასაციო სხდომაზე, გაეკეთებინა ზეპირი განცხადებები. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ, შეჯიბრებითობის პრინციპის დარღევით, მომჩივანს არ მისცა უფლება მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.
დასკვნა: სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევას.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვასასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy