Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N51
2003 წლის მარტი
ლეშნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ (Lesnik v. Slovakia)
(საჩივარი- 35640/97)
გადაწყვეტილება, 11 მარტი, 2003 (მე-4 სექცია)
მე-10 მუხლი
მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი
გამოხატვის თავისუფლება
პირის მსჯავრდება პროკურორის შეურაცხყოფისთვის: დარღვევა არ დადგინდა
ფაქტები – მომჩივანმა წარუმატებლად სცადა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ჰ-ს წინააღმდეგ. მოგვიანებით, მომჩივანმა წერილი გაუგზავნა ოლქის პროკურორ პ-ს, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ეს უკანასკნელი პასუხისმგებელი იყო ჰ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტაზე და უკანონოდ გამოსცა მომჩივნის ტელეფონის მოსმენის ბრძანება.
რაიონულმა პროკურორმა მომჩივანს შეატყობინა, რომ დადგენილი არ იყო პ-ს მიერ სატელეფონო მოსმენის ბრძანების გაცემა ან ის, რომ იგი სხვაგვარად მოქმედებდა უკანონოდ. მომჩივანმა ასევე, წერილობით მიმართა მთავარ პროკურორს და აცხადებდა, რომ პ-მ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებამოსილება და რომ ჰ-მ ფული გადაიხადა მის წინააღმდეგ სამართალწარმოების შეწყვეტისათვის. პ-ს მოთხოვნით, მომჩივნის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმის წარმოება პროკურორის შეურაცხყოფისთვის. საოლქო სასამართლომ მომჩივნის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო მას და ოთხი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მომჩივანმა გაასაჩივრა აღნიშნული განაჩენი. საოლქო სასამართლომ კვლავ დამნაშავედ ცნო იგი და იმავე სასჯელი დააკისრა. მან მიიჩნია, რომ მომჩივნის წერილები იყო ცილისმწამებლური და უხეშად შეურაცხმყოფელი ხასიათის. მომჩივანმა ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა, თუმცა რეგიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა იგი და დაადგინა, რომ მომჩივანმა არ დაასაბუთა მოსყიდვისა და უკანონო ქმედებების ბრალდებები.
სამართალი - მუხლი 10 - ჩარევა დადგენილი იყო კანონით და ემსახურებოდა პ-ს რეპუტაციისა და უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, რათა საშუალება მისცემოდა შეესრულებინა პროკურორის მოვალეობები ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე.
რაც შეეხება ჩარევის აუცილებლობას, პროკურორები არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც ფართო გაგებით სასამართლო სისტემის შემადგენელობაში შედიან და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მათ, ისევე როგორც სასამართლო მოხელეებმა, უნდა ისარგებლონ საზოგადოებრივი ნდობით. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პირებს უფლება აქვთ გააკრიტიკონ მართლმსაჯულების განხორციელება და მასში ჩართული თანამდებობის პირები, ასეთი კრიტიკა გარკვეულ საზღვრებში უნდა ჯდებოდეს. მოცემულ საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის წერილებში პ-ს მიმართ გამოთქმული გარკვეული განცხადებები მის პროფესიულ და პირად თვისებებთან დაკავშირებით შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო როგორც სუბიექტური შეფასება, წერილებში ასევე იყო ბრალდებები უკანონო და შეურაცხმყოფელი საქციელის თაობაზე, რაც წარმოადგენდა ფაქტების კონსტატირებას, რომლებიც ეროვნულმა სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. აქედან გამომდინარე, ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოების მიერ დასახელებული განმარტებები იყო შესაბამისი და საკმარისი. ბრალდებები იყო სერიოზული ხასიათის და შეეძლო შეურაცხყოფა მიეყენებინა პ-სთვის, გავლენა ჰქონოდა მისი მოვალეობების შესრულებაზე და მთავარ პროკურორთან გაგზავნილ წერილთან მიმართებით ასევე, შეეძლო დაეზიანებინა მისი რეპუტაცია. მომჩივანი შეზღუდული არ ყოფილა გამოეყენებინა სათანადო საშუალებები იმ საქციელის გამოსწორების მიზნით, რომელიც უკანონოდ მიიჩნია. მომჩივნისთვის დაკისრებული სანქცია არ ყოფილა უმნიშვნელო, თუმცა შესაძლო ვარიანტებიდან მაინც ყველაზე მსუბუქი იყო. სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლების გათვალისწინებით, გასაჩივრებული ჩარევა იყო პროპორციული.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ხუთი ხმა ორის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები