დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 229
2019 წლის მაისი
ილგარ მამადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ (დიდი პალატა) (Ilgar Mammadov v. Azerbaijan [GC]
(საჩივარი- 15172/13)
გადაწყვეტილება, 29 მაისი, 2019 [დიდი პალატა]
46-ე მუხლი
46-ე მუხლის მე-4 ნაწილი
გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებული პროცედურები
აზერბაიჯანის წინააღმდეგ გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება იმის გამო, რომ მან არ შეასრულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება: დარღვევა დადგინდა
ფაქტები – 2013 წელს მომჩივანს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ბრალი წაუყენეს სისხლისსამართლებრივ დანაშაულებში და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ეს ყოველივე მოხდა მას შემდეგ, რაც მან პერსონალურ ბლოგზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთა. 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით (შემდგომში მამადოვის პირველი საქმე), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეზე დაირღვა კონვენციით უზრუნველყოფილი შემდეგი მუხლები: მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი და მე-18 მუხლი.
მოგვიანებით მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი. 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (შემდგომში მამადოვის მეორე საქმე), სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-ნი მამადოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება არასამართლიანი იყო და არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს, მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება და დროებითი რეზოლუცია, სადაც ხაზგასმით აღნიშნა მომჩივნის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების არსებითი ხარვეზები, რომლებიც გამოავლინა ევროპული სასამართლოს დასკვნებმა კონვენციის მე-18 მუხლის საფუძველზე მე-5 მუხლთან ერთობლიობაში. მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა აზერბაიჯანს მომჩივნის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ.
2017 წლის 5 დეკემბერს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვიტა, კონვენციის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსთვის მიემართა შემდეგი საკითხით: შეასრულა თუ არა აზერბაიჯანმა კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკისრებული ვალდებულება, დამორჩილებოდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, უფრო კონკრეტულად კი გადაწყვეტილებას მამადოვის პირველ საქმეზე?
2018 წლის 13 აგვისტოს მომჩივანი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს.
სამართალი: კონვენციის 46-ე მუხლი: გამომდინარე იქედან, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მინისტრთა კომიტეტმა დარღვევასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყო, სასამართლომ კონვენციის მე-14 დამატებითი ოქმის შედგენის ისტორიისა და აღსრულების პროცესისთვის შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს [კონვენციის 46-ე მუხლის] ფონზე, განმარტა თუ რა არის მისი ამოცანა.
გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებული პროცედურები მიზნად არ ისახავდა სასამართლოსა და მინისტრთა კომიტეტს შორის ფუნდამენტური ინსტიტუციური ბალანსის დარღვევას. მინისტრთა კომიტეტი აფასებს სახელმწიფოს მიერ გასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას გადაწყვეტილებაში დადგენილი დარღვევის მაქსიმალურად გამოსწორება. სასამართლოს ამოცანა ამ პროცედურაში გახლავთ გადამწყვეტი სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად აღსრულდა სადავო გადაწყვეტილება. ამის გათვალისწინებით, სასამართლო შეფასების დროს მხედველობაში მიიღებს ზედამხედველობის პროცესში მინისტრთა კომიტეტის მიერ გაკეთებულ დასკვნებს, მოპასუხე სახელმწიფოს პოზიციასა და დარღვევის მსხვერპლის არგუმენტებს. სასამართლომ უნდა განსაზღვროს საბოლოო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სამართლებრივი ვალდებულებები, აგრეთვე გადაწყვეტილების ბუნება.
მინისტრთა კომიტეტმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით საკითხი გადასცა იმავე დღეს, როდესაც მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფომ უარი განაცხადა დამორჩილებოდა საბოლოო გადაწყვეტილებას, ვინაიდან კომიტეტი ვერ დარწმუნდა, რომ სახელმწიფოს ქმედებები იყო ,,დროული, ადეკვატური და საკმარისი’’. სასამართლომ განსაზღვრა, რომ აღნიშნული საქმის განხილვის ათვლის წერტილი იყო ის მომენტი, როდესაც მინისტრთა კომიტეტმა საკითხი გადასცა განსახილველად.
კონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე მინისტრთა კომიტეტისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილება აგრეთვე გულისხმობდა, რომ კომიტეტს შეეძლო სასამართლოსთვის გადაცემული საქმის უკან გამოხმობა. თუმცა, განსახილველ საქმეზე კომიტეტმა საქმე უკან არ გაიხმო.
ა) წინამდებარე დარღვევასთან დაკავშირებული პროცედურების ფარგლები - სასამართლოს მიერ განსახილველ არსებით საკითხს წარმოადგენდა, გაატარა თუ არა აზერბაიჯანის რესპუბლიკამ ინდივიდუალური ღონისძიებები, რომლებიც მოთხოვნილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად და მე-5 მუხლთან ერთობლიობაში მე-18 მუხლის დარღვევის აღმოსაფხვრელად.
ბ) ინდივიდუალური ღონისძიებები
(i) მამადოვის პირველი საქმე
ა) გადაწყვეტილების ტექსტი: სასამართლოს გადაწყვეტილება, იმის თაობაზე, რომ საქმეში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის დარღვევას და მე-18 მუხლის დარღვევას მე-5 მუხლთან ერთობლიობაში, ეფუძნებოდა მომჩივნის წინააღმდეგ ბრალდებებისა და წინასასამართლო განხილვის ტოტალიტარულ ხასიათს.
ბ) სახელმწიფოსთვის დაკისრებული ვალდებულებები: მამადოვის პირველი საქმე და სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულება restitutio in integrum თავდაპირველად აზერბაიჯანს ავალდებულებდა შეეცვალა ან გაეუქმებინა ბრალდებები, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ გააკრიტიკა, როგორც თვითნებური და წინასწარი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა მომჩივანი. ფაქტობრივად, ბ-ნი მამადოვის წინასწარი პატიმრობა დასრულდა, როდესაც 2014 წლის მარტში პირველი ინსტანციის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო; მსჯავრდება სრულებით ეფუძნებოდა სადავოდ გამხდარ ბრალდებებს. ის ფაქტი, რომ ის დაპატიმრებული იყო მსჯავრდების გამო (და არა წინასწარი პატიმრობის საფუძველზე) მას არ აბრუნებდა იმ პოზიციაში, რომელშიც იქნებოდა თუ კონვენციის მოთხოვნებს არ უგულებელყოფდნენ. შესაბამისად, restitutio in integrum კვლავ მოითხოვდა, რომ გასაჩივრებული სისხლისსამართლებრივი ბრალდების უარყოფითი შედეგები აღმოფხვრილიყო, რაც მოიცავდა მომჩივნის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
მთავრობას არასდროს უდავია, რომ restitutio in integrum-ის მისაღწევად დაბრკოლდნენ იმის გამო, რომ ეს ,,მატერიალურად შეუძლებელი იყო’’ ან დაკისრებული ვალდებულება არაპროპორციული იყო. ამრიგად, წინამდებარე საქმეზე არ არსებობდა დაბრკოლება, რომელიც ხელს ხეუშლიდა restitutio in integrum-ის მიღწევას.
დასკვნა: Restitutio in integrum ავალდებულებდა აზერბაიჯანს, რომ სასამართლოს მიერ თვითნებობის საფუძვლით გაკრიტიკებული სისხლისსამართლებრივი ბრალდების უარყოფითი შედეგები აღმოეფხვრა და პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა ბ-ნი მამადოვი.
(ii) შეასრულა თუ არა აზერბაიჯანმა კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება, დამორჩილებოდა საბოლოო გადაწყვეტილებას?
ა) უზრუნველყოფდა თუ არა ინდივიდუალური ღონისძიებები restitutio in integrum-ს?: იმ დროისთვის, როდესაც კომიტეტმა საქმე განსახილველად სასამართლოს გადასცა, ცხადი იყო, რომ ეროვნულმა სამართალწარმოებამ ვერ უზრუნველყო ზიანის გამოსწორება. ნამდვილად, 2016 წლის 26 აპრილს, როდესაც სააპელაციო სასამართლომ ხელახლა განიხილა მომჩივნის მსჯავრდება, მან უარყო მამადოვის პირველ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დასკვნები კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტთან მიმართებით იმ საფუძვლით, რომ არასწორი იყო და, აგრეთვე, ყურადღების მიღმა დატოვა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სხვა დარღვევები, მათ შორის მე-18 მუხლის დარღვევა მე-5 მუხლთან ერთობლიობაში. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპოვებული იყო საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად და სრულყოფილად შეაფასა. მინისტრთა კომიტეტი თვალყურს ადევნებდა ეროვნული სასამართლოების მიერ საქმის განხილვას და დაასკვნა, რომ აღნიშნულმა სასამართლოებმა ვერ აღმოფხვრეს ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც მამადოვის პირველ საქმეზე გამოწვეულ იქნა მე-18 მუხლის დარღვევით მე-5 მუხლთან ერთობლიობაში.
სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მამადოვის პირველ საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევის დადგენა მე-5 მუხლთან ერთობლიობაში ძალას უკარგავდა შემდგომ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებას. შესაბამისად, ლოგიკური იყო, რომ მომჩივანი დაუყოვნებლივ გათავისუფლებულიყო. დასაშვებად რომც მიჩნეულიყო, რომ restitutio in integrum-ს მიზნებისთვის საკმარისი იყო შემდგომი ეროვნული სამართალწარმოების დალოდება, მიყენებული ზიანის გამოსწორების მიზნით, აღნიშნული სამართალწარმოების ფარგლებში ეს ზიანი არ აღმოიფხვრა.
მამადოვის პირველ საქმეზე დადგენილი ხარვეზები შემდგომში დადასტურდა მამადოვის მეორე საქმეზე, სადაც დადგინდა, რომ მომჩივნის მსჯავრდება ეფუძნებოდა არასწორად შეფასებულ მტკიცებულებებს.
ამრიგად, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მამადოვის პირველ საქმეზე დადგენილი დარღვევები არ შეცვალა მამადოვის მეორე საქმეზე გაკეთებულმა დასკვნებმა, რომლებმაც ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ სახელმწიფოს უნდა გაეტარებინა ინდივიდუალური ღონისძიებები, რაც გამომდინარეობდა მამადოვის პირველი საქმიდან.
მთავრობამ წარმოადგინა 2018 წლის 13 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც სისხლისსამართლებრივი ბრალდების შეფარდების უარყოფითი შედეგების აღმოფხვრის საშუალება. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ კვლავ უარყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნები. გადაწყვეტილება ითვალისწინებდა მხოლოდ მომჩივნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას. მომჩივნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შემდგომში შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანმა სასჯელი სრულად მოიხადა. უზენაესი სასამართლოს ძირითადი დასაბუთება, მართლმსაჯულების უმაღლეს დონეზე ადასტურებდა მომჩივნის მსჯავრდებას და ეროვნული სასამართლოების მიერ სტრასბურგის სასამართლოს დასკვნების უარყოფას.
საბოლოო დასკვნები: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება მაღალი ხელმშეკვრელი მხარის მიერ უნდა მოხდეს კეთილსინდისიერად. კონვენციის მთლიანი სტრუქტურა ამ ზოგად მოსაზრებას ემყარება, ეს სტრუქტურა კი მოიცავს ზედამხედველობის პროცედურასაც. გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს კეთილსინდისიერად და იმ ფორმით, რომელიც შეესაბამება ,,გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნებსა და სულისკვეთებას’’. გარდა ამისა, კეთილსინდისიერების ვალდებულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც სასამართლო ადგენს კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას, აღნიშნული მუხლის მიზანს წარმოადგენს უფლებამოსილების არასათანადოდ გამოყენების აკრძალვა.
მე-14 დამატებითი ოქმის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებების სწრაფ და სრულყოფილ აღსრულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მომჩივნის უფლებათა დასაცავად, აგრეთვე იმის გამო, რომ სტრასბურგის სასამართლოს ავტორიტეტი და სისტემის საიმედოობა დიდად არის დამოკიდებული ამ პროცესის ეფექტურობაზე.
აზერბაიჯანმა გადადგა გარკვეული ნაბიჯები მამადოვის პირველი საქმის აღსასრულებლად. მან სასამართლოს მიერ სამართლიანი დაკმაყოფილების სახით მიკუთვნებული თანხა მიაკუთვნა მომჩივანს და აგრეთვე 2014 წელს წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც, მათი მოსაზრებით, ითვალისწინებდა ღონისძიებებს, რომელთა მეშვეობით გადაწყვეტილება აღსრულდებოდა. 2019 წლის 13 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა მომჩივანი, თუმცა გათავისუფლება პირობითი იყო და დაახლოებით რვა თვის განმავლობაში მოიცავდა რამდენიმე შეზღუდვას, სანამ უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 28 მარტს არ შეცვალა ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ორივე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მინისტრთა კომიტეტმა სასამართლოს გადასცა განსახილველად შემდეგი საკითხი: შეასრულა თუ არა სახელმწიფომ დაკისრებული ვალდებულებები მამადოვის პირველი საქმის შესაბამისად.
ზემოთ განხილული სახელმწიფოს ნაბიჯები სასამართლოს არ აძლევს საშუალებას, მივიდეს დასკვნამდე, რომ მოპასუხე სახელმწიფო ,,კეთილსინდისიერად’’ მოქმედებდა, იმ ფორმით, რომელიც შეესაბამებოდა მამადოვის პირველი საქმის ,,დასკვნებსა და სულისკვეთებას’’; სახელმწიფოს ქმედებები აგრეთვე არ იყო იმ სახის, რომელიც კონვენციის უფლებების დაცვას [რომელთა დარღვევაც სასამართლომ დაადგინა] უფრო ეფექტურსა და პრაქტიკულს გახდიდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა ვერ დაიცვა კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკისრებული ვალდებულება, დამორჩილებოდა 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებას საქმეზე ილგარ მამადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy