დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N. 173
აპრილი 2014
ლ. ჰ. ლატვიის წინააღმდეგ (L.H. v. Latvia) - 52019/07
გადაწყვეტილება 29.4.2014 [IV სექცია]
მუხლი 8
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც საჯარო ხელისუფლების ორგანოს მომჩივნის სამედიცინო მონაცამების შეგროვების უფლებამოსილებას ანიჭებდა, აკლდა სიცხადე: დარღვევა
ფაქტები – 1997 წელს მომჩივნის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ქირურგმა მას ჩაუტარა საშვილოსნოს მილების ოპერაცია, მისი თანხმობის გარეშე. მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა სასამართლოს გარეშე დავის მოგვარება, მომჩივანმა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით საავადმყოფოს წინააღმდეგ წარადგინა სამოქალაქო სარჩელი, რომელიც საბოლოოდ დაკმაყოფილდა. პარალელურად, საავადმყოფის დირექტორმა მიმართა სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციას (“MADEKKI”), მის დაწესებულებაში მომჩივანთან მიმართებით განხორციელებული სამედიცინო მოქმედების შეფასების მოთხოვნით. შემდგომი ადმინისტრაციული მოკვლევის დროს, MADEKKI-მ სამი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან მოითხოვა და მიიღო მომჩივნის სამედიცინო დოკუმენტები; საბოლოოდ მან გამოსცა ანგარიში, რომლის მიხედვით, მომჩივნის მშობიარობის დროს არ დარღვეულა არც ერთი კანონი. მოგვიანებით მომჩივანმა სადავო გახადა MADEKKI-ის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული მოკვლევის კანონიერება, თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. უზენაესი სასამართლოს სენატმა დაადგინა, რომ ეროვნული სამართალი MADEKKI-ს უფლებას აძლევდა სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ხარისხი.
სამართალი – მუხლი 8: სასამართლომ ხაზი გაუსვა სამედიცინო მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პირის მიერ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებით სარგებლობის დროს; სასამართლოს უნდა დაედგინა, იყო თუ არა შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა საკმარისი სიზუსტით ფორმულირებული და ითვალისწინებდა თუ არა თვითნებობის წინააღმდეგ დაცვის ადეკვატურ საშუალებებს. ამ მიზნით, საწყის ეტაპზე, სასამართლომ დაადგინა, რომ შესაბამასი სამართლებრივი ნორმები MADEKKI-ის კომპეტენციას ძალიან ზოგადად აღწერდნენ და არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ საავადმყოფოს მიმდინარე სამოქალაქო სამართალწარმოების შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტისგან რჩევა მიეღო. გარდა ამისა, ეროვნული კანონმდებლობა არ ზღუდავდა MADEKKI-ს მიერ მსგავს მოკვლევებში შესაგროვებელი სამედიცინო მონაცემების ფარგლებს, რამაც გამოიწვია შვიდი წლის განმავლობაში მომჩივნის შესახებ არსებული ყველა სახის სამედიცინო მონაცემების შეგროვება, ყოველგვარი წინასწარი შეფასების გარეშე, იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს მონაცემები პოტენციურად გადამწყვეტი, შესაბამისი ან მნიშვნელოვანი გამოკითხვის მიზნის (რაც არ უნდა ყოფილიყო იგი) მისაღწევად. საბოლოოდ, იმ ფაქტმა, რომ მოკვლევა დაიწყო მომჩივნის სტერილიზაციიდან შვიდი წლის შემდეგ, წარმოშვა ეჭვი, იყო თუ არა მონაცემების შეგროვება „აუცილებელი სამედიცინო მკურნალობის უზრუნველყოფის ან ჯანდაცვის მომსახურების განხორციელების მიზნებისთვის“, რასაც მოითხოვდა ეროვნული კანონმდებლობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მოქმედი კანონმდებლობა საკმარისი სიზუსტით არ მიუთითებდა შესაბამისი ორგანოების დისკრეციის ფარგლებს და მისი განხორციელების ფორმას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 11,000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy