Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ
(Lobzhanidze and Peradze v. Georgia)
საჩივარი N 21447/11 და N35839/11
27 თებერვალი
ფაქტები:
მომჩივნები, ზურაბ ლობჟანიძე და ფატი ფერაძე, 1964 და 1950 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც ჰორგენში (შვეიცარიაში) ცხოვრობენ.
საქმე ეხებოდა ბ-ნი ლობჟანიძის წინააღმდეგ ურთიერთაკავშირებულ სამ სამართალწარმოებას, რომელთაგან ერთ-ერთი ასევე ეხებოდა მის სიდედრს, ქ-ნ ფატი ფერაძეს.
ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი კომპანიების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ბ-ნი ლობჟანიძის, წინააღმდეგ პირველი სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო 2004 წელს და ეხებოდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. 2017 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ მომჩივანი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით. აღნიშნული სასჯელი ამნისტიის შედეგად შემსუბუქდა.
მეორე სამართალწარმოების ფარგლებში 2010 წელს ორივე მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი დოკუმენტის გაყალბებაში და თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ბ-ნმა ლობჟანიძემ, კონფისკაციის თავიდან არიდების მიზნით, ფიქტიურად გაყიდა კვარიათში სახლი ზღვის პირას. მან სიდედრის მეშვეობით საკუთრება მესამე პირს მიყიდა და გამოიყენა 2004 წელს შედგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტი. ეროვნული სასამართლო იმ დასკვნის გაკეთებისას, რომ სახლის მესაკუთრეები ყოველთვის მომჩივნები იყვნენ და რეალურად ის არ გაყიდულა, დაეყრდნო სხვადასხვა მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ, მიცემულს მომჩივანთა ნათესავებისა და იმ წყვილის მიერ, რომლებიც 2000-2009 წლებში სახლს ყურადღებას აქცევდნენ.
მომჩივნებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და ამტკიცებდნენ, რომ სახლი ნამდვილად გაიყიდა, თუმცა შემდგომ ნასყიდობა გაბათილდა, რადგან ახალმა მესაკუთრემ ვერ შეძლო დაყადაღებულ სახლში შესვლა. მომჩივნები აგრეთვე აცხადებდნენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ამ სახლში გადავიდა საცხოვრებლად ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათ წინააღმდეგ მიმდინარეობდა სამართალწარმოება. აღნიშნული მინისტრი მოგვიანებით დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ვინაიდან უძრავი ქონება არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და მას არ ჰქონდა [სახლით] სარგებლობის უფლება.
მომჩივანთა წინააღმდეგ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის ნოემბერში სრულად დატოვა ძალაში, ხოლო 2011 წელს უზენაესმა სასამართლომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებული საჩივარი არ დააკმაყოფილა.
იმავდროულად, ბ-ნი ლობჟანიძის წინააღმდეგ რიგით მესამე სამართალწარმოება დაიწყო იმ საფუძვლით, რომ მისი და მისი სიდედრის წინააღმდეგ მიმდინარე მეორე სამართალწარმოების ფარგლებში ის ტელეფონით დაუკავშირდა საქმის განმხილველ მოსამართლეს და შეეცადა ზეგავლენა მოეხდინა მასზე. აღნიშნულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით მომჩივანს დაენიშნა ადვოკატი სავალდებულო წესით. 2010 წლის სექტემბერში მას დაუსწრებლად მსჯავრი დაადეს მოსამართლის საქმიანობაში უხეშ ჩარევაში და ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მომჩივნის საჩივარი, რომელიც წარდგენილ იქნა ერთთვიანი ვადის დარღვევით იმის გამო, რომ მან არ იცოდა მისთვის სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის მიღების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
ბ-ნი ლობჟანიძის სასჯელი მეორე მსჯავრდებასთან მიმართებით შემცირდა, ხოლო რაც შეეხება მესამე სამართალწარმოებას, მას ამნისტია შეეხო. ამნისტია შეეხო აგრეთვე ქ-ნ ფატი ფერაძეს.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტზე დაყრდნობით, მომჩივნები დავობდნენ, რომ მეორე საქმის წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.
ბ-ნი ლობჟანიძე აგრეთვე დავობდა, რომ გამომძიებელმა მესამე სამართალწარმოების ფარგლებში დაუნიშნა სავალდებულო წესით ადვოკატი და მას არ მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი ნებით აერჩია ადვოკატი, რამაც შეუძლებელი გახადა მისი მსჯავრდების არსებითი მხარის გადასინჯვა, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის დარღვევით.
სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
65. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ეროვნულ სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [დიდი პალატა], no. 926/05, § 91, ECHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, § 27, 13 ივლისი 2017). ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით (იხ. Ruiz Torija v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 29, Series A no. 303‑A; García Ruiz v. Spain [დიდი პალატა], no. 30544/96, § 26, ECHR 1999‑I; და Moreira Ferreira v. Portugal (no.2) [დიდი პალატა] (no. 19867/12, § 84, 11 ივლისი 2017).
66. ზემოაღნიშნული ვალებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, 11 ოქტომბერი 2011), არამედ ის გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ. Moreira Ferreira, ციტირებული ზემოთ, § 84; Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, 21 ივნისი 2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21 ივლისი 2015). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. Boldea v. Romania, no. 19997/02, § 30, 15 თებერვალი 2007, და Uche v. Switzerland, no. 12211/09, § 37, 17 აპრილი 2018).
(ბ) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
67. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მომჩივნის მსჯავრი ეხებოდა ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლო დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს (მათ შორის მომჩივნის ნათესავებისა და პირველი მომჩივნის ადვოკატის განცხადებებს) და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც უთითებდნენ სახლთან მიმართებით მომჩივნის „რეალური საკუთრების უფლებაზე“, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებასთან დაკავშირებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ეროვნული სასამართლოები ვალდებულები იყვნენ, წარმოედგინათ კონკრეტული და მკაფიო პასუხები მხოლოდ იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტი იქნებოდა სამართალწარმოების შედეგებისთვის. ამ უკანასკნელთან მიმართებით, სხვა არგუმენტებთან ერთად, მომჩივნები დავობდნენ, რომ (i) არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ საკუთრება უკანონო საშუალებებით იყო მოპოვებული; (ii) ანონიმური იყო ბრალდების წყარო, რომლის მიხედვით პირველმა მომჩივანმა საკუთრება უკანონოდ შეიძინა; და (iii) შინაგან საქმეთა მინისტრი ამ სახლში საცხოვრებლად სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების დროს გადავიდა. მართალია, ეროვნულმა სასამართლოებმა ზემოხსენებულ არგუმენტებს ცალსახა პასუხი არ გასცეს, თუმცა მოცემული არგუმენტები არ იყო რელევანტური მომჩივანთა ბრალის განსაზღვრისთვის, კერძოდ, იმის დასადგენად, მომჩივნებმა მოამზადეს და გამოიყენეს თუ არა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მინისტრის შემდგომ მსჯავრდებაზე კვარიათში მომჩივნის სახლის ფლობასა და გარემონტებასთან დაკავშირებით, იგი უყურადღებოდ არ ტოვებს იმ ფაქტს, რომ მინისტრის მსჯავრდება ეხებოდა სხვა დანაშაულს, რომელიც განისაზღვრა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდა მომჩივნების წინააღმდეგ საქმის წარმოება, და პირდაპირი გავლენა არ ჰქონია დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებულ დანაშაულზე.
68. გარდა ამისა, სასამართლო შენიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოების წინაშე წარდგენილი მომჩივანთა განცხადებები, რომლებიც ეხებოდა საქმის მასალებში მ.ყ-ს წერილის არსებობას (რომელიც განმარტავდა რომ ხელშეკრულება ნამდვილი იყო, თუმცა საბოლოოდ გაბათილდა, რადგან მან ვერ შეძლო საკუთრების უფლებით სარგებლობა), თეორიულად რელევანტური იყო ეროვნული სასამართლოების წინაშე სამართალწარმოებისთვის. თუმცა, არც ეს არგუმენტები და არც შესაბამის გადაწყვეტილებებში მათზე აშკარა პასუხის გაუცემლობა არ უნდა შეფასდეს თეორიულად. კერძოდ, წინამდებარე საქმის მსგავს საქმეებში - სადაც ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებები ეფუძნება inter alia მრავალი მოწმისგან მოპოვებულ მტკიცებულებებს - არასაკმარის დასაბუთებასთან დაკავშირებული არგუმენტები სიფრთხილით უნდა იქნეს განხილული.
69. ამ კონტექსტში იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს, სტრასბურგის სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებულები იყვნენ ისინი იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინათ ეროვნული სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები. ამასთან დაკავშირებით, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაბათილდა, ხოლო მყიდველს გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდა, რადგან მ.ყ. ვერ ახორციელებდა მესაკუთრის უფლებებს. მომჩივნების განცხადებით, აღნიშნული ბათილობა წარმოადგენდა მტკიცებულებას იმისა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ ყოფილა ფიქტიური. მიუხედავად ამისა, მომჩივნებს სარჩელის დასაბუთებისათვის არ წარმოუდგენიათ [ზემოხსენებული ფაქტის დამადასტურებელი] სათანადო მტკიცებულება (მაგალითად, ქვითარი ან გადახდის ბრძანება). ასევე, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სამართალწარმოების საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მ.ყ-მ საქმის წარმოება დაიწყო სახლზე დადებული ყადაღის მოხსნის მიზნით, უცნობია თუ რამდენად გაამახვილეს მომჩივნებმა ამაზე ყურადღება ეროვნული სასამართლოების წინაშე. ნებისმიერ შემთხვევაში ამგვარი სამართალწარმოება თავისთავად საეჭვოს არ ხდის ეროვნული სასამართლოების დასკვნებს იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ფიქტიური იყო. და ბოლოს, რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტებს, რომ მ.ყ. სასამართლოების მიერ არ დაკითხულა, ამაზე პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება ეროვნულ სასამართლოებს, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მოთხოვნას მ.ყ-ს დაკითხვის შესახებ თან არ ახლდა მისი საკონტაქტო ინფორმაცია და მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი არ ცხოვრობდა საქართველოში. გარდა ამისა, როგორც კი მ.ყ-ს წერილი დაემატა საქმის მასალებს, მოვლენათა განვითარების მ.ყ-ს ვერსია ცნობილი გახდა ეროვნული სასამართლოებისთვის და მომჩივნებმა არ დააზუსტეს, თუ რა ახალი ინფორმაციის წარმოდგენა შეეძლო მოწმეს ეროვნული სასამართლოს წინაშე (იხ. Murtazaliyeva v. Russia [დიდი პალატა], no. 36658/05, § 158, 18 დეკემბერი 2018). არსებული გარემოებებისა და საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით (რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში გაიმეორა), მომჩივანთა არგუმენტებზე პასუხები, თუნდაც მხოლოდ არაპირდაპირ (იხ. Sawoniuk v. the United Kingdom (განჩინება), no. 63716/00, 29 მაისი 2001), წარმოდგენილი იყო სადავო გადაწყვეტილებაში.
70. რაც შეეხება საკითხს, იყვნენ თუ არა ეროვნული სასამართლოები ვალდებულები, წარმოედგინათ აშკარა პასუხები მომჩივანთა არგუმენტებზე მათი მსჯავრის განჭვრეტადობასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო მხედველობაში მიიღებს, ეს არგუმენტები იყო თუ არა საკმარისად სადავო. ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მისი ამოცანა არ არის ჩაანაცვლოს ეროვნული სასამართლოები ფაქტების შეფასებასა და მათ სამართლებრივ კლასიფიკაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი ეფუძნება მტკიცებულების გონივრულ შეფასებას (იხ. Rohlena v. the Czech Republic [დიდი პალატა], no. 59552/08, § 51, ECHR 2015, და Berardi and Mularoni v. San Marino, nos. 24705/16 და 24818/16, § 43, 10 იანვარი 2019). რაც შეეხება მომჩივნების არგუმენტს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენდა „საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს“, სტრასბურგის სასამართლო, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით აღნიშნულ ხელშეკრულებას ნათლად აღწერს, როგორც „იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უფლების არსებობას“ სადავო საკუთრებაზე. რაც შეეხება გაყალბების განმარტებას, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ გაყალბების განსაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მიხედვით იმ დროისთვის კარგად დამკვიდრებული იყო ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში. გარდა ამისა, [სტრასბურგის] სასამართლო აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ უზენაესმა სასამართლომ უპასუხა მომჩივნებს ამ კონკრეტულ არგუმენტთან დაკავშირებით და აღნიშნა მსგავს საქმეებში 210-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკა.
71. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მომჩივანთა საჩივრები ეჭვქვეშ აყენებდნენ ეროვნული სასამართლოების მიერ კონკრეტული მტკიცებულებებისთვის მინიჭებულ წონას და მათ დასკვნებს ეროვნულ კანონმდებლობასა და ფაქტებთან მიმართებით - საკითხები, რომლებიც არ არის სტრასბურგის სასამართლოს განსახილველი (იხ. Moreira Ferreira, ციტირებული ზემოთ, § 83 (b), და Ilgar Mammadov v. Azerbaijan (no. 2), no. 919/15, § 205, 16 ნოემბერი 2017; ასევე შედარებისთვის Rostomashvili v. Georgia, no. 13185/07, § 59, 8 ნოემბერი 2018).
72. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო ასკვნის, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის სავარაუდო დარღვევა
73. პირველი მომჩივანი, სისხლის სამართლის მესამე სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, დავობდა, რომ ხელისუფლებამ არ იზრუნა მისთვის ეცნობებინა წაყენებული ბრალდებების შესახებ და, აგრეთვე, საშუალება არ მისცა მას ესარგებლა თავისი ნებით არჩეული ადვოკატით, რათა ამ უკანასკნელს დაეკითხა მოწმეები და გამოეკვლია სხვა მტკიცებულებები. გარდა ამისა, დაირღვა მისი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება და უფლება, გაესაჩივრებინა მისთვის დაკისრებული მსჯავრი, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა არ მიიღეს საჩივარი, რომელიც ასაჩივრებდა მომჩივნის გამამტყუნებელ განაჩენს იმ საფუძვლით, რომ გასული იყო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი საპროცესო ვადა. მომჩივანი დაეყრდნო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ და მე-3 (a), (b) და (c) პუნქტებს და ასევე მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის 1-ელ პუნქტს. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მომჩივნის საჩივარი არსებითად ეხება იურიდიული წარმომადგენლის „არჩევანის უარყოფას“ და მის შედეგებს მესამე სამართალწარმოების სამართლიანობაზე. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო მომჩივნის საჩივარს განიხილავს მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის ფარგლებში.
(ა) ზოგადი პრინციპები
80. მიუხედავად იმისა, რომ სისხლისსამართლებრივ დანაშაულში ბრალდებული პირის უფლება - დაიცვას თავი ადვოკატის მეშვეობით, არ არის აბსოლუტური, ის სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს (ix., Ibrahim and Others v. the United Kingdom [დიდი პალატა], nos. 50541/08 and 3 others, § 255, 13 სექტემბერი 2016; Simeonovi v. Bulgaria [დიდი პალატა], no. 21980/04, § 112, 12 მაისი 2017; და Beuze v. Belgium [დიდი პალატა], no. 71409/10, § 123, 9 ნოემბერი 2018). სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირი ამ უფლებას არ კარგავს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ის არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს. სისხლის სამართლის სასამართლო სისტემისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ბრალდებული ადეკვატურად იყოს დაცული, როგორც პირველი ინსტანციის, აგრეთვე ზედა ინსტანციების წინაშე (იხ., Sejdovic v. Italy [დიდი პალატა], no. 56581/00, § 91, ECHR 2006‑II).
81. სამართლებრივ წარმომადგენლობასთან დაკავშირებული რელევანტური პრინციპები საქმეზე დვორსკი ხორვატიის წინააღმდეგ (დიდი პალატა) Dvorski v. Croatia ([დიდი პალატა], no. 25703/11, §§ 81-82, ECHR 2015) შეჯამებულ იქნა შემდეგნაირად:
,,განსხვავებით ადვოკატის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საქმეებისგან, იმ სიტუაციებთან მიმართებით, რომლებიც წარმოშობს ,,ადვოკატის არჩევაზე უართან დაკავშირებულ საკითს’’, გამოყენებულ იქნა ,,რელევანტური და საკმარისი’’ მიზეზების უფრო მსუბუქი ტესტი. ამ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს, მთლიანობაში სამართალწარმოების გათვალისწინებით, [ამ ფაქტმა] დაცვის უფლებებზე უარყოფითი გავლენა ხომ არ იქონია იმ მოცულობით, რომ ძირი გამოეთხარა სამართალწარმოების სამართლიანობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს იმის დადგენა, თითოეული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად ნაჩვენები იყო, რომ არსებობდა რელევანტური და საკმარისი საფუძვლები იმისა, რომ უარი თქმოდა მომჩივნის სურვილს, აერჩია საკუთარი დამცველი. სადაც არ არსებობდა მსგავსი საფუძვლები, სასამართლომ უნდა განაგრძოს სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება, მთლიანობაში. ამ შეფასების გაკეთებისას, სასამართლომ შეიძლება გაითვალისწინოს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის სამართალწარმოების ბუნება და გარკვეული პროფესიული მოთხოვნების გამოყენება; ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებული გარემოებები და [დანიშვნის] გასაჩივრების შესაძლებლობის არსებობა; ადვოკატის დახმარების ეფექტიანობა; პატივი სცეს თუ არა ბრალდებულის პრივილეგიას თვითინკრიმინაციის წინააღმდეგ; ბრალდებულის ასაკი და იმ დროს ბრალდებულის მიერ მიცემული განცხადებების გამოყენება სასამართლოს მიერ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კონვენცია მიზნად ისახავს არა თეორიული და ილუზორული, არამედ პრაქტიკული და ეფექტიანი უფლებების უზრუნველყოფას; კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განსაზღვრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს რეალურ მდგომარეობაზე. იმ საქმეებში, სადაც ბრალდებულს არ ჰყავდა იურიდიული წარმომადგენელი, სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა ბრალდებულისთვის მიცემული შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა მტკიცებულების ავთენტურობა და მისი გამოყენება; იმყოფებოდა თუ არა მომჩივანი პატიმრობაში; ამგვარი განცხადებები წარმოადგენდნენ თუ არა მნიშვნელოვან ელემენტებს, რომლებსაც დაეფუძნა მსჯავრდება; სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების სიძლიერეს.
82. კონვენციის მე-6 მუხლის არც ფორმულირება და არც სულისკვეთება არ უშლის პირს საკუთარი ნებით, გამოხატულად ან არაცხადად, უარი თქვას სამართლიანი სასამართლოს გარანტიებზე. თუმცა, უფლებაზე უარი უნდა დადგინდეს ცალსახად და მას თან უნდა ახლდეს მისი მნიშვნელობის პროპორციული მინიმალური გარანტიები. უფლებაზე უარი აუცილებელი არ არის იყოს აშკარა, თუმცა მას ნებაყოფლობითი ხასიათი უნდა ჰქონდეს და უნდა წარმოადგენდეს უფლებაზე გაცნობიერებულ უარს. სანამ ბრალდებულის ქმედებების მეშვეობით, შეიძლება ითქვას, რომ მან აშკარად უარი თქვა მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, ნაჩვენები უნდა იყოს, რომ მას გონივრულად შეეძლო განეჭვრიტა, თუ რა შედეგები მოყვებოდა მის ქმედებას. უფრო მეტიც, უფლებაზე უარი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს (იხ., Simeonovi, cited above, § 115, and Murtazaliyeva, cited above, § 117).
(ბ) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
83. წინამდებარე საქმეზე სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხს წარმოადგენს არა - ის მომჩივნის სასამართლო პროცესზე დაუსწრებლობა შეესაბამებოდა თუ არა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტს ან კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით სასამართლოსადმი ხელმისაწვომობის უფლება, ვინაიდან მომჩივანი ძირითადად დავობს არა იმას, რომ შეეზღუდა უფლება, დასწრებოდა სასამართლო პროცესს - რომელზე დასწრებაც მას არ სურდა, არამედ (i) ის ასაჩივრებს იმ ფაქტს, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი ინტერესები დაეცვა მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით და (ii) ეროვნულმა სასამართლოებმა არასაკმარისად დაასაბუთეს მათი უარი, დასაშვებად ეცნოთ მომჩივნის საჩივარი, რომელიც ეხებოდა in absentia მის მსჯავრდებას.
84. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ მესამე სამართალწარმოების დაწყების დროს, პირველი მომჩივანი უკვე გამოცხადებული იყო ლტოლვილად. ამ კონტექსტში, ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა პირის უფლებას, დაეცვა თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით - უფლება, რომლითაც მომჩივანმა პირველი ორი სამართალწარმოების განმავლობაში ისარგებლა - მიუხედავად იმისა, არიდებდა თუ არა მომჩივანი თავს შესაბამისი ხელისუფლების ორგანოების წინაშე წარდგენას. ამ შემთხვევებში ბრალდებულს ან მის ახლო ნათესავებს ეძლეოდა ორმოცდარვა საათი, რათა დაენიშნათ ადვოკატი, წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოძიებო ხელისუფლება დანიშნავდა ადვოკატს სავალდებულო წესით.
85. გამომძიებელი, რომელიც მომჩივნისთვის ბრალის წარდგენას აპირებდა, დაუკავშირდა მომჩივნის ადვოკატს, რომელიც მას მეორე სამართალწარმოების ფარგლებში წარმოადგენდა, და მომჩივნის ნათესავების საკონტაქტო ინფორმაცია თხოვა, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის ადგილსამყოფელი გამომძიებლისთვის ცნობილი იყო, ვინაიდან წერილი, რომელშიც მოცემული იყო მომჩივნის ბრალდება, შეიცავდა პირველი მომჩივნის მისამართს შვეიცარიაში და, აგრეთვე, ტელეფონის ნომერი, რომლითაც პირველმა მომჩივანმა მოსამართლეს დაურეკა, იდენტიფიცირებული იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ადვოკატთან კომუნიკაციის შემდეგ მალევე, მომჩივანმა თავად დაურეკა გამომძიებელს, რათა დაედგინა, რა ხდებოდა. გამომძიებლის მიერ შედგენილ დოკუმენტში არ არის აღწერილი, მიეცა თუ არა მომჩივანს ბრალთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია; მასში უბრალოდ აღნიშნულია, რომ მომჩივანს მიეწოდა ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ,,გამომძიებელი ბრალის წარდგენას აპირებდა’’. სასამართლომ რომც დაუშვას, რომ მომჩივანს, აღნიშნული სატელეფონო კომუნიკაციის ფარგლებში, მიეწოდა ოფიციალური და საკმარისი ინფორმაცია მის წინააღმდეგ სამართალწარმოების შესახებ, მან [სასამართლომ] უნდა დაადგინოს, მომჩივანმა აშკარა უარი თქვა თუ არა მის უფლებაზე, დაიცვას საკუთარი ინტერესები მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით.
86. მომჩივანი აღნიშნავს, რომ გამომძიებლის მიერ შედგენილ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ პირველმა მომჩივანმა მას უთხრა დაკავშირებოდა მის ადვოკატს, რომელიც მეორე სამართალწარმოების ფარგლებში წარმოადგენდა. ეს ძნელად თუ მიიჩნეოდა მის უფლებაზე გააზრებულ და გაცნობიერებულ უარის თქმას. მიუხედავად ამისა, მომჩივნის ადვოკატთან დაკავშირების მცდელობის გარეშე (რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მას უნდა ჰქონოდა მათი წინარე ურთიერთობიდან გამომდინარე) და მისი გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის გარეშე, გამომძიებელმა დანიშნა სავალდებულო წესით ადვოკატი.
87. შესაბამისად, სასამართლო შეაფასებს, მთლიანი სამართალწარმოების გათვალისწინებით, ,,საკუთარი ნებით არჩეულ ადვოკატზე უარმა’’ იქონია თუ არა დაცვის უფლებებზე ,,უარყოფითი ზეგავლენა’’ იმ მოცულობით, რომ ძირი გამოეთხარა სამართალწარმოების სამართლიანობას. ამასთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ მომჩივნის ადგილსამყოფელის შესახებ, მას არ აცნობეს მისთვის სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნის თაობაზე. უფრო მეტიც, სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნის საკითხი არ წამოჭრილა პირველი ინსტანციის წინაშე შემდგომი სამართალწარმოების დროს. ამასთანავე, მომჩივანს არ ეცნობა მისი მსჯავრდების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაზე, მანამ სანამ არ გავიდა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა.
88. ამ კონტექსტში, სასამართლო არ ეთანხმება მთავრობის პოზიციას, რომ მომჩივანს ეკისრებოდა სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატთან დაკავშირების ვალდებულება, რომლის ვინაობაც - და მისი დანიშვნის ამბავი, მომჩივნისთვის უცნობი იყო. ამ გარემოებებში მომჩივანი სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატს ვერ მიცემდა უფლებას მსჯავრდების წინააღმდეგ საჩივარი წარედგინა იმ დროს მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, კერძოდ, პროცედურული კანონმდებლობა საჩივრის წარდგენისთვის მსჯავრდებულის თანხმობას ითხოვდა.
89. მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე მიმდინარე სამართალწარმოების განმავლობაში მომჩივანსა და სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატს შორის კონტაქტი ცალსახად არ არსებობდა და ამის შედეგად ადვოკატს არ შეეძლო, შეეტანა საჩივარი მომჩივნის თანხმობის გარეშე, აღსანიშნავია, რომ in absentia (დაუსწრებლად გამოტანილი) განაჩენის გასაჩივრების უფლებით სარგებლობა შესაძლებელი იყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომჩივნისთვის ცნობილი გახდებოდა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ (როგორც აღნიშნულზე დავობდა კიდეც ეროვნული სასამართლოების წინაშე მომჩივანი). თუმცა, ეროვნულ სასამართლოებს, რომლებმაც გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებით მომჩივნის საჩივარი ერთი თვით ხანდაზმულად მიიჩნიეს, არ განუხილავთ მისი არგუმენტები არც სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნის უკანონო გარემოებების და არც ამის შედეგად დროის გათვალისწინებულ მონაკვეთში საჩივრის შეტანის შეუძლებლობის თაობაზე.
90. რაც მთავარია, როდესაც სააპელაციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მომჩივნის გამამტყუნებელი განაჩენის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი, მისი ერთადერთი დასკვნა იყო ის, რომ [სააპელაციო სასამართლოს] წინაშე არსებული დოკუმენტები არ ადასტურებდნენ მომჩივნის სურვილს, საჩივარი მის დაუსწრებლად განხილულიყო, რაც აუცილებელი იყო სისხლის სამართლის შესაბამისი დებულებით, რომელიც ეხებოდა სააპელაციო გასაჩივრებს ვადებს იმ მსჯავრდებულებთან მიმართებით, რომელთა მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი მათ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი. მიუხედავად ამისა, სასამართლო შენიშნავს, რომ აღნიშნულ დებულებაში არ იყო მითითებული, თუ როგორ უნდა ყოფილიყო გამოხატული ასეთი ნება. შესაბამისად, მსგავსი უარი წარმოადგენდა არასაკმარის დასაბუთებას და სააპელაციო სასამართლოს მიერ პროცედურული დანაწესის ზედმეტად ფორმალურად გამოყენებას.
91. ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია სასამართლოსთვის, რათა დაასკვნას, რომ გარემოებებმა, რომლებშიც დაინიშნა სავალდებულო წესით ადვოკატი და, აგრეთვე, ზედმეტად ფორმალისტური საფუძვლებით ეროვნული სასამართლოების უარმა, საპროცესო ვადების გაშვების გამო დასაშვებად ეცნო საჩივარი, წინამდებარე საქმის გარემოებებში განაპირობა ის, რომ ვერ მოხდა მომჩივნის მსჯავრდების არსებითი ნაწილის გადასინჯვა, მისი სამართლიანი სასამართლოს გარანტიების დარღვევით.
შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი.
41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება)
პირველი მომჩივანი მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოითხოვდა 1,356,134 დოლარს (დაახლოებით 929,114 ევრო) და 45,736 შვეიცარულ ფრანკს (დაახლოებით 37,390 ევრო), ხოლო არამატერიალურ ზიანთან მიმართებით ორივე მომჩივანი ითხოვდა 100,000 ევროს.
მთავრობამ განაცხადა, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ შეესაბამებოდა დავის საგანს, ხოლო არამატერიალური ზიანის რაოდენობა არაგონივრული იყო.
სასამართლომ ვერ იპოვა კავშირი დადგენილ დარღვევასა და სავარაუდო მატერიალურ ზიანს შორის; შესაბამისად, მან ეს მოთხოვნა უარყო. გარდა ამისა, ვინაიდან მეორე მომჩივანთან მიმართებით დარღვევა არ დადგინდა, მასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დამდგარა. ამის საპირისპიროდ, მესამე სამართალწარმოების ფარგლებში პირველი მომჩივნის უფლების დარღვევის გათვალისწინებით, სასამართლომ პირველ მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 3,600 ევრო მიაკუთვნა.