ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მე-8 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით: უცხოელის დეპორტაცია და ქვეყნიდან გაძევება.
ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გამოვლენილი თავნებობის წინააღმდეგ მინიმალური დაცვის უზრუნველყოფა: დარღვევა.
საქმე „ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ“
CASE OF LUPSA v. ROMANIA
განაცხადი N10337/04
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2006 წლის 8 ივნისი
ფაქტობრივი გარემოებები
I. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
5. 1989 წელს განმცხადებელი, იუგოსლავიის მოქალაქე, რუმინეთში ჩავიდა და იქ დამკვიდრდა. ის რუმინეთში 14 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და 1993 წელს რუმინული კომერციული კომპანია დააარსა, რომლის ძირითადი საქმიანობა ყავის მოხალვა და მისი მარკეტინგი იყო. მან ასევე ისწავლა რუმინული და 1994 წლიდან თანაცხოვრობდა რუმინელ მოქალაქესთან.
6. 2002 წლის 2 ოქტომბერს განმცხადებლის მეგობარმა გოგომ, რომელიც მასთან ერთად იუგოსლავიაში იყო ჩასული, შვილი გააჩინა. რამდენიმე დღის შემდეგ განმცხადებელი მეგობარ გოგოსა და ბავშვთან ერთად რუმინეთში დაბრუნდა.
7. 2003 წლის 6 აგვისტოს განმცხადებელი უცხოეთში მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა რუმინეთში და დაბრკოლების გარეშე გადალახა საზღვარი. თუმცა, მეორე დღეს სასაზღვრო პოლიციამ სახლში მიაკითხა და დეპორტაცია გაუკეთა.
8. 2003 წლის 12 აგვისტოს განმცხადებლის ადვოკატმა სარჩელი შეიტანა ბუქარესტის სააპელაციო სასამართლოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმეებზე პასუხისმგებელი ორგანოს წინააღმდეგ და ბუქარესტის სააპელაციო სასამართლოს პროკურატურაში იმ მოთხოვნით, რომ მომხდარიყო განმცხადებლის წინააღმდეგ მიღებული დეპორტაციის ბრძანების შესახებ გადაწყვეტილების სამართლებრივი გადასინჯვა.
9. მისი განცხადებით, არ არსებობდა არანაირ დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ განმცხადებლის რუმინეთში ყოფნა რაიმე მიზეზის გამო არასასურველია. აგრეთვე განაცხადა, რომ განმცხადებელი 1989 წლიდან რუმინეთში ცხოვრობდა, 1989 წელს დაჯილდოებული იყო მედლით მისი როლისთვის ანტიკომუნისტურ მოძრაობაში, მართავდა კომერციულ კომპანიას, ინახავდა ოჯახს და არანაირად არ უქმნიდა საფრთხეს ეროვნულ უსაფრთხოებას.
10. პროცესი ბუქარესტის სააპელაციო სასამართლოში 2003 წლის 18 აგვისტოს გაიმართა. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმეებზე პასუხისმგებელი ორგანოს წარმომადგენელმა განმცხადებლის ადვოკატს გადასცა ბუქარესტის სააპელაციო სასამართლოს პროკურატურის 2003 წლის 28 მაისის ბრძანების ასლი, სადაც ნათქვამია, რომ რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის მოთხოვნით და მთავრობის უსაფრთხოების შესახებ N194/2002 ბრძანების თანახმად, რომელიც შეეხება რუმინეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მარეგულირებელ წესებს, განმცხადებელი გამოცხადდა „არასასურველ პირად“ და ეკრძალებოდა რუმინეთში 10 წლის განმავლობაში შესვლა იმ მიზეზით, რომ „არსებობდა საკმარისი და სერიოზული სადაზვერვო მასალა, მისი ისეთ საქმიანობებში ჩართვის შესახებ, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“. ბრძანების ბოლო პუნქტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება განმცხადებელზე უნდა გავრცელდეს და აღასრულოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმეებზე პასუხისმგებელმა ორგანომ მთავრობის უსაფრთხოების შესახებ N194/2002 ბრძანების 81-ე თავის შესაბამისად.
11. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმეებზე პასუხისმგებელი ორგანოს წარმომადგენლის მიერ სამართალწარმოებისას შევსებული საბუთების შესაბამისად, 2003 წლის 2 და 11 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუმინეთის სადაზვერვო სამსახურს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციას აცნობა, რომ განმცხადებელს ეკრძალება ქვეყანაში შესვლა.
12. განმცხადებლის ადვოკატმა მოითხოვა საქმის განხილვის გადავადება, რათა განმცხადებლისათვის მიეწოდებინა საზოგადოებრივი პროკურატურის ბრძანების ასლი და მისგან მიეღო მითითებები.
13. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი პროკურატურის წარმომადგენელი მხარს უჭერდა ამ მოთხოვნას იმის გამო, რომ განმცხადებელზე ბრძანების აღსრულების ვალდებულება ჯერ არ იყო დადგენილი, სააპელაციო სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, დაეწყო საქმის განხილვა. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი მასალები საკმარისად მიიჩნია, საოლქო სასამართლომ ასევე უკუაგდო განმცხადებლის ადვოკატის თხოვნა გადავადების შესახებ, რათა მას წარმოედგინა დოკუმენტები თავის განცხადების მხარდასაჭერად.
14. წარმოდგენილ სააპელაციო სასამართლომ არგუმენტებზე მსჯელობის შემდეგ უკუაგდო განაცხადი:
„საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა არგუმენტების გაანალიზების შემდეგ სასამართლო უარს ამბობს პროკურატურის ბრძანების და დეპორტაციის შესახებ ბრძანების წინააღმდეგ წარმოდგენილი განცხადების განხილვაზე, რადგან არ მიიჩნევს საკმარისად დასაბუთებულად. სასამართლოს თვალსაზრისით, მთავრობის უსაფრთხოების შესახებ N194/2002 ბრძანების 83-ე და 84(2)-ე თავების შესაბამისად, ბრძანებით გათვალისწინებული ზომები დასაბუთებული და კანონიერია....
სადავო ადმინისტრაციული ბრძანების დასაბუთებასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი აკმაყოფილებს შესაბამისი დებულებებით მოთხოვნილ მატერიალურ და პროცესუალურ პირობებს. სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას გასცემს სათანადო სახელმწიფო ორგანო შესაბამის დებულებებთან თანხვედრით, ასევე ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის აუცილებლობასა და ამ შეზღუდვის გამომწვევ გარემოებებს შორის პროპორციულობის პრინციპის დაცვით. შესაბამისად, დეპორტაციის ბრძანება კანონიერად იყო გაცემული.
იგი ამტკიცებდა, რომ საზოგადოებრივი პროკურატურის 2003 წლის 28 მაისის ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ 2003 წლის 2 და 11 ივნისს ეცნობა სასაზღვრო პოლიციას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის სადაზვერვო სამსახურს, ხოლო ბრძანების აღსრულების ნაწილში ეწერა, რომ მთავრობის უსაფრთხოების შესახებ No194/2002 ბრძანების 81-ე თავის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმეებზე პასუხისმგებელ ორგანოს ევალებოდა მისი აღსრულება და მასზე ინფორმირება; უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტისა და საცხოვრებელი ადგილის დეტალები აღნიშნულია ბრძანების პრეამბულაში.
აქედან გამომდინარე, სასამართლო არ აკმაყოფილებს ბუქარესტის სააპელაციო სასამართლოს პროკურატურის ბრძანების წინააღმდეგ საჩივარს,როგორც ყველა საფუძვლით დაუსაბუთებელს.“
სამართალი
I. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
19. განმცხადებელი ჩიოდა, რომ მისი დეპორტაციის ბრძანება და გაძევება რუმინეთის ტერიტორიიდან არღვევდა კონვენციის მე-8 მუხლით მინიჭებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:
„1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
ბ. საქმის არსებითი გარემოებები
1. იყო თუ არა ჩარევა
21. მთავრობა არ დავობს იმაზე, რომ განმცხადებელს დეპორტაციამდე ჰქონდა პირადი და ოჯახური ცხოვრება რუმინეთში, მაგრამ დავობდა იმაზე, რომ დეპორტაცია და გაძევების შესახებ ბრძანება გაუტოლდა მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას. ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ განაცხადა, რომ განმცხადებელს არ ჰქონდა რუმინეთში მუდმივი ცხოვრების უფლება, არამედ რჩებოდა იქ სამუშაო ვიზის საფუძველზე, რომელსაც პერიოდულად ანახლებდა. ამასთან, ის ამტკიცებდა, რომ განმცხადებლის დეპორტაციის შემდეგ მისი მეგობარი გოგო ბავშვთან ერთად არაერთხელ გაემგზავრა სერბეთში სრულიად უპრობლემოდ და დარჩა იქ რამდენიმე თვის მანძილზე. აქედან გამომდინარე, მთავრობა ამტკიცებდა, რომ განმცხადებლის ოჯახური ცხოვრება არ დარღვეულა.
22. განმცხადებლის არგუმენტებით, 1999 წლიდან 2003 წლამდე მას პირადი, ოჯახური და პროფესიული ცხოვრება რუმინეთში ჰქონდა. ასევე დასძინა, რომ მიუხედავად მეგობარი გოგოსა და ბავშვის ვიზიტებისა, მათი პირადი და ოჯახური ცხოვრება შეუქცევადად დაზარალდა დეპორტაციის ბრძანებით.
23. მისი თქმით, მეგობარ გოგოსა და ბავშვს არ შეეძლოთ სერბეთსა და მონტენეგროში დასახლება, რადგან მეგობარმა გოგომ არ იცოდა სერბული და მისთვის ძალიან რთული იქნებოდა ქვეყანასთან ადაპტირება კულტურულად თუ სოციალურად. გარდა ამისა, იგი ირწმუნებოდა, რომ დეპორტაციის შემდეგ, მის მიერ რუმინეთში დაარსებულმა კომპანიამ - მათი ცხოვრების წყარომ, არსებობა შეწყვიტა, აქედან გამომდინარე, არ ჰქონდათ საკმარისი სახსრები სერბიასა და მონტენეგროში სათანადოდ ცხოვრებისათვის.
24. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ სადავო არ გამხდარა დეპორტაციამდე განმცხადებლის რუმინეთში პირადი და ოჯახური ცხოვრების ფაქტი.
25. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ კონვენცია არ იძლევა გარანტიას უცხო ქვეყნის მოქალაქის რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში შესვლისა ან ცხოვრების უფლებაზე. თუმცა, პირის ქვეყნიდან გაძევების ფაქტი, სადაც მისი ოჯახის ახლო წევრები ცხოვრობენ, შეიძლება გაუტოლდეს კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული ოჯახური ცხოვრების დარღვევას (იხ. ბოულთიფი შვეიცარიის წინააღმდეგ N54273/00, § 39, ECHR, 2001‑IX).
26. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი რუმინეთში ჩავიდა 1989 წელს, შემდგომში იქ კანონიერად ცხოვრობდა, ისწავლა რუმინული, დააარსა კომერციული კომპანია და შექმნა ოჯახი რუმინეთის მოქალაქესთან. წყვილს ჰყავდა ბავშვი, რომელიც იყო როგორც რუმინეთის, ასევე სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქე.
27. რამდენადაც განმცხადებელი ინტეგრირდა რუმინულ საზოგადოებაში და იქ ნამდვილ ოჯახურ ცხოვრებას ეწეოდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისმა დეპორტაციამ და რუმინეთის ტერიტორიიდან გაძევებამ ბოლო მოუღო ამ ინტეგრაციას და რადიკალურად დაარღვია მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, თანაც ამის კომპენსირება შეუძლებელია მეგობარი გოგოსა და ბავშვის რეგულარული ვიზიტებით. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა მოხდა.
2. იყო თუ არა ჩარევა დასაბუთებული
28. ამგვარი ჩარევა დაარღვევს კონვენციას, თუ არ აკმაყოფილებს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. ამდენად, აუცილებელია დადგინდეს, ეს ჩარევა იყო თუ არა „კანონის შესაბამისი“, განპირობებული ამ პუნქტში დასახელებული ერთი ან მეტი კანონიერი მიზნით და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
29. მთავრობა დავობდა, რომ მიღებული ზომები აკმაყოფილებდა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კრიტერიუმებს. მათი მტკიცებით, გადაწყვეტილება შეესაბამებოდა კანონს, კერძოდ, მთავრობის უსაფრთხოების შესახებ N194/2002 ბრძანებას, რომელიც ოფიციალურ გაზეთში იყო გამოქვეყნებული. აქედან გამომდინარე, დაკმაყოფილებულია ხელმისაწვდომობის პირობა. მთავრობამ მიიჩნია, რომ დაცული იყო აგრეთვე წინასწარ განჭვრეტადობის კრიტერიუმი. ზემოხსენებული ბრძანების 83-ე თავი ითვალისწინებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ ქვეყანაში ყოფნა მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში - თუ ისინი ჩართულები იყვნენ, ჩაერთვნენ ან განიზრახავდნენ ჩართვას ეროვნული უსაფრთხოებისა ან საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შემცველ აქტივობებში.
30. მთავრობა დარწმუნებით აცხადებდა, რომ განსახილველი გადაწყვეტილება ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს. კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების დაცვას. ასევე აუცილებელი იყო დემოკრატიული საზოგადოებისათვის, რადგან ეს გადაწყვეტილება გამართლებული იყო გადაუდებელი სოციალური საჭიროებით და პროპორციულად შეეფარდებოდა ლეგიტიმურ მიზანს. იმის დასამტკიცებლად, რომ ჩარევა პროპორციული იყო, მთავრობამ ხაზი გაუსვა შემდეგს: გასათვალისწინებელია დანაშაულის სერიოზულობა, რომელშიც განმცხადებელია ეჭვმიტანილი; აგრეთვე მის მეგობარ გოგოსა და ბავშვს არ აქვთ შეზღუდული მასთან ვიზიტები და სურვილის შესაბამისად შეუძლიათ სერბეთსა და მონტენეგროში დასახლება.
31. განმცხადებელი ირწმუნებოდა, რომ მთავრობას არასოდეს შეუტყობინებია მისთვის, რა დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი. მის წინააღმდეგ არ ყოფილა არანაირი სამართალწარმოება არც რუმინეთში, არც სერბეთსა და მონტენეგროში. აქედან გამომდინარე, იგი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ბრძანება დაუსაბუთებელია.
32. სასამართლო კვლავ იმეორებს იმას, რასაც მუდმივად აცხადებდა: „კანონის შესაბამისად“ ფორმულირებისთვის უპირველესად საჭიროა სადავო ზომის საფუძვლის არსებობა ეროვნულ კანონმდებლობაში. მაგრამ ასევე მიანიშნებს შესაბამისი კანონის ხარისხზე და მოითხოვს, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს შესაბამისი პირებისათვის, ფორმულირებული იყოს საკმარისი სიზუსტით, რაც საშუალებას მისცემს ამ ადამიანებს განჭვრიტონ , საჭიროების შემთხვევაში, სათანადო კონსულტაციის შედეგად, რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედების ხარისხს, რაც გონივრული იქნება არსებულ გარემოებებში.
33. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ეროვნული უსაფრთხოების ღონისძიებებს, განჭვრეტადობის მოთხოვნა ვერ იქნება სხვა სფეროების მსგავსი (იხ. ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ, 1987 წლის 26 მარტი, § 51, სერიები A, N116).
34. მიუხედავად ყველაფრისა, ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს სამართლებრივი დაცვის ზომებს საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში თვითნებური ჩარევის საწინააღმდეგოდ. როცა საქმე ეხება ფუნდამენტური უფლებების შელახვას, აღმასრულებლისადმი მინიჭებული სამართლებრივი დისკრეციის გამოვლენა შეუზღუდავი უფლებამოსილების სახით, შეუსაბამო იქნება კანონის უზენაესობასთან, რაც დემოკრატიული საზოგადოების კონვენციაში ჩადებული ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია (იხ. მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1984 წლის 2 აგვისტო, § 68, სერიები A, N82). არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ადეკვატური და ქმედითი დაცვის საშუალებები ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, მათ შორის, სასამართლოების მხრიდან ეფექტიანი, გულდასმით განხილვის კონკრეტული პროცედურები, რადგან საიდუმლო სადაზვერვო სამსახური, შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოიცავს რისკს, ძირი გამოუთხაროს ან სულაც გაანადგუროს დემოკრატია მისივე დაცვის საფუძვლით (იხ. mutatis mutandis, როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N28341/95, §§ 55 და 59, ECHR, 2000‑V)
35. წინამდებარე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის უსაფრთხოების შესახებ N194/2002 ბრძანების 83-ე თავში დადგენილია სამართლებრივი დებულებები, რომელთა საფუძველზეც გაიცა ბრძანება განმცხადებლის დეპორტაციისა და გაძევების შესახებ. მაშასადამე, სადავო ღონისძიებას ეროვნულ კანონმდებლობაში აქვს საფუძველი.
36. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, სასამართლო შენიშნავს, რომ ზემოხსენებული ბრძანება ოფიციალურ გაზეთში 2002 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრძანება აკმაყოფილებს ხელმისაწვდომობის კრიტერიუმს.
37. განჭვრეტადობასთან დაკავშირებით სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ მოთხოვნილი სიზუსტე ეროვნულ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმ სფეროზე, რომელსაც ის შეეხება. ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე ცვალებადია ბუნების მიხედვითაც და დროშიც, აქედან გამომდინარე, წინასწარ განსაზღვრა ძნელია (იხ. ალ-ნაშიფი ბულგარეთის წინააღმდეგ N50963/99, § 121, 2002 წლის 20 ივნისი).
38. პირს, რომლის მიმართაც მიღებულ იქნა გარკვეული ზომები ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ჩამოერთვას ყველა გარანტია გამოვლენილი თავნებობისაგან თავდასაცავად. მას, სხვა რაღაცებთან ერთად, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ სადავო საკითხი დაწვრილებით გამოიკვლიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ, რომელიც უფლებამოსილი იქნება ყველა შესაბამისი საკითხის ფაქტობრივ და სამართლებრივ განხილვაზე, რათა განისაზღვროს მიღებული ზომის კანონიერება და სამართლებრივად შეფასდეს შესაძლო შევიწროება ხელისუფლების ორგანოების მხრიდან. საქმის განმხილველი ორგანოს წინაშე შესაბამისმა პირმა უნდა ისარგებლოს შეჯიბრობითობის პრინციპზე დაფუძნებული სამართალწარმოებით, რათა გამოხატოს თავისი პოზიცია და უარყოს ხელისუფლების ორგანოების არგუმენტები (იხ. ალ-ნაშიფი, §§ 123-24).
39. წინამდებარე საქმეში სასამართლო შენიშნავს, რომ პროკურატურის გამოცემული ბრძანებით, განმცხადებლის რუმინეთის ტერიტორიაზე ყოფნა გამოცხადდა არასასურველად და მას აუკრძალეს რუმინეთში შესვლა 10 წლის განმავლობაში, ამასთან, გაუკეთეს დეპორტაცია რუმინეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე, რომ არსებობდა „საკმარისი და სერიოზული ცნობები მის ჩართულობაზე ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშ საქმიანობებში“.
40. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიმართ არ დაწყებულა არანაირი სამართალწარმოება რაიმე დანაშაულში მონაწილეობის გამო, არც რუმინეთსა და არც სხვა ქვეყანაში. ზემოთ მოყვანილი ზოგადი საფუძვლის გარდა, ხელისუფლების ორგანოებს განმცხადებლისათვის არ მიუწოდებიათ არანაირი სხვა დეტალი. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით, განმცხადებელს დეპორტაციამდე არ მიაწოდეს ბრძანება, რომლის თანახმადაც, მისი რუმინეთში ყოფნა არასასურველად გამოცხადდა.
41. სასამართლო სათანადო მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ ბუქარესტის სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა საზოგადოებრივი პროკურატურის ბრძანების მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური განხილვით. ამასთან დაკავშირებით სასამართლო შენიშნავს, რომ საზოგადოებრივმა პროკურატურამ არ მიაწოდა საოლქო სასამართლოს არანაირი დეტალი იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელშიც განმცხადებელი იყო ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, სასამართლო არ გასცდენია პროკურატურის მტკიცებებს, რათა დაედგინა, მართლა უქმნიდა თუ არა განმცხადებელი საფრთხეს ეროვნულ უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს.
42. იმის გამო, რომ განმცხადებელმა ვერ ისარგებლა ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გამოვლენილი თვითნებობისაგან მინიმალური დაცვითაც კი, არც ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოების და არც საოლქო სასამართლოს წინაშე, სასამართლო ასკვნის, რომ ჩარევა მის პირად ცხოვრებაში არ იყო „კანონის შესაბამისი“, კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად (იხ. mutatis mutandis, ალ-ნაშიფი, § 128).
43. ამ დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ განაგრძოს განმცხადებლის საჩივრის განხილვა იმის დასადგენად, ჩარევა ემსახურებოდა თუ არა „ლეგიტიმურ მიზანს“ და იყო თუ არა „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისათვის“.
44. ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
Full & Egal Universal Law Academy