Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N183
2015 წლის მარტი
ლიალიაკინი რუსეთის წინააღმდეგ (Lyalyakin v. Russia)
(საჩივარი- N31305/09)
გადაწყვეტილება, 12 მარტი, 2016 [1-ლი სექცია]
მე-3 მუხლი
დამამცირებელი მოპყრობა
ფაქტები: მომჩივანი - რუსეთის არმიის ახალწვეული, 19 წლის იყო, როდესაც ის ორჯერ დაიჭირეს ჯარიდან გაქცევის მცდელობის დროს. იმ მიზნით, რომ მომავალში მას აღარ ეცადა გაქცევა, ის დასაჯეს და აიძულეს მისი ქვედანაყოფის მეთაურისა და ქვედანაყოფის წინაშე სამხედრო აღლუმზე მხოლოდ სამხედრო შორტების ამარა ყოფილიყო.
სამართალი: მე-3 მუხლი (მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი) –
სასამართლომ აღნიშნა სახელმწიფოების ვალდებულება, უზრუნველყონ სამხედროების მიერ სამხედრო სამსახურის შესრულება იმ პირობებში, რომლებიც შეესაბამება მათ ადამიანურ ღირსებას. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ სამხედრო წვრთნის მეთოდებმა სამხედროებს არ მიაყენოს ტანჯვა იმ ინტენსივობით, რომელიც აჭარბებს ტანჯვისა და შფოთვის გარდაუვალ კომპონენტს, რომელიც თან ახლავს სამხედრო დისციპლინას.
სასამართლომ შეაფასა, აღწევდა თუ არა სისასტიკის მინიმალურ ზღვარს ის ფაქტი, რომ მომჩივანს დააძალეს მისი ქვედანაყოფის წინ გამოსულიყო ხაზზე მხოლოდ სამხედრო შორტებში ჩაცმული. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება, იყო თუ არა საჭირო მომჩივნის ან სხვა ჯარისკაცების გაქცევის პრევენციისთვის მომჩივნისთვის ტანსაცმლის გახდა და მისი ბატალიონის რიგებიდან გამოყოფა.
სასამართლო ყურადღების მიღმა არ ტოვებს საქმის კონტექსტს და ჯარში დისციპლინის შენარჩუნების საჭიროებას, თუმცა მოცემულ საქმეში გასაჩივრებული ღონისძიების გამოყენების საჭიროება, არ იყო დამაჯერებლად წარმოდგენილი. მოპყრობის ხასიათს აგრეთვე ამძიმებდა მომჩივნის ასაკი. ამრიგად, მოცემულ საქმეზე მიღწეულ იქნა სისასტიკის მინიმალური ზღვარი და მომჩივნის მიმართ გამოყენებული მოპყრობა მიჩნეულ იქნა დამამცირებელ მოპყრობად, კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ერთხმად).
სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტი, ვინაიდან მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება.
41-ე მუხლი: სასამართლომ მომჩივანს არამატერიალურ ზიანთან მიმართებით 15 000 ევრო მიაკუთვნა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy