© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
საქმე მ.ა. კვიპროსის წინააღმდეგ
(საჩივარი № 41872|10)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
2013 წლის 23 ივლისი
კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო შესწორებას
საქმე მ.ა. კვიპროსის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (მეოთხე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
ინეტა ზიემელე, პრეზიდენტი,
პაივი ჰირველა,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ლედი ბიანკუ,
ზდრავკა კალაიჯიევა,
კრჟიშტოფ ვოიტცეკ,
ფარის ვეხაბოვიჩ, მოსამართლეები,
და ფატოს არაჩი, სასამართლოს განმწესრიგებლის მოადგილე,
განიხილა რა საქმე 2013 წლის 2 ივლისის დახურულ სხდომაზე,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (№ 41872/10), რომელიც 2010 წლის 14 ივნისს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში კვიპროსის რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოშობით ქურთმა სირიის მოქალაქემ, ბატონმა მ.ა.-მ („მომჩივანი“) შემოიტანა.მომჩივანს, რომელსაც გაეწია იურიდიული დახმარება, სასამართლოს წინაშე ნიქოზიაში მოღვაწე იურისტი ქ-ნი ნ. შარალამბიდოუ წარმოადგენდა. კვიპროსის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი - კვიპროსის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, ბ-ნი პ. ქლერიდესი.მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სირიაში მისი დეპორტაცია მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა, რაც კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას გამოიწვევდა, ან წამების საფრთხეს, რაც მე-3 მუხლის დარღვევა იქნებოდა. ამასთან, ის კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებათა არარსებობას უჩიოდა. ასევე, მომჩივანი კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პუნქტისა და მე-2 და მე-4 ნაწილებზე დაყრდნობით, კვიპროსის ხალისუფლების მიერ მის დაკავებას ასაჩივრებდა. და ბოლოს, ის ამტკიცებდა, რომ მისი დეპორტაცია მე-4 მუხლის №4-ე პროტოკოლის დარღვევას გამოიწვევდა.2010 წლის 14 ივნისს, პირველი სექციის პრეზიდენტმა, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენებით მოპასუხე სახელმწიფოს მიუთითა, რომ სირიაში მომჩივნის დეპორტაცია არ განეხორციელებინა. მოთხოვნა იმავე დღეს დაკმაყოფილდა (41-ე მუხლი). 2010 წლის 21 სექტემბერს, პირველი სექციის პრეზიდენტმა, ორივე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დროებითი ზომა ძალაში დატოვა (იხ. ქვემოთ 58-ე პარაგრაფი).2011 წლის 19 იანვარს, საჩივარი მთავრობას გადაეგზავნა. სასამართლომ ასევე საჩივრის დასაშვებობისა და იმავდროულად, მისი არსებითად განხილვის შესახებ დადგენილება გამოიტანა (29-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).რეგლამენტის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ზომა სასამართლოში საქმის წარმოებისას მოიხსნა (იხ. ქვემოთ 59-60 პარაგრაფი).2011 წლის 25 აგვისტოს, სასამართლომ სექციების შემადგენლობა შეცვალა (სასამართლოს რეგლამენტის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და მოცემული საჩივარი ახლადშექმნილ მეოთხე სექციას გადაეცა.2012 წლის 30 ნოემბერს, სექციის პრეზიდენტმა, საკუთარი ნებით, მომჩივნისთვის ანონიმურობის მინიჭება გადაწყვიტა (სასამართლო რეგლამენტის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
ფაქტები
I. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
9. ეთნიკურად ქურთი მომჩივანი 1969 წელს სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაიბადა და ნიქოზიაში ცხოვრობდა.
ა. მომჩივნის თავშესაფრის მინიჭების შესახებ შუამდგომლობა და შესაბამისი სამართალწარმოება
10. მომჩივანმა სირია 2005 წლის 21 მაისს დატოვა, გაემგზავრა თურქეთში, ხოლო შემდეგ „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკაში“ უკანონოდ შეაღწია.
11. 2005 წლის 12 სექტემბერს, მან თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით შუამდგომლობა შეიტანა, ხოლო 2006 წლის 21 ივნისს, მან გასაუბრება თავშესაფრის მინიჭების სამსახურის წარმომადგენლებთან გაიარა.
12.2006 წლის 21 ივლისს თავშესაფრის მინიჭების სამსახურმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ის ლტოლვილთა შესახებ 2000-2005 წლის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. კერძოდ, მან ვერ დაასაბუთა, რომ რასობრივი, რელიგიური, რომელიმე კონკრეტული ჯგუფის წევრობის ან ეროვნული კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სხვა მიზეზთა გამო დევნის მსხვერპლი გახდებოდა. თავშესაფრის მინიჭების სამსახურმა აღნიშნა, რომ მის მიერ მოყვანილი ფაქტების შეუსაბამობამ, მათი სარწმუნოება ეჭვქვეშ დააყენა. კერძოდ, მის წარმოშობასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაცია არსებობდა. ასევე აღინიშნა, რომ მომჩივანმა გარკვეულ კითხვებზე ზუსტი და დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ გასცა და საჭირო ინფორმაცია დამაჯერებლად ვერ წარმოადგინა. დასასრულს, თავშესაფრის მინიჭების სამსახურმა განაცხადა, რომ თავშესაფრის შესახებ შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო.
13. 2006 წლის 1 აგვისტოს, მომჩივანმა თავშესაფრის მინიჭების სამსახურის გადაწყვეტილება ლტოლვილთა სამეთვალყურეო ინსტანციაში გაასაჩივრა (შემდგომში „სამეთვალყურეო ინსტანცია“). მომჩივანს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი 2008 წლის 1 თებერვალს ეთქვა.
14. სამეთვალყურეო ინსტანციამ თავშესაფრის მინიჭების სამსახურის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მან აღნიშნა, რომ მომჩივნის მოთხოვნები არ იყო დამაჯერებელი, არამედ იყო ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი. სამეთვალყურეო ინსტანციამ აღნიშნა, მათ შორის, რომ მომჩივანმა საიმიგრაციო სამსახურთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ 1992 წელს სირიის უსაფრთხოების სამხედრო ძალებს ის სამი დღის მანძილზე დაკავებული ჰყავდათ, თუმცა ეს 13 წლით ადრე მოხდა ვიდრე მან ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. გარდა ამ ინციდენტისა მან დაადასტურა, რომ სირიის ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ არც ძალადობა, არც დევნა არასდროს განხორციელებულა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა თავშესაფრის მინიჭების სამსახურთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ სირიაში პატიმრობისას მას ელექტროშოკითა და ბორბლით („wheel treatment“) აწამებდნენ, ინტერვიუს პირველივე წუთებიდან ცხადი გახდა, რომ ელექტრო კაბელები არ ფუნქციონირებდა, ხოლო ის, რომ მას ბორბლით აწამებდნენ, მას აღარ უხსენებია. ამიტომ, თავშესაფრის მინიჭების სამსახურმა მისი სამედიცინო შემოწმება საჭიროდ არ ჩათვალა. სამეთვალყურეო ინსტანციაში ასევე აღნიშნეს, რომ მომჩივნის განცხადებით მან სირია 2004 წელს, ქამიშლიში მომხდარი მოვლენების შემდეგ ქურთ მოსახლეობაზე გაზრდილი ზეწოლის გამო დატოვა, ასევე იმის შიშით, რომ მას მომავალში, „იეკიტი“ პარტიაში (Yekiti Party) მოღვაწეობის გამო დაპატიმრება ემუქრებოდა. თუმცა, მისი განცხადებები ზოგადი და ბუნდოვანი იყო. გარდა ამისა, თავშესაფრის მინიჭების შესახებ მისი წერილობითი შუამდგომლობა სხვა მოტივებზე იყო დაფუძნებული. კერძოდ, საჩივარში მომჩივანი აცხადებდა, რომ კვიპროსში ის სამუშაოს საძებნელად და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ჩამოვიდა.
15. დასასრულს, სამეთვალყურეო ინსტანციამ აღნიშნა, რომ მომჩივანს შეეძლო კანონიერად მიეღო პასპორტი და დაეტოვებინა სირია. რაც შეეხება მომჩივნის განცხადებებს სირიაში იეკიტი პარტიაში მისი მოღვაწეობის შესახებ, სამეთვალყურეო ინსტანციამ აღნიშნა, რომ მომჩივნის მიერ გაცემული პასუხები იყო ზედმეტად ზოგადი და ბუნდოვანი.
16. და ბოლოს, სამეთვალყურეო ინსტანციამ დაადგინა, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულება იმისა, რომ ის დევნის მსხვერპლი იყო და რომ სირიაში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა ან მას დააპატიმრებდნენ.
17. 2008 წლის 1 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი კვიპრო-ქურთული მეგობრობის ასოციაციის 2008 წლის 22 ივლისის თხოვნის საპასუხოდ, თავშესაფრის მინიჭების სამსახურმა მომჩივნის მიერ მოწოდებული ახალი ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, კვიპროსში იეკიტი პარტიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, მისი საქმე განაახლა. საიმიგრაციო სამსახურმა მომჩივანთან გასაუბრება 2009 წლის 16 თებერვალს კვლავ გამართა.
18. მთავრობის მონაცემებით, 2010 წლის 8 ივნისს, თავშესაფრის მინიჭების სამსახურის ოფიცრის მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულიყო როგორც ახალი მტკიცებულება, რაც ახალი საჩივრის საფუძველი გახდებოდა. მთავრობამ ამ მიზნით შიდა ანგარიში წარმოადგინა.
19. მომჩივანი 2010 წლის 11 ივნისს დააპატიმრეს, ხოლო მისი დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ ბრძანება იმავე დღეს გამოიცა (იხ. ქვემოთ 41-ე პარაგრაფი).
...
ბ. მომჩივნის დაპატიმრება და დაკავება მისი დეპორტაციის მიზნით
29. 2010 წლის 17 მაისს, იეკიტი (Yekiti) პარტიამ და სირიაში მცხოვრებმა ქურთებმა ნიქოზიაში, ევროკომისიის წარმომადგენლობის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან და სამთავრობო სტამბის შენობასთან დემონსტრაცია მოაწყვეს. ისინი კვიპროსის საიმიგრაციო სამსახურის მხრიდან საერთაშორისო დაცვის უზრუნველყოფის პოლიტიკის გამკაცრებას აპროტესტებდნენ. 150-მდე ეთნიკურად ქურთმა, მომჩივნის ჩათვლით, ტროტუარზე დაახლოებით 80 კარავი გაშალა, სადაც 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მთავრობის განცხადებით, მათ ბანაკში ანტისანიტარია სუფევდა, ხოლო დემონსტრანტები სატრანსპორტო და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობას აფერხებდნენ. დემონსტრანტთა ბანაკი საზოგადოებრივ წესრიგსა და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. საყოფაცხოვრებო საქმიანობას, მათ შორის საჭმლის დამზადებასა და რეცხვას, ისინი ანტისანიტარულ პირობებში, პირდაპირ ტროტუარზე ეწეოდნენ. საკანალიზაციო მილები გადაივსო, რამაც დისკომფორტი და არასასიამოვნო სუნი გამოიწვია. საზოგადოებრივი საპირფარეშოები დაბინძურდა, ხოლო სამთავრობო შენობებთან განლაგებული ნაგვის ურნები მუდმივად გადავსებული იყო. გარდა ამისა, დემონსტრანტები ელექტროენერგიას სტამბიდან უკანონოდ მოიხმარდნენ. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იმ მიდამოებში ცხოვრობდა და მუშაობდა, ხელისუფლებასთან უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მთავრობამ განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა დემონსტრანტები დაეტოვებინათ იქაურობა, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ დემონსტრანტებისგან ტერიტორიის დაცლა გადაწყვიტა.
30. 2010 წლის 28 მაისს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ბრძანება იმ სირიელი ქურთების დეპორტაციის თაობაზე, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ.
31. 2010 წლის 31 მაისს, მინისტრმა პოლიციის უფროსს დაავალა, მათ შორის, მისი ბრძანების შესასრულებლად ზომების მიღება. ასევე, მან მოიწონა კომპეტენტური ორგანოების მიერ შეთავაზებული წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებისა და დეპორტაციის თაობაზე ბრძანებები გაიცემოდა იმ სირიელ ქურთებზე, ვისაც თავშესაფარზე ეთქვათ უარი, ვისაც ჰქონდა პასპორტი, მაგრამ არ ჰქონდა Ajanib და Maktoumeen სტატუსი, ხოლო ბრძანების აღსრულება დაიწყებოდა დემონსტრანტთა ლიდერებით. პოლიციას ასევე დაევალა ეხელმძღვანელათ პოლიტიკური პრინციპებით და დაპატიმრების გონივრული მეთოდები გამოეყებინათ.
32. მთავრობის განცხადებით, იმ სირიელ ქურთებს, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე ეთქვათ უარი, საჯარო რეესტრისა და მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გადაეგზავნათ წერილები, სადაც სთხოვდნენ კვიპროსის დატოვებას. მთავრობამ ხსენებული წერილების 30 ასლი წარმოადგინა. ცამეტ შემთხვევაში, წერილი 2010 წლის 1 ივნისით იყო დათარიღებული (ზოგიერთ მათგანში, თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 2007 წლით თარიღდებოდა) და მხოლოდ ერთ შემთხვევაში, 2010 წლის 9 ივნისით (თავშესაფრის მინიჭების პროცედურა დასრულდა 2009 წლის ბოლოს). ორი სხვა წერილი 2010 წლის 16 ივნისით თარიღდებოდა (თავშესაფრის მინიჭების პროცედურები დასრულდა 2008 წლის დასაწყისში) და 2010 წლის 28 ივნისს (თავშესაფრის მინიჭების პროცედურები დასრულდა 2010 წლის მარტში). გარდა ამისა, ერთი წერილი თარიღდებოდა 2011 წლის 5 თებერვლით მაშინ, როდესაც თავშესაფრის მინიჭების პროცედურა დასრულდა 2010 წლის 22 აპრილს და ხსენებული პირი 2010 წლის 24 სექტემბერს სირიაში ნებაყოფლობით დაბრუნდა.
33. მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბუთებიდან ირკვეოდა, რომ 31 მაისიდან 7 ივნისამდე შესაბამის ტერიტორიას ხელისუფლება აკონტროლებდა; ისინი დემონსტრანტების ყოველდღიური საქმიანობისა და მისვლა-მოსვლის ჩანაწერებს აწარმოებდნენ. ჩანაწერების მიხედვით, როგორც წესი, ღამის 1:30-დან 5:30-მდე, ზოგადად სიწყნარე იყო, მორიგეების გარდა ყველას ეძინა. ზემოხსენებულ პერიოდში, რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ - პოლიციის საგანგებო სიტუაციათა და სწრაფი რეაგირების დანაყოფმა და უცხოელთა და იმიგრაციის განყოფილებამ - დემონსტრანტთა ტერიტორიიდან გაყვანისა და მათი საგანგებო სიტუაციათა განყოფილებაში გადაყვანა დაგეგმა, რათა თითოეული მათგანის სტატუსი დაედგინათ.
34.იმავდროულად, 2010 წლის 28 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, 45 პირზე, რომელთაც თავშესაფრის მინიჭებაზე ეთქვათ უარი, მონაცემთა გადამოწმების შემდეგ, დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ ბრძანებები გაიცა. უცხოელთა საქმეებზე მომუშავე საოლქო განყოფილებისა და ნიქოზიის პოლიციის საიმიგრაციო განყოფილების მიერ, საიმიგრაციო სამსახურსა და იუსტიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის სამინისტროს გაეგზავნათ წერილები, რომელშიც მოცემული იყო თითოეული პირის საიმიგრაციო სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველი მცირე პარაგრაფი. ეს ინფორმაცია თავშესაფრის მინიჭების შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საიმიგრაციო სამსახურის მიერ თავშესაფრის მინიჭების შესახებ საქმის დახურვის თარიღს, სამეთვალყურეო ინსტანციის მიერ გასაჩივრებაზე უარის თქმის თარიღს და ხელისუფლების მიერ ზოგიერთი პირის „შავ სიაში“ (იმ პირთა სია, რომელთა კვიპროსში შესვლა და გამოსვლა იყო აკრძალული და კონტროლს ექვემდებარებოდა) შეყვანის თარიღს შეიცავდა. წერილებში დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ ბრძანებების გაცემასთან დაკავშირებით რეკომენდაცია იყო მოცემული. მთავრობამ წარმოადგინა ორი ასეთი წერილის ასლი, რომელიც ცამეტი პირის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.
35. 2010 წლის 2 ივნისს, სამოქალაქო რეესტრისა და საიმიგრაციო დეპარტამენტის მიერ ასევე მომზადდა წერილები ინგლისურ ენაზე, რომელიც დაინტერესებულ პირთა დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებას ეხებოდა. მთავრობა ამტკიცებდა, რომ იმ დროისათვის ხელისუფლებისათვის ცნობილი არ იყო, ის პირები იყვნენ თუ არა დემონსტრანტთა შორის.
36.ტერიტორიიდან დემონსტრანტთა გაყვანის ოპერაცია 2010 11 ივნისს, დაახლოებით ღამის 3:00 საათსა და 5:00 საათს შორის განხორციელდა. მასში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 250 ოფიცერი - უცხოელთა პოლიცია და საიმიგრაციო განყოფილებიდან, ნიქოზიის პოლიციის განყოფილება, საგანგებო სიტუაციათა და სწრაფი რეაგირების დანაყოფი, საგზაო პოლიციის დანაყოფი, მეხანძრეები და კვიპროსის პოლიციის შტაბთან არსებული დისკრიმინაციასთან ბრძოლის განყოფილება. დემონსტრანტები, მომჩივნის ჩათვლით, მათი მხრიდან ყოველგვარი რეაქციისა და წინააღმდეგობის გარეშე, მიკროავტობუსებისკენ წაიყვანეს. ღამის 3:22 წთ-ზე მამაკაცი დემონსტრანტებით სავსე მიკროავტობუსებმა იქურობა დატოვეს. ქალები, ბავშვები და თოთო ბავშვები 3:35 წთ-ზე წაიყვანეს. ჯამში, დემონსტრაციის ადგილზე იმყოფებოდა 149 ადამიანი, რომელიც საგანგებო სიტუაციათა შტაბში გადაიყვანეს, კერძოდ, 87 მამაკაცი, 22 ქალბატონი და 40 ბავშვი. შტაბში მიყვანისთანავე თითოეული მათგანის რეგისტრაცია და სტატუსის დადგენა წინა დღით სპეციალურად გამართული კომპიუტერებით განხორციელდა. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ხსენებულ პერიოდში დემონსტრანტებისთვის ხელბორკილები არ დაუდიათ, ისინი არ ჩაუსვამთ გისოსებს მიღმა, არამედ შეკრიბეს ოთახებში და საკვები და წყალი მიუტანეს. როგორც მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, დილის 6:40 წუთისთვის შტაბში მიყვანილ დემონსტრანტთა დაახლოებით ნახევარი იდენტიფიცირებული იყო, ხოლო მთლიანად პროცედურა დღის 4:30 წუთისთვის დამთავრდა.
37. დადგინდა, რომ რესპუბლიკაში 76 ზრდასრული და 30 ბავშვი უკანონოდ იმყოფებოდა. მათ ან თავშესაფრის მინიჭების შესახებ ეთქვათ უარი, ან მათი საქმეები გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის გამო დაიხურა. მათ, ვინც საჩივარი სამეთვალყურეო ინსტანციაში შეიტანა, გასაჩივრებაზე ეთქვათ უარი. საბოლოო გადაწყვეტილებათა გარკვეული ნაწილი 2006 წლით თარიღდებოდა. ბევრი ადამიანი შეყვანილი იყო მთავრობის „შავ სიაში“. დეპორტაციის შესახებ ბრძანებები 23 მათგანისთვის უკვე გაცემული იყო (იხ. ქვემოთ 34-ე პარაგრაფი).
...
II. შესაბამისი შიდა კანონმდებლობა და პრაქტიკა
...
გ. შესაბამისი საკონსტიტუციო დებულებები
88. კონსტიტუციის მე-2 ნაწილი ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს იცავს. მე-11 მუხლი ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობის და უსაფრთხოების უფლებას არეგულირებს. შესაბამისად, ის ადგენს შემდეგს:
მე-11 მუხლი
„1. ყველა ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება.
2. არც ერთ ადამიანს არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა:
...
(ვ) რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო შესვლის აღკვეთის მიზნით პირის დაპატიმრება ან დაკავება, ან უცხოელისა, რომლის წინააღმდეგაც დეპორტაციისა და ექსტრადიციის ზომები მიიღება.
3. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია მძიმე დანაშაული, დასჯადი პატიმრობით ან სიკვდილით დასჯით, არც ერთი პირი არ შეიძლება იქნეს დაპატიმრებული, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პროცედურების შესაბამისად, მოტივირებული სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს.
4. დაკავებისთანავე თითოეულ პირს, მათთვის გასაგებ ენაზე, უნდა ეცნობოს მათი დაპატიმრების მიზეზი და მიეცეს, საკუთარი სურვილისამებრ, ადვოკატის აყვანის უფლება.
...
7. ყოველ პირს, რომელსაც დაკავებისა თუ დაპატიმრების გამო თავისუფლება შეეზღუდა, აქვს სასამართლოსადმი მიმართვის უფლება; სასამართლო დაუყოვნებლივ გადაწვეტს მისი დაკავების კანონიერებას და ის გათავისუფლდება, თუ მისი დაკავება უკანონოდ ჩაითვალა.
8. ყოველ პირს, რომელიც ამ მუხლის დებულებების დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის უფლება.
ვ. სხვა შესაბამისი შიდა კანონმდებლობა
1. კანონი პოლიციის შესახებ
89. 2004 წლის პოლიციის შესახებ კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილი (კანონი №73(1) 2004) პოლიციის თანამშრომელთა ზოგად უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს არეგულირებს. ის ადგენს შემდეგს:
„ პოლიციის თითოეული თანამშრომლის ვალდებულებაა, დაემორჩილოს და შეასრულოს ნებისმიერი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული კანონიერი ბრძანება, შეაგროვოს და გადასცეს ინფორმაცია, რომელიც კვიპროსის რესპუბლიკის საზოგადოებირივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას, რათა აღკვეთოს დანაშაული და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, გამოავლინოს და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე და თავისი კანონიერი უფლებამოსილების ფარგლებში დააპატიმროს ყველა პირი, რომლის დაპატიმრების დასაბუთებული საფუძველი არსებობს.
90. პოლიციის შესახებ კანონის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (გ) და (დ) პუნქტები ეხება პოლიციის მიერ გზებზე წესრიგის დაცვის ვალდებულებას. ის ადგენს შემდეგს:
„(1) ყოველი პოლიციელის ვალდებულებაა:
...
(გ) დაიცვას წესრიგი გზებზე, ქუჩებში, გზაჯვარედინებზე, აეროპორტში, მგზავრთა გადაადგილების სხვა ადგილებში, ასევე საზოგადებრივი დასვენების, ან საზოგადოებისათვის მისაწვდომ ადგილებში;
(ე) გზებზე, ქუჩებში, საზოგადებირივი დასვენების, ან საზოგადოებისათვის მისაწვდომ ადგილებში უწესრიგობის შემთხვევაში მოძრაობის რეგულირება და წესრიგის დაცვა.“
2. კანონი საზოგადოებრივი გზების შესახებ და კანონი გზებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დანაგვიანების აღკვეთის შესახებ
91. გზების შესახებ კანონის მე-3 პარაგრაფი (83-ე მუხლი, შესწორებული) ითვალისწინებს, მათ შორის, რომ გზებზე ნაგვის ან ნებისმიერი ნივთის დაყრა ან გზაზე თავისუფალი გასასვლელის შეგნებულად ჩახერგვა, არის პატიმრობით დასჯადი სისხლის სამართლის დანაშაული (მე-3 პარაგრაფი).
92. საზოგადოებრივი გზებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაბინძურების შესახებ 1992 წლის კანონის მე-3 პარაგრაფის 1-ლი ნაწილი (კანონი №19(1)92, შესწორებული) ადგენს, რომ გზაზე ან საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ სხვა ადგილას ნაგვის დადება, გადაგდება, დატოვება ან ამის დაშვება არის პატიმრობით დასჯადი სისხლის სამართლის დანაშაული.
3. კანონი დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა უფლებების შესახებ
93. დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა შესახებ კანონში (კანონი №163(1)/2005) წარმოდგენილი დებულებები პატიმრობაში მყოფთა უფლებებსა და მათდამი მოპყრობას განსაზღვრავს. ეს ითვალისწინებს, მათ შორის, პოლიციის მიერ დაპატიმრებული პირის უფლებას თავისი არჩევნისამებრ განახორციელოს კერძო სატელეფონო ზარი ადვოკატთან, მისი დაპატიმრების შემდეგ დაუყოვნებლად (მე-3 პარაგრაფი (1)(ა)).
...
სამართალი
...
IV. კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ნაგულვები დარღვევა
172. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი დაკავება იყო უკანონო და არღვევდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პარაგრაფს, რომლის შესაბამისი ნაწილები ადგენენ შემდეგს:
„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და მხოლოდ კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად:
...
(ვ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, ქვეყანაში მისი უნებართვოთ შესვლის აღსაკვეთად, აგრეთვე იმისა, ვის მიმართაც ხორციელდება ღონისძიებანი მისი დეპორტაციის ან ექსტრადიციისთვის.
ა. მხარეთ არგუმენტები
1.მომჩივანი
173. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი დაკავება ... იყო თვითნებური და ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ვ) პარაგრაფს. პირველ რიგში ის დააკავეს ... ბრძანების გარეშე, იმდენად რამდენადაც მას მძიმე დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი. მართალია, ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ დემონსტრანტებმა, მომჩივნის ჩათვლით, ჩაიდინეს რიგი დანაშაულებები, მაგ. საზოგადოებრივი გზების შესახებ კანონის შესაბამისად, თუმცა მათი დაკავების საფუძველი ეს არ იყო. გარდა ამისა, იმ დროისათვის ხელისუფლებამ დემონსტრანტთა არც სახელები იცოდა, არც მათი მონაცემები, შესაბამისად არც ის ეცოდინებოდა, კონკრეტული პირები კვიპროსში კანონიერად იმყოფებოდნენ თუ არა. აქედან გამომდინარე, სანამ მის წინააღმდეგ დაკავებისა და დეპორტაციის ბრძანება გაიცემოდა, მისი დაკავება და დაპატიმრება ეწინააღმდეგებოდა შიდა კანონმდებლობის პროცედურულ მოთხოვნებსა და კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილს (იხ. ზემოთ 88-ე პარაგრაფი). ამასთან დაკავშირებით მომჩივანმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით გაუგებარი იყო, იმ მომენტისთვის მის დაპატიმრებას რა ედო საფუძვლად.
...
2. მთავრობა
177. მთავრობა ამტკიცებდა, რომ დემონსტრანტებმა ნიქოზიის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე, რომელზეც მთელი რიგი ოფისები და საზოგადოებრივი შენობებია განლაგებული, დაუშვებელი ვითარება შექმნეს. ეს უქმნიდა საფრთხეს როგორც საზოგადოების, ისე თვით დემონსტრანტების ჯანმრთელობას, აბრკოლებდა როგორც ფეხითმოსიარულეთა, ისე ტრანსპორტის მოძრაობას, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგსა და ავადმყოფობის გავრცელების საფრთხეს უქმნიდა მათ, ვინც იმ მიდამოებში ცხოვრობდა და მუშაობდა და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან უკამყოფილებას გამოთქვამდა. დემონსტრანტებმა უარი თქვეს თანამშრომლობაზე ხელისუფლებასთან, რომელიც ამაოდ ცდილობდა მათ დარწმუნებას, დაეტოვებინათ ტერიტორია.
178. ხელისუფლებას ჰქონდა ორი გზა: პირველი - დემონსტრაციის ადგილზე ჩადენილი მთელი რიგი დანაშაულებების გამო დაეკავებინა დემონსტრანტები და აღეკვეთა მათთვის თავისუფლება, მაგალითად, საზოგადოებრივი გზების შესახებ კანონის (83-ე მუხლი, შესწორებული), ან საზოგადოებრივი გზებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დანაგვიანების აღკვეთის შესახებ კანონის საფუძველზე (კანონი 19 (1)/92, შესწორებული) (იხ. ზემოთ 91-92-ე პარაგრაფი), ან ტერიტორიიდან დემონსტრანტები მშვიდობიანად გაეყვანა. ძალადობისა და შეტაკებების თავიდან ასაცილებლად და თითოეული დემონსტრანტის საიმიგრაციო სტატუსის შემოწმების მიზნით, მათ არჩევანი უკანასკნელზე შეაჩერეს. პოლიციისთვის ამ სამუშაოს ჩატარება დემონსტრაციის ადგილზე შეუძლებელი იქნებოდა. გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციამ გაითვალისწინა ის , რომ დემონსტრანტთა შორის ქალები და ბავშვებიც იყვნენ.
179. მთავრობამ აღნიშნა, რომ 2010 წლის 11 ივნისს, დემონსტრანტების ტერიტორიიდან გაყვანისას, მომჩივნის ჩათვლით, ის მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პოლიციის შესახებ კანონის საფუძველზე (კანონი №73 (1) 2004, შესწორებული) მათ შორის, იმ მიზნით, რომ აღეკვეთა დანაშაული და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, დაეცვა წესრიგი საზოგადოებრივ გზებზე, ქუჩებში, გასასვლელებში, საზოგადოებისათვის მისაწვდომ ადგილებში, საჭიროების შემთხვევაში დაემყარებინა წესრიგი საზოგადოებრივ გზებზე, ქუჩებში და საზოგადოებისთვის მისაწვდომ ადგილებში (კანონის 24-ე პარაგრაფის მე-2 ნაწილი და 29-ე პარაგრაფის 1-ლი ნაწილის (გ) და (დ) პუნქტები, იხ. ქვემოთ 89-90-ე პარაგრაფები). პოლიციის მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ დემონსტრანტები ტერიტორიიდან მშვიდობიანად გადაეყვანათ საგანგებო სიტუაციათა შტაბში, სადაც დაკითხვისას დაადგენდნენ მათ სახელებსა და სტატუსს, კერძოდ, მოხდებოდა იმ პირთა იდენტიფიკაცია, რომელთაც თავშესაფარზე ეთქვათ უარი და ვინც რესპუბლიკაში უკანონოდ ცხოვრობდა. მთავრობამ სავსებით კანონიერად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დემონსტრანტთა ტერიტორიიდან გაყვანის პროცესში იმ სირიელი ქურთების იდენტიფიცირებას ცდილობდნენ, რომლებიც თავშესაფრის შესახებ შუამდგომლობაზე უარის მიუხედავად, რესპუბლიკაში ცხოვრებას უკანონოდ აგრძელებდნენ.
180. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ არც მომჩივნის, არც სხვა დემონსტრანტების თავისუფლების შეზღუდვას, მათი ქუჩიდან საგანგებო სიტუაციათა შტაბში გადაყვანისას, ადგილი არ ჰქონდა. ასევე მათი თავისუფლება არ შეზღუდულა შტაბში, სადაც საიმიგრაციო სტატუსის დასადგენად, მათი დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობდა. ხელისუფლებამ დემონსტრანტები, მომჩივნის ჩათვლით, საგანგებო სიტუაციათა შტაბს იდენტიფიკაციის მიზნით გადასცა და არა მათ დასაკავებლად ან დასაპატიმრებლად (იხილეთ X. v Germany, no. 8819/79, 1981 წლის 19 მარტის კომისიის განჩინება, გადაწყვეტილებები და ანგარიშები (DR) vol. 24, p. 158). დაკავებულები არ მოუთავსებიათ გისოსებს მიღმა, არ დაუდიათ ხელბორკილები, მათ მიუტანეს საკვები და სასმელი. ვისი იდენტიფიკაციაც მოხდა და დადგინდა, რომ ისინი რესპუბლიკაში კანონიერად ცხოვრობდნენ, სახლებში გაუშვეს, დანარჩენები კი დააპატიმრეს. მომჩივნის დაკავება მოხდა მაშინ, როცა მას ბრალად რესპუბლიკაში უკანონო ცხოვრება წარუდგინეს .
...
ბ. სასამართლოს შეფასება
...
2010 წლის 11 ივნისს მომჩივნის საგანგებო სიტუაციათა შტაბში გადაყვანა და მისი იქ ყოფნა
(ა) დასაშვევობა
185. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან - მოცემული პერიოდის განმავლობაში, ჰქონდა თუ არა მომჩივნის თავისუფლების შეზღუდვას ადგილი. მთავრობა საკამათოდ ხდის მომჩივნის არგუმენტებს და შესაბამისად, იმ პერიოდისთვის, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენებადობას.
186. მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს „თავისუფლების უფლებას“, ეს ეხება ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას. მის მიზანს წარმოადგენს გარანტია იმისა, რომ თვითნებურად თავისფლებას ვერავის შეუზღუდავენ. იმის დადგენისას, “შეეზღუდა თუ არა თავისუფლება“ რომელიმე ადამიანს მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით, ამოსავალ წერტილად კონკრეტული ვითარება უნდა იქცეს, ასევე გასათვალისწინებელია მთელი რიგი კრიტერიუმები, როგორიცაა გამოყენებული ზომის სახე, ხანგრძლივობა, შედეგები და საშუალება. თავისუფლების აღკვეთასა და თავისუფლების შეზღუდვას შორის განსხვავება ხარისხსა და ინტენსიურობაში მდგომარეობს და არა ბუნებასა თუ შინაარსში (იხ. სხვა წყაროებთან ერთად, Austin and Others v. the United Kingdom [GC], nos. 39692/09, 40713/09 და 41008/09, § 57, 15 March 2012; Stanev , cited above, § 115, 17 January 2012; Medvedyev and Others v. France [GC], no. 3394/03, § 73, ECHR 2010; and Guzzardi v. Italy, 6 November 1980, §§ 92-93). აშკარაა, რომ კითხვა ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების შეზღუდვას დიდწილად არის დამოკიდებული საქმის კონკრეტულ გარემოებებზე (იხ. მაგ. ზემომოყვანილი Austin, § 61 ).
187. იმის განსაზღვრისას, ჰქონდა თუ არა ადგილი კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას, ხშირად აუცილებელია მოვლენებს გარედან შევხედოთ და კონცენტრირება რეალურ ვითარებაზე მოვახდინოთ (მაგ. მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებით იხ. Creangă v. Romania [GC], no. 29226/03, § 91, 23 February 2012 and Van Droogenbroeck v. Belgium, 24 June 1982, § 38, Series A no. 50). სახელმწიფოს მიერ მოცემული ვითარების დახასიათება ან დახასიათების ნაკლებობა, სასამართლოს დასკვნაზე - ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების შეზღუდვას - გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს.
188. სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ საქმეებში პოლიციის განყოფილებებში პირთა ყოფნის მიზანი ან ის ფაქტი, რომ დაინტერესებულ მხარეებს წასვლის ნებართვა არ უთხოვიათ, გადამწყვეტ ფაქტორად ჩაითვალა. ამგვარად დადგინდა, რომ ბავშვები (იხ. ზემომოყვანილი X. v. Germany, no 8819/79,), რომლებმაც დაკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში ორი საათი გაატარეს, მაგრამ ჩაკეტილები არ ყოფილან, თავისუფლება არ შეეზღუდათ. ასევეა მომჩივნის შემთხვევაში (იხ. Guenat v. Switzerland (dec.), no. 24722/94, კომისიის 1995 წლის 10 აპრილის განჩინება), რომელიც პოლიციის განყოფილებაში ჰუმანიტარულ მიზეზთა გამო მიიყვანეს, მას თავისუფალი გადაადგილების საშუალება ჰქონდა და წასვლის ნებართვა არ უთხოვია. გარდა ამისა, კომისიამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ ფაქტს მიანიჭა, რომ მომჩივანს სამართალწარმოების დროს, სასამართლო დარბაზის დატოვება არასდროს დაუპირებია (იხ. E.G. v. Austria, no. 22715/93, კომისიის 1996 წლის 15 მაისის განჩინება).
189. პრეცედენტულმა სამართალმა განვითარება დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების მიზანი - მომჩივნებისთვის თავისუფლების შეზღუდვა - აღარ იყო გადამწყვეტი სასამართლოს შეფასებისთვის - ჰქონდა თუ არა თავისუფლების შეზღუდვას ადგილი. დღეისათვის, სასამართლო ამას მხედველობაში ანალიზის მხოლოდ შემდგომ ეტაპზე იღებს, მიღებული ზომის კონვენციის მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან შესაბამისობის განხილვისას (იხ. ზემოაღნიშნული Creangă, § 93; Osypenko v. Ukraine, no. 4634/04, §§ 51-65, 2010წ. 9 ნოემბერი; Salayev v. Azerbaijan, no. 40900/05, §§ 41-42, 2010წ. 9 ნოემბერი; Iliya Stefanov v. Bulgaria, no. 65755/01, § 71, 2008წ. 22 მაისი; და Soare and Others v. Romania, no. 24329/02, § 234, 2011წ. 22 თებერვალი).
190. გარდა ამისა, სასამართლო კვლავ ადასტურებს თავის დადგენილ პრეცედენტულ სამართალს იმასთან დაკავშირებით, რომ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი ასევე შეიძლება იყოს გამოყენებული თავისუფლების შეზღუდვის ძალიან მოკლე ვადის შემთხვევაშიც (იხ. სხვა წყაროებთან ერთად, Brega and Others v. Moldova, no. 61485/08, § 43, 2012წ. 24 იანვარი; Shimovolos v. Russia, no. 30194/09, §§ 48-50, 2011წ. 21 ივნისი; Iskandarov v. Russia, no. 17185/05, § 140, 2010წ. 23 სექტემბერი; Rantsev v. Cyprus and Russia, no. 25965/04, § 317, ECHR 2010 (extracts); და Foka v. Turkey, no. 28940/95, § 75, 2008წ. 24 ივნისი).
191.მოცემული საქმის ფაქტებს თუ დავუბრუნდებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, 2010 წლის 11 ივნისს, ღამის 3:00 საათზე, დემონსტრაციის ადგილიდან მონაწილეთა გასაყვანად მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა, რომელშიც დაახლოებით 250-მდე პოლიციელი მონაწილეობდა (იხ. ზემოთ 36-ე პარაგრაფი). მომჩივანი 148 დემონსტრანტთან ერთად ჩასვეს ავტობუსებში და გადაიყვანეს საგანგები სიტუაციათა შტაბში, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში მათი იდენტიფიკაცია და საიმიგრაციო სტატუსის დადგენა მიმდინარეობდა.
192. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ოსტინის საქმეში დადგენილი განსაკუთრებული გარემოებებისგან განსხვავებით (ზემომოყვანილი 66-ე და 68-ე პარაგრაფები), მოცემულ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ პროტესტის ადგილზე მოსალოდნელი იყო საშიში ვითარება, რომელიც უწესრიგობას, ძალადობას, ადამიანთა ფიზიკურ დაზიანებებსა და მატერიალურ ზარალს გამოიწვევდა.
193. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, არ შეიძლება ითქვას, რომ იმ ვითარებაში მათ რეალური არჩევანი ჰქონდათ და ავტობუსებში ჩასხდომა და პოლიციის განყოფილებაში ყოფნა ნებაყოფლობითი იყო. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ოპერაცია ღამის 3:00 სთ-ზე განხორციელდა, მაშინ როცა დემონსტრანტთა უმეტესობას ეძინა (იხ. ზემოთ 36-ე პარაგრაფი). ოპერაციის ხასიათის, მასშტაბისა და მიზნის, ასევე ხელისუფლების მიერ მიღებული საერთო ზომების გათვალისწინებით, არარეალურია ვივარაუდოთ, რომ დემონსტრანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ აბტობუსებში ჩასხდომაზე უარი ეთქვათ ან პოლიციის განყოფილება დაეტოვებინათ. მთავრობაც იგივეზე მიუთითებს. აშკარაა, რომ ოპერაციის მიზანს ასევე, ქვეყანაში უკანონოდ მცხოვრებ დემონსტრანტთა იდენტიფიკაცია და მათი დეპორტაცია წარმოადგენდა. პოლიციის განყოფილება დატოვეს მხოლოდ იმ დემონსტრანტებმა, რომლებიც კვიპროსში კანონიერად ცხოვრობდნენ. ეჭვგარეშეა, რომ იყო იძულების ელემენტი, რომელიც სასამართლოს აზრით, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით, თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ის ფაქტი, რომ პოლიციის განყოფილებაში არც ერთი დემონსტრანტისთვის ხელბორკილები არ დაუდიათ, გისოსებს მიღმა არ მოუთავსებიათ და მათ მიმართ სხვა ფიზიკური შეზღუდვა არ განუხორციელებიათ, არ წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს იმის დადგენისას, ჰქონდა თუ არა თავისუფლების შეზღუდვას ადგილი (იხ. ზემომოყვანილი 32-ე პარაგრაფი I.I. v. Bulgaria, no. 44082/98, § 87, 2005წ. 9 ივნისი, და Osypenko).
194. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ინსტრუქციებზე, რომელიც მიიღო პოლიციამ, კერძოდ, გამოიყენონ „დაპატიმრების გონივრული ზომები“ (იხ. ზემოთ 31-ე პარაგრაფი).
195.ასეთ ვითარებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგანგებო სიტუაციათა შტაბში გადაყვანა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი იქ ყოფნა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით დე ფაქტო თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენდა და, შესაბამისად, ეს დებულება ამ საქმეში ratione materiae გამოიყენება.
196.გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ა) პუნქტის მნიშვნელობით, დაუსაბუთებელი ნამდვილად არ არის. ის ასევე მიიჩნევს, რომ საჩივრის დაუშვებლობის სხვა რაიმე საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ის ამ საჩივარს დასაშვებად ცნობს.
(ბ) არსებითი მხარე
197.ახლა სასამართლომ უნდა დაადგინოს იყო თუ არა მომჩივნის დაკავება მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისი. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ამ დებულების შესასრულებლად, პირველ რიგში აუცილებელია, რომ დაკავება იყოს „კანონიერი“. ეს უნდა გულისხმობდეს კანონის მიერ დადგენილი პროცედურების დაცვას. ამასთან დაკავშირებით, კონვენცია არსებითად უბრუნდება ეროვნულ კანონმდებლობას და ავალდებულებს მას შეესაბამებოდეს მატერიალურ და პროცედურულ ნორმებს (იხ. Benham v. the United Kingdom, 1996წ. 10 ივნისი, § 40, Reports 1996‑III). მიუხედავად ამისა, შიდა კანონმდებლობასთან შესაბამისად, დაკავების „კანონიერება“ ყოველთვის გადამწყვეტ ელემენტს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, სასამართლო უნდა იყოს დარწმუნებული, რომ განსახილველ პერიოდში დაკავება შეესაბამებოდა კონვენციის მე-5 მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც მოწოდებულია პირები თავისუფლების თვითნებური შეზღუდვისგან დაიცვას.
198.გარდა ამისა, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, შესაბამისობაშია თუ არა ეროვნული კანონმდებლობა კონვენციასთან, მათ შორის, მასში გამოხატულ ან ნაგულვებ ზოგად პრინციპებთან. რაც შეეხება უკანასკნელ პუნქტს, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ როდესაც საქმე ეხება თავისუფლების შეზღუდვას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი სარწმუნოობის ზოგადი პრინციპები იყოს დაკმაყოფილებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვის პირობები იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, ხოლო კანონი, გამოყენებისას, თავისთავად იყოს განჭვრეტადი (იხ.Zervudacki v. France, no. 73947/01, § 43 and Baranowski v. Poland, §§ 50‑52, ...)
199.მოცემულ საქმეში მთავრობა ამტკიცებდა, რომ ხსენებული პერიოდის განმავლობაში, მომჩივნისა და დანარჩენი დემონსტრანტების თავისუფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონდა (იხ. ზემოთ 180-ე პარაგრაფი). როგორც ჩანს, ამ მიზეზით, მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლების ქმედებებს ახსნა მოუძებნეს, ისინი არ დაეყრდნენ რომელიმე კონკრეტულ დებულებას როგორც თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს.
200.ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დემონსტრანტთა ტერიტორიიდან გაყვანის მშვიდობიანი გზა აირჩია და რომ პოლიცია, პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, თავისი მოვალეობის ფარგლებში მოქმედებდა, რათა, მათ შორის, აღეკვეთა ცალკეული სისხლის სამართლის დანაშაულები და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და დაეცვა წესრიგი გზებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (იხ. ზემოთ 89-ე 90-ე პარაგრაფები). მთავრობის მიერ ნახსენები კონკრეტული ნორმები ეხება პოლიციის ოფიცრების უფლებამოსილებებსა და მოვალეობებს დააპატიმრონ პირები, რომელთა დაპატიმრება მათი კანონიერი უფლებამოსილებაა, ასევე მათი მოვალეობაა გზებზე წესრიგის დაცვა, მოძრაობის რეგულირება, თუმცა გაცხადებული არ იყო, რომ რომელიმე ამ უფლებამოსილებათაგანი იყო ფაქტობრივად გამოყენებული მომჩივნისა და სხვა დემონსტრანტების დასაპატიმრებლად.
201.ამავდროულად, მთავრობა ამტკიცებდა, რომ ოპერაცია ასევე მიზნად ისახავდა დემონსტრანტების იდენტიფიკაციასა და მათი სამართლებრივი სტატუსის დადგენას. ხელისუფლება ეჭვობდა, რომ დემონსტრანტთა უმრავლესობას თავშესაფარზე უთხრეს უარი და შესაბამისად, „არალეგალი იმიგრანტები“ იყვნენ, თუმცა ჩათვალა, რომ მკვეთრი რეაქციის პროვოცირების გარეშე, ადგილზე ეფექტიანი მოკვლევის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, ყველა აქციის მონაწილე გადაიყვანეს საგანგებო სიტუაციათა შტაბში, რათა მოეხდინათ მათი იდენტიფიკაცია და დაედგინათ, იყვნენ თუ არა ისინი არალეგალი იმიგრანტები. თუმცა მთავრობამ არ დაადასტურა, რომ თავისუფლების შეზღუდვა ამის ნიადაგზე განხორციელდა.
202.სასამართლო აცნობიერებს იმ რთულ ვითარებას, რომელშიც კვიპროსის ხელისუფლება აღმოჩნდა და რომ აუცილებელი იყო ქმედითი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ეს ვერ გაამართლებს მიღებულ ზომებს, რომლებსაც ყოველგვარი მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თავისუფლების შეზღუდვამდე მივყავართ.
203.აქედან გამომდინარე, მოცემულ პერიოდში, მომჩივნის თავისუფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება კონვენციის მე-5 მუხლის პირველ ნაწილს. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ამ დებულების დარღვევას.
...
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
კონვენციის ... მე-5 მუხლის ... პირველ ნაწილზე დაყრდნობით ... საჩივარს დასაშვებად აცხადებს.
მომზადდა ინგლისურ ენაზე, წერილობითი ფორმით გამოქვეყნდა 2013 წლის
23 ივლისს, სასამართლო რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების
შესაბამისად.
ფატოს არაჩიინეტა ზიემელე
სასამართლოს განმწესრიგებლის პრეზიდენტი
მოადგილე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy