Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ
Machalikashvili v Georgia
საჩივარი N32245/19
19 იანვარი 2023
ფაქტები
მომჩივნები, მ. მაჩალიკაშვილი, ე. მაჩალიკაშვილი, ნ. მაჩალიკაშვილი და ა. მარგოშვილი, საქართველოს მოქალაქეები არიან, დაბადებულები 1968, 1949, 1989 და 1971 წლებში და ცხოვრობენ სოფელ დუისში (საქართველო). ისინი არიან, შესაბამისად, თ.მ-ს მამა, ბებია, და და დედა.
2017 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში „სუს“) სპეციალური დანიშნულების რაზმი მაჩალიკაშვილების სახლში შევიდა თ.მ-ს დასაკავებლად, რადგან იგი ეჭვმიტანილი იყო საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში. როდესაც ოპერაციაში მონაწილე 32 ოფიცერიდან 2 შევიდა მის საძინებელში, თ.მ-მ სავარაუდოდ ხელყუმბარის აფეთქება სცადა, რის შემდეგაც მას თავში ესროლეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.
დაკავებიდან სამ საათში „სუს“-ის კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებელმა, თ.მ-ს მამის თანდასწრებით ჩაატარა სახლში ჩხრეკა, რომელსაც ეხმარებოდნენ ორი კრიმინალური ექსპერტი და ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტი. მათ გადაიღეს ფოტოები და ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონები და ხელყუმბარა, რომელიც თ.მ-ს საწოლის გვერდით იატაკზე ეგდო. მამამისს უთხრეს, რომ თ.მ-მ ხელყუმბარის აფეთქება სცადა და ერთ-ერთმა ოფიცერმა მას თავდაცვის მიზნით ესროლა. მან საეჭვოდ ჩათვალა ის, რომ ხელყუმბარა მის შვილს ეკუთვნოდა.
ჩხრეკის შემდეგ ისინი სახლიდან საძინებლის დალუქვის გარეშე გავიდნენ. ამის შემდეგ, თ.მ-ს ოჯახი, რამდენიმე მეზობელი და ადგილობრივი ჟურნალისტი ოთახში შევიდნენ და ჟურნალისტმა ფოტოები გადაიღო. ამ ფოტოებიდან ორთან დაკავშირებით ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ამოიცნეს თ.მ-ს ტელეფონის ყურსასმენები რომლებიც, მათი თქმით, შემდგომში გაუჩინარდა.
სისხლის სამართლის გამოძიება, თ.მ-სთვის სროლის ფაქტთან დაკავშირებით, დაიწყო იმავე დღეს, რაიონული პროკურატურის გამოძიებელმა ორ კრიმინალურ ექსპერტთან ერთად დაათვალიერა თ.მ-ს საძინებელი და ამოიღეს მეტი ნივთი. როდესაც მთავარმა გამომძიებელმა იმ დროს დაკითხა თ.მ-ს ოჯახის წევრები, ოთხივემ ცალ-ცალკე აღწერა თუ როგორ გააღვიძეს ისინი, კარების ჩამტვრევის ხმა, რასაც რამდენიმე წამის შემდეგ მოჰყვა გასროლის ხმა და რის შედეგადაც თ.მ-ს ბებიას დაემართა ეპილეფსიური შეტევა. მათ ასევე განაცხადეს, რომ სროლის შემდეგ ისინი ყველა ჩაკეტეს საძინებელში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, რა დროსაც არ იცოდნენ რა ხდებოდა, თუმცა მათთვის არ მიუყენებიათ ფიზიკური შეურაცხყოფა.
ოჯახის ოთხივე წევრი ხელახლა დაიკითხა 2018 წლის მარტში, აპრილში, ივნისში და 2019 წლის თებერვალში და მათ განცხადებებში დავობდნენ, რომ ისინი დაექვემდებარნენ არაადამინურ და დამამცირებელ მოპყრობას. თ.მ-ს მამამ განაცხადა, რომ ნახევრად შიშველი დააწვინეს მიწაზე მათი სახლის ეზოში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბებია ამტკიცებდა, რომ მას არ გაუწიეს დროული სამედიცინო დახმარება ეპილეფსიური კრუნჩხვის გამო, არ მისცეს საპირფარეშოში შესვლის უფლება და მოშარდვა მოუწია შეიარაღებული დაცვის თანამშრომლების წინაშე.
გამოძიების დროს პროკურორს აცნობეს, რომ დაკავების ოპერაციის ამსახველი აუდიო, ვიდეო და ფოტო მასალები არ არსებობდა. ჩართული ოფიცრები ამტკიცებდნენ, რომ მათ ნაბრძანები ჰქონდათ თ.მ-ს დაკავება და არა სიცოცხლის მოსპობა. მათ ასევე განაცხადეს, რომ დაკავების ოპერაციის ინსტრუქცია ზეპირად იყო გაცემული, ზოგიერთი ძირითადი პუნქტი დაფაზე იყო დაწერილი და შემდეგ წაშლილი. არცერთ მათგანს არ ახსოვდა, რომ თ.მ-ს საწოლში მობილური ტელეფონი დაენახა და არც ყურსასმენი საძინებელში. სასამართლო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ თ.მ-ს ესროლეს საწოლში წოლისას; ხოლო ხელყუმბარაზე იდინტიფიცირებადი თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.
2019 წლის იანვარში მომჩივნებს უარი ეთქვათ თ.მ-სთვის, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ თ.მ-ს მამისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე. მათ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა განცხადება და დაადგინა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ თ.მ-ს გარდაცვალება გამოწვეული იყო სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების დანაშაულებრივი ქმედებით. ასევე არ დაკმაყოფილდა მათი სააპელაციო საჩივარი. მომჩივნებმა შეიტანეს მრავალი განცხადება და საჩივარი გამოძიების ფარგლებსა და წესთან დაკავშირებით, გააკრიტიკეს ის ფაქტი, რომ პირველადი საგამოძიებო ღონისძიებები განხორციელდა სუს-ის მიერ, რაც ზიანს აყენებს გამოძიებას და იწვევს სერიოზულ ეჭვებს საძინებელში აღმოჩენილ ხელყუმბარის წარმოშობასთან დაკავშირებით. ისინი ამტკიცებდნენ, რომ თ.მ-ს ტელეფონიდან გაგზავნილი ბოლო ტექსტური შეტყობინების დროის გათვალისწინებით, სავარაუდო იყო, რომ მას ეკეთა ყურსასმენები და იყენებდა მობილურ ტელეფონს, როდესაც ოფიცრები მის საძინებელში შევიდნენ და რომ ოფიცრებმა გააყალბეს მტკიცებულება. თ.მ-ს ესროლეს მწოლიარე მდგომარეობაში, რაც მომჩივნების აზრით, გამორიცხავდა ხელყუმბარამდე მიწვდომას და მისი აფეთქების მცდელობის შესაძლებლობას.
2020 წლის 25 იანვარს სისხლის სამართლის გამოძიება შეწყდა რადგან არ არსებობდა საკმარისი საფუძველი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
საჩივრები, სასამართლო საქმისწარმოება და მისი შემადგენლობა
კონვენციის მე-2 მუხლზე (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლზე (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) და მე-13 მუხლზე (ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება), დაყრდნობით, მომჩივნები დავობდნენ უშიშროების ძალების მიერ არასაჭირო ლეტალური ძალის გამოყენებაზე, თ.მ-ს გარდაცვალების ფაქტზე ეფექტური გამოძიების არარსებობასა და დაკავების ოპერაციის დროს უშიშროების ძალების მიერ დამამცირებელი მოპყრობის შესახებ.
საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 6 ივნისს შევიდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება
მუხლი 2
პროცედურული ნაწილი სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ დაკავების ოპერაციის გარემოებათა გამოძიება დაუყონებლივ დაიწყო. თუმცა, პირველი საგამოძიებო ღონისძიებები სუს-ის გამომძიებლის მიერ იყო ჩატარებული და არა პროკურატურის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ გამოძიების სადავეები რამოდენიმე საათში აიღო, იგი ეყრდნობოდა თ.მ-ს საძინებლის ჩხრეკის შედეგებს და სუს-ის გამომძიებლის მიერ შეგროვებულ მტკიცებულებებს, რომელიც საკმარისად მიუკერძოებული არ იყო.
სხვა საკითხებთან ერთად, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ქმედების ადგილი არ იყო დალუქული და ნივთები გადატანილი იყო, რამაც კონკრეტული გავლენა მოახდინა გამოძიებაზე - სროლის მომენტში თ.მ-ს მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობა ვერ დადასტურდა; მასზე სავარაუდოდ ნაპოვნი სისხლის კვალის წარმომავლობა სათანადოდ ვერ დადგინდა; და თ.მ-ს ყურსასმენებთან დაკავშირებით ბრალდებები სრულად ვერ გადამოწმდა.
მომდევნო თვეებში, მოვლენებში მონაწილე თითქმის ყველა პირი და სხვა პოტენციური მოწმე გამოიკითხა, მათ შორის, თ.მ-ს ოჯახი, ოფიცრები რომლებიც მონაწილეობდნენ ოპერაციაში და სამედიცინო პერსონალი, რომელიც მკურნალობდა თ.მ-ს. შეგროვდა ინციდენტთან დაკავშირებული მრავალი სასამართლო ექსპერტიზა და სხვა მტკიცებულება. თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ თითქმის 5-კვირიანი დაგვიანება სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტის ოფიცრების დაკითხვისას, რაც გამოწვეული იყო მათი ვინაობის გასაიდუმლოების გამო, გამოძიების ადეკვატურ ხარვეზს წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ არ არსებობდნენ დამოუკიდებელი თვითმხილველები. ასევე 20 თვე დასჭირდა ოპერაციის დაგეგმვასა და მის კონტროლში ჩართულ პირთა გამოკითხვას. ოპერაციის მომზადებისა ან/და განხორციელების შესახებ რაიმე ოფიციალური მოხსენების არარსებობის გამო, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დაგეგმვისა და კონტროლის ეტაპის შეფასება შეზღუდული იყო.
მთლიანობაში, სტრასბურგის სასამართლომ გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი სამართალწარმოებაში, კერძოდ, დეფექტური თავდაპირველი საგამოძიებო საპასუხო ქმედება, მათ შორის, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების გზა, ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის ზედაპირული გამოკვლევა, ოფიცრების დაკითხვის დაგვიანება და თ.მ-ს მამისთვის დაზარალებულის სტატუსზე უარის თქმა, რამაც ხელი შეუშალა ოჯახს გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრებაში. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისთვის ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას მის პროცედურულ ნაწილში.
არსებითი ნაწილი სტრასბურგის სასამართლომ, პირველ რიგში, აღნიშნა რომ იმ დროისათვის მოქმედებდა სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ადგენდა როდის იყო გამართლებული სუს-ის თანამშრომლების მიერ ლეტალური ძალის გამოყენება. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპერაცია დაიგეგმა და ჩატარდა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების კონტექსტში და მიიღო მთავრობის არგუმენტი იმის შესახებ, რომ შეიარაღებული წინააღმდეგობა მოსალოდნელი იყო თ.მ-სგან. მან ამოუხსნელად მიიჩნია, რომ არავითარი დოკუმენტი ან მასალა არ იყო წარდგენილი პროცედურების შესახებ რომლებიც გამოიყენებოდა ოპერაციის დროს და მის შემდეგ, და რომ ოპერაციის დაგეგმვისას, რომელშიც ჩართული იყო მრავალი შეიარაღებული ოფიცერი და მიზნად ისახავდა პოტენციურად შეიარაღებული ტერორისტის დაკავებას, კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ადგილზე სასწრაფო დახმარების ყოფნა.
თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ გადამწყვეტი საკითხი ეხებოდა თ.მ-ს ქცევას, როცა ოფიცრები მის საძინებელში შევიდნენ. გამოძიებამ დაასკვნა, რომ პირველი ოფიცრის რეაქცია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თ.მ-მ ხელი გაიწოდა ხელყუმბარის ასაღებად რამაც მას აფიქრებინა, რომ დაუყონებლივი საფრთხის წინაშე დადგა და შესაბამისად თავდაცვის მიზნით მას პირდაპირ თავში ესროლა, თუმცა ამ დასკვნის მიუხედავად, თ.მ-ს ოჯახი ამტკიცებდა, რომ მას ეკეთა ყურსასმენები და დიდი ალბათობით იყენებდა მობილურ ტელეფონს. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების მიერ მოწოდებული ვერსია მოვლენების შესახებ დამაჯერებელი იყო და რომ მას არ შეეძლო შეეფასებინა ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ნაწილობვრივ გამოძიების ხარვეზების გამო და ნაწილობრივ იმის გამო, რომ არ განხორციელებულა ზუსტი გარემოებების სასამართლო შეფასება ეროვნულ დონეზე. შესაბამისად, მან ჩათვალა, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ საფუძვლიან ეჭვს მიღმა გაკეთდეს დასკვნა, რომ თ.მ -ს გარდაცვალება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იყო. აქედან გამომდინარე, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, მან არ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა.
მუხლი 3
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ თ.მ-ს ოჯახმა განიცადა სტრესი და შფოთვა იმაზე მეტი, რაც მოსალოდნელი იყო ამ ტიპის სამართალდამცავი ოპერაციების დროს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა ოპერაცია. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველ განცხადებებში მომჩივნებმა თქვეს, რომ მათ ოფიცრები ცუდად არ მოექცნენ. აქედან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება იმ დასკვნის გამოსატანად, რომ მათ განიცადეს დამამცირებელი მოპყრობა და უარყო მათი საჩივარი ამ მუხლთან მიმართებით.
მუხლი 13
სასამართლომ არ დაინახა საჭიროება, რომ განეხილა მომჩივნების საჩივარი მე-13 მუხლის საფუძელზე კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან ერთობლიობაში.
სამართლიანი დაკმაყოფილება (მუხლი 41)
სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ მომჩივნებს ერთობლივად უნდა გადაუხადოს 10,000 ევრო (ევრო) არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და 15,000 ევრო ხარჯებისა და დანახარჯებისთვის.