Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N185
2015 წლის მაისი
მეგიი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Magee and Others v. the United Kingdom)
(საჩივარი- N26289/12, N29062/12 და N29891/12)
გადაწყვეტილება, 12 მაისი, 2015 [მე-4 სექცია]
მე-5 მუხლი
მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი
ფაქტები: მომჩივნები დააკავეს პოლიციის ოფიცრის მკვლელობაში მონაწილეობის ეჭვის საფუძველზე. ისინი 48 საათის შემდეგ წარუდგინეს ჩრდილოეთ ირლანდიის სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც განიხილა მათი დაკავების კანონიერება და გააგრძელა მისი ხანგრძლივობა მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში (შემდგომი დაკითხვისა და სასამართლო ექსპერტიზისთვის). მოგვიანებით, მათი წინასწარი პატიმრობა კიდევ გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ მომჩივნები თორმეტი დღის შემდეგ ყველანაირი ბრალდების გარეშე გათავისუფლდნენ. 2000 წელს მიღებული ტერორიზმის შესახებ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დაკავებული ბრალდების გარეშე პატიმრობაში შეიძლება იყოს მაქსიმუმ 28 დღის განმავლობაში. დაკავების კანონიერება უნდა განიხილოს კომპეტენტურმა მოსამართლემ 48 საათის განმავლობაში და შემდგომ, ყოველ 7 დღეში. მართალია, მოსამართლეს ჰქონდა დაკავებულის გათავისუფლების უფლება, იმ შემთხვევაში თუ მისი დაკავება/ადრეული პატიმრობა უკანონო იყო, თუმცა მას არ ჰქონდა გირაოს სანაცვლოდ პატიმრის გათავისუფლების უფლებამოსილება.
სამართალი: მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი: აღნიშნული მუხლი სტრუქტურულად ეხება ორ განცალკევებულ შემთხვევაში: პირველი, დაკავების ადრეული ეტაპია, როდესაც პირი ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლების დაქვემდებარებაში გადადის და მეორე, სისხლის სამართლის საქმის განხილვამდე დროის პერიოდი, როდესაც პირი დაპატიმრებულია ან გათავისუფლებულია და ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ მუხლის ეს ორი ნაწილი პირს აღჭურავს სხვადასხვა უფლებებით და არ არის არც ლოგიკურად და არც დროებით ერთმანეთთან დაკავშირებული.
სასამართლომ პირველ ნაწილთან დაკავშირებით არაერთხელ აღნიშნა, რომ კონვენციის 5.3 მუხლი მოითხოვს, ბრალდებული დაუყოვნებლივ და ავტომატურად წარუდგინონ მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით განსაზღვრულ სხვა მოხელეს, რომელსაც აქვს უფლებამოსილება განიხილოს დაკავებისა და პატიმრობის კანონიერება, აგრეთვე არსებობს თუ არა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის გონივრული ეჭვი; გარდა ამისა, აღნიშნულ პირს შეუძლია გასცეს ბრძანება დაკავებულის გათავისუფლების შესახებ, თუ დაკავების დროს დაირღვა რომელიმე გარანტია.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის სასამართლოს მოსამართლე აღჭურვილი იყო ზემოთ აღნიშნული უფლებამოსილებებით. თუმცა, უფრო საინტერესოა სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, მის ძველ პრაქტიკაში არსად არ არის ნახსენები, რომ ეს თავდაპირველი განხილვა (პირველი ნაწილი), ასევე უნდა მოიცავდეს გირაოს საფუძველზე პირის გათავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ აპლიკანტების თორმეტდღიანი პატიმრობის განმავლობაში ორჯერ განიხილა დაკავების კანონიერება და მათ წინააღმდეგ გონივრული ეჭვის არსებობა, ისინი არ წარუდგენიათ ისეთი მოსამართლის წინაშე, რომელსაც ჰქონდა პირის სასამართლომდე გირაოთი გათავისუფლების ან ამ საკითხის განხილვის უფლებამოსილება. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულები თორმეტი დღის განმავლობაში თავისუფლების აღკვეთის ადრეულ ეტაპზე იყვნენ (პირველი ნაწილი), ამრიგად, კონვენციის 5.3 მუხლი არ მოითხოვდა მათი გირაოთი გათავისუფლების საკითხის განხილვას.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy