მაგიარ ჰელსინკი ბიზოტსაგი უნგრეთის წინააღმდეგ
Magyar Helsinki Bizottsag v. Hungary
საჩივარი N 18030/11
გადაწყვეტილება
8 ნოემბერი 2016
გადაწყვეტილებაში საქმეზე მაგიარ ჰელსინკი ბიზოცაგი უნგრეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Magyar Helsinki Bizottsag v. Hungary [GC]) [1] წამოიჭრა შემდეგი განსახილველი საკითხი: რა ფარგლებში უზრუნველყოფს კონვენციის მე-10 მუხლი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.
მომჩივანმა - არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა პოლიციის დეპარტამენტის დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა, რომელშიც მოცემული იყო ინფორმაცია სახალხო დამცველების დანიშვნისა და მათი ვინაობის შესახებ; მათ აღნიშნული ინფორმაცია სჭირდებოდათ კვლევის დასრულებისთვის, რომელიც ითვალისწინებდა წინადადებებს სახალხო დამცველების ინსტიტუტის რეფორმის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის განყოფილებების უმრავლესობამ მოთხოვნა შეასრულა, ორმა მათგანმა არ გასცა ინფორმაცია; დოკუმენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაწყებული ეროვნული სამართალწარმოება წარუმატებელი აღმოჩნდა. მომჩივანი არასამთავრობო ორგანიზაცია დავობდა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უარი კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული უფლებების დარღვევას წარმოადგენდა.
(ი) წინამდებარე გადაწყვეტილება აღსანიშნავია, ვინაიდან ის დეტალურად მიმოიხილავს და განმარტავს სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკას იმის შესახებ თუ რა მოცულობით უზრუნველყოფს კონვენციის მე-10 მუხლი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ აღიარებს ცალკე ხელმისაწვდომობის უფლებას, მან განმარტა საქმეზე ლიანდერი შვედეთის წინააღმდეგ დადგენილი პრინციპები და განაცხადა, რომ გარკვეულ შემთხვევებში მსგავსი უფლება შეიძლება გამომდინარეობდეს გამოხატვის თავისუფლების უფლებიდან; სტრასბურგის სასამართლომ ასევე განსაზღვრა ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე ეს შეფასება შეიძლება გაკეთდეს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით.
,,სტანდარტული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე პოზიცია", რომელიც ჩამოყალიბდა ლინდერის საქმეში და დადასტურდა საქმეებში: გერა და სხვები იტალიის წინააღმდეგ , გასკინი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ და როშე დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ წარმოადგენდა შემდეგს: კონვენციის მე-10 მუხლი არ ითვალისწინებდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას და არც შესაბამის ვალდებულებას აკისრებდა ხელისუფლებას. დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ეს არ გამორიცხავდა სხვა შემთხვევებში ასეთი უფლების ან ვალდებულების არსებობას. ამგვარი საკითხი უკვე განხილულ იქნა საქმეში გილბერგი შვედეთის წინააღმდეგ , სადაც სახელმწიფოს ერთმა ნაწილმა აღიარა ინფორმაციის მიღების უფლება, მაგრამ მეორე ნაწილმა დაარღვია ან ვერ შეძლო ამ უფლების განხორციელება.
შესაბამისად, დიდმა პალატამ განიხილა წინამდებარე საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით შეიძლება თუ არა, რომ ხელმისაწვდომობის უფლება კონვენციის მე-10 მუხლის დაცვის ფარგლებში მოექცეს. ამის გასარკვევად სასამართლომ განიხილა მე-10 მუხლთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები და სასამართლოსა და კომისიის მოსაზრებები მე-6 დამატებითი ოქმის პროექტთან დაკავშირებით, რომელმაც საშუალება მისცა დაედგინა, რომ შესაძლოა არსებობდეს წონადი არგუმენტები კონვენციის მე-10 მუხლში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ინდივიდუალური უფლებისა და სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულების ამოკითხვის სასარგებლოდ. ოცდათერთმეტი ხელშემკვრელი სახელმწიფოს შედარებითმა მიმოხილვამ, საერთაშორისო დონეზე განვითარებულმა კონსენსუსმა, ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიამ და ევროკავშირის სხვა დებულებებმა, ასევე ევროპის საბჭოს მრავალმა სხვა ინსტრუმენტმა, დიდი პალატა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ არსებობდა ,,ფართო კონსენსუსი ევროპაში (და მის ფარგლებს გარეთ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების აღიარების საჭიროების შესახებ; აღნიშნული საჭიროება მიზნად ისახავდა საზოგადოების მხარდაჭერას საჯარო ინტერესის საკითხებზე აზრის ჩამოსაყალიბებლად" (გადაწყვეტილების 148-ე პარაგრაფი). აქედან გამომდინარე, სასამართლო არ იყო ,,შეზღუდული მე-10 მუხლის 1-ლი პარაგრაფის იმგვარი განმარტებისგან ... რომ ის მოიცავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უფლებასაც”.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით (რომელიც განვითარდა გარკვეულ პირობებში ინფორმაციის თავისუფლების უფლების აღიარების სასარგებლოდ. თუმცა სასამართლო ინფორმაციის თავისუფლების უფლებას აღიარებს როგორც მე-10 მუხლით დაცული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შემადგენელ ელემენტს და არა როგორც დამოუკიდებელ უფლებას), ასევე ზემოთ მოყვანილი ევროპული და საერთაშორისო ტენდენციების შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ლიანდერის პრინციპების განმარტების დრო დადგა. დიდმა პალატამ გააკეთა აღნიშნული განმარტება. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება და მისი მიწოდების შესაბამისი ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას, პირველი, სადაც ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ ბრძანება გაცემულია სასამართლოს მიერ (როგორც ეს მოხდა გილბერგის საქმეზე) და მეორე, სადაც ,,ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის პირის მიერ გამოხატვის თავისუფლებით, კერძოდ, ,,ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებით" სარგებლობის ინსტრუმენტი და მისი უარყოფა წარმოადგენს ამ უფლებაში ჩარევას" (მოცემული საქმისთვის ეს მდგომარეობა იყო რელევანტური).
დიდმა პალატამ განსაზღვრა კრიტერიუმი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე გამოყენებულ უნდა იქნეს იმის დასადგენად, ხელმისაწვდომობაზე ერთი კონკრეტული უარი უტოლდებოდა თუ არა გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას. აღნიშნული კრიტერიუმებია:
მოთხოვნილი ინფორმაციის მიზანი (ხელს უწყობს თუ არა საჯარო დებატებს); მოთხოვნილი ინფორმაციის არსი (არის თუ არა საჯარო ინტერესის მქონე);მომჩივნის როლი (საზოგადოებრივი დარაჯი ან მსგავსი); დაიყო თუ არა ინფორმაცია მომზადებული და ხელმისაწვდომი.გამოიყენა რა ეს კრიტერიუმები დიდმა პალატამ, დაადგინა, რომ მომჩივანი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობა წარმოადგენდა კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ უფლებებში ჩარევას. აღნიშნულ საქმეში სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანს სურდა ესარგებლა ინფორმაციის გავრცელების უფლების საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე და ამ მიზნისთვის ის ეცადა მოეპოვებინა ინფორმაცია. სახალხო დამცველების დანიშვნის შესახებ ინფორმაციის მიმართ არსებობდა გამორჩეული საზოგადოებრივი ინტერესი. არ არსებობდა იმის ეჭვქვეშ დაყენების მიზეზი, რომ კვლევაში მოცემული ინფორმაცია მომჩივანმა ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების მიზნით მოიპოვა; საზოგადოებას ჰქონდა ამ ინფორმაციის მიღების უფლება. ევროპული სასამართლოსთვის საკმარისი იყო ის გარემოება, რომ მომჩივანს მოთხოვნილი ინფორმაცია ჭირდებოდა ზემოთ ხსენებული მიზნის მისაღწევად. საბოლოოდ, ინფორმაცია გამზადებული და ხელმისაწვდომი იყო.
(იი) იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა ეს ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, საჭირო იყო დიდ პალატას დაეცვა სამართლიანი ბალანსი მომჩივანი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოხატვის უფლებებსა და მოთხოვნილი ინფორმაციის დაცვას შორის.
დიდმა პალატამ დაადგინა (ევროპის საბჭოს მონაცემთა დაცვის შესახებ კონვენციასა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე მითითებით), რომ წინამდებარე საქმეზე მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესები არ იყო ,,ისეთი არსისა და ბუნების", რომ ბალანსის დაცვის განხილვისას გამოყენებულიყო კონვენციის მე-8 მუხლი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროს, სტრასბურგის სასამართლომ გაითვალისწინა კონტექსტი (საჯარო საქმიანობაში პროფესიული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემები არ ეხება ამ სამუშაოს არსს და შესაბამისად, არ ახდენს გავლენას მათ პირად ცხოვრებაზე) და ის ფაქტი, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება მიჩნეულ იქნეს წინასწარ განჭვრეტადად.
მიუხედავად იმისა, რომ მე-8 მუხლი არ ყოფილა საქმეში განხილული, მონაცემთა დაცვა იყო ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც ამართლებდა გამოხატვის თავისუფლების მხოლოდ პროპორციულ შეზღუდვას. დიდმა პალატამ მიიჩნია რა, რომ საზოგადოებრივი ინტერესი გადაწონიდა მონაცემთა დაცვის საჭიროებას, წინამდებარე საქმეზე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა.
[1] Magyar Helsinki Bizottság v. Hungary [GC], no. 18030/11, ECHR 2016.