© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე „მაკტუფი და დამიანოვიჩი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ“
(საჩივრები № 2312/08 და № 34179/08)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
18 ივლისი, 2013 წ.
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა იგი შესაძლოა, დაექვემდებაროს სარედაქციო გადასინჯვას.
საქმეზე „მაკტუფი და დამიანოვიჩი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ შპილმანი, თავმჯდომარე,
ჯოზეფ კასადევალი,
გვიდო რაიმონდი,
ინეტა ზიემელე,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
დავიდ თორ ბიორგვინსონი,
პაივი ჰირველა,
ჯორჯ ნიკოლაუ,
მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
ნონა წოწორია,
ზდრავკა კალაიჯიევა,
ნებოიშა ვუჩინიჩი,
კრისტინა პარდალოსი,
ანგელიკა ნუსბერგერი,
პაულო პინტო დე ალბუკერკე,
იოჰანეს სილვისი, მოსამართლეები,
და მაიკლ ო’ ბოილი, სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე,
2012 წლის 12 დეკემბრისა და 2013 წლის 19 ივნისის დახურული თათბირების შედეგად ამ უკანასკნელ თარიღზე მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო ორი საჩივარი (№2312/08 და №34179/08), რომლებიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, ერაყის მოქალაქემ, ბ-მა აბდულადჰიმ მაკტუფმა, და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მოქალაქემ, ბ-მა გორან დამიანოვიჩმა (შემდეგში „მომჩივნები“), 2007 წლის 17 დეკემბერსა და 2008 წლის 20 ივნისს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანეს.
2. მომჩივნები ჩიოდნენ სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებით, რომელზეც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სასამართლომ („სახელმწიფო სასამართლო“), ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სისხლის სამართლის კოდექსის დებულებების შესაბამისად, ისინი 1992-95 წლების ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის დამნაშავედ ცნო და სასჯელი შეუფარდა. ისინი ჩიოდნენ, რომ სახელმწიფო სასამართლომ არ გამოიყენა ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტური ფედერალური რესპუბლიკის („ყოფილი იუგოსლავია“) 1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც მოქმედებდა ომის დანაშაულების ჩადენის დროს, რითაც კონვენციის მე-7 მუხლით განსაზღვრული სასჯელის რეტროაქტიულად გამოყენების დაუშვებლობის შესახებ წესი დაირღვა. გარდა ამისა, ისინი ჩიოდნენ კონვენციის მე-14 მუხლით მე-7 მუხლთან მიმართებაში და მე-12 ოქმის 1-ლ მუხლით. ბ-ნი მაკტუფი ასევე დაეყრდნო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ ნაწილს.
3. საჩივრები განსახილველად გადაეცა სასამართლოს მეოთხე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). 2010 წლის 31 აგვისტოს სექციის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, საჩივრების შესახებ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მთავრობისთვის („მთავრობა“) ეცნობებინა. მიღებული იქნა ასევე გადაწყვეტილება, რომ საჩივრების დასაშვებობასა და არსებით მხარეზე სასამართლოს ერთდროულად ემსჯელა (29-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). 2012 წლის 10 ივლისს მეოთხე სექციის პალატამ მოსამართლეთა შემდეგი შემადგენლობით: ლეხ გარლიცკი, დავიდ თორ ბიორგვინსონი, პაივი ჰირველა, ჯორჯ ნიკოლაუ, ზდრავკა კალაიჯიევა, ნებოიშა ვუჩინიჩი და ლილიანა მიოვიჩი, ასევე ლორენს ერლი, სექციის სასამართლო გამწესრიგებელი, საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა, რაც არც ერთ მხარეს არ გაუპროტესტებია (კონვენციის 30-ე მუხლი და სასამართლოს რეგლამენტის 72-ე მუხლი).
4. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის მიხედვით. ფარის ვეჰაბოვიჩს, ბოსნიიდან და ჰერცეგოვინიდან არჩეულ მოსამართლეს, არ შეეძლო ამ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება (სასამართლოს რეგლამენტის 28-ე მუხლი). შესაბამისად, მთავრობამ მის ადგილზე დანიშნა ანგელიკა ნუსბერგერი, გერმანიიდან არჩეული მოსამართლე (კონვენციის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სასამართლოს რეგლამენტის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
5. დიდმა პალატამ გადაწყვიტა საჩივრების გაერთიანება (სასამართლოს რეგლამენტის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
6. საქმის დასაშვებობასა და არსებით მხარეზე მხარეებმა წერილობითი მოსაზრებები წარადგინეს. გარდა ამისა, მესამე მხარის მოსაზრებები წარადგინა უმაღლესი წარმომადგენლის სამსახურმა, რომელსაც წერილობით პროცედურაში ჩართვის უფლება მიეცა (კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სასამართლოს რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები).
7. საქმის ღია მოსმენა 2012 წლის 12 დეკემბერს სტრასბურგში, სასამართლოს შენობაში გაიმართა (სასამართლოს რეგლამენტის 54-ე მუხლის მე-3 ნაწილი). სასამართლოს წინაშე წარდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ქ-ნიზ. იბრაჰიმოვიჩი, სახელმწიფო წარმომადგენლის მოადგილე,
ქ-ნის. მალეშიჩი, სახელმწიფო წარმომადგენლის თანაშემწე,
ბ-ნიჰ. ვუჩინიჩი,
ქ-ნიმ. კაპეტანოვიჩი,მრჩევლები;
(ბ) მომჩივნების სახელით
ბ-ნის. კრეჰო,
ბ-ნია. ლეილიჩი,
ბ-ნია. ლოზო,
ბ-ნიი. მეჰიჩი,იურისტი,
ბ-ნია. კრეჰო,
ბ-ნიჰ. ლოზო,
ქ-ნინ. კისიჩი,მრჩევლები.
სასამართლომ მოისმინა ქ-ნი იბრაჰიმოვიჩის და ბ-ნი ლეილიჩის მიმართვები.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
ა. წინაისტორია
8. ყოფილი იუგოსლავიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1992 წლის მარტში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში სასტიკი ომი დაიწყო. 100,000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო 2,000,000-ზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა „ეთნიკური წმენდისა“ თუ საყოველთაო ძალადობის შედეგად. ომის განმავლობაში მრავალი დანაშაული იქნა ჩადენილი, მათ შორის – წინამდებარე მომჩივნების მიერ. კონფლიქტის მთავარი მხარეები იყვნენ შემდეგი ადგილობრივი ძალები: ARBH[1] (რომელიც, ძირითადად, სარაევოში ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ბოსნიაკებისგან[2] შედგებოდა), HVO[3] (რომელიც, უმთავრესად, ხორვატებისგან შედგებოდა) და VRS[4] (რომელიც, ძირითადად, სერბებისგან შედგებოდა). კონფლიქტი 1995 წლის დეკემბერში დასრულდა, როცა მშვიდობის შესახებ ზოგადი ჩარჩო-ხელშეკრულება („დეიტონის ხელშეკრულება“) შევიდა ძალაში. ამ ხელშეკრულების თანახმად, ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი ერთეულისგან შედგება: ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაცია და სერბული რესპუბლიკა.
9. იმ სისასტიკის საპასუხოდ, რასაც მაშინ ადგილი ჰქონდა ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, გაეროს უშიშროების საბჭომ დააფუძნა სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე („ICTY“), როგორც დროებითი ინსტიტუტი.[5] 2002 წელს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი მისია დასრულებულიყო წარმატებით, დროულად და ყოფილი იუგოსლავიის შიდა სამართლებრივ სისტემებთან კოორდინაციით, ICTY-იმ დაიწყო საქმიანობის დასრულების სტრატეგიის შემუშავება[6]. ეს სტრატეგია დაამტკიცა გაეროს უშიშროების საბჭომ[7] და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხელისუფლებამ (მათ საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელეს და შეთანხმებები დადეს უმაღლეს წარმომადგენელთან – დეიტონის ხელშეკრულების შესაბამისად დანიშნულ საერთაშორიო ადმინისტრატორთან). სტრატეგიის არსებითი კომპონენტი იყო სახელმწიფო სასამართლოს ფარგლებში ომის დანაშაულთა განმხილველი საერთაშორისო და ეროვნული მოსამართლეებისგან შემდგარი პალატების დაარსება (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 34-36).
ბ. ბ-ნ მაკტუფთან დაკავშირებული ფაქტები
10. ბ-ნი მაკტუფი 1959 წელს დაიბადა და ცხოვრობს მალაიზიაში.
11. 1993 წლის 19 ოქტომბერს იგი წინასწარი განზრახვით დაეხმარა მესამე პირს ორი სამოქალაქო პირის გატაცებაში, რათა ისინი გაეცვალათ ARBH-ის წევრებში, რომლებიც HVO-ს ძალებს ჰყავდათ გატაცებული. ეს სამოქალაქო პირები რამდენიმე დღის შემდეგ გაათავისუფლეს.
12. 2004 წლის 11 ივნისს მომჩივანი დააკავეს.
13. 2005 წლის 1 ივლისს სახელმწიფო სასამართლოს პირველი ინსტანციის პალატამ იგი დამნაშავედ ცნო მძევალთა აყვანაში დახმარებასა და თანამონაწილეობაში, როგორც ომის დანაშაულში, და, 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 31-ე მუხლის შესაბამისად, ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
14. 2005 წლის 24 ნოემბერს სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2005 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის ხელახალი განხილვა დანიშნა. 2006 წლის 4 აპრილს სააპელაციო პალატამ, რომელიც ორი საერთაშორისო (მოსამართლე პიეტრო სპერა და მოსამართლე ფინ ლინგჰემი) და ერთი ეროვნული (მოსამართლე ჰილმო ვუჩინიჩი) მოსამართლისგან შედგებოდა, მომჩივანი დამნაშავედ ცნო იმავე დანაშაულში და, 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, იგივე სასჯელი მიუსაჯა. სასჯელთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა შემდეგი (სახელმწიფო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინგლისური თარგმანი):
“ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხარისხისა და სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგების გათვალისწინებით, ასევე იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებული სისხლის სამართლის დანაშაულის თანამონაწილე იყო და ამასთან, ბრალდებულის სასარგებლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ სასჯელის შემცირების შესახებ დებულებები გამოიყენა და, [2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის] 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (ა) პუნქტის დებულების შესაბამისად, სასჯელი შესაძლო მაქსიმალურ ზღვრამდე შეამცირა და მას განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით, მიიჩნია რა, რომ აღნიშნული სასჯელით დასჯის მიზანი სრულიად მიღწევადი იყო და რომ აღნიშნული სასჯელი ბრალდებულზე ისეთ გავლენას მოახდენდა, რომ მას სისხლის სამართლის სხვა დანაშაული მომავალში არ ჩაედინა.”
15. მომჩივნის მიერ საქმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, 2007 წლის 30 მარტს, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე განიხილა კონვენციის მე-5, მე-6, მე-7 და მე-14 მუხლების შესაბამისად და დაადგინა, რომ კონვენცია არ დარღვეულა. გადაწყვეტილება მომჩივანს 2007 წლის 23 ივნისს ჩაბარდა. უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილში აღნიშნულია შემდეგი:
“42. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ [სახელმწიფო სასამართლოს შესახებ 2000 წლის კანონის] – რომლის თავდაპირველი ტექსტი უმაღლესი წარმომადგენის მიერ იყო მიღებული და შემდეგ იგი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა – 65-ე მუხლის თანახმად, გარდამავალ პერიოდში, რომელიც ხუთ წელს არ უნდა აღემატებოდეს, ომის დანაშაულების განმხილველი I სექციისა და ორგანიზებული დანაშაულის, ეკონომიკური და კორუფციის დანაშაულების განმხილველი II სექციის კოლეგიები ეროვნული და საერთაშორისო მოსამართლეებისგან უნდა შედგებოდეს. სისხლის სამართლისა და სააპელაციო სექციებში რამდენიმე საერთაშორისო მოსამართლე შეიძლება იყოს წარმოდგენილი. საერთაშორისო მოსამართლეები არ შეიძლება იყვენენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ან მისი რომელიმე მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები. საერთაშორისო მოსამართლეები უნდა მოქმედებდნენ, როგორც კოლეგიის მოსამართლეები, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და მოწმეებისა და მოწყვლადი მოწმეების დაცვის შესახებ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის კანონის დებულებების შესაბამისად; დაუშვებელია მათი სისხლისსამართლებრივი დევნა, დაკავება ან დაპატიმრება; ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებისა თუ მიღებული გადაწყვეტილების გამო ისინი პასუხს არ აგებენ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
43. ‘... ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში მშვიდობის შესახებ ზოგადი ჩარჩო-ხელშეკრულების მე-10 დამატების (ხელშეკრულება სამშვიდობო შეთანხმების მშვიდობიანი განხორციელების შესახებ) მე-5 მუხლით უმაღლესი წარმომადგენლისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ... რომლის შესაბამისადაც უმაღლესმა წარმომადგენელმა, თავისი შეხედულებისამებრ, ხელი უნდა შეუწყოს ნებისმიერი იმ სირთულის მოგვარებას, რომელიც მშვიდობიან განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოიშობა..., იმის გათვალისწინებით, რომ მშვიდობის განმახორციელებელი საბჭოს მმართველი კომიტეტის მიერ 2003 წლის 26 სექტემბერს სარაევოში გამოცემულ კომუნიკეში აღნიშნულია, რომ კომიტეტმა მხედველობაში მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1503, რომელიც, inter alia, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებდა, მხარი დაეჭირათ უმაღლესი წარმომადგენლისთვის ომის დანაშაულთა პალატის დაფუძნების საქმეში..., საერთაშორისო მოსამართლეების დანიშვნის შესახებ სამდივნოს სასამართლო გამწესრიგებლისა ... და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სასამართლოსა და პროკურატურის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი ერთობლივი რეკომენდაციისა..., [და სახელმწიფო სასამართლოს შესახებ 2000 წლის კანონის] შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით,’ უმაღლესმა წარმომადგენელმა 2005 წლის 24 თებერვალსა და 28 აპრილს მიიღო გადაწყვეტილებები საერთაშორისო მოსამართლეების ფინ ლინგჰემისა და პიეტრო სპეროს [სახელმწიფო სასამართლოს] სისხლის სამართლისა და სააპელაციო დივიზიის ომის დანაშაულთა I სექციაში დანიშვნის შესახებ.
44. დანიშვნის შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საერთაშორისო მოსამართლეებმა ორი წელი უნდა იმსახურონ და უფლება აქვთ, მეორე ვადით დაინიშნონ კანონით დადგენილი წესით. საერთაშორისო მოსამართლეებს არა აქვთ უფლება, შეასრულონ ისეთი მოვალეობები, რომლებიც შეუთავსებელია მოსამართლის უფლებამოსილებასთან. [სახელმწიფო სასამართლოს შესახებ 2000 წლის კანონით] მოსამართლის მოვალეობასთან დაკავშირებით დადგენილი ყველა სხვა მოთხოვნა მაქსიმალურად ვრცელდება დანიშნულ საერთაშორისო მოსამართლეებზე. სამდივნოს საერთაშორისო სასამართლო გამწესრიგებელმა უმაღლეს წარმომადგენელს უნდა აცნობოს ნებისმიერი იმ მოვლენის შესახებ, რომელიც შეიძლება ხელს უშლიდეს მოსამართლეს თავისი მოვალეობების შესრულებაში. ამ მანდატის განმავლობაში მოსამართლემ [სახელმწიფო სასამართლოს] მიერ პროფრესიულ ქცევასთან დაკავშირებით დადგენილი ყველა სტანდარტი უნდა დაიცვას. დანიშნულმა საერთაშორისო მოსამართლემ თავისი მოვალეობები უნდა შეასრულოს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის კანონმდებლობის შესაბამისად და გადაწყვეტილებები მიიღოს თავისი ცოდნისა [და] უნარების საფუძველზე, კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობის გრძნობით და მიუკერძოებლად, განამტკიცებს რა კანონის უზენაესობას და იცავს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებულ ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
...
46. [სახელმწიფო სასამართლოს] იმ დივიზიების უფლებამოსილებები, რომლებშიც საერთაშორისო მოსამართლეები ინიშნებიან, უდავოდ, მოიცავს საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე გარკვეულ საკითხებს. ზენაციონალურად აღიარებული საერთაშორისო სისხლის სამართალი, რომელიც ნიურნბერგისა და ტოკიოს სამხედრო ტრიბუნალების, ჰააგის ტრიბუნალისა და რუანდის ტრიბუნალის პრეცედენტულ სამართლს ეყრდნობა, საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალებსაც მოიცავს. აქ, რა თქმა უნდა, ასევე მოიაზრება სიტუაცია, როცა საერთაშორისო მოსმართლეების გარკვეული რაოდენობა ეროვნულ სასამართლოებში ინიშნება. უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთაშორისო მოსამართლეები [სახელმწიფო სასამართლოში] დანიშნა გაეროს წესდების მე-7 თავის შესაბამისად გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციებისა და 2004 წლის 1 დეკემბრის შეთანხმების თანახმად სამდივნოს რეკომენდაციის – რომელსაც ხელს აწერდა ასევე სასამართლოსა და პროკურატურის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – მიხედვით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების შესაბამისად; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოსა და პროკურატურის უმაღლესი საბჭო, დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, დანიშნოს ეროვნული მოსამართლეები, ჩართული იყო დანიშვნის წინმსწრებ პროცედურაში.
47. საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ იმ კოლეგიის წევრი საერთაშორისო მოსამართლეები, რომელმაც სადავო ვერდიქტი მიიღო, დაინიშნენ იმგვარად და იმ პროცედურის დაცვით, რომელიც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმის სამართლიანი განხილვის შესახებ სტანდარტებს შეესაბამებოდა. ამასთან, [სახელმწიფო სასამართლოს შესახებ 2000 წლის კანონმა], 2004 წლის 1 დეკემბრის შეთანხმებამ და [მათი] დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებებმა შექმნა წინაპირობები და მექანიზმები, რომლებიც ჩარევისგან ან აღმასრულებელი ხელისუფლების თუ საერთაშორისო ორგანოების გავლენისგან ამ მოსამართლეების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ამგვარად დანიშნული მოსამართლეები ვალდებული არიან, დაიცვან და გამოიყენონ ყველა ის ნორმა, რომელიც, ჩვეულებრივ, სისხლის სამართლის ეროვნულ პროცესებზე გამოიყენება და რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. მათი უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია და ამ პერიოდის განმავლობაში მათი საქმიანობა კონტროლდება. მათი დანიშვნის მოტივაცია იყო გარდამავალ პერიოდში ეროვნული სასამართლოების დაფუძნებისა და განმტკიცების და ამ სასამართლოების ძალისხმევის მხარდაჭერის აუცილებლობა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისა და ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხისმგებლობის დადგენის საქმეში. ამგვარად, მისი მიზანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების განხორციელება. ის ფაქტი, რომ 2006 წლის 26 სექტემბრის შეთანხმებით დანიშვნის წესი შეიცვალა და საერთაშორისო მოსამართლეების დანიშვნაზე პასუხისმგებელი გახდა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სასამართლოსა და პროკურატურის უმაღლესი საბჭო, თავისთავად, არ ნიშნავს, რომ მათი თავდაპირველი დანიშვნა, სადავო ვერდიქტების მიღების პერიოდში მოქმედი წესით, ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით. საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა დამაჯერებელი არგუმენტები და მტკიცებულება საერთაშორისო მოსამართლეების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრეტენზიების გასამყარებლად. მიუთითებდა რა მოსამართლის ‘არასაკმარის გამოცდილებაზე’, მომჩივანი პრეტენზიას გამოთქვამდა ეროვნული მოსამართლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებითაც, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ ეს პრეტენზია prima facie დაუსაბუთებელია და უფრო დეტალურ განხილვას არ საჭიროებს. ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნის პრეტენზიები დამოუკიდებლობის არარსებობისა და იმ შესაბამისი სტანდარტების დარღვევის შესახებ, რომლებიც უკავშირდება საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის (ე) პუნქტისა და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, დაუსაბუთებელია.
...
60. მომჩივნის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი შეეხება განსახილველ სისხლის სამართლის პროცესსა და ევროპული კონვენციის მე-7 მუხლს შორის ურთიერთმიმართებას, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ, როგორც მომჩივანმა განაცხადა, მას სასჯელი განესაზღვრა [2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის] შესაბამისად და არა – [1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსისა], რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა და რომელიც უფრო ლმობიერ სანქციას ითვალისწინებდა.
...
65. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მომჩივანი აღიარებს, რომ განსახილველ დროს მოქმედი ნორმების თანახმად, ქმედება, რისთვისაც იგი იქნა მსჯავრდებული, ჩადენის მომენტში სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენდა. თუმცა, იგი გარკვევით აღნიშნავს მის საქმეში მატერიალური სამართლის გამოყენების შესახებ და, პირველ რიგში, ‘უფრო ლმობიერი სასჯელის’, ანუ ‘უფრო ლმობიერი კანონის’ გაგებას განიხილავს. იგი მიიჩნევს, რომ [1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსი], რომელიც მოქმედებდა იმ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს, რისთვისაც იგი იქნა მსჯავრდებული, და რომლის მიმართაც, inter alia, სასჯელის უმკაცრეს ფორმად სიკვდილით დასჯა იყო გათვალისწინებული, უფრო ლმობიერი კანონი იყო, ვიდრე – [2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსი], რომელიც განსახილველი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სასჯელის უმკაცრეს ფორმად ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
...
69. ამ კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ უბრალოდ შეუძლებელია ადრინდელი და შემდგომი კანონებით გამოყენებადი უფრო მკაცრი სანქციის ‘უგულებელყოფა’ და მხოლოდ სხვა, ‘უფრო ლმობიერი’ სანქციების გამოყენება, რის შედეგადაც ყველაზე სერიოზული დანაშაულები, პრაქტიკულად, არაადეკვატურად იქნება დასჯილი. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლო არ წარმოადგენს ამ ნორმების დეტალურ დასაბუთებას ან ანალიზს, არამედ ყურადღებას გაამახვილებს ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ვალდებულებების გამონაკლისებზე, რაც, როგორც ცნობილია, მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით რეგულირდება.
70. ამ სიტუაციაში საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი შეეხება ‘ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგად პრინციპებს’, ხოლო ბოსნიისა და ჰერცეგოვინის კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის (ბ) პუნქტი ადგენს, რომ ‘საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპები ბოსნიისა და ჰერცეგოვინისა და მისი ერთეულების სამართლის განუყოფელი ნაწილია.’ აქედან გამომდინარე, ეს პრინციპები ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში სამართლებრივი სისტემის განუყოფელი ნაწილია, მათი გამოყენების მარეგულირებელი კონვენციებისა და სხვა დოკუმენტების სპეციალური რატიფიკაციის გარეშეც, და, შესაბამისად, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა დევნის საერთაშორისო ტრიბუნალის 1993 წლის წესდებასაც მოიცავს.
71. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის კონსტიტუცია საერთაშორისო შეთანხმების ნაწილია და ეს ფაქტი, არ აკნინებს რა ამ კონსტიტუციის მნიშვნელობას, გარკვევით მიუთითებს საერთაშორისო სამართლის ადგილზე ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სამართლებრივ სისტემაში – მთელ რიგ საერთაშორისო კონვენციებს, მაგალითად, კონვენციას გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ (1948) და ჟენევის მეოთხე კონვენციას ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ (1949), ასევე – I-II დამატებით ოქმებს (1977), საკონსტიტუციო პრინციპების ტოლფასი სტატუსი აქვს და პირდაპირ გამოყენებადია ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში. უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი იუგოსლავია აღნიშნული კონვენციების ხელმომწერია და რომ ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულმა სუბიექტმა, რომელმაც 1992 წლის 6 მარტს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ყოფილი იუგოსლავიის მიერ რატიფიცირებული ყველა კონვეცნია მიიღო და, ამდენად, ზემოაღნიშნული კონვენციები შემდეგ მე-4 დამატებაში შევიდა, რაც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის კონსტიტუციაა.
72. ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის ფორმულირება მხოლოდ იმ შემთხვევებით შემოიფარგლება, რომლებშიც ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნობილი და სისხლის სამართლის დანაშაულში მსჯავრდებულია. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილი არ კრძალავს კანონმდებლობის რეტროსპექტულად გამოყენებას და არც non bis in idem პრინციპს მოიცავს. ამასთან, ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილი ვერ იქნება გამოყენებული იმგვარ შემთხვევებში, რასაც მოიცავს გაერთიანებული სამეფოს ომით გამოწვეული ზიანის შესახებ 1965 წლის კანონი, რითიც რეტროსპექტულად ცვლილება შევიდა ჩვეულებითი სამართლის წესში გარკვეულ საომარ ვითარებებში კერძო საკუთრებისთვის კომპენსაციების გაცემის შესახებ.
73. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილი ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს ‘ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით’. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, კონკრეტულად, მე-7 მუხლის ინტერპრეტაციის შესახებ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებულ მთელ რიგ ტექსტებშია მოცემული; ეს ტექსტები ეფუძნება ევროპული სასამართლოს პოზიციას, რომ მსჯავრდება, რომელიც ეროვნული კანონმდებლობის რეტროსპექტულად გამოყენების შედეგად მოხდა, არ წარმოადგენს ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას, როცა ეს მსჯავრდება ისეთ მოქმედებას ეფუძნება, რომელიც მისი ჩადენის მომენტში ‘საერთაშორისო სამართლის მიხედვით’ დანაშაულად ითვლებოდა. ეს პოზიცია განსაკუთრებით აქტუალურია წინამდებარე საქმეში და ანალოგიურ საქმეებთან მიმართებაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ საჩივრის მთავარი არგუმენტი, უპირატესად, საერთაშორისო სამართლის გამოყენებას უკავშირდება, ანუ, კონვენციას გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ (1948) და ჟენევის მეოთხე კონვენციას ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ (1949), ასევე – I-II დამატებით ოქმებს (1977), და არა – სისხლის სამართლის რომელიმე ტექსტის გამოყენებას, მათი შინაარსისა თუ გათვალისწინებული სანქციების მიუხედავად.
74. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეტროსპექტულად გამოყენებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული კონვენციის მე-7 მუხლი უშუალოდ II მსოფლიო ომის შემდეგ შემუშავდა კონკრეტული მიზნით, რომ მოეცვა ცივილიზებული ერების მიერ აღიარებული სამართლის ძირითადი პრინციპები, სადაც ‘ცივილიზებული ერების’ ცნება აღებული იყო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს („ICJ“) წესდების 38-ე მუხლიდან, რომლის პრეცედენტული სამართალიც, ჩვეულებრივ, საერთაშორისო სამართლის მესამე ოფიციალურ წყაროდაა აღიარებული. სხვაგვარად რომ ითქვას, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდება გამოყენებადია ICJ-ის წევრი სახელმწიფოების მიმართ, ხოლო მის მიერ დადგენილი წესები, რომლებიც მუნიციპალურ ხელისუფლებაზეც კი ვრცელდება, სამართლის წყაროდაა მიჩნეული. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდებაც და ევროპული კონვენციის მე-7 მუხლიც ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება და ეხება, ზოგადად, ‘ერებს’. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ მათი გამოყენების სტანდარტები განხილული უნდა იყოს ამ კონტექსტში და არა მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში.
75. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ travaux préparatoires ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის ფორმულირებას ეხება, რომელიც გათვლილია, ‘ცხადყოს ის, რომ მე-7 მუხლი არ ვრცელდება იმ კანონებზე, რომლებიც II მსოფლიო ომის შემდეგ გარკვეულ ვითარებაში იქნა მიღებული და მიზნად ისახავდა ომის დანაშაულის, ღალატისა და მოწინააღმდეგესთან კოლაბორაციის დასჯას და რომ მისი მიზანი არ იყო ამ კანონების მორალური ან სამართლებრივი გაკიცხვა’ (იხილეთ X ბელგიის წინააღმდეგ, №268/57, Yearbook 1 (1957); ... შეადარეთ დე ბექერი ბელგიის წინააღმდეგ, №214/56, Yearbook 2 (1958)). სინამდვილეში, ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის ფორმულირება არ არის შემზღუდველი და განმარტებული უნდა იქნას დინამიკურად, როგორც იმ ქმედებების მომცველი, რომლებიც გულისხობს ამორალურ ქცევას და რაც, ჩვეულებრივ, ეროვნული კანონმდებლობების მიხედვით დანაშაულად არის აღიარებული. ზემოთქმულის გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფოს ომის დანაშაულთა შესახებ 1991 წლის კანონი გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებს ანიჭებს რეტროსპექტულ იურისდიქციას კანონის გარკვეულ მძიმე დარღვევებთან მიმართებაში, როგორიცაა, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩადენილი განზრახ მკვლელობა, მკვლელობა, ან სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
76. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ყოველივე ზემოთქმული ამტკიცებს, რომ სამართალწარმოების უნივერსალური იურისდიქციის გათვალისწინებით, ომის დანაშაულები ‘საერთაშორისო სამართლის დანაშაულებია’, ხოლო ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლ ნაწილთან შეუსაბამო არ იქნებოდა ამგვარ დანაშაულებში მსჯავრდება იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც გარკვეული ქმედებები მოგვიანებით განისაზღვრა და დადგინდა, როგორც დანაშაულებრივი; ამავე კანონმდებლობით, სისხლის სამართლის სანქციები დადგინდა იმ შემთხვევაში, როცა ჩადენის დროს მოქმედი კანონმდებლობით განსახილველი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს არ წარმოადგენდა. 2000 წლის 4 მაისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე ნალეტილიჩი ხორვატიის რესპუბლიკის წინააღმდეგ (№51891/99). ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივანი ყოფილი იუგოსლავიის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურორის მიერ ბრალდებული იქნა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე ჩადენილ ომის დანაშაულებში და რომ მისი საჩივრები წინამდებარე საქმეში მომჩივნის მიერ წარდგენილი საჩივრების იდენტური იყო, ანუ, ისიც ‘უფრო ლმობიერი კანონის’ გამოყენებას მოითხოვდა. იგი ამტკიცებდა, რომ ხორვატიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსი სისხლის სამართლის უფრო ლმობიერ სანქციას ითვალისწინებდა, ვიდრე ყოფილი იუგოსლავიის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის წესდება და მოითხოვდა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის გამოყენებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განიხილა მე-7 მუხლის გამოყენების საკითხი და აღნიშნა შემდეგი: ‘რაც შეეხება მომჩივნის მტკიცებას, რომ ICTY მას უფრო მკაცრ სასჯელს განუსაზღვრავდა, ვიდრე ეროვნული სასამართლოები, ამ უკანასკნელს რომ თავისი იურისდიქცია განეხორციელებინა მომჩივნის საქმის განსახილველად, სასამართლოს აზრით, კონვენციის მე-7 მუხლი წინამდებარე საქმეში რომც იყოს გამოყენებადი, კონკრეტული დებულება, რომელიც მის მიმართ შეიძლება გამოყენებადი ყოფილიყო, იქნებოდა კონვენციის მე-7 მუხლის მე-2, და არა – 1-ლი, ნაწილი. ეს ნიშნავს იმას, რომ მომჩივნის მიერ მითითებული კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის მეორე წინადადება ვერ იქნებოდა გამოყენებული. აქედან გამომდინარე, ეს საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია ... და, ამდენად, უარიყოფილი უნდა იყოს ...’
77. დასასრულ, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნიურნბერგისა და ტოკიოს ომის დანაშაულთა პროცესები II მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 და 1946 წლებში გაიმართა იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც მხოლოდ შემდგომში, ანუ ჟენევის კონვენციის მიერ, განისაზღვრა, როგორც ქმედებები, რომლებიც წარმოადგენდა ომის დანაშაულს, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, გენოციდის დანაშაულს და ა.შ. აგრესიულ ომს ეწოდა ‘საერთაშორისო დანაშაული’, როგორც ამას ადასტურებს საერთაშორისო სამართლის კომისია 1957 წლის წელიწდეულის მე-2 ტომში. იმ პერიოდშივე გაიმართა დისკუსიები nullum crimen nulla poena sine lege პრინციპთან დაკავშირებით. იგივე შეიძლება ითქვას ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა დევნის საერთაშორისო ტრიბუნალის 1993 წლის წესდებასთან დაკავშირებით.
78. სრულიად ნათელია, რომ ჟენევის კონვენციის ან შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ცნება ძალიან მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის უფლებათა დაცვის ცნებას, რადგან ადამიანის უფლებები და მასთან დაკავშირებული კონვენციები ეხება სიცოცხლის უფლებას, ფიზიკური და ემოციური ხელშეუხებლობის უფლებას, მონობისა და წამების აკრძალვას, დისკრიმინაციის აკრძალვას და ა.შ. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, როგორც ჩანს, მსხვერპლთა დაცვის არარსებობა, ანუ, დანაშაულის ჩამდენთათვის არაადეკვატური სანქციები, შეუთავსებელია ევროპული კონვენციის მე-7 მუხლით დადგენილი სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპთან, რომლის მე-2 ნაწილი გამონაკლისს უშვებს იმ წესიდან, რომელიც ამავე მუხლის 1-ლ ნაწილშია მოცემული.
79. ზემოთქმულის ფონზე და [2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის] მე-4ა მუხლის ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლ ნაწილთან მიმართებაში გამოყენების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე საქმეში [2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის] გამოყენება [სახელმწიფო სასამართლოში] წარმართულ პროცესზე ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევას არ წარმოადგენს.”
16. ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე მატო ტადიჩის განსხვავებული მოსაზრება, რომლის შესაბამის ნაწილში აღნიშნულია შემდეგი:
“ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ოფიციალური ბიულეტენი №60/50), ჩემ განსხვავებულ მოსაზრებას ცალკე წარმოგიდგენთ, რომლითაც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უმრავლების აზრს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში არ ვეთანხმები შემდეგი მიზეზების გამო:
...
ჩემი აზრით, ეროვნულ სასამართლოებში უნდა გამოიყენებოდეს უფრო ლმობიერი კანონი, ანუ, კანონი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა. იოლი არ არის პასუხის პოვნა იმაზე, თუ რომელი კანონია უფრო ლმობიერი. ეს სამართლებრივი საკითხი იმაზე გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თეორიასა და პრაქტიკაში შემუშავებული დაახლოებით ათი კრიტერიუმის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ წინამდებარე შემთხვევაში დადგენილი სასჯელი მთავარი ფაქტორია იმის განსასაზღვრად, თუ რომელი კანონია უფრო ლმობიერი. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის იგივე დანაშაული არსებობდა ([1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსის] 142-ე მუხლი) ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რომელიც ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ, მისი 1992 წლის დეკრეტის თანახმად, მემკვიდრეობით მიიღო და რომელიც ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა მაშინ, როცა წინამდებარე საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის ახალი კანონმდებლობა ([2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის] 173-ე მუხლი) ათი წლის ან ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მთავრი კითხვაა, რომელი კანონია უფრო ლმობიერი. ერთი შეხედვით [2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსი] უფრო ლმობიერია, რადგან იგი სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 1994 წელს ვაშინგტონის შეთანხმებისა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციის კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ სიკვდილით დასჯა გაუქმდა, რაც 1995 წლიდან ბოსნიისა და ჰერცეგოვინის კონსტიტუციითაც დამტკიცდა, ასევე იმის გათვალსწინებით, რომ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, მის ერთეულებსა და ბრჩკოს რაიონში საერთო სასამართლოების (ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციის უზენაესი სასამართლო, სერბული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო და ბრჩკოს რაიონის სააპელაციო სასამართლო) პოზიცია იყო, რომ სიკვდილით დასჯა არ უნდა გამოეყენებინათ (ეს პოზიცია დაიკავა ასევე ადამიანის უფლებათა პალატამ საქმეზე დამიანოვიჩი და ჰერაკი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციის წინააღმდეგ), გამოდის, რომ 1992 წლის კანონი უფრო ლმობიერი იყო. ზემოხსენებულ სასამართლოთა პოზიციებისა და კანონმდებლობის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა, რაც სისხლის სამართლის ამ დანაშაულისთვის შეიძლება განისაზღვროს, 20 წელია.
ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითება წინამდებარე საქმეში არარელევანტურია. ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მთავარი ამოცანაა, ჟენევის კონვენციების დარღვევების გამო სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი შეუქმნას იმ საერთაშორისო ორგანოებს, რომლებიც ამგვარი შემთხვევების განსახილველადაა დაფუძნებული, მაგალითად, სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალებს ყოფილი იუგოსლავიისა და რუანდის შესახებ; ასევე სამართლებრივი საფუძველი შექმნას ეროვნულ სასამართლოებში განსახილველი საქმეებისთვის, როცა განსახილველი ქმედებები ეროვნულ კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ის შემთხვევაა, როცა კანონმდებლობა არ მოიცავს ყველა იმ ელემენტს, რაც აღნიშნულ დანაშაულებს ახასიათებს, როგორც ეს ჟენევის კონვენციებშია მითითებული. წინამდებარე შემთხევაში ეს საკითხი არ წამოიჭრება. სისხლის სამართლის განსახილველი დანაშაული ეროვნულ კანონმდებლობაში არსებობდა, როგორც მისი ჩადენის, ისე სასამართლო პროცესის დროს, და, ამდენად, სისხლის სამართლის ყველა მექანიზმი და კონსტიტუციით დაცული უფლებები, მათ შორის, ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები, თანმიმდევრულად უნდა იქნას გამოყენებული. ნალეტილიჩის საქმე აქ არარელევანტურია, რადგან იგი ეხებოდა საერთაშორისო პროკურორს, ვინც [მომჩივანს] ბრალი წაუყენა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, რომელიც სპეციალურად შეიქმნა და აღიჭურვა გაეროს რეზოლუციითა და წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილებებით; იგი არ იყენებს ეროვნულ კანონმდებლობას, არამედ – საკუთარ პროცედურებსა და სანქციებს/სასჯელებს. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ამ სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ უწყებას ბრალდებულ პირთა ძალიან მცირე რიცხვი დაემორჩილებოდა. ამგვარად, ჩემი აზრით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიცია ნალეტილიჩის საქმეზე აბსოლუტურად სწორი იყო, მაგრამ წინამდებარე შემთხვევაში ეს მიდგომა არ შეიძლება იქნას გამოყენებული.
ვფიქრობ, საერთაშორისო სასამართლოზე ხშირი მინიშნება, როგორიცაა მინიშნება მის იურისდიქციაზე და ა.შ., აბსოლუტურად არასაჭიროა, რადგან აქ, უბრალოდ, საქმე ეხება ეროვნულ სასამართლოს, რომელიც პროცესს წარმართავს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და არ მოიცავს საქმეს, რომელიც საერთაშორისო ტრიბუნალს გადაეცა.
გადაწყვეტილება საქმეზე ნალეტილიჩი მეტწილად ეხება ისტორიას (ნიურნბერგი, ტოკიო) და, ზოგადად, საერთაშორისო ასპექტს, რომელიც წინამდებარე საქმეში სრულებით ზედმეტია, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა სისხლის სამართლის ამ დანაშაულს მოიცავდა და სანქციასაც ითვალისწინებდა მისი ჩადენის დროს, ნიურნბერგის შემთხვევისგან განსხვავებით. გარდა ამისა, მომჩივანი ზემოხსენებულს ეჭვქვეშ არ აყენებს. ფაქტია, თავად მომჩივანმა აღნიშნა, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში ინკრიმინირებული მოქმედებები კოდიფიცირებული იყო სისხლის სამართლის დანაშაულად და სანქციასაც ითვალისწინებდა და მომჩივანი მხოლოდ მის გამოყენებას ითხოვდა. მან ასევე განაცხადა, რომ [2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის] ნაცვლად მემკვიდრეობით მიღებული [1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსის] 142-ე მუხლის გამოუყენებლობის გამო დაირღვა კონსტიტუცია და ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილი.
მოკლედ რომ მოგახსენოთ, გავიხსენებ ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ბ-ნი ანტონიო კასეზეს მოსაზრებას, ვინც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის თავმჯდომარედ დაინიშნა. 2003 წლის დოკუმენტში სახელწოდებით ‘ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სისხლის სამართლის ახალი კოდექსის ზოგიერთი დებულების უკუძალით გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მოსაზრება’, პროფესორმა კასეზემ შემდეგი დასკვნა გამოიტანა: ‘დასასრულ, განვიხილოთ საკითხი იმის შესახებ, უნდა გამოიყენოს თუ არა [სახელმწიფო სასამართლომ] უფრო ლმობიერი სანქცია ისეთი დანაშაულის შემთხვევაში, რომლისთვისაც სისხლის სამართლის ახალი კოდექსი ადრინდელ კანონზე უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. ამ კითხვაზე მხოლოდ დადებითი პასუხი შეიძლება არსებობდეს. ეს დასკვნა ორ სამართლებრივ საფუძველს ემყარება: პირველი, არსებობს საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, თუ ერთ დანაშაულს ითვალისწინებს განსხვავებულ დროს მოქმედი ორი დებულება, რომელთაგან ერთი ნაკლებად მკაცრ სასჯელს აწესებს, ეს სასჯელი უნდა განისაზღვროს favor libertatis პრინციპის მიხედვით; მეორე, ეს პრინციპი ცხადადაა ნახსენები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლ ნაწილში, სადაც აღნიშნულია, რომ არავის შეიძლება შეეფარდოს იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე სასჯელი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს გამოიყენებოდა. შესაბამისად, [სახელმწიფო სასამართლომ] ყოველთვის უნდა გამოიყენოს უფრო ლმობიერი სასჯელი, როცა ძველი და ახალი სისხლისსამართლებრივი დებულებიბის შედარებისას სასჯელთა ვადები განსხვავდება ერთმანეთისგან. ცხადია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის უკუძალით გამოყენება უკავშირდება მხოლოდ სასჯელს და არა – ამ მუხლის სხვა ელემენტებს.’
...
ზემოხსენებული მიზეზების გამო არ შემიძლია, სრულად დავეთანხმო უმრავლესობის მოსაზრებას, რომელიც ამ გადაწყვეტილებაშია წარმოდგენილი.”
17. 2009 წლის 12 ივნისს მომჩივანი სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა და მალევე დატოვა ქვეყანა.
გ. ბ-ნი დამიანოვიჩთან დაკავშირებული ფაქტები
18. ბ-ნი დამიანოვიჩი 1966 წელს დაიბადა. იგი ჯერ ისევ სასჯელს იხდის ფოჩას ციხეში.
19. 1992 წლის 2 ივნისს, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ომის მიმდინარეობისას, იგი მთავარი მონაწილე იყო სარაევოში დაჭერილი ბოსნიაკების ცემის – ინციდენტის, რომელიც ერთიდან სამ საათამდე გაგრძელდა და შაშხანებით, ხელკეტებით, ბოთლებით, მუშტებითა და წიხლებით ცემას მოიცავდა. ცემით დაზარალებული შემდეგ ინტერნირებულთა ბანაკში გადაიყვანეს.
20. 2005 წლის 17 ოქტომბერს სახელმწიფო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების განმხილველმა პალატამ გადაწყვიტა, საქმის სენსიტიურობისა (საქმე ეხებოდა მრავალი მსხვერპლის წამებას) და სახელმწიფო სასამართლოში მოწმეთა დაცვისთვის ხელმისაწვდომი უკეთესი შესაძლებლობების გათვალისწინებით (მოწმეზე ზეწოლის უფრო დიდი რისკი არსებობდა ერთეულის დონეზე), ეს საქმე გადაებარებინა სარაევოს საოლქო სასამართლოდან, სადაც იგი წლების განმავლობაში იხილებოდა. იგი დაეყრდნო ქვემოთ, მე-40 პარაგრაფში მოცემულ კრიტერიუმებსა და 2003 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 499-ე მუხლს.
21. 2006 წლის 26 აპრილს მომჩივანი დააკავეს.
22. 2007 წლის 18 ივნისს სახელმწიფო სასამართლოს პირველი ინსტანციის პალატამ იგი დამნაშავედ ცნო წამებაში, როგორც ომის დანაშაულში, და ამ დანაშაულისთვის თერთმეტი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა 2007 წლის 19 ნოემბერს. მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება მომჩივანს 2007 წლის 21 დეკემბერს ჩაბარდა.
23. 2008 წლის 20 თებერვალს მომჩივანმა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა, თუმცა იგი, როგორც დაგვიანებული, უარყოფილი იქნა 2009 წლის 15 აპრილს.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა და შესაბამისი საერთაშორისო მასალები
ა. ომის დანაშაულის შემთხვევებში გამოყენებადი სამართლის მატერიალური ნორმები
1. ზოგადი პრინციპები
24. 2003 წლის 24 იანვარს უმაღლესი წარმომადგენლის სამსახურმა, მისი საგანგებო უფლებამოსილებების შესაბამისად[8], 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსი აამოქმედა. კოდექსი 2003 წლის 1 მარტს შევიდა ძალაში. შემდეგ იგი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა[9]. ამ კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, დაუშვებელია, სასჯელი ან სისხლის სამართლის სხვა სანქცია დაეკისროს პირს იმ ქმედებისთვის, რომელიც ჩადენის დროს არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით და რომლისთვისაც არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული სასჯელი. გარდა ამისა, ამ კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, დამნაშავეზე ვრცელდება დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი კანონი; თუმცა, თუ კანონში დანაშაულის ჩადენის შემდეგ ცვლილება შევიდა, უნდა გამოიყენებოდეს ის კანონი, რომელიც დამნაშავის მიმართ უფრო ლმობიერია. 2005 წლის იანვარში 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მე-4ა მუხლი. კონვენციის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მსგავსად, იგი ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლების დებულებები ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს სასამართლო პროცესსა და სასჯელს ნებისმიერი პირის ნებისმიერი იმ მოქმედებისა თუ უმოქმდობისთვის, რომელიც მისი ჩადენის მომენტში დანაშაულს წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების მიხედვით.
25. ამ პრინციპების შესაბამისად, ეროვნული სასამართლოები ომის დანაშაულთან დაკავშირებულ საქმეებში იყენებდნენ ან 1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსს[10], ან, თუ მიიჩნეოდა, რომ დამნაშავის მიმართ უფრო ლმობიერი იყო, 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსს. რადგან ერთეულების შუალედური კოდექსები (ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციის 1998 წლის სისხლის სამართლის კოდექსი[11] და სერბული რესპუბლიკის 2000 წლის სისხლის სამართლის კოდექსი[12]) იშვიათად გამოიყენებოდა ასეთ შემთხვევებში, ისინი არარელევანტურია წინამდებარე მომჩივნებისთვის.
2. 1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსი
26. ომის დროს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში 1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსი მოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით. იგი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციაში ძალაში დარჩა 1998 წლამდე, ხოლო სერბულ რესპუბლიკაში – 2000 წლამდე (როცა იგი გაუქმდა და შეიცვალა ზემოთ, 25-ე პარაგრაფში ნახსენები ერთეულების კოდექსებით). ამ კოდექსის მიხედვით ომის დანაშაულები ისჯებოდა 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ან, უფრო მძიმე შემთხვევებში, სიკვდილით; სიკვდილით დასჯის ნაცვლად შეიძლებოდა ასევე 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება (იხილეთ ამ კოდექსის 37-ე, 38-ე და 142-ე მუხლები). ომის დანაშაულში დამხმარეები და თანამონაწილეები (როგორიცაა ბ-ნი მაკტუფი) ისჯებოდნენ ისე, როგორც ომის დანაშაულის უშუალო ჩამდენები, თუმცა შეიძლებოდა მათი სასჯელი შემცირებულიყო და შეედგინა ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა (ამავე კოდექსის 24-ე, 42-ე და 43-ე მუხლები). შესაბამის მუხლებში აღნიშნულია შემდეგი:
მუხლი 24 § 1
“პირი, ვინც განზახ ეხმარება სხვა პირს დანაშაულის ჩადენაში, ისჯება ისე, როგორც დანაშაულის უშუალო ჩამდენი, თუმცა ასევე შესაძლებელია სასჯელის შემცირება.”
მუხლი 37 § 2
“სიკვდილით დასჯა შეიძლება იყოს გამოყენებული მხოლოდ ძალიან მძიმე დანაშაულისთვის, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევეში.”
მუხლი 38 §§ 1 და 2
“დაუშვებელია თავისუფლების აღკვეთა 15 დღეზე ნაკლები ან 15 წელზე მეტი ვადით.
სასამართლოს შეუძლია, 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენოს სისხლის სამართლის იმგვარი დანაშაულისთვის, რისთვისაც გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა.”
მუხლი 42
“სასამართლოს შეუძლია, კანონით დადგენილ ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან უფრო მსუბუქი ტიპის სასჯელის შეფარდება:
(ა) როცა კანონით გათვალისწინებულია, რომ სასჯელი შეიძლება შემცირდეს [როგორც ამ კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია];
(ბ) როცა იგი ადგენს, რომ არსებობს ისეთი შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ დასჯის მიზნების მიღწევა ნაკლები სასჯელითაც შეიძლება.”
მუხლი 43 § 1
“როცა ამ კოდექსის 42-ე მუხლში აღნიშნული სასჯელის შემცირების პირობები არსებობს, სასამართლომ სასჯელი უნდა შეამციროს შემდეგ ფარგლებში:
(ა) თუ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მინიმალურ სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამი ან მეტი წლის ვადით, იგი შეიძლება შემცირდეს პატიმრობით ერთი წლის ვადით;
...”
მუხლი 142 § 1
“ნებისმიერი პირი, ვინც ომის, შეიარაღებული კონფლიქტის ან ოკუპაციის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმების დაღვევით ... წამების, ... მძევლების აყვანის ... ბრძანებას გასცემს ან ამას თავად ჩადის, ... ისჯება თავისუფლების აღკვეთით მინიმუმ ხუთი წლის ვადით, ან – სიკვდილით.”
27. 1995 წლის 14 დეკემბერს დეიტონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ სიკვდილით დასჯის გამოყენება შეუძლებელი იყო. კერძოდ, ამ ხელშეკრულების მე-4 და მე-6 დანართების თანახმად, ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ და მისმა ერთეულებმა უნდა დაიცვან მათ იურისდიქციაში მყოფი ყველა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც კონვენციასა და მის ოქმებში (მათ შორის, მე-6 ოქმი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ) და ადამიანის უფლებათა შესახებ იქ მითითებულ სხვა შეთანხმებებშია (მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატური ოქმი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ) გათვალისწინებული. ეროვნული ხელისუფლებები ამ დებულებებს ყოველთვის იგებდნენ ისე, რომ დაუშვებელი იყო პირისთვის სიკვდილის მისჯა ან მისი აღსრულება მშვიდობიან პერიოდში, თუნდაც 1992-95 წლების ომის დროს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით[13].
3. 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსი
28. 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ომის დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ვადით ან, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი, 20-დან 45 წლამდე, ვადით (კოდექსის 42-ე და 173-ე მუხლები). ომის დანაშაულში დამხმარეები და თანამონაწილეები (როგორიცაა ბ-ნი მაკტუფი) ისჯებიან ისე, როგორც ომის დანაშაულის უშუალო ჩამდენები, თუმცა შეიძლება მათი სასჯელი შემცირდეს და შეადგინოს ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა (ამავე კოდექსის 31-ე, 49-ე და 50-ე მუხლები). შესაბამის მუხლებში აღნიშნულია შემდეგი:
მუხლი 31 § 1
“პირი, ვინც განზახ ეხმარება სხვა პირს დანაშაულის ჩადენაში, ისჯება ისე, როგორც დანაშაულის უშუალო ჩამდენი, თუმცა ასევე შესაძლებელია სასჯელის შემცირება.”
მუხლი 42 §§ 1 და 2
“დაუშვებელია თავისუფლების აღკვეთა 30 დღეზე ნაკლები ან 20 წელზე მეტი ვადით.
გამონაკლისის სახით მხოლოდ განზრახ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის შეიძლება განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20-დან 45 წლამდე ვადით (ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა).”
მუხლი 49
“სასამართლოს შეუძლია კანონით დადგენილ ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან უფრო მსუბუქი ტიპის სასჯელის შეფარდება:
(ა) როცა კანონით გათვალისწინებულია, რომ სასჯელი შეიძლება შემცირდეს [როგორც ამ კოდექსის 31-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია];
(ბ) როცა იგი ადგენს, რომ არსებობს ისეთი შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ დასჯის მიზნების მიღწევა უფრო მსუბუქი სასჯელითაც შეიძლება.”
მუხლი 50 § 1
“როცა ამ კოდექსის 49-ე მუხლში აღნიშნული სასჯელის შემცირების პირობები არსებობს, სასამართლომ სასჯელი უნდა შეამციროს შემდეგ ფარგლებში:
(ა) თუ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მინიმალურ სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ათი ან მეტი წლის ვადით, იგი შეიძლება შემცირდეს პატიმრობით ხუთი წლის ვადით;
...”
მუხლი 173 § 1
“ნებისმიერი პირი, ვინც ომის, შეიარაღებული კონფლიქტის ან ოკუპაციის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმების დაღვევით ... წამების, ... მძევლების აყვანის ... ბრძანებას გასცემს ან ამას თავად ჩადის, ... ისჯება თავისუფლების აღკვეთით მინიმუმ ათი წლის, ან ხანგრძლივი, ვადით.”
4. სასჯელის განსაზღვრის პრაქტიკა
29. ზემოთ, 24-ე პარაგრაფში ჩამოთვლილი პრინციპები ომის დანაშაულის შემთხვევებში ერთეულთა სასამართლოებმა და სახელმწიფო სასამართლომ სხვადასხვაგვარად განმარტეს. რამდენიმე გამონაკლისის გარდა[14], ერთეულთა სასამართლოები, ჩვეულებრივ, 1976 წლის კოდექსს იყენებენ. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო სასამართლომ თავდაპირველად დაადგინა, რომ 2003 წლის კოდექსი უფრო ლმობიერი იყო და ყველა შემთხვევაში მას იყენებდა. თუმცა, 2009 წლის მარტში სახელმწიფო სასამართლომ ახალი მიდგომის გამოყენება დაიწყო, რაც გულისხმობდა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაედგინათ, თუ რომელი კოდექსი იყო უფრო ლმობიერი დამნაშავის მიმართ[15]. მას შემდეგ იგი 1976 წლის კოდექსს იყენებდა ომის დანაშაულის ნაკლებად სერიოზულ შემთხვევებში[16]. ამავე დროს, იგი აგრძელებდა 2003 წლის კოდექსის გამოყენებას ომის დანაშაულის უფრო მძიმე შემთხვევებში, რომლებიც 1976 წლის კოდექსის მიხედვით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა[17], ასევე, როცა დაადგენდა, რომ 2003 წლის კოდექსი, ამა თუ იმ მიზეზის გამო, უფრო ლმობიერი იყო დამანაშავის მიმართ[18]. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი მიდგომა ეხება მხოლოდ სახელმწიფო სასამართლოს სააპელაციო პალატებს; სახელმწიფო სასამართლოს პირველი ინსტანციის პალატები აგრძელებდნენ 2003 წლის კოდექსის გამოყენებას ომის დანაშაულის ყველა შემთხვევაში. მთავრობის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 63), 2009 წლის მარტიდან, როცა ეს ახალი მიდგომა პირველად გამოიყენეს, 2012 წლის ნოემბრამდე პერიოდში სააპელაციო პალატებმა ომის დანაშაულის საქმეებზე 21 გადაწყვტილება გამოიტანეს. მათგან ხუთ საქმეზე 1976 წლის კოდექსი გამოიყენეს, ხოლო 16 საქმეზე - 2003 წლის კოდექსი. თუმცა სააპელაციო პალატის მიერ 1976 წლის კოდექსის გამოყენება ყოველთვის სასჯელის შემცირებას არ გულისხმობდა (ორ შემთხვევაში[19] სააპელაციო პალატამ იგივე სასჯელი განსაზღვრა 1976 წლის კოდექსით, რაც პირველი ინსტანციის პალატამ – 2003 წლის კოდექსით; ერთ შემთხვევაში[20] სააპელაციო პალატის მიერ 1976 წლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელი უფრო მკაცრიც კი იყო, ვიდრე პირველი ინსტანციის პალატის მიერ 2003 წლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელი).
5. ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებები
30. ერთი შეხედვით, ომის დანაშაულის საქმეებში სისხლის სამართლის სხვადასხვა კოდექსების გამოყენება, როგორც წინა პარაგრაფებში იყო აღწერილი, სასჯელის განსაზღვრის განსხვავებულ პრაქტიკაზე მიუთითებს. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის („ეუთო“) მიერ 2008 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის („ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სასამართლოებში ომის დანაშაულის საქმეებში გამოყენებადი სამართლის ჰარმონიული გამოყენება“) მიხედვით, ერთეულთა სასამართლოები, ჩვეულებრივ, უფრო მსუბუქ სასჯელს უფარდებნენ, ვიდრე სახელმწიფო სასამართლო. ამ ანგარიშის შესაბამის ნაწილში აღნიშნულია შემდეგი:
“სისხლის სამართლის სხვადასხვა კოდექსების გამოყენება იწვევს სახელმწიფო და ერთეულთა სასამართლოების მიერ ომის დანაშაულთათვის აშკარად განსხვავებული სასჯელების შეფარდებას. ამის მიზეზია სასჯელთა ფართო ვარიაციები, რაც ამ კოდექსებითაა გათვალისწინებული. მაგალითად, ერთეულის სასამართლომ ბრალდებულს, ვინც პატიმართა მიმართ სასტიკ მოპყრობაში იქნა მსჯავრდებული, ერთი წლისა და რვა თვის ვადით თავისუფების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო სახელმწიფო სასამართლომ მსგავს ქმედებაში ბრალდებულს ათი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. [სახელმწიფო სასამართლოს] მიერ შეფარდებული სასჯელები, თავისი ხანგრძლივობით, საშუალოდ, ორჯერ აღემატებოდა ერთეულთა სასამართლოების მიერ განსაზღვრულ სასჯელებს.”
31. 2011 წლის ანგარიშში („მართლმსაჯულების განხორციელება ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში“) ეუთომ დაადგინა, რომ სახელმწიფო და ერთეულთა დონეზე სისხლის სამართლის სხვადასხვა კოდექსების გამოყენება პრობლემატური შეიძლება ყოფილიყო ომის დანაშაულთა გარკვეული ტიპის შემთხვევებში. ამ ანგარიშის შესაბამის ნაწილში აღნიშნულია შემდეგი:
“რა თქმა უნდა, მისაღებია, რომ ის, თუ რომელი კოდექსი უნდა იქნას გამოყენებული ომის დანაშაულის საქმეებში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება. ერთეულთა სასამართლოებში ბევრ შემთხვევაში [1976 წლის] კოდექსის გამოყენება პრაქტიკაში სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგადად, შემთხვევები, როცა სხვადასხვა კოდექსების გამოყენებით კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი ირღვევა, ისინია, რომლებშიც სასამართლოს [2003 წლის] კოდექსის გამოყენებით შეეძლო, [1976 წლის] კოდექსით გათვალისწინებულ მაქსიმალურ სასჯელზე – 15 ან 20 წლიან პატიმრობაზე – უფრო მკაცრი სასჯელი შეეფარდებინა ბრალდებულისთვის. ასეთ შემთხვევებში [1976 წლის] კოდექსის გამოყენება სასამართლოს, შესაძლოა, არ აძლევს საშუალებას, დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელი განსაზღვროს. ასეთ შემთხვევებში განსაზღვრული სასჯელები არც პრაქტიკასთანაა ჰარმონიზებული სახელმწიფო დონეზე. მეორე კატეგორიის შემთხვევები, სადაც [1976 წლის] კოდექსის გამოყენება პრობლემატურია, ისინია, რომლებშიც ბრალდებულის ქცევას, შესაძლოა, ყველაზე უკეთ აღწერს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ცნება ან ზემდგომის პასუხისმგებლობის თეორია, რომელიც მკაფიოდ მხოლოდ [2003 წლის] კოდექსითაა დადგენილი.”
32. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 2012 წელს თავის „დასკვნით მოსაზრებებში“ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაზე (CCPR/C/BIH/CO/1) ანალოგიური შეშფოთება გამოხატა (§ 7):
“მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტი დადებითად აფასებს ომის დანაშაულთან ბრძოლის ძალისხმევას, როგორიცაა ომის დანაშაულის წინააღმდეგ შემუშავებული ეროვნული სტრატეგიის განხორციელება, იგი კვლავ შეშფოთებას გამოხატავს სამართლებრივი დევნის ნელი ტემპის გამო, კერძოდ, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებში, ასევე - ამგვარი დანაშაულების მსხვერპლთა მხარდაჭერის არარსებობის გამო. კომიტეტი ასევე შეშფოთებულია, რომ ომის დანაშაულთან დაკავშირებით ერთეულებს შორის სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაციის მცდელობა არ არსებობს და რომ ერთეულთა დონეზე სასამართლოები იყენებენ ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტური ფედერალური რესპუბლიკის (ისფრ) სისხლის სამართლის ძველ კოდექსს, რომელშიც, inter alia, არ არის განსაზღვრული კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები, ზემდგომის პასუხისმგებლობა, სქესობრივი დამონება და იძულებითი ორსულობა. კომიტეტი შეშფოთებულია, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ერთეულთა შორის სასჯელთა განსაზღვრის თანმიმდევრულობაზე (მუხლი 2 და მუხლი 14). მონაწილე სახელმწიფომ უნდა დააჩქაროს ომის დანაშაულთა სამართლებრივი დევნა. მონაწილე სახელმწიფომ ასევე უნდა გააგრძელოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ადეკვატური ფსიქოლოგიური დახმარება, განსაკუთრებით, სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს. გარდა ამისა, მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ყველა ერთეულის სასამართლო ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშუროს ომის დანაშაულთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაციისთვის და ის, რომ ომის დანაშაულში ბრალდება არ იქნას წაყენებული ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის ძველი კოდექსით, რომელშიც გარკვეული დანაშაულები არ არის აღიარებული, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული.”
33. ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში სამართლებრივი სარწმუნოობისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შესახებ 2012 წლის 18 ივნისს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში (№648/2011) ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე სამართლებრივი სისტემის არსებობამ და სასამართლო ხელისუფლების ფრაგმენტაციამ ბოსნიისა და ჰერცეგოვინისთვის გაართულა, inter alia, კანონმდებლობასა და პრეცედენტულ სამართალში თანმიმდევრულობის მოთხოვნების შესრულება.
ბ. სახელმწიფო სასამართლო
34. უმაღლესი წარმომადგენლის სამსახურმა, მისი საგანგებო უფლებამოსილებების შესაბამისად, 2000 წლის 12 ნოემბერს მიიღო სახელმწიფო სასამართლოს შესახებ 2000 წლის კანონი,[21] რომლითაც შეიქმნა სახელმწიფო სასამართლო. ეს კანონი 2000 წლის 8 დეკემბერს შევიდა ძალაში. შემდეგ იგი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა.
35. ზემოთ, მე-9 პარაგრაფში ნახსენები ICTY-ის საქმიანობის დასრულების სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო სასამართლოში 2005 წლის დასაწყისში შეიქმნა ომის დანაშაულთა პალატები. გარდამავალ პერიოდში, რომელიც 2012 წლის 31 დეკემბერს დასრულდა, ამ პალატების შემადგენლობაში ზოგიერთი საერთაშორისო მოსამართლე შედიოდა. თავდაპირველად მათ ნიშნავდა უმაღლესი წარმომადგენლის სამსახური, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხელისუფლებასთან 2004 წელს დადებული შეთანხმების შესაბამისად[22]. ამ მოსამართლეებს ორწლიანი, განახლებადი მანდატი ჰქონდათ. საერთაშორისო მოსამართლის დანიშვნის შესახებ ტიპური გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილში აღნიშნულია შემდეგი:
“...
მხედველობაში იღებს რა 2005 წლის 22 აპრილის ერთობლივ რეკომენდაციას საერთაშორისო მოსამართლის დანიშვნის შესახებ, რომელიც ხელმოწერილი იყო [სახელმწიფო სასამართლოს] სისხლის სამართლისა და სააპელაციო დივიზიების ომის დანაშაულთა შესახებ I სექციისა და ორგანიზებული დანაშაულის, ეკონომიკური დანაშაულისა და კორუფციის შესახებ II სექციის სამდივნოს სასამართლო გამწესრიგებლის და [ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტების] მიერ, ასევე [სახელმწიფო სასამართლოს] თავმჯდომარისა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სასამართლოსა და პროკურატურის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ;
უმაღლესი წარმომადგენელი გამოსცემს შემდეგ გადაწყვეტილებას [სახელმწიფო სასამართლოს] სისხლის სამართლისა და სააპელაციო დივიზიების ომის დანაშაულთა შესახებ I სექციაში საერთაშორისო მოსამართლის დანიშვნის შესახებ.
1. [სახელმწიფო სასამართლოს 2000 წლის კანონის] 65-ე მუხლის მე-4 შესწორებული პუნქტის შესაბამისად, [სახელმწიფო სასამართლოს] სისხლის სამართლისა და სააპელაციო დივიზიების ომის დანაშაულთა შესახებ I სექციაში საერთაშორისო მოსამართლედ ინიშნება შემდეგი პირი:
პიეტრო სპერა
2. თავდაპირველად ამ თანამდებობაზე ... ინიშნება ორი წლის ვადით, შემდგომში ხელახლა დანიშვნის შესაძლებლობით, [სახელმწიფო სასამართლოს შესახებ 2000 წლის კანონის] შესაბამისად. [დანიშნული პირი] უნდა ცხოვრობდეს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. მას არა აქვს უფლება, შეასრულოს რაიმე სხვა ფუნქცია, რომელიც შეუთავსებელი იქნება მოსამართლის უფლებამოსილებებთან ან რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მოსამართლის ფუნქციის სრული დატვირთვით შესრულებაში. რამდენადაც შესაძლებელია, მოსამართლის სამსახურისთვის [სახელმწიფო სასამართლოს შესახებ 2000 წლის კანონით] განსაზღვრული ყველა სხვა მოთხოვნა მასზეც ვრცელდება...
3. [სახელმწიფო სასამართლოს] სისხლის სამართლისა და სააპელაციო დივიზიების ომის დანაშაულთა შესახებ I სექციისა და ორგანიზებული დანაშაულის, ეკონომიკური დანაშაულისა და კორუფციის შესახებ II სექციის სამდივნოს საერთაშორისო სასამართლო გამწესრიგებელი და [ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტები] უმაღლეს წარმომადგენელს აცნობებენ ნებისმიერი, მათ შორის [ზემოთ], მე-2 პარაგრაფში აღნიშნული, მოვლენის შესახებ, რომლის გამოც [დანიშნულმა პირმა] შეიძლება ვერ შეძლოს თავისი მანდატის შესრულება. [დანიშნული პირის] გადადგომის ან მის მიერ მანდატის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, უმაღლესი წარმომადგენელი ნიშნავს შემცვლელს, რომ უფლებამოსილების ზემოხსენებული ვადა ბოლომდე იქნას მიყვანილი.
4. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დანიშნულმა პირმა უნდა გაიაროს [სახელმწიფო სასამართლოს] თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ყველა სასწავლო პროგრამა და დაიცვას [სახელმწიფო სასამართლოს] მიერ დადგენილი პროფესიული ქცევის ყველა სტანდარტი.
5. [დანიშნულმა პირმა] მოსამართლის მოვალეობა უნდა შეასრულოს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიიღოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობით და მიუკერძოებლად, რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა, კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. სანამ ოფიციალური ფუნქციის შესრულებას შეუდგება, რაც მოხდება არაუგვიანეს 2005 წლის 6 მაისისა, საერთაშორისო მოსამართლემ ამის თაობაზე ოფიციალური ფიცი უნდა დადოს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სასამართლოსა და პროკურატურის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინაშე.
6. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ და უმოკლეს ვადაში ქვეყნდება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ოფიციალურ ბიულეტენში.”
36. 2006 წლის სექტემბერში ბოსნიისა და ჰერცეგოვინის უმაღლესი წარმომადგენლის სამსახურმა საერთაშორისო მოსამართლეების სახელმწიფო სასამართლოში დანიშვნის პროცედურა შეცვალა[23]: მას შემდეგ საერთაშორისო მოსამართლეებს სპეციალიზებული პროფესიული ორგანო – ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სასამართლოსა და პროკურატურის უმაღლესი საბჭო – ნიშნავდა კვლავ ორწლიანი, განახლებადი ვადით.
გ. იურისდიქცია ომის დანაშაულებზე
37. ეროვნულ დონეზე ჩადენილი ომის დანაშაულები ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს.
38. ძველი საქმეები (რომლებიც 2003 წლის 1 მარტამდე აღიძრა) ერთეულთა სასამართლოებში რჩება, თუ საბრალდებო დასკვნა ძალაში შევიდა 2003 წლის 1 მარტამდე. 2003 წლის 1 მარტამდე საბრალდებო დასკვნის ძალაში არშესვლის შემთხვევაში, ეს საქმეები რჩება ერთეულთა სასამართლოში, თუ სახელმწიფო სასამართლო არ გადაწყვეტს, რომ რომელიმე ასეთი საქმე გადაიბაროს ქვემოთ, მე-40 პარაგრაფში ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად (იხილეთ 2003 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 449-ე მუხლი[24]).
39. ახალი საქმეები (რომლებიც 2003 წლის 1 მარტის შემდეგ აღიძრა) სახელმწიფო სასამართლოს იურისდიქციაში ექცევა, თუმცა სახელმწიფო სასამართლოს შეუძლია ნებისმიერი ამგვარი საქმე უფლებამოსილ ერთეულს გადააბაროს ქვემოთ, მე-40 პარაგრაფში ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად (იხილეთ 2003 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლი).
40. ომის დანაშაულთა განხილვის შესახებ 2004 წლის 28 დეკემბრის წესების წიგნის[25] შესაბამისად, სახელმწიფო სასამართლოში, როგორც წესი, შემდეგი ტიპის საქმეები უნდა განხილულიყო: (ა) საქმეები, რომლებიც შეეხებოდა გენოციდს, ფიზიკურ განადგურებას, მრავლობით მკვლელობას, გაუპატიურებასა და სხვა მძიმე სქესობრივ დანაშაულს, როგორც სისტემის ნაწილს (მაგალითად, ბანაკებში), დამონებას, წამებას, ფართომასშტაბიან და სისტემატურ დევნას, მასობრივ იძულებით პატიმრობას ბანაკებში; (ბ) საქმეები ძველი ან მოქმედი სამხედრო მეთაურების, ძველი ან მოქმედი პოლიტიკური ლიდერების, სასამართლო კორპუსის ძველი ან მოქმედი წევრების, პოლიციის ძველი ან მოქმედი უფროსების, ბანაკის მეთაურების, წარსულში ან ახლა ცუდი რეპუტაციის მქონე პირთა, გაუპატიურების მრავალჯერ ჩამდენთა წინააღმდეგ; (გ) საქმეები ინსაიდერი ან ეჭვმიტანილი მოწმეებით; (დ) თუ მოწმეზე ზეწოლის რისკი არსებობდა; და (ე) საქმეები, რომლებიც მოიცავდა დამნაშავეების მიმართ კეთილგანწყობილ რეგიონში ჩადენილ დანაშაულებს ან იქ, სადაც ხელისუფლება დაინტერესებული იყო, რომ დანაშაულზე საზოგადოებრივი კონტროლი მოშლილიყო. ომის დანაშაულის ყველა სხვა შემთხვევა, როგორც წესი, ერთეულთა სასამართლოებში უნდა განხილულიყო. 2008 წლის დეკემბერში ხელისუფლებამ მიიღო ომის დანაშაულების შესახებ ეროვნული სტრატეგია, რომელიც, სხვა საკითხებს შორის, კრიტერიუმების ახალ ჩამონათვალს ითვალისწინებდა. თუმცა იგი, პრაქტიკულად, ზემოთ აღწერილი კრიტერიუმების იდენტურია.
დ. სისხლის სამართლის საქმის ხელმეორედ განხილვა
41. 2003 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე შეიძლება თავიდან იქნას განხილული დამნაშავის სასარგებლოდ, თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაადგენს, რომ სასამართლო პროცესის დროს დაირღვა ადამიანის უფლებები და რომ ვერდიქტი ამ დარღვევების საფუძველზე იქნა გამოტანილი. სისხლის სამართლის საქმის თავიდან განხილვის შესახებ განაცხადის შეტანის ვადა შეზღუდული არ არის. მისი შეტანა სასჯელის მოხდის შემდეგაც შეიძლება (ამ კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
ამ კოდექსის 333-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ნებისმიერ ახალ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის საზიანოდ ვერდიქტის შეცვლა (reformatio in peius-ის აკრძალვა).
ე. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი
42. ჟენევის 1949 წლის კონვენციების შესაბამისად (იხილეთ, მაგალითად, ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ კონვენციის 146-ე მუხლი), მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა საჭირო კანონმდებლობა უნდა მიიღონ ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი სანქციების უზრუნველსაყოფად იმ პირებისთვის, ვინც ეს კონვენციები უხეშად დააღვია, ან სხვას უბრძანა, რომ დაერღვია. ამავე დროს, ბრალდებული პირები ყველა გარემოებაში უნდა სარგებლობდნენ სათანადო სასამართლო პროცესისა და დაცვის გარანტიებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, არ უნდა იყოს სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ კონვენციაში გათვალისწინებულ გარანტიებზე ნაკლები.
43. სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ კონვენციის 99-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია, სამხედრო ტყვე გასამართლდეს ან სასჯელი შეეფარდოს ისეთი ქმედებისთვის, რომელიც ჩადენის დროს დამპატიმრებელი მხარის კანონმდებლობით ან საერთაშორისო სამართლით აკრძალული არ არის. დანაშაულებისა და სასჯელების უკუძალით გამოუყენებლობის შესახებ წესი თითქმის იმავე ფორმულირებით ჩნდება 1977 წლის I და II დამატებით ოქმებში. I დამატებითი ოქმის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის (გ) პუნქტში აღნიშნულია შემდეგი:
“არავინ შეიძლება ბრალდებულად ან მსჯავრდებულად იქნას მიჩნეული რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რომელსაც იგი ექვემდებარებოდა ჩადენის დროს; არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულის ჩადენის დროს; თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ კანონში შედის დებულება, რომელიც უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდებას ითვალისწინებს, იგი უნდა იყოს გამოყენებული დანაშაულის ჩამდენის სასარგებლოდ.”
სამართალი
I. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის სავარაუდო დარღვევა
44. პირველი მომჩვანი, ბ-ნი მაკტუფი, ჩიოდა, რომ მისი საქმე არ განხილულა სამართლიანად დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ, რაც კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევას წარმოადგენდა. იგი ამტკიცებდა, რომ საქმის განმხილველი სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი ამ დებულების მნიშვნელობით, კერძოდ, იმიტომ, რომ მისი ორი წევრი უმაღლესი წარმომადგენლის სამსახურის მიერ იყო დანიშნული ორი წლის, განახლებადი ვადით. მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამის მონაკვეთში აღნიშნულია შემდეგი:
“ყოველი ადამიანი, ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.”
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მთავრობა
45. მთავრობა აცხადებდა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ვერ აიღებდა პასუხისმგებლობას უმაღლესი წარმომადგენლის ქცევაზე (მთავრობა ეყრდნობოდა საქმეს ბერიჩი და სხვები ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება), №36357/04 et al., ECHR 2007‑XII). ამდენად, იგი სასამართლოს მოუწოდებდა, რომ ეს საჩივარი გამოეცხადებინა დაუშვებლად, როგორც შეუთავსებელი ratione personae. თუნდაც სასამართლოს ჰქონოდა ratione personae იურისდიქცია, რომ ეს საჩივარი განეხილა, მთავრობის მტკიცებით, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელი იყო. კონვენცია არ მოითხოვდა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, როგორც ამას მოწმობდა სრამეკი ავსტრიის წინააღმდეგ, 1984 წლის 22 ოქტომბერი, სერია A №84, სადაც სასამართლომ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია სამი წლის, განახლებადი ვადით დანიშვნა. ამასთან, სახელმწიფო სასამართლოს საერთაშორისო წევრები თავიანთ მშობლიურ ქვეყნებში დამოუკიდებელი ორგანოების მიერ იყვნენ დანიშნული მოსამართლეებად და სახელმწიფო სასამართლოში დროებით მოავლინეს, როგორც ომის შედეგად დანგრეული ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საერთაშორისო დახმარება.
2. მომჩივანი
46. მომჩივანმა უპასუხა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ვალდებული იყო, ისე აეწყო სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა უზრუნველეყო. იგი ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო მოსამართლეების ხანმოკლე (ორწლიანი) მანდატი, ხელახლა დანიშვნის შესაძლებლობით, მათ მიერ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. მომჩივანმა, რაიმე კონკრეტული წყაროს მიუთითებლად, ასევე აღნიშნა, რომ გაზიარებული კრიტერიუმების მიხედვით ექვს წელზე ნაკლებვადიანი მანდატები არ იყო საკმარისი, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტად მიჩნეულიყო. გარდა ამისა, სახელმწიფო სასამართლოს საერთაშორისო მოსამართლეები შესაბამის დროს დაინიშნენ უმაღლესი წარმომადგენლის სამსახურის მიერ, რომელიც ეროვნულ ხელისუფლებას შეიძლებოდა შედარებულიყო. ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით, მომჩივანმა დასკვნის სახით აღნიშნა, რომ საქმის განმხილველი სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით.
3. მესამე მხარე
47. უმაღლესი წარმომადგენლის სამსახური, როგორც მესამე მხარე, თავის არგუმენტებში 2012 წლის ნოემბერში ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო სასამართლოში საერთაშორისო მოსამართლეების ყოფნა მიზნად ისახავდა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხელშეწყობას, ასევე – სამართლის საჭირო ცოდნის გაზიარებას. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო მოსამართლეების დანიშვნის შესახებ თავისი გადაწყვეტილებები ფორმალობა იყო, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეების დანიშვნის უფლებამოსილება არც ერთ ეროვნულ ორგანოს არ ჰქონდა 2006 წლის ბოლო პერიოდამდე (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 36). რაც შეეხება მათი მანდატის ხანგრძლივობას, უმაღლესი წარმომადგენლის სამსახურის მტკიცებით, ამის მიზეზი იყო სასამართლოს უცხოელი მოხელეების დისლოცირებისთვის ფინანსური შეზღუდვების არსებობა, კერძოდ: ბიუჯეტის პროექტები და შეზღუდვები უფრო ხანგრძლივი პერიოდით დაფინანსების გარანტიას არ იძლეოდა. დასასრულ, მესამე მხარე ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო მოსამართლეების ვადები სათანადოდ რეგულირდებოდა და იგი ვერ იქნებოდა თვითნებურად უგულებელყოფილი.
ბ. სასამართლოს შეფასება
48. სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სასამართლოს ფარგლებში საერთაშორისო და ეროვნული მოსამართლეებისგან შემდგარი ომის დანაშაულთა პალატების შექმნა საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივა იყო (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 9). თუმცა, წინამდებარე შემთხვევაში, საჭირო არ არის იმაზე მსჯელობა, შეიძლება თუ არა მოპასუხე მთავრობა მაინც აგებდეს პასუხს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის სავარაუდო დარღვევაზე, რადგან სასამართლო ადგენს, რომ ეს საჩივარი, ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარად დაუსაბუთებელია ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო.
49. ზოგადი დაკვირვების სახით სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ წინა საქმეებში იმის განსაზღვრისას, შეიძლებოდა თუ არა ორგანო მიჩნეულიყო „დამოუკიდებლად“ – განსაკუთრებით, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და განსახილველი საქმის მხარეებისგან – იგი ითვალისწინებდა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ორგანოს წევრთა დანიშვნის წესი, მათი უფლებამოსილების ვადა, გარე ზეწოლისგან დამცავი გარანტიების არსებობა და საკითხი, აღიქმება თუ არა ეს ორგანო დამოუკიდებლად (იხილეთ, მაგალითად, კემპბელი და ფელი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1984 წლის 28 ივნისი, § 78, სერია A №80, და ბრუდნიცკა და სხვები პოლონეთის წინააღმდეგ, №54723/00, § 38, ECHR 2005‑II). მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადის განმავლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მათი შეცვლის შეუძლებლობა, ჩვეულებრივ, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შედეგად მიიჩნევა და, ამდენად, მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის გარანტიების შემადგენელია (იხილეთ ზემოხსენებული კემპბელი და ფელი, § 80). მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის პოლიტიკურ ორგანოებსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებების გაყოფის ცნებას მზარდი მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (იხილეთ სტეფორდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], №46295/99, § 78, ECHR 2002-IV), მოსამართლეთა დანიშვნა აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ორგანოს მიერ დასაშვებია იმ პირობით, რომ დასანიშნი პირები მოსამართლის ფუნქციის შესრულებისას ზეგავლენისგან თუ ზეწოლისგან თავისუფალი იქნებიან (იხილეთ ფლაქსი მოლდოვის წინააღმდეგ (№ 2), № 31001/03, § 27, 2007 წლის 3 ივლისი).
50. წინამდებარე საქმეს რომ დავუბრუნდეთ, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს ეროვნული წევრის დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ არ დამდგარა. რაც შეეხება მის საერთაშორისო წევრებს, არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პოლიტიკური ორგანოებისგან და საქმის მხარეებისგან მათი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მათი დანიშვნა, მართლაც, მოტივირებული იყო იმის სურვილით, რომ, inter alia, სახელმწიფო სასამართლოს ომის დანაშაულთა პალატების დამოუკიდებლობა განმტკიცებულიყო (ომის შემდგომ პერიოდში მოსახლეობაში, ზოგადად, ჯერ კიდევ არსებული ეთნიკური გავლენების და მტრული განწყობის ფონზე) და ეროვნული სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობა აღმდგარიყო.
51. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უმაღლესი წარმომადგენლის მიერ იყვნენ დანიშნულები, სასამართლოს არა აქვს რაიმე მიზეზი, ეჭვქვეშ დააყენოს სახელმწიფო სასამართლოს საერთაშორისო წევრების დამოუკიდებლობა ამ ორგანიზაციისგან. ისინი ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში უმაღლესი სასამართლო პირების რეკომენდაციების საფუძველზე დაინიშნენ (იხილეთ ზემოთ, 35-ე პარაგრაფში ციტირებული გადაწყვეტილება). ეროვნული წევრების მსგავსად, ვისი დამოუკიდებლობაც უდავო იყო, განსახილველ მოსამართლეებს დანიშვნის შემდეგ ოფიციალური ფიცი უნდა დაედოთ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სასამართლოსა და პროკურატურის უმაღლესი საბჭოს წინაშე, მოსამართლის მოვალეობები შეესრულებინათ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და დაეცვათ სახელმწიფო სასამართლოს მიერ დადგენილი პროფესიული ქცევის წესები. მათზე ანალოგიის პრინციპით ვრცელდებოდა მოსამართლის სამსახურისადმი სახელმწიფო სასამართლოს შესახებ 2000 წლის კანონით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 35). ის ფაქტი, რომ განსახილველი მოსამართლეები თავიანთი ქვეყნების პროფესიონალ მოსამართლეთა რიგებიდან იქნენ მივლენილები, გარე ზეწოლისგან დაცვის დამატებით გარანტიას წარმოადგენდა. მართალია, მათი უფლებამოსილების ვადა შედარებით მოკლე იყო, მაგრამ ეს გასაგებია სახელმწიფო სასამართლოში საერთაშორისო წარმომადგენლობის დროებითი ხასიათისა და საერთაშორისო მივლინებების მექანიზმების გათვალისწინებით.
52. ამ ფონზე, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ამ საქმეზე ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, რომ სახელმწიფო სასამართლო დამოუკიდებელი იყო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 15; შეადარეთ ჰენრიკ ურბანი და რიშარდ ურბანი პოლონეთის წინააღმდეგ, №23614/08, §§ 45-53, 2010 წლის 30 ნოემბერი).
53. ამგვარად, ეს საჩივარი აშაკარად დაუსაბუთებელია და უარყოფილი უნდა იყოს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ა) პუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
II. კონვენციის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა
54. ორივე მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამისად, რომ მათზე გავრცელდა სისხლის სამართლის იმაზე უფრო მკაცრი კანონმდებლობა, ვიდრე ის, რომელიც მათ მიერ დანაშაულების ჩადენის დროს გამოიყენებოდა. მე-7 მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
“1. არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულის ჩადენის დროს.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირის გასამართლებასა და დასჯაზე მოქმედებისა თუ უმოქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროისათვის დანაშაულს წარმოადგენდა ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების თანახმად.”
ა. შესავალი
55. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები, რომლებიც სახელმწიფო სასამართლოს იურისდიქციაში ექცევა, ორ კარტეგორიად შეიძლება დაიყოს. ზოგი დანაშაული, კერძოდ, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები, ეროვნულ კანონმდებლობაში 2003 წელს შევიდა. ამდენად, სახელმწიფო სასამართლოსა და ერთეულთა სასამართლოებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ასეთ შემთხვევებში 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსი გამოეყენებინათ (იხილეთ ზემოთ, 31-ე და 32-ე პარაგრაფებში მოცემული საერთაშორისო მასალები). ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ საქმეში შიმშიჩი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება), №51552/10, 2012 წლის 10 აპრილი, მომჩივანი ჩიოდა, რომ იმ მოქმედებებისთვის, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 1992 წელს, 2007 წელს იგი მსჯავრდებული იქნა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში. სასამართლომ ეს საქმე განიხილა, inter alia, კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამისად და იგი აშკარად დაუსაბუთებლად გამოაცხადა. ის ფაქტი, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები 1992-95 წლების ომის დროს ეროვნული კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულებად არ ითვლებოდა, სასამართლომ არარელევანტურად მიიჩნია, რადგან საერთაშორისო სამართლით იმ დროს ისინი აშკარად სისხლის სამართლის დანაშაულები იყო. ამისგან განსხვავებით, წინამდებარე მომჩივნების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები, მათი ჩადენის დროს, ეროვნული კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულებს წარმოადგენდა. ამგვარად, წინამდებარე საქმე შიმშიჩის საქმისგან სრულიად განსხვავებულ საკითხებს წამოჭრის.
ბ. დასაშვებობა
56. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ბ-ნი დამიანოვიჩის საჩივარი უარყოფილი უნდა ყოფილიყო იმის გათვალისწინებით, რომ მან საკონსტიტუციო საჩივარი დროულად ვერ შეიტანა. მთავრობას ბ-ნი მაკტუფის საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს.
57. ბ-ნი დამიანოვიჩი ამტკიცებდა, რომ თავის საჩივართან მიმართებაში საკონსტიტუციო საჩივარი გასაჩივრების ქმედითი საშუალება არ იყო, რადგან მას წარმატების გონივრული შანსი არ ჰქონდა (ბ-ნი დამიანოვიჩი დაეყრდნო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მაკტუფის საქმეზე, სადაც მე-7 მუხლის დარღვევა არ დადგინდა, და მრავალ შემდგომ საქმეს, რომლებშიც იგივე მსჯელობა იქნა გამოყენებული).
58. სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლ ნაწილში ნახსენები შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოწურვის წესი მომჩივნებისგან მოითხოვს, რომ, პირველ რიგში, შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებები გამოიყენონ, რითიც სახელმწიფოები გათავისუფლდებიან ევროპული სასამართლოს წინაშე პასუხისგებისგან თავიანთი ქმედებებისთვის მანამდე, სანამ შესაძლებლობა აქვთ, საკითხები საკუთარი სამართლებრივი სისტემის ფარგლებში დააყენონ. ეს წესი ეფუძნება ვარაუდს, რომ ეროვნული სისტემა უზრუნველყოფს გასაჩივრების ქმედით საშუალებას სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. მტკიცების ტვირთი არის მთავრობაზე – რომელიც ამოუწურაობის შესახებ აცხადებს – სასამართლო დაარწმუნოს, რომ შესაბამის დროს გასაჩივრების ქმედითი საშუალება, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, ხელმისაწვდომი იყო; ანუ, რომ გასაჩივრების საშუალება ხელმისაწვდომი იყო და ქმედითი და სათანადო დაკმაყოფილების მიღების შესაძლებლობას იძლეოდა მომჩივნის საჩივრებთან დაკავშირებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც მტკიცების ეს ტვირთი შესრულებულია, მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ მთავრობის მიერ აღნიშნული გასაჩივრების საშუალება სინამდვილეში ამოწურული იყო ან, რაიმე მიზეზის გამო – არაადეკვატური და არაქმედითი ამ საქმის კონკრეტულ გარემოებებში, ან რომ არსებობდა განსაკუთრებული გარემოებები, რაც მას ამ მოთხოვნისგან ათავისულებდა (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, აკდივარი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, 1996 წლის 16 სექტემბერი, §§ 65-69, Reports of Judgments and Decisions 1996‑IV; მირაზოვიჩი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება), №13628/03, 2006 წლის 6 მაისი; და სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ (№ 2) [დიდი პალატა], № 10249/03, §§ 68-71, 2009 წლის 17 სექტემბერი).
59. სასამართლო აღნიშნავს, რომ მაკტუფის საქმეზე, თითქმის იდენტურ გარემოებებში, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 30 მარტს დაადგინა, რომ კონვენციის მე-7 მუხლი არ დარღვეულა და მას შემდეგ ბევრ საქმეში იმავე მსჯელობას იყენებდა. მართლაც, მთავრობას სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია საკონსტიტუცო სასამართლოს რაიმე გადაწყვეტილება, სადაც მსგავს შემთხვევაში მე-7 მუხლის დარღვევა იქნებოდა დადგენილი. გარდა ამისა, სახელმწიფო სასამართლომ დამიანოვიჩის საქმეში მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაკტუფის საქმეზე.
60. სასამართლო ასკვნის, რომ კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამისად ბ-ნი დამიანოვიჩის საჩივრისთვის საკონსტიტუციო საჩივარს წარმატების გონივრული შანსი არ ჰქონდა და უარყოფს მთავრობის პრეტენზიას. რადგან ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ა) პუნქტის მნიშვნელობით და არც რაიმე სხვა საფუძვლით არის დაუშვებელი, იგი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
გ. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივნები
61. ბრალდებულის საზიანოდ სისხლის სამართლის კანონმდებლობის უკუძალით გამოყენების აკრძალვა, მომჩივნების აზრით, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ სამართლის კარგად დამკვიდრებული ნორმა იყო. ამდენად, მათ შემთხვევაში არ უნდა გამოეყენებინათ 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ომის დანაშაულისთვის გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელებთან დაკავშირებით უფრო მკაცრი იყო, ვიდრე 1976 წლის კოდექსი. ამასთან დაკავშირებით მათ მიუთითეს საქმეთა მცირე რაოდენობაზე, რომლებშიც სახელმწიფო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1976 წლის კოდექსი უფრო ლმობიერი იყო (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 29), და, ამავე დროს, სახელმწიფო სასამართლო გააკრიტიკეს ამ კოდექსის თანმიმდევრულად გამოუყენებლობისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მათი მსჯავრდება მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობას ეფუძნებოდა, მომჩივნების მტკიცებით, არასწორი იყო, რომ მთავრობა დაეყრდნო ”ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგად პრინციპებს“, მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მნიშვნელობით. მომჩივნები ასევე ამტკიცებდნენ, რომ მათი საქმე უნდა განესხვავებინათ იმ საქმეებისგან, რომლებზეც მთავრობამ და მესამე მხარემ მიუთითეს (კერძოდ, ს.ვ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1995 წლის 22 ნოემბერი, სერია A №335‑B, და სტრელეცი, კესლერი და კრენცი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №34044/96, №35532/97 და №44801/98, ECHR 2001‑II). კერძოდ, ს.ვ.-ს საქმე შეეხებოდა რამდენიმე წლის მანძილზე სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანდათანობით განვითარებას პრეცედენტული სამართლის მეშვეობით, რათა საზოგადოების ცვალებადი დამოკიდებულებები გათვალისწინებული ყოფილიყო. ეს აშაკარად განსხვავდებოდა ახალი კანონმდებლობის ამოქმედებისგან, რაც ზოგი დანაშაულისთვის უფრო მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებდა, როგორც ეს წინამდებარე საქმეშია. მომჩივნებმა ასევე აღნიშნეს, რომ დამნაშავეების დასასჯელად სახელმწიფოებმა კანონები არ უნდა ცვალონ ამა თუ იმ მოვლენის შემდეგ, რამდენად სადავოც არ უნდა იყოს განსახილველი დანაშაული.
(ბ) მთავრობა
62. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნების მიმართ 1976 წლის კოდექსზე უფრო ლმობიერი იყო 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსი, რადგან იგი სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებდა (მთვარობა მიუთითებდა საქმეზე კარმო ბულგარეთის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება) №76965/01, 2006 წლის 9 თებერვალი). მართლაც, წინამდებარე საქმეში ეს იყო ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საკონსტიტუცო სასამართლოს აზრი (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 15). იგი ასევე ამტკიცებდა, რომ 2003 წლის კოდექსი მომჩივნების მიმართ უფრო ლმობიერი რომც არ ყოფილიყო, წინამდებარე შემთვევაში მისი გამოყენება მაინც გამართლებული იყო შემდეგი მიზეზების გამო. პირველი, მთავრობა ამტკიცებდა, რომ კონვენციის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი დანაშაულების და სასჯელების უკუძალით გამოუყენებლობის წესიდან – რომელიც მე-7 მუხლის 1-ლ ნაწილშია განსაზღვრული – გამონაკლისს ითვალისწინებდა (იგი მიუთითებდა საქმეზე ნალეტილიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება), №51891/99, ECHR 2000‑V). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ქმედება ჩადენის დროს დანაშაულებრივი იყო როგორც ”ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგად პრინციპებით“, ისე ეროვნული კანონმდებლობით, მაშინ ეროვნული კანონმდებლობით გამოყენებად სასჯელზე უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება შეიძლებოდა. ცხადი იყო, რომ წინამდებარე მომჩივნების მიერ ჩადენილი ქმედებები დანაშაულებრივი იყო ”ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების“ მიხედვით. ამის შედეგად, სასჯელების უკუძალით გამოუყენებლობის წესი არ გავრცელდა და, მთავრობის აზრით, შეიძლებოდა, მომჩივნებს ნებისმიერი სასჯელი შეფარდებოდათ. მეორე, მთავრობის მტკიცებით, მართლმსაჯულების ინტერესები მოითხოვდა, რომ უკუძალით გამოუყენებლობის პრინციპი, ამ შემთხვევაში, არ გაეთვალისწინებინათ (ამასთან დაკავშირებით მთავრობამ მიუთითა ზემოხსენებულ საქმეებზე ს.ვ.; სტრელეცი, კესლერი და კრენცი; ასევე, მან აღნიშნა ომის დანაშაულების ადეკვატურად დასჯის ვალდებულება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით). მისი მტკიცებით, უკუძალით გამოუყენებლობის მკაცრი პრინციპი გარკვეულ ისტორიულ სიტუაციებში უნდა შერბილებულიყო, რომ ამ პრინციპს ზიანი არ მიეყენებინა სამართლიანობის პრინციპისთვის.
63. რაც შეეხება საკითხს, შეცვალა თუ არა სახელმწიფო სასამართლომ თავისი პრაქტიკა ომის დანაშაულთა საქმეებში სასჯელების შეფარდებასთან დაკავშირებით, მთავრობამ აღიარა, რომ 2009 წლის მარტის შემდეგ რამდენჯერმე 1976 წლის კოდექსი იქნა გამოყენებული (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 29). თუმცა, მთავრობის მტკიცებით, უმეტეს შემთხვევებში მაინც 2003 წლის კოდექსი გამოიყენებოდა. კერძოდ, 2009 წლის მარტიდან 2012 წლის ნოემბრამდე პერიოდში სახელმწიფო სასამართლომ 102 გადაწყვეტილება გამოსცა (59 – პირველი ინსტანციის პალატებმა, ხოლო 43 – სააპელაციო პალატებმა). პირველი ინსტანციის პალატები ყოველთვის 2003 წლის კოდექსს იყენებდნენ. სააპელაციო პალატები ამ კოდექსს იყენებდნენ ყველა შემთხვევაში, რომლებიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და გენოციდის დანაშაულს უკავშირდებოდა. რაც შეეხება ომის დანაშაულებს, სააპელაციო პალატებმა 1976 წლის კოდექსი გამოიყენეს ხუთ შემთხვევაში, ხოლო 2003 წლის კოდექსი – 16 შემთხვევაში. მთავრობამ გააკრიტიკა იმ ხუთ შემთხვევაში გამოყენებული მიდგომა და ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო სასამართლოს ომის დანაშაულების საქმეებში ყოველთვის 2003 წლის კოდექსი უნდა გამოეყენებინა.
(გ) მესამე მხარე
64. უმაღლესი წარმომადგენლის სამსახურის, როგორც მესამე მხარის, 2012 წლის არგუმენტები იმავე შინაარსის იყო, რაც მთავრობის არგუმენტები. კერძოდ, მესამე მხარე, მთავრობის მსგავსად, ამტკიცებდა, რომ წინამდებარე მომჩივნების მიერ ჩადენილი ქმედებები დანაშაულებრივი იყო „ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების“ მიხედვით და რომ, ამდენად, სასჯელების უკუძალით გამოუყენებლობის წესი ამ შემთხვევაზე არ გავრცელდა. უმაღლესი წარმომადგენლის სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე შემთხვევაში 2003 წლის კოდექსი იქნა გამოყენებული, მომჩივნების სასჯელები მაინც ჯდებოდა როგორც 2003 წლის, ისე 1976 წლის კოდექსების ფარგლებში. დასასრულ, მესამე მხარემ მიუთითა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის „დასკვნით მოსაზრებებზე“ (CCPR/C/BIH/CO/1), რომელიც ზემოთ, 32-ე პარაგრაფშია ციტირებული.
2. სასამართლოს შეფასება
65. პირველ რიგში, სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ მისი ამოცანა არ არის, in abstracto განიხილოს, ომის დანაშაულის საქმეებში 2003 წლის კოდექსის უკუძალით გამოყენება, per se, არის თუ არა კონვენციის მე-7 მუხლთან შეუთავსებელი. ეს საკითხი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თითოეული საქმის სპეციფიკური გარემოებებისა და, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, გამოიყენეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა კანონი, რომლის დებულებებიც უფრო ხელსაყრელია ბრალდებულისთვის (იხილეთ ზემოხსენებული სკოპოლა, § 109).
66. მე-7 მუხლთან დაკავშირებით ზოგადი პრიციპები ბოლო დროს კიდევ ერთხელ იქნა ჩამოყალიბებული საქმეში კონონოვი ლატვიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 36376/04, § 185, ECHR 2010:
“მე-7 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიას, კანონის უზენაესობის არსებით ელემენტს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დაცვის კონვენციისეულ სისტემაში, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ, მე-15 მუხლის თანახმად, მისგან დეროგაცია დაუშვებელია ომის დროს ან სხვა საგანგებო ვითარებებში. მისი არსიდან და მიზნიდან გამომდინარე, იგი გაგებული და გამოყენებული უნდა იყოს თვითნებური დევნის, მსჯავრდებისა და დასჯის წინააღმდეგ ეფექტიანი გარანტიების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მე-7 მუხლი არ შემოიფარგლება ბრალდებულის საზიანოდ სისხლის სამართლის კანონმდებლობის უკუძალით გამოყენების აკრძალვით:, უფრო ზოგადად, იგი ასევე მოიცავს პრინციპს, რომ მხოლოდ კანონს შეუძლია განსაზღვროს დანაშაული და დააწესოს სასჯელი (nullum crimen, nulla poena sine lege), ასევე - პრინციპს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ უნდა იქნას ფართოდ, მაგალითად, ანალოგიით, გაგებული ბრალდებულის საზიანოდ. აქედან გამომდინარე, ესა თუ ის დანაშაული კანონში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, როცა შესაბამისი დებულების ფორმულირებიდან – საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოების განმარტებებსა და ინფორმირებულ იურიდიულ კონსულტაციასთან ერთად – პირმა შეიძლება იცოდეს, რა სახის მოქმედება და უმოქმედობა დააკისრებს მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
როცა ლაპარკია ‘კანონზე’, მე-7 მუხლი გულისხმობს იმავე კონცეპტს, რომელზეც მიუთითებს კონვენცია სხვაგან ამ ტერმინს გამოყენებისას, კონცეპტს, რომელიც მოიცავს დაწერილ და დაუწერელ კანონებს და რომელიც გულისხმობს თვისობრივ მოთხოვნებს, კერძოდ, ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას. რაც შეეხება, კონკრეტულად, განჭვრეტადობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერ საკანონმდებლო სისტემაში, მათ შორის, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რაც არ უნდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული იყოს სამართლებრივი ნორმა, სასამართლო ინტერპრეტაციის გარდაუვალი ელემენტი მაინც არსებობს. ყოველთვის იარსებებს გაურკვეველი მომენტების განმარტებისა და ცვალებად გარემოებებთან ადაპტაციის საჭიროება. მართლაც, კონვენციის მონაწილე ცალკეულ სახელწიფოებში სასამართლო კანონშემოქმედების მეშვეობით სისხლის სამართლის პროგრესული განვითარება სამართლებრივი ტრადიციის დამკვიდრებული და აუცილებელი ნაწილია. კონვენციის მე-7 მუხლი არ შეიძლება ისე იქნას გაგებული, თითქოს კრძალავდეს სასამართლო ინტერპრეტაციის გზით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წესების თანდათანობით დაზუსტებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა იმ პირობით, რომ შედეგად მიღებული განვითარება დანაშაულის არსს შეესაბამება და გონივრულად განჭვრეტადი შეიძლება იყოს (სტრელეცი, კესლერი და კრენცი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №34044/96, №35532/97 და №44801/98, § 50, ECHR 2001‑II; კ.-ჰ.ვ. გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №37201/97, § 85, ECHR 2001‑II (ამონარიდები); იორგიკი გერმანიის წინააღმდეგ, №74613/01, §§ 101-109, 2007 წლის 12 ივლისი; და კორბელი უნგრეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №9174/02, §§ 69-71, 2008 წლის 19 სექტემბერი).”
67. წინამდებარე საქმეს რომ დავუბრუნდეთ, სასამართლო აღნიშნავს, რომ ომის დანაშაულებს ერთნაირად განსაზღვრავს დანაშაულების ჩადენის მომენტში გამოყენებადი 1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და წინამდებარე შემთხვევაში უკუძალით გამოყენებული 2003 წლის კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 26 და 28). ამასთან, მომჩივნებს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ, რომ მათი ქმედებები ჩადენის დროს წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულებს, რომელთა ცნებაც საკმარისი ხელმისაწვდომობით და განჭვრეტადობით ხასიათდებოდა. ამდენად, წინამდებარე საქმეში მომჩივანთა მსჯავრდებების კანონიერების საკითხი არ დგას.
68. თუმცა, ამასთან, აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის ეს ორი კოდექსი ომის დანაშაულებთან დაკავშირებით სასჯელთა განსაზღვრის სხვადასხვა სისტემას ითვალისწინებს. 1976 წლის კოდექსის შესაბამისად, ომის დანაშაულები დასჯადი იყო 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ან, უფრო მძიმე შემთხვევებში, სიკვდილით (იხილეთ 1976 წლის კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 37-ე მუხლის მე-2 ნაწილთან და 38-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან ერთად). შესაძლებელი იყო სიკვდილით დასჯის ნაცვლად 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაც (იხილეთ ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ომის დანაშაულში დამხმარეები და თანამონაწილეები, მაგალითად, ბ-ნი მაკტუფი, უნდა დასჯილიყვნენ ისე, როგორც ომის დანაშაულის უშუალო ჩამდენები, თუმცა შეიძლებოდა მათი სასჯელი შემცირებულიყო და შეედგინა ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა (იხილეთ იმავე კოდექსის 42-ე მუხლი 24-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან და 43-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან ერთად). 2003 წლის კოდექსის შესაბამისად, ომის დანაშაულები ითვალისწინებს 10-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან, უფრო მძიმე შემთხვევებში, ხანგრძლივი, 20-დან 45 წლამდე, ვადით პატიმრობას (იხილეთ 2003 წლის კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ამავე კოდექსის 42-ე მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილებთან ერთად). ომის დანაშაულში დამხმარეები და თანამონაწილეები, მაგალითად, ბ-ნი მაკტუფი, უნდა დასჯილიყვნენ ისე, როგორც ომის დანაშაულის უშუალო ჩამდენები, თუმცა შეიძლებოდა მათი სასჯელი შემცირებულიყო და შეედგინა ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა (იმავე კოდექსის 49-ე მუხლი 31-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან და 50-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან ერთად). აღნიშნა რა, რომ მისი სასჯელი, რამდენადაც შესაძლებელი იყო, უნდა შემცირებულიყო (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 14), სახელმწიფო სასამართლომ ბ-ნ მაკტუფს შეუფარდა ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ყველაზე მსუბუქი შესაძლო სასჯელი 2003 წლის კოდექსის შესაბამისად. ამისგან განსხვავებით, 1976 წლის კოდექსის შესაბამისად, მას შეიძლებოდა, ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეფარდებოდა. რაც შეეხება ბ-ნ დამიანოვიჩს, მას 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, მინიმალურ, ათწლიან, ვადაზე ცოტა მეტი. 1976 წლის კოდექსის შესაბამისად, შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ხუთწლიანი სასჯელის შეფარდება.
69. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, რომ 2003 წლის კოდექსი, რადგან იგი სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებდა, მომჩივნების მიმართ უფრო ლმობიერი იყო, ვიდრე 1976 წლის კოდექსი, სასამართლო აღნიშნავს, რომ 1976 წლის კოდექსით ომის დანაშაულის მხოლოდ ძალიან მძიმე შემთხვევები ისჯებოდა სიკვდილით (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 26). რადგან არც ერთ მომჩივანს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია ვინმეს სიცოცხლის მოსპობისთვის, დანაშაულები, რომლებშიც ისინი იყვნენ მსჯავრდებული, ამ კატეგორიას აშკარად არ მიეკუთვნებოდა. მართლაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბ-ნ მაკტუფს 2003 წლის კოდექსით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სასჯელი შეეფარდა, ხოლო ბ-ნ დამიანოვიჩს - ამავე კოდექსით ომის დანაშაულებისთვის დადგენილ მინიმალურ სასჯელზე ცოტათი მაღალი სასჯელი. ამ გარემოებებში, წინამდებარე საქმეში განსაკუთრებით რელევანტურია, თუ რომელი კოდექსი იყო უფრო ლმობიერი მინიმალურ სასჯელთან მიმართებაში, ხოლო ასეთი, უდავოდ, 1976 წლის კოდექსი იყო. ამგვარი მიდგომა ბოლო პერიოდის საქმეებში გაიზიარა სახელმწიფო სასამართლოს, სულ მცირე, რამდენიმე სააპელაციო პალატამ (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 29).
70. უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე შემთხვევაში მომჩივნების სასჯელები როგორც 2003 წლის, ისე 1976 წლის კოდექსების ფარგლებში ჯდებოდა. ამდენად, არ შეიძლება დარწმუნებით იმის თქმა, რომ რომელიმე მომჩივანი, ძველი კოდექსის გამოყენების შემთხვევაში, უფრო მსუბუქ სასჯელს მიიღებდა (შეადარეთ ჯამილი საფრანგეთის წინააღმდეგ, 1995 წლის 8 ივნისი, სერია A №317‑B; გაბარი მორენო ესპანეთის წინააღმდეგ, №68066/01, 2003 წლის 22 ივლისი; ზემოხსენებული სკოპოლა). თუმცა, რაც არსებითია, არის ის, რომ, მათ საქმეებში იმ კოდექსის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლებოდა, მომჩივნებს უფრო მსუბუქი სასჯელები შეფარდებოდათ. როგორც უკვე ზემოთ, 68-ე პარაგრაფში, აღინიშნა, სახელმწიფო სასამართლომ ბ-ნი მაკტუფისთვის სასჯელის განსაზღვრისას დაადგინა, რომ სასჯელი უნდა შემცირებულიყო 2003 წლის კოდექსით დაშვებულ ყველაზე დაბალ შესაძლო ნიშნულამდე. ანალოგიურად, ბ-ნ დამიანოვიჩს შეეფარდა სასჯელი, რომელიც ახლოს იყო მინიმალურ ნიშნულთან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ომის დანაშაულთა შედარებით ბოლოდროინდელ რამდენიმე საქმეში გამოყენებული მიდგომის მიხედვით – რაზეც ზემოთ, 29-ე პარაგარფში, აღინიშნა – სახელმწიფო სასამართლოს სააპელაციო პალატებმა 2003 წლის კოდექსის ნაცვლად 1976 წლის კოდექსი აირჩიეს, კერძოდ, იმ მიზნით, რომ სასჯელთა განსაზღვრის ყველაზე ლმობიერი წესები გამოეყენებინათ. შესაბამისად, რადგან არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ 2003 წლის კოდექსის უკუძალით გამოყენებამ, სასჯელთა განსაზღვრის კუთხით, მომჩივნების საზიანოდ იმუშაოს, არ შეიძლება ითქვას, რომ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის წინააღმდეგ მომჩივნებს ეფექტიანი გარანტიები ჰქონდათ, რაც კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევაა.
71. სასამართლო ვერ გაიზიარებს მთავრობის მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილება საქმეზე კარმო, რომელიც ზემოთ იქნა მოყვანილი, წინამდებარე საქმის შეფასებისთვის სახელმძღვანელოდ გამოდგება. გარემოებები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. წინამდებარე მომჩივნებს შედარებით მოკლევადიანი პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო კარმოს საქმეში მომჩივანს სიკვდილით დასჯა განესაზღვრა და საკითხი ეხებოდა იმას, 1998 წელს სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სიკვდილით დასჯის სამუდამო პატიმრობით შეცვლა წარმოადგენდა თუ არა მე-7 მუხლის დარღვევას. სასამართლომ მიიჩნია, რომ – არა და მე-7 მუხლთან დაკავშირებული საჩივარი უარყო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
72. გარდა ამისა, სასამართლო ვერ დაეთანხმება მთავრობის არგუმენტს, რომ თუ ქმედება ჩადენის დროს დანაშაულებრივი იყო ”ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგად პრინციპების“ მიხედვით, კონვენციის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მნიშვნელობით, მაშინ დანაშაულებისა და სასჯელების უკუძალით გამოუყენებლობის წესი არ გამოიყენებოდა. ეს არგუმენტი არ შეესაბამება travaux préparatoires-ს, რომლის მიხედვითაც, მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს, რომ უკუძალით გამოუყენებლობის ზოგად წესს შეიცავს, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი მხოლოდ კონტექტსტთან მიმართებაში აზუსტებს ამ წესში პასუხისმგებლობის ნაწილს, რაც დამატებული იყო იმის უზრუნველსაყოფად, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ომის დროს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ დევნათა კანონიერების შესახებ არანაირი ეჭვი არ არსებულიყო (იხილეთ ზემოთ კონონოვი, § 186). ამგვარად, ნათელია, რომ კონვენციის შემქმნელები არ აპირებდნენ უკუძალით გამოუყენებლობის წესიდან რაიმე საერთო გამონაკლისის დაშვებას. მართლაც, სასამართლომ არაერთ შემთხვევაში დაადგინა, რომ მე-7 მუხლის ორი ნაწილი ურთიერთკავშირშია და ერთიანად უნდა განიმარტოს (იხილეთ, მაგალითად, ტესი ლატვიის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება), №34854/02, 2002 წლის 12 დეკემბერი, და ზემოხსენებული კონონოვი, § 186).
73. ამასთან დაკავშირებით მთავრობის მითითება ზემოხსენებულ საქმეებზე ს.ვ. და სტრელეცი, კესლერი და კრენცი ვერ იქნება გაზიარებული. წინამდებარე შემთხვევა არ შეეხება სასამართლო ინტერპრეტაციის მეშვეობით სისხლის სამართლის პროგრესული განვითარების საკითხს, როგორც ეს ს.ვ.-ს შემთხვევაში იყო. წინამდებარე საქმე არც სახელმწიფოს ისეთ პრაქტიკას ეხება, რომელიც სახელმწიფოს დაწერილ და დაუწერელ კანონებთან შეუსაბამოა. საქმეში სტრელეცი, კესლერი და კრენცი მომჩივნების ქმედებები წარმოადგენდა დანაშაულებს, რომლებიც განსახილველ დროს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სისხლის სამართალში საკმარისი ხელმისაწვდომითა და განჭვრეტადობით ხასიათდებოდა, მაგრამ იმ დებულებების აღსრულება დიდხანს, 1990 წელს რეჟიმის შეცვლამდე, არ ხდებოდა.
74. სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს, დეტალურად განიხილოს მთავრობის შემდეგი არგუმენტი, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ომის დანაშაულების ადეკვატურად დასჯის ვალდებულება მოითხოვდა, რომ უკუძალით გამოუყენებლობის პრინციპი მოცემულ შემთხვევაში არ გაეთვალისწინებინათ. საკმარისია, აღინიშნოს, რომ დანაშაულებისა და სასჯელების უკუძალით გამოუყენებლობის წესი ჟენევის კონვენციებსა და მათ დამატებით ოქმებშიც არსებობს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 43). ამასთან, რადგან მომჩივნების სასჯელები ორივე, 1976 წლის და 2003 წლის, კოდექსის ფარგლებში თავსდებოდა, მთავრობის არგუმენტი, რომ მომჩივნები ძველი კოდექსით ადეკვატურად ვერ დაისჯებოდნენ, აშკარად დაუსაბუთებელია.
75. დასასრულ, სასამართლო მთავრობას, პრინციპში, ეთანხმება, რომ სახელმწიფოები თავისუფალი არიან, დაადგინონ თავიანთი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა (იხილეთ აშური საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №67335/01, § 44, ECHR 2006‑IV, და ულდ და საფრანგეთის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება), №13113/03, ECHR 2009), თუმცა, ამავე დროს, ისინი უნდა ასრულებდნენ მე-7 მუხლის მოთხოვნებს.
დ. დასკვნა
76. ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში დაირღვა კონვენციის მე-7 მუხლი. ეს დასკვნა იმას კი არ მიანიშნებს, რომ უფრო მსუბუქი სასჯელები უნდა შეეფარდებინათ, არამედ მხოლოდ იმას, რომ მომჩივნების საქმეებში სასჯელთა განსაზღვრის შესახებ 1976 წლის კოდექსის დებულებები უნდა გამოეყენებინათ.
III. მომჩივნების საჩივარი დისკრიმინაციის შესახებ
77. დასასრულ, დეტალური მსჯელობის გარეშე მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მათი საქმეების სახელმწიფო სასამართლოში განხილვა მაშინ, როცა ომის დანაშაულის მრავალი სხვა საქმე ერთეულთა სასამართლოებმა განიხილეს, კონვენციის მე-14 მუხლის და/ან კონვენციის მე-12 ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას წარმოადგენდა.
მე-14 მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
“ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.”
მე-12 ოქმის 1-ლი მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
“1. კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად.
2. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია 1-ლ ნაწილში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.”
78. მთავრობამ სასამართლოს მოუწოდა, შიმშიჩის საქმის პრეცედენტული სამართლით ეხელმძღვანელა. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო სასამართლოსა და ერთეულთა სასამართლოებს შორის ომის დანაშაულების საქმეების განაწილება არ იყო თვითნებური: სახელმწიფო სასამართლომ ეს გააკეთა ობიექტური და გონივრული კრიტერიულების საფუძველზე. რაც შეეხება ბ-ნი მაკტუფის საქმეს, მთავრობა ამტკიცებდა, რომ ეს იყო სენსიტიური და რთული საქმე, რადგან ერთ-ერთი პირველი იყო იმ საქმეთაგან, რომლებიც უცხოელი მოჯახედების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს ეხებოდა (პირველად ამ საკითხს ICTY შეეხო 2006 წელს საქმეებში ჰაჯიჰასანოვიჩი და კუბურა). ამასთან, მათ ბანაკებში განხორციელებული რიტუალური დეკაპიტაციები ადგილობრივ მოსახლეობაში განგაშს იწვევდა. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ბ-ნი დამიანოვიჩის საქმე ასევე სენსიტიური იყო, რადგან იგი, inter alia, დიდი რაოდენობით მსხვერპლთა წამებას ეხებოდა. ბ-ნი დამიანოვიჩის საქმის სახელმწიფო სასამართლოსთვის გადაცემის კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ სახელმწიფო სასამართლოში მოწმეთა დაცვის უკეთესი საშუალებები იყო ხელმისაწვდომი; ამდენად, ერთეულთა დონეზე მოწმეებზე ზეწოლის უფრო მაღალი რისკი არსებობდა.
79. მომჩივნები მთავრობას არ დაეთანხმნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი საქმეები არც სენსიტიური და არც რთული არ იყო. ბ-ნი მაკტუფი ასევე ამტკიცებდა, რომ ერაყის მოქალაქეობა და მისი რელიგია მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც სახელმწიფო სასამართლომ გადაწყვიტა, იურისდიქცია შეენარჩუნებინა.
80. უმაღლესი წარმომადგენლის სამსახური, როგორც მესამე მხარე, თავის 2012 წლის ნოემბრის არგუმენტებში მთავრობას დაეთანხმა.
81. კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებაში დისკრიმინაციის ცნებას სასამართლო თანმიმდევრულად განმარტავს თავის პრეცედენტულ სამართალში. პრეცედენტულმა სამართლმა ცხადი გახადა, რომ დისკრიმინაცია ნიშნავს ერთნაირ სიტუაციაში მყოფი ადამიანებისადმი განსხვავებულად მოპყრობას ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე. იგივე ტერმინი, დისკრიმინაცია, ასევე გამოიყენება მე-12 ოქმის 1-ლ მუხლში. მიუხედავად ამ დებულებების მოქმედების სფეროებს შორის განსხვავებისა, იგულისხმება, რომ ამ ტერმინის მნიშვნელობა მე-12 ოქმის 1-ლ მუხლსა და მე-14 მუხლში იდენტურია (იხილეთ სეიდიჩი და ფინცი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №27996/06 და №34836/06, § 55, ECHR 2009).
82. წინამდებარე საქმეში, პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ, ომის შემდეგ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ომის დანაშაულის საქმეების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, აუცილებელია, ეს ტვირთი სახელმწიფო სასამართლოსა და ერთეულთა სასამართლოებს შორის გადანაწილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხე სახელმწიფო ვერ შეძლებს, შეასრულოს კონვენციით აღებული ვალდებულება – საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევებისთვის პასუხისმგებელი პირები დროულად წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე (იხილეთ პალიჩი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ, №4704/04, 2011 წლის 15 თებერვალი).
83. სასამართლოსთვის ცნობილია, რომ შესაბამის დროს ერთეულთა სასამართლოები, ჩვეულებრივ, უფრო მსუბუქ სასჯელებს ადგენდნენ, ვიდრე სახელმწიფო სასამართლო (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 30), მაგრამ ეს განსხვავება არ უნდა აიხსნას პიროვნული მახასიათებლებით და, ამდენად, იგი დისკრიმინაციულ მიდგომას არ წარმოადგენს. სად უნდა განხილულიყო ესა თუ ის საქმე – სახელმწიფო სასამართლოში თუ ერთეულის სასამართლოში – ამას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ზემოთ, მე-40 პარაგრაფში მოცემულ ობიექტურ და გონივრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, წყვეტდა თავად სახელმწიფო სასამართლო (შეადარეთ კამილერი მალტის წინააღმდეგ, №42931/10, 2013 წლის 22 იანვარი, რომელშიც ამგვარი გადაწყვეტილება მხოლოდ პროკურორის დისკრეციაზე იყო დამოკიდებული). შესაბამისად, წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში არ არსებობს არც კონვენციის მე-7 მუხლთან მიმართებაში მე-14 მუხლის და არც მე-12 ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევის რაიმე ნიშანი (იხილეთ მეგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №28135/95, § 50, ECHR 2000 VI, და ზემოხსენებული შიმშიჩი).
84. ამგვარად, მომჩივნების საჩივარი დისკრიმინაციის შესახებ აშკარად დაუსაბუთებელია და უარყოფილი უნდა იყოს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ა) პუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
85. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
“თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
ა. მატერიალური ზიანი
86. ბ-ნი მაკტუფი ამტკიცებდა, რომ ამ სასამართლო პროცესისა და სასჯელის გამო თავისი კომპანიის მართვა არ შეეძლო და რომ 500,000 ევროს ოდენობის მატერიალური ზიანი განიცადა.
87. მთავრობამ ეს მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია.
88. სასამართლო ეთანხმება მთავრობას და უარყოფს ამ მოთხოვნას დაუსაბუთებლობის გამო.
ბ. მორალური ზიანი
89. ბ-ნი მაკტუფი 100,000 ევროს ითხოვდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ბ-ნი დამიანოვიჩი ასევე ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას, თუმცა მან ვერ დააკონკრეტა ის თანხა, რაც, მისი აზრით, სამართლიანი იქნებოდა.
90. მთავრობამ მიიჩნია, რომ ბ-ნი მაკტუფის მოთხოვნა გადაჭარბებული იყო.
91. რადგან გაურკვეველია, მომჩივნებს შეეფარდებოდათ თუ არა მართლაც უფრო მსუბუქი სასჯელები 1976 წლის კოდექსის გამოყენების შემთხვევაში (შეადარეთ ეჯერი და ზეირეკი თურქეთის წინააღმდეგ, №29295/95 და №29363/95, ECHR 2001‑II, და ზემოხსენებული სკოპოლა), სასამართლო წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში ადგენს, რომ დარღვევის დადგენა, თავისთავად, მომჩივნების მიერ განცდილი ნებისმიერი მორალური ზიანის საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას წარმოადგენს.
გ. სასამართლო ხარჯები
92. ბ-ნი მაკტუფი ასევე ითხოვდა 36,409 ევროს ეროვნულ სასამართლოებში გაწეული სასამართლო ხარჯებისთვის. ბ-ნ დამიანოვიჩს იურიდიული დახმარება გაეწია სასამართლოს იურიდიული დახმარების სქემის შესაბამისად, საერთო ჯამში 1,545 ევროს ოდენობით, რომ მისი ადვოკატი დიდი პალატის წინაშე წარმდგარიყო. იგი ითხოვდა 13,120 ევროს საქმის სასამართლოში წარმოებისთვის გაწეული დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებლად.
93. მთავრობამ ეს მოთხოვნები დაუსაბუთებლად მიიჩნია.
94. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მომჩივანს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს ის სასამართლო ხარჯები, რომლებიც დამტკიცდება, რომ ნამდვილად იქნა გაწეული, იყო აუცილებელი და გონივრული ოდენობისაა. ანუ, მომჩივანს გადახდილი უნდა ჰქონდეს, ან ევალებოდეს ამ ხარჯების გადახდა სამართლებრივი ან საკონტრაქტო ვალდებულების შესაბამისად და ეს ხარჯები უნდა იყოს აუცილებელი დადგენილი დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად. სასამართლო ითხოვს ისეთ დეტალურ ქვითრებს, რაც შესაძლებელს გახდის იმის დადგენას, თუ რამდენად იყო დაკმაყოფილებული ზემოაღნიშნული მოთხოვნები. წინამდებარე საქმეში, მის ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, თითოეულ მომჩივანს მიაკუთვნოს 10,000 ევრო, რასაც დაემატება ნებისმიერი გადასახადი, რაც მათ შეიძლება დაერიცხოთ.
დ. საურავი
95. სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო
1. აცხადებს ხმათა უმრავლესობით დაუშვებლად კონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებულ საჩივარს;
2. აცხადებს ხმათა უმრავლესობით დაუშვებლად კონვენციის მე-7 მუხლთან მიმართებაში მე-14 მუხლთან და მე-12 ოქმის 1-ლ მუხლთან დაკავშირებულ საჩივარს;
3. აცხადებს ერთხმად დასაშვებად კონვენციის მე-7 მუხლთან დაკავშირებულ საჩივარს;
4. ადგენს ერთხმად, რომ დაირღვა კონვენციის მე-7 მუხლი;
5. ადგენს ერთხმად,
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის ვადაში თითოეულ მომჩივანს უნდა გადაუხადოს 10,000 (ათი ათასი) ევრო, ამას დაემატება ნებისმიერი გადასახადი, რაც თანხის გადახდის დღეს მომჩივნებს შეიძლება დაეკისროთ მიკუთვნებული ხარჯების დადგენილი კურსით მოპასუხე სახელმწიფოს ფულად ერთეულში კონვენტირების დროს;
(ბ) რომ ზემოაღნიშნული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, ზემოხსენებულ თანხას დაერიცხება საურავის პერიოდის განმავლობაში ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი პროცენტი, რასაც დაემატება სამი პროცენტი;
6. უარყოფს ერთხმად მომჩივნების დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.
გადაწყვეტილება შედგენილია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გამოცხადდა ღია სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობაში, სტრასბურგში, 2013 წლის 18 ივლისს.
მაიკლ ო’ბოილიდინ შპილმანი
სასამართლო გამწესრიგებელითავმჯდომარე
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი ცალკე მოსაზრებები:
(ა) მოსამართლე ზიემელეს თანმხვედრი აზრი;
(ბ) მოსამართლე კალაიჯიევას თანმხვედრი აზრი;
(გ) მოსამართლე პინტო დე ალბუკერკეს თანმხვედრი აზრი, რომელსაც მოსამართლე ვუჩინიჩი შეუერთდა.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
[1]. Armija Republike Bosne i Hercegovine (ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია).
[2]. ბოსნიაკები მუსლიმანებად იყვნენ ცნობილი 1992-95 წლების ომამდე. ტერმინი „ბოსნიაკები“ (Bošnjaci) არ უნდა ავურიოთ ტერმინში „ბოსნიელები“ (Bosanci), რომელიც, ჩვეულებრივ, აღნიშნავს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მოქალაქეებს, მათი ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად.
[3]. Hrvatsko vijeće obrane (ხორვატიის თავდაცვის საბჭო).
[4]. Vojska Republike Srpske (სერბული რესპუბლიკის არმია).
[5]. 1993 წლის 25 მაისის რეზოლუცია 827 (1993).
[6]. იხილეთ ICTY-ის მიერ 2002 წლის ივნისში მომზადებული ანგარიში (S/2002/678) ICTY-ის იურიდიული სტატუსისა და გარკვეული საქმეების ეროვნული სასამართლოებისთვის გადაცემის პერსპექტივის შესახებ და გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტის 2002 წლის 23 ივლისის განცხადება (S/PRST/2002/21).
[7]. 2003 წლის 28 აგვისტოს რეზოლუცია 1503 (2003).
[8]. ამ უფლებამოსილებების შესახებ, რომლებიც ცნობილია ასევე, როგორც „ბონის უფლებამოსილებები“, მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში კონსტიტუციური სიტუაციასა და უმაღლესი წარმომადგენლის უფლებამოსილებებზე ვენეციის კომისიის მოსაზრება (2005 წლის 11 მარტის დოკუმენტი CDL-AD(2005)004).
[9]. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ოფიციალური ბიულეტენი №3/03, №37/03, №32/03, №54/04, №61/04, №30/05, №53/06, №55/06, №32/07 და №8/10.
[10]. იუგოსლავიის სოციალისტური ფედერალური რესპუბლიკის ოფიციალური ბიულეტენი №44/76, №36/77, №56/77, №34/84, №37/84, №74/87, №57/89, №3/90, №38/90 და №45/90.
[11]. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციის ოფიციალური ბიულეტენი №43/98, №2/99, №15/99, №29/00, №59/02 და №19/03.
[12]. სერბიული რესპუბლიკის ოფიციალური ბიულეტენი №22/00, №33/00 და №37/01.
[13]. იხილეთ ადამიანის უფლებათა პალატის 1998 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება CH/97/69 ჰერაკის საქმეზე, ასევე ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება Kž-58/99 გენოციდის საქმეზე, სადაც 40 წლიანი პატიმრობა 20 წლიანი პატიმრობით შეიცვალა.
[14]. იხილეთ, მაგალითად, 2008 წლის სექტემბრის გადაწყვეტილება ვლაჰოვლიაკის საქმეზე, რომელშიც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ 2003 წლის კოდექსი გამოიყენა.
[15]. 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება X-KRŽ-06/299 კურტოვიჩის საქმეზე.
[16]. 2011 წლის 14 ივნისის გადაწყვტილება X-KRŽ-09/847 ნოვალიჩის საქმეზე; 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება X-KRŽ-07/330 მიჰალიევიჩის საქმეზე; 2012 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება S1 1 K 002590 11 Krž4 ს.ლ.-ს საქმეზე; 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება S1 1 K 005159 11 Kžk აშკრაბას საქმეზე; და 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება S1 1 K 003429 12 Kžk ოსმიჩის საქმეზე.
[17]. 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება X-KRŽ-06/431 კაპიჩის საქმეზე; და 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება X-KRŽ-07/394 დუკიჩის საქმეზე.
[18]. 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება X-KRŽ-08/488 ვრდოლიაკის საქმეზე; და 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება X-KRŽ-06/243 ლაზარევიჩის საქმეზე.
[19]. 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება X-KRŽ-06/299 კურტოვიჩის საქმეზე; და 2012 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება S1 1 K 002590 11 Krž4 ს.ლ.-ს საქმეზე.
[20]. 2011 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება X-KRŽ-09/847 ნოვალიჩის საქმეზე.
[21]. ამ კანონის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის №49/09 ოფიციალურ ბიულეტენში, ხოლო ცვლილებები - №74/09 და №97/09 ოფიციალურ ბიულეტენში.
[22]. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ოფიციალური ბიულეტენი, საერთაშორი ხელშეკრულებების სერია, №12/04, №7/05 და №8/06.
[23]. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ოფიციალური ბიულეტენი, საერთაშორისო ხელშეკრულებების სერია, №93/06 და №3/07.
[24]. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ოფიციალური ბიულეტენი №3/03, №36/03, №32/03, №26/04, №63/04, №13/05, №48/05, №46/06, №76/06, №29/07, №32/07, №53/07, №76/07, №15/08, №58/08, №12/09, №16/09 და №93/09.
[25]. Pravilnik o pregledu predmeta ratnih zločina, KTA-RZ 47/04-1; ამ დოკუმენტის ასლი მთავრობამ წარმოადგინა.
Full & Egal Universal Law Academy