© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ფურცელი №165 სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ
ივლისი, 2013
მაკტუფი და დამიანოვიჩი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ [დიდი პალატა] - 2312/08 და 34179/08
გადაწყვეტილება 18.7.2013 [დიდი პალატა]
მუხლი 7
მუხლი 7-1
უფრო მკაცრი სასჯელი
სისხლის სამართლის იმ კანონმდებლობის რეტროსპექტულად გამოყენება, რომელიც ომის დანაშაულებისთვის უფრო მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებდა, ვიდრე დანაშაულთა ჩადენის დროს მოქმედი კანონმდებლობა: დადგინდა დარღვევა
ფაქტები – ორივე მომჩივანი მსჯავრდებული იქნა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სასამართლოს მიერ („სახელმწიფო სასამართლო“) 1992-95 წლების ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებში. ომის დანაშაულთა პალატები სახელმწიფო სასამართლოში 2005 წლის დასაწყისში შეიქმნა, როგორც ყოფილი იუგოსლავიის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის საქმიანობის დასრულების სტრატეგიის ნაწილი. სახელმწიფო სასამართლოს, რომელიც საერთაშორისო და ეროვნული მოსამართლეებისგან შედგება, შეუძლია, თავად განიხილოს ომის დანაშაულის სენსიტიური და რთული საქმეები, ხოლო ნაკლებად სენსიტიური და რთული საქმეები – ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ორი ერთეულის უფლებამოსილ სასამართლოებს („ერთეულთა სასამართლოები“) გადააბაროს.
პირველი მომჩივანი (ბ-ნი მაკტუფი) 2005 წლის ივლისში სახელმწიფო სასამართლოს მიერ მსჯავრდებული იქნა მძევალთა აყვანაში დახმარებასა და თანამონაწილეობაში, როგორც ომის დანაშაულში, და, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის („2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსი“) შესაბამისად, ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2006 წლის აპრილში სასამართლოს სააპელაციო პალატამ ორი საერთაშორისო მოსამართლის მონაწილეობით, საქმის განმეორებით განხილვის შემდეგ, მისი მსჯავრდება და სასჯელი უცვლელად დატოვა. მეორე მომჩივანი (ბ-ნი დამიანოვიჩი), ვინც მთავარი მონაწილე იყო 1992 წელს სარაევოში დაჭერილი ბოსნიაკების ცემაში, 2007 წლის ივნისში მსჯავრდებული იქნა წამებაში, როგორც ომის დანაშაულში, და, 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, თერთმეტი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ევროპული სასამართლოსადმი საჩივრებში ორივე მათგანი ჩიოდა, inter alia, რომ სახელმწიფო სასამართლომ მათ მიმართ უკუძალით გამოიყენა უფრო მკაცრი სისხლის სამართლის კანონი, 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსი, და არა ის, რომელიც დანაშაულების ჩადენის დროს გამოყენებადი იყო, კერძოდ, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერალური რესპუბლიკის 1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსი („1976 წლის სისხლის სამართლის კოდექსი“) და რომ ამის შედეგად მათ უფრო მკაცრი სასჯელები შეეფარდათ.
სამართალი – მე-7 მუხლი: სასამართლომ განმეორებით აღნიშნა, რომ მისი ამოცანა არ იყო, in abstracto განეხილა, ომის დანაშაულის საქმეებში 2003 წლის კოდექსის უკუძალით გამოყენება, per se, იყო თუ არა კონვენციის მე-7 მუხლთან შეუთავსებელი. ეს საკითხი უნდა შეფასებულიყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თითოეული საქმის სპეციფიკური გარემოებებისა და, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, გამოიყენეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა კანონი, რომლის დებულებებიც უფრო ხელსაყრელი იყო ბრალდებულისთვის.
ომის დანაშაულებს ერთნაირად განმარტავდა 1976 წლისა და 2003 წლის სისხლის სამართლის კოდექსები. მომჩივნებს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ, რომ მათი ქმედებები დანაშაულებრივი იყო და მათი ჩადენის დროს საკმარისი ხელმისაწვდომითა და განჭვრეტადობით ხასიათდებოდა. ამდენად, საკითხი ეხებოდა არა მათი მსჯავრდების კანონიერებას, არამედ ამ ორი კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელთა სხვადასხვა ფარგლებს, რომლებიც ომის დანაშაულებთან დაკავშირებით გამოიყენებოდა.
სახელმწიფო სასამართლომ პირველ მომჩივანს შეუფარდა ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, დახმარებისა და თანამონაწილეობისთვის 2003 წლის კოდექსით გათვალსიწინებული ყველაზე მსუბუქი შესაძლო სასჯელი, თუმცა, 1976 წლის კოდექსის შესაბამისად, მისი სასჯელი შეიძლება შემცირებულიყო და მხოლოდ ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეედგინა. ანალოგიურად, მეორე მომჩივანს განესაზღვრა თერთმეტი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, 2003 წლის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ, ათწლიან, ვადაზე ცოტა მეტი. თუმცა, 1976 წლის კოდექსის შესაბამისად, შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ხუთწლიანი სასჯელის შეფარდება.
რადგან მომჩივნებს ქვედა ზღვარით გათვალისწინებული სასჯელები შეეფარდათ, განსაკუთრებით რელევანტური იყო ის, რომ 1976 წლის კოდექსი უფრო ლმობიერი იყო მინიმალურ სასჯელთან მიმართებაში. ამ კონტექსტში ის ფაქტი, რომ მაქსიმალურ სასჯელთან დაკავშირებით 2003 წლის კოდექსი უფრო ლმობიერი შეიძლება ყოფილიყო, არაარსებითი იყო, რადგან დანაშაულები, რომლებშიც მომჩივნები იყვნენ მსჯავრდებული, აშკარად არ მიეკუთვნებოდა იმ კატეგორიას, რომლის მიმართაც მაქსიმალური სასჯელი გამოიყენებოდა. ამასთან, თუმცა სასამართლომ დაადასტურა, რომ მომჩივნების სასჯელები როგორც 2003 წლის, ისე 1976 წლის კოდექსების ფარგლებში ჯდებოდა და, ამდენად, არ შეიძლებოდა დარწმუნებით იმის თქმა, რომ, 1976 წლის კოდექსის გამოყენების შემთხვევაში, რომელიმე მომჩივანი უფრო მსუბუქ სასჯელს მიიღებდა, აქ არსებითი იყო ის, რომ მომჩივნებს, 1976 წლის კოდექსის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო მსუბუქი სასჯელები შეფარდებოდათ. შესაბამისად, რადგან არსებობდა რეალური შესაძლებლობა, რომ 2003 წლის კოდექსის უკუძალით გამოყენებას, სასჯელთა განსაზღვრის კუთხით, მომჩივნების საზიანოდ ემუშავა, არ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის წინააღმდეგ მომჩივნებს ეფექტიანი გარანტიები ჰქონდათ.
სასამართლომ ვერ გაიზიარა მთავრობის არგუმენტი, რომ თუ ქმედება ჩადენის დროს დანაშაულებრივი იყო ”ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგად პრინციპების“ მიხედვით (კონვენციის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი), მაშინ დანაშაულებისა და სასჯელების უკუძალით გამოუყენებლობის წესი არ გამოიყენებოდა. ეს არგუმენტი არ შეესაბამებოდა კონვენციის შემქმნელთა ჩანაფიქრს, რომ მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილი უკუძალით გამოუყენებლობის ზოგად წესს შეიცავდა, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი მხოლოდ კონტექსტუალურ დაზუსტებას წარმოადგენდა, რაც დამატებული იყო იმის უზრუნველსაყოფად, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ომის დროს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ დევნათა კანონიერების შესახებ არანაირი ეჭვი არ არსებულიყო. ამგვარად, ნათელი იყო, რომ კონვენციის შემქმნელები არ აპირებდნენ უკუძალით გამოუყენებლობის წესიდან რაიმე საერთო გამონაკლისის დაშვებას.
რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ომის დანაშაულების ადეკვატურად დასჯის ვალდებულება მოითხოვდა, რომ უკუძალით გამოუყენებლობის პრინციპი, მომჩივნების შემთხვევაში, არ გაეთვალისწინებინათ, მთავრობამ აღნიშნა, რომ დანაშაულებისა და სასჯელების უკუძალით გამოუყენებლობის წესი ჟენევის კონვენციებსა და მათ დამატებით ოქმებშიც არსებობდა. ამასთან, რადგან მომჩივნების სასჯელები ორივე, 1976 წლის და 2003 წლის, კოდექსის ფარგლებში თავსდებოდა, მთავრობის არგუმენტი, რომ მომჩივნები ძველი კოდექსით ადეკვატურად ვერ დაისჯებოდნენ, აშკარად დაუსაბუთებელი იყო.
ამგვარად, მომჩივანთა საქმეების კონკრეტულ გარემოებებში დაირღვა კონვენციის მე-7 მუხლი. თუმცა, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს დასკვნა იმას კი არ მიანიშნებდა, რომ უფრო მსუბუქი სასჯელები უნდა შეეფარდებინათ, არამედ მხოლოდ იმას, რომ მომჩივნების საქმეებში სასჯელთა განსაზღვრის შესახებ 1976 წლის კოდექსის დებულებები უნდა გამოეყენებინათ.
დასკვნა: დადგინდა დარღვევა (ერთხმად).
მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი: პირველი მომჩივანი ასევე ჩიოდა, რომ სახელმწიფო სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის მიზნებისთვის, კერძოდ, იმიტომ, რომ მისი ორი წევრი ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში უმაღლესი წარმომადგენლის სამსახურის მიერ იყო დანიშნული ორი წლის, განახლებადი ვადით. ევროპულმა სასამართლომ ვერ დაინახა რაიმე მიზეზი, რომ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პოლიტიკური ორგანოებისგან, საქმის მხარეებისა და უმაღლესი წარმომადგენლის ინსტიტუტისგან სახელმწიფო სასამართლოს საერთაშორისო მოსამართლეების დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დაეყენებინა. მათი დანიშვნა სწორედ მოტივირებული იყო იმის სურვილით, რომ სახელმწიფო სასამართლოს ომის დანაშაულთა პალატების დამოუკიდებლობა განმტკიცებულიყო და ეროვნული სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობა აღმდგარიყო. ის ფაქტი, რომ განსახილველი მოსამართლეები თავიანთი ქვეყნების პროფესიონალ მოსამართლეთა რიგებიდან იქნენ მივლენილები, გარე ზეწოლისგან დაცვის დამატებით გარანტიას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი უფლებამოსილების ვადა შედარებით მოკლე იყო, ეს გასაგები იყო სახელმწიფო სასამართლოში საერთაშორისო წარმომადგენლობის დროებითი ხასიათისა და საერთაშორისო მივლინებების მექანიზმების გათვალისწინებით.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი)
მე-14 მუხლი და/ან მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილი: რაც შეეხება მომჩივნების საჩივარს, რომ მათი საქმეების განხილვა სახელმწიფო სასამართლოში, და არა – ერთეულების სასამართლოებში, დისკრიმინაციული იყო, სასამართლომ აღნიშნა, რომ ომის შემდეგ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ომის დანაშაულის საქმეების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო, ეს ტვირთი სახელმწიფო სასამართლოსა და ერთეულთა სასამართლოებს შორის გადანაწილებულიყო, რათა მოპასუხე სახელმწიფოს შეესრულებინა კონვენციით აღებული ვალდებულება – საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევებისთვის პასუხისმგებელი პირები დროულად წარმდგარიყვნენ მართლმსაჯულების წინაშე. სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ შესაბამის დროს ერთეულთა სასამართლოები, ჩვეულებრივ, უფრო მსუბუქ სასჯელებს განსაზღვრავდნენ, ვიდრე სახელმწიფო სასამართლო, მაგრამ ეს განსახვავება არ უნდა ახსნილიყო პიროვნული მახასიათებლებით და, ამდენად, იგი დისკრიმინაციულ მიდგომას არ წარმოადგენდა. სად უნდა განხილულიყო ესა თუ ის საქმე – სახელმწიფო სასამართლოში თუ ერთეულის სასამართლოში – ამას ობიექტურ და გონივრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით თავად სახელმწიფო სასამართლო წყვეტდა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
41-ე მუხლი: დარღვევის დადგენა, თავისთავად, მომჩივნების მიერ განცდილი ნებისმიერი მორალური ზიანის საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას წარმოადგენდა. პირველი მომჩივნის მოთხოვნა მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით უარყოფილი იქნა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy