Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
Mamaladze v. Georgia
მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ
საჩივარი №9487/19 გადაწყვეტილება
2022 წელი, 3 ნოემბერი
ფაქტები
მომჩივანი, ბატონი გიორგი მამალაძე საქართველოს მოქალაქეა, იგი დაიბადა 1984 წელს. ამჯამად პატიმრობაში იმყოფება თბილისში.ა) საქმის ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შესაძლებელია შეჯამდეს შემდეგნაირად.2017 წლის იანვარში, ჟურნალისტმა ი .მ. ორ ადვოკატს აცნობა, რომ მომჩივანი დეკანოზი და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო კლინიკის დირექტორი (შემდგომ დირექტორის მოადგილე), ასევე, საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის (საპატრიარქოს) ქონების მართვის მომსახურების ყოფილი დირექტორი დაუკავშირდა მას „კალიუმის ციანიდის“ მოპოვების მიზნით (ძლიერი მომწამვლელი, ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც ასევე, ცნობილია potassium cyanide სახელწოდებით). ი. მ.-მ ადვოკატებს უთხრა, რომ მისი აზრით, საპატრიარქოში ვიღაცის მოკვლის გეგმა მუშავდებოდა. მან საუბარში აღნიშნა, რომ მომჩივანმა ციანიდი მოითხოვა ბერლინში მოგზაურობისთვის, სადაც ის გეგმავდა შეერთებოდა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის სულიერი ლიდერის, ილია მეორის დელეგაციას, ამ უკანასკნელის მიერ სამედიცინო პროცედურების მიღების მიზნით. ერთ-ერთმა ადვოკატმა ი. მ.-ს ურჩია ჩაეწერა საუბრის შინაარსი და მტკიცებულების სახით წარედგინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის.2017 წლის 2 თებერვალს, პატრიარქის დელეგაცია ბერლინში გაემგზავრა. იმავე დღეს ი. მ. ორ ადვოკატთან ერთად მივიდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და გაიმეორა ის, რაც ადვოკატებისთვის ჰქონდა ნათქვამი (იხილეთ ზედა პარაგრაფი). 3 თებერვალს, ი.მ.-მ წარადგინა სხვადასხვა აუდიო და ვიდეომასალა, მათ შორის, მომჩივანთან ტექსტური შეტყობინების ფოტომასალა (screenshot) და პატარა ფურცელი წარწერით – „კალიუმის ციანიდი“ (რომელიც მოგვიანებით, ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ იყო დაწერილი) და განაცხადა, რომ მომჩვანმა აღნიშნული თავად დაუწერა, იმისათვის, რომ ხმამაღლა არ წარმოეთქვა. ი. მ. ასევე, წარადგინა ერთ-ერთ ადვოკატთან მისი კომუნიკაციის ამსახველი ფოტომასალა. გამოძიება დაიწყო.
ი.მ. ხელისუფლებასთან თანაშრომლობას დათანხმდა და გააგრძელა მომჩივანთან საუბრის ჩაწერა. როგორც ჩანს, იმავე დღეს მოსამართლემ ი. მ.-ს მისცა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვა.
საუბრის შინაარსი მათ შორის, მომჩივნის სავარაუდო მტრული დამოკიდებულება შ. თ.-სთან, პატრიარქის მდივან-რეფერენტთან და ბერლინში პატრიარქის დელეგაციის წევრთან, რომელიც შემდეგ სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულად იქნა ცნობილი, სიღრმისეულად იქნა განხილული ეროვნული სასამართლოების მიერ (პარაგრაფი 10, ქვემოთ).2017 წლის 10 თებერვალს, გამთენიისას, როდესაც მომჩივანი უკვე მისული იყო აეროპორტში და ის-ის იყო უნდა ასულიყო თვითმფრინავში, მასთან პოლიციელები მივიდნენ და წაიყვანეს გენერალურ პროკურატურაში. მის მიერ ჩაბარებული ბარგი დალუქეს აეროპორტის საბარგო განყოფილების თანამშრომლების თანდასწრებით. იმავე დღეს, 4 საათზე გენერალურ პროკურატურაში ბარგს ლუქი მოხსენეს და გაჩხრიკეს. ჩხრეკას ასევე, ესწრებოდნენ მომჩივნის ადვოკატი და აეროპორტის თანამშრომელი, რომელმაც დაადასტურა, რომ ბარგზე არსებული ლუქი ხელუხლებელი იყო. მომჩივანმა ჩხრეკის პროცესში დახმარება გადაწყვიტა და გახსნა ჩემოდანი, რომელიც მის მიერ იყო დალუქული შესაბამისი კოდის გამოყენებით. მან ფეხსაცმლის საწმენდი ამოიღო და გვერდით დადო. ერთ-ერთმა გამომძიებელმა მას ფეხსაცმლის საწმენდის გახსნა სთხოვა. მომჩივანმა ფეხსაცმლის საწენდს მოხსნა თავსახური, ხუფიდან პატარა კონტეინერის ყუთი გადმოვარდა და ძირს დავარდა. როგორც ჩანს, გამომძიებელმა აიღო და მაგიდაზე დადო. კონტეინერში თეთრი ფხვნილი იყო, რომელიც მოგვიანებით, „კალიუმის ციანიდი“ აღმოჩნდა. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ კონტეინერის ყუთი მას არ ეკუთვნოდა. იმავე დღეს გაჩხრიკეს მომჩივნის ბინა, საიდანაც იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. მომჩივანმა განაცხადა, რომ იარაღი ი. მ.-მ შესანახად მისცა.მომჩივნის შემდგომი მცდელობები, ამოეღო აეროპორტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები წარუმატებელი აღმოჩნდა. თითის ანაბეჭდები არ აუღიათ მასალაზე, რომელიც ამოღებულ იქნა მომჩივნის ჩემოდნიდან. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ჩხრეკის პროცესში მას მომჩივანი შეეხო.2017 წლის 11 თებერვალს, მომჩივანს ბრალი წაუყენეს შ. თ.-ს მკვლელობის მომზადებისა (მე-5 პარაგრაფი ზემოთ) და იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში. იმავე დღეს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მომჩივანი და მისი ადვოკატები დაავალდებულა არ გაემჟღავნებინათ საქმეში არსებული ცნობები (მე-16 პარაგრაფი ქვემოთ).მომჩივნის საქმე მედიის მიერ ფართოდ გაშუქდა და გამოიწვია საზოგადოებრივი ინტერესის გამძაფრება. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, სხვადასხვა მტკიცებულება მათ შორის, ფარული ჩანაწერები, სადაც მომჩივანი ფიგურირებდა – გენერალური პროკურატურის მიერ მედიაში გავრცელდა. 2017 წლის 20 თებერვალს, მომჩივნმა უჩივლა საქართველოს გენერალურ პროკურატურას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო, იმ საფუძვლით, რომ მას საქმეში არსებული ცნობების გაუმჟღავნებლობის ვალდებულება დააკისრეს. აცხადებდა, რომ საპატრიარქოს მიეწოდა საქმის მასალები და საქართველოს გენერალური პროკურატურა ინფორმაციას აწვდიდა საზოგადოებას, მათ შორის მედიით ავრცელებდა კონფიდენციალურ დოკუმენტაციას. 2017 წლის 5 აპრილს, მომჩივანმა კიდევ ერთხელ იჩივლა, რომ გაუმჟღავნებლობის ვალდებულება, ისევე როგორც მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის სავარაუდო დარღვევა – საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ საქმის მასალებიდან სხვადასხვა ამონარიდის გასაჯაროვებით, მათ შორის, ფარული ჩანაწერების გასაჯაროვებით, გენერალური პროკურატურა შეეცადა „გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ აზრზე“ და ის დამნაშავედ წარმოეჩინა. იმავე წლის 17 თებერვალს,გაშუქებულ სიახლეებზე დაყრდნობით, მომჩივანი დამატებით ამტკიცებდა, რომ მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული სხვადასხვა განცხადებების საფუძველზე დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია. იმავე საინფორმაციო გამოშვებაში, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „უმძიმესი უბედურება იქნა თავიდან აცილებული, სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული იქნა აღკვეთილი.“ პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა გავრცელებულ ინფორმაციაზე, „რომლის მიხედვით, იგეგმებოდა მაღალი რელიგიური თანამდებობის მქონე პირის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა.“ ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ „ეს იყო კარგად შემუშავებული გეგმა... რომელიც იქნებოდა თავდასხმა არა მხოლოდ ეკლესიაზე, არამედ მთელ საქართველოზე.“ იმავე საინფორმაციო გამოშვებაში, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, „თავიდან იქნა აცილებული ტრაგედია, რომელიც გამოიწვევდა არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ ქვეყნის დესტაბილიზაციას და იქნებოდა ეროვნული ტრაგედია.“ მან ასევე დასძინა, რომ „ამჟამად პატრიარქი უსაფრთხოდ არის...“ ჟურნალისტმა, რომელსაც მიჰყავდა საინფორმაციო გამოშვება აღნიშნა, „ოფიციალური პირები თავიანთ საჯარო კომენტარებში არ უკავშირებენ მომჩივნის დაკავებას ილია მეორეს (პატრიარქს), თუმცა მინისტრთა კაბინეტის განცხადებით, პატრიარქის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.“2017 წლის 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი ბრალდებულად ცნო წარდგენილ ბრალში (მე-8 პარაგრაფი ზემოთ). სასამართლოს 62-გვერდიან გადაწყვეტილებაში განხილულია სხვადასხვა საკითხებზე არსებული მტკიცებულებები, რომელიც მოიცავდა მომჩივანსა და მსხვერპლს შორის სავარაუდო მტრობას (იხილეთ მე-5 და მე-8 პარაგრაფები ზემოთ), მომჩივნის სავარაუდო განზრახვას და მოტივებს, სავარაუდო დაპირისპირებას საპატრიარქოს იერარქიაში, მომჩივნის სამუშაო და ფინანსური ურთიერთობებს და ი. მ.-ს პერსონას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანი და ი. მ. მეგობრები იყვნენ. მომჩივანი სხვა ინდივიდთან ერთად, სხვადასახვა დროს, სხვადასხვა საკითხზე მოქმედებდა როგორც ი. მ.-ს საიდუმლო წყარო ეკლესიის მენეჯმენტსა და ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ი. მ.-ს ჟურნალისტური საქმიანობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკავშირდებოდა ოქროს მაღაროს ფუნქციონირებას, სასამართლოს შეფასებით, მას მომჩივანი იმ ვარაუდით დაუკავშირდა, რომ ი. მ.-ს ექნებოდა კავშირი ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც წვდომა აქვთ ციანიდზე (რომელიც როგორც ჩანს, გამოიყენება ოქროს მოსაპოვებლად). მომჩივანსა და ი. მ.-ს შორის სხვადასხვა მიმოწერის ამსახველი ფოტომასალის, მათი საუბრის აუდიო და ვიდეოჩანაწერების შეფასებისას, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ი. მ.-ს ამ ნაწილში პასიური როლი ჰქონდა, მომჩივანი კი, აქტიურად ითხოვდა ციანიდს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მომჩივნის პირადი მოწყობილობიდან მოპოვებული ინფორმაცია და ჩანაწერები, ექსპერტების დასკვნები და განცხადებები, რომლითაც დასტურდებოდა სხვადასხვა მტკიცებულების ავთენტურობა, ისევე როგორც ციანიდის ბუნება და მისი გამოყენებადობა. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მომჩივანს განზრახული ჰქონდა შ. თ.-ს ციანიდით მოწამვლა და მან განზრახ შექმნა გარემოებები მკვლელობის ჩასადენად, რაც ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დანაშაულის მომზადებას გულისხმობს. სასამართლომ სხვა არგუმენტებთან ერთად განიხილა მომჩივნის განცხადება, რომ შ. თ.-მა მას სთხოვა ციანიდის მოპოვება ოქრომჭედლობისთვის, თუმცა, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაუსაბუთებლად მიიჩნია. შ. თ.-ის და ოქრომჭედლის განცხადებებმა სრულად გამორიცხა მათ საქმიანობაში ციანიდის რაიმე ფორმით გამოყენება. კითხვაზე, თუ ზუსტად როგორ მოიპოვა მომჩივანმა ციანიდი, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ გარემოების დაუდგენლობა მომჩივნის საქმის განხილვას არ ხდიდა უსამართლოს ან უკანონოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამგვარი მახასიათებელი ჰქონდა ბევრ ნარკოტიკულ ან ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულს. მომჩივნის არგუმენტის შეფასებისას, რომ მის ჩემოდანში ნაპოვნი ციანიდი ჩადებული იყო და თითის ანაბეჭდის ან სხვა სახის ექსპერტიზა არ ჩატარებულა, სასამართლომ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ბარგი ჩააბარა მომჩივანმა, არ იყო შესაძლებელი მას ვინმე შეხებოდა. მაშინ, როცა საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს თითის ანაბეჭდის აღება – მომჩივანს შეეძლო ეს გაეკეთებინა, თუმცა არ გააკეთა. რაც შეეხება მეორე წაყენებულ ბრალს, რომელიც უკავშირდებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ფლობას (იხილეთ მე-8 პარაგრაფი ზემოთ), სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული კანონმდებლობის და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ნებისმიერი მიზეზით ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა საკმარისი იყო ამ ნაწილში მსჯავრდებისათვის.რაც შეეხება სასამართლო პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარებას, თბილისის საქალაქო სასამართლო დაეყრდნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლს და განაცხადა, რომ საქმის მასალებში ასახული იყო ზოგიერთი ინდივიდის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია და მათი გასაჯაროებით დაირღვეოდა მომჩივნის და სხვა ინდივიდების „საჯარო და კერძო ინტერესები.“ სასამართლოს თანახმად, საქმის მასალებში ასევე ასახული იყო მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია ზოგიერთი სასულიერო პირის შესახებ და მათი გასაჯაროება „მიუღებელი იქნებოდა საზოგადოებაში დამკვიდრებული რელიგიური და მორალური პრინციპების გამო.“ სასამართლომ ასევე, აღნიშნა, რომ სამართალწარმოებაში მონაწილე ზოგიერთი პირის მიმართ გამოყენებული იყო დაცვის სპეციალური ღონისძიება, რადგან მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საზოგადოების დასწრების აკრძალვას არ ჰქონია რაიმე სახის ნეგატიური გავლენა სამართალწარმოების სამართლიანობაზე. რაც შეეხება გაუმჟღავნელობის ვალდებულებას, საგამოძიებო ორგანოები ვალდებულები იყვნენ ის დაეკისრებინათ, რადგან არსებობდა მესამე პირთა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების რისკი, ისევე როგორც საფრთხე ექმნებოდა ცალკე სისხლის სამართლის გამოძიებას (როგორც ჩანს, ციანიდის შეძენასთან დაკავშირებით). სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა გაეკეთებინა საჯარო განცხადებები, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლოზე გავლენას არ იქონიებდა სასამართლო დარბაზს მიღმა განვითარებული მოვლენები.
2017 წლის 4 ოქტომბერს, მომჩივანმა სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა. ის არ ეთანხმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, მტკიცებულებების შეფასებას, მატერიალური და საპროცესო სისხლის სამართლის ნორმების გამოყენებას, სამართალწარმოების შედეგს. აცხადებდა, რომ მოვლენების განვითარების მისეული ვერსია უფრო დამაჯერებელი იყო. ამასთან, დავობდა ბარგიდან ამოღებული მტკიცებულებების ავთენტურობის და მის წინააღმდეგ გამოყენების გადამოწმების შეუძლებლობას. აცხადებდა, რომ მტკიცებულება მას აეროპორტში ჩაუდეს, აპელირებდა უდანაშაულობის პრეზუმფციის სავარაუდო დარღვევაზე, საჯაროდ განხილვის უფლებაზე, აღნიშნავდა, რომ სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლები, რის გამოც მან სასამართლო სხდომა დახურულად გამოაცხდა – საქმის მასალებში ნათლად არ ჩანდა.2018 წლის 13 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოიტანა. მას შემდეგ, რაც დაიკითხნენ მოწმეები, ექსპერტები და განხილულ იქნა საქმეში არსებული სხვადასხვა მტკიცებულება, სასამართლომ მომჩივნის ვერსია განვითარებული მოვლენების შესახებ მიიჩნია, რომ იყო ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი. მან სრულად ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მტკიცებულების ჩადების საკითხთან მიმართებით, სასამართლომ გაიმეორა ქვედა ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია. სასამართლოს მომჩივნისთვის არანაირი მკაფიო პასუხი არ გაუცია უდანაშაულობის პრეზუმფციის სავარაუდო დარღვევასა და საქმის საჯაროდ განხილვის უფლებასთან დაკავშირებით.2018 წლის 13 მარტს, მომჩივანმა წარდგინა საკასაციო საჩივარი. სხვა არგუმენტებთან ერთად, ის აცხადებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად არ განიხილა მისი საჩივარი, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციის და საქმის საჯაროდ განხილვასთან დაკავშირებით.2018 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა 30‑გვერდიანი გადაწყვეტილება და დაუშვებლად გამოაცხადა პროკურორების და მომჩივნის საჩივარი, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. სხვა საკითხებთან ერთად, დამატებითი მსჯელობის გარეშე, გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, მომჩივნის უფლებები არ დარღვეულა, მათ შორის, არც უდანაშაულობის პრეზუმფცია და საქმის საჯაროდ განხილვის უფლება მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოებაში.მომჩივანი სასჯელს იხდის ქ. თბილისის №9 საპატიმროში. როგორც მისი წარდგინებებიდან ჩანს, მას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს. საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ მომჩივანმა სამართლებრივი დავა დაიწყო ციხეში ჯანმრთელობის თუ სხვა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.(ბ) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები
მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლი ითვალისწინებს საქმის სამართლიან განხილვას, ის არ ითვალისწინებს რაიმე წესს მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, აღნიშნული სრულად ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება(იხ.: Schenk v. Switzerland, 12 July, 1988, § 46, Series A no. 140; Jalloh v. Germany [GC], no. 54810/00, §§ 94-96, ECHR 2006-IX; and Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], no. 19867/12, § 83, 11 July 2017).
ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ მტკიცებულების დასაშვებობა (საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მტკიცებულება უნდა წარედგინოს სასამართლოს განსახილველად) და დაცვის მხარის უფლება იმ მტკიცებულებებთან მიმართებით, რომელიც წარედგინა სასამართლოს. განსხვავება არსებობს ამ უკანასკნელსა (აღნიშნული გულისხმობს დაცვის მხარის უფლების გათვალისწინებას მოპოვებულ მტკიცებულებებთან მიმართებით) და სასამართლოს მიერ მტკიცებულების შემდგომ შეფასებას შორის, სამართალწარმოების დასრულების ეტაპზე. დაცვის მხარის პოზიციიდან, მე-6 მუხლთან მიმართებით წამოიჭრება საკითხი იყო თუ არა ბრალდებულთან მიმართებით მტკიცებულება იმგვარად წარდგენილი, რომ უზრუნველყოფილიყო საქმის სამართლიანი განხილვა (იხ.: Ayetullah Ay v. Turkey, nos. 29084/07 and 1191/08, § 125, 27 October 2020, with further references). სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსაზღვროს არის თუ არა მტკიცებულება დასაშვები – მაგალითად, ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება ან განსაზღვროს, იყო თუ არა მომჩივანი დამნაშავე. საკითხი მდგომარეობს იმის შეფასებაში, იყო თუ არა სამართალწარმოება მთლიანობაში სამართლიანი, მათ შორის, ის თუ როგორ იქნა მტკიცებულებები მოპოვებული. აღნიშნული მოიცავს „უკანონობის“ შეფასებას, აქვს თუ არა ადგილი კონვენციის სხვა მუხლის დარღვევას, დარღვეული უფლების ხასიათის (იხ.: Bykov v. Russia [GC], no. 4378/02, § 89, 10 March 2009; Lee Davies v. Belgium, no. 18704/05, § 41, 28 July 2009; and Prade v. Germany, no. 7215/10, § 33, 3 March 2016).იმის შეფასებისას, იყო თუ არა სამართალწარმოება მთლიანობაში სამართლიანი, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რამდენად იყო დაცული დაცვის მხარის უფლებები. უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა მომჩივანს შესაძლებლობა გაესაჩივრებინა მტკიცებულების ავთენტურობა და შეწინააღმდეგებოდა მის გამოყენებას (იხ.: Szilagyi v. Romania (dec.), no. 30164/04, 17 December 2013). ამასთან, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მტკიცებულების ხარისხი. მისი მოპოვების გარემოებები ეჭვქვეშ ხომ არ აყენებს მის სანდოობას და სიზუსტეს (იხ.: among other authorities, Bykov, cited above, § 90; Lisica v. Croatia, no. 20100/06, § 49, 25 February 2010; and Ayetullah Ay, cited above, § 126). პრობლემას არ წარმოადგენს, თუ მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მასალით, იქ სადაც ძლიერი მტკიცებულება ფიგურირებს, არ არსებობს არასანდოობის რისკი, შესაბამისად, არ არსებობს დამატებითი მტკიცებულების საჭიროება (იხ.: Lee Davies, cited above, § 42; Bykov, cited above, § 90; and Bašić v. Croatia, no. 22251/13, § 48, 25 October 2016). ამ თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს, ნებისმიერი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ.: Ayetullah Ay, cited above, § 126). იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა მთლიანი სამართალწარმოება სამართლიანი, გამოძიების და კონკრეტული დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესი, უნდა იქნას მხედველობაში მიღებული და შეფასდეს პირის ინტერესთან შესაბამისობაში, მის წინააღმდეგ გამოყენებულ მტკიცებულება იყოს კანონიერად მოპოვებული (იხ.: Jalloh, § 97, and Prade, § 35, both cited above).
(ii) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
მომჩივანი დავობდა, რომ მის წინააღმდეგ გამოყენებული მთავარი მტკიცებულების დაშვებამ და გამოყენებამ სისხლის სამართლის პროცესი უსამართლო გახადა. კერძოდ, ის დავობდა, რომ მას მომწამვლელი ნივთიერება ჩემოდანში ჩაუდეს და არ მიეცა მტკიცებულების ამოღების გარემოებების გასაჩივრების უფლება.რაც შეეხება მტკიცებულების ხარისხს, მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო ი. მ.-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამო. სასამართლოს მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ბრძანების საფუძველზე (იხილეთ პარაგრაფები 5-9 ზემოთ), ხელისუფლების ორგანოებმა მიიღეს მომჩივნის დაკავების და მისი ბარგის გაჩხრეკის გადაწყვეტილება (იხილეთ პარაგრაფები 10-11 ზემოთ; see also Tortladze v. Georgia, no. 42371/08, § 72, 18 March 2021). ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ჩხრეკის განხორციელებამდე არ არსებობდა სასამართლოს ბრძანება, პირველი ინსტანციის სასამართლომ შემდგომში გასცა ბრძანება მომჩივნის ბარგის დაუყოვნებლივი გაჩხრეკის შესახებ (იხილეთ პარაგრაფი 40 ზემოთ), ამგვარად, აღნიშნული ღონისძიება არ იყო უკანონო (contrast and compare, for instance, Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, §§ 61 and 65, 14 March 2019). მეტიც, ი. მ. დაიკითხა ეროვნულ სასამართლოებში მომჩივნის და მის მიერ არჩეული ადვოკატების მონაწილეობით. მომჩივნის ბარგის ამოღების და ჩხრეკის გარემოებები დაადასტურა აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომელმა, რომელიც ღია სასამართლო სხდომაზე ჯვარედინად დაიკითხა დაცვის მხარის მიერ. ის ეროვნულმა სასამართლომ ნეიტრალურ მოწმედ მიიჩნია (პარაგრაფები 11 და 40 ზემოთ).რაც შეეხება მომჩივნის მიერ მის წინააღმდეგ გამოყენებული მტკიცებულების გასაჩივრების შესაძლებლობას, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მას არ გაუსაჩივრებია ის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზეც რელევანტური საგამოძიებო ღონისძიებები კანონიერად იქნა მიჩნეული (პარაგრაფი 40 ზემოთ). ნებისმიერ შემთხვევაში, სისხლის სამართლის სამართალწარმოების დროს, მას ჰქონდა მოპოვებული ნივთიერების კანონიერების და სანდოობის გასაჩივრების შესაძლებლობა. მომჩივნის არგუმენტები, რომლებიც უკავშირდებოდა ბარგის ჩამორთმევას და გაჩხრეკას, მოპოვებული მტკიცებულების ავთენტურობას, განხილულ იქნა ეროვნული სასამართლოების მიერ და სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში არ დაკმაყოფილდა დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე (პარაგრაფები 39-40 და 51 ზემოთ; ამასთან, Tortladze, cited above, § 73).ამის საპირისპიროდ და სახალხო დამცველის შეფასების მიუხედავად (45-ე პარაგრაფი, ზემოთ), სასამართლოს არ მიაჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების დასაბუთება მომჩივნის მიერ გაკეთებულ მოთხოვნასთან მიმართებით, რომლის საფუძველზეც ის აეროპორტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერების ამოღებას ითხოვდა, იყო თვითნებური ან აშკარად არაგონივრული. ეროვნულმა სასამართლოებმა ასევე, იმსჯელეს მომჩივნის იმ არგუმენტებზე, რომელთა საფუძველზეც ის დავობდა, რომ სისხლის სამართლის გამოძიებამ ვერ შეძლო იმის დადგენა, თუ სად და როდის შეეძლო მას ჩემოდანში აღმოჩენილი ნივთიერების მოპოვება. სასამართლოებმა საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკითხი არარელევანტურად მიიჩნიეს (იხილეთ მე-40 პარაგრაფი ზემოთ). რაც შეეხება ჩემოდანში ნაპოვნ მასალაზე თითის ანაბეჭდების და დნმ-ის არარსებობას, სასამართლომ პრობლემურად მიაჩნია ის გარემოება, რომ მომჩივნის ბარგის ჩხრეკა ჩატარდა იმგვარად, რომ შემდგომი საექსპერტო გამოკვლევები აზრსმოკლებული დარჩა. აღნიშნული ნაწილობრივ, ასევე აღნიშნეს ეროვნულმა სასამართლოებმა (იხილეთ პარაგრაფები 11 და 51 ზემოთ). ამ თვალსაზრისით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რელევანტური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ წინდახედულების ზომები იმისათვის, რომ თავიდან აერიდებინათ მტკიცებულების სავარაუდო განადგურება (იხ.: აგრეთვე Tortladze, cited above, § 73). მიუხედავად ამისა, აღნიშნულის განუხორციელებლობას, მოცემული საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, (იხილეთ პარაგრაფები 77-78 ზემოთ) კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია მტკიცებულების სანდოობა.ამასთან, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოპოვებული ნივთიერება არ იყო ის ერთადერთი მტკიცებულება, რომლის გამოც მომჩივანს მსჯავრი დაედო (see paragraphs 9, 37-41 and 51 above; see also Bykov, §§ 96 and 98, and Tortladze, § 74, both cited above). მომჩივნის მსჯავრდებისას, ეროვნული სასამართლოები დაეყრდნენ ი.მ.-ს მიერ წარდგენილ მამხილებელ მტკიცებულებას, სხვა მოწმეების ჩვენებებს, აუდიო და ვიდეოჩანაწერებს, კომპიტერულ მონაცემებს, რომელთა სანდოობა რამდენიმე საექპერტო კვლევის შედეგად დადასტურდა. ამ გარემოებების და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოვლენების მომჩვნის ვერსიას შორის არსებობდა აშკარა შეუსაბამობები (პარაგრაფები 29 და 39 ზემოთ), ეროვნული სასამართლოების უფლებამოსილება იყო შეეფასებინა მთლიანობაში, არსებობდა თუ არა საკმარისად ძლიერი მტკიცებულებები მომჩივნის „დანაშაულის მომზადებაში“ დამნაშავედ ცნობისთვის.ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ მთლიანობაში სამართალწარმოება არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს.შესაბამისად, ამ ნაწილში არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის §1.2. საჯაროობის პრინციპის სავარაუდო დარღვევა
(ბ) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები
მე-6 §1 მუხლის შესაბამისად, ეროვნულ სასამართლოებში საქმის საჯაროდ განხილვა, მოდავე მხარეებს იცავს მართლმსაჯულების ფარულად, საზოგადოებრივი ზედამხეველობის მიღმა განხორციელებისგან; აღნიშნული იძლევა ზედა თუ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიმართ ნდობის შენარჩუნების შესაძლებლობას. მართლმსაჯულების საჯაროდ განხორციელება უზრუნველყოფს მე-6 § 1 მუხლის მიზნის მიღწევას კერძოდ, საქმის სამართლიან განხილვას, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპია (იხ.: Sutter v. Switzerland, 22 February 1984, § 26, Series A no. 74, and Riepan v. Austria, no. 35115/97, §27, ECHR 2000-XII). მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები იზიარებენ საქმის საჯაროდ განხილვის პრინციპს, მის იმპლემეტაციასთან მიმართებით, რაც დაკავშირებულია სხდომის ჩატარებასთან და გადაწყვეტილების გამოცხადებასთან, სახელმწიფოების საკანონმდებლო სისტემაში და სასამართლო პრაქტიკაში გარკვეული განსხვავებები არსებობს. მე-6 §1 მუხლის მიზანთან შედარებით, საკითხის ფორმალური მხარე მეორეხარისხოვანია. გამორჩეული ადგილი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას უკავია დემოკრატიულ საზოგადოებაში, სასამართლოს პროცედურის რეალურად შესწავლას აიძულებს (იხ.: Sutter, cited above, § 27). მე-6 § 1 მუხლი არ უზღუდავს სასამართლოს უფლებას, საქმისთვის დამახასიათებელი სპეციალური გარემოებების მხედველობაში მიღებით, გადაუხვიოს ამ პრინციპს, ამ წინადადების პირდაპირი მნიშვნელობით, „პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისთვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვანის ინტერესები ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ან რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებელი გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს.“ სასამართლო სხდომის მთლიანი ან ნაწილობრივი დახურვა უნდა იყოს მკაცრად აუცილებელი საქმის გარემოებების გათვალისწინებით (იხ.: Diennet v. France, 26 September 1995, § 34, SeriesA no. 325-A; Martinie v. France [GC], no. 58675/00, § 40, ECHR 2006; and Welke and Białek
v. Poland, no. 15924/05, § 74, 1 March 2011).
(ii) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის სამართალწარმოების ადრეულ ეტაპზე მომჩივანს, დაზარალებულს და მოწმეებს დაეკისრათ გაუმჟღავნებლობის ვალდებულება. ეროვნულმა სასამართლოებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გადაწყვიტეს სისხლის სამართლის პროცესის დახურულად ჩატარება. ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება სასამართლო პროცესის სრულად დახურვასთან დაკავშირებით, ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს: სავარაუდოდ, საქმეში არსებული სხვადასხვა ინდივიდის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის დაცვა კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალური და რელიგიური პრინციპების დაცვა. მოწმეების დაცვა და ინციდენტთან მიმართებით მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება (პარაგრაფები 36, 42 და 50 ზემოთ). აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეში, ეროვნულმა სასამართლოებმა ღია პროცესის ფარგლებში, გადაწყვიტეს საქმის დახურვა და მომჩივანს მიეცა სასამართლო პროცესში სრულად მონაწილეობის შესაძლებლობა, მათ შორის იმ პროცესში, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა სხდომის დახურვა (პარაგრაფები 35, 36, 42 და 50 ზემოთ, ამასთან, Yam v. the United Kingdom, no. 31295/11, §§ 59 and 61, 16 January 2020). სასამართლო მხედველობაში იღებს მომჩივნის არგუმენტს, რომ ყველა ის გარემოება, რომელსაც დაეფუძნა ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ, არ იყო გათვალისწინებული ეროვნულ კანონმდებლობით. კერძოდ, მართლმსაჯულების ინტერესების, რელიგიური და მორალური პრინციპების დაცვა საზოგადოებაში არ იყო ასახული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლში, როგორც დახურული სხდომის ჩატარების წინაპირობა (პარაგრაფი 54, ზემოთ). თუმცა, ამ ნორმის საფუძველზე, სასამართლოებს მინიჭებული ჰქონდათ გარკვეული დისკრეცია „წესრიგის დასაცავად“ სასამართლო სხდომის დახურვის მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მუხლი 6 §1 არ უზღუდავს ეროვნულ სასამართლოს უფლებას, განსახილველი საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, არ გაითვალისწინონ საჯაროობის პრინიციპი (იხ.: Welke and Białek, cited above, § 74). აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სასამართლო სხდომა შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაიხუროს მორალის ინტერესების ან განსაკუთრებულ გარემოებებში, სადაც საჯაროობამ შესაძლებელია მართლმსაჯულების ინტერესები დააზიანოს. აქედან გამომდინარე. მოცემული ნორმა ცალსახად ითვალისწინებს საზოგადოების მთლიანად ან ნაწილობრივ სასამართლო სხდომაზე დაშვების შეზღუდვას მორალის, ან განსაკუთრებულ გარემოებებში, სადაც საჯაროობამ შესაძლებელია მართლმსაჯულების ინტერესები დააზიანოს. ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები კანონიერ საფუძვლებს მოკლებული იყო. ამ თვალსაზრისით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ეროვნული სასამართლოების დასაბუთებას და მთავრობის წარდგინებას, რომ „საზოგადოებაში დამკვირდებულ რელიგიურ და მორალურ პრინციპებს“ (იხილეთ პარაგრაფი 42 ზემოთ) უპირატესობა უნდა მიენიჭოს კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სხვადასხვა უფლებებს შორის ბალანსის დაცვის დროს. თუმცა, სხდომის დახურვის შესახებ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები არ ეფუძნებოდა მხოლოდ ამ მიზეზებს, არამედ მიზნად ისახავდა სხვადასხვა ინდივიდის დაცვას კონვენციის მე‑8 მუხლის შესაბამისად. მოწმეების დაცვას, სხვადასხვა საკითხებზე მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებისთვის ზიანის მიყენების თავიდან არიდებას (პარაგრაფები 36, 42 და 50, ზემოთ).თითოეული საფუძვლის დეტალური შემოწმების გარეშე და იმის გათვალისწინებითაც, რომ მოცემულ საქმეში, მთლიანობაში, ყველა მიზეზი ამართლებდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პარაგრაფით გათვალისწინებული საჯაროობის პრინციპის დაუცველობას, სასამართლო აფასებს სათანადოდ განიხილეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა. ამ კუთხით, სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო სამართალწარმოების სპეციალური ხასიათის გათვალისწინებით, იმსჯელა, თუ რატომ იყო შეუძლებელი სასამართლო სხდომის ნაწილობრივ საჯაროდ ჩატარება (პარაგრაფი 50, ზემოთ). ამის საპირისპიროდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რატომ იყო მიზანშეწონილი სასამართლო სხდომის ნაწილობრივ დახურვა, მომჩივნის სასამართლო სხდომის სრულად დახურვის ნაცვლად (პარაგრაფები 36 და 42, ზემოთ). სასამართლო ხელმეორედ აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას, სასამართლოებმა მკაცრი აუცილებლობის ვალდებულებები უნდა დაიცვან (იხ.: paragraph 93 above; and compare, for instance, Belashev v. Russia, no. 28617/03, § 83, 4 December 2008, and Yam, cited above, § 54). მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის უფლებას საქმის საჯაროდ განხილვაზე საზოგადოებისა და პრესის არდაშვებასთან მიმართებით, არ აქვს კავშირი მომჩივნის მიერ სხვა პროცედურული უფლებებით სარგებლობისთვის ზიანის მიყენებასთან (იხ.: Kilin v. Russia, no. 10271/12, § 111, 11 May 2021). სასამართლოს ეროვნული სასამართლოს მიდგომა პრობლემურად მიაჩნია (იხილეთ ზედა პარაგრაფი) არამხოლოდ იმის გამო, რომ სასამართლო პროცესზე მომჩივანი დავობდა მისთვის დაკისრებული გაუმჟღავნებლობის ვალდებულების და მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის უშუალო კავშირს სასამართლო სხდომის დახურულად ჩატარებასთან და მისი მოთხოვნის, სასამართლო სხდომის ნაწილზე მაინც ყოფილიყო საზოგადოება დაშვებული (პარაგრაფი 35, ზემოთ). კერძოდ, მომჩივნისთვის დაკისრებული გაუმჟღავნების ვალდებულება არ აძლევდა მას შესაძლებლობას გაეკეთებინა საჯარო კომენტარი მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით. ამის საპირისპიროდ, პროკურატურის ორგანების წარმომადგენლები აკეთებდნენ სხვადასხვა განცხადებებს საქმესთან დაკავშირებით და საჯაროდ გაავრცელეს საქმის მასალების ნაწილი (პარაგრაფები 16-17, 22 და 27, ზემოთ). ამასთან, მთავარი მოწმე მედიას თავისუფლად აძლევდა ინტერვიუს და აკეთებდა საბრალდებო განცხადებებს მომჩივანთან დაკავშირებით (პარაგრაფები 24, 25 და 28, ზემოთ). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ეჭვგარეშეა, რომ მომჩივნის საქმესთან დაკავშირებით, არსებობდა მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა სასამართლო სხდომის ნაწილობრივი დახურვის შესაძლებლობის შესახებ საჭიროებდა მკაფიო, დასაბუთებულ პასუხს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოკლე განმარტება, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა გაკეთებული საჯარო განცხადება სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, მიუხედავად გაუმჟღავნებლობის ვალდებულებისა და აღნიშვნისა, რომ სასამართლოზე გავლენას არ იქონიებდა პროცესის მიღმა გაკეთებული განცხადებები (იხილეთ პარაგრაფი 43, ზემოთ), არ ყოფილა საკმარისად განხილული მომჩივნის ძირითადი არგუმენტაცია ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით და საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო სხდომის სრულად დახურვის გავლენა მომჩივნის უფლებებთან კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფთან მიმართებით. სასამართლო განიხილავს საკითხს, იყო თუ არა სასამართლო სხდომის დახურვა საკმარისად დაბალანსებული, მთავრობის განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისს ჰქონდა პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა. ამ კუთხით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში გააკრიტიკა პროცესის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ფაქტი, რომ პროცესის ნაწილობრივ დახურვის შესაძლებლობა არ იქნა განხლული (იხილეთ პარაგრაფი 45, ზემოთ). მეტიც, სასამართლოს მხედველობის მიღმა არ რჩება ფაქტი, რომ ეს დასკვნა კრიტიკულად მიიღეს საქართველოს პროკურატურამ და პირველი ინსტანციის სასამართლომ. მათ განაცხადეს, რომ ამ ანგარიშის მიზანი საზოგადოების „შეცდომაში შეყვანა“ იყო (პარაგრაფები 46-47, ზემოთ). აღნიშნული ვერ აღმოფხვრიდა სასამართლო სხდომის დახურულად ჩატარების გადაწყვეტილების დამაზიანებელ გავლენას მოცემულ გარემოებებში, საზოგადოებრივ ნდობაზე მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების მიმართ. დაბოლოს, სხდომა სააპელაციო სასამართლოში ასევე, დახურულ რეჟიმში ჩატარადა. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, გადაწყვეტილება წერილობითი სამართალწარმოების გზით იქნა მიღებული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართალწაროებამ ვერ აღმოფხვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შეცდომა – გამოეყენებინა ისეთი ღონისძიება, რაც იქნებოდა უკიდურესად აუცილებელი დასახული მიზნების მისაღწევად. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პარაგრაფი.
3. მომჩივნის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება
(i) ზოგადი პრინციპები
სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფში ასახული უდანაშაულობის პრეზუმფცია მე-6 მუხლის 1-ელი პარაგრაფის სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ელემენტია. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ სასამართლო გადაწყვეტილება ან საჯარო პირების განცხადება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირთან დაკავშირებით გამოხატავს მოსაზრებას, რომ ის დამანაშავეა, ვიდრე მოხდება მისი დამანაშავედ ცნობა კანონის შესაბამისად. აღნიშნული საკმარისი იქნება, ნებისმიერი ფორმალური დასკვნის გარეშე, თუ არსებობს რაიმე დასაბუთება, რომ სასამართლო ან თანამდებობის პირი მომჩივანს დამნაშავედ მიიჩნევს. სასამართლოს მიერ მოსაზრების წინასწარ გამოხატვა წინააღმდეგობაში მოვა აღნიშნულ პრეზუმფციასთან (იხ.: among other authorities, Deweer v. Belgium, 27 February 1980, § 56, Series A no. 35; Minelli v. Switzerland, 25 March 1983, §§ 27, 30 and 37, Series A no. 62; Allenet de Ribemont v. France, 10 February 1995, §§ 35-36, Series A no. 308; Daktaras v. Lithuania, no. 42095/98, §§ 41-44, ECHR 2000 X; and Matijašević v. Serbia, no. 23037/04, § 45, ECHR 2006).
მეტიც, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ განცხადება, სადაც ასახულია მოსაზრება, რომ პირი არის დამნაშავე და განცხადება, რომელიც უბრალოდ გამოხატავს „ვარაუდს,“ პირველი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, ხოლო მეორე შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული ყველა იმ სიტუაციასთან მიმართებით რაც სასამართლოს განუხილავს (იხ.: inter alia, Lutz v. Germany, 25 August 1987, § 62, Series A no. 123, and Leutscher v. the Netherlands, 26 March 1996, § 31, Reports 1996-II). მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფი ვრცელდება მთლიან სისხლის სამართლის სამართალწარმოებაზე, „პროკურატურის შედეგის მიუხედავად“ (იხ.: Minelli, cited above, § 30). თუმცა, მას შემდეგ, რაც მოხდება ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა, ის წყვეტს მოქმედებას ყველა იმ ბრალდებასთან მიმართებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასჯელის დანიშვნამდე (იხ.: Phillips v. the United Kingdom, no. 41087/98, § 35, ECHR 2001-VII). გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონვენციის მე-10 მუხლით, მოიცავს ინფორმაციის მიღების და გაცემის უფლებას. შესაბამისად, მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფი არ ზღუდავს ხელისუფლების ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებაზე, თუმცა აღნიშნული უნდა განახორციელონ დისკრეციით და საჭირო წინადახედულებით, უდანაშაულობის პრეზუმფციის დასაცავად (იხ.: Allenet de Ribemont, cited above, § 38). სასამართლოს მიაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ინფორმაციის გაცემა გარდაუვალია, როდესაც პირს ბრალად ედება სამსახურებრივი გულგრილობა (იხ.: Arrigo and Vella v. Malta (dec.), no. 6569/04, 10 May 2005). საქმეში, სადაც მომჩივანი სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, უმაღლესი თანამდებობის პირები მათ შორის, გენერალური პროკურორი ვალდებული იყო ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის სავარაუდო დანაშაულზე და მიმდინარე სისხლის სამართლის სამართალწარმოებაზე. თუმცა, ეს გარემოება არ ამართლებს თანამდებობის პირების მიერ ნებისმიერი სიტყვის გამოყენებას პრესისთვის ინტერვიუს მიცემის დროს (იხ.: Butkevičius v. Lithuania, no. 48297/99, §50, ECHR 2002-II (extracts)). სასამართლომ ხაზი გაუსვა სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ თავიანთ განცხადებებში სიტყვების შერჩევის მნიშვნელობას, სანამ მოხდება პირის გასამართლება და მსჯავრდება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. მიუხედავად ამისა, შეფასება იმისა, არღვევს თუ არა სახელმწიფო თანამდებობის პირის განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას, უნდა დადგინდეს იმ კონკრეტული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სადაც გაკეთდა აღნიშნული განცხადება (იხ.: inter alia, Adolf v. Austria, 26 March 1982, §§ 36-41, Series A no. 49, and Daktaras, cited above, § 41). ნებისმიერ შემთხვევაში, მოსაზრებების გამოხატვა ვერ გაუთანაბრდება სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც აჯერებს საზოგადოებას მის ბრალეულობას და აზიანებს სასამართლოების მიერ ფაქტების შეფასებას (იხ.: Butkevičius, cited above, § 53, and Garycki v. Poland, no. 14348/02, § 70, 6 February 2007).
(ii) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი იმ პერიოდში დეკანოზი და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო კლინიკის დირექტორი დააკავეს ეკლესიაში მომუშავე პირის მკვლელობის მომზადების ვარაუდის საფუძველზე. გარდაუვალი იყო, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე გამოიწვევდა მაღალ საჯარო ინტერესს და მედიით ფართოდ გაშუქდებოდა (იხ.: mutatis mutandis, Viorel Burzo v. Romania, nos. 75109/01 and 12639/02, § 160, 30 June 2009). ამ თვალსაზრისით, სასამართლო მხედველობაში იღებს მთავრობის არგუმენტს, საზოგადოების ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს, იყოს ინფორმირებული სავარაუდო დანაშაულზე და შესაბამის სისხლის სამართლის სამართალწარმოებაზე (იხ.: paragraph 104 above; see also Paulikas v. Lithuania, no. 57435/09, §§ 50 and 60, 24 January 2017). აღნიშნულის საპირისპიროდ, არაერთი საჯარო განცხადება გაკეთდა მომჩივნის დაკავებისთანავე (პარაგრაფები 16-18, ზემოთ). ზოგიერთი განცხადება მაგალითად, პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის მინისტრის განცხადებებში ცალსახად არ ჩანდა, რომ მომჩივანს ჰქონდა დანაშაული ჩადენილი. შესაბამისად, მათი განცხადებებით არ დარღვეულა მომჩივნის უდანაშაულობის პრეზუმფცია (იხ.: Konstas, cited above, § 41). ამის საპირისპიროდ, ვიცე-პრემიერის განცხადება უფრო მკაფიო იყო (პარაგრაფი 18, ზემოთ). ამასთან, პროკურატურის ორგანოებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ „შეგროვებული მტკიცებულებით“ დასტურდებოდა, „რომ მომჩივანი ამზადებდა ერთ-ერთი ინდივიდის მკვლელობას და სწორედ ამ მიზნით, შეიძინა მომწამვლელი ნივთიერება“ (იხილეთ პარაგრაფი 16, ზემოთ). სასამართლო მზად იქნებოდა მიეჩნია, რომ გაკეთებული განცხადებით, პროკურატურის ორგანოები ინფორმაციას აწვდიდნენ საზოგადოებას, რომ მათ მფლობელობაში საკმარისი მტკიცებულება იყო მომჩივნისთვის ბრალის წასაყენებლად (შეადარეთ პარაგრაფები 12 და 16, ზემოთ; იხ.: also Butkevičius, cited above, §52). თუმცა, პროკურატურის ორგანოებმა ასევე განაცხადეს, „თუ ნივთიერება იქნებოდა გამოყენებული, ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოვიდოდა და ლეტალური შედეგი გარდაუვალი იქნებოდა“ (პარაგრაფი 16, ზემოთ), რაც გარკვეულწილად, გასცდა მომჩივნისთვის წარდგენილი ბრალის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზანს. თავდაპირველი განცხადებების შემდეგ, პროკურატურის ორგანოებმა გაავრცელეს მომჩივნის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალები. მაშინ, როცა მომჩივნის საქმემ გამოიწვია საზოგადოებრივი ინტერესი, რაც ავალდებულებდა საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოებს მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია საქმის მსვლელობის შესახებ, როგორც ამას ასევე, ითხოვდა სახალხო დამცველი (იხილეთ პარაგრაფი 21, ზემოთ), პროკურატურის ორგანოებმა გაავრცელეს საქმის მასალები, რომელთა საფუძველზეც ჩანდა, რომ ის ითხოვდა ციანიდს, ამასთან გააკეთეს განცხადება, რომ მტკიცებულებით „დასტურდებოდა,“ რომ ის ცდილობდა ინფორმაციის მოპოვებას მომწამვლელ ნივთიერებაზე მსხვერპლის „მოკვლის მიზნით“ (პარაგრაფი 27, ზემოთ) - მოქმედებები და განცხადებები, რომლებიც სცდება დისკრეციას და წინდახედულებას, რაც საჭიროა მომჩივნის უდანაშაულობის პრეზუმფციის დასაცავად. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა (პარაგრაფი 99, ზემოთ), მომჩივნის და ბრალდების მხარის მთავარ მოწმეს დაეკისრათ გაუმჟღავნებლობის ვალდებულება. მიუხედავად ამისა, არ ჩანს, რომ არსებობდა გაუმჟღავნებლობის ვალდებულების აღსრულების მცდელობა მოწმესთან მიმართებით, რომელსაც მომჩივნის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების განხილვის დროს, საჯაროდ ბრალდების უფლება ჰქონდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოებებმა ერთობლიობაში წაახალისა საზოგადოება დაეჯერებინა, რომ მომჩივანი დამნაშავე იყო, ვიდრე მოხდებოდა მისი დამნაშავედ ცნობა კანონის შესაბამისად, განსაკუთრებით საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, სანამ სასამართლო გამოიტანდა გადაწყვეტილებას (იხ.: compare and contrast, for instance, Konstas, cited above, §34). ამ გარემოებების უარყოფითი გავლენა მომჩივნის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებაზე ვერ გადაიფარება მომჩივნის და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებებით, გაუმჟღავნებლობის ვალდებულების აშკარა დარღვევით (რომელიც შემდეგ ამ საფუძვლით დაბარებულები იყვნენ გენერალურ პროკურატურაში, დაკითხვის მიზნით), ან შესაძლებლობა, ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე მოეთხოვებინა ამ ვალდებულების გაუქმება, რაზეც ნებისმიერ შემთხვევაში, რელევანტურმა ორგანოებმა უარი განაცხადეს (იხილეთ პარაგრაფები 26 და 31 ზემოთ). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფის დარღვევას წინამდებარე საქმეში არსებული გარემოებების მხედველობაში მიღებით.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ერთხმად დაადგინა:
• არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პარაგრაფი იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც მოპოვებულ იქნა მტკიცებულება და გამოყენებული მომჩივნის წინააღმდეგ;
• დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პარაგრაფი სასამართლო სხდომის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
• დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფი.