დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 192
2016 წლის იანვარი
მანდეტი საფრანგეთის წინააღმდეგ (Mandet v. France)
(განაცხადი 30955/12)
გადაწყვეტილება, 14 იანვარი, 2016 (მე-4 სექცია)
მე-8 მუხლი
მუხლი 8.1, ოჯახური ცხოვრების პატივისცემა, პირადი ცხოვრების პატივისცემა
აღიარებული მამობის ცვლილება ბიოლოგიური მამის მოთხოვნითა და მის სასარგებლოდ, ბავშვის თანხმობის გარეშე: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები: განმცხადებლები, ფლორენს მანდეტ გიულერმი, ჟაკ მანდეტი და ალოს მანდეტი, დაბადებულები 1955, 1945 და 1996 წელს, საფრანგეთის მოქალაქეები არიან და დუბაიში ცხოვრობენ. ფლორენს და ჟაკ მანდეტი თავდაპირველად 1986 წელს დაქორწინდნენ. მათ სამი შვილი შეეძინათ. 1996 წლის ივნისში ისინი განქორწინდნენ. ფლორენს მანდეტს 1996 წლის აგვისტოში შეეძინა შვილი -ალოსი. ის დედის სახელზე დარეგისტრირდა. 1997 წლის სექტემბერში ჟაკ მანდეტმა ფორმალურად აღიარა ბავშვი. ფლორენს და ჟაკ მანდეტმა 2003 წლის ოქტომბერში ხელმეორედ იქორწინეს, რამაც გავლენა მოახდინა ბავშვის ლეგიტიმიზაციაზე.
2005 წლის 22 თებერვალს ბ-ნმა გლუზმანმა მიმართა სასამართლოს. მან ეჭვქვეშ დააყენა ბ-ნი მანდეტის მიერ მამობის აღიარება და მოითხოვა, რომ ის ეღიარებინათ ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამად. 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან ბავშვი დაიბადა ფლორენს და ჟაკ მანდეტის განქორწინებიდან სამას დღეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, იურიდიული პრეზუმფცია, რომ ჟაკ მანდეტი ბავშვის მამა იყო წინამდებარე შემთხვევაზე არ ვრცელდებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ ბავშვის ჩასახვის დროს, ბ-ნი გლუზმანს სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა ქ-ნ მანდეტთან; აღნიშნულ გარემოებას ადასტურებდა მრავალრიცხოვან მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი ერთად ცხოვრობდნენ და მათი ინფორმაციით, ბავშვი მათი საერთო შვილი იყო. სასამართლომ დაასკვნა, რომ ბავშვს არ ჰქონდა მანდეტის წყვილის კანონიერი შვილის უწყვეტი სტატუსი და მის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა, ცოდნოდა სიმართლე მისი წარმომავლობის შესახებ. შედეგად, სასამართლომ ბ-ნი გლუზმანის საქმე დასაშვებად ცნო და ბრძანება გასცა გენეტიკური ტესტის ჩატარების თაობაზე.
2008 წლის 16 მაისს სასამართლომ შეცვალა მამობის აღიარება და შემდგომი ლეგიტიმაცია და დაადგინა, რომ ბავშვს უნდა გაეგრძელებინა დედის გვარის გამოყენება. სასამართლომ ბრძანება გასცა, რომ აღნიშნული გარემოება ასახულიყო ბავშვის დაბადების მოწმობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მან აღნიშნა, რომ არ იყო საჭირო ბიოლოგიური ტესტის შესაბამისობის ხელახლა განხილვა და მიუთითა 2006 წლის 10 თებერვლის სამოტივაციო ნაწილზე, სადაც ხაზგასმული იყო, რომ ბავშვის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა ცოდნოდა სიმართლე მისი წარმომავლობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ბავშვის ჩასახვა მოხდა 1995 წლის ნოემბერიდან და 1996 წლის თებერვალამდე პერიოდში; სასამართლომ განაცხადა, რომ ბ-ნი და ქ-ნი მანდეტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ ადასტურებდა, რომ ამ პერიოდში ისინი განაგრძობდნენ ერთად ცხოვრებას ან ჰქონდათ სქესობრივი ურთიერთობა. ამის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ-ნი გლუზმანის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ ბავშვის ჩასახვის პერიოდში იგი სქესობრივ ურთიერთობაში იყო ფლორენს მენდეტთან; იგი მასთან ერთად ცხოვრობდა ბავშვის გაჩენის შემდეგაც და ცნობილი იყო, რომ ბავშვი მათი საერთო შვილი იყო. სააპელაციო სასამართლომ ასევე შენიშნა, რომ ბ-ნმა და ქ-ნმა მანდეტმა დაარღვიეს არასრულწლოვნის ინტერესების წარმომადგენელი პირების ამოცანა, დაეცვათ ბავშვის ინტერესები, იმის გამო, რომ ბავშვი აღარ დაბრუნდა საფრანგეთში, სკოლის არდადეგების დროსაც კი. ბ-ნმა და ქ-ნმა მანდეტმა ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო ინსტანციაში გააასჩივრეს. საკასაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
განმცხადებლებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე განაცხადი წარადგინეს 2012 წლის 25 აპრილს.
კონვენციის მე-8 მუხლზე (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) დაყრდნობით, განმცხადებლები ითხოვდნენ ჟაკ მანდეტის მიერ მამობისა და ალოს მანდეტის კანონიერ შვილად აღიარების გაუქმებას. ისინი მიიჩნევდნენ, რომ, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, გამოყენებული ღონისძიებები არაპროპორციული იყო; ისინი ითხოვდნენ შენარჩუნებულიყო წლების განმავლობაში დადგენილი მშობლისა და შვილის კანონიერი ურთიერთობა, რაც უზრუნველყოფდა ბავშვის ემოციურ სტაბილურობას. საბოლოოდ, ისინი აკრიტიკებდნენ სასამართლოს ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ გენეტიკური ტესტის ჩატარების შესახებ ბრძანების გაცემის გამო; აგრეთვე იმ დასკვნამდე მისვლის გამო, რომ ბავშვის უარი გაეკეთებინა გენეტიკური ტესტის ანალიზი, ადასტურებდა ჟაკ მანდეტის მიერ ბავშვის აღიარების არანამდვილობას. კონვენციის 6.1 მუხლზე დაყრდნობით, განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათ დაერღვათ მიუკერძოებელი ტრიბუნალის მიერ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება:
მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა გააუქმეს ჟაკ მანდეტის მიერ ბავშვის მამობის ფორმალური აღიარება, ისევე როგორც ბავშვის შემდგომი ლეგიტიმიზაცია; მათ გადაწყვიტეს ბავშვისთვის დედის გვარის აღდგენა, დაადგინეს, რომ ბ-ნი გლუზმანი იყო მისი მამა და უზრუნველყვეს მათ შორის ურთიერთობის დამყარება. ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ ამგვარად მშობლისა და შვილის (ჟაკ მანდეტისა და ალოსის) კანონიერი ურთიერთობის შეწყვეტით, ეროვნულმა სასამართლოებმა სამართლებრივი თვალსაზრისით შეცვალეს ოჯახის სტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომლის გარემოცვაშიც განვითარდა ბავშვი წლების განმავლობაში; ეროვნულმა სასამართლოებმა ეს ურთიერთობა ჩაანაცვლა მშობლისა და შვილის სხვა სამართლებრივი ურთიერთობით. ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლების მიერ გასაჩივრებული ღონისძიება წარმოადგენდა ჩარევას ბავშვის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში. სამოქალაქო კოდექსის 339-ე მუხლის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონით და იგი ემსახურებოდა სხვათა კერძოდ, ბ-ნი გლუზმანის, უფლებებისა და თავისუფლებების, დაცვის ლეგიტიმურ მიზანს.
პრეცედენტულ სამართალზე მითითებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღიშნა, რომ საფრანგეთი სარგებლობდა „დისკრეციით“ (თავისუფალი შეფასების ფარგლებით) იმის შეფასებისას, იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე ეხება ბავშვთან დაკავშირებულ საკითხს, ევროპული სასამართლო ითვალისწინებს ძირითად პრინციპს, რომლიც მიხედვით ბავშვის საუკეთესო ინტერესები უწინარესია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ არ იყო სწორი, როდესაც ეროვნულმა სასამართლოებმა ბავშვის უარი, გაეკეთებინა გენეტიკური ანალიზი მიიჩნიეს მამობის ფორმალურად აღიარების სიცრუის დამადასტურებელ ფაქტორად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებდა, რომ ამასთან დაკავშირებით სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბ-ნი და ქ-ნი მანდეტების უარი, გაეკეთებინათ გენეტიკური ანალიზი, ასევე მათი უარი წაეყვანათ ბავშვი ექსპერტთან. ბ-ნ გლუზმანსა და ბავშვს შორის მშობლისა და შვილის ურთიერთობის დადგენა არ ეფუძნებოდა ზემოხსენებულ უარს, არამედ ბავშვის ჩასახვის პერიოდის კალკულაციას და მხარეთა მიერ შეჯიბრებით პროცესში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებას. ამის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-ნმა და ქ-ნმა მანდეტებმა არ დაადასტურეს, რომ ბავშვის ჩასახვის პერიოდში ისინი ერთად ცხოვრობდნენ ან ინარჩუნებდნენ სქესობრივ ურთიერთობას, მაშინ როდესაც ამის საპირისპიროდ, საქმეზე დადგინდა, რომ ბ-ნ გლუზმანს სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა და ცხოვრობდა ქ-ნ მანდეტთან ერთად, არამხოლოდ ბავშვის ჩასახვის დროს, არამედ მისი დაბადების შემდეგაც; გარდა ამისა, ბავშვს იცნობდნენ როგორც მათ საერთო შვილს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა უზრუნველეყოთ ბავშვის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მან შენიშნა, რომ პირველმა ინსტანციის სასამართლომ დანიშნა დროებითი მეურვე, რათა სამართალწარმოებაში წარმოედგინა ბავშვის საუკეთესო ინტერესები, თუმცა ეს პირი ვერ შეხვდა მას, რადგან ბ-ნმა და ქ-ნმა მანდეტმა და ბავშვმა დატოვეს საფრანგეთი. უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლომ გამოიკვლია სამართალწარმოებაში ბავშვის მოსმენის უფლების საკითხი და დაადგინა, რომ აღნიშნული უფლება დაცული იყო. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვს ეცნობა სამართალწარმოების შესახებ და იცოდა, რომ მასზე მამობის უფლება სადავოდ იყო გამხდარი; ბავშვმა წერილები გაუგზავნა მოსამართლეებს, სადაც აღნიშნა, რომ არ სურდა გვარის შეცვლა და უნდოდა შეენარჩუნებინა ჟაკ მანდეტთან მშობლისა და შვილის სამართლებრივი ურთიერთობა, სასამართლოს წინაშე გამოსვლის უფლების გამოყენების გარეშე. დამატებით, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების დასაბუთება ცხადყოფდა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები სათანადოდ იყო გათვალისწინებული. ეროვნულმა სასამართლოებმა მიიჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ჟაკ მანდეტს მამად მიიჩნევდა, მის ინტერესებს, პირველ ყოვლისა, წარმოადგენდა ცოდნოდა სიმართლე მისი წარმომავლობის შესახებ.
ევროპული სასამართლოსთვის ნათელი იყო, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ უგულებელყვეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, არამედ დაადგინეს, რომ ხსენებული საუკეთესო ინტერესები აუცილებლად არ იყო ის, რასაც ბავშვი აღიქვამდა, კერძოდ, მშობლისა და შვილის სამართლებრივი ურთიერთობისა და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება; ნაცვლად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი იყო მისი ნამდვილი მამის დადგენა. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებები ბ-ნი გლუზმანის ინტერესებს არ ანიჭებს არაჯეროვან უპირატესობას ბავშვის ინტერესებთან მიმართებით; თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით ზემოხსენებულმა ინტერესებმა ნაწილობრივ ერთმანეთი გადაფარა. ამგვარი მოქმედებით, ეროვნულმა სასამართლოებმა არ გადააბიჯეს მათთვის მინიჭებული დისკრეციის (თავისუფალი შეფასების) ფარგლებს.
საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მშობლის პასუხისმგებლობის დედისთვის მინდობით, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება ბავშვს ხელს არ უშლიდა, მისი სურვილის შესაბამისად, გაეგრძელებინა ცხოვრება, როგორც მანდეტის ოჯახის წევრს.
შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
მე-6 მუხლი (სამართლიანი განხილვის უფლება)
წინამდებარე საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერ აღმოაჩინა რაიმე მტკიცებულება, რაც ცხადყოფდა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან განმცხადებლები იყვნენ შეჯიბრებითი სამართალწარმოების მონაწილეები; მათ ჰქონდათ შესაძლებლობა წარედგინათ რელევანტური არგუმენტები და მტკიცებულებები. ამასთანავე, ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯეროვნად იყო დასაბუთებული. ამრიგად, განაცხადის ეს ნაწილი აშკარად დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი და მას უარი ეთქვა.
(იხილეთ ასევე თემატური მიმოხილვები Parental rights და Children’s rights)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy