Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2015 წლის იანვარი
მანუელო და ნევი იტალიის წინააღმდეგ (Manuello and Nevi v. Italy)
(საჩივარი- 107/10)
გადაწყვეტილება, 20 იანვარი, 2015
მე-8 მუხლი
ფაქტები – აღნიშნული საქმის ეროვნულ დონეზე სისხლისსამართლებრივი წესით განხილვა 2002 წლის ივნისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორმა მამის მხრიდან ხუთი წლის ქალიშვილზე სექსუალური ძალადობის განხორციელების ეჭვის თაობაზე პოლიციაში განაცხადა. 2002 წლის პირველ აგვისტოს ბავშვის დედამ სასამართლოს მოსთხოვა, რომ მისი მეუღლისათვის ჩამოერთვათ მშობლის სტატუსი. ამ თარიღის შემდეგ მომჩივნებს - ბებიასა და ბაბუას, შვილიშვილი არ უნახავთ. ისინი ასაჩივრებდნენ იმ სამართალწარმოების გადაჭარბებულ ხანგრძლივობას, რომელსაც ბავშვის ნახვის ნებართვა უნდა გაეცა. აგრეთვე, სოციალური სერვისების უუნარობას - აღესრულებინათ 2006 წლის თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მათ ბავშვთან კონტაქტის უფლებას ანიჭებდა.
სამართალი - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლით (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) უზრუნველყოფილი ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევას. სასამართლომ შენიშნა, რომ ბებიის, ბაბუისა და მათი შვილიშვილის შეხვედრის აკრძალვა იმ საფუძვლით, რომ ბავშვის ბებია და ბაბუა მამასთან და სავარაუდო სექსუალური ძალადობის შედეგად განცდილ ტკივილთან ასოცირდებოდა, გახლდათ იმგვარი ღონისძიება, რომლის გამოყენების უფლებაც ხელისუფლების წარმომადგენლებს არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში ჰქონდათ. მოცემულ შემთხვევაში მამის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება კვლავ მიმდინარეობდა, როდესაც იტალიის სასამართლოებმა ბავშვისა და ბებია-ბაბუის შეხვედრის ნებართვა გასცეს, თუმცა მამის უდანაშაულოდ ცნობის შემდეგ იმავე სასამართლოებმა გადაწყვიტეს, აეკრძალათ მათ შორის ნებისმიერი კავშირი. სტრასბურგის სასამართლო აცნობიერებს, რომ მსგავს სიტუაციებში დიდი ყურადღებაა საჭირო ბავშვის დაცვის ღონისძიებების მიმართ და შესაძლებელია, ოჯახის წევრებთან კავშირის შეზღუდვის დაწესება, თუმცა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ არ გასწია აუცილებელი ძალისხმევა, რათა დაეცვა ოჯახური კავშირი ბებიას, ბაბუასა და შვილიშვილს შორის, რომელთაც ერთმანეთი თორმეტი წლის განმავლობაში არ უნახავთ.
მართალია, სტრასბურგის სასამართლოს როლი არ არის ჩაანაცვლოს ეროვნული სასამართლოები განსახორციელებელ ღონისძიებებთან მიმართებით, თუმცა ევროპული სასამართლო ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ მომჩივნებმა 12 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს შვილიშვილის ნახვა და მიუხედავად მათი არაერთი ძალისხმებისა, აღედგინათ ოჯახური კავშირი, ხელისუფლების ორგანოებმა ამ მიმართულებით არ გადადგეს ნაბიჯები.
შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ საქმეში დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მომჩივანთა ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები