Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N230
2019 წლის ივნისი
მარსელო ვიოლა იტალიის წინააღმდეგ (no.2) (Marcello Viola v. Italy) (no. 2)
(საჩივარი- N 77633/16)
გადაწყვეტილება, 13 ივნისი, 2019 [1-ლი სექცია]
მე-3 მუხლი
ფაქტები: საქმე ეხებოდა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმარს, რომელსაც მოეთხოვებოდა ეთანამშრომლა ხელისუფლების ორგანოებთან მაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში, სასჯელის გადახედვისა და გათავისუფლების შესაძლებლობის სანაცვლოდ.
მომჩივანი არაერთხელ იქნა დამნაშავედ ცნობილი მაფიასთან დაკავშირებულ დანაშაულებში სხვადასხვა სასამართლო სამართალწარმოების დროს, მათ შორის, მაფიის კლანის ხელმძღვანელობის, გატაცებისა და მკვლელობის საფუძველზე. მეორე სამართალწარმოების ფარგლებში მას უვადო პატიმრობა შეეფარდა. კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე იგი დავობდა, რომ მისი უვადო პატიმრობა არ იყო არც de jure და de facto შემცირებადი, რადგან მის მიმართ გამოყენებული იქნა ე.წ. „ერგასტოლო ოსტატივო” რეჟიმი იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებზეც მას მსჯავრი დაედო. მომჩივანი დავობდა, რომ სხვა კატეგორიის უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს ჰქონდათ გათავისუფლების შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც მოიხდიდნენ 26 წელს და ისარგებლებდნენ ზემოხსენებულ ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობით, თუკი დაამტკიცებდნენ საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის მათ შესაბამისობას. სისხლის სამართლის შესაბამის დებულებათა ციტირებით, მომჩივანი აცხადებდა, რომ მხოლოდ რეაბილიტაციისკენ გადადგმული ნაბიჯების გზით, მიიღებდა განაჩენის გადახედვის უფლებას - და გათავისუფლების შესაძლებლობას - თუ იგი მოახერხებდა და დაამტკიცებდა, რომ აღარ ჰქონდა მაფიასთან კავშირი და შესაბამისად, აღარ წარმოადგენდა საშიშროებას. ამისათვის, იგი აცხადებდა, რომ უნდა ეთანამშრომლა ხელისუფლებასთან და ყოფილიყო ინფორმატორი, რითაც საფრთხის ქვეშ ჩააგდებდა საკუთარ და ოჯახის წევრების სიცოცხლეს.
სამართალი: სტრასბურგის ასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა და განაცხადა, რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული სასჯელი გადაჭარბებულად ზღუდავდა მის კონვენციურ უფლებას, რომლის მიხედვითაც მას უნდა ჰქონოდა უვადო პატიმრობის გადასინჯვის შესაძლებლობა, გათავისუფლების პერსპექტივით. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ მიზეზებს, რომლებმაც კანონმდებელი აიძულა პატიმრებისთვის (როგორიცაა მომჩივანი) დაეკისრებინა ხელისუფლებისთვის იმის დამტკიცების ვალდებულება, რომ მაფიასთან მათ აღარ ჰქონდათ კავშირი, რადგან სწორედ ამ კავშირის გამო ისინი მიიჩნევიან საშიშად და სასჯელის გადახედისთვის შეუფერებლად. მთავრობის განცხადებით, მაფიის წევრობის ბუნება ამართლებდა იმ მოთხოვნის დაწესებას, რომ პატიმარმა უნდა ითანამშრომლოს ხელისუფლების ორგანოებთან მაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დაადასტუროს მისი რეაბილიტაცია. ამასთან დაკავშირებით პატიმარს აქვს არჩევანის საშუალება.
თუმცა, სტრასბურგის სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ არჩევანი თანამშრომლობასა და თანამშრომლობაზე უარის თქმას შორის, შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო ნებაყოფლობითად. ხელისუფლებისთვის დახმარების გაწევის შემთხვევაში, მომჩივანი შიშობდა მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ პატიმრის გადაწყვეტილება თანამშრომლობის შესახებ სინამდვილეში სხვა არაფერი იყო თუ არა ნაბიჯი, რომელიც მისი მხრიდან გადადგმული იქნებოდა სასჯელის გადახედვის მოპოვების მიზნით; და ეს ნაბიჯი არ ასახავდა მაფიასთან კავშირის გაწყვეტის თაობაზე მომჩივნის რეალურ სურვილს. სასამართლო განსაკუთრებით შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ კანონი, მომჩივნის მსგავს პატიმრებს, არ აძლევდა საშუალებას სხვა ფორმით დაემტკიცებინა მაფიასთან კავშირის გაწყვეტა. მან აღნიშნა, რომ მომჩივანი წარმატებით მიჰყვებოდა საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროგრამას, რომელსაც მას ციხეში სთავაზობდნენ და იგი რომ ჩვეულებრივი უვადო პატიმარი ყოფილიყო, მას მიენიჭებოდა ხუთი წლით სასჯელის შემსუბუქების უფლება. თუმცა, ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის შემდეგ, გათვალისწინებული არ იქნა ციხეში ყოფნის პერიოდში მისი პროგრესი და შედეგად მას არ მიეცა იმის დამტკიცების შესაძლებლობა, რომ მისი პატიმრობის გაგრძელება აღარ იყო გამართლებული ლეგიტიმური პენოლოგიური საფუძვლებით.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები