Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N69
2004 წლის ნოემბერი
Marpa Zeeland B.V. and Metal Welding B.V. v. the Netherlands
(საჩივარი- 46300/99)
გადაწყვეტილება, 9 ნოემბერი, 2014
მე-6 მუხლი
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
ფაქტები – მომჩივანი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება დოკუმენტის გაყალბებისა და საგადასახადო თაღლითობის ეჭვის საფუძველზე. 1994 წლის თებერვალში 3-წლიანი გამოძიებისა და სამართალწარმოების შემდეგ, რეგიონულმა სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო. კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმა, ხოლო მათ მმართველ დირექტორს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მომჩივანმა კომპანიებმა შეიტანეს საჩივარი. თუმცა, მოგვიანებით მათ საჩივარზე უარი თქვეს სავარაუდოდ იმის გამო, რომ გენერალურმა ადვოკატმა დაარწმუნა ისინი იმ პირობით, რომ მათი სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციას გასცემდა. 1995 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნებმა საჩივრებზე უარი თქვეს. შეთანხმების მიუხედავად, გენერალურმა ადვოკატმა მომჩივანი კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმების შემცირების რეკომენდაცია არ გასცა. მომჩივანთა მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე 1997 წლის იანვარში არ დაკმაყოფილდა. შედეგად, მომჩივნებმა სააპელაციო სასამართლოში ახალი საჩივარი წარადგინეს თავდაპირველი მსჯავრდებისა და სასჯელის წინააღმდეგ. საჩივარი ზემოხსენებულმა სასამართლომ დასაშვებად ცნო. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები ვერ იქნებოდა დასაშვებად ცნობილი, ვინაიდან 1995 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ადგენდა, რომ მომჩივნებმა ფორმალურად უარი განაცხადეს პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, არ იქნა გასაჩივრებული კანონით განსაზღვრულ ვადაში და შესაბამისად საბოლოო იყო.
სამართალი - კონვენციის მე-6 მუხლი:
46. პირველ რიგში, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის სადავოა, იკისრა თუ არა გენერალურმა ადვოკატმა რაიმე ვალდებულება მომჩივანთა წინაშე. მომჩივანი კომპანიები სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილ ახსნა-განმარტებაში აცხადებდნენ, რომ მათი დირექტორი გენერალურმა ადვოკატმა დაარწმუნა, რომ უარი ეთქვა საჩივარზე, ვინაიდან ის მათი სასჯელის შემცირების სასარგებლო რეკომენდაციას გასცემდა მას შემდეგ, რაც მომჩივანი კომპანიები აღნიშნულ მოთხოვნას დააყენებდნენ. მთავრობა ამტკიცებდა, რომ შეუძლებელი იყო იმის დადგენა, გენერალურმა ადვოკატმა ნამდვილად იკისრა თუ არა მსგავსი ვალდებულება.
47. სააპელაციო სასამართლოს 1997 წლის 1-ლი დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ გენერალურმა ადვოკატმა კომპანიის დირექტორი არასათანადო საფუძვლებით დაარწმუნა უარი ეთქვა საჩივარზე. იმის გათვალისწინებით, რომ სტრასბურგის სასამართლოს როლს არ წარმოადგენს შეაფასოს ფაქტები, რომლებმაც ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე მიიყვანა (იხ., კემაჩე საფრანგეთის წინააღმეგ (Kemmache v. France (no.3), გადაწყვეტილება, 24 ნოემბერი, 1994, Series A no. 296-C, p. 88, § 44), სტრასბურგის სასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, რათა არ დაეთანხმოს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას.
48. მეორე რიგში, სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი არ უზრუნველყოფს გასაჩივრების უფლებას. თუმცა, როდესაც არსებობს რამდენიმე იურისდიქციის სასამართლო, თითოეულმა ინსტანციამ უნდა დაიცვას მე-6 მუხლის გარანტიები, რაც მოიცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტიან უფლებას (იხ., ბრუალა გომესი დე ლა ტორე ესპანეთის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება, 19 დეკემბერი, 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-VIII, p. 2956, § 37). უფრო მეტიც, აპელანტებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ მათთვის ხელმისაწვდომი გასაჩივრების უფლებით (იხ., ჰაჯიანასტასიუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Hajianastassiou v. Greece), გადაწყვეტილება, 16 დეკემბერი, 1992, Series A no. 252, p. 16, § 33).
49. სასამართლო აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც მომჩივანი კომპანიების მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მათ ვერ შეძლეს ამ საჩივრის აღდგენა. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ნიდერლანდების სამართლებრივი დაცვის საშუალებების დახურული სისტემა ხელს უშლიდა საჩივრების მიღებას, რომლებიც წარდგენილ იქნა გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის შემდეგ. გამომდინარე იქედან, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ ყოფილა წარდგენილი საჩივარი 1995 წლის 4 დეკემბრის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ - სადაც აღნიშნული იყო მომჩივანი კომპანიების მიერ საჩივარზე უარის თქმის თაობაზე- აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოო გახდა. შედეგად, საჩივრის უკან გახმობა საბოლოო იყო.
50. თუმცა, მომჩივანი კომპანიები გენერალურმა ადვოკატმა დაარწმუნა უარი ეთქვათ საჩივარზე და მათი გაგებით, ეს განაპირობებდა მათთვის სასჯელის შემსუბუქებას. როდესაც სასჯელი არ შემსუბუქდა და მათ საჩივართან დაკავშირებით სამართალწარმოება დასრულდა, მომჩივანი კომპანიები დარჩნენ სასჯელის შემსუბუქებისა და საჩივრის წარდგენის გზით საქმის გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე.
51. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გარემოებებში მომჩივან კომპანიებს უარი ეთქვათ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებაზე და მათ ვერ შეძლეს არსებითი ფორმით ესარგებლათ გასაჩივრების უფლებით. შედეგად, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები