დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 104
2008 წლის იანვარი
მასლოვა და ნალბანდოვი რუსეთის წინააღმდეგ (Maslova and Nalbandov v. Russia)
(საჩივარი- 839/02)
გადაწყვეტილება, 24 იანვარი, 2010 [1-ლი სექცია]
მე-3 მუხლი
ფაქტები – რუსი აპლიკანტები, ოლგა მასლოვა და ფიოდორ ნალბანდოვი, დაიბადნენ 1980 და 1982 წლებში. ისინი ცხოვრობდნენ ნიჟნი-ნოვგოროდში (რუსეთი).
მოცემული საქმის მიხედვით, ქალბატონი მასლოვა ამტკიცებდა, რომ იგი არაერთხელ იქნა გაუპატიურებული და აგრეთვე დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას პოლიციის ოფიცრისა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ, მის ბრალდებებზე გამოძიება კი არაადეკვატური იყო.
ქალბატონი მასლოვა, რომელიც წარმოადგენდა მოწმეს მკვლელობის საქმეში, 1999 წლის 25 ნოემბერს დაბარებულ იქნა ნიჟნი-ნოვგოროდის რაიონული პოლიციის დეპარტამენტში დასაკითხად. მისი განცხადებით, იგი პოლიციაში გამოცხადდა 12 საათსა და 30 წუთზე. თავდაპირველად ქალბატონი მასლოვა დაკითხეს პოლიციელებმა - ხ-მ და კ-მ, მკვლელობის მსხვერპლის ნივთების სავარაუდო ფლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ დანაშაულში რაიმე სახის ჩართულობის უარყოფის შემდეგ, ოფიცრები დაემუქრნენ მას და სცემეს იგი თავისივე საფეხბურთო ყელსახვევით. მოგვიანებით, ხ-მ, კ-ს არყოფნის პერიოდში, ქალბატონ მასლოვას დაადო ხელბორკილი, სცემა, გააუპატიურა და აიძულა დაკავებულიყო მასთან ორალური სექსით. ამის შემდეგ, ორივე ოფიცერმა არაერთხელ დაარტყეს მას მუცელში, სახეზე გაუკეთეს აირწინაღი გაგუდვის მიზნით, ხოლო აპლიკანტის საყურეებზე დამაგრებულ სადენებში გაატარეს ელექტროდენი. საბოლოოდ, ქალბატონი მასლოვა დანებდა და აღიარა დანაშაული. მისი განცხადებით, იმდენად კანკალებდა, რომ აღიარებითი ჩვენების დაწერა ორჯერ მოუხდა. მოგვიანებით, იგი გადასცეს პოლიციის განყოფილებაში არსებულ პროკურატურის ორგანოებს, შემდგომი დაკითხვისთვის. ქალბატონი მასლოვას მოთხოვნა - გათავისუფლების თაობაზე - უარყოფილი იქნა. ხოლო, როდესაც მომჩივანს საპირფარეშოში გასვლის ნება დართეს, მან ვენების გადაჭრა სცადა. დაკითხვის დასრულების მიუხედავად, პროკურატურის თანამშრომლებმა - ჟ-მ, ს-მ, და მ-მ, მიიღეს ალკოჰოლი და გააგრძელეს ქალბატონი მასლოვას გაუპატიურება. მათ გამოიყენეს პრეზერვატივები და ბოლოს კი ერთჯერადი ტილოებით მოასუფთავეს შემთხვევის ადგილი. ქალბატონი მასლოვა საბოლოოდ 10.00 საათზე გაათავისუფლეს.
ამასობაში, შუადღისას, ქალბატონი მასლოვას დედა და ბატონი ნალბანდოვი მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც ორივე მათგანი დააკავეს დაკითხვის მიზნით. ბატონი ნალბანდოვი ამტკიცებდა, რომ პროკურატურის თანამშრომლები ურტყამდნენ, სცემდნენ და ცდილობდნენ მის დახრჩობას მოსკოვის საფეხბურთო გუნდი CSK-ს ყელსახვევით. მოგვიანებით, იგი გააგზავნეს საჭმლის, ალკოჰოლური სასმლისა და სიგარეტის საყიდლად. დაბრუნებისას, ბატონი ნალბანდოვი გააძევეს შენობიდან.
1999 წლის 26 ნოემბერს, ქალბატონმა მასლოვამ პროკურატურაში შეიტანა საჩივარი და ამტკიცებდა, რომ იგი გააუპატიურეს და აწამეს. საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. მოწმეები დაიკითხნენ. პოლიციის განყოფილებაში ჩატარდა ჩხრეკა და შეგროვებული მტკიცებულებები გადაეცა სასამართლო ექსპერტიზას. პოლიციის განყოფილებაში ნაპოვნი გამოყენებული პრეზერვატივით დადასტურდა მასზე ქალბატონი მასლოვას ვაგინალური უჯრედების არსებობის 99.99 %-იანი ალბათობა. ნაპოვნ ერთჯერად ტილოებზე კი აღმოჩნდა სპერმის კვალი. სპერმის ნაკვალევი აღმოჩნდა ასევე ქალბატონი მასლოვას ტანსაცმელზე, რომელიც მას იმ დროისთვის ეცვა, ხოლო პოლიციის ოფიცერ ხ-ს ტანსაცმელზე აღმოჩნდა ქალბატონ მასლოვას შესაბამისი ანტიგენის ჯგუფის ვაგინალური ქსოვილი. სხვა მტკიცებულებაზე, მათ შორის, სამედიცინო ცნობაზე დაყრდნობით, ქალბატონმა მასლოვამ სცადა ვენის გადაჭრა, ხოლო მისი აღიარებითი წერილობითი ჩვენება, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ხელის კანკალით იყო დაწერილი.
2000 წლის 25 აპრილს, ოთხ ბრალდებულ ოფიცერს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი, ხოლო 2000 წლის 5 ივლისს საქმე გადაეცა სასამართლოს განსახილველად. 2000 წლის 16 აგვისტოს სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულის გარკვეული უფლებები დაირღვა. კერძოდ, აღნიშნულ გარემოებებს არ მოჰყვა სპეციალური პროცედურა, რომელიც პროკურატურის თანამშრომლების წინააღმდეგ სამართალწარმოებების დაწყებას მოითხოვდა. შიდა პროცედურული წესების დარღვევა იმას ნიშნავდა, რომ ყველა მანამდე შეკრებილი მტკიცებულება დაუშვებლად იყო მიჩნეული საქმეში.
საქმე დაუბრუნდა ხელახალ გამოძიებას, მაგრამ მოგვიანებით შეწყდა დანაშაულებრივ ფაქტზე მტკიცებულებების ნაკლებობის გამო.
კონვენციის მე-3 მუხლზე (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფსა (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) და მე-13 მუხლზე (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დაყრდნობით, მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ 1999 წლის 25 ნოემბერს პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლები არასათანადოდ მოექცნენ მათ, ხოლო მათ ბრალდებებზე არ დაწყებულა შესაბამისი ეფექტური გამოძიება.
სამართალი – მე-3 მუხლი
ოლგა მასლოვა
სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალბატონი მასლოვას მიერ აღწერილი მოვლენების ვერსიის სასარგებლოდ არსებობდა უტყუარი და ცალსახა მტკიცებულებები. მართლაც, ხელისუფლების ორგანოების მიერ ბრალდებების წაყენებით, საქმის სასამართლოში წარდგენითა და შემდეგ სამართალწარმოებების არაერთხელ შეწყვეტითა და განახლებით მტკიცდებოდა მომჩივნის ბრალდებების სანდოობა. აღნიშნული მტკიცებულებები მხოლოდ პროცედურული ხარვეზების გამო არ იქნა დასაშვებად მიჩნეული. მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე დამაკმაყოფილებელი ან დამაჯერებელი ახსნა-განმარტება ქალბატონი მასლოვას მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არც თავის შიდა გადაწყვეტილებებში და არც ევროპული სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებისას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა ქალბატონი მასლოვას მოთხოვნები 1999 წლის 25 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით.
სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ დაკავებული პირის გაუპატიურება მიჩნეული უნდა იქნეს, როგორც განსაკუთრებით მძიმე და შემზარავი ფორმა არასათანადო მოპყრობისა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დამნაშავეს ძალადობის განხორციელება მარტივად შეუძლია მსხვერპლის მოწყვლადობისა და სუსტი წინააღმდეგობის გამო.
შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ფიზიკური ძალადობა, განსაკუთრებით განმეორებითი ხასიათის გაუპატიურების სასტიკი ქმედებები, რომელსაც ქალბატონი მასლოვა დაექვემდებარა, უტოლდებოდა წამებას და არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს.
ფიოდორ ნალბანდოვი
სასამართლომ მიიჩნია, რომ მთელი შიდა სამართალწარმოებების დროს, ბატონ ნალბანდოვს წარმოდგენილი ჰქონდა 1999 წლის 25 ნოემბრის მოვლენები თანმიმდევრულად და დამაჯერებლად, რომელიც მოგვიანებით დადასტურებული იყო საქმეზე არსებული გამოძიების მასალებში აღმოჩენილი მტკიცებულებებით.
გარდა ამისა, სასამართლომ გამოიტანა დასკვნები იმ ფაქტიდან, რომ მისი მთავრობისადმი 2006 წლის 12 დეკემბრის მოთხოვნა, წარედგინათ მთლიანი გამოძიების მასალები, რომელიც ფაქტების დასადგენად გადამწყვეტად განიხილებოდა, არ იქნა შესრულებული. მთავრობამ, მხოლოდ საპროცესო გადაწყვეტილებების ასლები წარმოადგინა და უარი თქვა სხვა რაიმე დოკუმენტის წარდგენაზე.
შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა ბატონი ნალბანდოვის მიერ აღწერილი მოვლენების ვერსია და დაასკვნა, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ხანგრძლივობა და მისგან გამოწვეული ფიზიკური და ფსიქოლოგიური შედეგები, მთლიანობაში, წარმოადგენდა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, რითიც ირღვეოდა კონვენციის მე-3 მუხლი.
არასათანადო გამოძიება
სასამართლოს მოსაზრებით, როგორც აღმოჩნდა ხელისუფლებამ სათანადოდ და დაუყოვნებლივ იმოქმედა, რადგან ქალბატონი მასლოვას მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაში პასუხისმგებელი პირების იდენტიფიკაცია და დასჯა მოეხდინა. თუმცა პროცედურულმა დარღვევებმა ჩიხში შეიყვანა სისხლის სამართლის სამართალწარმოება. იმის გამო, რომ არ არსებობდა ამ დარღვევების დამაჯერებელი რაიმე ახსნა-განმარტება, სასამართლომ უდავოდ მიიჩნია პროკურატურის თანამშრომლების ცხადი არაკომპეტენტურობა 1999 წლის 26 ნოემბრიდან 2000 წლის 5 ივლისამდე ჩატარებული გამოძიების გამო. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი, რადგან არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება არასათანადო მოპყრობის შესახებ ქალბატონი მასლოვას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე.
სასამართლომ დაასკვნა, რომ ბატონი ნალბანდოვის ბრალდებები, რომ მის საქმეზე არ ჩატარდა ეფექტური გამოძიება, სიმართლეს შეესაბამებოდა და შესაბამისად, მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა.
38-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: კონვენციური სამართალწარმოებისას, მთავრობის თანამშრომლობის მნიშვნელობის გათვალისწინებით და იმ სირთულეების მხედველობაში მიღებით, რომელიც წარმოდგენილ საქმეებზე ფაქტების დადგენას გულისხმობს, სასამართლომ დაასკვნა, რომ 1999 წლის 25 ნოემბრის მოვლენებზე მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობით, რუსეთის მთავრობამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, რომელსაც ითვალისწინებდა კონვენციის 38-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფის „ა“ ქვეპუნქტი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: სახელმწიფომ არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად პირველ მომჩივანს 70 000, ხოლო მეორე მომჩივანს 10 000 ევრო უნდა მიაკუთვნოს.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy