დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ 208
ივნისი 2017
Medžlis Islamske Zajednice Brčko და სხვები ბოსნიისა და ჰერცოგოვინის წინააღმდეგ (Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina) [დიდი პალატა] - 17224/11
გადაწყვეტილება 27.6.2017 [დიდი პალატა]
მუხლი 10
მუხლი 10-1
გამოხატვის თავისუფლება
არასამთავრობო ორგანიზაციებს ევალებათ გადაამოწმონ კერძი პირების მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების ფაქტობრივი საფუძვლები: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები – განმცხადებლებმა, მუსლიმთა რელიგიურმა თემმა და ეთნიკური ბოსნიელების სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ბრცკოს რაიონში, წერილით მიმართეს რაიონის უმაღლეს ხელმძღვანელობას და შეშფოთება გამოხატეს მრავალეთნიკური საზოგადოებრივი რადიოს დირექტორის დანიშვნის პროცედურასთან დაკავშირებით და ამტკიცებდნენ, რომ აღნიშული რადიოს რედაქტორი, რომლის კანდიდატურაც იყო წამოყენებული დირექტორობისთვის, ახორციელებდა მოქმედებებს, რომლებიც მუსლიმების და ეთნიკური ბოსნიელების პატივის შემლახავი იყო. ამის შემდგომ მალევე წერილი გამოქვეყნდა სამ სხვადასხვა ყოველდღიურ გაზეთში. რედაქტორმა წამოიწყო სამოქალაქო სამართალწარმოება ცილისწამებასთან დაკავშირებით. განმცხადებლებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ ცილისწამებისთვის და დაევალათ წერილის გამოთხოვა, ხოლო აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ დაეკისრებოდათ არამატერიალური ზიანის ანაზღაურება.
ევროპული სასამართლოს წინაშე განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ მათი დასჯით დაირღვა მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებაზე მათი უფლება. საქმეზე ევროპული სასამართლოს პალატამ დაადგინა, რომ მე-10 მუხლის დარღვევას არ ქონდა ადგილი. განმცხადებლის მოთხოვნით საქმე გადაეცა დიდ პალატას განსახილველად.
კანონმდებლობა – მუხლი 10: ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება წარმოადგენდა ჩარევას განმცხადებლების გამოხატვის თავისუფლებაში. ჩარევას ითვალისწინებდა კანონმდებლობა და ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ კი სხვათა რეპუტაციის დაცვას. სასამართლოს წინაშე დასმულ საკვანძო საკითხს წარმოადგენდა, იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ უპატივცემულობაში რედაქტორის დადანაშაულება არა მხოლოდ ხელყოფდა მის რეპუტაციას, არამედ ასევე აკნინებდა მას როგორც პროფესიულ ისე სოციალურ გარემოში. შესაბამისად, ბრალდებები აღწევდა სიმძიმის იმ ხარისხს, რითაც შესაძლებელი იყო მისი მე-8 მუხლით დაცული უფლებების შელახვა. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გაერკვია, ეროვნულმა სასამართლოებმა დაიცვეს თუ არა სამართლიანი ბალანსი კონვენციით გარანტირებულ ორ ღირებულებას შორის, კერძოდ კი, ერთის მხრივ განმცხადებლების მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე მხრივ, რედაქტორის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ რეპუტაციის პატივისცემის უფლებას შორის.
განმცხადებლები არ იყვნენ საზოგადოებრივ რადიოსთან რაიმე ფორმით სამსახურებრივ დაქვემდებარებაში, რაც მათზე ერთგულების, თავშეკავებისა და სიფრთხილის ვალდებულებას გაავრცელებდა და შესაბამისად სასამართლოს წინაშე არ იდგა საჭიროება, გამოეკვლია მამხილებლის შესახებ მისი პრეცედენტული სამართლის ცენტრალური საკითხები. სასამართლომ გაიზიარა ეროვნული სახელმწიფო ორგანოების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ცილისწამებისთვის განმცხადებელთა პასუხისმგებლობა უნდა შეფასდეს მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მათი კერძო კორესპოდენციის ჭრილში და არა ამ წერილის მედიაში გამოქვეყნებასთან მიმართებით, რადგანაც ისინი არ იყვნენ პასუხისმგებელნი ამ წერილის გამოქვეყნებაზე.
საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ყურადღების მიქცევისას არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს საზოგადოებრივი მოდარაჯის როლს, რაც პრესის მნიშვნელოვნების ტოლფასია და შეიძლება დახასიათდეს როგორც სოციალური მოდარაჯე. პრესის თავისუფლების სფეროში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის თანდაყოლილი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების საფუძველზე დაყრდნობით მე-10 მუხლით ჟურნალისტისთვის დადგენილი გარანტიები საზოგადო ინტერესის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისას, დამოკიდებულია იმაზე, ჟურნალისტი მოქმედებდა თუ არა კეთილსინდისიერად ჟურნალისტის ეთიკის ნორმებთან შესაბამისობაში ზუსტი და სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად. იგივე პირობები ვრცელდება არასამთავრობო ორგანიზაციაზე როდესაც ის სოციალური მოდარაჯის ფუნქციას ახორციელებს.
საქმესთან დაკავშირებული კონკურენტული ინტერესების დაბალანსებისას აუცილებელია იმ კრიტერიუმის გათვალისწინება, რომელიც ზოგადად მოქმედებს მედიის მიერ თავისი საზოგადოებრივი მოდარაჯის ფუნქციის განხორციელებისას ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებაზე.
(a) რამდენად ცნობილი იყო სამიზნე პირი და რა წარმოადგენდა ბრალდების საგანს – რადიოს დირექტორის პოზიციაზე დანიშვნის მიმართვით და წერილში მოცემული ინფორმაციის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიიჩნევა, რომ რედაქტორი გარდაუვალად და გაცნობიერებულად მოხვდა საჯარო სივრცეში და საკუთარი თავი დაუქვემდებარა მისი ქცევების გამადიდებელი შუშით დაკვირვებას. ამ გარემოებებში დასაშვები კრიტიკის ფარგლები შესაბამისად უფრო ფართო გახდა ვიდრე ჩვეულებრივი პროფესიონალის შემთხვევაში იყო.
(b) სახელმწიფო ორგანოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, ფორმა და შედეგები - მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა განმცხადებელბის მიერ სადავო წერილში გამოყენებული ტექსტი. მათ პირდაპირ არ მიუთითეს, რომ მოცემული ინფორმაციის ნაწილი რასაც სახელმწიფო ორგანოებს უზიარებდნენ სხვა წყაროებიდან მიიღეს, კერძოდ კი რადიოს თანამშრომლებისგან. მათ თავიანთი წერილი დაიწყეს სიტყვებით: „ჩვენი ინფორმაციის თანახმად“, თუმცა ნათლად არ მიუთითეს, რომ ინფორმაციის გადამცემის როლში მოქმედებდნენ. შესაბამისად, მათ თავი წარმოაჩინეს როგორც ამ ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის მქონე პირებად და ამ ვითარებაში თავიანთ განცხადებებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა გააჩნდათ.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა, იყო თუ არა ბრალდებების მთავარი მიზანი რედაქტორის დადანაშაულება, თუ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება მათი აზრით უსწორო ან კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ. განმცხადებლებმა დაადასტურეს, რომ მათ განზრახვას წარმოადგენდა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გარკვეული დარღვევების შესახებ და მათი პროვოცირება გამოეძიებიათ და გადაემოწმებინათ წერილში მითითებული ბრალდებები. თუმცა სადავო წერილი არ მოიცავდა გამოძიებისა და ბრალდებების გადამოწმების მოთხოვნას.
რაც შეეხება სახელმწიფო ორგანოებისთვის მიწოდებული ბრალდებების შედეგს, ეჭვგარეშე ამ ბრალდებების გაცხადების სპეციფიური კონტექსტის გათვალისწინებით ისინი ერთობლიობაში განაპირობებდა რედაქტორისთვის შერაცხული ქცევის განსაკუთრებულად შეუსაბამოდ მიჩნევას, როგორც მორალური ისე სოციალური თვალსაზრისით. ბრალდებები მას მეტად ნეგატიურად წარმოაჩნდა და ახასიათებდა, როგორც ადამიანს, რომელიც შეურაცხმყოფელი და არამიმღებლური იყო მუსლიმებისა და ეთნიკური ბოსნიელების მიმართ საკუთარი აზრისა და განწყობების გამოხატვისას. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ სადავო განმცხადებები შეიცავდა ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებდა მის რეპუტაციას და [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომაც განსხვავებული დასკვნის საფუძველი ვერ დაინახა. ის ფაქტი, რომ ეს ბრალდებები დახურული კორესპოდენციის მეშვეობით მიეწოდა სახელმწიფო თანამდებობის პირთა ვიწრო წრეს, არ ამცირებს მათ პოტენციურად დამაზიანებელ ეფექტს რედაქტორის, როგორც მომავალი საჯარო მოხელის კარიერულ პერსპექტივებზე და მისი როგორც ჟურნალისტის პროფესიულ რეპუტაციაზე. მიუხედავად იმისა, რა გზებით მოხვდა წერილი მედიაში, აშკარა იყო, რომ მისი გამოქვეყნებით გაიხსნა საჯარო დებატის შესაძლებლობა და დაამძიმა მისი ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანი.
(c) გამხელილი ინფორმაციის ავთენტურობა – ინტერესთა დაბალანსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ავთენტურობა. პრესის თავისუფლების კონტექსტში, კონკრეტული საფუძვლების არსებობაა აუცილებელი, რათა მედიამ გადაუხვიოს თავის ჩვეულ ვალდებულებას, გადაამოწმოს კერძო პირების მიმართ ცილისმწამებლური ფაქტების შემცველი განცხადებები. გაზეთების მსგავსად განმცხადებლებსაც იგივე მოთხოვნები ავალდებულებდა, გადაემოწმებიათ მიწოდებული ბრალდებების ავთენტურობა. ეს მოთხოვნა კი „არასამთავრობო ორგანიზაციათა ეთიკისა და ქცევის კოდექსიდან“ მომდინარეობდა.
ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა დაადგინეს, რომ დადასტურებული შეუსაბამობა არსებობდა მომჩივნებისთვის რადიოს თანამშრომლების მიერ მონათხრობსა და წერილში ასახულ ფაქტებს შორის. განმცხადებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც საზოგადოებაში კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ, მოეთხოვებოდათ თანამშრომელთა მონათხრობის ზუსტად გადმოცემა, რაც მათი როგორც საჯარო ცხოვრების კომპეტენტური და პასუხისმგებლიანი მონაწილეების რეპუტაციის და ურთიერთნდობის განვითარებისა და შენარჩუნების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ბრალდებების საპირისპიროდ, რედაქტორი არ იყო ყოველკვირეულ გაზეთში გამოქვეყნებული კომენტარების ავტორი. ამ ფაქტების გამოქვეყნებამდე გადამოწმება არ მოითხოვდა განმცხადებლების მხრიდან რაიმე განსაკუთრებულ ძალისხმევას.
[ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ ვერ მიაგნო ეროვნული სასამართლოების მიგნებებისგან გადახვევის რაიმე საფუძველს, იმის თაობაზე, რომ განმცხადებლებმა ვერ დაამტკიცეს გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა, რაც მათ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ, რომ იყო ცრუ და შესაბამისად დაასკვნა, რომ განმცხადებლებს არ გააჩნდათ რედაქტორის მიმართ თავიანთ წერილში ასახული ბრალდებების საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები.
(d) სანქციის სიმკაცრე – ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა განმცხადებლები დაავალდებულეს მათთვის შეეტყობინებიათ, რომ გამოეთხოვათ თავიანთი წერილი, თუკი ამას არ შეასრულებდნენ, დაეკისრებოდათ 1 280 ევროს გადახდა ერთობლივად, არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ. განმცხადებლებისთვის დაკისრებული ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ იყო არაპროპორციული.
სასამართლოს არ გააჩნია მყარი საფუძვლები ეროვნული სასამართლოების მიგნებებისა და მათ მიერ მიღწეული ბალანსისგან გამიჯვნისთვის. სასამართლო დარწმუნდა, რომ სადავო ჩარევა გამყარებული იყო შესატყვისი და საკმარისი საფუძვლებით და რომ მოპასუხე სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოებმა სამართლიანი ბალანსი დაიცვეს განმცხადებლის სიტყვის თავისუფლებასა და რედაქტორის რეპუტაციის დაცვის ინტერესს შორის, მოქმედებდნენ რა თავისუფალი შეფასების ფარგლებში.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ).
(იხილეთ ასევე ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ (Zakharov v. Russia), 14881/03, 5 ოქტომბერი, 2006; ბიორკ ეითსდოტირი ისლანდიის წინააღმდეგ (Björk Eiðsdóttir v. Iceland), 46443/09, 10 ივლისი, 2012, Information Note 154; პედერსენი და ბაადსგარდი დანიის წინააღმდეგ (Pedersen and Baadsgaard v. Denmark) [დიდი პალატა], 49017/99, 17 დეკემბერი, 2004)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy