დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 194
2016 წლის მარტი
მ.გ. თურქეთის წინააღმდეგ (M.G. v. Turkey)
(საჩივარი- 646/10)
გადაწყვეტილება, 22 მარტი, 2016 [მე-2 სექცია]
მე-3 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
განქორწინებული ან დაუქორწინებელი ქალებისთვის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაცვითი ღონისძიებების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი მ.გ., დაბადებული 1973 წელს, თურქეთის მოქალაქეა და ცხოვრობს სტამბოლში.
2006 წლის 18 ივლისს მ.ჯ-მ მეუღლის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საჩივარი წარადგინა და განაცხადა, რომ ის სახლიდან გაიქცა, რათა თავი დაეღწია ოჯახში ძალადობისგან, რომელსაც 1997 წელს დაოჯახების შემდეგ მის მიმართ ჰქონდა ადგილი. მ.გ-ს დაზიანებების ამსახველი სამედიცინო დასკვნა შეადგინა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა; აპლიკანტს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტმაც, რომელმაც პროკურატურას წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტი და აღნიშნა, რომ მომჩივანი იტანჯებოდა დეპრესიული და ქრონიკული პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობით, რაც განპირობებული იყო ოჯახში ძალადობით. მომჩივნის მეუღლემ უარყო მის მიმართ არსებული ბრალდებები; 2006 წლის 15 დეკემბერს ის დაიკითხა, ხოლო 2012 წლის 22 თებერვალს ბრალი წაუყენეს მეუღლის ჯანმრთელობის დაზიანების გამო.
2006 წლის 31 აგვისტოს მ.გ-მ სამოქალაქო სასამართლოს წინაშე განქორწინების საქმის წარმოება დაიწყო და მოითხოვა დამცავი ორდერის გამოცემა; სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა. 2007 წლის 24 სექტემბერს მომჩივანი და მისი ყოფილი მეუღლე ოფიციალურად განქორწინდნენ; შვილებზე მეურვეობა მ.გ-ს დაეკისრა, თუმცა ბავშვები სოციალური მომსახურების სააგენტოს დაცვის ქვეშ იმყოფებოდნენ.
2012 წლის 1-ელ ნოემბერს, 2013 წლის 10 ოქტომბერსა და 2014 წლის 19 ივნისს მ.გ-მ კვლავ მიმართა საოჯახო დავების განმხილველ სასამართლოს და მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა ყოფილი მეუღლის მიმართ; აპლიკანტმა განაცხადა, რომ ის მუდმივად ემუქრებოდა ძალადობითა და მოკვლით. სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა და ყოფილ მეუღლეს უბრძანა არ მიახლოვებოდა მ.გ-ს სახლს და არ დაემყარებინა მასთან რაიმე სახის კომუნიკაცია. 2014 წლის 6 მარტს ფონდმა “Purple Roof’’, რომელიც მომჩივანსა და მის შვილებს თავშესაფრით უზრუნველყოფდა, წარადგინა ანგარიში, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ აპლიკანტი ცხოვრობდა მუდმივი შიშის ქვეშ და მისი უსაფრთხოება არ იყო დაცული.
კონვენციის მე-3 მუხლზე (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დაყრდნობით, მომჩივანმა გააკრიტიკა ეროვნული ხელისუფლება, რადგან მან ვერ შეძლო ოჯახში ძალადობის აღკვეთა. კონვენციის მე-8 მუხლზე (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 მუხლსა (შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა) და მე-5 მუხლზე (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) დაყრდნობით, მ.გ. დავობდა, რომ მას შვილებთან ერთად არ შეეძლო მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, რადგან მის მიმართ არსებობდა მუდმივი მუქარა. აპლიკანტი ასევე ასაჩივრებდა სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების არაეფექტურობასა და გადაჭარბებულ ხანგრძლივობას და აცხადებდა, რომ არ იყო ძალადობისგან დაცული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა აღნიშნული საჩივრები კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე შეესწავლა.
და ბოლოს, კონვენციის მე-14 მუხლზე (დისკრიმინაციის აკრძალვა) დაყრდნობით მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, მომჩივანი ასაჩივრებდა თურქეთში ქალთა მიმართ არსებულ სისტემატურ ძალადობას.
სამართალი – მუხლი 3 (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა): ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მ.გ-მ მეუღლის წინააღმდეგ საჩივარი წარადგინა 2006 წლის 18 ივლისს და შესაბამისმა ორგანოებმა სამედიცინო დასკვნა შეადგინეს მომდევნო დღეს; დასკვნაში აღწერილი იყო როგორც აპლიკანტის ფიზიკური დაზიანებები, ასევე მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და განცდილ ძალადობას შორის არსებული კავშირი. ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ მომჩივნის მეუღლის დაკავების შესახებ ბრძანება გაიცა 2006 წლის 23 ნოემბერს; პროკურატურამ ის დაკითხა 2006 წლის 15 დეკემბერს, ე.ი. საჩივრის წარდგენიდან დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ. სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება, რომელიც კვლავ მიმდინარეობდა, დაიწყო 2012 წლის 22 თებერვალს, მომჩივნის მიერ შესაბამის ორგანოში საჩივრის შეტანიდან დაახლოებით ხუთი წლისა და ექვსი თვის შემდეგ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საჩივრები განსაკუთრებული გულისხმიერებით უნდა განიხილონ; სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ,,სტამბოლის კონვენცია’’ ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებდა, გაეტარებინათ საჭირო ღონისძიებები, რათა უზრუნველეყოთ გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროული ჩატარება. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრებოდა ვალდებულება, გაეთვალისწინებინა მსხვერპლის ფსიქოლოგიური, ფიზიკური და/ან ფინანსური მდგომარეობა და მოწყვლადობა, აგრეთვე რაც შეიძლება დროულად შეეფასებინა სიტუაცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე საქმეზე არ არსებობდა რაიმე გარემოება, რომელიც ახსნიდა პროკურატურის მხრიდან უმოქმედობას ამდენი ხნის განმავლობაში (დაახლოებით ხუთი წელი და ექვსი თვე). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივი საქმის განხილვის ფორმა არ აკმაყოფილებდა კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს.
მ.გ-მ სასამართლოს განუმარტა, რომ 2012 წლის 20 მარტს N6284 კანონის ამოქმედებამდე, თურქეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა დამცავი ღონისძიებების ხელმისაწვდომობას; აპლიკანტმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ის იმალებოდა და ცხოვრობდა იმის შიშში, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობას კვლავ დაექვემდებარებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის მთავარი ასპექტი მსხვერპლზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება იყო. სასამართლომ აღნიშნა, როდესაც მ.გ. დაქორწინებული იყო, სამოქალაქო სამართლის შესაბამისი დებულება ითვალისწინებდა შესაძლებლობას, მას მიემართა საოჯახო დავების განმხილველი სასამართლოსთვის N4320 კანონით დადგენილი დამცავი ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით, თუმცა მას შემდეგ რაც აპლიკანტი განქორწინდა, სადავო იყო, რამდენად შეეძლო მას ამ შესაძლებლობის რეალურად გამოყენება. შესაბამისი სამართლებრივი დებულების ფორმულირებიდან გამომდინარე, საკითხი იმის შესახებ შეეძლოთ თუ არა დაუქორწინებელ ან განქორწინებულ წყვილებს დამცავი ღონისძიებებით სარგებლობა, ეროვნული სასამართლოების მხრიდან განსხვავებული განმარტებების საგანი გახდა. საბოლოოდ, მომჩივნისა და მისი მეუღლის ოფიციალურად განქორწინებიდან და 2012 წლის 20 მარტს N6284 კანონის ძალაში შესვლამდე, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, რომ აპლიკანტს, როგორც განქორწინებულს, შეეძლო დამცავი ღონისძიებებით სარგებლობა, ვინაიდან აღნიშნული საკითხის განმარტება საქმის განმხილველი მოსამართლის დისკრეციას წარმოადგენდა. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.გ. იძულებული იყო ეცხოვრა შიშის ქვეშ; სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოებისთვის მიმართვიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მას კვლავ ეშინოდა ყოფილი მეუღლის ძალადობრივი ქმედებების.
შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეზე დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი.
მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) მე-3 მუხლთან ერთობლიობაში: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მან წინამდებარე საქმეზე უკვე დაადგინა შემდეგი: სახელმწიფოს მარცხი, დაეცვა ქალები ოჯახში ძალადობისგან, არღვევდა მათ უფლებას კანონის წინაშე თანაბარი მოპყრობის შესახებ. სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტამბოლის კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე, ტერმინი ,,ქალთა მიმართ ძალადობა’’ უნდა განიმარტოს, როგორც ადამიანის უფლების დარღვევა და ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ განაცხადა, რომ წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მხრიდან უმოქმედობა თურქეთში ხელს უწყობდა ოჯახში ძალადობას. ანალოგიურად, სასამართლომ მიიჩნია, რომ N6284 კანონის ამოქმედებამდე, თურქეთის ეროვნული კანონმდებლობა არ უზრუნველყოფდა განქორწინებული ქალებისთვის ყოფილი მეუღლეების წინააღმდეგ დამცავი ღონისძიებების ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთს მომჩივნისთვის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, უნდა გადაეხადა 19,500 ევრო, ხოლო ხარჯებისა და დანარაჯებისთვის, 4, 000 ევრო.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy