Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
მგელაძე საქართველოს წინააღმდეგ
Mgeladze v Georgia
საჩივარი No. 35413/19
გადაწყვეტილება
16 მაისი 2024
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
1. წინამდებარე საჩივარი ეხება სისხლის სამართლის პროცესის ხანგრძლივობას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 § 1 მუხლის მიხედვით, რომელშიც მომჩივანს ბრალი ედებოდა მითვისებასა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 210-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები).
2. 2012 წლის 23 თებერვალს სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო სამშენებლო კომპანია “რუსთაველის” თანხის მითვისების სავარაუდო ფაქტზე. 2014 წლის 25 თებერვალს მომჩივანს ამ გამოძიებასთან დაკავშირებით ფორმალურად წაუყენეს ბრალი და 2014 წლის 26 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა იგი გირაოს საფუძველზე 200,000 ლარის სანაცვლოდ. გირაოს შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით დაადასტურა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. 2014 წლის 24 მარტს მომჩივნის ყველა საბანკო ანგარიში გაიყინა. რამდენიმე წინასასამართლო სხდომის შემდეგ, 2014 წლის 20 მაისს მოსამართლე ხ.კ-მ გახსნა სხდომა. თითქმის თვრამეტი თვის განმავლობაში ხუთი მოსმენის ჩატარების შემდეგ, 2016 წლის 4 იანვარს მოსამართლე ხ.კ. სხვა სასამართლოში გადაიყვანეს. იმავე დღეს მომჩივნის საქმე გადაეცა მოსამართლე ი.შ-ს. მომჩივნის მიერ საქმისწარმოების შესახებ რამდენიმე საჩივრის შემდეგ, მოსამართლე ი.შ-მ მომჩივნის საქმის განხილვა განაახლა 2017 წლის 14 მარტს. 2017 წლის 30 ივნისს მოსამართლე ი.შ. გადაყვანილ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში. შედეგად, მომჩივნის საქმე გადაეცა შემცვლელ მოსამართლეს, ლ.გ.-ს, რომელმაც განაგრძო საქმის განხილვა და დანიშნა დაახლოებით ჩვიდმეტი მოსმენა ჩვიდმეტი თვის მანძილზე. ოთხი მოსმენა გადაიდო, რადგან დაცვის მხარე არ გამოცხადდა, ოთხი გაუქმდა, ვინაიდან პროკურორს არ შეეძლო დასწრება, ხოლო რამოდენიმე სხვა მოსმენა ვერ ჩატარდა სხვა მიზეზებით.
3. 2019 წლის 15 ივლისს მოსამართლე ლ.გ. გადაიყვანეს სხვა სასამართლოში. 2019 წლის 10 სექტემბერს მომჩივნის საქმე გადაეცა სხვა მოსამართლეს, თ.ბ.-ს, რომელმაც საქმის განხილვა გააგრძელა 2020 წლის 28 თებერვალს. შემდეგ საქმის განხილვა შეჩერდა Covid-19 პადემიის გამო 2020 წლის 29 მაისამდე. შემდგომი მოსმენები დაინიშნა 2020 წლის 25 ივნისს, 2 და 7 ივლისს. ბოლო მოსმენა გადაიდო, რადგან საქმე გადაეცა სხვა პროკურორს. მომდევნო მოსმენა, რომელიც დანიშნული იყო 2020 წლის 5 აგვისტოს, ჩატარდა დისტანციურად, ხოლო მომდევნო მოსმენა კი, რომელიც უნდა გამართულიყო 2020 წლის 25 სექტემბერს, გადაიდო Covid-19 პანდემიის გაუარესების გამო. 2020 წლის 6 ოქტომბერს მომჩივანმა საჩივარი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საქმისწარმოების გადაჭარბებული ხანგრძლივობის გამო, მისი სასამართლო პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით. შემდგომში მოსმენა გაიმართა 2020 წლის 23 ოქტომბერს; 2020 წლის 16 და 26 ნოემბერს დანიშნული მოსმენები გადაიდო მომჩივნის ადვოკატის არყოფნის გამო, ხოლო 2020 წლის 4 და 22 დეკემბერს და 2021 წლის 25 იანვარს ჩანიშნული მოსმენები კი გადაიდო სასამართლოსთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზის გამო.
4. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შესაბამისი სისხლის სამართალწარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ მიმდინარეობს.
სასამართლოს შეფასება
კონვენციის 6 § 1 მუხლის სავარაუდო დარღვევა
ა. დასაშვებობა
1. მხარეთა არგუმენტები
5. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივანს გააჩნდა ეფექტური საშუალება მის ხელთ არსებული დისციპლინური სამართალწარმოების სახით, რომლითაც მან არ ისარგებლა. მთავრობამ ამასთან დაკავშირებით მიუთითა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც შეიქმნა 2017 წელს, როგორც მოსამართლეებთან დაკავშირებით დისციპლინური გამოძიების ინიციატორი. კერძოდ, დამოუკიდებელ ინსპექტორს ჰქონდა უფლებამოსილება განეხილა მოსამართლეთა წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქმის განხილვის გაჭიანურების შესახებ; დისციპლინური გამოძიების დასაწყებად; და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ. საკუთარი მტკიცების გასამყარებლად მთავრობამ მაგალითად მიუთითა რამდენიმე დისციპლინური საქმე, რომელშიც დამოუკიდებელმა ინსპექტორმა დაადგინა შესაბამისი საქმეების განხილვისას მოსამართლეთა მიერ გაუმართლებელი გაჭიანურების ფაქტი და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეკომენდაცია მისცა, რომ დაეწყო დისციპლინური სამართალწარმოება.
6. მთავრობა დავობდა, რომ ვინაიდან მომჩივანმა არ იმოქმედა ზემოთქმულის შესაბამისად, საჩივარი უნდა ეცნოთ დაუშვებლად კონვენციის 35 § 1 მუხლის საფუძველზე ეროვნული სამართლებრივი საშუალებების არ ამოწურვის გამო. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მომჩივანს არ განუცდია რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი, ვინაიდან იგი არასდროს ყოფილა წინასწარ პატიმრობაში მთელი პროცესის მანძილზე.
7. მომჩივანი არ დაეთანხმა.
1. სასამართლოს შეფასება
8. რაც შეეხება სამართალწარმოების ხანგრძლივობის საქმეებში დაცვის საშუალებების „ეფექტურობას“, სასამართლომ დაადგინა, რომ საუკეთესო გამოსავალი უდავოდ არის პრევენცია, როგორც ბევრ სხვა სფეროში. 6 § 1 მუხლი ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აკისრებს თავიანთი სასამართლო სისტემების იმგვარად მოწესრიგებას, რომ სასამართლოებმა შეძლონ თითოეული მოთხოვნის დაკმაყოფილება, მათ შორის, არის საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის ვალდებულება. როდესაც სასამართლო სისტემა ამ მხრივ ხარვეზიანია, სამართლებრივი საშუალება, რომელიც პროცესის დაჩქარების მიზნით არის შექმნილი, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქმისწარმოების გაჭიანურება, არის ყველაზე ეფექტური გამოსავალი. ასეთი საშუალება უდავო უპირატესობას გვთავაზობს ისეთ საშუალებასთან შედარებით, რომელიც მხოლოდ კომპენსაციის მიმნიჭებელია, ვინაიდან იგი ასევე იმავე საქმისწარმოებასთან დაკავშირებით ახდენს თანმიმდევრული დარღვევების აღმოჩენის პრევენციას და არ მოქმედებს დარღვევაზე მხოლოდ გარეგნულად, კომპენსაციის მიმნიჭებელი საშუალებისგან განსხვავებით. აქედან გამომდინარე, ასეთი ზომა „ეფექტურია“ რამდენადაც იგი აჩქარებს შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამავე დროს სამართლებრივი საშუალება, რომელიც პროცესის დასაჩქარებლადაა, შესაძლოა არ იყოს ადეკვატური საშუალება იმ სიტუაციისათვის, რომელშიც სამართალწარმოება უკვე გაჭიანურებული იყო. ასეთ ვითარებაში, სხვადასხვა სამართლებრივი საშუალება შესაძლოა შესაფერისი იყოს დარღვევის გამოსასწორებლად, მათ შორის, ასეთია კომპენსაციის გაცემა. ამასთან, სახელმწიფოებმა შესაძლოა აარჩიონ ორი ტიპის სამართლებრივი საშუალების კომბინაცია, ერთი სამართალწარმოების დასაჩქარებლად და მეორე - კომპენსაციის გასაცემად, თუმცა სახელმწიფომ შესაძლოა აირჩიოს მხოლოდ კომპენსაციის მინიჭების გზა, ისე რომ იგი ეფექტურად ჩაითვალოს (იხილეთ, Scordino v. Italy (no. 1) [GC], no. 36813/97, §§ 183-87, ECHR 2006 V, და Cocchiarella v. Italy [GC], no. 64886/01, §§ 74-78, ECHR 2006 V; ასევე იხ., Galea and Pavia v. Malta, nos. 77209/16 da 77225/16, §§ 57-58, 11 თებერვალი 2020).
9.რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამართლებრივი სისტემა არ ითვალისწინებს, არც კონკრეტულ პრევენციულ საშუალებებს, რომელსაც შეუძლია დააჩქაროს პროცესი და არც საკომპენსაციო საშუალებას როგორც ასეთს. რაც შეეხება დისციპლინურ პასუხისმგებლობას, წინამდებარე საქმეში მთავრობის მიერ წამოყენებული არგუმენტის იდენტური არგუმენტი ადრე საქმეში Schrade v. Georgia ([კომიტეტი], no. 15016/07, §§ 41-42, 11 მარტი 2021) განიხილა და არ დააკმაყოფილა სასამართლომ. როგორც ჩანს დისციპლინური სამართალწარმოების სისტემა ცოტა ხანია რაც განავითარდა და მოიცვა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი (იხილეთ პარაგრაფი 5 ზემოთ). სასამართლო ვერ ხედავს, თუ როგორ შეიძლება დისციპლინური საქმისწარმოების დამატებითმა წყებამ ეფექტური გახადოს შემოთავაზებული ზომა ხანგრძლივი სამართალწარმოების საქმეებში. ამასთან დაკავშირებით, ბუნდოვანია, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს დისციპლინურმა სამართალწარმოებამ თავად საქმისწარმოების ხანგრძლივობაზე. წინამდებარე საქმის კონტექსტში, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის გადადება გამოიწვია მომჩივანის საქმის განმხილველი მოსამართლეების განმეორებითმა ცვლილებებმა (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 2-3). შესაბამისად, გაუგებარია მთავრობის მიერ შემოთავაზებული დისციპლინური ზომა, რომლის სამიზნე არის ცალკეული მოსამართლეების ქმედება როგორ გამოასწორებდა ისეთ სიტუაციას რომელიც წმინდა ორგანიზაციული ხასიათის იყო. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საშუალებები, რომლებსაც არ აქვთ ზუსტი ვადები, რაც ქმნის გაურკვევლობას და არღვევს კონვენციის 35 § 1 მუხლით გათვალისწინებულ ოთხთვიან წესს (ადრე 6 თვის წესი), არ არის ეფექტური საშუალება 35 § 1 მუხლის მნიშვნელობით (იხილეთ, Nicholas v. Cyprus, no.63246/10, § 38, 9 იანვარი 2018). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მთავრობის პრეტენზია (სადაც მოტივად აცხადებდა ეროვნული სამართლებრივი საშუალებების არ ამოწურვას) მომჩივნის 6§1 საფუძველზე წარდგენილი საჩივრის უარყოფის შესახებ.
10. ამასთან ერთად, სასამართლოს არ შეუძლია გაიზიაროს მთავრობის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მომჩივანს არ მიყენებია რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი (იხილეთ Irodotou v. Cyprus, no. 16783/20, § 62, 23 მაისი 2023). იგი ასევე აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 მუხლის (ა) ქვეპუნქტის მნიშვნელობით ან დაუშვებელი რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
კონვენციის 41-ე მუხლი
15. მომჩივანს არ წარუდგენია რაიმე მოთხოვნა სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოთხოვნა მისთვის რაიმე თანხის მინიჭების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. ცნობს საჩივარს დასაშვებად
2. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის 6 § 1 მუხლი.