დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეხუთე სექცია
საქმე მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ (MINDADZE AND NEMSITSVERIDZE v. GEORGIA)
(საჩივარი № 21571/05)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
1 ივნისი, 2017
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფში აღნიშნული გარემოებების შესაბამისად. იგი შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო ხასიათის ცვლილებებს.
საქმეზე მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეხუთე სექცია), პალატის შემდეგი შემადგენლობით:
ანგელიკა ნიუბერგერი, თავმჯდომარე,
ნონა წოწორია,
ანდრე პოტოცკი,
იონკო გროზევი,
მარტინს მიტსი,
გაბრიელე კუცკო-შტადლმაიერი,
ლეტიფ ჰუსეინოვი, მოსამართლეები,
და მილან ბლასკო, სექციის მდივნის მოადგილე,
2017 წლის 2 მაისს, ითათბირეს და მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის წარმოება დაიწყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს ორი მოქალაქის, ბატონი დავით მინაძისა („პირველი მომჩივანი“) და ბატონი ვალერიან ნემსიწვერიძის („მეორე მომჩივანი“) მიერ 2005 წლის 9 მაისს საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის (№ 21571/05) საფუძველზე.
2. მომჩივნებს წარმოადგენდნენ ქალბატონი თ. გაბისონიასა და ქალბატონი მ. გიოშვილის, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას თბილისში ეწევიან. საქართველოს მთავრობა („მთავრობა“) წარმოდგენილი იყო სახელმწიფოს წარმომადგენლის, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის, ბატონი ლ. მესხორაძის მიერ.
3. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ პირველი მომჩივანი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან, დაკავების მომენტში, რომ ორივე მომჩივნის მდგომარეობა და წინასწარი დაკავების ხანგრძლივობა იყო, შესაბამისად, არასათანადო და უკანონო, რომ გარკვეულ პატიმრობის ბრძანებებს აკლდა დასაბუთება და რომ სისხლის სამართალის საქმის წარმოება მათ წინააღმდეგ არ იყო სამართლიანი.
4. 2009 წლის 17 ნოემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ნაწილობრივი დაუშვებლობის შესახებ და ამავდროულად საჩივრის დანარჩენი ნაწილი მთავრობას აცნობა.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. მომჩივნები დაიბადნენ 1977 და 1979 წლებში, შესაბამისად და ცხოვრობენ თბილისსა და წყალტუბოში.
A. მომჩივანთა დაკავება და პირველადი საგამოძიებო ქმედებები
6. 2004 წლის 20 იანვარს სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო დაუდგენელი პირების მიმართ, საქართველოს პარლამენტის წევრზე („პარლამენტის წევრი“) კ.გ-ზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე.
7. 2004 წლის 4 თებერვალს გამომძიებელმა დაზარალებული პირველად დაკითხა. დაზარალებულის აღწერის დახმარებით შეიქმნა თავდამსხმელის ფოტორობოტი, თუმცა პარლამენტის წევრმა ასევე დაამატა, რომ არ იცოდა თუ ვინ იყო თავდამსხმელი.
8. 2004 წლის 25 თებერვალს გამომძიებელმა შეადგინა ოქმი პოლიციისთვის (მცირეგაბარიტიანი ნახევრადავტომატური პოსტოლეტი) PSM პისტოლეტის ჩაბარების შესახებ, რომელიც მაყუჩით იყო აღჭურვილი, ქალისა და მისი შვილის მიერ. აღსანიშნავია, რომ ოქმის მიხედვით ბავშვმა იპოვა იარაღი, როდესაც ის თამაშობდა დედასთან ერთად სახლის უკანა ეზოში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც პარლამენტის წევრზე თავდასხმა მოხდა. ჩაბარების შესახებ ოქმს ხელს აწერდნენ ორი ტაქსის მძღოლი და თარჯიმანი.
9. 2004 წლის 13 მაისს, დაახლოებით დილის 10 საათისთვის, პირველი მომჩივანი, რომელსაც ნასამართლობა ჰქონდა ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის, დააკავეს ქუჩაში, ზემოთხსენებულ სისხლის სამართლებრივ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით, მკვლელობის მცდელობის ეჭვის საფუძველზე. იგი ორი მოწმის თანდასწრებით გაჩხრიკეს დაკავების დროს. ჩხრეკის დროს აღმოჩნდა, რომ მას თან ქონდა „ბრაუნინგის“ პისტოლეტი.
10. მომჩივანი დააკავეს და გადაიყვანეს თბილისის პოლიციის მთავარ განყოფილებაში პოლიციის ოფიცერის, დ. ჩ -ს მიერ დასაკითხად. დაკითხვისას მან აღიარა, რომ მეორე მომჩივანთან ერთად დაგეგმეს პარლამენტის წევრის მკვლელობა. კერძოდ, როგორც პოლიციის 2004 წლის 13 მაისის ოქმშია აღნიშნული, პირველმა მომჩივანმა თქვა, რომ მას 2003 წლის შემოდგომაზე დაუკავშირდა მეორე მომჩივანი და შესთავაზა 10,000 ამერიკული დოლარი პირის მოკვლისთვის, რომლის ვინაობაც იმ მომენტისთვის ცნობილი არ იყო. ამის შემდეგ, იგი, მეორე მომჩივანმა მიიყვანა შენობასთან, სადაც დაზარალებული ცხოვრობდა, მკვლელობის მიზეზების ახსნის გარეშე. მან მას PSM პისტოლეტი გადასცა, რომელიც დატენილი და მაყუჩით აღჭურვილი იყო. ამ დღიდან, პირველი მომჩივანი რეგულარულად დადიოდა იმ შენობასთან, თუმცა ამ შემთხვევებში არ უცდია დაზარალებულის მოკვლა. მეორე მომჩივანი მას ურეკავდა და ითხოვდა გეგმის განხორციელებას. 2004 წლის 19 იანვარს პირველი მომჩივანი წარმატებით შევიდა გარაჟში დაზარალებულთან ერთად, ესროდა, ვიდრე ვაზნები არ გაუთავდა და შემდეგ გაიქცა. მოგვიანებით, იმავე საღამოს, მეორე მომჩივანმა დაურეკა მას, რათა გამოეხატა საკუთარი უკმახოფილება, რადგან დაზარალებული, მიუხედავად იმისა, რომ მძიმედ იყო დაჭრილი, გადარჩა. რამდენიმე დღის შემდეგ, პირველმა მომჩივანმა ტელევიზორიდან გაიგო, რომ კაცი, რომლის მოკვლაც მან სცადა, პარლამენტის წევრი იყო.
11. 2004 წლის 13 მაისის დაკითხვის ოქმის მიხედვით, პირველი მომჩივანი ნანობდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სურდა, რომ პოლიციას ჩაბარებოდა. მან გამომძიებელს უთხრა, რომ მისი აღიარება გულწრფელი იყო, რომ იგი წუხდა, რომ დანაშაული ჩაიდინა და დაკავებამ შვება მოჰგვარა. დაკითხვის დროს პირველ მომჩივანს არ ჰყავდა ადვოკატი, ასევე, მას დაკითხვის ჩანაწერზე ხელი არ მოუწერია. შემდეგში პ.ბ-მ, მომჩივნების საქმის გამომძიებელმა თბილისის პროკურატურიდან („გამომძიებელი“) აღნიშნა, რომ მომჩივანმა ჩანაწერებს ხელი იმიტომ არ მოაწერა, რომ დაკითხვის განმავლობაში გონება რამდენჯერმე დაკარგა და საჭირო იყო მისი ცივი წყლით გამოფხიზლება.
12. იმავე დღეს, 2004 წლის 13 მაისს, დღის 5 საათსა და 15 წუთზე გამომძიებელმა მომჩივნის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენა, მისი აღიარების საფუძველზე, იმის განმარტების გარეშე, რომ მას ჰქონდა მის მიერვე შერჩეული ადვოკატის გამოძახების უფლება და განუსაზღვრა საზოგადოებრივი ადვოკატი; საქმის მასალების მიხედვით, მომჩივანმა საზოგადოებრივი ადვოკატი 2004 წლის 5 ივნისს დაითხოვა (იხ. 23-ე პარაგრაფი ქვემოთ) და ზოგადად, ამ უკანასკნელმა ადვოკატები რამდენჯერმე გამოიცვალა საქმის განხილვის მიმდინარეობისას. პირველი მომჩივანი გადაიყვანეს დანაშაულის ადგილზე მომხდარის აღსადგენად და უთხრეს, რომ მისი აღიარება იქ გაემეორებინა, რომელიც მან შეასრულა საზოგადოებრივი ადვოკატისა და ორი დამოუკიდებელი მოწმის თანდასწრებით. მომჩივანმა მისი აღიარება სიტყვა-სიტყვით გაიმეორა, ისევ მეორე მომჩივნის ხსენებით და დაამატა რომ იმედი ჰქონდა, რომ მისი გულწრფელი აღიარება გათვალისწინებული იქნებოდა, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება. შემთხვევის აღდგენის დრო მიცემული ჩვენება ჩაწერილ იქნა წერილობით, რომელსაც როგორც მომჩივნის ისე მისი ადვოკატის ხელმოწერა ახლდა თან.
13. იმავე დღეს, მოგვიანებით, პირველი მომჩივანი პირისპირ წარუდგინეს დაზარალებულს. იგი დააყენეს სამ სხვა პირთან ერთად პარლამენტის წევრის წინ, რომელმაც ცოტა ყოყმანის შემდეგ ამოიცნო თავდამსხმელი. ამოცნობის შემდეგ პარლამენტის წევრმა ითხოვა პირველ მომჩივანთან პირისპირ, განცალკევებით საუბარი, რომელსაც ამის ნება დართეს. მათ საუბარს არავინ ესწრებოდა.
14. შემდეგ, გამომძიებელმა პირველ მომჩივანს აჩვენა PSM პისტოლეტი და მაყუჩი, რომლებიც პოლიციას ორმა დამოუკიდებელმა მოწმემ ჩააბარა 2004 წლის 25 თებერვალს (იხ. პარაგრაფი 8 მაღლა). მომჩივანმა თქვა, რომ მან ამოიცნო ნივთმტკიცება, როგორც დაზარალებულზე თავდასხმის იარაღი. ამოცნობა წერილობით გაფორმდა და პირველი მომჩივნის საზოგადოებრივმა ადვოკატმა ხელმოწერით დაადასტურა.
15. 2004 წლის 13 მაისს მეორე მომჩივანიც დააკავეს და ბრალად მკვლელობის მცდელობა წაუყენეს. მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. ბრალდების თანახმად, მას სურდა პარლამენტის წევრის მოკვლა, რომელიც მისი შორეული ნათესავი იყო. როგორც იმ ბანკის დამფუძნებელი, რომელშიც მეორე მომჩივნის ძმა მუშაობდა, პარლამენტის წევრი მომჩივანისა და მისი ძმისგან ითხოვდა 700,000 ამერიკული დოლარის გადახდას, რომლის დაკარგვის შესახებ შიდა აუდიტის მეშვეობით გახდა ცნობილი (იხ. ასევე 62-ე პარაგრაფი ქვემოთ).
16. 2004 წლის 14 მაისს, პირველი მომჩივანი დააპირისპირეს მეორე მომჩივანთან, როდესაც მან ამ უკანასკნელს ბრალი დასდო მისი წინა აღიარების შესაბამისად. დაპირისპირების წერილობითი ოქმის თანახმად, მეორე მომჩივანი საზოგადოებრივ ადვოკატთან ერთად იყო.
17. 2004 წლის 15 მაისს პირველ მომჩივანს ბრალი იარაღის უკანონო ტარებაში დასდეს დაკავებისას ბრაუნინგის პისტოლეტის აღმოჩენასთან დაკავშირებით.
18. 2004 წლის 16 მაისს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ საჯარო განხილვაზე მომჩივნებს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 2004 წლის 13 აგვისტომდე. საქმის არსებითი განხილვისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ სასამართლომ დაადგინა გონივრული ეჭვის არსებობა იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველი დანაშაულები ჩადენილი იყო. წინასწარი პატიმრობის ძირითად დასაბუთებას წარმოადგენდა ვარაუდი, რომ ბრალდებულები, შესაძლო მსჯავრის სიმძიმის გამო მიიმალებოდნენ.
19. პირველი მომჩივნის ცოლის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების მიხედვით, იგი ესწრებოდა 2004 წლის 16 მაისის განხილვას და შენიშნა, რომ მისი მეუღლის ფრჩხილები მოჭმული და ჩაშავებული იყო და რომ მაჯებზე, რომლების ტანსაცმელში დამალვასაც ცდილობდა, სახვევები ეკეთა.
20. იმავე დღეს, 2004 წლის 16 მაისს, პირველი და მეორე მომჩივანი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან, სადაც ისინი დაკავების დღიდან იმყოფებოდნენ, გადაიყვანეს თბილისში მე-7 და პირველ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მათ მთელი წინასწარი პატიმრობის პერიოდი აღნიშნულ დაწესებულებებში გაატარეს, პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ მსჯავრდებამდე (იხ. 73-ე პარაგრაფი ქვემოთ).
21. 2004 წლის 16 მაისის მე-7 შესახლებისთანავე პირველი მომჩივანი ციხის ექიმმა გასინჯა, რომელმაც ოქმში შეიტანა, რომ მის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა.
22. 2004 წლის 27 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა მომჩივნის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა პატიმრობის საფუძვლები, რომლებიც 2004 წლის 16 მაისის ბრძანებაშია მითითებული.
B. მომჩივნების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას, შემდგომი წინა-სასამართლო მოვლენები
23. 2004 წლის 4 ივნისს, დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც პირველი მომჩივნის ოჯახმა კერძო ადვოკატი დაიქირავა (კერძო ადვოკატი), მან გამომძიებლის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, სადაც ამტკიცებდა, რომ აღიარება, რომელიც მან 2004 წლის 13 მაისს მისცა წამების შედეგი იყო და არ წარმოადგენდა სიმართლეს. მან მოითხოვა ხელახალი დაკითხვა. ის ამბობდა, რომ 2004 წლის 13 მაისს მასზე გამოიყენეს ელექტრო-შოკი და სასტიკად ცემეს. მან სრული სამედიცინო გამოკვლევა მოითხოვა იმისათვის, რომ მიღებული ტრამვების ზუსტი ბუნება დაედგინათ.
24. 2004 წლის 24 ივნისს გამომძიებელმა მოითხოვა მომჩივნის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტის სამედიცინო დასკვნა, რომელიც მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეიქმნა (იხ. 35-ე პარაგრაფი ქვემოთ).
25. 2004 წლის 15 ივნისს პირველმა მომჩივანმა მიმართა თბილისის პროკურორს („ქალაქის პროკურორი“) თავის საქმესთან დაკავშირებით და საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებდა. იგი განმარტავდა, რომ მისთვის გამომძიებლის მიერ დანიშნულ (იხ. პარაგრაფი 12 ზემოთ) საზოგადოებრივ ადვოკატს, არაფერი გაუკეთებია მის დასაცავად და რომ მისთვის არც კი უცნობებიათ საკუთარი ნებით ადვოკატის შეცვლის შესაძლებლობის შესახებ. პირველი მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2004 წლის 13 მაისის დაკითხვამდე ის ოთხკუთხა რკინის ბოქლომით ცემეს, რომლის გამოც მას კრუნჩხვები დაეწყო და საჭირო გახდა ექიმის გამოძახება.
26. 2004 წლის 17 ივნისს პირველმა მომჩივანმა ქალაქის პროკურორს საჩივარი გაუგზავნა იმ მუქარებთან დაკავშირებით, რომელიც მან მე-7 საპყრობილეში მიიღო. აღსანიშნავია, რომ მას ამოუცნობი პირები ემუქრებოდნენ, რომ მის ოჯახს დიდი პრობლემები შეექმნებოდა თუ იგი საკუთარ აღიარებას უარყოფდა.
27. 2004 წლის 22 ივნისს პირველმა მომჩივანმა გამომძიებელს საკუთარი ალიბი წარუდგინა იმ 6 ადამიანის დასახელებით, რომლებთან ერთადაც 2004 წლის 19 იანვარს იყო, პარლამენტის წევრზე თავდასხმის დროს. მან ამ პირების მოწმეების სახით დაკითხვა მოითხოვა.
28. 2004 წლის 28 ივნისს გამომძიებელმა არ მიიღო მომჩივნის 2004 წლის 22 ივნისის მოთხოვნა, იმ საფუძვლით, რომ მისი ბრალეულობა მის მიერვე იყო დადგენილი, დეტალურად, რომელიც მან გაიმეორა ადვოკატის თანდასწრებით დანაშაულის ადგილზე შემთხვევის აღდგენის დროს. გამომძიებელმა დამატებით აღნიშნა, რომ მეორე მომჩივანთან შეხვედრისას, პირველმა მომჩივანმა მას ბრალი თავდასხმის მოწყობაში დასდო. გარდა ამისა, პირველი მომჩივანი დაზარალებულმა ამოიცნო. ამიტომ არ არსებობდა მისი ალიბის გადამოწმების მიზეზი.
29. 2004 წლის 14 ივლისს პირველი მომჩივნის ადვოკატმა გამომძიებელს აღნიშნული ექვსი მოწმის წერილობითი ჩვენება გადასცა (იხ. 27-ე პარაგრაფი ზემოთ), რომლებიც ადასტურებდნენ ალიბის და ამბობდნენ, რომ 2004 წლის 19 იანვარს პირველ მომჩივანთან ერთად საქორწინო ცერემონიაზე ეკლესიაში და შემდგომ წვეულებაზე ღამის 2 საათამდე იყო. ადვოკატმა ხელახლა მოითხოვა ამ პირთა დაკითხვა. ამ ნაწილში მეორე მომჩივანმა გამოხატა საკუთარი ინტერესი პირველი მომჩივნის ალიბის დადასტურების საკითხში. 2004 წლის 24 ივლისს გამომძიებელმა კიდევ ერთხელ თქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმავე საფუძვლებზე დაყრდნობით, რაზეც 2004 წლის 28 ივნისს მიუთითა.
30. 2004 წლის 13 ივლისს მეორე მომჩივანი გენერალურ პროკურატურას შეატყობინა, რომ პარლამენტის წევრი პირველ მომჩივანს ციხეში საიდუმლოდ შეხვდა 2004 წლის 25 ივნისს, საღამოს 9 საათზე რათა საკუთარი აღიარების შეუცვლელობა მოეთხოვა. სანაცვლოდ ფული შესთავაზა. პარლამენტის წევრის ვიზიტი საპყრობილეში ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა, თუმცა დასტურდებოდა ციხის თანამშრომლების მიერ. მეორე მომჩივანმა ასევე იჩივლა, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პირველი მომჩივნის სამედიცინო დასკვნა ჯერ კიდევ არ არსებობდა და რომ ადამიანები, რომლებსაც მისი ალიბის დადასტურება შეეძლოთ კვლავ არ იყვნენ დაკითხულნი.
31. 2004 წლის ივლისსა და აგვისტოს პერიოდში მეორე მომჩივანმა კიდევ რამდენიმე საჩივრით მიმართა ქალაქის პროკურორს, გამომძიებელის მიერ პირველი მომჩივნის ალიბის შემოწმების განმეორებით უართან დაკავშირებით. საჩივრების განხილვაზე უარი ითქვა 3 და 7 აგვისტოს. ქალაქის პროკურორმა ჩათვალა, რომ არ არსებობდა პირველი მომჩივნის ალიბის გათვალისწინების აუცილებლობა, რადგან მან დამოუკიდებლად აღიარა დანაშაული და რომ არ არსებობდა არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება მისი 2004 წლის 13 მაისის დაკითხვის ოქმში.
32. 2004 წლის 2 აგვისტოს პირველმა მომჩივანმა გამომძიებელს წერილობით მოთხოვა, რომ შეეცვალათ მისი ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ადვოკატი, რომელიც მისი დაცვის საქმეს 2004 წლის 4 ივნისიდან ხელმძღვანელობდა, ახალი ადვოკატით - შ.ძ-თი. მომჩივანმა დაუმატა, რომ სურდა ხელახლა დაეკითხათ „საკუთარ აღიარებასთან დაკავშირებით“ და პროკურატურასთან „საპროცესო შეთანხმების განხილვის მიზნით“, ახალი საზოგადოებრივი ადვოკატის თანდასწრებით.
33. 2004 წლის 5 აგვისტოს გამომძიებელი და ახლად დანიშნული ადვოკატი შ.ძ. მივიდნენ ციხის საავადმყოფოში, რათა დასწრებოდნენ პირველი მომჩივნის დაკითხვას, მისი 2004 წლის 2 აგვისტოს მოთხოვნის შესაბამისად. თუმცა მომჩივანმა უარი თქვა დაკითხვაზე ყოველგვარი განმარტების გარეშე.
34. 2004 წლის 11 აგვისტოს თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მომჩივნის წინასწარი დაკავების 2004 წლის 13 ნოემბრამდე გაგრძელების თაობაზე.
35. 2004 წლის 13 სექტემბერს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერტმა, რომელიც 2004 წლის 24 ივნისს (იხ. 24-ე პარაგრაფი ზემოთ) გამომძიებელმა მოითხოვა, შეადგინა სამედიცინო დასკვნა მომჩივნის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ექსპერტმა მომჩივანი პირადად არ გამოიკვლია, თუმცა გამომძიებლისგან მოითხოვა მისი თავისა და სხეულის რენტგენის ფოტოები. გამომძიებელმა ექსპერტს ორი რენტგენის ფოტო დაგვიანებით, 2004 წლის 8 სექტემბერს გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ მისი თავის რენტგენის ფოტო, რომელიც მხოლოდ ერთი მხრიდან იყო გადაღებული და გულ-მკერდის არის რენტგენის სურათები, რომლებიც აჩვენებდნენ, რომ მისი სხეულის აღნიშნულ ნაწილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.
36. 2004 წლის 27 სექტემბერს მეორე მომჩივნის დედამ სისხლის სამართლებრივი საჩივარი შეიტანა გენერალურ პროკურატურაში, სადაც ამტკიცებდა, რომ პარლამენტის წევრი 2004 წლის ივლისში ციხეში შეხვდა პირველ მომჩივანს და შესთავაზა 30,000 ლარი (დაახლოებით 13,000 ევრო) აღიარებითი ჩვენების არ შეცვლის სანაცვლოდ. გამომძიებელმა შემდეგ პირველი მომჩივნის მეუღლეზე განახორციელა ზეწოლა, რათა დაერწმუნებინა მისი ქმარი თანხის აღებაში. იგი ამტკიცებდა, რომ პარლამენტის წევრის ვიზიტის შემდეგ, დანაშაულებრივი სამყაროს გავლენიან პირებს ნება დართეს შესულიყვნენ საკანში 2004 წლის 2 აგვისტოს, ზეწოლა მოსახდენად, რათა ისეთი ჩვენება მიეცა, როგორც პარლამენტის წევრს სურდა.
37. იმავე დღეს, 2004 წლის 27 სექტემბერს, პირველი მომჩივნის მეუღლემ გენერალურ პროკურატურაში შეიტანა იგივე საჩივარი, რაც მეორე მომჩივნის დედამ. მან დაამატა, რომ პარლამენტის წევრის მიერ შეთავაზებული ფულის სანაცვლოდ მისი მეუღლისგან საკუთარი, ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ადვოკატის გათავისუფლებას, საკუთარი აღიარების ერთგულებასა და პროკურორისთვის საპროცესო შეთანხმების თხოვნას მოელოდნენ. პარლამენტის წევრმა, დარწმუნების მიზნით, მის მეუღლეს წინასწარ 1500 დოლარი გადაუხადა. თუმცა, 2004 წლის 5 აგვისტოს, როდესაც პირველმა მომჩივანმა უარი თქვა აღიარების დამადასტურებელი ჩვენების მიცემაზე გამომძიებლისა და ახლად დანიშნული საზოდგადოებრივი ადვოკატის შ.ძ-ს თანდასწრებით (იხ. 33-ე პარაგრაფი ზემოთ), გამომძიებელმა დატოვა ციხის საავადმყოფო და კ.კ., კანონიერი ქურდი, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმესაც იგივე გამომძიებელი იძიებდა, შეუშვეს პირველი მომჩივნის საკანში. კ.კ. მომჩივანს სიკვდილით ემუქრებოდა, თუ იგი უარს იტყოდა გამომძიებელთან თანამშრომლობაზე. მან მომჩივანს მოსაფიქრებლად 2 დღე მისცა. პირველი მომჩივნის მეუღლემ დაამატა, რომ იგი იღებდა სიკვდილის მუქარებს 2004 წლის 19 აგვისტოდან, რომ მის შვილს მოკლავდნენ თუ იგი ზემოთ ხსენებულ მოვლენებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან საუბარს გაბედავდა.
38. მეორე მომჩივნის დედის ბრალდებები შემდეგში დაადასტურა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ამ მოვლენებთან დაკავშირებით (იხ. 83-85-ე პარაგრაფები ქვემოთ).
39. 2004 წლის 1 ოქტომბერს ქალაქის პროკურორმა უპასუხა პირველი მომჩივნის მეუღლესა და მეორე მომჩივნის დედას, რომ მათი, 2004 წლის 27 სექტემბრის საჩივრები აშკარად დაუსაბუთებელი იყო იმავე მიზეზებით, რაც ალიბის შემოწმებასთან დაკავშირებით პირველი მომჩივნის განმეორებითი მოთხოვნებიზე პასუხში აღინიშნა.
40. 2004 წლის ოქტომბრის დასაწყისში მომჩივანმა შ.ძ. გაათავისუფლა და ძველი კერძო ადვოკატი ხელახლა მოიწვია (იხ. 23-ე პარაგრაფი ზემოთ).
41. 2004 წლის 8 ოქტომბერს პირველი მომჩივნის ადვოკატმა ქალაქ თბილისის პროკურორს მიწერე და, სხვა საკითხებთან ერთად, პირველი მომჩივნის მეუღლესა და პარლამენტის წევრის ადვოკატს შორის სხვადასხვა საიდუმლო შეხვედრის ჩანაწერების (იხ. ჟურნალისტური გამოკვლევის დეტალები 83-85-ე პარაგრაფებში ქვემოთ) გამოთხოვა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიებისგან (იხ. პარაგრაფები 46-53 ქვემოთ) და მომჩივნების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალებში დამატება. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა 2004 წლის 12 ოქტომბერს.
42. 2004 წლის 21 ოქტომბერს პირველი მომჩივნის ადვოკატმა გამომძიებელს შეატყობინა, რომ მის კლიენტს სურდა ხელახლა დაკითხულიყო. გამომძიებელმა იმავე დღეს დაკითხა პირველი მომჩივანი, ხოლო მან გაიმეორა ყოველი ფაქტობრივი დეტალი მის, 2004 წლის 13 მაისის არასათანადო მოყრობის მტკიცებასთან დაკავშირებით, გაამხილა დაკავშირებულ პოლიციელთა ვინაობაც და დეტალურად აღწერა მის წინააღმდეგ გამოყენებული მუქარები. ის ჩიოდა, რომ აიძულეს შ.ძ-ს ადვოკატად აყვანა და რომ მისი ერთადერთი მიზანი იყო გამომძიებლისთვის ხელი მოეწერა მოწმეთა ჩვენებებზე.
43. 2004 წლის 5 ნოემბერს პროკურორმა მოითხოვა მომჩივნების წინასწარი პატიმრობის ვადის ორი თვით გაგრძელება, 2005 წლის 13 იანვრამდე. 2004 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, მომჩივნების ადვოკატებისა და ბრალდების მხარის თანდასწრებით მოთხოვნის განხილვის შემდეგ, წინასწარი პატიმრობის ვადა გააგრძელა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად მან დაასახელა ის ფაქტი, რომ მომჩივნებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში ედებოდათ ბრალი და „საქმის გარემოებები“ იძლეოდა იმის დაჯერების საფუძველს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ისინი შეეცდებოდნენ დაებრკოლებინათ ფაქტების დადგენის პროცესი და ხელი შეეშალათ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის. ამ გადმოსახედიდან, მომჩივანთა მოთხოვნა გირაოთი განთავისუფლების შესახებ ვერ დაკმაყოფილდებოდა იგივე საფუძვლებით. 2004 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმის ფაქტობრივი გარემოებებზე მითითება არ ყოფილა.
44. 2004 წლის 30 დეკემბერს გამოძიება დასრულდა, საბრალდებო დასკვნა დამტკიცდა პროკურორის მიერ და საქმე გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
45. 2005 წლის 7 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოში შედგა წინასასამართლო განმწესრიგებელი სხდომა, სადაც მომჩივნებს ბრალდებულის სტატუსი მიენიჭათ. გადაწყვეტილება გამოვიდა სტანდარტული, შაბლონის ფორმით, რომელსაც წინასწარ დაბეჭდილი დასაბუთება ქონდა. მოსამართლემ ცარიელი ადგილები უბრალოდ ფაქტების მოკლე მიმოხილვით, ბრალდებულთა სახელებით, ჩადენილი დანაშაულის განმარტებით და წინასასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შესახებ ინფორმაციით შეავსო. უკანასკნელის დასტურად, დაბეჭდილი სდანდარტული ფრაზა შემდეგი შინაარსისაა:
„აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - შერჩეულია სათანადოდ.“
C. პირველი მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიება
46. 2004 წლის 7 სექტემბერს პირველმა მომჩივანმა სისხლის სამართლებრივი საჩივარი შეიტანა გენერალურ პროკურატურაში, სადაც ამტკიცებდა, რომ 2004 წლის 13 მაისს დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას და ითხოვდა გამოძიებას. მან განმარტა, რომ დაახლოებით ღამის 10 საათზე იგი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, თბილისში და მოათავსეს ოთახში, მე-12 სართულზე. მასზე გამოიყენეს ელექტრო შოკი და ცემეს. ოფიცრის გვარი, რომელმაც მას თავზე იარაღი მიაბჯინა და აიძულა წინასწარ მომზადებული აღიარებისთვის ხელი მოეწერა, იყო დ.კ. ორი სხვა ოფიცერი, კ.ხ. და დ.ენ. ასევე მონაწილეობდნენ. სხვა პოლიციის ოფიცრებიც იყვნენ, რომელთა სახელებს მომჩივანი ვერ იხსენებდა, თუმცა, მისი თქმით, მზად იყო ისინი პირისპირ შეხვედრაში ამოეცნო. მას, ასევე ურტყამდნენ რკინის ბოქლომს კისერში. მან გონი დაკარგა, როდესაც ელექტრო შოკს იყენებდნენ. პოლიციის ოფიცრებმა თავზე წყალი დაასხეს, რათა გონზე მოეყვანათ. როდესაც გონს მოვიდა, ექიმი იქვე იყო, რომელმაც განაცხადა, რომ მას დამამშვიდებლის გაკეთება ჭირდებოდა, თუმცა ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. შემდეგ, პირველ მომჩივანს პოლიციის ოფიცრებმა უთხერს, რომ მის ბინას უკვე ესტუმრნენ, ნარკოტიკები ჩადეს და მის მეუღლეს ადვილად დააკავებდნენ. მას, თბილისის მე-7 საპყრობილეში გადაყვანის ღამეს, 2004 წლის 16-დან 17 მაისამდე, ციხის ექიმმა პოლიციის ოფიცრების თანდასწრებით კითხა, ცემეს თუ არა, თუმცა მან უარყო იმის შიშით, რომ არასათანადო მოპყრობა გაგრძელდებოდა.
47. 2004 წლის 9 სექტემბერს გენერალურმა პროკურორმა 2004 წლის 7 სექტემბრის საჩივარი თბილისის პროკურორსა და გამომძიებელს პირადად გაუგზავნა და თხოვა, რომ შესაბამისი ზომები მიეღოთ და მათი პასუხის შესახებ გენერალური პროკურორისთვის შეეტყობინებინათ. 2004 წლის 5 ოქტომბერს გამომძიებელმა პირველ მომჩივანს პირდაპირ უპასუხა და აცნობა, რომ მისი სისხლის სამართლებრივი საჩივარი, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, უარყოფილ იქნა როგორც დაუსაბუთებელი, რადგან მომჩივანს საჩივარი არ გაუმყარებია მტკიცებულებებით.
48. 2004 წლის 8 ოქტომბერს პირველი მომჩივნის მეუღლემ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის პროკურატურის ოფისის გენერალურ ინსპექციებს საჩივრით მიმართა მისი მეუღლის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით პოლიციელთა მხრიდან და პროკურატურისა და გამომძიებლის მხრიდან პასუხების ნაკლებობაზე. მან მოითხოვა გამომძიებლის საქმისგან ჩამოშორება და იმ პირების იდენტიფიცირება და დასჯა, რომლებიც ახორციელებდნენ არაადამიანურ მოპყრობას. საკუთარი მოთხოვნის გასამყარებლად მან, მისი მოთხოვნის საფუძველზე და ციხის ადმინისტრაციის ნებართვით, კერძო სამედიცინო ექსპერტების მიერ 2004 წლის 29 სექტემბერს მომჩივნის დათვალიერების შესახებ ოქმის ასლი დაურთო ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას. ამ დასკვნამ აჩვენა, რომ სამმა მედიცინის სპეციალისტმა - ფსიქიატრმა, ნევროლოგმა და ტრავმატოლოგმა - პირველი მომჩივანი, რამდენიმე ვიზიტის ფარგლებში პირადად გამოიკვლია იმ სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებით, რაც ციხეში იყო ხელმისაწვდომი. მათ პირველად აღნიშნეს, რომ პირველმა მომჩივანმა, მისი ჩვენება გაიმეორა საკუთარ, 2004 წლის 7 სექტემბრის საჩივარში. სამედიცინო ექსპერტებმა ასევე შენიშნეს, რომ მომჩივანს აღენიშნებოდა ეპილეფსიური კრუნჩხვები და რომ, მომჩივანის ინფორმაციით, პირველად კრუნჩხვები 2004 წლის 22 ივლისს დაემართა. მათი აზრით, ულტრაბგერით და კომპიუტერულ ტომოგრაფიულ (CT) სკანირებაზე დაყრდნობით, ეპილეფსიური კრუნჩხვები, რომლებიც მომჩივანს აღენიშნებოდა გამოწვეული იყო თავის მნიშვნელოვანი დაზიანებით. სკანირებამ კისერზე ნახეთქი ნაიარევი და შიდა ქალის მაღალი წნევის სინდრომი გამოავლინა. შეინიშნა ყვრიმალებისა და მარცხენა ზედა ყბის არასათანადოდ აღდგენილი ბზარები. ექსპერტთა აზრით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც გამოვლინდა, პრინციპში, შესაძლოა გამოწვეული იყოს იმგვარი არასათანადო მოპყრობით, როგორსაც პირველი მომჩივანი აღწერს.
49. 2004 წლის 12 ოქტომბერს გენერალური პროკურორის ინსპექციამ თბილისის პროკურორის ოფისის საგამოძიებო განყოფილებას პირველ მომჩივანთან შეხვედრა მოსთხოვა 2004 წლის 13 ოქტომბერისთვის, რათა მისი მეუღლის ბრალდებები გადაემოწმებინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თავის მხრივ, პირველი მომჩივნის ცოლს უპასუხა, რომ სისხლის სამართლებრივი საჩივარი, რომელიც მომჩივანმა შეიტანა უკვე გამოკვლეული და მიუღებლად ცნობილი იყო, დასაბუთების არ ქონის გამო.
50. მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ დაკითხვისას, 2004 წლის 13 ოქტომბერს, პირველი მომჩივანი საკუთარ მტკიცებას იმეორებდა, რომ იგი პოლიციის ოფიცრებმა აწამეს 2004 წლის 13 მაისს.
51. გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე, 2004 წლის 19 ოქტომბერს, სახელმწიფო ექსპერტებმა შეადგინეს კიდევ ერთი სამედიცინო დასკვნა პირველ მომჩივანზე. ექსპერტებმა შენიშნეს ჭრილობა კისერზე, რომელიც იარად გარდაქმნის პროცესში იყო. ეს ჭრილობა გამოიწვია მყარმა, ბლაგვმა საგანმა. ასევე, არაერთი ჭრილობა მუცელზე, რომელთაგან ზოგი იყო 18 სმ სიგრძის, 0.1 სმ სიგანის და 16 სმ სიგრძის, 0.1 სმ სიგანის მქონე. ხოლო რამდენიმე ჭრილობა ქონდა მარცხენა ხელზე, იდაყვიდან მაჯამდე. ნაიარევი თავზე იყო ძველი და ვერ იქნებოდა 2004 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში გამოწვეული.
52. 2004 წლის ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პირველი მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის რამდენიმე პოტენციური მოწმე დაკითხა: პ.ბ., მომჩივნის საქმის გამომძიებელი; მ.ს., შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეო ოპერატორი, რომელმაც ჩაიწერა მომჩივნის პირველი აღიარება დანაშაულის ადგილზე. საზოგადოებრივი ადვოკატი, რომელიც იყო მომჩივნის წარმომადგენელი მისი დაკავებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ; გ.ბ., მოსამართლე, რომელმაც 2004 წლის 16 მაისს მომჩივანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა; პირველი მომჩივნის 2 ნათესავი, რომლებიც ესწრებოდნენ პირველი მომჩივნის ზემოთ ხსენებულ საქმის განხილვას; და მე-7 საპყრობილის ექიმი, რომელმაც ჩაატარა მომჩივნის ვიზუალური დათვალიერება, მისი ციხეში გადაყვანის მომენტისთვის. არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ არასათანადო მოპყრობის კვალი შენიშნეს მომჩივანზე. დამატებით, პირველი მომჩივნის მიერ მითითებულმა პოლიციის სამივე ოფიცრმა უარყვეს ეს ბრალდებები, როდესაც ისინი გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაკითხა.
53. 2004 წლის 15 ნოემბერს კიდევ ერთმა სამედიცინო ექსპერტმა დაათვალიერა მომჩივანი გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის მოთხოვნით. იმის დადასტურებასთან ერთად, რაც წინა ექსპერტმა აღმოაჩინა (იხ. 51-ე პარაგრაფი ზემოთ), მან ყვრიმალის დეფორმაცია დაამატა, მარცხენა თვალის ირგვლივ.
54. 2004 წლის 17 ნოემბერს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, სხვადასხვა მოწმეთა ჩვენებებისა და 2004 წლის 19 ოქტომბრისა და 15 ნოემბრის სამედიცინო დასკვნების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ არ დაეწყო წარმოება პირველი მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
55. მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება 2004 წლის 23 დეკემბერს. სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძიება, რომელიც პროკურატურამ ჩაატარა, არ იყო ყოვლისმომცველი. საქმე დაუბრუნა გენერალურ ინსპექციას იმისათვის, რომ მათ ხელახლა შეესწავლათ საქმე და პირველი მომჩივნის მნიშვნელოვანი ბრალდებების საფუძვლიანობა. 2005 წლის 8 დეკემბერს ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ბოლო ინსტანციამ, უზენაესმა სასამართლომ და 2005 წლის 24 თებერვალს სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (წამება).
56. გამოძიების ხელახლა დაწყების შემდეგ პროკურატურამ დაკითხა იგივე პირები, რომლებმაც ჩვენება უკვე მისცეს 2004 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. მომჩივნის დათვალიერებაც ხელახლა მოხდა 2005 წლის აპრილში. 2005 წლის 27 აპრილს გამოიცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც მომჩივნის მარცხენა თვალის ირგვლივ, ყვრიმალის დეფორმაცია ბლაგვი, მყარი საგნით, შესაძლოა არ ყოფილიყო 2004 წელს მიყენებული ტრავმული დაზიანების შედეგი.
57. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მხარეთა უახლესი ფაქტობრივი დამატებების გათვალიწინებით, შესაბამისმა ორგანოებმა ვერ მიიღეს მკაფიო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მომჩივნის წამების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.
D. სასამართლო განხილვა
58. 2006 წლის 14 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო.
59. პირველი მომჩივანი, რომელიც წარმოდგენილი იყო მისი კერძო ადვოკატის მიერ, დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ არასათანადო მოპყრობა, რომელსაც ის დაექვემდებარა, გამოყენებული იყო აღიარების მოსაპოვებლად. იგი ჩიოდა, რომ მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა, გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ გახსნილი სისხლის სამართლებრივი საქმის მასალები სავარაუდო წამებასთან დაკავშირებით არ შედიოდა მის და მეორე მომჩივნის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმეში (იხ. 41-ე პარაგრაფი ზემოთ.). იგი ირწმუნებოდა, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ სისხლის სამართლებრივ გამოძიების შედეგებს გადამწყვეტი როლი ექნებოდა მისი და მეორე მომჩივნის ბრალდებების სათანადო დასაბუთებულობის შეფასებაში. პირველმა მომჩივანმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მას ალიბი ქონდა.
60. ბრალი არც მეორე მომჩივანმა აღიარა. მისმა ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრის მიერ, 2004 წლის 13 მაისს, პირველი მომჩივნის ამოცნობის ოქმი, დაუშვებლად ცნობილიყო, რადგან მტკიცებულება დარღვევებით იყო მოპოვებული. იგი იმეორებდა, რომ 2004 წლის 4 თებერვალს დაზარალებულმა თქვა, რომ იგი ვერ შეძლებდა თავდამსხმელის ამოცნობას, ხოლო ფოტორობოტი, რომელიც მისი დახმარების შედეგად შეიქმნა, არ წარმოადგენდა პირველ მომჩივანს. მიუხედავად ამისა, შემდეგში მან თქვა, რომ შეძლებდა თავდამსხმელის ამოცნობას, და ასეც მოიქცა 2004 წლის 13 მაისს, პირველი მომჩივნის „ზოგადი გარეგნობიდან“ გამომდინარე. ამას გარდა, პირველი მომჩივანი დააყენეს სხვა სამ პირთან ერთად, რომლებიც მისგან სრულიად განსხვავდებოდნენ (იხილეთ ასევე 64-ე და 65-ე პარაგრაფები ქვემოთ). მეორე მომჩივნის ადვოკატმა, ასევე, დააყენა შუამდგომლობა, დაუშვებლად ცნობილიყო 2003 წლის 14 მაისს პირველ და მეორე მომჩივანს შორის დაპირისპირების ოქმი, რადგან დარღვევებით იყო შედგენილი. აღსანიშნავია, რომ ოქმი შეიცავდა იმ საზოგადოებრივი ადვოკატის სახელს, რომელიც სავარაუდოდ მეორე მომჩივანს უწევდა სამართლებრივ დახმარებას, იმჟამად. თუმცა, დაპირისპირებისას მეორე მომჩივანი მარტო იყო. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილის თანახმად 2004 წლის 13-დან 17 მაისამდე საზოგადოებრივ ადვოკატი, რომელიც ოფიციალურად 2004 წლის 14 მაისს დაინიშნა, არ ფლობდა საშვს, რომელიც თბილისის პოლიციის მთავარ განყოფილებაში შესვლის შესაძლებლობას მისცემდა. სასამართლომ, იმავე დღეს, არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობის საფუძვლით.
61. სასამართლოში დაკითხვის დროს, ქალი და მისი ვაჟი, რომლებმაც, სავარაუდოდ, პოლიციას, 2004 წლის 25 თებერვალს დანაშაულის ჩადენის იარაღი გადასცეს, მოვლენათა ოფიციალური ვერსიის მიხედვით, რომელიც საქმის მასალებშია (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ), განაცხადეს, რომ მათ არასოდეს ჩაუბარებიათ ამგვარი იარაღი პოლიციისათვის. საპირისპიროდ ამისა, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ ამ ქალის სახლში, ეზოში ეძებდნენ და იპოვეს PSM პისტოლეტი. მან დაამატა, რომ იარაღი, რომელიც პოლიციამ იპოვა, მაყუჩით არ იყო აღჭურვილი.
62. სავარაუდოდ მომჩივანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შესაძლო მოტივთან დაკავშირებით, სხვა ჩვენებებთან ერთად, პარლამენტის წევრმა სასამართლოს უთხრა, რომ როგორც ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ერთ-ერთი უმსხვილესი წილის მფლობელი, მან რეკომენდაცია გაუწია მეორე მომჩივნის ძმას ბანკის ბათუმის ფილიალის მენეჯერის პოსტზე (იხ. მე-15 პარაგრაფი ზემოთ). თუმცა, ძმებმა მას იმედი გაუცრუვეს. მათ მიითვისეს ბანკის კლიენტების ოქროს ნივთები და დიდი ოდენობით თანხა, რის შემდეგაც გაუჩინარდნენ, 2003 წლის ოქტომბერში. სამი დღის შემდეგ, ოჯახის მცდელობების შედეგად, ძმების ბიძამ ბანკში დააბრუნა ნივთები და ფული. რამდენიმე თვით ადრე, აღნიშნული ფილიალის შიდა აუდიტის მეშვეობით გამოაშკარავდა მნიშვნელოვანი დანაკლისები. მეორე მომჩივანი და მისი ძმა ზეწოლას ახორციელებდნენ აუდიტის კომიტეტზე, რათა მათ თბილისში, მთავარი ოფისისთვის არ გადაეცათ ინფორმაცია. მომდევნო შიდა საუბრებში, სადაც პარლამენტის წევრი პირადად იყო ჩართული, მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ორ ძმას, მათ მიერ, სხვადასხვა საშუალებებით გაფლანგული 750 000 დოლარი უნდა დაებრუნებინათ 2004 წლის 25 იანვრამდე. პარლამენტის წევრმა სასამართლოს ასევე უთხრა, რომ მან, 2004 წლის 13 მაისს, პირველი მომჩივნის იდენტიფიცირება მარტივად მოახერხა. მან დაადასტურა, რომ იგი, გამომძიებლის თანხმობით, ამოცნობის პროცედურის შემდეგ მივიდა პირველ მომჩივანთა და კითხა, თუ რატომ ცადა მისი მოკვლა. მათი პირადი საუბრის დროს, პირველმა მომჩივანმა, სავარაუდოდ უთხრა, რომ მას არ სურდა მისი მოკვლა, მაგრამ იგი მეორე მომჩივნის ბრძანებების მიხედვით მოქმედებდა (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ).
63. სასამართლოს მიერ დაკითხვის დროს, ორმა მოწმემ, რომლებიც 2004 წლის 13 მაისს მოვლენათა აღდგენას ესწრებოდნენ, თქვეს, რომ ისინი პოლიციის ოფიცრებმა გააჩერეს პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე. ოფიცრებმა მათ თხოვეს გაყოლოდნენ საგამოძიებო პროცედურებში დასახმარებლად და დაამატეს, რომ თუ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, მათ დააკავებდნენ. განყოფილებაში მოწმეებმა დაინახეს პირველი მომჩივანი, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ მაისის თბილი დღე იდგა, შალის ქუდი ეფარა. ასევე ჰქონდა დიდი ჩალურჯება მისი ერთ-ერთი თვალის ირგვლივ. გამომძიებელმა პირველ მომჩივანს ერთი ან ორი კითხვა დაუსვა, თუმცა იგი, ძირითადად, ხმას არ იღებდა. როდესაც გამომძიებელმა კითხა, იყო თუ არა ეს, ის ადგილი, სადაც დანაშაული მოხდა, მან უბრალოდ თავი დააქნია. დანაშაულის ადგილას აღდგენა გაგრძელდა 10-დან 15 წუთამდე, რომლის დასასრულსაც ორმა მოწმემ ხელი მოაწერა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, შინაარსის გაცნობის გარეშე. მათი თანდასწრებით პირველ მომჩივანზე ზეწოლა არ განხორციელებულა.
64. ერთერთმა კაცმა, ვინც ამოცნობის იმ პროცესში იღებდა მონაწილეობას, როდესაც პირველი მომჩივანი, 2004 წლის 13 მაისს, დაზარალებულმა ამოიცნო, სასამართლოს განუმარტა, რომ ის, პოლიციის თანამშრომლებმა, ქუჩაში, შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს რათა მონაწილეობა მიეღოთ ამოცნობის პროცესში. მან თქვა, რომ პირველი მომჩივნის გარდა, სამივე ამოსაცნობი პირი, მისი ჩათვლით, სუფთად გაპარსულები იყვნენ. კიდევ ერთი აშკარად განმასხვავებელი თავისებურება იყო ის, რომ მწკრივში მდგომი ოთხი კაციდან, მხოლოდ პირველი მომჩივანი იყო მელოტი. მომჩივანს გარეგნულად ეტყობოდა გადაღლილობა და ქონდა ღრმა ჩალურჯება ერთ-ერთ თვალზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანი განსხვავება იყო პირველ მომჩივანსა და დანარჩენებს შორის.
65. ამოცნობის პროცესის კიდევ ერთმა მონაწილემ, რომელიც ასევე ქუჩაში შეარჩიეს, მომხდარის იგივე ვერსია გაიმეორა, სხვათა შორის, ჩალურჯებასთან დაკავშირებითაც. მან დაამატა, რომ პირველი მომჩივანი იყო ერთადერთი თასმებისა და ქამრის გარეშე. როდესაც დაზარალებულმა მისი ამოცნობა მოახდინა, როგორც იმ პირის, რომელმაც მას ესროლა, პირველმა მომჩივანმა უეცრად წამოიძახა, რომ ის არ ყოფილა.
66. სასამართლოზე დაკითხვის დროს ორმა ტაქსის მძღოლმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს 2004 წლის 25 თებერვლის ოქმს, PSM პისტოლეტის, ქალის და მისი ვაჟის მიერ ჩაბარებაზე, თქვეს, რომ ისინი პოლიციის მთავარ განყოფილებაში იძულებით, მართვის მოწმობების ჩამორთმევის მუქარით, გადაიყვანეს, რათა მონაწილეობა მიეღოთ საგამოძიებო პროცედურაში როგორც მოწმეებს. მათ ოფიცერმა უთხრა, რომ ქალსა და ბავშვს უნდა ჩაებარებინათ იარაღი და მათ ეს ფაქტი ოქმზე ხელმოწერით უნდა დაედასტურებინათ. ისინი საათნახევრის განმავლობაში უშედეგოდ ელოდებოდნენ ქალსა და ბავშვს. შემდეგ ორმა პოლიციელმა მაგიდის უჯრიდან ამოიღეს იარაღი მაყუჩით და თან უხსნიდნენ ტაქსის მძღოლებს, რომ ეს იყო ის იარაღი, რომელზეც საუბრობდნენ. პოლიციის ოფიცრებმა შეადგინეს ოქმი, რომლის მიხედვითაც ქალმა და ბავშვმა, არაქართული სახელებით, იარაღი განყოფილებაში მიიტანეს. ტაქსის მძღოლებმა ხელი მოაწერეს ყალბ დოკუმენტს, რათა საკუთარი მართვის მოწმობები დაებრუნებინათ და რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვათ შენობა.
67. თარჯიმანი, რომლის ხელმოწერაც იყო იმავე, 2004 წლის 25 თებერვლის ოქმის ბოლოს, სასამართლოს წინაშე ამბობდა, რომ ის არ ყოფილა მოწვეული თარჯიმანის სტატუსით აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში იმ ქალისა და ბავშვისთვის, რომლებმაც ქართული არ იცოდნენ. იგი ამტკიცებდა, რომ ხელმოწერა გაყალბებული იყო.
68. ოთხი ადამიანი, რომლებიც 2004 წლის 19 იანვარს ქორწილის სტუმრები იყვნენ, ასევე ესწრებოდნენ საქმის განხილვას. მათ დაადასტურეს მომჩივნის ალიბი და თქვეს, რომ ის წვეულებაზე ნახეს, სადაც იგი გვიანამდე დარჩა, ეჭვგარეშე, საღამოს 9 საათის შემდეგ.
69. ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ორგანიზაციის წევრმა სასამართლოს განუცხადა, რომ იმ დროს, როდესაც ეს მოვლენები ხდებოდა, მას ქონდა ოფიციალური ნებართვა სახელმწიფოსგან, იმ პატიმრებთან ვიზიტებზე, რომლებიც სავარაუდოდ დაექვემდებარნენ უფლებამოსილების გადამეტებას. ოჯახის მხრიდან მთელი რიგი საჩივრების შემდეგ, იგი მივიდა პირველ მომჩივნის ვიზიტზე, დაკავებიდან ორი კვირის შემდეგ. მან ნახა, რომ მას თავზე და ხელებზე ჭრილობები ქონდა და ზოგადად ცუდ მდგომარეობაში იყო. პირველი მომჩივანი მასთან, ასევე ჩიოდა ყვრიმალის გაბზარვის გამო. შემდეგ მან დრო ციხის საავადმყოფოში გაატარა, თუმცა მალევე მოითხოვა უკან, ციხეში დაბრუნება, რადგან სხვადასხვა პირებს, პარლამენტის წევრის ადვოკატის ჩათვლით, შეეძლოთ საავადმყოფოში, მასთან, ვიზიტებზე მისვლა და მისი შეწუხება. პირველმა მომჩივანმა ადამიანის უფლებათა აქტივისტს მისცა პოლიციის ოფიცრის, ვინმე კ.-ს სახელი, და უთხრა, რომ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც მას 2004 წლის 13 მაისს, თბილისის პოლიციის მთავარ განყოფილებაში აწამებდა. ადამიანის უფლებათა აქტივისტმა დაუყოვნებლივ შეატყობინა იუსტიციის სამინისტროს და გენერალური პროკურორის სამსახურს მომჩივნის მტკიცებები, თუმცა არცერთს რეაგირება არ მოუხდენია.
70. პირველი მომჩივნის ცოლმა სასამართლოს განუცხადა, რომ იგი თავის მეუღლესთან, ციხეში 2004 წლის 2 ივნისს იყო მისული. მან მოახერხა გამყოფი შუშის მიღმა გაერჩია, რომ მას ეხურა შალის ქუდი, რომლის ქვეშაც სახვევი ჩანდა. მას ასევე ქონდა ჩაშავებული წრეები თვალების ირგვლივ და ჩაშავებული ფრჩხილები. მან დაადასტურა ფაქტები მისი და პარლამენტის წევრის ადვოკატის შეხვედრის შესახებ.
71. დაცვის მხარის შუამდგომლობით, პირველი მომჩივნის ცოლს და დაზარალებულის ადვოკატს შორის ორი შეხვედრის საიდუმლო ჩანაწერების მოსმენა მოხდა სასამართლო სხდომაზე (იხ. ჟურნალისტური გამოძიების დეტალები 83-85-ე პარაგრაფებში ქვემოთ).
E. მომჩივნების მსჯავრდება
72. 2007 წლის 21 თებერვალს თბილისის რეგიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შემდეგი მტკიცებულებები დაუშვებლად იქნებოდა ცნობილი, რადგან მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებით იყო მოპოვებული:
(i) პირველი მომჩივნის აღიარება პირველ დაკითხვაზე, 2004 წლის 13 მაისს (იხ. მე-10 და მე-11 პარაგრაფები ზემოთ);
(ii) 2004 წლის 25 თებერვლის ოქმი ქალისა და მისი ვაჟის მიერ PSM პისტოლეტის ჩაბარებაზე პოლიციის განყოფილებაში (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ);
(iii) 2004 წლის 13 მაისის ოქმი პირველი მომჩივნის მიერ PSM პისტოლეტის ამოცნობასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 14 ზემოთ).
73. 2007 წლის 26 თებერვალს თბილისის რეგიონულმა სასამართლომ განჩინება მიიღო. ის, პირველ რიგში, აცხადებდა, რომ შეუძლებელი იყო იმის უარყოფა, რომ პირველ მომჩივანს ქონდა მრავალი დაზიანება სხეულზე, რომელიც დასტურდება სხვადასხვა ექსპერტთა დასკვნებით. თუმცა, ამ ტრავმების მიღების დრო, ადგილი ან გარემოებები დაუდგენელია.
74. პირველი მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის დამამძიმებელ გარემოებებში, 2004 წლის 19 იანვარს პარლამენტის წევრზე თავდასხმისთვის და იარაღის უკანონო ფლობისთვის, იმის გამო, რომ მას დაკავებისას ბრაუნინგის პისტოლეტი აღმოაჩნდა. სასამართლოს მტკიცებით, მისი ბრალი ბრაუნინგის პისტოლეტთან დაკავშირებით მტკიცდება დაკავების შემდგომი ჩხრეკისა და ჩხრეკისას აღმოჩენილი იარაღს ამოღების ოქმით.
75. სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობის მცდელობის ბრალდება დამტკიცდა შემდეგი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომლებიც, სასამართლოს აზრით მოპოვებული იყო განსაკუთრებული დარღვევების გარეშე:
(i) 2004 წლის 13 მაისს, დანაშაულის ადგილზე, მოვლენათა აღდგენის დროს, პირველი მომჩივნის მიერ მიცემული აღიარების ოქმი (იხილეთ მე-12 პარაგრაფი ზემოთ);
(ii) იმავე დღეს პარლამენტის წევრის მიერ მისი ამოცნობის ოქმი (იხილეთ მე-13 პარაგრაფი ზემოთ);
(iii) პარლამენტის წევრის ჩვენება, 2004 წლის 13 მაისს პირველ მომჩივანთან პირადი საუბრის შესახებ (იხილეთ მე-13 პარაგრაფი ზემოთ)
76. მეორე მომჩივანიც დამნაშავედ იქნა ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის დამამძიმებელი გარემოებებში და იარაღის უკანონო შენახვისთვის, პარლამენტის წევრის მკვლელობის დაგეგმვაში მისი როლის, პირველი მომჩივნის დაქირავებისა და მისი ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფის გათვალისწინებით. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი გაფლანგვისთვის - მის ძმასთან ერთად ბანკის სახსრების არამიზნობრივი გამოყენებისთვის (იხილეთ მე-15 და 62-ე პარაგრაფები ზემოთ). სასამართლოს აზრით, იმავე მტკიცებულებებმა, რაც პირველი მომჩივნის წინააღმდეგ გამოიყენეს, დაადასტურა მკვლელობის მცდელობის ბრალი მეორე მომჩივნის შემთხვევაში (იხილეთ წინა პარაგრაფი):
(i) 2004 წლის 13 მაისს მოვლენათა აღდგენის დროს პირველი მომჩივნის მიერ დანაშაულის აღიარების ოქმი; და
(ii) პარლამენტის წევრის ჩვენებები 2004 წლის 13 მაისის პირად საუბართან დაკავშირებით, რომელიც მას პირველ მომჩივანთან ქონდა.
77. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს აღნიშნული ოქმების კანონიერების თაობაზე, სასამართლო დაეთანხმა, რომ საგამოძიებო პროცედურების მიმდინარეობისას დარღვევების მთელი სერიებს ქონდა ადგილი, მაგრამ თქვა, რომ ისინი არ ყოფილან ისეთები, რომ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა გამოეწვია.
78. მომჩივნებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
79. მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებასთან დაკავშირებით, პირველმა მომჩივანმა გაიმეორა მისი საჩივარი, პირველ დაკითხვებზე მისი შერჩეული ადვოკატის არ ყოლის, არასათანადო მოპყრობისა და იძულებითი აღიარების შესახებ. მისი თქმით, არაერთმა მოწმემ, რომლებიც მოსამართლეთა მიერ დაიკითხა, ეჭვქვეშ დააყენა 2004 წლის 13 მაისს, მოვლენათა აღდგენის დროს მისი სათანადო მონაწილეობა საკუთარი აღიარების დადასტურებაში. მიუხედავად ამისა, ოქმი ბრალის დადგენისათვის საკვანძო მტკიცებულებად ჩაითვალა. მეორე მტკიცებულება, რომელიც გამოყენებულ იქნა მკვლელობის მცდელობაში მისი ბრალის დასადგენად, დაზარალებულის მიერ მისი იდენტიფიცირების ოქმი, ასევე დახუნძლული იყო დარღვევებით. ფაქტობრივად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 347-ე მუხლის მოთხოვნების საპირისპიროდ, სხვა პირები, რომლებიც მომჩივნის გვერდით, ამოსაცნობად დააყენეს, გამოიყურებოდნენ ჯანმრთელად, თავზე თმა სრულად ქონდათ, იყვნენ სუფთად გაპარსულები, ეკეთათ ქამრები და ფეხსაცმელებზე თასმები შეკრული ქონდათ. თავის მხრივ მომჩივანი იყო ნახევრად მელოტი, ქონდა დაზიანებები და გადაღლილად გამოიყურებოდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ იპარსავდა და არ ქონდა არც ქამარი, არც თასმები. პირველმა მომჩივანმა ყურადღება მისი მეუღლისა და პარლამენტარის ადვოკატის შეხვედრის საიდუმლო ჩანაწერებზეც გაამახვილა (იხ. პარაგრაფები 83-85 ქვემოთ). ეს ჩანაწერები ჩართეს სასამართლოს დარბაზშიც, მოსამართლეებისთვის, თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ გადაწყვეტილებაში არ გამოეყენებინათ, ან საერთოდ მხედველობაში არ მიეღოთ.
80. მეორე მომჩივნის სააპელაციო საჩივარში იგივე არგუმენტები იყო მოყვანილი მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. კერძოდ კი ის ჩიოდა, რომ მაშინ, როცა მოსამართლეებმა დაადასტურეს მისი ბრალი პირველი მომჩივნის მიერ, 2004 წლის 13 მაისს, დანაშაულის ადგილზე მოვლენათა აღდგენის დროს შედგენილი ოქმის საფუძველზე, მტკიცებულების ეს კონკრეტული ნაწილი აშკარად ხარვეზიანი იყო იმ არასათანადო მოპყრობის საფუძველზე, რომელიც პირველმა მომჩივანმა გადაიტანა პოლიციის ხელში.
81. 2007 წლის 17 ივლისს, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, მომჩივნების საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის სასამართლომ განაცხადა, რომ ამას ადგილი არ ქონია, მიუხედავად იმისა, რომ პირველ მომჩივანს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, უცნობი იყო ის გარემოებები, სადაც აღნიშნული დაზიანებები იქნა მიყენებული და პირები, ვინც ისინი მიაყენა. სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე მომჩივნის მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენი სრულად უნდა შენარჩუნებულიყო. პირველი და მეორე მომჩივანი დამნაშავედ იქნენ ცნობილი და 21 და 16 წლით პატიმრობა შეეფარდათ, შესაბამისად.
F. საქმის მასალებში არსებული ვიდეო-ჩანაწერი
82. კასეტაზე აღბეჭდილია ჟურნალისტური გამოძიების სატელევიზიო გადაცემა „60 წუთის“ ჩანაწერი. ჩანაწერი შეეხება მომჩივნების საქმეს და ქვია „შეკვეთილი მკვლელობა თუ გათამაშებული გამოძიება?“
83. სხვა დეტალებთან ერთად, პროგრამა აშუქებდა პირველი მომჩივნის მეუღლისა და პარლამენტის წევრის ადვოკატის ორი შეხვედრის საიდუმლო ვიდეო-ჩანაწერებს.
84. პირველ შეხვედრაზე, რომელიც 2004 წლის 2 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შედგა, ადვოკატმა პირველი მომჩივნის ცოლს თანხის ავანსად გადახდა შესთავაზა, რათა უზრუნველეყო, რომ მისი მეუღლე მის არჩეულ ადვოკატს შეცვლიდა შ.ძ.-თი, რომელსაც პარლამენტის წევრი ენდობოდა. პარლამენტის წევრი სწორედ ახალი ადვოკატის მეშვეობით მოელოდა, რომ პირველი მომჩივანი საკუთარი თავდაპირველი აღიარების ერთგული დარჩებოდა. პირველი მომჩივნის მეუღლემ უპასუხა, რომ მისი ქმრის ადვოკატიც კარგად უმკლავდებოდა საქმეს, მაგრამ პარლამენტის წევრის ადვოკატი ამბობდა, რომ ის ადვოკატი ამგვარ გარიგებებში სანდო არ იყო.
85. მეორე შეხვედრის საიდუმლო ჩანაწერმა აჩვენა თუ როგორ გადასცა პარლამენტის წევრის სახელით 1500 აშშ დოლარი შ.ძ.-მ პირველი მომჩივნის ცოლს (იხ. 37-ე პარაგრაფი ზემოთ), რომელიც იმ დროისთვის, პარლამენტის წევრის ადვოკატის რჩევით პირველი მომჩივნის ადვოკატი იყო.
II. შესაბამისი ადგილობრივი კანონმდებლობა და საერთაშორისო დოკუმენტები
A. იმ დროისთვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
86. იმ დროისთვის მოქმედი, 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის შესაბამისი ნორმები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 69, 2005 წლის 16 დეკემბრის შესწორებით
“დაზარალებულს [...] აქვს უფლება: ...;
ი) მონაწილეობა მიიღოს თავისი შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
კ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს. ...“
მუხლი 111 § 1 (გ)
“მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია ... კანონით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდის გამოყენებით;“
მუხლი 163 § 2
“2. შუამდგომლობა განიხილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, სასამართლო სხდომაზე, პროკურორის, ბრალდებულის ან მისი დამცველისა და კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით, ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით.“
მუხლი 347 § 3
“3. ამომცნობს ამოსაცნობი პირი უნდა წარუდგინონ იმავე სქესის არანაკლებ სამ ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით.“
B. გაეროს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის შესახებ სპეციალური მომხსენებლის ანგარიში
87. 2005 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, ადამიანის უფლებათა 62-ე კომისიის მიმართ, გაეროს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თაობაზე სპეციალურმა მომხსენებელმა გამოაცხადა:
„...სამართალდამცავი პირების მიერ წამება და არასათანადო მოპყრობა კვლავ არსებობს საქართველოში ... წამების მეთოდებში შედის ცემა მუშტებით, იარაღის კონდახებითა და ხელკეტებით, ელექტრონული შოკის გამოყენება და სიგარეტით მიყენებული დამწვრობები; დაზიანებებში, რომლებიც დაზარალებულებს ქონდათ, სხვათა შორის, შედიოდა, ძვლების მოტეხილობა, სიგარეტით მიყენებული დამწვრობები, იარები და, ასევე ნეუროფსიქოლოგიური ცვლილებები.“
88. 2005 წლის 15-25 თებერვალს საქართველოში ვიზიტის დროს, სპეციალური მომხსენებელი პატიმრებს შეხვდა და ინტერვიუებიდან დაადგინა, რომ ისინი არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ აღიარების მოსაპოვებლად. მან განაცხადა:
“... შეხვედრების დროს, დაზიანებები კვლავ ხილული იყო და ამასთან კარგად იყო დოკუმენტირებული დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების მიერ. სპეციალური მომხსენებლისთვის ამ ადამიანებთან შეხვედრებიდან ცხადი იყო, რომ ისინი კვლავ იტანჯებოდნენ წამების შედეგად და ჭირდებოდათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და რეაბილიტაცია, რასაც ისინი არ იღებდნენ.“
89. სპეციალური მომხსენებლის მიერ დოკუმენტირებულ 10 საქმეს შორის, შემდეგი ამონარიდი პირველი მომჩივნის მდგომარეობას ეხება:
“ [პირველი მომჩივანი], 27 წლის ... დააკავეს 2004 წლის 13 მაისს, მკვლელობის მცდელობის ეჭვის საფუძველზე. იგი მიიყვანეს თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ განყოფილებაში... მან აღიარებაზე უარი განაცხადა და პოლიციელმა მისი ხელკეტებით ცემა დაიწყო, სახეში დაარტყა რკინის ბოქლომი და გამოიყენა ელექტრო შოკი მის ფეხსა და ტერფებზე ... ცემაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გენერალური პროკურატურის გამომძიებელი და ადვოკატი. მის დაზიანებებში შედიოდა გაბზარული საფეთქლის ძვალი და ზედა ყბა. შედეგად მას განუვითარდა ეპილეფსია და აქვს დარღვეული ძილი, წარსულის მოლანდებები, გონების დაკარგვა, მხედველობის დაკარგვა, მეხსიერების პრობლემები, თავისტკივილი და კანკალი. 2004 წლის 16 მაისს მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გადაყვანის დროს მას ექიმისთვის არ უთქვამს მისი დაზიანებების ბუნების შესახებ, რადგან ეშინოდა და გადაღლილი იყო. მისი ადვოკატის მოთხოვნით სისხლის სამართლის საქმისწარმოება წამებასთან დაკავშირებით დაიწყო პროკურატურაში და 2004 წლის ნოემბერში პროკურატურამ გამოაცხადა, რომ წამების მტკიცებულება არ არსებობდა. გასაჩივრების შედეგად, თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა საჩივარი, ხოლო უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება 2005 წლის თებერვალში და საქმე დაუბრუნდა პროკურატურას წამების საქმის ხელახლა გამოეძიებისთვის. ...“
კანონმდებლობა
I. კონცენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
90. ორივე მომჩივანი ჩიოდა, რომ ციხეში, მათი წინასწარი პატიმრობის პირობები იყო ცუდი. მათ არ განუმარტავთ, თუ რა ქმნიდა ცუდ პირობებს მათი აზრით, ზოგადი პრეტენზიების მხარდასაჭერად მიუთითეს სხვადასხვა დასკვნებზე, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივმა ციხის მონიტორინგის ორგანომ გამოსცა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის იმდროინდელ მდგომარეობაზე.
91. პირველი მომჩივანი დამატებით ჩიოდა, რომ 2004 წლის 13 მაისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას პოლიციის ოფიცერთა მხრიდან და რომ ეროვნულ დონეზე შესაბამისმა ორგანოებმა ვერ შეძლეს ინციდენტის გამოძიება.
92. მომჩივნებმა მიუთითეს კონვენციის მე-3 მუხლზე, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.“
A. მისაღებობა
1. ციხის პირობებთან დაკავშირებით
(a) მხარეთა არგუმენტები
93. მთავრობამ განაცხადა, რომ იმ დროისთვის საქართველოში ციხეების მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამკვირვებლების მიერ გამოცემული ანგარიშების გარდა, მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ ინდივიდუალური განმარტებები იმის თაობაზე, თუ როგორი იყო მათი პატიმრობის პირობები შესაბამის დაწესებულებებში. შესაბამისად, მათ არ განუმარტავთ თუ რომელ საკანში იმყოფებოდნენ, ეს საკნები ნაკლული იყო თუ არა ჰიგიენური თვალსაზრისით ან გადატვირთულობის გამო, შეზღუდული ქონდათ თუ არა წვდომა სუფთა ჰაერზე, მზის შუქსა თუ ფიზიკურ ვარჯიშზე, უარი ეთქვათ თუ არა ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლებაზე და ასე შემდეგ.
94. საპირისპიროდ ამისა, მთავრობამ წარმოადგინა 2010 წლის 18 მარტის წერილები მე-7 და 1-ლი სასჯელაღსრულების დაწესებულებების უფროსებისგან, სადაც 2004 წლის 16 მაისიდან 26 თებერვლამდე პირველი და მეორე მომჩივანი იმყოფებოდნენ. ამ წერილებში, მითითებული იყო რა იმ საკნების ნომრები, სადაც მომჩივნები იმყოფებოდნენ, დეტალურად იყო აღწერილი მათი მდგომარეობა პატიმრობაში ყოფნისას. პირველი მომჩივნის საკანს ჰქონდა ფანჯარა, რომელიც შიგნით სუფთა ჰაერისა და მზის სინათლის შემოსვლას უწყობდა ხელს, იყო სუფთა და ჰქონდა ტუალეტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, სისუფთავისა და გამართულობის თვალსაზრისით და რომელიც სათანადოდ გამოცალკევებული იყო საცხოვრებელი სივრცისგან. პირველ მომჩივანს ჰქონდა შხაპის მიღების შესაძლებლობა კვირაში ერთხელ, იღებდა საკვებს სამჯერ დღეში, რომლის ხარისხიც, მის ან სხვა რომელიმე პატიმრის მიერ, არადროს ყოფილა გაპროტესტებული და სარგებლობდა ყოველდღიური, 1 საათიანი გასეირნების უფლებით, როგორც ამას კანონი მოითხოვს. მეორე მომჩივანი განთავსებული იყო იდენტურ პირობებში. დამატებით აღინიშნა, რომ ამ უკანასკნელის საკანი 12 კვადრატული მეტრი იყო და მას ჰქონდა შესაძლებლობა, თვეში ერთხელ ესარგებლა გრძელვადიანი ვიზიტით.
95. საპასუხოდ, მომჩივნები კვლავ საკუთარ პოზიციაზე რჩებოდნენ და ამბობდნენ, რომ ზოგადი თვალსაზრისით, ისინი იმყოფებოდნენ ისეთ პირობებში, რომელიც არ შეესაბამებოდა მათ ადამიანურ ღირსებას. მათ არ წარმოუდგენიათ დეტალური, ინდივიდუალური ანგარიში საკნების მდგომარეობის შესახებ, თუმცა მიუთითეს საქართველოში წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის 2001 და 2007 წლების ორი ვიზიტის ანგარიშებზე, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის 2005 წლის მეორე ნახევრის სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის ანგარიშზე.
(b) სასამართლოს შეფასება
96. საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი პრეცედენტული სამართლის მოშველიებით, სასამართლო კვლავ მიუთითებს წესზე, რომლის თანახმადაც, როდესაც მომჩივანს სურს გაასაჩივროს საქართველოს ციხეში პატიმრობის სავარაუდოდ ცუდი მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საჩივრები არ მოითხოვს სისხლის სამართლებრივი ან სამოქალაქო სამართლებრივი საშუალებების სრულ და სკურპულოზურ ამოწურვას (იხილეთ შედარებისთვის, გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Goginashvili v. Georgia), №47729/09, §§ 54 და 57, 2011 წლის 4 ოქტომბერი და ალიევი საქართველოს წინააღმდეგ (Aliev v. Georgia), № 522/04, §62-63, 2009 წლის 13 იანვარი), მაინც საჭიროა, მინიმუმ ერთი პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდება მომჩივნის სუბიექტური შეფასების შესახებ, რომ პატიმრობის პირობები მისი ღირსების უპატივცემულობის ან შებღალვის საფუძველს წარმოადგენდა. ადგილობრივ დონეზე ამგვარი მინიმალური მცდელობის გარეშე, იმ პირისგან, ვისაც სურს იდავოს მისი პატიმრობის პირობების შესახებ სტრასბურგში, სასამართლოს გაუჭირდებოდა მომჩივნის ბრალდებების სანდოობის შეფასება (იხ. ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Janiashvili v. Georgia), № 35887/05, § 70, 2012 წლის 27 ნოემბერი და რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ (Ramishvili and Kokhreidze v. Georgia) (განჩინება), № 1704/06, 2007 წლის 26 ივნისი).
97. საქმის მასალების გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანთაგან არცერთს არ მიუმართავს რომელიმე შესაბამისი ორგანოსათვის, თბილისის 1-ლ და მე-7 საპყრობილეებში მათ საკნებში წინასწარი პატიმრობის პირობების რომელიმე კონკრეტული ასპექტით უკმაყოფილების შესახებ. არც სასამართლოს წინაშე მიმდინარე საქმისწარმოებისას წარმოუდგენიათ მათ პატიმრობასთან დაკავშირებული რაიმე გარემოება, რაც სავარაუდოდ მიუთითებდა მათი ღირსების პატივისცემის არ არსებობას, გარდა საერთაშორისო და ადგილობრივი ციხის მონიტორინგის ორგანოთა აღმოჩენები მიგნებების in abstracto ციტირებისა. მხოლოდ მთავრობამ წარმოადგინა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილი იყო, რომ მომჩივანთა პატიმრობის პირობები სტანდარტების ადეკვატური იყო, ეს იყო მტკიცებულებითი წერილობითი მოსაზრებები, რომლებიც სადავო არ გამხდარა რომელიმე საწინააღმდეგო მტკიცებულებით ან თუნდაც დეტალური, ინდივიდუალური ანგარიშით, მომჩივანთა პატიმრობის პირობების შესახებ (შეადარეთ, სხვა წყაროებთან ერთად, მიურსიკი ხორვატიის წინააღმდეგ (Muršić v. Croatia) [დიდი პალატა], №7334/13, § 97, ECHR 2016; ანანიევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Ananyev and Others v. Russia), № 42525/07 და № 60800/08, § 122, 2012 წლის 10 იანვარი; ჯანიაშვილი, ციტირებული ზემოთ, § 71; ილდანი საქართველოს წინააღმდეგ (Ildani v. Georgia), № 65391/09, §§ 26 და 27, 2013 წლის 23 აპრილი; ვისლოგუზოვი უკრაინის წინააღმდეგ (Visloguzov v. Ukraine), № 32362/02, § 45, 2010 წლის 20 მაისი; შკურენკო რუსეთის წინააღმდეგ (Shkurenko v. Russia) (განჩინება), № 15010/04, 2009 წლის 10 სექტემბერი და ასევე უხანი უკრაინის წინააღმდეგ (Ukhan v. Ukraine), № 30628/02, § 65, 2008 წლის 18 დეკემბერი).
98. ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მომჩივანთა საჩივარი მე-7 და 1-ლ საპყრობილეებში მათი პატიმრობის პირობების შესახებ, არ ყოფილა სათანადოდ დასაბუთებული. შესაბამისად, საჩივრის ეს ნაწილი აშკარად დაუსაბუთებელია და კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით განუხილველად უნდა დარჩეს.
2. პირველი მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით
99. მთავრობას არ გამოუთქვამს პროტესტი პირველი მომჩივნის, 2004 წლის 13 მაისის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრის შესახებ.
100. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტის მიზნებისთვის. გარდა ამისა, აღნიშნავს, რომ ის არ არის დაუშვებელი რომელიმე სხვა საფუძვლით, შესაბამისად მისაღებად უნდა იქნას ცნობილი.
B. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
101. მთავრობის მტკიცებით პირველმა მომჩივანმა ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა დაემტკიცებინა 2004 წლის 13 მაისს, პოლიციის ხელში მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, რადგან არ არსებობდა შესაბამისი სამედიცინო დასკვნები თუ სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაამტკიცებდა მასზე ძალადობის ნიშნების არსებობას. ისინი ამბობდნენ, რომ სწორედ პირველი მომჩივნის ბრალი იყო, რომ მან არ მოითხოვა სამედიცინო გამოკვლევა დაუყოვნებლივ, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემდეგ. ასევე, არასათანადო მოპყრობის შესახებ არ განუცხადა საზოგადოებრივ ადვოკატს, რომელიც 2004 წლის 13 მაისს დაენიშნა, ან ექიმს, 2004 წლის 16 მაისს მე-7 საპყრობილეში მისი გადაყვანისას. კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით ადგილობრივი ორგანოების პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით მთავრობამ აღნიშნა, რომ როცა მომჩივნის ცოლმა პირველად იჩივლა პროკურატურაში, მისი მეუღლის მიმართ 2004 წლის 8 ოქტომბერს განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. ისინი უთითებდნენ იმ ყოვლისმომცველ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლებიც სახელმწიფო ორგანოებმა გამოიყენეს (იხილეთ 52-ე პარაგრაფი ზემოთ). აღნიშნული კვლევის შედეგებმა განაპირობა 2004 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმის დახურვის თაობაზე, იმ ფაქტების დაუდგენლობის გამო, რომლებიც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შემადგენლობას განაპირობებდა. სწორედ ამ მიგნებებზე დაყრდნობით შესაბამისმა საგამოძიებო ორგანომ საჭიროდ არ მიიჩნია მომჩივნის დაზარალებულის სტატუსით გამოძიებაში ჩართვა.
102. პირველმა მომჩივანმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ 2004 წლის 4 ივნისს, როდესაც მან საკუთარი შერჩევით აიყვანა ადვოკატი, დაუყოვნებლივ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს არასათანადო მოპყრობის შესახებ, რასაც ის 2004 წლის 13 მაისს დაექვემდებარა და მოითხოვა სამედიცინო გამოკვლევა. შემდეგ, მან მრავალჯერ წარუდგინა ეს საჩივრები პროკურატურას. იგი, ინციდენტის ფაქტობრივ გარემოებებს სხვადასხვა საჩივრებში იდენტურად აღწერდა. შემდეგ პირველმა მომჩივანმა ყურადღება გაამახვილა იმ ჩვენებებზე, რომლებიც სასამართლოზე სხვადასხვა მოწმეებმა მისცეს, რომლებიც მომჩივნის სხეულზე ფიზიკური ტრავმების არსებობას ადასტურებდნენ და რომ ეს ჩვენებები გადაწყვეტილებაში ადგილობრივმა სასამართლოებმა გამოიყენეს. რაც შეეხება მისი ცოლის 2004 წლის 8 ოქტომბრის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ნაკლოვანებებს, პირველმა მომჩივანმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში, გამოძიება იმ დროისთვის უკვე დაგვიანებული იყო და რომ მის წინა საჩივრებს, რომელთა წარდგენა ჯერ კიდევ 2004 წლის 4 ივნისიდან დაიწყო, მეტი ყურადღებით უნდა მოპყრობოდნენ. პირველმა მომჩივანმა ასევე გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ მას ამ გამოძიებაში არც დაზარალებულის სტატუსი ჰქონია და არც რაიმე სხვა ფორმით ჩურთავთ. და ბოლოს, იმ ფაქტზე მითითებით, რომ ადგილობრივ დონეზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა, მომჩივანმა დასკვნის სახით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოების წარუმატებლობა - მისულიყვნენ რაიმე საბოლოო მიგნებამდე, გამოძიების არაადეკვატურობის მთავარი ინდიკატორი იყო.
2. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
103. სასამართლო იმეორებს, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, ისეთებში, როგორიცაა ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კონვენციის მე-3 მუხლი აბსოლუტურად კრძალავს წამებას და არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს (იხ. სელმუნი საფრანგეთის წინააღმდეგ (Selmouni v. France) [დიდი პალატა], №2503/94, §95, ECHR 1999-V და ბუიდი ბელგიის წინააღმდეგ (Bouyid v. Belgium) [დიდი პალატა], № 23380/09, § 81, ECHR 2015). ის საქმეები, სადაც კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევაზეა საუბარი, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეისწავლოს და ასეც მოიქცევა მხარეთა მიერ წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. თუმცა, ამგვარი მტკიცება შესაძლოა მომდინერეობდეს ფაქტების საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმხვედრი ვარაუდზე დაყრდნობით. გარდა ამისა, როდესაც განსახილველი მოვლენები სრულიად ან დიდწილად სახელმწიფო ორგანოების ექსკლუზიური ცოდნის ფარგლებში ექცევა, როგორც ეს მათ ეფექტური კონტროლს დაქვემდებარებული პირების შემთხვევაშია, ფაქტთა ძლიერი პრეზუმფცია იქმნება იმ დაზიანებებთან მიმართებით, რომლებიც დაკავების პერიოდში გაჩნდა. მტკიცების ტვირთი მთავრობაზეა, მათ უნდა წარმოადგინონ დამაკმაყოფილებელი და დამარწმუნებელი ახსნა იმ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების ჩვენებით, რომლებიც ეჭვქვეშ დააეყნებდა დაზარალებულის მიერ გაცხადებულ ინფორმაციას (იხ. ბუიდი (Bouyid), ციტირებული ზემოთ, §§ 82-83).
104. როდესაც ადამიანი წარმოადგენს სანდო მტკიცებას იმის თაობაზე რომ ის პოლიციის ან სახელმწიფოს მსგავსი წარმომადგენლების ხელში, დაექვემდებარა ისეთ მოპყრობას, რომელიც არღვევდა მე-3 მუხლს, ეს მუხლი სახელმწიფოს კონვენციის 1-ლი მუხლით განსაზღვრულ ზოგად ვალდებულებასთან ერთად, „საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში დაიცვას ყველას კონვენციით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“, არაპირდაპირ მოითხოვს, რომ ჩატარდეს ეფექტური ოფიციალური გამოძიება. ამგვარი გამოძიებით შესაძლებელი უნდა იყოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და დასჯა (იხ. ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ (Labita v. Italy) [დიდი პალატა], № 26772/95, § 131, ECHR 2000-IV). წინააღმდეგ შემთხვევაში, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის ზოგადი სამართლებრივი აკრძალვა, მიუხედავად მისი ფუნდამენტური მნიშვნელობისა, პრაქტიკაში არაეფექტური იქნებოდა და სახელმწიფო ორგანოებისთვის და მათი წარმომადგენლებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა იმ პირთა უფლებების შელახვა, თითქმის სრული დაუსჯელობით, ვინც მათი კონტროლის ქვეშ იმყოფება (იქვე). ნებისმიერი გამოძიება არასათანადო მოპყრობის მძიმე ბრალდების ფაქტებზე უნდა იყოს, როგორც სწრაფი, ისე ყოვლისმომცველი. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოები ყოველთვის სათანადოდ უნდა ეცადონ იმის დადგენას, თუ რა მოხდა და არ უნდა დაეყრდნონ ნაჩქარევ, არასაკმარისად დადასტურებულ დასკვნებს გამოძიების დასახურად, ან გადაწყვეტილების მისაღებად. გამოძიების ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც საფუძველს აცლის მის შესაძლებლობას, დაადგინოს დაზიანებათა მიზეზები და პასუხისმგებელი პირების ვინაობა, ამ სტანდარტის დარღვევის რისკს წარმოადგენს (იხილეთ, ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ (El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia), [დიდი პალატა], № 39630/09, § 183, ECHR 2012).
(b) ზემოთ განმარტებული პრინციპების მისადაგება საქმის გარემოებებთან
105. პირველ რიგში და მთავრობის არგუმენტების საპასუხოდ, რომ პირველი მომჩივანის ბრალი იყო ის, რომ არ იჩივლა პოლიციის მიერ მისი უფლებების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით და ის, რომ ვერ მოახერხა სამედიცინო დასკვნის დროულად მოპოვება (იხილეთ 101-ე პარაგრაფი ზემოთ), სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს 2004 წლის 4 ივნისამდე არ შეეძლო ესარგებლა სამართლებრივი დახმარებით ისეთი პირისგან, ვისაც ენდობოდა საკუთარი გადმოსახედიდან, მისი ოჯახის მიერ დანიშნული ადვოკატისგან (იხილეთ მე-12 პარაგრაფი ზემოთ). შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მანამდე მას არ ჰქონდა საჩივრების წარდგენით შედეგის მიღების იმედი, რადგან იგი იმ პოლიციის ხელში მარტო იყო დატოვებული, რომელთაც იგი პირდაპირ ადანაშაულებდა წამებაში და ციხის თანამშრომელთა ხელში, რომლებსაც, მისი აზრით, შესაძლოა ჰქონოდათ ახლო სამსახურებრივი კავშირები შესაძლო დამნაშავეებთან, მთელი ამ დროის განმავლობაში გარესამყაროსგან რაიმე ღირებული დახმარების გარეშე (შეადარეთ, მაგალითად, საქმეს დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Dvalishvili v. Georgia), № 19634/07, §§ 44 და 47, 2012 წლის 18 დეკემბერი; ნეჩიპორუკი და იონკალო უკრაინის წინააღმდეგ (Nechiporuk and Yonkalo v. Ukraine), № 42310/04, § 153, 2011 წლის 21 აპრილი და ნადროსოვი რუსეთის წინააღმდეგ (Nadrosov v. Russia), № 9297/02, § 33, 2008 წლის 31 ივლისი). მეორე მხრივ, სასამართლო უთითებს, რომ როგორც კი მან საკუთარი სურვილით შერჩეული ადვოკატი აიყვანა, 2004 წლის 4 ივნისს, პირველმა მომჩივანმა დაუყოვნებლივ შეატყობინა შესაბამის სამსახურებს არასათანადო მოპყრობის შესახებ, რომელსაც იგი 2004 წლის 13 მაისს დაექვემდებარა. შემდეგ მან კვლავ წარადგინა ეს საჩივრები პროკურატურაში 2004 წლის 15 და 18 ივნისს, 7 სექტემბერს და 8 და 21 ოქტომბერს (იხილეთ 23-ე, 25‑26-ე, 42-ე, 46-ე და 48-ე პარაგრაფები ზემოთ). ყველა ჩამოთვლილ საჩივარში პირველი მომჩივანი საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს იდენტურად, განსაკუთრებული სიზუსტით აღწერდა. თითოეულ შემთხვევაში მან დაასახელა პოლიციის ოფიცრები, რომლებიც მონაწილეობდნენ არასათანადო მოპყრობაში, მათ შორის კ.ჩ., დ.ე. და დ.კ. და აღწერა ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ზუსტი ფორმა - ელექტრო შოკი და კისრის არეში კვადრატული რკინის ბოქლომით ცემა. დამატებით, მან თანმიმდევრულად აღწერა თუ როგორ ემუქრებოდნენ მის ცოლს პოლიციის ოფიცრები მოკვლით და იარაღის მიბჯენით აიძულეს ხელი მოეწერა აღიარებაზე.
106. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2004 წლის 4 ივნისს, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მისმა არჩეულმა ადვოკატმა, მოითხოვა სამედიცინო შემოწმება პირველ მომჩივანზე არასათანადო მოპყრობის ნიშნების დოკუმენტირების მიზნით. მიუხედავად ამ დაუყოვნებელი მოთხოვნისა, სახელმწიფო ორგანოებმა გამოკვლევა სამი თვის დაგვიანებით ჩაატარეს (იხილეთ 35-ე პარაგრაფი ზემოთ). მთავრობამ არ წარმოადგინა განმარტება იმისა, თუ რატომ დაჭირდა შესაბამის სახელმწიფო ექსპერტს ამდენი დრო გამოკვლევის ჩასატარებლად და რატომ აღმოჩნდა იგი ზედაპირული. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ექსპერტმა არც კი შეიწუხა თავი პირველ მომჩივანთან ვიზიტით და მისი პირადად გამოკვლევით, არამედ შემოიფარგლა მხოლოდ რენტგენის ორი ფოტოს შესწავლით - მომჩივნის მკერდის ძვლისა და მისი თავის ერთი მხარის ფოტოების (იხილეთ 35-ე პარაგრაფი ზემოთ). ამ გარემოებების დაყრდნობით, სასამართლო ადგენს, რომ შესაბამისი სახელმწიფოს სამედიცინო პერსონალის წარუმატებლობამ, უზრუნველეყოთ მომჩივნის ტრავმების გამოკვლევა და დოკუმენტირება დროულად და შესაბამისი ფორმით, მომჩივანს ჩამოართვა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევისაგან დაცვის მნიშვნელოვანი გარანტი (შედარებისთვის იხილეთ, mutatis mutandis, ზაიევი რუსეთის წინააღმდეგ (Zayev v. Russia), № 36552/05, §§ 85-86, 2015 წლის 16 აპრილი; დავითიძე რუსეთის წინააღმდეგ (Davitidze v. Russia), № 8810/05, § 95, 2013 წლის 30 მაისი; ბარაბანშჩიკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Barabanshchikov v. Russia), № 36220/02, § 46, 2009 წლის 8 იანვარი და დვალიშვილი, ციტირებული ზემოთ, § 48).
107. მიუხედავად ამ გარემოებებისა, პირველი მომჩივნის დაგვიანებულმა გამოკვლევამაც კი, რომელიც ჩატარებულია კერძო ექსპერტების მიერ, მისი ოჯახის მოთხოვნით, 2004 წლის 29 სექტემბერს და რომელიც იყო მომჩივნის პირველი ყოვლისმომცველი, პირადი გამოკვლევა, დაადასტურა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების არსებობა, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო იმგვარი არასათანადო მოპყრობით, როგორიც საჩივარშია მითითებული (იხილეთ 48-ე პარაგრაფი ზემოთ). ამ სამედიცინო მიგნებების ძირითადი ნაწილი დაადასტურა 2004 წლის 19 ოქტომბრისა და 15 ნოემბრის დასკვნებმა, რომლებიც სახელმწიფო ექსპერტებმა მოამზადეს და ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებებშიც აისახა, როგორც ფიზიკური ძალადობის კვალი და რომლებიც ადეკვატური გამოძიების ჩატარებას მოითხოვდა (იხილეთ 51-ე პარაგრაფი ზემოთ). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა შესაბამისი მოწმეები, რომლებმაც ნახეს პირველი მომჩივანი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის დღეს ან მალევე მას შემდეგ, სასამართლოს წინაშე აცხადებდნენ, რომ მათ მასზე შენიშნეს ფიზიკური დაზიანებების კვალი (იხილეთ 63-ე პარაგრაფი ზემოთ). გარდა ამისა, მთავრობას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე ალტენატიული განმარტება არასათანადო მოპყრობის ნიშნების შესაძლო წარმომავლობის შესახებ, რომელიც მომჩივნის თანმიმდევრულ ბრალდებას უფრო მეტად დამაჯერებელს ხდის. სასამართლო, ასევე მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეხვდა პატიმრობაში მყოფ რამდენიმე პირს, მათ შორის პირველ მომჩივანს და გააცნობიერა, რომ ზოგადად, ეჭვმიტანილთა და ბრალდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა, როგორც აღიარების მოპოვების საშუალება, იმ დროისთვის კვლავ არსებობდა (იხილეთ 87‑89-ე პარაგრაფები ზემოთ და შეადარეთ, mutatis mutandis, ნეჩიპორუკი და იონკალო (Nechiporuk and Yonkalo), ციტირებული ზემოთ, § 158; ტარასოვი უკრაინის წინააღმდეგ (Tarasov v. Ukraine), № 17416/03, § 63, 2013 წლის 31 ოქტომბერი და ზამფერესკო უკრაინის წინააღმდეგ (Zamferesko v. Ukraine), № 30075/06, § 48, 2012 წლის 15 ნოემბერი).
108. რაც შეეხება ადგილობრივი ორგანოების მიერ ჩატარებული სისხლის სამართლებრივი გამოძიების ადეკვატურობის საკითხს, სასამართლო, პირველ რიგში იმეორებს საკუთარ მიგნებას შესაბამისი ორგანოების მიერ იმ ფაქტის აუხსნელად დატოვებაზე, რომ მათ ვერ მოახერხეს მომჩივნის მიერ არასათანადო მოპყრობის შესახებ ჩივილის შემდეგ დაუყოვნებელი სამედიცინო დათვალიერების უზრუნველყოფა (იხილეთ წინა პარაგრაფი). ეჭვგარეშეა, რომ ეს კონკრეტული ნაკლოვანება დამაზიანებელია მოპასუხე სახელმწიფოს კონვენციის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საერთაშორისო ვალდებულებების ორივე, მატერიალურ და საპროცესო ნაწილებისთვის. გარდა ამისა, სასამართლოს უჭირს გაიგოს, თუ რატომ არ მოხდა პირველი მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩიოდა, რომ მის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს. შესაბამისად, მას არ შეეძლო ესარგებლა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესუალური უფლებებით, რომელიც ამ სტატუსს თან სდევდა (იხილეთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 69-ე მუხლი 86-ე პარაგრაფში ზემოთ) და რომლის გარეშეც მას არ შეეძლო მონაწილეობა მიეღო გამოძიებაში (იხილეთ დენის ვასილევი რუსეთის წინააღმდეგ (Denis Vasilyev v. Russia), № 32704/04, § 126, 2009 წლის 17 დეკემბერი). ეროვნულმა სასამართლოებმა თავად დაადასტურეს, 2004 წლის დეკემბერში და 2005 წლის თებერვალში, რომ გამოძიება მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეში იყო ხარვეზიანი და საჭირო იყო სხვა გამოძიების ჩატარება. თუმცა, სასამართლოებისგან მკაფიო ინსტრუქციების მიუხედავად, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ადეკვატური გამოძიების თაობაზე, საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა რაიმე კონკრეტულ შედეგს მიაღწიეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებით, რომელიც კვლავ მიმდინარეობს (იხილეთ 57-ე პარაგრაფი ზემოთ).
109. სასამართლო საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს იმას, რომ პირველ მომჩივანს ტანზე აღენიშნებოდა იმ ტიპის არასათანადო მოპყრობის კვალი რასაც ის მუდმივად აღწერდა და ასაჩივრებდა ეროვნულ დონეზე. ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა აშკარად ვერ შეძლეს მისი საჩივრების სწრაფი და სრული გამოძიება (იხილეთ წინა პარაგრაფი) და მთავრობას არც კი უცდია, რომ წარმოედგინა არასათანადო მოპყრობის კვალის წარმოშობის ალტერნატიული და დამაჯერებელი ახსნა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებულების გათვალისწინებით, პასუხი აგოს იმ პირებისთვის მიყენებულ დაზიანებებისთვის, რომლებიც მათი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან პატიმრობაში (იხილეთ შლიჩკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Shlychkov v. Russia), № 40852/05, § 68, 2016 წლის 9 თებერვალი და რიაბცევი რუსეთის წინააღმდეგ (Ryabtsev v. Russia), № 13642/06, § 71, 2013 წლის 14 ნოემბერი), სასამართლო ადგენს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დამტკიცებულია, რომ პირველი მომჩივანი, დაექვემდებარა პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას 2004 წლის 13 მაისს მისი დაკავების შემდეგ, თბილისის პოლიციის მთავარ განყოფილებაში. გაწვრთნილი პოლიციის ოფიცრების მხრიდან არასათანადო მოპყრობის კონკრეტული სახეების გათვალისწინებით, რომლებიც გამოიყენეს ერთადერთი მიზნით, მომჩივნისგან, აღიარების მოსაპოვებლად - ელექტრო შოკის გამოყენება და რკინის ბოქლომით ცემა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს იყო მომჩივნის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და ღირსების შელახვის მძიმე ფორმა, რომელიც კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისთვის ექცევა წამების დახასიათებაში (იხ. პომილიაიკო უკრაინის წინააღმდეგ (Pomilyayko v. Ukraine), № 60426/11, § 51, 2016 წლის 11 თებერვალი; მიუმიუნი ბულგარეთის წინააღმდეგ (Myumyun v. Bulgaria), № 67258/13, § 62, 2015 წლის 3 ნოემბერი; გრიგორიევი უკრაინის წინააღმდეგ (Grigoryev v. Ukraine), № 51671/07, § 64, 2012 წლის 15 მაისი; და პოლონსკი რუსეთის წინააღმდეგ (Polonskiy v. Russia), № 30033/05, § 124, 2009 წლის 19 მარტი).
110. შესაბამისად ადგილი ქონდა კონვენციის მე-3 მუხლის როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური ნაწილის დარღვევას.
II. კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
111. კონვენციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით ორივე მომჩივანი ჩიოდა, რომ მათი პატიმრობა, სასამართლოს მიერ დადგენილი 8 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, 2005 წლის 13 იანვრიდან, მათი სასამართლოზე მსჯავრდების დღემდე, 2005 წლის 7 ივნისამდე, იყო უკანონო. კონვენციის ამ მუხლის, შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 5
„1. ... არავის შეიძლება აღეკვეთოს თავსუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: ...
(c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებმოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი ...;“
A. მისაღებობა
112. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის. გარდა ამისა, მიუთითებს, რომ არ არის დაუშვებელი რომელიმე სხვა მიზეზით. შესაბამისად მისაღებად უნდა გამოცხადდეს.
B. არსებითი მხარე
113. მთავრობამ მიუთითა, რომ იმ დროისთვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლების მიხედვით, საქმის სასამართლოსთვის გადაცემამ წინასწარი პატიმრობა სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ მოაქცია. მათ დაამატეს, რომ ასეთი პრაქტიკა უკვე დასრულებულია.
114. საპასუხოდ, მომჩივნები იმეორებდნენ, რომ მათი პატიმრობა 2005 წლის 13 იანვრიდან 7 ივნისამდე იყო უკანონო, რადგანაც სასამართლოს მოქმედი გადაწყვეტილებით არ იყო გამაგრებული.
115. სასამართლო აღნიშნავს, რომ მან უკვე დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა სხვადასხვა საქმეებზე, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგაც, რომლებიც სასამართლოს ბრძანების გარეშე მოპასუხეთა პატიმრობაში დატოვებას შეეხება, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს წინაშე წარდგენილი იყო საბრალდებო დასკვნა (იხ. სხვა მრავალ საქმეთა შორის, ხუდოიოროვი რუსეთის წინააღმდეგ (Khudoyorov v. Russia), № 6847/02, §§ 146-147, EXHR 2005-X (ამონარიდი); ბარანოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Baranowski v. Poland), № 28358/95, §§ 53-58, ECHR 2000-III; იეჩიუსი ლიტვის წინააღმდეგ (Ječius v. Lithuania), № 34578/97, §§ 60-64, ECHR 2000-IX; რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ (Ramishvili and Kokhreidze v. Georgia), № 1704/06, § 106-111, 2009 წლის 27 იანვარი; და გიგოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Gigolashvli v. Georgia), № 18145/04, §§ 32-36, 2008 წლის 8 ივლისი).
116. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიმდინარე საჩივარი არ განსხვავდება რამიშვილი და კოხრეიძის ან გიგოლაშვილის საქმეებისგან, რომლებიც ზემოთაა ციტირებული, რადგანაც იგივე ნაკლოვანებებს ეხება, რომლებიც ამ საქმეშია. შესაბამისად, ოთხი თვის და 25 დღისთვის, 2005 წლის 13 იანვრიდან 7 ივნისამდე არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მომჩივანთა პატიმრობას დააკანონებდა (იხილეთ 111-ე პარაგრაფი ზემოთ). ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები და საბრალდებო დასკვნა გაეგზავნა სასამართლოს, ამ პერიოდში პატიმრობას „კანონიერად“ არ აქცევს კონვენციის 5.1. მუხლის მიზნებისთვის (იხილეთ გიგოლაშვილი, ციტირებული ზემოთ, § 36).
117. შესაბამისად, კონვენციის 5.1 მუხლის დარღვევა სახეზეა, აღნიშნულ პერიოდში პატიმრობასთან დაკავშირებით.
III. კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სავარაუდო დარღვევა
118. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებითაც გრძელდებოდა მათი წინასწარი პატიმრობა 2004 წლის 10 ნოემბრიდან, აკლდა სათანადო დასაბუთება. ისინი დაეყრდნენ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა.
“ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი ... მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით.”
A. მისაღებობა
119. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის. გარდა ამისა, მიუთითებს, რომ არ არის დაუშვებელი რომელიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, მისაღებად უნდა გამოცხადდეს.
B. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
120. მთავრობამ აღიარა, რომ იმ დროისთვის, როდესაც განსახილველი მოვლენებს ქონდა ადგილი, სასამართლო პრაქტიკა არ იყო ფოკუსირებული საქმეზე ინდივიდუალური არგუმენტებისა და დასაბუთების წარმოდგენაზე წინასწარი პატიმრობის შერჩევის სასარგებლოდ. მიუხედავად ამისა, წინასწარი პატიმრობის ბრძანებებში კონკრეტული არგუმენტების ხშირი ნაკლებობა ბალანსდებოდა იმ ფაქტით, რომ მხარეები ძირითადად საკუთარ არგუმენტებს ზეპირი ფორმით წარმოადგენდნენ ადგილობრივი სასამართლოს წინაშე. მთავრობამ დასძინა, რომ ასეთი პრაქტიკა უკვე წარსულს ჩაბარდა და ადგილობრივმა სასამართლოებმა დაიწყეს შესაბამისი, საქმის მიხედვით ინდივიდუალური დასაბუთების წარმოდგენა წინასწარი პატიმრობის შესახებ განჩინებებში.
121. მომჩივნები იმეორებდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ წარმოადგინეს რაიმე კონკრეტული დასაბუთება, თუ რატომ იყო მათი პატიმრობა აუცილებელი მათი საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. დასაბუთების არ არსებობა უტოლდებოდა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას.
2. სასამართლოს შეფასება
122. სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის პერიოდის გონივრულობა ვერ შეფასდება in abstracto. [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს მოუწოდებენ ადგილობრივი სასამართლოების შესაბამის გადაწყვეტილებებში მოცემულ დასაბუთებასა და მომჩივნების მიერ, გათავისუფლების მოთხოვნით წარდგენილ საჩივრებში მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე გადაწყვიტოს, იყო თუ არა წინასწარი პატიმრობა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დასაბუთებული. ეს გადაწყვეტილებები უნდა შეიცავდეს „შესაბამის“ და „საკმარის“ დასაბუთებას და პასუხობდეს მოცემული საქმის კონკრეტულ გარემოებებს იმისათვის, რომ თავისუფლების აღკვეთა დასაბუთებული იყოს (იხ. ბუზაჯი მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Buzadji v. the Republic of Moldova) [დიდი პალატა], № 23755/07, § 87, ECHR 2016 (ამონარიდი); კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ (Kudła v. Poland) [დიდი პალატა], № 30210/96, § 110, ECHR 2000-XI; და მიქტა პოლონეთის წინააღმდეგ (Michta v. Poland), № 13425/02, §§ 45 და 46, 2006 წლის 4 მაისი).
123. სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნები დააკავეს 2004 წლის 13 მაისს ხოლო მსჯავრი, პირველ ინსტანციაში შეეფარდათ 2007 წლის 26 თებერვალს. შესაბამისად, პატიმრობის საერთო ვადა კონვენციის 5.1.c მუხლის მიზნებისთვის არის 33 თვე და 13 დღე. მომჩივნების პატიმრობა პირველად სასამართლოს 2004 წლის 16 მაისის, 27 მაისის და 11 აგვისტოს გადაწყვეტილებებით იყო დადასტურებული, 2004 წლის 13 ნოემბრამდე, განსახილველი აღკვეთის ღონისძიების დასრულების დღემდე. მომჩივნები სადავოდ ხდიან მათი პატიმრობის ვადის გაგრძელებას ზემოთ მითითებული ვადის შემდეგ, რაც სასამართლოს 2004 წლის 10 ნოემბრის და 2005 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებების საფუძველზე განხორციელდა (იხილეთ 43-ე და 45-ე პარაგრაფები). შესაბამისად, სასამართლო შეაფასებს აღნიშნული ორი გადაწყვეტილების დასაბუთებას.
124. 2004 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მომჩივნების პატიმრობაში დატოვების საჭიროება დაასაბუთა იმ საფუძვლით, რომ (i) მათი შესაძლო სასჯელის სიმძიმე ქმნიდა მიმალვის საფრთხეს და (ii) საქმის მასალები აჩვენებდა, რომ მომჩივნებს შეეძლოთ დაებრკოლებიათ გამოძიება. მიუხედავად ამისა, მხოლოდ მიმალვის საფრთხე ვერ შეფასდება მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრით და უნდა მოხდეს სხვა, არაერთი შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინება (იხილეთ ლეტელიე საფრანგეთის წინააღმდეგ (Letellier v. France), 1991 წლის 26 ივნისი, § 43, სერია A № 207 და ხუდოიოროვი (Khudoyorov), ციტირებული ზემოთ, § 181), რაც არ მოხდა 2004 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაში. რაც შეეხება სიმართლის დადგენის ხელშეშლას, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების აღკვეთის გონივრულობის შეფასებაში რელევანტური ელემენტია, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ ეს ვერ დადგინდება აბსტრაქტულ, მტკიცებულებებით გაუმყარებელ მსჯელობაზე დაყრდნობით (იხილეთ სმირნოვა რუსეთის წინააღმდეგ (Smirnova v. Russia), № 46133/99 და № 48183/99, § 63 ECHR 2003-IX (ამონარიდი).2004 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნული რისკი ზოგადად დასახელდა, საქმის კონკრეტულ გარემოებებთან რაიმე კავშირის გარეშე (შეადარეთ ფარჰად ალიევი აზერბაიჯანის წინააღმდეგ (Farhad Aliyev v. Azerbaijan), № 37138/06, § 192, 2010 წლის 9 ნოემბერი; პანჩენკო რუსეთის წინააღმდეგ (Panchenko v. Russia), № 45100/98, § 107, 2005 წლის 8 თებერვალი; და როხლინა რუსეთის წინააღმდეგ (Rokhlina v. Russia), № 54071/00, § 68, 2005 წლის 7 აპრილი).
125. სასამართლო განსაკუთრებით შეშფოთებულია თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ მომჩივანთა წინასწარი პატიმრობის განხილვისა და გადაწყვეტის ფორმით, რაც 2005 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით დაადგინა. უფრო მეტიც, „განსაკუთრებული გულისხმიერების“ გამოვლენის ნაცვლად, პატიმრობის უკვე 12 თვიანი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, (შეადარეთ გ.კ. პოლონეთის წინააღმდეგ (G.K. v. Polant), № 38816/97, § 84, 2004 წლის 20 იანვარი), ადგილობრივმა სასამართლომ მიიღო სტანდარტული, შაბლონური გადაწყვეტილება. საკუთარი ვალდებულების - პატიმრობის გაგრძელების დამაჯერებელი საფუძვლების წარმოდგენა - შესრულების ნაცვლად (იქვე), მან გამოიყენა წინასწარ დაბეჭდილი ფორმა და დაეყრდნო აბსტრაქტულ გარემოებებს (იხილეთ 45-ე პარაგრაფი ზემოთ). იმის დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ შესაძლოა არსებობდა მომჩივანთა თავისუფლების აღკვეთის გაგრძელების დაკანონებისთვის კონკრეტული და შესაბამის ფაქტები, ისინი ეროვნული დონის ამ გადაწყვეტილებაში არ იყო მოხსენიებული. სასამართლოს ამოცანას არ წარმოადგენს ადგილობრივი ორგანოების ჩანაცვლება და ასეთი ფაქტების მათ მაგიერ დადგენა (იხილეთ ნიკოლოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Nikolov v. Bulgaria), № 38884/97, § 74, 2003 წლის 30 იანვარი და პანჩენკო (Panchenko), ციტირებული ზემოთ, § 105).
126. ზემოთ მოცემული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანთა საქმის კონკრეტულ ფაქტებზე მსჯელობის გარეშე და არსებითად მხოლოდ ბრალდების სიმძიმეზე დაყრდნობით, ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივანთა წინასწარი პატიმრობა გააგრძელეს 2004 წლის 10 ნოემბერს და 2005 წლის 7 ივნისს ისეთი საფუძვლებით, რომლებიც „რელევანტურიც“ რომ იყოს, „საკმარისად“ ვერ ჩაითვლებოდა.
127. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი დაირღვა.
IV. კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის სავარაუდო დარღვევა
128. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ პროკურორის 2004 წლის 5 ნოემბრის მოთხოვნა მათი პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე 2004 წლის 10 ნოემბრის სასამართლო სხდომამდე არ გადაეგზავნათ. მათ მიუთითეს კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
“ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი გათავსუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი.“
მისაღებობა
1. მხარეთა არგუმენტები
129. მთავრობამ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროკურორის მოთხოვნა, მომჩივნის წინასწარი პატიმრობის გაგრძელების თაობაზე მათ წინასწარ არ გადაეგზავნათ, შესაბამისი სასამართლო მოსმენა 2004 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენით, მომჩივანთა ადვოკატების თანდასწრებით. შესაბამისად, მომჩივნებს ქონდათ მხოლოდ მცირედი შესაძლებლობა, წარმოედგინათ საკუთარი არგუმენტები შესაბამის ადგილობრივ სასამართლოში.
130. მომჩივნებმა უპასუხეს, რომ ვინაიდან მათი წინასწარი დაკავების გაგრძელების თაობაზე პროკურორის მოთხოვნის სასამართლო განხილვას შედგა სასამართლოსთვის მოთხოვნის წარდგენიდან 5 დღეში, დრო არ იყო საკმარისი მხარეების მიერ წერილობითი კომენტარების წარსადგენად. მომჩივანთა ადვოკატებს უფრო ადრე რომ გაეგოთ პროკურორის არგუმენტები, ისინი უკეთ მოემზადებოდნენ 2004 წლის 10 ნოემბრის ზეპირი მოსმენისთვის.
2. სასამართლოს შეფასება
131. სასამართლო იმეორებს, რომ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული პირი უფლებამოსილია დაიწყოს სამართალწარმოება პროცესუალურ და მატერიალურ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებითია მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მისი თავისუფლების აღკვეთის „კანონიერებასთან“ მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის აუცილებელი არ არის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა იგივე გარანტიებით იყოს აღჭურვილი, რომელიც კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით მოითხოვება სისხლის სამართლებრივი თუ სამოქალაქო სამართლებრივი წარმოებისთვის, მას უნდა ჰქონდეს სასამართლოსთვის მიმართვის მახასიათებლები და შესაბამის პირს აძლევდეს თავისუფლების აღკვეთის სიმძიმის შესაბამისი გარანტიებს. იმისათვის, რომ განისაზღვროს უზრუნველყოფს თუ არა პროცედურები „თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას მოქმედ ფუნდამენტურ გარანტიებს“, ყურადღება უნდა მიექცეს ამგვარი სამართალწარმოების მიმდინარეობის კონკრეტული გარემოებების ბუნებას (იხ. მაგალითისთვის, სტანევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Stanev v. Bulgaria), [დიდი პალატა], № 36760/06, § 171, ECHR 2012 და ვლოქი პოლონეთის წინააღმდეგ (Włoch v. Poland), № 27785/95, § 125, ECHR 2000-XI).
132. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცერსო სამართლის თანახმად, წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა იყო გადაუდებელი და განსაკუთრებული სისწრაფით განხილვას ექვემდებარებოდა (იხილეთ ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ (Patsuria v. Georgia), № 30779/04, § 51, 2007 წლის 6 ნოემბერი). აღსანიშნავია, რომ წინასწარი პატიმრობის გაგრძელებასთან დაკავშირებული მოთხოვნების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად სწრაფად განხილვის უზრუნველსაყოფად ადგილობრივ სასამართლოებს კანონით განსაზღვრული 5 დღიანი ვადა ქონდათ (იხილეთ 86-ე პარაგრაფი ზემოთ). ამგვარი სისწრაფის მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც თავის მხრივკონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის საკვანძო პრინციპია, სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლო, მომჩივანთა წინასწარი პატიმრობის საკითხის განხილვისას, 2004 წლის 10 ნოემბერს, არ იყო ვალდებული უზრუნველეყო მხარეთა შორის ყველა დოკუმენტის გაცვლა ფოსტით, რადგან ამას შეიძლება გაერთულებინა გადაწყვეტილების კანონით განსაზღვრულ 5 დღიან ვადაში მიღების ამოცანა (შეადარეთ mutatis mutandis, მსგავს ვითარებასთან საქმეში ფაცურია, ციტირებული ზემოთ, § 52 და ასევე იავუზი ავსტრიის წინააღმდეგ (Yavuz v. Austria) (განჩინება), № 32800/96, 2000 წლის 18 იანვარი). ეს ვითარება, ნებისმიერ შემთხვევაში, შემსუბუქებული იყო იმ ფაქტით, რომ მომჩივნისთვის პატიმრობის გაგრძელების თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა სასამართლო განხილვა გაიმართა 2004 წლის 10 ნოემბერს, ზეპირი მოსმენით, რომელსაც მომჩივნები და მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ და კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ, ინფორმაცია მოეპოვებინათ და კომენტარი გაეკეთებინათ პროკურორის შეუამდგომლობაზე სასამართლო განხილვის მიმდინარეობის პროცესში (იხ. კვლავ ფაცურია, ციტირებული ზემოთ, § 52).
133. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით წარდგენილი საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია და წარმოებაში არ უნდა იქნეს მიღებული კონვენციის 35-ე მუხლის 3.a და მე-4 პუნქტების საფუძველზე.
V. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
134. ორივე მომჩივანი ჩიოდა, რომ სისხლის სამართალწარმოება მათ წინააღმდეგ იყო უსამართლო პირველი მომჩივნისგან აღიარებისა და დაკავშირებული ჩვენებების წამებით ამოღების გამო. ასევე, საკუთარი სურვილით შერჩეული ადვოკატით საქმისწარმოების ადრეულ სტადიაზევე სარგებლობის შეუძლებლობის გამო. ისინი ეყრდნობოდნენ კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
„სისხლისამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება ... სასამართლოს მიერ. ...“
A. მისაღებობა
135. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის. გარდა ამისა, მიუთითებს, რომ არ არის დაუშვებელი რომელიმე სხვა მიზეზით. შესაბამისად მისაღებად უნდა გამოცხადდეს.
B. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
136. მთავრობა კვლავ ამტკიცებდა, რომ პირველი მომჩივანი არ დაქვემდებარებია არასათანადო მოპყრობას 2004 წლის 13 მაისს, პირველი დაკითხვის დროს (იხილეთ 101-ე პარაგრაფი ზემოთ). შესაბამისად, ისინი აცხადებდნენ, რომ პირველმა მომჩივანმა გადაწყვიტა ნებაყოფლობით ეღიარებინა საკუთარი და მეორე მომჩივნის მონაწილეობა მკვლელობის მცდელობაში. მთავრობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მტკიცებულებათა მისაღებობა, პირველ რიგში, სახელმწიფო კანონმდებლობით რეგულირების საკითხი იყო და რომ მომჩივანს შესაძლებლობა ჰქონდა, ედავა მის წინააღმდეგ გამოყენებულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით შეჯიბრებით პროცესში, სამართლებრივი დახმარების ქონის პირობებში. მოისმინა რა, მისი არგუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით, [ეროვნულ დონეზე] საქმის განმხილველმა სასამართლომ გარკვეული მტკიცებულებები დაუშვებლად ცნო, ამავდროულად აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა დანარჩენი ნაწილი არ იყო შებღალული რაიმე მნიშნველოვანი გადაცდომით (იხილეთ 72-ე და 75-ე პარაგრაფები ზემოთ). მთავრობა კვლავ ამტკიცებდა, რომ ადგილობრივი სასამართლოების მიერ მსჯავრდებისთვის წარმოდგენილი საფუძვლები საკმარისი იყო და რომ მათთვის არ იყო აუცილებელი მომჩივანთა დაცვის ყოველ არგუმენტზე ეპასუხათ, მათ შორის პირველი მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ალიბისთან დაკავშირებით.
137. მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი მომჩივნის პირველადი აღიარება გამომძიებლის მიერ იყო მოპოვებული ადვოკატის თანდასწრების გარეშე, ეს ჩვენებები დაუშვებლად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ. მომჩივანმა მისი წინა ჩვენება დაადასტურა დანაშაულის ადგილზე მოვლენათა აღდგენის დროს და ეს მეორეული ჩვენებები მისცა სახაზინო ადვოკატის თანდასწრებით. პირველი მომჩივნის სახაზინო ადვოკატი ესწრებოდა ამოცნობის პროცესსაც, სადაც დაზარალებულმა მიუთითა პირველ მომჩივანზე და რომელიც, მთავრობის მტკიცებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო ღონისძიება იყო. პირველი მომჩივანი კმაყოფილი იყო იმ ამ ადვოკატის მომსახურების ხარისხით 2004 წლის 4 ივნისამდე. ხოლო მისი იმ დღის მოთხოვნა, ჰყოლოდა მისი ოჯახის მიერ შერჩეული ადვოკატი, დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდა. იგივე მოხდა მეორე მომჩივნის შემთხვევაშიც, რომელმაც, თავდაპირველად არ მოითხოვა მის მიერ შერჩეული ადვოკატი და ჰყავდა სახელმწიფოს მიერ, მისი დაკავებისას დანიშნული სახაზინო ადვოკატი.
138. მომჩივნებმა მიუთითეს, რომ რადგან პირველი მომჩივნის პირველადი აღიარება მოპოვებული იყო წამების გამოყენებით და ადვოკატის დაუსწრებლად (მტკიცებულება, რომელიც შემდეგში დაუშვებლად იქნა ცნობილი სასამართლოს უკანონობის საფუძვლით), უფრო მეტად გაუგებარი გახდა, თუ რატომ გადაწყვიტა სასამართლომ დაყრდნობოდა იმ ჩვენებებს, რომლებიც გამეორებულ იქნა დანაშაულის ადგილზე მოვლენათა აღდგენის დროს. მომჩივნებმა ასევე გაიმეორეს, რომ დაზარალებულის მიერ პირველი მომჩივნის ამოცნობის პროცედურა მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევებით წარიმართა. გარდა ამისა, მომჩივნები ჩიოდნენ, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს გონივრული პასუხის გაცემა პირველი გამცხადენლის არგუმენტებზე, რომ მას ალიბი ქონდა. მეორე მომჩივანი ასევე ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ფორმალურად ჰყავდა სახაზინო ადვიკატი, ამ უკანასკნელს მანამდე არასოდეს მიეღო მონაწილეობა რაიმე საგამოძიებო მოქმედებებში თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში.
2. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
139. სასამართლო იმეორებს, რომ მის როლს არ წარმოადგენს იმის განმარტება, თუ რა ტიპის მტკიცებულებაა მისაღები. კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს არის შემდეგი: იყო თუ არა სამართალწარმოება, მათ შორის მტკიცებულებათა მოპოვების გზა, მთლიანობაში სამართლიანი. ეს მოიცავს განსახილველი უკანონობისა და, თუკი კონვენციით დაცული კიდევ ერთი უფლების დარღვევის საკითხი დგას, აღმოჩენილი დარღვევის ბუნების შესწავლას (იხილეთ ალანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Allan v. the United Kingdom), № 48539/99, § 42, ECHR 2002-IX). გარდა ამისა, სხვა მსჯელობა ვითარდება სისხლის სამართალწარმოებაში იმ მტკიცებულების გამოყენებასთან მიმართებით, რომელიც კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით იქნა მოპოვებული. საქმის მასალებში იმ ჩვენებათა დაშვება, რომლებიც მე-3 მუხლის დარღვევით იქნა მოპოვებული, გარდაქმნის მთლიან საქმისწარმოებასთან მიმართებით ავტომატურად განაპირობებს მე-6 მუხლის დარღვევას (იხილეთ არუთუნიანი სომხეთის წინააღმდეგ (Harutyunyan v. Armenia), № 36549/03, § 63, ECHR 2007-VIII; იალო გერმანიის წინააღმდეგ (Jalloh v. Germany) [დიდი პალატა], № 54810/00, §§ 99 და 105, ECHR 2006-IX და ფიდანჩი თურქეთის წინააღმდეგ (Fidanci v. Turkey), № 17730/07, § 34, 2012 წლის 17 იანვარი). ეს წესი მოქმედებს მიუხედავად ჩვენებების სარწმუნო ხასიათისა და მიუხედავად იმისა, მათი გამოყენება იყო თუ არა გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღებისას (იხილეთ გაფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfgen v. Germany) [დიდი პალატა], № 22978/05, §§ 166-167 და 173, ECHR 2010 და იბრაჰიმი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ibrahim and Others v. the United Kingdom), № 50541/08 და სამი სხვა, § 254, ECHR 2016). იგივე წესი გამოიყენება იმ მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილია, მაგრამ მოპოვებულია იმდენად მძიმე არასათანადო მოპყრობის შედეგად, რომ ის შეიძლება წამებად ჩაითვალოს (იხილეთ გაფგენი გერმანიის წინააღმდეგ, ციტირებული ზემოთ, § 173). წამების საშუალებით მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება სასამართლოში გაუტოლდებოდა მართლმსაჯულების აშკარა უარყოფას, არამხოლოდ იქ, სადაც დაცვის მხარე არის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის მსხვერპლი, არამედ იქაც, სადაც პირი, ვისგანაც მოხდა მტკიცებულების მოპოვება, არის მესამე პირი (იხილეთ ელ ჰასკი ბელგიის წინააღმდეგ (El Haski v. Belgium), № 649/08, § 85, 2012 წლის 25 სექტემბერი). სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ადრეული წვდომა ადვოკატზე არის პროცესუალური გარანტია თვით-ინკრიმინაციის წინააღმდეგ და ასევე არასათანადო მოპყრობისგან ფუნდამენტურ დაცვას წარმოადგენს (იხილეთ მსგავსი მიდგომისთვის, სალდუზი თურქეთის წინააღმდეგ (Salduz v. Turkey) [დიდი პალატა], № 36391/02, §§ 54 და 55, 2008 წლის 27 ნოემბერი და იბრაჰიმი, ციტირებული ზემოთ, § 255).
(b) აღნიშნული პრინციპების მისადაგება საქმის გარემოებებთან
140. სასამართლომ წინამდებარე საქმეზე დაადგინა, რომ პირველი მომჩივნის თავდაპირველი აღარება, რომლითაც მან ასევე ამხილა მეორე მომჩივანი დანაშაულის ჩადენაში, მისგან მიღებული იქნა ადვოკატის გარეშე და არასათანადო მოპყრობის შედეგად, რაც უტოლდებოდა წამებას კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისთვის (იხილეთ 109-ე პარაგრაფი მაღლა). ეს ჩვენებები საქმის განმხილველმა სასამართლომ საბოლოო ჯამში ამოიღო საქმის მასალებიდან და არ იქნა გამოყენებული მომჩივნებისთვის მსჯავრის დადებისას. თუმცა, ამ ფაქტით საკმარისად ვერ აღმოიფხვრა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ის პრობლემები, რომლებიც განაპირობა მე-3 მუხლით აკრძალული დაკითხვის მეთოდების გამოყენებამ და რომლის შედეგადაც იქნა მოპოვებული პირველი და ყველაზე გადამწყვეტი მტკიცებულება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის (შეადარეთ, mutatis mutandis, საქმეს სტანიმიროვიჩი სერბეთის წინააღმდეგ (Stanimirović v. Serbia), № 26088/06, § 52, 18 ოქტომბერი 2011, და შიშკინი რუსეთის წინააღმდეგ (Shishkin v. Russia), № 18280/04, § 150-152, 7 ივლისი, 2011). და მართლაც, ამ თავდაპირველი აღიარების საქმის მასალებიდან ამოღებამდე, საგამოძიებო ორგანოები თითქმის სრულად მას დაეყრდნენ მიუხედავად მომჩივნების მრავლობითი მცდელობისა აეგოთ და განევითარებიათ თავიანთი დაცვის სტრატეგია. მაგალითად, ძირითადად ამ აღიარებაზე დაყრდნობით განაცხადეს უარი გამოძიების ორგანოებმა გაეტარებიათ ზომები, რომელთა შედეგადაც გადამოწმდებოდა პირველი მომჩივნის ალიბი (იხილეთ 28-ე, 29-ე, 31-ე და 39-ე პარაგრაფები).
141. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში წამებისა და დაკითხვის შემდგომ პირველი მომჩივანი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი იგივე პოლიციის თანამშრომლების მიერ დანაშაულის ადგილზე შემთხვევის ვითარების აღდგენისთვის, სადაც მან კვლავ სიტყვა-სიტყვით გაიმეორა თავდაპირველი აღიარება, მათ შორიც მიუთითა მეორე მომჩივნის მონაწილეობაზეც. მეორე აღიარება პირდაპირ იქნა გამოყენებული მსჯავრდებისას, როგორც ორივე მომჩივნის ბრალეულობის დამადასტურებელი მთავარი ელემენტი (იხილეთ 75-ე და 76-ე პარაგრაფები მაღლა). მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იმ დროისთვის პირველ მომჩივანს უკვე ყავდა დანიშნული სახაზინო ადვოკატი და ესწრებოდა კიდეც აღდგენას, საქმის მასალებიდან არ იკვეთებოდა, რომ პირველ მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა განმეორებით აღიარებამდე კონსულტაცია გაევლო ამ ადვოკატთან. უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ პირველი მომჩივანი იძულებული იყო საკუთარი ჩვენება დაედასტურებინა სწორედ იგივე პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით, რომელთაც ბრალს სდებდა წამებაში და [საგამოძიებო მოქმედების შემდგომ] უნდა დაბრუნებულიყო თბილისის პოლიციის სამმართველოში, კიდევ უმძაფრებდა მას დაუცველობისა და უმწეობის განცდას. ამ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ შემთხვევის ვითარების აღდგენის დროს აღიარებითი ჩვენების ხელახლა განმეორებაზე თანაბრად ვრცელდებოდა მანამდე განხორციელებული წამება და შესაბამისად, ვერ განიხილებოდა ვალიდურ მტკიცებულებად. ეროვნულ სასამართლოებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოეჩინათ ამ განმეორებითი ჩვენებების მტკიცებულებად მიღებამდე მათი მკაცრი შესწავლის გზით (შედარებისთვის იხილეთ, mutatis mutandis, ჰარუტინიანი (Harutyunyan), ციტირება მაღლა, § 65; ჰაინალი სერბეთის წინააღმდეგ (Hajnal v. Serbia), № 36937/06, § 114, 19 ივნისი, 2012; სტანიმიროვიჩი (Stanimirović), ციტირებულია მათლა, § 52, და ასევე ნეჩიპორუკი და იონკალო (Nechiporuk and Yonkalo), ციტირებულია მაღლა, § 265). სხვა სიტყვებით, ვერ გაცხადდება, რომ მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი გაწყდა თბილისის პოლიციის სამმართველოში აკრძლული მეთოდით პირველ დაკითხვასა და შედეგად დანაშაულის ადგილზე პირველი მომჩივნის მიერ მისი ჩვენების კვლავ განმეორებას შორის, რაც გამოყენებულ იქნა პირდაპირ მტკიცებულებად მომჩივნების მსჯავრდებისთვის და მათთვის სასჯელის შეფარდების საფუძველს წარმოადგენდა (შეადარეთ და დაუპირისპირეთ საქმეს გაფგენი (Gäfgen), ციტირებულია მაღლა, § 180).
142. ზემოთ აღნიშნული მიგნებები საკმარისი საფუძველია სასამართლოსთვის დაასკვნას, რომ ადვოკატის გარეშე პირველი დაკითხვისას პირველი მომჩივნის პოლიციის მიერ წამებას შეუქცევადად დამაზიანებელი ზეგავლენა ქონდა სისხლის სამართლის საქმის განხილვის შედეგზე და საბოლოო ჯამში ორივე მომჩივნის მიმართ სამართალწარმოების უსამართლობა განაპირობა (შეადარეთ კაციუ და კოტორი ალბანეთის წინააღმდეგ (Kaçiu and Kotorri v. Albania), nos. 33192/07 და 33194/07, §§ 118, 122 და 128-29, 25 ივნისი, 2013, საქმეზე იყო მსგავსი ვითარება, მომჩივნის საწინააღმდეგო მამხილებელი ჩვენებების წამების გზით მოპოვებამ მის საქმეზე თანაბრალდებულისგან მომჩივნის მიმართ სამართალწარმოება უსამართლო გახადა). თუმცა სასამართლოს მაინც სურს იმსჯელოს დაზარალებულის, პარლამენტის წევრის ჩვენებეზე, რომლებსაც ასევე დაეყრდნო ეროვნული სასამართლოები მომჩივნის ბრალეულობის დადგენის გასამყარებლად (იხილეთ 75-ე და 76-ე პარაგრაფები მაღლა). კერძოდ კი დაზარალებულმა პირველ მომჩივანში თავდამსხმელი ამოიცნო 2004 წლის 13 მაისს ამოცნობის ჩატარებისას. მან შემდეგ განაცხადა, რომ ამოცნობის ჩატარების შემდეგ მას “პირადი საუბარი” ქონდა, როდესაც პირველმა მომჩივანმა მასთანაც აღიარა დანაშაული და ამხილა მეორე მომჩივანიც.
143. პირველ ყოვლისა სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამოცნობა ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 347.3 მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური მოთხოვნების აშკარა უგულებელყოფით. კერძოდ კი, მაშინ როცა ამ ნორმით ნათლად არის განსაზღვრული, რომ ეჭვმიტანილი უნდა წარსდგეს სხვა სამ პირთან ერთად “რომლებიც გამორჩეულად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და სამოსით”, წინამდებარე საქმეზე კი ადგილი ქონდა სრულიად საპირისპიროს. სწორედაც რომ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა პირველი მომჩივნისა და ამოცნობის სხვა მონაწილეთა გარეგნობა და ამ ფაქტზე რამდენიმეჯერ მიუთითეს ეროვნულ დონეზე საქმისწარმოებისას სხვადასხვა ადამიანებმა და [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე მიმდინარე სამართალწარმოებისას მთავრობას ეს ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. ორივე მომჩივანმა მიუთითა ამ ძირეულ არგუმენტზე თავიანთი დაცვის სასარგებლოდ ეროვნული სასამართლოების წინაშე, თუმცა სასამართლოებს პასუხი არ გაუციათ (შეადარეთ, mutatis mutandis, ლასკა და ლიკა ალბანეთის წინააღმდეგ (Laska and Lika v. Albania), nos. 12315/04 და17605/04, §§ 65-71, 20 აპრილი, 2010, და პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia), № 26853/04, § 181, 13 ივლისი, 2006, ამოცნობის ჩატარება ეროვნული დონის მოთხოვნების დარღვევით, თავისთავად ან სხვა არგუმენტებთან ერთობლიობაში, [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს მიიყვანს დასკვნამდე, რომ ადგილი ქონდა სამართლიან სასამართლოზე უფლების დარღვევას).
144. მეორეც, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენებას, რომ პირველი მომჩივანი “პირად საუბარში” გამოუტყდა, რასაც თავის მხრივ არ ესწრებოდა ადვოკატი, ან დამოუკიდებელი მოწმე, არ გააჩნია სარწმუნოობის რაიმე ღირებულება იგივე საფუძვლებზე დაყრდნობით, რაც ზემოთ იქნა აღწერილი - კერძოდ კი წამების მიმდინარე ფიზიკური და ფსიქიკური შედეგები, რასაც მომჩივანი რამდენიმე საათით ადრე დაექვემდებარა (იხილეთ 141-ე პარაგრაფი მაღლა, იქვე აღნიშნული სხვა წყაროებზე მითითებით). და ბოლოს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე იყო ის აუცილებელი მინიმალური მტკიცებულება გონივრული ეჭვის გასამყარებლად, რომ დაზარალებული, პარლამენტის წევრი, იდგა იმ რამდენიმე მცდელობის უკან, რომლებიც მიმართული იყო პირველი მომჩივნის იძულებაზე, არ გადაეხვია პირველი აღიარებიდან (იხილეთ 26-ე, 36‑38-ე, 41-ე და 70-ე პარაგრაფები მაღლა). მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მომჩივანმა სათანადოდ წარადგინა ყველა მძიმე ბრალდება გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლო ორგანოების წინაშე და საიდუმლო ჩანაწერიც კი წარუდგინა საქმის განმხილველ სასამართლოს, რომლითაც დასტურდებოდა პირველი მომჩივნის მეუღლის მოსყიდვის მცდელობა (იხილეთ 71-ე პარაგრაფი ზემოთ), სახელმწიფო ორგანოები საეჭვოდ ინდეფერენტულები აღმოჩნდნენ დაზარალებულის მიერ მართლმსაჯულების გარყვნის კარგად დოკუმენტირებული ბრალდებების მიმართ.
145. ვინაიდან ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა ადეკვატური რეაგირება ვერ მოახდინეს, მაგალითად, გამოძიების დაწყებით დაზარალებულის მიერ (რომელიც იმ დროისთვის მართლაც ძალაუფლების მქონე პირი იყო) ორკესტრირებული, მომჩივნის დაცვის უფლებაში ჩარევისა და მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო თვლის, რომ საქმის განმხილველი სასამართლოსთვის დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი აშკარად დაბალი იყო. შესაბამისად, ეროვნული სასამართლოებისთვის ნაკლებად იყო სათანადო ქცევა ბრალის დადგენისას ამ აშკარად ნაკლულ ჩვენებებზე დაყრდნობა (იხილეთ, mutatis mutandis, გრიგორიევი უკრაინის წინააღმდეგ (Grigoryev v. Ukraine), № 51671/07, §§ 86, 15 მაისი, 2012).
146. ზემოთ ჩამოყალიბებული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ აღწერილმა მძიმე პროცესუალურმა დარღვევებმა მომჩივნების მიმართ მიმდინარე სასამართლო განხილვა მთლიანობაში გახადა არასამართლიანი. შესაბამისად, ადგილი ქონდა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევას.
VI. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები
147. მომჩივანი კვლავ უთითებდა 2004 წლის 13 მაისს მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე და ადეკვატური გამოძიების არ არსებობაზე კონვენციის მე-13 მუხლის საწინააღმდეგოდ. ორივე მომჩივანი ასევე ჩიოდა, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოება უსამართლო იყო ერთიანობაში, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ მომჩივანს არ ქონდა შესაძლებლობა, ესარგებლა მის მიერ არჩეული ადვოკატის მომსახურებით პირველი დაკითხვისას და შედეგად თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკავებისას. ორივე მომჩივანი უთითებდა კონვენციის 6.3.c მუხლზე 6.1 მუხლთან ერთობლიობაში.
148. მთავრობა არ დაეთანხმა.
149. საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა წარმოდგენილი მოსაზრებებისა და კონვენციის მე-3 და 6.1 მუხლთან მიმართებით [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მიგნებების გათვალისწინებით, ის მიიჩნევს, რომ წინამდებარე საჩივარში დასმული ძირითადი სამართლებრივი საკითხები ამოწურულია და არ არსებობს საჭიროება, მიღებულ იქნეს ცალკე გადაწყვეტილება დანარჩენი საჩივრების მისაღებობასა და არსებით მხარესთან დაკავშირებით (სხვა მრავალ წყაროთა შორის იხილეთ, “სამართლებრივი რესურსების ცენტრი” ვალნეტინ კამპეანუს სახელით რუმინეთის წინააღმდეგ (Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania) [დიდი პალატა], № 47848/08, § 156, ECHR 2014, შესაბამისი მითითებებით და ასევე მიტროვი მაკედონიის ყოფილი იუგოსლავური რესპუბლიკის წინააღმდეგ (Mitrov v. the former Yugoslav Republic of Macedonia), № 45959/09, § 58, 2 ივნისი, 2016 ).
VII. კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედების გავრცელება
150. კოვენციის 41-ე მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
A. ზიანი
151. არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ პირველმა მომჩივანმა მოითხოვა 150 000 ევრო, ხოლო მეორე მომჩივანმა - 60 000 ევრო.
152. მთავრობამ განაცხადა, რომ ეს თანხები გადამეტებულად დიდი იყო.
153. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე მან დაადგინა დარღვევათა ერთობლიობა და დაეთანხმა იმას, რომ მომჩივნებს არამატერიალური ზიანი მიადგათ, რომლის კომპენსირებაც ვერ მოხდება მხოლოდ დარღვევების დადგენით. შესაბამისად, სასამართლო სამართლიანად მიიჩნევს პირველი მომჩივნისთვის 28 000 ევროს მიკუთვნებას, ხოლო მეორე მომჩივნისთვის, 16 000 ევროს მიკუთვნებას.
154. ამასთან, ეროვნულ დონეზე სამართალწარმოების უსამართლიანობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიგნებების გათვალისწინებით, რამაც განაპირობა მომჩივნებისთვის მსჯავრდება მკვლელობის მცდელობისთვის, და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობით ამ შესაძლებლობის არსებობის პირობებში (იხილეთ თაქთაქიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Taktakishvili v. Georgia) (განჩინება), № 46055/06, §§ 22-23, 2012 წლის 16 ოქტომბერი), საქმის ხელახლა განხილვა, თუკი ამას მომჩივნები მოითხოვენ, შესაძლოა გახდეს კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით უკუგების შესაფერი გზა (შედარებისთვის იხილეთ ნეჩიპორუკი და იონკალო (Nechiporuk and Yonkalo), ციტირებულია ზემოთ, § 297; ჰაინალი (Hajnal), ციტირებულია ზემოთ, § 150; და ლევინტა მოლდოვას წინააღმდეგ (Levinţa v. Moldova), № 17332/03, § 113, 2008 წლის 16 დეკემბერი).
B. ხარჯები და დანახარჯები
155. თითოეული მომჩივანი ითხოვდა 2 400 ევროს სასამართლოს წინაშე მათი ორი წარმომადგენლის მომსახურების საფასურის სახით. მოთხოვნის გასამყარებლად მათ წარმოადგინეს იურიდიული მომსახურების შესახებ 2005 წლის 20 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებსაც ხელს აწერდნენ მომჩივნები და მათი ორი ადვოკატი. ამ ხელშეკრულებების პირობების თანახმად, თითოეული მომჩივანი ვალდებული იყო ადვოკატებისთვის გადაეხადა ზემოთ მითითებული თანხა იურიდიული მომსახურების საფასურის სახით, სასამართლოს წინაშე საქმისწარმოების წარმატებით დასრულების შემთხვევაში. ხელშეკრულებებში მითითებული იყო, რომ მომსახურების საფასური მოიცავდა ასევე ყველა სახის ხარჯს, როგორიც იყო თარგმნა და საფოსტო მომსახურება, ფაქსით კომუნიკაცია, მასალების გამრავლება, ადვოკატების შესაძლო მგზავრობის ხარჯები და ა.შ.
156. მეორე მომჩივანმა დამატებით მოითხოვა 890 ევრო 2008 წელს ოჯახის მიერ ორგანიზებული, კერძო სამედიცინო ექსპერტის მიერ მრავალმხრივი სამედიცინო გამოკვლევის ხარჯის ანაზღაურების სახით.
157. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად ნებისმიერი მომჩივანი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართოს წინაშე დაადასტურებს, რომ ისინი რეალურად განხორციელდა და აუცილებელი იყო, და მათი ოდენობა გონივრულია. წინამდებარე საქმეზე წარდგენილი დოკუმენტებისა და ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის გათვალისწინებით სასამართლო პირველ ყოვლისა არ აკმაყოფილებს მეორე მომჩივნის მოთხოვნას 2008 წელს ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. მეორეს მხრივ, წინამდებარე საქმის სირთულისა და გაწეული იურიდიული მომსახურების ხარისხისა და მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს მომჩივნებისთვის სასამართლოს წინაშე საქმისწარმოებისთვის ერთობლივად მოთხოვნილი თანხის 4 800 ევროს სრულად მიკუთვნებას.
C. საურავი
158. სასამართლოს შესაბამისად მიაჩნია საურავის დადგენა ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობის საფუძველზე, სასამართლო ერთხმად
1. მისაღებად აცხადებს კონვენციის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებისა და 6.1 მუხლის საფუძველზე წარდგენილ საჩივრებს, შემდეგ საკითხებთან მიმართებით:
(i) 2004 წლის 13 მაისს პირველი მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობა,
(ii) 2005 წლის 13 იანვარიდან 2005 წლის 7 ივნისამდე პერიოდში ორივე მომჩვნის წინასწარი პატიმრობის უკანონობა,
(iii) 2004 წლის 10 ნოემბრისა და 2005 წლის 7 ივნისის პატიმრობის ბრძანებებში საკმარისი დასაბუთების არ არსებობა, და
(iv) მომჩივნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოების უსამართლობა;
2. დაუშვებლად აცხადებს კონვენციის მე-3 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე წარდგენილ საჩივრებს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ორივე მომჩივნის პატიმრობის პირობებთან და 2004 წლის 10 ნოემბერს სასამართლოს მიერ პატიმრობის გადასინჯვის სამართლიანობასთან დაკავშირებით;
3. ადგენს, რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-3 მუხლის როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური ნაწილის დარღვევას 2004 წლის 13 მაისს პოლიციის მხრიდან წამების საფუძველზე;
4. ადგენს, რომ ადგილი ქონდა კონვენციის 5.1 მუხლის დარღვევას 2005 წლის 13 იანვრიდან 2005 წლის 7 ივნისამდე პერიოდში მომჩივნების წინასწარი პატიმრობის უკანონობასთან მიმართებით;
5. ადგენს, რომ კონვენციის 5.4 მუხლი დაირღვა 2004 წლის 10 ნოემბერს და 2005 წლის 7 ივნისს მიღებული დაკავების ბრძანებების საკმარისი დასაბუთების არ არსებობის საფუძველზე;
6. ადგენს, რომ ადგილი ქონდა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევას მომჩივნების მიმართ სისხლის სამართლის საქმისწარმოების უსამართლობის საფუძველზე;
7. ადგენს, რომ არ არის აუცილებელი ორივე მომჩივნის მიერ წარდგენილი საჩივრების მისაღებობისა და არსებითად განხილვა 6.3.c მუხლთან მიმართებით, 6.1 მუხლთან ერთობლიობაში, ასევე პირველი მომჩივნის საჩივრისა - კონვენციის მე-13 მუხლთან მიმართებით;
8. ადგენს
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში მომჩივნებს კონვენციის 44.2 მუხლის საფუძველზე უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხა მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის მომენტისთვის არსებული კურსით:
(i) 28 000 (ოცდარვა ათასი) ევრო და 16 000 (თექვსმეტი ათასი) პირველ და მეორე მომჩივნებს შესაბამისად, არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რაც აღნიშნულ თანხას შეიძლება დაერიცხოს;
(ii) 4 800 (ოთხი ათას რვაასი) ევრო მომჩივნებს ერთობლივად, ხარჯებისა და დანახარჯების სანაცვლოდ, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რაც ამ თანხას შეიძლება დაერიცხოს;
(b) რომ ზემოთ აღნიშნული სამ თვიანი ვადის ამოწურვიდან ანგარიშსწორებამდე, მითითებულ თანხას უნდა დაერიცხოს მარტივი საურავი, რომლის ოდენობა განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
9. არ აკმაყოფილებს მომჩივნების დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით გავრცელდა 2017 წლის 1 ივნისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
მილან ბლასკოანგელიკა ნიუბერგერი
მდივნის მოადგილეთავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy