© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე მოკანუ და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ
(საჩივრებიNo.10865/09, 45886/07 და32431/08)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
17 სექტემბერი 2014
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას.
წინამდებარე საქმეში მოკანუ და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი პრეზიდენტი,
გიდო რაიმონდი,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
პირ ლორენსენი,
მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
ლედი ბიანკუ,
ნონა წოწორია,
ან ფაუერ-ფორდი,
იშილ კარაკაში,
ნებოიშა ვუჩინიჩი,
პაულო პინტო დე ალბუკერკე,
პოლ ლემენსი,
ალეშ პეშალი,
იოანეს სილვისი,
კრისტოფ ვოიჩეკი, მოსამართლეები,
ფლორენ სტრეტენუ, ad hoc მოსამართლე,
და იოჰან ქალევერთი, დიდი პალატის გამწესრიგებლის მოადგილე,
ითათბირა რა დახურულ კარს მიღმა 2013 წლის 2 ოქტომბერს და 2014 წლის 25 ივნისს,
მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება ზემორე მითითებულ დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო სამი საჩივარი რუმინეთის წინააღმდეგ, რომელიც წარმოდგენილია რუმინეთის სამი მოქალაქის- ქ-ნი ანკა მოკანუ (N.10865/09), ბ-ნი მარინ სტოიკას (N.32431/08) და ბ-ნი თეოდორ მარიეშისა და მათთან ერთად ასოციაცია „1989 წლის 21 დეკემბრის“ მიერ (იურიდიული პირი, რეგისტრირებული რუმინეთის კანონმდებლობის შესაბამისად სათაო ოფისით ბუქარესტში -N.45886/09) („მომჩივნები“) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად 2009 წლის 28 იანვარს, 2008 წლის 25 ივნისს და 2007 წლის 13 ივლისს.
2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ქ-ნ ანკა მოკანუს, ბ-ნ თეოდორ მარიეშს და მომჩივან ასოციაციას წარმოადგენდნენ ბ-ნი ა. პოპესკუ, ქ-ნი ი. სფირაილა და ბ-ნი ი. მატეი, ბუქარესტში მოღვაწე იურისტები. ქ-ნმა ანკა მოკანუმ ისარგებლა იურიდიული დახმარებით. ბ-ნ მარინ სტოიკას, რომელმაც ასევე ისარგებლა იურიდიული დახმარებით, 2009 წლის 8 დეკემბრამდე წარმოადგენდა ქ-ნი დ.ო. ჰატნენუ, ბუქარესტში მოქმედი ადვოკატი. რუმინეთის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდნენ აგენტები, თავდაპირველად ბ-ნი რ.ჰ. რადუ, შემდეგ ქ-ნი კამბრეა და ბოლოს, ქ-ნი ს. ბრუმანი საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
3. საჩივრებში მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ წარმოადგენდნენ 1990 წელს, ბუქარესტში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის მსხვერპლს და აცხადებდნენ, რომ მოცემული მოვლენები ეფექტიანად არ გამოძიებულა. მოიხმო რა იგივე ფაქტები, მომჩივანმა ასოციაციამ იჩივლა იმ სისხლის სამართლის საქმის ხანგრძლივობაზე, რომელშიც იგი ჩაერთო სამოქალაქო მხარედ.
4. საჩივრები გადაეცა სასამართლოს მესამე სექციას (სასამართლოს რეგლამენტი მუხლი 52 § 1). 2009 წლის 3 თებერვალს პალატამ გადაწყვიტა გაეერთიანებინა N. 45886/07 და 32431/08 საჩვრები და მოეხდინა მათი კომუნიცირება მთავრობსიათვის. 2011 წლის 15 მარტს სასამართლომ მთავრობას შეატყობინა N.10865/09 საჩივრის შესახებაც.
5. რუმინეთიდან არჩეულმა იმ დროს მოქმედმა მოსამართლემ, კორნელიუ ბირსანმა, საკუთარი კანდიდატურა გამოიხმო და მთავრობამ მის მაგივრად ad hoc მოსამართლედ დანიშნა ბ-ნი ფლორინ სტრეტენუ (კონვენციის მუხლი 26 §4 და სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 29§ 1).
6. 2012 წლის 13 ნოემბერს მესამე სექციის პალატამ, შემდეგი შემადგენლობით: მოსამართლეები ჯოზეფ კასადევალი, ეხბერტ მეიერი, ალვინა გიულუმიანი, იან შიკუტა, ინეტა სიმელე, ლუის ლოპეს გერა და ფლორინ სტრეტენუ ad hoc მოსამართლე და სანტიაგო კესადა, სექციის განმწესრიგებელი, გადაწყვიტა გაეერთიანებინა სამი საჩივარი და მისაღებად მიიჩნია ქ-ნი ანკა მოკანუს მიერ კონვენციის მე-2 მუხლით წარმოდგენილი საჩივარი, ბ-ნი მარინ სტოიკას მიერ კონვენციის მე-3 მუხლით წარმოდგენილი საჩივარი და მომჩივანი ასოციაციის მიერ კონვენცის 6§ 1 მუხლით წარმოდგენილი საჩივარი, დანარჩენი კი დაუშვებლად სცნო. საჩივარი N.45886/07 დაუშვებლად იქნა ცნობილი ბ-ნ ტეოდორ მარიეშთან მიმართებაში. პალატამ ერთხმად დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევას ქ-ნი ანკა მოკანუს მისამართით, კონვენციის 6 § 1 მუხლის დარღვევას მომჩივანი ასოციაციის მიმართ და დაადგინა, რომ არ არსებობდა საჭიროება ცალკე განხილულიყო კონვენციის 34-ე მუხლით წარმოდგენილი საჩივარი. სასამართომ ასევე დაასკვნა ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია მე-3 მუხლის პროცედურულ დარღვევას ბ-ნ მარინ სტოიკას მიმართ.
7. 2013 წლის 12 თებერვალს ბ-ნმა მარინ სტოიკამ მოითხოვა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა კონვენციის 43-ე მუხლისა და სასამართლო რეგლამენტის 73-ე მუხლის შესაბამისად. 2013 წლის 29 აპრილს დიდმა პალატამ დააკმაყოფილა მოთხოვნა.
8. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26 §§4 და 5 და რეგლამენტის 24-ე მუხლების თანახმად.
9. ბ-ნმა მარინ სტოიკამ, მომჩივანმა ასოციაციამ და მთავრობამ წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებანი (რეგლამენტის მუხლი 59 § 1). ამასთანავე, მესამე მხარის მოსაზრებანი მიღებულ იქნა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციია „რედრესი“-საგან, რომელსაც სასამართლოს პრეზიდენტმა დართო უფლება ჩართულიყო წერილობით პროცედურაში (კონვენციის მუხლი 36 § 2 და რეგლამენტის მუხლი 44 § 3).
10. მოსმენა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2013 წლის 2 ოქტომბერს (რეგლამენტის მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ქ-ნი კ. ბრუმარი,წარმომადგენელი
ქ-ნი გ. მუტენუ,მრჩეველი;
(ბ) მომჩივნების სახელით
ქ-ნი დ.ო. ჰატნეუ, იურისტი
ბ-ნი ა. პოპესკი, იურისტი
ქ-ნი ი. სფირაილა, იურისტიმრჩევლები
ბ-ნი ტ. მარიეშიმომჩივანი ასოციაციის პრეზიდენტი
ბ-ნი მ. სტოიკამომჩივანი
სასამართლომ მოისმინა თავდაპირველად ქ-ნი ჰატნენუსა და ქ-ნი სფირაილას, შემდეგ კი ქ-ნი ბრუმარისა და ქ-ნი მუტენუს, ბოლოს კი ბ-ნი პოპესკისა და ბ-ნი მარიეშის გამოსვლები, ისევე როგორც მათი პასუხები მოსამართლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე.
ფაქტები საქმის გარემოებანი
11. ქ-ნი ანკა მოკანუ და ბ-ნი მარინ სტოიკა დაიბადნენ 1970 და 1948 წლებში. ისინი ბუქარესტში ცხოვრობენ.
12. ასოციაცია „1989 წლის 21 დეკემბერი“ (Asociaţia “21 Decembrie 1989”) დაფუძნდა 1990 წლის 9 თებერვალს და ბაზირებულია ბუქარესტში.
13. მომჩივანი ასოციაცია აერთიანებს იმ ინდივიდებს, რომლებიც დაზარალდნენ 1989 წლის დეკემბერში რუმინეთში ანტი-ტოტალიტარული დემონსტრაციების ძალისმიერი მეთოდებით ჩახშობისას, ასევე ამ მოვლენების დროს გარდცვლილთა ნათესავებს. სწორედ ეს ასოციაცია გახლდთ ერთ-ერთი, რომელიც მხარს უჭერდა ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებს ბუქარესტში 1990 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, სადაც დემონსტრანტები inter alia ითხოვდნენ 1989 წლის დეკემბერში ჩადენილ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას.
ა. 1990 წლის 13-15 ივნისის მოვლენები ძირითად მოვლენათა მიმოხილვა
14. 1990 წლის 13-15 ივნისს ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების დაშლის ძირითადი ფაქტები აღწერილია მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოს პროკურატურის ოფისის მიერ 1998 წლის 16 სექტემბრისა (იხ. პარა 99-110 ქვემოთ) და 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებებში (იხ. პარა 152-163 ქვემოთ), ასევე იმავე პროკურატურის მიერ 2000 წლის 18 მაისსა და 2007 წლის 27 ივნისს სასამართლოს წინაშე წარდგომის შესახებ გადაწყვეტილებებში.
15. 1990 წლის 13 ივნისს უშიშროების ძალების ინტერვენცია უნივერსიტეტის მოედანსა და დედაქალაქის სხვა ადგილებში განლაგებული დემონსტრანტების წინააღმდეგ დასრულდა რამდენიმე სამოქალაქო პირის, მათ შორის ქ-ნი ანკა მოკანუს მეუღლის, ბ-ნ ველიკუ-ვალენტინ მოკანუს, გარდაცვალებით, რომელიც მოკლულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი შენობიდან ნასროლი ტყვიით.
16. 1990 წლის 13 ივნისის საღამოს ბ-ნი მარინ სტოიკა და სხვა პირები, რომელთაგან ნაწილი მონაწილეობდა დემონსტრაციებში, უნიფორმიანმა პოლიციის ოფიცრებმა და სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულმა მამაკაცებმა დააკავეს და დაუქვემდებარეს არაჯეროვან მოპყრობას სახელმწიფო ტელევიზიის მთავარი ოფისის ტერიტორიის მიმდებარედ და მოცემული შენობის სარდაფში.
17. 1990 წლის 14 ივნისს ათასობით მაღაროელი ჩამოიყვანეს ბუქარესტში, უპირატესად მაღაროს რეგიონის ჯიუს დაბიდან (Valea Jiului), რათა ამ უკანასკნელთ მონაწილეობა მიეღოთ დემონსტრანტების დაშლაში.
18. 1990 წლის 14 ივნისის დილას 6.30 საათზე რუმინეთის პრეზიდენტმა მიმართა მაღაროელებს, რომლებიც ამ დროს უკვე იმყოფებოდნენ მთავრობის შენობის მოედანზე, მოუწოდა მათ წასულიყვნენ უნივერსიტეტის მოედანზე, დაეკავებინათ იგი და დაეცვათ დემონსტრანტებისაგან; ისინი ასეც მოიქცნენ.
19. 1990 წლის 13-14 ივნისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალდა ათასზე მეტი ადამიანი, რომელთა სახელებიც თან ერთვის კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს პროკურატურის სამხედრო ნაწილის მიერ 2008 წლის 28 აპრილს გამოტანილ გადაწყვეტილებას.
20. რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და სხვა ინსტიტუტების სათაო ოფისებს, მათ შორის მომჩივან ასოციაციასაც, თავს დაესხნენ და გაძარცვეს. მოგვიანებით, ასოციაცია სისხლის სამართლის წარმოებაში ჩაერთო სამოქალაქო მხარედ.
21. ცეცხლსასროლი იარაღით ბ-ნი ველიკუ-ვალენტინ მოკანუს უკანონო მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ იხილება. ბ-ნი მარინ სტოიკას მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ გამოძიება დაიწყო 1990 წლის 13 ივნისს და 2009 წლის 17 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არ დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საკასაციო და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს მიერ 2011 წლის 9 მარტს.
22. საკასაციო და მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოში პროკურატურის ოფისის 1998 წლის 16 სექტემბრისა და 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებაში მოცემული ფაქტები, ისევე როგორც 2000 წლის 18 მაისსა და 2007 წლის 27 ივნისის სასამართლო წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებებში მოცემული აღწერა შესაძლოა შემდეგგვარად შეჯამდეს. 1990 წლის დასაწყისში მიმდინარე დემონსტრაციები
23. 1989 წლის 21 დეკემბერს რეჟიმის მიერ შეიარაღებული დარბევების შედეგად გარდაცვლილი და დაზარალებული მრავალი ადამიანის მსხვერპლის გათვალისწინებით, ბუქარესტში უნივერსიტეტის მოედანი ნიკოლაუ ჩაუშესკუს ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლის სიმბოლურ ადგილად ითვლება. შესაბამისად, სწორედ ამ მოედანზე პროტესტისათვის მოუხმობდნენ სხვადასხვა ასოციაციები - მათ შორის მომჩივანი ასოციაციაც - წევრებს 1990 წლის დასაწყისში .
24. შესაბამისად, ჩაუშესკუს რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩამოყალიბებული დროებითი მთავრობის წინააღმდეგ პირველი დემონსტრაციებიც სწორედ უნივერსიტეტის მოედანზე ჩატარდა 1990 წლის 12 და 24 იანვარს, რაც მითითებულია კიდეც კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს პროკურატურის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში 2009 წლის 17 ივნისს. მოცემული გადაწყვეტილება ამასთანავე მიუთითებს, რომ დემონსტრაციის საწინააღმდეგო მოძრაობა შეიქმნა ეროვნული გადარჩენის ფრონტის (Frontul Salvării Naţionale – „ეგფ“) მიერ 1990 წლის 29 იანვარს. სწორედ ამ უკანასკნელის ფარგლებში მაღაროების ჯიუ და მარამურეში, ისევე როგორც სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მაღაროელები ჩამოვიდნენ ბუქარესტში. ეროვნული ლიბერალური პარტიის სათაო ოფისები სწორედ ამ დროს გაპარტახდა.
25. 1990 წლის 25 თებერვლიდან, დემონსტრაციები ტარდებოდა ყოველ კვირა დღეს. 2007 წლის 28 ივლისის სამართალწარმოების დაწყების გადაწყვეტილების მიხევით, დემონსტრაციები მიზნად ისახავდნენ ხელისუფლებაში მყოფთა არა-დემოკრატიული მიდგომის გაპროტესტებას, სდებდნენ რა მათ ბრალს „რევოლუციის იდეალების გაყიდვაში“ და სურდათ საზოგადოებისათვის შეეტყობინებინათ ახალი დიქტატორული რეჟიმის საფრთხის შესახებ.
26. შემდეგ დაიწყო საარჩევნო კამპანიები საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, რომელიც დაგეგმილი იყო 1990 წლის 20 მაისს.
27. სწორედ ამ კონტექსტში, 1990 წლის 22 აპრილს დაიწყო „დემონსტრაციების მარათონი“ (manifestaţii maraton) უნივერსიტეტის მოედანზე, „სტუდენტთა ლიგისა“ და სხვა ასოციაციების, მათ შორის მომჩივანი ასოციაციის ინიციატივით. დემონსტრაციები გაგრძელდა ორმოცდათორმეტი დღე, რომლის განმავლობაშიც უნივერსიტეტის მოედანი დემონსტრანტებს ჰქონდათ დაკავებული. 1998 წლის 16 სექტემბრისა და 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებები მიუთითებენ, რომ დემონსტრანტები, რომლებიც დიდი ოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი, არ მიმართავდნენ ძალადობას და ძირითადად მოითხოვდნენ იმ პირების ამორიცხვას პოლიტიკური ცხოვრებიდან, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ ტოტალიტარული რეჟიმის დროს. ისინი ამასთანავე ითხოვდნენ სატელევიზიო სადგურის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
28. დემონსტრანტები დამატებით ითხოვდნენ 1989 წლის დეკემბერში შეიარაღებულ დარბევაზე პასუხისმგებელი პირების ვინაობის დადგეას და ქვეყნის ლიდერების (განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის) გადადგომას, მიიჩნევდნენ რა, რომ ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ 1989 წლის დეკემბერში ანტი-კომუნისტური დემონსტრაციების რეპრესიებში.
29. 1990 წლის 22 აპრილს პოლიციამ დააკავა თოთხმეტი დემონსტრანტი იმის გამო, რომ დემონსტრაცია არ იყო ნებადართული. საზოგადოების რეაქციის გამო, რომელიც უნივერსიტეტის მოედანზე დემონსტრანტების რაოდენობის ზრდაში გამოიხატა, პოლიციამ თოთხმეტივე დაკავებული დემონსტრანტი გაათავისუფლა. ხელისუფლებას ძალა აღარ გამოუყენებია შემდგომი დღეების განმავლობაში, თუმცა, ბუქარესტის საკრებულომ შეკრების ნებართვა მაინც არ გასცა.
30. მოლაპარაკებები დემონსტრანტებსა და დროებით მთავრობას შორის ჩიხში შევიდა.
31. 1990 წლის 20 მაისს ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები მოიგო „ეგფ“-მ და მისმა ლიდერმა, რომელიც პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს.
32. არჩევნების შემდეგ, პროტესტები გაგრძელდა უნივერსიტეტის მოედანზე, თუმცა თავდაპირველზე მცირე რაოდენობით. დაახლოებით 226 პროტესტანტისაგან, 118-მა შიმშილობა დაიწყო. 1990 წლის 11 ივნისს აღმასრულებლების შეხვედრა
33. 1990 წლის 11 ივნისის საღამოს რუმინეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა და მისმა პრემიერ მინისტრმა მოიწვიეს მთავრობის შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე, თავდაცვის მინისტრი, რუმინეთის დაზვერვის სამსახურის (Serviciul Român de Informaţii, “დაზვერვა”)დირექტორი, მმართველი პარტიის („ეგფ“) პრეზიდენტის პირველი მოადგილე და რუმინეთის გენერალური პროკურორი. მოცემული ფაქტი დადგენილია პროკურატურის 1998 წლის 16 სექტემბრისა და 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებებში.
34. ხსენებულ შეხვედრაზე გადაწყდა უნივერსიტეტის მოედანის გასაწმენდად ზომების მიღება 1990 წლის 13 ივნისს. ამასთანავე, შემოთავაზებულ იქნა, სახელმწიფო ორგანოებს, კერძოდ კი პოლიციასა და არმიას, დახმარებოდა დაახლოებით 5,000 მობილიზებული სამოქალაქო პირი. მოცემული ზომების განხორციელება დაევალა „ეგფ“ პრეზიენტის პირველ მოადგილეს. პარტიის მმართველი კომიტეტის ორი წევრი არ დაეთანხმა განსაზღვრულ ზომებს, მაგრამ უშედეგოდ. 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების მიხედვით, სამოქმედო გეგმა შედგა გენერალ კ.-ს, ხოლო დამოწმებულ იქნა პრემიერ- მინისტრის მიერ.
35. იმავე საღამოს გენერალრმა პროკურატურამ (Procuratura Generală) სახელმწიფო ტელევიზიით გააკეთა განცხადება, სადაც მთავრობას მოუწოდებდა მიეღო ზომები, რათა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ისევ შეძლებოდათ უნივერსიტეტის მოედანზე გადაადგილება.
36. იმავე საღამოს ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდა შინაგან საქმეთა მინისტრი, დაზვერვის ხელმძღვანელმა და პოლიციის უფროსმა, გენერალმა დ.კ.-მ დასახა უნივერსიტეტის მოედნის პოლიციელების მიერ ევაკუირების გეგმა, გეგმის მიხედვით მოქმედება უნდა დაწყებულიყო „1990 წლის 13 ივნისს, გამთენიის 4 საათზე მოედნის კორდონირებით, დემონსტრანტების დაკავებითა და საჯარო წესრიგის აღდგენით“. 1990 წლის 13 ივნისს განვითარებული მოვლენები
37. 1990 წლის 13 ივნისს, დილის დაახლოებით 4.30 საათზე, პოლიციისა და ჟანდარმერიის წევრებმა სასტიკად დაშალეს დემონსტრანტები უნივერსიტეტის მოედანზე. დაკავებული დემონსტრანტები წაიყვანეს და ჩასვეს ბუქარესტის მუნიციპალური პოლიციის სადგურში. 263 დაკავებულ პირს (ან 262, 2000 წლის 18 მაისის სამართალწარმოების შესახებ გადაწყვეტილების მიხედვით) შორის იყვნენ სტუდენტები არქიტექტურის ინსტიტუტიდან, რომლებიც იმყოფებოდნენ მათი დაწესებულების შენობაში, უნივერსიტეტის მოედანზე და რომლებიც არ მონაწილეობდნენ დემონსტრაციებში. 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ დაკავებული 263 პირი, პოლიციის საკნებიდან გადაიყვანეს მაგურელეს ბარაკებში.
38. პოლიციის ოპერაციამ მრავალი ადამიანის პროტესტი გამოიწვია. ეს უკანასკნელები ითხოვდნენ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას. 1998 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, ამ პირებმა ძალადობრივი თავდასხმა განახორციელეს უშიშროების ძალებზე, ისროდნენ რა ასაფეთქებელ ნივთებსა და უკიდებდნენ ცეცხლს მანქანებს. 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების მიხედვით, მოცემული ქმედებანი წარმოადგენდა რამდენიმე აგრესიული ინდივიდის ქცევას, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრანტებს შორის იყვნენ შერეულნი.
39. დაახლოებით დილის 10 საათზე, ბუქარესტში IMGB ქარხნების მუშები მასიურად წავიდნენ უნივერსიტეტის მოედნისაკენ რათა დახმარებოდნენ პოლიციას დემონსტრანტების დასაკავებლად. 1998 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, ისინი ქაოტურად და ძალადობრივად იქცეოდნენ, ბრმად ურტყამდნენ და არ ანსხვავებდნენ დემონსტრანტებსა და გამვლელებს.
40. 1990 წლის 13 ივნისის შუადღეს დემონსტრაციები გაძლიერდა ტელევიზიის შენობის, უნივერსიტეტის მოედნის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალური პოლიციის სადგურის მიმდებარედ, ანუ ყველა იმ ადგილას, სადაც, დემონსტრანტების მიხედვით, შესაძლოა დაპატიმრებული ყოფილიყვნენ დაკავებულნი.
41. მოცემული ინციდენტების შედეგად, არმია და რამდენიმე შეიარაღებული მანქანა გაიგზავნა შსს მთავარ სამმართველოსთან.
42. შსს ანგარიშის მიხედვით, რომელიც სასამართლოს წინაშე მოიხმო მთავრობამ, დაახლოებით 18.00-სათვის შსს მთავარი სამართველო გარშემორტყმული გახლდათ დაახლოებით 4,000-5,000 დემონსტრანტით; გენერლების ა.გ. და კ.მ. ბრძანების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში განთავსებულმა პოლიციელებმა გაისროლეს შესასვლელის ჭერში, რათა გაეფანტათ დემონსტრანტები.
43. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნასროლმა ტყვიებმა იმსხვერპლა სამი ადამიანის სიცოცხლე.
44. სწორედ ამ მოვლენების დროს, დაახლოებით 18.00-ზე, სამინისტროს კარებიდან რამდენიმე ნაბიჯში მყოფი პირველი მომჩივნის ქმარს მოხვდა ახსლეტილი ტყვია თავის უკანა ნაწილში. მოცემული მოველენები დეტალურად არის აღწერილი 2000 წლის 18 მაისისა და 2007 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებებში, რომლებითაც სასამართლოს წინაშე წარსდგნენ მაშინდელი შსს მინისტრი, გენერალი და სამი პოლკოვნიკი. სასამართლოს წინაშე წარდგომის შესახებ პირველი გადაწყვეტილების მიხედვით, მომჩივნის ქმარი და სხვა მსხვერპლნი, რომლებიც სამსახურიდან ბრუნდებოდნენ, შეუიარაღებელნი იყვნენ და აქამდე არ მიეღოთ მონაწილეობა უნივერსიტეტის მოედანზე მიმდინარე დემონსტრაციებში. მოვლენათა უბრალო მომსწრეები ასხლეტილმა ტყვიებმა იმსხვერპლეს.
45. უშიშროების ძალებმა დაჭრეს და მოკლეს თოთხმეტი პირი ბუქარესტის სხვა რაიონებში. კიდევ ერთი მალევე გარდაიცვალა ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული მიყენებული ჭრილობისაგან.
46. 1990 წლის 13 ივნისს არცერთი სახელმწიფო სამხედრო მოსამსახურე არ დაქვემდებარებულა ძალადობას პოლიციელების მხრიდან, რაც დასრუტრება 2007 წლის 27 ივლისს სასამართლოს წინაშე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებით. მოცემული დოკუმენტის მიხედვით, არმიამ გაისროლა 1.466 ტყვია შსს მთავარი სამართველოს შენობიდან იმ დღეს.
47. ამასთანავე, სხვა პირები, მათ შორის ბ-ნი მარინ სტოიკა, ცემეს და დააპატიმრეს პოლიციელებმა და სამოქალაქო პორებმა სახელმწიფო ტელევიზიის სადგურის შენობაში ქვემოთაღწერილ გარემოებებში.
48. სახელმწიფო ტელევიზიის მთავარ შენობას იმ დროს იცავდა 82 სამხედრო მოსამსახურე, 14 შეიარაღებული მანქანა და შემდგომ გამყარებულ იქნა შეიარაღებული ძალების სხვა ჯგუფების მიერ, რომელთა შორის ყველაზე დიდი შედგებოდა 156 სამხედრო მოსამსახურისაგან (რომელიც მოვიდა 19.00), პარაშუტისტების შენაერთის (19.30), 646 სამხედრო მოსამსახურე (20.00), 118 პარაშუტისტი (23.00) და 360 სამხედრო მსოამსახურე კიდევ 13 შეიარაღებული მანქანით (23.00).
49. დაახლოებით ღამის 1 საათზე დემონსტრანტები გარეკეს ტელევიზიის მთავარი შენობიდან, რასაც მოყვა მასობრივი ინტერვენცია. ბ-ნ მარინ სტოიკასთან დაკავშირებული გარემოებანი
50. 1990 წლის 13 ივნისის დღის მეორე ნახევარში, მაშინ როდესაც ფეხით მიუყვებოდა სახელმწიფო ტელევიზიასთან მიმავალ ქუჩას სამსახურისაკენ, მომჩივანი ველურად დააკავა შეიარაღებული პირების ჯგუფმა და ძალით შეიყვანეს ტელევიზიის შენობაში. პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეების თვალწინ, სამოქალაქოებმა დაარტყეს მას და დააბეს, შემდეგ კი ჩაიყვანეს შენობის სარდაფში. შემდეგ შეიყვანეს ტელევიზიის სტუდიაში, სადაც უკვე იყო რამდენიმე ათეული სხვა პირი. მათ იღებდნენ სახელმწიფო ტელევიზიის სადგურის მაშინდელი დირექტორის თანდასწრებით. ჩანაწერები გავრცელდა 1990 წლის 13-დან 14 ივნისის ღამეს, რომელსაც თან ახლდა კომენტარი, რომლის მიხედვითაც დაკავებულნი იყვნენ უცხო ქვეყნის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც იმუქრებოდნენ ტელევიზიის შენობისა და დანადგარების განადგურებით.
51. იმავე ღამეს მომჩივანი ცემეს, თავში ჩაარტყეს ბლაგვი საგანი და ემუქრებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღით მანამდე, სანამ გონება არ დაკარგა.
52. მან გაიღვიძა დაახლოებით გამთენიის 4.30 საათზე ფლორესკას საავადმყოფოში ბუქარესტში. 2002 წლის 18 ოქტომბერს შედგენილი სასამართლო ექსპერტის სამედიცინო ანგარიშის მიხედვით, სამედიცინო ცნობა, რომელიც გაცემული იყო საავადმყოფოს გადაუდებელი ქირურგიის განყოფილების მიერ, აღნიშნავდა, რომ მომჩივანი მიიყვანეს დილას, დაახლოებით 4.30 საათზე 1990 წლის 14 ივნისს და აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები მუცლისა და ნეკნების მარცხენა მხარეს, ასევე დაბეჟილობა ნეკნების მარცხენა ნაწილში, გამოწვეული თავდასხმისა და კრენოცერებრალური ტრავმით.
53. შეეშინდა რა შემდგომი არასათანადო მოპყრობის, მან ჩუმად დატოვა პოლიციელების მიერ გარშემორტყმული საავადმყოფო დაახლოებით დილის 6.30 საათზე.
54. მომჩივანს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩამოართვეს 1990 წლის 13-14 ივნისის ღამეს. სამი თვის შემდეგ მას დაუბრუნდა დოკუმენტები პოლიციის გენერალური ინსპექციის სისხლის სამართლის გამოძიებების დეპარტამენტის მიერ. მანამდე, იგი შინ იყო მუდმივად, ეშინოდა რა კიდევ არ განმეორებულიყო დაკავება, წამება და პატიმრობა. მაღაროელების ჩასვლა ბუქარესტში
55. 1998 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, მოწმე მ.ი., პროფესიით ინჟინერი, რომელიც იმ დროისათვის წარმოადგენდა ეროვნული რკინიგზის კომპანიის კრაიოვას სააგენტოს დეპარტამენტის უფროსს (Regionala CFR Craiova), აღნიშნავს, რომ 1990 წლის 13 ივნისის ღამეს მოცემული სააგენტოს დირექტორმა ბრძანა მატარებლების გაწერილი განრიგის გაუქმება და ოთხი მატარებლის, ანუ მთლიანობაში 57 ვაგონის, უზრუნველყოფა მაღაროელებისათვის პეტროშანის სადგურზე, მდებარე ჯიუს დაბლობის მაღაროების ცენტრალურ ნაწილში.
56. მ.ი.-მ დასძინა, რომ ბრძანება მას უკანონო ეჩვენა და ეცადა მაღაროელების ბუქარესტში ტრანსპორტირება ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერებით ჩაეშალა. მან მიუთითა, რომ დაუმორჩილებობის გამო, კრაიოვას სააგენტოს დირექტორმა ბრძანა მისი ჩანაცვლება და რკინიგზის ხაზი აღდგენილ იქნა საღამოს 9 საათისათვის. როგორც იკვეთება, მ.ი. შემდგომ გაათავისუფლეს სამსახურიდან და წარადგინეს პროკურატურის წინაშე.
57. კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს პროკურატურის ოფისის 2009 წლის 10 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 1990 წლის 14 ივნისს თერთმეტ მატარებელს - მთლიანობაში 120 ვაგონს - გადაჰყავდა მუშები, განსაკუთრებით მაღაროელები, ქვეყნის სხვადასხვა ინდუსტრიული რეგიონიდან ბუქარესტში. პირველი მატარებელი ბუქარესტში ჩავიდა გამთენიის 3.45 საათზე, ბოლო კი საღამოს 19.08.
58. 1998 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ მაღაროელებს უთხრეს, რომ უნდა დახმარებოდნენ პოლიციას ბუქარესტში წესრიგის აღდგენაში და რომ შეიარაღდნენ ხელკეტებით, ჯაჭვებით, ჯოხებითა და მეტალის კაბელებით.
59. 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით მაღაროელების მობილიზება მათმა პროფესიულმა კავშირებმა უზრუნველყვეს. როდესაც დაკითხეს მოწმის სტატუსით, მაღაროელთა კავშირის ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელიც 1998 წელს ლუპენის მერი გახდა, აღნიშნა, რომ მაღაროელებით დატვირთული ხუთი მატარებელი ბუქარესტში შევიდა დაახლოებით ღამის 1 საათზე 1990 წლის 14 ივნისს, რომ მაღაროელებს დახვდა მაღაროების სამინისტროს მინისტრის მოადგილე და იმავე სამინისტროს გენერალური დირექტორი, და რომ ეს ორი მაღალჩინოსანი მათ გაუძღვა უნივერსიტეტის მოედნისაკენ. 1990 წლის 14 ივნისის მოვლენების თანმიმდევრობა
60. 1990 წლის 14 ივნისის დილას, მაღაროელთა ჯგუფები პირველად ჩამოვიდნენ გამარჯვების მოედანზე (Piaţa Victoriei), მთავრობის სახლთან.
61. დაახლოებით გამთენიის 6.30 საათზე სახელმწიფოს მეთაურმა მიმართა მაღაროელებს, რომლებიც შეკრებილები იყვნენ მთავრობის შენობასთან და სთხოვა თანამშრომლობა უშიშროების ძალებთან, რათა ერთად აღედინათ წესრიგი უნივერსიტეტის მოედანზე და სხვა ადგილებში, სადაც ადგილი ჰქონდა ინციდენტებს. გამოსვლაში, რომელიც სრულად არის გადმოტანილი 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებაში, მან მოუწოდა წასვლა უნივერსიტეტის მოედნისაკენ და მისი დაკავება, აცნობა რა, რომ მათ იქ დახვდებოდათ „აშკარად ფაშისტური მისწრაფებების მქონენი, რომლებიც ჩადიოდნენ ვანდალიზმს“ უჩენდნენ რა ცეცხლს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავრ სამმართველოსა და პოლიციას და „ალყაში ყავდათ მოქცეული ტელევიზიის შენობა“.
62. მალევე, მაღაროელებს წინ გაუძღვათ „დაუდგენელი პირები“ ხელისუფლების მიერ მოწინააღმდეგედ მიჩნეული ოპოზიციური პარტიებისა და ასოციაციების მთავარი შენობებისაკენ.
63. მაღაროელებს გვერდით ედგათ შსს ჯარები, რის შედეგადაც იქმნებოდა „შერეული ჯგუფი“, რომლებიც ეძებდნენ დემონსტრანტებს. 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ „ადგილი ჰქონდა უკიდურესი სისასტიკის აქტებს, როდესაც ძალადობა გამოიყენებოდა განურჩევლად დემონსტრანტებისა და ბუქარესტის მაცხოვრებლების მიმართ, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელნი არანაირად არ იყვნენ დაკავშირებულნი დემონსტრაციებთან“. 2009 წლის 10 მარტის გააწყვეტილება მიუთითებს, რომ მაღაროელები ასევე დაესხნენ თავს ბოშათა სახლებს. ხსენებული გადაწყვეტილების თანახმად, მაღაროელებს ჰქონდათ „არჩევის კრიტერიუმები“ იმ პირთა საიდენტიფიკაციოდ, ვინც, მათი აზრით, მონწილეობდნენ უნივერსიტეტის მოედანზე მიმდინარე დემონსტრაციებში და თავს ესხმოდნენ „როგორც წესი, ბოშებს, სტუდენტებს, ინტელექტუალებს, ჟურნალისტებს და ნებისმიერ სხვა პირებს, რომელბიც არ აღიარებდნენ მათ კანონიერებას“.
64. მაღაროელებისა და მათი თანხმლები პირების მიერ შექმნილმა დაჯგუფებებმა გაძარცვეს „ეროვნულ ფერმერთა“ პარტიისა (Partidul Naţional Ţărănesc Creştin şi Democrat) და „ეროვნული ლიბერალური“ პარტიის სათაო ოფისი, ასევე სხვა იურიდიული პირების სათაო ოფისები, მათ შორის „ყოფილი პოლიტპატიმრების ასოციაცია“ (Asociaţia Foştilor Deţinuţi Politici), „ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგა“ (Liga pentru Apărarea Drepturilor Omului) და ასოციაცია „1989 წლის 21 დეკემბერი“ (მომჩივანი ასოციაცია).
65. 1998 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, იმ დროს ხსენებულ პოლიტიკურ პარტიათა და ასოციაციათა ოფისებში მყოფი არცერთი პირი არ დაუნდვიათ მაღაროელებს. მათ ყველას თავს ესხმოდნენ და ართმევდნენ ნივთებს. მრავალი მათგანი დაიჭირეს და გადასცეს პოლიციას - რომლებიც იქ აღმოჩნდნენ „თითქოს შემთხვევით“ - და დააკავეს სრულიად უკანონოდ.
66. მაღაროელთა სხვა ჯგუფები წავიდნენ უნივერსიტეტის მოედანზე. მისვლითანავე, ისინი შეიჭრნენ უნივერსიტეტის შენობებში და არქიტექტურის ინსტიტუტში, რომელიც ამავე მოედანზე მდებარეობდა. ისინი თავს დაესხნენ მასწავლებლებსა და სტუდენტებს, რომლებიც დახვდნენ შენობაში და მათ მიმართ იხმარეს ძალა და დამამცირებელი მოპყრობა. მაღაროელებმა დააკავეს შენობაში მყოფი ყველა პირი და გადასცეს პოლიციასა და ჟანდარმერიას. დაკავებული პირები სამართალდამცავებმა წაიყვანეს პოლიციის სადგურებში ან ბანესას და მაგურელეს სამხედრო ბარაკებში.
67. მაღაროელები შემდეგ გადავიდნენ უნივერსიტეტის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე და იქ განაგრძეს საქმიანობა.
68. 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების მიხედვით, 1,021 პირი - მათ შორის 63 არასრულწლოვანი - იქნა დაკავებული ამ პირობებში. 182 მათგანს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, 88 დაეკისრა ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო 706 კი გათავისუფლდა „შემოწმების“ შემდეგ.
69. 1998 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ „მაღაროელებმა შეწყვიტეს სამართალდამცველი საქმიანობანი 1990 წლის 15 ივნისს, მას შემდეგ რაც რუმინეთის პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა საჯაროდ იმ სამუშაოსათვის, რაც მათ დედაქალაქში გასწიეს და მოუწოდა შინ დაბრუნებულიყვნენ“.
70. გადაწყვეტილება ასევე აღნიშნავს, რომ რამდენიმე პირი, რომელიც ცემეს და დაიჭირეს, უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ რამდენიმე დღე, და მათგან რამდენიმე გათავისუფლდა 1990 წლის 19 და 20 ივნისს.
71. პოლიციაში დაკავებულ სხვა პირებს შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა პროკურორის გადაწყვეტილების საფუძველზე, მშვიდობის დარღვევისათვის; მათ შორის გახლდათ მომჩივანი ასოციაციის ამჟამინდელი პრეზიდენტიც, რომელიც შემდგომ გაათავისუფლეს და მოუხსნეს ბრალდებები.
72. 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების მიხედვით, მაღაროელები მოქმედებდნენ უშიშროების ძალებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ემორჩილებოდნენ სხელმწიფოს ლიდერების ინსტრუქციებს. გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
„1990 წლის 14 და 15 ივნისს მაღაროელებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ სამოქალაქო პირთა დაჯგუფებებს სახელმწიფო ლიდერების სახელითა და მათ მიერვე მინიჭებული უფლებამოსილებით (în numele şi cu acordul conducerii de stat) ჩაიდინეს ქმედებები, რომლებშიც მათ სრულად ეხმარებოდნენ(deplină cooperare) სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოები და რომელმაც გამოიწვია შესამოწმებლად დაკავებულ პირთა არამარტო ფიზიკური ზიანი, არამედ მნიშვნელოვნად დააზიანა ბუქარესტის უნივერსიტეტისა და არქიტექტურის ინსტიტუტის შენობები, რამდენიმე პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო ასოციაცია, ისევე როგორც რამდენიმე ე.წ. ისტორიული პარტიის წევრის სახლიც ...
სამხედრო პროკურატურის მიერ განხორციელებული გამოძიებების შედეგად ვერ დადგინდა თუ ვინ იყვნენ სამოქალაქოდ ჩაცმული ის პირები, რომლებიც შეერივნენ მაღაროელთა ჯგუფებს; დაკითხული დაზარალებულები ასხვავებდნენ მაღაროელებს სხვა თავდამსხმელებისაგან, ასახელებდნენ რა მაღაროელებს „ჭუჭყიან მაღაროელებად“, ხოლო ამ უკანასკნელთ კი „სუფთა მაღაროელებად“. მომჩივან ასოციაციასთან დაკავშირებული გარემოებანი
73. 1990 წლის 13 ივნისს მომჩივანმა ასოციაციამ საჯაროდ დაგმო იმ დღეს განხორციელებლი ძალადობრივი ინტერვენციები.
74. დაახლოებით 23.00 ასოციაციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, ღამე ოფისში გაეთიათ. ამიტომ შვიდი მათგანი ღამეს ოფისში დარჩა.
75. 1990 წლის 14 ივნისს, დილის 7 საათზე მაღაროელთა დაჯფუგება ძალის გამოყენებით შევიდა მომჩივანი ასოციაციის შენობაში, ჩაამტვრიეს რა ფანჯარა. თავდაპირველად ისინი ძალას არ იყენებდნენ და საკმაოდ თავშეკავებულნი გახლდნენ. თუმცა მალევე, გამოიკვეთა დაუდგენელი სამოქალაქო პირი, რომელიც არ იყო მაღაროელი და ასოციაციის წევრებს დაუწყო დარტყმა. მაღაროელებმაც მიჰბაძეს და სასტიკად გაუსწორდნენ ასოციაციის შვიდ წევრს, რომლებიც შემდგომ დააკავეს უშიშროების ძალებმა.
76. იმ დღეს ასოციაციის საკუთრება და დოკუმენტები, ყოველგვარი სამართლებრივი ფორმალობების გარეშე, ჩამოართვეს ასოციაციას თავდაცვის სამინისტროს ჯარების ზედამხედველობის ქვეშ.
77. 1990 წლის 22 ივნისს ასოციაციის ლიდერები დაბრუნდნენ ასოციაციის შენობაში, მათ თან პოლიცია ახლდათ. 1990 წლის 13-15 ივნისის შემდგომი მოვლენების განვითარება
78. პროკურატურის ზემოთციტირებული გადაწყვეტილებანი მიუთითებს, რომ ნაცვლად დაუყოვნებლივ შინ დაბრუნებისა, 958 მაღაროელი დარჩა ბუქარესტში „მზადყოფნაში გაეხორციელებინათ ჩარევა, თუკი ამის საჭიროება წარმოიშვებოდა“, განსაკუთრებით, რათა ხელი შეეშალათ ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისათვის. 1990 წლის 16-19 ივნისს მოცემული მაღაროელები ცხოვრობდნენ ბუქარესტის სამხედრო ბარაკებში, სადაც მათ სამხედრო უნიფორმაც მიიღეს.
79. 1998 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა თუ ვინ გასცა ბრძანება დაებინავებინათ და აღეჭურვათ მაღაროელები, თუმცა აღნიშნავს, რომ „ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო, მინიმუმ, თავდაცვის სამინისტროს დონეზე“.
80. 1990 წლის 15 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული პრესრელიზის მიხედვით, რომელიც მოხმობილ იქნა 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებაში, 1990 წლის 13 ივნისის დილის 6 საათიდან 15 ივნისამდე პერიოდში, ძალისმიერი ინციდენტების შედეგად სავადმყოფოში მიყვანილ იქნა 476 პირი, 112 დარჩა საავადმყოფოში, ხოლო 5 მათგანი კი გარდაიცვალა.
81. 2009 წლის 17 ივნისის იგივე გადაწყვეტილების მიხედვით, პოლიციის ოფიცრებმა, მაღაროელებმა და, მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მაღაროელების ზედამხედველობაზე, გამოიყენეს გადამეტებული ძალა 574 დემონსტრანტისა და სხვა პირების მიმართ - მათ შორის ბავშვები, ხანშიშესულნი და უსინათლონი - რომლებიც დააკავეს და დააპატიმრეს მაგურელეს სამხედრო ბარაკებში. გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ მოცემულ შენობებში დაპატიმრებული პირები დაექვემდებარნენ ძალადობას და „ფსიქოლოგიკურ, ფიზიკურ და სექსუალურ“ თავდასმებს, და რომ მათ მიიღეს დაგვიანებული და არაადექვატური სამედიცინო დახმარება.
ბ. გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე
82. 1990 წლის ივნისის ძალადობრივი მოვლენების საფუძველზე, რომლის დროსაც მოკლეს მომჩივნის - ანკა მოკანუს - ქმარი და სავარაუდო არასათანადო მოპყრობას დაუქვემდებარეს ბ-ნი მარინ სტოიკა, და რომლის შედეგადაც გაიძარცვა მომჩივანი ასოციაციის მთავარი ოფისი, დაიწყო გამოძიება. თავდაპირველად იგი იყო დაყოფილი რამდენიმე ათასი საქმის ფაილად.
83. 2009 წლის 29 მაისს საკასაციო და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს პროკურატურამ წერილი გაუგზავნა მთავრობის წარმოამდგენელს, რომელშიც მოცემული ფაქტები შეჯამებული იყო შემდეგგვარად:
1990 წლიდან 1997 წლამდე პერიოდში ბუქარესტის საოლქო სასამართლოს პროკურატურაში და საოლქო პროკურატურებში წარმოდგენილ იქნა ასობით საჩივარი, რომელიც ეხებოდა ბუქარესტში, 1990 წლის 14 და 15 ივნისს, მაღაროელების მიერ განხორციელებული ძალადობის ფარგლებში ქურდობას, განადგურებას, შეიარაღებულ ყაჩაღობას, სხეულის დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სხვა დანაშაულებს. საქმეთა უმრავლესობაში შეუძლებელი გახლდათ დამნაშავეთა დადგენა და მიღებულ იქნა გადაწყეტილება არ დაიწყოს დევნა“.
84. სამართალწარმოების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება ქ-ნ ანკა მოკანუს ან მომჩივან ასოციაციას, რომელიც საქმეში სამოქალაქო მხარედ ჩაერთო, არ მიუღიათ.
85. მოგვიანებით საქმეთა ფაილები გაერთიანდა და გამოძიების მაშტაბიც გაფართოვდა 1997 წლიდან მოყოლებული, მოვლენებს განსხვავებული სამართლებრივი კლასიფიკაცია მიენიჭა, რომელიც დამამძიმებელ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მოიცავდა. მოხდა არმიის ზემოდგომი ოფიცრებისა და სახელმწიფო მოხელეების ბრალდება და მთელი გამოძიება გადაეცა პროკურატურის სამხედრო ნაწილს მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოში ((Parchetul de pe lângă Curtea Supremă de Justiţie - Secţia Parchetelor Militare)), საქმეს კი მიენიჭა ნომერი 160/P/1997.
86. 1997 წლის 22 ოქტომბრიდან 1999 წლის 27 ნოემბრამდე გაერთიანდა 183 საქმე და დაემატა საქმეს N 160/P/1997. მათ შორის 36 დაემატა 1997 წლის 22 ოქტომბერს, 90 – 1998 წლის 16 სექტემბერს და 69 - 1999 წლის 22 ოქტომბერს.
87. 2000 წლის 26 ივნისს პროკურატურის იმავე სამხედრო ნაწილს დაეწერა 1990 წლის 13-15 ივნისის 748 საქმე, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევები 1990 წლის 13 ივნისს.
88. 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებაში, გაერთიანებული საქმის ფაილების მდგომარეობა შემდეგვარად იქნა აღწერილი:
„საქმის 250 ტომში მრავალი დოკუმენტი არის მხოლოდ ასლი, რომელსაც არც ბეჭედი აქვს და არც დამოწმებულია ორიგინალთან. ტომებში დოკუმენტები მოთავსებულია ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე, არც თარიღით, არც საგნითა და არც რაიმე სხვა პრინციპით არ ხდება მათი გაერთიანება (მაგალითად, 150-ე ტომი შეიცავს მასალებს 1990 წლის შემდგომ განხორციელებულ გაუჩინარებებზე.“
89. 1998 წლის 16 სექტემბერს საქმე N. 160/P/1997 გაიყო ოთხ ნაწილად და შემდგომი გამოძიება დაევალა უზენაესი სასამართლოს პროკურატურის სამხედრო ნაწილს.
90. 2001 წლის 8 იანვარს ხსენებული ოთხი საქმე გაერთიანდა. ამის შემდეგ, გამოძიება აქცენტს აკეთებდა ორ ძირითად საქმეზე.
91. პირველი საქმე ეხებოდა დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობებისაკენ მოწოდებას ან მასში მონაწილეობას, კერძოდ კი ველიკუ-ვალენტინ მოკანოს შემთხვევაში. მოცემული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირები გახდნენ რუმინეთის იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი და ხუთი მაღალჩინოსანი სამხედრო ოფიცერი, მათ შორის შს მინისტრიც.
92. 2007 წლის 19 ივნისს ბრალის წაყენების გადაწყვეტილება, და შემდგომი გადაწყვეტილება ბრალდების მოხსნაზე, მიღებული 2007 წლის 19 ივლისს, მიუთითებდა, რომ მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით, 1990 წლის 13 ივნისის საღამოსა და 13-14 ივნისის ღამეს, უშიშროების ძალებმა და არმიამ გამოიყენა იარაღი და მძიმე ტექნიკა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რის შედეგადაც მოკლეს ოთხი პირი, დააზიანეს სამი და საფრთხე შეუქმნეს სხვათა სიცოცხლეს.
93. ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებანი მოგვიანებით გამოეყო მაღალჩინოსანი სამხედროების საქმეს რის შემდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამართალწარმოების შეწყვეტაზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
94. 2013 წლის 2 ოქტომბრისათვის გამოძიების პირველი ნაწილი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ორი ოფიცრის მისამართით, დანარჩენი სამი კი უკვე გარდაცვლილიყო.
95. მეორე საქმე ეხებოდა 1990 წლის ივნისის მოვლენებს, რომელიც იძიებდა ბ-ნი მარინ სტოიკას სისხლის სამართილის საჩივარს იმ ძალადობის შესახებ, რომელსაც იგი დაექვემდებარა, ისევე როგორც მომჩივანი ასოციაციის ოფისის გადატრიალებას/ჩხრეკას. იგი მოიცავდა ბრალდებას აჯანყებისაკენ მოწოდებასა და მასში მონაწილეობაზე(subminarea puterii de stat),საბოტაჟს (actele de diversiune), არაადამიანურ მოპყრობაზე (tratamentele neomenoase), ომის პროპაგანდაზე (propaganda pentru război) და გენოციდზე, სისხლის სამართლის კოდექსის 357 (ა)-(გ) მუხლის თანახმად.
96. ჩამოთვლილ ქმედებებზე ბრალი ედებოდათ ყოფილ პრეზიდენტს, რამდენიმე მაღალჩინოსან ოფიცერსა და ათობით სამოქალაქო პირს. ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ამ ბრალდებების საფუძველზე სამართალწარმოება დაიწყო 2005 წლის 9 სექტემბერს, ხოლო დაზვერვის ყოფილ უფროსზე კი 2006 წლის 12 ივნისს.
97. გამოძიების განხილული მეორე ნაწილი დაიხურა 2009 წლის 17 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, რომელმაც გამოძიება შეწყვიტა. მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბ-ნმა მარინ სტოიკამ და იგი ძალაში იქნა დატოვებული 2011 წლის 9 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს მიერ.
98. გამოზიების ძირითადი ეტაპები განხილულია ქვემოთ. 1998 წლის 16 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება
99. 1998 წლის 16 სექტემბერს მართლმსაჯულების უზენაესი სასამართლოს პროკურატურის სამხედრო ნაწილმა გამოსცა გადაწყვეტილება საქმეზე N. 160/P/1997, რომელიც ეხებოდა გამოძიებას ძალადობისა და უკანონო დაკავების მსხვერპლი 63 პირის შემთხვევას, მათ შორის იყვნენ ქ-ნი ანკა მოკანუ და მომჩივანი ასოციაციის სამი წევრი, ისევე როგორც თავად ასოციაცია და თერთმეტი სხვა იურიდიული პირი, რომელთა ოფისებიც დაექვემდებარა გადატრიალებას/ჩხრეკას 1990 წლის 13-15 ივნისის მოვლენებისას.
100. 63 დაზარალებული პირიდან სამი პირი, რომელიც მითითებული იყო 1998 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების დანართ ცხრილში, დაექვემდებარა ძალადობას და შეეზღუდათ თავისუფლება სახელმწიფო ტელევიზიის სადგურის მთავარ შენობაში. ბოლო ნაწილი, მიუთითებდა თუ რა ეტაპზე იყო გამოძიება, სადაც ცხრილის მიხედვით სამივე მათგანის სახელის გასწვრივ აღნიშნულია „საქმე არ გამოძიებულა“ (cauza nu este cercetată).
101. პროკურატურის ოფისის სამხედრო ნაწილმა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სხვა საჩივრები განიხილებოდა სამოქალაქო პროკურატურებში.
102. მათ დასძინეს, რომ გადაწვეტილება ამასთანავე ეხებოდა „დაახლოებით ასი პირის სავარაუდო უკანონო მკვლელობას 1990 წლის 13-15 ივნისის პერიოდში, [რომელთა სხეულებიც] სავარაუდოდ დაწვეს ან დამარხეს საერთო სასაფლაოებზე ბუქარესტის ახლოს მდებარე სოფლებში (განსაკუთრებით სტრაილეშტიში)“.
103. გადაწყვეტილება ამასთანავე აღნიშნავდა, რომ დღემდე გამოძიებამ ვერ დაადგინა იმ პირთა ვინაობა, ვინც პრაქტიკაში განახორციელა აღმასრულებელთა გადაწყვეტილება მოეხმოთ სამოქალაქო პირების ბუქარესტში წესრიგის დასამყარებლად. პროკურატურის მიხედვით, გამოძიების ეს წარუმატებლობა უკავშირდებოდა „იმ ფაქტს, რომ არცერთი ის პირი, რომელიც იმ დროისათვის საპასუხისმგებლო პოზიციაზე იყო არ დაკითხულა“, კერძოდ კი რუმინეთის მაშინდელი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მისი მოადგილე, შს მინისტრი, პოლიციის უფროსი, დაზვერვის დირექტორი და თავდაცვის მინისტრი.
104. სამხედრო ნაწილის გადაწყვეტილება საუბრობდა საქმის ოთხ ნაწილად დაშლაზე.
105. პირველი ნაწილი აქცენტს გააკეთებდა ოთხი სამოქალაქო პირის, მათ შორის მომჩივნის ქმრის, უკანონო მკვლელობის განგრძობად გამოძიებაზე.
106. მეორე ნაწილი შეეხებოდა იმ პირებს, რომლებიც დაემორჩილნენ სამოქალაქო და სამხედრო ბრძანებებს. შესაბამისმა ორგანოებმა გადაწყვიტეს ამ მხრივ გამოძიების წარმოება, განსაკუთრებით -უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რომელსაც მოყვა სერიოზული შედეგი - სისხლის სამართლის კოდექსის 248.2 დასჯადი მუხლით. ამასთანავე გამოძიება იძიებდა ერთი სოციალური ჯგუფის მიერ უშიშროების ძალებთან ერთად სხვა სოციალური ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობას.
107. მესამე საქმე ეხებოდა განგრძობით გამოძიებებს სხვა შესაძლო დაზარალებულ პირთა მიმართ, რომლებიც ძალადობრივად მოკლეს 1990 წლის 13-15 ივნისის ინციდენტების დროს (იხ. პარა 102 ზემოთ).
108. დაბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა ხანდაზმული იყო, პროკურატურის სამხედრო ნაწილმა გადაწყვიტა შეეწყვიტა სამართალწარმოება უშიშროების ძალების დაუდგენელი წევრებისა და იმ მაღაროელების მიმართ, რომელთაც ბრალად ედებოდათ 1990 წლის 13 და 15 ივნისს შემდეგი დანაშაულების - შეიარაღებული ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო ხელყოფის, შეურაცმყოფელი მოქმედების, შეურაცმყოფელი გამოძიების, კერძო ინტერესების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თავდასხმის, სხეულის დაზიანების, ქონების განადგურების, ქურდობის, სახლში შეჭრის, ბოროტმოქმედებისა და გაუპატიურების - ჩადენა.
109. 1998 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების მოცემული ნაწილი გათვალისწინებულ იქნა უზენაესი მართლმსაჯულების სასამართლოს პროკურატურის სამხედრო ნაწილის უფროსის (Şeful Secţiei Parchetelor Militare1999 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, რომელიც ბრძანებდა ყველა დაზარალებული პირის იდენტიფიცირებისათვის გამიზნული სამართალწარმოებისა და გამოძიების განახლებას, დასძენდა რა, რომ დაზარალებულ პირთა რაოდენობა დიდწილად აღემატებოდა გასაჩივრებულ გადაწყეტილებაში მითითებულ პირთა რაოდენობას.
110. ამასთანავე, 1999 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება მიუთითებდა, რომ გამომძიებლებს არ გამოუძიებიათ „ცნობილი შეთქმულება“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მაღაროელთა კომპანიებს შორის, რომელიც ითვალისწინებდა „ნამდვილი აპარატის შექმნას უკანონო რეპრესიებისათვის“. ხსენებული შეთქმულება დადგენილი იყო საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების მიხედვით. უკანონო მკვლელობებში მონაწილეობისათვის არმიის მაღალჩინოსან ოფიცერთა მიმართ გამოძიების შემდგომი განვითარებანი
111. 1998 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, ბ-ნი ველიკუ-ვალენტინ მოკანუს უკანონო მკვლელობის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა საქმე N.74/P/1998 ფარგლებში (იხ. პარა.105 ზემოთ).
112. ქ-ნი ანკა მოკანუ და მისი და მსხვერპლის ორი შვილი საქმეში ჩაერთნენ სამოქალაქო მხარეებად.
113. ორ გენერალს - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილე - და სამ მაღალჩინოსანი პირს 2000 წლის 12, 18 და 21 იანვარს ბრალი წაეყენათ 1990 წლის 13 ივნისს ჩადენილი უკანონო მკვლელობისათვის, მათ შორის მომჩივნის ქმრის შემთხვევაზეც.
114. ხუთივე მათგანი წარსდგა სასამრთლოს წინაშე 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე იმის გამო, რომ მათ მოუწოდეს - და ორი გენერლის შემთხვევაში, ბრძანეს- ცეცხლის გახსნა მძიმე შეიარაღებით, ქმდება, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი პირი და სერიოზული დაზიანებანი მიადგა ცხრა ადამიანის.
115. 2003 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, მართლმსაჯულების უზენაესმა სასამართლომ საქმე დაუბრუნა მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს პროკურატურის სამხედრო ნაწილს დამატებითი გამოძიებისათვის, რათა აღმოფხვრილიყო სხვადასხვა ნაკლოვანებანი და დანაშაულებს ხელახლა მისცა დამამძიმებელ გარემოებებში უკანონო მკვლელობაში მონაწილეობის კვალიფიკაცია. მან ასევე ბრძანა რიგი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.
116. ქ-ნმა ანკა მოკანუმ, დანარჩენმა სამოქალაქო მხარეებმა და პროკურატურის სამხერო ნაწილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. აპელაცია არ დაკმაყოფილდა კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს მიერ (2003 წელს მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოს გადაერქვა სახელი, იხ. პარა 14 ზემოთ) 2004 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით.
117. გამოძიების განახლების შემდეგ, ხუთი მოპასუხის მიმართ სამართალწარმოება შეწყდა 2005 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებით. მოცემული გადაწყვეტილება გაუქმდა 2006 წლის 10 სექტემბერს და სამართალწარმოება განახლდა.
118. 2003 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ, კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს პროკურატურის სამხედრო ნაწილმა 2007 წლის 27 ივლისს სასამართლოს წინაშე წარდგომა განუსაზღვრა შს მინისტრს, მის მოადგილესა და ორ მაღალჩინოსან სამხედროს. მეხუთე სამხედროს მიმართ საქმე შეწყდა ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო.
სასამართლოს წინაშე წარდგომის გადაწყვეტილების მიხედვით „საჯახო ხელისუფლების მხრიდან რეაქციის ნაკლებობამ“ და დაუყოვნებელი ეფექტიანი გამოძიების არარსებობამ კი „საფრთხე შეუქმნა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას“.
119. 2007 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართომ მიიღო გადაწყვეტილება საქმის უკან, პროკურატურის სამხედრო ნაწილისათვის გადაგზავნაზე პროცედურული წესების დარღვევის გამო. უპირატესად კი იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საქმე ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ შეიძლებოდა მხოლოდ პარლამეტის მიერ ავტორიზებული სპეციალური პროცედურით განხორციელებულიყო.
120. 2008 წლის 15 აპრილს, კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს პროკურატურამ გაასაჩივრა მოცემული გადაწყვეტილება, მაგრამ 2008 წლის 23 ივნისს იგი არ დაკმაყოფილდა.
121. 2009 წლის 30 აპრილს კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს პროკურატურის სამხდრო ნაწილმა აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა იურისდიქცია განეხილა საქმის მოცემული ნაწილი, იმის გამო, რომ პოლიციის წევრები - მათ შორის შს მინისტრი - საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ სამოქალაქო სტატუსით სარგებლო;ბდნენ, ხოლო სამხედრო სასამართლოებსა და პროკურატურას კი აღარ ჰქონდა იურისდიქცია მათ დანაშაულზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი ჩადენა მოხდა სამხედრო სამსახურის დროს. შესაბამსიად, მან იურისდიქცია მოიხსნა და გადასცა იმავე პროკურატურის სხვა ნაწილს, კეროდ სისხლისსამართლებრივი დევნისა და კრიმინალისტიკის სექციას (Secţia de urmărire penalăşi criminalistică).
122. 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, სექციამ შეწყვიტა სამართალწარმოება ყოფილი მინისტრისა და მისი მოადგილის მიმართ, მათი გარდაცვალების გამო 2010 წლის 2 ნოემბერსა და 2013 წლის 4 თებერვალს.
123. იმავე გადაწყვეტილებით, პროკურატურის იმავე ნაწილმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა იურისდიქცია დარჩენილი ორი მოპასუხის, პოლკოვნიკების ს.ბ. და ს.დ. მიმართ და მათი საქმე გადაუგზავნა ბუქარესტის პროკურატურის რაიონულ სამხედრო სასამართლოს.
124. 2013 წლის 2 ოქტომბრისათვის პროკურატურაში ჯერ ისევ მიმდინარეობდა გამოძიება. ბრალდებანი რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ქ-ნი ანკა მოკანუს ქმრის სიკვდილის გამო
125. გამოძიების ეს ნაწილი ეხებოდა რუმინეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებას 1990 წლის 13 ივნისს არმიის მიერ გასროლილი იარაღით გარდაცვლილი და ჯანმრთელობა დაზიანებულ მსხვერპლთა გამო.
126. რუმინეთის ყოფილ პრეზიდენტს, პოსტზე 1989-1996 და შემდეგ 2000-2004 წლებში, ბრალი წარუყენეს 2007 წლის 19 ივნისს, მაშინ როდესაც იგი იმყოფებოდა სენატორის პოსტზე დ გახლდათ პარლამენტის წევრი. მას ბრალად ედებოდა „სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ გამიზნული მოწოდება ძალის გამოყენებაზე უნივერსიტეტის მოედანზე და დედაქალაქის სხვა უბნებში, ქმედება, რომლის შედეგადაც იარაღის ნასროლით გარდაიცვალა და ჯანმრთელობა დაუზიანდა რამდენიმე პირს“. მოცემული ფაქტები დახასიათდა, როგორც მონაწილეობა lato sensu დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაში, დანაშაული, რომელიც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 174, 175 (ე) და 176 (ბ) და 31 § 2 მუხლებით.
127. 2007 წლის 19 ივლისს ბრალდებანი გამოეყო საქმეს N. 74/P/1998 და გამოძიება გაგრძელდა საქმით N.107/P/2007.
128. ამასობაში, 2007 წლის 20 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლომ, მიიღო რა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელიც კავშირში არ არის წინამდებარე საქმესთან, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაადგინა, რომ სამხედრო სასამართლოებს არ ჰქონდათ იურისდიქცია განეხილათ ან გაესამართლებინათ სამოქალაქო მოპასუხე პირები. შედეგად, 2007 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, პროკურატურის სამხედრო ნაწილმა დაადგინა, რომ მას არ ჰქონდა უფლებამოსილება განეხილა საქმე N. 107/P/2007 და დასთმო იურისდიქცია სამოქალაქო სისხლის სამართლის ნაწილის სასარგებლოდ.
129. 2007 წლის 7 დეკემბერს რუმინეთის გენერალურმა პროკურორმა შეაჩერა 2007 წლის 19 ივნისის ბრალდება პროცედურული შეცომების გამო და ბრძანა გამოძიების განახლება.
130. 2008 წლის 10 ოქტომბერს, კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს პროკურატურის სისხლისსამართლებრივი დევნისა და კრიმინალისტიკის სექციამ მიიღო გადაწყვეტილება არ დაწყებულიყო დევნა იმის გამო, რომ არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი ყოფილი პრეზიდენტის მიერ უნივერსიტეტის მოედნის ევაკუირების შესახებ ბრძანებასა და სამი ოფიცრის გადაწყვეტილებას შორის - გენერალი ა. და გენერალი ს. (შს მინისტრი) - გაეხსნათ ცეცხლი დემონსტრატებისათვის.
გადაწყვეტილების მიღებისას, პროკურატურამ დაადგინა, რომ 1990 წლის 12 ივნისს შედგენილი სამოქმედო გეგმის მიზანი მიღწეული იყო მეორე დღის დილის 9 საათისათვის და რომ შემდგომი მოვლენები, მათ შორის ცეცხლის გახსნის შესახებ მომდევნო ბრძანებანი, კავშირში აღარ იყო გეგმასთან და ვერ იქნებოდა წინასწარ განჭვრეტილი მისი შემდგენელის მიერ.
131. 2008 წლის 3 ნოემბერს ქ-ნმა ანკა მოკანუმ და სხვა დაზარალებულებმა გაასაჩივრეს გადაწყვეტილება დევნის განუახლებლობის შესახებ.
132. 2009 წლის 18 დეკემბერს სამი მოსამართლისაგან შემდგარმა კოლეგიამ კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოში არ დააკმაყოფილა აპელაცია, მიიჩნია რა იგი საქმის სხვადასხვა ნაწილში დაუშვებლად, ხანდაზმულად და დაუსაბუთებლად. სასამართლომ დაასკვნა, რომ ყოფილი პრეზიდენტისადმი მიკუთვნებულ ქმედებასა და დემონსტრაციების განუჭვრეტელ შედეგებს, რომლებმაც გამოიწვია რამდენიმე ადამიანის გარდაცვალება, შორის კავშირი არ არსებობდა. მეტიც, მან აღნიშნა, რომ დაზარალებულთაგან სამმა - 1990 წლის 13 და 14 ივნისს გარდაცვლილთა ქვრივები ან ნათესავები - მათ შორის ქ-ნი ანკა მოკანუმაც - 2009 წლის 11 დეკემბრის მოსმენაზე განაცხადეს, რომ ისინი მიზნად არ ისახავდნენ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დევნის განუახლებლობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებას და რომ მათ სურდათ უკანონო მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო მხარეების მიერ გასაჩივრების შედეგად, გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული უმაღლესი სასამართლოს ცხრა მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგიის მიერ 2010 წლის 25 ოქტომბერს. ბ-ნი ველიკუ-ვალენტინ მოკანუს გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებანი
133. სასამართლოს ექსპერტიზის ოტოფსიის მიხედვით ქ-ნ ანკა მოკანუს ქმარი გარდაიცვალა მესამე პირის მიერ იარღით მიყენებული ჭრილობების შედეგად.
134. მომჩივანმა პირველად სამართალწარმოებაში ჩართვა მოითხოვა 2000 წლის 11 დეკემბერს. იმავე დღეს მომჩივანმა და კიდევ 5 სხვა პირმა - 1990 წლის 13-14 ივნისს მოკლული სამი პირის ნათესავებმა - წარმოადგინეს გაერთიანებული სარჩელი, სადაც მოცემული იყო მათი პოზიცია მათი ნათესავების სიკვდილში დამნაშავე პირთა ვინაობის დადგენისა და კომპენსაციაზე მოთხოვნის შესახებ.
135. 2007 წლის 14 თებერვალს მომჩივანი პირველად დაკითხა პროკურატურამ გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე. მომჩივანს თან ახლდა საკუთარი ნებით არჩეული ადვოკატი და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე შინ არ დაბრუნებულა 1990 წლის 13 ივნისს, რომ იგი ღელავდა, რომ ეძებდა მას მეორე დღეს, უშედეგოდ, და რომ მოგვიანებით პრესით შეიტყო, რომ იგი მოკლეს თავში ნასროლი ტყვიით. არც გამომძიებელი და არც რაიმე სხვა ოფიციალური წარმომადგენელი არ მისულა მასთან ან მოუხმიათ მისთვის გამოძიების მიზნებისათვის, მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი დაუკავშირდა მას. მან აღნიშნა, რომ ოცი წლის ასაკში, იმ მომენტისათვის დროებით უმუშევარი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იგი მარტო ზრდიდა მათ ორ შვილს, ორი თვის გოგონას (დაბადებული 1990 წლის აპრილში) და ორი წლის ვაჟს.
136. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარმოდგენილ საქმის მასალებში არსებული დოკუმენტები არ მიუთითებენ იყო თუ არა ქ-ნი ანკა მოკანუ ინფორმირებული დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის გამოძიების ფარგლებში მიმდინარე მოვლენების შსახებ, კერძოდ კი კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს მიერ 2007 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმის პროკურატურაში დაბრუნების შესახებ. არაადამიანური მოპყრობის ბრალდების გამოძიების შემდგომი განვითარებანი
137. 1997 წლის 26 ნოემბრიდან 2006 წლის 12 ივნისამდე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 37 პირის წინააღმდეგ - 28 სამოქალაქო პირისა და 9 სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად 1990 წლის ივნისის მოვლენების დროს ამბოხებაში მონაწილეობის გამო. რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი მათ შორის გახლდათ.მას მჯავრი დაედო 2005 წლის 9 ივნისს გენოციდში მონაწილეობისათვის (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 357, პარაგრაფები (ა), (ბ) და (გ), ომის პროპაგანდისათვის (მუხლი 356), არადამიანური მოპყრობისათვის (მუხლი 358), ამბოხებისათვის (მუხლი 162) და საბოტაჟისთვის (მუხლი 163).
ბრალდებულ 28 სამოქალაქო პირთა უმრავლესობა იყვნენ მაღაროს კომპანიების დირექტორები, მაღაროელთა პროფესიული კავშირების უფროსები და მაღაროების სამინისტროს უფროსი საჯარო მოხელეები.
138. 1998 წლის 16 სექტემბერს, გამოძიების ამ ნაწილს მიენიჭა ნომერი 75/P/1998 (იხ. პარა.106 ზემოთ).
139. 2007 წლის 19 დეკემბერს საკასაციო და მართლმსაჯულების სასამართლოს პროკურატურის სამხედრო ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება საქმე N. 75/P/1998 ორ ნაწილად გაყოფის შესახებ. პირველი ნაწილი შეეხებოდა 28 სამოქალაქო პირის წინააღმდეგ ბრალდებას, მათ შორის რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტისა და დაზვერვის ყოფილი უფროსის მიმართ, მეორე კი ცხრა სამხედრო მოსამსახურის მიმართ. 28 სამოქალაქო პირის მიმართ გამოძიება უნდა განხორციელებულიყო იმავე პროკურატურის სამოქალაქოთა ნაწილის მიერ.
140. 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით პროკურორის ოფისის სამხედრო ნაწილის უფროსმა შეაჩერა 2007 წლის 19 დეკემბრის გადაწვეტილება, დაადგინა რა, რომ მოვლენათა მჭიდრო კავშირის გამო, პროკურატურის მხოლოდ ერთი ოფისი, კერძოდ კი შესაბამისი სამოქალაქო ნაწილი, განიხილავდა მთლიან საქმეს ყველა მოპასუხის მიმართ, როგორც სამოქალაქოს, ისე სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევებს.
141. მოცემულ გადაწყვეტილებასთან შესაბამისად, 2008 წლის 29 აპრილს საკასაციო და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს პორკურატურის სამხედრო ნაწილმა იურისდიქცია დასთმო და გადასცა სამოქალაქო ნაწილს ცხრა სამხედრო მოსამსახურის - მათ შორის რამდენიმე გენერლის, პოლიციის ყოფილი უფროსისა და შს მინისტრის - მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე.
142. 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებას თან ახლავს ათასზე მეტი დაზარალებულის სია, რომლებიც დააკავეს და დაუქვემდებარეს არასათანადო მოპყრობას, განსაკუთრებით საქმე ეხება ბანეასას ოფიცერთა სკოლასა და მაგურელეს სამხედრო ნაწილს. ბ-ნი მარინ სტოიკა ამ სიაში გახლდათ. გადაწყვეტილება ასევე შეიცავდა იმ იურიდიული პირების სიას, მათ შორის მომჩივანი ასოციაციაც, რომლებსაც მიადგათ ზიანი 1990 წლის 13-15 ივნისის მოვლენების/დაშლის შედეგად.
143. გადაწყვეტილება ამასთანავე მიუთითებდა „1990 წლის 13-15 ნოემბრის მოვლენების დროს დაახლოებით 100 გარდაცვლილის იდენტიფიკაციაზე“.
144. ასევე, გადაწყვეტილებაში იყო სახელმწიფოს მიერ ფლობილი იმ კომპანიების სია, რომლებმაც უბიძგეს მუშებს ბუქარესტში ინტერვენციაზე. სია მოიცავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ 20 მაღაროს კომპანიასა და ქარხნებს 11 ქალაქიდან (კალარაში, ალექსანდია, ალბა-იულია, კრაიოვა, კონსტანტა, დევა, გურგუ, გალატი, ბრაშოვი, სტალინა და ბუჟაუ) და სამ ქარხანას ბუქარესტიდან.
145. მოცემული გადაწყვეტილების შემდეგ, 2008 წლის 5 მაისს, პროკურატურის სამხედრო ნაწილმა პროკურატურის სამოქალაქო ნაწილს გაუგზავნა 209 ტომი, რომელიც მოიცავდა დაახლოებით 50,000 გვერდს N. 75/P/1998 საქმიდან.
146. 2008 წლის 26 მაისს კასაციისა და მართლმსაჯულების პროკურატურის იმ ნაწილმა, რომელმაც მიიღო მთლიანი ფაილი, კერძოდ კი სისხლისსამართლებრივი დევნისა და კრიმინალისტიკის სექციამ, აღნიშნა, რომ არ ფლობდა იურისდიქციას და გადასცა იგი იმავე პროკურატურის სხვა ნაწილს, კერძოდ კი ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის საგამოძიებო დირექტორატს (Direcţia de Investigare a Infracţiunilor de Criminalitate Organizatăşi Terorism – დირექტორატი).
147. 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლოს პროკურატურის შესაბამისმა ნაწილმა, კერძოდ კი „დირექტორატმა“, მიიღო გადაწყვეტილება დევნა არ დაეწყო დაზვერვის ყოფილი უფროსის მიმართ ამბოხების ბრალდებაზე, იმის გამო, რომ დანაშაული ხანდაზმული იყო; ასევე, დევნა არ განხორციელდებოდა 27 სამოქალაქო მოპასუხის უმრავლესობის მიმართ - მაღაროელთა კომპანიების დირექტორები, მაღაროელთა პროფესიული კავშირების უფროსები, მაღაროების სამინისტროსა და ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნები - იმი გამო, რომ დანაშაულის შემადგენელი ელემენტები არ იკვეთებოდა.
148. მოცემული გადაწყვეტილების მიღებისას, პროკურატურამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაურის, შს მინისტრის, მინისტრის მოადგილისა თუ პოლიციის უფროსის შესაბამის უფლებამოსილებებში, რიგი მოპასუხენი ახორციელებდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას და რომ არალოგიკური იქნებოდა გვეფიქრა, რომ ისინი ამბოხდებოდნენ საკუთარი ძალაუფლების წინააღმდეგ. რაც შეხება მაღაროელებსა და სხვა მუშებს, რომლებიც ბუქარესტში ჩამოვიდნენ 1990 წლის 14 ივნისს, პროკურატურამ მიიჩნია, რომ ისინი „ჩაბარდნენ უშიშროების სამსახურს“ და გადარწმუნებულ იქნენ, რომ მათი მოქმედებანი სახელმწიფოს ემსახურებოდა. ამასთანავე, გადაწყვეტილება აღნიშნავდა, რომ მათი ინტერვენცია უსაფუძვლო იყო, რადგან პარაშუტისტების მიერ განხორციელებულმა ოპერაციამ ტელევიზიის მთავარ შენობასთან, გამოიწვია წესრიგის აღდგენა დედაქალაქში 1990 წლის 14 ივნისის ღამის 1 საათისათვის.
149. დევნა შეწყდა სამი მოპასუხის მიმართ, მათი გარდაცვალების გამო.
150. დაბოლოს, დირექტორატმა გადაწყვიტა იურისდიქციის დათმობა სისხლისსამართლებრივი დევნისა და კრიმინალისტიკის სექციის სასარგებლოდ საქმის დანარჩენ ნაწილზე, კერძოდ კი არაადამიანური მოპყრობის, ომის პროპაგანდისა და გენოციდის ბრალდებებზე სისხლის სამართლის კოდექსის 357 (ა)-(გ) მუხლებზე. მოცემული ფაქტები ეხებოდა ბრალდებულთაგან მხოლოდ ცხრა პირს 2000-2006 წლის პერიოდში, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტსაც.
151. 2009 წლის 17 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყეტილება დევნა არ დაწყებულიყო არც ზემოთმითითებულ ბრალდებებზე; შინაარსი მოცემულია ქვემოთ. 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება არ დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა
152. 2009 წლის 17 ივნისს კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს პროკურატურამ გამოიტანა გადაწყვეტილება არ დაეწყო სისხლისსამართლებრივი დევნა 1990 წლის 13-15 ივნისს ჩადენილი ძალადობის ფარგლებში არაადამიანური მოპყრობის შესახებ 456 დაზარალებული პირის მიერ წარმოდგენილ საჩივარზე.
153. გადაწყვეტილება მიუთითებდა, რომ სახელმწიფოს მეთაური არ დაკითხულა მოპასუხედ გამოძიების ფარგლებში.
154. იგი დეტალურად აღწერდა რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ ძალადობას და ახასიათებდა მას როგორც უკიდურესად სასტიკს.
155. აღინიშნა, რომ პროკურატურის ოფისების და მოგვიანებით სამხედრო ბრალმდებელი ორგანოების მიერ, დაახლოებით ცხრამეტი წლის განმავლობაში წარმოებული გამოძიებანი არ იძლეოდა საშუალებას დადგენილიყო დამნაშავეთა ვინაობა და უშიშროების ძალების ჩარევის მასშტაბი. გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
„სამოქალაქო პროკურატურისა და, მოგვიანებით, სამხედრო პროკურატურის მიერ, ცხრამეტი წლის განმავლობაში წარმოებული გამოძიებანი, რომელთა დასკვნებიც მოცემულია საქმის მასალებში ... არ იძლევა საშუალებას დადგინდეს იმ მაღაროელთა ვინაობა, რომლებაც განახორციელეს თავდასხმა, ასევე უშიშროების ძალების, წევრებისა და დაზვერვის მომხრეების ჩართულობის მოცულობა და მათი როლი 1990 წლის 14 და 15 ივნისს დედაქალაქის მაცხოვრებელთა წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ მოქმედებებში.“
156. მოცემული გადაწყვეტილება ადგენდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ერთი მოპასუხის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა და ასევე დევნის არდაწყებას (scoatere de sub urmărire penală) რვა სხვა მოპასუხის მიმართ იმ დანაშაულებისათვის, რომლებიც ხანდაზმული იყო, კერძოდ კი დამნაშავეთა შეფარებას.
157. რაც შეეხება იმ დანაშაულებს, რომლებიც არ იყო ხანდაზმული, განსაკუთრებით კი არაადამიანური მოპყრობა, გადაწყვეტილება მიუთითებდა, რომ არ არსებობდა საქმე, რადგან დანაშაულთა შემადგენელი ელემენტები არ გარკვეულა ან იმიტომ, რომ დადასტურებული არ იყო გასაჩივრებულ მოვლენათა რეალობა.
158. ამ მხრივ აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაურს ბრალი ვერ დაედებოდა მაღაროელებისა და შეიარაღებული ძალების ერთობლივ მოქმედებებში რაიმე ფორმით მონაწილეობაში, რადგან მან წესრიგის აღდგენის მიზნით დაამტკიცა მხოლოდ 1990 წლის 13 ივნისის დილას განვითარებული მოვლენები და არმიის მიერ, იმავე დღის შუადღის ინტერვენცია. ასევე აღინიშნა, რომ არ არსებობდა ინფორმაცია (date certe), რომლის საფუძველზეც მოხდებოდა მის წინააღმდეგ ბრალდების დასაბუთება ბუქარესტში მაღაროელთა ჩამოსვლისა და მათ მიმართ მიცემულ ინსტრუქციებთან მიმართებაში. აღინიშნა, რომ მაღაროელებისადმი მისი მიმართვა - დაეცვათ სახელმწფიო ინსტიტუტები და აღედგინათ წესრიგი - რომლის შედეგადაც თავისუფლება შეეზღუდა და ფიზიკურ ძალადობას დაექვემდებარა 1,021 ადამიანი - შესაძლოა დაკვალიფიცირდეს როგორც თავდასხმისაკენ მოწოდება და ამ მხრივ სისხლისსამრთლებრივი პასუხისმგებლობა ხანდაზმული გახლდათ.
159. პროკურატურამ დაადგინა, რომ დემონსტრანტები და სხვა პირები, რომელთა წინააღმდეგაც იმოქმედეს მაღაროელებმა, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს (რუმინელები, ბოშები, უნგრელები) და სოციალურ კატეგორიებს (ინტელექტუალები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და ასევე მოსამსახურეები) წარმოადგენდნენ და რომ, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მათი ერთ ჯგუფად ან იდენტიფიცირებად კატეგირად მიჩნევა გეოგრაფიული, ისტორიული, სოციალური ან სხვა მახასიათებლებით და რომ შესაბამისად, განხილული მოვლენები ვერ კლასიფიცირდებოდა გენოციდად. ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, პროკურატურამ ასევე მიიჩნია, რომ თავისუფლებაშეზღუდული პირები სისტემატურად არ დაქვემდებარებულან არასათანადო მოპყრობას.
160. გადაწყვეტილება ასევე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოს მეთაურის სიტყვით გამოსვლა მოუწოდებდა მაღაროელებს დაეკავებინათ და დაეცვათ უნივერსიტეტის მოედანი ბანაკებგაშლილი დემონსტრანტებისაგან და რომ მოცემული გამოსვლა ომის პროპაგანდად არ უნდა იქნას მიჩნეული, რადგან ბრალდებული მიზნად არ ისახავდა რაიმე ტიპის კონფლიქტის წახალისებას, არამედ პირუკუ, სთხოვდა მაღაროელებს „დაესრულებინათ ზღვარგადასულობა და სისხლისღვრა“.
161. გადაწყვეტილება ასევე მიუთითებდა, რომ მაღაროელები მოტივირებულნი იყვნენ მარტივად, პირადი რწმენით, რომელიც მათ განუვითარდათ კოლექტიური ისტერიის საფუძველზე და რომლის შედეგადაც ისინი მოქმედებდნენ პოლიტიკური ვითარების არბიტრებად და პოლიტიკური რეჟიმის გულმოდგინე დამცველებად - ლიდერები მათ ასე ცნობდნენ -, და ანიჭებდნენ უფლებამოსილებას „შეესწორებინათ’ მათი ქმედებანი, ვინც ეწინააღმდეგებოდა ლეგიტიმურობას. პროკურორმა შემდგომ აღნიშნა, რომ კანონის მოთხოვნით, იმისათვის რომ არაადამიანური მოპყრობა დასჯადი იყოს, იგი მიმართული უნდა იყოს „მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილი პირების მიმართ“ და მიიჩნევდა, რომ მოცემული კრიტერიუმი წინამდებარე საქმეში არ იყო დაკმაყოფილებული, რადგან 1990 წლის 14 ივნისისათვის მაღაროელებს აღარ ყავდეთ მოწინააღმდეგეები ვისთანაც იბრძოლებდნენ.
162. რაც შეეხება წამების შესახებ ბრალდებას, პროკურორმა აღნიშნა, რომ რუმინეთის კანონმდებლობა იმ დროისათვის არ შეიცავდა წამების აკრძალვას.
163. 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება აანალიზებს ყოველ ბრალდებას ყოველი მოპასუხის მიმართ, მაგრამ დაზარალებულებს სახელებით არ იხსენიებს და არ ჩამოთვლის მათ მიერ გასაჩივრებული ძალადობის აქტებს, ამ მხრივ საუბრობს რა დანართზე, რომელიც არ წარმოდგენილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართოს წინაშე. იგი ახსენებს რამდენიმე დაზარალებულსა და მათ წევრობას ან კატეგორიას, მაგალითად, მიუთითებს რა, 425 პირზე, რომლებიც დააკავეს და განათავსეს ბანესას ოფიცერთა სკოლაში ან 574 დემონსტრანტი, რომელიც დააკავეს და დააპატიმრეს მაგურელეს სამხედრო ბაზაზე. 2009 წლის 17 ივნისის სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება
164. მომჩივანმა ასოციაციამ, სხვა იურიდიულმა პირებმა და ინდივიდებმა გაასაჩივრეს 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ. აპელაცია არ დაკმაყოფილდა 2009 წლის 3 სექტემბერს კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს მიერ. განჩინებაში პროკურატურამ აღნიშნა, რომ ქმედებები, რომელიც შესაძლოა დაკვალიფიცირებულიყო როგორც ადამიანურობის წინაღმდეგ დანაშაული, არაადამიანური მოპყრობა ან გენოციდი, როგორც ასეთი, ჩადენილი არ ყოფილა.
165. იგივე გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბ-ნმა მარინ სტოიკამ და ოთხმა სხვა დაზარალებულმა. 2009 წლის 6 ნოემბერს არც მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბ-ნმა მარინ სტოიკამ სააპელაციო სარჩელი შეიტანა კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს წინაშე.
166. 2011 წლის 9 მარტს სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის res judicata მოთხოვნის დაუკმაყოფილობის შემდეგ, კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების გადაწყვეტილების არსებით მხარეზე და არ დააკმაყოფილა მომჩივნის აპელაცია.
167. გადაწყვეტილებაში მომჩივანზე თავდასმა კვალიფიცირებულ იქნა სხეულის მძიმე დაზიანებად (სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი), უკანონო დაკავებად, არასათანადო მოპყრობად (მუხლი 267), წამებად, უსამართლო რეპრესიად და შანტაჟად. მან მიიჩნია, რომ 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება მართებული გახლდათ მიიჩნია რა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაწყებულიყო იმის გამო, რომ განხილული დანაშაულები ხანდაზმული გახლდათ, ხოლო წამება კი მაშინ დასჯადი არ გახლდათ.
168. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება არაადამიანური მოპყრობის კრიმინალიზაციას (სისხლის სამართლის კოდექსის 358 მუხლი) არ ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული დანაშაული განხილული იყო 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებაში, სადაც მომჩივანი მოხსენებული იყო როგორც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რომლის ჩადენაც ხუთ გენერალს მიეწერებოდა. რეზიუმე და საგამოძიებო ზომების განმარტებანი
169. მთავრობის მიხედვით, 1990-2009 წლებში გატარებული მთავარი საგამოძიებო ზომები გახლდათ შემდეგი: დაზარალებულებთან 840-ზე მეტი გასაუბრება; მოწმეთა დაკითხვა 5,724 შემთხვევაში; 100-ზე მეტი სასამართლო -სამედიცინო ანგარიში. მოცემული ზომების შედეგები გაწერილი იყო რამდენიმე ათას გვერდზე.
(ა) ბ-ნ სტოიკასთან დაკავშირებული საგამოძიებო ზომები
170. 2001 წლის 18 ივნისს, მართლმსაჯულების უზენაესი სასამართლოს პროკურატურის სამხედრო ნაწილში პროკურორთან შეხვედრისას ბ-ნმა მარინ სტოიკამ წარმოადგინა ოფიციალური საჩივარი და განაცხადა, რომ იყო 1990 წლის 13-14 ივნისისის ღამეს განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი.
171. მისი საჩივარი გაერთიანდა უკვე არსებულ სხვა ბრალდებებთან, განსაკუთრებით არააამიანურ მოპყრობასთან (საქმის ნომერი 75/P/1998).
172. 2002 წლის 18 ოქტომბერს მის წინააღმდეგ სავარაუდო თავდასხმის გამოძიების მიზნებისათვის, მომჩვანმა გაიარა გამოკვლევა სასამართლო ექსპერტიზის სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელმაც წარმოადგინა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნა აღნიშნავდა, რომ სასწრაფო დახმარების მიერ 1990 წლის 14 ივნისს შედგენილ სამედიცინო ბარათში აღწერილი დაზიანებანი საჭიროებდა მკურნალობის სამ-ხუთ დღეს და როგორც ასეთი, საფრთხეს არ უქმნიდა მომჩივნის სიცოცხლე.
173. ასევე აღინიშნა, რომ მომჩივანი ჰოსპიტალიზირებულ იქნა 1990 წლის 31 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე, 1997 წლის თებერვალში, 2002 წლის მარტში და აგვისტოში ეპილეფსიური გულყრის გამო და რომ მას აღენიშნებოდა ტრავმისშემდგომი მეორადი ეპილეფსია და სხვა ცერებრალური და ვასკულარული პრობლემები (ტრანზიტორული იშემიური შეტევები, „ტიშ“). ექსპერტთა დასკვნა მიუთითებდა, რომ ტრავმისშემდგომი ეპილეფსია მას დაემართა 1966 წელს მიღებული დაზიანების შედეგად.
174. 2005 წლის 9 და 17 მაისს, მომჩივანი დაიკითხა და მიეცა საშუალება მოვლენები აღეწერა საკუთარი შეხედულებისამებრ და წარმოედგინა მოთხოვნა კომპენსაციისათვის მიყენებული მორალური ზიანისათვის.
175. საკასაციო და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს პროკურატურის სამხედრო ნაწილმა 2005 წლის 23 მაისის წერილით მომჩივანს შეატყობინეს, რომ დაუდგენელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ, 1990 წლის 13 ივნისს მიყენებულ ზიანს, რომელმაც გამოიწვია მისი ჰოსპიტალიზირება „კომატოიზოდურ’ მდგომარეობაში, იძიებდნენ საქმე N. 75/P/1998 ფარგლებში.
176. 2006 წლის 26 აპრილს გაცემული ცნობა აღნიშნვს, რომ საკასაციო და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართოს პროკურატურის სამხედრო ნაწილის რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, მომჩივანი პროკურორს შეხვდა 2002, 2003, 2004, 2005 და 2006 წლებში, უმეტესწილად გამოძიების მიზნებისათვის ან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გასარკვევად. მომჩივანმა კიდევ ორი საჩივარი შეიტანა, 2006 წლის 12 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს.
177. 2007 წლის 23 აპრილს პროკურორმა დაკითხა მომჩივნის მიერ დასახელებული ორი თვითმხილველი.
178. 2007 წლის 9 მაისს დაკითხვისას, მომჩივანმა, როგორც დაზარალებულმა მხარემ მოსთხოვა სამხედრო პროკურორს მეორე სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება და ახალი დასკვნის შედგენა, რადგან იგი მიიჩნევდა, რომ 2002 წლის დასკვნა ვერ ასახავდა 1990 წელს მიყენებულ დაზიანებებსა და მათ მიერ გამოწვეული შედეგების სერიოზულობას.
179. პროკურორმა მოითხოვა ახალი დასკვნა. სხვა საკითხებთან ერთად, მან თხოვა სასამართლო ექსპერტიზას შეემოწმებინათ თუ რამდენად არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მომჩივნის 1990 წლის ივნისის დაზიანებასა და დასკვნის მომზადების მოთხოვნის მომენტისათვის მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის.
180. დაკითხვისას მომჩივანს შესთავაზეს 1990 წლის 13 ივნისის მოვლენების ვიდეო ჩანაწერის ხილვა, მათ შორის სახელმწიფო სატელევიზიო სადგურის მთავარ შენობასთან მიმდინარე მოვლენებისაც. მან ამოიცნო საკუთარი თავი და მოითხოვა ვიდეო ჩანაწერის დამატება საგამოძიებო მასალებისათვის.
181. 2007 წლის 25 ივნისს, საქმის მასალებს დაემატა ახალი სამედიცინო დასკვნა. დასკვნაში აღინიშნა, 1990 წლის 14 ივნისის სამედიცინო ჩანაწერებზე დაყრდნობით, რომ მომჩივნის დაზიანებანი საჭიროებდა სამიდან ხუთ დღემდე სამედიცინო მკურნალობას და რომ ისინი სიცოცხლისათვის სახიფათო არ ყოფილა. დასკვნამ ხაზი გაუსვა, რომ მიზეზობრივი კავშირი 1990 წლის 13-14 ივნისის ღამეს მიყენებულ დაზიანებებსა და მომჩივნის სამედიცინო პრობლემებს შორის, რომელმაც შემდგომში გამოიწვია მრავალჯერადი ჰოსპიტალიზაცია - არ არსებობდა.
182. 2007 წლის 30 ოქტომბერს, მომჩივნის მოთხოვნით საქმის მასალებს დაემატა 1992 წლის ბუქარესტის ჰოსპიტალის ემერჯენსი განყოფილების მიერ შედგენილი სამედიცინო დასკვნა მისი მდგომარეობის შესახებ.
183. ეროვნული სოციალური დაცვის ფონდის სამედიცინო საბჭოს მომჩივანისათვის უკვე გაცემული ჰქონდა სერთიფიკატი 2007 წლის 24 მაისს, რომელშიც მითითებული გახლდათ, რომ მას აღენიშნებოდა „აქცენტირებული საერთო დაზიანება“ რის შედეგადაც მას არ შეეძლო მუშაობა. დასკვნის შესაბამისი ნაწილი აღნიშნავდა შემდეგს:
„პაციენტის საქმეში არსებული სხვა სამედიცინო ჩანაწერებისა და ბოლოდროს დამატებული დოკუმენტების გათვალისწინებით... ასევე 2007 წლის 24 მაისს ჩატარებული კლინიკური ფსიქიატრიიული გამოკვლევის საფუძველზე, სპეციალიზირებული კომიტეტი და ზემდგომი კომიტეტი მივიდა შემდეგ კლინიკურ დასკვნამდე: პიროვნული აშლილობის სხვადახვა ფორმები, დამძიმებული ორგანული მიზეზებით. მწვავე ტრავმატული ტვინის დაზიანება 1990 წელს (თავდასხმა). ეპილეფსია ნაწილობრივ გენერალიზებული მეორადი კრიზი, დადასტურებული კლინიკურად და ეეგ მიერ, ამჟამად იშვიათად... სუპრავენტრიკულარული შემთხვევები სამედიცინო ისტორიაში (არარეგულარული გულის რითმი (ფრიალი) და ატრიოვენტრიკულარული ბლოკი..., დაბრუნებადი სინუს რითმით ... კარდიოვერსიის შემდეგ.
ფუნქციური დიაგნოზი: აქცენტირებული საერთო დაზიანება.
სამუშაოდ ვარგისიანობა: სრულად უვარგისი, ინვალიდობის მე-2 ხარისხი:
ადაპტირებული უუნარობა: 72%„
184. ამასობაში, 2004 წლის 10 მაისს, მომჩივნის მიერ იმავე ფაქტებზე დაყრდნობით, მკვლელობის მცდელობის შესახებ წარმოდგენილი საჩივრის პასუხად ბუქარესტის საქალაქო სასამართლოს პორკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება დევნის არდაწყების შესახებ.
(ბ) სამართალწარმოებაში სამოქალაქო მხარედ ჩართვის შესახებ მომჩივანი ასოციაციის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საჩივრის განხილვის განმარტებანი
185. 1990 წლის 9 ივლისს, N. 02515 სამხედრო ნაწილმა მომჩივან ასოციაციას გაუგზავნა წერილი, სადაც ატყობინებდა, რომ „[ასოციაციის სათაო ოფისში] 1990 წლის 14 ივნისს ნაპოვნ ნივთთა ინვენტარიზაცია შედგა გენერალური პროკურატურის წარმომადგენლების მიერ (Procuratura Generală) და, ოფიციალურ ანგარიშთან ერთად, მდებარეობდა ბუქარესტის პროკურატურის მთავარ ოფისში (Procuratura Municipiului Bucureşti)”.
186. 1990 წლის 22 ივლისს პოლიციის ორი ოფიცერი მივიდა მომჩივანი ასოციაციის სათაო ოფისში. მათ აღნიშნეს, რომ ფანჯრები ჩატახილი იყო და საკეტი გატეხილი, და რომ სათაო ოფისში არსებული ნივთები „სრულიად დარბეული“. მათ შეადგინეს ანგარიში ასოციაციის ლიდერებისა და მოწმის თანდასწრებით.
187. 1990 წლის 26 ივნისს მომჩივანმა ასოციაციამ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანეს ბუქარესტის პროკურატურაში, სადაც ასაჩივრებდნენ სათაო ოფისის დარბეავს და მათ წევრებზე თავდასხმას 1990 წლის 14 ივნისს. ისინი ითხოვდნენ ყველა ჩამორთმეული მასალისა და დოკუმენტის რესტიტუციას. ამასთანავე, ითხოვნდნენ სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მხარედ ჩართულობას.
188. 1997 წლის 22 ოქტომბერს პოლიციის გენერალურმა ინსპექციამ მართლმსაჯულების უზენაესი სასამართლოს პროკურატურას გაუგზავნა ოცდაერთი საქმის მასალები, რომელიც ეხებოდა 1990 წლის 13-14 ივნისის მოვლენებსა და დაიწყეს რამდენიმე ინდივიდისა და იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საჩივრების განხილვა. მოცემული მასალები წარმოადგენდნენ საქმის N. 1476/P/1990 ნაწილს, და ეხებოდა მომჩივანი ასოციაციის საჩივარს მათი რამდენიმე წევრის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ. პოლიციის გენერალურმა ინსპექციამ სთხოვა პროკურატურას ეცნობებინათ მათთვის თუ რა ზომების მიღება მოხდებოდა მოცემული გამოძიების მიზნებისათვის დაკითხვების წარმოების ფარგლებში.
189. 2009 წლის 17 ივნისამდე, მაშინ როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დევნის არდაწყების შესახებ, მომჩივანი ასოციაცია რეგულარულად უკავშირდებოდა მართლმსაჯულების უზენაესი სასამართლოს პროკურატურას, შემდგომ კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოს, რათა მიეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და მოეთხოვა დამატებითი საგამოძიებო ზომები.
...
სამართალი კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების სავარაუდო დარღვევა
199. ქ-ნი ანკა მოკანუ და ბ-ნი მარინ სტოიკა აცხადებდნენ, რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლით ნაკისრი პროცედურული ვალდებულებანი. ისინი მიუთითებდნენ, რომ მოცემული მუხლების მიხედვით სახელმწიფოს ევალება ეფექტიანი, მიუკერძოებელი და სიღრმისეული გამოძიების წარმოება, რომელიც დაადგენდა და დასჯიდა იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ 1990 წლის 13 და 14 ივნისს დემონსტრანტების შეიარაღებულ რეპრესიაზე, რომლის ფარლგებშიც, ბ-ნი ვალიკუ-ვალენტინ მოკანუ, პირველი მომჩივნის ქმარი, მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო მეორე მომჩივანი კი დაუქვემდებარეს არასათანადო მოპყრობას.
მე-2 მუხლის შესაბამისი ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 2
„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლებაკანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი...“
მე-3 მუხლი აღნიშნავს:
მუხლი 3
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.“
ა. სასამართლოს იურისდიქცია ratione temporis
200. სასამართლო აღნიშნავს- მოპასუხე მთავრობას დიდი პალატის წინაშე არ დაუყენებია ratione temporis საფუძველზე იურისდიქციის არ ქონის საკითხი. თუმცა, მათ აღნიშნეს, რომ სასამართლოს შეუძლია მის წინაშე წარმოდგენილი მხოლოდ იმ საჩივრების განხილვა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 1994 წლის 20 ივნისის შემდეგ, ანუ, მას მერე, რაც კონვენცია ძალაში შევიდა რუმინეთისათვის.
201. სასამართლო იმეორებს - იგი უნდა დარწმუნდეს, რომ ფლობს იურისდიქციას მის წინაშე წარმოდგენილ ნებისმიერ საქმეზე და, რომ შესაბამისად, ვალდებულია განიხილოს საკუთარი იურისდიქციის არსებობა სამართალწარმოების ყოველ ეტაპზე, მიუხედაავდ იმისა, მხარეები ამ საკითხზე პრეტენზიას გამოთქვამენ თუ არა (იხ.Blečić v. Croatia [GC], no. 59532/00, § 67, ECHR 2006‑III).
პალატის გადაწყვეტილება
202. პალატამ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებიდან გამომდინარე ეფექტიანი გამოძიების ვალდებულება წარმოიშვა დამოუკიდებლად და ავტონომიურ ვალდებულებას წარმოადგენს, რომელიც სახელმწიფოსათვის სავალდებულოა მაშინაც კი, როდესაც სიცოცხლის უფლებისა თუ პირადი ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფას ადგილი ჰქონდა კონვენციის ძალაში შესვლამდე მოცემული სახელმწიფოს მიმართ. მოცემული გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ გაიმეორა საქმეში Šilih v. Slovenia judgment ([GC], no. 71463/01, §§ 159-163, 9 აპრილი 2009)განხილული პრინციპები და შემდგომ გამოიყენა იგი რუმინეთის წინააღმდეგ განხილულ საქმეში, რომელიც ეხებოდა 1989 წლის დეკემბერში განხორციელებულ მოვლენებს (იხ. Agache and Others v. Romania, no. 2712/02, §§ 70-73, 20 ოქტომბერი 2009; Şandru and Others v. Romania, no. 22465/03, § 59, 8 დეკემბერი 2009; და Association “21 December 1989” and Others v. Romania, nos. 33810/07 და 18817/08, §§ 114-118, 24 მაისი 2011).
203. მან ასევე მიიჩნია - იმისათვის, რომ პროცედურული ვალდებულება დადგეს, უნდა დადგინდეს, რომ პროცედურული ნაბიჯების მნიშვნელოვანი ოდენობა განხორციელდა ან უნდა განხორციელებულიყო მოცემული სახელმწიფოს მიერ კონვენციის რატიფიკაციის შემდგომ. მოცემული პრინციპების წინამდებარე საქმის მიმართ გამოყენებისას, პალატამ აღნიშნა, რომ 1990 წლის ივნისში დემონსტრაციის ძალადობრივად ჩახშობის მიმართ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო 1990 წელს და გაგრძელდა 1994 წლის 29 ივნისის შემდეგ და პროცედურული ზომების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ თარიღის შემდეგ იქნა მიღებული.
204. პალატამ, შესაბამისად, მიიჩნია, რომ მას ჰქონდა ratione temporis იურისდიქცია კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურულ დარღვევაზე და არ დააკმაყოფილა ამ მხრივ მთავრობის მიერ წამოყენებული პრეტენზია ბ-ნი სტოიკას საჩივრის მისამართით.
სასამართლოს შეფასება
205. საქმეში Janowiec and Others v. Russia ([GC], nos. 55508/07 and 29520/09, §§ 128-151, 21 October 2013), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დამატებითი განმარტებანი მისი იურისდიქციის დროით შეზღუდვებზე - აქამდე განხილული საქმეში Šilih(ციტირებული ზემოთ, პარა 162-163) - იმ გარდაცვალებებისა თუ არასათანადო მოპყრობის გამოძიების პროცედურული ვალდებულებასთან მიმართებაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა მოპასუხე სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლამდე („კრიტიკული თარიღი“).
206. სასამართლომ დაადგინა, რომ დროითი იურისდიქცია მკაცრად იყო შემოფარგლული პროცედურული მოქმედებებით, რომელიც განხორციელდა ან უნდა განხორციელებულიყო მოპასუხე სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ, და რომ იგი დამოკიდებული გახლდათ მე-2 და მე-3 მუხლით პროცედურული ვალდებულების წარმომშობ მოვლენასა და კონვენციის ძალაში შესვლას შორის ჯეროვანი კავშირის არსებობაზე. სასამართლომ დასძინა, რომ ამგვარი კავშირი უპირატესად განისაზღვრებოდა გამომწვევ მოვლენასა და კრიტიკულ თარიღს შორის დროითი სიახლოვით, რომელიც ურთიერთისაგან მხოლოდ მცირე, გონივრული ვადით უნდა იყოს დაშორებული და არ უნდა აღემატებოდეს, როგორც წესი, ათ წელს (იხ.Janowiec and Others, ციტირებული ზემოთ, § 146). ამავდროულად, სასამართლომ დააკონკრეტა, რომ მოცემული ვადაც არ იყო თავისთავად გადამწყვეტი. ამ მხრივ, მან აღნიშნა, რომ კავშირი შესაძლოა დადაგინდეს მხოლოდ მაშინ, თუკი გამოძიების დიდი ნაწილი - ანუ, გარდაცვალების გამომწვევი მიზეზისა თუ პასუხისმგებელი პირების დადგენის განსასაზღვრად გატარებული პროცედურული ნაბიჯების მნიშვნელოვანი ნაწილი - განხორციელდა ან უნდა განხორციელებულიყო კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ პერიოდში (იხ. Janowiec and Others, ციტირებული ზემოთ, § 147).
207. წინამდებარე საქმეში, სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-2 და მე-3 ნაწილის პროცედურული ასპექტით წარმოდგენილი საჩივრები ეხება 1990 წლის 13-14 ივნისს, მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს განხორციელებული რეპრესიების გამოძიებას და რომ მოცემული რეპრესიების შედეგად გარდაიცვალა პირველი მომჩივნის ქმარი და შეიზღუდა მეორე მომჩივნის ფიზიკურ ხელშეუხებლობის უფლება. გამოძიება დაიწყო 1990 წელს, მოვლენებიდან მალევე, და, inter alia განხორციელდა საგამოძიებო ზომებიც, რომლებიც უპირატესად მიზნად ისახავდა იმ მსხვერპლთა დადგენას, რომლებიც მოკლულ იქნენ ცეცხლსასროლი იარაღით, მათ შორის მომჩივნის მეუღლეც.
208. უნდა აღინიშნოს, რომ განხილულ მოვლენასა და რუმინეთისათვის კონვენციის ძალაში შესვლას შორის გავიდა ოთხი წელი - 1994 წლის 20 ივნისი. მოცემული დრო საკმაოდ მოკლეა. არის ათ წელზე ნაკლები და იმაზე ნაკლები, ვიდრე სასამართლო იხილავს ხოლმე მსგავს საქმეებს (იხ.Şandru and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 55-59; Paçacı and Others v. Turkey, no. 3064/07, §§ 63-66, 8 ნოემბერი 2011; დაJularić v. Croatia, no. 20106/06, §§ 45-51, 20 იანვარი 2011).
209. კრიტიკულ თარიღამდე, გამოძიების ფარგლებში განხორციელდა მცირე პროცედურული მოქმედება. სწორედ ამ თარიღის შემდეგ, განსაკუთრებით კი 1997 წლიდან მოყოლებული, მიიღო გამოძიებამ ფორმა, გაერთიანდა რა აქამდე მიმოფანტული ათობით საქმე და წარუდგა ბრალი მაღალჩინოსან სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს. ამასთანავე, სასამართლოს წინაშე წარდგომის შესახებ გადაწყვეტილებანი და სასამართლოს გადაწყვეტილებანი მოცემულ საქმეზე, ყველა მიღებულ იქნა კრიტიკული თარიღის შემდეგ (იხ. inter alia მართლმსაჯულების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი სასამართლოს წინაშე წარდგომის შესახებ, დათარიღებული 2000 წლის 18 მაისითა და 2007 წლის 27 ივლისით, საკასაციო და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრისა და 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებანი).
210. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამართალწარმოების უდიდესი ნაწილი და ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურული ზომები მიღებულ იქნა კრიტიკული თარიღის შემდეგ.
211. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მას გააჩნია ratione temporis იურისდიქცია რათა განიხილოს ქ-ნ ანკა მოკანუსა და ბ-ნ მარინ სტოიკას მიერ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილით წარმოდგენილი საჩივრები იმდენად, რამდენადაც ისინი ეხება რუმინეთისათვის კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ განხორციელებულ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას.
...
გ. ბრალდებანი ბ-ნი სტოიკას საჩივრის ხანდაზმულობის შესახებ
237. პალატის წინაშე წამოყენებული პირველადი პრეტენზიის აშკარად განმეორების გარეშე, ბ-ნი მარინ სტოიკას მიერ მე-3 მუხლით წარმოდგენილ საჩივართან მიმართებაში მთავრობამ განაცხადა, რომ მას მეტი დაკვირვება მართებდა პირველი, ეროვნული ორგანოების წინაშე სისხლის სამართლის საჩივრის წარმოდგენისას და მეორე, საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე შეტანისას.
პალატის გადაწყეტილება
238. პალატამ მიიჩნია, რომ მეორე პრეტენზია - რომლის მიხედვითაც ბ-ნმა სტოიკამ სისხლის სამართლებრივი საჩივარი შესაბამის ორგანოებში დაგვიანებით შეიტანა - უნდა გაერთიანდეს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის შესახებ საჩივრის არსებით განხილვასთან ერთად, და საჩივარი დასაშვებად გამოაცხადა.
მთავრობის არგუმენტები
239. მთავრობამ აღნიშნა, რომ 1990 წლის 13-14 ივნისს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების შესახებ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო 1990 წელს და მიუთითა, რომ გამოძიების დაწყებისა და ხელისუფლების მიერ ყველა დაზარალებულის დადგენის სირთულეების მიუხედავად, მომჩივანი სამართალწარმოებაში არ ჩართულა 2001 წლამდე.
240. ამ მხრივ, მთავრობა მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სავარაუდო მსხვერპლმა ისარგებლოს გამოძიების დასაწყებად სხვა პირთა მიერ გადადგმული ნაბიჯებით და ამ დროს არ იქნას მოხმობილი კონვენციური მექანიზმი, კერძოდ კი შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის პრინციპი გასაჩივრების ინდივიდუალურ უფლებასთან მიმართებაში.
241. შემდგომი საქმეების მოხმობით Toader and Mihaela Toma v. Romania (no. 34403/05, (dec.), 18 სექტემბერი 2012) დაPetyo Popov v. Bulgaria (no. 75022/01, 22 იანვარ 2009), მთავრობამ აღნიშნა, რომ სასამართლომ გააკრიტიკა იმ მომჩივანთა ქმედებები, რომლებმაც კონვენციის მე-3 მუხლით საჩივრები ეროვნული განმხილველი ორგანოების წინაშე არ წარადგინეს ჯეროვანი ფორმით.
242. იმდენად რამდენადაც მომჩივანმა საგამომძიებო ორგანოების წინაშე მიმართვისას საკუთარი პასიურობა დააფუძნა სავარაუდო უუნარობას, მთავრობა აღნიშნავს, რომ ძალადობა, რომელსაც მომჩივანი სავარაუდოდ დაექვემდებარა, განხორციელდა 1990 წლის ივნისსში და რომ შედეგად სამედიცინო დახმარება მას სჭირდებოდა მხოლო 3-5 დღის განმავლობაში და რომ იგი არ იყო ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული და რომ მას არ წარმოუდგენია სამედიცინო დასკვნები, რომელიც დაადასტურებდა მის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ უუნარობას, რომელიც კავშირში იქნებოდა გასაჩივრებულ მოვლენებთან.
243. მთავრობამ დასძინა, რომ 1990 წლის შემდეგ, სოციალური და პოლიტიკური კლიმატი ხელსაყრელი იყო დაზარალებულთათვის და რომ მომჩივნის მიერ მოხმობილი შიში, შესაბამისად, უსაფუძვლო გახლდათ. ამ მხრივ, მთავრობამ აღნიშნა, რომ სასამართლო დაზარალებული პირის მოწყვლადობას ითვალისწინებს მხოლოდ უკიდურესად კრიტიკულ ვითარებებში, როდესაც მსხვერპლი გამოხატავს დასაბუთებულ შიშს ეროვნული კონტექსტის მიხედვით.
244. მოიხმო რა შემდეგი საქმეები Narin v. Turkey (no. 18907/02, 15 დეკემბერი 2009) დაFrandes v. Romania ((dec.), no. 35802/05, 17 მაისი 2011), მთავრობამ მიუთითა, რომ სასამართლომ, რომელმაც უნდა შეაფასოს მხარეთა ჯეროვანება, უნდა გაითვალისწინოს, რომ განგრძობად ვითარებებთან დაკავშირებული საჩივრები არ უნდა იქნას დაშვებული ხანდაზმულობის გამო. მთავრობამ მიიჩნია, რომ მოცემული წესი ვრცელდებოდა იმ მომჩივნებზე, რომლებმაც მსგავსად ბ-ნი სტოიკასი, არამართებულად გააჭიანურეს ან აშკარა მიზეზის გარეშე არ მიმართეს სასამართლოს მას შემდეგ რაც მიხვდნენ, რომ ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება კარგავდა ეფექტიანობას ან, მას შემდეგ, როდესაც უნდა მიხვედრილიყვნენ ამას. მათი აზრით, ბ-ნი სტოიკას ვითარება დიდწილად განსხვავდებოდა ყველა სხვა მომჩივანის შემთხვევისაგან საქმეში Er and Others v. Turkey (no. 23016/04, 31 ივლისი 2012), იმის გამო, რომ მომჩივანს წინამდებარე საქმეში ნებისმიერ დროს შეეძლო დაკავშირებოდა ხელისუფლებას, რომელიც არც ფაქტებს მალავდა და არც გარემოებებს უარყოფდა.
მომჩივნის არგუმენტები
245. მომჩივანმა განმარტა, რომ მან დაიცადა 2001 წლის 18 ივნისამდე სისხლის სამართლის საჩივრის წარსადგენად იმ მძიმე გამოცდილების გამო, რომელიც მან მიიღო 1990 წლის 13-14 ივნისის ღამეს, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მიერ ფართომასშტაბიანი რეპრესიებს იგი, ათას სხვა ადამიანთან ერთად, დაექვემდებარა. მან მიიჩნია, რომ გამოძიება არ ეხებოდა სახელმწიფოს მიერ ძალის უკანონო გამოყენების ჩვეულებრივ შემთხვევას, არამედ ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს, რომელიც ორკესტრირებული იყო სახელმწიფო ორგანოების უმაღლეს დონეზე.
ამ მხრივ, იგი აცხადებდა, რომ 1990 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, იგი ისეთ ტანჯვაში იმყოფებოდა, რომ სამი თვის განმავლობაში უჭირდა შინიდან გამოსვლაც კი. ხელისუფლებიც სისასტიკის შიშით მისი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ წარმოეშვა მუდმივი ფსიქოლოგიური პრობლემები.
246. მან განაცხადა, რომ ასეთ გარემოებებში, მხოლოდ მართლმსაჯულების ორგანოების მეყსიერი რეაგირება აღუდგენდა მას რწმენას და უბიძგებდა საჩივრის შეტანისაკენ. მომჩივანმა მიუთითა, რომ 2000 წლამდე ამგვარ რეაგირებას ადგილი არ ჰქონია და აღნიშნა, რომ მან საჩივარი წარმოადგინა მაშინ, როდესაც მაღალჩინოსან სახელმწიფო მოხელეებს პირველად დაედოთ მსჯავრი და დაევალათ სასამართლოს წინაშე წარდგომა.
247. მან აღნიშნა, რომ მის საჩივარზე ეროვნულ ორგანოებს არ აღუნიშნავთ ხანდაზმულობა, რომ იგი უმალვე გაერთიანდა გასაჩივრებული მოვლენების საგამოძიებო უფრო ფართო ფაილთან და რომ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებანი ყოველგვარი პასიურობის ბრალდების გარეშე.
248. მომჩივანმა მიიჩნია, რომ 2001 წლამდე საჩივრის წარმოუდგენლობა არ ცვლიდა გამოძიების ეფექტიანობის ნაწილს. ამ მხრივ, მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოებს შეეძლოთ მისი იდენტიფიცირება იმ ვიდეო ჩანაწერის დახმარებით, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიამ გააკეთა მის სათაო ოფისში განვითარებული მოვლენების შესახებ, ან თუნდაც იმ სამედიცინო ჩანაწერებით იყო მისი დადგენა შესახლებელი, რომელიც inter alia შედგა 1990 წლის 13-14 ივნისის ღამეს ჰოსპიტალის ემერჯენსი განყოფილებაში.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ 2000 წლის 18 მაისის სასამართლოზე წარდგომის გადაწყვეტილების მეოთხე ნაწილი ადგენდა გამოძიების გაგრძელების საჭიროებას. სამხედრო მოსამსახურეებისა და მაღაროელების მიერ 1990 წლის 13 ივნისიდან მოყოლებული 1,300 პირის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევა და იმავე პერიოდში ასობით ადამიანზე თავდასხმა ჯერ ისევ გამოსაძიებელი იყო.
249. მომჩივანმა განაცხადა, რომ გამოძიებაში ჩართვის დღიდან (2001 წლიდან)იგი უაღრესადაქტიური იყო და რომ რეგულარულად ითხოვდა ინფორმაციას სამართალწარმოების განვითარებაზე, რის დასტურადაც წარმოადგინა კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს პროკურორის ოფისის სამხედრო სექციის რეესტრში ჩანაწერები.
250. დაბოლოს, მან მიიჩნია, რომ საჩივრის უფრო სწრაფად წარმოდგენას გამოძიების შედეგზე გავლენა არ ექნებოდა, იმის გამო, რომ გადაწყვეტილება დევნის არდაწყების შესახებ, მიღებული 2009 წლის 17 ივნისს, ვრცელდებოდა იმ დაზარალებულებზეც, რომლებსაც ჰქონდათ სიმამაცე და საჩივარი 2001 წლამდე წარმოადგინეს.
მესამე მხარის მოსაზრებანი
251. არასამთავრობო ორგანიზაცია „Redress” მიხედვით, რომელიც საქმეში მესამე მხარედ ერთვებოდა, არასათანადო მოპყრობის მძიმე ფსიქოლოგიურმა გავლენამ იქონია შედეგი მსხვერპლის უნარზე მიემართა სამართლებრივი დაკმაყოფილების გზებისათვის. მოცემული ფენომენის რეალობა აღიარებულია inter alia გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერაც (ზოგადი კომენტარი N. 3, 2012, პარა 38, ციტირებული ზემოთ).
252. ამასთანავე, სასამართლოს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც დარღვევები ხორციელდება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ, მათი ფსიქოლოგიური გავლენა შესაძლოა კიდევ უფრო ძლიერი იყოს (Tyrer v. the United Kingdom, 25 აპრილი 1978, § 33, Series A no. 26).
253. სამეცდნიერო კვლევებმა დაადასტურეს, რომ არასათანადო მოპყრობა იმ სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მხრიდან, რომელთაც ევალდებათ პირთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, შესაძლოა ჰქონდეს სპეციალური ფსიქოლოგიური გავლენა, რამაც შესაძლოა ახსნას საჩივრის წარმოდგენაში გაჭიანურება ან საერთოდ, საჩივრის არ წარმოდგენა (აქ, მათ მოიხმეს შემდეგი ავტორები to L. Piwowarczyk, A. Moreno, M. Grodin, Health Care of Torture Survivors, Journal of the American Medical Association, vol. 284 (2000), pp. 539-41). ფსიქოლოგიური გადასახედიდან, მსგავსი დამოკიდებულების საფუძველი შესაძლოა იყოს სხვათა მიმართ ნდობის მსხვერვა, განსაკუთრებით კი ეს სახელმწიფოს ორგანოებს ეხება. სახელმწიფო ორგანოების მიერ დაზარალებული პირები თავს კიდევ უფრო მოწყვლადად გრძნობენ ჩვეულებრივ დამნაშავეებთან შედარებით, რადგან მათ მცირე ან საერთოდ არანაირი იმედი არ აქვთ, რომ სახელმწიფო ორგანოები გამოიძიებენ მათ საქმეს a fortiori როდესაც სახელმწიფო განაგრძობს მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას ან არ ამჟღავნებს ეფექტიანი გამოძიების წარმოების არანაირ ნიშანს (A. Burnett, M. Peel, The Health of Survivors of Torture and Organised Violence, British Medical Journal, vol. 322 (2001), pp. 606-09).
254. კვლევა ასევე მიუთითებს, რომ მსხვერპლნი, რომლებიც არ იყვნენ აქტივისტები ან დემონსტრანტები კიდევ უფრო მეტად იტანჯებოდნენ არასათანადო მოპყრობისაგან და შესაძლოა არაპროპორციული გავლენაც კი ჰქონოდა მათ მიმართ ძალადობას.
255. დაზარალებულთა რთული ვითარების გათვალისწინებით, საუბარია როგორც მათ მოწყვლადობაზე, ასევე მტკიცებულებებზე წვდომის სირთულეებზე, ეროვნულ სასამართლოებს ჰქონდათ მზარდი ტენდენცია გაეთვალიწინებინათ არსებული რეალობა და შეეზღუდათ ხანდაზმულობის წესის მოქმედება მაშინ, როდესაც განიხილავდნენ წამებას დაქვემდებარებული პირების მიერ, მოვლენებიდან მრავალი წლის შემდეგ წარმოდგენილ საჩივრებს(ჰააგის საოლქო სასამართლო, Wisah Binti Silan and Others v. the Netherlands, 14 სექტემბერი 2011, პარა. 4.15-4.18, Nederlandse Jurisprudentie 2012, no. 578; High Court (England and Wales), Mutua and Others v. Foreign and Commonwealth Office, 5 October 2012, [2012] EWHC 2678 (QB);და the House of Lords (United Kingdom), A. v. Hoare, 30 იანვარი 2008, [2008] UKHL 6, პარა. 44-49).
სასამართლოს შეფასება
256. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ საჩივრის დასაწყისშივე მოიხმო მომჩივნის მიერ ეროვნული ორგანოების წინაშე საჩივრის წარმოდგენის დაგვიანება. ამ მხრივ, მათ ასევე შეახსენეს მხარეს გულმოდგინების ვალდებულება სასამართლოსადმი მიმართვის მსურველთათვის.
257. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის გულმოდგინების საკითხი მჭიდრო კავშირშია ეროვნული სამართლებრივი სისტემის წინაშე სისხლის სამართლის საჩივრის წარმოდგენის დაგვიანებასთან. ერთად აღებული, ეს არგუმენტები შესაძლოა მიუთითებდეს კონვენციის 35.1 მუხლით დადგენილი ექვსთვიანი დროითი შეზღუდვის დარღვევაზე. ამიტომ, პრეტენზია უნდა განიხილოს სასამართლომ (იხ.Micu v. Romania, no. 29883/06, § 108, 8 თებერვალი 2011).
(ა) ზოგადი პრინციპები
258. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ კონვენციის 35.1 მუხლით დადგენილ ექვსთვიან წესს რამდენიმე მიზანი აქვს. მისი პირველადი მიზანი კი გახლავთ სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფა ანუ საქმეები, რომელბიც კონვენციით დადგენილ საკითხებს ეხება გონივრულ ვადაში იქნას განხილული და ხელისუფლების ორგანოებმა და სხვა პირებმა, ვერ შეძლონ ხანგრძლივად პირის გაურკვეველ მდგომარეობაში ყოლა (იხ. Sabri Güneş v. Turkey[GC], no. 27396/06, § 39, 29 ივნისი 2012; El Masri v. “the former Yugoslav Republic of Macedonia” [GC], no. 39630/09, § 135, ECHR 2012; და Bayram and Yıldırım v. Turkey (dec.), no. 38587/97, ECHR 2002-III). მოცემული წესი წარმოადგენს სასამართლოს მიერ ზედამხედველობის დროით შეზღუდვას და ნიშანს, როგორც ინდივიდების ისე სახელმწიფო ორგნოებისათვის, რომ მოცემული ვადის შემდეგ, ზედამხედველობა აღარ არის შესაძლებელი (იხ.Walker v. the United Kingdom (dec.), no. 34979/97, ECHR 2000‑I; Sabri Güneş, ციტირებული ზემოთ, § 40; დაEl Masri, ციტირებული ზემოთ, § 135).
259. როგორც წესი, ექვსთვიანი პერიოდის ათვლა იწყება ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალებების ბოლო გადაწყვეტილების თარიღიდან. თუკი დასაწყისიდანვე ნათელია, რომ მოჩივნისათვის არ არსებობს ეფექტიანი დაცვის საშუალება, მაშინ პერიოდის ათვლა იწყება გასაჩივრებული მოქმედებების/აქტების ჩადენის ან მომჩივნის მიერ მის შესახებ შეტყობის ან მისი შედეგის ან ზიანის მიყენების დღიდან (იხ. სხვა მრავალს შორის Dennis and Others v. the United Kingdom (dec.), no. 76573/01, 2 ივლისი 2002; Sabri Güneş, ციტირებული ზემოთ, § 54; დაEl Masri, cited above, § 136).
260. 35.1 მუხლი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, თითქოს მომჩივანს თხოვდეს სასამართლოს წინაშე წარმოადგინოს საქმე მანამდე, სანამ მის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნულ დონეზე შესაბამისი ორგანო, ან სხვაგვარად მოხდეს სუბსიდიურობის პრინციპის დარღვევა. თუკი მომჩივანი გამოიყენებს აშკარად არსებულ ყველა სამართლებრივი დაცვის საშუალებას და მხოლოდ მას შემდეგ შეიტყობს,იმ გარემოებების შესახებ, რომელთა გამოც დაცვის საშუალებანი არაეფექტიანი ხდება, კონვენციის 35.1 მუხლის მიზნებისათვის ექვსთვიანი ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როდესაც მომჩივანმა პირველად შეიტყო ან უნდა შეეტყო განხილული გარემოებების არსებობის შესახებ (იხ. Paul and Audrey Edwards v. the United Kingdom (dec.), no. 46477/99, 4 ივნისი 2001, დაEl Masri, ციტირებული ზემოთ, § 136).
261. რაც შეეხება განგრძობად ვითარებებს, პერიოდი ყოველდღე ახლად აითვლება და როგორც წესი, მხოლოდ მისი დასრულების შემდგომ ხდება ექვსთვიანი ვადის ათვლის დაწყება (იხ.Varnava and Others v. Turkey [GC], nos. 16064/90, 16065/90, 16066/90, 16068/90, 16069/90, 16070/90, 16071/90, 16072/90 და 16073/90, § 159, ECHR‑2009, დაSabri Güneş, ციტირებული ზემოთ, § 54).
262. თუმცა, ყველა განგრძობადი ვითარება მსგავსი არ არის. როდესაც დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმის მოსაგვარებლად, მაშინ მომჩივანს ეკისრება ტვირთი უზრუნველყოს სასარჩელო მოთხოვნების დროულად წამოყენება ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე საჭირო დაჩქარებით, რათა უზრუნველყოს მათი ჯეროვნად და სამართლიანად გადაწყვეტა (იხ.Varnava and Others, ციტირებული ზემოთ, § 160). ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს როდესაც საჩივრები ეხება გარკვეული მოვლენების გამოძიების კონვენციურ ვალდეულებას. იმის გამო, რომ დროის დინება მტკიცებულებებზე ნეგატიურად აისახება, დრო გავლენას ახდენს არა მარტო სახელმწიფოს ვალდებულებაზე გამოიძიოს, არამედ თავად ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის მნიშვნელობასა და ეფექტიანობაზეც. მომჩივანი აქტიური უნდა იყოს როგორც კი შეიტყობს, რომ არ შედგება ეფექტიანი გამოძიება, ანუ, როგორც კი მიხვდება, რომ მოპასუხე სახელმწიფო არ შეასრულებს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებას (იხ. Chiragov and Others v. Armenia (dec.) [GC], no. 13216/05, § 136, 14 დეკემბერი 2011, დაSargsyan v. Azerbaijan (dec.) [GC], no. 40167/06, § 135, 14 დეკემბერი 2011, ორივე მოიხმობს საქმესVarnava and Others, ციტირებული ზემოთ, § 161).
263. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიება, ისევე როგორც ნათესავის საეჭვო გარდაცვლების გამოძიება, მომჩივნებს აკისრებს ვალდებულებას გადადგან ნაბიჯები და აკონტროლონ გამოძიების პროგრესი ან მისი ნაკლებობა, და რომ საჩივრები ჯეროვანი დაჩქარებით წარმოადგინონ როგორც კი შეიტყობენ ან წესით როდესაც უნდა შეეტყოთ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების არაეფექტიანობის შესახებ (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებში Bulut and Yavuz,ციტირებული ზემოთ; Bayram and Yıldırım, ციტირებული ზემოთ; Frandes, ციტირებული ზემოთ, §§ 18-23; დაAtallah v. France (dec.), no. 51987/07, 30 აგვისტო 2011).
264. შესაბამისად, გამომდინარეობს, რომ მომჩივანზე დაკისრებული გულმოდგინების ვალდებულება მოიცავს ორ განსხვავებულ, მაგრამ მჭიდროდ დაკავშირებულ ასპექტს: პირველი, მომჩივანი დროულად უნდა დაუკავშირდეს ეროვნულ ორგანოებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად - რაც გულისხმობს გულმოდგინეობას რადგან ნებისმიერმა დაგვიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს გამოძიების ეფექტიანობისათვის საფრთხის შექმნა - და, მეორეს მხრივ, საჩივარი დროულად უნდა წარმოადგინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, როგორც კი შეიტყობენ ან უნდა შეეტყოთ გამოძიების არაეფექტიანობის შესახებ (იხ. Nasirkhayeva v. Russia (dec.), no. 1721/07, 31 მაისი 2011; Akhvlediani and Others v. Georgia (dec.), no. 22026/10, §§ 23-29, 9 აპრილი 2013; დაGusar v. Moldova (dec.),no. 37204/02, §§ 14-17, 30 აპრილი 2013).
265. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იმეორებს, რომ გულმოდგინეობის პირველი ასპექტი - ანუ ეროვნული ორგანოებისადმი დაუყოვნებლივ მიმართვა - უნდა შეფასდეს საქმის გარემოებების მიხედვით. ამ მხრივ, დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ ჩივილის დაგვიანება არ არის გადამწყვეტი, როდესაც ხელისუფლების ორგანოებს უნდა სცოდნოდათ, რომ მომჩივანი შესაძლოა დაქვემდებარებულიყო არასათანადო მოპყრობას - განსაკუთრებით იმ თავდასხმების ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პოლიციელების თანდასწრებით - რადგან ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას ეკისრება გამოძიების ვალდებულება საჩივრის წარმოდგენის გარეშეც (იხ.Velev v. Bulgaria, no. 43531/08, §§ 59-60, 16 აპრილი 2013). ასეთი დაგვიანება გავლენას არ ახდენს საჩივრის დასაშვებობაზე, როდესაც მომჩივანი იმყოფებოდა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში, ითვალისწინებდა რა საქმის სირთულეს და სავარაუდო დარღვევების ბუნებას და როდესაც გონივრული იყო მომჩივნის მიერ მოვლენათა განვითარების დალოდება, რომელთა შედეგადაც შესაძლო იყო გადაწყვეტილიყო მნიშვნელოვანი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საკითხები (იხ.El Masri,ციტირებული ზემოთ, § 142).
266. რაც შეეხება გულმოდგინების მეორე ასპექტს - ანუ მომჩივნის ვალდებულებას საჩივარი წარმოადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე როგორც კი მიხვდება, ანუ უნდა მიმხვდარიყო, რომ გამოძიება არ არის ეფექტიანი - სასამართლომ ამ მხრივ აღნიშნა, რომ ამ მომენტის ზუსტი განსაზღვრა დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე და რთულია მისი სიზუსტით დადგენა (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Nasirkhayeva, ციტირებული ზემოთ).
267. იმ მომჩივანთა გულმოდგინების მასშტაბების განსაზღვრისას, რომელთაც სურთ გაასაჩივრონ ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა გარდაცვალების ან არასათანადო მოპყრობის შემთხვევებში, ბოლო წლების განმავლობაში სასამართლო დიდწილად ხელმძღვანელობს მისი პრაქტიკით, რომელიც შემუშავებული აქვს იმ მომჩივანთა მიმართ, რომლებიც ასაჩივრებენ საერთაშორისო კონფლიქტის ან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს პირთა გაუჩინარებას (იხ.Varnava and Others, ციტირებული ზემოთ, § 165, ECHR 2009; Yetişen and Others v. Turkey, no. 21099/06, §§ 72-85, 10 ივლისი 2012;დაEr and Others, ციტირებული ზემოთ, § 52), მიუხედავად იმ განსხვავებისა, რომელიც არსებობს ამ ორი ტიპის ვითარებებს შორის.
268. შესაბამისად, სასამართლომ ხანდაზმულობის გამო დაუშვებლად სცნო საჩივრები, სადაც ადგილი ჰქონდა გადამეტებულ ან დაუსაბუთებელ დაგვიანებას მომჩივნის მხრიდან მას შემდეგ რაც მათ შეიტყვეს ან უნდა შეეტყოთ, რომ გამოძიება არ დაიწყო ან რომ გამოძიება უმოქმედოა ან რომ არაეფექტიანი და, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, არც მომავალში არსებობდა გამოძიების ეფექტიანად წარმოების დროული და რეალისტური პერსპექტივა (იხ. inter alia, Narin v. Turkey, ციტირებული ზემოთ, § 51; Aydinlar and Others v. Turkey (dec.), no. 3575/05, 9 მარტი 2010; და გადაწყვეტილება საქმეზეFrandes, ციტირებული ზემოთ, §§ 18-23).
ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასამართლომ გადამწყვეტად მიიჩნია, რომ პირებმა, რომელთაც სურთ სასამართლოს წინაშე გამოძიების არაეფექტიანობისა თუ თავად გამოძიების არარსებობის გასაჩივრება, გაუმართლებლად არ გააჭიანურონ საჩივრის წარმოდგენა. როდესაც ადგილი აქვს დროის მნიშვნელოვან დინებასა და უმოქმედობას, უნდა მოვიდეს მომენტი, როდესაც ნათესავები უნდა მიხვდნენ, რომ ეფექტიანი გამოძიება არ მიმდინარეობს და არც იქნება მომავალში.
269. სასამართლომ დაადგინა, რომ იმდენად, რამდენადაც არსებობს გარკვეული გონივრული კონტაქტი ნათესავებსა და ხელისუფლების ორგანოებს შორის საჩივრების შესახებ და ინფორმაციის მოთხოვნით, ან გარკვეული მითითება ან რეალისტური საშუალება საგამოძიებო ზომების პროგრესისა, მაშინ მომჩივნის მხრიდან უსაფუძვლო გაჭიანურების საკითხი არ წარმოიშვება (იხ. Varnava and Others, ციტირებული ზემოთ, § 165).
(ბ) ზემორე პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
270. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანზე სავარაუდო თავდასხმა სახელმწიფო ტელევიზიის სათაო ოფისში, პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, განხორციელდა 1990 წლის 13-14 ივნისის ღამეს. სისხლის სამართლის გამოძიება მალევე დაიწყო. 2001 წლის 18 ივნისს, მოვლენებიდან თერთმეტ წელზე მეტი ხნის შემდეგ, მომჩივანმა წარმოადგინა სისხლის სამართლის საჩივარი პროკურატურაში მართლმსაჯულების უზენაესი სასამართლოს პროკურატურის სამხედრო ნაწილში (იხ. პარა. 170 ზემოთ). 2008 წლის 25 ივნისს, მოვლენებიდან თვრამეტ წელზე მეტი ხნის შემდეგ, მომჩივანმა საჩივარი შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში. 2009 წლის 17 ივნისს კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ ცოცხალი მოპასუხეების წინააღმდეგ იმის გამო, რომ ან, დანაშაული იყო ხანდაზმული ან, რომ არ არსებობდა საქმე (იხ. პარაგრაფები 156-162 ზემოთ). 2011 წლის 9 მარტს კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართლომ მომჩივნის აპელაცია არ დააკმაყოფილა (იხ. პარა. 166 ზემოთ).
271. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ პრეტენზიების ნაწილში, მთავრობამ გააკრიტიკა მომჩივნის პასიურობა 1990-2001 წლებში.
272. ექვსთვიანი წესის გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს იცოდა თუ არა მომჩივანმა, ან ხომ არ უნდა სცოდნოდა მას ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოძიების არაეფექტიანობის შესახებ. მისი უმოქმედობა ეროვნულ დონეზე სისხლის სამართლის სარჩელის წარუდგენლობით არ არის მნიშვნელოვანი ექვსთვიანი ვადის მოთხოვნის დაცვის შესაფასებლად. თუმცა, თუკი სასამართლო დაასკვნის, რომ მანამდე, სანამ მომჩივანი მიმართავდა შესაბამის ეროვნულ ორგანოებს, მან უკვე იცოდა, ან უნდა სცოდნოდა ეფექტიანი სისხლის სამართლის გამოძიების არარსებობის შესახებ, აშკარაა, რომ მის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის შემდგომი მიმართვა a fortiori წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით (იხ. გადაწყვეტილებანი ზემოთციტირებულ საქმეებში Bayram and Yıldırım და Bulut and Yavuz). გამონაკლისი იქნება ახალი მტკიცებულების ან ინფორმაციის აღმოჩენა, რომელიც ხელისუფლების ორგანოებს დააკისრებს ხელახალ ვალდებულებას განახორციელონ საგამოძიებო მოქმედებანი (იხ.Brecknell v. the United Kingdom, no. 32457/04, § 71, 27 ნოემბერი 2007, დაGürtekin and Others v. Cyprus (dec.), nos. 60441/13, 68206/13 and 68667/13, 11 მარტი 2014).
273. იმ ფაქტიდან გამომდიანრე, რომ მომჩივანმა ეროვნულ დონეზე საჩივარი ოფიციალურად წარმოადგინა მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოში პროკურატურის სამხედრო ნაწილში დაკითხვის დროს, იკვეთება, რომ იგი თვალყურს ადევნებდა 2001 წლის 18 ივნისამდე სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობას. საჩივრის წარმოუდგენლობას მომჩივანი ამართლებდა მისი მოწყვლადობით, რომელიც ეფუძნებოდა არა მარტო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას 1990 წლის ივნისში მიყენებული არასათანადო მოპყრობის გამო, არამედ უმწეობის გრძნობასაც, რომელსაც იგი განიცდიდა უშიშროების ძალების მიერ რეპრესიის მსხვერპლ მრავალ პირთან ერთად, სადაც მართლმსაჯულების ორგანოები უუნარონი აღმოჩნდნენ დროულად ემოქმედათ სათანადოდ, რაც მისცემდა მას რწმენას და უბიძგებდა გადაედგა სათანადო ნაბიჯები.
274. მსგავსად გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტისა, მოხმობილი მესამე მხარის მიერ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იაზრებს, რომ სახელმწიფოს მიერ არასათანადო მოპყრობით გამოწვეულმა ფსიქოლოგიურმა შედეგებმა შესაძლოა შეასუსტოს მსხვერპლთა უნარი გაასაჩივრონ მიყენებული მოპყრობა და, შესაბამისად, შესაძლოა წარმოადგენდეს მნიშვნელოვან დაბრკოლებას წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა მიერ მისაგებლის უფლებით სარგებლობაზე (იხ. ზოგადი კომენტარი N. 3, 2012, პარა.38, ...). ამგვარ გარემოფაქტორებს შესაძლოა ჰქონდეთ გავლენა მომჩივნის მიერ დამნაშავის პასუხისგებაში მიცემისათვის საკმარისი ნაბიჯების მიუღებლობაზე. შესაბამისად, როგორც მესამე მხარემ მიუთითა, მნიშვნელოვანია მსგავსი გარემოებების გათვალისწინება, რაც უნდა აისახოს გარკვეულ მოქნილობაში ეროვნულ დონეზე პირადი ზიანისათვის კომპენსაციის მოთხოვნით წარმოდგენილი საჩივრებისადმი ხანდაზმულობის ვადის დადგენისას (იხ. პარა. 255 ზემოთ).
275. სასამართლო აღნიშნავს, რომ 1990 წლის 13-15 ივნისის ძალიან ცოტა დაზარალებულმა პირმა თუ წარმოადგინა საჩივარი პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში (იხ. პარა. 99 ზემოთ). მართლაც, იკვეთება, რომ მათმა უმრავლესობამ საჩივრის წარდგენა გაბედა მხოლოდ 1998 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაწყებული გამოძიებისა და 2000 წლის 18 მაისის სასამართლოს წინაშე წარდგომის გადაწყვეტილების შემდეგ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ითვალისწინებს რა საქმის სრულიად გამონაკლის ვითარებას, ასკვნის, რომ მომჩივანი იმყოფებოდა იმგვარ ვითარებაში, რომელშიც შესაძლოა არ იყო უგუნური დალოდებოდა მოვლენათა შემდგომ განვითარებას უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საკითხების გადასაწყვეტად (იხ. განსხვავებული მიდგომა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში Akhvlediani and Others, ციტირებული ზემოთ, § 27).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მოწყვლადობა და უძლურების შეგრძნება - რომელიც მსგავსად მომჩივნისა აღენიშნებოდა მრავალ სხვა დაზარალებულ პირს - გახლდათ საჩივრის წარმოსადგენად მრავალწლიანი ლოდინის მიზეზი და წარმოადგენს 1990-იდან 2001 წლამდე უმოქმედობის გონივრულ და მისაღებ განმარტებას.
276. ამასთანავე, სასამართლო ითვალისწინებს რიგ სხვა ელემენტებსაც - კერძოდ სახელმწიფო ტელევიზიის ვიდეო ჩანაწერსა და მომჩივნისა და ტელევიზიაში დაკავებული სხვა პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევას - რაც მიუთითებს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან შეეძლოთ ყოველგვარი სირთულის გარეშე დაედგინათ 1990 წლის 13 ივნისს ტელევიზიის სადგურის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ისევე როგორც შემდგომ ღამეს, მრავალი სამხედრო მოსამსახურის თვალწინ ჩადენილი ძალადობისა დრამის ფარგლებში დაზარალებული პირების ვინაობა (იხ.Velev, ციტირებული ზემოთ, §§ 59-60). ამასთანავე, 1999 წლის 14 ოქტომბრისა და 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებებმა დაადგინეს გამოძიებების ჩატარება დაზარალებულების დასადგენად.
277. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება დევნის არდაწყების შესახებ, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს მიერ 2011 წლის 9 მარტს, ვრცელდებოდა ყველა დაზარალებულ პირზე. გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის შესახებ თანაბრად გავრცელდა ყველა იმ დაზარალებულ პირზე, რომლებმაც საჩივრები შეიტანეს როგორც ძალადობის შემდგომ დღეებში ისე მათზეც, რომლებმაც, მსგავსად მომჩივნისა, იჩივლეს მოგვიანებით ეტაპზე.
278. მოცემულ გარემოებებში, რთულია მივიჩნიოთ, რომ ბ-ნ მარტინ სტოიკას მიერ საჩივრის დაგვიანებას შეეძლო გამოძიების ეფექტიანობისათვის დაბრკოლება შეექმნა (იხ. განსხვავებული მიდგომა ზემოთციტირებულ Nasirkhayevaსაქმეში).
ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნის საჩივარი დაემატა საგამოძიებო საქმეს N. 75/P/1998,რომელიც ეხებოდა 1990 წლის 13-15 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულ მრავალ პირს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც პროკურატურის სამხედრო ნაწილმა დაადგინა, რომ არ ფლობდა იურისდიქციას და საქმე განსახილველად გადასცა სისხლის სამართლის სამოქალაქო ნაწილს რათა - inter alia - განეხილა ბრალდებანი სახელმწიფოს იმდროინდელი ლიდერებისა და მაღალჩინოსანი სამხედრო ოფიცრების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შესახებ, შეიცავდა ათასზე მეტი მსხვერპლის სახელს (იხ. პარა 143 ზემოთ). შესაბამისად, გამოძიება განხორციელდა სრულიად გამონაკლის გარემოებებში.
279. ამასთანავე, სასამართლო მოიხმობს ფაქტს, რომ 2001 წლიდან მოყოლებული, მომჩივანსა და სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს შორის არსებობდა შინაარსობრივი კონტაქტი ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი საჩივრის ირგვლივ, სადაც იგი ყოველწლიურად პირადად მიდიოდა პროკურატურაში რათა შეეტყო გამოძიების წინსვლის შესახებ ინფორმაცია. ამასთანავე, არსებობდა მითითებანი, რომ გამოძიება პროგრესირებდა, რაც გამოიხატებოდა შემდგომი გადაწყვეტილებებით მაღალჩინოსანი სამოქალაქო და სამხედრო პირების მიმართ ბრალის წაყენებისა და მომჩივნის მიმართ საგამოძიებო ზომების მიღების გზით, ასევე, ამ პერიოდში ჩატარდა ორი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.
280. 2001 წლის შემდეგ გამოძიების განვითარებების, განსაკუთრებით მისი მასშტაბისა და სირთულის გათვალისწინებით, რაც მთავრობის მიერაც იქნა აღიარებული, სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისი ეროვნული ორგანოების წინაშე საჩივრის წარდგენის შემდეგ, მომჩივანს შეეძლო მართლზომიერად ევარაუდა, რომ გამოძიება ეფექტიანი იყო და რომ გონივრული იყო შედეგის ლოდინი იმდენად, რამდენადაც არსებობდა საგამოძიებო მოქმედებების შემდგომი ჩატარების რეალური ალბათობა (იხ., mutatis mutandis, Palić v. Bosnia and Herzegovina, no. 4704/04, § 52, 15 თებერვალი 2011).
281. მომჩივანმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართოს წინაშე საჩივარი წარმოადგინა 2008 წლის 25 ივნისს, ეროვნულ დონეზე სისხლის სამართლის საჩივრის შეტანიდან შვიდ წელზე მეტი ხნის შემდეგ. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა იმ დროისათვის და საგამოძიებო ზომებიც იყო მიღებული. ზემოთმითითებული მიზეზების გამო (იხ. პარა 279), რომელიც ჯერ ისევ რელევანტური გახლდათ მომჩივნის მიერ სასამართლოში საჩივრის წარმოდგენის მომენტისთვის, მას ვერ გავამტყუნებთ მომეტებული დროით ლოდინისათვის.
282. ამასთანავე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მომჩივნის საქმეზე გახლავთ ზემოთგანხილული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო 2011 წლის 9 მარტს.
283. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი არ იყო დაგვიანებით წარმოდგენილი. შესაბამისად, მთავრობის პრეტენზია არ უნდა იქნეს გაზიარებული.
დ. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
პალატის გადაწყვეტილება
284. პალატამ ცალ-ცალკე განიხილა საჩივრის არსებითი მხარე კომნვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით. მათ დაასკვნეს, რომ დაირღვა მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილი ქ-ნ ანკა მოკანუს საჩივარზე და რომ დარღვევა არ ჰქონია კონვენციის მე-3 მუხლს ბ-ნი მარინ სტოიკას მისამართით.
(ა) გადაწყვეტილების ნაწილი ქ-ნ ანკა მოკანუს საქმეზე
285. ქ-ნ ანკა მოკანუსთან მიმართებაში, პალატამ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მომჩივნის ქმრის უკანონო მკვლელობის საქმეზე გაიხსნა 1990 წელს და რომ იგი ჯერ კიდევ მიმდინარეობს ოცი წლის შემდეგ. პალატამ დაასკვნა, რომ გამოძიებამ ვერ დააკმაყოფილა დროულობის მოთხოვნა.
286. მათ ასევე აღნიშნეს, რომ 1994 წელს საქმე განიხილებოდა სამხედრო ბრალმდებელი ორგანოების წინაშე, რომელიც არ გახლდათ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო და რომ გამოძიების მიმდინარეობაში არსებული წუნი, რომელიც აღიარებულ იქნა ეროვნული სასამართლოების მიერ, არ გამოსწორებულა.
287. პალატამ ასევე მიუთითა, რომ ქ-ნ ანკა მოკანუს გამოძიებაზე დაგვიანებით მიეცა წვდომა და რომ იგი სწორად არ იყო ინფორმირებული მისი მსვლელობის შესახებ.
288. ამასთანავე, პალატამ მიიჩნია, რომ ამ საქმის არსში არსებული საკითხი - კერძოდ კი მრავალი დაზარალებული პირის უფლება იცოდნენ თუ რა მოხდა, და შედეგად, ეფექტიანი მართლმსაჯულებითი გამოძიების უფლება და, რიგ შემთხვევებში, კომპენსაციის უფლება - იმდენად დიდი მნიშვნელობისა გახლდათ რუმინეთის საზოგადოებისათვის, რომ ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებს საქმე დაჩქარებულად, უსარგებლო გაჭიანურების გარეშე უნდა განეხილათ, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული დაუსჯელობა გარკვეული მოქმედებებისათვის.
289. მოცემული მოსაზრებების გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას.
(ბ) გადაწყვეტილების ნაწლი ბ-ნი მარინ სტოიკას საქმეზე
290. რაც შეეეხება ბ-ნ მარინ სტოიკას, პალატამ მიიჩნია, რომ რამდენადაც შესაბამისი ეროვნული ორგანოებისათვის იმპერატიული გახლდათ გამოძიების წარმოება და სათანადო ზომების მიღება არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, იმდენად იყო შესაბამის პირთა მხრიდან გულმოდგინეობა და ინიციატივის გამოჩენა სავალდებულო. შესაბამისად, პალატამ სათანადო მნიშვნელობა მიანიჭა მომჩივნის მიერ 1990 წლის 13 ივნისს დაქვემდებარებულ ძალადობაზე საჩივრის ხელისუფლების წინაშე წარდგენას მოვლენებიდან მხოლოდ თერთმეტი წლის შემდომ.
291. პალატამ მიუთითა, რომ მოცემული საჩივარი გაერთიანდა საქმეში N. 75/P/1998, რომელიც ეხებოდა inter alia არაადამიანური მოპყრობის ბრალდების ძიებას და, რომ მოცემული საქმის კონტექსტში, რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ორი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ჩაუტარდა მომჩივანს.
292. თუმცა, ამასთანავე პალატამ მიუთითა, რომ საქმის მიხედვით, მაშინ, როდესაც მომჩივანმა საჩივარი წარმოადგინა, რიგი დანაშაულები - კერძოდ კი თავდასხმა და უკანონო მოქმედება - უკვე ხანდაზმული გახლდათ ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით.
293. მართალია პალატას იზიარებს მიდგომას, რომლის მიხედვითაც ფუნდამენტური უფლებების მასიური დარღვევის ჟამს გათვალისწინებულ უნდა იქნას მსხვერპლთა მოწყვლადობა, განსაკუთრებით საჩივრის შეტანის შიში, მაგრამ პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა დამარწმუნებელი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა მომჩივნის პასიურობას და გადაწყვეტილებას დაეცადა თერთმეტი წელი საჩივრის შესაბამისი ეროვნული ხელისუფლების წინაშე წარსადგენად.
294. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას.
მომჩივნების არგუმენტები
295. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ წინამდებარე საქმეში დაირღვა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ასპექტები. ისინი მიიჩნევდნენ, რომ საკუთარი ინიციატივით გამოძიების ვალდებულება, რომელიც მოცემულია კონვენციის ხსენებულ დებულებებში, ეკისრებოდა ხელისუფლებას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. მოცემულ საქმეში განხილული ვალდებულება კიდევ უფრო მძიმდებოდა, რადგან საქმე ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ძალის გამოყენების არა ჩვეულებრივ შემთხვევას, არამედ კონფლიტქს, რომელიც გამოწვეულ იქნა ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ და რომელმაც მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები - მათ შორის ეთნიკური - დაუპირისპირა ურთიერთს.
296. ასეთ შემთხვევაში, მათ ხაზი გაუსვეს, რომ გასაჩივრებული მოველენების დიდი რაოდენობის მსხვერპლის გათვალისწინებით, გამოძიება - რომელიც ეხებოდა მათ, როგორც იმ დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირებს, რომელზეც არ ვრცელდება ხანდაზმულობა, მაგალითად, გენოციდი ან არაადამიანური მოპყრობა - არ ექვემდენარებოდა ხანდაზმულობას. ისინი აცხადებდნენ, რომ მოცემული ფაქტი ხელისუფლებას აკისრებდა გამოძიების კიდევ უფრო დიდ ვალდებულებას და რომ მათ ეს ვალდებულება არ შეუსრულებიათ.
ქ-ნმა ანკა მოკანუმ მიუთითა, რომ 2009 წლიდან მოყოლებული მას ინფორმაცია აღარ მიუღია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
297. ბ-ნმა მარტინ სტოიკამ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთიანობაში უნდა განიხილოს მოცემული საქმის გამოძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდა მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეების ბრალდება და რომ არ უნდა შეიზღუდოს გამოძიების მხოლოდ იმ ნაწილის განხილვით, რომელიც ეხებოდა მის მიმართ ძალადობის გამოძიებას. მან მიუთითა, რომ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილით საქმის განიხილვის მიზნებისათვის, გამოძიება არ უნდა დანაწევრდეს, რადგან მის მიმართ ძალადობრივი ქმედებები განცალდევებით ვერ განიხილება.
298. ბ-ნმა სტოიკამ მიუთითა, რომ მოცემული მოვლენები - რომელზეც გამოძიებას უნდა მოეფინა ნათელი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ რუმინეთის უახლოესი ისტორიისათვის, რადგან განხორციელდა დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების პროცესში და წარმოადგენდა 1989 წლის დეკემბერში დიქტატორის ჩამოგდების ფართო პროცესის ნაწილს. დასძინა რა, რომ მოცემულმა მოვლენებმა გავლენა მრავალ ადამიანზე იქონია, მომჩივანი მიიჩნევდა, რომ განზილული გამოძიება წარმოადგენდა რუმინეთის საზოგადოებისათვის ერთადერთ შანსს შეეტყოთ სიმართლე ქვეყნის ბოლოდროინდელი ისტორიის ამ ეპიზოდის შესახებ, იმ მოვლენის შესახებ, რომელიც ხელისუფლებისათვის უნდა ყოფილიყო სათანადო მოქმედების საბაბი და რაც მათ არ გააკეთეს.
299. ამ მხრივ მან აღნიშნა, რომ არაადამიანური მოპრყობის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა იმის გამო, რომ დანაშაულის შემადგენელი ელემენტები არ იკვეთებოდა, ისევე როგორც დევნის არდაწყების გადაწყვეტილება, მიღებული პროკურორის მიერ 2009 წლის 17 ივნისს, არამართებულად განმარტავდა კანონს, რადგან მისი გადაწყვეტილება არ მოდიოდა შესაბამისობაში კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს შესაბამის პრაქტიკასთან.
300. დამატებით, იმ დანაშაულებთან მიმართებაში, რომელთა გამოძიებაც შეწყდა ხანდაზმულობის გამო, მან მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის დინება უნდა შეწყვეტილიყო იმის გამო, რომ ბრალდებულები გახლდნენ მაღალჩინოსანი საჯარო მოხელეები.
301. დაბოლოს, მომჩივანმა მიუთითა, რომ საქმის სპეციალური გარემოებების გათვალისწინებით, მის მიერ საჩივრის წარმოდგენის დაგვიანება არარელევანტური იყო კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის შესახებ საჩივრის განხილვისას, რადგან დაგვიანებას გამოძიებისათვის ხელი არ შეუშლია. ამ მხრივ, მომჩივანმა მოიხმო 1999 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება და 2000 წლის 18 მაისის სასამართლოსადმი წარდგომის შესახებ გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტი, სადაც გამომძიებლებს ეკისრებოდათ ვალდებულება დაედგინათ რეპრესიის ყველა მსხვერპლის ვინაობა. მან ასევე მიუთითა, რომ ხელისუფლებას მან უშუალოდ შეატყობინა მისი საქმის შესახებ.
მთავრობის არგუმენტები
(ა) ქ-ნ ანკა მოკანუსთან მიმართებაში
302. მთავრობამ მოიხმო რა რიგი საგამოძიებო მოქმედებანი ეროვნულ დონეზე, მიუთითა, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ დააკმაყოფილა ეფექტიანი გარემოებების გამოძიების ვალდებულება ქ-ნ ანკა მოკანუს მეუღლის საქმეზე, რომ ყველა აუცილებელი პროცედურული მოქმედება მისი გარდაცვალების შესახებ სიმართლის - განსაკუთრებით კი გარდაცვალების ფაქტობრივი გარემოებების - დასადგენად მიღებულ იქნა გამოძიების ფარგლებში.
303. მათ დააკონკრეტეს, რომ სასამართლო ხელისუფლება ვალდებული იყო გამოძიება დაეყო რამდენიმე საქმედ, ბრალდებული პირების, დანაშაულებისა და სამოქალაქო მხარეების საფუძველზე, რადგან 1990 წლის ინვისში ბუქარესტში განხორციელებული მოვლენები საკმაოდ დიდი სირთულისა გახლდათ და სწორედ ამის გამო არსებობდა მტკიცებულებათა დიდი რაოდენობა, მათ შორის 5.700 მოწმის ჩვენება, რომელიც ჯეროვან დამუშავებას საჭიროებდა.
304. ამ მხრივ, მთავრობამ სთხოვა სასამართლოს გაეთვალისწინებინა გამოძიების უჩვეულო ბუნება, რომელიც არამარტო დიდი რაოდენობით მონაწილე პირთა, არამედ რუმინეთის ისტორიის სენსიტიური მოვლენებითაც იყო განპირობებული. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მომჩივნების მდგომარეობა წარმოადგენდა იმ მოვლენათა მხოლოდ ნაწილს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ბუქარესტში მიმდინარე ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების დროს და რომლის შედეგადაც ადგილი ჰქონდა ძალადობას; რომ მოცემული ვითარებანი ვერ იქნებოდა განხილული საქმის მასალების ზოგადი კონტექსტიდან ამოღებით.
305. მათ აღნიშნეს, რომ 2000 წლიდან დღემდა ხელისუფლების ორგანოები უმოქმედოდ არ ყოფილან.
306. მათ ასევე დააკონკრეტეს, რომ ისინი არ ასაჩივრებდნენ პალატის დასკვნას გამოძიების ხანგრძლივობასთან მიმართებაში, არამედ დასძინეს, რომ მიზეზი გახლდათ გამოძიებაში თავდაპირველი წუნის აღმოფხვრის საჭიროება და სურვილი მომჩივნის სამართალწარმოებაში ჩართულობის უზრუნველყოფისა.
(ბ) ბ-ნ მარინ სტოიკასთან დაკავშირებით
307. რაც შეეხება ბ-ნ მარინ სტოიკას, მთავრობამ მიუთითა, რომ ხელისუფლების ორგანოები გადააწყდნენ სირთულეებს ყველა დაზარალებულის დადაგენასა და სამართალწარმოებაში ჩართვის პროცესში, რისი მიზეზიც გახლდათ საჩივრების დაგვიანებით წარმოდგენა.
308. მათ მიუთითეს, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებამ მართებულად დაასკვნა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ხანდაზმული გახლდათ, რადგან მომჩივანის მიმართ არაჯეროვანი მოპყრობა არ ხვდებოდა ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულის კატეგორიაში. მათ ხაზი გაუსვეს, რომ დასკვნა მიზნად არ ისახავდა 1990 წლის ტრაგიკული მოვლენებისათვის დაუსჯელობის კლიმატის შექმნას, არამედ ეფუძნებოდა ეროვნული სამართლის წესებს, კერძოდ კი გონივრული ვადების დადგენის პრინციპს, რომელიც მერყეობს სამიდან თხუთმეტ წლამდე.
309. წინამდებარე საქმეში არ არსებობდა გარემოებანი, რომელიც გაამართლებდა ხელისუფლებაზე დამატებითი გამოძიების ვალდებულების დაკისრებას.
310. ამასთანავე, ფუნდამენტური უფლებების მრავალჯერადი დარღვევების შემთხვევაში, ზოგადი სიმართლის განსაზღვრისათვის არ არის აუცილებელი ყოველი ინდივიდუალური ვითარების განსაზღვრა. ამგვარ გარემოებებში, გამოძიებამ შეიძლება მიაღწიოს მიზანს - ზოგადი სიმართლის დადგენა - მაშინაც კი, თუკი კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევაში დაზარალებულმა მხარემ ვერ იმოქმედა დროულად.
მესამე მხარის კომენტარები
311. მესამე მხარემ მიუთითა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროპული და საერთაშორისო სამართალი მზარდ მნიშვნელობას ანიჭებს წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ სასჯელის შემთხვევაში დაუსჯელობასთან ბრძოლას და აღიარებს მსხვერპლთა უფლებას ეფექტიან მისაგებელსა და დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ, მათ მოიხმეს რამდენიმე საერთაშორისო ტექსტი, განსაკუთრებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისათვის დაუსჯელობის აღმოფხვრის შესახებ (მიღებული 2011 წლის 30 მარტს). მოცემული სახელმძღვანელოს მიხედვით, „ის ფაქტი, რომ მსხვერპლს არ სურს ოფიციალური საჩივრის წარმოდგენა, მას მოგვიანებით უკან გამოიხმობს ან გადაწყვეტს შეწყვიტოს სამართალწარმოება, არ ათავისუფლებს სახელმწიფო ორგანოებს ეფექტიანი გამოძიების წარმოების ვალდებულებისაგან, თუკი არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას.“
312. მესამე მხარემ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის კანონების ამოქმედებას, რომელიც ეფექტიანად დასჯის ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს შესაბამისი სანქციებით (მათ მოიხმოეს გადაწყვეტილებანი შემდეგ საქმეებზე: M.C. v. Bulgaria,no. 39272/98, § 150, ECHR 2003‑XII; Çamdereli v. Turkey, no. 28433/02, § 38, 17 ივლისი 2008; დაGäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 117, ECHR 2010). მათ დაასკვნეს, რომ ხანდაზმულობის ვადა უნდა ადაპტირებულ იქნას ამგვარი საქმეების გარემოებების შესაბამისად, რომელიც, inter alia ხასიათდებიან მსხვერპლის მოწყვლადობით, განსაკუთრებით თუკი არასათანადო მოპყრობა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან განხორციელდა.
313. დაეფუძნა რა ყოფილი იუგოსლავიის ტრიბუნალის წინაშე განხილულ საქმეს (Trial Chamber, Prosecutor v. Furundžija, case no. IT-95-17/1-T, judgment of 10 December 1998), მესამე მხარემ მიუთითა, რომ ომის დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადის არ გამოყენება წარმოადგენს ერთხმად აღიარებულ პრინციპს და რომ მოცემული მიდგომა მხოლოდ აღნიშნული ტიპის დანაშაულებზე არ ვრცელდება. მათ დასძინეს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი იზიარებს ამ პოზიციას იმდენად, რამდენადაც საქმე ეხება ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას და რომ კომიტეტმა მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადა არ უნდა ვრცელდებოდეს არსათანადო მოპყრობის სხვა ფორმებზეც (ზოგადი კომენტარი N. 3, 2012, პარა 40...).
სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
314. სასამართლო ერთად განიილავს ქ-ნი ანკა მოკანუსა და ბ-ნი მარინ სტოიკას მიერ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით წარმოდგენილ საჩივრებს იმ პრინციპების საფუძველზე, რომელიც გამომდინარეობს აღნიშნული ორივე დებულების შემხვედრი მონაკვეთიდან, რომელიც ჯეროვნადაა დამკვიდრებული და შეჯამებულ იქნა, inter alia, ბულგარეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე Nachova and Others v. Bulgaria([GC], nos. 43577/98 and 43579/98, §§ 110 and 112-113, ECHR 2005-VII); Ramsahai and Others v. the Netherlands ([GC], no. 52391/99, §§ 324-325, ECHR 2007‑II); Al-Skeini and Others v. the United Kingdom ([GC], no. 55721/07, §§ 162-167, ECHR 2011); and El Masri (cited above, §§ 182-185).
315. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლის განმარტებისას, მან უნდა იხელმძღვანელოს კონვენციის ობიექტისა და მიზნის გათვალისწინებით, წარმოადგენს რა ადამიანის ინდივიდუალური უფლებების დაცვის ინსტრუმენტს, რომელმაც დებულებები ისე უნდა განმარტოს, რომ უზრუნველყოს მათი პრაქტიკული და ეფექტიანი გამოყენება.
იგი იმეორებს, რომ მე-3 მუხლი, ისევე როგორც მე-2 მუხლი, კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური დებულებები გახლავთ და ასახავს ევროპის საბჭოს დემოკრატიული საზოგადოებს მთავარ ღირებულებებს (იხ.Soering v. the United Kingdom, გადაწყვეტილება 7 ივლისი 1989, Series A no. 161, გვ. 34, § 88). განსხვავებით კონვენციის სხვა დებულებებისაგან, იგი აბსოლუტური ხასიათისაა, არ უშვებს გამონაკლისს და მისგან გადახვევა დაუშვებელია კონვენციის მე-15 მუხლის მიხედვით (იხ.Al-Skeini and Others, ციტირებული ზემოთ, § 162).
316. სახელმწიფოს წარმომადგენლების/აგენტების მიერ თვითნებური მკვლელობების, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ სასჯელის ზოგადი სამართლებრივი აკრძალვა პრაქტიკაში უშედეგო იქნებოდა, რომ არ არსებობდეს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ლეტალური ძალის გამოყენების კანონიერების გადახედვის პროცედურა და თვითნებური მკვლელობებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებების გამოძიების საშუალება (იხ.Al-Skeini and Others, ციტირებული ზემოთ, § 163, დაEl Masri, ციტირებული ზემოთ, § 182 ).
317. შესაბამისად, სახელმწიფოზე კონვენციის 1-ლი მუხლით დაკისრებული ზოგადი ვალდებულების გათვალისწინებით „ყველასათვის უზრუნველყონ ამ კონვენციის I თავში განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“, მე-2 და მე-3 მუხლი გულისხმობს ვალდებულებას არსებობდეს რაიმე ფორმით ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება როგორც, inter alia, სახელმწიფოს აგენტების მიერ ძალის გამოყენების შედეგად გარდაცვლილი პირების შემთხვევაში (იხ. McCann and Others v. the United Kingdom, 27 სექტემბერი 1995, § 161, Series A no. 324 ) ისევე, მაშინ, როდესაც ინდივიდი სარწმუნოდ აცხადებს, რომ იგი დაექვემდებარა კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას inter alia პოლიციის ან სხვა მსგავსი ორგანოების მხრიდან (იხ. Assenov and Others v. Bulgaria, 28 October 1998, § 102, Reports 1998‑VIII).
318. ამგვარი გამოძიების არსი მდგომარეობს სახელმწიფო აგენტების ან ორგანოების მიერ სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის ამკრძალველი ეროვნული კანონმდებლობის ეფექტიანი იმპლემენტაციის უზრუნველყოფაში; ამასთანავე, გამოძიება უზრუნველყოფს სახელმწიფო აგენტებისა თუ ორგანოების ზედამხედველობის დროს გარდაცვალებისა და ჩადენილი არასათანადო მოპყრობისათვის პირთა პასუხისმგებლობას (იხ. Nachova and Others, cited above, § 110, and Ahmet Özkan and Others v. Turkey, no. 21689/93, §§ 310 და 358, 6 აპრილი 2004).
319. სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლით პროცედურული ვალდებულება განაგრძობს მოქმედებას სხვადასხვა პირობებში, მათ შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროსაც. მაშინაც კი, როდესაც მოვლენებს, რომლებიც წარმოშობენ გამოძიების ვალდებულებას, ადგილი აქვთ ზოგადი ძალადობის/არეულობის დროს და გამომძიებლებს ექმნებათ დაბრკოლებები და შეზღუდვები, რომელიც მათ უბიძგებს ნაკლებად ეფექტიანი საგამოძიებო ზომების გამოყენებისაკენ ან იწვევენ გამოძიების გაჭიანურებას, ფაქტად რჩება, რომ მე-2 და მე-3 მუხლები საჭიროებენ ყველა გონივრული ზომის მიღებას, რათა უზრუნველყლფი იქნას ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება (იხ. Al-Skeini and Others, ციტირებული ზემოთ, § 164).
320. ზოგადად, იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტიანი იყოს, მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები გამოძიებას დაქვემდებარებული პირებისაგან. აღნიშნული მოიცავს არამხოლოდ იერარქიულ ან ინსტიტუციონალურ კავშირს, არამედ პრაქტიკულ დამოუკიდებლობასაც (იხ. Nachova and Others,ციტირებული ზემოთ, § 110, დაHalat v. Turkey, no. 23607/08, § 51, 8ნოემბერი 2011).
321. მიუხედავად იმისა, თუ რა რეჟიმი იქნება გამოყენებული, ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საკუთარი ინიციატივით. ამასთანავე, იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტიანი იყოს, მას შედეგად უნდა მოჰყვეს პასუხისმგებელ პირთა დადგენა და დასჯა. ამასთნავე, იგი იმდენად ფართო უნდა იყოს, რომ გამომძიებელ ორგანოებს აძლევდეს საშუალებას განიხილონ არა მხოლოდ იმ სახელმწიფო აგენტთა მოქმედებანი, რომლებმაც პირდაპირ და უკანონოდ გამოიყენეს ლეტალური ძალა, არამედ უნდა შეძლოს თანმხლები გარემოებების დადგენაც (იხ. Al-Skeini and Others, ციტირებული ზემოთ, § 163).
322. მართალია ამ შემთხვევაში საუბარია არა შედეგის, არამედ საშუალებების ვალდებულებაზე, გამოძიებაში ნებისმიერი წუნი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქმის გარემოებების დადგენასა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრას, ხვდება ეფექტიანობის მოთხოვნილი სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის საფრთხის წინაშე (იხ.El Masri, ციტირებული ზემოთ, § 183).
323. ამ კონტექსტში იგულისხმება დაუყოვნებლობისა და გონივრული სიჩქარის ვალდებულება. მართალია შესაძლებელია გარკვეულ ვითარებაში არსებობდეს წინაღობანი ან სირთულეები გამოძიების მიმდინარეობისას, მაგრამ ხელისუფლების მიერ სწრაფი პასუხი ლეტალური ძალის გამოყენებისა თუ არასათანადო მოპყრობის ბრალდებაზე, ზოგადად, მიიჩნევა კანონის უზენაესობისადმი საზოგადოების რწმენის შენარჩუნებისა და უკანონო აქტებისადმი შემწყნარებლობისა თუ მასში თანამონაწილეობის პრევენციისათვის აუცილებელ ზომად (იხ. McKerr v. the United Kingdom, no. 28883/95, § 114, ECHR 2001-III).
324. ნებისმიერ შემთხვევაში, მსხვერპლის ნათესავის ჩართვა პროცედურაში იმდენად უნდა მოხდეს, რამდენადაც ეს სავალდებულოა მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამასთანავე, კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, მსხვერპლს უნდა შეეძლოს გამოძიებაში ეფექტიანად მონაწილეობა (იხ. McKerr, ციტირებული ზემოთ, § 115).
325. დაბოლოს, გამოძიება უნდა იყოს სიღრმისეული, რაც გულისხმობს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სერიოზულ მცდელობებს დაადგინონ თუ რა მოხდა და არ დაეფუძნონ დაჩქარებით მიღებულ ან უსაფუძვლო დასკვნებს გამოძიების დასასრულელად (იხ.El Masri, ციტირებული ზემოთ, § 183).
326. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სახელმწიფოს აგენტების მიერ ჩადენილი წამებისა თუ არასათანადო მოპრყობის საქმეებზე, სისხლის სამართლის საქმის წარმოება არ უნდა შეწყდეს ხანდაზმულობის გამო. ასევე ამგვარ საქმეებზე არ უნდა გავრცელდეს ამნისტია და შეწყალება (იხ. Abdülsamet Yaman v. Turkey, no. 32446/96, § 55, 2 ნოემბერი 2004; Yeter v. Turkey, no. 33750/03, § 70, 13 იანვარი 2009; დაAssociation “21 December 1989” and Others, ციტირებული ზემოთ, § 144). ასევე, ფორმა როგორაც ხდება ხანდაზმულობის გამოყენება, უნდა შეესაბამებოდეს კონვენციის მოთხოვნებს. შესაბამისად, რთულია გამონაკლისის ამკრძალველი, ხისტი ხანდაზმულობის მიდგომის მოწონება (იხ.mutatis mutandis, Röman v. Finland, no. 13072/05, § 50, 29 იანვარი 2013).
(ბ) ზემორე პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
327. მოცემულ საქმეში, სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო ხელისუფლების ორგანოების მიერ, საკუთარი ინიციატივით 1990 წლის ივნისის მოვლენებიდან მალევე. დასაწყისში გამოძიება ეხებოდა ცეცხლსასროლი იარაღით ქ-ნი ანკა მოკანუს მეუღლისა და სხვა პირთა მკვლელობას, ისევე როგორც არასათანადო მოპყრობას, რომელიც მიადგა სხვა პირებს იმავე გარემოებებში.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული გამოძიება თავდაპირველად დაიყო რამდენიმე ასეულ ცალკე ფაილად (იხ. პარაგარფები 82-87 ზემოთ) და რომ შემდგომ გაერთიანდა, რასაც მოყვა შემდეგ მათი ისევ ჯერ ოთხად, შემდეგ ორად და ბოლოს სამ ნაწილად დაყოფა.
328. მართლმსაჯულების უზენაესი სასამართლოს პროკურატურის სამხედრო ნაწილის მიერ 1999 წლის 14 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ გამოძიება ასევე მიზნად ისახავდა 1990 წლის 13-15 ივნისს განხორციელებული რეპრესიების ყველა მსხვერპლის დადგენას. შესაბამისად, იგი ეხებოდა ბ-ნ მარინ სტოიკასაც, მინიმუმ 2001 წლის 18 ივნისიდან მოყოლებული, რადგან სწორედ ამ დროს შეიტანა მან ოფიციალური საჩივარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულ დონეზე საქმეების დიდი რაოდენობა აღიძრა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ეს საქმე ერთიდაიგივე მოვლენებით იყო გამოწვეული - რასაც შედეგად მოყვა 1997 წელს მათი ერთ საქმედ გადაჯგუფების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მართლმსაჯულების უზენაესი სასამართლოს პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი, არსობრივად ეხება ერთიდაიგივე გამოძიებას. სასამართლომ რომც მიიჩნიოს, რომ საქმე ეხება ორ განსხვავებულ გამოძიებას, ერთი ქ-ნი ანკა მოკანუს, ხოლო მეორე ბ-ნი მარინ სტოიკას შესახებ, მისი დასკვნა ეფექტიანობასთან დაკავშირებით ერთიდაიგივე იქნება, ქვემოთმოცემული მიზეზების გამო.
329. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ-ნ ანკა მოკანუს საქმეზე გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს. კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს მიერ 2007 წლის 17 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც პროკურატურას დაუბრუნა საქმე, და რომელიც თავდაპირველად ეხებოდა ხუთი სამხედრო ოფიცრის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს, წარმოადგენს პირველ მომჩივანთან მიმართებაში ყველაზე უახლეს სასამართლო გადაწყვეტილებას.
330. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება ბ-ნი მარინ სტოიკასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 37 მაღალჩინოსან სამოქალაქო და სამხედრო მოხელეს - მათ შორის სახელმწიფოს ყოფილ მეთაურსა და შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრებს - შეწყდა 2011 წლის 9 მარტს კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამრთლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
331. სასამართლო იმეორებს, რომ მისი ratione temporis კომპეტენცია მას აძლევს უფლებას განიხილოს გამოძიების მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1994 წლის 20 ივნისის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც კონვენცია ძალაში შევიდა რუმინეთისათვის (იხ. პარა. 211 ზემოთ). შესაბამისად, იგი განიხილავს, ამ თარიღის შემდეგ, მოცემულ საქმეში განხორციელებული გამოძიება აკმაყოფილებდა თუ არა ეფექტიანობის ზემოთგანხილულ კრიტერიუმებს.
გამოძიების დამოუკიდებლობა
332. სასამართლო აღნიშნავს, რომ 1997 წლიდან მოყოლებული, რუმინეთისათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან რამდენიმე წელში, 2008 წლის დასაწყისამდე, საქმე იხილებოდა მართლმსაჯულების უზენაესი სასამართლოს პროკურატურის სამხედრო ნაწილის მიერ (2003 წლიდან, კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლო). ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ქ-ნ ანკა მოკანუსთან მიმართებაში, გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს სამხედრო პროკურატურაში, მას შემდეგ რაც ჩვეულებრივმა/სამოქალაქო პროკურატურამ უარი განაცხადა იურისდიქციის ნაკლებობის გამო 2013 წლის 6 ივნისს (იხ. პარა.123 ზემოთ).
333. ამ მხრივ, დიდი პალატა იზირებს პალატის დასკვნას, მასზედ, რომ გამოძიების წარმოება დაეკისრა სამხედრო პროკურორებს, რომლებიც მსგავსად ბრალდებულთა (მათ შორის ორი გენერალი) იმყოფებოდნენ სამხედრო ირერარქიულ დაქვემდებარებაში, დასკვნა, რომლის საფუძველზეც ადამიანის უფლებათა სასამართლომ უკვე არაერთგზის დაადგინა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილის დარღვევა რუმინეთის წინააღმდეგ სხვა შემთხვევებში (იხ.Barbu Anghelescu v. Romania, no. 46430/99, § 67, 5 ოქტომბერი 2004; Bursuc v. Romania, no. 42066/98, § 107, 12 ოქტომბერი 2004; და, უფრო ახალი საქმე, Şandru and Others,ციტირებული ზემოთ, § 74; Association “21 December 1989” and Others,ციტირებული ზემოთ, § 137; დაCrăiniceanu and Frumuşanu v. Romania, no. 12442/04, § 92, 24 აპრილი 2012).
334. წინამდებარე საქმის მსგავს შემთხვვებში დარღვევების რაოდენობა განსაკუთრებით სამწუხაროა და სერიოზულ ეჭვს ბადებს იმ გამოძიებების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში, რომლის განხორციელებაც ევალებოდათ სამხედრო პროკურორებს (იხ.mutatis mutandis, Nachova and Others, ციტირებული ზემოთ, § 117). მთავრობას არ წარმოუდგენია არცერთი ფაქტი ან არგუმენტი, რომელიც სასამართლოს უბიძგებდა სხვაგვარი დასკვნის მისაღებად წინამდებარე საქმეში.
გამოძიების სიჩქარე და ადექვატურობა
335. სასამართლო აღნიშნვს, რომ გამოძიება ქ-ნი ანკა მოკანუს საქმეზე მიმდინარეობს უკვე ოცდასამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მათ შორის ცხრამეტი წელი კონვენციის რუმინეთის მიერ რატიფიკაციის შემდგომ. ამ დროის განავლობაში, მომჩივნის ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი მაღალჩინოსანი სამხედრო ოფიცრიდან სამი გარდაიცვალა.
336. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ბ-ნ მარინ სტოიკასთან მიმართებაში შესაბამისი გამოძიება დასრულდა 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, საქმის დაწყებიდან ოცდაერთი წლის შემდეგ და მომჩივნის მიერ საჩივრის წარმოდგენიდან და საქმის მასალებთან გაერთიანებიდან ათ წელში.
337. დროის დინება არამარტო გამოძიებას უქმნის საფრთხეს, არამედ უდავოდ ამცირებს მისი დასრულების ალბათობას (იხ. M.B. v. Romania, no. 43982/06, § 64, 3 ნოემბერი 2011).
338. მართალია სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმე უდავოდ რთულია, რაც თავად მთავრობამაც მიუთითა, მაგრამ ამასთანავე მიიჩნევს, რომ მასში არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ნიუანსები, რომელიც მოხმობილ იქნა მთავრობის მიერ, ვერ ამართლებს ამდენად ხანგრძლივ პერიოდს. მეორეს მხრივ, რუმინეთის საზოგადოების ინტერესის გამო, ხელისუფლებას საქმე დროულად და გაჭიანურების გარეშე უნდა განეხილა, რათა თავიდან აეცილებინა უკანონო ქმედებებისადმი შემწყნარებელი და მის მიმართ კონსპირაციული დამოკიდებულების შთაბეჭდილების შექმნა (იხ.inter alia, Lăpuşan and Others v. Romania, nos. 29007/06, 30552/06, 31323/06, 31920/06, 34485/06, 38960/06, 38996/06, 39027/06 and 39067/06, § 94, 8 მარტი 2011, რომელიც ეხებოდა გამოძიების დაწყებიდან თექვსმეტი წლის, მათ შორის კონვენციის ძალაში შესვლიდან თერთმეტი წლის, დინებიას რათა მომხდარიყო 1989 წლის ანტიკომუნისტური დემონსტრაციების რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების დადგენა და დასჯა).
339. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში გამოძიების მსვლელობაში უმოქმედობას ჰქონდა ადგილი როგორც დასაწყისში, ისე ბოლო წლებში. იგი მიუთითებს, კერძოდ, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა არ ყოფილა გამოძიებაში 1994 წლის 20 ივნისიდან -როდესაც კონვენცია ძალაში შევიდა- 1997 წლის 22 ოქტომბრამდე, როდესაც მოხდა ცალ-ცალკე გახსნილი, მაგრამ ერთიდაიგივე ფაქტობრივი კონტექსტის - წინამდებარე საქმის მსგავსი- მქონე საქმეების გაერთიანება. მხოლოდ ამ თარიღის შემდეგ დაიწყო პროკურატურამ სახელმწიფოს აგენტების მიერ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გარემოებების უფრო ფართო ძიება (იხ. Al-Skeini and Others, ციტირებული ზემოთ, § 163).
340. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ 1998 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ მოცემულ ვადამდე სახელმწიფო ტელევიზიის მთავარ შენობაში დაზარალებულ პირთა საჩივრებზე საგამოძიებო მოქმედებანი არ იყო განხორციელებული (იხ. პარა. 100 ზემოთ).
341. მეტიც, ერთადერთი პროცედურული მოქმედება, რომელიც განხორციელდა ქ-ნი ანკა მოკანუს საქმეზე მას შემდეგ, რაც მან მიმართა პროკურატურას 2007 წლის 17 დეკემბერს ბოლოს, გახლდათ გადაწყვეტილება დევნის შეწყვეტაზე, მიღებული 2013 წლის 6 ივნისს, რომელიც ეხებოდა ორ თანამოპასუხეს, რომლებიც ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილიყვნენ და ორი განცხადება იურისდიქციის არქონის შესახებ, გამოცემული 2009 წლის 30 აპრილსა და 2013 წლის 6 ივნისს.
342. სასამართლო ასევე აღნშნავს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა თავადვე მიუთითეს გამოძიებაში მრავალი წუნის არსებობაზე. მათ შორის, მართლმსაჯულების უზენაესი სასამართლოს პროკურატურის მიერ 1998 წლის 16 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნავდა, რომ იმ დროისათვის მაღალჩინოსანთაგან არცერთი - კერძოდ სახელმწიფოს მეთაური, პრემიერ-მინისტრი და მისი მოადგილე, შს მინისტრი და პოლიციის უფროსი - იმ დროისათვის არ იყვნენ დაკითხულნი.
343. მეტიც, გამოძიებას შემდეგ ეტაპზე არ გამოუსწორებია არსებული ხარვეზები, როგორც ეს აღნიშნა კიდევაც მართლმსაჯულების უზენაესმა სასამართლომ და კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართლომ შესაბამის გადაწყვეტილებებში 2003 წლის 30 ივნისსა და 2007 წლის 17 დეკემბერს, როდესაც მიუთითა წინა სამართაწარმოების ხარვეზებზე.
344. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, - გამოძიება რომელიც შეწყდა 1998 წლიდან საქმის დანარჩენ ნაწილზე მოიცავდა მრავალ დემონსტრანტსა და იმ პირებს, რომლებიც შემთხვევით იმყოფებოდნენ ძალადობრივი დაშლის ადგილზე. სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ 2009 წლის 17 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით საქმე დაიხურა ეს უკანასკნელი ძალაში იქნა დატოვებული 2011 წლის 9 მარტის განჩინებით. მოცემულ პირებს შორის გახლდათ ბ-ნი მარინ სტოიკა, რომელმაც წარმოადგინა რა საჩივარი 2001 წელს, ათი წელი იცადა გამოძიების დასრულებამდე. თუმცა, მიუხედავად ესოდეს ხანგრძლივი პერიოდისა და მომჩივნის მიმართ განხორციელებული არაერთი საგამოძიებო მოქმედებისა, რომელიც მთავრობამ ჩამოთვალა, ვერცერთმა ზემოთხსენებულმა გადაწყვეტილებამ ვერ შეძლო (მომჩივნისა და იმ სხვა პირთა, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო ტელევიზიის მთავარ შენობაში), გარემოებების დადგენა.
345. პროკურატურის მიერ 2009 წლის 17 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება მიუთითებდა, რომ შეუძლებელი იყო მოძალადეთა ვინაობისა და უშიშროების ძალების ჩართულობის მოცულობის დადგენა სამოქალაქო და შემდეგ სამხედრო პროკურატურის მიერ განხორციელებულ გამოძიებებში. ამასთანავე, ხელისუფლებას არ აღუნიშნავს თუ რა ტიპის მტკიცებულებანი იქნა გამოყენებული ფაქტებისა დასადგენად და თუ რა გონივრული მიზეზები იქნა მოხმობილი შედეგების წარმოუდგენლობის გასამართლებლად. ეროვნულ დონეზე არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ მომჩივნის მოქმედებანი გამოძიებასთან მიმართებაში და მან ვერ გააკეთა კომენტარი მომჩივნის მიერ საჩივრის წარმოდგენის თარიღთან დაკავშირებით.
346. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეს ნაწილი შეწყდა ძირითადად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის ხანდაზმულობის ვადის მიღწევის გამო. ამ მხრივ, სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებიდან გამომდინარე პროცედურული ვალდებულებანი ვერ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად თუკი, მსგავსად წინამდებარე საქმისა, ადგილი აქვს გამოძიების შეწყვეტას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის გამო, რომელიც გამომდინარეობდა ხელისუფლების უმოქმედობიდან(იხ.Association “21 December 1989” and Others,ციტირებული ზემოთ, § 144).
347. რაც შეეხება გამოძიების მეორე მთავარ დასკვნას, კერძოდ, რომ რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 358 მუხლით დასჯადი არაადამიანური მოპყრობის შემადგენელ ელემენტებს ადგილი არ ჰქონია ბ-ნ სტოიკასთან მიმართებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ პროკურორის ინტერპრეტაციის შესაბამისობა რელევანტურ ეროვნულ სასამართლო პრაქტიკასთან ეჭვს ბადებს, განსაკუთრებით კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. მეტიც, მთავრობას არ წარმოუდგენია სასამართლო პრაქტიკის სხვა მაგალითები ამგვარი გადაწყვეტილების გასამყარებლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საეჭვოა ის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც მაღაროელები არ წარმოადგენდნენ მოწინააღმდეგეებს, რომელთა წინაშეც მიმდინარეობდა ბრძოლა 1990 წლის 14 ივნისს (იხ. პარა. 161 ზემოთ), რადგან მოცემული მიდგომა ცალსახად უგულვებელყოფს იმ ძალადობას, რომელსაც, მრავალი სამხედრო მოსამსახურის თვალწინ, ადგილი ჰქონდა 1990 წლის 13 ივნისს როდესაც ეს უკანასკნელნი შეიარაღებულნი იყვნენ მძიმე ტექნიკითა და ტანკებით, რაც იკვეთება ზემოთციტირებულ გადაწყვეტილებაშივე. ამასთანავე, მოცემული დასკვნა ეწინააღმდეგება იმავე გადაწყვეტილებაშივე მოცემულ ფაქტებს, რომელიც დეტალურად ასახავს 1990 წლის 14 ივნისს მაღაროელების მიერ ჩადენილ ძალადობრივ მოქმედებას, რომლის ობიექტიც, ყოველგვარი განსხვავების გარეშე, გახლდნენ დემონსტრანტები, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მყოფი სტუდენტები და გამვლელები. ამასთანავე, 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებაში, რომლითაც მოხდა ბ-ნი მარინ სტოიკას მიერ დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება, კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართლომ არ შეაფასა სისხლის სამართლის კოდექსის 358 მუხლის გამოყენებადობა, არამედ მარტივად დაადასტურა, რომ მოცემულ საქმეში გამოიყენებოდა ხანდაზმულობის წესი.
348. შესაბამისად, იკვეთება, რომ მოცემულ საქმეში გამოძიებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს არ მიუღიათ ყველა ზომა, რომელიც გონივრულობის ფარგლებში მიგვიყვანდა დამნაშავეთა იდენტიფიცირებასა და დასჯამდე.
პირველი მომჩივნის ჩართულობა გამოძიებაში
349. რაც შეეხება ვალდებულებას დაზარალებულთა სამართალწარმოებაში ჩართვის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ-ნი ანკა მოკანუ არ იყო ინფორმირებული გამოძიების პროგრესის შესახებ 2000 წლის 18 მაისს, მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პირების მიმართ სასამართლოში წარდგენის გადაწყვეტილების მიღებამდე.
350. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი პროკურორმა პირველად დაკითხა 2007 წლის 14 თებერვალს, მოვლენებიდან თითქმის ჩვიდმეტი წლის შემდეგ და რომ კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 2008 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, მისთვის არაფერი შეუტყობინებიათ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
351. სასამართლოს, შესაბამისად, უჭირს დაიჯეროს, რომ ქ-ნი ანკა მოკანუს ინტერესი მიეღო გამოძიებაში მონაწილეობა სათანადოდ იყო დაცული (იხ. Association “21 December 1989” and Others,ციტირებული ზემოთ, § 141).
დასკვნა
352. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ-ნმა ანკა მოკანუმ ვერ ისარგებლა კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული ეფექტიანი გამოძიებით და რომ არც ბ-ნ მარინ სტოიკას ჰქონია ეფექტიანი გამოძიება მე-3 მუხლის მნიშვნელობით.
353. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მოცემული დებულებების პროცედურული ასპექტების დარღვევას.
....
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო
ადგენს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ მას გააჩნია ratione temporis იურისდიქცია რათა განიხილოს ქ-ნ ანკა მოკანუსა და ბ-ნ მარინ სტოიკას მიერ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლის პროცედურულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრები იმდენად, რამდენადაც საჩივრები ეხება რუმინეთისათვის კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას;
...
უარყოფს, თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ, მთავრობის პრეტენზიას, რომლის მიხედვითაც, ბ-ნი მარინ სტოიკას საჩივარი ხანდაზმული გახლდათ; ადგენს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას ქ-ნ ანკა მოკანუსათან მიმართებაში; ადგენს, თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას ბ-ნ მარინ სტოიკასთან მიმართებაში;
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2014 წლის 17 სექტემბერს.
იოან ქოლვერთიდინ სპილმანი
განმწესრიგებლის მოადგილეპრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2 მუხლისა და სასამართლო რეგლამენტის 74 § 2 მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილებას თან ერთვის:
- მოსამართლე პინტო დე ალბუქერქეს თანმხვედრი მოსაზრება, გაზიარებული მისამართლე ვუჩინიჩის მიერ;
- მოსამართლო სილვის ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება, გაზიარებული მოსამართლე სტრეტენუს მიერ;
- მოსამართლე ვოიცეკის ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება.
დ.ს.
ი.ქ.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy