დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 164
ივნისი 2013
Mohammed v. Austria - 2283/12
გადაწყვეტილება 6.6.2013 [I სექცია]
მუხლი 3
იძულებითი გადაცემა
სუდანელი თავშესაფრის მაძიებლის სავარაუდო გადაცემა ავსტრიიდან უნგრეთისათვის დუბლინის II რეგულაციის მიხედვით: გადაცემა არ იქნებოდა დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი იყო სუდანის მოქალაქე, რომელიც საბერძნეთისა და უნგრეთის გავლით ჩავიდა ავსტრიაში 2010 წლის ოქტომბერში და მოითხოვა თავშესაფარი. მისი განცხადება უარყოფილ იქნა 2011 წლის იანვარში ევროპის კავშირის დუბლინის II რეგულაციის („დუბლინის რეგულაცია“) თანახმად და გაიცა ბრძანება მისი უნგრეთისათვის იძულებით გადასაცემად. 2011 წლის დეკემბერში მომჩივანმა შეიტანა მეორე განცხადება (რომელსაც არ ჰქონია სუსპენზიური ეფექტი) თავშესაფრის მოსაპოვებლად, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) უარყოფითი ანგარიში უნგრეთში თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესახებ და ავსტრიის თავშესაფრის მაძიებელთა სასამართლოს მიერ (Austrian Asylum Court) გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, საჩივარს სხვა საქმეში მიენიჭა სუსპენზიური ეფექტი, ხსენებულ ანგარიშებში მოხსენიებული კონვენციის შესაძლო დარღვევის რისკის არსებობის გამო. თავშესაფრის მოსაპოვებლად წარდგენილი მეორე განცხადება ჯერ კიდევ განიხილებოდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში.
სამართალი – მუხლი 3: უნგრეთზე, როგორც თავშესაფარ ქვეყანაზე, და კონკრეტულად დუბლინის რეგულაციების შესაბამისად თავშესაფრის მაძიებლებზე 2011 და 2012 წლებში გამოქვეყნებული ანგარიშები შემაშფოთებელი გახლდათ. UNHCR-მა გამოკვეთა ის ხარვეზები, რომლებიც განსაკუთრებულად ეხებოდა (1) თავშესაფრის მაძიებელთა გაჭიანურებულ ადმინისტრაციულ დაკავებას და მათი პატიმრობის პირობებს (2), ასევე თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვას.
სასამართლომ შენიშნა, რომ არსებობდა გამოკვეთილი საერთო პრაქტიკა თავშესაფრის მაძიებელთა დიდი დროით დაკავებისა, ისეთ პირობებში, რომლებიც ნაწილობრივ შეესაბამებოდა საერთაშორისო და ევროსტანდარტებს, განხილვის ხარვეზიანი პროცედურებით. ასევე არსებობდა ანგარიშები ოფიციალურ პირთა მხრიდან დაკავებული თავშესაფრის მაძიებლების არასათანადო მოპყრობისა და იძულებითი მკურნალობის შესახებ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ UNHCR-მა აცნობა აღნიშნული პრობლემების თაობაზე ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლებს 2011 წლის 17 ოქტომბრის წერილში და გამოაქვეყნა დაწვრილებითი ანგარიში 2012 წლის აპრილში, მას არასდროს გამოუქვეყნებია დეტალური მოხსენება (a position paper), რომლითაც მოითხოვდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან, თავი შეეკავებინათ თავშესაფრის მაძიებლების უნგრეთისათვის გადაცემისაგან დუბლინის რეგულაციების ფარგლებში (როგორც მან ეს გააკეთა საბერძნეთთან მიმართებით, იხ. M.S.S. v. Belgium and Greece [GC], 30696/09, 21 იანვარი 2011, საინფორმაციო ფურცელი 137). გარდა ამისა, 2012 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ შედარებით უფრო ახალ მოხსენებაში UNHCR-მა დადებითად შეაფასა უნგრეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გადასაცემ პირებს, რომლებიც უნგრეთში ჩასვლისთანავე ითხოვდნენ თავშესაფარს, მეტად აღარ დააკავებდნენ. მან ასევე აღნიშნა უნგრეთის ხელისუფლების გაცხადებული მიზანი, წარმოდგენილი ყოფილიყო დაკავებასთან დაკავშირებული დამატებითი სამართლებრივი გარანტიები და უზრუნვლყოფილიყო პირველადი მოხმარების ნივთებზე თავისუფალი ხელმისაწვდომობა. მართლაც, დაპატიმრებულ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა 2012 წელს. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივანი ვეღარ იქნებოდა უკანონო მოპყრობის რეალური და ინდივიდუალური რისკის მატარებელი უნგრეთისათვის გადაცემის შემთხვევაში შესაძლო დაპატიმრების გამო.
რაც შეეხება უნგრეთში თავშესაფრის მოპოვების ხელმისაწვდომობის საკითხს და მესამე სახელმწიფოში გადაცემის (refoulement) რისკს, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანგარიშებზე, რომელთა მიხედვითაც დუბლინის რეგულაციის შესაბამისად, იქ გადაგზავნილ თავშესაფრის მაძიებლებს უწევდათ ხელმეორედ მიემართათ ჩასვლისთანავე თავშესაფრის მოსაპოვებლად და მსგავსი განახლებული განცხადება განიხილებოდა, როგორც თავშესაფრის მოსაპოვებლად წარდგენილი მეორე განცხადება, რომელსაც არ გააჩნდა სუსპენზიური ეფექტი. ასევე, გამოკვეთილად არსებობდა შესვლისთანავე ავტომატურად დეპორტაციის ბრძანების გამოცემის პროცედურა და, აქედან გამომდინარე, თავშესაფრის მოსაპოვებლად წარდგენილი განცხადების არსებითად განხილვის გარეშე იძულებითი გადაცემის რეალური რისკი. თუმცა, მომჩივანმა ვერ დაადასტურა სუდანში დაბრუნების შემთხვევაში მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობისადმი დაქვემდებარების რაიმე განსაკუთრებული საფრთხის არსებობა და, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც გადამცემ სახელმწიფოს, ავსტრიას არ მოეთხოვებოდა უკანდახევის საფუძვლიანი ანალიზი (underlying flight reasons).... , არამედ უნდა დაედგინა, გააჩნდა თუ არა ევროკავშირის მეორე სახელმწიფოს იურისდიქცია დუბლინის რეგულაციის ფარგლებში და შეემოწმებინა, არსებობდა თუ არა ზოგადი მიზეზები ან რაიმე დაბრკოლებები, რაც მოითხოვდა გადაცემის დაყოვნებას. საბოლოოდ, გამოიკვეთა, რომ უნგრეთის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებითა და პრაქტიკის შესაბამისად გადასაცემ პირებს უკვე ჰქონდათ თავშესაფრის მოპოვებაზე საკმარისი ხელმისაწვდომობა და შეეძლოთ უნგრეთშივე დალოდებოდნენ განხილვის შედეგებს იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ მიმართავდნენ თავშესაფრის მოსაპოვებლად.
დასკვნა: გადაცემა არ იქნებოდა დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 13 მე-3 მუხლთან ერთობლიობაში: მომჩივანმა ორი განცხადება წარადგინა ავსტრიაში თავშესაფრის მოსაპოვებლად. პირველი აპლიკაციის წარდგენისას, 2012 წელს, მისი მოთხოვნა არ იყო დასაბუთებული კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან უნგრეთში თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესახებ კრიტიკა ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გახმაურებული იმ დროისათვის. მიუხედავად ამისა, მომჩივნის უნგრეთისათვის გადაცემის ბრძანების აღსრულება არ ყოფილა დაგეგმილი მისი გამოცემიდან ერთი წლის გასვლამდე, რა დროისთვისაც (2011 წლის დეკემბერში) მომჩივანს მეორე განცხადება ჰქონდა შეტანილი თავშსაფრის მოსაპოვებლად უნგრეთში თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესახებ ანგარიშებზე დაყრდნობით, რომლებიც ამასობაში იქნა გამოქვეყნდა. ავსტრიული კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ მეორე განცხადებას არ გააჩნდა სუსპენზიური ეფექტი. თუმცა, სასამართლოს აზრით, განცხადების შეტანის შემდეგ გასული დროისა და ამ პერიოდში მომხდარი გარემოებათა ცვლილების გათვალისწინებით, მეორე განცხადება ვერ იქნებოდა prima facie მიჩნეული მომაბეზრებელ გამეორებად (abusively repetitive) ან აშკარად და სრულიად დაუსაბუთებლად, მისთვის სუსპენზიური ეფექტის მიუნიჭებლობა კი ნიშნავდა, რომ მომჩივანს არ მიეცა ეფექტური დაცვის საშუალება, დაპირისპირებოდა მისი იძულებითი გადაცემის თაობაზე გამოცემული ბრძანების აღსრულებას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: დარღვევის დადგენა წარმოადგენდა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას ნებისმიერი არამატერიალური ზიანისათვის. მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით მოთხოვნა დაყენებული არ ყოფილა.
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy