დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის (www.tcc.gov.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic court Practice Generalisation and Statistics Unit (www.tcc.gov.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
დიდი პალატა
საქმე მოლა სალი საბერძნეთის წინააღმდეგ
CASE OF MOLLA SALI v. GREECE
(საჩივარი N 20452/14)
გადაწყვეტილება
(არსებითი)
სტრასბურგი
19 დეკემბერი 2018
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, მაგრამ მასში შეიძლება შეტანილ იქნეს რედაქციული შესწორებები.
საქმეზე მოლა სალი საბერძნეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
გვიდო რაიმონდი, თავმჯდომარე,
ანგელიკა ნიუსბერგერი,
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი,
განა იუდკივსკა,
რობერტ სპანო,
ლედი ბიანკუ,
კრისტინა პარდალოსი,
იულია ლაფრანკი,
პოლ ლემენსი,
ალეშ პეიჰალი,
ეგიდიუს კურისი,
ბრანკო ლუბარდა,
კარლო რანცონი,
მარტინშ მითსი,
არმენ ჰარუტუნიანი,
პაულინ კოშკელო,
ტიმ აიკი, მოსამართლეები,
და ფრანსუა ელენს-პასოსი, მდივნის მოადგილე,
2017 წლის 6 დეკემბრისა და 2018 წლის 8 ნოემბრის დახურული თათბირის შედეგად,
მიიღო ეს გადაწყვეტილება უკანასკნელად მითითებული თარიღით.
პროცედურა
1. საქმისწარმოების დაწყების საფუძველი იყო სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, საბერძნეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, საბერძნეთის მოქალაქის, ქალბატონი ხატიჯე მოლა სალის („მომჩივანი“) მიერ, 2014 წლის 5 მარტს წარდგენილი საჩივარი (N 20452/14).
2. მომჩივანს წარმოადგენდნენ ბატონები: ი. კტისტაკისი და კ. ციცელიკისი, ათენსა და თესალონიკში მოღვაწე ადვოკატები, შესაბამისად. საბერძნეთის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდნენ მათი წარმომადგენლები: ბატონი კ. გეორგიადისი და ქალბატონი ვ. პელეკო, სახელმწიფო იურიდიული საბჭოს მრჩევლები და ქალბატონი ა. მაგრიპი, სახელმწიფო იურიდიული საბჭოს ასისტენტი.
3. მომჩივანი ჩიოდა, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევის გამო, როგორც დამოუკიდებლად, ისე, მე-14 მუხლთან და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლთან ერთობლიობაში, საქმესთან მიმართებით, რომელიც შეეხებოდა მისი გარდაცვლილი ქმრის ქონებრივ სამემკვიდრეო უფლებებს.
4. საჩივარი დაეწერა სასამართლოს პირველ სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე წესის 1-ლი პუნქტი). 2016 წლის 23 აგვისტოს სექციის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, 52-ე წესის მე-2 (b) პუნქტის თანახმად, ეცნობებინა მოპასუხე მთავრობისთვის ზემოაღნიშნული საჩივრის შესახებ. 2017 წლის 6 ივნისს აღნიშნული სექციის პალატამ, შემადგენლობით: კრისტინა პარდალოსი, თავმჯდომარე, ლინოს ალექსანდრე-სიცილიანოსი, ლედი ბიანკუ, ალეშ პეიჰალი, არმენ ჰარუტუნიანი, პაულინ კოშკელო და ტიმ აიკი, მოსამართლეები და რენატა დეგენერი სექციის მდივნის მოადგილე, საქმე განსახილველად გადასცეს დიდ პალატას, რაზეც მხარეებს წინააღმდეგობა არ გამოუთქვამთ (კონვენციის 30-ე მუხლი და 72-ე წესი)
5. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებითა და 24-ე წესის თანახმად. მოსამართლე პარდალოსმა, რომლის უფლებამოსილების ვადა საქმის განხილვის მიმდინარეობისას ამოიწურა, გააგრძელა საქმის განხილვა (კონვენციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 23-ე წესის მე-4 პუნქტი).
6. როგორც მომჩივანმა, ისე მთავრობამ წარადგინეს წერილობითი მოსაზრებები საქმის მისაღებობასა და არსებით მხარეზე. წერილობითი განმარტებები ასევე წარადგინეს: ქრისტიანთა გაერთიანებამ, ბერძნულმა ლიგამ ადამიანის უფლებებისთვის და ჰელსინკის ბერძნულმა მონიტორმა, რომლებიც მიწვეულ იქნენ საქმეზე წერილობითი განმარტებების წარსადგენად (კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 44-ე წესის მე-3 პუნქტი).
7. საჯარო მოსმენა გაიმართა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა შენობაში, 2017 წლის 6 დეკემბერს, სადაც სასამართლოს წინაშე წარდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ქალბატონი ვ. პელეკო, მრჩეველი, სახელმწიფო იურიდიული საბჭო, წარმომადგენელი,
ქალბატონი ა. მაგრიპი, სამართლებრივი თანაშემწე, სახელმწიფო იურიდიული საბჭო,
ქალბატონი მ. ტელალიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, კონსულტანტი,
ბატონიე. კასტანასი, იურიდიული მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტრო იურიდიული დეპარტამენტი, მრჩეველი;
(ბ) მომჩივნის სახელით
ბატონი კ. ციცელიკისი, ადვოკატი და მაკდეონიის უნივერსიტეტის პროფესორი,
ბატონიი. კტისტაკისი, ადვოკატი და თრასის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, კონსულტანტი;
ბატონი დ. მემეტი, ადვოკატი, მრჩეველი;
ბატონიო.ფ. ჯანკატი,
ბატონიტ. უნაი..
სასამართლომ, მოსარჩელის სახელით, მოისმინა ბატონი ციცელიკისისა და ბატონი კტისტაკისის და, მთავრობის სახელით, ქალბატონების: მაგრიპის, ტელალიანისა და პელეკოს მიმართვები, ასევე, მათი პასუხები მოსამართლეების შეკითხვებზე.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
8. მომჩივანი დაიბადა 1950 წელს და ცხოვრობს კომოტინში.
9. მომჩივნის ქმარი, მუსტაფა მოლა სალი, თრაკიის მუსლიმთა თემის წევრი, გარდაიცვალა 2008 წლის 21 მარტს. 2003 წლის 7 თებერვალს მან შეადგინა სანოტარო წესით დამოწმებული საჯარო ანდერძი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების შესაბამისად. მან მთელი თავისი ქონება უანდერძა ცოლს, კერძოდ: 127 კვ.მ. სახლის ნახევარი, მანქანის დასაყენებელი ადგილი და საცხოვრებელი კორპუსის სარდაფი კომოტინში; მაღაზიის მეოთხედი კომოტინში, რომელიც შემდგომში ჩამორთმეულ იქნა მომჩივნისთვის გადახდილი კომპენსაციის სანაცვლოდ, და ოთხი ქონება სტამბულში.
10. კომოტინის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის N12.785/2003 განჩინებით, მომჩივნის მიერ წარდგენილი ნათესაობის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, წარდგენილი ანდერძი აღიარებულ იქნა. 2010 წლის 6 აპრილს მომჩივანმა მიიღო თავის ქმრის სამკვიდრო, სანოტარო გზით გაფორმებული სამკვიდრო მოწმობის ძალით, რაც ეცნობა ხაზინას და მომჩივანმა კომოტინის მიწის რეესტრში თავის სახელზე დაირეგისტრირა ქონება, გადაიხადა რა, შესაბამისი სარეგისტრაციო მოსაკრებელი. საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ მომჩივანს დაეკისრა ამ ქონების მიღების გამო სამემკვიდრეო გადასახადის გადახდა.
ა. საქმისწარმოება როდოპის პირველი ინსტანციის სასამართლოში
11. 2009 წლის 12 დეკემბერს გარდაცვლილის ორმა დამ ანდერძის ნამდვილობა საცილო გახადეს როდოპის პირველი ინსტანციის სასამართლოში. სასრჩელო მოთხოვნა შეეხებოდა ნაანდერძევი ქონების სამ-მეოთხედს. ამტკიცებდნენ, რომ ისინი, ისევე, როგორც გარდაცვლილი, მიეკუთვნებოდნენ თრაკიის მუსლიმურ თემს და, ამიტომ ნებისმიერი საკითხი გარდაცვლილის მამულთან დაკავშირებით, ექვემდებარებოდა ისლამურ საეკლესიო სამართალს (შარიათის სამართალს) და მუფთის იურისდიქციას და არა სამოქალაქო სამართლის ნორმებს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მუსლიმური ჩვეულებებისა და შარიათის კანონების გამოყენება მუსლიმური აღმსარებლობის საბერძნეთის მოქალაქეების მიმართ გათვალისწინებული იყო 1920 წლის სევრის ხელშეკრულების (რატიფიცირებულია 1923 წლის 29 სექტებრის/30 ოქტომბრის დადგენილებით) მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტითა და ლოზანას ხელშეკრულების 42-ე და 45-ე მუხლებით (რატიფიცირებული 1923 წლის 25 აგვისტოს დადგენილებით) (იხ. 65-68 პარაგრაფები ქვემოთ). ისინი ამტკიცებდნენ, რომ მუსლიმებისთვის მოქმედი სამემკვიდრეო სამართალი უფრო ანდერძის არარსებობაზე იყო აგებული, ვიდრე მის არსებობაზე. ისლამური სამართლის თანახმად, თუ გარდაცვლილს დარჩებოდა ახლო ნათესავები, ანდერძს შეეძლო მხოლოდ დამატებოდა და შეევსო ანდერძის გარეშე მემკვიდრეობის წესები. საბერძნეთის სამოქალაქო კოდექსის მიღების შემდეგაც, კოდექსის შესავალი წიგნის მე-6 მუხლის თანახმად, ეს ნორმები ძალაში დარჩა მხოლოდ თრაკიაში მცხოვრები მუსლიმური აღმსარებლობის მქონე საბერძნეთის მოქალაქეებისთვის.
12. როდოპის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის N50/2010 გადაწყვეტილებით გარდაცვლილის დების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ისლამური სამემკვიდრეო სამართლის გამოყენება ბერძენი მუსლიმების მიმართ იმგვარად, რომ მათ შეზღუდოდათ თავიანთი ქონების განკარგვა გარდაცვალების წინ, იწვევდა გაუმართლებელ დისკრიმინაციას, რელიგიური რწმენის საფუძველზე. სასამართლომ დაადგინა, რომ ამგვარი პირებისთვის შემდგომში იმის შესაძლებლობის არმიცემა, რომ შეედგინათ საჯარო ანდერძი, არღვევდა კონსტიტუციის მე-4 მუხლს (თანასწორობის პრინციპი), მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტს (ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება), მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს (დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი) და მე-13 მუხლის 1-ელ პუნქტს (რწმენის თავისუფლება), ისევე, როგორც კონვენციის მე-14 მუხლსა და 1-ლი ოქმის 1-ელ პუნქტს. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ თუნდაც 1920/1991 კანონის მე-5(2) მუხლიდან (რომლითაც მოხდა რელიგიის მუსლიმი მსახურების შესახებ 1990 წლის 24 დეკემბრის კანონის რატიფიცირება) გამომდინარეობდეს, რომ მუსლიმთათვის მემკვიდრეობის საკითხები უნდა რეგულირდებოდეს შარიათის კანონით, ეს კანონი უნდა მოქმედებდეს კონსტიტუციასა და კონვენციასთან შესაბამისად. მოცემულ საქმეში შეუსაბამობა მომდინარეობდა ისლამური სამემკვიდრეო სამართლის იმგვარი განმარტებით, რომ ის შესაბამის პირებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ართმევდა სამოქალაქო უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას. სასამართლომ დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შარიათის კანონები, inter alia, ეფუძნებოდა საერთაშორისო სამართალს, და კერძოდ, ლოზანას ხელშეკრულების 42-ე და 45-ე მუხლებს ერთობლივად, ისლამურ სამართალში ის ისე არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რომ შეეკვეცა ბერძენი მუსლიმების სამოქალაქო უფლებები, რადგან ხელშეკრულების მიზანი უმცირესობების წარმომადგენელთათვის ამგვარი უფლებების შეზღუდვა კი არ იყო, არამედ მათი დაცვის გაძლიერება.
13. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ბერძენი მუსლიმი, რომელიც დაუკავშირდა ნოტარიუსს საჯარო ანდერძის გასაფორმებლად, ახორციელებდა სიკვდილის წინ თავისი ქონების განკარგვის უფლებას, ისეთსავე პირობებში, როგორც სხვა ბერძენი მოქალაქეები. შეუძლებელი იყო ანდერძის გაბათილება ან მისი რაიმე სამართლებრივი შედეგის დაძლევა შემდგომში იმ მიზეზით, რომ შარიათის კანონი კრძალავდა ამგვარ ანდერძს. მომჩივანთა არგუმენტების გაზიარება გამოიწვევდა გაუმართლებელ განსხვავებულ მოპყრობას სხვა ბერძენ მოქალაქეებთან შედარებით, მათი რელიგიური შეხედულებების საფუძველზე.
ბ. საქმისწარმოება თრაკიის სააპელაციო სასამართლოში
14. 2010 წლის 16 ივნისს გარდაცვლილის დებმა ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი.
15. 2011 წლის 28 სექტემბერს თრაკიის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა (გადაწყვეტილება N 392/2011). სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ, ჯერ ერთი, სამართლებრივი ნორმები, რომლებიც მიღებული იყო სევრის და ლოზანას ხელშეკრულებების თანახმად, გამიზნული იყო მუსლიმი აღმსარებლობის საბერძნეთის მოქალაქეების დასაცავად და შესაბამისობაში იყო კონსტიტუციასა და კონვენციასთან. ეს ნორმები გამოიყენებოდა როგორც მუსლიმური ანდერძის, ისე ანდერძის გარეშე დარჩენილი სამკვიდროს მიმართ, მაგრამ მუფთს არ გააჩნდა იურისდიქცია საჯარო ანდერძებთან მიმართებით. სასამართლომ დაადგინა, რომ რადგანაც მოანდერძეს თავისუფლად შეეძლო აერჩია ანდერძის ის ფორმა, რაც მას სურდა, თავისი უფლების განხორციელებისას და, შესაბამისად, შეეძლო საჯარო ანდერძის გაფორმება სამოქალაქო კოდექსის 1724-ე მუხლის შესაბამისად, ის არ იყო ვალდებული, დამორჩილებოდა ისლამურ კანონებს, რაც არ აწესრიგებდა ამგვარი ანდერძის გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მეტიც, მუფთს არ გაანჩნდა იურისდიქცია მოანდერძის სურვილებზე, რაც არ შეიძლებოდა შეზღუდულიყო. სხვაგვარად, ადგილი ექნებოდა დისკრიმინაციას რელიგიის საფუძველზე, რაც უკანონო იყო დისკრიმინაციის აკრძალვის ზოგადი წესებიდან გამომდინარე.
16. უფრო კონკრეტულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თრაკიის მუსლიმი რელიგიური უმცირესობის წევრი, საბერძნეთის გარდაცვლილი მოქალაქის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეთხოვა ნოტარიუსისთვის საჯარო ანდერძის გაფორმება და პირადად გადაეწყვიტა, თუ როგორ და ვისთვის ეანდერძებინა თავისი ქონება, ექცეოდა მის სამართლებრივი უფლების ფარგლებში, განეკარგა თავისი ქონება სიკვდილის წინ იგივე პირობებში, როგორშიც - სხვა ბერძენი მოქალაქეები.
გ. საქმისწარმოება საკასაციო სასამართლოში
17. 2012 წლის 23 იანვარს გარდაცვლილის დებმა წარადგინეს საჩივარი სამართლებრივ საკითხებზე.
18. 2013 წლის 7 ოქტომბრის N 1862/2013 გადაწყვეტილებით და საერთაშორისო სამართლის ნორმის, კერძოდ, ათენის 1913 წლის ხელშეკრულების მე-11 მუხლისა და ქვეყნის შიდა კანონმდებლობის, კერძოდ: N 147/1914 კანონის მე-4 მუხლის, N 2345/1920 კანონის (მიღებული ათენის 1913 წლის შეთანხმების საფუძველზე) მე-10 მუხლის, და N 1920/1991 კანონის მე-5(2) მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ საჩივარი მისაღებად გამოაცხადა. სასამართლომ აღნიშნა, რომ N 2345/1920 კანონის მე-10 მუხლი (მუსლიმი მოსახლეობის მსახური დროებითი არქი-მუფტისა და მუფტების სამოქმედო წესების შესახებ), იმეორებდა ათენის ხელშეკულების მე-11 მუხლის 8.1 პუნქტის შინაარს, რომლის თანახმადაც, მუფთები თავიანთ იურისდიქციას მუსლიმებზე ავრცელებდნენ ქორწინების, განქორწინების, რჩენის, მეურვეობის, მზრუნველობის, არასრულწლოვანთა უფლებების, ისლამური ანდერძების და ანდერძის გარეშე დარჩენილი სამკვიდროს განკარგვის საკითხებზე. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მუსლიმური აღმსარებლობის მქონე საბერძნეთის მოქალაქეებს შორის ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონები, როგორც ეს ასევე გათვალისწინებული იყო საბერძნეთის მიერ რატიფიცირებული ზემოაღნიშნული შეთანხმებით, კონსტიტუციის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა საბერძნეთის შიდა კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილს და სხვა ნებისმიერი საწინააღმდეგო ნორმის მიმართ უპირატესი ძალა გააჩნდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმებისას მან დაასკვნა, რომ სასამართლოს მიერ საკითხის ამგვარი გადაწყვეტით დარღვეული იყო შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, რადგან გარდაცვლილი პირის მამულის მიმართ გამოსაყენებელი კანონი იყო ისლამური სამემკვიდრეო სამართალი, რომელიც წარმოადგენდა ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ნაწილს და მოქმედებდა მუსლიმური აღმსარებლობის საბერძნეთის მოქალაქეებზე. მან აღნიშნა, რომ სადავო მამული წარმოადგენდა იმ კატეგორიის ქონებას, რომელზეც არსებობდა „სრული საკუთრების უფლება“ (mulkia) გადაცემულ სახელმწიფო მიწას - ეს იყო საჯარო მიწა, რომელიც ოტომანთა ადმინისტრაციას ეკუთვნოდა, რომელზეც სრული საკუთრების უფლება კერძო პირებს გადაეცათ და, რომელიც იმართებოდა შარიათის კანონებით ოტომანთა ოკუპაციის დროს. ამის გამო, შემდგომში, სადავო საჯარო ანდერძი უნდა გამოცხადებულიყო ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ შარიათის კანონების საფუძველზე, რომელიც ამგვარ ინსტიტუტს არ ცნობდა.
19. საკასაციო სასამართლომ საქმე თრაკიის სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.
დ. საქმისწარმოება სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ
20. 2015 წლის 15 დეკემბრის N 183/2015 გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ შეცვალა როდოპის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, გამიზნული საბერძნეთის მუსლიმური აღმსარებლობის მოქალაქეების დასაცავად, წარმოადგენდა კანონმდებლობის სპეციალურ მიმართულებას და არ არღვევდა თანასწორობის პრინციპს, რომელიც კონსტიტუციის მე-4 მუხლით იყო განმტკიცებული ან სამართლიანი სასამართლო განხილვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ უფლებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდაცვლილის მამულთან დაკავშირებით გამოსაყენებელი კანონი იყო შარიათის კანონი, რადგან ნაადერძევი ქონება მიეკუთვნებოდა “mulkia”-ს კატეგორიას და, შესაბამისად, სადავო საჯარო ანდერძი ვერ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგს, რადგან შარიათის კანონი რაიმე ამგვარ ინსტიტუტს არ ცნობდა. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულო იყო იმ სასამართლოებისთვის, რომელთაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდათ იმ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაბამისი გადაწყვეტილებებით იქნა დადგენილი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შებოჭილი იყო საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და არ შეეძლო მისი დაძლევა. ამიტომ, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, დაეკმაყოფილებინა მომჩივნის შუამდგომლობა საქმეზე წინასწარი განჩინების მისაღებად მიემართა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსთვის N 1920/1991 კანონის მე-5(2) მუხლისა და ლოზანას ხელშეკრულების 45-ე მუხლის განმარტების მიზნით. გადაწყვეტილება არ ყოფილა მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რადგან ის გასაჩივრდა სამართლებრივ საკითხებზე.
ე. საქმისწარმოება საკასაციო სასამართლოში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების გამო
21. 2016 წლის 8 თებერვალს მომჩივანმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი სამართლებრივ საკითხებზე და მოსმენა საკასაციო სასამართლოში დაინიშნა 2017 წლის 11 იანვრისთვის. მან საჩივარში გასაჩივრების რამდენიმე საფუძველზე მიუთითა.
22. საჩივრის პირველ საფუძველში იგი მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ერთ სპეციფიურ საკითხთან მიმართებით, რომელსაც იგი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა საქმის შედეგისთვის, კერძოდ, რომ სასამართლომ უგულებელყო საკითხი, წარმოადგენდა თუ არა მისი მეუღლე „ისლამის მიმდევარს“, რაც წარმოადგენდა კანონის სპეციფიური ნაწილის გამოყენების წინაპირობას.
23. მომჩივნის საჩივრის მეორე საფუძველი შეეხებოდა N 1920/1991 კანონის მე-5(2) მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მუხლების არასწორ განმარტებასა და გამოყენებას. მან აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილებით იმ ნორმების მოქმედების სფერო, რომლებიც აყალიბებდნენ ისლამური აღმსარებლობის საბერძნეთის მოქალაქეებისთვის გამოსაყენებელ ცალკე მდგომ კანონმდებლობას, გაფართოვდა და გავრცელდა მუსლიმური თემის იმ წარმომადგენლებზეც, რომლებიც ერთგულად არ მიყვებოდნენ ისლამურ დოქტრინას.
24. მომჩივანი დასკვნის სახით ამტკიცებდა, რომ საჩივრის ამ საფუძვლებზე არ ყოფილა ნამსჯელი საკასაციო სასამართლოს N 1862/2013 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. მან ხაზი გაუსვა, რომ ის გადაწყვეტილება ზოგადად შეეხებოდა საბერძნეთის მოქალაქეებს, რომლებიც მუსლიმური აღმსარებლობისანი იყვნენ და არ განიხილავდა კანონმდებლობის გამოყენების საკითხს იმ პირების მიმართ, რომლებიც არა-მიმდევარი წევრები იყვნენ მუსლიმური თემისა.
25. თავის დამატებით წარდგენილ მოსაზრებაში, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ საჯარო ანდერძის შედგენის საბერძნეთის ყველა მოქალაქისთვის მინიჭებული უფლება, მათი რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, არ ექცეოდა მუფთების იურისდიქციაში. მისი მოსაზრებით, მუსლიმ უმცირესობასთან დაკავშირებული სპეციალური ნორმები ვერ იქნებოდა გამოყენებული მუსლიმთა, საბერძნეთის კონსტიტუციით, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტითა და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით გარანტირებული, ინდივიდუალური უფლებების დარღვევის გარეშე.
26. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის N 556/2017 გადაწყვეტილებით მიუღებლად გამოცხადდა საჩივარი სამართლებრივ საკითხებზე. გადაწყვეტილების დასაბუთება კონვენციას არ შეხებია.
27. საჩივრის პირველი საფუძველი მიუღებლად გამოცხადდა, მიჩნეულ იქნა რა, რომ ის ეფუძნებოდა გარდაცვლილი მუსლიმის რელიგიურ გრძნობების ხარისხზე და ამ კრიტერიუმს არ გააჩნდა სამართლებრივი მნიშვნელობა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ გარდაცვლილი პირის საბერძნეთის მოქალაქეობა არ გამორიცხავდა შარიათის კანონების გამოყენებას.
28. საჩივრის მეორე საფუძველს რაც შეეხება, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლოს N 1862/2013 გადაწყვეტილების თანმიმდევრულად, სათანადოდ იყო დასაბუთებული. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები შეაფასა მატერიალური კანონმდებლობის საფუძველზე და თავის დასაბუთებაში სათანადო შეფასება მისცა ანდერძის ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ არსებით საკითხს.
29. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდა საქმისწარმოება საბერძნეთში მდებარე ქონებასთან დაკავშირებით.
30. საბოლოოდ, მომჩივანს ჩამოერთვა უფლება ნაანდერძევი ქონების სამ-მეოთხედზე.
ვ. საქმისწარმოება სტამბულის პირველი ინსტანციის სასამართლოში
31. 2011 წელს მოანდერძის დებმა მიმართეს სტამბულის პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს ანდერძის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თურქეთის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საერთაშორისო კერძო სამართლის პრინციპების საფუძველზე. ისინი განმარტავდნენ, რომ ანდერძი ეწინააღმდეგებოდა თურქეთის საჯარო პოლიტიკას. მოსმენები გაიმართა 2016 წლის 9 თებერვალსა და 26 მაისს, მაგრამ სასამართლომ შეაჩერა საქმის განხილვა იმ საფუძვლით, რომ მომჩივანს ჯერ კიდევ ჰქონდა შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა თრაკიის სააპელაციო სასამართლოს N 183/2015 გადაწყვეტილება სამართლებრივი საკითხების გამო. შემდგომი მოსმენა საქმეზე დაინიშნა 2017 წლის 28 სექტემბერს და გადაიდო 2018 წლის 18 იანვრამდე. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ინფორმაცია საქმისწარმოების შემდგომი განვითარების შესახებ.
II. შესაბამისი შიდა კანონმდებლობა და პრაქტიკა
A. კონსტიტუცია
32. კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები ითვალისწინებს შემდეგს:
მუხლი 4
„1. ყველა ბერძენი თანასწორია კანონის წინაშე.
2. ბერძენ მამაკაცებსა და ქალებს აქვთ თანასწორი უფლებები და მოვალეობები.
...“
მუხლი 5
„1. ყველას აქვს თავისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უფლება, იმგვარად, რომ ისინი არ ლახავდნენ სხვათა უფლებებს ან არ არღვევდნენ კონსტიტუციურ ან მორალურ ღირებულებებს.
2. საბერძნეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირი სარგებლობს თავისი სიცოცხლის, ღირსებისა და თავისუფლების დაცვის სრული უფლებით, მათი ეროვნების, რასის, ენის და რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. ...“
მუხლი 13 § 1
„რელიგიური რწმენის თავისუფლება ხელშეუხებელია. სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენება არ არის დამოკიდებული პირის რელიგიურ შეხედულებებზე.“
მუხლი 20 § 1
„ყველას აქვს უფლება, მიიღოს სამართლებრივი დახმარება სასამართლოს მეშვეობით და მიმართოს სასამართლოს მისი კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.“
ბ. სამოქალაქო კოდექსი
33. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები ითვალისწინებს შემდეგს:
მუხლი 1724
„საჯარო ანდერძი შეიძლება შედგენილ იქნეს მოანდერძის უკანასკნელი სურვილების გამოვლენის საფუძელზე, ნოტარიუსის წინაშე, სამი მოწმის ან მეორე ნოტარიუსისა და ერთი მოწმის თანდასწრებით, 1725-ე და 1737-ე მუხლების თანახმად.“
მუხლი 1769
„ნოტარიუსი, რომელთანაც ინახება საჯარო ანდერძი, ვალდებულია, მოანდერძის გარდაცვალების შესახებ შეტყობის შემთხვევაში, ანდერძის ასლი გაუგზავნოს პირველი ინსტანციის კომპეტენტური სასამართლოს კანცელარიას ...
... კანცელარიისთვის გადაცემული საჯარო ანდერძი უნდა გაიხსნას სასამართლოს პირველ ზეპირ მოსმენაზე [ანდერძის მიღების შემდეგ].“
მუხლი 1956
„მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სასამართლო განხილვის შედეგად, მემკვიდრეს, მისივე თხოვნით, გადაეცემა მოწმობა თავისი სამკვიდრო უფლებებისა და ქონების მისთვის ნაანდერძევი წილის შესახებ (მემკვიდრეობის მოწმობა - κληρονομητήριο).“
გ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ითვალისწინებს შემდეგს:
„საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის საფუძველი სამართლებრივ საკითხზე, მიუღებლად გამოცხადდება, თუ ის შეეხება გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელიც შესაბამისობაშია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.“
დ. ისლამური სამემკვიდრეო სამართალი
35. ისლამური სამემკვიდრეო სამართლის თანახმად (Farâ’idh), ანდერძის გარეშე დარჩენილი სამკვიდრო, არის მემკვიდრეობის ყველაზე გავრცელებული ფორმა. გარდაცვალება იწვევს სამართლებრივი ურთიერთობების საბოლოო შეწყვეტას გარდაცვლილსა და მესამე პირებს შორის. ასეთ მესამე პირებს მიეკუთვნებიან გარდაცვლილის მემკვიდრეები, რომლებსაც კრედიტორების მსგავსი უფლებები აქვთ. სხვა კრედიტორები, გარდა მემკვიდრეებისა, უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფებიან და ენიჭებათ პრიორიტეტი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მემკვიდრეობა მემკვიდრეთა სასარგებლოდ არის ბათილი და იურიდიული ძალის არმქონე.
36. მამაკაც მემკვიდრეებს მამულიდან მიეკუთვნებათ ორმაგი წილი ქალ მემკვიდრეებთან შედარებით. ისინი განიხილებიან, როგორც „ავტონომიური“ მემკვიდრეები და მიიღებენ მამულის იმ წილს, რაც დარჩება ნაწილობრივი წილების მიღებაზე უფლებამოსილი პირების მიერ მათი მიღების შემდეგ. გარდაცვლილის ქვრივი და ქალიშვილი უფლებამოსილი არიან, მიიღონ თავიანთი მამულის ნაწილობრივი წილი. არსებობს ფრაქციული წილის ექვსი ფორმა: ერთი-მეორედი, ერთი-მეოთხედი, ერთი-მერვედი, ერთი-მესამედი, ორი-მესამედი და ერთი-მეექვსედი. შესაბამისად, ქვრივი მიიღებს მამულის ერთ-მერვედს, თუ ერთი შვილი მაინც ჰყავს, ხოლო შვილების არყოლის შემთხვევაში - ერთ-მეოთხედს. თუ გარდაცვლილის ერთადერთი შვილი მდედრობითია, იგი მიიღებს მამულის ნახევარს. თუ გარდაცვლილს ასევე ჰყავს ძმები და დედა, მისი ქალიშვილი მიიღებს - ერთ-მეექვსედს.
37. N 152/1991 გადაწყვეტილებით როდოპის პირველი ინსტანციის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მამულზე არათანაბარი წილის სისტემა, ანდერძის არარსებობის შემთხვევაში სამკვიდროს მიღებისას, ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს, რაც არის სქესობრივი თანასწორობის გარანტი.
38. შარიათის კანონი ასევე ითვალისწინებს ისლამურ ანდერძს, თუმცა, ის უფრო ლეგატს ჰგავს. ამგვარ ანდერძს თვითონ მუფთი წერს ან ორი მოწმის თანდასწრებით ზეპირად ცხადდება. ის შესაბამის პირს შესაძლებლობას აძლევს თავისი ქონების ერთი-მესამედი უანდერძოს მესამე პირებს (მის მემკვიდრეთა წრის გარეთ), საქველმოქმედო მიზნებისთვის.
39. მუფთი არის ბერძენი საჯარო მოხელე, ვისაც უკავია ადმინისტაციის გენერალური დირექტორის თანამდებობა და ინიშნება პრეზიდენტის დადგენილებით, განათლებისა და რელიგიის საქმეთა მინისტრის წარდგინებით (მუფთის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით იხ. 50-ე და 77-ე პარაგრაფები ქვემოთ).
ე. შარიათის კანონის გამოყენებასთან დაკავშირებული ნორმები საბერძნეთის კანონმდებლობაში და ქვეყნის პრაქტიკა
1. საკანონმდებლო ინსტრუმენტები
40. ბერძენი მუსლიმების რელიგიური თავისებურებების დაცვა ეფუძნება საერთაშორისო ინსტრუმენტებს (იხ. 62-65-ე პარაგრაფები ქვემოთ), ისევე, როგორც 1914 წლის 5 იანვრის N 147/1914 კანონის მე-4 მუხლს, რომელიც გამოიყენებოდა დათმობილი ტერიტორიების და მათი სამართლებრივი მოწყობის საკითხზე (რომელიც ჩამოყალიბდა ათენის შეთანხმების თანახმად, რომელზეც კანონის მე-4(2) მუხლი მიუთითებს), რომელიც ითვალისწინებს, რომ:
„მუსლიმი ან ებრაული აღმსარებლობის მიმდევართა შორის ქორწინებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, კერძოდ, ყველაფერი, რაც უკავშირდება ქორწინების ან განქორწინების შესახებ კანონიერ შეთანხმებას და მეუღლეებს შორის პირად ურთიერთობებს, მათი ქორწინების პერიოდში, ისევე, როგორც ნათესაობის საკითხებს, მოწესრიგდება რელიგიური კანონით და მათთან მიმართებით საქმეები განიხილება ამ კანონების შესაბამისად.
რაც შეეხება მუსლიმებს, მათთან მიმართებით ასევე გამოიყენება საბერძნეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების სპეციალური დებულებები.“
41. როდესაც 1946 წელს მიღებულ იქნა საბერძნეთის სამოქალაქო კოდექსი, მისი შესავალი წიგნის მე-6 მუხლით შეიცვალა N 147/1914 კანონის მე-4 მუხლი მხოლოდ საბერძნეთის ებრაული აღმსარებლობის მოქალაქეების მიმართ. თუმცა კოდექსის შესავალი წიგნის მე-8 მუხლით შენარჩუნებულ იქნა N 2345/1920 კანონის მე-10 მუხლი, რაც მოგვიანებით შეიცვალა N 1920/1991 კანონის მე-5(2) მუხლით (იხ. 45-ე პარაგრაფი ქვემოთ).
42. N 1920/1991 კანონის მე-5(2) მუხლი, რომლითაც მოხდა 1990 წლის 24 დეკემბრის საკანომდებლო აქტის რატიფიცირება, ითვალისწინებს შემდეგს:
მუფთის იურისდიქცია ვრცელდება საბერძნეთის ამ რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომლებიც მუსლიმური აღმსარებლობისანი არიან, ქორწინების, განქორწინების, რჩენის, მეურვეობის, მზრუნველობის, არასრულწლოვანთა უფლებების, ისლამური ანდერძის და ანდერძის გარეშე დარჩენილი სამკვიდროს მიღების საკითხებზე, როდესაც ასეთი საკითხები ისლამური წმინდა კანონით წესრიგდება“.
43. იმავე კანონის მე-5(3) მუხლის თანახმად:
„მუფთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იმ საქმეებზე, რომელთა მიმართებითაც მისი იურისდიქცია სადავოა, ვერ აღსრულდება, და არ წარმოადგენს res judicata-ს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი მოქმედების ძალა დადასტურებულია იმ რაიონში მდებარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სადაც ვრცელდება მუფთის უფლებამოსილება, ერთი მოსამართლის შემადგენლობით. სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ იმას, რამდენად ექცეოდა მიღებული გადაწყვეტილება მუფთის იურისდიქციის ფარგლებში და იყო, თუ არა კონსტიტუციის შესაბამისი გამოყენებული ნორმები. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოს კოლეგიაში, იგივე პროცედურის დაცვით. კოლეგიის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც ჩვეულებრივ და, არც განსაკუთრებული წესით გასაჩივრებას“.
2. სასამართლო პრაქტიკა
(ა) საერთაშორისო ხელშეკრულებები
44. საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოები ვერ თანხმდებიან იმ საკითხზე, ათენის ხელშეკულება თუ არის ისევ ძალაში და ვერც მისი მოქმედების ფარგლებთან დაკავშირებით. უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ უმცირესობების დაცვის ლოზანას შეთანხმება ეფუძნება უმცირესობების წევრებისა და სხვა მოქალაქეების თანასწორი მოპყრობის პრინციპს მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებისას. მისი მოსაზრებით, ათენის შეთანხმების მე-11 მუხლი არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ პრინციპს და შესაბამისად აღარ უნდა იქნეს გამოყენებული (გადაწყვეტილებები NN 1333/2001 და 466/2003). მეორე მხრივ, საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ათენის ხელშეკრულება არის საბერძნეთში უმცირესობების უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძველი და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს შარიათის კანონების დაცვის საერთაშორისო ვალდებულება (გადაწყვეტილებები NN 231/1932, 105/1937, 14/1938, 322/1960, 738/1967, 1723/1980, 1041/2000, 1097/2007 და 2113/2009).
45. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიამ ასევე მიიჩნია, რომ სევრის და ლოზანას შეთანხმებების ძალით ბერძენი მუსლიმებისთვის მიკუთვნებული სტატუსი 1946 წელს სამოქალაქო კოდექსის მიღების შედეგად არ გაუქმებულა (იხ. 41-ე პარაგრაფი ზემოთ). მის მიერ აღინიშნა, რომ N 147/1914 კანონის მე-4 მუხლი, რომელიც ებრაულ თემს შეეხებოდა და არ გამოიყენებოდა მუსლიმური თემის მიმართ, გაუქმდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ N 1920/1991 კანონმა გააუქმა N 2345/1920 კანონის მე-10(1) მუხლი (იხ. 41-ე პარაგრაფო ზემოთ), მან მოახდინა ამ ნორმის შინაარსის ინკორპორირება მისსავე 5(2) მუხლში. საკასაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც სევრისა და ლოზანას ხელშეკრულებების თანახმად იქნა მიღებული, გამიზნული იყო ბერძენი მუსლიმებისთვის და ითვალისწინებდა სპეციალურ ნორმებს, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო პიროვნებებს შორის ურთიერთობებში და არ ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მე-4 მუხლის 1-ელ პუნქტს (თანასწორობის პრინციპი), კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1-ელ პუნქტს (სასამართლოს გზით უფლებების დაცვის უფლება), ამ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს (იხ. მაგალითად საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 5 დეკემბრის N 2138/2013 გადაწყვეტილება).
46. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიამ გაიზიარა, რომ შარიათის კანონების გამოყენებასთან დაკავშირებით წამოიჭრება მათი კონსტიტუციასა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი, რაც გადაწყვეტილ უნდა იქნეს ქვეყნის სასამართლოების მიერ, როდესაც იხილავენ მუფთების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხს. მის ზემოთხსენებულ N 2138/2013 გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ:
„... როგორც ჩანს, მუსლიმური საოჯახო ურთიერთობები წესრიგდება მათი რელიგიური წეს-ჩვეულებებით (ისინი შეესაბამება უფრო მაღალი იერარქიის სამართლებრივ წესებს, როგორიცაა კონსტიტუცია და თანამედროვე საერთაშორისო სამართალი.) ასევე, ნათელია, რომ მათი ტრადიციის ერთი განუყოფელი ელემენტია იურისდიქციის განხორციელება მათი რელიგიის მღვდელმსახურთა მიერ, რომელთაც ერთპიროვნულად აქვთ მიკუთვნებული რელიგიური წესების აღსრულება ან მათი განმარტება და გამოყენება კონკრეტულ საქმესთან მიმართებით.“
47. მეორე მხრივ საკასაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მიიჩნია, რომ N 1920/1991 წლის კანონის მე-5(2) მუხლი არის საპროცესო ნორმა, რომელიც არ შეიძლება შეიცავდეს რაიმე მატერიალურ ნორმას (N 1588/2011 განაჩენი). სასამართლომ მიიჩნია, რომ მუსლიმის ცოლის და შვილების რჩენის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო სასამართლოების და არა მუფთის მიერ.
(b) მუფთის იურისდიქცია
48. ამ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოების პრაქტიკის კვლევის შედეგად, სამართლებრივი მკვლევარები აღნიშნავდნენ, რომ სასამართლოები ფაქტობრივად არ ახორციელებენ კონსტიტუციურობის სათანადო შეფასებას, არამედ, უმეტეს საქმეში ფორმალურად ახდენენ მუფთის გადაწყვეტილების აღიარებას. მაგალითად, 2007 წლიდან 2014 წლამდე ქსანთისა და როდოპის სასამართლოებმა აღიარეს ქსანთის მუფთის 390 გადაწყვეტილება და კომოტინის მუფთის 476 გადაწყვეტილება, და უარი თქვეს ცნობაზე მხოლოდ 34 და 17 საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად.[1]
49. სახელმწიფო იურიდიული საბჭოს 1953 წლის 3 ნოემბრის პლენუმზე გადაწყდა, რომ N 147/1914 კანონის მე-4 მუხლი, იმ ნაწილში, რაც შეეხებოდა ბერძენი მუსლიმების მიმართ გამოსაყენებელ სამემკვიდრეო სამართალს, და რიგი სხვა ნორმები აღარ ეფუძნებოდა ძალაში მყოფ საერთაშორისო შეთანხმებებს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების თარიღიდან და შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული. სახელმწიფო იურიდიულმა საბჭომ მიიჩნია, რომ ათენის ხელშეკრულების მე-11 მუხლი მყისიერად გაუქმდა მის შემდგომ მიღებული სევრასა და ლოზანას ხელშეკრულებებით. ასევე დასძინა, რომ N 147/1914 კანონისა და სხვა კანონების გარკვეული ნორმების გაუქმება (რომლებიც შეეხებოდა მუსლიმური უმცირესობის წეს-ჩვეულებების პატივისცემას), სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შედეგად, რაც გამოიყენებოდა საბერძნეთის ყველა მოქალაქის მიმართ ნებისმიერ საოჯახოსამართლებრივ დავაში, არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული ლოზანას ხელშეკრულების დარღვევად. შესაბამისად, სამემკვიდრეო გადასახადის დაკისრებისას, საგადასახადო ორგანოს მხედველობაში უნდა მიეღო ის, რომ ბერძენი მუსლიმები სამკვიდროს იღებდნენ სამოქალაქო კოდექსის ნორმების თანახმად.
50. საბერძნეთის ქვემდგომი სასამართლოების პრეცედენტული პრაქტიკიდან იკვეთება, რომ მუფთის იურისდიქცია და შარიათის კანონების გამოიყენება ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში ხორციელდება კონსტიტუციური და საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში, რაც სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ შარიათის სამართალსა და სამოქალაქო უფლებებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი დაიცვას მუსლიმი საბერძნეთის მოქალაქეების მიმართ სამოქალაქო კოდექსის გამოყენების გზით (როდოპის პირველი ინსტანციის სასამართლოს N 9/2008 გადაწყვეტილება).
51. N 7/2001 გადაწყვეტილებაში თრაკიის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალთან დაკავშირებული საკითხები, რაც მუფთის იურისდიქციაში ექცეოდა, მკაცრად იყო ჩამოყალიბებული და შემოფარგლული, რადგან ისინი გამონაკლისის სახით არსებულ სამართლის მიმართულებას ქმნიდნენ, რომლის ფართო განმარტება დაუშვებელი იყო.
52. ქსანთის პირველი ინსტანციის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ N 1623/2003 განჩინებით დადგინდა, რომ იქ, სადაც მუსლიმური აღმსარებლობის მქონე საბერძნეთის მოქალაქეები გადაწყვეტდნენ სამოქალაქო ქორწინების გაფორმებას, საოჯახო სამართალთან დაკავშირებული ყველა, მათ შორის, მე-5(2) მუხლში მითითებული, საკითხი უნდა მოწესრიგებულიყო არა შარიათის კანონით, არამედ ჩვეულებრივი კანონმდებლობით და ჩვეულებრივი სასამართლო იურისდიქციის ფარგლებში. ქსანთის პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რელიგიის თავისუფლება და თანასწორობის პრინციპი საბერძნეთის ყველა მოქალაქეს ანიჭებდა უფლებას, აერჩია ქორწინების სახე და თუ ისინი სამოქალაქო ქორწინების გზას აირჩევდნენ, უფლება, ჰქონდათ მათ მიმართ გამოყენებული ყოფილიყო შესაბამის ვითარებაში გამოსაყენებელი კანონმდებლობა.
53. ქსანთის პირველი ინსტანციის სასამართლოს N 102/2012 გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ ბერძენი მუსლიმი ქალებისათვის უფლებების შეზღუდვა ან მათ მიმართ განსხვავებული მოპყრობა არ შეიძლებოდა გამართლებული ყოფილიყო სპეციფიური გარემოებებით ან აუცილებლობით საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, რითაც დაიძლეოდა ფუნდამენტური უფლებები, გენდერული თანასწორობა და კანონის წინაშე თანასწორობა. თუმცა, ის გადაწყვეტილება შეიცვალა თრაკიის სააპელაციო სასამართლოს მიერ (N 178/2015 გადაწყვეტილება).
54. მეტიც, მოცემულ საქმეში (იხ. მე-15 პარაგრაფი ზემოთ), თრაკიის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მუფთს არ გააჩნდა იურისდიქცია საჯარო ანდერძთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით და, რომ გარდაცვლილის სურვილები არ შეიძლებოდა შეზღუდულიყო მუფთის იურისდიქციით, რამდენადაც ეს გამოიწვევდა დისკრიმინაციას რელიგიური მოტივით. ასევე აღნიშნა, რომ შარიათის კანონი არის სამართლის სპეციფიური მიმართულება, რომლის განმარტების შედეგად, მუსლიმებს ეზღუდებათ თავიანთი უფლებები, მათი სურვილების საწინააღმდეგოდ (გადაწყვეტილება N 392/2011).
55. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მიერ 1960 წლიდან დადგენილი პრაქტიკაში, თავის მხრივ, გამოიკვეთა შარიათის კანონის გამოყენების ტენდენცია, ანდერძის გარეშე დარჩენილი სამკვიდროს მიმართ, რაც შეეხებოდა ქონებას, რომელიც „სრულ საკუთრებაში“ იყო (გადაწყვეტილებები NN 321/1960, 1041/2000, 1097/2007, 2113/2009, 1497/2013 და 1370/2014). 2007 წლის 16 მაისის N 1097/2007 გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბერძენი მუსლიმების მამული, რომელიც მოიცავდა დაუტვირთავ ქონებას მკაცრად განიკარგებოდა „ისლამური წმინდა კანონით“ და არა სამოქალაქო კოდექსით. უფრო მეტიც 2017 წლის 7 თებერვალს სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ შარიათის კანონი იყო ერთადერთი, რაც გამოიყენებოდა ბერძენი მუსლიმების მიმართ ანდერძის გარეშე დარჩენილ სამკვიდროსთან დაკავშირებით.
3. ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისარი
56. „წერილობით მოსაზრებაში“ საბერძნეთში რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც გაერთიანებული ერების კომიტეტში რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ იყო წარდგენილი, ადამიანის უფლებათა ეროვნულმა კომისიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ იყენებდა ბერძნულ სამოქალაქო სამართალს თრაკიის მუსლიმური უმცირესობის მიმართ, ქორწინებისა და მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით და, რომ შარიათის კანონების გამოყენება არ შეესაბამებოდა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის ნორმებს. გამოხატული იყო შეშფოთება საკასაციო სასამართლოს N 1862/2013 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით (იხ. მე-18 პარაგრაფი ზემოთ), რომლითაც იმ საქმეზე დადგინდა პრეცედენტი, რომელიც გავლენას ახდენდა სასამართლო პრაქტიკაზე საბერძნეთში და არღვევდა თრაკიის მუსლიმური უმცირესობის წევრთა უფლებებს, შეედგინათ ანდერძი სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, რა უფლებით სარგებლობაც მათ შეეძლოთ 1946 წლიდან (ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის ყოველწლიური ანგარიში, 2016, გვ. 239).
ვ. N 4511/2018 კანონი, რომლითაც შეიცვალა N 1920/1991 კანონის მე-5 მუხლი და, რომლითაც მოხდა მუსლიმური რელიგიის მსახურთა შესახებ 1990 წლის 24 დეკემბრის აქტის რატიფიცირება
57. N 4511/2018 კანონის შესაბამისი მუხლი, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 15 იანვარს, ითვალისწინებს შემდეგს:
მუხლი 1
„1. 1990 წლის 24 დეკემბრის საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი ...
‘4. (a) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საქმეები გადაწყდება ჩვეულებრივი კანონმდებლობის თანახმად და, როგორც გამონაკლისი, მოექცევა მხოლოდ მუფთის იურისდიქციის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე ერთობლივად მოითხოვს დავის გადაწყვეტას ისლამური წმინდა კანონის თანახმად ... თუ რომელიმე მხარე საქმის მუფთისთვის გადაცემის წინააღმდეგია, მას შეუძლია მიმართოს სამოქალაქო სასამართლოებს ..., რომლებსაც ყველა საქმეზე გააჩნია საერთო იურისდიქცია.
(b) განათლების, მეცნიერებისა და რელიგიური კონფესიებისა და იუსტიციის, გამჭვირვალობისა და ადამიანის უფლებების მინისტრების წარდგინებით გამოცემულ პრეზიდენტის დადგენილებით დადგინდება მუფთების მიერ საქმეთა განხილვისა და მათი გადაწყვეტილებების გამოქვეყნების საპროცესო წესები ...
(c) თრაკიის მუსლიმი თემის წარმომადგენელთა მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება სამოქალაქო კოდექსით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოანდერძე თავისი უკანასკნელი სურვილების გამოცხადებას ახდენს სანოტარო ფორმით ... ნათლად გამოხატავს თავის სურვილს, რომ სამკვიდრო გახდეს ისლამური წმინდა კანონით მოწესრიგების საგანი.’
2. ამ კანონის ამოქმედებამდე შედგენილი ნებისმიერი ანდერძს, რომლის საფუძველზეც ქონება ჯერ კიდევ არ არის მიღებული, მიენიჭება სამართლებრივი ძალა მისი გახსნის შემდეგ.
...“
58. N 4511/2018 კანონის განმარტებით ბარათში მიმოხილული იყო პრეცედენტული პრაქტიკა და სამართლებრივი მოსაზრებები შარიათის კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით და სამართლის გარკვეული ნორმების იერარქიისა და ქვეყნის შიდა სამართლებრივ წესრიგში მათი რანგირების საკითხები, ისევე, როგორც მათი შესაბამისობა კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან. ეს საკითხი ჯერ კიდევ რელევანტურია, ამ საკითხებზე სამართლებრივი მოსაზრებებისა და პრაქტიკის განვითარების და საბერძნეთის სასამართლოებისა და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის დაპირისპირების გათვალისწინებით.
59. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფოს ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ უმოქმედია ბოლო ოთხმოცდაჩვიდმეტი წელია, რა დროის განმავლობაშიც პრაქტიკა და ტრადიციები განვითარდა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე.
60. ანგარიშში გამოკვეთილი იყო, რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს უბრალო მაყურებელი სამართლებრივი დავების არსებობისას და მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებას არ უნდა მიანდოს იმ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, რაც გავლენას ახდენს საბერძნეთის მოქალაქეებზე.
61. ამ გადაწყვეტილების მიღების დღისთვის კანონის 1(4)(b) მუხლში მითითებული დადგენილება ჯერ კიდევ არ ყოფილა მიღებული.
III. საერთაშორისო სამართალი და პრაქტიკა
A. ხელშეკრულებები
1. ბერძენი მუსლიმების რელიგიური თავისებურებების მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებები
62. ბერძენი მუსლიმების რელიგიურ თავისებურებების დაცვის საფუძველია სამი საერთაშორისო ხელშეკრულება: ათენის 1913 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულება, რომლის მიზანი იყო თურქეთსა და საბერძნეთს შორის მეგობრობის განმტკიცება, სევრის 1920 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულება, უმცირესობების დაცვასთან დაკავშირებით (გაფორმებული ერთი მხრივ, საბერძნეთსა და მეორე მხრივ, ბრიტანეთის იმპერიას, საფრანგეთს, იტალიასა და იაპონიას შორის), და ლოზანას 1923 წლის 24 ივლისის მშვიდობის ხელშეკრულება (გაფორმებული ერთი მხრივ, ბრიტანეთის იმპერიას, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, საბერძნეთს, რუმინეთს და სერბია-ხორვატია-სლოვენიას სახელმწიფოს და მეორე მხრივ, თურქეთს შორის).
63. ათენის ხელშეკრულების მე-11 მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„8.1. მუფთები თავიანთ წმინდად რელიგიურ უფლებამოსილებებთან და vakouf [საჯარო] ქონების განკარგვაზე თავიანთ ზედამხედველობით ფუნქციასთან ერთად, განახორციელებენ იურისდიქციას მუსლიმებს შორის ქორწინების, განქორწინების, რჩენის (néfaca), მეურვეობის, მზრუნველობის, არასრულწლოვანთა ემანსიპაციის, ისლამური ანდერძის და სამკვიდროს მინდობის (tevliet) საკითხებზე.
8.2. მუფთების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აღსრულდება საბერძნეთის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მიერ.
9. რაც შეეხება, მემკვიდრეობის საკითხებს, დაინტერესებულ მუსლიმ მხარეებს, შეეძლებათ ამაზე შეთანხმების შემდეგ, მიმართონ მუფთს, როგორც არბიტრს. ეროვნული სასამართლოების წინაშე მოქმედი გასაჩივრების ყველა წესი იმოქმედებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან მიმართებით, თუ არ არსებობს ნორმა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება აღნიშნულს.“
64. სევრის ხელშეკრულების მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი ითვალიწინებს შემდეგს:
„საბერძნეთი თანახმაა, მუსლიმებთან მიმართებით განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება იმისათვის, რომ საოჯახო სამართლის და პირის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდეს მუსლიმურ წესებთან შესაბამისობით.“
65. ლოზანას ხელშეკრულება, კერძოდ, ითვალისწინებს:
მუხლი 42 § 1
„თურქეთის მთავრობა თავის თავზე იღებს, არამუსლიმურ უმცირესობასთან მიმართებით, მათ საოჯახო სამართალთან და პირის სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა უზრუნველყოს ამ უმცირესობების წეს-ჩვეულებების შესაბამისად.“
მუხლი 43
„თურქეთის მოქალაქეებს, რომლებიც მიეკუთვნებიან არამუსლიმურ უმცირესობებს, არ დაავალდებულებენ განახორციელონ რაიმე ქმედება, რაც ეწინააღმდეგება მათ რწმენას ან რელიგიურ შეხედულებას და არ დაექვემდებარებიან რაიმე შეზღუდვას, თუ უარს განაცხადებენ დაესწრონ სასამართლო სხდომებს, ან რაიმე სამართლებრივი მოქმედება განახორციელონ კვირის დასვენების დღეებში.
თუმცა, ეს ნორმა თურქი ეროვნების ასეთ პირებს არ გაათავისუფლებს იმგვარი მოვალეობებისგან, რაც შეიძლება დაეკისროს თურქეთის ყველა მოქალაქეს საჯარო წესრიგის შენარჩუნების მიზნით.“
მუხლი 45
„ამ მუხლის დებულებებით თურქეთში მცხოვრები არამუსლიმებისათვის მინიჭებული უფლებები იგივე ფორმით მიეკუთვნებათ საბერძნეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსლიმურ უმცირესობებს“
2. სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის კონვენცია
66. სახელშეკრულებო სამართლის შესახებ 1969 წლის 23 მაისის ვენის კონვენციის 30-ე მუხლი (ერთსა და იგივე საგანზე სამემკვიდრეო ხელშეკრულებების გამოყენების შესახებ) ითვალისწინებს შემდეგს:
„1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 103-ე მუხლის დაცვით, მხარე სახელმწიფოების უფლებები და მოვალეობები თანამიმდევრულად დადებული ხელშეკრულებების მიმართ, ერთსა და იმავე საკითხზე, განისაზღვრება შემდეგი პუნქტების შესაბამისად..
2. როდესაც ხელშეკრულებით დადგენილია, რომ იგი განპირობებულია წინა ან მომდევნო ხელშეკრულებით, ან რომ იგი არ უნდა იყოს შეუთავსებელი ასეთ ხელშეკრულებასთან, ამ შემთხვევაში უპირატესი ძალა ენიჭება ამ სხვა ხელშეკრულების დებულებებს.
3. როდესაც წინა ხელშეკრულების ყველა მხარე ასევე მომდევნო ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს, მაგრამ წინა ხელშეკრულების მოქმედება არ შეწყვეტილა ან არ შეჩერებულა 59-ე მუხლის შესაბამისად, წინა ხელშეკრულება გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში რა ფარგლებშიც მისი დებულებები შეესაბამება მომდევნო ხელშეკრულების დებულებებს“.
3. ევროკავშირის ჩარჩო კონვენცია ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ
67. ამ კონვენციის, რომელიც მიღებულ იქნა 1995 წელს და ამოქმედდა 1998 წლის 1 თებერვალს (ხელმოწერილი, მაგრამ არა რატიფიცირებული საბერძნეთის მიერ), მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ითვალისწინებს შემდეგს:
„ეროვნულ უმცირესობას მიკუთვნებულ ნებისმიერ პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად აირჩიოს, როგორც ასეთის, გამოყენება ან არგამოყენება და ამ არჩევანს ან ამ არჩევანთან დაკავშირებულ უფლებების გამოყენებას არ შეიძლება მოჰყვეს რაიმე უარყოფითი შედეგი“.
68. ჩარჩო კონვენციის განმარტებითი ბარათი ხაზს უსვამს, რომ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი „ეროვნულ უმცირესობას მიკუთვნებული ნებისმიერი პირისთვის პირველ რიგში უზრუნველყოფს თავისუფლებას, მის მიმართ ის, როგორც ასეთი, გამოყენებული იქნეს, ან არ იქნეს გამოყენებული. ეს ნორმა ყველა ასეთ პირს შესაძლებლობას უტოვებს გადაწყვიტოს სურს, თუ არა მოექცეს იგი ამ ჩარჩო კონვენციიდან გამომდინარე პრინციპების დაცვის ქვეშ.“ (§ 34). ანგარიში აზუსტებს, რომ პარაგრაფი არ მიაკუთვნებს პირს უფლებას თვითნებურად აირჩიოს მიეკუთვნებოდეს რომელიმე ეროვნულ უმცირესობას. პირის ინდივიდუალური არჩევანი განუყოფლად არის დაკავშირებული პირის იდენტობის ობიექტურ კრიტერიუმთან“ (§ 35). მასში დასძენენ, რომ 1-ლი პუნქტი „ასევე ითვალისწინებს, რომ რაიმე უარყოფითი შედეგი არ შეიძლება მოჰყვეს მის მიერ გარანტირებულ თავისუფალ არჩევანს, ან იმ უფლებების გამოყენებას, რაც ამ არჩევანთან არის დაკავშირებული და, რომ ამ მუხლის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ ამ არჩეული თავისუფლებით სარგებლობა ასევე არაპირდაპირ არ გაუფასურდეს“ (§ 36).
4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაერთიანებული ერების კომიტეტი
69. 2018 წლის N 6 ზოგად კომენტარებში თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა 2018 წლის 26 აპრილს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა დაადასტურა თავისი შეხედულება, რომ „დისკრიმინაციის“ ცნება გულისხმობს დისკრიმინაციას მათ მიმართ, ვინც:
„... ასოცირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან. ეს უკანასკნელი ცნობილია, როგორც „ასოციაციით დისკრიმინაცია“. მე-5 მუხლისთვის ფართო მოქმედების მინიჭების მიზანია ყველა დისკრიმინაციული ვითარების ან დისკრიმინაციული ქმედებების აღმოფხვრა და მასთან ბრძოლა, რაც დაკავშირებულია შეზღუდულ შესაძლებლობებთან. (§ 20)“
ბ. საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები
1. გაერთიანებული ერები
(ა) ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტი
70. საბერძნეთის შესახებ 2007 წლის 2 თებერვლის თავის დასკვნით მოსაზრებებში კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება მუსლიმური უმცირესობების მიმართ, საბერძნეთის კანონების არგამოყენების გამო, ქორწინებისა და მემკვიდრეობის საკითხებზე, რადგან ეს იწვევდა მუსლიმი ქალების დისკრიმინაციას საბერძნეთის კონსტიტუციისა და ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-16 მუხლის დარღვევით.
71. ორმოცდამეთოთხმეტე სესიაზე მიღებულ (11 თებერვალი - 1 მარტი 2013) საბერძნეთის შესახებ მეშვიდე ანგარიშის დასკვნაში კომიტეტმა აღნიშნა შემდეგი:
„კომიტეტი შეშფოთებულია ქორწინებისა და მემკვიდრეობის საკითხებზე ქალთა მდგომარეობით წევრ სახელმწიფოში. კომიტეტი ასევე გამოხატავს შეშფოთებას სახელმწიფოს სამართლის არათანმიმდევრული გამოყენების გამო ყველა თემში. ამასთან დაკავშირებით კომიტეტი შეშფოთებულია საერთო სამართლის გამოუყენებლობის გამო წევრი სახელმწიფოს თრაკიის მუსლიმურ თემში ქორწინებასა და მემკვიდრეობასთან მიმართებით ...
37. კომიტეტი წევრ სახელმწიფოს რეკომენდაციას უწევს:
(ა) მოახდინოს ადგილობრივი შარიათის კანონისა და სახელმწიფოს სამართლის გამოყენების სრული ჰარმონიზაცია წევრ სახელმწიფოში კონვენციის ანტიდისკრიმინაციულ ნორმებთან, კერძოდ, ქორწინებასა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებით;
... “
(ბ) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის საფუძველზე შექმნილი ადამიანის უფლებათა კომიტეტი
72. 2005 წლის 25 აპრილის დოკუმენტში სათაურით „პაქტის მე-40 მუხლის საფუძველზე წევრი სახელმწიფოების მიერ წარდგენილი ანგარიშების მიმოხილვა“ კომიტეტმა საბერძნეთის შესახებ აღნიშნა შემდეგი:
„8. კომიტეტი შეშფოთებულია იმ დაბრკოლებების გამო, რისი გადალახვაც მუსლიმ ქალებს უწევთ საბერძნეთის სამართლის გამოუყენებლობის შედეგად მუსლიმური უმცირესობის მიმართ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქორწინება და მემკვიდრეობა (მე-3 და 23-ე მუხლები).
კომიტეტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოს, აამაღლოს მუსლიმი ქალების ცნობიერება მათ უფლებებთან და სამართლებრივი დაცვის საშუალებებთან მიმართებით და უზრუნველყოს მათ მიერ საბერძნეთის სამოქალაქო კანონმდებლობით სარგებლობა.“
73. 2014 წლის 23 იანვრით დათარიღებულ ანგარიშის შემდგომ დოკუმენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საბერძნეთის მთავრობის პასუხი ამგვარად ჩამოაყალიბა:
„შარიათის კანონის გამოყენება საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალის საკითხებზე თრაკიაში მცხოვრებ მუსლიმური უმცირესობის წევრების მიმართ (კომიტეტის დასკვნის მე-8 პარაგრაფი)
59. კანონმდებლობა უშვებს შარიათის გამოყენების შესაძლებლობას საოჯახო და სამემკვიდრეო სამართლის საკითხებზე თრაკიაში მცხოვრებ მუსლიმური უმცირესობის წევრების მიმართ. თვით მუსლიმურ უმცირესობას ეკუთვნის არჩევანი, რა იქნება გამოყენებული ზემოაღნიშნულ საკითხებზე, შარიათის კანონი, თუ საბერძნეთის სამოქალაქო კოდექსი. როგორც გამოვლინდა, ბოლო წლების განმავლობაში ქალებთან დაკავშირებულ საქმეებზე ეს არჩევანი ფაქტობრივად არსებობს თრაკიაში.
60. თრაკიაში მუსლიმური უმცირესობის წევრები აბსოლუტური თავისუფლებით სარგებლობენ იმასთან დაკავშირებით, მიმართავენ სამოქალაქო სასამართლოს, თუ ადგილობრივ მუფთებს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირველს მიმართავენ, გამოიყენება საერთო სამართალწარმოების ნორმები. თუ ისინი მეორეს მიმართავენ, შარიათის კანონები გამოიყენება იმ მოცულობით, რაც კოლიზიაში არ მოდის ბერძნული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებთან და საბერძნეთის სამართლებრივ და კონსტიტუციურ წესრიგთან. კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ სასამართლოები არ ცნობენ მუფთების იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საბერძნეთის კონსტიტუციას. ამ მიმართებით, სამოქალაქო კოდექსისგან გადახვევებს უმნიშვნელო ხასიათი აქვს. ისეთი ცნებები, როგორიცაა: პოლიგამია, სრულწლოვანებამდე ქორწინება სასამართლოს თანხმობის გარეშე, წარმომადგენლობითი ქორწინება, ქმრის გადაწყვეტილებით განქორწინება და სხვა, ზემოაღნიშნული პრინციპების შესაბამისად არ არის დაშვებული.
61. საბერძნეთი მკაცრად არის მოწოდებული იმისთვის, რომ გააძლიეროს ქვეყნის სასამართლოების მიერ ამ საკითხებზე მუფთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა და კონტროლი იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი სამართლებრივი შედეგი და/ან გამოყენება წინააღმდეგობაში არ მოვიდეს კონსტიტუციასა და შესაბამის, უნივერსალურ ან რეგიონალურ, ადამიანის უფლებებთან, კერძოდ, ქალებსა და ბავშვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებთან.
62. აღწერილი პრიორიტეტებისა და თვალსაჩინო ტენდენციების გათვალისწინებით, მუსლიმური უმცირესობის მიმართ რელიგიურ, სოციალურ და სამართლებრივ საკითხებზე, საბერძნეთი კვლავ განიხილავს და შეიმუშავებს შესაძლო ცვლილებებს შარიათის კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით თრაკიაში, თავისი საკანონმდებლო ვალდებულებებისა და თვითონ მუსლიმურ უმცირესობაში შესაძლო ცვლილებების გათვალისწინებით.
63. დაბოლოს, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საბერძნეთში არ არსებობს ‘პარალელური სამართლებრივი მოწესრიგებები’ ან ‘ცალკე მდგომი საზოგადოებები’, რომლებიც საბერძნეთის მოქალაქეთა რელიგიურ აფილირებაზეა დამოკიდებული. უმცირესობის წევრი მუსლიმი ქალები სრულად არიან ჩართული გენდერული თანასწორობის პოლიტიკაში და მონაწილეობენ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ შემუშავებულ შესაბამის პროგრამებში.“
2. ევროსაბჭო
(ა) ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი
74. 2008 წლის 8-დან 10 დეკემბერს კომისარი თომას ჰამერბერგი და მისი დელეგაცია სტუმრობდა საბერძნეთს, მათ შორის, ევროსის რეგიონს. ვიზიტის ფარგლებში კომისარმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განიხილა ადამიანის უფლებებთან, მათ შორის, უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. კომისარი ასევე შეხვდა უმცირესობების წარმომადგენლებს.
75. კომისარმა თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა შემდეგ საკითხებს:
„...
III. მუფთები და შარიათის კანონების გამოყენება საბერძნეთში: კომისარი ყურადღებას მიაქცევს ძალიან მძიმე შეშფოთებას, რაც გამოხატეს შესაბამისმა ეროვნულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საოჯახო და სამემკვიდრეო საკითხებთან მიმართებით შარიათის კანონების გამოყენებასთან დაკავშირებით მუსლიმი საბერძნეთის მოქალაქეების მიმართ თრაკიაში. ამ პრაქტიკის შეუსაბამობის გათვალისწინებით ადამიანის უფლებათა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან, კომისარი რეკომენდაციას იძლევა ხელისუფლებამ, გადახედოს აღნიშნულ საკითხებს, ამავე დროს უზრუნველყოს ღია და განგრძობადი დიალოგის გამართვა მუსლიმური უმცირესობის წარმომადგენლებთან მათი ყოველდღიური ცხოვრებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.
...
33. კომისარმა აღნიშნა, რომ 2007 წელს გაერთიანებული ერების ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) გამოხატა შეშფოთება ‘საოჯახო და მემკვიდრეობის საკითხებზე საბერძნეთის საერთო კანონმდებლობის გამოუყენებლობის გამო მუსლიმური უმცირესობების მიმართ’, რაც მიუთითებდა ‘მუსლიმი ქალების დისკრიმინაციაზე საბერძნეთის კონსტიტუციისა და [ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის] მე-16 მუხლის საწინააღმდეგოდ ...
34. კომისრისთვის ცნობილია, რომ გადაწყვეტილება, გავრცელდეს შარიათის კანონის გამოყენება საოჯახო სამემკვიდრეო სამართალის საკითხებზე, პრინციპში, თრაკიაში მცხოვრებ მუსლიმურ უმცირესობებზეა დამოკიდებული, რომელთაც შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი საბერძნეთის სამოქალაქო კანონმდებლობასა და შარიათის კანონს შორის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გამონაკლისები ვლინდება სამემკვიდრეო სამართალთან დაკავშირებით, რასთან მიმართებითაც ცალსახად გამოიყენება შარიათის კანონი. კომისრისთვის ასევე ცნობილია, რომ პრინციპის დონეზე, შარიათის კანონი უნდა იყოს გამოყენებული, იმ მოცულობით, რამდენადაც მისი ნორმები არ იქნება წინააღმდეგობაში საბერძნეთის საკანონმდებლო და კონსტიტუციურ წესრიგთან. ფაქტიურად N 1920/1991 კანონი (მუფთების შესახებ) ითვალისწინებს, რომ ქვეყნის სასამართლოები, დავის შემთხვევაში, არ აღასრულებენ მუფთის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საბერძნეთის კონსტიტუციას. ბოლო დროის სამართლებრივი ექსპერტის ანგარიშში ძალიან სერიოზული ეჭვები და ღრმა შეშფოთება გამოითქვა ქვეყნის სასამართლოების მიერ განხორციელებულ მუფთის სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვისა და კონტროლის ეფექტურობასთან დაკავშირებით.
35. კომისარი ასევე შეეხო დასახელებულ ეროვნულ და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ინსტიტუტებს, რომელთა ანგარიშებში ნათლად იყო მითითებული, რომ შარიათის კანონის გამოყენებასთან დაკავშირებული პრაქტიკა, როგორც ზემოთ იყო ხაზგასმული, ემყარებოდა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში მიღებულ ხელშეკრულებებს, რომლებიც გაფორმებული იყო საბერძნეთსა და ოტომანთა იმპერიას და შემდეგში, თურქეთს შორის. ეს სერიოზულ ეჭვებს აჩენს იმ ვალდებულებებთან მიმართებით, რაც საბერძნეთმა აიღო 1948 წლის შემდგომ, ფუძემდებლური საერთაშორისო და ევროპული ადამიანის უფლების შესახებ ხელშეკრულებების რატიფიცირებით, განსაკუთრებით კი, იმათი, რომლებიც შეეხება ბავშვისა და ქალის უფლებებს, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში ეფექტურად უნდა გამოიყენებოდეს და პრევალირებდეს.
36. ალექსანდროპოლისში კომისარსა და მუსლიმური უმცირესობის ზემოაღნიშნულ წევრებთან შემდგარი დისკუსიის დროს არაერთხელ მკვეთრად გამოითქვა ‘ევროპული სტანდარტების’ პრევალირების და გამოყენების სურვილი მუსლიმური უმცირესობის წევრებთან მიმართებით. ამ დისკუსიების ფარგლებში კომისარს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მუსლიმური უმცირესობის მრავალ წარმომადგენელს არ სურს, თუნდაც საკუთარი არჩევანის ფარგლებში, დაექვემდებაროს შარიათის კანონს და ძალიან მიესალმება მის გაუქმებას საბერძნეთში. ამავე დროს, ამგვარი არჩევანი გზას გაუხსნის მუფთის პირდაპირ არჩევას მუსლიმური უმცირესობის წევრების მიერ, რაც ასევე, ჩანს რომ ამ უმცირესობის უდიდესი ნაწილის სურვილს წარმოადგენს.
VI. დასკვნები და რეკომენდაციები
...
41. კომისარს სურს ამ კონტექსტში ხაზი გაუსვას იმას, რომ ნებისმიერ ვალდებულება, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს ლოზანას 1923 წლის ხელშეკრულებიდან ან მე-20 საუკუნის დასაწყისში მიღებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებიდან, განხილულ და განმარტებულ უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო ინსტრუმენტების რატიფიცირების შედეგად, შემდგომში აღებულ ვალდებულებებთან სრულ და ეფექტურ შესაბამისობაში.“
(ბ) საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტი
76. 2009 წლის 21 აპრილის ანგარიშში სათაურით „თურქეთში მცხოვრები არამუსლიმური უმცირესობების და თრაკიის (აღმოსავლეთ საბერძნეთი) მუსლიმური უმცირესობის რელიგიის თავისუფლება და ადამიანის სხვა უფლებები“, საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტმა აღნიშნა შემდეგი:
„55. შარიათის კანონის გამოყენებამ შეიძლება ისევ გამოიწვიოს პრობლემები და მომხსენებელი განსაკუთრებულად შეშფოთებულია კომიტეტის ერთ-ერთი ექსპერტის იმ ინფორმაციის გამო, რომ საბერძნეთის სასამართლოების მიერ ხდება მუფთის გადაწყვეტილებების 99%-ს აღიარება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არღვევენ ქალებისა და ბავშვების უფლებებს, როგორც ისინი გათვალისწინებულია კონსტიტუციასა და ECHR [-ის პრქტიკაში].“
77. 2016 წლის 27 იანვარს შუამდგომლობა რეზოლუციის მისაღებად სათაურით „შარიათის კანონის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან: კონვენციის წევრი სახელმწიფოები შეიძლება იყვნენ ‘კაიროს დეკლარაციის’ ხელმომწერები[“], წარედგინა სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა კომიტეტს. 2016 წლის 26 აპრილს გამართულ შეხვედრაზე კომიტეტმა დანიშნა მომხსენებელი. მომხსენებელმა თავის შესავალ მემორანდუმში აღნიშნა შემდეგი:
„ ...
4. შარიათის კანონის გამოყენება ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის ნაწილში
4.1. დასავლეთ თრაკია საბერძნეთში
41. ლოზანას 1923 წლის 24 ივლისის ხელშეკრულებით საბერძნეთმა აღიარა საბერძნეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, კერძოდ, ‘მუსლიმური’ უმცირესობის არსებობა დასავლეთ თრაკიაში, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ‘დასავლეთ თრაკიის მუსლიმი მაცხოვრებლები’ და ‘კონსტანტინოპოლის ბერძენი მაცხოვრებლები’ ნათლად გამოერიცხნენ მოსახლეობის იძულებით გაცვლის პროცესს, რასაც ადგილი ჰქონდა საბერძნეთსა და თურქეთს შორის, ლოზანაში 1923 წლის 30 იანვარს გაფორმებული კონვენციის საფუძველზე, ბერძენი და თურქი მოსახლეობის გაცვლის შესახებ. საბერძნეთის კანონმდებლობა ნებას რთავს საბერძნეთის მუსლიმ მოქალაქეებს, რომლებიც დასავლეთ თრაკიაში ცხოვრობენ, გამოიყენონ შარიათის კანონი, როგორც კერძო სამართალში პარალელურად მოქმედი სამართლებრივი სისტემა. სამართალი მუფთს ანიჭებს მუსლიმებს შორის სამემკვიდრეო საკითხებზე დავის არსებობისას მართლმსაჯულების განხორციელების უფლებამოსილებას (N 2345/1920 კანონი).
42. 1990 წლიდან თრაკიაში ხუთი მუფთი იყო: სამი მათგანი საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ იყო დანიშნული, ორი უმცირესობის მიერ იყო არჩეული, მაგრამ არ ყოფილან აღიარებული საბერძნეთის ხელისუფლების მიერ. ამას მოყვა დავა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა.
43. თეორიულად, ყოველ მუსლიმ მოქალაქეს საბერძნეთში აქვს თავისუფალი არჩევანი მუფთსა და საბერძნეთის სასამართლოს შორის. თუმცა, ეს უფლება ძალიან ვიწროდ განიმარტა საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ და პარალელური სამართლებრივი სისტემების არსებობა მძლავრად იქნა გაკრიტიკებული. თავის 2007 წლის 16 მაისის N 1097/2007 გადაწყვეტილებაში საბერძნეთის უმაღლესმა სასამართლომ აღიარა, რომ ბერძენი მუსლიმების ანდერძის გარეშე დარჩენილი სამკვიდრო ქონების საკითხი მკაცრად უნდა მოწესრიგებულიყო ‘ისლამური წმინდა სამართლით’ და არა საბერძნეთის სამოქალაქო კოდექსით. ‘ისლამური წმინდა სამართლით’ შეუძლებელია, სხვებთან ერთად, სამკვიდროს მიღება ანდერძის საფუძველზე. ...
44. მეტიც, დასავლეთ თრაკიაში შარიათის კანონის გამოყენება ზიანს აყენებს ქალებს. უნდა აღინიშნოს, რომ მუფთიმ არაერთხელ დართო ნება მუსლიმურ ქორწინებას წარმომადგენლის მეშვეობით, დასაქორწინებელთა მიერ თანხმობის გამოხატვის გარეშე, რომლებიც ზოგჯერ არასრულწლოვანი გოგონები არიან. რაც შეეხება მემკვიდრეობის საკითხებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი იქნა წარდგენილი საბერძნეთის წინააღმდეგ ქალის მიერ, რომელიც არის მუსლიმი უმცირესობის წევრი. მომჩივანი სადავოდ ხდის საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ საკითხის იმგვარ გადაწყვეტას, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი მუსლიმის ანდერძი მისი ცოლის სასარგებლოდ ცნობილ იქნა ძალადაკარგულად იმ საფუძვლით, რომ ის ეწინააღმდეგებოდა შარიათის კანონს.
45. დაბოლოს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აშკარად განაცხადა, რომ იგი ‘კეთილგანწყობილია იმ მოსაზრების მიმართ, რომ მუფთს ჩამოერთვას მართლმსაჯულების განხორციელების უფლებამოსილება, ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან მისი პრაქტიკის შესაბამისობასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით.’“
IV. ევროკავშირის სამართალი
78. ევროკავშირის ადამიანის უფლებათა ქარტიის (2000/C 364/01) შესაბამისი ნორმები ამგვარია:
მუხლი 21
დისკრიმინაციის აკრძალვა
„1. აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, ისეთი საფუძვლით, როგორიცაა სქესი, რასა, ფერი, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობა, გენეტიკური მახასიათებლები, ენა, რელიგია ან რწმენა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები, ეროვნული უმცირესობის წევრობა, ქონება, დაბადება, შესაძლებლობების შეზღუდვა, ასაკი ან სქესობრივი ორიენტაცია.
2. ევროპის თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულებისა და ევროკავშირის ხელშეკრულების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების სპეციალური ნორმების დათქმების გაუთვალისწინებლად, ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია მოქალაქეობის საფუძვლით აკრძალულია.“
79. მეტიც, საბჭოს 2000 წლის 27 ნოემბრის 2000/78/EC დირექტივა, რომლიც აყალიბებს დასაქმებისა და საქმიანობის სფეროში თანასწორი მოპყრობის ზოგად ჩარჩოს, ითვალისწინებს შემდეგს:
მუხლი 1
მიზანი
„ამ დირექტივის მიზანია რელიგიის ან რწმენის, შესაძლებლობის შეზღუდვის, ასაკის ან სქესობრივი ორიენტაციის საფუძველზე დასაქმებისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლის ზოგადი ჩარჩოს ჩამოყალიბება, წევრ სახელმწიფოებში თანასწორი მოპყრობის პრინციპის ეფექტიანი განხორციელებისთვის.“
მუხლი 2
დისკრიმინაციის ცნება
„ამ დირექტივის მიზნისთვის „თანასწორი მოპყრობის მიზანი“ ნიშნავს იმას, რომ არ იარსებებს რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი დისკრიმინაცია 1-ელ მუხლში მითითებული ნებისმიერი საფუძვლით.
2. 1-ლი პუნქტის მიზნისთვის:
(a) პირდაპირ დისკრიმინაციას მაშინ ექნება ადგილი, როდესაც ერთ პირს აყენებენ, ჩააყენეს, ან ჩააყენებენ ნაკლებად ხელსაყრელ ვითარებაში, ვიდრე მეორე იმყოფება 1-ელ მუხლში მითითებული რომელიმე საფუძვლით;
... “
80. 2008 წლის 17 ივლისს საქმეზე N C-303/06, S. Coleman v Attridge Law and Steve Law (ECLI:EU:C:2008:415), ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დიდ პალატას მიმართეს შეკითხვით, თუ 2000 წლის 27 ნოემბრის 2000/78/EC დირექტივა დასაქმებისა და საქმიანობის სფეროში თანასწორი მოპყრობის ზოგადი ჩარჩოს ჩამოყალიბების შესახებ რამდენად შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ ის კრძალავს პირდაპირ დისკრიმინაციას, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო, მხოლოდ იმ დასაქმებულის მიმართ, რომელსაც აქვს დასაცავი მახასიათებლები; თუ თანასწორი მოპყრობის პრინციპი და პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვა თანაბრად გამოიყენება ასევე იმ დასაქმებულის მიმართ, რომელსაც ნაკლებად ხელსაყრელ ვითარებაში აყენებენ თავისი შვილის შესაძლებლობების შეზღუდვის გამო და დასაქმებული ძირითადი მზრუნველია ბავშვზე მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან დაკავშირებით CJEU-მ დაასკვნა შემდეგი:
„56. ... 2000/78 დირექტივა და, კეძოდ, მისი 1-ლი და მე-2(1) მუხლები, იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ ამ ნორმებით გათვალისწინებული პირდაპირი დისკრიმინაცია არ არის შემოფარგლული მხოლოდ იმ პირებით, ვინც თვითონ არიან შეზღუდული შესაძლებლობის. როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულს, რომელიც თვითონ არ არის შეზღუდული შესაძლებლობის, აყენებს, ჩააყენებდა ან ჩააყენებს ნაკლებად ხელსაყრელ ვითარებაში, ვიდრე სხვა დასაქმებულს მსგავს ვითარებაში და დადგენილია, რომ იმ დასაქმებულის მიმართ ნაკლებად ხელსაყრელი მოპყრობა უკავშირდება მისი შვილის შესაძლებლობის შეზღუდვას, რომელზეც ძირითადად ეს დასაქმებული ზრუნავს, ამგვარი მოპყრობა ეწინააღმდეგება პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვას, როგორც ის ჩამოყალიბებულია მე-2(2)(a) მუხლში.“
81. 2015 წლის 16 ივლისს საქმეზე N C‑83/14, CHEZ Razpredelenie Bulgaria AD, ECLI:EU:C:2015:480, CJEU-ს დიდ პალატას მიმართეს შეკითხვით ეთნიკური წარმომავლობის მოტივით ასოციაციური დისკრიმინაციის შესახებ, 2000 წლის 29 ივნისის 2000/43/EC დირექტივის განმარტების კონტექსტში, რომელიც აწესებს თანასწორი მოპყრობის პრინციპს პირებს შორის მათი რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად და ევროკავშირის ადამიანის უფლებათა ქარტიასთან მიმართებით: კერძოდ, თანასწორი მოპყრობის პრინციპი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირების სასარგებლოდ, რომლებიც თვითონ არიან რაიმე რასის ან ეთნოსის წარმომავლობის, თუ იმ პირების მიმართაც, რომლებიც არ არიან საცილო რასის ან ეთნოსის წარმომადგენლები და მაინც განიცდიან ნაკლებად ხელსაყრელ მოპყრობას ხსნებული მოტივებით. გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილში ვკითხულობთ:
„56. ... სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა, რომელიც უკვე იყო მიმოხილული ამ გადაწყვეტილების 42-ე პარაგრაფში, რომლის საფუძველზეც, 2000/43 დირექტივის მიზანი არ შეიძლება განიმარტოს ვიწროდ, მისი მოქმედების სფეროს და იმ უფლებების ხასიათის გათვალისწინებით, რომელსაც ის იცავს. ეს მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ გამართლდეს იმგვარი განმარტება, რომ თანასწორი მოპყრობის პრინციპი, რასაც დირექტივა შეეხება, უკავშირდება არ პირთა გარკვეულ კატეგორიას, არამედ, 1-ელ მუხლში ჩამოთვლილ მოტივებს და, ასევე, გამიზნულია იმ პირთა მიმართაც, რომლებიც თვითონ არ წარმოადგენენ საცილო რასას ან ეთნოსს, მაგრამ, ამის მიუხედავად, განიცდიან ნაკლებად ხელსაყრელ მოპყრობას რომელიმე ხსენებული მოტივით (იხ.. ანალოგიურად, გადაწყვეტილება Coleman-ის საქმეზე, C ‑303/06, EU:C:2008:415, პარაგრაფები 38-ე და 50-ე) . “
V. შედარებითი სამართალი
82. სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან, რომლებიც შეეხება ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების კანონმდებლობას, დადგინდა, რომ შარიათის კანონები შეიძლება გამოყენებული იქნეს ყველა ამ ქვეყანაში, როგორც უცხოური სამართლის წყარო, კანონთა კონკურენციის შემთხვევაში, საერთაშორისო კერძო სამართლის კონტექსტში. ამგვარ საქმეებში, მართალია, ისლამური სამართალი, როგორც ასეთი, არ გამოიყენება, არამედ გამოიყენება, როგორც სუვერენული (არაევროპული) ქვეყნის კანონი და, მისი გამოყენება ექვემდებარება საჯარო წესრიგთან შესაბამისობის მოთხოვნას. საერთაშორისო კერძო სამართლის ფარგლებს გარეთ მხოლოდ ერთი ქვეყანა (საფრანგეთი) იყენებს შარიათის კანონის რამდენიმე ნორმას მისი ერთ-ერთი, საზღვარგარეთ მდებარე ტერიტორიის მოქალაქეების (Mayotte) მიმართ. თუმცა, იმ ნორმების გამოყენება შეზღუდული იყო და დასრულდა 2011 წელს.
83. სხვა სახელმწიფოში (გაერთიანებულ სამეფოში) 2016 წლის მაისში მთავრობამ მოამზადა დამოუკიდებელი მიმოხილვა შარიათის კანონის გამოყენების (ინგლისსა და უელსში) შესახებ იმ მიზნით, რომ შეფასებულიყო „შარიათის კანონი ხომ არ ყოფილა გამოყენებული არასწორად ან იმ ფორმით, რაც შეუთავსებელია ინგლისსა და უელსში მოქმედ შიდა კანონმდებლობასთან და კერძოდ, ხომ არ ყოფილა დისკრიმინაციული პრაქტიკა იმ ქალებთან მიმართებით, რომლებიც შარიათის საბჭოებს მიმართავენ“. თავის 2018 წლის ანგარიშში დამოუკიდებელი მიმოხილვა აცხადებს, რომ „შარიათის საბჭოებს არ აქვთ სამართლებრივი სტატუსი და სამართლებრივად მბოჭავი უფლებამოსილება სამოქალაქო სამართალში. მიუხედავად იმისა, რომ შარიათი მრავალი მუსლიმისთვის სახელმძღვანელოს წარმოადგენს, შარიათის საბჭოებს არ გააჩნიათ კანონიერი იურისდიქცია ინგლისსა და უელსში. ამიტომ, თუ რაიმე გადაწყვეტილება ან რეკომენდაცია არის მიღებული შარიათის საბჭოს მიერ, რომლებიც შეუსაბამოა ქვეყნის კანონმდებლობასთან (მათ შორის თანასწორობის პოლიტიკასთან, კერძოდ, თანასწორობის 2010 წლის კანონთან), უპირატესობა ენიჭება ქვეყნის კანონმდებლობას. მართალია მათ არ აქვთ მბოჭავი სამართლებრივი ძალა, ისინი, ფაქტობრივად მაინც მოქმედებენ, როგორც გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ისლამური განქორწინების საკთხების მოწესრიგებისას. “
სამართალი
I. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა 1-ლი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში
84. მომჩივანი ჩიოდა, კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის გამო დამოუკიდებლად და ასევე მე-14 მუხლთან და 1-ლი ოქმის 1-ელ პუნქტთან ერთობლიობაში. მან განმარტა, რომ მისი მეუღლს ანდერძის მიმართ საბერძნეთის სამოქალაქო კოდექსის ნაცვლად, შარიათის კანონის გამოყენებით, საკასაციო სასამართლომ მას ჩამოართვა მისი სამკვიდროს სამი-მეოთხედი. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, იგი ჩიოდა, რომ საკასაციო სასამართლომ მის საქმეზე უარი თქვა გამოეყენებინა საბერძნეთის ყველა მოქალაქისთვის ჩვეულებრივად მოქმედი სამართალი და მისი დავა გადაწყვიტა შარიათის კანონის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმრის ანდერძი საბერძნეთის სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად იყო შედგენილი. ეყრდნობოდა რა, მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს, მე-14 მუხლთან ერთად, იგი ასევე ჩიოდა, რომ განიცადა განსხვავებული მოპყრობა რელიგიური მოტივით.
85. წარმოადგენს რა, საქმის გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სპეციალისტს, სასამართლო არ არის შებოჭილი მომჩივნის ან მთავრობის მიერ წარმოდგენილი შეფასებებით. პრინციპის jura novit curia გათვალისწინებით, მაგალითად, მას თვითონ შეუძლია საჩივრის საფუძვლად მიიჩნიოს ესა თუ ის მუხლი ან პარაგრაფი, რომელთაც მომჩივანი არ დაყრდნობია. საჩივარი მასში გამოკვეთილი ფაქტებით გამოირჩევა და არა მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლებითა და არგუმენტებით, რომელთაც ის ეფუძნება. (იხ. შერიფე იითი თურქეთის წინააღმდეგ (Şerife Yiğit v. Turkey) [დიდი პალატა], no. 3976/05, § 52, 2 ნოემბერი 2010, და რადომილია და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ (Radomilja and Others v. Croatia) [დიდი პალატა], NN 37685/10 და 22768/10, §§ 123-26, 20 მარტი 2018 და მასში არსებული მითითებები).
86. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საქმე ყურადღებას ამახვილებს საკასაციო სასამართლოს უარზე გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სამემკვიდრეო სამართლის ნორმები, მამკვიდრებლის, მომჩივნის მეუღლის, მუსლიმური რწმენის გამო. შესაბამისად, მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენს, ჰქონდა, თუ არა ადგილი განსხვავებულ მოპყრობას, რომელიც შეიძლება უტოლდებოდეს დისკრიმინაციას, იმ პირებთან შედარებით, ვინც არამუსლიმი მოანდერძის მიერ შედგენილი ანდერძისგან მოელოდა სარგებლის მიღებას და ვის მიმართაც გამოიყენებოდა სამოქალაქო კოდექსის სამემკვიდრეო სამართლის ნორმები. შესაბამისად, საჩივარი განიხილება მხოლოდ კონვენციის მე-14 მუხლის ფარგლებში, 1-ლი ოქმისა 1-ელ მუხლთან ერთად.
ეს მუხლები ამგვარია:
კონვენციის მე-14 მუხლი
„ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად რელიგიის ... თუ სხვა ნიშნისა.“
1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.“
ა. მისაღებობა
1. შიდა საშუალებების ამოუწურველობა
87. მთავრობის შესაგებელი პირველ რიგში, აგებული იყო იმაზე, რომ მომჩივანს არ ჰქონდა ამოწურული სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებები. ხაზს უსვამდნენ, რომ სამართლებრივ საკითხებზე წარდგენილი მის საჩივარში თრაკიის სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის N 183/2015 გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ იქნა მიღებული (იხ. 21-ე პარაგრაფი ზემოთ), მომჩივანმა ახალი მოსაზრებები წარადგინა, რომლებიც არ ყოფილა შეფასებული არც საკასაციო სასამართლოს მიერ N 1862/2013 გადაწყვეტილებაში და, არც საკითხთან დაკავშირებით არსებულ პრეცედენტულ სასამართლო პრაქტიკაში. მომჩივანმა საკასაციო სასამართლოს სთხოვა, გადაეწყვიტა, ხომ არ ჰქონდა ადგილი კონვენციის მე-6 მუხლის, მე-14 მუხლისა და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას. შესაბამისად, იგი უნდა დალოდებოდა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივ საკითხებზე წარდგენილ მის საჩივარზე, რომელიც საბოლოდ, 2017 წლის 6 აპრილს იყო მიღებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიემართა სასამართლოსთვის თუ საკასაციო ინსტანციის გადაწყვეტილება მისთვის არახელსაყრელი იქნებოდა.
88. მომჩივანმა აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. მე-18 პარაგრაფი ზემოთ) საბოლოო იყო, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის 1-ლი პუნქტის (იხ. 34-ე პარაგრაფი ზემოთ) თანახმად, სასამართლოს აღარ შეეძლო დაბრუნებოდა და კიდევ ერთხელ შეემოწმებინა საჩივრის იგივე საფუძვლები, რაც წინათ წარდგენილი იყო მისი წინაშე. მეტიც, მან დაადასტურა, რომ იგი იძულებული იყო შეედგინა ახალი საჩივარი სამართლებრივ საკითხებზე, იმისათვის, რომ მოემზადებინა საკუთარი დაცვა თურქეთის სასამართლოების წინაშე: სამართალწარმოება თურქეთში დაკავშირებული იყო თრაკიის სააპელაციო სასამართლოს N183/2015 გადაწყვეტილების შეუქცევადობასთან (τελεσιδικία) და გარდაცვლილის დები ამტკიცებდნენ, რომ მომჩივანს ახალი საჩივარი უნდა წარედგინა საკასაციო სასამართლოში, რაც გაიზიარა სტამბულის პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომელმაც ამ საფუძვლით შეაჩერა საქმის განხილვა (იხ. 31-ე პარაგრაფი ზემოთ).
89. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მან საჩივარი შეიძლება განიხილოს მხოლოდ დაცვის იმ ეროვნული საშუალებების ამოწურვის შემდეგ, რომლებიც უკავშირდება სავარაუდო დარღვევას და ასევე ხელმისაწვდომი და საკმარისია. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ მთავრობამ, რომელსაც სურს იდავოს დაცვის შიდა საშუალებების ამოუწურაობაზე, უნდა აჩვენოს, რომ შესაბამის დროს ხელმისაწვდომი იყო სამართლებრივი დაცვის ეფექტური შესაძლებლობა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც; სხვაგვარად რომ ითქვას, ის იყო ხელმისაწვდომი და იძლეოდა შესაბამისი დაკმაყოფილების მიღების შესაძლებლობას მომჩივნის მოთხოვნებთან მიმართებით და აჩენდა წარმატების გონივრულ მოლოდინს (იხ., კერძოდ, სელმუნი საფრანგეთის წინააღმდეგ (Selmouni v. France) [დიდი პალატა], N 25803/94, § 76, ECHR 1999‑V; სეიდოვიჩი იტალიის წაინააღმდეგ (Sejdovic v. Italy) [დიდი პალატა], N 56581/00, § 46, ECHR 2006-II; ვუქოვიქი და სხვები სერბეთის წინააღმდეგ (Vučković and Others v. Serbia) (წინასწარი პრეტენზია) [დიდი პალატა], N 17153/11 და 29 სხვა, § 74, 25 მარტი 2014, და გერგინა რუმინეთის წინააღმდეგ (Gherghina v. Romania [დიდი პალატა] N 42219/07, § 85, 9 ივლისი 2015). მტკიცების ტვირთის მიზნისთვის, მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული დაცვის საშუალება ფაქტობრივად იქნა გამოყენებული ან გარკვეული მიზეზების გამო, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იყო არაადეკვატური და არასაკმარისი ან არსებობდა გარკვეული გარემოებები, რაც მას მოთხოვნის შესრულებისგან ათავისუფლებდა (იხ. აკდივარი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Akdivar and Others v. Turkey), 16 სექტემბერი 1996, § 68, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიში 1996‑IV და პრენსაიპი მონაკოს წინააღმდეგ (Prencipe v. Monaco), N 43376/06, § 93, 16 ივლისი 2009).
90. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე მომჩივანმა თავისი საჩივარი წარადგინა 2014 წლის 5 მარტს. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მეუღლის დების მიერ აღძრულ სარჩელზე და საქმის თრაკიის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ მიღებულ იქნა 2013 წლის 7 ოქტომბერს. ეს უკანასკნელი სასამართლო 2015 წლის 15 დეკემბერს იგივე გადაწყვილებამდე მივიდა, როგორთანაც საკასაციო სასამართლო. მომჩივნის მიერ, 2016 წლის 8 თებერვალს, სამართლებრივ საკითხებზე წარდგენილი საჩივრის საფუძველზე, საკასაციო სასმართლომ მისი საჩივარი მიუღებლად გამოაცხადა 2017 წლის 6 აპრილს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამოუწურაობის შესახებ შესაგებელს ნებისმიერ შემთხვევაში დაკარგული აქვს თავისი მნიშვნელობა, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, შიდა დონეზე არსებული დაკმაყოფილების საშუალებების უკანასკნელის საფეხური გამოყენებულად ითვლება მაშინ, როდესაც საჩივარი იქნა წარდგენილი და არა მაშინ, როდესაც მისი მისაღებობის საკითხი გადაწყდა (იხ. კაროსიოტისი პორტუგალიის წინააღმდეგ (Karoussiotis v. Portugal), N 23205/08, § 57, 1 თებერვალი 2011).
91. შესაბამისად, მთავრობის შესაგებელი ამოუწურაობის შესახებ არ უნდა იქნეს გაზიარებული.
2. მსხვერპლის სტატუსის არარსებობა
92. მეორე რიგში, მთავრობა სთავაზობდა სასამართლოს, უარი ეთქვა საჩივარზე იმ საფუძვლით, რომ მომჩივანს არ გააჩნდა მსხვერპლის სტატუსი. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მის საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეიცავდნენ რაიმე მითითებას, რომ იგი იყო განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლი სქესობრივი ან რელიგიური ნიშნით. გადაწყვეტილებები, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების ნაცვლად, შარიათის კანონების გამოყენებას ეფუძნებოდა, რაიმე მიზეზით არ გამომდინარეობდა მისი პიროვნული სტატუსიდან ან მისი „განსხვავებული“ რელიგიდან, არამედ უკავშირდებოდა ნაანდერძევი ქონების ბუნებას („სრულ საკუთრებაში არსებული ქონება“) და იმ ფაქტს, რომ მოანდერძე იყო მუსლიმი. უფრო მეტიც, მთავრობამ განმარტა, რომ მომჩივანი არ იყო უფლებამოსილი, მემკვიდრეობით მიეღო სადავო ქონება და არ უნდა ჰქონოდა ამის ლეგიტიმური მოლოდინი ანდერძის საფუძველზე: მან ვერ დაადასტურა, თავისი, როგორც ლეგიტიმური მემკვიდრის სტატუსი, რადგან ვერ წარადგინა სამკვიდრო მოწმობა.
93. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მან და მისმა გარდაცვლილმა მეუღლემ შეასრულეს საჯარო ანდერძის შედგენასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსის ყველა პირობა. მან დასძინა, რომ როგორც როდოპის პირველი ინსტანციის სასამართლომ, თავის 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებაში (იხ. მე-12 პარაგრაფი ზემოთ), ისე თრაკიის სააპელაციო სასამართლომ, თავისი 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში (იხ. მე-15 პარაგრაფი ზემოთ), დაადგინა, რომ სადავო ანდერძი ნამდვილი იყო და, რომ მომჩივანმა მემკვიდრეობით მიიღო თავის გარდაცვლილი ქმრის ქონება. მას არა მხოლოდ სამომავლოდ ჰქონდა მისი მემკვიდრეობის იმედი, არამედ, გააჩნდა რეალური და ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სრულად ისარგებლებდა ნაანდერძევი ქონებით.
94. მას შემდეგ, რაც საკასაციო სასამართლომ თავისი 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება მიიღო (იხ. მე-18-19 პარაგრაფები ზემოთ), მომჩივანს აღარ შეეძლო ქმრის მიერ ნაანდერძევი ქონების სამი-მეოთხედის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ კომოტინის პირველი ინსტანციის სასამართლომ აღიარა მისი ანდერძი და მან სანოტარო აქტის მეშვეობით მიიღო ქმრის მამული და მისთვის გადაცემული ქონება დაარეგისტრირა კომოტინის მიწის რეესტრში, შესაბამისი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის შედეგად (იხ. მე-10 პარაგრაფი ზემოთ).
95. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სპეციფიური გარემოებების გათვალისწინებით მთავრობის შესაგებელი იმდენად არის დაკავშირებული მომჩივნის საჩივრის არსთან კონვენციის მე-14 მუხლთნ მიმართებით 1-ლი ოქმის 1-ელ პუნქტთან ერთობლიობაში, რომ ის არსებით საკითხებთან ერთად უნდა იქნეს განხილული.
3. დასკვნა
96. აღნიშნავს რა, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტის გათვალისწინებით და, რომ ის არ არის მიუღებელი სხვა რომელიმე საფუძვლით, სასამართლო მას მისაღებად აცხადებს.
ბ. არსებითი მხარე
1. მხარეთა განმარტებები
(ა) მომჩივანი
97. მომჩივანმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლის ანდერძის გაბათილებამ საკასაციო სასამართლოს მიერ, რადიკალურად შეცვალა მასსა და მისი გარდაცვლილი მეუღლის დებს შორის ქონების განაწილების საკითხი, რადგან მან დაკარგა ნაადერძევი ქონების სამი-მეოთხედი, მიუხედავად იმისა, რომ კომოტინის პირველი ინსტანციის სასამართლომ აღიარა ანდერძი და მან მიიღო გარდაცვლილი ქმრის მამული. შესაბამისად, მას გააჩნდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სამოქალაქო სასამართლოები საქმეს განიხილავდნენ სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე და იგი ისარგებლებდა თავის ქონებრივი უფლებებით მთლიან სამკვიდროსთან მიმართებით.
98. მან ასევე განმარტა, რომ არც პირველი ინსტანციის სასამართლოს და, არც სააპელაციო სასამართლოს არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ მისი უფლება მამულზე. საბერძნეთის სასამართლოებმა იმსჯელეს მის მიერ წარდგენილი ანდერძისა და ნათესაობის მოწმობის საფუძველზე, ხოლო სამკვიდრო მოწმობის წარდგენა აუცილებლად არ მიუჩნევიათ, მაშინ როცა მთავრობის განმარტებით მისი არსებობა წარმოადგენდა არსებით მოთხოვნას და საკასაციო სასამართლომ იმთავითვე აღნიშნა, რომ მან სამკვიდრო მოწმობა ვერ წარადგინა. მეტიც, ქმრის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, მისმა დებმა მიიღეს თავიანთი მშობლების სამკვიდრო, რაც განხორციელდა სამოქალაქო სამართლის ნორმების თანახმად.
99. მომჩივანმა დასძინა, რომ „სრულ საკუთრებაში გადაცემული ქონების“ ცნებას, რომელსაც საკასაციო სასამართლო იყენებდა სადავო მამულთან მიმართებით, მხოლოდ იმ შემთხვევებში ქონდა სამართლებრივი ძალა, როდესაც მუფთი იყენებდა შარიათის კანონს და ის არ იყო აღიარებული სამოქალაქო სამართლით.
100. მისი მტკიცებით, იმ სამართლებრივი პრაქტიკის არსებობის ფაქტი, რომლითაც მუსლიმური უმცირესობის წევრების ფუნდამენტური უფლებების საწინააღმდეგოდ, მათ მიმართ გამოიყენებოდა შარიათის კანონები, რაც წლების მანძილზე გრძელდებოდა, არ ამართლებდა მისი ლეგიტიმური მოლოდინის შეზღუდვას, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ სახელმწიფოში მოქმედი წესები.
101. მომჩივანმა განმარტა, რომ საბერძნეთის სამართლებრივ სისტემაში არ არსებობდა კანონი, რომელიც მუსლიმური აღმსარებლობის საბერძნეთის მოქალაქეებს აუკრძალავდა სამოქალაქო სასამართლოებისთვის მიმართვის შესაძლებლობას და, რომ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სერიით იქნებოდა აღიარებული სავალდებულოდ მუფთების იურისდიქცია. თუმცა, ის გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა არასამართლებრივ მსჯელობას, რომლის მიხედვითაც მუსლიმური უმცირესობა განიხილებოდა, როგორც მოსახლეობა, რომლის მიმართაც შარიათის კანონი სავალდებულო და ექსკლუზიურად გამოსაყენებელი იყო. მისი მოსაზრებით, რელიგიური უმცირესობის დაცვისკენ მიმართული უფლების დაკისრება ამ უმცირესობას მიკუთვნებული პირისთვის საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, შეიცავდა რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის ელემენტს და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს.
102. თლიმენოსი საბერძნეთის წინააღმდეგ (Thlimmenos v. Greece) გადაწყვეტილებაზე (N 34349/97, ECHR 2000-IV), მითითებით, მომჩივანი განმარტავდა, რომ მუსლიმების დაცვის სისტემა, რაც სპეციალურ კანონში იყო ჩამოყალიბებული, მათ მიმართ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ მათი არჩევანის შედეგად. კანონი ერთი და იგივე ფორმით უნდა ყოფილიყო გამოყენებული ერთსა და იმავე ვითარებაში. სამოქალაქო კოდექსით, ყველას მიმართ, გამონაკლისის გარეშე, ვრცელდებოდა საჯარო ანდერძის შედგენის უფლებამოსილება. მოცემულ საქმეში მოანდერძე ასევე სარგებლობდა ამ უფლებით, ისევე როგორც მისი მემკვიდრე.
103. მომჩივანმა ასევე განმარტა, რომ რელიგია შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო, როგორც კრიტერიუმი, იმ შემთხვევაში თუ ვინმეს სპეციალური უფლება მიენიჭებოდა რელიგიის საფუძველზე და ეს უფლება გამოყენებული იქნებოდა იმ პირის ნების შესაბამისად, ვინც ამ უფლების სუბიექტი იყო და არა პირიქით, ანუ სახელმწიფოს დისკრეციის შესაბამისად. მისი მოსაზრებით, რელიგიური კრიტერიუმის საფუძველზე სპეციალური უფლების ავტომატური, გამოყენებით სასამართლომ საფუძველი შეუქმნა დისკრიმინაციულ განსხვავებულ მოპყრობას.
104. დაბოლოს, მომჩივანმა განმარტა, რომ მუსლიმური უმცირესობის წევრთათვის სამოქალაქო სასამართლოების ხელმისაწვდომობა თუ დამოკიდებული იქნებოდა მათ მიერ უმცირესობის წევრის სტატუსზე უარის თქმაზე, ეს გაუტოლდებოდა სეგრეგაციული სისტემის წარმოქმნას, რომელშიც შარიათის კანონი არჩევანის გარეშე იქნებოდა გამოყენებული მუსლიმური უმცირესობის ყველა წევრის მიმართ. ამგვარი მიდგომა წინააღმდეგობაში მოვიდოდა უმცირესობების უფლების ფუნდამენტურ პრინციპთან, რომელიც იძლეოდა არჩევანის თავისუფლებას, მიეღოთ ან უარი ეთქვათ სპეციალური უფლებაზე, რისი მიზანიც იყო უმცირესობის დაცვა. მისი მოსაზრებით, ამგვარი უფლება შეიძლებოდა მხოლოდ „გააქტიურებულიყო“ იმ პირთა სურვილების მიხედვით, ვინც მათით სარგებლობდა და არა სახელმწიფოს დისკრეციიდან გამომდინარე.
105. მომჩივანმა აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ შარიათის კანონს შეენარჩუნებინა თავისი ადგილი საბერძნეთის სამართლებრივ წესრიგში, ის, როგორც მუსლიმური უმცირესობის დამცავ კანონმდებლობას, ის არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული შესაბამისი პირის სურვილების საწინააღმდეგოდ, როგორც ეს მოხდა მისი ქმრის მამულის შემთხვევაში.
(ბ) მთავრობა
106. მთავრობამ განმარტა, რომ მომჩივანს არ შეიძლებოდა გასჩენოდა რაიმე „ლეგიტიმური მოლოდინი“ იმისა, რომ აღიარებული იქნებოდა მთელი ნაადერძევი ქონების მემკვიდრედ, რაც ანდერძში იყო მითითებული, ან, საბოლოოდ, ექნებოდა რაიმე საკუთრების უფლება მისი გარდაცვლილი მეუღლის ქონებაზე. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მას არ წარმოუდგენია რაიმე საბუთი, რომელიც ამგვარი უფლების საფუძველი გახდებოდა. ამის ნაცვლად, იგი ეყრდნობოდა მხოლოდ მისი მეუღლის ანდერძს, რომელიც გამოქვეყნდა როდოპის პირველი ინსტანციის სასამართლოში, თუმცა ამგვარი გამოქვეყნება არ წარმოადგენდა ანდერძის ოფიციალური ძალის აღიარებას. ის შეიძლებოდა შეცილებული ყოფილიყო და მართლაც, ფაქტობრივად დაკარგა სამართლებრივი ძალა თრაკიის სააპელაციო სასამართლოს N 183/2015 გადაწყვეტილების შედეგად. მას სასამართლოში არც მემკვიდრეობის ცნობა წარუდგენია, როგორც ეს სამოქალაქო კოდექსის 1956-ე მუხლშია გათვალისწინებული, რადგან მისი მემკვიდრეობის უფლება აშკარად სადავო იყო. ერთადერთი დასაბუთება მისი უფლებისა, რომელიც მან თავისი საკუთრების უფლების საფუძვლად წარადგინა, იყო სადავო ანდერძი. შესაბამისად, მან კანონიერად მიიღო სადავო ქონების ერთი-მეოთხედი და არა მთელი მამული.
107. მთავრობა ამტკიცებდა, რომ [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს შესაბამის პრეცედენტულ პრაქტიკაში ჩამოყალიბებული გარემოებები, კერძოდ, ისინი რომლებიც შეეხება ეროვნული კანონმდებლობის განჭვრეტადობას, რაც შეიძლებოდა ამგვარი მოლოდინის საფუძველი ყოფილიყო, არ არსებობდა მოცემულ საქმეში. მათი მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ანდერძს სამართლებრივი ძალა გამოეცალა, მიღებული იყო N 147/1914 კანონის მე-4 მუხლისა და N 1920/1991 კანონის მე-5 მუხლის და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე და სრულად შეესაბამებოდა მის მიერ ჩამოყალიბებულ პრეცედენტულ პრაქტიკას და სრულად განჭვრეტადი იყო როგორც იმ დროს, როდესაც ანდერძი იქნა შედგენილი, ასევე იმ დროს, როდესაც მოანდერძე გარდაიცვალა.
108. მთავრობამ განმარტა, რომ „ლეგიტიმური მოლოდინის“ არარსებობა მომჩივნისთვის, რომ აღიარებული ყოფილიყო ერთადერთ მემკვიდრედ, უკუპროპორციული იყო გარდაცვლილის დების მოლოდინისა, აღიარებული ყოფილიყვნენ თანამემკვიდრეებად, შარიათის კანონმდებლობის თანახმად. რამდენადაც დებს არ შეეძლოთ დაეშვათ, რომ საკასაციო სასამართლო შეცვლიდა საკუთარ წინანდელ პოზიციას, გამოიყენებდა რა, სამოქალაქო კოდექსს, შეუძლებელი იყო იმის გაზიარება, რომ მომჩივანს არ შეეძლო განეჭვრიტა მის საქმეზე შარიათის კანონის გამოყენება.
109. მთავრობამ განმარტა, რომ მომჩივანს არ განუცდია დისკრიმინაცია მოცემულ საქმეზე. საკასაციო სასამართლომ დაადასტურა თავისი პრეცედენტული სამართალი და განახორციელა მუსლიმური უმცირესობის დაცვის მიზანი საბერძნეთში, სპეციალური სამემკვიდრეო კანონის გამოყენებით, რომელიც უნიფიცირებულად გამოიყენებოდა ბერძენი მუსლიმების საკუთრებაში არსებულ სპეციალური კატეგორიის ქონების მიმართ. აღნიშნულისას, მან დაიცვა ამ ქონების და მისი მესაკუთრეების სპეციალური მახასიათებლები, იმგვარად, რომ თავიდან აიცილა თანასწორობის პრინციპის დარღვევა. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული პრაქტიკა ემსახურებოდა დაუძლეველ საჯარო ინტერესს კომპლექსურ, მრავალასპექტიან სფეროში, რომელიც, მოითხოვდა თრაკიაში მცხოვრები მუსლიმური უმცირესობის დაცვას და პატივისცემას. ეს კანონიერი მიზანი ასევე დაკავშირებული იყო საბერძნეთის მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებასთან. ამ მიზნის სხვა გზით მიღწევა წარმოუდგენელი იყო მრავალი დაკავშირებული პარამეტრის სირთლის გათვალისწინებით, რაც სცდებოდა ცალკეული საქმის ფარგლებს.
110. მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანს პიროვნულად რაიმე დისკრიმინაცია არ განუცდია რელიგიური მოტივით. სასამართლოს არცერთ გადაწყვეტილებას არ დაუსახელებია მისი რელიგია მის სიტუაციაში შარიათის კანონის გამოყენების საფუძვლად ან მისთვის უარის თქმის საფუძვლად, აღიარებული ყოფილიყო ნაანდერძევი ქონების მემკვიდრედ. შარიათის კანონს გამოყენება მომჩივნის საქმეში ეფუძნებოდა არა მის სიტუაციას, არამედ იმას, რომ შესაბამისი ქონება სპეციალურ კატეგორიისას წარმოადგენდა. გადაწყვეტილება, არ ყოფილიყო გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 1724-ე მუხლი, ეფუძნებოდა მამულის ბუნებას, რომელიც შედგებოდა „სრულ საკუთრებაში არსებული“ ქონებისაგან.
111. მთავრობამ სასამართლოს მოუწოდა განესხვავებინა მოცემული საქმე და საქმე Refah Partisi (კეთილდღეობის პარტია) და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Refah Partisi (the Welfare Party) and Others v. Turkey) ([დიდი პალატა], NN 41340/98 და 3 სხვა, ECHR 2003-II). მათ განმარტეს, რომ მოცემულ საქმეში სასამართლოს in abstracto არ უნდა შეეფასებინა სამართლებრივი სისტემების პლურალიზმი, შარიათის კანონიდან გამომდინარე, არც მისი შესაბამისობა ფუნდამენტურ უფლებებთან. მოცემული საქმე განხილული უნდა ყოფილიყო in concreto, იმგვარი კრიტერიუმის გათვალისწინებით, როგორიცაა მულტიკულტურალიზმის პატივისცემა თანამედროვე ევროპაში და ის სირთულეები, რაც დაკავშირებულია იმგვარი პოლიტიკის ჩამოყალიბებასთან, რაც რელიგიური თემებისთვის იქნება მისაღები. ევროპის მოსახლეობის „თანამედროვე იდენტობის“ კომპლექსურობის გათვალისწინებით, სასამართლომ თითოეულ საქმეში უნდა განახორციელოს შარიათის კანონის თითოეული წესის შეფასება, იმ რეალურ საქმეებთან მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულია არამუსლიმურ სახელმწიფოებში მცხოვრებ მუსლიმებთან. კომპლექსურობის კრიტერიუმი უნდა იყოს განსაკუთრებით გადამწყვეტი იმგვარ საქმეებში, როგორიც მოცემული საქმეა, რადგან ქვეყნის სასამართლოები ეყრდნობიან საერთაშორისო ხელშეკრულებებს, როგორც შარიათის კანონის გამოყენების საფუძველს.
112. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები არ მიუთითებდნენ, მომჩივანი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა თუ არა მის გარდაცვლილ მეუღლესთან, ან მისმა მეუღლემ თუ იცოდა, ან თუ მოელოდა, რომ მისი ანდერძი უდავოდ ბათილი იყო საკასაციო სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის გათვალისწინებით. არც გარდაცვლილს გამოუცხადებია ცალსახად, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეაფასებდა სასამართლო ამგვარ ნების გამოხატვას, რომ მას სურდა თავის საქმეში შარიათის კანონის გამოყენების გამორიცხვა. მთავრობამ აღნიშნულიდან გამომდინარე მიუთითა, რომ მომჩივნის ქმრის გარდაცვალებამდე ხუთი წლის განმავლობაში შესაბამის პირებს არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ მთელი ქონების მისი ცოლისთვის გადაცემა სამართლებივად ნამდვილი ყოფილიყო. ყველა ეს გარემოება ეროვნულ სასამართლოებს მისცემდა შესაძლებლობას შეეფასებინათ, რამდენად შეიძლებოდა ამ საქმის დიფერენცირება იმ საქმეებისგან, რომლებიც ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში ჰქონდათ განხილული. მიუხედავად იმისა, რომ შარიათი არ აღიარებდა ანდერძს, როგორც ქონების გადაცემის საფუძველს, საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ის, რომ ანდერძი იქნებოდა ნამდვილი, თუ ის მისაღები იქნებოდა ყველა იმ პირისთვის, ვისაც შარიათის კანონმდებლობით გააჩნდათ მემკვიდრეობის უფლება. თუმცა, ამ საქმეში სახეზე არ იყოს გარდაცვლილის დების თანხმობა სადავო ანდერძზე.
113. დაბოლოს, სასამართლოს წინაშე გამართულ მოსმენაზე, მთავრობა ამტკიცებდა, რომ ათენის ხელშეკრულება დაიდო საბერძნეთში თრაკიის რაიონის შესვლამდე, და მისი ნორმები, ხელშეკრულების დადების დროისთვის, არ გამოიყენებოდა დასავლეთ თრაკიის მუსლიმი მოსახლეობის მიმართ. ისინი აცხადებდნენ, რომ იმ ხელშეკრულებაში უმცირესობის შესახებ ჩამოყალიბებული ნორმები აღარ არსებობდა ორი მიზეზის გამო: ბერძენი და თურქი მოსახლეობის გაცვლის შესახებ 1923 წლის 30 იანვრის ხელშეკრულების დადების და საბერძნეთში მცხოვრები ყველა მუსლიმისი თურქეთში გადასვლის შემდეგ, მათ გარდა, ვინც დასავლეთ თრაკიაში ცხოვრობდა, აღნიშნული დებულებები, რომლებიც გამოიყენებოდა საბერძნეთისთვის 1913 წლის შემდეგ გადაცემულ რეგიონებში, აზრსმოკლებული გახდა; და მეორე, ეს ნორმები გაუქმდა ლოზანას 1923 წლის 24 ივლისის ხელშეკრულებით.
2. მესამე პირები
(a) ქრისტიანთა გაერთიანება
114. პირველ რიგში, ქრისტიანთა გაერთიანებამ ხაზი გაუსვა გაერთიანებულ სამეფოში შარიათის გამოყენების გაძლიერებას ისლამური საარბიტრაჟო ტრიბუნალების მიერ (შარიათის საბჭოები), რომელთა რიცხვიც დღეისათვის შეადგენს ოთხმოცდახუთს. ამ ტრიბუნალების ფუნქციონირებამ მრავალი პრობლემა წამოჭრა, რადგან ამის გამო შარიათის კანონი გახდა პარალელურად მოქმედი სამართლის სისტემა. ლორდთა პალატამ ყურადღება გაამახვილა შარიათის კანონისა და გაერთიანებული სამეფოს კანონებს შორის კოლიზიაზე და ისლამური კოდექსი დაახასიათა, როგორც ადამიანის უფლებებთან „სრულად შეუსაბამო“.
115. მეორე, ქრისტიანთა გაერთიანებამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შარიათის საბჭოები, სამოქალაქო სამართლის სფეროში, ვერ იქნებოდა განხილული, როგორც ჩვეულებრივი სასამართლოების ალტერნატივა, რომლებიც სამართლის სხვა ნორმებს გამოიყენებდნენ მოცემული უმცირესობის წევრთა კერძო ცხოვრების მიმართ. შარიათის კანონი მეტი იყო, ვიდრე ნორმატიული წესრიგი, რომელიც განსაზღვრავდა რელიგიას, საზოგადოებას და პიროვნებას შორის ურთიერთობის გლობალური ხედვის სულისკვეთებას. არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს შარიათის კანონისთვის დამახასიათებელი დისკრიმინაციული ბუნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის შეეხება ქალებსა და არამუსლიმებს. დასკვნისათვის, შარიათის კანონი ხშირად შეუთავსებელი იყო კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან და ცალკეულ პირებს ყოველთვის უნდა ჰქონოდათ ჩვეულებრივ სასამართლოებში გასაჩივრების უფლება, იმისათვის, რომ ესარგებლათ ქვეყნის შიდა დონეზე არსებული დაცვის სამართლებრივი საშუალებებით.
(ბ) ბერძნული ლიგა ადამიანის უფლებებისთვის
116. ბერძნულმა ლიგამ ადამიანის უფლებებისთვის განმარტა, რომ დიდი გაურკვევლობა არსებობდა საკასაციო სასამართლოში შარიათის კანონის მიზნების განმსაზღვრელ დებულებებთან დაკავშირებით. ასევე გამოკვეთა ერთი მხრივ, საკასაციო სასამართლოსა და ქვემდგომ სამოქალაქო სასამართლოებს შორის, და მეორე მხრივ, საკასაციო სასამართლოსა და უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოს შორის არსებული უთანხმოება. ეროვნული კანონმდებლობის განმარტებისას ეროვნული სასამართლოების დასკვნებს შორის არსებული წინააღმდეგობები ასუსტებდა სამართლებრივ განსაზღვრულობას, სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად ელემენტს.
117. ბერძნულმა ლიგამ განმარტა, რომ რელიგიური სამართლის იძულებით გამოყენება არ წარმოადგენდა დიფერენცირებულ მოპყრობას, რომელიც შეიძლებოდა გამართლებულიყო უმცირესობის რელიგიური ავტონომიით. სახელმწიფოს სურვილი, რომ უმცირესობის დაცვის მიზნით შეენარჩუნებინა მოცემული უმცირესობის ატონომია და გაეძლიერებინა კულტურული პლურალიზმი, არ შეიძლებოდა გამართლებულიყო უმცირესობის იმ წევრთა ძირითადი უფლებების შეზღუდვით, რომელთაც გადაწყვიტეს არ მისდიონ მის წესებსა და პრაქტიკას.
118. ბერძნულმა ლიგამ განაცხადა, რომ ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკა არ ამართლებდა ბერძენი ხელისუფლებისათვის შეფასების თავისუფლების მინიჭებას შარიათის კანონის სავალდებულო გამოყენებასთან დაკავშირებით. შარიათის საბჭოებისთვის მიმართვა, რომლებიც კანონის საფუძველზე იყო შექმნილი, რამდენიმე სახელმწიფოში (გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში) და რამდენიმე შიდასახელმწიფოებრივ ერთეულში (ონტარიოს შტატში კანადაში და მაიოტეს ტერიტორიაზე), იქ მცხოვრები მუსლიმებისთვის იყო არჩევანის საგანი და არა ვალდებულება. ასეთი საბჭოები მოქმედებდნენ, როგორც საარბიტრაჟო ტრიბუნალები, რომელთა გადაწყვეტილებები სამოქალაქო სასამართლოებს ნებას რთავდა, მხედველობაში მიეღოთ შარიათის კანონები თავიანთ გადაწყვეტილებების დასაბუთებისას, მაგრამ მათთვის მიმართვა არ იყო სავალდებულო და არ ასუსტებდა სამოქალაქო სამართლის გამოყენებასა და სამოქალაქო სასამართლოების იურისდიქციას.
(გ) ბერძნული ჰელსინკის მონიტორი
119. პირველ რიგში, ჰელსინკის ბერძნულმა მონიტორმა წარმოადგინა [ევროპის] სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიმოხილვა სხვადასხვა სამართლებრივ წესრიგის ნორმებს შორის წარმოქმნილი კოლიზიების შესახებ (დაასახელა საქმეები: პელეგრინი იტალიის წინააღმდეგ (Pellegrini v. Italy), N 30882/96, ECHR 2001-VIII; ლეილა შაჰინი თურქეთის წინააღმდეგ (Leyla Şahin v. Turkey) [დიდი პალატა], N 44774/98, §§ 108-10, ECHR 2005‑XI; ლომბარდი ვალური იტალიის წინააღმდეგ (Lombardi Vallauri v. Italy) N 39128/02, 20 ოქტომბერი 2009 და ნეგრეპონტის-გიანისისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Negrepontis-Giannisis v. Greece), N 56759/08, 3 მაისი 2011). მან განმარტა, რომ რელიგიური ავტონომიის პატივისცემამ არ უნდა გამოიწვიოს რელიგიურ ორგანოებზე მინდობა კრიტიკის გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი გადაწყვეტილებები უპირისპირდება კონვენციით დაცულ ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს.
120. მეორე, ჰელსინკის ბერძნულმა მონიტორმა მიმოიხილა ეროვნული სასამართლოების პოზიციები და სამართლებრივი შეხედულებები ისლამური სამემკვიდრეო სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო ყოველთვის ითვალისწინებდა სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს, როდესაც აუქმებდა ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს იმაზე, რომ შარიათის კანონის გამოყენება ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციასა და კონვენციას, საკასაციო სასამართლოს არასოდეს ჩამოუყალიბებია ქვემდგომი სასამართლოების დასკვნების საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი არგუმენტები თავის გადაწყვეტილებებში.
121. მესამე, ჰელსინკის ბერძნული მონიტორი შეეხო ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებას, როგორიცაა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი (იხ. 72-73-ე პარაგრაფები ზემოთ) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტი (იხ. 76-77-ე პარაგრაფები ზემოთ) .
3. სასამართლოს შეფასება
(ა) წინასწარი შენიშვნები და გამოყენებული მეთოდი
122. მოცემული საქმე შეეხება მომჩივნის უფლებას, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სამკვიდროს მიღებაზე ბერძენი ეროვნების მუსლიმი მამკვიდრებლის მიერ მის სასარგებლოდ შედგენილი ანდერძის საფუძველზე. მართალია, მომჩივნის მეუღლემ გადაწყვიტა, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ნოტარიუსთან გაფორმებული ანდერძის საფუძველზე, მთელი თავისი ქონება მისთვის ეანდერძა, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მის საქმეზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო ისლამური სამემკვიდრეო სამართალი. ამას შედეგად მოჰყვა მომჩივნის იმ უფლების შეზღუდვა, რაც მას მეუღლის მიერ შედგენილი ანდერძიდან წარმოეშვა და, ანდერძს აღარ გააჩნდა სამართლებრივი ძალა. სასამართლომ გადაწყვიტა (იხ. 86-ე პარაგრაფი ზემოთ) საქმე განეხილა მხოლოდ კონვენციის მე-14 მუხლის ფარგლებში, 1-ლი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში. ამ საჩივრის შემოწმებისას, სასამართლო პირველ რიგში განიხილავს კონვენციის მე-14 მუხლის გამოყენების საკითხს 1-ლი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთად. ამის შემდეგ გაარკვევს, იმყოფობოდა თუ, არა მომჩივანი, როგორც სამოქალაქო კოდექსის თანახმად მუსლიმი მოანდერძის, ამ შემთხვევაში მისი მეუღლის მიერ შედგენილი ანდერძით გათვალისწინებული ქონების მიმღები, იმათ ანალოგიურ, ან რელევანტურად მსგავს მდგომარეობაში, ვინც სამოქალაქო კოდექსის თანახმად ანდერძით გათვალისწინებული ქონება მიიღეს არამუსლიმი მოანდერძისგან და მოეპყრნენ, თუ არა მას განსხვავევებულად. დაბოლოს, ორივე შეკითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტს, ხომ არ არსებობდა განსხვავებული მოპყრობის რაიმე ობიექტური და გონივრული გამართლება.
(ბ) კონვენციის მე14 მუხლის გამოყენების საკითხი 1-ლი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში
(i) ზოგადი პრინციპები
123. სასამართლომ მყარად დაადგინა, რომ კონვენციის მე-14 მუხლი გამოიყენება კონვენციის სხვა მუხლებსა და მის ოქმებთან ერთად. მე-14 მუხლს არ არსებობს დამოუკიდებელად, რამდენადაც ის მოქმედებს მხოლოდ მისით დაცული „უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას“. მიუხედავად იმისა, რომ მე-14 მუხლის გამოყენების წინაპირობას არ წარმოადგენს ამ დებულებების დარღვევა და ამდენად ის ავტონომიურია, არ წარმოიშვება მისი გამოყენების საკითხი, თუკი სადავო გარემოებები არ მოექცევა ერთი ან რამდენიმე უფლების მოქმედების ფარგლებში. მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის აკრძალვა შესაბამისად სცდება იმ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთა უზრუნველყოფასაც აკისრებს კონვენცია თითოეულ სახელმწიფოს. ის ასევე ვრცელდება დამატებით უფლებებზე, რომლებიც კონვენციური მუხლების ზოგადი მოქმედების არეალიდან გამომდინარეობს და, რომელთა დაცვაც სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით იკისრეს (იხ., მრავალ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შორის, ე.ბ. საფრანგეთის წინააღმდეგ (E.B. v. France) [დიდი პალატა], N 43546/02, §§ 47-48, 22 იანვარი 2008; კარსონი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Carson and Others v. the United Kingdom) [დიდი პალატა], N 42184/05, § 63, ECHR 2010; იზეტინ დოგანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (İzzettin Doğan and Others v. Turkey) [დიდი პალატა], N 62649/10, § 158, 26 აპრილი 2016; ბიაო დანიის წინააღმდეგ (Biao v. Denmark) [დიდი პალატა], N 38590/10, § 88, 24 May 2016, და ფაბიანი უნგრეთის წინააღმდეგ (Fábián v. Hungary) [დიდი პალატა], N 78117/13, § 112, 5 სექტემბერი 2017).
124. მეტიც, „საკუთრების“ ცნებას 1-ლი ოქმის 1-ელ მუხლში ავტონომიური მნიშვნელობა აქვს, რაც არ არის შეზღუდული მატერიალურ საგნებზე საკუთრებით და არ არის დამოკიდებული ქვეყნის სამართალში არსებულ ფორმალურ კლასიფიკაციაზე: სხვა გარკვეული უფლებები და ინტერესები, რომლებიც აქტივებს ქმნიან, შეიძლება ასევე მიჩნეულ იქნეს „საკუთრების უფლებებად“ და შესაბამისად, „საკუთრებად“ ამ დებულების მიზნისთვის (იხ. პარილო იტალიის წინააღმდეგ (Parrillo v. Italy) [დიდი პალატა], N 46470/11, § 211, ECHR 2015 და მისი მითითებები).
125. საკითხი, რაც ყოველ საქმეში უნდა შემოწმდეს, არის ის, საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, გააჩნდა, თუ არა მომჩივანს, უფლება 1-ლი ოქმის 1-ი მუხლით დაცულ, არსებითი ინტერესის საგანზე (ibid., § 211; იხ. ასევე ბროსე-ტრიბულე საფრანგეთის წინააღმდეგ (Brosset-Triboulet v. France) [დიდი პალატა] N 34078/02, § 65, 29 მარტი 2010 და ფაბრისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Fabris v. France) [დიდი პალატა], N 16574/08, § 51, ECHR 2013).
126. ის გარემოება, რომ ქვეყნის სამართალში არ არის აღიარებული გარკვეული ინტერესი, როგორც უფლება ან თუნდაც „საკუთრების უფლება“, ზოგიერთ შემთხვევაში არ გამორიცხავს სადავო ინტერესის „საკუთრებად“ მიჩნევის შესაძლებლობას, 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით (იხ. ზემოთ დასახლებული ბროსე-ტრიბულე (Brosset-Triboulet), § 71). ქვეყნის სამართალში აღიარებული საკუთრებითი ინტერესი, თუნდაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ის გაუქმებადი იყოს, შეიძლება წარმოადგენდეს „საკუთრებას“ 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის მიზნებისთვის (იხ. ბაიელერი იტალიის წინააღმდეგ (Beyeler v. Italy) [დიდი პალატა], N 33202/96, § 105, ECHR 2000‑I).
127. დაბოლოს, სასამართლო იმეორებს, რომ საქმეებში, რომლებიც შეიცავენ საჩივრებს, აღძრულს მე-14 მუხლის საფუძველზე 1-ლი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთად, მასზე, რომ მომჩივანს ჩამოერთვა გარვეული ქონება მთლიანად ან მისი ნაწილი, იმ დისკრიმინაციული საფუძვლით, რომელიც მოცემულია მე-14 მუხლში, საჭიროა დაისვას კითხვა, რომ არა სავარაუდო დისკრიმინაცია, ექნებოდა, თუ არა მომჩივანს ქვეყანაში მოქმედი სამართლის ფარგლებში აღსრულებადი უფლება სადავო ქონებასთან მიმართებით (იხ. ზემოთ დასახლებული ფაბრისი Fabris, § 52; იხ. ასევე, mutatis mutandis, სტექი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Stec and Others v. the United Kingdom) (განჩინება) [დიდი პალატა], NN 65731/01 და 65900/01, § 55, ECHR 2005-X).
(ii) აღნიშნული პრინციპების გამოყენება ამ საქმეში
128. მოცემულ საქმეში უნდა დადგინდეს, თავსდება, თუ არა საქმის გარემოებები, კერძოდ, მომჩივნისთვის იმის აღკვეთა, რომ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, მიეღო სამკვიდრო მის სასარგებლოდ შედგენილი ანდერძის საფუძველზე, 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის მოქმედების ფარგლებში.
129. სასამართლოს უკვე განხილული აქვს საქმეები, რომლებშიც ოჯახის გარდაცვლილი წევრის ახლო ნათესავებმა ავტომატურად მიიღეს ქონებასთან დაკავშირებული მემკვდირეობის უფლებები, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე (იხ. მაზურეკი საფრანგეთის წინააღმდეგ (Mazurek v. France), N 34406/97, § 42, ECHR 2000-II და მერჟე და კროსი საფრანგეთის წინააღმდეგ (Merger and Cros v. France), N 68864/01, § 32, 22 ნოემბერი 2004). თუმცა, მოცემული საქმე უკავშირდება სამკვიდრო უფლების შეძენას სამოქალაქო კოდექსის თანახმად შედგენილი ანდერძის საფუძველზე.
130. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საქმეში 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით (იხ. მე-10 პარაგრაფი ზემოთ) კომოტინის პირველი ინსტანციის სასამართლომ აღიარა ანდერძი და, რომ 2010 წლის 6 აპრილს მომჩივანმა მიიღო თავის ქმრის ქონება სანოტარო მოწმობის საფუძველზე. მოწმობის შესახებ ეცნობა ხაზინას. შემდგომში მომჩივანმა მიღებული ქონება დაარეგისტრირა კომოტინის მიწის რეესტრში, გადაიხადა რა, შესაბამისი სარეგისტრაციო მოსაკრებელი. როდოპის პირველი ინსტანციის სასამართლომ და თრაკიის სააპელაციო სასამართლომ განიხილეს საქმე გარდაცვლილის დების სარჩელის გამო იმ ანდერძის სამართლებრივ ძალასთან დაკავშირებით, რაც მოანდერძის თავისუფალი ნების თანახმად იქნა შედგენილი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების შესაბამისად. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მომჩივანს არ გააჩნდა სამოქალაქო კოდექსის 1956-ე მუხლში მითითებული მემკვიდრეობის ცნობა, იყო ის, რომ გარდაცვლილის დებმა ის ანდერძი საცილო გახადეს, როგორც კი ის კომოტინის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა აღიარებული (იხ. მე-11 პარაგრაფი ზემოთ). შესაბამისად, მომჩივანი მიიღებდა მისი გარდაცვლილი მეუღლის მთელ მამულს, მოანდერძე მუსლიმი რომ არ ყოფილიყო.
131. ამ ვითარებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საკუთრებითი ინტერესები მისი ქმრის ქონების მემკვიდრეობასთან დაკავშირებით საკმარისი იყო და საკმარისად იყო აღიარებული, როგორც „საკუთრება“ 1-ლი ოქმის 1-ელ მუხლში ჩამოყალიბებული წესიდან გამომდინარე (იხ. mutatis mutandis, ზემოთ დასახელებული ფაბრისი (Fabris), § 54).
132. შედეგად, მომჩივნის საკუთრებითი ინტერესები ექცევა 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის მოქმედების ფარგლებში, წარმოადგენს მისით გარანტირებულ საკუთრების უფლებას, რაც საკმარისია იმისთვის, რომ კონვენციის მე-14 მუხლი გამოსაყენებელი გახდეს.
(გ) მე-14 მუხლთან შესაბამისობის საკითხი 1-ლი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში
(i) ზოგადი პრინციპები
133. იმისათვის, რომ წამოიჭრას მე-14 მუხლთან შესაბამისობის საკითხი, ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებას იმ პირების მოპყრობაში, რომლებიც ანალოგიურ ან რელევანტურად მსგავს ვითარებაში იმყოფებიან (იხ., მრავალ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შორის, კონსტანტინ მარკინი რუსეთის წინააღმდეგ (Konstantin Markin v. Russia) [დიდი პალატა], N 30078/06, § 125, ECHR 2012; X და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ (X and Others v. Austria) [დიდი პალატა], N 19010/07, § 98, ECHR 2013; ხამტოხუ და აკსენჩიკი რუსეთის წინააღმდეგ (Khamtokhu and Aksenchik v. Russia) [დიდი პალატა], NN 60367/08 და 961/11, § 64, 24 იანვარი 2017 და ზემოთ დასახელებული ფაბიანი (Fábián), § 113). სხვა სიტყვებით, ანალოგიური ვითარების დემონსტრირების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არ არის სავალდებულო, შესადარებელი ჯგუფები იდენტური იყოს.
134. თუმცა, ნებისმიერი განსხვავებული არ მოპყრობა წარმოადგენს მე-14 მუხლის დარღვევას. მხოლოდ განსხვავებები მოპყრობაში, რომლებიც იდენტიფიცირებად ნიშანს ან „სტატუსს“ ემყარება, შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად მე-14 მუხლის მნიშვნელობით (იხ. ზემოთ დასახელებული ფაბიანი (Fábián), § 113 და მისი მითითებები). ამ კონტექსტში, სასამართლო იმეორებს, რომ სიტყვებს „სხვა სტატუსი“, როგორც წესი, ფართო მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული მის პრეცედენტულ პრაქტიკაში (იხ. ზემოთ დასახელებული კარსონი და სხვები (Carson and Others), § 70) და მისი ინტერპრეტაცია არ არის შეზღუდული იმ მახასიათებლებით, რაც პიროვნულია თავისი ბუნებით, თანდაყოლილის და შინაგანის გაგებით (იხ. ქლიფტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Clift v. the United Kingdom), N 7205/07, §§ 56-59, 13 ივლისი 2010). მაგალითად, დისკრიმინაციის საკითხი წამოიჭრა მაშინ, როდესაც მომჩივნის სტატუსი, რაც წარმოადგენდა სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველს, უკავშირდებოდა მის ოჯახურ მდგომარეობს, კერძოდ მისი ბავშვების საცხოვრებელ ადგილს (იხ. იფი ავსტრიის წინააღმდეგ (Efe v. Austria), N 9134/06, § 48, 8 იანვარი 2013). შესაბამისად, კონვენციის მე-14 მუხლი, მისი მიზნისა და იმ უფლების ბუნების გათვალისწინებით, რომელიც მან უნდა უზრუნველყოს, ასევე ვრცელდება იმ შემთხვევებზე, რომლებშიც პიროვნებას ნაკლებად სახარბიელოდ ეპყრობიან სხვა პირის სტატუსის ან დაცულ ნიშნების გამო (იხ. გუბერინა ხორვატიის წინააღმდეგ (Guberina v. Croatia), N 23682/13, § 78, ECHR 2016 და შკორიანეკი ხორვატიის წინააღმდეგ (Škorjanec v. Croatia), N 25536/14, § 55, 28 მარტი 2017 და ასევე ველერი უნგრეთის წინააღმდეგ (Weller v. Hungary), N 44399/05, § 37, 31 მარტი 2009).
135. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ კონვენციით დაცული უფლებებით სარგებლობისას, მე-14 მუხლი ითვალისწინებს დაცვას მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობისგან თუ ამას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. მე-14 მუხლის მიზნებისთვის, განსხვავებული მოპყორბა დისკრიმინაციულია, თუ მას „არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება“ ანუ თუ ის არ ემსახურება „ლეგიტიმურ მიზანს“ ან, თუ არ არსებობს „გონივრული პროპორციულობის მიმართება“ გამოყენებულ ზომებს და დასახულ მიზანს შორის (იხ. ზემოთ დასახელებული ფაბრისი (Fabris), § 56).
136. ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ გარკვეული თავისუფლებით იმის შეფასებისას, ამართლებს თუ არა და რამდენად ამართლებს განსხვავებები სხვა მხრივ მსგავს სიტუაციებში განსხვავებულ მოპყრობას. სახელმწიფოს შეფასების თავისუფლების ფარგლები განსხვავდება საკითხის, მისი კონტექსტის და გარემოებების მიხედვით (იხ. შთუმერი ავსტრიის წინააღმდეგ (Stummer v. Austria) [დიდი პალატა], N 37452/02, § 88, ECHR 2011).
137. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ რაკი მომჩივანმა წარმოაჩინა, რომ ადგილი ჰქონდა განსხვავებას მოპყრობაში, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს უკანასკნელი გამართლებული იყო (იხ. ზემოთ დასახელებული ხამტოხუ და აკსენჩიკი (Khamtokhu and Aksenchik), § 65; ვალიანატოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ (Vallianatos and Others v. Greece) [დიდი პალატა], NN 29381/09 და 32684/09, § 85, ECHR 2013 (ამონარიდები) და D.H. და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (D.H. and Others v. the Czech Republic) [დიდი პალატა], N 57325/00, § 177).
(ii) ამ პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
(ა) ჰქონდა, თუ არა ადგილი ანალოგიურ ან რელევანტურად იგივეობრივ ვითარებას და განსხვავებულ მოპყრობას
138. პირველი ამოცანაა, დადგინდეს, მომჩივანი, გათხოვილი ქალი, რომელიც იყო მისი გარდაცვლილი მუსლიმი მეუღლის ანდერძის ბენეფიციარი, იმყოფებოდა, თუ არა არამუსლიმ მოანდერძესთან ქორწინებაში მყოფი მდედრობითი ბენეფიციარის ანალოგიურ ან შედარებით იგივეობრივ ვითარებაში.
139. სასამართლო აღნიშნავს, რომ მის სიცოცხლეში მომჩივნის ქმარმა, რომელიც ასევე იყო თრაკიის მუსლიმური თემის წევრი, სანოტარო წესით შეადგინა საჯარო ანდერძი სამოქალაქო კოდექსის ნორმების თანახმად, რომლითაც მისი მთელი ქონება უანდერძა ცოლს. ეჭვგარეშეა, რომ მომჩივანს, საბერძნეთის სხვა ნებისმიერი მოქალაქის მსგავსად, ქონდა მოლოდინი, რომ მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მისი მამული განიკარგებოდა იმგვარად, როგორც ანდერძში იყო მითითებული.
140. თუმცა, 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლომ შეცვალა თრაკიის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში იყო დატოვებული როდოპის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დააგინა, რომ რადგან მოანდერძეს თავისუფლად შეეძლო ანდერძის სახის არჩევა მისი უფლებების ფარგლებში და შესაბამისად, შეეძლო გაეფორმებინა საჯარო ანდერძი სამოქალაქო კოდექსის 1724-ე მუხლის თანახმად, იგი არ იყო ვალდებული დაეცვა ისლამური კანონი, რომელიც არ ითვალისწინებს ამგვარი ანდერძების შედგენასთან დაკავშირებულ საკითხებს (იხ. მე-15 პარაგრაფო ზემოთ). თუმცაღა, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი, რადგან გარდაცვლილის მამულთან დაკავშირებით გამოყენებული უნდა ყოფილიყო ისლამური სამემკვიდრეო კანონი, რაც წარმოადგენდა ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილს და, რომელიც საბერძნეთში კონკრეტულად ბერძენი მუსლიმების მიმართ გამოიყენებოდა. უფრო კონკრეტულად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მამული მიეკუთვნებოდა mulkia-ს კატეგორიას, რის გამოც სადავო საჯარო ანდერძი მოკლებული იყო ყოველგვარ სამართლებრივ შედეგს. ამგვარი გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლომ მომჩივანი ჩააყენა არამუსლიმ ქმართან ქორწინებაში მყოფი მდედრობით ბენეფიციართან შედარებით განსხვავებულ პოზიციაში. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საკითხს ხაზი გაუსვა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ (იხ. 71-77-ე პარაგრაფები ზემოთ).
141. დასკვნისათვის, მომჩივანი, მუსლიმი მოანდერძის მიერ, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, შედგენილი ანდერძის ბენეფიციარი, იმყოფებოდა რელევანტურად მსგავს ვითარებაში, იმ ბენეფიციართან შედარებით, რომლის მიმართაც ანდერძი, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, შედგენილი იყო არამუსლიმი მოანდერძის მიერ და მას მოეპყრნენ განსხვავებულად „განსხვავებული სტატუსის“, სახელდობრ, მოანდერძის რელიგიის, გამო.
(ბ) იყო, თუ არა გამართლებული განსხვავებული მოპყრობა
142. სასამართლო იმეორებს, რომ მისი ამოცანა არ არის იმის დადგენა, თუ ქვეყნის შიდა კანონმდებლობის რომელი განმარტებაა უფრო კორექტული. მან უნდა დაადგინოს კანონმდებლობამ, როგორც ის იყო გამოყენებული, ხომ არ დაარღვია მომჩივნის უფლებები, რაც დაცულია კონვენციის მე-14 მუხლით. მოცემულ საქმეში მისი ამოცანა არის შეაფასოს, ჰქონდა თუ არა ობიექტური და გონივრული გამართლება სადავო განსხვავებულ მოპყრობას, რომელიც გამომდინარეობდა ეროვნული კანონმდებლობიდან (იხ., მრავალ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შორის და mutatis mutandis, ზემოთ დასახლებული ფაბრისი (Fabris), § 63 და პლა და პუნსერნაუ ანდორას წინააღმდეგ (Pla and Puncernau v. Andorra), ECHR 2004-VIII, § 46).
– ლეგიტიმური მიზნის შესაბამისად
143. მთავრობამ განმარტა, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკა ატარებდა საჯარო ინტერესის შესაბამის მიზანს, როგორიცაა თრაკიის მუსლიმური უმცირესობის დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო აცნობიერებს, რომ საბერძნეთი შებოჭილია თავისი საერთაშორისო ვალდებულებებით, რაც მოიცავს თრაკიის მუსლიმური უმცირესობის დაცვას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, უჩნდება ეჭვი, თუ რამდენად წარმოადგენდა მომჩივნის სამემკვიდრეო უფლებებთან მიმართებით გამოყენებული ზომა, შესაფერისს ამ მიზნის მისაღწევად. როგორც არ უნდა იყოს, არ არის აუცილებელი, სასამართლომ მკაცრი მოსაზრება ჩამოაყალიბოს ამასთან დაკავშირებით, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, გამოყენებული ზომა არ იყო იყო დასახული მიზნის პროპორციული .
– გამოყენებული საშუალებების დასახულ მიზანთან პროპორციულობა
144. შესამოწმებელი რჩება განსხვავებული მოპყრობის პროპორციულობის საკითხი ამ მიზანთან მიმართებით.
145. სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით შარიათის კანონის გამოყენებას მომჩივნის მიმართ მძიმე შედეგები მოჰყვა, ჩამოერთვა რა მას უფლება სამკვიდროს სამ-მეოთხედზე.
146. საკასაციო სასამართლომ და მთავრობამ გამოყენებული საშუალება, პირველ რიგში, გაამართლეს საბერძნეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებებს პატივისცემითა და თრაკიელი მუსლიმური უმცირესობის სპეციფიკით. სასამართლო, დასკვნის სახით, აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ ისლამური სამემკვიდრეო სამართალი მოცემულ საქმესთან მიმართებით გამოიყენა საერთაშორისო სამართლის ნორმის, კერძოდ, ათენის 1913 წლის ხელშეკრულების მე-11 მუხლის საფუძველზე და შიდა კანონმდებლობის ნორმებზე, კერძოდ, N 147/1914 კანონის მე-4 მუხლსა და N 2345/1920 კანონის მე-10 მუხლზე 2345/1920 (მიღებული ათენის 1913 წლის ხელშეკრულების თანახმად) და N 1920/1991 კანონის მე-5(2) მუხლზე დაყრდნობით (იხ. მე-18 პარაგრაფი ზემოთ).
147. თავის პრეცედენტულ პრაქტიკაში საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიამ ჩამოაყალიბა მიდგომა, რომ ბერძენი მუსლიმებისთვის განსაზღვრული სტატუსი არ გაუქმებულა 1946 წელს სამოქალაქო კოდექსის მიღებით და, რომ N 147/1994 კანონის მე-4 მუხლი გაუქმდა მხოლოდ იმ ნაწილში, რაც ებრაულ თემს შეეხებოდა, მაგრამ არა - მუსლიმურს. ასევე დასძინა, რომ, მართალია, N 1920/1991 წლის კანონით გაუქმდა N 2345/1920 კანონის მე-10(1) მუხლი, მისი ინკორპორირება მოხდა ამავე კანონის მე-5(2) მუხლში. [ეროვნულმა სასამართლომ] დაადგინა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმების მიზანი იყო ბერძენი მუსლიმების დაცვა, ჩამოაყალიბა რა, სპეციალური კანონმდებლობა, რაც გამოიყენებოდა პიროვნებებს შორის ურთიერთობაში და არ ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მე-4 მუხლის 1-ელ პუნქტსა (თანასწორობის პრინციპი) და მე-20 მუხლის 1-ელ პუნქტს (სამართლებრივი დაცვის უფლება) და კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს (იხ. 45-ე პარაგრაფი ზემოთ).
148. 1960 წლიდან საკასაციო სასამართლოს სამემკვიდრეო სამართალში ქონდა მიდგომა (რომელსაც, ქვემდგომი სასამართლოებიც იზიარებდნენ), რომ მუსლიმი უმცირესობის წევრთა სამემკვიდრეო საქმეები უნდა გადაწყვეტილიყო შარიათის სამართლის მიხედვით. აღნიშნული მიდგომის შედეგს წარმოადგენდა ის, რომ მუსლიმური აღმსარებლობის მქონე საბერძნეთის მოქალაქეების მიერ შედგენილი სანოტარო ანდერძი მოკლებული იყო სამართლებრივ შედეგს, რადგან, შარიათის კანონი აღიარებდა მხოლოდ ანდერძის გარეშე არსებულ სამკვიდროს, ისლამური ანდერძების გამოკლებით.
149. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ, პირველ რიგში, ეროვნული ხელისუფლებების, განსაკუთრებით კი, სასამართლოების საქმეა შიდა კანონმდებლობის განმარტება, გარდა იმ შეთხვევისა, თუ განმარტება თვითნებური ან აშკარად დაუსაბუთებელია. სასამართლოს ამოცანა შემოიფარგლება იმის შეფასებით, განმარტების შედეგები რამდენად არის კონვენციის შესაბამისი (იხ. ზემოთ დასახელებული რადომილია (Radomilja), § 149). ეს [წესი] ასევე გამოიყენება, როდესაც ქვეყნის კანონმდებლობა მიუთითებს ზოგად საერთაშორისო ნორმებზე ან საერთაშორისო ხელშეკრულებებზე (იხ. უაითი და კენედი გერმანიის წინააღმდეგ (Waite and Kennedy v. Germany) [დიდი პალატა], N 26083/94, § 54, ECHR 1999-I და კორბელი უნგრეთის წინააღმდეგ (Korbely v. Hungary) [დიდი პალატა], N 9174/02, § 72, ECHR 2008).
150. საბოლოოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში საკასაციო სასამართლომ შარიათის კანონის გამოყენება დაუკავშირა სამკვიდრო ქონების ბუნებას, იმას, რომ ეს იყო „სრულ საკუთრებაში გადაცემული“ ქონება. თუმცა, როგორც სასამართლოს ესმის, mulkia არის ისლამური სამართლის ცნება, რაც მხოლოდ მაშინ ხდება რელევანტური, როდესაც გარდაცვლილის სამკვიდრო ქონების საკითხი მუფთის მიერ წესრიგდება, შარიათის სამართლის თანახმად (იხ. მე-18 პარაგრაფი ზემოთ). სასამართლოს მოსაზრებით, ის გამართლება, რასაც საბერძნეთი ავითარებს შარიათის სამართალზე, ან საერთაშორისო ხელშეკრულებებზე დაყრდნობით სასამართლოსთვის არ არის დამაჯერებელი, მითითებული მიზეზების გამო.
151. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ სერვისა და ლოზანას ხელშეკრულებების ხელმოწერითა და რატიფიცირებით, საბერძნეთმა იკისრა მუსლიმური უმცირესობის წეს-ჩვეულებათა პატივისცემის ვალდებულება. თუმცა, სადავო ნორმის სიტყვა-სიტყვით განმარტებიდან გამომდინარე (იხ. 64-65-ე პარაგრაფები ზემოთ), ის ხელშეკრულებები საბერძნეთს არ ავალდებულებს, გამოიყენოს შარიათის კანონი. უდავოა, რომ მთავრობა და მომჩივანი ამ საკითხზე შეთანხმდნენ. უფრო კონკრეტულად, ლოზანას ხელშეკრულება პირდაპირ არ მიუთითებს მუფთის იურისდიქციაზე, არამედ, წარმოადგენს საბერძნეთის იმ მუსლიმური თემის რელიგიური მრავალფეროვნების გარანტორს, რომელიც გამორიცხული იქნა მოსახლეობის გაცვლის შესახებ ხელშეკრულებიდან და დარჩა საბერძნეთში, სადაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქრისტიანია. ხელშეკრულების ძალით ასევე არ შექმნილა რაიმე სპეციალური ხასიათის ორგანო ამგვარ რელიგიური პრაქტიკის განხორციელების მიზნით. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ რომ მოსმენის დროს მთავრობამ მიუთითა, რომ ათენის ხელშეკრულების ნორმები, რომლებიც შეეხებოდნენ უმცირესობის უფლებების დაცვას და, ასევე, სევრის ხელშეკრულების დებულებები, აღარ მოქმედებდა, რაც, საქმეში სერიფი საბერძნეთის წინააღმდეგ (Serif v. Greece) (N 38178/97, § 40, ECHR 1999-IX), უდავოდ იქნა გაზიარებული.
152. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ N 1920/1991 კანონის მე-5(2) მუხლი, რომელიც, inter alia, შეიცავს მუფთის კომპეტენციის ჩამონათვალს სამემკვიდრეო საკითხებზე, მხოლოდ ისლამურ ანდერძებს და უანდერძოდ დარჩენილ სამკვიდროს შეეხება და არ ადგენს მუფთის იურისდიქციას სხვა ტიპის სამკვიდროებს. საბერძნეთში მიღებული პრაქტიკის მიხედვით, ნოტარიუსმა, რომელსაც მიმართა მომჩივნის მეუღლემ, შეადგინა იმ ფორმის ანდერძი, რაც ამ უკანასკნელმა მოითხოვა (იხ. მე-9 პარაგრაფი ზემოთ).
153. სასამართლო ასევე აღნიშნავს რომ, როგორც მოცემულ საქმეშიც გამოჩნდა, ადგილი ჰქონდა არაერთგვაროვნებას სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკაში კონკრეტულად იმ საკითხზე, თუ რამდენად შეესაბამება შარიათის სამართლის გამოყენება თანასწორი მოპყრობის პრინციპსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს. ამგვარი არაერთგვაროვნება არსებობს როგორც ერთი და იგივე დარგის სასამართლოებს შორის, ასევე საკასაციო სასამართლოსა და სამოქალაქო სასამართლოებსა (იხ. 51-53-ე პარაგრაფები ზემოთ) და საკასაციო სასამართლოსა და უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოს შორის (იხ. 44-ე პარაგრაფი ზემოთ) და, ასევე, თვითონ საკასაციო სასამართლოშიც (იხ. 47-ე პარაგრაფი ზემოთ). ასეთი არაერთგვაროვნება ქმნის სამართლებრივ გაურკვევლობას, რაც შეუსაბამოა კანონის უზენაესობაზე დამყარებული სახელმწიფოს მოთხოვნებთან (იხ., mutatis mutandis, ბარანოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Baranowski v. Poland), N 28358/95, § 56, ECHR 2000‑III და ბეიანი რუმინეთის წინააღმდეგ (Beian v. Romania) (no. 1), N 30658/05, § 39, ECHR 2007-V (ამონარიდები), რაც არყევს მთავრობის ზემოთ ხსენებულ მთავარ არგუმენტს (იხ 146-ე პარაგრაფი ზემოთ).
154. მეტიც, სასამართლოს შეუძლია აღნიშნოს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოხატეს თავიანთი შეშფოთება დასავლეთ თრაკიაში მცხოვრები მუსლიმი ბერძნების მიმართ შარიათის კანონის გამოყენებისა და ამისგან განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების მიმართ წარმოშობილი დისკრიმინაციის, გამო არა მხოლოდ ამავე უმცირესობის წევრ მამაკაცებთან შედარებით, არამედ, არამუსლიმ ბერძნებთან შედარებითაც. შესაბამისად, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თავის ანგარიშში საბერძნეთში მცხოვრებ უმცირესობათა უფლებების შესახებ, აღნიშნა, რომ შარიათის სამართლის გამოყენება საოჯახო და სამემკვიდრეო სამართლის საკითხებზე, არ შეესაბამებოდა საბერძნეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, განსაკუთრებით, მის მიერ 1948 წლის შემდგომ რატიფიცირებულ საერთაშორისო და ევროპულ ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებებს მათ შორის, ბავშვებისა და ქალების უფლებებთან დაკავშირებით. კომისარმა საბერძნეთის ხელისუფლებას რეკომენდაცია გაუწია, ლოზანას ხელშეკრულებისა და სხვა ნებისმიერი, მეოცე საუკუნის დასაწყისის დროინდელი ხელშეკრულების განმარტება მოეხდინა საერთაშორისო და ევროპული ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესაბამისად (იხ. 75-ე პარაგრაფი ზემოთ). სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც იგივე დასკვნები წარმოადგინეს (იხ. 70-73-ე და 76-77-ე პარაგრაფები ზემოთ).
155. სასამართლო იმეორებს, რომ მისი პრეცედენტული პრაქტიკის გათვალისწინებით, რელიგიის თავისუფლება ხელშემკვრელ სახელმწიფოებს არ ავალდებულებს, შექმნან კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩო იმისათვის, რომ რელიგიურ უმცირესობებს მიანიჭონ სპეციალური სტატუსი, რასაც მოჰყვება შესაბამისი პრივილეგიები. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ, რომელმაც შექმნა ამგვარი სტატუსი, უნდა უზრუნველყოს, რომ ჯგუფის უფლებებით სარგებლობისთვის დადგენილი კრიტერიუმები გამოიყენება არადისკრიმინაციული სახით (იხ. ზემოთ დასახელებული იზეტინ დოგანი და სხვები (İzzettin Doğan and Others), § 164).
156. უფრო მეტიც, არ შეიძლება შეფასების გაკეთება, რომ მუსლიმური აღმსარებლობის მოანდერძემ, რომელმაც სამოქალაქო კოდექსის თანახმად შეადგინა ანდერძი, ავტომატურად ნებაყოფლობით თქვა უარი უფლებაზე, რომ მას ან მის ბენეფიციარებს არ განეცადათ დისკრიმინაცია რელიგიის საფუძველზე. სამართლებრივად მიუღებელია იმის დაშვება, რომ პირის რელიგიური შეხედულებები გულისხმობს გარკვეულ უფლებებზე უარის თქმას, თუ ეს ეწინააღმდეგება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს (იხ. ზემოთ დასახელებული კონსტანტინ მარკინი (Konstantin Markin), § 150). არც სახელმწიფოს შეუძლია თავის თავზე აიღოს მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფის, როგორც უმცირესობის იდენტობის გარანტორის როლი, რაც დააზიანებს ჯგუფის წევრთა უფლებას, გააკეთონ არჩევანი და არ მიეკუთვნონ თავი ამ ჯგუფს ან არ მისდიოს ჯგუფის პრაქტიკასა და წესებს.
157. რელიგიური უმცირესობის წევრებისთვის იმ უფლებაზე უარის თქმა, ნებაყოფლობით ისარგებლონ ან უარი თქვან მოქმედი კანონმდებლობის გამოყენებაზე, იწვევს არა მხოლოდ დისკრიმინაციულ მოპყრობას, არამედ, ასევე უმცირესობების დაცვის სფეროში არსებითი მნიშვნელობის მქონე უფლების, კერძოდ თვით-იდენტიფიცირების უფლების დარღვევას. ამ უფლების ნეგატიური ასპექტი, კერძოდ, პირის უფლება აირჩიოს, არ მოეპყრან, როგორც უმცირესობის წევრს, არ არის იგივენაირად შეზღუდული, როგორც ამ უფლების პოზიტიური ასპექტი (იხ. 67-68-ე პარაგრაფები ზემოთ). ეს არჩევანი სრულიად თავისუფალია, იმ პირობით, პირი ინფორმირებულია შედეგებზე. მას პატივი უნდა სცეს როგორც უმცირესობის სხვა წევრებმა, ასევე, თვითონ სახელმწიფომ. ეს განმტკიცებულია ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროსაბჭოს ჩარჩო კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: „ამ არჩევანს ან ამ არჩევანთან დაკავშირებულ რაიმე უფლების გამოყენებას არ შეიძლება მოჰყვეს რაიმე არახელსაყრელი შედეგი“. თვით-იდენტიფიკაციის უფლება არ არის მხოლოდ ჩარჩო კონვენციისთვის დამახასიათებელი უფლება. ის ზოგადად, უმცირესობების დაცვის საერთაშორისო სამართლის „ქვაკუთხედია“. ის განსაკუთრებით ამ უფლების ნეგატიურ ასპექტთან მიმართებით გამოიყენება: არცერთი ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმება ან სხვა რაიმე ინსტრუმენტი ავალდებულებს ვინმეს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, დაექვემდებარონ უმცირესობის დაცვის სპეციალური რეჟიმს.
158. და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საბერძნეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც დღემდე იყენებს შარიათის სამართალს მის მოქალაქეთა ნაწილის მიმართ, მათი სურვილების საწინააღმდეგოდ. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ამ საქმეში, რადგან შარიათის სამართლის გამოყენებამ გამოიწვია ქვრივის ინდივიდუალური უფლებების შელახვა: მან მემკვიდრეობით მიიღო ქმრის მამული, სამოქალაქო კოდექსის ნორმების თანახმად, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა იმგვარ სამართლებრივ მდგომარეობაში, რომლის შექმნაც არც მას და არც მის ქმარს არ განუზრახავს.
159. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში შარიათის სამართალი, ზოგადად გამოიყენება, როგორც უცხოური სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართლის ჩარჩოში. ამ ჩარჩოს გარეთ მხოლოდ საფრანგეთმა გამოიყენა შარიათის სამართალი მაიოტეს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, მაგრამ ეს პრაქტიკა 2011 წელს დასრულდა. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, შარიათის გამოყენება შარიათის საბჭოების მიერ, მიღებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ნებაყოფლობით აირჩევა (იხ. 83-ე პარაგრაფი ზემოთ).
160. სასამართლო კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ 2018 წლის 15 იანვარს ძალაში შევიდა მუსლიმურ უმცირესობის წევრთა მიმართ საოჯახო სამართლის საქმეების გადაწყვეტისას შარიათის გამოყენების სპეციალური რეგულაციების გაუქმების შესახებ კანონი. მუფთის მიერ ქორწინების, განქორწინების და სამემკვიდრეო საქმეების გადაწყვეტა დღეისათვის შესაძლებელია მხოლოდ ყველა მონაწილის თანხმობის შემთხვევაში (იხ. 57-ე პარაგრაფი ზემოთ). მიუხედავად ამისა, ახალი კანონის ნორმებს არ აქვთ გავლენა მომჩივნის მდგომარეობაზე, რომლის საქმეც საბოლოოდ გადაწყდა ძველი სისტემის არსებობის პირობებში, რომელიც შარიათის სამართლის გამოყენებას ანიჭებდა უპირატესობას (იხ., mutatis mutandis, სოდერმანი შვედეთის წინააღმდეგ (Söderman v. Sweden) [დიდი პალატა], N 5786/08, § 107, ECHR 2013).
161. დასკვნისათვის, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის, როგორც მუსლიმური აღმსარებლობის მოანდერძის მიერ, სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შედგენილი ანდერძის ბენეფიციარის მიმართ გამოყენებული განსხვავებულ მოპყრობას იმათთან შედარებით, ვინც იყვნენ, სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, არამუსლიმი მოანდერძის მიერ შედგენილი ანდერძის ბენეფიციარები, არ ჰქონდა ობიექტური და გონივრული გამართლება.
162. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ აკმაყოფილებს მთავრობის შესაგებელს იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანს არ გააჩნდა მსხვერპლის სტატუსი და ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას, 1-ლი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
163. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
164. მომჩივანმა მოითხოვა 967,686.75 ევრო (EUR) ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რაც შედეგად მოჰყვა 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას. საკუთარი მოთხოვნის გასამყარებლად, მან წარმოადგინა საბერძნეთის საგადასახადო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, საბერძნეთში არსებული ქონების შესახებ და თურქეთში გაცემული ექსპერტიზის დასკვნა იქ მდებარე ქონებასთან დაკავშირებით. მან ასევე მოითხოვა 30,000 ევრო არაქონებრივი ზიანისთვის, კონვენციის მე-6 და მე-14 მუხლების დარღვევის გამო. ხარჯების ასანაზღაურებლად მოითხოვა 8,500 ევრო.
165. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნის მოთხოვნა ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ, იყო ბუნდოვანი, დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული. მათ განმარტეს, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები შედგენილი იყო უცხოელი ექსპერტების მიერ და შეეხებოდა ქონებას, რომელიც არ მდებარეობდა საბერძნეთის ტერიტორიაზე და არ წარმოადგენდა დავის საგანს საბერძნეთის სასამართლოებში საქმის განხილვისას. სამართალწარმოება სულ ექვს ქონებას შეეხებოდა, ყველა განლაგებული იყო კომოტინში, მაგრამ მომჩივანმა ვერ დაადასტურა, რომ მან განიცადა რაიმე ქონებრივი ზიანი: მან უბრალოდ მიუთითა ქონებასთან დაკავშირებულ იმ გადასახადზე (ΕΝΦΙΑ), რაც მან გადაიხადა (სულ 373.76 ევრო). მეტიც, თანხა, რომლიდანაც საგადასახადო ორგანომ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადი გამოთვალა, შეადგენდა 42,000 ევროს, რაც შეესაბამებოდა მომჩივნის წილს მამულიდან. რაც შეეხება არაქონებრივი ზიანისთვის მოთხოვნილ თანხას, მთავრობა ამტკიცებდა, რომ ის არ გამომდინარეობდა სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული პრაქტიკიდან. დაბოლოს, ხარჯებთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ ეს მოთხოვნა, ასევე, იყო ბუნდოვანი, დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული.
166. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენების საკითხი არ არის მომზადებული გადასაწყვეტად. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტა მთლიანად უნდა გადაიდოს და სახელმწიფოსა და მომჩივანს შორის მიღწეული შეთანხმების შემდგომი პროცედურის გზით უნდა გადაწყდეს (სასამართლოს რეგლამენტის 75-ე წესის 1-ლი პუნქტი). სასამართლო ამ მიზნით მხარეებს აძლევს სამი თვის ვადას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. აერთიანებს არსებით მხარესთან მთავრობის წინასწარ შესაგებელს მომჩივნის მსხვერპლის სტატუსის არარსებობასთან დაკავშირებით და უარყოფს მას;
2. აცხადებს საჩივარს დასაშვებად;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას, 1-ლი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში;
4. ადგენს, რომ 41-ე მუხლის გამოყენების საკითხი არ არის მომზადებული გადასაწყვეტად;
შესაბამისად,
(a) გადადებს საკითხის განხილვას მთლიანად;
(b) იწვევს მომჩივანსა და მოპასუხე მთავრობას ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის მიერ შეტყობინების მიღებიდან სამი თვის ვადაში, წარმოადგინონ თავიანთი წერილობითი მოსაზრებები საკითხზე, კერძოდ, შეატყობინონ სასამართლოს მათ შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ;
(c) გადადებს შემდგომ სამართალწარმოებას და სასამართლოს თავმჯდომარეს გადასცემს აღნიშნულის მოგვარების უფლებამოსილებას, საჭიროების შემთხვევაში.
შესრულებულია ინგლისურად და რუსულად და გამოცხადდა საჯარო მოსმენაზე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა შენობაში, 2018 წლის 19 დეკემბერს.
ფრანსუა ელენს-პასოსიგვიდო რაიმონდი მდივნის მოადგილე თავმჯდომარე
გადაწყვეტილებას ერთვის მოსამართლე მითსის, კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილი, განსხვავებული აზრი (რომელიც არ თარგმნილა).
G.R.
F.E.P
[1] ინფორმაცია მოპოვებულია სტატიიდან „მუფთის კომპეტენცია საოჯახო, პირად და სამემკვიდრეო საქმეებზე ბერძენი მუსლიმების მიმართ თრაკიის სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში“, გიორგი საკალოგლუ, Nomiko Vima, ტ. 63, გვ 1366.
Full & Egal Universal Law Academy