Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N183
2015 წლის მარტი
მომჩილოვიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Momčilović v. Croatia)
(საჩივარი- N11239/11)
გადაწყვეტილება, 26 მარტი, 2015 [1-ლი სექცია]
მე-6 მუხლი
სამოქალაქო სამართალწარმოება
მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
ფაქტები: წინამდებარე საქმეში სასამართლოებისადმი ხელმისაწვდომობა დამოკიდებული იყო დავის მოგვარების წინარე მცდელობაზე. მომჩივნები დავობდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უარი უთხრეს საქმის განხილვაზე, რომელიც ეხებოდა მათი ქალიშვილის გარდაცვალების გამო სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნას, რადგან სამართალწარმოების დაწყებამდე მათ არ სცადეს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების თანახმად, მომჩივანმა, რომელსაც ხორვატიის რესპუბლიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა სურს, პირველ რიგში შესაბამის სახელმწიფო აპარატში უნდა მოითხოვოს შეთანხმება-მოლაპარაკება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნა უტოლდებოდა მათი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას, მე-6 მუხლის საწინააღმდეგოდ.
სამართალი: მე-6 მუხლი - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ შეზღუდვა კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსი) იყო გათვალისწინებული და ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, სასამართლოს ეკონომიურობის უზრუნველყოფას, ხანგრძლივი და ძვირადღირებული სამართალწარმოების თავიდან არიდებისა და განსახილველ საქმეთა ოდენობის შემცირების გზით. რაც შეეხება პროპორციულობის მოთხოვნას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნების სარჩელის განხილვაზე სასამართლოს უარის მიუხედავად, მათ კიდევ რჩებოდათ საშუალება, რომ მიემართათ მეგობრული შეთანხმების მოთხოვნით, რომლის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაშიც, შეეძლებოდათ სასამართლოში ახალი სარჩელის შეტანა ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ საპროცესო ვადებში. მომჩივნებმა არ გამოიყენეს აღნიშნული შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული მოთხოვნა არ იყო არაგონივრული და მას არ ჰქონია რაიმე წინასწარი ზეგავლენა მომჩივნის სარჩელზე. შესაბამისად, შეზღუდვა არ არღვევდა მომჩივანთა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების არსს.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy