საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ 184
2015 წლის აპრილი
მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Morice v. France) [დიდი პალატა] - 29369/10
გადაწყვეტილება 23.4.2015 [დიდი პალატა]
მე-10 მუხლი
მუხლი 10-1
გამოხატვის თავისუფლება
ადვოკატის მსჯავრდება გამომძიებელი მოსამართლეების მიმართ ცილისწამებაში გაზეთთან თანამონაწილეობისთვის: დარღვევა
ფაქტები – 1995 წელს ბერნანდ ბორელი, საფრანგეთსა და ჯიბუტს შორის თანამშრომლობის შეთანხმებების ფარგლებში მივლინებული მოსამართლე გარდაცვლილი იპოვეს. მომდევნო დღეებში ჯიბუტის ჟანდარმერიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გაკეთდა დასკვნა, რომ მან თვითმკვლელობა ჩაიდინა. მისმა ქვრივმა, რომელიც სადავოდ ხდიდა თვითმკვლეობის დადგენას, სამოქალაქო მხარის სტატუსით წარადგინა საჩივარი და განმცხადებელი ამ სამართალწარმოებისას თავის წარმომადგენლად დანიშნა. დაუდგენელი პირის ან პირების მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენასთან დაკავშირებით ორი სასამართლო გამოძიება დაიწყო, რომლებსაც იხილავდნენ მოსამართლეები M. და L.L.
2000 წლის ივნისში „სააპელაციო სასამართლოს საბრალდებო განყოფილებამ“ ეს მოსამართლეები საქმეს ჩამოაშორა და ახალ გამომძიებელ მოსამართლეს, მოსამართლე P.-ს გადასცა. მალევე ამ განყოფილებამ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა მოსამართლე M.-ისგან „საენტოლოგიის“ გახმაურებული საქმის გამოთხოვის თაობაზე.
2000 წლის სექტემბერში განმცხადებელმა და ერთერთმა მისმა კოლეგამ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს მისწერეს მოსამართლე ბორნელის გარდაცვალების საქმის სასამართლო გამოძიებასთან დაკავშირებით. მათ მიუთითეს, რომ კვლავ მიმართავდნენ მინისტრს მოსამართლეების M. -ისა და L.L.-ის ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც „სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებთან“ და მოითხოვეს „სასამართლო სამსახურების გენერალური ინსპექტორატის“ მიერ გამოძიების ჩატარება „იმ მრავალ ხარვეზთან დაკავშირებით, რაც გამოაშკარავდა სასამართლო გამოძიებისას“.
მომდევნო დღეს გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გაცხადებული იყო, რომ ქალბატონი ბორელის ადვოკატებმა „უხეშად გააკრიტიკეს“ მოსამართლე M. იუსტიციის მინისტრის წინაშე, კერძოდ კი ბრალი დასდეს ქმედებაში, რომელიც „სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებთან“ და დასძინეს, რომ ფაქტიურად მან (მოსამართლე M.-მა) საქმეში არ აღრიცხა მასალა და შესაბამისად არ გადასცა მის შემცვლელ მოსამართლეს.
ორივე მოსამართლემ სამოქალაქო მხარის სტატუსით წარადგინეს სისხლის სამართლის საჩივარი Le Monde -ის დირექტორის წინააღმდეგ, ასევე სტატიის ავტორი ჟურნალისტისა და ბატონი მორისის წინააღმდეგ, ბრალს სდებდნენ რა საჯარო მოსამსახურის საჯარო ცილისწამებას. სააპელაციო სასამართლომ განმცხადებელი დამნაშავედ ცნო დასახელებულ დანაშაულში თანამონაწილეობისთვის და დააკისრა ჯარიმის გადახდა 4 000 ევროს ოდენობით. თითოეული მოსამართლის სასარგებლოდ განისაზღვრა 7 500 ევრო ზიანის ანაზღაურების სახით, რაც განმცხადებელს დანარჩენ თანამონაწილეებთან ერთობლივად უნდა გადაეხადა.
2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პალატამ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ადგილი არ ქონდა მე-10 მუხლის დარღვევას. 2013 წლის 9 დეკემბერს განმცხადებლის მოთხოვნით საქმე გადაეცა დიდ პალატას (იხილეთ დეტალები Information Note 169).
კანონმდებლობა – მე-10 მუხლი: განმცხადებლის მსჯავრდება წარმოადგენდა მისი კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებაზე უფლებაში ჩარევას. აღნიშნულ ჩარევას ითვალისწინებდა კანონი და მისი მიზანი იყო სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცვა.
განმცხადებლის მსჯავრდებისას სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ იმის მტკიცების ფაქტი, რომ გამომძიებელი მოსამართლის ქცევა „სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებთან“ განსაკუთრებით ცილისმწამებლური ბრალდება იყო. იგივე სასამართლომ დასძინა, რომ განმცხადებლის კომენტარები ვიდეო-კასეტის გადაგზავნის დაგვიანებასთან დაკავშირებით და მისი მითითება მოსამართლე M.-ისთვის ჯიბუტის სახელმწიფო პროკურორის მიერ ხელნაწერი ბარათის გაგზავნაზე, რასთან მიმართებითაც განმცხადებელმა გამოიყენა ტერმინი „მფარველობა“, პირდაპირ ადასტურებდა ბრალდებების ცილისმწამებლურ ხასიათს; ბრალდებათა „უტყუარობა“ ვერ დადასტურდა და განმცხადებლის მხრიდან კეთილსინდისიერად მოქმედების მტკიცება არ იქნა გაზიარებული.
(a) განმცხადებლის ადვოკატის სტატუსი – მართალია სადავო არ გამხდარა, რომ განსახილველი განცხადებები მიმდინარე საქმისწარმოების კონტექსტში ექცეოდა, თუმცა ისინი მიმართული იყო იმ გამომძიებელ მოსამართლეებზე, რომლებიც ამ განცხადებების გაკეთების მომენტისთვის ჩამოცილებული იყვნენ საქმისწარმოებიდან. შესაბამისად, ბატონი მორისის განცხადებები პირდაპირ წვლილს ვერ შეიტანდა მის ვალდებულებაში, დაეცვა კლიენტი, ვინაიდან იმ მომენტისთვის სასამართლო გამოძიების ვალდებულება სხვა მოსამართლეს ჰქონდა მინდობილი, რომელიც თავის მხრივ არ იყო კრიტიკის ობიექტი.
(b) საჯარო ინტერესის საკითხზე დებატში მონაწილეობა – განმცხადებლის მიმართ ბრალდების საგნად გამხდარი გამონათქვამები, რომლებიც მართლმსაჯულების ფუნქციონირებას ეხებოდა, საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენდა და ბორელის საქმის გამოძიება, რაც მედიის მნიშვნელოვან ყურადღებას იქცევდა, საჯარო ინტერესის საკითხზე დებატის კონტექსტში ექცეოდა, რაც თავის მხრივ განაპირობებდა გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალ ხარისხს და თავისუფალი შეფასების განსაკუთრებით ვიწრო ფარგლების დაშვებას სახელმწიფო ორგანოების მხარეს.
(c) სადავო განცხადებების ბუნება – სადავო განცხადებები უფრო მეტად შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდა, ვიდრე ფაქტების კონსტატაციას, მათი ზოგადი ტონისა და ამ განცხადებების გაკეთების კონტექსტის გათვალისწინებით, ვინაიდან მათში ასახული იყო გამოძიების მიმდინარეობისას გამომძიებელი მოსამართლეების ქცევის ზოგადი შეფასება.
აღნიშნულ შეფასებით მსჯელობებს საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“ გააჩნდა. მოსამართლის მიერ ვიდეო-კასეტის არ გადაგზავნა არა მხოლოდ დადგინდა, არამედ საკმაოდ მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული მოსამართლე P.-ის მიერ საქმის მასალებში რეგისტრაციისთვის. რაც შეეხება ხელნაწერ ბარათს, გარდა იმისა, რომ ბარათი აშკარას ხდიდა ჯიბუტის სახელმწიფო პროკურორის გარკვეულ მეგობრულ განწყობას მოსამართლე M.-ის მიმართ, ბარათში ის ბრალს სდებდა სამოქალაქო მხარის ადვოკატებს „მათი მხრიდან მანიპულირების ორკესტრირებაში“.
და ბოლოს, დადასტურებული იყო ის ფაქტი, რომ განმცხადებელი ადვოკატის სტატუსით მოქმედებდა ბოლო დროინდელ ორ გახმაურებულ საქმეზე, რომლებზეც გამომძიებელი მოსამართლე მოსამართლე M. იყო. ორივე საქმეზე განმცხადებელმა სააპელაციო სასამართლოებში წარმატებას მიაღწია იმის დადგენაში, რომ საქმისწარმოებაში იკვეთებოდა ხარვეზები, რამაც განაპირობა მოსამართლე M.-ის საქმის განხილვებისგან ჩამოშორება.
უფრო მეტიც, საკმარისად მჭიდრო კავშირი არსებობდა განმცხადებლის მიერ გამოყენებულ გამონათქვამებსა და საქმეზე ფაქტებს შორის და მისი გამონათქვამები ვერ იქნებოდა მიჩნეული შეცდომაში შემყვანად ან უსაფუძვლო თადასხმად.
(d) საქმის სახასიათო გარემოებები
(i) საქმის პრეისტორიის გათვალისწინების საჭიროება – საქმესთან დაკავშირებული წინაპირობები შეიძლება აიხსნას არა მხოლოდ გამომძიებელი მოსამართლეების ქმედებით და განმცხადებლის დამოკიდებულებით ერთი მათგანის მიმართ, არამედ ასევე საქმის ძალიან კონკრეტული ისტორიით, მისი სახელმწიფოთაშორისი განზომილებით და მნიშვნელოვანი მედია დაფარვით. თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაჭარბებით შეაფასა განმცხადებლის კრიტიკული გამონათქვამი გამომძიებელი მოსამართლის მიმართ, კერძოდ კი კრიტიკა „რომ მოსამართლის ქცევა სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებთან“, მაშინ როცა ეს ციტატა უნდა შეფასებულიყო საქმის სახასიათო გარემოებების ჭრილში, განსაკუთრებით იმის გათვალისიწნებით, რომ ეს იყო არა სტატიის ავტორის განცხადება, არამედ ამონარიდი განმცხადებლის და მისი კოლეგის მიერ იუსტიციის მინისტრისთვის გაგზავნილი წერილიდან. ამასთან, იმ დროისთვის როდესაც განმცხადებელმა უპასუხა მის კითხვებს, ჟურნალისტისთვის უკვე საკუთარი წყაროებიდან იყო ცნობილი მინისტრისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ. მხოლოდ სტატიის ავტორი იყო პასუხისმგებელი „საენტოლოგიის“ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე M.-ის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური საქმის წარმოების მითითებაზე. ადვოკატებს ვერ მოეთხოვებოდათ პასუხი პრესაში გამოქვეყენებული „ინტერვიუს“ სრულ შინაარსზე ან პრესის მოქმედებაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოეთხოვებოდა სადავო გამონათქვამების შესწავლა საქმის პრეისტორიისა და სტატიის შინაარსის ერთიანობაში, სრულად გათვალისწინებით.
ტერმინ „მფარველობის“ გამოყენება „თავისთავად“ ვერ იქნებოდა მოსამართლე M.-ისა და ჯიბუტის სახელმწიფო პროკურორის ღირსებასა და რეპუტაციაზე მძიმე თავდასხმა
ამასთან, განმცხადებლის გამონათქვამები ვერ დავიწროვდება მოსამართლე M.-ის მიმართ მხოლოდ ანტაგონისტური დამოკიდებულების გამოხატვად. სადავო გამონათქვამები ორი ადვოკატის ერთობლივი პროფესიული ინიციატივის ნაწილს წარმოადგენდა, ფაქტებთან მიმართებით, რომლებიც იყო ახალი, დადგენილი და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების სააშკარაოზე გამომტანი, იმ ორ მოსამართლესთან მიმართებით, რომლებიც თავის მხრივ აწარმოებდნენ გამოძიებას ადვოკატების კლიენტების სამოქალაქო მხარის სტატუსით მონაწილეობით მიმდინარე საქმეზე.
მართალია განმცხადებლის გამონათქვამები მართლაც რომ ნეგატიური მნიშვნელობის იყო, აღსანიშნავია, რომ მიუხედავათ მათი გარკვეული მტრული ბუნებისა და სიმძიმისა, გამონათქვამების საკვანძო საკითხს წარმოადგენდა სასამართლო გამოძიების ფუნქციონირება, რაც თავის მხრივ საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენდა და შესაბამისად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის მეტად ვიწრო სივრცეს ტოვებდა. ამასთან, ადვოკატს უნდა შეეძლოს საზოგადოების ყურადღება მიმართოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, ხოლო მართლმსაჯულებამ შესაძლოა სარგებელი ნახოს კონსტრუქციული კრიტიკით.
(ii) მართლმსაჯულების ავტორიტეტის შენარჩუნება – მოსამართლეები M. და L.L. სასამართლო სისტემის წევრები იყვნენ და შესაბამისად, ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განსხვავებით, ექვემდებარებოდნენ დასაშვები კრიტიკის უფრო ფართო შეზღუდვებს და შესაბამისად, შესაძლებელი იყო სადავო კომენტარების ამ სტატუსით მათი მისამართით გაკეთება.
ამასთან განმცხადებლის გამონათქვამებით ვერ მოხდებოდა მართლმსაჯულების პროცესის სათანადოდ განხორციელების საფრთხის ქვეშ დაყენება, იმის გათვალისწინებით, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმე გამოითხოვა კრიტიკას დაქვემდებარებული მოსამართლეებისგან.
იგივე საფუძვლებითა და აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით განმცხადებლის მსჯავრდება ვერ იქნებოდა მართლმსაჯულების ავტორიტეტის შენარჩუნების სამსახურში.
(iii) სამართლებრივი დაცვის არსებული საშუალებების გამოყენება – „სააპელაციო სასამართლოს საბრალდებო განყოფილებისთვის“ მიმართვამ აშკარად მიუთითა, რომ განმცხადებლისა და მისი კოლეგის თავდაპირველი განზრახვა იყო საკითხი მოეგვარებინათ სამართლებრივი დაცვის არსებული საშუალებების გამოყენებით. რეალურად სამართლებრივი დაცვის ამ საშულების გამოყენების შემდეგ გამოვლინდა პრობლემა, რომელზეც ჩიოდნენ, რაც მოსამართლე P.-იმ აღნუსხა საქმის მასალებში. იმ მომენტისთვის „საბრალდებო განყოფილება“ არ იყო უფლებამოსილი შეესწავლა საჩივრები, რადგანაც მან მოსამართლეები M. და L.L. ჩამოაშორა საქმის განხილვას. ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლო გამოძიების დაწყებიდან ოთხ წელიწად ნახევარი იყო გასული და [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მიერ საქმის განხილვის მომენტისთვის საქმის განხილვა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. თავის მხრივ სამოქალაქო მხარეები და მათი ადვოკატები აქტიურად მონაწილეობდნენ სამართალწარმოებაში.
უფრო მეტიც, იუსტიციის მინისტრისთვის ახალ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მიმართვა არ წარმოადგენდა სამართლებრივი დაცვის სასამართლო საშუალებას, რაც დაასაბუთებდა პრესასთან ურთიერთობისგან თავშეკავებას, არამედ ეს იყო უბრალოდ მოთხოვნა ადმინისტრაციულ გამოძიებაზე, რაც მინისტრის დისკრეციის საგანს წარმოადგენდა.
და ბოლოს, „მთავარ სახელმწიფო პროკურორს“, არც შესაბამის „ადვოკატთა საბჭოს“ თუ „ადვოკატთა გაერთიანების“ თავმჯდომარეს აუცილებლად არ მიუჩნევიათ დისციპლინური წარმოების დაწყება განმცხადებლის წინააღმდეგ პრესაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა ქონდათ.
(iv) დასკვნა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით – განმცხადებლის სადავო გამონათქვამები არ წარმოადგენდა მეტად დამაზიანებელს და არსებითად დაუსაბუთებელ თავდასხმებს სასამართლოს მოქმედებებზე, არამედ კრიტიკას კონკრეტული მოსამართლეების, M.-ისა და L.L.-ის მისამართით, მართლსაჯულების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საჯარო ინტერესის საკითხზე და თავიდანვე მედიის ყურადღების სფეროში მოქცეულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე დებატების ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამონათქვამები ნამდვილად შეიძლება მიჩნეულიყო მწვავედ, ისინი წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას საკმარისი „ფაქტობრივი საფუძვლით“.
(e) დაკისრებული სანქციები - განმცხადებელს დაეკისრა ჯარიმა 4 000 ევროს ოდენობით და სხვა მოპასუხეებთან ერთობლივად 7 500 ევროს გადახდა თითოეული მომჩივანი მოსამართლის სასარგებლოს. შესაბამისად, მისთვის დაკისრებული სანქცია არ იყო „ყველაზე მსუბუქი“, პირიქით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და მისი როგორც ადვოკატის სტატუსი მითითებულ იქნა მეტი სიმკაცრის საფუძვლად.
აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით განმცხადებლის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ცილისწამებაში თანამონაწილეობისთვის შეიძლება მიჩნეულ იქნას გამოხატვის თავისუფლებაზე მის უფლებაში არათანაზომიერ ჩარევად და შესაბამისად არ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 მუხლის მიზნებისთვის.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
სასამართლომ ასევე დაადგინა კოვენციის 6.1 მუხლის დარღვევა განმცხადებლის მიერ წარდგენილ საჩივარზე საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ მის საქმეზე არ განხორციელდა საქმის სამართლიანი მოსმენა დამოუკიდებელი ტრიბუნალის მიერ, რადგანაც საქმეს განიხილავდა მოსამართლე, რომელმაც მანამდე და საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა ერთერთი სამოქალაქო მხარის მიმართ. განმცხადებლის შიში მიუკერძოებლობის არ არსებობის თაობაზე ობიექტურად დასაბუთებული იყო.
41-ე მუხლი: 15 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ; 270 ევრო მატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
(იხილეთ ასევე, ჟული და SARL Libération საფრანგეთის წინააღმდეგ (July and SARL Libération v. France)[1], 20893/03, 14 თებერვალი, 2008, Information Note 105)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
[1] მოკლე შეჯამება ხელმისაწვდომია ქართულად
Full & Egal Universal Law Academy