მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლებისა და ადვოკატების გამოხატვის თავისუფლების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება.
სასამართლოს შემადგენლობაში ისეთი მოსამართლის არსებობა, რომელმაც მანამდე და საჯაროდ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა პროცესის მონაწილე ერთ-ერთი მხარის მიმართ: დარღვევა.
ადვოკატის მსჯავრდება გამომძიებელ მოსამართლეთა ცილისწამების შესახებ გაზეთთან თანამონაწილეობის გამო: დარღვევა.
დიდი პალატა
საქმე „მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ“
MORICE v. FRANCE
განაცხადი N 29369/10
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2015 წლის 23 აპრილი
ფაქტობრივი გარემოებები
1995 წელს მოსამართლე ბერნარ ბორელი, რომელიც მივლინებული იყო საფრანგეთსა და ჯიბუტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, გარდაცვლილი იპოვეს. მომდევნო დღეებში ჯიბუტის ჟანდარმერიამ, ჩატარებული გამოძიების შედეგად დაასკვნა, რომ მან თავი მოიკლა. ბორელის ქვრივმა, რომელიც არ ეთანხმებოდა თვითმკვლელობის შესახებ დასკვნას, საჩივარი შეიტანა როგორც სამოქალაქო მხარემ და სამართალწარმოების პროცესში წარმომადგენლად დანიშნა განმცხადებელი. დაიწყო ორი სასამართლო გამოძიება უცნობი პირის ან პირების მიერ წინასწარ განზრახული მკვლელობის მუხლით. სასამართლო გამოძიების ჩატარება დაევალათ გამომძიებელ მოსამართლეებს - მ-ს და ლ.ლ-ს.
2000 წლის ივნისში სააპელაციო სასამართლოს საბრალდებო სამმართველომ ეს მოსამართლეები ჩამოაშორა საქმეს და საქმე გადასცა ახალ გამომძიებელ მოსამართლეს, პ-ს; ეს მოხდა მოკლე ხანში, მას შემდეგ, რაც იმავე სამმართველომ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა მოსამართლე მ-ისათვის გახმაურებული „საიენტოლოგიის“ საქმის ჩამორთმევის შესახებ.
2000 წლის სექტემბერში განმცხადებელმა და მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს გაუგზავნეს წერილი მოსამართლე ბორელის გარდაცვალების სასამართლო გამოძიებასთან დაკავშირებით. ისინი მინისტრს კიდევ ერთხელ მიმართავდნენ მოსამართლეების - მ-ს და ლ.ლ-ის ქცევასთან დაკავშირებით, რომელიც „საერთოდ არ შეესაბამებოდა მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებს“ და მოითხოვდნენ სასამართლოს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიების ჩატარებას „იმ უამრავი ნაკლოვანების გამოსაძიებლად, რომლებმაც ნათლად იჩინა თავი სასამართლო გამოძიების პროცესში“.
მომდევნო დღეს, გაზეთ „Le Monde-ში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ქ-ნი ბორელის ადვოკატებმა „მკაცრად გააკრიტიკეს“ მოსამართლე მ. იუსტიციის მინისტრის წინაშე, კერძოდ, ბრალი დასდეს ისეთ ქცევაში, რომელიც „სრულიად შეუსაბამო იყო მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებთან“. სტატიაში აგრეთვე მითითებული იყო, რომ ქ-ნმა ბორელმა, სავარაუდოდ, ვერ უზრუნველყო საქმის მასალების რეგისტრაცია და მისი მომდევნო მოსამართლისათვის გადაცემა, რომელსაც მის ნაცვლად ჩააბარეს მოცემული საქმე.
ორმა მოსამართლემ შეიტანა სისხლის სამართლის საჩივარი, როგორც სამოქალაქო მხარეებმა „Le Monde-ის“ გამოცემის დირექტორის, სტატიის ავტორი ჟურნალისტისა და ბ-ნი მორისის წინააღმდეგ, საჯარო მოხელის საჯაროდ ცილისწამების ბრალდებით. განმცხადებელი სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულად ცნო ზემოაღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დააკისრა ჯარიმის სახით 4,000 ევროს გადახდა. თითოეული მოსამართლის სასარგებლოდ განმცხადებელს, დანარჩენ ორ მოპასუხესთან ერთად, დაეკისრათ ზიანის ანაზღაურების სახით 7,500 ევროს გადახდა.
სამართალი
I. კონვენციის 6.1 მუხლის სავარაუდო დარღვევა
65. განმცხადებელი აცხადებდა, რომ საკასაციო სასამართლოში მისი საქმე სამართლიანად არ განუხილავს მიუკერძოებელ სასამართლოს, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს შემადგენლობაში შედიოდა მოსამართლე მ., რომელმაც წარსულში საჯაროდ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა ერთ-ერთი სამოქალაქო მხარის მიმართ. იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პარაგრაფს, რომლის შესაბამისი ნაწილის მიხედვით:
„... ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“
გ. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
73. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ მიუკერძოებლობა, გულისხმობს წინასწარი შეხედულების ან სუბიექტურობის არარსებობას და მისი არსებობა ან არარსებობა სხვადასხვა გზებით შეიძლება გამოიცადოს. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, 6.1 მუხლის მიზნით მიუკერძოებლობის არსებობა უნდა დადგინდეს სუბიექტურობის ტესტის მიხედვით, რომელიც აფასებს კონკრეტული მოსამართლის შინაგან რწმენას და ქცევას, ანუ მოსამართლეს ჰქონდა თუ არა პირადი წინასწარი განწყობა ან სუბიექტური დამოკიდებულება მოცემულ საქმეში; აგრეთვე, ობიექტური ტესტის გამოყენებით თავად სასამართლო სხვა ასპექტებთან ერთად და მისი შემადგენლობა უზრუნველყოფდა თუ არა საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ გამორიცხული ყოფილიყო ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით (იხ. კიპრიანუ კვიპროსის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 73797/01, § 118, ECHR, 2005-XIII და მიკალეფი მალტას წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 17056/06, § 93, ECHR, 2009).
74. რაც შეეხება სუბიექტურობის ტესტს, სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში დიდი ხანია დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს არ გააჩნია წინასწარი შეხედულებები ან სუბიექტური დამოკიდებულება (იხ. კიპრიანუ §119 და მიკალეფი §94). საწინააღმდეგოს დამადასტურებელი საბუთის არარსებობის პირობებში უნდა მივიჩნიოთ, რომ მოსამართლე მიუკერძოებელია (იხ. ჰაუსშილდტი დანიის წინააღმდეგ, 24 მაისი, 1989 წ., § 47, სერია A, N154). რაც შეეხება საჭირო მტკიცებულების სახეობას, სასამართლომ მოითხოვა დადგენა, მოსამართლემ გამოიჩინა თუ არა კეთილგანწყობილი ან მტრული დამოკიდებულება პირადი მიზეზების გამო (იხ. დე კუბერი ბელგიის წინააღმდეგ, 1984 წლის 26 ოქტომბერი, § 25, სერია A, N 86).
75. საქმეების დიდ უმრავლესობაში, სადაც წამოჭრილია მიუკერძოებლობის საკითხები, სასამართლომ აქცენტი გააკეთა ობიექტურობის ტესტზე (იხ. მიკალეფი, § 95). თუმცა არ არსებობს მკაფიო გამიჯვნა სუბიექტურ და ობიექტურ მიუკერძოებლობას შორის, ვინაიდან მოსამართლის ქცევამ შეიძლება არა მხოლოდ გამოიწვიოს ობიექტური უნდობლობა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით გარე დამკვირვებლის თვალში (ობიექტური ტესტი), არამედ შეიძლება შეეხოს მისი შინაგანი რწმენის საკითხს (სუბიექტურობის ტესტი) (იხ. კიპრიანუ §119). ამდენად, ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა რთული იყოს მტკიცებულების მოპოვება მოსამართლის სუბიექტური მიუკერძოებლობის უარყოფისათვის, ობიექტური მიუკერძოებლობის მოთხოვნა გვთავაზობს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარანტიას (იხ. პულარი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1996 წლის 10 ივნისი, § 32, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების კრებული, 1996-III).
76. რაც შეეხება ობიექტურ ტესტს, უნდა განისაზღვროს, მოსამართლის ქცევის გარდა, არსებობს თუ არა სხვა დამაზუსტებელი ფაქტები, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი მიუკერძოებლობა, რაც გულისხმობს, იმის დადგენას, მოცემულ საქმეში არსებობს თუ არა ლეგიტიმური მიზეზი, კონკრეტული მოსამართლის ან სასამართლოს შემადგენლობაში შემავალი ორგანოს მიუკერძოებლობის ვარაუდთან დაკავშირებით. გადამწყვეტია ის, თუ რამდენად შესაძლებელია ობიექტურად დადასტურდეს ეს ვარაუდი (იხ. მიკალეფი, §96).
77. ობიექტური ტესტი ძირითადად ეხება იერარქიულ ან სხვა კავშირებს მოსამართლესა და სამართალწარმოების სხვა მხარეებს შორის (§97). ამდენად, თითოეულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, აღნიშნული ურთიერთობა ატარებს თუ არა ისეთ ხასიათს და ხარისხს, რაც მიანიშნებს სასამართლოს მხრიდან მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე (იხ. პულარი, § 38).
78. ამ მხრივ, გარკვეული მნიშვნელობა აქვს თუნდაც გარეგნულ გამოვლინებას ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, „სამართლიანობა უბრალოდ კი არ უნდა აღსრულდეს, არამედ მისი აღსრულება თვალსაჩინო უნდა იყოს (იხ. დე კუბერი, § 26). აქ საქმე ეხება იმ ნდობას, რომელიც სასამართლომ დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა აღძრას საზოგადოებაში. ამდენად, ნებისმიერი მოსამართლე, რომლის მიმართ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი ვივარაუდოთ, რომ ის არ არის სრულიად მიუკერძოებელი, უნდა ჩამოსცილდეს საქმეს (იხ. კასტილო ალგარი ესპანეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 28 ოქტომბერი, § 45, ანგარიშები 1998-VIII და მიკალეფი § 98).
2. ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
79. წინამდებარე საქმეში, მიუკერძოებლობის არარსებობის ვარაუდი გამოწვეული იყო იმით, რომ მოსამართლე ჯ.მ-მ, რომელიც შედიოდა საკასაციო სასამართლოს შემადგენლობაში და მიიღო 2009 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა მოსამართლე მ-ისადმი ცხრა წლის წინ, დისციპლინური სამართალწარმოების კონტექსტში, რომელიც აღძრული იყო მ-ის წინააღმდეგ „საიენტოლოგიის“ საქმეზე მისი ქცევის გამო. 2000 წლის 4 ივლისს პარიზის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეთა საერთო შეხვედრის მსვლელობისას, რომელზეც მან საბოლოოდ ხმა მისცა მოსამართლე მ-ის მხარდაჭერის შუამდგომლობის სასარგებლოდ, ჯ.მ-მა განაცხადა: „ჩვენ, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს, არ გვეკრძალება, დავაფიქსიროთ, რომ ვემხრობით მოსამართლეს [მ-ს]. აკრძალული არ არის ვთქვათ, რომ მოსამართლე [მ.] სარგებლობს ჩვენი მხარდაჭერითა და ნდობით.“
80. დიდი პალატა დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა საკუთარ დაკვირვებებში აღიარა, რომ არ იყო დადგენილი, მოსამართლე ჯ.მ-მ გამოხატა თუ არა მის მიმართ რაიმე პიროვნული მიკერძოება. იგი უბრალოდ აცხადებდა, რომ მისი პირადი ქცევის მიუხედავად, თავად ჯ.მ-ის ყოფნა სასამართლოს შემადგენლობაში ქმნიდა ვითარებას, რომლის გამოც მისი შიშები ოფიციალურად გამართლებული და ლეგიტიმური იყო.
81. ამდენად, სასამართლოს აზრით, უნდა მომხდარიყო საქმის განხილვა ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის პოზიციიდან, უფრო კონკრეტულად, უნდა განხილულიყო საკითხი, რომლის თანახმად, განმცხადებლის ეჭვი, რომელიც გამომდინარეობდა კონკრეტული სიტუაციიდან, შეიძლებოდა თუ არა ჩათვლილიყო როგორც ობიექტურად გამართლებული, საქმის გარემოებების გათვალისწინებით.
82. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლე ჯ.მ-ის მიერ გაჟღერებულ ტექსტს კოლეგა მოსამართლე მ-ის მხარდასაჭერად, რომელიც პასუხისმგებელი იყო მოცემული საქმის ფარგლებში განმცხადებლის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე, ბრალდებულს შეეძლო ეჭვის აღძვრა საქმის განმხილველი სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
83. მთავრობამ საკუთარ შეფასებებში, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადა, რომ ჯ.მ-ის კომენტარები არ იყო საკმარისი მისი მხრიდან ობიექტური მიუკერძოებლობის ნაკლებობის დასადგენად, ვინაიდან მის მიერ აღნიშნული განცხადება გაკეთდა დიდი ხნის წინ და მის მიერ წარმოთქმული სიტყვები გამოხატავდა პირად თვალსაზრისს, რომელიც შეეხებოდა იმ პირობებს, თუ როგორ იქნა მიწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კოლეგის მიმართ დისციპლინური წარმოება იქნება წამოწყებული.
84. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია საქმის უჩვეულო კონტექსტის უგულებელყოფა. იგი, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ საქმე ეხებოდა ადვოკატს და მოსამართლეს, რომლებიც ამ რანგში მოქმედებდნენ განსაკუთრებით გახმაურებული საქმეების ორ სასამართლო გამოძიებასთან კავშირში: ეს იყო ბორელის საქმე, რომლის კონტექსტში გაკეთდა განმცხადებლის სადავო კომენტარები და „საიენტოლოგიის“ საქმე, რომლის მსვლელობისას ჯ.მ-მ გააკეთა კომენტარი. სასამართლო, პალატის მსგავსად, ასევე აღნიშნავს, რომ მოსამართლე მ. უკვე ატარებდა გამოძიებას ბორელის საქმეზე, რომელიც აქტიურად შუქდებოდა მედიის მიერ და ჰქონდა პოლიტიკური შედეგები, როდესაც ჯ.მ-მ საჯაროდ გამოხატა მის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა „საიენტოლოგიის“ საქმის კონტექსტში (იხ. 29-ე პუნქტი). პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯ.მ-მა მაშინ გამოხატა საკუთარი თვალსაზრისი ოფიციალურ ვითარებაში, პარიზის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეთა საერთო შეხვედრაზე.
85. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი, რომელიც ორივე შემთხვევაში იყო იმ სამოქალაქო მხარეთა ადვოკატი, რომლებმაც გააკრიტიკეს მოსამართლე მ-ის მუშაობა, შემდგომში ბრალდებულად ცნეს ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი საჩივრის საფუძველზე; შესაბამისად, პროფესიულმა კონფლიქტმა მიიღო პირადი კონფლიქტის გამოხატულება, ვინაიდან მოსამართლე მ-მა შიდა სასამართლოებს მიმართა იმ ზიანის ანაზღაურებისათვის, რომელიც მას მიადგა იმ შეურაცხყოფის შედეგად, რომლის ჩადენაშიც იგი განმცხადებელს სდებდა ბრალს.
86. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ასევე დასძენს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც საქმე გადაეგზავნა, ერთმნიშვნელოვნად დადგინდა კავშირი აღნიშნულ სამართალწარმოებაში განმცხადებლის კომენტარებსა და „საიენტოლოგიის“ საქმეს შორის და გამოიტანა დასკვნა, რომ ზემოაღნიშნული მიანიშნებდა, განმცხადებლის მხრიდან „პოსტ-ფაქტუმ ანგარიშის გასწორებას“ და პირად შუღლს მ-ის მიმართ, „რომელთანაც წარსულში კონფლიქტი ჰქონდა“.
87. განმცხადებელმა სააპელაციო სასამართლოს სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სამართლებრივ საკითხებზე. აღნიშნული განიხილა საკასაციო სასამართლოს სისხლის სამართლის სამმართველოს შემადგენლობამ, რომელშიც შედიოდა მოსამართლე ჯ.მ.. სასამართლო არ ეთანხმება მთავრობის არგუმენტს, რომ ეს ვითარება არ წარმოშობს რაიმე სირთულეს, ვინაიდან საჩივარი სამართლებრივ საკითხებზე იყო განსაკუთრებული ზომა, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვა შემოიფარგლება მხოლოდ კანონის მოთხოვნების დაცვის განხილვით.
88. საკუთარ პრეცედენტულ სამართალში სასამართლო აღნიშნავს საკასაციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანეს როლს, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ ეტაპს სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში, რომელსაც პოტენციურად გადამწყვეტი შედეგები მოაქვს ბრალდებულისათვის, როგორც წინამდებარე საქმეში, ვინაიდან ბათილად ცნობის შემთხვევაში შეუძლებელი გახდებოდა საქმის სხვა სააპელაციო სასამართლოსათვის განსახილველად გადაცემა, როგორც ფაქტობრივი გარემოებების, ისე სამართლებრივი საკითხების განსახილველად. სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონვენციის 6.1 მუხლი არ ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, შექმნან სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა სახელმწიფო, რომელიც შექმნის ამგვარ სასამართლოებს, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პირებმა, რომელთაც შეხება აქვთ სასამართლოსთან, ზემოაღნიშნული სასამართლოების წინაშე ისარგებლონ მე-6 მუხლით განსაზღვრული ძირითადი გარანტიებით (იხ. დელკური ბელგიის წინააღმდეგ, 1970 წლის 17 იანვარი 1970, § 25, სერია A, N11; ომარი საფრანგეთის წინააღმდეგ და გუერინი საფრანგეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 29 ივლისი 1998, §§ 41 და 44, ანგარიშები, 1998-V და ლუისი საფრანგეთის წინააღმდეგ, N 44301/02, §27, 2006 წლის 14 ნოემბერი), რაც უდავოდ მოიცავს სასამართლოს მიუკერძოებლობის მოთხოვნას.
89. სასამართლოს აზრით, მთავრობის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ჯ.მ. იყო ათი მოსამართლისაგან შემდგარი სასამართლოს გაფართოებულ შემადგენლობაში, არ არის გადამწყვეტი კონვენციის 6.1 მუხლის საფუძველზე ობიექტური მიუკერძოებლობის საკითხისათვის. სასამართლო განხილვის საიდუმლო ხასიათის გათვალისწინებით შეუძლებელია დადგინდეს, ფაქტობრივად მოახდინა თუ არა ჯ.მ-მ გავლენა ამ შემთხვევაში. ამდენად, აღწერილ კონტექსტში, მოცემული სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით შესაძლებელი იყო საფუძვლიანი ეჭვის არსებობა.
90. გარდა ამისა, განმცხადებლისათვის არ უცნობებიათ, რომ სასამართლოს შემადგენლობაში იქნებოდა ჯ.მ. და არც ამის შესახებ ფიქრის რაიმე მიზეზი ჰქონდა. სასამართლოს მითითებით, განმცხადებელს აცნობეს, რომ საქმეს განიხილავდა საკასაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა შემცირებული შემადგენლობით, როგორც ეს დასტურდება მოსამართლის ანგარიშიდან, საკასაციო სასამართლოს ელექტრონული დოკუმენტაციით საქმესთან დაკავშირებით და მხარეთათვის გაგზავნილი სამი შეტყობინებით, ამათგან ორი გაიგზავნა სასამართლო სხდომის შემდგომ. შესაბამისად, განმცხადებელს არ ჰქონდა შესაძლებლობა, გაეპროტესტებინა ჯ.მ-ის სასამართლოს შემადგენლობაში ყოფნა ან წარედგინა რაიმე მოსაზრებები მიუკერძოებლობის საკითხთან დაკავშირებით.
91. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ საქმეში განმცხადებლის შიში შეიძლებოდა მიჩნეულიყო როგორც ობიექტურად დასაბუთებული.
92. ამდენად, სასამართლო ასკვნის, რომ დაირღვა კონვენციის 6.1 მუხლი.
II. კონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა
93. განმცხადებლის მტკიცებით, სისხლის სამართლებრივი წესით მსჯავრდება მოიცავდა მისი გამოხატვის თავისუფლების დარღვევას, რომელიც გათვალისწინებულია კონვენციის მე-10 მუხლით, რომლის მიხედვით:
„1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება;
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის.”
დ. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
(ა) გამოხატვის თავისუფლება
124. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობის ზოგადი პრინციპები, რომელიც არაერთხელ აღუნიშნავს სასამართლოს საქმეზე - ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24), გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეჯამებულია საქმეში - სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ ([დიდი პალატა] N 69698/01, § 101, ECHR 2007‑V) და კვლავ დაფიქსირდა საქმეში - ცხოველთა უფლებების დამცველები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ([დიდი პალატა] N 48876/08, §100, ECHR 2013)) შემდეგი სახით:
„(i) გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, იგი ეხება არა მხოლოდ „ინფორმაციას“ ან „იდეებს“, რომლებიც დადებითი, არაშეურაცხმყოფელი ან უმნიშვნელოა, არამედ შეურაცხმყოფელ, შოკისმომგვრელ ან შემაწუხებელ ინფორმაციას, ან იდეებს. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ლიბერალური აზროვნების მოთხოვნები, რომელთა გარეშე „დემოკრატიული საზოგადოება“ არ არსებობს. მე-10 მუხლის შესაბამისად, თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც .... უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს....
(ii) ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, 10.2 მუხლის მნიშვნელობით, გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეული ფარგლები ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომელიც ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვეტილებებს, თუნდაც ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს გამოტანილი. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს საბოლოო დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ „შეზღუდვა“ არ არღვევს მე-10 მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.
(iii) სასამართლოს ამოცანა, ზედამხედველის იურისდიქციის განხორციელებისას, არის არა უფლებამოსილი ეროვნული ხელისუფლების ორგანოების ნაცვლად მოქმედება, არამედ მათ მიერ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილებების განხილვა მე-10 მუხლის ჭრილში. აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ზედამხედველობა შემოიფარგლება იმის დადგენით, მოპასუხე სახელმწიფომ რამდენად მიზანშეწონილად, გულდასმით და კეთილსინდისიერად განახორციელა საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილება; სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის კონტექსტის ჭრილში და დაადგინოს, იყო თუ არა ის „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“ და რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ჩარევის დასაბუთებისათვის მოყვანილი მიზეზები მითითებულ პროცესში, სასამართლომ უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას...“
125. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხს, კონვენციის 10.2 მუხლი ითვალისწინებს მცირე შეზღუდვას პოლიტიკური გამოსვლის ან საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე დებატებთან მიმართებით (იხ. სურეკი თურქეთის წინააღმდეგ, (N 1) [დიდი პალატა], N 26682/95, § 61, ECHR, 1999-IV; ლინდონი, ოჩაკოვსკი-ლაურენსი და ჟული საფრანგეთის წინააღმდეგ, [დიდი პალატა], N21279/02 და 36448/02, §46, ECHR, 2007-IV და აქსელ სპრინგერი AG გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 39954/08, § 90, ECHR, 2012). შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი დონე, როდესაც ხელისუფლების ორგანოების დისკრეციული უფლებამოსილება განსაკუთრებით ვიწროა, ჩვეულებრივ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საკითხი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთი კომენტარების შემთხვევაში, რომლებიც ეხება სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას, თუნდაც ისეთი სამართალწარმოების კონტექსტში, რომელზეც გადაწყვეტილება სხვა მოპასუხეების მიმართ ჯერ არ არის გამოტანილი (იხ. როლანდ დუმასი საფრანგეთის წინააღმდეგ, N34875/07, §43, 2010 წლის 15 ივლისი, და გუევია გომეს ფერნანდესი და ფრეიტას ე კოსტა პორტუგალიის წინააღმდეგ, N 1529/08, § 47, 2011 წლის 29 მარტი). მტრული დამოკიდებულების ხარისხი (იხ. ე.კ. თურქეთის წინააღმდეგ, N28496/95, §§ 79-80, 2002 წლის 7 თებერვალი) და გარკვეული გამონათქვამების პოტენციური სიმძიმე (იხ. თომა ლუქსემბურგის წინააღმდეგ, N 38432/97, § 57, ECHR, 2001-III) არ გულისხმობს აღნიშნული უფლების დაცვით სარგებლობისგან გათავისუფლებას, საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით (იხ. პატურელი საფრანგეთის წინააღმდეგ, N 54968/00, § 42, 2005 წლის 22 დეკემბერი).
126. სასამართლომ, გადაწყვეტილებებში ლინგენსისა (ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ, 1986 წლის 8 ივლისი, § 46, სერია A, N10) და ობერშლიკის (ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ, (N 1), 1991 წლის 23 მაისი, § 63, სერია A, N 204) საქმეებზე გამიჯნა განცხადებები ფაქტებთან დაკავშირებით და შეფასებითი მსჯელობა. ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, ხოლო შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცების შესახებ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლებას, რაც წარმოადგენს მე-10 მუხლით დაცული უფლების ძირითად ნაწილს (იხ. დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ, 1997 წლის 24 თებერვალი, §42, ანგარიშები 1997-I). თუმცა, როდესაც განცხადება უტოლდება შეფასებით მსჯელობას, ჩარევის თანაზომიერება შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“ გასაჩივრებული განცხადებისათვის; თუ არ არსებობს, ასეთი შეფასებითი მსჯელობა შეიძლება დადგინდეს, როგორც გადაჭარბებული (იხ. დე ჰაესი და გიჯსელსი §47; ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (N2), 1997 წლის 1 ივლისი, §33, ანგარიშები 1997-IV; ბრასილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ, N71343/01, § 36, 11/04/2006 და ლინდონი, ოჩაკოვსკი-ლაურენსი და ჟული, §55). ფაქტობრივი ბრალდებისა და შეფასებითი მსჯელობის გასამიჯნად აუცილებელია საქმის გარემოებებისა და გამონათქვამების ზოგადი ტონის გათვალისწინება (იხ. ბრასილიერი, §37), მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების თაობაზე, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტის დაფიქსირებას (იხ. პატურელი, §37).
127.ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია დაკისრებული სანქციების ხასიათი და სიმკაცრე. როგორც სასამართლომ მანამდე აღნიშნა, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას შესაძლოა, ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი ამ თავისუფლებით სარგებლობაზე. ჯარიმების შედარებით ზომიერი ხასიათი არ არის საკმარისი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე მსუსხავი ეფექტის (ნეგატიური ზეგავლენის) რისკის უკუსაგდებად, რაც კიდევ უფრო მიუღებელია ადვოკატის შემთხვევაში, რომელსაც ევალება საკუთარი კლიენტების ეფექტურად დაცვა (იხ. მორი, § 61). მართალია, ლეგიტიმურია, რომ სახელმწიფოს დაწესებულებები, როგორც ინსტიტუციური საზოგადოებრივი წესრიგის გარანტები, უნდა სარგებლობდნენ უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან დაცვით, ამ დაწესებულებების დომინანტი პოზიციიდან გამომდინარე, უფლებამოსილმა ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ სისხლის სამართალწარმოებისგან (იხ. კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ, 1992 წლის 23 აპრილი, §46, სერია A, N236; ინკალი თურქეთის წინააღმდეგ, [დიდი პალატა], 1998 წლის 9 ივნისი, §54, ანაგრიშები 1998-IV; ლეიდეუქსი და ისორნი საფრანგეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 23 სექტემბერი, § 57, ანგარიშები 1998-VII; ოზთურქი თურქეთის წინააღმდეგ, [დიდი პალატა], 1999 წლის 28 სექტემბერი, § 66, ECHR, 1999-VI და ოტეგი მონდრაგონი ესპანეთის წინააღმდეგ, N 2034/07, §58, ECHR, 2011).
(ბ) სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შენარჩუნება
128. სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტიტუციას წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებისათვის, ექცევა საზოგადოებრივ ინტერესში. ამ მხრივ, აუცილებელია საზოგადოებაში სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინება. ქვეყანაში, რომელიც იმართება კანონის უზენაესობის პრინციპით, სასამართლო, როგორც მართლმსაჯულების გარანტი, უნდა სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით, იმისათვის, რომ წარმატებით შეძლოს საკუთარი მოვალეობების შესრულება. ამდენად, შესაძლოა, აუცილებელი იყოს აღნიშნული ნდობის დაცვა მეტად საზიანო თავდასხმებისაგან, რომლებიც არსებითად უსაფუძვლოა, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კრიტიკის ადრესატ მოსამართლეებს აკისრიათ წინდახედულების ვალდებულება, შესაბამისად, მათ ეკრძალებათ კრიტიკაზე საპასუხო რეაგირება (იხ. პრაგერი და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ, 26 აპრილი, 1995 წელი, §34, სერია A, N 313; კარპეტასი საბერძნეთის წინააღმდეგ, N6086/10, §68, 30 ოქტომბერი, 2012 წელი და დი ჯოვანი იტალიის წინააღმდეგ, N 51160/06, §71, 9 ივლისი, 2013 წელი).
129. ფრაზა „სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი“ მოიცავს იმ ცნებას, რომ სასამართლოები არიან და საზოგადოების მიერ ზოგადად მიიჩნევიან, როგორც სათანადო ორგანოები სამართლებრივი დავების გადასაჭრელად და ადამიანის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებად სისხლის სამართლის საქმეებზე; აქ ასევე იგულისხმება საზოგადოების მხრიდან პატივისცემის მაღალი ხარისხი და რწმენა, რომ სასამართლოს შესწევს ამ ფუნქციის შესრულების უნარი (იხ.ვორმი ავსტრიის წინააღმდეგ, 29 აგვისტო,1997, § 40, ანგარიშები 1997-V და პრაგერი და ობერშლიკი).
130. საქმე ეხება ნდობას, რომელიც სასამართლოებმა დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა აღძრან არა მხოლოდ ბრალდებულში სისხლის სამართალწარმოებისას (იხ. კიპრიანუ, §172), არამედ ფართო საზოგადოებაშიც (იხ. კუდეშკინა რუსეთის წინააღმდეგ, N 29492/05, § 86, 2009 წლის 26 თებერვალი და დი ჯიოვანი).
131. თუ არ ჩავთვლით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ხდება მეტად საზიანო და უსაფუძვლო თავდასხმა, მოსამართლეები წარმოადგენენ სახელმწიფოს ფუნდამენტური ინსტიტუციის ნაწილს და შეიძლება დაექვემდებარონ პირად კრიტიკას დასაშვებ ფარგლებში (იხ. ჟული და SARL Libération, § 74). ამდენად, თანამდებობრივი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას, მათზე ვრცელდება დასაშვები კრიტიკის უფრო ფართო ფარგლები, ვიდრე რიგითი მოქალაქის შემთხვევაში (იხ. ჟული და SARL Libération).
(გ) ადვოკატის სტატუსი და მისი გამოხატვის თავისუფლება
132. ადვოკატების განსაკუთრებული სტატუსი, მათ ანიჭებთ ცენტრალურ პოზიციას მართლმსაჯულების განხორციელებაში, როგორც შუამავლებს საზოგადოებასა და სასამართლოს შორის. ამდენად, ისინი თამაშობენ საკვანძო როლს იმის უზრუნველყოფაში, რომ სასამართლოები, რომელთა მისია ფუნდამენტურია კანონის უზენაესობის პრინციპით მართულ სახელმწიფოში, საზოგადოების თვალში ნდობით სარგებლობდნენ (იხ. შოპფერი შვეიცარიის წინააღმდეგ, 20 მაისი, 1998, §§ 29-30, ანგარიშები 1998-III; ნიკულა ფინეთის წინააღმდეგ, N 31611/96, § 45, ECHR, 2002-II; ამიჰალაჩიოაიე მოლდოვას წინააღმდეგ, N რაიმე მიზეზი, § 27, ECHR, 2004-III; კიპრიანუ, § 173; ანდრე და სხვა საფრანგეთის წინააღმდეგ, N18603/03, § 42, 2008 წლის 24 ივლისი და მორი, § 42). თუმცა, იმისათვის, რომ საზოგადოების წევრებს ჰქონდეთ ნდობა მართლმსაჯულების მიმართ, მათ აგრეთვე უნდა სჯეროდეთ, რომ ადვოკატებს აქვთ წარმომადგენლობის ეფექტურად უზრუნველყოფის უნარი (იხ. კიპრიანუ, § 175).
133. მართლმსაჯულების განხორციელებაში ადვოკატების, როგორც დამოუკიდებელი პროფესიონალების როლი მოიცავს მთელ რიგ მოვალეობებს, განსაკუთრებით მათი ქცევის მხრივ (იხ. ვან დე მუსელე ბელგიის წინააღმდეგ, 23 ნოემბერი, 1983, სერია A, N 70; კასადო კოკა ესპანეთის წინააღმდეგ, 1994 წლის 24 თებერვალი, § 46, სერია A N 285-A; სტეური ნიდერლანდების წინააღმდეგ, N 39657/98, §38, ECHR, 2003-XI; ვერაარტი ნიდერლანდების წინააღმდეგ, N10807/04, §51, 2006 წლის 30 ნოემბერი და კუტანტი საფრანგეთის წინააღმდეგ, (განჩინება), N17155/03, 2008 წლის 24 იანვარი). დამცველების პროფესიული ქცევა ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს - მათ მოეთხოვებათ თავდაჭერილი, პატიოსანი და ღირსეული ქცევა, თუმცა სარგებლობენ ექსკლუზიური უფლებებითა და პრივილეგიებით, რაც შეიძლება განსხვავდებოდეს იურისდიქციების მიხედვით, მათ შორის, დამცველებს ეძლევათ გარკვეული დისკრეციული უფლებამოსილება სასამართლოში გამოყენებული არგუმენტების თვალსაზრისით (იხ. სტეური).
134. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება დამცველებზეც. ეს მოიცავს არა მხოლოდ მათ მიერ გამოთქმული თვალსაზრისის და ინფორმაციის შინაარსს, არამედ მათი გადმოცემის ფორმასაც (იხ. ფოგილა შვეიცარიის წინააღმდეგ, N35865/04, §85, 2007 წლის 13 დეკემბერი). ამდენად, ადვოკატებს გააჩნიათ უფლება, რომ საჯაროდ გააკეთონ კომენტარი მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებით, თუ მათი კრიტიკა არ სცდება გარკვეულ ზღვარს (იხ. ამიჰალაჩიოაიე, §§27-28; ფოგილა, §86 და მორი, §43). ეს ზღვარი ექცევა ადვოკატთა ასოციაციის წევრთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული ჩვეული შეზღუდვების არეალში (იხ. კიპრიანუ, §173), როგორც ეს ასახულია ადვოკატთა საბჭოსა და ევროპის სამართლის საზოგადოების (CCBE) მიერ ევროპის ადვოკატებისთვის მოყვანილ ათ ძირითად პრინციპში, სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება „ღირსებაზე“, „პატიოსნებასა“ და „კეთილსინდისიერებაზე“, „მართლმსაჯულების სამართლიანი აღსრულების ... პატივისცემაზე“. ასეთი წესები ხელს უწყობს მოსამართლეთა დაცვას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი თავდასხმებისაგან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ და მხოლოდ სურვილით ან სტრატეგიით, რომ მოხდეს მედიაში მოსამართლეთა დებატებში ჩართვა ან კონკრეტულ საქმეზე მომუშავე მოსამართლესთან ანგარიშის გასწორება.
135. გამოხატვის თავისუფლების საკითხი დაკავშირებულია იურისტის პროფესიის დამოუკიდებლობასთან, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სამართლიანად აღსრულების ეფექტური პროცესისათვის (იხ. სიალკოვსკა პოლონეთის წინააღმდეგ, N8932/05, §111, 2007 წლის 22 მარტი 2007). დემოკრატიულ საზოგადოებაში ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუნდაც მსუბუქი სისხლისსამართლებრივი სასჯელის მეშვეობით, შეიძლება აუცილებელი იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. (იხ. ნიკულა, §55; კიპრიანუ, §174 და მორი, § 44).
136. უნდა განვასხვავოთ შემთხვევები, როდესაც დამცველი საკუთარ აზრს აფიქსირებს სასამართლო სხდომათა დარბაზსა და სხვა გარემოში.
137. აღსანიშნავია „სასამართლო სხდომათა დარბაზში ქცევის“ საკითხი, ვინაიდან ადვოკატის გამოხატვის თავისუფლებამ შეიძლება წამოჭრას მისი კლიენტის სამართლიანი განხილვის უფლების საკითხი, სამართლიანობის პრინციპი ასევე მოქმედებს მხარეთა შორის დაუბრკოლებელი და დაძაბული შეპაექრების სასარგებლოდ (იხ. ნიკულა, §49 და სტეური, §37). ადვოკატებს გააჩნიათ „საკუთარი კლიენტების ინტერესების გულმოდგინედ დაცვის“ ვალდებულება (იხ. ნიკულა, §54), რაც ნიშნავს, რომ ზოგჯერ მათ უნდა გადაწყვიტონ, გააპროტესტონ ან გაასაჩივრონ თუ არა სასამართლოს მოქმედება (იხ. კიპრიანუ, §175). ასევე, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ გასაჩივრებული გამონათქვამების გამეორება არ მომხდარა სასამართლო დარბაზის გარეთ. აგრეთვე ითვალისწინებს ადრესატის ვინაობას; ამდენად, პროკურორმა, რომელიც სამართალწარმოებაში „მხარეს“ წარმოადგენს, უნდა „მოითმინოს ძალიან მძიმე კრიტიკა ... დამცველის მხრიდან“, თუნდაც შეუსაბამო ტერმინებით გამოხატული, თუ ეს კრიტიკა არ ეხება მის ზოგად პროფესიულ ან სხვა თვისებას (იხ. ნიკულა, §§ 51-52; ფოგლია, §95 და როლანდ დუმასი, § 48).
138.დავუბრუნდეთ სასამართლო სხდომათა დარბაზის გარეთ გაკეთებულ კომენტარებს, სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ კლიენტის დაცვის განხორციელება შეიძლება ტელევიზიით ახალ ამბებში გამოსვლით ან პრესაში განცხადების მეშვეობით; ასეთი მეთოდით დამცველს შეუძლია საზოგადოებას გააცნოს ის ნაკლოვანებები, რომლებიც სავარაუდოდ ზიანს მიაყენებენ წინასასამართლო საქმისწარმოებას (იხ. მორი, §59). სასამართლოს აზრით, ადვოკატს პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ ყველაფერზე, რაც „ინტერვიუს“ ფორმით გამოქვეყნდა, განსაკუთრებით, როდესაც ჟურნალისტების მხრიდან მოხდა განცხადებების რედაქტირება და მან უარყო გარკვეული გამონათქვამები (იხ. ამიჰალაჩიოაიე, §37). ფოგლიას საქმეში სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დამცველებს სამართლიანად ვერ დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა პრესის მოქმედებებზე (იხ. ფოგლია, §97). ანალოგიურად, როდესაც საქმე ფართოდ შუქდება მედიაში, ფაქტების სიმძიმისა და სავარაუდო შემხებლობის მქონე პირების გამო, დამცველი არ უნდა დაისაჯოს სასამართლო გამოძიების საიდუმლოების გამჟღავნების გამო, როდესაც მან უბრალოდ გააკეთა პირადი ხასიათის კომენტარები იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ცნობილი იყო ჟურნალისტებისათვის და რომლის გაშუქებასაც ისინი აპირებდნენ, ამ კომენტარების გათვალისწინებით თუ მათ გარეშე. ამის მიუხედავად, საჯარო განცხადების გაკეთებისას, დამცველი არ თავისუფლდება კონფიდენციალობის შენარჩუნებისათვის წინდახედულობის მოვალეობისაგან, სასამართლო გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში (იხ. მორი, §§ 55 და 56).
139. მეტიც, დამცველებს ეკრძალებათ ისეთი კომენტარების გაკეთება, რომლებიც იმდენად სერიოზულია, რომ ირღვევა აზრის გამოხატვისთვის დასაშვები ზღვარი, მყარი ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობის პირობებში (იხ. კარპეტასი, §78; ასევე, ა. ფინეთის წინააღმდეგ (განჩინება), N44998/98, 2004 წლის 8 იანვარი). მათ არც შეურაცხყოფის უფლება აქვთ (იხ. კოუტანტი (განჩინება)). გუევია გომეს ფერნანდესი და ფრეიტას ე კოსტას საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მოსამართლეების შესახებ გამონათქვამების ტონი, რომელიც არ იყო შეურაცხმყოფელი, თუმცა იყო ღვარძლიანი და სარკასტული, მიჩნეულ იქნა როგორც კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისი (იხ. გუევია გომეს ფერნანდესი და ფრეიტას ე კოსტა, §48). სასამართლო გამონათქვამებს აფასებს ზოგად კონტექსტში, განსაკუთრებით იმისათვის, რომ დადგინდეს, შეიძლება თუ არა ისინი ჩაითვალოს შეცდომაში შემყვანად თუ უსაფუძვლო თავდასხმად (იხ. ორმანი იტალიის წინააღმდეგ, N30278/04, §73, 2007 წლის 17 ივლისი და გუევია გომეს ფერნანდესი და ფრეიტას ე კოსტა §51), რათა უზრუნველყოს, რომ გამოყენებული ფრაზები საკმარისად მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან (იხ. ფელდეკი სლოვაკეთის წინააღმდეგ, N29032/95, §86, ECHR, 2001‑VIII და გუევია გომეს ფერნანდესი და ფრეიტას ე კოსტა).
2. ამ პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
140. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი დამნაშავედ იქნა ცნობილი და დაეკისრა ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება ბორელის საქმის სამართალწარმოებასთან დაკავშირებით კომენტარების გამო, რომელიც დაიბეჭდა ყოველდღიურ გაზეთ „Le Monde-ში“ გამოქვეყნებულ სტატიაში. იგი მოიცავდა განმცხადებლისა და მისი კოლეგების მიერ იუსტიციის მინისტრის მიმართ გაგზავნილი წერილის ტექსტს, სადაც მოითხოვდნენ ადმინისტრაციული გამოძიების დაწყებას და განცხადებებს, რომელიც მან გააკეთა ჟურნალისტთან - გასაჩივრებული სტატიის ავტორთან.
141. სასამართლო იმთავითვე აღნიშნავს, რომ მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ განმცხადებლის სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება წარმოადგენდა ჩარევას მის გამოხატვის თავისუფლებაში, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-10 მუხლით. სასამართლოც ამ აზრს იზიარებს.
142. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ჩარევა კანონით იყო განსაზღვრული, კერძოდ, 1881 წლის 29 ივლისის კანონის 23-ე, 29-ე და 31-ე ნაწილებით, როგორც განმცხადებელმა აღიარა.
143. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ ჩარევის მიზანი იყო სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცვა. სასამართლო ვერ ხედავს სხვაგვარი თვალსაზრისის არსებობის მიზეზს. მართალია, განმცხადებლის მიმართ სამართალწარმოება მიზნად ისახავდა „სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებას“ , თუმცა ეს საკითხი უკავშირდება ჩარევის „აუცილებლობას“ და ვერ ექნებოდა გავლენა იმ ფაქტზე, რომ იგი მიმართული იყო სულ მცირე ერთი „ლეგიტიმური მიზნისაკენ“, რომელიც კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით არის განსაზღვრული.
144. ამდენად, უნდა გაანალიზდეს, ჩარევა იყო თუ არა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. ამისათვის სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ჩარევა ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი და ეროვნული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი საფუძველი იყო თუ არა შესაბამისი და საკმარისი.
145. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მსჯავრდებით, სააპელაციო სასამართლომ დააფიქსირა თვალსაზრისი, რომ გამომძიებელი მოსამართლის „ქცევა [იყო] სრულიად შეუსაბამოა მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებთან“, რაც განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი ბრალდებაა. სასამართლო დასძენს, რომ განმცხადებლის კომენტარებმა ვიდეოკასეტის გადაგზავნის გაჭიანურებასთან და მისმა მითითებამ ხელნაწერ ბარათზე, რომელიც ჯიბუტის სახელმწიფო პროკურორმა გაუგზავნა მოსამართლე მ-ს, რომელთან დაკავშირებითაც განმცხადებელმა გამოიყენა ტერმინი „მფარველობა“, უბრალოდ დაადასტურა ბრალდების შეურაცხმყოფელი ხასიათი, ბრალდების „უტყუარობა“ არ დადგენილა და განმცხადებელს უარი ეთქვა კეთილსინდისიერ დაცვაზე.
(ა) განმცხადებლის, როგორც დამცველის სტატუსი
146. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე კომენტარები გამომდინარეობდა სტატიის ავტორი ჟურნალისტის თხოვნის საპასუხოდ გაკეთებული განცხადებიდან და იუსტიციის მინისტრისათვის მიწერილი წერილიდან. განმცხადებელმა კომენტარები გააკეთა ადვოკატის რანგში, რომელიც იცავდა სამოქალაქო მხარეს და ეხებოდა ბორელის საქმეში სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
147. ამასთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა სასამართლოს სთხოვა, განემარტა პრეცედენტული სამართალი ადვოკატის მიერ გამოხატვის თავისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სასამართლო სხდომათა დარბაზის გარეთ და ადვოკატთა მიერ წარმოთქმული კომენტარები მოქცეულიყო შესაძლო დაცვის ქვეშ. სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მათი, როგორც სასამართლოში მონაწილე მხარეების სტატუსი, ფუნდამენტურად განასხვავებს დამცველებს ჟურნალისტებისაგან და გამოყოფს სხვადასხვა სიტუაციებს, რომლებშიც გამოხატვის თავისუფლების არეალი იქნებოდა „განსაკუთრებით ფართო“ ან პირიქით, მოექცეოდა „გარკვეულ ფარგლებში“.
148. სასამართლო მხარეებს მიუთითებდა პრეცედენტულ სამართალში განსაზღვრულ პრინციპებზე, განსაკუთრებით დამცველების სტატუსსა და გამოხატვის თავისუფლებზე, იმის ხაზგასმით, რომ უნდა გაიმიჯნოს ადვოკატების მიერ სასამართლო სხდომათა დარბაზში და სხდომათა დარბაზის გარეთ გაკეთებული კომენტარები. ამასთან, ადვოკატების სპეციფიკური სტატუსისა და მართლმსაჯულების აღსრულებაში მათი პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლო, CCBE არგუმენტისაგან განსხვავებით, მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ადვოკატების გათანაბრება ჟურნალისტებთან. მათი შესაბამისი თანამდებობები და როლი სამართალწარმოებაში თავისი არსით განსხვავებულია. ჟურნალისტებმა საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად, უნდა განმარტონ ინფორმაცია და მოსაზრებები საზოგადოებისათვის საინტერესო ყველა საკითხზე, მათ შორის, მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დამცველები ძირითადი ფიგურები არიან მართლმსაჯულების სისტემაში, ისინი უშუალოდ მონაწილეობენ მის ფუნქციონირებაში და მხარის დაცვაში. ამდენად, შეუძლებელია მათი გათანაბრება გარე მხარეებთან, რომელთა ამოცანას საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს.
149. განმცხადებლის მტკიცებით, გაზეთ „Le Monde-ში“ გამოქვეყნებული მისი განცხადებები, შესასრულებელი ამოცანის - კლიენტის დაცვის მიზანს ემსახურებოდა. სადავო არ არის, რომ გასაჩივრებული კომენტარები მოექცა სამართალწარმოების კონტექსტში, თუმცა, ისინი ეხებოდა გამომძიებელ მოსამართლეებს, რომლებიც საბოლოოდ სამართალწარმოებას ჩამოაშორეს. ამდენად, სასამართლო ვერ ხედავს, როგორ შეიძლებოდა მის განცხადებებს პირდაპირ შეეწყო ხელი მის მიერ კლიენტის დაცვის ამოცანის შესრულებაში, ვინაიდან სასამართლო გამოძიების წარმართვა იმ დროისათვის სხვა მოსამართლეს ჰქონდა დაკისრებული, რომლის მიმართ კრიტიკული შენიშვნები არ იყო.
(ბ) საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე მსჯელობაში წვლილის შეტანა
150. განმცხადებელი აგრეთვე ეყრდნობოდა საკუთარ უფლებას, ეცნობებინა საზოგადოებისათვის მიმდინარე სამართალწარმოებაში ხარვეზების შესახებ და წვლილი შეეტანა საზოგადოებისათვის საინტერესო თემის გარშემო მსჯელობაში.
151. ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის კომენტარები გაკეთდა სასამართლო გამოძიების კონტექსტში, რომელიც დაიწყო ფრანგი მოსამართლის - ბერნარ ბორელის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მივლინებული იყო ჯიბუტის იუსტიციის სამინისტროში, ტექნიკურ საკითხებში მრჩევლის რანგში. სასამართლოს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, აღენიშნა, რომ საქმეზე თავიდანვე იყო მედიის მხრიდან მაღალი ინტერესი (იხ. ჟული და SARL Libération, §67), რაც მეტყველებს საზოგადოების თვალში მის მაღალ მნიშვნელობაზე. განმცხადებლის მსგავსად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემამ ხელი შეუწყო საზოგადოების ინფორმირებას ამ საქმის გარშემო, ვინაიდან გამომძიებელმა მოსამართლემ, რომელიც 2007 წელს მუშაობდა საქმეზე, სთხოვა სახელმწიფო ბრალმდებელს პრესრელიზის გამოქვეყნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და იმ ინფორმაციის გამოცხადება, რომ თვითმკვლელობის ვერსია აღარ განიხილებოდა და საქმის გამოძიება გაგრძელდებოდა წინასწარი განზრახვით მკვლელობის მუხლით.
152. გარდა ამისა, როგორც სასამართლომ მანამდე დაადგინა, საზოგადოება ლეგიტიმურად არის დაინტერესებული სისხლის სამართლის საქმის წარმოების შესახებ ინფორმაციის მიღებით (იხ. ჟული და SARL Libération, §66) და სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული კომენტარები საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში ექცევა. სასამართლომ ორ შემთხვევაში - ფლოქუეტი და ესმენარდი და ჟული და SARL Libération, განიხილა ბორელის საქმესა და სასამართლო გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებული კომენტარები, როგორც გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით არსებული პრეტენზიები. ორივე საქმის შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯელობა მიმდინარეობდა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე.
153. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, განმცხადებლის სადავო კომენტარები, რომლებიც ეხებოდა ზემოაღნიშნულ ფლოქუეტი და ესმენარდი და ჟული და SARL Libération საქმეებს, სასამართლოს ფუნქციონირებასა და ბორელის საქმის განხილვას, მოექცა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის შესახებ მსჯელობის კონტექსტში. ამდენად, იგი მოითხოვდა გამოხატვის თავისუფლების მაღალ ხარისხს და შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოებს ჰქონდათ განსაკუთრებით ვიწრო დისკრეციული უფლებამოსილება.
(გ) სადავო კომენტარების ხასიათი
154. სასამართლო აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც განმცხადებლის კომენტარები შეფასდა, როგორც „განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი“, მან ვერ მოახერხა დაემტკიცებინა მათი უტყუარობა ისეთი მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც სისხლის სამართლის სასამართლოს მიხედვით „იქნებოდა უნაკლო, სრულყოფილი და პირდაპირ კავშირში ცილისმწამებლურ ბრალდებასთან“. მას ასევე არ დაუკმაყოფილდა კეთილსინდისიერების შესახებ არგუმენტი. ამ საკითხზე, სისხლის სამართლის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსამართლეების - მ-სა და ლ.ლ-ის პროფესიონალურ და ზნეობრივ კეთილსინდისიერებაზე თავდასხმები აშკარად გასცდა დასაშვები კრიტიკის ზღვარს. მართალია, სისხლის სამართლის სასამართლოს აზრით, ფუნდამენტური უთანხმოება ქ-ნი ბორელის იურისტებსა და გამომძიებელ მოსამართლეებს შორის ვერ დაასაბუთებდა მათი გამოხატვის აბსოლუტურ წინდაუხედაობას, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ორი მოსამართლის მიერ განმცხადებლის წინააღმდეგ აღძრული წარმოების ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შეჩერების გადაწყვეტილება არ გამორიცხავდა მისი მხრიდან არაკეთილსინდისიერებას. სააპელაციო სასამართლოს დასკვნის თანახმად, განმცხადებლის პირადი შუღლი და მოსამართლეების, განსაკუთრებით მოსამართლე მ-ის დისკრედიტაციის სურვილი, გამოწვეული იყო მისი გადამეტებული კომენტარების გამო, ამასთან ბორელის საქმეზე სტატია გამოქვეყნდა იმავე დროს, რა დროსაც აღიძრა წარმოება მოსამართლე მ-ის წინააღმდეგ, საბრალმდებლო სამმართველოში, საიენტოლოგიის საქმესთან დაკავშირებით.
155. როგორც სასამართლომ მანამდე აღნიშნა, აუცილებელია გაიმიჯნოს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ განცხადებები და შეფასებითი მსჯელობა. ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს დემონსტრირებით, რაც შეუძლებელია შეფასებითი მსჯელობის შემთხვევაში; შეფასებითი მსჯელობის უტყუარობის დამტკიცება შეუძლებელია და არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული უფლების ძირითად ნაწილს. გარდა ამისა, ცილისწამების შესახებ სამართალწარმოებაში მოპასუხის სასარგებლოდ პროცესუალური გარანტიების არსებობა წარმოადგენს ერთ-ერთ გასათვალისწინებელ ფაქტორს, მე-10 მუხლის საფუძველზე ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას. კერძოდ, მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხეს მიეცეს რეალური შესაძლებლობა, დაამტკიცოს, რომ თავისი განცხადებები ემყარებოდა საკმარის ფაქტობრივ საფუძველს (იხ. სტილი და მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N 68416/01, § 95, ECHR 2005-II; ანდრუშკო რუსეთის წინააღმდეგ, N4260/04, §53, 2010 წლის 14 ოქტომბერი; დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ, N 7942/05 და N24838/05, § 141, 2012 წლის 4 მარტი და ჰასან იაზიჩი თურქეთის წინააღმდეგ, N 40877/07, § 54, 2014 წლის 15 აპრილი). წინამდებარე საქმეში მისთვის ასეთი შესაძლებლობა არ მიუციათ.
156. სასამართლოს აზრით, საქმის გარემოებებში, გასაჩივრებული განცხადებები წარმოადგენდა უფრო მეტად შეფასებით მსჯელობას, ვიდრე წმინდა ფაქტების დაფიქსირებას, თუ გავითვალისწინებთ კომენტარების ზოგად ტონსა და კონტექსტს, რომლის პირობებშიც ეს კომენტარები გაკეთდა, ვინაიდან ისინი ძირითადად ასახავდნენ გამომძიებელი მოსამართლეების ქცევის ზოგად შეფასებას გამოძიების პროცესში.
157.საჭიროა შესწავლილ იქნეს, იყო თუ არა საკმარისი აღნიშნული შეფასებითი მსჯელობის „ფაქტობრივი საფუძვლები“.
158. სასამართლოს აზრით, ეს პირობა წინამდებარე საქმეში შესრულდა. მას შემდეგ, რაც პარიზის სააპელაციო სასამართლოს საბრალმდებლო სამმართველომ საქმე ჩამოართვა მოსამართლეებს - მ-ს და ლ.ლ-ს, აშკარა გახდა, რომ საქაღალდეში არსებული მტკიცებულების მნიშვნელოვანი ელემენტი, კერძოდ, გარდაცვალების ადგილის ექსპერტებთან ერთად მოსამართლეთა ვიზიტის ამსახველი ვიდეოკასეტა, მართალია, მითითებული იყო ამ მოსამართლეთა მიერ გამოტანილ ბოლო გადაწყვეტილებაში, თუმცა არ ყოფილა გადაგზავნილი გამოძიების საქაღალდესთან ერთად იმ მოსამართლისათვის, რომელმაც ჩაანაცვლა ზემოაღნიშნული მოსამართლეები. ეს ფაქტი მხოლოდ დადგენილი კი არა, არამედ საკმარისად მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ გამართლებულიყო მოსამართლე პ-ს მიერ იმ ოქმის მომზადება, რომელშიც მან ჩაწერა შემდეგი: პირველ რიგში, ვიდეოკასეტა არ ჩანდა გამოძიების საქაღალდეში და იგი არ იყო რეგისტრირებული სამხილის სახით; მეორე, იგი მას გადაეცა კონვერტში, რომელსაც არ ჰქონდა ლუქის ნიშანი. ბარათზე ადრესატის ველში ეწერა მოსამართლე მ. და შეიცავდა ხელნაწერ ბლანკს, ჯიბუტის სახელმწიფო ბრალმდებლის სატიტულო ფურცლით, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ იყო მიწერილი მოსამართლე მ-ისათვის.
159. ამას გარდა, იმ ფაქტთან ერთად, რომ ბლანკიდან შესამჩნევი იყო ჯიბუტის სახელმწიფო ბრალმდებლის მხრიდან მოსამართლე მ-ის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება, იგი ბრალს სდებდა პროცესის მხარეთა ადვოკატებს „მანიპულაციის ორგანიზებაში“. სასამართლო ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯიბუტის ხელისუფლების ორგანოებმა თვითმკვლელობის თეორიას არა მხოლოდ მხარი დაუჭირეს თავიდანვე, არამედ სახელმწიფოს მთელი რიგი წარმომადგენლები პირადად იყვნენ ჩარეულნი საფრანგეთში ჩატარებულ სასამართლო გამოძიებაში, რაც ნათელია განსაკუთრებით მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, ასევე მცდარი მტკიცებულების მოპოვების ბრალდების საფუძველზე აღძრული სამართალწარმოებიდან.
160. ასევე, დადგინდა, რომ განმცხადებელი დამცველის რანგში მოქმედებდა ორ გახმაურებულ საქმეში, რომლებშიც მოსამართლე მ. იყო გამომძიებელი მოსამართლე. ორივე მათგანში განმცხადებელმა წარმატებით მოიპოვა სააპელაციო სასამართლოების დასკვნა, რომ სამართალწარმოებები ხარვეზებით წარიმართა, რის შედეგადაც საქმეები მოსამართლე მ-ს ჩამოერთვა. პირველი საქმის კონტექსტში, რომელიც ცნობილია „საიენტოლოგიის“ საქმის სახელით, განმცხადებელმა დამატებით მოიპოვა დადგენილება, რომ საფრანგეთის სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებზე.
161. სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ გამოხატული აზრი საკმაოდ მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთანავე მისი კომენტარები ვერ ჩაითვლებოდა შეცდომაში შემყვანად ან უსაფუძვლო თავდასხმად. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ გამოხატვის თავისუფლება „ეხება არა მხოლოდ „ინფორმაციას“ ან „იდეებს“, რომლებიც დადებითად აღიქმება ან არ ითვლება შეურაცხმყოფლად, არამედ იმათაც, რომლებიც არის შეურაცხმყოფელი, შოკისმომოგვრელი ან შემაშფოთებელი“. ანალოგიურად, „ღვარძლიანი ტონის“ გამოყენება კომენტარებში, რომელიც მიმართული იყო მოსამართლისაკენ, კონვენციის მე-10 მუხლის დებულებებთან შეუსაბამოა (იხ. გოუვეია გომეს ფერნანდესი და ფრეიტას ე კოსტა, § 48).
(დ) საქმის კონკრეტული გარემოებები
(i) მთლიანი კონტექსტის მხედველობაში მიღების საჭიროება
162. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ კონვენციის მე-10 მუხლის კონტექსტში, მან უნდა გაითვალისწინოს გარემოებები და ზოგადი კონტექსტი, რომლის პირობებშიც გაკეთდა აღნიშნული კომენტარები (იხ. ლინგენსი, § 40 და ბლადეტ ტრომსო და სტენსასი ნორვეგიის წინააღმდეგ, [დიდი პალატა], N. 21980/93, § 62, ECHR, 1999-III). წინამდებარე საქმეში, კონტექსტი შეიძლება აიხსნას არა მხოლოდ გამომძიებელი მოსამართლეების ქცევით და განმცხადებლის ურთიერთობით ერთ-ერთ მათგანთან, არამედ სწორედ კონკრეტული საქმის ისტორიით, მისი სახელმწიფოთაშორისი ასპექტით და მედიის მიერ ამ საქმის ძალიან ფართო გაშუქებით. სასამართლო დასძენს, რომ სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის გასაჩივრებულ კომენტარს, რომლითაც იგი აკრიტიკებდა გამომძიებელ მოსამართლეს „ისეთი ქცევისათვის, რომელიც [იყო] აბსოლუტურად შეუსაბამოა მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებთან“, დიდი მნიშვნელობა მიანიჭა და დაასკვნა, რომ თავისთავად ეს იყო ცილისმწამებლური ბრალდება, რომელიც უტოლდებოდა განცხადებას, რომ დაირღვა პროფესიული ეთიკის პრინციპები და აღნიშნული მოსამართლის მხრიდან მოსამართლის ფიცი. ეს ციტატა უნდა შეფასებულიყო საქმის კონკრეტული გარემოებების ჭრილში, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რეალურად ეს არ იყო განცხადება, რომელიც სტატიის ავტორთან გაკეთდა, არამედ ამონარიდი წერილიდან, რომელიც განმცხადებელმა და მისმა კოლეგა ბ-ნმა ლ. დე კაუნესმა გაუგზავნეს იუსტიციის მინისტრს 2000 წლის 6 სექტემბერს. გარდა ამისა, იმ დროს, როდესაც განმცხადებელმა პასუხი გასცა მის შეკითხვებს, ჟურნალისტისათვის უკვე ცნობილი იყო იუსტიციის მინისტრისათვის გაგზავნილი წერილის შესახებ, არა თავად განმცხადებლისაგან, არამედ საკუთარი წყაროებიდან, როგორც სისხლის სამართლის სასამართლომ დაადასტურა. განმცხადებელი ასევე ამტკიცებდა და სადავო არ იყო, რომ სტატიის ავტორი ერთპიროვნულად პასუხისმგებელი იყო მოსამართლე მ-ის წინააღმდეგ „საიენტოლოგიის“ საქმის კონტექსტში დისციპლინურ წარმოებაზე გაკეთებულ მითითებაზე. ამ მხრივ, სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ დამცველები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი ყველაფერზე, რაც გაჟღერდება პრესაში გამოქვეყნებულ „ინტერვიუში“ ან პრესის ქმედებების გამო.
163. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული კომენტარები უნდა განეხილა მთლიანობაში, როგორც საქმის კონტექსტის, ისე წერილის შინაარსის, სრულად გათვალისწინებით.
164. ვინაიდან გასაჩივრებული კომენტარები ვერ შეფასდებოდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პარიზის სააპელაციო სასამართლოს თვალსაზრისს, რომ ტერმინის - „მფარველობის“ გამოყენება „თავისთავად“ წარმოადგენდა სერიოზულ თავდასხმას მოსამართლე მ-ის და ჯიბუტის სახელმწიფო ბრალმდებლის ღირსებასა და რეპუტაციაზე.
165. რაც შეეხება განმცხადებლის პირად შუღლს მოსამართლე მ-ის მიმართ, ბორელისა და „საიენტოლოგიის“ საქმეების კონტექსტში კონფლიქტების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ასპექტი არასაკმარისად აქტუალური და მნიშვნელოვანი იყო განმცხადებლის მსჯავრდებულად ცნობისათვის ნებისმიერ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოებმა აღიარეს ორ მოწინააღმდეგე მხარეს შორის კონფლიქტების არსებობა. წინამდებარე საქმის განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, პირად შუღლზე აპელირება შეიძლებოდა გაკეთებულიყო როგორც მოსამართლე მ-ის, ისე განმცხადებლის მიმართ (იხ. mutatis mutandis, პატურელი, §45), ვინაიდან ცილისწამებაში მონაწილეობის გამო განმცხადებლის წინააღმდეგ საჩივრის შეტანამდე, მოსამართლე მ-ს უკვე შეტანილი ჰქონდა მის წინააღმდეგ საჩივარი ცრუ ბრალდების გამო, რომელიც არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ განმცხადებლის პირად შუღლზე აპელირებას, თუ არ ეწინააღმდეგებოდა, ასუსტებდა სხვა ფაქტორები. უპირველეს ყოვლისა, გამონათქვამი „ქცევის შესახებ, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამო [იყო] მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებთან“, გამოთქმული იყო არა მხოლოდ მოსამართლე მ-ის, არამედ მოსამართლე ლ.ლ-ის მისამართითაც, უკანასკნელის მიმართ განმცხადებელს არ ედებოდა ბრალი პირადი შუღლის გამოხატვაში. ამასთან, განმცხადებლის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოება ეხებოდა იუსტიციის მინისტრისათვის გაგზავნილი ზემოთ აღნიშნული წერილიდან ამონარიდს, რომელსაც ხელი ნამდვილად მოაწერა და გაგზავნა ორმა ადვოკატმა, განმცხადებელმა და მისმა კოლეგამ - ბ-ნმა დე კაუნემ. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, იგი არ გასამართლებულა იმ კომენტარების გამო, რომლებიც ისევე შეიძლებოდა მიკუთვნებოდა მას, როგორც განმცხადებელს, ასევე არ დასდეს ბრალი მოსამართლე მ-ის ან მოსამართლე ლ.ლ-ის მიმართ რაიმე შუღლის გამოვლენისთვის.
166. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის განცხადებები ვერ დავიდოდა პირადი შუღლის გამოხატვამდე, ე.ი., ანტაგონისტურ ურთიერთობამდე ორ ადამიანს შორის, განმცხადებელსა და მოსამართლე მ-ს შორის. სადავო კომენტარები რეალურად მოექცა უფრო ფართო კონტექსტში, აგრეთვე ეხებოდა სხვა ადვოკატსა და მოსამართლეს. სასამართლოს აზრით, ამ ფაქტით შეიძლებოდა იმ მოსაზრების დასაბუთება, რომ კომენტარები არ იყო განმცხადებლის მხრიდან რაიმე პიროვნული შურისძიების ნაწილი. აღნიშნული წარმოადგენდა ორი ადვოკატის მიერ ერთობლივი პროფესიული ინიციატივის ნაწილს ახალი და დადასტურებული ფაქტების საფუძველზე, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იყო სერიოზული ხარვეზების გამოვლენა მართლმსაჯულების სისტემაში, კერძოდ, საქმის განმხილველი ორი მოსამართლე მანამდე წარმართავდა გამოძიებას იმ საქმეზე, რომელშიც ორი ადვოკატის კლიენტები სამოქალაქო მხარეებს წარმოადგენდნენ.
167. გარდა ამისა, განმცხადებლის კომენტარებს აშკარად ჰქონდა უარყოფითი დატვირთვა მიუხედავად მათი არაკეთილგანწყობილი ხასიათისა (იხ. კ. თურქეთის წინააღმდეგ N 28496/95, §§ 79-80, 2002 წლის 7 თებერვალი) და სერიოზულობისა (იხ. თომა). განცხადებებში ძირითადი საკითხი ეხებოდა სასამართლო გამოძიების წარმართვას, რომელიც წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. ამდენად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისათვის მცირე შესაძლებლობა რჩებოდა. ამასთანავე, ადვოკატს უნდა შეძლებოდა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა მართლმსაჯულების სისტემის პოტენციურ ნაკლოვანებებზე; სასამართლო სისტემისათვის კონსტრუქციული კრიტიკა შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს.
(ii) სასამართლოს ავტორიტეტის შენარჩუნება
168. მთავრობა დაეყრდნო იმ ფაქტს, რომ სასამართლო ხელისუფლებას არ ჰქონდა შეპასუხების უფლება. საზოგადოებაში სასამართლოს განსაკუთრებული ფუნქციიდან გამომდინარე, მოსამართლეებს მოეთხოვებათ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების დაცვა. თუმცა, ეს მოვალეობა ემსახურება კონკრეტულ მიზანს, როგორც აღნიშნულია პროცესში ჩართული მესამე მხარეების მიერ: მოსამართლეების გამოსვლა, ადვოკატებისგან განსხვავებით, აღიქმება, როგორც ობიექტური შეფასების გამოხატულება, რაც სავალდებულოა არა მხოლოდ ასეთი შეფასების გამომხატველი პირისთვის, არამედ, მისი მეშვეობით, მართლმსაჯულების მთელი სისტემისთვის. თავის მხრივ, ადვოკატები უბრალოდ საუბრობენ საკუთარი და თავიანთი კლიენტების სახელით, რაც გამოარჩევთ მათ ჟურნალისტებისაგან, რომელთა როლი და მიზანი სასამართლო დებატებში არსობრივად განსხვავებულია. აუცილებელია სასამართლო სისტემის დაცვა უსაფუძვლო, ძლიერ საზიანო თავდასხმებისაგან, რადგან მოსამართლეები დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ რეაგირებას, თუმცა, ეს ვერ იქნება ადამიანებისათვის საკუთარი მოსაზრების (ფაქტებზე დაფუძნებული შეფასებითი მსჯელობები) გამოხატვის აკრძალვის საფუძველი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებას. ასევე ვერ აიკრძალება ამ უკანასკნელის მიმართ ნებისმიერი სახის კრიტიკა. წინამდებარე საქმეში, მოსამართლეები - მ. და ლ.ლ. იყვნენ სასამართლო სისტემის წევრები და ამდენად, ორივე წარმოადგენდა სახელმწიფოს ფუნდამენტურ ინსტიტუციას: შესაბამისად, მათზე ვრცელდებოდა დასაშვები კრიტიკის უფრო ფართო ფარგლები, ვიდრე რიგით მოქალაქეებზე. შესაბამისად, აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, სადავო კომენტარები შესაძლებელია მათ წინააღმდეგ ყოფილიყო მიმართული.
169. მთავრობის განცხადებების მიუხედავად, სასამართლო აგრეთვე ადგენს, რომ განმცხადებლის კომენტარებს არ შეეძლო უარყოფით ზეგავლენის მოხდენა სამართალწარმოების სათანადოდ წარმართვაზე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზემდგომმა სასამართლომ საქმე ჩამოართვა ორ გამომძიებელ მოსამართლეს, რომლებიც კრიტიკის ობიექტები იყვნენ. გასაჩივრებული კომენტარები არ ყოფილა მიმართული არც ახალი გამომძიებელი მოსამართლის, არც ზემდგომი სასამართლოებისაკენ.
170. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებლის მსჯავრდება ვერ უზრუნველყოფდა სასამართლოს ავტორიტეტის შენარჩუნებას. მიუხედავად ამისა, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპით მართულ სახელმწიფოში და დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოსამართლეთა ავტორიტეტის შენარჩუნების მნიშვნელობას. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლოების სათანადო ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა მართლმსაჯულების სისტემაში სხვადასხვა ძირითად მხარეთა შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობის გარეშე.
(iii) ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ზომების გამოყენება
171. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს არსებული სამართლებრივი დაცვის ზომების გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, სასამართლოს, წინამდებარე საქმეში მართებულად, თუმცა არა საკმარისად მიაჩნია განმცხადებლის მსჯავრდების დასაბუთება. სასამართლოს მოსაზრებით, ერთი მხრივ, არსებული სამართლებრივი დაცვის ზომების გამოყენება და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლება, არ ემსახურება ერთსა და იმავე მიზანს და არ არის ურთიერთჩანაცვლებადი. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, დამცველმა საკუთარი კლიენტი უნდა დაიცვას არა მედიაში, ძალიან სპეციფიკური გარემოებების გარდა, არამედ კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლოებში, რაც მოიცავს ნებისმიერი ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ზომის გამოყენებას. იგი დასძენს, რომ წინამდებარე საქმეში პარიზის სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდების სამმართველოსთვის მიმართვამ აშკარად წარმოაჩინა, რომ განმცხადებლის და მისი კოლეგის თავდაპირველი განზრახვა იყო საკითხის მოგვარება ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ზომების გამოყენებით. რეალურად, გასაჩივრებული საკითხი დაფიქსირდა სწორედ სამართლებრივი დაცვის ზომის გამოყენების შემდეგ, როგორც ეს მითითებული აქვს მოსამართლე პ-ს 2000 წლის 1 აგვისტოს ოფიციალურ ანგარიშში. იმ ეტაპზე საბრალდებლო სამმართველოს აღარ შეეძლო განეხილა ამგვარი საჩივრები, რადგან საქმე ჩამოართვეს მოსამართლეებს - მ-ს და ლ.ლ-ს. სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო გამოძიების დაწყებიდან უკვე ოთხ წელიწად-ნახევარი იყო გასული და ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. სასამართლო აგრეთვე შენიშნავს, რომ სამოქალაქო მხარეებმა და მათმა დამცველებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სამართალწარმოებაში და წარმატებას მიაღწიეს. ვერსალის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად, ბელგიაში შეძლეს მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვა, იმის მიუხედავად, რომ გამომძიებელი მოსამართლეები, მ-ს და ლ.ლ-ს ამ მოწმის მოსმენით არ იყვნენ დაინტერესებულნი.
172. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრისათვის გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართვა ამ ახალ ფაქტებთან დაკავშირებით, არ წარმოადგენდა სამართლებრივი დაცვის საშუალებას, რომელიც დაასაბუთებდა პრესაში ჩარევისაგან თავის შეკავებას. იგი უბრალოდ წარმოადგენდა ადმინისტრაციული გამოძიების ჩატარების თხოვნას, იუსტიციის მინისტრის დისკრეციული გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლო აღნიშნავს, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა აზრით, წერილზე არ ვრცელდებოდა სასამართლო აქტებისათვის განსაზღვრული იმუნიტეტი. სისხლის სამართლის სასამართლომ დაადგინა, რომ მისი შინაარსი იყო წმინდა ინფორმატიული ხასიათის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ თხოვნაზე რეაგირების საკითხი არ გამხდარა დავის საგანი და ასევე დასძენს, რომ მოსამართლეები - მ. და ლ.ლ. ნამდვილად არ განიხილავდნენ მას, როგორც ხელმისაწვდომ სამართლებრივი დაცვის ზომას ეროვნული სამართლის საფუძველზე, არამედ როგორც აქტს, რომელიც ასაბუთებდა ცრუ ბრალდებისათვის საჩივრის შეტანას.
173. სასამართლო ადგენს, რომ არც მთავარ სახელმწიფო ბრალმდებელს, არც შესაბამის ადვოკატთა საბჭოს ან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს არ დაუდგენია, რომ აუცილებელი იყო დისციპლინური წარმოების დაწყება განმცხადებლის წინააღმდეგ პრესაში მისი განცხადებების გამო, თუმცა ამგვარი შესაძლებლობა ღია იყო მათთვის (იხ. მორი, § 60).
(iv) დასკვნა წინამდებარე საქმის გარემოებებთან დაკავშირებით
174. სასამართლოს აზრით, განმცხადებლის მიერ გაკეთებული სადავო კომენტარები არ იყო ძლიერ საზიანო და უსაფუძვლო თავდასხმა სასამართლოს ქმედებებზე, არამედ წარმოადგენდა მოსამართლეების - მ-სა და ლ.ლ-ს მიმართ კრიტიკას, მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე მსჯელობის ფარგლებსა და საქმის კონტექსტში, რომელიც მედიაში თავიდანვე ვრცლად შუქდებოდა. შესაძლებელია, ეს კომენტარები მკაცრად მიჩნეულიყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი წარმოადგენდნენ შეფასებით მსჯელობას, რომელსაც საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“ ჰქონდა.
(ე) დაკისრებული სანქციები
175. რაც შეეხება გამოტანილ განაჩენს, სასამართლო იმეორებს, რომ ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას, მხედველობაში მისაღები ფაქტორებია -დაკისრებული სასჯელის ხასიათი და სიმძიმე (იხ. სურეკი, §64; ჩაუვი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ, N64915/01, § 78, ECHR, 2004-VI და მორი, § 61). წინამდებარე საქმეში, სააპელაციო სასამართლომ განმცხადებელს დააკისრა 4,000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა. ეს თანხა შეესაბამება სწორედ იმას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, სადაც მოსამართლეებმა ერთმნიშვნელოვნად მიიღეს მხედველობაში განმცხადებლის, როგორც ადვოკატის სტატუსი, რათა დაესაბუთებინათ სიმკაცრე და დაეკისრებინათ მისთვის „საკმარისად მაღალი ოდენობის თანხა.“ გაზეთ „Le Monde-ში“ განცხადების გამოქვეყნების ბრძანებასთან ერთად, სასამართლომ მას, ჟურნალისტსა და გამოცემის დირექტორთან ერთად, დააკისრა თითოეული მოსამართლისთვის 7,500 ევროს გადახდა, აგრეთვე 4,000 ევროს გადახდა ლ.ლ-სათვის, ხარჯების ანაზღაურების მიზნით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ განმცხადებელს დაეკისრა მოსამართლე მ-ისათვის ხარჯების თანხის გადახდა, რამაც 1,000 ევრო შეადგინა.
176. სასამართლოს მოსაზრებით, მაშინაც კი, როდესაც სანქცია ყველაზე მსუბუქია, როგორიცაა სისხლისსამართლებრივი მსჯავრდების გამოუყენებლობა და მხოლოდ „სიმბოლური თანხის“ გადახდის დაკისრება მიყენებული ზიანის გამო (იხ. მორი, §61), ეს წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ სანქციას და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფაქტი არ იქნება, თავისთავად, საკმარისი იმისათვის, რომ გაამართლოს ჩარევა განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაში (იხ. ბრასილიერი, §43). სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი აღნიშნული თავისუფლების განხორციელებაზე (იხ. mutatis mutandis, კუმპანა და მაზარე რუმინეთის წინააღმდეგ, [დიდი პალატა], N 33348/96, § 114, ECHR, 2004‑XI და მორი), ესაა რისკი, რომელსაც ჯარიმის შედარებით ზომიერი ხასიათი ვერ აღმოფხვრის (იხ. დუპუისი და სხვები, § 48). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ადვოკატზე სანქციის დაკისრებას შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი (დისციპლინური წარმოება) ან არაპირდაპირი (მაგალითად, იმიჯი ან მათ მიმართ ნდობა საზოგადოების და კლიენტების მხრიდან) შედეგები. ამასთან, სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ სახელმწიფო დაწესებულებების დომინანტური პოზიციიდან გამომდინარე, ხელისუფლების ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოების გამოყენებისაგან. თუმცა აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში განმცხადებლის სასჯელი არ შემოიფარგლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულში მსჯავრდებით: მასზე დაკისრებული სანქცია არ იყო „მაქსიმალურად რბილი“, არამედ პირიქით, იყო გარკვეული მნიშვნელობის მქონე და მეტიც, მისთვის უფრო მაღალი ჯარიმის დაკისრება განპირობებული იყო მისი, როგორც ადვოკატის სტატუსით.
3. დასკვნა
177. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იგი ბრალდებულად ცნეს ცილისწამებაში თანამონაწილედ, შეიძლება ჩაითვალოს როგორც არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში და არ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 მუხლის მნიშვნელობით.
178. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი.
Full & Egal Universal Law Academy