Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N216
2018 წლის მარტი
მიროვნი ინსტიტუტი სლოვენიის წინააღმდეგ (Mirovni Institut v. Slovenia)
(საჩივარი- N 32303/13)
გადაწყვეტილება, 13 მარტი, 2018
მე-6 მუხლი
სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები
ფაქტები: აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენების საკითხს ტენდერის პროცედურასთან დაკავშირებით.
მომჩივანმა ინსტიტუტმა მთავრობის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ კვლევის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში შეიტანა განაცხადი. მის განაცხადს უარი ეთქვა. მომჩივანმა ინსტიტუტმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ადმინისტრაციულ სასამართლოში. ინსტიტუტი აცხადებდა, რომ ტენდერში წარდგენილი განაცხადების შემფასებელი პირები მიკერძოებულები იყვნენ. მომჩივანმა მოითხოვა საქმის ზეპირი განხილვა, თუმცა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ზეპირი მოსმენის გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი დავობდა, რომ მოცემულ საქმეში დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი.
სამართალი: სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის საქმის გარემოებებს მიუსადაგა პრეცედენტული სამართლით დადგენილი პრინციპები და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.
გადაწყვეტილება საინტერესოა, რადგან მასში სასამართლომ იმსჯელა კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენების საკითხზე იმ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა მას შემდეგ, რაც მომჩივანმა ინსტიტუტმა ტენდერში ვერ გაიმარჯვა. აქამდე არსებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ის ფაქტი, რომ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ჰქონდა გასაჩივრების და საჯარო სხდომაზე საქმის განხილვის უფლება, არ წარმოადგენდა სამოქალაქო უფლებას. გასაჩივრების უფლება არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ კონვენციის მე-6 მუხლი გავრცელებულიყო იმ სამართალწარმოებაზე, რომელიც განსაზღვრავდა ტენდერში გამარჯვებას, ვინაიდან ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს შორის გამარჯვებულის გამომვლენ ორგანოს მიკუთვნებული ჰქონდა შესაბამისი დისკრეცია.
მოცემულ საქმეში, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, გადაესინჯა ეს მიდგომა, აღნიშნა რა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა დაფინანსების მოპოვების უფლება და ეროვნული ხელისუფლება სარგებლობდა დისკრეციით, როდესაც იხილავდა ტენდერში წარდგენილ განაცხადებს. სასამართლომ, პირველ რიგში, იხელმძღვანელა დიდი პალატის მიერ საქმეში რეგნერი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ[დიდი პალატა], N35289/11, განვითარებული პრინციპებით. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მოცემული გადაწყვეტილების 105-ე პარაგრაფში აღნიშნა, რომ
,,ზოგიერთ შემთხვევაში, ეროვნული კანონმდებლობა, შეიძლება არ ცნობს, რომ პირს აქვს სუბიექტური უფლება, თუმცა მას აღჭურავს უფლებით, მისი მოთხოვნა განხილულ იქნეს კანონიერი პროცედურის მიხედვით, რაც მოიცავს დასკვნას, იყო თუ არა გადაწყვეტილება თვითნებური ან არსებობდა თუ არა საქმეში პროცედურული ხარვეზები… ეს ეხება საქმეებს, სადაც ხელისუფლების ორგანოებს აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება კონკრეტულ სუბიექტებს მიაკუთვნონ ან უარი უთხრან პრივილეგიაზე ან უპირატესობაზე, როდესაც კანონი პირს აღჭურავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს, მას შეუძლია გადაწყვეტილების შეცვა. ამ შემთხვევაში კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი გამოყენებადია, იმ პირობით, რომ უპირატესობა ან პრივილეგია, როდესაც ის მიკუთვნებულია, წარმოშობს სამოქალაქო უფლებას.’’
სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პარაგრაფი რელევანტურია მიროვნი ინსტიტუტის საქმეზეც (29-ე პარაგრაფი), სადაც მომჩივანი ინსტიტუტი
,,აშკარად სარგებლობდა პროცედურული უფლებით, ტენდერი შეფასებულიყო კანონიერად და მართებულად. თუ მომჩივანი ინსტიტუტი ტენდერში გაიმარჯვებდა, ეს უკანასკნელი აღიჭურვებოდა სამოქალაქო უფლებით’’.
შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლი მოცემულ საქმეში გამოყენებადი იყო.
წინამდებარე გადაწყვეტილებაში პირველად იქნა გამოყენებული ზემოხსენებული რეგნერის საქმე კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით და ის ნათელყოფს, როგორც განვითარდა პრეცედენტული სამართალი. საინტერესოა, რომ სასამართლომ ანალიზი შეაჯამა ქვემოთ მოცემული დასკვნით:
,,შეიცვალა სასამართლოს პრეცედენტული სამართალი კონვენციის მე-6 მუხლის სამოქალაქო ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით, კერძოდ ის ვრცელდება იმ საქმეებზეც, რომლებიც დასაწყისში შეიძლება ჩანდეს, რომ არ ეხება სამოქალაქო უფლებას, თუმცა შესაძლოა მას ჰქონდეს პირდაპირი და მნიშვნელოვანი გავლენა პირის პირად უფლებაზე.’’
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები