დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 76
2005 წლის ივნისი
მ.ს. ფინეთის წინააღმდეგ (M.S. v. Finland)
(საჩივარი 46601/99)
გადაწყვეტილება, 22 მარტი, 2005 (მე-4 სექცია)
მე-6 მუხლი
ფაქტები: მომჩივანი გასამართლებულ იქნა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური დანაშაულისთვის, კერძოდ, 15 წლის გერის გაუპატიურებისთვის. დანაშაულის ჩადენის ადგილი იყო მომჩივნის სახლი, სადაც იგი 1994 წლის 26 დეკემბრიდან მოყოლებული, შვიდი კვირის განმავლობაში მრავალჯერ აიძულებდა საკუთარ გერს, მასთან დაკავებულიყო ორალური სექსით. წინასასამართლო გამოძიება დაიწყო 1996 წლის 14 აგვისტოდან, როცა მომჩივნის გერმა შეატყობინა პოლიციას მომხდარი ამბის შესახებ. სასამართლომ მოისმინა, როგორც გერის, ასევე ნდობით აღჭურვილი პირების, მომჩივნის ცოლისა და სხვა პირთა ჩვენებები, რომლებიც რაიმე სახის ინფორმაციას მაინც ფლობდნენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. დაცვის მხარემ სადავოდ გახადა მომჩივნისა და მისი გერის განმარტოვებით ერთად ყოფნის ფაქტი. თუმცა მომჩივნის მეუღლის ჩვენება საპირისპიროს ადასტურებდა. სასამართლოს წარედგინა ასევე სამედიცინო სერთიფიკატი, სადაც ფიზიოთერაპევტი მიუთითებდა, რომ მომჩივნის გერი იყო ავად 1992-1995 წლების პერიოდში, თუმცა გამოკვლევისას ვერ მოიძებნა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენას. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება მიიღო მომჩივნის საწინააღმდეგოდ. 1996 წლის 28 ოქტომბერს მომჩივანმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ფინეთის სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო საჩივარს თან ერთვოდა მისი მეუღლის განაცხადი, სადაც იგი უარყოფდა თავის პირველ ჩვენებას. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ 1997 წლის 1 ივლისს საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და განაჩენი ძალაში დატოვა. 1996 წლის 26 ნოემბერს, აპელაციაში წერილობითი დოკუმენტების გადაცემის ვადის ამოწურვის შემდეგ, მომჩივნის [აწ უკვე] ყოფილმა მეუღლემ სასამართლოს წარუდგინა წერილი, სადაც აღნიშნავდა, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა მას აიძულა ჩვენებაზე უარი ეთქვა. 1997 წლის 29 აგვისტოს მომჩივანმა მიმართა საკასაციო სასამართლოს, რათა მიეღო საჩივარი შემდეგი მიზეზების გამო: მომჩივანი სადავოდ ხდიდა გამოყენებული მტკიცებულებების სანდოობის ხარისხს და აცხადებდა, რომ 26 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეღო მისი ყოფილი მეუღლის წერილი, რითაც მას არ მიეცა შესაძლებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოეთქვა მოსაზრება. საკასაციო სასამართლომ, 1997 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნები. პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ, მომჩივანი ქვეყნიდან გაძევებულ იქნა 1998 წელს.
სამართალი - მომჩივნის განცხადებით, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა, მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოებისას შეეფასებინა და გამოეთქვა მოსაზრება 1996 წლის 26 ნოემბრის წერილთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა. მომჩივანი ასევე აცხადებდა, რომ ის არასოდეს ყოფილა მარტო თავის გერთან ერთად და სადავოდ ხდიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებულ მტკიცებულებებს. მთავრობა უარყოფს მომჩივნის პრეტენზიებს. ასევე აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების საკითხი მხოლოდ შიდა სასამართლოების პრეროგატივაა. ამასთან, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა, საკასაციო სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მოეთხოვა შემდგომი გამოკვლევები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტურ პრინციპს, ითხოვს, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმართოს საქმე იმგვარად, რომ არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში მოწინააღმდეგე მხარის პირისპირ. სასამართლომ ვერ აღმოაჩინა მოცემულ საქმეში შემთხვევა, სადაც დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი. მიუხედავად ამისა, სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე გულისხმობს მხარეთა უფლებას, ინფორმირებულ იყვნენ ყველა სახის მტკიცებულებების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ სასამართლოს შინაგანი აზრის ფორმირებაზე და მიეცეთ ამგვარი მტკიცებულებების შეფასებისა და მათზე მოსაზრების გამოხატვის საშუალება. სასამართლო ვერ დაეთანხმება მთავრობის მოსაზრებას, რომ 1996 წლის 26 ნოემბრის წერილი არ იყო რელევანტური სისხლის სამართალწარმოებისათვის. უფრო მეტიც, 26 ნოემბრის წერილი სადავოდ ხდიდა ერთ-ერთი მთავარი მოწმის სანდოობის საკითხს. მართალია, მომჩივნის ყოფილი ცოლის ჩვენება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება მის წინააღმდეგ, თუმცა ის იყო მნიშვნელოვანი, რამდენადაც ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობდა მოსამართლის მოსაზრების ჩამოყალიბებაში.
რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიას საკასაციო სასამართლოს მიერ მისთვის ახალი აპელაციის უფლების მინიჭებაზე უართან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთარ პრეცედენტულ სამართალში მყარად აქვს ჩამოყალიბებული ე. წ. „სრული იურისდიქციის“ დოქტრინა, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლო შექმნილია იმისთვის, რათა გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული შესაძლო ხარვეზები. ამ დოქტრინის თანახმად, ასეთი უზუსტობისას ზედა ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია არამხოლოდ შეასწოროს, არამედ გააუქმოს ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ან მიიღოს ახალი გადაწყვეტილება. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოსთან არსებული პრეტენზიები ეხება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მომჩივანს არ მიეცა ხელახალი აპელაციის საშუალება და არა იმ საკითხს, თუ რამდენად ადეკვატურად მოხდა ქვედა ინსტანციების მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით, სასამართლო თვლის, რომ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.
დასკვნა - დაირღვა კონვენციის მე-6(1) მუხლი, რადგან არ მომხდარა წარმოებისას მხარის სათანადოდ ინფორმირება (ერთხმად).
მუხლი 41: მომჩივანს უნდა აუნაზღაურდეს 3,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy