Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC.
MUKHTARLI v. AZERBAIJAN AND GEORGIA
საჩივარი no. 39503/17
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2024 წლის 5 სექტემბერი
ფაქტები
მომჩივანი, ბ-ნი აფგან საბირ ოღლუ მუხთარლი, არის აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც დაიბადა 1974 წელს და ცხოვრობს გერმანიაში. საქმე ეხება მომჩივნის, ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, სავარაუდო გატაცებას, არასათანადო მოპყრობას და ფარულ გადაყვანას 2017 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში და ამის შემდგომ მის დაკავებას და იქ წინასწარ პატიმრობას. ის ამტკიცებს, რომ ეს ქმედებები მის გაჩუმებას და ჟურნალისტური საქმიანობისთვის დასჯას ისახავდა მიზნად. საქართველოსთან მიმართებით იგი დავობდა მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო გატაცებაზე, არასათანადო მოპყრობასა და ძალდატანებით მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე, ხოლო შესაბამისი ორგანოების მიერ ეფექტური გამოძიების წარუმატებლად ჩატარებასთაზე. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მომჩივანი ამტკიცებს, რომ მისი დაკავება იქ მოხდა უკანონოდ და იყო გაუმართლებელი. ის ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა მე-3 (გატაცება, რომელიც დაკავშირებულია არასათანადო მოპყრობასთან და ეფექტური გამოძიების არარსებობასთან), მე-5 მუხლის 1-ელი (c), მე-3 და მე-4 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), 13-ე (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და 18-ე მუხლებს (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები), ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 (გადაადგილების თავისუფლება) და მე-7 დამატებითი ოქმის 1 მუხლებს (პროცედურული გარანტიები უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებით). რამდენადაც საქმე ეხება ფაქტობრივ გატაცებას, მომჩივნის შესაბამისი საჩივრები, კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების მიხედვით, ეხება მხოლოდ საქართველოს.
სამართალი
საჩივარი საქართველოს წინააღმდეგკონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების სავარაუდო დარღვევა(b) სასამართლოს შეფასება
144. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის საჩივარი დაუშვებლობასთან დაკავშირებით ძირითადად ეყრდნობოდა იმ წინაპირობას, რომ მომჩივნის გატაცება თბილისიდან და იძულებით გადაყვანა აზერბაიჯანში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით ან მისი უმოქმედობით არ შეიძლება ჩაითვალოს დამტკიცებულად. იგი მიიჩნევს, რომ თავისი ბუნებით ეს არგუმენტი განხილულ უნდა იქნეს საჩივრის არსებით მხარესთან ერთად, კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების მიხედვით.
145. რაც შეეხება მთავრობის პრეტენზიას სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურაობისა და საჩივრის ნაადრევ ხასიათთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებიდან გამომდინარე, სასამართლო აღიარებს, რომ საჩივრის შეტანის დროს შესაძლოა ნაადრევი ყოფილიყო დასკვნების გამოტანა სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლებით ნაკისრი მატერიალური და პროცედურული ვალდებულებების თაობაზე, განსაკუთრებით სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ საჩივრის განხილვისას მას შეუძლია გაითვალისწინოს გარემოებები, რომლებიც მოხდა საჩივრის შეტანის შემდეგ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მასში გაშუქებულ ფაქტებთან (იხ. Shmorgunov and Others v. Ukraine, nos. 15367/14 და 13 სხვა, § 302, 21 იანვარი 2021 წელი). წინამდებარე საქმეში მხარეებმა წარმოადგინეს დეტალური არგუმენტები საჩივრის შეტანის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხოლო მთავრობა დაეყრდნო შვიდ წელზე მეტი ხნის წინ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებსა და ინფორმაციას. შესაბამისად, სასამართლოს არ ეკრძალება საჩივრების განხილვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც მოხდა საჩივრის შეტანის შემდეგ (იხ. Tsaava and Others v. Georgia, nos. 13186/20 და 4 სხვა, § 184, 7 მაისი 2024 (ჯერ არ არის საბოლოო). კონკრეტული გარემოებების, ასევე ეროვნულ დონეზე მიმდინარე სისხლის სამართალწარმოების ხანგრძლივობისა და მომჩივნის საჩივრების ხასიათის გათვალისწინებით, სწორედ ამ პროცესებთან დაკავშირებით, სასამართლო არ აკმაყოფილებს მთავრობის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს.
146. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების საფუძველზე წამოყენებული საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ არც აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობით და არც დაუშვებელია რაიმე სხვა საფუძვლით. ამიტომ ისინი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
152. სასამართლო მომჩივნის საჩივარს პირველ რიგში განიხილავს კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების პროცედურული ნაწილის მიხედვით, კერძოდ, მისი გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის ბრალდებების ეფექტური და ადეკვატური გამოძიების არარსებობის შესახებ (იხ. El‑Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no. 39630/09, § 181, ECHR 2012; Al Nashiri v. Poland, no. 28761/11, § 462, 24 ივლისი 2014; და Husayn (Abu Zubaydah) v. Poland, no. 7511/13, § 459, 24 ივლისი 2014). ამის შემდეგ იგი მას შეამოწმებას კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების არსებითი ნაწილის მიხედვით, იმის დასადგენად გაიტაცეს თუ არა მომჩივანი თბილისიდან და შემდეგ იძულებით გადაიყვანეს თუ არა აზერბაიჯანში, და თუ ეს მართლაც ასე იყო, შემდგომ განსაზღვრავს იყო თუ არა საქართველოს ხელისუფლება მომჩივნის მოტაცებასა და გადაყვანაში რაიმე მხრივ ჩართული.
(i) იყო თუ არა მომჩივნის განცხადებებთან დაკავშირებული გამოძიება ადეკვატური და ეფექტური
(α) ზოგადი პრინციპები
153. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-5 მუხლში გათვალისწინებული პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება - მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან ერთად, არის პირველი რიგის ფუნდამენტური უფლება, რომელიც იცავს ინდივიდის ფიზიკურ უსაფრთხოებას. მისი მთავარი მიზანია თავისუფლების თვითნებური ან გაუმართლებელი აღკვეთის თავიდან აცილება (იხ., მაგალითად, Assanidze v. Georgia [GC], no. 71503/01, § 171, ECHR 2004‑II; Ilaşcu and Others v. Moldova and Russia [GC], no. 48787/99, § 461, ECHR 2004‑VII; და Buzadji v. the Republic of Moldova [GC], no. 23755/07, § 84, 5 ივლისი 2016). ამას გარდა, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული სავარაუდო გატაცების საქმეებში სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულების ბუნება და ფარგლები სავარაუდო გატაცების გამოძიებასთან დაკავშირებით, იდენტურია კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლებთან მიმართებაში (იხ. El-Masri, ციტირებულია ზემოთ, § 242; Razvozzhayev v. Russia and Ukraine and Udaltsov v. Russia, nos. 75734/12 and 2 others, § 173; და, mutatis mutandis, Medova v. Russia, no. 25385/04, § 123, 15 იანვარი 2009).
154. კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპები ხელშემკვრელი სახელმწიფოების პროცედურულ ვალდებულებებთან დაკავშირებით შეჯამებულია საქმეში Bouyid v. Belgium [GC], No. 23380/09, §§ 114-123, ECHR 2015). ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ შეძლოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სათანადო დასჯა. ამავე დროს, კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება არის არა შედეგის, არამედ საშუალებების ვალდებულება. ის თუმცა არ უნდა განიმარტოს ისე, რომ შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი დააკისროს ხელისუფლებას (იხ. J. and Others v. Austria, No. 58216/12, § 107, 17 იანვარი 2017 წ.). ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ოპერატიულობისა და გონივრული ვადების მოთხოვნა ირიბად თუმცა იგულისხმება ამ კონტექსტში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის დაბრკოლებები ან სირთულეები, რომლებიც ხელს უშლიან კონკრეტულ სიტუაციაში გამოძიების პროგრესს.
155. მოთხოვნა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება ეფექტური იყოს, ზოგიერთ გარემოებებში შეიძლება მოიცავდეს საგამოძიებო ორგანოების ვალდებულებას ითანამშრომლონ სხვა სახელმწიფოს ხელისუფლებასთან, რაც გულისხმობს დახმარების მოთხოვნის ან მისი გაწევის ვალდებულებას. ამ ვალდებულებების ბუნება და ფარგლები აუცილებლად იქნება დამოკიდებული თითოეული კონკრეტული შემთხვევის გარემოებებზე - მაგალითად, გაიქცნენ თუ არა ეჭვმიტანილები ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არის თუ არა მტკიცებულების ძირითადი ელემენტები ლოკალიზებული იქ (იხ. კონვენციის მე-2 მუხლის შუქზე, Güzelyurtlu and Others v. Cyprus and Turkey [GC], no. 36925/07, §§ 222-236, 2019 წლის 29 იანვარი). ეს ნიშნავს, რომ დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები ერთმანეთთან თანამშრომლობისთვის, კეთილსინდისიერად ამოწურონ მათთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები ურთიერთსამართლებრივი დახმარებისა და სისხლის სამართლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის კომპეტენტური ზედამხედველობა განახორციელოს კონვენციის გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებების ან ვალდებულებების პატივისცემის კუთხით, იგი ჩვეულებრივ ამოწმებს ამ კონტექსტში გამოიყენა თუ არა მოპასუხე სახელმწიფომ ამ დოკუმენტებით არსებული შესაძლებლობები (ibid., § 235 და მასში მოყვანილი მითითებები; იხილეთ აგრეთვე Nasr and Ghali v. Italy, No 44883/09, §§ 270 და 272, 23 თებერვალი, 2016 წ. , კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი ურთიერთთანამშრომლობის პროცედურულ ვალდებულებასთან მიმართებით, და X and Others v. Bulgaria [GC], no. 22457/16, § 191, 2 თებერვალი 2021).
156. და ბოლოს, კრიტერიუმები, რომლებიც გამოძიებამ უნდა დააკმაყოფილოს კონვენციით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულებების მიზნებისათვის, ურთიერთდაკავშირებულია და თითოეული მათგანი, ცალკე აღებული, არ წარმოადგენს თავისთავად მიზანს, როგორც ეს მე-6 მუხლის სამართლიანი სასამართლოს უფლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხდება. ეს არის კრიტერიუმები, რომლებიც ერთობლივად მიღების შემთხვევაში საშუალებას იძლევა შეფასდეს გამოძიების ეფექტურობის ხარისხი. ეს უკავშირდება ეფექტური გამოძიების იმ მიზნებს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საკითხი უნდა იქნეს შეფასებული (იხ. Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey [GC], no. 24014/05, § 225, 14 აპრილი 2015; Nicolae Virgiliu Tănase v. Romania. [GC], No 41720/13, § 171, 2019 წლის 25 ივნისი და Tsaava and Others, cited above, § 211;).
(β) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებებთან მიმართებით
157. სასამართლო იწყებს იმისი აღნიშვნით, რომ თავისი თანმიმდევრული და დეტალური განცხადებებით მომჩივანმა prima facie წარმოადგინა საქმე მისი გატაცების შესახებ, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს არასათანადო მოპყრობას, რაც თავის მხრივ იმსახურებდა საქართველოს ხელისუფლების სწრაფ პასუხს ადეკვატური გამოძიების სახით (იხ. Razvozzhaev, ციტირებული ზემოთ, §§ 173 და 175-76).
158. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მომჩივანი სავარაუდოდ გაიტაცეს 2017 წლის 29 მაისს. სისხლის სამართლის გამოძიება მისი სავარაუდო გატაცებისა და აზერბაიჯანში გადაყვანის თაობაზე დაიწყო 2017 წლის 30 მაისს და მას შემდეგ გრძელდება. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში სასწორზე დევს დროულად დაწყებული გამოძიება, რომელიც შვიდ წელზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, გამომძიებლებმა დაკითხეს ასობით პოტენციური მოწმე, რომლებიც შესაძლოა იმყოფებოდნენ იმ ადგილას, სადაც მომჩივანი ბოლოს ნახეს და ასევე იმ უბანში, საიდანაც იგი სავარაუდოდ გაიტაცეს. მათ ასევე დაკითხეს პოტენციური მოწმეები საზღვრის შესაბამისი მონაკვეთის სიახლოვეს, მათ შორის ყველა მესაზღვრე და მებაჟე, რომლებსაც შესაძლოა მომჩივანთან ურთიერთობა ჰქონოდათ. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე წამოაყენა რამდენიმე მოთხოვნა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან სამართლებრივი თანამშრომლობის შესახებ, განიხილა მომჩივნის ვერსია ცოდნას სასაზღვრო გამშვები პუნქტით მისი გადაყვანის შესახებ, დაადგინა ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც იმ დღეს გადმოკვეთა საზღვარი და ჩაატარა სხვა ისეთი საგამოძიებო მოქმედებები როგორიცაა CCTV-ის მრავალი კადრის ამოღება და მათი გამოკვლევა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მომჩივანს თავის მხრივ - გამოძიების დაჩქარებისა და დამაკმაყოფილებელი შედეგის იმედით - რეგულარული კონტაქტი ჰქონდა პროკურატურასთან, შეჰქონდა სხვადასხვა საპროცესო მოთხოვნები ახალი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ითხოვდა ინფორმაციას საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
159. რაც შეეხება გამოძიების არსს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მოუწიათ ორ ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობა, იმის შესახებ თუ როგორ გაუჩინარდა მომჩივანი საქართველოდან და აღმოჩნდა აზერბაიჯანში: პირველი, აზერბაიჯანის ხელისუფლების ოფიციალური ვერსიაა, რომლის მიხედვითაც მან უკანონოდ გადაკვეთა „მწვანე საზღვარი“ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის; და მეორე არის მომჩივნის ვერსია, რომლის მიხედვითაც იგი გაიტაცეს და იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში ცოდნას სასაზღვრო პუნქტის გავლით. მომჩივნის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხელახლა გამოჩენის შესახებ სხვა ახსნა-განმარტების არარსებობის გამო, მაშინ როდესაც იგი რამდენიმე საათით ადრე თბილისში იყო შემჩნეული, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ არსებობდა მოლოდინი, რომ ისინი საფუძვლიანად და გულმოდგინედ გამოიკვლევდნენ მოვლენების ორივე ვერსიას, რათა დამაჯერებლობა მოეპოვებინათ.
160. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იწყებს იმით, რომ ქართული მხარისგან არანაირი ძალისხმევა არ გაწეულა საზღვრის შესაბამისი მონაკვეთის ადგილას, იმის შესამოწმებლად, ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის „მწვანე საზღვრის“ უკანონო კვეთას. შესაბამისად, არანაირი ღონისძიება არ განხორციელებულა შესაბამის ტერიტორიაზე პირის ან მანქანის რაიმე ნაკვალევის ან კვალის არსებობის ან საზღვრის გადაკვეთის სხვა რაიმე ფიზიკური მტკიცებულების არსებობის შესამოწმებლად. არ ჩატარებულა ადგილზე ექსპერტიზა იმის დასადგენად, იყო თუ არა ფიზიკურად შესაძლებელი პირის ან/და მანქანის მიერ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე „მწვანე საზღვრის“ გადაკვეთა. ასეთი ზომები აუცილებელი იყო არა მხოლოდ მოვლენების აზერბაიჯანული ვერსიის დამაჯერებლობის შესამოწმებლად, არამედ იმის შესამოწმებლად, მომჩივანმა იქნებოდა ეს ფეხით თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ჩაიდინა თუ არა ისეთი დანაშაული, როგორიცაა საზღვრის უკანონო კვეთა. სასამართლო მიიჩნევს, რომ პროკურატურის შემდგომი დაგვიანებული მცდელობა მესაზღვრეების დაკითხვით გამოეკვლია ეს საგამოძიებო ხაზი (სამოცდაცამეტმა მათგანმა ერთხმად განაცხადა, რომ იმ დღეს არ მომხდარა რაიმე ინციდენტი „მწვანე საზღვრის“ მონაკვეთებზე, სადაც ისინი პატრულირებდნენ) ვერ დააკომპენსირებდა პოლიციის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტური მტკიცებულებების მოუპოვებლობას.
161. რაც შეეხება მომჩივნის ვერსიას მოვლენებთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი ამ კუთხით, როგორც ჩანს, უკავშირდება მნიშვნელოვანი ვიდეომტკიცებულებების შეგროვებასა და გამოკვლევას. დასაწყისისთვის, 2017 წლის 5 ივნისს წარდგენილ იქნა მომჩივნის მომჩივანის განცხადება ლაგოდეხის რაიონში, ცოდნას სასაზღვრო პუნქტის გავლით მისი აზერბაიჯანში გადაყვანის თაობაზე (იხ. პუნქტი 45 ზემოთ). თუმცა, ზემოაღნიშნული სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან სათვალთვალო კამერების კადრებზე პირველადი მოთხოვნა მხოლოდ 2017 წლის 14 ივნისს, ანუ ცხრა დღის დაგვიანებით განხორციელდა. ამას გარდა, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თავდაპირველად უარი ითქვა, რადგან, როგორც შესაბამის წერილშია აღნიშნული, კადრების მოძიება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ვიდეოთვალთვალის სისტემის ჩაწერის სისტემა არ ფუნქციონირებდა (იხ. პუნქტი 42 ზემოთ). საბოლოოდ, განმეორებითი მოთხოვნის შემდეგ, კადრები მიწოდებულ იქნა 2017 წლის 2 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სავარაუდოდ მონაწილეობდა მომჩივნის გატაცებაში) და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციული ცენტრის მიერ, რომელსაც პირველადი მოთხოვნა ჰქონდა გაკეთებული (იქვე). მთავრობის ახსნა-განმარტება ზემოაღნიშნული შეუსაბამობების შესახებ არ გამოიყურება დამაჯერებლად. იმავდროულად, მომჩივანი დავობდა, რომ განხორციელდა ჩანაწერების მანიპულირება, თუმცა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. 2018 წლის 2 აპრილს დაინიშნა კადრების სასამართლო ექსპერტიზა, იმის შესახებ იყო თუ არა ისინი გაყალბებული; მაგრამ ექვს წელზე მეტი ხნის შემდეგ საგამოძიებო საქმე არ შეიცავს ამ ექსპერტიზის შედეგებს.
162. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ცოდნას სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან კადრების შესწავლის შესახებ მოხსენებებში ყოველგვარი დეტალების მითითების გარეშე უბრალოდ ნათქვამია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც შეისწავლეს კადრები, „ვერ დაინახეს საქმის კუთხით ამ ჩანაწერებში რაიმე საინტერესო.” ზუსტი მეთოდი, რომელიც გამოიყენება კადრების შესამოწმებლად, გაურკვეველია (იხ. ამასთან დაკავშირებით მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ [GC], No. 72508/13, § 345, 2017 წლის 28 ნოემბერი). ზემოაღნიშნული კადრების სასამართლო ექსპერტიზა დაინიშნა 2018 წლის 2 აპრილს კადრებზე ხილული ყველა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის იდენტიფიცირების მიზნით; მაგრამ, კიდევ ერთხელ, საგამოძიებო საქმე არ შეიცავს ამ ექსპერტიზის შედეგებს. სასამართლო ზუსტად იგივე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას მომჩივნის გატაცების სავარაუდო ადგილიდან ამოღებულ კადრებთან დაკავშირებით. კადრების სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ბრძანება 2017 წლის 20 სექტემბერს გაიცა, რაც მოიაზრებდა კადრებზე ხილული მანქანების სარეგისტრაციო ნომრების იდენტიფიცირებას; მაგრამ საგამოძიებო ფაილი არც ამ ექსპერტიზის შედეგებს შეიცავს.
163. დამატებით, GSES-დან მოპოვებული ერთადერთი კადრი, რომელზეც მომჩივნის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მასში ასახული შავ კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც აკვირდებოდა მომჩივანს მიკროავტობუსში ჩაჯდომისას მას ნანახი ჰყავდა, გამოძიების საწყის ეტაპზე მიუწვდომელი გახდა და არანაირი რეალური ძალისხმევა არ გაწეულა სადავო პირის იდენტიფიცირების მიზნით ამ კადრებზე წვდომის აღსადგენად. ანალოგიურად, მთავრობის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ ფუნქციონირებდა ამდენი საგზაო მოძრაობის კამერა მომჩივნის სავარაუდო გატაცების დღეს, რჩება გადაუმოწმებელი. გავიხსენოთ, რომ ვიდეოთვალთვალის კადრები შეიძლება იყოს მტკიცებულება, რომელიც კრიტიკულია შესაბამისი მოვლენების გარემოებების დასადგენად (იხ. M.H. and Others v. Croatia, nos. 15670/18 და 43115/18, § 271, 202 წლის 18 ნოემბერი, შემდგომი მითითებით) და მომჩივნის მტკიცების გათვალისწინებით, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე მოხდა პოტენციურად მნიშვნელოვანი ვიდეო მტკიცებულებების მანიპულირება, რაც განმტკიცებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ი.გ.-ს მიერ გაკეთებული განცხადებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული კუმულატიურ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სულ მცირე, წინამდებარე საქმეში ვიდეომასალის შეგროვებისა და გაანალიზების წესი არადამაკმაყოფილებელია და ეჭვქვეშ აყენებს მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობას.
164. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ხარვეზები შეიძლება საკმარისი იყოს იმის დასადგენად, რომ საგამოძიებო ორგანოებს არ გადაუდგამთ ყველა გონივრული ნაბიჯი მომჩივნის მტკიცებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების გულმოდგინედ უზრუნველსაყოფად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განიხილოს გამოძიების რამდენიმე სხვა სავარაუდო ხარვეზი.
165. დასაწყისისთვის ი.გ. (საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე) ამტკიცებდა, რომ მომჩივნის გატაცების ორგანიზებაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბ.ი.-ს მოთხოვნით ჩაერთო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი. მიუხედავად იმისა, რომ გარემოებებში, რომელშიც ი.გ.-მ წარმოადგინა ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებები არ იყო ცალსახა, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძიების ეს ხაზი იმსახურებდა შემდგომ შესწავლას. მთავრობამ სასამართლოს განუცხადა, რომ ი.გ.-ს მტკიცებულებები რომლებიც მან თავის ჩვენებაში წარმოადგინა არ დადასტურდა. მათ სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ შესაბამისი საქმის მასალების ასლები - მათ შორის ი.გ.-ს განცხადების ასლი; ასევე ჩანს, რომ მომჩივნისთვის მტკიცებულებებზე წვდომაში ხელი არ შეუშლიათ. ასეთ ვითარებაში – განსაკუთრებით მომჩივნის საქმის პოლიტიკურად უკიდურესი მგრძნობიარე ბუნების გათვალისწინებით (რომელიც განვითარდა მომჩივნის საქართველოდან „გაქრობაში“ ყოფილი ან/და მოქმედი უმაღლესი თანამდებობის პირების შესაძლო ჩართულობით) და იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობას არ სურს შედეგების გაზიარება ამ კონკრეტული საგამოძიებო ხაზის მიმართულებით - სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, რომ იგი განხორციელდა გულმოდგინედ და დამაკმაყოფილებლად.
166. რაც შეეხება მომჩივნის შემდეგ საჩივარს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი ძალისხმევის გამოჩენასთან დაკავშირებით, მიემართათ მათი აზერბაიჯანელი კოლეგებისთვის იურიდიული დახმარების აღმოჩენის მიზნით, სასამართლო იმეორებს, რომ თანამშრომლობის პროცედურული ვალდებულება დაირღვევა მხოლოდ იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც მოეთხოვება თანამშრომლობა თუ მან ვერ შეძლო შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში თანამშრომლობის სათანადო მექანიზმების გააქტიურება (იხ. Güzelyurtlu and Others, ციტირებული ზემოთ, § 236). საქართველოს ხელისუფლებამ წინამდებარე საქმეში ფართოდ გამოიყენა თანამშრომლობის არსებული მექანიზმები, თუმცა კი წარუმატებლად. ვინაიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ ამ კუთხით არანაირი საჩივარი არ წარდგენილა, სასამართლოს არ ევალება განიხილოს, შეასრულა თუ არა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის ვალდებულება (განსხვავებით Güzelyurtlu and Others, ციტირებული ზემოთ, § 241). თუმცა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წინამდებარე საქმეში თანამშრომლობის მექანიზმის არაეფექტურობა, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეული იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის შეუსრულებლობით. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის რამდენჯერმე წერილობით არ მიუმართავს, სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს, დაასკვნას, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების რეაგირების არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აზერბაიჯანელი კოლეგებისგან მტკიცებულებების მოუპოვებლობის გამო, რაც გადამწყვეტი იქნებოდა საქმის ფაქტების დადგენისთვის.
167. და ბოლოს, სასამართლომ წინა შემთხვევებში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს დაბრკოლებები ან სირთულეები, რომლებიც ხელს უშლის გამოძიების პროგრესს კონკრეტულ სიტუაციაში, ხელისუფლების მხრიდან სწრაფი რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზული ბრალდებების გამოძიებისას - მათ შორის ისეთი ბრალდებების ჩათვლით, როგორიცაა მოცემულ საქმეში - შეიძლება ზოგადად ჩაითვალოს არსებითად სახელმწიფოს კანონის უზენაესობისადმი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების და უკანონო ქმედებებში საიდუმლო გარიგების ან მათდამი ტოლერანტობის პრევენციის მიზნით (იხ. სხვა მრავალ საქმესთან ერთად, Gongadze v. Ukraine, no. 34056/02, § 177, ECHR 2005‑XI; იხ. ასევე Mikeladze and Others v. Georgia, no. 54217/16, § 68, 16 ნოემბერი 2021, დამატებითი მითითებებით). საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ განხორციელებული თითოეული საგამოძიებო ღონისძიების შინაარსში ჩასვლისა და იმ როლის მხედველობაში მიღების გარეშე, რომელიც მათ აზერბაიჯანელ კოლეგებს უნდა ეთამაშათ მომჩივნის მტკიცებებთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესში – სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე გამოძიების შემდეგ, საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა ვერ წარმოადგინეს დამაჯერებელი ახსნა იმის შესახებ, თუ რა გარემოებებით ჩავიდა მომჩივანი თბილისიდან აზერბაიჯანში 2017 წლის 29 მაისს, ხოლო მთავრობას ამასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მტკიცება მისი გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის შესახებ და რომ ისინი დაკავშირებული იყო მის, როგორც ჟურნალისტის საქმიანობასთან, დამაჯერებელი იყო; ამდენად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ არსებობდა მოლოდინი, რომ განსაკუთრებული გულმოდგინებითა და ოპერატიულობით მოიქცეოდა ამ ბრალდებების გამოძიებისას (იხ. mutatis mutandis, Huseynova, v. Azerbaijan, no. 10653/10, § 115, 13 აპრილი 2017; Uzeyir Jafarov v. Azerbaijan, no. 54204/08, § 52, 29 იანვარი 2015; Mazepa and Others v. Russia, no. 15086/07, § 73, 17 ივლისი 2018; და Khadija Ismayilova v. Azerbaijan (no. 3), no. 35283/14, §§ 119‑20, 7 მაისი 2020).
168. დასასრულს, ზემოაღნიშნული სამართალწარმოების ხარვეზებისა და, კერძოდ, სანდოობა შებღალული გამოძიების გათვალისწინებით, მათ შორის, CCTV-ის მტკიცებულებების არასახარბიელო გამოყენების და აზერბაიჯანის მთავრობის მიერ მოვლენათა მათეული ვერსიის სანდოობის გადასამოწმებლად გაწეული ძალისხმევის ნაკლებობის გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა მომჩივნის საქართველოდან სავარაუდო გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის გარემოებების ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები.
169. შესაბამისად, სასამართლო ადგენს კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევას, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის პოზიტიურ ვალდებულებებს ეფექტური გამოძიების ჩატარების შესახებ.
(ii) მოხდა თუ არა მომჩივნის გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით ან მისი მხრიდან უმოქმედობით გამოხატული თანხმობით
(α) ზოგადი პრინციპები ფაქტების დადგენის შესახებ
170. ფაქტების დადგენასთან დაკავშირებული შესაბამისი ზოგადი პრინციპების შეჯამებისთვის, როდესაც ფაქტები სადავოა მხარეების შორის იხილეთ El-Masri, ციტირებული ზემოთ, §§ 151-53, ECHR 2012).
171. სასამართლო იმეორებს, რომ იგი ყურადღებით ეკიდება მისი როლის სუბსიდიარულ ხასიათს და აღიარებს, რომ მან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პირველი ინსტანციის ტრიბუნალის ფუნქციების შესრულებისას, მაშინ როდესაც ეს გარდაუვალია კონკრეტული საქმის გარემოებებით. (იხ. Imakayeva v. Russia, no. 7615/02, § 113, ECHR 2006‑XIII (ამონარიდები); Aslakhanova and Others v. Russia, nos. 2944/06, 8300/07, 50184/07, 332/08 და 42509/10, § 96, 18 დეკემბერი 2012; იხ. ასევე El‑Masri, § 154, და Al Nashiri, § 393, ორივე ციტირებულია ზემოთ). მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მოვლენების ურთიერთგამომრიცხავი ცნობები, სასამართლოს ექსპერტიზა აუცილებლად მოიაზრებს იმ ფაქტების დადგენასაც, რომლებსაც მხარეები სადავოს ხდიან. ასეთ სიტუაციებში სასამართლო გარდაუვლად აწყდება ფაქტების დადგენის ისეთივე სირთულეებს, როგორიც პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე დგას (იხ. Al Nashiri v. Romania, No. 33234/12, § 490, 31 მაისი 2018, შემდგომი მითითებით).
172. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტს. თუმცა, მისი მიზანი არასოდეს ყოფილა ეროვნული სამართლებრივი სისტემებიდან აღნიშნული მიდგომის სესხება, რომლებიც ამ სტანდარტს იყენებენ. მისი როლი არის არა სისხლის სამართლის დანაშაულის ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის განსაზღვრა, არამედ ხელშემკვრელი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა კონვენციის მიხედვით. კონვენციის მე-19 მუხლის მიხედვით მისი ამოცანის სპეციფიკა - უზრუნველყოს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დაცვის ვალდებულება - განაპირობებს მის მიდგომას მტკიცებულებებისა და მტკიცებულებების საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლოს წინაშე წარმოებისას არ არსებობს მტკიცებულების დასაშვებობის პროცედურული ბარიერები ან მისი შეფასების წინასწარ განსაზღვრული ფორმულები. იგი იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, მხარდაჭერილია ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის ისეთი დასკვნებით, რომლებიც შეიძლება მომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეების არგუმენტებიდან. მისი დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება მომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო და თანმიმდევრული დასკვნების ან ფაქტების მსგავსი უტყუარი ვარაუდების თანაარსებობიდან. ამას გარდა, დარწმუნების დონე, რომელიც აუცილებელია კონკრეტული დასკვნის მისაღწევად და მასთან დაკავშირებით, მტკიცების ტვირთის განაწილება, არსებითად არის დაკავშირებული ფაქტების სპეციფიკასთან, წამოყენებული ბრალდების ბუნებასთან და სასწორზე არსებულ კონვენციურ უფლებასთან. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გადაწყვეტილების სერიოზულ ბუნებაზე, რომელითაც დგინდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ფუნდამენტური უფლებების დარღვევა (იხ. იქვე, § 491, შემდგომი მითითებით).
173. სასამართლომ ასევე აღიარა, რომ კონვენციური სამართალწარმოება ყველა შემთხვევაში არ ექვემდებარება affirmanti incumbit probatio-ს პრინციპის მკაცრ გამოყენებას (მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, რომელიც უარყოფს). გარკვეულ გარემოებებში, როდესაც განსახილველი მოვლენები მთლიანად ან დიდწილად ექვემდებარება ხელისუფლების ექსკლუზიურ ცოდნას, მტკიცების ტვირთი შეიძლება დაეკისროს ხელისუფლებას, რათა წარმოდგენილ იქნეს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ახსნა-განმარტება (იხ. Salman v. Turkey [GC], No 21986/93, § 100, ECHR 2000-VII). როდესაც მხარე არ წარმოადგენს მტკიცებულებებს ან არ უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას მიწოდებას, ან არ ავრცელებს შესაბამის ინფორმაციას საკუთარი ინიციატივით, ან სხვაგვარად ვერ მონაწილეობს საქმის წარმოებაში, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს ისეთი დასკვნები, როგორც ამას მიზანშეწონილად ჩათვლის (იხ. Abu Zubaydah v. Lithuania, no. 46454/11, § 482, 2018 წლის 31 მაისი).
(β) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებებში
174. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მომჩივნის ანგარიში მისი სავარაუდო გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში გადაყვანის შესახებ იყო დეტალური, კონკრეტული და თანმიმდევრული გამოძიების მიმდინარეობის პროცესში და ასევე სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებისას. გარკვეული შეუსაბამობების მიუხედავად, ის თავიდანვე ამტკიცებდა, რომ იგი გაიტაცა ოთხმა კაცმა, რომელთაგან სამს ეცვა ქართული კრიმინალური პოლიციის ფორმა და საუბრობდა ქართულად; რომ იგი გაიტაცეს ნიაღვრის ქუჩიდან, თბილისში, უშუალოდ მისი ბინის მახლობლად; და რომ იგი წაიყვანეს საგარეჯოს, შემდეგ კი ლაგოდეხის მიმართულებით და ორჯერ გამოიცვალა მანქანა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე. სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს მომჩივნის პოზიციას, რომლის მიხედვითაც იგი ნებაყოფლობით არ გაემგზავრებოდა აზერბაიჯანში. ამ პოზიციას ამყარებს, მათ შორის, ის ფაქტიც, რომ მომჩივანმა და მისმა მეუღლემ წარადგინეს საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნა, რომელიც განხილვის პროცესში იყო.
175. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ ბოლოს მომჩივანი ნახეს დაახლოებით 19:25 საათზე, 2017 წლის 29 მაისს მიკროავტობუსით მგზავრობისას ბარათაშვილის No.4-ში. ამის შემდეგ მომჩივნის კვალი დაიკარგა აზერბაიჯანში მის ხელახლა გამოჩენამდე. ქვემოთ მოცემულ პარაგრაფში განხილული არაპირდაპირი ელემენტების გარდა, დღეს არც ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება არ არის გამოვლენილი, რომელიც დაადასტურებდა მომჩივნის გატაცებისა და შემდგომში აზერბაიჯანში საქართველოს სახელმწიფო აგენტების მონაწილეობით მისი იძულებით გადაყვანის ფაქტს.
176. ერთი არაპირდაპირი ელემენტი, რომელიც ადასტურებს მის მტკიცებას, არის აზერბაიჯანის პარლამენტის წევრის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ მომჩივნის დაკავება იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის სადაზვერვო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, განცხადება 2017 წლის 13 ივნისს გენერალური პროკურატურის მიერ გამოცხადდა როგორც მცდარი. მომჩივნის ანგარიშის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებაა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ი.გ.-ს განცხადება. მიუხედავად განსაკუთრებული ინტერესის არსებობისა, სასამართლოს არ შეუძლია დაეყრდნოს ამ მტკიცებულებებს. ი.გ.-ს სანდოობას ასუსტებს ის ფაქტი, რომ მისი მხრიდან ამ ინფორმაციის გამჟღავნება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ იგი დააკავა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებული რიგი ბრალდებებით. იგი ასევე ითვალისწინებს მთავრობის არგუმენტს, რომ ი.გ.-ს მტკიცებულებების სიზუსტე არ შეიძლება დადასტურდეს იმ პირების განცხადებებით, რომელთა ჩართულობაზეც მიუთითებდა იგი მომჩივნის გატაცებაში ან სხვა ობიექტური ელემენტით.
177. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმე განსხვავდება სასამართლოს მიერ განხილული საქმეების ჯგუფისგან, სადაც მან დაადგინა, რომ „გატაცებული“ მომჩივნები, რომლებიც თვითმფრინავით იძულებით გადაიყვანეს მესამე ქვეყნებში, ვერ გადიოდნენ საპასპორტო და საბაჟო შემოწმებას აეროპორტში, ხოლო შემდგომ მათი ცოდნის გარეშე აყვანილ იქნენ ბორტზე, შესაბამისი ორგანოების პასიური ან აქტიური ჩართულობის გარეშე (იხ. skandarov v. Russia, no. 17185/05, §§ 113-15, 23 სექტემბერი 2010; Abdulkhakov v. Russia, no. 14743/11, § 125 ოქტომბერი 2012; Savriddin Dzhurayev v. Russia, no. 71386/10, §§ 201-02, ECHR 2013 (ამონარიდები); Kasymakhunov v. Russia, no. 29604/12, §§ 109-110, 14 ნოემბერი 2013; Belozorov v. Russia and Ukraine, no. 43611/02, § 107, 15 ოქტომბერი 2015, და Khamidkariyev v. Russia, no. 42332/14, § 123, 26 იანვარი 2017). განსახილველ საქმეში, აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი ე.წ. „მწვანე საზღვრის“ გავლით.
178. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მომჩივნის სავარაუდო გატაცების წინა პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ავლენდა ინტერესის რაიმე ნიშნებს მომჩივნის პიროვნების ან მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ (განასხვავეთ Gongadze, ციტირებული ზემოთ, §§ 167 და 170 შეადარეთ ზემოთ მოყვანილი Huseynova-ს, §§ 100-101 და Tagiyeva v. Azerbaijan, no. 72611/14, § 65, 7ივლისი 2022). მოვლენათა არც ერთ ეტაპზე არ ჩანდა, რომ მომჩივანი საქართველოს ხელისუფლების ხელში იმყოფებოდა ან სხვაგვარად იყო მათი უფლებამოსილების ქვეშ (განასხვავეთ Belozorov, ციტირებული ზემოთ, §§ 104-110; აგრეთვე Rantsev v. Cyprus and Russia, No. 25965/04, § 320, ECHR 2010 (ამონარიდები, ასევე, mutatis mutandis, Gaysanova v. Russia, §§ 113-14, 2016 წ.);
179. სასამართლოს ასევე მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ მის სავარაუდო გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე მომჩივანმა საჯაროდ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ მას უთვალთვალებდნენ არ შეიძლება იყოს საკმარისი მტკიცებულება მოვლენების მისეული ვერსიის გასამყარებლად.
180. ასეთ ვითარებაში, არსებული საქმის მასალის განხილვის შემდეგ, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია საკმარისი დარწმუნებით დაადგინოს ფაქტობრივი მოვლენები, რამაც გამოიწვია მომჩივნის თბილისიდან გაუჩინარება და აზერბაიჯანში ხელახალი გამოჩენა. ეს სირთულე, კერძოდ, გამომდინარეობს საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ ეფექტური და გულმოდგინე გამოძიების ჩაუტარებლობით. ზემოაღნიშნულის ფონზე, სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ ვერ დაასკვნის, რომ მომჩივანი გაიტაცეს, არასათანადოდ მოეპყრნენ და იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში საქართველოს ხელისუფლების (აქტიური ან პასიური) მონაწილეობით ან თანხმობით.
181. შესაბამისად, იგი საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ ადგენს კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების არსებითი ასპექტის დარღვევას.
საქართველოს მიერ კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები
182. მომჩივანი ასევე დავობდა საქართველოს მხრიდან კონვენციის მე-8, მე-10 და მე-13 მუხლების, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის და მე-7 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას მისი სავარაუდო გატაცებისა და აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის გამო. ის ასევე დავობდა კონვენციის მე-10 მუხლის და მე-18 მუხლის დარღვევებზე მე-5 მუხლის საჩივართან მიმართებით. კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების თანახმად და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ ცალკე განიხილოს ამ საჩივრების დასაშვებობა და არსებითი მხარე ( შეადარეთ, Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania [GC], no. 47848/08, § 156, ECHR 2014).
II. საჩივრები აზერბაიჯანის წინააღმდეგ
კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა2. საქმის გარემოებები
(a) გონივრული ეჭვი
185. მომჩივანი აცხადებდა, რომ არ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, იმის შესახებ, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო შეთითხნილი.
186. აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანი დააკავეს გონივრული ეჭვის საფუძველზე. ეს ეჭვი ეფუძნებოდა ფაქტებს რომლის მიხედვითაც მომჩივანი დაკავებულ იქნა SBS-ის აგენტების მიერ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისას, სისხლის სამართლის პროცესის დროს მიცემულ სხვადასხვა განცხადებებს და სხვა მტკიცებულებებს.
187. სასამართლო მიუთითებს მის პრეცედენტულ სამართალში დადგენილ ზოგად პრინციპებზე, რომლებიც ჩამოყალიბებულია საქმეში Selahattin Demirtaş v. Turkey (No. 2) ([GC], No. 14305/17, §§ 311-321, 2020 წლის 22 დეკემბერი) , რომლებიც თანაბრად ეხება წინამდებარე საქმეს.
188. სასამართლო ასევე საჭიროდ მიიჩნევს გაიმეოროს, რომ გონივრული ეჭვის საფუძველზე დაპატიმრება გამართლებულია მე-5 მუხლის 1 (გ) პუნქტით და არ არის აუცილებელი პოლიციას ჰქონდეს საკმარისი მტკიცებულება ბრალდების წასაყენებლად. ასევე არ არის აუცილებელი იმ ეტაპზეც, როდესაც იგი პატიმრობაში იმყოფება ( Brogan and Others v. the United Kingdom, 29 ნოემბერი 1988, § 53, Series A no. 145‑B, და Erdagöz v. Turkey, 22 ოქტომბერი 1997, § 51, Reports of Judgments and Decisions 1997‑VI). არც ის არის აუცილებელი, რომ დაკავებულ პირს საბოლოოდ წარედგინოს ბრალი ან სასამართლოს წინაშე იქნეს წარდგენილი. დაკითხვის მიზნით დაკავების ობიექტს წარმოადგენს სისხლის სამართლის გამოძიების გაგრძელება იმ ეჭვების დადასტურებით ან გაუქმებით, რომლებიც იძლევა დაკავების საფუძველს. ამრიგად, ფაქტები, რომლებიც აჩენს ეჭვს, არ უნდა იყოს იგივე ხარისხის, რაც აუცილებელია მსჯავრდებულის ან თუნდაც ბრალის წაყენების გასამართლებლად, რაც ხდება სისხლის სამართლის გამოძიების პროცესის შემდეგ ეტაპზე (იხ. Murray v. the United Kingdom, 28 October 1994, § 55, Series A no. 300‑A, და Merabishvili, cited above, § 184). თუმცა, მოთხოვნა, რომ ეჭვი უნდა ეფუძნებოდეს გონივრულ საფუძველს, წარმოადგენს თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების პრევენციის არსებით ნაწილს. ის ფაქტი, რომ ეჭვი კეთილსინდისიერად არის დაცული, არასაკმარისია. სიტყვები „გონივრული ეჭვი“ ნიშნავს ფაქტების ან ინფორმაციის არსებობას, რომელიც დააკმაყოფილებს ობიექტურ დამკვირვებელს, რომ შესაბამის პირს შესაძლოა ჩაედინა დანაშაული (იხ. Fox, Campbell and Hartley v. the United Kingdom, 30 აგვისტო 1990, § 32, სერია A. No 182, და Cebotari v. Moldova, no. 35615/06, § 48, 13 ნოემბერი 2007).
189. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არსებითად უკავშირდება საქართველოს წინააღმდეგ მომჩივნის საჩივარს მის სავარაუდო გატაცებასთან, არასათანადო მოპყრობასთან და აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა მომჩივნის საქართველოდან სავარაუდო გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში იძულებით გადაყვანის გარემოებების ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები (იხ. პუნქტი 169 ზემოთ), სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მას არ შეეძლო საკმარისი დარწმუნებით დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც გამოიწვია მომჩივნის თბილისიდან გაუჩინარება და ხელახალი გამოჩენა აზერბაიჯანში.
190. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში მომჩივანი ეჭვმიტანილი იყო ისეთ სისხლის სამართლის დანაშაულებში როგორიც არის ქვეყნის საზღვრის უკანონო გადაკვეთა და კონტრაბანდისა და საჯარო მოხელეების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში ან ძალადობაში. მის მიმართ თავდაპირველი ეჭვი ეფუძნებოდა მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ჩანაწერებს, SBS-ის აგენტების განცხადებებს, რომლებმაც იგი დააკავეს, მომჩივანსა და გ.მ.-ს შორის გამართული დაპირისპირების ჩანაწერს და სასამართლო ექსპერტიზის 2017 წლის 31 მაისის დასკვნას, რომლითაც დადგინდა გ.მ.-ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებების არსებობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები შეიძლება საკმარისი ყოფილიყო გამოძიების პირველ ეტაპზე მის წინააღმდეგ „გონივრული ეჭვის“ შესაქმნელად (იხ. ზოგადი პრინციპები, ციტირებული პუნქტებში 187-188 ზემოთ).
191. ზემოაღნიშნული მოსაზრებების ფონზე და, კერძოდ, მისი ფაქტობრივი დასკვნების გათვალისწინებით, კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების არსებითი ნაწილის მიხედვით საქართველოსთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი, არ შეიძლება მთლიანად გამორიცხოს, რომ არსებობდა გონივრული ეჭვი, იმის შესახებ რომ მომჩივანმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ასეთ ვითარებაში სასამართლოს არ შეუძლია არ დაადგინოს, რომ ამ მხრივ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა.
(b) მომჩივნის პირველი დაკავების კანონიერება მოსამართლის წინაშე წარდგენამდე
192. მომჩივანი თავის საჩივარში დავობდა და ამტკიცებდა, რომ მისი დაკავება 2017 წლის 29-31 მაისამდე იყო უკანონო.
193. აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის თავდაპირველი დაკავება კანონიერი იყო და ჩატარდა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მომჩივანი დააკავეს 22:40 საათზე. 2017 წლის 29 მაისს SBS-ის ოფიცრებმა გადაიყვანეს სასაზღვრო დაცვის პუნქტში, სადაც შედგა ოქმი მისი ადმინისტრაციული დაკავების შესახებ. შემდეგ იგი გადაიყვანეს ბაქოში, სადაც 19:40 საათზე, 2017 წლის 30 მაისს იგი ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს და გამომძიებლის მიერ შედგა მისი დაკავების ოქმი.
194. სასამართლო მიუთითებს თავის პრეცედენტულ სამართალში დადგენილ ზოგად პრინციპებზე, რომლებიც მოცემულია გადაწყვეტილებაში Nagiyev v. Azerbaijan (no. 16499/09, §§ 54-57, 2015 წლის 23 აპრილი) და რომლებიც თანაბრად ეხება წინამდებარე საქმეს.
195. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ეროვნული სასამართლოების წინაშე დავობდა ძირითადად იმის შესახებ, რომ მას თავისუფლება აღუკვეთეს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 29 მაისს 22:40 საათიდან საბაილის რაიონული სასამართლოს მიერ წინასწარი დაკავების ბრძანების გამოცემამდე, კერძოდ 2017 წლის 31 მაისის 17 საათამდე. მისი მტკიცებით ეს იყო უკანონო იმ მოტივით, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი დააკავეს 2017 წლის 29 მაისს 22:40 საათზე, მისი როგორც ეჭვმიტანილის დაკავების ოქმი 2017 წლის 30 მაისს 19:40 საათზე იყო შედგენილი.
196. თუმცა, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მომჩივნის დაკავების შემდეგ 2017 წლის 29 მაისს 22.40 საათზე SBS-ის ოფიცრებმა ის მიიყვანეს სასაზღვრო დაცვის პუნქტში, სადაც 2017 წლის 30 მაისის 12:30 საათზე შედგა ოქმი მომჩივნის ადმინისტრაციული დაკავების შესახებ. ჩანაწერში ნათლად იყო მითითებული, რომ მომჩივანი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ პატიმრობას ოცდაოთხი საათის ვადით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 570-ე მუხლის მიხედვით სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევის მოტივით. იმავე დღეს, დილის 12:50 საათზე, ასევე შედგა მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, 2017 წლის 30 მაისს 19:40 საათზე სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა შეადგინა ოქმი მომჩივნის, როგორც ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ და 2017 წლის 31 მაისს 17 საათზე საბაილის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
197. ამ გარემოებებში, სასამართლო ვერ მიიღებს მომჩივნის განცხადებას, რომ მისთვის თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 29-31 მაისამდე იყო უკანონო, იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 29 მაისს 22:40 საათზე მისი თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან, საბაილის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 31 მაისს 17 საათამდე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებამდე, ყველაფერი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად სათანადოდ იქნა დოკუმენტირებული და განხორციელებული.
198. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნის საჩივართან დაკავშირებით, რაც ეხებოდა მისი პატიმრობის უკანონობას 2017 წლის 29-დან 31 მაისამდე, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.
B. კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სავარაუდო დარღვევა
2. საქმის გარემოებები
(b) სასამართლოს შეფასება
203. სასამართლო მითითებას აკეთებს თავის პრეცედენტულ სამართალში დადგენილ ზოგად პრინციპებზე, რომელიც მათ შორის ასახულია ბუზაჯის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომლებიც თანაბრად ეხება წინამდებარე საქმეს.
204. რაც შეეხება პერიოდს, რომელიც გასათვალისწინებელია მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს პერიოდი დაიწყო 2017 წლის 29 მაისს (როდესაც მომჩივანი დააკავეს) და დასრულდა 2018 წლის 12 იანვარს (როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გაასამართლა). ამრიგად, მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა სულ შვიდი თვისა და თოთხმეტი დღის განმავლობაში.
205. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოები მომჩივნის დაკავებასთან დაკავშირებით თავიანთ შესაბამის გადაწყვეტილებებში იყენებდნენ სტანდარტულ შაბლონს და შემოიფარგლებოდნენ პატიმრობის რამდენიმე საფუძვლის აბსტრაქტული და სტერეოტიპული სახის გამეორებით, მომჩივნის საქმესთან ამ საფუძვლების შესაბამისობის მიზეზების განხილვის გარეშე. მათ ასევე ვერ მიუთითეს ამ საფუძვლებთან დაკავშირებული რაიმე კონკრეტული ფაქტი და არ დაასაბუთეს ისინი შესაბამისი და საკმარისი მიზეზებით. სასამართლომ არაერთხელ დაადგინა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა აზერბაიჯანის წინააღმდეგ წინა საქმეებში, სადაც მსგავსი ხარვეზები იყო დაფიქსირებული და დეტალურად გაანალიზებული (იხ. Farhad Aliyev, ციტირებულია ზემოთ, §§ 191‑94; Muradverdiyev, ციტირებულია ზემოთ, §§ 87‑91; Zayidov v. Azerbaijan, no. 11948/08, §§ 64-69, 20 თებერვალი 2014; და Mammadov and Others v. Azerbaijan, no. 35432/07, §§ 97-100, 21 თებერვალი 2019).
206. ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ მან უკვე (სხვა საქმეებში) განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება წინამდებარე საქმეში კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით წამოჭრილ სამართლებრივ საკითხზე და იგი ვერ ხედავს რაიმე ფაქტს ან არგუმენტი, რომელსაც შეუძლია დაარწმუნოს იგი სხვა დასკვნების გამოტანაში (იხ. Avaz Zeynalov v. Azerbaijan, nos. 37816/12 და 25260/14, §§ 61-62, 22 აპრილი 2021). აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვერ დაასახელა „შესაბამისი“ და „საკმარისი“ მიზეზები მომჩივნის წინასწარი პატიმრობის აუცილებლობის გასამართლებლად.
207. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი.
C. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
2. საქმის გარემოებები
(b) სასამართლოს შეფასება
(i) მოხდა თუ არა რაიმე სახის ჩარევა
212. სასამართლო იმეორებს, რომ ნებისმიერი ღონისძიება – თუ ის არ განსხვავდება ჩხრეკისგან მისი აღსრულების წესით და მისი პრაქტიკული ეფექტებით – წარმოადგენს (ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით მისი დახასიათების მიუხედავად) ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ მომჩივნის უფლებებში (იხ. Avanesyan v. Russia, no. 41152/06, § 39, 18 სექტემბერი 2014, და Kruglov and Others v. Russia, nos. 11264/04 and 15 others, § 123, 4 თებერვალი 2020). სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში, 2017 წლის 31 მაისს საგამოძიებო ორგანოებმა ჩაატარეს მომჩივნის მობილური ტელეფონის შიგთავსის „შემოწმება“, რომელსაც შემდგომში 2017 წლის 14 ივნისს ჩაუტარდა „კრიმინალისტიკური ექსპერტიზა“. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გაჩხრიკა მომჩივნის ზარების ჟურნალი და კონტაქტები, თუმცა ვერ დაადგინა, გაგზავნილ იქნა თუ არა რაიმე შეტყობინება მისი მობილური ტელეფონიდან სოციალური ქსელების საშუალებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა გაჩხრიკეს მომჩივნის მობილური ტელეფონის მთელი ციფრული შიგთავსი – მომჩივნის მიერ გაგზავნილი და მიღებული SMS შეტყობინებებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მის მიერ სხვადასხვა პირებთან განხორციელებული კომუნიკაციის ჩათვლით. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ მომჩივნის მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკა წარმოადგენდა ჩარევას მომჩივნის პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლების განხორციელებაში, კონვენციის მე-8 მუხლის 1 პუნქტის მნიშვნელობით (შეადარეთ, Trabajo Rueda v. Spain, No 32600/12, § 32, 30 მაისი 2017, და Saber v. Norway, § 48, 17 დეკემბერი 2020).
(ii) იყო თუ არა ჩარევა გამართლებული
213. ასეთი ჩარევა დაარღვევს კონვენციის მე-8 მუხლს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიძლება გამართლებული იყოს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით. შესაბამისად იგი უნდა იყოს „კანონის შესაბამისი“, ატარებდეს მასში ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმურ მიზანს და იყოს „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მიზნის ან მიზნების მისაღწევად.
214. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ სასამართლოს წინაშე წარდგენისას მოიხსენია CAO-ს 92-ე მუხლი და სსსკ-ის 207.4 და 246.2 მუხლები, როგორც მომჩივნის მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკის სამართლებრივი საფუძველი, საგამოძიებო ორგანოები არ დაეყრდნენ ეროვნული კანონმდებლობის ზემოხსენებულ დებულებებს. კერძოდ, მომჩივნის მობილური ტელეფონის შემოწმების ჩანაწერში მოყვანილია სსსკ-ის 236-ე მუხლი, როგორც მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკის სამართლებრივი საფუძველი.
215. სასამართლო იმეორებს, რომ კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ფორმულირება „კანონის შესაბამისად“ მოითხოვს, რომ სადავო ღონისძიებას ჰქონდეს გარკვეული საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში და - როგორც პირდაპირ არის აღნიშნული კონვენციის პრეამბულაში, და როგორც მე-8 მუხლის ობიექტსა და მიზანს თან ახლავს – შეესაბამებოდეს კანონის უზენაესობას. ამგვარად, კანონი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის მოთხოვნებს: ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირისთვის და განჭვრეტადი მისი შედეგების კუთხით (იხ. Azer Ahmadov v. Azerbaijan, no. 3409/10, § 63, 22 ივლისი 2021).
216. ჩხრეკისა და ამოღების კონტექსტში, ეროვნულმა კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვა მე-8 მუხლის უფლებებში თვითნებური ჩარევისგან. ამდენად, ეროვნული კანონმდებლობა საკმარისად მკაფიო უნდა იყოს თავისი პირობებით, რათა მოქალაქეებს მისცეს ადეკვატური მითითება იმ გარემოებებისა და პირობების შესახებ, რომლებშიც სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილნი არიან მიმართონ ასეთ ზომებს (იხ. Särgava v. Estonia, No. 698/19. § 87, 2021 წლის 16 ნოემბერი). ამას გარდა, ჩხრეკისა და ამოღების ღონისძიება წარმოადგენს სერიოზულ ჩარევას პირად ცხოვრებაში, სახლსა და მიმოწერაში და, შესაბამისად, უნდა ეფუძნებოდეს „კანონს“, რომელიც განსაკუთრებით ზუსტია. აუცილებელია ამ თემაზე მკაფიო, დეტალური წესების არსებობა (იხ. Saber, ციტირებული ზემოთ, § 50).
217. ამასთან დაკავშირებით, საკმარისი პროცედურული გარანტიების არსებობა შეიძლება განსაკუთრებით აქტუალური იყოს - გარკვეულ წილად მაინც და სხვა ფაქტორებთან ერთად - განსახილველი ჩარევის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით. კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებულ სხვადასხვა კონტექსტში, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზომები, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე, უნდა ექვემდებარებოდეს რაიმე სახის შეჯიბრებით სამართალწარმოებას დამოუკიდებელი ორგანოს წინაშე, რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილების მიზეზებისა და შესაბამისი მტკიცებულებების დროულად განხილვის კომპეტენცია (იხ. Ivashchenko v. Russia, no. 61064/10, § 74, 2018 წლის 13 თებერვალი). მიუხედავად თავისუფალი შეფასების ზღვრისა, რომელსაც სასამართლო აღიარებს, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ ამ სფეროში, ის განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყოს, როდესაც ეროვნული კანონმდებლობით ხელისუფლება უფლებამოსილია, გასცეს და განახორციელოს ჩხრეკა სასამართლო ორდერის გარეშე. თუ ხდება პირების მე-8 მუხლით გარანტირებულ უფლებებში, ხელისუფლების მიერ თვითნებური ჩარევისგან დაცვა, მოითხოვება სამართლებრივი ჩარჩოს არსებობა და ძალიან მკაცრი შეზღუდვები ამ უფლებამოსილებების მიმართ (იხ. Brazzi v. Italy, No. 57278/11, § 41, 2018 წლის 27 სექტემბერი).
218. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ შეიცავს მკაფიო დებულებებს მობილური ტელეფონის ციფრული შიგთავსის ჩხრეკასთან დაკავშირებით, ჩხრეკისა და ამოღების შესახებ ეროვნული კანონმდებლობის ზოგადი დებულებები ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ჩხრეკა ან ამოღება, როგორც წესი, პირველ რიგში უნდა იყოს ნებადართული სასამართლოს გადაწყვეტილებით (სსსკ-ის 243.1 მუხლი). ამას გარდა, სსსკ-ის 177.3.5 მუხლი ასევე ითვალისწინებს, რომ ტელეფონით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით გადაცემული მონაცემების ამოღება, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე (იხ. პუნქტი 135 ზემოთ).
219. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ საქმეში მომჩივნის მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკა ჩატარდა როგორც „დათვალიერება“ სსსკ-ის 236-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც, განსხვავებით ჩხრეკისა და ამოღების შესახებ ეროვნული კანონმდებლობის ზოგადი დებულებებისგან (რომელიც ითვალისწინებს წინასწარი სასამართლო ორდერის გაცემას), საშუალებას აძლევს გამომძიებელს, inter alia, შეამოწმოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ნივთები სასამართლო ორდერის გარეშე. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გაიმეოროს, რომ მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკა - რაც წარმოადგენს პირის პირად ცხოვრებაში და მიმოწერაში სერიოზული ჩარევის ზომას - არ შეიძლება შეესაბამებოდეს კონვენციის მე-8 მუხლს, თუ ის დარჩება გამომძიებლის განუსაზღვრელი დისკრეციის ქვეშ. როდესაც საქმე ეხება პირის კონფიდენციალურობაში ჩარევას, მე-8 მუხლი მოითხოვს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ ორდერის გაცემას (იხ. Dumitru Popescu v. Romania (no. 2), no. 71525/01, § 71, 26 აპრილი 2007, და Trabajo Rueda, ციტირებულია ზემოთ, § 35).
220. ამასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა გარემოებამ შეიძლება გაამართლოს საგამოძიებო ორგანოების მიერ გადაუდებელი ქმედებები სასამართლოს გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი ასეთი გარემოებების არსებობის შესახებ (შეადარეთ, Cacuci and S.C. Virra & Cont Pad S.R.L. v. Romania, no. 27153/07, § 78, 2017 წლის 17 იანვარი). ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო ვერ ხედავს თუ როგორ შეიძლება ეარსება ასეთ გარემოებებს მოცემულ საქმეში, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკა ჩატარდა მისი დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, რამაც საგამოძიებო ორგანოებს დაუტოვა საკმარისი დრო მიეღოთ წინასწარი სასამართლო ნებართვა.
221. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მან უკვე დაადგინა, რომ წინასწარი სასამართლო ორდერის არარსებობა შეიძლება დაბალანსდეს განსახილველი ღონისძიების კანონიერების და აუცილებლობის შესახებ ex post factum სასამართლო განხილვის ხელმისაწვდომობით. კერძოდ, ეროვნული სასამართლოების მიერ მე-8 მუხლის დამრღვევი ღონისძიების განხილვა უზრუნველყოფს შესაბამისი პირის დაცვის საშუალებას, იმ პირობით, რომ მოსამართლე ეფექტურად განიხილავს სადავო ღონისძიების კანონიერებასა და დასაბუთებას და, საჭიროების შემთხვევაში, გამორიცხავს სისხლის სამართალწარმოებას შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე (იხ. Brazzi, ციტირებული ზემოთ, §§ 44-45).
222. თუმცა, წინამდებარე საქმეში ეროვნული სასამართლოების მიერ არ იყო განხილული საგამოძიებო ორგანოების ქმედებები, რომლებმაც უარი განაცხადეს მომჩივნის საჩივრის განხილვაზე მისი მობილური ტელეფონის შიგთავსის კანონიერებასა და აუცილებლობასთან დაკავშირებით. მთავრობამ ასევე ვერ წარმოადგინა განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ თქვეს უარი ეროვნულმა სასამართლოებმა ასეთი განხილვის ჩატარებაზე.
223. შესაბამისად, სასამართლომ არ შეიძლება არ დაასკვნას, რომ მომჩივნის პირადი ცხოვრებისა და კორესპონდენციის პატივისცემის უფლებაში ჩარევა მისი მობილური ტელეფონის შიგთავსის ჩხრეკის გამო არ იყო „კანონის შესაბამისი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობით. ამიტომ არ არის საჭირო იმის შემოწმება, გააჩნდა თუ არა ჩარევას ლეგიტიმური მიზანი და იყო თუ არა იგი პროპორციული.
224. შესაბამისად ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
D. აზერბაიჯანის მიერ კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევა
225. კონვენციის მე-5 მე-4, მე-10 და მე-18 მუხლებზე დაყრდნობით, მომჩივანი დავობდა მისი კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევაზე.
226. კონვენციის მე-5 § 3 და მე-8 მუხლების შესაბამისად, ზემოთ მიღწეული დასკვნების (იხ. პუნქტები 207 და 224 ზემოთ), მხარეთა არგუმენტებისა და მათთან დაკავშირებით ზემოთ გაკეთებული დასკვნების გათვალისწინებით, არ შეიძლება დადგინდეს, რომ არსებობდა საკმარისი ელემენტები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ მომჩივანი გაიტაცეს და გადაიყვანეს აზერბაიჯანში (იხ. პუნქტი 196 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო ცალკე გადაწყვეტილების გამოტანა ამ საკითხებთან დაკავშირებით დასაშვებობისა და წინამდებარე საქმეში არსებული საქმის არსებითი მხარის გათვალისწინებით (შეადარეთ, Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu, ციტირებულია ზემოთ, § 156; იხ. ასევე Khadija Ismayilova, ციტირებულია ზემოთ, § 87; და Farzaliyev v. Azerbaijan, no. 29620/07, § 73, 28 მაისი 2020).
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
ზიანისაქართველოსთან მიმართებით228. მომჩივანმა მოითხოვა 83,000 ევრო არამატერიალური ზიანის სახით.
229. მთავრობამ განაცხადა, რომ ეს ოდენობა გადაჭარბებული იყო.
230. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლებით დაცული ეფექტური გამოძიების უფლების დარღვევის შედეგად მომჩივანმა განიცადა არამატერიალური ზიანი, რომელიც ვერ იქნება დაკმაყოფილებული მხოლოდ და მხოლოდ დარღვევის აღიარებით, და რომ შესაბამისად მას უნდა მიენიჭოს კომპენსაცია. სამართლიანობის საფუძველზე გაკეთებული შეფასების შედეგად, როგორც ეს მოთხოვნილია კონვენციის 41-ე მუხლით, სასამართლო მომჩივანს არამატერიალური ზიანისთვის ანიჭებს 10,000 ევროს კომპენსაციას, დამატებით ნებისმიერ გადასახადს, რომლითაც შეიძლება ეს თანხა დაიბეგროს.
2. აზერბაიჯანთან მიმართებით
231. მომჩივანმა მოითხოვა 83,000 ევრო არამატერიალური ზიანის სახით.
232. მთავრობამ აღნიშნული ოდენობა გააპროტესტა და მას დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული უწოდა.
233. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონვენციის მე-5 § 3 და მე-8 მუხლებით დაცული უფლების დარღვევის შედეგად მომჩივანმა განიცადა არამატერიალური ზიანი, რომელიც ვერ იქნება დაკმაყოფილებული მხოლოდ და მხოლოდ დარღვევის აღიარებით, და რომ შესაბამისად მას უნდა მიენიჭოს კომპენსაცია. სამართლიანობის საფუძველზე გაკეთებული შეფასების შედეგად, როგორც ეს მოთხოვნილია კონვენციის 41-ე მუხლით, სასამართლო მომჩივანს არამატერიალური ზიანისთვის ანიჭებს 6,000 ევროს კომპენსაციას, დამატებით ნებისმიერ გადასახადს, რომლითაც შეიძლება ეს თანხა დაიბეგროს.