Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N195
2016 წლის აპრილი
მურეი ნიდერლანდების წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Murrey v. the Netherlands) [GC]
(საჩივარი- N 10511/10)
გადაწყვეტილება, 26 აპრილი, 2016
მე-3 მუხლი
დამამცირებელი მოპყრობა
ფაქტები: გადაწყვეტილება ეხებოდა უვადო პატიმრობის ვადის შემცირების შესაძლებლობის de facto არარსებობას. 1980 წელს მომჩივანი დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში. ფსიქიატრის დასკვნისა და დანაშაულის რეციდივის რისკის გათვალისწინებით, მას უვადო პატიმრობა მიესაჯა. მომჩივნის მიერ წარდგენილი შეწყალების თხოვნები არ დაკმაყოფილდა. 2011 წელს კანონმდებლობით შემოღებულ იქნა უვადო პატიმრობის გადასინჯვის პროცედურა: 2012 წელს მომჩივნის სასჯელის პირველი გადასინჯვის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა (დანაშაულის რეციდივის რისკის საფუძველზე). 2014 წლის მარტში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის შეიწყალეს და გაათავისუფლეს. აპლიკანტი მოგვიანებით გარდაიცვალა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე დავა გააგრძელეს აპლიკანტის დამ და შვილმა.
კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე ის დავობდა უვადო პატიმრობის ვადის შემცირების de facto შეუძლებლობას და იმგვარი რეჟიმის არარსებობას, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან. იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად, მომჩივნის უვადო პატიმრობის ვადის შემცირების შესაძლებლობა არ არსებობდა, დიდმა პალატამ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და განაცხადა, რომ მე-3 მუხლის საფუძველზე, წარდგენილი საჩივრის დარჩენილ ნაწილზე გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობდა.
სამართალი: დიდი პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება ავითარებს სასამართლოს პრაქტიკას უვადო პატიმრობის ვადის de facto შემცირების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
(ი) დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრის რეაბილიტაცია უნდა დაიგეგმოს დასაწყისშივე, რათა უვადო პატიმრობის გადასინჯვას ჰქონდეს შესაბამისი მნიშვნელობა და უვადო პატიმრობის de facto შემცირება შესაძლებელი იყოს. კერძოდ:
- დიდი პალატის დასაბუთებაში პატიმართა რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე იყო ყურადღება გამახვილებული. დიდმა პალატამ აღნიშნა, რომ რეაბილიტაცია წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთის ლეგიტიმურ პენოლოგიურ საფუძველს და ხაზი გაუსვა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში რეაბილიტაციის მნიშვნელობის გაზრდაზე. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს არ აქვთ რეაბილიტაციის უფლება, მათ უნდა შეეძლოთ რეაბილიტაცია. უვადო პატიმარს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა რეაბილიტაციის გზას დაადგეს, რათა მას ჰქონდეს იმედი, რომ ერთ დღეს გათავისუფლდება.
დიდმა პალატამ განმარტა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა ,,ინდივიდუალური პროგრამის’’ შექმნისა და პერიოდულად განხილვის გზით, რაც წაახალისებდა პატიმარს, მოეხდინა საკუთარი თავის რეაბილიტაცია და გაღვივებოდა პასუხისმგებლობის გრძნობა. თუ სახელმწიფო უვადო პატიმარს არ უზრუნველყოფს რეაბილიტაციის რეალური შესაძლებლობით, რეაბილიტაციის გზაზე მისი პროგრესის ნებისმიერი განხილვა, ისევე როგორც უვადო პატიმრობის ვადის de facto შემცირება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. შესაბამისად, დიდმა პალატამ დაადგინა, რომ კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკისრებოდა ვალდებულება, უვადო პატიმრებისთვის უზრუნველეყო ისეთი ,,ციხის რეჟიმი’’, რომელიც შეესაბამებოდა რეაბილიტაციის მიზანს და ხელს შეუწყობდა მათ რეაბილიტაციის თვალსაზრისით.
,,ინდივიდუალიზებული პროგრამის’’ მიდგომა განსაზღვრულ კონტექსტში ვრცელდებოდა აღნიშნულ საქმეზე. მომჩივანს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, თუმცა მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რაც ნიშნავდა, რომ არსებობდა მის მიერ დანაშაულის რეციდივის რისკი. ასეთ ვითარებაში, სახელმწიფომ უნდა შეაფასოს პატიმართა მკურნალობის საჭიროებები, რათა ხელი შეეწყოს მათ რეაბილიტაციას და შეამციროს დანაშაულის რეციდივის რისკი. თუ პატიმრები ექვემდებარებიან მკურნალობას, მათ უნდა ჩაუტარდეთ აღნიშნული მკურნალობა (ითხოვენ თუ არა ისინი მას), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მომავალში მათი შესაძლო გათავისუფლების წინაპირობაა.
აქედან გამომდინარე, უვადო პატიმრები მსგავს პირობებში უნდა იყვნენ. მათ უნდა ჩაუტარდეთ ზემოხსენებული მკურნალობა, რაც მისცემს რეალურ შესაძლებლობას, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ჰქონდეთ გათავისუფლების იმედი. აღნიშნული პირობების შეუსრულებლობამ უვადო პატიმრობის შემცირება შეიძლება de facto შეუძლებლად აქციოს.
(იი) წინამდებარე საქმეში დიდმა პალატამ დაადგინა, რომ აპლიკანტის ფსიქიკური პრობლემების მკურნალობა წარმოადგენდა რეაბილიტაციის გზაზე მისი პროგრესისა და დანაშაულის რეციდივის განხორციელების რისკის შემცირების წინაპირობას. შესაბამისად, მომჩივნის მკურნალობისა და ასევე მისი მკურნალობის საჭიროების შეფასების არარსებობა ნიშნავდა, რომ ვერც შეწყალება და ვერც მისი პროგრესის გადასინჯვა ვერ განაპირობებდა იმ დასკვნამდე მისვლას, რომ მომჩივანმა განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი და მისი პატიმრობის გაგრძელება აღარ ემსახურებოდა პენოლოგიურ მიზანს. ამრიგად, აპლიკანტის სასჯელი არ იყო de facto შემცირებადი და წინამდებარე საქმეზე დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ერთხმად).
41-ე მუხლი: დარღვევის დადგენა წარმოადგენდა საკმარის დაკმაყოფილებას.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები