ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განათლების უფლებასთან დაკავშირებულ დაუსაბუთებელ უარზე.
უნივერსიტეტის მისაღები გამოცდის ჩამბარებელი კანდიდატის წარმატებული შედეგების ანულირება, წინა წლებში მისი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გათვალისწინებით: დარღვევა
საქმე „მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ“
CASE OF MÜRSEL EREN v. TURKEY
განაცხადი N 60856/00
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
7 თებერვალი, 2006
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებელმა უნივერსიტეტის მისაღები გამოცდა პირველად 1994 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა. სტუდენტთა შერჩევისა და განაწილების უმაღლესი განათლების საბჭოს ცენტრის (OSYM) მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული გამოცდა შედგება ორდონიანი, მრავალვარიანტიანი გამოცდისგან. განმცხადებელმა შემდგომი ორი წლის განმავლობაშიც ვერ ჩააბარა გამოცდის პირველი ეტაპი. 1997 წელს, განმცხადებელმა გაიარა გამოცდისთვის მოსამზადებელი კერძო კურსი. იმ წელს მან ჩააბარა პირველი გამოცდა და გადავიდა მეორე ეტაპზე. მეორე გამოცდის ჩაბარების შემდეგ ის ფიქრობდა, რომ გამოცდა წარმატებით ჩააბარა. თუმცა მისი სახელი და გვარი წარმატებული სტუდენტების სიაში არ აღმოჩნდა. შემდგომ მას OSYM-მ აცნობა, რომ მეორე გამოცდის წარმატებით ჩამბარებელ სტუდენტთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა, მაგრამ სამი პროფესორისგან შემდგარი აკადემიური საბჭოს რეკომენდაციით, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ გასულ წლებში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გათვალისწინებით მისი მაღალი შედეგი აუხსნელი იყო და მოხდა მათი ანულირება. სახელისუფლებო ორგანოებმა განაცხადეს, რომ ანულირება OSYM-ს რეგულაციებს შეესაბამებოდა. განმცხადებელმა სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სასამართლოში დაიწყო და OSYM-ს გადაწყვეტილების შეჩერება და ანულირება მოითხოვა. იმის მიუხედავად, რომ უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მომხსენებელმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ OSYM-ს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მხოლოდ ვარაუდს, მოსამართლეთა უმრავლესობამ საჩივარი უარყო, მიიჩნია რა აუხსნელად ის გარემოება, რომ სტუდენტს, რომელმაც წინა გამოცდებზე ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა, არ შეიძლება ასე წარმატებით ჩაებარებინა შემდგომი გამოცდები. განმცხადებლის შემდგომი სარჩელები აგრეთვე უგულვებელყოფილ იქნა იმ მიზეზით, რომ თავისი ცოდნითა და შესაძლებლობებით ის ვერ აჩვენებდა დაფიქსირებულ შედეგს.
სამართალი
I. 1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
27. განმცხადებელი პრეტენზიას აცხადებს იმასთან დაკავშირებით, რომ OSYM-ს გადაწყვეტილებით, რომლითაც გაბათილდა მისი საგამოცდო შედეგები, დაირღვა 1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მისი განათლების უფლებას. ამ დებულების შესაბამისი ნაწილი შემდეგნაირად იკითხება:
„არც ერთ პირს არ უნდა ეთქვას უარი განათლების უფლებაზე...“.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. 1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის გამოყენება
40. სასამართლოს თვალსაზრისით, მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ მომჩივანს არ შეეძლო საუნივერსიტეტო განათლების მიღება. მან შესაბამისი მისაღები გამოცდების შემდეგ, საჭირო ნიშანი მიიღო, რაც შესაძლებლობას აძლევდა, გაევლო მის მიერ არჩეული შესაბამისი ხარისხის მისაღები საუნივერსიტეტო კურსი.
41. სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ არ მიმდინარეობს დავა იმასთან დაკავშირებით, რომ 1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლში მოცემული გარანტიები ვრცელდება ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების ფარგლებში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებზე. მან ეს პრინციპი ცოტა ხნის წინ დაადასტურა საქმეში ლეილა შაჰინი თურქეთის წინააღმდეგ ([დიდი პალატა], N44774/98, §§ 134-42, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2005-XI), რომელშიც მან აღნიშნა, რომ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლების მოპოვება არის 1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის პირველ წინადადებაში განსაზღვრული უფლების განუყოფელი ნაწილი.
(გ) სასამართლო
44. სასამართლომ ბელგიის ლინგვისტურ საქმეში აღნიშნა, რომ განათლების უფლება - გარანტირებული 1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლში მოცემული პირველი წინადადებით, „თავისი ბუნებით, მოითხოვს სახელმწიფოს მიერ რეგულირებას, რომელიც სხვადასხვა დროსა და ადგილზე შეიძლება შეიცვალოს საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებებისა და რესურსებიდან გამომდინარე. უდავოა, რომ ამგვარმა რეგულირებამ არ უნდა დაარღვიოს განათლების უფლების არსი და არ შევიდეს კონფლიქტში კონვენციით განსაზღვრულ სხვა უფლებებთან“ (იხ. ბელგიის ლინგვისტური, გვ. 32, § 5).
45. სასამართლო მიუთითებს, რომ დასაწყისში, მომჩივანს არ გაუპროტესტებია თავად უმაღლეს სასწავლებელში მიღების კრიტერიუმები, მაგრამ ამტკიცებდა, რომ დაუსაბუთებლად უთხრეს უარი იმ უფლებაზე, რომელიც მოიპოვა ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ.
46. სასამართლოს აზრით, მთავრობამ ვერ მოახერხა მიეთითებინა კანდიდატების მაღალი შედეგების ასახსნელად, მათი უუნარობის მიზეზით, კანდიდატების გამოცდის შედეგების ანულირებისთვის OSYM-ს დისკრეციული უფლების რაიმე სამართლებრივი საფუძველი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ფართო დისკრეციული უფლების ნებისმიერმა სამართლებრივმა საფუძველმა შეიძლება შექმნას ისეთი იურიდიული ხასიათის გაურკვევლობა, რომელიც შეუთავსებელია კანონის უზენაესობასთან, კონვენციაში მოცემულ დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საბაზისო პრინციპთან (იხ. ჰასანი და ჩაუში ბულგარეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N30985/96, § 84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2000-XI) ან ზიანი მიაყენოს განათლების უფლების დედაარსს.
47. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ კანდიდატის საგამოცდო შედეგების ანულირებაზე, რომელიც გამოცდის დროს ამხილეს თაღლითობაში, არ ვრცელდება OSYM-ის დისკრეციული უფლება, პირიქით, აღნიშნული ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მოვალეობაა. ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე საქმეში ვერც აკადემიურმა საბჭომ და ვერც რომელიმე ადმინისტრაციულმა სასამართლომ ვერ აღმოაჩინა დარღვევის დამადასტურებელი რაიმე დამამტკიცებელი საბუთი.
48. სასამართლო მიიჩნევს, რომ მონაწილეთა მიერ თურქეთის საუნივერსიტეტო მისაღებ გამოცდებზე მიღებული შედეგები გამოითვლება ძალიან დეტალური მეთოდის გამოყენებით, რომელიც შესაბამის ორგანოებს არ უტოვებს შესაძლებლობას, იმ კომპიუტერული სისტემების შედეგები, რომლებიც საგამოცდო ფურცლებზე აფიქსირებენ შესაბამის ნიშანს, ჩაანაცვლოს თავისი პირადი შეხედულებებით. ცხადია, OSYM-ის რეგულაციების მკაფიო ფორმულირება კეთილსინდისიერ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეთ სამართლიანი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი შეძლებენ იმ საუნივერსიტეტო კურსის გავლას, რომლისთვისაც მათ გამოცდაზე გამსვლელი ნიშნები მიიღეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იქ სადაც კანონმდებლობა ადგენს უნივერსიტეტში მიღების პირობებს და მისაღები კანდიდატები აკმაყოფილებენ ამ პირობებს, მათ აქვთ მოცემულ უნივერსიტეტში მიღების უფლება (იხ. დე მოორი ბელგიის წინააღმდეგ, 23 ივნისი, 1994 წ., § 43, სერია A, N 292-A).
49. სასამართლოს აზრით, OSYM-ის რეგულაციები იძლევიან სამართლებრივი დაცვის კრიტერიუმებს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან განათლების უფლებაში თვითნებური ჩარევისგან დასაცავად, იმ უფლებაში, რომელიც კონვენციითაა დაცული. აქედან გამომდინარე, თუ სახელმწიფო ორგანოები დაარღვევენ ან უგულებელყოფენ ამ რეგულაციებს, ეს სამართლებრივი დაცვა დაზიანდება.
50. განმცხადებლის მიერ თაღლითობის დამადასტურებელი საბუთის არქონის ანდა მის მიერ ამ მხრივ წაყენებული რაიმე ცალსახა ბრალდების შემთხვევაში და განმცხადებლის უდავო განცხადების გათვალისწინებით იმის შესახებ, რომ ის 1997 წლის გამოცდებისთვის მოემზადა კერძო კურსის გავლით, სასამართლო შეუფერებლად მიიჩნევს აკადემიური საბჭოს დასკვნას იმის შესახებ, რომ შეუძლებელია მისი მაღალი შედეგების ახსნა. შესაბამისად, ის ასკვნის, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც ანულირდა განმცხადებლის საგამოცდო შედეგები და რომელიც შემდგომში ეროვნულმა სასამართლოებმა გაიზიარეს, მოკლებულია სამართლებრივ და რაციონალურ საფუძველს, რასაც თვითნებობა მოჰყვება.
51. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ აკადემიური საბჭოს რჩევის საფუძველზე მომჩივნის საგამოცდო შედეგების გაუქმებით, OSYM-მ განმცხადებელს უარი უთხრა განათლების უფლებაზე.
52. შესაბამისად, დაირღვა 1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი.
Full & Egal Universal Law Academy