Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N184
2015 წლის აპრილი
მუსტაფა ტუნჩი და ფეცირ ტუნჩი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Mustafa Tunc and Fecire Tunc v. Turkey [GC])
(საჩივარი- N 24014/05)
გადაწყვეტილება, 14 აპრილი, 2015
მე-2 მუხლი
მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი
ეფექტიანი გამოძიება
ფაქტები: გადაწყვეტილება ეხებოდა მომჩივნების ვაჟის გარდაცვალებას სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს. ის მიმაგრებული იყო კერძო სანავთობო კომპანიის საკუთრებაში მყოფ ნაკვეთზე, რომელსაც იცავდა ეროვნული ჟანდარმერია. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება გამოიძიეს ორ ეტაპად: სამხედრო პროკურატურის გამოძიება და სამხედრო სასამართლოს განხილვა. პროკურორის გადაწყვეტილებით არ არსებობდა სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების დაწყების საფუძველი. მომჩივნებმა გაასაჩივრეს აღნიშნული გადაწყვეტილება და სამხედრო სასამართლომ გასცა ბრძანება დამატებითი გამოძიების ჩატარების შესახებ; პირველი გამოძიება პროკურორმა ჩაატარა და დაასკვნა, რომ მომჩივნების ვაჟი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპლიკანტების საჩივარი. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მომჩივნები დავობდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათი ვაჟის გარდაცვალების გამოსაძიებლად არ ჩაატარეს ეფექტური გამოძიება.
სამართალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი არ დარღვეულა, რადგან გამოძიება იყო საკმარისად საფუძვლიანი და დამოუკიდებელი; აგრეთვე, მომჩივნები საკმარისად იყვნენ ჩართულნი გამოძიებაში, რათა დაეცვათ საკუთარი ინტერესები და ესარგებლათ შესაბამისი უფლებებით.
მართალია, გადაწყვეტილება იმეორებს სასამართლოს პრაქტიკას მე-2 მუხლის პროცედურული მოთხოვნების შესახებ, თუმცა ის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთმანეთისგან განასხვავებს მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნასა და მე-6 მუხლით გათვალისწინებული დამოუკიდებელი სასამართლოს მოთხოვნას (მომჩივნების საქმეში აღნიშნული დებულება არ იყო გამოსაყენებელი). დიდმა პალატამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქმის სამართლიანი განხილვის მოთხოვნებმა შეიძლება გამოიწვიოს მე-2 მუხლის ფარგლებში პროცედურული საკითხების შესწავლა, არ არის აუცილებელი, რომ უზრუნველყოფილი გარანტიები იმავე წესით შეფასდეს.
მე-6 მუხლის შესაბამისად, ბრალდების შემფასებელი სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე მხარეებისგან. ამ მოთხოვნის შესრულება უნდა შეფასდეს საკანონმდებლო კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიცაა სასამართლოს შემადგენლობის დანიშვნის წესი და მათი ვადის ხანგრძლივობა ან გარე ზეწოლის რისკის წინააღმდეგ საკმარისი გარანტიების არსებობა. მიუხედავად ამისა, კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს გამოძიების დამოუკიდებლობის არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული შეფასება მთლიანობაში. კონვენციის მე-2 მუხლი არ მოითხოვს, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები და ორგანოები იყვნენ აბსოლუტურად დამოუკიდებლები, თუმცა ისინი საკმარისად დამოუკიდებლები უნდა იყვნენ იმ პირებისა და სტრუქტურებისგან, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება. დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე, არსებული გარემოებების გათვალისწინებით. როდესაც საკითხი ეხება გამოძიების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, შეფასებისას სწორი მიდგომაა გაირკვეს, გასაჩივრებული გარემოება რა მასშტაბით ან საერთოდ აყენებს თუ არა ეჭვქვეშ გამოძიების ეფექტიანობას; აგრეთვე, შესაძლებელია თუ არა მისი მეშვეობით გარდაცვალების მიზეზების გამოაშკარავება და პასუხისმგებელი პირების დასჯა. სასამართლომ განმარტა, რომ მე-2 მუხლის პროცედურულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ხდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრების საფუძველზე: საგამოძიებო ღონისძიებების ადეკვატურობა, გამოძიების სისწრაფე, გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრების ჩართულობა და გამოძიების დამოუკიდებლობა. ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტები ერთმანეთთან კავშირშია და თითოეული მათგანი, ცალ-ცალკე აღებული, თავისთავად არ არის საკმარისი მე-2 მუხლის პროცედურულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად, განსხვავებით მე-6 მუხლის დამოუკიდებლობის მოთხოვნებისგან. ეს არის კრიტერიუმები, რომლებიც, ერთად აღებული, გამოძიების ეფექტურობის ხარისხის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (თორმეტი ხმა ხუთის წინააღმდეგ)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები