დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 164
ივნისი 2013
Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey - 24014/05
გადაწყვეტილება 25.6.2013 [II სექცია]
მუხლი 2
მუხლი 2-1
ეფექტური გამოძიება
გარდაცვალების ფაქტის ეფექტურად გამოუძიებლობა, რაც გამოწვეული იყო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უცვლელად დამტოვებელი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობით: დარღვევა
ფაქტები – 2004 წლის თებერვალში, სამხედრო სამსახურში ყოფნისას, ცეცხლსასროლი იარაღით ერთ-ერთი სერჟანტი სასიკვდილოდ დაზიანდა. როგორც ყოველთვის, დაიწყო სასამართლო გამოძიება. 2004 წლის ივნისში პროკურორმა შეწყვიტა საქმის წარმოება და დაადგინა, რომ არ არსებობდა მესამე მხარე, რომელიც პასუხს აგებდა სერჟანტის გარდაცვალების გამო. 2004 წლის ოქტომბერში საჰაერო ძალების სამხედრო ტრიბუნალმა დააკმაყოფილა აპლიკანტთა - სერჟანტის მშობლების - საჩივარი და უბრძანა პროკურორს, ჩაეტარებინა დამატებითი გამოძიება. 2004 წლის დეკემბერში პროკურორმა დახურა გამოძიება, გადაუგზავნა მასალები უკან სამხედრო ტრიბუნალს, მოთხოვნილ დამატებით გამოძიებაზე შედგენილ ანგარიშთან ერთად, ასევე წარმოადგინა გატარებული ზომები და შეეხო ტრიბუნალის მიერ მითითებულ ხარვეზებს. სამხედრო ტრიბუნალმა უარყო მომჩივანთა მიერ წარდგენილი შემდგომი აპელაცია.
მომჩივნებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოიძია ეფექტურად მათი ვაჟის გარდაცვალების ფაქტი. კერძოდ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ შესაბამის დროს მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავდა აუცილებელ გარანტიებს სასამართლო ხელისუფლებისა და, უფრო კონკრეტულად, სამხედრო ტრიბუნალის დამოუკიდებლობისათვის, რომელიც საქმის განმხილველ საბოლოო ინსტანციას წარმოადგენდა.
სამართალი – მუხლი 2
(ა) იყო თუ არა გამოძიება სწრაფი, სათანადო და ამომწურავი – გამოძიება საჭირო გულისხმიერებით ჩატარდა და არ დაჩრდილულა რაიმე სახის ზედმეტი გაჭიანურებით. თანამდებობის პირებმა მიიღეს სათანადო ზომები, რათა შეეგროვებინათ და შეენახათ ხსენებულ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები. რაც შეეხება მოწმეთა დაკითხვას, სიკვდილის შემდეგ დაუყოვნებლივ ჩამორთმეულ იქნა რამდენიმე ჩვენება. არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ოფიციალურმა პირებმა არ დაკითხეს მნიშვნელოვანი მოწმეები ან გამოკითხვა ტარდებოდა არასათანადოდ.
(ბ) იყო თუ არა გამოძიება დამოუკიდებელი – გამოძიება ჩაატარა სამხედრო პროკურორმა, რომელსაც ეხმარებოდნენ ეროვნული ჟანდარმერიის გამომძიებლები. მოკვლევის ჩატარების შემდეგ მიღებულ საქმის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებას ამოწმებდა საჰაერო ძალების სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც იხილავდა აპლიკანტების მიერ წარდგენილ საჩივარს. სასამართლომ მიუთითა მის წინა კვლევის შედეგებზე Gürkan v. Turkey*-ის გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც, იმ დროისათვის არსებული შემადგენლობით, ხსენებულ საქმეში მომჩივნისათვის მსჯავრის დამდები სამხედრო ტრიბუნალი ვერ ჩაითვლებოდა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ტრიბუნალად კონვენციის მე-6 მუხლის გაგებით, და რომ ადგილი ჰქონდა აღნიშნული მუხლის დარღვევას. ხსენებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სამხედრო ტრიბუნალში შემავალი სამი მოსამართლიდან ერთ-ერთი წარმოადგენდა მის ზემდგომთა მიერ დანიშნულ ოფიცერს, ვინც ექვემდებარებოდა სამხედრო დისციპლინას, და რომ მას არ იცავდა იგივე კონსტიტუციური გარანტიები, როგორც დანარჩენ ორ მოსამართლეს, რომლებიც პროფესიონალები იყვნენ სასამართლო სისტემიდან. აღნიშნული მსჯელობა ასევე ძალაში რჩებოდა წინამდებარე საქმეშიც, რამდენადაც ტრიბუნალი, რომელიც საგამოძიებო ზედამხედველობის ორგანოს სახელით მოქმედებდა, იმავე შემადგენლობისა იყო. ამასთან კავშირში, უნდა აღნიშნულიყო, რომ წინამდებარე საქმეში ეჭვები მიუკერძოებლობის შესახებ ეხებოდა სასამართლო ორგანოს, რომელიც საბოლოო ინსტანციის სახით პასუხს აგებდა გამოძიების ზედამხედველობაზე, და არა უბრალოდ, პროკურორის ოფისს. აქედან გამომდინარე, პროცედურა ვერ აკმაყოფილებდა დამოუკიდებლობის იმ მოთხოვნას, რომელიც შედიოდა ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებაში, ჩაეტარებინა სერჟანტის გარდაცვალების ეფექტური გამოძიება.
(გ) გარდაცვლილის ოჯახის მონაწილეობა გამოძიებაში – მომჩივნებს საკმარისად მიუწვდებოდათ ხელი გამოძიების ინფორმაციაზე იმ ხარისხით, რომ შეძლებოდათ ეფექტური მონაწილეობა მიეღოთ საქმის წარმოებაში.
დასკვნის სახით, მიუხედავად მისი დასკვნებისა სწრაფი, სათანადო და ამომწურავი საგამოძიებო ზომების გატარების თაობაზე და მომჩივანთა ეფექტური ჩართულობის შესახებ, სასამართლოს აზრით, ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას, რადგანაც სამხედრო ტრიბუნალს, როგორც საზედამხედველო ორგანოს, არ გააჩნდა საჭირო დამოუკიდებლობა სასამართლო გამოძიებასთან დაკავშირებით თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
დასკვნა: დარღვევა (ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ).
მუხლი 41: EUR 10,000 არამატერიალურ ზიანთან ერთობლიობაში.
* Gürkan v. Turkey, 10987/10, 3 ივლისი 2012, საინფორმაციო ბროშურა 154.
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy