დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 110
2008 წლის ივლისი
ნა. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (NA v. the United Kingdom)
(საჩივარი - 25904/07)
გადაწყვეტილება, 17, ივლისი, 2008 [მე-4 სექცია]
მე-3 მუხლი
გაძევება
თავშესაფრის მაძიებელი თამილელის შრი-ლანკაში დეპორტაცია: გაძევება დაარღვევდა მე-3 მუხლს
ფაქტები: მომჩივანი წარმოშობით თამილელი იყო და მას შრი-ლანკას მოქალაქეობა ჰქონდა. 1999 წელს ის გაერთიანებულ სამეფოში ფარულად შევიდა და მოითხოვა თავშესაფარი იმ მიზეზით, რომ ეშინოდა შრი-ლანკაში დაბრუნების შემთხვევაში შრი-ლანკას არმიისა და თამილელი ვეფხვების მხრიდან მის წინააღმდეგ ადგილი ექნებოდა არასათანადო მოპყრობას. მან განმარტა, რომ არმიამ ის 1990-1997 წლებში თამილელ ვეფხვებთან თანამონაწილეობის ეჭვის საფუძველზე ექვსჯერ დააკავა და დააპატიმრა. თითოეულ შემთხვევაში ის ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. ამ პერიოდებში, ერთხელ ან შესაძლოა მეტჯერ, პატიმრობისას მას მოეპყრნენ არასათანადოდ და მის ფეხებზე იყო ნაიარევი ხელკეტით ცემის გამო. მომჩივანს გადაუღეს სურათი და აუღეს თითის ანაბეჭდები. მამამისმა მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად რამდენიმე დოკუმენტს მოაწერა ხელი. მომჩივანს ეშინოდა თამილელი ვეფხვების, ვინაიდან მისმა მამამ შეასრულა გარკვეული სამუშაო არმიისათვის. ისინი ასევე ორჯერ ეცადნენ მის ჯარში გაწვევას. შინაგან საქმეთა მინისტრმა მომჩივნის მოთხოვნა თავშესაფრის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა; აგრეთვე უარი ეთქვა მომჩივნის საჩივარს აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ. 2006 წელს მომჩივნის გაძევების შესახებ ბრძანება გაიცა და შინაგან საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა მისი მომდევნო განცხადებების განხილვაზე, ვინაიდან ისინი თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ ახალ განაცხადად მიიჩნია და აღნიშნა, რომ შრი-ლანკაში არსებული ზოგადი ვითარება არ მიანიშნებდა არასათანადო მოპყრობის რაიმე პერსონალურ რისკზე, ამასთანავე არ არსებობდა მტკიცებულება, რომ დაბრუნების შემთხვევაში მას პერსონალურად შეეხებოდნენ. მას შემდეგ რაც მომჩივნის შემდგომი საჩივრები - შრი-ლანკაში მისი დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გადაეხედა სასამართლოს, არ დაკმაყოფილდა, 2007 წელს გამოიცა ახალი ბრძანება გაძევების შესახებ თუმცა გაძევება არ განხორციელდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, რეგლამენტის 39-ე მუხლის გათვალისწინებით.
უფრო ზოგადი ინფორმაციისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გაიზარდა მის წინაშე წარდგენილი დროებითი ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნა თამილელებისგან, რომელთაც გაერთიანებული სამეფოდან და სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოებიდან შრი-ლანკაში აბრუნებდნენ. გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან კორესპონდენციისას იმ სირთულეების შესახებ, რომელიც 39-ე მუხლის საფუძველზე მრავალი მოთხოვნის წარმოებას მოყვა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მიმდინარე ერთ ან მეტ განაცხადში წამყვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, 39-ე მუხლი უნდა გავრცელებულიყო ნებისმიერ სხვა საქმეზეც, რომელსაც თამილელები შემოიტანდნენ მათი გაძევების აღკვეთის მოთხოვნით. 2007 წლის ოქტომბრის ბოლოდან, სასამართლომ 39-ე მუხლი გაავრცელა 342 თამილელზე, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, გაერთიანებული სამეფოდან შრი-ლანკაში დაბრუნებულიყვნენ.
სამართალი: ის ფაქტი, რომ შრი-ლანკაში უსაფრთხოების მდგომარეობა უარესდებოდა და შესაბამისად იზრდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევების რიცხვი, არ ქმნიდა ზოგად რისკს ყველა თამილელისათვის, რომლებიც იქ ბრუნდებოდნენ. რისკის შეფასება მხოლოდ ინდივიდუალურ საფუძვლებზე შეიძლებოდა. პრინციპში ლეგიტიმური იყო დაბრუნებულების ინდივიდუალური რისკის შეფასება „რისკ ფაქტორების“ სიის საფუძველზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა, ობიექტურ ინფორმაციასა და ექსპერტთა დასკვნებთან პირდაპირი წვდომის შედეგად ჩამოაყალიბეს, თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ მთელმა რიგმა ინდივიდუალურმა ფაქტორებმა, რომლებიც, ცალკე აღებული, არ ქმნიან რეალურ რისკს, შეიძლება შექმნან ეს რისკი კუმულატიურად და მიჩნეულ იქნეს ასეთად ზოგადი ძალადობისა და გაძლიერებული უსაფრთხოების ვითარებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე არსებული ინფორმაცია მიუთითებდა შრი-ლანკას ხელისუფლების ორგანოების მიერ იმ თამილელების სისტემატურ წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე, რომლებიც მათ ინტერესში შედიოდნენ თამილელ ვეფხვებთან ბრძოლის კუთხით; შრი-ლანკას ხელისუფლების ორგანოებს ჰქონდათ შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებები, რათა კოლომბოს აეროპორტში მოეხდინათ იდენტიფიცირება იმ პირებისა, რომლებმაც ვერ მოიპოვეს თავშესაფარი და რომლებიც მოთხოვნილნი იყვნენ ხელისუფლების ორგანოების მიერ.
რაც შეეხება თამილელი ვეფხვებიდან მომდინარე სავარაუდო რისკს, სასამართლომ დაადასტურა, რომ ნებისმიერი რისკი კოლომბოში თამილელი ვეფხვებისგან შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ იმ თამილელებისათვის, რომლებსაც როგორც ოპოზიციურ აქტივისტებს, ჰქონდათ აქტიური სტატუსი ან მათ, ვინც შემჩნეულები იყვნენ ღალატში ან გაცემაში, ასე რომ მომჩივანი ვერ იქნებოდა არასათანადოდ მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ ამ დასახლებაში, თუკი კოლომბოში დაბრუნდებოდა. შრი-ლანკას ხელისუფლების ორგანოებთან მიმართებაში მომჩივნის პოზიციის შეფასებისას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიკვლია თუ რამდენად საფუძვლიანი იყო მომჩივნის მოთხოვნა, რომ ის არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ იყო, რაც გამომდინარეობდა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ ბოლო ფაქტობრივი შეფასების შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით აკუმულირებული რისკ-ფაქტორებით, ზოგადი ძალადობის ზრდისა და მომეტებული უშიშროების სათანადო გათვალისწინებით. ამ საქმეში რელევანტურ ფაქტორებს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მომჩივნის მამამ ხელი მოაწერა დოკუმენტს მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, რომელიც ლოგიკურად შეაკავებდა შრი-ლანკას ხელისუფლების ორგანოებს, ასევე ნაიარევის არსებობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა არასათანადოდ მოპყრობის კუმულატიურ რისკს და მომჩივნის ასაკი, სქესი და წარმომავლობა, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები ან მისი ნამდვილი ვეფხვების წევრობა, მისი დაბრუნება ლონდონიდან და ის ფაქტი, რომ მან თავშესაფარი საზღვარგარეთ მოითხოვა, ყველა მათგანმა წვლილი შეიტანა იდენტიფიკაციის, დაკითხვის, ჩხრეკისა და დაპატიმრების რისკში აეროპორტში და ნაკლები მოცულობით, კოლომბოში. ის ფაქტი, რომ უკვე ათ წელზე მეტი იყო გასული მას შემდეგ, რაც მომჩივანი ბოლოს დააპატიმრეს შრი-ლანკას ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არ იყო გადამწყვეტი, ვინაიდან ხელისუფლების ორგანოების ინტერესი დაბრუნებულთა მიმართ სავარაუდოდ დროთა განმავლობაში შიდასახელმწიფოებრივი განვითარების შესაბამისად იცვლებოდა და შეიძლებოდა როგორც გაზრდილიყო, ასევე შემცირებულიყო.
ვინაიდან ის პირები, რომლებიც შედიოდნენ ხელისუფლების ორგანოების ინტერესებში თამილელ ვეფხვებთან ბრძოლის კონტექსტში, სისტემატურად ექვემდებარებოდნენ წამებასა და არასათანადო მოპყრობას, არსებობდა რეალური რისკი, რომ ხელისუფლების ორგანოები კოლომბოს აეროპორტში შეძლებდნენ იმ მასალებთან წვდომას, რომელიც მომჩივნის დაკავებას ეხებოდა. თუკი ისინი ამას გააკეთებდნენ, მომჩივნის მიერ იდენტიფიცირებულ სხვა რისკ ფაქტორებთან ერთად კუმულატიურად განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო, რომ მას დააკავებდნენ და შიშვლად გაჩხრეკდნენ. ეს კი, თავის მხრივ, ნაიარევების აღმოჩენამდე მიიყვანდა საქმეს. ამგვარად, არსებობდა არსებითი მიზეზები იმის დასადგენად, რომ მომჩივანი შრი-ლანკას ხელისუფლების ორგანოების ინტერესებში მოექცეოდა თამილელ ვეფხვებთან ბრძოლის კონტექსტში.
დასკვნა: გაძევება გამოიწვევდა დარღვევას (ერთხმად).
მუხლი 41 – მატერიალური ან არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ მომხდარა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy