დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N 180
დეკემბერი 2014
ნავალნი და იაშინი რუსეთის წინააღმდეგ (Navalnyy and Yashin v. Russia) - 76204/11
გადაწყვეტილება 4.12.2014 [I სექცია]
მუხლი 11
მუხლი 11-1
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
სავარაუდოდ არასანქცირებული დემონსტრაციის გამართვის საფუძველზე პოლიტიკური აქტივისტების დაპატიმრება და გასამართლება: დარღვევა
ფაქტები – წინამდებარე საქმეში მომჩივნები იყვნენ ორი პოლიტიკური აქტივისტი და ოპოზიციის ლიდერები. 2011 წელს ისინი დააკავეს, რადგან არ დაემორჩილნენ პოლიციის ბრძანებას, შეეწყვიტათ სპონტანური მარში, რომლის გამართვასაც სავარაუდოდ აპირებდნენ, სანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღების შემდეგ. ისინი დაკავებულნი იყვნენ პოლიციის განყოფილებაში, სანამ მომდევნო დღეს სასამართლოს წინაშე წარადგენდნენ. სასამართლომ მომჩივნებს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რომელიც მომჩივნებმა გაასაჩივრეს, თუმცა მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამართალი – მუხლი 11: მომჩივნების დაკავება, დაპატიმრება და სასჯელი წარმოადგენდა მე-11 მუხლით დაცულ მათ უფლებაში ჩარევას. ჩარევა ემსახურებოდა საჯარო წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. რაც შეეხება პროპორციულობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ თუნდაც მომჩივნებს არ ჰქონოდათ დემონსტრაციის ჩატარების განზრახვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდი ჯგუფის გამოჩენა გონივრულად აღიქმებოდა ამგვარად. მიუხედავად ამისა, დემონსტრაცია გაგრძელდა მხოლოდ 15 წუთი, ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, მათი შეჩერება არ იქნებოდა რთული. ამრიგად, პოლიციამ მომჩივნები დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ აქცია არ იყო სანქცირებული. ეროვნულმა სასამართლოებმა არც კი სცადეს, გადაემოწმებინათ აქციის მონაწილეებისაგან მომდინარე რისკების მოცულობა ან აუცილებელი იყო თუ არა მათი შეჩერება. მოგვიანებით მომჩივნები დააკავეს პოლიციის ბრძანებებზე დაუმორჩილებლობის გამო, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერ დაადგინა, გასცა თუ არა პოლიციამ ამგვარი ბრძანება, ვიდრე მომჩივნებს დააკავებდა. თუნდაც მომჩივნები არ დამორჩილებოდნენ პოლიციის ბრძანებას მარშის შეჩერების თაობაზე, არ არსებობდა მათი დაკავების საფუძველი. უფრო მეტიც, დაკისრებული სასჯელი არ ასახავდა სავარაუდო დანაშაულის შედარებით მსუბუქ ბუნებას. საბოლოოდ, ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცალსახად აღიარეს, რომ მომჩივნები დაისაჯნენ სპონტანური მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვისა და მთავრობის საწინააღმდეგო მოწოდებების სკანდირებისათვის. მიღებულ იძულების ზომებს ჰქონდათ სერიოზული პოტენციალი იმისა, რომ შეაკავებდნენ ოპოზიციის სხვა მხარდამჭერებს და ზოგადად საზოგადოებას მომავალში დემონსტრაციებზე დასწრებისგან, უფრო ზოგადად კი, ღია პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისგან. ამ სანქციების შემაკავებელი ეფექტი უფრო მეტად გაძლიერდა იმ ფაქტით, რომ ის მიმართული იყო ცნობილი საჯარო პირების მიმართ, რომელთა თავისუფლების აღკვეთამ მიიპყრო მედიის ფართო ყურადღება. შესაბამისად, ჩარევა არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
სასამართლომ, ასევე, ერთხმად დაადგინა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა მომჩივნების წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, მე-5 მუხლის დარღვევა პოლიციის განყოფილებაში მათ გაუმართლებელ გადაყვანასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი 6 საათიანი დაკავების და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის მიზეზების არარსებობასთან დაკავშირებით, მე-13 მუხლის დარღვევა შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის არაეფექტიანობასთან დაკავშირებით და მე-3 მუხლის დარღვევა იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლებშიც მომჩივნები იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილებაში.
მუხლი 41: 26,000 ევრო თითოეულ მომჩივანს არამატერიალური ზიანისათვის.
(იხილეთ ასევე საქმეები: ბუკტა და სხვები უნგრეთის წინააღმდეგ (Bukta and Others v. Hungary), 25691/04, 17 ივლისი 2007, საინფორმაციო ბარათი 99; ბერლადირი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Berladir and Others v. Russia, 34202/06, 10 ივლისი 2012; ფაბერი უნგრეთის წინააღმდეგ (Fáber v. Hungary), 40721/08, 24 ივლისი 2012, საინფორმაციო ბარათი 154; მალოფეიევა რუსეთის წინააღმდეგ (Malofeyeva v. Russia), 36673/04, 30 მაისი 2013; კასპაროვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Kasparov and Others v. Russia), 21613/07, 3 ოქტომბერი 2013, საინფორმაციო ბარათი 167; იხ. ასევე თემატური საძიებელი დაკავების პირობებისა და პატიმრების მოპყრობასთან დაკავშირებით )
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy