© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2015. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
პირველი სექცია
გადაწყვეტილება საქმეზე ნაზარენკო რუსეთის წინააღმდეგ
(საჩივარი # 39438/13)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
16 ივლისი 2015
საბოლოო
16/10/2015
ეს გადაწყვეტილება იქცევა საბოლოოდ კონვენციის 44–ე მუხლის მეორე პუნქტში ასახული გარემოებების შესაბამისად. ის შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
საქმეზე ნაზარენკო რუსეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (პირველმა სექციამ) შემდეგი შემადგენლობით:
იზაბელ ბერო, პრეზიდენტი
ელიზაბეტ სტეინერი,
ჰანლარ ჰაჯიევი,
მირჯანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
ჯულია ლაფრანკი,
ქსენია ტურკოვიცი,
დიმიტრი დედოვი, მოსამართლეები
და შორენ ნილსენი, სხდომის გამწესრიგებელი,
23 ივნისს 2015, განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იმავე დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად უდევს საჩივარი (no. 39438/13) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შევიდა რუსეთიs მოქალაქის ბ-ნი ანატოლი სერგეევიჩ ნაზარენკოს („მომჩივანი“) მიერ 2013 წლის 15 მაისს.
2. რუსეთის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა ბ-ნი გ. მატიუშკინი, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
3. მომჩივანი დაობდა, რომ კონკრეტულად მისი მამობის უფლების შეწყვეტამ ჩამოართვა მას უფლება შეენარჩუნებინა ურთიერთობა საკუთარ ქალიშვილთან ან სამოქალაქო სარჩელით მიემართა სასამართლოსთვის მისი უფლებების დასაცავად და რომ იგი არ იყო ინფორმირებული სააპელაციო სარჩელის შეტანის თარიღის შესახებ.
4. 2013 წლის 15 ოქტომბერს ზემოთ ხსენებული საჩივრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მთავრობას და სარჩელის დარჩენილი ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი. ასევე გადაწყდა რომ გამოყენებული ყოფილიყო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლი და პრიორიტეტული განხილვის უფლება მიენიჭა საჩივარს.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. მომჩივანი დაბადებულია 1965 წელს და ცხოვრობს ულან-უდეში.
6. 2007 წელს მომჩივანის მეუღლემ ნ-მ გააჩინა ქალიშვილი ა.
7. 2010 წელს მომჩივანი და ნ-ი გაშორდნენ.
8. 2011 წლის 18 იანვარს ოქტიაბრსკის ოლქის ბავშვზე ზრუნვისა და მეურვეობის უწყებამ (შემდეგში „ბავშვზე ზრუნვის ორგანო“) დაადგინა ა-ს მშობლებთან ცხოვრების შემდეგი განრიგი: თვის ლუწ კვირეებში მომჩივანთან და თვის კენტ კვირეებში დედასთან ერთად. იანვარში, ივნისში, ივლისში და აგვისტოში ა-ს უნდა ეცხოვრა მომჩივანთან ერთი კვირის განმავლობაში, რომელსაც ის აირჩევდა.
ა. მამობის უფლების ჩამორთმევამდე არსებული გარემოებები
9. 2011 წლის 22 მარტს მომჩივანმა ა-ს სხეულზე აღმოაჩინა სისხლჩაქცევები. მან ეჭვი მიიტანა, რომ ა იყო ნაცემი და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ნ-ის ახალი პარტნიორის მხრიდან და ამიტომ მან უარი განაცხადა ა-ს ნ-თვის დაბრუნებაზე. 10. მომდევნო წლის განმავლობაში ა ცხოვრობდა მომჩივანთან და ბებიასთან მამის მხრიდან. რამოდენიმეჯერ მომჩივანმა დართო ნება ნ-ს ენახა ა მისი თანდასწრებით.
11. 2011 წლის 25 მარტს მომჩივანმა მიმართა პოლიციას და ოქტიაბრსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტს მისი ქალიშვილი ა-ს ცემის და ნ-ის პარტნიორის მხრიდან მასზე სექსუალური ძალადობის გამო, საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო მოკვლევა.
12. ორივემ, მომჩივანმა და ნ-მა მიმართეს ოქტიაბრსკის ოლქის ულან-უდეს სასამართლოს ა-ს თვის საცხოვრებელ ნებართვასთან დაკავშირებით.
13. 2001 წლის 25 აპრილს მოკვლევის ფარგლებში ა დაკითხა გამომძიებელმა, რომელსაც ფსიქოლოგიც ეხმარებოდა. ა-მ განაცხადა, რომ მას სურვილი ჰქონდა ეცხოვრა მომჩივანთან ერთად ვინაიდან ის თავაზიანი იყო, მაშინ როდესაც დედა და დედის ახალი პარტნიორი მას ცუდად ექცეოდნენ. იგი განმეორებით დაიკითხა ფსიქოლოგის თანდასწრებით 2011 წლის 27 ივნისს და 3 აგვისტოს და იგივე განაცხადა ორივე შემთხვევაში.
14. 2011 წლის 19 მაისს ოქტიაბრსკის ოლქის სასამართლომ ნ-ის საცხოვრებლის ნებართვის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მომჩივანს იგივე მოთხოვნაზე უთხრა უარი. სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე მშობელს თანაბარი წვლილი აქვთ შეტანილი ა-ს აღზრდაში. ორივე მათგანს აქვთ საკმარისი ფინანსური შემოსავალი და მათი საცხოვრებელი პირობები თანაბრად დამაკმაყოფილებელია. მაგრამ ა-ს სქესის და ასაკის გათვალისწინებით უმჯობესი იქნება თუ იგი დედასთან იცხოვრებს. 12 წლამდე ასაკის ბავშვის დედისგან ჩამოშორება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში არის დასაშვები. ასეთი გარემოებები კი მოცემულ საქმეში არ არის დადგენილი. დედის მხრიდან დაუდევრობის და ცუდად მოპყრობის მტკიცებულება არ არსებობს. ა-ს სხეულზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო დაცემისგან, ან თამაშის შედეგად და არ არის საკმარისი ცუდად მოპყრობის დასამტკიცებლად. სისხლის სამართლებრივი მოკვლევა ცუდად მოპყრობის ბრალდებაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტი ფსიქოლოგის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ა-ს ემოციური სიახლოვე უფრო მეტად მამასთან და მამის მხრიდან ბებიასთან ჰქონდა ვიდრე დედასთან ვერ იქნება გათვალისწინებული დედის მხრიდან ცუდად მოპყრობის ფაქტების დაუდგენლობის გამო. ამიტომ ა-ს საუკეთესო ინტერესებს წარმოადგენდა დედასთან ერთად ცხოვრება.
15. 2011 წლის 20 მაისს ბავშვზე ზრუნვის ორგანომ აღნიშნა, რომ ა-ს სურვილი ჰქონდა ეცხოვრა მამასთან. მომჩივანის ბინის ინსპექტირებამ აჩვენა, რომ მომჩივანს ბინაში ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი ა-ს ნორმალური განვითარებისთვის. ბავშვზე ზრუნვის ორგანოებმა შესაბამისად დაადგინეს რომ ა-ს უნდა ეცხოვრა მომჩივანთან.
16. 2011 წლის 22 ივნისს ბურიატიის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა 2011 წლის 19 მაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მან დაადგინა, რომ კანონით დადგენილი პროცედურის დარღვევით საოლქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ბავშვზე ზრუნვის ორგანოების მოსაზრება და დასკვნა. შესაბამისად საოლქო სასამართლომ სერიოზულად დარღვია პროცედურები. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვზე ზრუნვის ორგანოების მოსაზრება სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ აქვს სავალდებულო ხასიათი სასამართლოსთვის ამ მოსაზრების არ გათვალისწინება არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვის საფუძველს, რომელიც თავისი არსით სწორია.
17. 2011 წლის 30 ივნისს ოქტიაბრსკის საოლქო საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო სისხლის სამართლებრივი გამოძიება ა-ს მიმართ განხორციელებულ ნაგულვებ ცუდად მოპყრობასთან და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით.
18. ვინაიდან მომჩივანი ინარჩუნებდა ა-სთან ურთიერთობებს, ამიტომ ნ-მა მიმართა ოქტიაბრსკის ოლქის სასამართლოს ამკრძალავი გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც მომჩივანი ვალდებული იქნებოდა დაებრუნებინა ა დედისთვის.
19. 2011 წლის 29 ნოემბერს ოქტიაბრსკის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა ნ-ის მოთხოვნა. მან დაადგინა, რომ მომჩივანი არ მოქმედებდა 2011 წლის 19 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მან დაადგინა, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივანმა ა უნდა დაუბრუნოს ნ-ს. 2012 წლის 30 იანვარს ბურიატიის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება.
20. დაუდგენელ დღეს მომჩივანმა მეორედ მიმართა ოქტიაბრსკის საოლქო სასამართლოს საცხოვრებელი ნებართვის მოთხოვნით ა-თან დაკავშირებით და ამავე დროს მოითხოვა ნ-ისთვის მშობლის უფლების შეზღუდვა.
21.2012 წლის 23 იანვარს ოქტიაბრსკის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და ძალაში დატოვა მისი წინა გადაწყვეტილება ა-ს დედასთან ცხოვრებასთან დაკავშირებით და მიუთითა იგივე საფუძვლები რაც 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაში იყო მითითებული. სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი შეეზღუდა ნ-თვის მშობლის უფლებები. 2012 წლის 2 აპრილს ბურიატიის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ასევე ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება.
22. 2012 წლის 13 მარტს ნ-მა გაიტაცა ა მომჩივანისგან. რის შემდეგაც იგი მომჩივანს უკრძალავდა ა-თან შეხვედრას.
23. 2012 წლის 20 მარტს ა ისევ დაკითხეს გამომძიებლებმა ფსიქოლოგის თანდასწრებით. მან თქვა რომ მას დედასთან ერთად ცხოვრება მოსწონდა და რომ ის მას კარგად ეპყრობოდა.
24. 2012 წლის 23 აპრილს ა გამოიკვლიეს ფსიქოლოგების ჯგუფმა, რომელიც გამომძიებელმა დანიშნა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. მათ დაადგინეს რომ ა არ იყო გონებრივად ჩამორჩენილი. მაგრამ მისი ასაკის, განვითარების და გარე ზეგავლენისადმი მგრძნობელობის გამო მისი ჩვენება დედასთან, მამასთან ან დედის ახალ პარტნიორთან ურთიერთობების შესახებ არ იყო სანდო.
25. 2013 წლის 30 აპრილს ოქტიაბრსკის საოლქო საგამოძიებო კომიტეტმა შეწყვიტა სისხლის სამართლებრივი მოკვლევა იმ ცუდად მოპყრობის და სექსუალური ძალადობის ნიშნების არ არსებობის საფუძვლით. სხეულზე იარები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო დაცემის შედეგად. ექსპერტების აზრით ა-ს მოსაზრება რომ დედის პარტნიორი მას ცუდად ეპყრობოდა ვერ იქნება მიჩნეული სანდოდ. მოწმეებმა ვერ შეძლეს ვერანაირი ინფორმაციის წარმოდგენა ბავშვზე შესაძლო ძალადობის შესახებ.
ბ. მამობის უფლების ჩამორთმევა და მომდევნო მოვლენები
26. მომჩივანმა მესამედ მიმართა ოქტიაბრსკის საოლქო სასამართლოს ა-თვის საცხოვრებლის უფლების მინიჭების მოთხოვნით. მან ასევე მოითხოვა ნ-თვის დედობის უფლების ჩამორთმევა.
27. მაშინ როდესაც მიმდინარე საქმე განხილვის პროცესში იყო ნ-მა საჩივარი შეიტანა ოქტიაბრსკის საოლქო სასამართლოში რითაც მომჩივანის ა-ს მამობა სადაო გახადა და მოითხოვა მისი სახელის ამოშლა ა-ს დაბადების მოწმობიდან და ა-თვის გვარის და მშობლების ვინაობის შეცვლა.
28. 2012 წლის 23 ივლისს ჩატარდა დნმ ანალიზი, რომლითაც დადგინდა რომ მომჩივანი არ იყო ა-ს ბიოლოგიური მამა.
29. 2012 წლის 18 სექტემბერს ოქტიაბრსკის საოლქო სასამართლომ დასაშვებად სცნო ნ-ის მოთხოვნა. მან დაადგინა, რომ მომჩივანი არ იყო ა-ს ბიოლოგიური მამა და შეუწყვიტა მას მამობის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე მომჩივანის სახელი უნდა ამოშლილიყო ა-ს დაბადების მოწმობიდან და რომ ა-ს გვარი და მამის სახელი შეცვლილიყო იმ გვარით და მამის სახელით, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული მომჩივანთან. 2012 წლის 19 ნოემბერს ბურიატიის რესპუბლიკის უზენასმა სასამართლომ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება.
30. 2013 წლის 16 იანვარს ოქტიაბრსკის საოლქო სასამართლომ შეწყვიტა მომჩივანის სარჩელის განხილვა საცხოვრებელი უფლების მინიჭების და ნ-თვის დედობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი არ იყო ა-ს ბიოლოგიური მამა და რომ მას არანაირი სამართლებრივი უფლებები მშობლის უფლებასთან მიმართებით ა-თან დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობით არ ჰქონია. მომჩივანი საქმის განხილვას არ დასწრებია ავადმყოფობის გამო. 31. 2013 წლის 27 თებერვალს ბურიატიის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება. მისთვის სასამართლო განხილვის თარიღი არ იყო ცნობილი. სააპელაციო გადაწყვეტილების შესახებ მისთვის ცნობილი არ გამხდარა 2013 წლის 12 მარტამდე.
32. 2013 წლის 12 მარტს ბურიატიის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ უარი უთხრა მომჩივანს საკასაციო საჩივრის სასამართლოს პრეზიდიუმისთვის გადაცემის თაობაზე, იმ საფუძვლით რომ მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას არ ჰქონია ადგილი, რაც გავლენას იქონიებდა სამართალწარმოების შედეგზე. მან კონკრეტულად მიუთითა საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებაზე, რომლის მიხედვითაც მომჩივანს წერილი გაეგზავნა 2013 წლის 7 თებერვალს, რომლითაც მას ატყობინებდნენ სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღს. სარჩელის განხილვის თარიღი ასევე განთავსებული იყო სასამართლოს ვებგვერდზე. შესაბამისად მომჩივანი ინფორმირებული იყო სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღთან დაკავშირებით.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
33. საოჯახო კოდექსი ადგენს მშობლების ვალდებულებას იმოქმედონ ბავშვების სახელით და დაიცვან ბავშვის ინტერსები და უფლებები ნებისმიერ ურთიერთობებში იქნება ეს პირებთან თუ უწყებებთან მიმართებით. ისინი ex officio მოქმედებენ, როგორც ბავშვის იურიდიული წარმომადგენელი სასამართლო სამართალწარმოებაში (Article 64 § 1).
34. მშობლების განქორწინების შემთხვევაში ბავშვის საცხოვრებელი განისაზღვრება მშობლებს შორის შეთანხმებით. თუ მსგავსი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია მაშინ ბავშვის საცხოვრებელ ადგილს განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილება, ბავშვის საუკეთესო ინტერესების და მისი მოსაზრების გათვალისწინებით. კონკრეტულად კი სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის კავშირი მშობლებთან და და-ძმებთან, ბავშვსა და თითოეულ მშობელს შორის ურთიერთობის ხარისხი, ბავშვის ასაკი, მშობლის მორალური და სხვა პირადი თვისებები და შესაძლებლობები, რომელიც თითოეულ მათგანს გააჩნია იმისათვის, რომ ბავშვს შეუქმნას ხელსაყრელი პირობები ცხოვრებისა და განვითარებისთვის (როგორიცაა მშობლის სამსახური, სამუშაო განრიგი, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობა და ასე შემდეგ) (მუხლი 65 § 3).
35. ბავშვისგან განცალკევებით მცხოვრები მშობელი ინარჩუნებს უფლებას ჰქონდეს კონტაქტი ბავშვთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდასა და განათლებაში. მშობელი რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს ვალდებულია არ შეუშალოს ხელი ბავშვის მეორე მშობელთან ურთიერთობას გარდა იმ შემთხვევისა თუ მსგავსი კონტაქტი ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას და მორალურ განვითარებას უშლის ხელს. (მუხლი 66 § 1).
36. ბავშვს აქვს უფლება შეინარჩუნოს კონტაქტი საკუთარ მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან, და-ძმებთან და სხვა ნათესავებთან. მშობლების განქორწინება, განცალკევება ან მათი ქორწინების გაუქმება არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებებზე. კონკრეტულად კი მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრების შემთხვევაში ბავშვს აქვს უფლება შეინარჩუნოს კონტაქტი ორივე მშობელთან. (მუხლი 55 § 1).
37. ბებია-ბაბუა, ძმები, დები და სხვა ნათესავები უფლებამოსილნი არიან ჰქონდეთ ურთიერთობა ბავშვებთან. თუ მშობლები, ან ერთი მათგანი უკრძალავს ახლო ნათესავებს ბავშვის ნახვას მაშინ ბავშვზე ზრუნვის ორგანომ შეიძლება დაადგინოს ამ ურთიერთობის შენარჩუნების აუცილებლობა. იმ შემთხვევაში თუ მშობლები არ დაემორჩილებიან ბავშვზე ზრუნვის ორგანოს გადაწყვეტილებას მაშინ ამ ორგანოს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს. სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და უნდა გაითვალისწინოს ბავშვის მოსაზრება. თუ მშობლები არ შეასრულებენ სასამართლოს ბრძანებას ურთიერთობის შენარჩუნების შესახებ მაშინ მათ დაეკისრებათ პასუხიმგებლობა კანონით დადგენილი პირობებით (მუხლი 67).
38. სასამართლო უფლებამოსილია მშობელს ჩამოართვას მშობლის უფლება მეორე მშობლის, მეურვის, პროკურორის ან სოციალური სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე თუ სხვა საკითხებთან ერთად მშობელი არ ექცევა სათანადოდ ბავშვს, იყენებს მის მიმართ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას ან სექსუალურ ძალადობას. (მუხლი 69 და 70 § 1).
39. სასამართლოს უფლება აქვს შეზღუდოს მშობლის უფლება და ჩამოაშოროს ბავშვი მშობლის მზრუნველობას ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ახლო ნათესავის, სოციალური სამსახურის, საგანმანათლებლო დაწესებულების ან პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე. მშობლის უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევებში როდესაც მშობელი საფრთხეს წარმოადგენს ბავშვისთვის (მუხლი 73).
40. ბავშვის დედობის და მამობის უფლება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს წინაშე იმ პირის მიერ რომელიც ბავშვის დაბადების მოწმობაში მითითებულია როგორც მისი დედა ან მამა, ბავშვის ბიოლოგიური დედის ან მამის მიერ, თავად ბავშვის მიერ მას შემდეგ არც ის მიაღწევს სრულწლოვანებას, ბავშვის მეურვის მიერ და იმ შემთხვევაში თუ ბავშვის მშობელი უუნაროა მაშინ მშობლის მეურვის მიერ (მუხლი 52 § 1).
III. შესაბამისი საერთაშორისო და შედარებითი მასალები
ა. გაეროს დოკუმენტები
41. ბავშვის უფლებების კონვენციის მუხლი 3, რომელიც მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს და რატიფიცირებულია რუსეთის მიერ 1990 წელს, ადგენს შემდეგს:
“1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
42. მუხლი 9 ადგენს შემდეგს:
“1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება...
3. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს...”
43. ზოგადი კომენტარი #14 (2013 წ.) ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესს დაეთმოს უპირველესი ყურადღება (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი) მიღებული 2013 წლის 29 მაისს (CRC/C/GC/14), გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის შესახებ ადგენს შემდეგს:
“13. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს და განახორციელოს ბავშვის უფლება - მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება - და მას ეკისრება ვალდებულება, განახორციელოს ყველა საჭირო, საგანგებო და კონკრეტული ღონისძიება ამ უფლების სრული რეალიზაციისათვის.
14. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ჩარჩოს მონაწილე სახელმწიფოთა სამი სხვადასხვა სახის ვალდებულებებისთვის:
(ა)ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სათანადოდ ინტეგრირებული იყოს და თანმიმდევრულად ხდებოდეს მათი გათვალისწინება საჯარო უწყების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში, განსაკუთრებით განხორციელების ყველა ღონისძიებაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოებაში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვს ბავშვებზე;
(ბ)ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ყველა სასამართლო და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც ბავშვებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში ნათლად ჩანდეს,, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს დაეთმო უპირველესი ყურადღება. საჭიროა იმის აღწერაც, თუ როგორ მოხდა საუკეთესოინტერესების შესწავლა და შეფასება და რა მნიშვნელობა მიენიჭა მათ გადაწყვეტილებაში.
15. იმისათვის, რომ შესაბამისობა იქნეს უზრუნველყოფილი, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ რიგი ღონისძიებებისა კონვენციის მე-4 და 42-ე მუხლების და 44-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რათა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს დაეთმოს უპირველესი ყურადღება ყველა ქმედების განხორციელებისას. ამგვარ ღონისძიებებს შორის არის:
(ა)ეროვნული კანონმდებლობისა და სამართლის სხვა წყაროების გადასინჯვა და საჭიროებისამებრ შეცვლა მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჩართვის მიზნით და იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების მოთხოვნა ასახული და განხორციელებული იყოს ყველა ეროვნულ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტში, პროვინციის თუ ტერიტორიულ კანონმდებლობაში, ბავშვებისათვის ან ბავშვებზე ზეგავლენის მქონე მომსახურების გამწევი კერძო თუ საჯარო დაწესებულებების მარეგულირებელ წესებში და სასამართლო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ნებისმიერ დონეზე, როგორც მატერიალური უფლება და საპროცესო ნორმა;
...
(c) გასაჩივრების, აღდგენის ან ზიანის ანაზღაურების მექანიზმების შექმნა, რათა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების სათანადოდ ინტეგრირების უფლება სრულად იქნეს რეალიზებული და თანმიმდევრულად გატარებული განხორციელების ყველა ღონისძიებაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოებაში, რომელიც შეეხება ბავშვს და ზეგავლენას ახდენს მასზე;
29. სამოქალაქო საქმეებში, როგორიც არის მამობის დადგენის, ბავშვზე ძალადობის ან მისი უგულებელყოფის, ოჯახის გაერთიანების, განსახლების და სხვა საქმეები, ბავშვი შესაძლოა იცავდეს თავის ინტერესებს დამოუკიდებლად ან წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო პროცესმა, მაგალითად, შვილად აყვანის, განქორწინების, მეურვეობის, საცხოვრისის, მონახულების ან სხვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვთ ბავშვის სიცოცხლესა და განვითარებაზე, ასევე ბავშვის მიმართ ძალადობასთან ან მის უგულებელყოფასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას შესაძლოა ბავშვზე ზეგავლენა მოახდინოს. სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები გათვალისწინებული იყოს ყველა ამგვარ სიტუაციასა და გადაწყვეტილებაში, მიუხედავად მათი საპროცესო თუ მატერიალური ხასიათისა, და უნდა წარმოაჩინონ, რომ მათ ეს ეფექტიანად განახორციელეს....
36. განხორციელების ყველა ღონისძიების შემუშავებისას უპირველესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა მიენიჭოს. სიტყვები „უნდა მიენიჭოს” ძლიერ სამართლებრივ ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოებს და გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ისარგებლონ დისკრეციული უფლებამოსილებით იმის განსაზღვრისას, უნდა შეფასდეს თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მიენიჭოს თუ არა მათ სათანადო მნიშვნელობა უპირველესი ყურადღების სახით ნებისმიერი განხორციელებული ქმედებისას....
60. ოჯახის განცალკევების პრევენცია და ოჯახის ერთიანობის შენარჩუნება ბავშვთა დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტებია და ეფუძნება მე-9 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ უფლებას, რომელიც მოითხოვს, რომ „ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ [...] ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს”. ამასთან, ერთ ან ორივე მშობელთან დაცილებული ბავშვი უფლებამოსილია, „რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი). ეს აგრეთვე შეეხება ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს მეურვეობის უფლება, სამართლებრივ ან ჩვეულებით პირველად მზრუნველებს, მინდობით მიმღებ ოჯახს და იმ პირებს, რომლებთანაც ბავშვს ახლო პირადი ურთიერთობა აქვს....”
B. შედარებითი სამართლის მასალები
44. საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის მუხლი 371-4 ადგენს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბავშვის ინტერესები ამას მოითხოვს, ოჯახური დავების მოსამართლე ადგენს ბავშვსა და ნებისმიერ სხვა პირს შორის ურთიერთობების მოდელს, მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს პირი მისი ნათესავი, რომელიც სტაბილურად ცხოვრობდა ბავშვთან და მის ერთ-ერთ მშობელთან ერთად, მონაწილეობას იღებდა ბავშვის განათლებაში, ყოველდღიურ მზრუნველობასა და ცხოვრებაში და რომელთანაც ჩამოუყალიბდა მას მჭიდრო ემოციური კავშირი.
45. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1685 ადგენს, რომ ნებისმიერი პირი რომელთანაც ბავშვს აქვს ახლო კავშირი შეიძლება ითხოვდეს ურთიერთობის შენარჩუნების უფლებას იმ შემთხვევაში თუ მათ აქვთ ან ჰქონდათ ბავშვზე პასუხიმგებლობა (სოციალური ან ოჯახური ურთიერთობები) და თუ ეს ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერსებს. ზოგადად იგულისხმება, რომ პასუხიმგებლობის აღება ხდება იმ შემთხვევაში როდესაც პირი ოჯახურ პირობებში ცხოვრობს ბავშვთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში.
46. გაერთიანებული სამეფოს ბავშვის შესახებ კანონის მე-10-ე თავი ადგენს რომ კავშირის შენარჩუნების უფლება შეიძლება პირმა მოითხოვოს იმ შემთხვევაში თუ ის რომელიმე მხარეს წარმოადგენს ქორწინებაში და იმ ბავშვის მიმართ რომელიც მიიჩნევა ოჯახის შვილად, მშვილებელის ან ნათესავის მიერ, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობდა ერთი წლის ვადით მაინც, ან ნებისმიერი პირის მიერ რომელთანაც ბავშვი მინიმუმ სამი წელი მაინც ცხოვრობდა.
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-8-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა
47. მომჩივანი აცხადებდა, რომ მამობის უფლების ჩამორთმევამ მას დააკარგვინა უფლება შეენარჩუნებინა კონტაქტი საკუთარ ქალიშვილთან და დაეცვა მისი ინტერესები სასამართლოში. ის დაეყრდნო კონვენციის მე-8-ე მუხლს, რომელიც ადგენს შემდეგს:
“1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
.”
ა. დასაშვებობა
48. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის უსაფუძვლო კონვენციის 35-ე მუხლის § 3 (ა)-ს შესაბამისად. ის ასევე მიუთითებს, რომ ის სხვა რაიმე საფუძვლით დაუშვებელი არ არის და შესაბამისად უნდა იქნას ცნობილი დასაშვებად. .
ბ. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
49. მთავრობამ განაცხადა, რომ დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ მომჩივანი არ იყო ა-ს ბიოლოგიური მამა. ანალიზი ჩატარდა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და რუსეთის სასამართლოებმა დასაშვებად სცნეს იგი და მიიჩნეს სანდო მტკიცებულებად, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს იმისათვის რომ მომჩივანს შეუწყდეს ა-ს მამობის უფლება. არ არსებობდა დნმ-ის ანალიზის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი.
50. მთავრობა აცხადებდა, რომ მამობის უფლების ჩამორთმევა შესაბამისობაში იყო კონვენციასთან, მაშინ როდესაც დამტკიცდა რომ ბავშვის „კანონიერი“ მამა არ იყო მისი ბიოლოგიური მამა. სასამართლოს პრეცედენტული სამართლით ოჯახური ცხოვრების პატივისცემა მოითხოვს ბიოლოგიური და სოციალური რეალობის უპირატესობას მამობის სამართლებრივ პრეზუმფციასთან (იხილეთ კრუნი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (Kroon and Others v. the Netherlands), 27 ოქტომბერი 1994, § 40, Series A no. 297‑C; და შოფმანი რუსეთის წინააღმდეგ (Shofman v. Russia, no. 74826/01, § 44, 24 ნოემბერი 2005). ამასთანავე მომჩივანისთვის ა-ს მამობის უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ჰქონდა საფუძვლები ეროვნულ კანონმდებლობაში, კონკრეტულად კი საოჯახო კოდექსის მუხლი 52 (იხილეთ პუნქტი 40 ზემოთ), რომელიც არ ადგენს დროში შეზღუდვას ბავშვის მამობის დადგენის საკითხთან დაკავშირებით .
51. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ რუსული კანონმდებლობით მხოლოდ ახლო ნათესავები - მშობლები, ბებია და პაპა, ბებიის და პაპის დედ-მამა, და-ძმა, ბიძები, დეიდები, მამიდები და ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები - უფლებამოსილნი არიან შეინარჩუნონ ურთიერთობა ბავშვთან (იხილეთ პუნქტი 37 ზემოთ). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანის ა-ს მამობის უფლება შეწყდა მას არ აქვს უფლება ეროვნული კანონმდებლობით შეინარჩუნოს ა-თან კონტაქტი. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ მომჩივანს სასამართლოსთვის არ მიუმართავს ა-თან ურთიერთობის შენარჩუნების უფლებისთვის. იმის გათვალისწინებით რომ მომჩივანს და ა-ს დედას შორის იყო კონფლიქტი ბავშვის საუკეთესო ინტერსებში არ შედიოდა მომჩივანისთვის ბავშვთან ურთიერთობის შენარჩუნების უფლების მინიჭება (მათ მიუთითეს საქმეზე ნეკვედავიცკუსი გერმანიის წინააღმდეგ (Nekvedavicius v. Germany (dec.), no. 46165/99, 19 ივნისი 2003).
52. მთავრობამ ასევე განაცხადა რომ მომჩივანი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა სასამართლოსგან ა-ს დედისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა. რუსული კანონმდებლობით მხოლოდ მშობელს, მეურვეს, პროკურორს ან სოციალურ მუშაკს აქვს უფლება სასამართლოს მიმართოს მსგავსი მოთხოვნით (იხილეთ პუნქტი 38 ზემოთ). შესაბამისად ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება შეეჩერებინათ სამართალწარმოება მოცემულ საქმეზე იყო კანონიერი.
53. და ბოლოს მთავრობამ განაცხადა, რომ ეროვნული სასამართლოები ყოველთვის მოქმედებდნენ ა-ს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. კონკრეტულად კი მათ დაადგინეს, რომ ა-ს საუკეთესო ინტერსებში შედიოდა დედასთან აღზრდა. 54. მომჩივანმა საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა დატოვა ძალაში.
2. სასამართლოს შეფასება
55. კონვენციის მე-8-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეაფასოს არსებობდა თუ არა პირადი ან ოჯახური ურთიერთობების მსგავსი ურთიერთობები მომჩივანს და ა-ს შორის.
56. სასამართლო იმეორებს რომ „ოჯახური ცხოვრების“ ცნება კონვენციის მე-8-ე მუხლის მიხედვით არ შემოიფარგლება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობებით და ასევე შეიძლება მოიცავდეს სხვა დე ფაქტო „ოჯახურ“ კავშირებს (იხილეთ ანაიო გერმანიის წინააღმდეგ (Anayo v. Germany), no. 20578/07, § 55, 21 დეკემბერი 2010). “ოჯახური კავშირების“ არსებობა ან არ არსებობა კონვენციის მე-8-ე მუხლის მიზნებისათვის არსებითად დამოკიდებულია ახლო პირადი კავშირების რეალურად არსებობის ფაქტზე. (იხილეთ კ და ტ ფინეთის წინააღმდეგ (K. and T. v. Finland) [GC], no. 25702/94, § 150, ECHR 2001‑VII). მიუხედავად იმისა რომ კოჰაბიტაცია შეიძლება ასეთი ურთიერთობების მოთხოვნად იყოს მიჩნეული გამოკვეთილი სხვა ფაქტორებიც არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს დემონსტრირება იმისა რომ ურთიერთობები საკმარისად მყარია იმისათვის რომ შექმნას დე ფაქტო „ოჯახური კავშირი“ (იხილეთ კრუნი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (Kroon and Others v. the Netherlands), ზემოთ ციტირებული, § 30).
57. სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ მშვილებელ ოჯახს და ნაშვილებ ბავშვს შორის ურთიერთობები, რომლებიც თვეების განმავლობაში ცხოვრობენ ერთად წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას კონვენციის მე-8-ე მუხლის § 1-ის მიზნებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბიოლოგიური ურთიერთობები არ არსებობს. სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი რომ ახლო ემოციური კავშირი დამყარდა მშვილებელ ოჯახს და ბავშვს შორის, რომელიც გავდა მშობლებს და შვილებს შორის არსებულ ურთიერთობებს და რომ მშვილებელი ოჯახი ყველა ასპექტში იქცეოდა როგორც ბავშვის მშობელი (იხილეთ მორეტი და ბენედეტი იტალიის წინააღმდეგ ( Moretti and Benedetti v. Italy), no. 16318/07, §§ 49-50, 27 აპრილი 2010, და კოპფი და ლიბერდა ავსტრიის წინააღმდეგ (Kopf and Liberda v. Austria), no. 1598/06, § 37, 17 იანვარი 2012).
58. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს რომ ა დაიბადა მომჩივანის და ნ-ს ქორწინების პერიოდში და რეგისტრირებული იყო როგორც მისი ქალიშვილი. მომჩივანს არანაირი ეჭვი არ ჰქონია ა-ს მამობასთან დაკავშირებით ისე ზრდიდა და ზრუნავდა მასზე ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. როგორც ბავშვზე ზრუნვის ორგანომ და ექსპერტმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს არსებობდა ახლო ემოციური კავშირი მომჩივანს და ა-ს შორის (იხილეთ პუნქტები 14 და 15 ზემოთ). იმის გათვალისწინებით რომ მომჩივანი და ა წლების განმავლობაში თავს მამად და ქალიშვილად მიიჩნევდნენ იქამდე სანამ არ გამოაშკარავდა, რომ მომჩივანი არ იყო ა-ს ბიოლოგიური მამა და ასვე მათ შორის არსებული ახლო პირადი კავშირების გათვალისწინებით სასამართლო ადგენს რომ მათი ურთიერთობები წარმოადგენდა ოჯახურ ურთიერთობებს კონვენციის მე-8-ე მუხლის § 1-ის მიზნებისთვის.
59. სასამართლო გამოიკვლევს მომჩივანის ოჯახური ცხოვრების პატივისცემა შეილახა თუ არა.
60. სასამართლო აღნიშნავს, რომ იქ სადაც ოჯახური კავშირების არსებობა დადგენილია სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ისე რომ ეს კავშირი შენარჩუნდეს. მშობლის და შვილის მიერ ურთიერთობების ორმხრივად შენარჩუნება წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს და ეროვნული ღონისძიებები რომელიც ხელს უშლის მსგავსი ურთიერთობების შენარჩუნებას წარმოადგენს კონვენციის მე-8-ე მუხლით დადგენილ უფლებაში ჩარევას (იხილეთ, მონორი რუმინეთის და უნგრეთის წინააღმდეგ, (Monory v. Romania and Hungary), no. 71099/01, § 70, 5 აპრილი 2005, და კ და ტ ფინეთის წინააღმდეგ (K. and T. v. Finland), ზემოთ ციტირებული, § 150).
61. მიუხედავად იმისა რომ კონვენციის მე-8-ე მუხლის პირველადი მიზანი არის დაიცვას ინდივიდი სახელმწიფო ორგანოების თვითნებური მოქმედებებისგან ამასთანვე არსებობს ოჯახური ცხოვრების „პატივისცემის“ პოზიტიური ვალდებულება. ეს ვალდებულება შესაძლოა მოიცავდეს ისეთი მექანიზმების მიღებას რომელიც უზრუნველყოფს ოჯახური ცხოვრების პატივისცემას ინდივიდებს შორის ურთიერთობისასაც კი, მათ შორის ინდივიდის უფლებების სასამართლო რეგულირების და აღსრულების მექანიზმის დაცვისთვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს (იხილეთ გლასერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Glaser v. the United Kingdom), no. 32346/96, § 63, 19 სექტემბერი 2000).
62. სახელმწიფო ვალდებულებასთან მიმართებით აღასრულოს პოზიტიური მექანიზმები, სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ კონვენციის მე-8-ე მუხლი მოიცავს მშობლის უფლებას მიიღოს ზომები საკუთარ შვილთან კავშირის და ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით და სახელმწიფო ორგანოების ვალდებულებას განახორციელონ მსგავსი მოქმედებები. ეს ასევე ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ურთიერთობის და ცხოვრების დავები ბავშვებთან დაკავშირებით წარმოიშობა მშობლებს და/ან ოჯახის სხვა წევრებს შორის (იხილეთ მანიკი ლიტვის წინააღმდეგ (Manic v. Lithuania), no. 46600/11, § 101, 13 იანვარი 2015,).
63. როგორც უარყოფითი ისე პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსის დაცვა პირის სადაო ინტერსებს და მთლიანად საზოგადოებას შორის; ორივე შემთხვევაში სახელმწიფო სარგებლობს თავისუფალი შეფასებით (იხილეთ გლასერი (Glaser), ზემოთ ციტირებული, § 63). მე-8-ე მუხლი მოითხოვს ეროვნული უწყებებიდან დაიცვან სამართლიანი ბალანსი ბავშვის და მშობლის ინტერსებს შორის და დაბალანსების პროცესში უმნიშვნელოვანესია ბავშვის საუკეთესო ინტერსების დაცვა, რომელიც მათი სერიოზულობის და ბუნებიდან გამომდინარე შეიძლება უფრო უპირატესი იყოს ვიდრე მშობლის. (იხილეთ საჰინი გერმანიის წინააღმდეგ (Sahin v. Germany) [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003‑VIII, და პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ (Płaza v. Poland), no. 18830/07, § 71, 25 იანვარი 2011).
64. მოცემულ საქმეში მომჩივანის ა-ს მამობის უფლება ჩამოერთვა და მისი სახელი ამოიშალა ა-ს დაბადების მოწმობიდან, მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ ის მისი ბიოლოგიური მამა არ იყო. ამის შედეგად მომჩივანმა დაკარგა ყველა უფლება რომელიც მშობელს აქვს, მათ შორის ბავშვთან კონტაქტის შენარჩუნების უფლება. მართალია საოჯახო კოდექსი ადგენს, რომ მხოლოდ მშობლებს, ბებიას, პაპას, და-ძმას და სხვა ნათესავებს აქვთ უფლება შეინარჩუნონ კონტაქტი ბავშვთან (იხილეთ პუნქტები 35 და 37 ზემოთ). როგორც მთავრობის წარმომადგენელმა დაადასტურა მომჩივანი ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში არ არის უფლებამოსილი შეინარჩუნოს კონტაქტი ა-თან ვინაიდან იგი არ მიიჩნევა მის მამად ან სხვა ნათესავად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია რომ სასამართლოს კავშირის ქონის უფლებისთვის სასამართლოსადმი მიმართვა არ გამოიღებდა შედეგს არსებული ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში.
65. სასამართლო გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის იმ სამართლებრივი დებულებების მოუქნელობის გამო, რომელიც არეგულირებს ბავშვთან კავშირის უფლებას. კანონით დადგენილია ამომწურავი სია იმ პირების ვინც უფლებამოსილია შეინარჩუნოს კონტაქტი ბავშვთან, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, გარკვეული ოჯახური გარემოებების ან ბავშვის საუკეთესო ინტერსების გათვალისწინებით. შედეგად, მომჩივანის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირი რომელსაც არ აქვს ნათესაური კავშირი ბავშვთან მაგრამ ვინც მასზე ზრუნავდა წლების განმავლობაში და რომელთანაც ახლო პირადი კავშირი ჩამოუყალიბდა ვერ მიიღებს ურთიერთობის შენარჩუნების უფლებას ვერცერთ შემთხვევაში მიუხედავად ბავშვის საუკეთესო ინტერსებისა. სახელმწიფოს არ წარმოუდგენია არგუმენტები იმისა, თუ რატომ არის „საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში“ დადგინდეს მოუქნელი სია იმ ადამიანებისა, რომელთაც აქვთ კონტაქტის შენარჩუნების უფლება ბავშვთან და არ არსებობს გამონაკლისი ამ დებულებიდან რომლითაც მოხდება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება კონკრეტული საქმის გარემოებების ფარგლებში.
66. სასამართლოსთვის არ არის დამაჯერებელი, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები მასთან კონტაქტის შენარჩუნების თვალსაზრისით შეიძლება განისაზღვროს ზოგადი სამართლებრივი ვარაუდებით. ოჯახური მდგომარეობების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანი ბალანსი ყველა მონაწილე პირების უფლებებს შორის მოითხოვს საქმის კონკრეტული გარემოებების შესწავლას (იხილეთ, mutatis mutandis, შნეიდერი გერმანიის წინააღმდეგ (Schneider v. Germany), no. 17080/07, § 100, 15 სექტემბერი 2011). შესაბამისად კონვენციის მე-8-ე მუხლი ისე უნდა განიმარტოს, რომ მან დააწესოს ვალდებულება წევრ სახელმწიფოზე საქმეების ინდივიდუალური განხილვისას განსაზღვროს არის თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერსებში შეინარჩუნოს კონტაქტი პირთან რომელთან არ აქვს ბიოლოგიური კავშირი მაგრამ რომელიც მასზე ზრუნავდა საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში. მომჩივანისთვის ა-თან ურთიერთობის შენარჩუნებაზე უარით იმის გამოკვლევის გარეშე წარმოადგენდა თუ არა ეს ა-ს საუკეთესო ინტერესს რუსეთმა ვერ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა.
67. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნული კანონმდებლობის მოქმედების ფარგლებში მომჩივანი სრულად და ავტომატურად ამოირიცხა ა-ს ცხოვრებიდან მაშ შემდეგ რაც მან დაკარგა მამობის უფლება. მაგრამ პირი რომელიც ზრდიდა ბავშვს, როგორც საკუთარს საკმაოდ დიდ დროის განმავლობაში არ შეიძლება სრულად ამოიშალოს ბავშვის ცხოვრებიდან, მას შემდეგ რაც დადგინდა რომ ის მისი ბილოგიური მამა არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს არ არის გამოწვეული ბავშვის საუკეთესო ინტერესებით. მოცემულ საქმეში კი მსგავსი გარემოებები არ არსებობდა. არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა დადგენილი, რომ მომჩივანის კონტაქტი ა-თან საზიანო იქნებოდა ა-ს განვითარებისთვის. პირიქით როგორც ბავშვზე ზრუნვის ორგანომ ისე ექსპერტმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს რომ არსებობდა ძლიერი ორმხრივი კავშირი მომჩივანს და ა-ს შორის და რომ მომჩივანი კარგად ზრუნავდა ბავშვზე (იხილეთ პუნქტები 14 და 15 ზემოთ).
68. ზემოთხსენებულის გათვალისწინებით სასამართლო ადგენს, რომ სახელმწიფო უწყებებმა ვერ შეასრულეს საკუთარი ვალდებულება და ვერ უზრუნველყვეს ოჯახური კავშირის შენარჩუნება მომჩივანს და ა-ს შორის. მომჩივანის სრული და ავტომატური გამორიცხვა ა-ს ცხოვრებიდან მისი მამობის უფლების შეწყვეტის შემდეგ და ასევე ეროვნული მექანიზმების მოუქნელობის გამო - კონკრეტულად კი კონტაქტის უფლებაზე უარი ა-ს საუკეთესო ინტერსების გათვალისწინების გარეშე - შესაბამისად იწვევს მომჩივანის ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევას.
შესაბამისად ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8-ე მუხლის დარღვევას.
II. კონვენციის მე-6-ე მუხლის § 1 და მე-13 მუხლის ნაგულვები დარღვევა
69. მომჩივანი დაობდა სასამართლოს მიერ სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე მის საჩივართან დაკავშირებით განსაზღვრულიყო ა-ს საცხოვრებელი ადგილი და ა-ს დედას ჩამორთმეოდა მშობლის უფლება. იგი ასევე დაობდა რომ მისთვის არ იყო ცნობილი სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღი – 2013 წლის 27 თებერვალი. იგი ემყარებოდა კონვენციის მე-6-ე მუხლის § 1-ს და კონვენციის მე-13-ე მუხლს, რომელიც ადგენს შემდეგს:
მუხლი 6 § 1
“სამოქალქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას . . . , ყველას აქვს საქმის სამართლიანი . . . განხილვის უფლება . . . [ა} . . . სასამართლოს მიერ. . . ”
მუხლი 13
“ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა..”
70. მთავრობა აცხადებდა რომ მომჩივანს არ მიუმართავს საკასაციო სარჩელით რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოსთვის ოქტიაბრსკის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების და შემდეგ 2013 წლის 27 თებერვლის და 31 მაისის გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით. მას ასევე არ მოუთხოვია საზედამხედველო მოკვლევის ჩატარება უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმისგან. შესაბამისად მომჩივანმა არ ამოწურა მის ხელთ არსებული ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება.
71. მთავრობამ დამატებით განაცხადა, რომ მომჩივანი არ იყო უფლებამოსილი პირი ეროვნული კანონმდებლობით მოეთხოვა ა-ს დედისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა (იხილეთ პუნქტი 38 ზემოთ) ან მოეთხოვა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. შესაბამისად ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება შეეწყვიტათ საქმის წარმოება კანონიერი იყო. ამასთანავე მომჩივანის მიერ ადრეულ ეტაპზე საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელები ეროვნულმა სასამართლოებმა არსებითად შეისწავლეს. მომჩივანს შეატყობინეს 2013 წლის 27 თებერვალს საქმის განხილვის შესახებ.
72. მომჩივანმა საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა დატოვა ძალაში.
73. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს პრეტენზია შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურაობის შესახებ ახლო კავშირშია მომჩივანის სასარჩელო მოთხოვნის შინაარსთან კონვენციის მე-6-ე მუხლის § 1 და მე-13-ე მუხლის ფარგლებში და ეთანხმება მის არსებით მხარეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრები ცნობილი უნდა იყოს დასაშვებად და ზემოთ ხსენებული დასკვნის საფუძველზე მე-8-ე მუხლთან მიმართებით ადგენს, რომ არ არის საჭირო კონვენციის მე-6-ე § 1 და მე-13-ე მუხლების ფარგლებში მომჩივანის სასარჩელო მოთხოვნის ცალკე განხილვა.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
74. კონვენციის 41-ე მუხლის ადგენს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამრთლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს..”
75. მომჩივანის საჩივარი არ ეხება სამართლიანი დაკმაყოფილების უფლებას. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს რომ მისთვის არანაირი თანხის მიკუთვნება არ განიხილება.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1. უერთდება მთავრობის პრეტენზიას რომ გასაჩივრების შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურაობის შესახებ;
2. ადგენს, რომ საჩივარი არის დასაშვები;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8-ე მუხლის დარღვევას;
4. ადგენს, რომ არ არის საჭირო საჩივრის შესწავლა კონვენციისმე-6-ე მუხლის § 1 და მე-13-ე მუხლის მიზნებისათვის, მიუხედავად მთავრობის პირველადი პრეტენზიისა.
შექმნილია ინგლისურად და შეტყობინება წერილობით გაგზავნილია 2015 წლის 16 ივლისს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
შორენ ნილსენიიზაბელე ბერო
გამწესრიგებელიპრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისსმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy