დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
საქმე „ნაზარენკო უკრაინის წინააღმდეგ“
(საჩივარი № 39483/98)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2003 წლის 29 აპრილი
საბოლოო გახდა
29/07/2003
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ გარემოებებში. იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ გადასინჯვას.
საქმეზე „ნაზარენკო უკრაინის წინაღმდეგ“,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
სერ ნიკოლას ბრატზა, თავმჯდომარე,
ბ-ნი მ. პელონპაა,
ქ-ნი ე. პალმი,
ბ-ნი ჯ. მაკარჩიკი,
ქ-ნი ვ. სტრაჟნიცკა,
ბ-ნი ვ. ბუტკევიჩი,
ბ-ნი რ. მარუსტე, მოსამართლეები,
და ბ-ნი მ. ო’ბოილი, სექციის განმწესრიგებელი,
იმსჯელა რა, განმარტოებით 2003 წლის 25 მარტს,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს მითითებულ დღეს:
პროცედურა
განსახილველი საქმის საფუძველია 1997 წლის 12 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 25-ე მუხლის ძველი რედაქციის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) უკრაინის მოქალაქის, იგორ ნიკოლაევიჩ ნაზარენკოს (შემდგომში „მომჩივანი“) მიერ შეტანილი საჩივარი (№ 39483/98) უკრაინის წინააღმდეგ. მომჩივანი წარმოდგენილი იყო სუდაკში (ყირიმი) მოღვაწე იურისტის, ბ-ნი ა. ხრამცოვის მიერ. უკრაინის მთავრობა (შემდგომში „მთავრობა“) წარმოდგენილი იყო იუსტიციის სამინისტროში მოღვაწე სახელმწიფო აგენტის, ქ-ნი ვ. ლუტკოვსკას მიერ. აპლიკანტის მტკიცებით, პირობები, რომელიც მასზე ვრცელდებოდა სიმფეროპოლის საპატიმროში სიკვდილმისჯილთა რიგებში ყოფნისას, წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საჩივარი 1998 წლის 1 ნოემბერს გადაეცა სასამართლოს, კონვენციის მე-11 ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ (მე-11 ოქმის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი). საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეოთხე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). ხსენებულ სექციაში, პალატა, რომელიც განიხილავს საქმეს (კონვენციის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), განისაზღვრა სასამართლო რეგლამენტის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით. მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, პალატის თავმჯდომარის გადაწყვეტილების თანახმად, მართლმსაჯულების უკეთ წარმართვის მიზნით, მოცემულ საქმეზე სამართალწარმოება განხორციელდება შემდეგ საქმეებთან ერთად: დანკევიჩი უკრაინის წინააღმდეგ, ალიევი უკრაინის წინააღმდეგ, ხოხლიჩი უკრაინის წინააღმდეგ, პოლტორაცკი უკრაინის წინააღმდეგ და კუზნეცოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადების № 40679/98, 41220/98, 41707/98 და 38812/97 და 39042/97 (რეგლამენტის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილი)). 1999 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, პალატამ ნაწილობრივ დასაშვებად მიიჩნია საჩივარი. 1999 წლის 4 ოქტომბერს, სასამართლო ფაქტების დადგენის მიზნით ეწვია სიმფეროპოლის საპატიმროს. 2001 წლის 1 ნოემბერს, სასამართლომ შეცვალა სექციების შემადგენლობა (რეგლამენტის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი). მოცემული საქმე გადაეცა მეოთხე სექციის ახლად ფორმირებულ შემადგენლობას. მთავრობამ წარადგინა საკუთარი არგუმენტები საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, რაც მომჩივანს არ განუხორციელებია.
ფაქტები
საქმის გარემოებებიმოვლენების მოკლე აღწერილობა1995 წლის 23 ოქტომბერს, მომჩივანი დააკავა მილიციამ და მოათავსეს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური დეპარტამენტის იზოლატორში (слідчui ізолятор Головного Управління міністерства внутрішніх справ Автономної Республіки Крим).1996 წლის 26 აპრილს, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (судoва колегія з кримінальних справ Верховного суду Автономної Республіки Крим) მიერ მომჩივანი მსჯავრდებულ იქნა ორი ადამიანის მკვლელობაში და მიესაჯა სიკვდილით დასჯა.იმავე დღეს, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური დეპარტამენტის იზოლატორის ადმინისტრაციამ (адміністрація слідчого ізолятору Головного Управління Міністерства внутрішніх справ Автономної Республіки Крим) მიიღო გადაწყვეტილება მომჩივნის განცალკევებულ საკანში გადაყვანის შესახებ, რათა იქ დალოდებოდა სასჯელის აღსრულებას წინასასამართლო პატიმრობის შესახებ 1993 წლის კანონის (შემდგომში „კანონი“) შესაბამისად.1996 წლის 25 ივლისს, უკრაინის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (судoва колегія з кримінальних справ Верховного суду Украïни) ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.1997 წლის 20 თებერვალს, 27 მარტს, 15 მაისს, 26 ივნისს და 23 ივლისს, მომჩივნის დედას ნება დაერთო მოენახულებინა მისი ვაჟი. 1997 წლის 7 ოქტომბერს, მას კვლავ მისცეს უფლება მოენახულებინა მომჩივანი, ამ უკანასკნელის შვილთან ერთად.1997 წლის 24 ოქტომბერს, უკრაინის უზენაესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტმა უარყო მომჩივნის ადვოკატის შუამდგომლობა რიგგარეშე აპელაციის შეტანის თაობაზე.1997 წლის 30 დეკემბერს, მომჩივნის დედამ კვლავ მოინახულა მისი ვაჟი. შემდეგი ვიზიტი განხორციელდა 1998 წლის 30 იანვარს, როდესაც დედას თან ახლდა მომჩივნის ძმა.უკრაინის პრეზიდენტმა სასჯელთა აღსრულებაზე მორატორიუმი გამოაცხადა 1997 წლის 11 მარტს. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 1999 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში № 11рп/99, სისხლის სამართლის კოდექსის ის დებულება, რომელიც სიკვდილით დასჯას ეხება მიიჩნია, რომ ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას. 2000 წლის 22 თებერვლით დათარიღებული № 1483-III კანონით, სიკვდილით დასჯა გაუქმდა და ჩანაცვლდა სამუდამო პატიმრობით.2000 წლის 26 ივნისს, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მომჩივანს საკვდილით დასჯა შეუცვალა სამუდამო პატიმრობით.
სასამართლოს დელეგატებისათვის მიცემული ზეპირი ჩვენებები
მომჩივანმა სასამართლოს დელეგაციას ჩვენება მისცა სიმფეროპოლის საპატიმროში, 1999 წლის 4 ოქტომბერს. დელეგაცია შედგებოდა შემდეგი მოსამართლეებისაგან: მ. პელონპაა, ჯ. მაკარცზიკი, ასევე, რ. მარუსტე. მიცემული ჩვენება შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:
განმცხადებელი
(a) სიკვდილიმისჯილთა რიგებში ყოფნისას მომჩივნის პატიმრობის ზოგადი პირობებიმომჩივანი სიმფეროპოლის საპატიმროში მიიყვანეს 1995 წლის 26 ოქტომბერს. სასამართლოს დელეგატების ვიზიტის დღეს, მან დაადასტურა, რომ გააცნეს მისი უფლებები და ვალდებულებები. ფაქტობრივად, სამი თუ ოთხი დღით ადრე, მან ხელი მოაწერა ფურცელს, სადაც მითითებული იყო ხსენებული უფლებები და ვალდებულებები.მან განაცხადა, რომ ყოველ სამშაბათს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ცხელი შხაპი და გაეპარსა ინდივიდუალური სამართებლის პირით. ამავდროულად, მას თმა შეჭრეს. 1998 წლის შემოდგომამდე, მას მხოლოდ ათ დღეში ერთხელ შეეძლო აბაზანის მიღება. ხსენებული დროიდან, მას შეეძლო, გამოეყენებინა ინდივიდუალური სამართებელი. მისი ჩვენებით, სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფებმა თავიანთ საკნებში საპნისა და ცივი წყლის გამოყენება დაიწყეს 1998 წელს. მანამდე, მართალია, საკნებში იყო ონკანები, თუმცა საკნის ბინადრებს არ შეეძლოთ ჩართვა და გამორთვა, ვინაიდან ამას აკეთებდა დაცვა თითოეული პატიმრისთვის. საკნებში დამონტაჟდა პატარა ფანჯრები, რომელთა გაღება შეეძლოთ საკნის ბინადრებს, რათა სუფთა ჰაერი შესულიყო საკანში.მომჩივნის მტკიცებით, 1998 წლის ზაფხულამდე მისი საკნის ფანჯარას ფარავადა რკინის ფირფიტა. მან დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე, ოთახში არსებული სინათლე საკმარისი იყო დასაწერად ან წასაკითხად იმდენად, რამდენადაც მის საკანში დამონტაჟებული იყო ორი ნათურა - ერთი ნორმალური და ერთი კარგი განათების. რაც შეეხებოდა მის საკანს, მან განაცხადა, რომ ნათურების, წყლის ონკანის, სარკეების, ახალი რკინის საწოლებისა და ფანჯრების დამონტაჟება დაიწყო დელეგატების სტუმრობამდე ორი კვირით ადრე.მომჩივანს არ ჰქონდა კონტაქტი სხვა პატიმრებთან. მას შემდეგ, რაც მის საკანში სხვა ბინადარი შეიყვანეს, ისინი ერთად დაჰყავდათ შხაპის მისაღებად და სასეირნოდ. დელეგატების შეკითხვაზე: „რა იყო ყველაზე დიდი დრო, რომლის განმავლობაშიც არ გქონდა კონტაქტი სხვა პატიმრებთან?“, მან უპასუხა: „დაახლოებით სამი თვე გამოძიების პერიოდში.“ მან, ასევე, განაცხადა, რომ გამოძიების პერიოდში, რომელიც 6 თვე გაგრძელდა, პროკურორის გადაწყვეტილებით, იგი მოათავსეს იზოლირებულ საკანში. პროკურორის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა წერილობით საჩივარს საკნის სხვა ბინადრების მიმართ მისი, სავარაუდოდ, არასათანადო მოქცევის შესახებ. მისი მტკიცებით, პატიმრებს ჰქონდათ არჩევანი, აერჩიათ ორადგილიანი ან ერთადგილიანი საკნები. მან დაადასტურა, რომ დღევანდელ დღემდე, იგი იმყოფებოდა ორადგილიან საკანში.მან დაადასტურა, რომ საკნის ბინადრებს, 1996 წლიდან მოყოლებული, შეეძლოთ წიგნების ყიდვა საპატიმროს მაღაზიაში, ხოლო 1999 წლის შემდეგ, მათ შეეძლოთ, მიეღოთ დაახლოებით ათი გაზეთი. საპატიმროში იყო საჯარო რადიო - აკუსტიკური სისტემა, რომლის გამორთვა ხდებოდა 22:00 საათზე.სასამართლოს დელეგატების კითხვაზე: „გაქვს რაიმე პრეტენზია საკვებთან დაკავშირებით?“, განმცხადებელმა უპასუხა: „როგორ შეიძლება ჩვენ გამოვთქვათ უკმაყოფილება საკვებთან დაკავშირებით მაშინ, როცა ხალხი, ვინც მუშაობს, ვერ იღებს ხელფასებს?“მომჩივნის თქმით, საკნის ბინადრებს ყოველდღიურად ამოწმებდა სამედიცინო თანაშემწე, ხოლო კვირაში ერთხელ საპატიმროს ექიმი, რომელსაც ეძახდნენ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.მომჩივანმა დაადასტურა, რომ როდესაც მან დაარღვია წესები, იგი დასაჯეს ვიზიტებისა და ამანათების მიღების უფლების ჩამორთმევით. გამოძიების პერიოდში, მას არც ერთი წესი არ დაურღვევია. რაც შეეხება ზოგად სიტუაციას, მას სხვა ბინადრებისაგან არ სმენია, რომ ისინი დაექვემდებარნენ ამგვარ მოპყრობას.მან, ასევე, დაადასტურა, რომ საპატიმროს მმართველს ხედავდა ხუთშაბათობით. თუ მას ექნებოდა რაიმე შეკითხვა ან პრეტენზია, შეეძლო შეეტანა სარჩელი.როდესაც მომჩივანმა მოისურვა საკუთარი ადვოკატის ნახვა, მან საპატიმროს მმართველის მეშვეობით გაუგზავნა განცხადება ადვოკატს. მომჩივნის ადვოკატთან შეხვედრას ესწრებოდა საპატიმროს დაცვა. საპატიმროში შეხვედრისას ხსენებული საკითხების ადვოკატთან განხილვის შემდეგ, მომჩივანს არ დაუწერია რაიმე კონკრეტული საჩივარი ან მოთხოვნა.
(b) საპატიმროში არსებული პრაქტიკა მიმოწერასთან დაკავშირებითმომჩივანს წერილების გაგზავნისა და მიღების ნება დაერთო 1998 წლის ბოლოს. სიმფეროპოლის საპატიმროში ყოფნის განმავლობაში, მან მიიღო ოთხი თუ ხუთი წერილი. იგი საკუთარ დედას წერდა თითქმის ყოველ თვეში. მას არ მიუღია დედის მიერ 1999 წლის სექტემბერში გამოგზავნილი წერილი, თუმცა არ იცოდა აღნიშნული ფაქტი საპატიმროში არსებული ცენზურის გამო მოხდა თუ არა.
(c) საპატიმროში არსებული პრაქტიკა ამანათებსა და პატარა შეკვრებთან დაკავშირებით [შენიშვნა: პატიმრისათვის გადასაცემი ამანათების გაგზავნა შეიძლება როგორც ფოსტით (посилка), ისე პირადად საპატიმროში მიტანით (передача). პატარა ნივთები, როგორიცაა წიგნები და პერიოდული გამოცემები შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით, როგორც პატარა შეკვრა (бaндepoль - პირდაპირი მნიშვნელობით „შეკვრა“)]მომჩივანმა შეკვრების მიღება დაიწყო, დაახლოებით, 1998 წლის სექტემბერში. განაცხადა, რომ მას ნება დაერთო, წელიწადის განმავლობაში მიეღო ექვსი ამანათი (посилка, передaча) და სამი პატარა შეკვრა (бандероль). მან ხსენებული რაოდენობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნია მიუხედავად იმისა, რომ ამჯობინებდა თვეში ერთი ამანათის მიღებას. მან დაადასტურა, რომ მის ნათესავებს ჰქონდათ მისთვის საკვების გაგზავნის შესაძლებლობა.
(d) საპატიმროს ტანსაცმელიმომჩივანს არ შეეძლო სხვა ტანსაცმლის ტარება, გარდა საპატიმროს ხელმძღვანელობის მიერ მიწოდებულისა. გამონაკლისი იყო შიდა საცვალი და წინდები. ზაფხულობით, პატიმრებს უნდა ჩაეცვათ ჟაკეტები, ხოლო ზამთარში აძლევდნენ თბილ ქურთუკებსა და ბეწვის ქუდებს. განმცხადებლის მტკიცებით, ზამთრის ტანსაცმელი საკმარისი იყო იმ სეზონისათვის.
(e) ყოველდღიური გასეირნება ჰაერზე მომჩივანმა დაადასტურა, რომ მან ყოველდღიური ერთ-საათიანი გასეირნება ჰაერზე დაიწყო 1998 წლის ზაფხულში. საპატიმროს დაცვას არ მოუთხოვია ხელბორკილების ტარება 1999 წლის აგვისტოდან ან სექტემბრიდან.
ბ-ნი ვ. მ. იელიზარიევი მოწმე იყო სიმფეროპოლის საპატიმროს მმართველი მომჩივნის პატიმრობის პერიოდში.
(a) სიკვდილმისჯილთა რიგებში მომჩივნის დაპატიმრებისას არსებული ზოგადი პირობებიმოწმის თქმით, სასამართლოს დელეგაციის სტუმრობის დღეს, დაახლოებით, 3,000 პატიმარი იხდიდა სასჯელს საპატიმროში, საიდანაც 30 იმყოფებოდა სიკვდილმისჯილთა რიგებში.მისივე მტკიცებით, სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფმა ყველა პატიმარმა იცოდა საკუთარი უფლებები და ვალდებულებები. უფლებებისა და ვალდებულებების ჩამონათვალის ასლი განთავსებული იყო ყველა საკანში. მან დაადასტურა, რომ პატიმართა უფლებები და ვალდებულებები არ იყო გასაიდუმლოებული და მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ბრძანებულება, ყველა პატიმრისათვის სრულად იყო ცნობილი მათ შესახებ.მან, ასევე, დაადასტურა, რომ მომჩივანს ნახულობდა კვირაში ერთხელ, რაც მისი მტკიცებით, რეგულარულ პრაქტიკას წარმოადგენდა. მან თქვა, რომ მომჩივანს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, თუმცა არ ეთანხმებოდა სიკვდილით დასჯის შესახებ გადაწყვეტილებას. მან, ასევე, თქვა, რომ მომჩივანი ინფორმირებული იყო ახალი ინსტრუქციებისა და სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფთა უფლებებისა და ვალდებულებების ახალი ბრძანებულების შესახებ.მოწმე გათბობის პირობებს საკმარისად მიიჩნევდა. საპატიმროს ჰქონდა საკუთარი ორთქლის ქვაბი, ხოლო საკნებში იყო სუფთა ჰაერის ვენტილაციის სისტემა. მისი განცხადებით, პატიმრებს ჰქონდათ ცხელი აბაზანა ყოველ შვიდ დღეში ერთხელ, როცა საწოლის თეთრეული იცვლებოდა. მან უარყო მომჩივნის ბრალდება, თითქოს სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფი ყველა პატიმარი იყენებდა ერთსა და იმავე სამართებელს, რასაც, ინფექციის შეჭრის რისკის გამო, შეეძლო პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობისათვის. მან თქვა, რომ პატიმრები იპარსავდნენ განცალკევებით საპატიმროს ადმინისტრაციის მიერ მიცემული სამართებლის პირით.მან აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში საკნებში იყო ორი ნათურის განათება და ფანჯრებიდან შემოსული ბუნებრივი სინათლე, რასაც იგი საკმარისად მიიჩნევდა. ღამით კი, მათ ჰქონდათ მხოლოდ ერთი ნათურის განათება. მან თქვა, რომ სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფი თითოეული პირი მოთავსებული იყო არანაკლებ 12 კვადრატული მეტრის ფართობის საკანში. როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნული განათების გამოყენებით, არსებობდა წიგნებისა და ლიტერატურის კითხვის შესაძლებლობა.მოწმემ განაცხადა, რომ ბინადრები გადიოდნენ რენტგენით შემოწმებას წელიწადში ორჯერ. კვირაში ერთხელ სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელი სტუმრობდა მათ, ხოლო გასინჯვა ხდებოდა ყოველდღიურად სამედიცინო თანაშემწის მიერ.
(b) საპატიმროში არსებული პრაქტიკა მიმოწერასთან დაკავშირებითმოწმემ თქვა, რომ სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფ პატიმრებს ჰქონდათ გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლება რაიმე სახის შეზღუდვის გარეშე, შეეძლოთ გაეგზავნათ და მიეღოთ წერილები. მან დამატებით თქვა, რომ ხსენებული სიტუაცია გამოსწორდა 1999 წლის მაისიდან. მისი მტკიცებით, არსებული პროცედურებით, საპატიმროს ბინადრების მიმოწერა ექვმდებარებოდა ცენზურას, თუმცა იგი ვერ იხსენებდა შემთხვევას, როცა შემოსული წერილი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის წერილები, შეჩერებულიყო ისე, რომ არ გადასცემოდა ადრესატს. მან დაადასტურა, რომ მომჩივნის მიმოწერა რეგისტრირებული იყო ჟურნალში. უფრო მეტიც, სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფ ნებისმიერ პატიმარს შეეძლო, მიმოწერის პატივისცემის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, გამოეხატა პრეტენზია მმართველთან, პროკურორთან, რომელიც ზედამხედველობდა საპატიმროს ან ხსენებულ დეპარტამენტში სხვა თანამდებობის პირთან.
(c) საპატიმროში არსებული პრაქტიკა ამანათებსა და პატარა შეკვრებთან დაკავშირებითმოწმის თქმით, ამანათების მიღების შესაძლებლობა გაუმჯობესდა 1999 წლის მაისიდან. ხსენებული დროიდან, მათ შეეძლოთ მიეღოთ პროდუქტის ექვსი ამანათი (посилка, передача) და ორი პატარა შეკვრა (бандероль) ერთ წელიწადში. მანამდე კი, არ ჰქონდათ არანაირი ამანათის მიღების შესაძლებლობა, სანამ მათ სისხლის სამართლის საქმეში მიღებული გადაწყვეტილება არ გახდებოდა საბოლოო. უფრო მეტიც, პატიმრებს პროდუქტის ყიდვა შეეძლოთ საპატიმროს მაღაზიაში. მათ შეეძლოთ თვის განმავლობაში დაეხარჯათ 50 უკრაინული გრივნა (UAH). ფასები კი, იგივე იყო, რაც სახელმწიფოს კუთვნილ მაღაზიებში, საიდანაც საპატიმრო ყიდულობდა პროდუქტს.
(d) ყოველდღიური გასეირნება ჰაერზემოწმის თქმით, 1998 წლის მაისამდე, საპატიმროს ბინადრებს არ ჰქონდათ ჰაერზე ყოველდღიური გასეირნების უფლება. ხსენებული დროიდან კი, ისინი ერთი საათით გაჰყავდათ გარეთ ხელბორკილების გარეშე.
ბ-ნი ვლადიმირ გ. ბაბჩინსკიმოწმე იყო ექიმი სიმფეროპოლის საპატმროში, სადაც 1992 წლიდან მუშაობდა.მან თქვა, რომ საპატიმროს სამედიცინო პერსონალი შედგებოდა ექვსი ექიმისაგან (ოთხი მკურნალი, ერთი ფსიქიატრი და ერთი რენდგენოლოგი), სამედიცინო თანაშემწეებისგან (фельдшер), რენტგენის ლაბორატორიის თანაშემწისგან, ფარმაცევტისგან და კლინიკის თანაშემწისგან. მისი თქმით, სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხდებოდა დღეში 24 საათის განმავლობაში. ნებისმიერ ბინადარს შეეძლო მიემართა ნებისმიერ დროს და მიეღო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფ პატიმრებს სამედიცინო თანაშემწეები ამოწმებდნენ ყოველ დღე მათი ყოველდღიური გასეირნების დროს. მათ შეეძლოთ მიემართათ თანაშემწისთვის ნებისმიერი სახის სამედიცინო დამხარებისათვის და თუკი მისი დახმარება არ იქნებოდა საკმარისი, შეეძლოთ ექიმის ნახვა მოეთხოვათ. გარდა ამისა, მათ შეეძლოთ პირდაპირ ექიმისთვის მიემართათ. ყველა ბინადარს ჰქონდა საპატიმროში მისი შესვლისას შედგენილი სამედიცინო დოკუმენტი, სადაც ასახული იყო სამედიცინო შემოწმებების ყველა დეტალი და შედეგი და რომელიც ინახებოდა მისი პატიმრობის პერიოდის მანძილზე.მოწმემ თქვა, რომ მომჩივანმა 1995 წლის 26 ოქტომბერს, საპატიმროში მისი შესვლის დღეს, იჩივლა იმის გამო, რომ ნაცემი იყო. 1997 წლის მარტს, მან მოითხოვა დახმარება, ვინაიდან ჰქონდა სასუნთქი გზების ვირუსული დაავადება.მან, ასევე, თქვა, რომ აივ ინფექციაზე შემოწმება არ იყო სავალდებულო და ტარდებოდა მხოლოდ ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე. შემოწმება ხდებოდა ექიმსა და პატიმარს შორის კონფიდენციალური გასაუბრების საფუძველზე. მოწმეს არ დაუდასტურებია, იყვნენ თუ არა აივ ინფექციით დაავადებული ბინადრები, ვინაიდან განაცხადა, რომ ეს იყო კონფიდენციალური ინფორმაცია. კიდევ ერთი პირი, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია აივ ინფექციით დაავადებული ბინადრების შესახებ, იყო შემოწმებისა და კონსულტაციების გაწევაზე პასუხისმგებელი ექიმი.რაც შეეხება საპატიმროში არსებულ ჰიგიენის პირობებთან დაკავშირებულ საჩივრებს, მოწმეს არ მიუღია ამგვარი საჩივარი. იგი მიიჩნევდა, რომ რეჟიმში სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფი პატიმრებისათვის განხორციელებულმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით, ჰაერზე გასეირნების შესაძლებლობამ და საკნებში ბუნებრივმა განათებამ, გააუმჯობესა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ბ-ნი იური ნ. გოვორუნიმოწმე იყო სამედიცინო თანაშემწე, რომელიც სიმფეროპოლის საპატიმროში მუშაობდა ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ბინადართა ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიურ კონტროლზე მაშინ, როცა ექიმი ახორციელებდა ვიზიტებსა და ესწრებოდა სასწრაფო შემთხვევებს. იგი მიიჩნევდა, რომ სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფთა მიმართ არსებობდა ცალკეული პრობლემები. ფაქტობრივად, ხსენებული მოწმე მუშაობდა ძირითადად მათთან. იგი თან ახლდა პატიმრებს მათი ყოველდღიური ჰაერზე გასეირნების დროს.მან დაადასტურა, რომ სიკვდილმისჯილთა რიგებშ მყოფ პატიმრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებამ პოზიტიური გავლენა იქონია მათ ჯანმრთელობაზე. ამ დროიდან, მას არ მიუღია ხსენებული პატიმრებისაგან რაიმე საჩივარი ჯანმრთელობასთან ან ჰიგიენასთან დაკავშირებით.მოწმემ აღნიშნა, რომ მას არასოდეს შეუმჩნევია დაცვის წევრთა მხრიდან სისასტიკე სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფთა წინააღმდეგ ან რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება. მას არასოდეს სმენია, საპატიმროს სხვა პერსონალის მიმართ მსგავსი საჩივრით მიემართოთ. იგი ბინადრებს ამოწმებდა ყოველკვირეულად და შემოწმების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა მის ხელმძღვანელებს. მისი თქმით, განმცხადებელს არ გამოუთვაქმს უკმაყოფილება სხვა ბინადრებზე მეტად. მან დაადასტურა, რომ ამოწმებდა განმცხადებელს ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და არ შეუმჩნევია ცვლილებები მის ფსიქიკურ მდგომარეობაში. მას, ასევე, არ შეუმჩნევია დეპრესიის რაიმე მძიმე სიმპტომი.
ქ-ნი ნადეჟდა მ. კუზაიევამოწმე იყო მომჩივნის დედა. თავის 1998 წლის 29 მაისის წერილში სასამართლოს მისამართით, მან განაცხადა, რომ მისი ვაჟი ნაცემი იყო. მან დაადასტურა, რომ პატიმრობის პერიოდში, მომჩივანი სცემეს და არ გაეწია რაიმე სახის სამედიცინო დახმარება. მისი დაკითხვა მიმდინარეობდა ორი საათის განმავლობაში და მომდევნო ორი საათის შემდეგ, იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექვსი თვის შემდეგ, როდესაც დედამ ნახა ვაჟი, მას კვლავ შეეძლო შეემჩნია ცემის ნაკვალევი. მას არ მიეცა ვაჟის ნახვის შესაძლებლობა სასჯელის გამოცხადებიდან პირველი ექვის თვის განმავლობაში. შეხვედრისას, მან ჰკითხა ვაჟს ცემის შესახებ და მანაც დაადასტურა, რომ ნაცემი იყო.
(a) საპატიმროში არსებული პრაქტიკა მიმოწერასთან დაკავშირებითმას არ ჰქონდა ადმინისტრაციასთან რაიმე სახის პრეტენზია წერილების მიღებასთან და გაგზავნასთან დაკავშირებით. იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ზოგადად, საპატიმროში არსებული სისტემის მიმართ. მან ვაჟთან მიმოწერა დაიწყო 1998 წელს. თუმცა მას არ შეეძლო რაიმე დეტალის თქმა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით. უკანასკნელი წერილი ვაჟს მისწერა 1999 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, თუმცა განმცხადებელს იგი დღემდე არ მიუღია. სხვა მხრივ, მან დაადასტურა, რომ წერილები არასოდეს დაკარგულა.მთავრობის წარმომადგენლის შეკითხვაზე: „უკანასკნელი ორი თუ სამი თვის განმავლობაში, რამდენჯერ გაუგზავნეთ წერილი ვაჟს? შეგიძლიათ გაგზავნა ყოველ კვირაში?“, მოწმემ უპასუხა: „თუ არსებობს ამის საჭიროება, მე მას მივწერ.“ მთავრობის წარმომადგენლის შეკითხვაზე: „და რა სიხშირით იღებთ წერილებს მისგან? შეუძლია მას წერილის მოწერა უფრო ხშირად, ვიდრე თვეში ერთხელ?“, მოწმემ უპასუხა: „ერთი წლის უკან, ჩვენ შეგვეძლო გაგვეგზავნა ერთი წერილი ერთ თვეში, ახლა ასეთი შეზღუდვა არ არსებობს. შეგვიძლია წერილის დაწერა იმდენჯერ, რამდენჯერაც გვინდა.“
(b) საპატიმროში არსებული პრაქტიკა ამანათებსა და პატარა შეკვრებთან დაკავშირებითმოწმემ დაადასტურა, რომ ამანათების გაგზავნა ვაჟისთვის დაიწყო 1998 წელს. ამ დროიდან, მას არ ჰქონია არანაირი პრეტენზია საპატიმროს ადმინისტრაციასთან ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით.
(c) საპატიმროში არსებული პრაქტიკა პატიმართა ნათესავების ვიზიტებთან დაკავშირებითმოწმე მომჩივანს ნახულობდა თვეში ერთხელ, დაახლოებით, 15-20 წუთიანი ან უმრავლეს შემთხვევაში, 30 წუთიანი შეხვედრების დროს. მას არ გამოუხატავს პრეტენზია ვიზიტების ხანგრძლივობასთან ან იმასთან დაკავშირებით, რომ საპატიმროს დაცვა, რომელიც შეხვედრას ყოველთვის ესწრებოდა, მათ უეცრად აწყვეტინებდათ. იგი ბედნიერი იყო, თუნდაც ამ მოკლეხნიანი შეხვედრებითაც. ვაჟთან საუბრობდა ტელეფონით და ხედავდა მინის მეშვეობით. მას არ შეეძლო იმის დანახვა, მის ვაჟს ხელბორკილები ჰქონდა თუ არა დადებული.მთავრობის წარმომადგენლის შეკითხვაზე: „რას ფიქრობთ შეხვედრების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით? იქ არსებული სიტუაციის შეფასებით, რომ გეთხოვათ შეხვედრის გაგრძელება ერთ საათამდე ან უფრო დიდხანს, მოგცემდნენ ამის შესაძლებლობას?“, მოწმემ უპასუხა: „არასოდეს მითხოვია შეხვედრების გაგრძელება. ვფიქრობ, თუ ადმინისტრაცია გეტყვის, რომ დასრულდა, ე.ი. დასრულდა.“ მთავრობის წარმომადგენლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე: „თქვენ ახლა ორ საათიანი შეხვედრების უფლება გაქვთ“, მოწმემ უპასუხა: „რთულია მინის მეშვეობით საუბარი ორი საათის განმავლობაში.“მოწმემ თქვა, რომ მის ვაჟს წერილებში არასოდეს დაუჩივლია ცუდად მოპყრობის, ცემის გამო ან საპატიმროს ადმინისტრაციის მიმართ. იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ამანათებთან, წერილებსა და ვიზიტებთან დაკავშირებით. მოწმემ აღიარა, რომ სიტუაცია უმჯობესდებოდა, ასევე, საპატიმროს ადმინისტრაცია აანალიზებდა იმას, რომ სიკვდილმისჯილი პატიმრები იყვნენ ისეთივე, როგორიც სხვა ბინადრები.
სიმფეროპოლის საპატიმროს შემოწმება1999 წლის 4 ოქტომბერს, დელეგატები ესტუმრნენ საპატიმროს. საკანში განმცხადებლის ადგილის ფართობი იყო, დაახლოებით, 12 კვადრატული მეტრი. საკანი იყო წესრიგში და სუფთა. იყო ღია ტუალეტი, ონკანიანი პირსაბანი მხოლოდ ცივი წყლით, იატაკზე დამაგრებული ორი საწოლი, ცენტრალური გათბობა და ფანჯარა გისოსით. იყო რამდენიმე წიგნი, გაზეთი, საპნის მარაგი და ტუალეტის ქაღალდი. საკანში ვენტილაციაცა და სითბოც დამაკმაყოფილებელი იყო.დელეგატებს აჩვენეს საპატიმროში შხაპის ადგილი, რომელიც საკმარისად სუფთა იყო. მათ, ასევე, მოინახულეს სავარჯიშო ეზო.
დოკუმენტური მტკიცებულებასაპატიმროს მაღაზიის ჩანაწერების მიხედვით, განმცხადებელმა შეიძინა პროდუქტი მოცემულ შემთხვევებში:
1997 წლის 25 სექტემბერს, მან იყიდა 5.47 (UAH) ღირებულების საკვები პროდუქტი, 1997 წლის 6 ოქტომბერს, შეიძინა 9.34 (UAH) ღირებულების საკვები პროდუქტი, 1997 წლის 23 ოქტომბერს, იყიდა 5.61 (UAH) ღირებულების საკვები პროდუქტი, 1997 წლის 5 ნოემბერს, შეიძინა საკვები პროდუქტი და გადაიხადა UAH 5.43, 1997 წლის 20 ნოემბერს, განმცხადებელმა იყიდა UAH 6.40 ღირებულების საპირფარეშოს ნივთები და საკვები პროდუქტი, 1997 წლის 3 დეკემბერს - UAH 7.36 ღირებულების საკვები პროდუქტი, 1997 წლის 18 დეკემბერს, განმცხადებელმა შეიძინა UAH 8.41 ღირებულების სხვადასხვა ნივთი.
1998 წლის 9 იანვარს, განმცხადებელმა შეიძინა საკვები პროდუქტი და გადაიხადა UAH 9.7., 1998 წლის 22 იანვარს, იყიდა UAH 6.06 ღირებულების საკვები პროდუქტი და 1998 წლის 4 თებერვალს, მან იყიდა საკვები პროდუქტი და გადაიხადა UAH 15.59.1995 წლის 26 ოქტომბერს შედგენილი მომჩივნის სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, ჩანს inter alia, რომ მან გაიარა რენტგენის შემოწმება 1995 წლის 26 ოქტომბერს, 1996 წლის 18 მაისს და 12 ნოემბერს, 1997 წლის 23 მაისს და 3 ნოემბერს, 1998 წლის 30 მაისს და 14 ნოემბერს.
შესაბამისი შიდა სამართალი
უკრაინის კონსტიტუციამე-8 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, კონსტიტუცია პირდაპირ გამოიყენება. მასში განმტკიცებულია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად პირდაპირ კონსტიტუციის საფუძველზე ინდივიდისა და მოქალაქის მიერ სარჩელის აღძვრის უფლება.მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელიც ძალაშია შესული და სავალდებულოდაა აღიარებული უკრაინის უმაღლესი რადას მიერ, არის უკრაინის შიდა კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი.მე-15 მუხლის მე-3 ნაწილი კრძალავს ცენზურას.მე-19 მუხლის თანახმად, უკრაინაში საჯარო წესრიგი ეფუძნება პრინციპებს, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ვინმეს იძულება, გააკეთოს ის, რასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან იმოქმედონ ხსენებული პრინციპების შესაბამისად, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში და კონსტიტუციითა და უკრაინის კანონით გათვასწინებული წესით.22-ე მუხლი ადგენს, რომ ადამიანისა და მოქალაქეთა უფლებები გარანტირებულია და მათ არ შეიძლება ზიანი მიადგეთ ახალი კანონების მიღებით ან უკვე მოქმედ კანონებში ცვლილებების შეტანით.29-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მიხედვით, არავინ შეიძლება იქნეს დაკავებული ან საპატიმროში მოთავსებული, გარდა სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებისა და კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საფუძვლების შესაბამისად. ყოველ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისი დაკავებისა თუ დაპატიმრების მიზეზები, მისი უფლებები და დაპატიმრების მომენტიდან უნდა მიეცეს საკუთარი თავის პირადად დაცვის ან ადვოკატის დახმარების მიღების შესაძლებლობა.55-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ყველას აქვს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებლობის პირებისა თუ სასამართლო მოხელეების გადაწყვეტილებების, მოქმედებისა და უმოქმოდობის გასაჩივრების უფლება. სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებების ამოწურვის შემდეგ, ყველას აქვს უფლება, შეიტანოს საჩივარი მისი უფლებებისა თუ თავისუფლებების დასაცავად შესაბამის საერთაშორისო მართლმსაჯულების ინსტიტუტებში ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ხელმძღვანელობის წინაშე, რომლის წევრი ან მონაწილე უკრაინაა.59-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს იურიდიული დახმარების მიღების უფლება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასეთი დახმარება უნდა გაეწიოს უფასოდ. ყველა თავისუფალია საკუთარი უფლებების დამცველის არჩევაში. უკრაინაში ადვოკატურა (адвокатура) უზრუნველყოფს დაცვის უფლებას ბრალდებების წინააღმდეგ და იურიდიული დახმარების უფლებას სასამართლოებსა თუ სხვა სახელმწიფო ორგანოების წინაშე საქმის განხილვისას.63-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ მსჯავრდებულს გააჩნია ადამიანისა და მოქალაქეთა ყველა უფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი შეზღუდვებისა.64-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანისა და მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა უკრაინის კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც განსაზღვრავს სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფთა პირობებს უკრაინის საპატიმრო სისტემაში სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფთა პირობები წარმატებით რეგულირდებოდა იმ პატიმრების პატიმრობის პირობების შესახებ 1998 წლის 20 აპრილის ინსტრუქციით, რომელთაც სიკვდილით დასჯა აქვთ მისჯილი (შემდგომში „ინსტრუქცია“), ასევე, საიზოლაციო ბლოკში იმ პატიმართა პატიმრობის პირობების შესახებ 1999 წლის 25 ივნისის დროებითი დებულებებით, რომელთაც სიკვდილით დასჯა აქვთ მისჯილი (შემდგომში „დროებითი დებულებები“).ინსტრუქცია ადგენდა, რომ მას შემდეგ რაც სასჯელი გახდებოდა საბოლოო, პირები, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ სიკვდილით დასჯა, უნდა მოეთავსებინათ სხვა პატიმრებისაგან განცალკევებით, სპეციალურად განკუთვნილ საკნებში. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, არა უმეტეს ორი ასეთი პატიმრისა უნდა მოთავსებულიყო ერთ საკანში. ერთი პატიმრისათვის გამოყოფილი საკნის ფართი ერთადგილიან საკანში უნდა ყოფილიყო არანაკლებ 4 კვადრატული მეტრისა, ხოლო ორადგილიან საკანში - არანაკლებ 3 კვადრატული მეტრისა. მათ ჰქონდათ ინდივიდუალური დასაძინებელი ადგილი და საწოლის თეთრეული. ბინადრები ატარებდნენ განსაკუთრებით საშიში რეციდივისტებისათვის განკუთვნილ უნიფორმას. ინსტრუქციაში მითითებული იყო, ასევე, მათი სამართლებრივი სტატუსი და ვალდებულებები. იგი განსაზღვრავდა ნათესავებთან შეხვედრის სიხშირესა და წერილთა რაოდენობას, რომელიც შეეძლოთ მიეღოთ და გაეგზავნათ ბინადრებს: მათ აძლევდნენ თვეში ერთი ვიზიტისა და ერთი წერილის გაგზავნის უფლებას. არ არსებობდა შეზღუდვები მისაღებ წერილებთან დაკავშირებით. ბინადრებს შეეძლოთ მიეღოთ ორი პატარა შეკვრა ერთი წელიწადის განმავლობაში. მათ აძლევდნენ სუფთა ჰაერზე ყოველდღიურად ერთი საათით გასეირნების უფლებას. საკნების გარეთ, ბინადრებს ადებდნენ ხელბორკილებს. მათ არ რთავდნენ მუშაობის ნებას.
პატიმრებს შეეძლოთ საპატიმროს ბიბლიოთეკიდან გამოტანილი ან/და საპატიმროს სადისტრიბუციო კავშირების მეშვეობით ნაყიდი წიგნების, ჟურნალებისა და გაზეთების წაკითხვა; მათ შეეძლოთ მიეღოთ ფულადი გადარიცხვები; შეეძლოთ პირადი ნივთებისა და საკვების შენახვა საკანში, საკვებისა და საპირფარეშოს ნივთების ყიდვა საპატიმროს მაღაზიაში თვეში ორჯერ (კანონით დაწესებული საარსებო მინიმუმის ღირებულებამდე) და სამაგიდო თამაშების თამაში. მათ შეეძლოთ ადვოკატებთან შეხვედრა. ბინადრებს შეეძლოთ ადვოკატებთან შეხვედრა ამ უკანასკნელთა მოთხოვნის შემთხვევაშიც. სამედიცინო მომსახურება ხორციელდებოდა შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
პატიმრებს საერჩელის აღძვრა შეეძლოთ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან. ამგვარი სარჩელი უნდა გაგზავნილიყო სამ დღეში. ცენზურა არ ვრცელდებოდა პროკურატურისათვის განკუთვნილ სარჩელზე.დროებითმა დებულებებმა, ინსტრუქციასთან შედარებით, გააფართოვა იმ პირთა უფლებები, რომელთაც სიკვდილით დასჯა აქვთ მისჯილი. კერძოდ, პატიმრებს ნებას რთავდნენ, ღამის განმავლობაში, დაეძინათ რვა საათი, მათ შეეძლოთ, მიეღოთ ექვსი ამანათი და სამი პატარა შეკვრა წელიწადის განმავლობაში, ეყიდათ საკვები და საპირფარეშოს ნივთები საპატიმროს მაღაზიაში (კანონით დადგენილი საარსებო მინიმუმის 70%-ის ღირებულებამდე), ელოცათ და წაეკითხათ რელიგიური ლიტერატურა, შეხვედროდნენ მოძღვრებს და მიეწერათ საჩივრები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისთვის. მათ რთავდნენ ნებას, მიეღოთ და გაეგზავნათ წერილები შეზღუდვების გარეშე და ჰქონოდათ ყოველთვიური ვიზიტები თავიანთ ნათესავებთან 2 საათამდე დროით. საპატიმროს ოფიციალური პირები უნდა დასწრებოდნენ ხსენებულ ვიზიტებს.
წინასასამართლო პატიმრობის შესახებ 1993 წლის კანონი („კანონი“) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, წინასასამართლო პატიმრობა არის პრევენციული ღონისძიება ბრალდებულის, მოპასუხის ან ისეთი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის მიმართ, რომელიც ისჯება პატიმრობით, ასევე, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის სასჯელიც არ არის ჯერ ძალაში შესული.კანონის 8(4) მუხლის მიხედვით, ის პირები, რომელთაც მისჯილი აქვთ სიკვდილით დასჯა და რომელთა სასჯელი არ არის საბოლოო, უნდა განთავსდნენ დაპატიმრებული სხვა პირებისაგან განცალკევებით.კანონის 9(1) სექცია inter alia ადგენს, რომ დაპატიმრებულ პირს აქვს უფლება (a) იქნეს დაცული სისხლის სამართლის წესების შესაბამისად, (b) გააცნონ დაპატიმრების წესები, (c) გაისეირნოს ყოველდღიურად ერთი საათით, (d) თვეში ორჯერ მიიღოს რვა კილოგრამამდე წონის ამანათი და შეუზღუდავი რაოდენობის ფულადი გზავნილი და თანხა გადარიცხვის ან პირადი გადაცემის გზით, (e) იყიდოს საკვები პროდუქტი და საპირფარეშოს ნივთები კანონით დადგენილი საარსებო მინიმუმის ღირებულებამდე წერილობითი ბრძანების მეშვეობით გადახდით ისევე, როგორც შეუზღუდავი რაოდენობის საკანცელარიო ნივთები, გაზეთები და წიგნები საპატიმროს მაღაზიაში, (f) გამოიყენოს საკუთარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი და თავისთან ჰქონდეს საკუთარ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ჩანაწერები, (g) გამოიყენოს ნათესავებისგან ან სხვა პირებისგან მიღებული ტელევიზორი და პატიმრობის წინა ადგილის ბიბლიოთეკიდან აღებული ან მაღაზიებში ნაყიდი სამაგიდო თამაშები, გაზეთები და წიგნები, (h) განახორციელოს რელიგიური რიტუალები ინდივიდუალურად, გამოიყენოს რელიგიური ლიტერატურა და ნახევრად ძვირფასი მასალისაგან დამზადებული საგნები, რომელიც მიეკუთვნება მათ რელიგიას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ არღვევს წინასასამართლო პატიმრობის ადგილას მოქმედ წესებს ან არ ზღუდავს სხვა პირთა უფლებებს, (i) ღამით დაიძინოს რვა საათი, რა დროის განმავლობაშიც მას არ მოეთხოვება საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა ან სხვა რაიმეს გაკეთება, გარდა უკიდურესად საგანგებო შემთხვევებისა, (j) აღძრას სარჩელები და შუამდგომლობები, გაუგზავნოს წერილები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და თანამდებობის პირებს კანონის მე-13 სექციით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.მე-11 სექციის თანახმად, დაპატიმრებულები უნდა უზრუნველყონ ყოველდღიური პირობებით, რომელიც აკმაყოფილებს სანიტარულ და ჰიგიენურ მოთხოვნებს. საკნის ფართი თითო პირისათვის არ შეიძლება იყოს 2.5 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. დაპატიმრებულებს უნდა მიეწოდოთ საჭმელი, ინდივიდუალური დასაძინებელი ადგილი, თეთრეული და სხვა ნივთები, ასევე, ყოველდღიური საჭიროების საგნები უფასოდ და მთავრობის მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა მიეწოდოთ სტანდარტული ფორმის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.12(1) სექციის შესაბამისად, დაპატიმრებულის მონახულების ნებართვა (ძირითადად, თვეში ერთხელ ერთი ან ორი საათით) ნათესავებსა და სხვა პირებს შეიძლება მისცეს პატიმრობის ადგილის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელობამ, თუმცა მხოლოდ გამომძიებლის, საგამოძიებო ორგანოს ან საქმის განმხილველი სასამართლოს წერილობითი თანხმობით. მე-4 ნაწილის თანახმად, დაპატიმრებულებს აქვთ ადვოკატის მიერ მონახულების უფლება. იმ მომენტიდან, რაც ხსენებული ადვოკატი უფლებამოსილი იქნება, იმოქმედოს დაპატიმრებულთა სახელით, ამ უკანაკსნელებმა იგი შეიძლება ნახონ მარტო, ვიზიტების რაოდენობასა და ხანგრძლივობაზე შეზღუდვების გარეშე. ამგვარი უფლებამოსილება წერილობით უნდა იყოს დამტკიცებული საქმის განმხილველი პირის ან ორგანოს მიერ.13(1) სექციის შესაბამისად, დაპატიმრებულებს შეუძლიათ გაცვალონ წერილები ნათესავებთან, სხვა პირებთან და საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საქმის განმხილველი ორგანოს წერილობითი ნებართვით. მას შემდეგ, რაც სასჯელის მოხდა დაიწყება, კორესპონდენცია აღარ დაექვემდებარება რაიმე სახის შეზღუდვას.
გამოსასწორებელი შრომის კოდექსი („კოდექსი“)კოდექსის 28-ე მუხლის (პატიმრობის დაწესებულებებში არსებული რეჟიმის მთავარი მოთხოვნები) თანახმად, პატიმრობის დაწესებულებებში არსებული რეჟიმის მთავარი მახასიათებლებია: მსჯავრდებული პირების მუდმივი ზედამხედველობა და იძულებითი იზოლაცია იმგვარად, რომ გამოირიცხოს ახალი დანაშაულის ან საჯარო წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სხვა ქმედების ჩადენის შესაძლებლობა; ხსენებული პირების მიერ ვალდებულებების მკაცრი და განგრძობითი შესრულება; პატიმრობის სხვადასხვა პირობები, რომელიც დამოკიდებულია დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე და მსჯავრდებული პირის პიროვნულ მახასიათებლებსა და ყოფაქცევაზე.
მსჯავრდებულმა პირებმა უნდა ატარონ უნიფორმა. უნდა მოხდეს, ასევე, მათი ჩხრეკა; პირადი ჩხრეკა უნდა განხორციელდეს იმავე სქესის პირის მიერ. კორესპონდენცია ექვემდებარება ცენზურას, ხოლო ამანათები და შეკვრები გახსნასა და შემოწმებას. გამოსასწორებელ სამუშაო დაწესებულებებში უნდა დამყარდეს მკარი შინაგანაწესი და წესები.
მსჯავრდებულებს გამოსასწორებელ შრომით დაწესებულებებში ეკრძალებათ ფულის, ძვირფასეულობისა თუ სხვა განსაზღვრული ნივთების შენახვა. აღმოჩენილი ფული თუ ძვირფასეულობა დაექვემდებარება კონფისკაციას და როგორც წესია, გადაეცემა სახელმწიფოს, დაწესებულების მმართველის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც იქნება პროკურორის მიერ სანქცირებული.
იმ ნივთების ჩამონათვალი, რომელთა ფლობაც მსჯავრდებულებს შეუძლიათ, თითოეული ნივთის რაოდენობის მითითებითა და იმ ნივთების კონფისკაციის პროცედურებით, რომელთა გამოუყენებაც იკრძალება გამოსასწორებელ შრომით დაწესებულებებში, უნდა დადგინდეს ასეთი დაწესებულების შინაგანაწესით.
კოდექსით დადგენილი პროცედურის მიხედვით, მსჯავრდებულებს აქვთ შესაძლებლობა იყიდონ საკვები და საპირფარეშოს საგნები წერილობითი ბრძანების მეშვეობით გადახდით, მოინახულონ, მიიღონ ამანათები, საფოსტო ამანათები, შეკვრები და ფული გადარიცხვის გზით, ჰქონდეთ მიმოწერა და გაუგზავნონ ფული ნათესავებს გადარიცხვით.37-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მსჯავრდებულების მიერ საკვებისა და საპირფარეშოს საგნების შესყიდვა) ადგენს, რომ მსჯავრდებულებს შეუძლიათ იყიდონ საკვები და საპირფარეშოს საგნები წერილობითი ბრძანების მეშვეობით გადახდით, გადარიცხვის გზით მიღებული ფულით.მე-40 მუხლი inter alia ადგენს, რომ ადვოკატს მიეცემა საკუთარ კლიენტთან შეხვედრის ნებართვა ლიცენზიისა და პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე. ვიზიტებზე არ ვრცელდება შეზღუდვები რაოდენობისა და ხანგრძლივობის თვალსაზრისით და ადვოკატის მოთხოვნით, შეხვედრა შეიძლება წარიმართოს საპატიმროს ზედამხედველების გარეშე.41-ე მუხლის (ამანათებისა და პატარა შეკვრების მიღება იმ პირთა მიერ, რომელთაც პატიმრობა აქვთ მისჯილი) მიხედვით, გამოსასწორებელ შრომით კოლონიებში (виправнo-тpудова колонія) მოთავსებულ მსჯავრდებულებს წელიწადის განმავლობაში უფლება აქვთ, მიიღონ: ზოგადი რეჟიმის კოლონიებში (колонія загального режиму) შვიდი ამანათი, გაძლიერებული რეჟიმის კოლონიებში (колонія посиленого режиму) ექვსი ამანათი, ხოლო მკაცრი და სპეციალური რეჟიმის კოლონიებში (колонія суворого режиму) ხუთი ამანათი. საგანმანათლებლო შრომით კოლონიებში (колонія виховно-трудова) მოთავსებულ მსჯავრდებულებს ერთი წლის განმავლობაში უფლება აქვთ, მიიღონ: ზოგადი რეჟიმის კოლონიებში ათი ამანათი და გაძლიერებული რეჟიმის კოლონიებში ცხრა ამანათი.
გასამართლებულ დამნაშავეებს, რომლებიც სასჯელს იხდიან საპატიმროში, არ აქვთ ამანათის მიღების უფლება.
მსჯავრდებულ პირებს, მიუხედავად რეჟიმის ტიპისა, სადაც ისინი სასჯელს იხდიან, აქვთ წელიწადის განმავლობაში არა უმეტეს ორი პატარა შეკვრის მიღებისა და რაიმე სახის შეზღუდვების გარეშე ლიტერატურის ყიდვის უფლება გაყიდვების სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.
ამანათებისა და ნებისმიერი ტიპის პატარა შეკვრის რაოდენობა არ არის შეზღუდული გამოსასწორებელი შრომითი კოლონიის ბანაკებში (виправнo-тpудова колонія-поселення).
გამოსასწორებელი შრომითი დაწესებულებების შინაგანაწესით უნდა განისაზღვროს იმ საკვები პროდუქტისა და საპირფარეშოს ნივთების სია, რომლის მიღების უფლება აქვს მსჯავრდებულს საფოსტო ამანათებისა და პატარა შეკვრების მეშვეობით. ასევე, შინაგანაწესით უნდა დადგინდეს ზემოთ ხსენებული ნივთების მიღებისა და მსჯავრდებულთათვის გადაცემის პროცედურა.42-ე მუხლის თანახმად (მსჯავრდებულის მიერ გადარიცხვით ფულის მიღება და გაგზავნა), მსჯავრდებულებს შეუძლიათ, მიიღონ შეუზღუდავი რაოდენობის ფული გადარიცხვით ისევე, როგორც გაუგზავნონ ნათესავებს, ხოლო, თუ არსებობს გამოსასწორებელი შრომითი დაწესებულების ხელმძღვანელობის თანხმობა, სხვა პირებსაც. გადარიცხვით მიღებული ფული გადაიგზავნება მსჯავრდებულის პირად ანგარიშზე.43-ე მუხლი მე-2 ნაწილი (იმ პირთა მიმოწერა, რომელთაც მიესაჯათ პატიმრობა) ადგენს, რომ საპატიმროში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუძლიათ მიიღონ შეუზღუდავი რაოდენობის ფოსტა და გააგზავნონ წერილები შემდეგი წესით: ზოგად რეჟიმში მოთავსებულ პირთათვის ერთ თვეში ერთი, ხოლო გაძლიერებულ რეჟიმში მოთავსებულთათვის - ორ თვეში ერთი წერილი.
პროკურატურის აქტი
12 (1) მუხლის მიხედვით, პროკურატურა განიხილავს შუამდგომლობებსა და საჩივრებს, რომელიც ეხება მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებების დარღვევას. გამონაკლისია ის საჩივრები, რომელზეც სასამართლოების იურისდიქცია ვრცელდება. მე-4 ნაწილი ადგენს, რომ პროკურორის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი გადაეცემა ზედამხედველ პროკურორს, ხოლო განსაზღვრულ შემთხვევებში, სასამართლოს. მე-5 ნაწილის თანახმად, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა.38-ე მუხლის მიხედვით, პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვთ, მოსთხოვონ სასამართლოს საქმეში არსებული ნებისმიერი მასალის გადაცემა, როდესაც განჩინება ან სხვა გადაწყვეტილება ძალაშია შესული. თუ არსებობს სამართალწარმოების ხელახლა დაწყების რაიმე საფუძველი, პროკურორი სადავოდ ხდის განჩინებას ან სხვა ნებისმიერ გადაწყვეტილებას.44(1) მუხლის მიხედვით, პროკურატურის ზედამხედველობა ვრცელდება შემდეგ საკითხებზე: შეასრულოს სამართლებრივი წესები წინასასამართლო პატიმრობისას, გამოსასწორებელ შრომის ან სასჯელთა აღსრულების სხვა დაწესებულებებში ან სასამართლოს მიერ მიღებული იძულებითი ზომები; ხსენებულ დაწესებულებებში პირის მიერ სასჯელის მოხდის ან მისი დასჯის პროცედურებისა და პირობების შესრულების უზრუნველყოფა; ამგვარ პირთა უფლებები და შესაბამისი ორგანოების მიერ საკუთარ ვალდებულებათა შესრულების წესი სისხლის სამართლისა და სასჯელთა აღსრულების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. პროკურორს ნებისმიერ დროს შეუძლია, ესტუმროს წინასასამართლო პატიმრობის ადგილებს, დაწესებულებებს, სადაც მსჯავრდებულები იხდიან სასჯელს ან იძულებითი მოპყრობის ან რეფორმის დაწესებულებებს იმისათვის, რომ ჩაატაროს გასაუბრება ან შეისწავლოს ის დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც პირები დააკავეს, დააპატიმრეს, მიუსაჯეს სასჯელი ან დაუქვემდებარეს იძულებით ღონისძიებებს; მას, ასევე, შეუძლია შეისწავლოს ასეთი დაწესებულებების ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის მიერ მიღებული ბრძანებების, რეზოლუციებისა და ბრძანებულებების კანონიერება, შეწყვიტოს ამგვარი აქტების იმპლემენტაცია ან გაასაჩივროს. იმ შემთხვევაში, თუკი ხსენებული აქტები ეწინააღმდეგება სამართალს, გააუქმოს ისინი და მოსთხოვოს თანამდებობის პირებს მითითებული დარღვევის ახსნა.
ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი დოკუმენტები
საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1097 (1996) ევროპაში სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ
ასამბლეამ რეზოლუციაში წუხილი გამოთქვა სიკვდილით დასჯის იმ შემთხვევების გამო, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა ლატვიაში, ლიტვასა და უკრაინაში. კერძოდ, მან დაგმო უკრაინა იმის გამო, რომ აშკარად დაარღვია ევროპის საბჭოსთან მისი მიერთებიდან გამომდინარე ვალდებულებები, სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატორიუმის დანერგვის შესახებ. მან ხსენებულ სახელმწიფოს მოუწოდა, პატივი სცეს საკუთარ ვალდებულებებს აღსრულებაზე მორატორიუმის დანერგვის კუთხით და დაუყოვნებლივ გააუქმოს სიკვდილით დასჯა. გააფრთხილა, რომ ვალდებულებების კიდევ ერთხელ დარღვევა, განსაკუთრებით, სიკვდილით დასჯის აღსრულება, გამოიწვევს № 508 (1995) ბრძანებით გათვალისწინებულ შედეგებს.
რეზოლუცია 1112 (1997) ევროპის საბჭოსთან მიერთებით უკრაინაზე დაკისრებული ვალდებულების - სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატოტიუმის ამოქმედების - პატივისცემის შესახებ
ასამბლეამ მოცემულ რეზოლუციაში დაადასტურა, რომ მის მიერ მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში, 1996 წლის პირველ ნახევარში, სიკვდილით დასჯის შესახებ ოთხმოცდაცხრა განაჩენი აღსრულდა და წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ მიაწოდა ინფორმაცია წელიწადის მეორე ნახევარში სიკვდილით დასჯის რაოდენობის შესახებ. ასამბლეა განსაკუთრებით შეძრწუნებული იყო იმ ფაქტის გამო, რომ უკრაინაში სიკვდილით დასჯა ხორციელდებოდა საიდუმლოდ - პატიმართა ოჯახის წევრები არ იყვნენ ინფორმირებულნი, ხოლო, გავრცელებული ინფორმაციით სიკვდილით დასჯილებს მარხავდნენ არაიდენტიფიცირებად საფლავებში. მან დაგმო უკრაინა სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაწესების ვალდებულების დარღვევის გამო, წუხილი გამოთქვა სიკვდილით დასჯის იმ შემთხვევების გამო, რასაც ადგილი ჰქონდა, მოსთხოვა უკრაინას, დაუყოვნებლივ შეესრულებინა ვალდებულებები და შეეჩერებინა ჯერ კიდევ აღუსრულებელი განაჩენები სიკვდილით დასჯის შესახებ.
რეზოლუცია 1179 (1999) და რეკომენდაცია 1395 (1999) უკრაინის მიერ საკუთარი ვალდებულებების პატივისცემის შესახებ
მოცემულ ტექსტებში ასამბლეამ აღნიშნა, რომ უკრაინამ ცალსახად არ სცა პატივი საკუთარ ვალდებულებებს (ოფიციალური წყაროს მიხედვით, 1995 წლის 9 ნოემბერსა და 1997 წლის 11 მარტს შორის პერიოდში სიკვდილით დასაჯეს 212 ადამიანი). ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში 1997 წლის 11 მარტიდან de facto მორატორიუმი მოქმედებდა სიკვდილით დასჯის შესახებ განაჩენთა აღსრულებაზე. ასამბლეის მტკიცებით, მორატორიუმი ხელახლა დამტკიცდა de jure და უმაღლესმა რადამ მოახდინა კონვენციის მე-6 ოქმის რატიფიცირება. მან აღნიშნა de facto მორატორიუმის მნიშვნელობა და მტკიცედ განაცხადა, რომ თუკი სიკვდილით დასჯა ისევ აღსრულდებოდა, რეგლამენტის მე-6 მუხლის შესაბამისად, გაუქმდებოდა უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წევრთა მანდატები ასამბლეის მომდევნო სესიაზე.
ევროპული კომიტეტის მოხსენებები წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და სასჯელის აღკვეთის შესახებ (CPT)
CPT-ის დელეგატებმა მოინახულეს უკრაინაში პატიმრობის ადგილები 1998, 1999 და 2000 წლებში. მოხსენებები თითოეული ამ ვიზიტის შესახებ, მოხსენებაზე უკრაინის მთავრობის პასუხთან ერთად, გამოქვეყნდა 2002 წლის 9 ოქტომბერს.
1998 წლის მოხსენებადელეგაციის ვიზიტი 1998 წლის 8-24 თებერვლის პერიოდში იყო CPT-ის პირველი ვიზიტი უკრაინაში. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ შეამოწმა, inter alia, ხარკოვში წინასასამართლო საპატიმრო (SIZO) (“საგამოძიებო საიზოლაციო“ დაწესებულება) № 313/203. SIZO № 203-ის № 2 შენობის პირველ სართულზე, დელეგატების ვიზიტისას, იმყოფებოდა თხუთმეტი პატიმარი, რომელთაც სიკვდილით დასჯა მიესაჯათ მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მოხსენების სქოლიოშია მითითებული, დელეგაციამ მიიღო გარანტიები, რომლის მიხედვითაც, 1997 წლის 11 მარტის შემდეგ, სიკვდილით დასჯაზე de facto მორატორიუმი ამოქმედდა.CPT-მ თავის მოხსენებაში (პარაგრაფი 131), უპირველეს ყოვლისა, გამოთქვა ღრმა შეშფოთება იმ პირობების გამო, რომელიც ვრცელდებოდა პატიმრებზე, ასევე, მათ მიმართ გამოყენებული რეჟიმის გამო. აღნიშნული იყო, რომ, როგორც წესი, ერთ საკანში ანაწილებდნენ ორ პატიმარს, რომელთაც სიკვდილით დასჯა მიესაჯათ, ხოლო საკნის ზომა იყო 6,5-7 კვ.მ. საკანში ვერ აღწევდა ბუნებრივი სინათლე, ხოლო ფანჯრები ჩაბნელებული იყო ლითონის ფირფიტით. მუდმივად ჩართული ხელოვნური განათება, არ იყო ყოველთვის საკმარისად ძლიერი, რის შედეგადაც საკნებში ბნელოდა. საკნის გასანიავებლად, პატიმრებს შეეძლოთ მოეზიდათ თოკი, რაც ფირფიტას აღებდა; მიუხედავად ამისა, საკნები იყო ძალიან ნესტიანი და საკმაოდ ციოდა (პარაგრაფი 132).
საკნების მოწყობილობა მოხსენებაში აღწერილი იყო, როგორც ელემენტარული, რომელიც მოიცავდა ლითონის საწოლს და/ან დახრილ პლატფორმას (შედგებოდა თხელი ლეიბისაგან, საეჭვო სისუფთავის ზეწრებისა და საბნისაგან, რომელიც აშკარად არ იყო საკმარისი გასათბობად), თაროს და ორ ვიწრო ტაბურეტს. პატიმრებს უნდა ჰქონოდათ რადიო პროგრამებისათვის მოსმენის შესაძლებლობა საკნის კედელში ჩაშენებული დინამიკის მეშვეობით, თუმცა, როგორც დელეგაციას აცნობეს, რადიო მუშაობდა სპორადულად (იქვე).
ყველა საკანს ჰქონდა ტუალეტი, რომელიც არ იყო გამოყოფილი საცხოვრებელი სივრცისგან; შედეგად, პატიმარს ტუალეტი უნდა გამოეყენებინა თანასაკნელის თვალწინ. რაც შეეხება საპირფარეშოს ნივთებს, პატიმრები, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ სიკვდილით დასჯა, ისეთივე რთულ პირობებში იყვნენ, როგორც სხვა ბინადრები; ნივთები, როგორიცაა საპონი და კბილის პასტა, იშვიათობას წარმოადგენდა (იქვე).
აღნიშნული იყო, ასევე, რომ პატიმრებს, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ სიკვდილით დასჯა, არ ჰქონდათ რაიმე სახის აქტივობა, რომელიც თავიანთი საკნების გარეთ ხორციელდებოდა, მათ შორის, არ ჰქონდათ გარეთ ვარჯიშის საათი. საუკეთესო შემთხვევაში, მათ შეეძლოთ თავიანთი საკნების დატოვება კვირაში ერთხელ, რათა მიეღოთ შხაპი ციხის შენობის იმ ნაწილში, სადაც საკნებია განლაგებული და თვეში ერთი საათით, თუ მათ ჰქონდათ ოჯახის მიერ მონახულების უფლება. საკნის შიდა აქტივობები მოიცავდა კითხვას და რადიოს მოსმენას, როცა მუშაობდა. თვეში ერთხელ ოჯახის წევრების მიერ მონახულების გარდა, რომლითაც სარგებლობდა რამდენიმე ბინადარი, ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდული იყო მართლმადიდებელი მღვდლის ან სამედიცინო პერსონალის მიერ იშვიათ შემთხვევაში მათი მონახულებით, რომელნიც პატიმრებს ესაუბრებოდნენ საკნის კარში არსებული გისოსის მეშვეობით.CPT-მ ამ მიმართულებით კვლევის შედეგები შეაჯამა შემდეგვარად:
„მოკლედ რომ ითქვას, პატიმრები, რომელთაც სიკვდილით დასჯა აქვთ მისჯილი, დღეში 24 საათის განმავლობაში იყვნენ გამოკეტილნი საკანში, რომელიც მათ სთავაზობს მხოლოდ შეზღუდულ საცხოვრებელ სივრცეს და სადაც არ აქვთ ხელმისაწვდომობა ბუნებრივ სინათლესთან, ხელოვნური განათებაც კი ხანდახან ძალზე სუსტია. ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი საქმიანობა, რაც მათ დროს გააყვანინებდა, ადამიანებთან ურთიერთობის ძალიან მცირე შესაძლებლობით. მათი უმრავლესობა იმყოფებოდა მსგავს საზიანო პირობებში დროის მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში (ხსენებული დრო მერყეობს 10 თვიდან ორ წლამდე). ამგვარი სიტუაცია, შესაძლებელია, სრულად შეესაბამება უკრაინაში მოქმედ სამართლებრივ დებულებებს იმ პატიმართა მიმართ მოპყრობის შესახებ, რომელთაც სიკვდილით დასჯა აქვთ მისჯილი; თუმცა, CPT-ს მოსაზრებით, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ასეთი სიტუაცია გვაძლევს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.“ (პარაგრაფი 134).
ასევე, აღნიშნული იყო, რომ დელეგაციამ იმ პატიმართაგან, რომელთაც სიკვდილით დასჯა აქვთ მისჯილი, მიიღო დიდი რაოდენობის საჩივარი. საჩივრები შეეხებოდა ფატს, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია მათი სამართლებრივი მდგომარეობის, მათი საქმის მიმდინარეობის, მიმართვის შემთხვევაში საქმის გადახედვის, საჩივრების განხილვის შესახებ და ა.შ. (პარაგრაფი 138).უკრაინის მთავრობამ 1998 წლის მოხსენებისადმი საკუთარ პასუხში აღნიშნა, რომ მთელი რიგი საორგანიზაციო და პრაქტიკული ნაბიჯი გადაიდგა CPT-ის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების გადასაჭრელად. კერძოდ, განსახილველად წარადგინეს დროებითი რეგულაციები, რათა პატიმრებს, რომელთაც მისჯილი აქვთ სიკვდილით დასჯა, მიეცეთ ნათესავების მიერ მონახულების, სამართლებრივი დახმარების მისაღებად ადვოკატის ვიზიტის, სასულიერო პირის მიერ მონახულების, ასევე, შეზღუდების გარეშე კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის გარანტია. დამატებით, აღნიშნული იყო, რომ
(i) პატიმრებს, რომელთაც მისჯილი აქვთ წინასწარი პატიმრობა, ექნებოდათ ღია სივრცეში ყოველდღიური გასეირნების უფლება, რისთვისაც წინასასამართლო საპატიმროს 196 იარდი ხელახლა აშენდა და აღიჭურვა;
(ii) იმისათვის, რომ გაუმჯობესებულიყო სიტუაცია საკნებში ბუნებრივი განათებისა და ჰაერის კუთხით, ფანჯრებს მოაცილეს გისოსები და ლითონის ფირფიტები; და
(iii) იმისათვის, რომ ბინადრებს, რომელთაც მისჯილი აქვთ სიკვდილით დასჯა, ჰქონოდათ ინფორმაცია თავიანთი უფლებებისა და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, თითოეული საკნის კედლებზე გააკრეს ამონაწერები დროებითი რეგულაციებიდან.
1999 წლის მოხსენება CPT-ს დელეგაცია ესტუმრა უკრაინას 1999 წლის 15-23 ივლისის პერიოდში, რომლის ფარგლებშიც მათ კვლავ შეამოწმეს SIZO № 313/203 ხარკოვში, სადაც, ვიზიტის დროისათვის, დაპატიმრებული იყო 23 პატიმარი, რომელთაც სიკვდილით დასჯა ჰქონდათ მისჯილი. მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ წინა ვიზიტის შემდეგ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, საკნებში იყო ბუნებრივი განათება და ავეჯით უკეთ მოწყობილი. პატიმრებს ჰქონდათ დღეში ერთ საათიანი ვარჯიშის უფლება ღია სივრცეში, თუმცა, გაირკვა, რომ რეალური ფიზიკური ვარჯიშისთვის არ იყო საკმარისი სივრცე (პარაგრაფები 34-35). მოხსენებაში დამატებით აღნიშნული იყო, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა პატიმართა უფლებამ, მიიღონ ნათესავთა ვიზიტები და კორესპონდენცია (პარაგრაფი 36). თუმცა, CPT-მ აღნიშნა პატიმრობის ცალკეული მიუღებელი პირობები, მათ შორის, ის ფაქტი, რომ 24 საათიდან 23 საათს პატიმრები ატარებდნენ საკუთარ საკნებში, ასევე, ადამიანებთან კონტაქტის შესაძლებლობა კვლავ შეზღუდული რჩებოდა (პარაგრაფი 37).
2000 წლის მოხსენებამესამე ვიზიტი უკრაინაში განხორციელდა 2000 წლის 10-21 სექტემბრის პერიოდში, რომლის ფარგლებშიც დელეგაციამ შეამოწმა, inter alia, წინასასამართლო საპატიმრო (SIZO № 15) სიმფეროპოლში. CPT მიესალმა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ და აღნიშნა, რომ დაახლოებით 500 პატიმრიდან უმრავლესობას, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ სიკვდილით დასჯა, სასჯელი შეეცვალათ სამუდამო პატიმრობით.მიუხედავად ხსენებული მისასალმებელი ნაბიჯებისა, CPT-მ მიუთითა, რომ მითითებული კატეგორიის პატიმართა მიმართ მოპყრობა კვლავაც რჩებოდა კომიტეტის შეშფოთების უმთავრეს საგნად (პარაგრაფი 67). ასევე, აღნიშნული იყო, რომ 2000 წლის ივლისში მიღებული დროებითი ინსტრუქციებისა და სპეციალურად სამუდამო პატიმრობა მისჯილი პატიმრებისათვის განკუთვნილი მკაცრი რეჟიმის ორი გაერთიანების შექმნის შესახებ მიმდინარე გადაწყვეტილების დამატებით, ასეთი პატიმრები ექვემდებარებოდნენ მკაცრი დაკავების რეჟიმს (პარაგრაფი 68). მაშინ, როცა საკნებში საცხოვრებელი სივრცე, ზოგადად, იყო დამაკმაყოფილებელი და დაიწყო განახლებითი სამუშაოები ყველა იმ დაწესებულების საკნებში, რომელსაც დელეგატები ესტუმრნენ, სამი მთავარი ნაკლი მაინც შეინიშნებოდა: ხელმისაწვდომობა ბუნებრივ სინათლეზე, ხელოვნური განათების ხარისხი და ვენტილაცია (პარაგრაფი 69). უფრო მეტიც, პატიმრები, რომელთაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, გამოკეტილნი იყვნენ თავიანთ საკნებში დღეში 23 ½ საათი, სადაც არ არსებობდა არანაირი სახის ორგანიზებული ღონისძიება. ხოლო რაც შეეხება თავიანთი საკნების გარეთ არსებულ ღონისძიებებს, პატიმრებს შეეძლოთ ესარგებლათ მხოლოდ ნახევარ საათიანი ვარჯიშით გარეთ მიუღებელ პიროებებში. ფაქტობრივად, არ არსებობდა ადამიანური ურთიერთობა: 2000 წლის ივლისის ინსტრუქციების ძალაში შესვლის შემდეგ, აიკრძალა ვიზიტი ნათესავებისგან და პატიმრებს შეეძლოთ ყოველ ორ თვეში მხოლოდ ერთი წერილის გაგზავნა, თუმცა არ არსებობდა შეზღუდვები წერილთა მიღებაზე (პარაგრაფი 70).უკრაინის მთავრობამ მოხსენებისადმი საკუთარ პასუხში მიუთითა დამატებითი სამართლებრივი ცვლილებები, რომელიც იმ პატიმართათვის, რომელთაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, განამტკიცებდა დღეში ერთ საათიანი ვარჯიშისა და თვეში ოთხ საათამდე დროით ოჯახის წევრთა ორი ვიზიტის უფლებას. ამასთანავე, იმისათვის, რომ ადეკვატური სინათლე ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ყველა საკანში ლითონის საფარები მოაცილეს ფანჯრებს.
სამართალი
მთავრობის წინასწარი შენიშვნები
მთავრობამ კიდევ ერთხელ გაიმეორა ის შენიშვნა, რაც მათ დააფიქსირეს დასაშვებობის ეტაპზე საქმის განხილვისას. მათი მტკიცებით, მომჩივანს, რომელიც სიკვდილმისჯილთა რიგებში იყო ოთხი წლის განმავლობაში, არც ერთ ეტაპზე, არც ერთხელ არ მიუმართავს აღმასრულებელი ან სასამართლო ხელისუფლებისთვის საკუთარი უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო. ამდენად, მან მთავრობას არ მისცა შესაძლებლობა, სათანადო რეაქცია ჰქონოდა მისი უფლებების სავარაუდო დარღვევების მიმართ და დაეცვა ისინი სავარაუდოდ დარღვეული უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმის მეშვეობით.მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ მოქმედი ეროვნული სამართლებრივი სისტემა (უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუცია და სხვა საკანონმდებლო აქტები) იძლეოდა ადამიანს უფლებათა სასამართლოს გზით ეფექტურად დაცვის რეალურ შესაძლებლობას. ისინი დაეყრდნენ კონსტიტუციის 55-ე მუხლის 1-ლ ნაწილს, რომლის თანახმადაც „ყველას აქვს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოების, თანამდებლობის პირებისა თუ სასამართლო მოხელეების გადაწყვეტილებების, მოქმედებისა და უმოქმედობის გასაჩივრების უფლება“. ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ მოიხმო საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ აღნიშნა: კონსტიტუციის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილი უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ყველას აქვს სასამართლოს წინაშე საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უფლება. სასამართლოს არ შეუძლია, უარი თქვას მართლმსაჯულების განხორციელებაზე, თუკი უკრაინის მოქალაქის, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებები და თავისუფლებები დაირღვა, მათ განხორციელებაში ხელი ეშლებათ ან შეზღუდულია სხვაგვარად.მთავრობამ, დამატებით, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მოქალაქეს აქვს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თუ იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების, იურიდიული პირის, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, თანამდებობის პირის მოქმედებით ან უმექმედობით დაირღვა მისი უფლებები. იმ ორგანოებს შორის, რომელთა მოქმედება ან უმოქმედობა შესაძლებელია, გასაჩივრდეს მოცემული დებულების პირველ ნაწილში ჩამოთვლილი შესაბამისი სასამართლოს წინაშე, არის სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და მათი თანამდებობის პირები“.მომჩივანმა იდავა მთავრობის მტკიცებაზე და განახადა, რომ მან მის ხელთ არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა შიდა საშუალება ამოწურა.სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებული შესაბამისი პრინციპები ჩამოყალიბდა, inter alia, სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე - სელმუნი საფრანგეთის წინააღმდეგ (№ 25803/94, §§ 74-77, ECHR 1999-V). კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიზანია, მისცეს შესაძლებლობა ხელშემკვრელ სახელმწიფოს, აღკვეთოს ან აღადგინოს სავარაუდოდ მის მიერ დარღვეული უფლება, დარღვევის შესახებ განცხადების სასამართლოსადმი წარდგენამდე. თუმცა, ამოწურვის მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებებზე. მთავრობამ, როდესაც მიუთითებს შიდა საშუალებების ამოუწურავობაზე, უნდა დაუმტკიცოს სასამართლოს, რომ სამართლებრივი დაცვის საშულება იყო ეფექტური, რომელიც შესაბამის დროს ხელმისაწვდომი იყო თეორიულად და პრაქტიკულად.
მას შემდეგ, რაც ხსენებული მტკიცების ტვირთი დაკმაყოფილდება, უკვე მომჩივანს ეკისრება ვალდებულება, ამტკიცოს, რომ მთავრობის მიერ მითითებული საშუალება სინამდვილეში იყო ამოწურული, ან გარკვეული მიზეზების გამო, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, იყო არაადეკვატური ან არაეფექტური ან არსებობდა განსაკუთრებული გარემოება, რაც მას ათავისუფლებდა ხსენებული მოთხოვნისაგან. ერთი-ერთი ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს ეროვნული ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტური პასიურობა, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო აგენტების გადაცდომის ან ზიანის მიყენების სერიოზულ ბრალდებებს, მაგალითად, როდესაც ხელისუფლებამ არ აღასრულა სასამართლო ბრძანება. ასეთ შემთხვევებში, მტკიცების ტვირთი ისევ მოპასუხე მთავრობაზე გადადის, რომელმაც უნდა აჩვენოს თუ რა ქმედებები განახორციელეს მათ გასაჩივრებული ქმედების სიმძიმისა და მასშტაბის საპასუხოდ.სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ხსენებული წესის გამოყენებისას სათანადოდ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული კონტექსტი. აქედან გამომდინარე, აღიარებულია, რომ 35-ე მუხლი უნდა იქნეს გამოყენებული გარკვეული მოქნილობითა და გადაჭარბებული ფორმალურობის გარეშე. სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებების ამოწურვის წესი არც აბსოლუტურია და მისი არც ავტომატურად გამოყენებაა შესაძლებელი. იმის განსაზღვრისას, შესრულდა თუ არა მითითებული მოთხოვნა, მნიშვნელოვანია, ყოველი საქმის კონკრეტული გარემოებების მხედველობაში მიღება. სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ რეალურად მხედველობაში უნდა მიიღოს არა შესაბამისი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემაში სამართლებრივი დაცვის ფორმალური საშუალებების არსებობა, არამედ ის ზოგადი სამართლებრივი და პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ხსენებული საშუალებები მოქმედებენ ისევე, როგორც მომჩივნის პირადი მდგომარეობა (იხილე, აკდივარი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, 1996 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიში 1996-IV, გვ. 1211, § 69).მოცემულ საქმეში სასამართლოს განცხადებით, ცხადია, რომ მომჩივანს არ აღუძრავს არანაირი სარჩელი - ზეპირი ან წერილობითი - იმ საპატიმროს მმართველის წინაშე, სადაც ის დაპატიმრებული იყო ან პროკურორის წინაშე. 1999 წლის 4 ოქტომბერს, სასამართლოს დელეგატების ვიზიტისას, მან მხოლოდ დაადასტურა, რომ ხსენებული საკითხები განიხილა საკუთარ ადვოკატთან საპატიმროში შეხვედრებისას (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 29). სასამართლოს აღნიშვნით, მხარეებს შორის სადავო არ იყო ის ფაქტი, რომ მმართველი საკანში რეგულარულად დადიოდა აპლიკანტის მოსანახულებლად, კერძოდ, კვირაში ერთხელ და რომ მომჩივანს შეეძლო ნებისმიერი საჩივრის გადაცემა, რომელიც მას შეიძლება ჰქონოდა.მეორე მხრივ, სასამართლოს შეხედულებით, მიუხედავად საპატიმროს მმართველის მტკიცებისა, რომ სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფი ყველა პატიმრისათვის ცნობილი იყო საკუთარი უფლებები და მოვალეობები და რომ ბინადრებმა ხელი მოაწერეს უფლებებისა და ვალდებულებების ჩამონათვალს, განმცხადებელმა ხსენებულ ჩამონათვალს ხელი მოაწერა სასამართლო დელეგაციის სტუმრობამდე ცოტა ხნით ადრე.იმდენად, რამდენადაც მითითებულია, რომ მომჩივანს არ აღუძრავს ფორმალური სარჩელი საპატიმროს ხელმძღვანელობის წინაშე მისი პატიმრობის პირობების შესახებ, სასამართლოს მისაღებად მიაჩნია აპლიკანტის მტკიცება, რომლის მიხედვითაც, მან, როგორც პატიმარმა, საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების ამსახველ დოკუმენტს ხელი მოაწერა დელეგატების ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე (იხილე ზემოთ პარაგრაფი 20). მთავრობას არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მომჩივნისთვის სხვა გზით იყო ცნობილი მისი უფლებების ან სათანადო საშუალებების შესახებ, რომლის მეშვეობითაც იგი საკუთარი სარჩელის დაკმაყოფილებას შეძლებდა. ამგვარ გარემოებებში, არ შეიძლება მომჩივნის წინააღმდეგ დადგინდეს, რომ მას სათანადო არხებით არ აღუძრავს ფორმალური სარჩელი პატიმრობის პირობების შესახებ.სასამართლომ, ასევე, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ, როგორც ჩანდა, მომჩივანი იღებდა რეგულარულ ვიზიტებს ადვოკატისაგან, რომლის დროსაც სამართლებრივი საკითხები, მათ შორის, მომჩივნის პატიმრობის პირობებიც, შეიძლებოდა ყოფილიყო განხილული. თუმცა, უდავოა, რომ საპატიმროს ხელმძღვანელობამ მოითხოვა დაცვის წევრების ყოფნა ადვოკატთან და ნათესავებთან მომჩივნის შეხვედრებზე (იხილე ზემოთ, პარაგრაფები 29 და 56). აპლიკანტს, რომელსაც ამგვარ პირობებში არ შეეძლო თავისუფლად კომუნიკაცია თავის ადვოკატთან ან ნათესავებთან, არ შეიძლება დაბრალდეს, რომ მან არჩია, არ შეეტანა სარჩელი მისი პატიმრობის პირობების შესახებ, რომელიც შეიცავდა ბრალდებებს საპატიმროს ადმინისტრაციის მიმართაც. უფრო მეტიც, მომჩივნისთვის ცნობილი იყო, რომ მის წერილებზე ვრცელდებოდა ცენზურა ან სულ მცირე კითხულობდა საპატიმროს ხელმძღვანელობა (იხილე ზემოთ, პარაგრაფები 30 და 41).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანზე ამგვარი პრაქტიკის შესაძლო დამაშინებელი ეფექტი და ის ფაქტი, რომ მას არ დაუჩივლია ადვოკატისა და ოჯახის წევრების წინაშე, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს, როგორც დაუდევრობა ან სარჩელის აღძვრის უფლებაზე განზრახ უარის თქმა.რაც შეეხება სასამართლოებში სამოქალაქო სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მოითხოვს არა მხოლოდ სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალების ხელმისაწვდომობას, არამედ, იგი, ასევე, უნდა იყოს ეფექტური საშუალება ინდივიდის სავარაუდოდ დარღვეული კონვენციური უფლებების აღსადგენად. სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ მომჩივანს არ წამოუწყია სამოქალაქო საქმის წარმოება, რათა გაესაჩივრებინა პატიმრობის პირობები, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობას არ უჩვენებია, ამგვარი საქმის წარმოებისადმი მიმართვა, ასეთ პირობებში, როგორ გაამჯობესებდა მდგომარეობას. მთავრობას არ მოუწოდებია მაგალითიც შიდა პრეცედენტული სამართლიდან, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პატიმრის მიერ ამგვარი საქმის წარმოებები შეიცავდა წარმატების პოტენციალს.ამგვარ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ საკმარისი სიცხადით ვერ დადგინდა, მთავრობის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები, სთავაზობდა თუ არა მომჩივანს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომელიც პატიმრობის პირობებს შეეხებოდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობის შეპასუხება სამართლებრივი დაცვის შეიდა საშუალებების ამოუწურავობის საფუძველზე, არ შეიძლება იქნეს გაზიარებული.
კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევამომჩივანმა გასაჩივრა ის პირობები, რომელიც მასზე, როგორც სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფზე, ვრცელდებოდა სიმფეროპოლის საპატიმროში. მისი მტკიცებით, მის მიმართ გამოყენებული ამგვარი პირობები ხვდებოდა კონვენციის მე-3 მუხლის სფეროში, რომელიც ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.“
მან მიუთითა, რომ არ ჰქონდა დედისთვის ან ძმისთვის წერილის გაგზავნის ან მათგან მიღების, თბილი ტანსაცმლისა და საკვების შემცველობით ამანათების მიღებისა და ჰაერზე გასეირნების შესაძლებლობა. მან დამატებით აღნიშნა, რომ ორი წლის განმავლობაში მოთავსებული იყო განმარტოებულ საკანში.
მხარეთა არგუმენტები
მთავრობის განცხადებით, პატიმრობის ყველა შესაბამისი წესი იყო გამოყენებული მომჩივნის მიმართ, მათ შორის, წესები საკნის მოწყობილობის, მკურნალობის, ვიზიტებისა და კორესპონდენციის შესახებ, რომელიც მოცემულია კანონის 1-ლ, მე-8, მე-9, მე-11, მე-12 და მე-13 სექციებში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზოგიერთ დებულებაში, კოდექსის 28-ე, 37-ე, 41-ე, 42-ე და 43-ე მუხლებში, 1998 წლის 20 აპრილის ინსტრუქციაში და 1999 წლის 25 ივნისის დროებით დებულებებში. მთავრობამ დამატებით განაცხადა, რომ სამედიცინო დახმარება, მკურნალობა, პროფილაქტიკური და ანტიეპიდემიური ღონისძიებები იმ პატიმართა მიმართ, ვისაც სიკვდილით დასჯა ჰქონდათ მისჯილი, ხორციელდებოდა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.მთავრობას აღნიშნა, რომ მომჩივნის ნათესავებმა მის მოსანახულებლად განცხადება შეიტანეს 1996 წლის 6 აგვისტოს, 12 სექტემბერს, 15 ოქტომბერს, 20 ნოემბერს და 20 დეკემბერს, 1997 წლის 20 თებერვალს, 27 მარტს, 15 მაისს, 26 ივნისს, 23 ივლისს, 7 ოქტომბერს და 23 დეკემბერს და 1998 წლის 30 იანვარს. ყველა ამ შემთხვევაში მათ მიენიჭათ მონახულების უფლება. 1996 წლის 26 აპრილის შემდეგ, მომჩივანს არასოდეს მიუმართავს საპატიმროს ადმინისტრაციისთვის მისი ნათესავებისაგან მონახულების თაობაზე; ასევე, არასოდეს არ გაუგზავნია/მიუღია წერილი მათთვის/მათგან. უფრო მეტიც, განმცხადებელს არასოდეს მიუმართავს განცხადებით საპატიმროს ხელმძღვანელობისთვის შეკვრების მიღებასთან დაკავშირებით.მათ დამატებით აღნიშნეს, რომ მომჩივანს შეეძლო საკვების ყიდვა საპატიმროს მაღაზიაში. 1997 წლის დეკემბერსა და 1998 წლის ივლისს შორის პერიოდში, მან შეიძინა საკვები პროდუქტი და სხვა ნივთები 14 შემთხვევაში, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა UAH 115.02.დამატებით დაკვირვებისას, მთავრობამ განაცხადა, რომ მათი აგენტი მომჩივნის პატიმრობის ადგილს ესტუმრა 1999 წლის ივლისში. მან დაადასტურა, რომ სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფი ბინადრების პატიმრობის პირობები შეესაბამებოდა იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ, ინსტრუქციას. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ მათ განახორციელეს ყველა საჭირო ზომა, რათა გაუმჯობესებულიყო იმ პირთა სამართლებრივი სტატუსი, რომელთაც სიკვდილით დასჯა ჰქონდათ მისჯილი, ხოლო სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო დებატები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა დროებითი დებულებები 1999 წლის 25 ივნისს, რომელიც ძალაში შევიდა 1999 წლის 11 ივლისს.მომჩივანმა სადავოდ გახადა მთავრობის არგუმენტები. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც იგი მოათავსეს საპყრობილეში 1995 წლის 23 ოქტომბერს, ეკრძალებოდა მიმოწერა ნათესავებთან, ხოლო 1996 წლის 26 აპრილს განაჩენის გამოტანის შემდეგ, მას აღარ ჰქონდა საკუთარი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარების ისევე, როგორც თვეში ორჯერ 8 კილოგრამამდე წონის ამანათის მიღების უფლება. 1997 წლის დეკემბრის შემდეგ, მას აღარ ჰქონდა საპატიმროს მაღაზიაში საკვების ყიდვის შესაძლებლობა, მაღაზიის მოსამარაგებლად მთავრობის მხრიდან დაფინანსების არარსებობის გამო. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ყველა მისი მოთხოვნა მიმოწერასთან დაკავშირებით უარყვეს.სასამართლოსადმი განკუთვნილ 1999 წლის 24 ივლისის წერილში, მომჩივნის ადვოკატმა აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ განმცხადებლის პატიმრობის პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მის ნათესავებს ნება დართეს, მომჩივნისთვის მიეტანათ თბილი ტანსაცმელი და თვეში ორჯერ გაეგზავნათ ამანათები, რომელშიც საკვები იქნებოდა მოთავსებული. უფრო მეტიც, ნათესავებისგან ყოველთვიური ვიზიტები იქნა ნებადართული შეზღუდვების გარეშე. ადვოკატის განცხადებით, მიმოწერასთან დაკავშირებით არ არსებობდა შეზღუდვები, მომჩივანს შეეძლო ესარგებლა გარეთ გასეირნებით და საპატიმროს მაღაზიაში ეყიდა საკვები თვეში UAH 55 ღირებულებამდე. მას, ასევე, შეეძლო, შეზღუდვების გარეშე მიეღო სამართლებრივი დახმარება მისი ადვოკატისაგან. განმცხადებლის ადვოკატი მიიჩნევდა, რომ სასამართლოსადმი მიმართულ საჩივარში დაფიქსირებული პრეტენზიები გადაიჭრა და სთხოვა სასამართლოს, აღარ გაეგრძელებინა საქმის განხილვა. ხსენებული მოთხოვნა შეთანხმებული იყო მომჩივანთან.სასამართლოსადმი თავის 1999 წლის 8 ივლისის წერილში, მომჩივნის დედამაც აღნიშნა იგივე გაუმჯობესებული მდგომარეობა სიმფეროპოლის საპატიმროში, მიმოწერის, გარეთ გასეირნებისა და საპატიმროს მაღაზიაში საკვები პროდუქტის ყიდვის კუთხით.
სასამართლოს შეფასება
სასამართლომ მხედველობაში მიიღო განმცხადებლის ადვოკატის შეხედულება, რომ მომჩივნის პატიმრობის პირობების გაუმჯობესების შედეგად, მისი პრეტენზიები მოგვარდა ისევე, როგორც გაითვალისწინა მოთხოვნა მომჩივნის საქმის განხილვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საჩივარმა წამოწია ზოგადი სიტუაციის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც გავლენას ახდენს უკრაინაში კონვენციის მე-3 მუხლის გამოყენებაზე იმ პატიმართა პატიმრობის პირობების კონტექსტში, რომელთაც სიკვდილით დასჯა აქვთ მისჯილი. იგი მიიჩნევს, რომ კონვენციით განსაზღვრული ადამიანის უფლებათა პატივისცემა მოითხოვს, სასამართლომ გააგრძელოს საჩივრის განხილვა.როგორც სასამართლომ ბევრ შემთხვევაში დაადგინა, კონვენციის მე-3 მუხლი შეიცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. იგი აბსოლუტურად კრძალავს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს, გარემოებებისა და მსხვერპლის ყოფაქცევის მიუხედავად.სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს იმისათვის, რომ მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლის სფეროში. სისასტიკის მინიმალური ზღვრის შეფასება შედარებითია; იგი დამოკიდებულია საქმის თითოეულ გარემოებაზე, როგორიცაა ამგვარი მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური გავლენა და ზოგიერთ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. უფრო მეტიც, იმის დადგენისას, არის თუ არა მოპყრობა „დამამცირებელი“ მე-3 მუხლის გაგებით, სასამართლო ითვალისწინებს, ამგვარი მოპყრობის მიზანი არის თუ არა შესაბამისი პირის შეურაცხყოფა და დამცირება, ხოლო რაც შეეხება შედეგებს, მოპყრობამ უარყოფითად იმოქმედა თუ არა მის პიროვნულობაზე იმგვარად, რომ ხსენებული მოპყრობა შეუსაბამოა მე-3 მუხლთან. თუმცა მითითებული მიზნის არარსებობამ არ შეიძლება საბოლოოდ გამორიცხოს ამ დებულების დარღვევის დადგენა (იხილე, პირსი საბერძნეთის წინააღმდეგ, № 28524/95, §§ 67-68, 74, ECHR 2001-III, და ვალასინასი ლიტვის წინააღმდეგ, № 44558/98, § 101, ECHR 2001-VIII).შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველი ტანჯვა და შეურაცხყოფა უნდა გასცდეს კანონიერი მოპყრობისა და შეურაცხყოფისათვის დამახასიათებელი ტანჯვისა და შეურაცხყოფის ელემენტს. ღონისძიებები, რომელიც ადამიანს თავისუფლებას ართმევს, შეიძლება მოიცავდეს ასეთ ელემენტს. ხსენებული დებულების შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაპატიმრებული პირი იმყოფებოდეს ისეთ პირობებში, რომელიც შეესაბამება ადამიანის ღირსების პატივისცემას; უნდა უზრუნველყოს ასევე, რომ ღონისძიების აღსრულების მეთოდმა და წესმა არ დაუქვემდებაროს იგი ისეთ უბედურებასა და გაჭირვებას, რაც აღემატება დაპატიმრებისათვის დამახასიათებელი ტანჯვის გარდაუვალ დონეს და პატიმრობის პრაქტიკული მოთხოვნების პირობებში, მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ადეკვატურად იყოს დაცული (იხილე, კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 30210/96, §§ 93-94, ECHR 2000-XI).დამატებით, როგორც საქმეში - ზოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - არის ხაზგასმული სასამართლოს მიერ, ხელშემკვრელი სახელმწიფოების თანამედროვე დამოკიდებულება სიკვდილით დასჯის მიმართ მნიშვნელოვანია იმის შესაფასებლად, ტანჯვისა და დამცირების მისაღები ბარიერი დაირღვა თუ არა (იხილე, ზოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1989 წლის 7 ივლისი, სერია A № 161, გვ. 41, § 104). როდესაც ხდება სიკვდილით დასჯის განსაზღვრა, მსჯავრდებული პირის პირადი გარემოებები, სასჯელის აღსრულების მოლოდინში პატიმრობის პირობები და სასჯელის აღსრულებამდე პატიმრობის ხანგრძლივობა არის იმ ფაქტორების მაგალითი, რის გამოც შეიძლება მსჯავრდებული პირის მიმართ მოპყრობა და დასჯა მოექცეს მე-3 მუხლის აკრძალვის ქვეშ (იქვე). პატიმრობის პირობების შეფასებისას, ხსენებული პირობების კუმულატიური ეფექტი ისევე, როგორც განმცხადებლის კონკრეტული საჩივრები, უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული (იხილე, დუგოცი საბერძნეთის წინააღმდეგ, № 40907/98, § 46, ECHR 2001-II, და კალაშნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, № 47095/99, § 95, ECHR 2002-VI).სასამართლო შენიშნავს, რომ აპლიკანტმა გაასაჩივრა სიმფეროპოლის საპატიმროში, სადაც იგი დაპატიმრებული იყო, მასზე გავრცელებული პირობების გარკვეული ასპექტები. აღნიშნულთან დაკავშირებით, იგი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონვენცია არეგულირებს ფაქტებს მხოლოდ თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის მისი ძალაში შესვლის შემდეგ. ამდენად, სასამართლოს აქვს იურისდიქცია, განიხილოს აპლიკანტის საჩივრები იმდენად, რამდენადაც იგი ეხება 1997 წლის 11 სექტემბრის შემდგომ პერიოდს, როცა კონვენცია უკრაინისთვის შევიდა ძალაში. თუმცა პატიმრობის პირობების მომჩივანზე გავლენის შესაფასებლად, სასამართლომ შეიძლება მხედველობაში მიიღოს მთელი პერიოდი, რომლის განმავლობაში იგი დაპატიმრებული იყო, როგორც პატიმარი, მათ შორის, 1997 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდი ისევე, როგორც პატიმრობის პირობები, რომელიც მასზე ვრცელდებოდა ხსენებული პერიოდის განმავლობაში (იხილე, კალაშნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, ზემოთ მითითებული § 96).სასამართლო დამატებით შენიშნავს, რომ მომჩივანი დაპატიმრებული იყო მის მიმართ გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენის გამო, სანამ ხსენებული განაჩენი 2000 წლის ივნისში შეიცვალა სამუდამო პატიმრობით. როგორც ზემოთაა აღნიშნული (იხილე ზემოთ, პარაგრაფები 91-93) უკრაინაში სიკვდილით დასჯის, როგორც სასჯელის გამოყენება იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში მტკიცე და მრავალჯერადი კრიტიკის საგანი. ხსენებულ რეზოლუციებში მითითებული იყო, რომ 1995 წლის 29 დეკემბერსა და 1997 წლის 11 მარტს შორის პერიოდში, საერთო ჯამში სიკვდილით დასჯის შესახებ 212 განაჩენი აღსრულდა. თუმცა 1997 წლის 11 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ხსენებულ განაჩენთა აღსრულებაზე გამოაცხადა de facto მორატორიუმი; 1999 წლის 29 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებული დებულებები სიკვდილით დასჯის შესახებ, არაკონსტიტუციურად ცნო; 2000 წლის 22 თებერვალს, სიკვდილით დასჯა გაუქმდა კანონით და ჩანაცვლდა სამუდამო პატიმრობით (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 17). განმცხადებელს სიკვდილით დასჯა მიესაჯა 1996 წლის აპრილს, მორატორიუმის ძალაში შესვლამდე, დაახლოებით, 11 თვით ადრე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმებამდე და განაჩენის შეცვლამდე, მომჩივანი შეიძლება ყოფილიყო გაურკვევლობაში, საკუთარი მომავლის მიმართ შეიძლება დაუფლებოდა შიში და მღელვარება. თუმცა, იგი მიიჩნევს, რომ განაჩენის შესაძლო აღსრულების რისკი და მისთვის დამახასიათებელი შიშისა და მღელვარების გრძნობა, რომელიც ეუფლებათ სიკვდილმისჯილ პირებს, უნდა შესუსტებულიყო, ვინაიდან დრო გავიდა და de facto მორატორიუმი კვლავ ძალაში იყო.მოცემულ საქმეში გარემოებების შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დელეგატების კვლევის შედეგები, მხარეთა წერილობით არგუმენტები და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები ისევე, როგორც CPT-ს მოხსენებები განსახილველი დროის შესახებ იმდენად, რამდენადაც იგი რელევანტური იყო.მკვლელობის დროს, რის გამოც მოხდა მომჩივნის მსჯავრდება, განმცხადებელი იყო 26 წლის. იგი გადაიყვანეს სიმფეროპოლის საპატიმროში 1995 წლის 23 ან 26 ოქტომბერს წინასასამართლო პატიმრობის გამო (იხილე ზემოთ პარაგრაფები 10 და 20). იგი იმყოფებოდა ხსენებულ საპატიმროში მას შემდეგაც, რაც სიკვდილით დასჯის შესახებ განაჩენი გამოაცხადა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ 1996 წლის 26 აპრილს და 1996 წლილს 25 ივლისს ძალაში დატოვა უკრაინის უზენაესმა სასამართლომ.სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა, თავდაპირველად, არ იცოდა საპატიმროს წესები და საკუთარი უფლებები და ვალდებულებები. თუმცა დელეგატების სტუმრობის დღეს, მან დაადასტურა, რომ ხსენებული უფლებების/ვალდებულებებისა და წესების შესახებ მას ინფორმაცია მიაწოდეს სამი თუ ოთხი დღით ადრე და მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელშიც მოცემული იყო მისი უფლებები და მოვალეობები (იხილე ზემოთ პარაგრაფი 20). აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ დელეგატებისთვის მიწოდებული ჩვენება დამაჯერებელი იყო. თავის მხრივ, მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მომჩივანს საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს უფრო ადრე.სასამართლო აღნიშნავს, რომ დელეგატების ვიზიტის დღეს, სიმფეროპოლის საპატიმროში ოცდათერთმეტი სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფი ბინადარი, მათ შორის მომჩივანიც, მოათავსეს ერთ ან ორ ადგილიან საკნებში სხვა ბინადრებთან კომუნიკაციის შესაძლებლობის გარეშე (იხილე ზემოთ, პარაგრაფები 23 და 35). მომჩივნის საკანში განათება ჩართული იყო დღეში 24 საათის განმავლობაში, ხოლო მის საკანში ორი ნათურა იყო დამონტაჟებული - ერთი ნორმალური და ერთი კარგი განათების, ეს უკანასკნელი ჩართული იყო ღამის განმავლობაშიც. სასამართლომ ვერ შეძლო ზუსტად იმის დადგენა, თუ როდის დაამონტაჟეს ხსენებული ნათურები. მიუხედავად ამისა, მომჩივანმა დაადასტურა, რომ ოთახში არსებული განათება საკმარისი იყო წასაკითხად და დასაწერად (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 22). სასამართლოსადმი ხელმისაწვდომი მტკიცებულების თანახმად, სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს, რომ მომჩივანის საკანში ფანჯარაზე ლითონის ფირფიტა იყო აკრული 1998 წლის მაისამდე, რა დროსაც ის მოხსნეს. სასამართლო, ასევე, ადგენს, რომ დაახლოებით ხსენებული დროისათვის, საკანში დამონტაჟდა ინდივიდუალური წყლის ონკანი და სარკე. რადიო ჩართული იყო დღის განმავლობაში, გამორთვა ხდებოდა 20:00 საათზე (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 24).დელეგატების ვიზიტის დროისათვის, მომჩივნის საკანი, რომელსაც იგი სხვა ბინადართან იყოფდა, იყო წესრიგში და სუფთა. მისი ფართი დაახლეობით 9 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. იყო ღია ტიპის ტუალეტი, პირსაბანი ცივი წყლის ონკანით, იატაკზე დამაგრებული ორი საწოლი, ცენტრალური გათბობა და ფანჯარა გისოსებით. იყო, ასევე, რამდენიმე წიგნი, გაზეთი, საპნის მარაგი და ტუალეტის ქაღალდი. 1999 წლის 4 ოქტომბერს, დელეგატების ვიზიტის დროისათვის, საკანში საკმარისი სითბო იყო (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 59). სასამართლო აღნიშნავს, რომ დელეგატები სიმფეროპოლის საპატიმროს სტუმრობდნენ წელიწადის იმ პერიოდში, როცა ტემპერატურა 20o C-ს აღწევს.სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის თქმით, 1998 წლის ზაფხულამდე მას არ ჰქონდა ჰაერზე ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობა, ხოლო 1999 წლის აგვისტომდე ან სექტემბრამდე, მას ხელბორკილი ჰქონდა დადებული გასეირნების დროს (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 33). მოცემული ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა საპატიმროს მმართველმა (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 43). დადასტურდა, ასევე, CPT-ს მოხსენებებითაც (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 96). მიუხედავად ამისა, მმართველმა სადავო გახადა გასეირნების დროს პატიმრებისათვის ხელბორკილების დადების ფაქტი.დელეგატების ვიზიტისას სასამართლომ დამატებით დაადგინა, რომ განმცხადებელმა წერილების მიღება დაიწყო 1998 წლის ბოლოსათვის, ხოლო ამანათების - იმავე წლის დაახლოებით სექტემბერში (იხილე ზემოთ, პარაგრაფები 30-31 და 53). სასამართლო მისაღებად მიიჩნევს იმ მტკიცებულებას, რომელიც ნაწილობრივ დაადასტურა საპატიმროს მმართველის ჩვენებამ და რომლის მიხედვითაც დელეგატების სტუმრობის დროისათვის განმცხადებელს დართეს ნება, ერთ წელიწადში მიეღო ექვსი ამანათი და სამი პატარა შეკვრა (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 31). მაშინ, როცა იგი დაპატიმრებული იყო სიმფეროპოლის საპატიმროში, იღებდა ოთხ ან ხუთ წერილს და სწერდა დედას თითქმის ყოველ თვეს. მომჩივანს არ მიუღია დედის მიერ მისთვის 1999 წლის სექტემბერში გაგზავნილი წერილი, თუმცა სასამართლოს არ შეუძლია საკმარისი სიცხადით დაადგინოს, ხსენებული შემთხვევა მოხდა საპატიმროს თანამშრომლების მხრიდან პატიმართა მიმოწერის ცენზურის გამო თუ არა. მომჩივნის დედის თქმით, საკუთარი შვილისთვის გაგზავნილი არც ერთი წერილი არასდროს არ დაკარგულა (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 53). ნებისმიერ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ მისი ნათესავების ყველა წერილის მიღებასთან ან განმცხადებლის ან მისი ნათესავების წერილების ცენზურასთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე არ არსებობდა დავა.რაც შეეხება ნათესავების მიერ მომჩივანის მონახულებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საპატიმროს ჩანაწერების მიხედვით, განმცხადებლის დედას და/ან სხვა ნათესავებს მიეცათ მისი მონახულების უფლება 1997 წლის 20 თებერვალს, 27 მარტს, 15 მაისს, 26 ივნისს, 23 ივლისს და 7 ოქტომბერს, ასევე, 1998 წლის 30 იანვარს (იხილე ზემოთ, პარაგრაფები 14-16). იგი დამატებით შენიშნავს, რომ მომჩივნის ჩვენების თანახმად, რომელიც დაადასტურა მისმა დედამაც, დაცვა ესწრებოდა ნათესავებთან განმცხადებლის შეხვედრებს. ხსენებულ დაცვას ჰქონდა უფლება ხელი შეეშალა საუბრისათვის და დაესრულებინა ვიზიტი ნებისმიერ დროს, როცა იგი საჭიროდ ჩათვლიდა (იხილე ზემოთ, პარაგრაფები 56 და 57). განმცხადებლის დედის თქმით, მისი შეხვედრები ვაჟთან უმეტეს შემთხვევაში არ გრძელდებოდა 30 წუთზე დიდხანს (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 56).რაც შეეხება მომჩივანის პირველად საჩივარს, რომლის მიხედვითაც მას აეკრძალა თბილი ტანსაცმლისა და საკვების შემადგენლობით ამანათების მიღება, სასამართლო აღნიშნავს, რომ დელეგატებთან გასაუბრებისას მან დაადასტურა 1998 წლის სექტემბრის შემდეგ საკვების შემადგენლობით ამანათების მიღების ფაქტი. სასამართლო ადგენს, რომ ინსტრუქციით გათვალისწინებულია წელიწადში ორი პატარა შეკვრის მიღება, თუმცა, შეუძლებელია იმის დადგენა, 1998 წლის სექტემბრამდე მომჩივანმა საკუთარი ნათესავებისაგან მიიღო ან ამ უკანასკნელებმა გამოაგზავნეს თუ არა რაიმე ამანათი ან პატარა შეკვრა.
მომჩივანის თქმით, მას არ შეეძლო სხვა ტანსაცმლის ტარება, გარდა საპატიმროს თანამშრომლების მიერ მიწოდებულისა. ამ მხრივ, გამონაკლისს წარმოადგენდა შიდა საცვალი და წინდები. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული პრაქტიკა შეესაბამებოდა ინსტრუქციაში მოცემულ დებულებებს, რაც შემდგომში განმტკიცდა დროებით დებულებებში. მიიჩნევა, რომ მომჩივანის მიერ აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით, მისი საჩივარი, როგორც ასეთი, მიმართული იყო არა საპატიმროს მოთხოვნების წინააღმდეგ, არამედ უკავშირდებოდა ზამთრის პერიოდში თბილი ტანსაცმლის ნაკლებობას და ნათესავების მიერ მისთვის თბილი ტანსაცმლის გაგზავნის შეუძლებლობას.სასამართლოს შეხედულებით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა, პატიმართა მიერ საპატიმროს ტანსაცმლის ტარების შესახებ, შეიძლება აღქმული იქნეს როგორც მათ პირად ცხოვრებაში ჩარევა, უდავოა, რომ იგი ეფუძნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საჯარო არეულობისა და დანაშაულის აღკვეთის ლეგიტიმურ ინტერესებს. სასამართლო შენიშნავს, რომ დელეგატების ვიზიტის დღეს, მომჩივანი საპატიმროს ტანსაცმელს ზამთრის პერიოდისათვის ადეკვატურად და საკმაოდ თბილად მიიჩნევდა (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 32). ანალოგიურად, როგორც განმცხადებლის მიერ სასამართლოსათვის განკუთვნილი, 1999 წლის 24 ივლისით დათარირებული წერილიდან ირკვევა, სიკვდილმისჯილთა რიგში განმცხადებლის პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მისი საჩივარის სასამართლოსათვის წარდგენის შემდეგ, კერძოდ, განმცხადებლის ნათესავებს მიეცათ მისთვის თბილი ტანსაცმლის მიტანის შესაძლებლობა.სასამართლო დამატებით შენიშნავს, რომ ადვოკატის იმავე წერილის თანახმად, მიმოწერასთან დაკავშირებით არ არსებობდა შეზღუდვები, მომჩივანს ჰქონდა გარეთ გასეირნებისა და საპატიმროს მაღაზიაში თვეში UAH 55 ღირებულებამდე საკვების ყიდვის შესაძლებლობა. მას სამართლებრივი დახმარების მიღება შეეძლო შეზღუდვების გარეშე და ასევე, შეეძლო ნათესავებთან შეხვედრა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ფაქტი არსებითად დაადასტურა მომჩივანის დედამ 1999 წლის 8 ივლისით დათარიღებულ სასამართლოსადმი განკუთვნილ წერილში (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 122).სასამართლომ მთლიანობაში განიხილა ის პირობები, რომელიც მომჩივანზე ვრცელდებოდა სიმფეროპოლის საპატიმროში ყოფნის დროს. მაშინ, როცა შეუძლებელია სრული სიცხადით პატიმრობის პირობების დადგენა, რომელიც განმცხადებელზე ვრცელდებოდა სასამართლო დელეგატების ვიზიტამდე, ცალკეული ფაქტები ნათელია და არ ექვემდებარება დავას. სასამართლო განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 1998 წლის მაისამდე მომჩივანი ისევე, როგორც საპატიმროში მყოფი სხვა პატიმრები, რომელთაც სიკვდილით დასჯა ჰქონდათ მისჯილი, დღეში 24 საათის განმავლობაში გამოკეტილნი იყვნენ საკნებში, სადაც ძალზე შეზღუდული საცხოვრებელი სივრცე არსებობდა. შემაშფოთებლად მიიჩნევს, აგრეთვე, იმასაც, რომ საკნების ფანჯრები დალუქული იყო, რის გამოც ვერ აღწევდა ბუნებრივი სინათლე; ასევე, იმ საშუალებების არარსებობას, რაც უზრუნველყოფდა გარეთ ვარჯიშს და ადამიანებთან კონტაქტის ან ისეთი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობის სიმცირეს ან არარსებობას, რითაც ისინი დაკავდებოდნენ. უკრაინაში ანალოგიურ პირობებში სიკვდილმისჯილთა რიგებში მყოფი პატიმრების მიმართ დამოკიდებულების შესახებ CPT-ს კვლევების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის პატიმრობა მსგავს მიუღებელ პირობებში იწვევს დამამცირებელ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით. სასამართლოს შეფასებით, განმცხადებლის სიტუაცია დამძიმდა იმ ფაქტით, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის მიმართ არსებობდა განაჩენი სიკვდილით დასჯის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ როგორც მე-17 და 129-ე პარაგრაფებშია მითითებული, მორატორიუმი ძალაში იყო 1997 წლის 11 მარტის შემდეგ.სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ არსებობს მომჩივანის დამცირების ან შეურაცხყოფის პოზიტიური განზრახვის მტკიცებულება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის მიზანი მსხვერპლის შეურაცხყოფა ან დამცირება იყო თუ არა, ამგვარი მიზნის არარსებობის გამო საბოლოოდ არ უნდა გამოირიცხოს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დადგენა (იხილე, V. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 24888/94, § 71, 1999-IX; და კალაშნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, ზემოთ მითითებული, § 101). იგი მიიჩნევს, რომ პატიმრობის პირობებს, რომელიც მომჩივანს უნდა აეტანა 1998 წლის მაისამდე, შეეძლო მისი ადამიანური ღირსების დამცირების გამო მისთვის გამოეწვია მნიშვნელოვანი ფსიქიკური ტანჯვა.სასამართლო ადასტურებს, რომ 1998 წლის მაისიდან უკრაინაში სასამართლოს დელეგატების ვიზიტის დღემდე (1999 წლის სექტემბერი), მდგომარეობა მნიშვნელოვნად და პროგრესულად გაუმჯობესდა როგორც მომჩივნის პატიმრობის ზოგადი პირობების, ისე საპატიმროში არსებული რეჟიმის კუთხით. კერძოდ, საკნების ფანჯრებზე არსებული საფარები მოხსნეს, შემოღებულ იქნა ჰაერზე ყოველდღიური გასეირნება და გაიზარდა პატიმრების უფლება ვიზიტებისა და მიმოწერის მიღებაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლო ადგენს, რომ ხსენებულ გაუმჯობესებულ მდგომარეობამდე, პატიმარი 24 თვის განმავლობაში იყო დაპატიმრებული მსგავს საზიანო პირობებში, რომელიც მოიცავს 8 თვეს უკრაინისათვის კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან.სასამართლომ იმ მატერიალური პირობების, რომელიც მომჩივანზე ვრცელდებოდა და მისთვის შეთავაზებული აქტივობების შეფასებისას, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ უკრაინა მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს წააწყდა სისტემური გარდაქმნის პერიოდში, ხოლო 1998 წლის ზაფხულამდე საპატიმროს ხელმძღვანელობა იბრძოდა მძიმე ეკონომიკურ პირობებში და დაპატიმრებული იყო ახალი შიდა კანონმდებლობისა და სხვა მასთან დაკავშირებული რეგულაციების იმპლემენტაციით. თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ რესურსების ნაკლებობამ, პრინციპში, არ შეიძლება გაამართლოს საპატიმროში არსებული პირობები, რომელიც იმდენად არასახარბიელოა, რომ აღწევს მოპყრობის იმ ზღვარს, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს. უფრო მეტიც, უკრაინის წინაშე მდგარი ეკონომიკურმა პრობლემებმა არ შეიძლება ახსნას ან გაამართლოს პატიმრობის ცალკეული პირობები, რომელიც 141-ე პარაგრაფში სასამართლომ მიუღებლად მიიჩნია მოცემულ საქმეში.აქედან გამომდინარე, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი.
კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
სასამართლოსადმი თავის თავდაპირველ საჩივარში, აპლიკანტი ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ ჩამოერთვა საკუთარი ოჯახისათვის წერილების გაგზავნისა და მათგან მიღების, ისევე, როგორც თბილი ტანსაცმლისა და საკვების შემადგენლობით საფოსტო ამანათების მიღების შესაძლებლობა. დასაშვებობასთან დაკავშირებულ შენიშვნებსა და საქმის გარემობებში, მან აღნიშნა, რომ უკრაინის უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების შემდეგ, მას აღარ შეეძლო 8 კოლოგრამამდე წონის ამანათებისა და საფოსტო ამანათების მიღება, ხოლო 1997 წლის დეკემბრის შემდეგ, მას აღარ ჰქონდა შესაძლებლობა, შეეძინა საკვები პროდუქტი საპატიმროს მაღაზიაში.სასამართლო მიიჩნევს, რომ აპლიკანტის საჩივარი უნდა იქნეს განხილული კონვენციის მე-8 მუხლის კონტექსტში, რომელიც ადგენს:
„1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი და მიმოწერა.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“
სასამართლო, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონვენცია არეგულირებს ფაქტებს მხოლოდ თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის მისი ძალაში შესვლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, სასამართლოს აქვს იურისდიქცია, განიხილოს აპლიკანტის საჩივრები იმდენად, რამდენადაც იგი შეეხება 1997 წლის 11 სექტემბრის შემდგომ პერიოდს, როცა კონვენცია უკრაინისათვის ძალაში შევიდა.სასამართლო დელეგატების სიმფეროპოლის საპატიმროში ვიზიტისას დადგინდა, რომ მომჩივანმა წერილების მიღება დაიწყო 1998 წლის ბოლოს. იმ დროის განმავლობაში, რაც იგი დაპატიმრებული იყო, საკუთარი ოჯახისაგან მიიღო ოთხი თუ ხუთი წერილი. თუმცა სასამართლოს არ შეეძლო საკმარისი სიცხადით დაედგინა ხსენებული წერილების გაგზავნისა და განმცხადებლის მიერ მათი მიღების დღეები; ისევე როგორც ვერ დადგინდა მომჩივანის მიერ მიღებული წერილების რაოდენობა შეესაბამებოდა თუ არა მისთვის გაგზავნილი წერილების რაოდენობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ინსტრუქციის შესაბამისად, მომჩივანს შეეძლო ერთი თვის განმავლობაში გაეგზავნა ერთი, ხოლო მიეღო შეუზღუდავი რაოდენობის წერილები (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 74). უფრო მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა, განმცხადებელი დედას წერდა თითქმის ყოველ თვეში და არ მიუღია დედის მიერ 1999 წლის სექტემბერში გაგზავნილი წერილი (იხილე ზემოთ, პარაგრაფები 30 და 53).სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების მიერ დელეგატებისათვის მიცემული ჩვენებების თანახმად, სიტუაცია წერილების გაგზავნასთან და მიღებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც დროებითი დებულებები შევიდა ძალაში, ანუ 1999 წლის 11 ივლისს და მანამდე ცოტა ადრეც (იხილე, პარაგრაფი 31). მას შეეძლო ამანათების მიღება, სადაც მოთავსებული იქნებოდა საკვები, ხოლო, რაც შეეხება ტანსაცმელს, მას არ ჰქონდა უფლება ეტარებინა სხვა ტანსაცმელი, გარდა საპატიმროს თანამდებობის პირების მიერ მიწოდებულისა. გამონაკლისს წარმოადგენდა შიდა საცვალი და წინდები.სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო ხელისუფლების მხრიდან ზემოხსენებული შეზღუდვებით მოხდა ჩარევა მომჩივანის მიმოწერის პატივისცემის უფლებაში, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-8 მუხლის პირველი ნაწილით. ასევე, ადგენს, რომ ხსენებული შეზღუდვები შეიძლება გამართლდეს იმ შემთხვევაში, თუკი მეორე ნაწილში მოცემული დებულებები იქნება დაცული.კერძოდ, იმისათვის, რომ ჩარევა არ ეწინააღმდეგებოდეს მე-8 მუხლს, იგი უნდა იყო „კანონის შესაბამისი“, ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ხსენებული მიზნის მისაღწევად (იხილე, სილვერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1993 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, სერია A, № 61, გვ. 32, § 84; და პეტრა რუმინეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, მოხსენებები 1998-VII, გვ. 2853, § 36).სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს იყო თუ არა ჩარევა „კანონის შესაბამისი“. ხსენებული ტერმინი, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს, რომ გასაჩივრებულ ღონისძიებას ჰქონდეს რაიმე საფუძველი შიდა სამართალში; ეხება, ასევე, შესაბამისი კანონის ხარისხსაც, რომლის ფარგლებშიც მოითხოვება, რომ კანონი ხელმისაწვდომი იყოს სათანადო პირისათვის, რომელსაც უნდა შეეძლოს მის მიმართ კანონის შედეგების განსაზღვრა და ამავდროულად, ეს უკანაკსნელი უნდა შეესაბამებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპს (იხილე, კრუსლინი საფრანგეთის წინააღმდეგ და ჰუვიგი საფრანგეთის წინააღმდეგ, 1990 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, სერია A, № 176-A, გვ. 20, § 27; სერია A, № 176-B, გვ. 52, § 26, შესაბამისად).მთავრობამ საკუთარ წერილობით შენიშვნებში მიუთითა კანონზე. დამატებით შენიშვნებში, მათ დაამატეს მითითება გამოსასწორებელი შრომის კოდექსზე (შემდგომში „კოდექსი“), ინსტრუქციასა და დროებით დებულებებზე (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 116).
1997 წლის 11 სექტემბერსა და 1999 წლის 11 ივლისს შორის პერიოდი
სასამართლო ადგენს, რომ კანონი პატიმრობის პირობებს არეგულირებს მანამ, სანამ განაჩენი გახდება საბოლოო (იხილე ზემოთ პარაგრაფი 76). სასამართლო დელეგატებისათვის მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებიდან და მთავრობის მიერ გადაცემული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც განაჩენი გახდება საბოლოო, იმ პირთა პატიმრობის პირობები, რომელთაც სიკვდილით დასჯა ჰქონდათ მისჯილი, ძირითადად, რეგულირდება იუსტიციის მინისტრის, გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ინსტრუქციით (იხილე ზემოთ პარაგრაფები 73-75). თუმცა კოდექსი უზრუნველყოფს პატიმრობის პირობების ძირითად სამართლებრივ საფუძველს (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 82).
გამოსასწორებელი შრომის კოდექსი სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი აკმაყოფილებს „კანონთან შესაბამისობის“ მეორე მოთხოვნას, კერძოდ, კანონის ხელმისაწვომობის კრიტერიუმს, იგივე არ შეიძლება ითქვას მესამე მოთხოვნაზე, რაც გულისხმობს კანონის განჭვრეტადობას გამოსაყენებელი ღონისძიების ბუნებისა და მნიშვნელობის კუთხით.სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ მიუთითა კოდექსის 41(3) მუხლზე, რომლის მიხედვითაც „მსჯავრდებულ პირს არ აქვს უფლება წელიწადის განმავლობაში მიიღოს ორ პატარა შეკვრაზე მეტი მიუხედავად რეჟიმის სახისა, რომლის ფარგლებშიც იგი სასჯელს იხდის: (იხილე ზემოთ, პარაგრაფი 85). თუმცა მითითებული დებულება არის 41-ე მუხლის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს იმ პირთა მიერ ამანათებისა და შეკვრების მიღების წესებს, რომელთაც პატიმრობა აქვთ მისჯილი. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის ნათელი კოდექსში არსებული მნიშვნელობის მიხედვით, სიკვდილმისჯილი პირები იგულისხმებიან თუ არა იმ პატიმრებში, რომელთაც პატიმრობა აქვთ მისჯილი; იმდენად, რამდენადაც პირს სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელი განესაზღვრება შემდეგი მიზეზის გამო - არ მიიჩნევა, რომ დამნაშავე გამოსწორდება დაპატიმრების გზით. სასამართლო ადგენს, რომ კოდექსის 41-ე მუხლის მეორე ნაწილით კიდევ უფრო ბუნდოვანია სამართლებრივი პოზიცია. კერძოდ, ხსენებული მუხლის თანახმად: „მსჯავრდებულ პირს, რომელიც სასჯელს იხდის საპატიმროში, არ აქვს უფლება მიიღოს ამანათები“ (იქვე). მოცემულ საქმეში, განმცხადებელი დაპატიმრებული იყო სიმფეროპოლის საპატიმროში, თუმცა არა იმავე მუხლის პირველ და მეოთხე ნაწილებში (იქვე) მითითებულ გამოსასწორებელ შრომით კოლონიაში, საგანმანათლებლო კოლონიასა თუ გამოსასწორებელი შრომითი კოლონიის ბანაკში.ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ საქმეში მთავრობის მიერ მითითებული კოდექსით დაწესებული შეზღუდვები არ იყო საკმარისად განჭვრეტადი საიმისოდ, რომ შესაბამისობაში ყოფილიყო კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნასთან. კერძოდ, განმცხადებელს საკმარისი სიცხადით არ შეიძლებოდა სცოდნოდა, იმ ამანათებსა და პატარა შეკვრებზე კოდექსით დაწესებული შეზღუდვები, რომელთა მიღებაც პატიმრებს შეეძლოთ, გამოიყენებოდა იყო თუ არა მის მიმართაც.
ინსტრუქცია სასამართლო აღნიშნავს, რომ ინსტრუქცია იყო შიდა დოკუმენტი, რომელიც არ იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის: მთავრობამ სასამართლოს წარუდგინა ინსტრუქციის მხოლოდ ნაწილი.სასამართლო ადგენს, რომ ამგვარ გარემოებებში შეუძლებელია იმის თქმა, რომ განმცხადებლის მიმოწერის პატივისცემის უფლებაში ჩარევა „კანონის შესაბამისი“ იყო, როგორც დადგენილია კონვენციის მე-8 მუხლის მეორე ნაწილით. სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ ინსტრუქცია ჩაანაცვლა სასჯელთა აღსრულების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებულმა დროებითმა დებულებებმა 1999 წლის 25 ივნისის № 72 ბრძანებით, ხოლო დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში 1999 წლის 1 ივლისს შემდეგი ნომრით: 426/3719, რომელიც ძალაში შევიდა 1999 წლის 11 ივლისს და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის. თუმცა დროებითი დებულებები არ გამოიყენება 1999 წლის 11 ივლისამდე მომხდარი ფაქტების მიმართ.აქედან გამომდინარე, 1997 წლის 11 სექტემბერსა და 1999 წლის 11 ივლისს შორის პერიოდში დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
1999 წლის 11 ივლისის შემდგომ პერიოდი
რაც შეეხება 1999 წლის 11 ივლისის შემდგომ პერიოდს, სასამართლო იმეორებს, რომ მომჩივანის ადვოკატმა სასამართლოსადმი 1999 წლის 24 ივლისის წერილში დაადასტურა მომჩივანისათვის სიკვდილიმისჯილთა რიგებში მყოფ პატიმართა პატიმრობის პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მომჩივანის ნათესავებს მიეცათ მისთვის თბილი ტანსაცმლის მიტანისა და თვეში მაქსიმუმ ორჯერ ამანათით საკვების გაგზავნის შესაძლებლობა. ნათესავებს შეზღუდვების გარეშე განმცხადებლის ყოველთვიური მონახულების უფლება დაერთოთ და ასევე, არ არსებობდა შეზღუდვები მიმოწერასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღინიშნა, იგივე შინაარსის ინფორმაცია გადასცა სასამართლოს განმცხადებლის დედამაც 1999 წლის 8 ივლისის წერილში.სასამართლოს განმარტებით, მომჩივანს არ გაუსაჩივრებია, რომ ხდებოდა მისი მიმოწერის კონტროლი განსახილველ პერიოდში.რაც შეეხება დროებითი დებულებებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, რომლის მიხედვითაც მომჩივანს წელიწადის განმავლობაში შეეძლო ექვსი ამანათისა და სამი პატარა შეკვრის მიღება, მიღებულია, რომ ასეთი შეზღუდვა წარმოადგენს მიმოწერის პატივისცემის უფლებაში ჩარევას. ამგვარი შეზღუდვა „შესაბამისია კანონთან“, კერძოდ, დროებით დებულებებთან. ასევე, შეიძლება იქნეს მიჩნეული, რომ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - „უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილებას“, თუკი გავითვალისწინებთ საპატიმროს ხელმძღვანელობის ინტერესს, საპატიმროში არ დაუშვას საპატიმროს უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.რაც შეეხება ჩარევის აუცილებლობას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის ლოჯისტიკური პრობლემა, რაც უკავშირდება შეუზღუდავი რაოდენობის ამანათების მიღებას ფართო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, განსახილველ საქმეში - დაწესებულებაში, სადაც 3,000 ბინადარი იმყოფება. ბინადრებისათვის შეუზღუდავი რაოდენობის ამანათების ან პატარა შეკვრების მიღება მოითხოვს საპატიმროს თანამშრომლების მხრიდან დიდი რაოდენობით სამუშაოს შესრულებას თითოეული ამანათის შემოწმების კუთხით, რათა საპატიმროს უსაფრთხოება იქნეს დაცული. საპატიმროს შიგნით უსაფრთხოების რეჟიმის განმტკიცების მიზანია, ზოგადად, საზოგადოების დაცვა საშიში დამნაშავეებისგან და თავად საპატიმროს ბინადრების დაცვა. ამდენად, საპატიმროს ხელმძღვანელობას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, დაიცვას უსაფრთხობა იმგვარად, რომ შემცირდეს ან შეიზღუდოს უსაფრთხოებისადმი არსებული რისკები. ამავე დროს, სათანადო ბალანსი უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების ინტერესებსა და ბინადრების უფლების პატივისცემას შორის, ჰქონდეთ კონტაქტი გარე სამყაროსთან.მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველ ექვს კვირაში ამანათებისა და პატარა შეკვრების მიღების შესაძლებლობა უნდა ჩაითვალოს ასეთი ბალანსის დაცვად იმის გათვალისწინებითაც, რომ საპატიმროს ხელმძღვანელობა ყველა პატიმრისათვის მათი პატიმრობის პერიოდში უზრუნველყოფდა ტანსაცმელს, საჭმელსა და სამედიცინო დახმარებას. დამატებით, სასამართლომ მთავრობისაგან მოისმინა ჩვენება, რომლის მიხედვითაც არ არსებობს შეზღუდვები ნათესავების მიერ ბინადრებისათვის ფულის გამოგზავნაზე, რათა ამ უკანასკნელთ შეეძლოთ დამატებითი ნივთების შეძენა საპატიმროს მაღაზიაში.ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ საპატიმროს ცხოვრების დასარეგულირებლად მთავრობას გააჩნია შეფასების ზღვარი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებული ღონისძიებები პროპორციულია უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან.აქედან გამომდინარე, 1999 წლის 11 ივლისის შემდგომ პერიოდში არ დარღვეულა კონვენციის მე-8 მუხლი.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები და თუკი შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდა სამართალი მხოლოდ ნაწილობრივი ანაზღაურების შესაძლებლობას იძლევა, სასამართლოს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნოს სამართლიანი დაკმაყოფილება.“მომჩივანს არ წარუდგენია სარჩელი ფულადი ზიანის ან ხარჯების შესახებ. თუმცა მან დედის მეშვეობით მოითხოვა 3,000,000 აშშ დოლარის (USD) (3,064,038 ევრო (EUR)) გადახდა არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანის დედას არ აქვს locus standi, რათა სასამართლოს წინაშე წარსდგეს განმცხადებლის სახელით. მათ მიუთითეს, რომ სასამართლოს მინდობილობა მიეწოდა მას შემდეგ, რაც წარმოადგინეს სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნა.სასამართლო, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების შესახებ მომჩივანის საჩივრებთან დაკავშირებით მისი დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ მომჩივანმა განიცადა გარკვეული მორალური ზიანი მისი პატიმრობის ზოგადი პირობებისა და საჯარო ხელისუფლების მხრიდან მიმოწერის პატივისცემის უფლების შეზღუდვის გამო (იხილე ქვემოთ, პარაგრაფი 139). სასამართლო აფასებს რა სამართლიანობის საფუძველზე, მომჩივანს მიაკუთვნებს EUR 2,000 (ორი ათას ევროს) არამატერიალური ზიანისათვის, ამასთან ნებისმიერ გადასახადს, რომელიც შეიძლება შეფასდეს.
საურავისასამართლო შესაფერისად თვლის, რომ საურავი ეფუძნებოდეს ყოველწლიურ, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის ტოლფას განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი პროცენტი (იხილე, კრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, № 28957/95, § 124, 2002 წლის 3 ივლისი, გამოქვეყნებულია ECHR 2002-ში).
ზემოხსენებული მიზეზების გამო, სასამართლო ერთხმადარ იზიარებს მთავრობის თავდაპირველ შენიშვნებს;ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი პატიმრობის პირობების გამო, რომელიც მომჩივანზე ვრცელდებოდა სიკვდილმისჯილთა რიგებში ყოფნისას;ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი 1997 წლის 11 სექტემბერსა და 1999 წლის 11 ივლისს შორის პერიოდში;ადგენს, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-8 მუხლი 1999 წლის 11 ივლისის შემდგომ პერიოდში;ადგენს
(a) რომ მოპასუხე სახლმწიფომ მომჩივანს უნდა გადაუხადოს სამი თვის ვადაში მას შემდეგ, რაც კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილება საბოლოო გახდება, EUR 2,000 (ორი ათასი ევრო) არამატერიალური ზიანისთვის, რომლის კონვერტირება უნდა მოხდეს უკრაინულ გრივნაში იმ განაკვეთით, რაც იქნება ანგარისშწორების დღეს; ამასთან, უნდა გადაუხადოს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება შეფასდეს.
(b) რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ანგარიშწორების დღემდე ხსენებულ თანხმებს დაერიცხება პროცენტი, რომელიც უტოლდება ევროპის ცენტრალური ბანკის იმ პერიოდისათვის არსებულ ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რასაც დაემატება სამი პროცენტი.არ იზიარებს სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ მომჩივნის მოთხოვნას.
შესრულდა ინგლისურ ენაზე და გამოქვეყნდა წერილობითი სახით 2003 წლის 29 აპრილს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით.
მაიკლ ო’ბოილი ნიკოლას ბრატზა
სექციის განმწესრიგებელი თავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy