Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N230
2019 წლის ივნისი
ნიკოლაე ვირგილიუ ტანასე რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Nicolae Virgiliu Tănase v. Romania) [GC]
(საჩივარი- N 41720/13)
გადაწყვეტილება, 25 ივნისი, 2019
მე-2 მუხლი
მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი
ეფექტიანი გამოძიება
ფაქტები: წინამდებარე საქმეში მომჩივანი მოყვა საავტომობილო შემთხვევაში და მიიღო სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები. მოცემულ ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება და შეჩერდა სამჯერ, ბოლო შემთხვევაში კი - ხანდაზმულობის გამო. აღნიშნულ სისხლის სამართალწარმოებაში მომჩივანი წარმოადგენდა სამოქალაქო მხარეს. ამ სისხლისსამართლებრივ პროცესებში. სასამართლომ დაადგინა, რომ ხსენებულ საქმეზე ვრცელდებოდა მე-2 მუხლის ფარგლები, თუმცა მიიჩნია, რომ კონვენციის აღნიშნული დანაწესი არ დარღვეულა, აგრეთვე არ იკვეთებოდა მე-13 მუხლის მიხედვით გამოძიების ეფექტურობის შემოწმების საჭიროება და ამასთან, მისი შეფასებით, გამოძიების ხანგრძლივობას არც კონვენციის მე-6 მუხლით განსაზღვრული გონივრული ვადის მოთხოვნისთვის გადაუჭარბებია.
სამართალი: მე-2 მუხლი - მოცემულ საქმეში, ეროვნული უწყებების მიერ ჩატარებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება ხარვეზიანად არ იქნა მიჩნეული. მაშასადამე, შეუძლებელი იყო იმგვარი დასკვნის გაკეთება, რომ მოცემულ საქმეში ეროვნულ დონეზე არსებულმა სამართლებრივმა სისტემამ ვერ შეძლო ადეკვატურად გამკლავებოდა მომჩივნის საქმეს. ამდენად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას. ამ საქმეში საინტერესოა ასევე ის გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ გამოძიების ხანგრძლივობას (რვა წელზე მეტი) არ უმოქმედია მის ეფექტიანობაზე, დიდმა პალატამ აღნიშნული, ხანგრძლივობის საკითხი განცალკევებით - მე-6 მუხლის საფუძველზე შეამოწმა და დაასკვნა, რომ აღნიშნული არ იწვევდა მოცემული დებულებით განსაზღვრული გონივრული ვადის მოთხოვნის დარღვევას.
მე-3 და მე-8 მუხლები-
დიდმა პალატამ მე-3 და მე-8 მუხლებთან დაკავშირებული საჩივრები კონვენციის დებულებებთან რატიონე მატერიაე შეუსაბამოდ ცნო. სასამართლო დასკვნის გამოტანისას ორ ძირითად ელემენტს დაეყრდნო: ავარია არ იყო განზრახი და არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა მიღებული ადეკვატური საკანონმდებლო ჩარჩო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების შემცირებისთვის.
დიდმა პალატამ დაადგინა, რომ დაზიანება, რომელიც ავარიას მოყვა იყო უბრალო შემთხვევითობისა და დაუდევრობის შედეგი და ვერ შეადგენდა „მოპყრობას’’, რომელსაც პირი „დაექვემდებარა“. უფრო კონკრეტულად, მე-3 მუხლის მიხედვით ,,მოპყრობა” არის „არსებითად, თუმცა არა მხოლოდ, პირისათვის განზრახი ზიანის მიყენება, დამცირება ან ღირსების შელახვის განზრახვა, მისი ადამიანური ღირსების უპატივცემულობა ან შევიწროვება ან შიშის, ტანჯვის ან არასრულფასოვნების განცდის შექმნა, რომელსაც შეუძლია დაანგრიოს მისი მორალური და ფიზიკური მდგრადობა.“ მომჩივნის საქმეში ზემოხსენებული არცერთი ელემენტი არ ფიგურირებს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად განზრახვა მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია მე-3 მუხლის გამოყენებადობის შეფასებისას, უბედური შემთხვევის კონტექსტში განზრახვის არარსებობა მე-3 მუხლს გამოუსადეგარს აქცევს. დიდმა პალატამ აღნიშნული მიდგომა სწორად მიიჩნია და გამოყო წინა შემთხვევებისგან, როდესაც მე-3 მუხლი გამოყენებული იყო უბედური შემთხვევების კონტექსტში დაზიანებების სიმძიმის გამო (კრაულაიდისი ლიეტუვას წინააღმდეგ და მაზუკნა ლიეტუვას წინააღმდეგ).
დიდმა პალატამ ასევე არ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა საგამოძიებო ორგანოების მიერ მომჩივნის მიმართ განხორციელებულ მოპყრობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობის დროს.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ცამეტი ხმა სამის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები