ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება დაპატიმრების დროს არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და ძალის გამოყენების აკრძალვის შესახებ.
განმცხადებლის დაპატიმრების დროს გამოყენებული ძალა, რამაც გამოიწვია მისი მუხლის დაზიანება, იყო გადამეტებული: დარღვევა.
საქმე „ნეკდეტ ბულუტი თურქეთის წინააღმდეგ“
CASE OF NECDET BULUT v. TURKEY
განაცხადი N 77092/01
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2007 წლის 20 ნოემბერი
ფაქტობრივი გარემოებები
I. საქმის გარემოებები
6. 2000 წლის 15 ივლისს, დილით ადრე, განმცხადებელი დაიჭრა დაპატიმრების დროს სროლის შედეგად. მას მოხვდა ერთი ტყვია მარცხენა ფეხის ქვედა ნაწილში. ის იყო თექვსმეტი წლის.
7. ანგარიში მომზადდა იმავე დღეს, დილის 4.30 საათზე, პოლიციის ოფიცრების მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ინციდენტში. მას ხელი მოაწერა ყველა ეჭვმიტანილმა, გარდა განმცხადებლისა, რომელიც წაიყვანეს საავადმყოფოში. ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით დილის 2.30 საათზე პოლიციის ოფიცრებმა მიიღეს ინფორმაცია პოლიციის მთავარი განყოფილებიდან იმის შესახებ, რომ ნიღბიანი პირები შემჩნეულნი იყვნენ კედლების მოხატვისა და მანქანების დაზიანების ფაქტზე ტუფანის ქუჩაზე, კარტალის რაიონში. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, პოლიციის ოფიცრებმა დაინახეს უხამსი ხასიათის ნახატები კედლებზე. ამ მომენტში, ვიღაცამ დაიწყო სროლა მათი მიმართულებით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შესახვევიდან. პოლიციის ოფიცრები და პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა, რომლებიც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ახორციელებდნენ ეჭვმიტანილთა დევნის ოპერაციას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. ბოლოს ეჭვმიტანილები კუთხეში მოაქციეს, სპორის ქუჩის N6-თან მდებარე ცარიელ სამშენებლო მოედანზე. მიუხედავად ბრძანებისა დანებების შესახებ, ეჭვმიტანილები აგრძელებდნენ სროლას, სანამ შევიდოდნენ კარავში. შეტაკების შედეგად დაიჭრა განმცხადებელი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამკურნალოდ კარტალის კლინიკაში. დანარჩენი ეჭვმიტანილები წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს დაპატიმრების დროს. ინციდენტის შესახებ გაკეთებულ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ კარავში პოლიციის ოფიცრებმა იპოვეს ნიღბები, ყალბი საბუთები, დანები და შესასხურებელი საღებავები. მასში აგრეთვე ნათქვამია, რომ განმცხადებელს აღმოაჩნდა ყალბი ცეცხლსასროლი იარაღი (სათამაშო პისტოლეტი, რომელიც გამოსცემს გასროლის მსგავს ხმას და ბოლს უშვებს სასხლეტის გამოწევისას).
8. 2000 წლის 15-17 ივლისს განმცხადებელი მკურნალობდა კარტალის სახელმწიფო კლინიკაში. 2000 წლის 17 ივლისის სამედიცინო დასკვნის მიხედვით, განმცხადებელს აღენიშნებოდა მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა (წვრილი ძვალი, რომელიც მდებარეობს ფეხის ქვედა ნაწილის გარეთა მხრიდან). ტყვიის ტრაექტორიის მიხედვით დადგინდა, რომ ტყვია ფეხის უკანა მხრიდან შევიდა და გამოვიდა წინა მხრიდან.
9. 2000 წლის 17 ივლისს, განმცხადებლის გასინჯვის შემდეგ, ექიმმა აღნიშნა, რომ პიროვნებას არ აღმოაჩნდა სასტიკი მოპყრობის ფიზიკური ნიშნები, გარდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისა.
10. 2000 წლის 16 ივლისს სტამბოლის კრიმინალური პოლიციის ლაბორატორიაში ჩატარდა ყალბი ცეცხლსასროლი იარაღისა და რვა ვაზნის ბალისტიკური ექსპერტიზა. ექსპერტების თქმით, 99 მილიმეტრიანი, ნახევრად ავტომატური ყალბი ცეცხლსასროლი იარაღი ისროდა გაზის კაფსულებს და ვაზნები შეესაბამებოდა იარაღს. თუმცა მათ აღნიშნეს, რომ გადაკეთების შედეგად, იარაღს შეეძლო ნამდვილი ვაზნებით სროლა. ასევე განაცხადეს, რომ აღნიშნული ყალბი იარაღი არ განსხვავდებოდა ნამდვილი იარაღისაგან როგორც თავისი ზომით, ისე მექანიკურით სტრუქტურით და ერთი შეხედვით შეუძლებელი იყო მისი გარჩევა ნამდვილისაგან მათთვისაც კი, ვინც ცეცხლსასროლ იარაღში ერკვეოდა.
11. 2000 წლის 17 ივლისს სტამბოლის კრიმინალური პოლიციის ლაბორატორიაში სასამართლო ექსპერტებმა ჩაუტარეს ექსპერტიზა ნიმუშებს, რომლებიც აღებული იყო განმცხადებლისა და სხვა ეჭვმიტანილების ხელებიდან და ხელის გულებიდან. მათ არ აღმოაჩინეს დენთის კვალი, თუმცა აღნიშნეს, რომ ზოგ შემთხვევაში ხელიდან და ხელის გულიდან აღებულ ნიმუშებში შესაძლოა არ აღმოჩნდეს დენთის კვალი, ეს დამოკიდებულია იარაღისა და დენთის ტიპზე, იმაზე თუ როგორ იყო იარაღი გამოყენებული და ჰქონდათ თუ არა ეჭვმიტანილებს ხელები დაბანილი.
12. იმავე დღეს, სტამბოლის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოში პროკურორმა მოისმინა განმცხადებლის ჩვენება, რომელმაც უარყო ის, რომ იცნობდა დანარჩენ ეჭვმიტანილებს და მონაწილეობდა კედლებზე უხამსი ნახატების გაკეთებაში. მისი განცხადებით, გაიქცა იმიტომ, რომ შეეშინდა, როცა გაიგო სროლის ხმა. განმცხადებლის თქმით, პოლიციის ოფიცრებმა დაიჭირეს და სცემეს, მისი თქმით, პოლიციელები მას აქეთ-იქით ისვროდნენ.
13. ამავე დროს, სტამბოლის სახელმწიფო უშიშროების სასამართლომ მოისმინა ეჭვმიტანილების ჩვენებები, რომლებიც დააპატიმრეს განმცხადებელთან ერთად. თანაბრალდებულებმა - ბ-ნმა ა.უ-მ და ბ-ნმა მ.ბ-მ, რომელთა მოსმენა მოხდა 2000 წლის 15 ივლისს და ბ-ნმა დ. ს. ა-მ, რომლის მოსმენა მოხდა 2000 წლის 18 ივლისს, აღიარეს, რომ გამოსახეს უხამსი ხასიათის ნახატები კედლებზე. მათი მტკიცებით, არც ერთ მათგანს არ უსვრია პოლიციის ოფიცრებისთვის, მათ შორის, არც განმცხადებელს. გარდა ამისა, მათი ვარაუდით, განმცხადებელი დაიჭრა იმის შემდეგ, რაც ყველანი გამოიყვანეს კარვიდან და მიწაზე დააწვინეს. ზოგმა ბრალდებულმა მიუთითა იმ ფაქტზე, რომ გაიგონეს სროლის ხმა მახლობლად მიმდინარე ქორწილიდან.
14. დაუდგენელ დღეს, კარტალის პროკურორმა დაიწყო აღნიშნული ინციდენტის გამოძიება. 2001 წლის 23 მარტს მან მიიღო გადაწყვეტილება, არ ეწარმოებინა სასამართლო წესით დევნა ინციდენტში მონაწილე რვა პოლიციის ოფიცრის მიმართ, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა მათ მიერ ეჭვმიტანილთა მიმართ დაპატიმრების დროს სასტიკი მოპყრობის მტკიცებულება, როგორც ამას ეჭვმიტანილები აცხადებდნენ. პროკურორმა მიიჩნია, რომ მომჩივანი დაიჭრა პოლიციის ოფიცერთა და ეჭვმიტანილთა შორის შეტაკების შედეგად იმის შემდეგ, რაც პოლიციის მოთხოვნას დანებების შესახებ მოჰყვა კარვიდან სროლა. 2001 წლის 17 მაისს კადიკოის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის პროტესტი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
2. სასამართლოს შეფასება
23. სასამართლომ დაადასტურა, რომ მე-3 მუხლი არ კრძალავს ძალის გამოყენებას მკაფიოდ განსაზღვრულ ვითარებაში, მაგ., დაპატიმრებისას. თუმცა ასეთი ძალის გამოყენება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და არ უნდა იყოს გადამეტებული (იხ. ივან ვასილიევი ბულგარეთის წინააღმდეგ N48130/99, § 63, 12 აპრილი, 2007 წ.; რეჰბოკი სლოვენიის წინააღმდეგ, N29462/95, §§ 68‑78, ECHR, კრასტანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, N50222/99, §§ 52 და 53, 30 სექტემბერი, 2004 წ. და გიუნაიდინი თურქეთის წინააღმდეგ, N27526/95, §§ 30‑32, 13 ოქტომბერი, 2005 წ.).
24. აღნიშნულ შემთხვევაში განმცხადებელი ერთი გასროლით მარცხენა მუხლში დაიჭრა. სასამართლო მოცემულ დაზიანებას მიიჩნევს საკმაოდ სერიოზულად იმისთვის, რომ ის მიესადაგოს მე-3 მუხლს. უდავოა ის ფაქტი, რომ განმცხადებელი დაიჭრა პოლიციის ოფიცრების მიერ ძალის გამოყენების შედეგად, მათი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ, დაპატიმრებისას. თუმცა მხარეებმა წარმოადგინეს განსხვავებული ვერსიები - სინამდვილეში როგორ მიიღო განმცხადებელმა აღნიშნული დაზიანება.
25. დასაწყისში სასამართლომ ვერ უგულებელყო ის ფაქტი, რომ პოლიცია გამოიძახეს ინციდენტის ადგილზე წინასწარი მომზადების გარეშე (იხ. საპირისპიროდ, რეჰბოკი სლოვენიის წინააღმდეგ, N29462/95, § 72, ECHR, 2000-XII). შემდგომში სასამართლომ აღნიშნა, რომ ინციდენტი მოხდა გვიან ღამით საცხოვრებელ რაიონში, სადაც გაიგეს სროლის ხმა. გარდა ამისა, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მომჩივანს აღმოაჩნდა ყალბი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც შეეძლო შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მას ნამდვილი იარაღი ეკავა. თუმცა სასამართლომ არ დატოვა უყურადღებოდ ის ფაქტი, რომ პოლიციის ოფიცრები, რომელთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა ეჭვმიტანილთა რიცხვს, ერთი საათის განმავლობაში დევნიდნენ ეჭვმიტანილებს, სანამ არ მოიმწყვდიეს ისინი განმცხადებელთან ერთად კარავში, სადაც ეს უკანასკნელი დაჭრეს და დააპატიმრეს. ამგვარად, უსაფრთხოების ძალებს შეეძლოთ ვითარების სათანადოდ შეფასება და თავიანთი მოქმედებების შესაბამისად ორგანიზება და კოორდინირება. იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის ძალა იქნა გამოყენებული, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს ეკისრება დამაჯერებელი არგუმენტების წარდგენის ვალდებულება, რომ ძალის გამოყენება, რის შედეგადაც დაიჭრა განმცხადებელი, არ იყო გადამეტებული (იხ.მატკო სლოვენიის წინააღმდეგ, N 43393/98, §104, 2 ნოემბერი, 2006 წ. და ზელილოვ საბერძნეთის წინააღმდეგ N 17060/03, § 47, 24 მაისი, 2007 წ.).
26.აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფომ მხოლოდ განაცხადა, რომ პოლიციის ოფიცრებმა მას შემდეგ გახსნეს ცეცხლი, რაც განმცხადებელმა ესროლა მათ, არ წარმოადგინეს არანაირი განმარტება ან დოკუმენტი, რომელიც ნათელს მოჰფენდა არსებულ ვითარებას განმცხადებლის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ჩატარდა პოლიციის ოპერაცია. მაგალითად, არ ჩანს, როგორ დაიჭრა მომჩივანი - ორმხრივი სროლის დროს თუ იმ პოლიციის ოფიცრის მიერ, რომელმაც ეს ბრძანება მიიღო და მიზანში ამოიღო იგი. არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენჯერ ისროლეს მხარეებმა, საქმის მასალები არც იმას მიუთითებს, მოხდა თუ არა გასროლა ყალბი იარაღიდან, რომელიც განმცხადებელს უპოვეს და იყო თუ არა ადგილზე ნაპოვნი ცარიელი ვაზნები. ბოლოს, სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ განმცხადებელი არ იდგა პოლიციის ოფიცრების პირისპირ, როდესაც მას ესროლეს. შესაბამისად, ვერ შეძლებდა პოლიციელების მიმართულებით სროლას, განსაკუთრებით იმ მომენტში, რომელიც მითითებულია მთავრობის მიერ. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა სარწმუნო ან დამაჯერებელი არგუმენტები, რომლებიც გაამართლებდა განმცხადებლის დაპატიმრების მიზნით მის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალას.
27. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს ერთი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება და დაჭრილია არასასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანოში, რამაც არ მიაყენა სერიოზული ზიანი მის ჯანმრთელობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან აშკარად გამოიწვია ძლიერი ტკივილი და ტანჯვა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ განმცხადებლის ახალგაზრდა ასაკს აღნიშნული მოვლენების დროს.
28. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის დაპატიმრების დროს მის მიმართ გამოყენებული ძალა გადამეტებული იყო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, იმ ზიანისთვის, რომელიც განმცხადებელს მიადგა აღნიშნულ დღეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი.
Full & Egal Universal Law Academy