© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ყოფილი მეორე სექცია
საქმე ნუსრეთ კაია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ
(საჩივრები No. 43750/06, 43752/06, 32054/08, 37753/08 და 60915/08)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
22 აპრილი 2014
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა
იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას
წინამდებარე საქმეში ნუსრეთ კაია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ყოფილი მეორე სექცია), პალატის შემდეგი შემადგენლობით:
გიდო რაიმონდი, პრეზიდენტი,
იშილ კარაკაში,
დრაგოლიუბ პოპოვიჩი,
ანდრაშ შაიო,
ნებოიშა ვუჩინიჩი,
პაულო პინტო დე ალბუკერკე,
ჰელენ კელერი, მოსამართლეები,
და სტეინლი ნაისმითი, სექციის განმწესრიგებელი,
ითათბირეს რა დახურულ კარს მიღმა 2014 წლის 25 მარტს,
მიიღეს შემდეგი გადაწყვეტლიება ზემოთმითითებულ დღეს:
პროცედურა საქმეს საფუძვლად დაედო ხუთი საჩივარი (No. 43750/06, 43752/06, 32054/08, 37753/08 და 60915/08) თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად 2006 წლის 4 ოქტომბერს (საჩივრების nos. 43750/06 და 43752/06), 24 ივნისს (საჩივარი no. 32054/08), 24 ივლისს (საჩივარი no. 37753/08) და 2008 წლის 25 ნოემბერს (საჩივარი no. 60915/08) სასამართლოში წარმოადგინა თურქეთის ხუთმა მოქალაქემ (კოლექტიურად"მომჩივნები"): ბ-ნი ნუსრეთ კაია, ბ-ნი აჰმეტ გერეზი, ბ-ნი მეჰმეტ შირინ ბოზჩალი, ბ-ნი მესუთ იურტსევერი და ბ-ნი მეჰმეტ ნური ოზენი („მომჩივნები“). ბ-ნ კაიას მიეცა უფლება თავად წარმოედგინა საკუთარი თავი სასამართლოს წინაშე. ბ-ნი ბოზჩალი წარმოდგენილი იყო ბ-ნი მ. ერბილის მიერ, ადვოკატი, რომელიც პრაქტიკას ისტანბულში ეწევა. ბ-ნი იურტსევერი და ბ-ნი ოზენი წარმოდგენილნი იყვნენ ბ-ნი მ. ვარღუნის მიერ, ადვოკატი ანკარიდან. ხოლო ბ-ნი გერესს კი წარმოადგენდა ბ-ნი ო. გიუნდოღდუ, ყარსში მოქმედი ადვოკატი.
თურქეთის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მათი წარმომადგენელი. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სატელეფონო ზარების საშუალებით მიმოწერის უფლების პატივისცემის დარღვევას (კონვენციის მე-8 მუხლი) და რომ მათ უარი ეთქვათ სამართლიან სამართალწარმოებაზე (კონვენციის მუხლი 6). ამასთანავე ისინი ჩიოდნენ კონვენციის მე-3, მე-13, მე-14, მე-17 და მე-18 მუხლების დარღვევაზე. 2010 წლის 18 იანვარს საჩივრების შესახებ შეტყობინება გაიგზავნა მთავრობასთან.
ფაქტები საქმის გარემოებანი
მომჩივნები დაიბადნენ 1972, 1965, 1966, 1974 და 1976 წლებში.
ა. ნუსრეთ კაია და აჰმეტ გერეზი (საჩივრები N. 43750/06 და 43752/06) საჩივრის წარმოდგენისას მომჩივნები იმყოფებოდნენ ე-ტიპის ციხეში ქ. მუშში. მანამდე სხვა - კერძოდ კი ქ. ერზრუმში არსებულ ჰ-ტიპის - ციხეში ყოფნის დროს მათ მიმართეს სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელ მოსამართლეს ერზრუმში და სთხოვეს მოეხსნა ციხის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც, მომჩივნების აზრით, ხელს უშლიდა მათ ესარგებლთ ქურთული ენით სატელეფონო საუბრების დროს. 2006 წლის 29 მაისს, საქმის მასალებზე დაყრდნობით ერზრუმში სასჯელის აღსრულებაზე ზედამხედველმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მომჩივნების აპლიკაცია. არგუმენტირებისას მან აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 22-ე მუხლი და ადამიანის უფლებათა დაცვის მე-8 მუხლი იცავდა მიმოწერის თავისუფლებას, თუმცა იგივე მუხლები ადგენდნენ შეზღუდვებსაც ხსენებულ თავისუფლებაზე ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო წესრიგის მიზნებისათვის. მან ასევე აღნიშნა, რომ სასჯელის აღსრულებისა და პრევენციული ზომების შესახებ კანონი N. 5275 (შემდგომში „კანონი N.5275“) ადგენდა, რომ სატელეფონო საუბრები უნდა განხორციელდეს სასჯელის აღსრულებისა და პრევენციული ზომების შესახებ წესებით (შემდგომში „წესები“) დადგენილი პირობებითა და მასში გაწერილი პრინციპების მიხედვით. მან აღნიშნა, რომ ციხის ადმინისტრაციას არ ჰქონდა მიღებული პასუხი „წესების“ N. 88/2 (p) პუნქტის საფუძველზე დასმულ შეკითხვაზე მასზედ თუ რამდენად შეეძლოთ იმ პირებს თურქული ენის გაგება, ვისთანაც მომჩივნებს სურდათ საუბარი. მან აღნიშნა, რომ ამ მხრივ საკითხი დასაზუსტებელი იყო და რომ მომჩივნების საჩივარი ეხებოდა ციხის ადმინისტრაციის ზოგად პრაქტიკას რომელიც, მისი აზრით არ წარმოადგენდა კანონის დარღვევას. მან დაასკვნა, რომ ციხის ადმინისტრაციამ იმოქმედა „კანონი N. 5275“ და „წესების“ 88/2 (p) მიხედვით. 2006 წლის 11 მაისს მომჩივნებმა მოითხოვეს გადაწყვეტილების გასაჩივრება. 2006 წლის 12 ივლისს, საქმის მასალებზე დაყრდნობით, ერზრუმის ასიზთა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანთა მოთხოვნა მიიჩნია რა, რომ სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელ მოსამართლეს არ დაურღვევია სამართალწარმოების არც პროცედურა და არც კანონი.
ბ. მეჰმეტ შირინ ბოზჩალი და მესუთ იურტსევერი (საჩვრები N. 32054/08 და 37753/08) საჩივრის წარმოდგენის მომენტისათვის მომჩივნები იმყოფებოდნენ ქ. ბოლუს ფ- ტიპის ციხეში. მოცემულ ციხეში ყოფნისას 2008 წლის 5 მაისს მათ მიმართეს სასჯელის აღსრულებაზე ზედამხედველ მოსამართლეს ქ. ბოლუში და მოთხოვეს ციხის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, რომელიც, მათ მიხედვით არ აძლევდა მათ საშუალებას ესაუბრათ ქურთულ ენაზე ტელეფონით. 2008 წლის 13 მაისს, საქმის მასალებზე დაყრდნობით, ქ. ბოლუს სასჯელის აღსრულებაზე ზედამხედველმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, მიიჩნია რა, რომ ციხის ადმინისტრაციის პრაქტიკა შეესაბამებოდა როგორც სამართალწარმოების პროცესის ნორმებს, ისე კანონს. გადაწყვეტილებაში მოსამართლემ აღნიშნა, რომ „წესები“ მსჯავრდებულსა თუ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს და თავისუფლებაზე მყოფ ნათესავებს შორის სატელეფონო საუბრების შესახებ გაუქმდა 2008 წლის 17 თებერვალს. მან მიუთითა, რომ „წესები“ არ მოიცავდნენ დებულებას თურქულის გარდა რომელიმე სხვა ენაზე სატელეფონო საუბრების შესახებ მოთხოვნის დამუშავების შესახებ. მან განმარტა, რომ კანონი N. 5275 ძალაში შევიდა და რომ „წესი 88“ აყალიბებდა ახალ პრინციპებს, რომელთა გათვალისწინებაც სავალდებულო იყო. მან ჩამოაყალიბა ყველა წესი რომელიც ეხებოდა სატელეფონო საუბრებს ციხეში, განსაკუთრებით კი ის პრინციპი, რომ სატელეფონო საუბარი უნდა განხორციელებულიყო თურქულ ენაზე. გამონაკლისი გახლდათ შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებული ან/და პირი რეკავდა და მეორე მხარემ არ იცოდა თურქული. მან დასძინა, რომ თუკი ციხის ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევდა, პატიმრის ხარჯით, განხორცილდებოდა კვლევა რათა დადასტურებულიყო ფორმაში მითითებული ინფორმაცია, რის შემდეგაც პატიმარს ეძლეოდა ქურთულად საუბრის უფლება. მან ასევე აღნიშნა, რომ პატიმარს საუბარი უნდა დაეწყო საკუთარი სახელისა და გვარის მითითებით, შემდეგ კი უნდა ეთხოვა მოსაუბრისათვის მასაც იგივე გაეკეთებინა და მიეთითებინა სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. მოსამართლის აზრით, მოცემული ვალდებულება გულისხმობდა, რიგი გამონაკლისი სიტუაციების გარდა, გულისხმობდა თურქულად საუბრის ვალდებულებას. 2008 წლის 26 მაისს ბ-ნმა იურტსევერმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება. მან მიუთითა, რომ მისი მშობლიური ენა ქურთული იყო და რომ საკუთარ დედასთან სხვა ენაზე ვერ ისაუბრებდა. მან ასევე მიუთითა, რომ იგი ამგვარ ვითარებაში იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. დაბოლოს, მან აევე გაასაჩივრა ის ფაქტი, რომ ინფორმაციის გადამოწმების ხარჯი პატიმარს ეკისრებოდა. 2008 წლის 27 მაისს ბ-ნმა ბოზჩალიმაც მიმართა სასჯელის აღსრულებაზე ზედამხედველ მოსამართლეს და ითხოვა გადაწყვეტილების გასაჩივრება, მიუთითა რა, რომ კომუნიკაცია, კორესპონდენცია და ცხოვრება საკუთარი კულტურული იდენტობის შესაბამისად ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენდა. 2008 წლის 12 ივნისს, საქმის მასალებზე დაყრდნობით, ბოლუს ასიზთა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი. მან დაადგინა, რომ ციხის ადმინისტრაციას და სასაჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელ მოსამართლეს არ დაურღვევიათ სამართალწარმოების წესები და კანონი.
გ. მეჰმეტ ნური ოზენი (საჩივრის N. 60915/08) საჩივრის წარმოდგენის მომენტისათვის მომჩივანი იმყოფებოდა ფ-ტიპის ციხეში ქ. ბოლუში. ციხეში ყოფნის დროს, 2008 წლის 30 მაისს, მან მიმართა სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელ მოსამართლეს ქ. ბოლუში და განაცხადა, რომ ნათესავებთან ტელეფონით საუბრისას იძულებუბლი იყო ესაუბრა თურქულად და რომ ციხის ადმინისტრაცია არ აძლევდა მას უფლებას გამოეყენებინა ქურთული ენა ხსენებულ საუბრებში. 2008 წლის 10 ივნისს, საქმის მასალების საფუძველზე, ქ. ბოლუს სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებლემა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა საჩივარი, დაასკვნა რა, რომ ციხის ადმინისტრაციის პრატიკა შეესაბამებოდა როგორც კანონს, ისე მის შესაბამის პროცედურას. გადაწყვეტილებაში მოსამართლემ მიუთითა, რომ მსჯავრდებულს/წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმარსა და მათ ნათესავებს შორის სატელეფონო საუბრების შესახებ „წესები“ გაუქმდა 2007 წლის 17 თებერვალს. მან მიუთითა, რომ „წესები“ არ შეიცავდა დებულებას თუ როგორ უნდა მომხდარიყო რეაგირება თუქრულის გარდა სხვა ენაზე სატელეფონო საუბრის წარმოების მოთხოვნის მიმართ. მან განმარტა, რომ კანონი N. 5275 ძალაში შევიდა და რომ „წესი“ 88 აყალიბებდა ახალ პრინციპებს. მან მიმოიხილა ის პირობები რომელიც მოცემული იყო წესში ციხეებში სატელეფონო საუბრების წარმოებაზე ზედამხედველობის შესახებ, კერძოდ კი პრინციპი, რომლის მიხედვითაც სატელეფონო საუბარი უნდა განხორციელებულიყო თურქულ ენაზე. მოცემული წესიდან გამონაკლისი იყო შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულს ან მის მოსაუბრეს არ ესმოდა თურქული ენა. მან მიუთითა, რომ ასეთ შემთხვევებში, „წესები“ ითხოვდნენ პატიმრისაგან აღენიშნა საუბრისას, რომ მეორე პირს არ ესმოდა თურქული ენა. ასევე, მან დასძინა, როდესაც ციხის ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევდა, ხორციელდებოდა კვლევა - პატიმრის ხარჯით- რათა დადასტურებულიყო ფორმაში მოცემული ინფორმაცია, რომლის შემდეგაც პატიმარს შეეძლო ქურთულად საუბარი. მან ასევე მიუთითა, რომ პატიმარს ევალებოდა სატელეფონო საუბრის დაწყება საკუთარი სახელის და გვარის მითითებით. ამის შემდეგ, მას უნდა ეთხოვა მოსაუბრისათვის ასევე მიეთითებინა საკუთარი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. მოსამართლის აზრით, მოცემული ვალდებულება გულისხმობდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სატელეფონო საუბრების თურქულ ენაზე წარმოებას. 2008 წლის 20 ივნისს მომჩივანმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება. 2008 წლის 4 ივლისს ქ. ბოლუს ასიზთა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა, დაასკვნა რა, რომ ციხის ადმინისტრაციასა და სასჯელის აღსრულებაზე ზედამხედველ მოსამართლეს არ დაურღვევიათ არც კანონი და არც სამართალწარმოების წესები.
...
სამართალი
იურიდიული და ფაქტობრივი მსგავსების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა გააერთიანოს და ერთობლივად განიხილოს საჩივრები.
კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
მომჩივნები ასაჩივრებდნენ მიმოწერის და/ან პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევას ციხის ადმინისტრაციის მიერ ქურთულ ენაზე სატელეფონო საუბრის აკრძალვის გამო.
ისინი დაეფუძნენ კონვენციის მე-8 მუხლს, რომლის რელევანტური ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
„1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ... უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად ...“ მთავრობამ არ გაიზიარა მომჩივნების მიერ წარმოდგენილი არგუმენტი.
...
ბ. საქმის არსებითი მხარე ჰქონდა თუ არ ადგილი ჩარევას
სასამართლო პირველ რიგში იმეორებს, რომ ნებისმიერ პატიმრობას, რომელიც კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელობით კანონიერი ხასიათისაა, მოჰყვება პირადი და ოჯახური ცხოვრების შეზღუდვა. თუმცა, „პატიმრის ოჯახური ცხოვრების პატივისცემის განუყოფელი ნაწილი“გახლავთ ციხის ხელისუფლების მიერ ახლო ოჯახის წევრებთან ეფექტური კონტაქტის შენარჩუნებაში დახმარება (იხ.Messina v. Italy (no. 2), no. 25498/94, § 61, ECHR 2000‑X, და Aliev v. Ukraine, no. 41220/98, § 187, 29 აპრილი 2003). ამასთანავე, სასამართლო აღიარებს პატიმრების გარე სამყაროსთან კონტროლის საჭიროებას და დაწესებული ზომების კონვენციასთან შესაბამისობას (იხ. ალიევი, ციტირებული ზემოთ, $ 187). სასამართლო ამასთანავე იმეორებს, რომ ტელეფონზე წვდომის კონტექსტში, კონვენციის მე-8 მუხლის განმარტება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გარანტირებული იყოს პატიმრების უფლება აწარმოოს სატელეფონო საუბრები, განსაკუთრებით როდესაც მიმოწერის საშუალება არსებობს და ადექვატურია (იხ. A.B. v. the Netherlands, no. 37328/97, § 92, 29 იანვარი 2002, და Ciszewski v. Poland (dec.), no. 38668/97, 6 იანვარი 2004). წინამდებარე საქმეში ეროვნული კანონმდებლობა უშვებდა სატელეფონო საუბრებს ოჯახის წევრებთან ციხის ხელისულების ზედამხედველობის ქვეშ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებისა და მათ ოჯახის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაციაზე დაწესებული შეზღუდვები, იმის გამო, რომ მათ სურდათ ქურთულად საუბარი, შესაძლოა მიჩნეულ იქნას კონვენციის 8 $ 1 მუხლის მნიშვნელობით ოჯახურ ცხოვრებასა და მიმოწერის უფლებით სარგებლობაში ჩარევად (მსგავსი მიდგომა, იხ. Baybaşın v. the Netherlands (dec.), no. 13600/02, 6 ოქტომბერი 2005).
გამართლებული იყო თუ არა ჩარევა განხილული ჩარევა არღვევს მე-8 მუხლს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც“ კანონის შესაბამისად“ ისახავს მე-8 მუხლის მე-2 პარაგრაფში მოხსენიებულ ერთ ან მეტ კანონიერ მიზანს და თუკი არის „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ დასახული მიზნის ან მიზნების მისაღწევად.
(ა) კანონის შესაბამისად სასამართლო იმეორებს დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც „კანონის შესაბამისად“ გამოხატვა არა მარტო საჭიროებს გასაჩივრებული ზომის სამართლებრივ საფუძველს ეროვნულ კანონმდებლობაში, არამედ ეხება მოცემული კანონის ხარისხსაც, ითხოვს რა, რომ უნდა იყოს ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი შედეგების მხრივ (იხ. სხვა მრავალს შორის, Rotaru v. Romania [GC], no. 28341/95, § 52, ECHR 2000‑V). იგი ასევე მიუთითებს, რომ უწინარესად ეროვნული ხელისუფლების, კერძოდ კი სასამრთლოების, ვალდებულება გახლავთ ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტირება და გამოყენება (იხ.Kopp v. Switzerland, 25 მარტი 1998, § 59, Reports of Judgments and Decisions 1998-II, და Kruslin v. France, 24 აპრილი 1990, § 29, Series A no. 176-A ). წინამდებარე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ჩარევა ეფუძნებოდა ეროვნულ კანონმდებლობას, კერძოდ კი იმ დროს მოქმედ სასჯელის აღსრულებისა და პრევენციული ზომების შესახებ წესების N. 88-ე წესს... ხსენებული წესი მიუთითებდა, რომ იმ დროს სატელეფონო საუბრები, ძირითადად, უნდა წარმართულიყო თურქულ ენაზე, გამონაკლისი გახლდათ შემთხვევა, რომელსაც ჩამოთვლიდა თავად წესი. ამასთანავე, სასამართლოს არ გააჩნია მიზეზი ეჭვი შეიტანოს ხსენებულ წესთა ხელმისაწვდომობაზე, რადგან ისინი გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. ასევე, ჩარევის აუცილებლობის ფარგლებში, არ იკვეთება საჭიროება სასამართლომ იმსჯელოს წესის განჭვრეტადობაზე (იხ. პარა. 49-62 ზემოთ).
(ბ) კანონიერი მიზანი მთავრობის ანალიზის გათვალისწინებით საქმეებში Kepeneklioğlu v. Turkey (no. 73520/01, 23 იანვარი 2007) და Silver and Others v. the United Kingdom (25 მარტი 1983, Series A no. 61), სასამართლო იზიარებს რიგ გარემოებებში, ციხეებში კანონისა და წესრიგის შესანარჩუნებლად პატიმრების კორესპონდენციაზე ზედამხედველობის კანონიერებას. მთავრობამ განაცხადა, რომ წინამდებარე საქმეში, სატელეფონო საუბრებზე ციხის ადმინისტრაციის ზედამხედველობა ხორციელდებოდა უსაფრთხოებისა და არეულობისა თუ დანაშაულის პრევენციის მიზნით. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მსგავსად წინამდებარე საქმისა, იმ შემთხვებებში, როდესაც ტელეფონით სარგებლობას უზრუნველყოფს ციხის ადმინისიტრაცია - ციხის ცხოვრების ჩვეულებრივი და გონივრული პირობების გათვალისწინებით - იგი შესაძლოა დაექვემდებაროს კანონიერ შეზღუდვებს, მაგალითად, სხვა პატიმრებთან განაწილების საჭიროებისა თუ არეულობისა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით (იხ. B. v. the Netherlands, ციტირებული ზემოთ, § 93, და Coşcodar v. Romania (dec.), no. 36020/06, § 30, 9 მარტი 2010). წინამდებარე საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩარევა ემსახურებოდა კანონიერ მიზანს, კეროდ კი არეულობისა თუ დანაშაულის პრევენციას.
(გ) ჩარევის აუცილებლობა
(i) მთავრობის არგუმენტები მთავრობამ არ გაიზიარა მომჩივანთა ბრალდებანი, აღნიშნა რა, რომ ჩარევა აუცილებელი და პროპორციული გახლდათ. ამ მხრივ, მათ მიუთითეს, რომ მომჩივნები იყვნენ ტერორისტული ორგანიზაცია PKK წევრები და რომ ისინი, საუბრობდნენ ხოლმე ნათესავებთან ტელეფონით თურქულ ენაზე, მაგრამ მოგვიანებით მოითხოვეს ქურთულად საუბარი. მთავრობამ განმარტა, რომ ქურთულ ენას ჰქონდა სხვადასსხვა დიალექტები და რომ მომჩივნების მიერ მოთხოვნის წარმოდგენის დროს, ციხეში ქურთულად მოსაუბრე პერსონალი არ იყო. ციხის ადმინისტრაციამ თხოვა მომჩივნებს, იმ დროს მოქმედი წესი N. 88/2 (P) საფუძველეზე, მიეწოდებინათ იმ პირთა სახელები და მისამართები, რომლებთანაც მათ სურდათ საუბარი, რათა შეეგროვებინათ მათ შესახებ ინფორმაცია. მთავრობის აზრით, პატიმრები, რომელთაც პატიოსანი ზრახვები ჰქონდათ, მიაწოდებდნენ მათ ამ ინფორმაციას და გამოძიების შემდეგ, მიიღებდნენ უფლებას გამოეყენებინათ ქურთული ენა წინასწარი ინფორმაციის მიწოდების გარეშე. მთავრობამ განაცხადა რომ პატიმრებმა არ მისცეს ადმინისტრაციას საშუალება მიეღოთ ინფორმაცია მათი ნათესავების შესახებ. ასევე, ზოგიერთი ნათესავის დადგენა ვერ მოხდა იმ მისამართზე, რომელიც მათ მიაწოდეს. შესაბამისად, პატიმრება არ შეასრულეს ვალდებულება, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მიიღებდნენ უფლებას სატელეფონო საუბრები ეწარმოებინათ თურქულის გარდა სხვა ენაზე. ასევე, მომჩივნები არ დაქვემდებარებულან რაიმე ფორმით დისკრიმინაციას, რადგან კანონმდებლობის დანაწესი სავალდებულო გახლდათ ყველა პატიმრისათვის. დაბოლოს, მომჩივანმა შეატყობინა სასამართლოს, რომ წესი 88/2 (p) შეიცვალა რათა არ მოხდეს პატიმრების მიერ ნათესავებთან ქურთულად საუბრის შესახებ მოთხოვნის დაგვიანებით განხილვა.
(ii) მომჩივნების არგუმენტები ბ-ნმა კაიამ გააკრიტიკა ციხის ადმინისტრაციის პრაქტიკა, რომელიც მისი აზრით გახლდათ თვითნებური, მტკივნეული და არაადამიანური, როგორც მისთვის, ისე მისი ნათესავებისათვის. ბ-ნმა გერეზმაც არ გაიზიარა მთავრობის არგუმენტები. მან მიუთითა, რომ არ ეძლეოდა საშუალება გაეხორციელებინა სატელეფონო საუბრები ნათესავებთან ქურთულ ენაზე -2006 წლის მაისიდან, როდესაც „წესები“ შევიდა ძალაში, 2009 წლამდე - მაშინ როდესაც ძველად მას ჰქონდა ქურთულად საუბრის საშუალება. მან განაცხადა, რომ მის სატელეფონო საუბრებს წყვეტდნენ ან ხელს უშლიდნენ მისი აზრით ჯეროვანი მიზეზის გარეშე. მან ასევე აღნიშნა, რომ მოითხოვა ნებართვა ნათესავებთან ქურთულად ესაუბრა, მაგრამ უთხრეს, რომ ვერ მოხერხდა მის მიერ ციხის ადმინისტრაციისადმი მიცემულ მისამართზე ნათესავების დადგენა, რამაც გამოიწვია გაურკვევლობა მასზედ, თუ რამდენად საუბრობდნენ ნათესავები თურქულად. სწორედ ამ მიზეზით, მას არ მიეცა მათთან ქურთულად საუბრის საშუალება. დაბოლოს, მან მიუთითა, რომ სამთავრობო პოლიტიკის ნაწილი გახლდათ თურქულის გარდა სხვა ენით სარგებლობის აკრძალვა. ბ-ნი ბოიზჩალი აცხადებდა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი არ გახლდათ მისთვის მშობლიურ ენაზე გამოხატვის აკრძალვა. მან დასძინა, რომ ციხის ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა რესურსები რათა მოეხდინა თვალყურის დევნება და ეთარგმნათ მისი საუბრები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს ამგვარი პრაქტიკის დანერგვისაგან, რადგან ხელი შეშლოდათ ქურთულად საუბარში ოჯახის წევრებთან და მნახველებთან და, შესაბამისად, მათთან კომუნიკაციის საშუალება. ბ-ნმა იურტსევერმა და ბ-ნმა პზენმა აღნიშნეს, რომ მსჯავრდებას არ უნდა ჩამოერთმია მათთვის უფლებებით სარგებლობა და რომ მათ ჰქონდათ მიმოწერის თავისუფლება. მათ, შესაბამისად, მიიჩნიეს, რომ ხსენებული უფლების ნებისმიერი შეზღუდვა თვითნებური იყო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეფუძნებოდა გამოქვეყნებულ და ხელმისაწვდომ სამართლებრივ ნორმას. ისინი აღიარებდნენ, რომ ციხის უსაფრთხოებისა და დანაშაულებრიობის პრევენციისათვის საჭირო იყო რიგი ზომების მიღება პატიმართა გარე სამყაროსთან ურთიერთობის საკონტროლოდ. თუმცა, მიიჩნევდნენ, რომ ხსენებული მიზნები, რომელიც მათი აზრით კანონიერი გახლდათ, უნდა პროპორციულად გამოყენებულიყო და არ უნდა მოხმობილიყო ოჯახთან და გარე სამყაროსთან თურქულის გარდა სხვა ენაზე კომუნიკაციის შეზღუდვის გამართლებად. მათ ასევე მიუთითეს, რომ ქურთულ ენაზე გარე სამყაროსთან ურთიერთობის აკრძალვის გამართლება პერსონალის ნაკლებობის გამო დაუშვებელი გახლდათ. მათ მიუთითეს იმ ფაქტზე, რომ ეროვნულ ორგანოებს არ გამოუძიებიათ თუ რამდენად ხორციელდებოდა უკანონო საუბრები ტელეფონით ან ჰქონდა თუ არა ადგილი ციხის უსაფრთხოებისათვის საშიშ საუბრებს. მათ გააკრიტიკეს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები იმის დაშვებისათვის, რომ მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ადგილი ჰქონდა ქურთულ ენაზე საუბარს, მათი სატელეფონო საუბრები აუცილებლად უკანონო ხასიათის მატარებელი იქნებოდა. მათ გაასაჩივრეს მათსავე საქმეში აკრძალვის ავტომატური და უსამართლო გამოყენება და მიუთითეს, რომ გამოყენებული ზომა არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი გახლდათ დემოკრატიულ საზოგადოებაში. მათი აზრით, უმცირესობის ენაზე კომუნიკაციის აკრძალვა არ შეესაბამებოდა ნამდვილ დემოკრატიას, რადგან კულტურული, ეთნიკური და რელიგიური პლურალიზმის პატივისცემა, მათი აზრით, წარმოადგეს თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ წარმოადგენდნენ სახელმწიფოს მიერ უღიარებელ ეთნიკურ უმცირესობას, თუმცა, იქვე დასძინეს, რომ საერთაშორისო სამართლით უმცირესობის არსებობა არ იყო დამოკიდებული აღიარებაზე. მათ მიიჩნიეს, რომ მთავრობა, მინიმუმ ვალდებული იყო ხელი არ შეშალა მათთვის ესარგებლათ საკუთარი იდენტობით, ენითა და კულტურით. მათ მოიხმეს ევროპის საბჭოს ევროპის ციხის წესები, კეროდ კი წესი 38. მოცემული წესი მოითხოვს სპეციალური ზომების მიღებას რათა დაკმაყოფილდეს ეთნიკური თუ ლინგვისტური უმცირესობის წარმომადგენელი პატიმრების საჭიროებანი; რომ, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად, ციხეში უნდა გაგრძელდეს განსხვავებულ ჯგუფთა კულტურული წეს-ჩვეულებანი; და რომ ლინგვისტური საჭიროებანი უნდა დაკმაყოფილდეს კომპეტენტური თარჯიმნების გამოყენებით და იმ ენაზე წერილობითი მასალის გამოყენებით, რომელიც წარმოდგენილია მოცემულ ციხეში. დაბოლოს, მომჩივნის მიხედვით, ეროვნული უმცირესობების ლინგვისტური უფლებების შესახებ ოსლოს რეკომენდაციების, ისევე როგორც გაეროს პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესების 51-ე მუხლის მიხედვით ნათელი იყო, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო მიეღო საჭირო ზომები რათა დაეკმაყოფილებინა მათი კონკრეტული საჭიროებანი. ისინი აცხადებდნენ, რომ მათ სიტუაციაში არ არსებობდა მწველი სოციალური საჭიროება, რომელიც გაამართლებდა გასაჩივრებულ აკრძალვას.
(iii) სასამართლოს შეფასება სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს პირველ რიგში აღნიშნოს, რომ პატიმრის მიერ ტელეფონით ზეპირი კომუნიკაცია მის მშობლიურ ენაზე წარმოადენს არა მხოლოდ მისი მიმოწერის უფლების პატივისცემის, არამედ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის სპეციფიურ ასპექტს კონვენციის 8 $ 1 მუხლით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კონვენციის 8 $ 1 მუხლით დადგენილ უფლებებში ჩარევა მიიჩნევა „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“ თუკი იგი მიღებულია მწველი სოციალური საჭიროების პასუხად და თუკი გამოყენებული ზომა დასახული მიზნის პროპორციულია (იხ. სხვა მრავალს შორის, Campbell v. the United Kingdom, 25 მარტი 1992, § 44, Series A no. 233). იმის დასადგენად თუ რამდენად იყო ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ გათვალისწინებულ უნდა იქნას სახელმწიფოს შეფასების ზღვარიც (ibid.). მართალია ეროვნული ხელისუფლება ახდენს აუცილებლობის პირველად შეფასებას, მაგრამ საბოლოო დასკვნას მასზედ, თუ რამდენად იყო ჩარევის გამამართლებელი გარემოებანი რელევანტური და საკმარისი, იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად (იხ.Szuluk v. the United Kingdom, no. 36936/05, § 45, ECHR 2009). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იმის შეფასებისას, თუ რამდენად იყო მსჯავრდებული პატიმრის მიმოწერის პატივისცემის უფლებაში ჩარევა „აუცილებელი“ კონვენციის 8 $ 2 მუხლის რომელიმე მიზნის მისაღწევად, გათვალისწინებულ უნდა იქნას პატიმრობის ჩვეულებრივი და გონივრული მოთხოვნები; პატიმრების კორესპოდენციაზე გარკვეული კონტროლი საჭიროა და თავისთავად არ არის კონვენციასთან შეუსაბამობაში (იხ. სხვა მრავალს შორის, Silver and Others, ციტირებული ზემოთ, § 98; Kwiek v. Poland, no. 51895/99, § 39, 30 მაისი 2006; და Ostrovar v. Moldova, no. 35207/03, § 105, 13 სექტემბერი 2005). სასამართლომ წინარე საქმეებში დაადგინა, რომ რიგ განსხვავებულ კონტექსტში, ლინგვისტური თავისუფლება, როგორც ასეთი, არ არის მოცული კონვენციის უფლებებსა და თავისუფლებებს შორის, სადაც გამონაკლის წარმოადგენს 5 $ 2 მუხლში ჩამოთვლილი უფლებები (პირის უფლება მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ ეცნობოს მისი დაკავების მიზეზები და მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება) და მუხლი 6 $ 3 (ა) და (ე) (უფლება გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით ეცნობოს წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მას არ შეუძლია გაიგოს სასამართლოში გამოყენებული ენა, ან ილაპარაკოს ამ ენაზე) (იხ. Kozlovs v. Latvia (dec.), no. 50835/99, 10 იანვარი 2002, და Kemal Taşkın and Others v. Turkey, nos. 30206/04, 37038/04, 43681/04, 45376/04, 12881/05, 28697/05, 32797/05 და 45609/05, § 56, 2 თებერვალი 2010). წინამდებარე საქმეში სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ადგილი აქვს არა მომჩივნების ლინგვისტურ თავისუფლებასთან დაკავშირებულ შემთხვევას, არამედ მათ უფლებას იქონიონ შინაარსიანი კონტაქტი ოჯახის წევრებთან. შესაბამისად, განხილულ უნდა იქნას ის პირობები, რომელშიც მომჩივნები ახორციელებდნენ სატელეფონო საუბრებს იმ დროს მოქმედი „წესების“ შესაბამსიად, რათა შეფასდეს თუ რამდენად იყო არსებული პირობები კონვენციის მე-8 მუხლის მეორე პარაგრაფის მოთხოვნების შესაბამისი. ამ მხრივ სასამართლო აღნიშნავს, რომ მას აქამდეც მიუპყრია ეროვნული ხელისუფლების ყურადღება ევროპის ციხის წესების 2006 წლის რეკომენდაციების მნიშვნელობაზე (რეკომენდაცია რეკ(2006)2)..., მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი არ არის სავალდებულო წევრ სახელმწიფოებისათვის (იხ. სხვა მრავალს შორის, Sławomir Musiał v. Poland, no. 28300/06, § 96, 20 იანვარი 2009). ამ მხრივ იგი იმეორებს, რომ აუცილებელია ხელისუფლება დაეხმაროს პატიმრებს შეინარჩუნონ კონტაქტი ახლო ნათესავებთან. სასამართლო, პირველ რიგში აღნშნავს, რომ წინამდებარე საქმეში, ეროვნული კანონმდებლობა აძლევდა პატიმრებს უფლებას შეენარჩუნებინათ კონტაქტი გარე სამყაროსთან სატელეფონო საუბრების დახმარებით. მოცემული საუბრები, თუმცა, შესაძლოა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დაქვემდებარებოდა ციხის ხელისუფლების შემოწმებას და, ადექვატური ზედამხედველობის მიზნებისათვის, პატიმრებს ევალებოდათ ტელეფონით საუბრისას ესარგებლათ მხოლოდ თურქული ენით. მეორეს მხრივ, ეროვნული კანონმდებლობა არ იყო მკაცრი და არ შეიცავდა დებულებას, რომლითაც აიკრძალებოდა თუქრულის გარდა სხვა ენით საუბარი პატიმრების მიერ ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრების დროს. თუმცა, წესი 88/2 (p) მოცემულ გამონაკლისს გარკვეულ ფორმალურ მოთხოვნებს უყენებდა. კერძოდ, იგი უფლებას აძლევდა ციხის ხელისუფლებას დაეზუსტებინა თუ რამდენად არ ესმოდა იმ პირს, ვისთანაც საუბარი სურდა პატიმარს, თურქული ენა. ამასთანავე, მაშინ მოქმედი წესებიდან... და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებიდან (იხ. პარა. 13 და 19 ზემოთ), ჩანს, რომ როდესაც ციხის ხელისუფლებას სურს გადაამოწმოს სატელეფონო საუბრის ფორმაში მოცემული ინფორმაცია, მოკვლევის ხარჯი ეკისრება პატიმარს. უნდა ითქვას, რომ სასამართლოს აქამდეც უღიარებია, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე - მაგალითად, გაქცევის მცდელობების თავიდან ასაცილებლად - შესაძლოა გამართლებული იყოს გარკვეული პატიმრობის რეჟიმის გამოყენება და პატიმრისათვის მის მიერ არჩეულ ენაზე ნათესავებთან კორესპონდენციის აკრძალვა, თუკი დადასტურდება, რომ მას არ შეუძლია ნებადართული ენებით სარგებლობა (იხ. Baybaşın, გადაწყვეტილება ციტირებული ზმოთ). მოცემულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის გარემოებებში, „წესები“ გამოიყენება ყველა პატიმარზე გამონაკლისის გარეშე, მიუხედავად მოთხოვნების ინდივიდუალური შეფასებისა, მათ შორის უსაფრთხოების მიუხედავად, რომელიც შესაძლოა გამომდინარეობდეს პირის ხასიათიდან ან იმ დანაშაულებიდან, რის ჩადენაშიც მას ბრალი ედება. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა იცოდნენ, მომჩივნების მოთხოვნის - ტელეფონზე ესაუბრათ ქურთულად - შეფასებისას, რომ მოცემული ენა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი ენა თურქეთში - განსხვავებით Baybaşın საქმეში არსებული ვითარებისაგან - და რომ იგი გამოიყენებოდა რიგი პატიმრების მიერ ოჯახური ურთიერთობების საწარმოებლად. ამისდა მიუხედავად, სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს თარგმანის სისტემა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ პატიმრის ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ციხის ადმინსიტრაციის მხრიდან დახმარება შეინარჩუნოს ოჯახთან კონტაქტი (იხ. სხვა მრავალს შორის ibid., და Van der Ven v. the Netherlands, no. 50901/99, § 68, ECHR 2003‑II ). ამ მხრივ, სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს შეიტანოს ეჭვი მომჩივნების განცხადებაში, რომ მათი ოჯახური ურთიერთობის ენა გახლავთ ქურთული ან რომ სწორედ ეს და მხოლოდ ეს ენა ესმით მათ ნათესავებს, გარემოება, რომელიც სასამართლოს აზრით დიდი მნიშვნელობის მატარებელია წინამდებარე საქმეში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებისა და მის ხელთ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მომჩივნებისადმი გამოყენებული პირველადი პროცედურა დადგენილიყო თუ რამდენად შეეძლოთ ნათესავებს თურქულად საუბარი, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელთ სურდათ ქურთული ენის გამოყენება ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრებისას არ ეფუძნება შესაბამის და საკმარის საფუძვლებს, რომელიც გაამრთლებდა მომჩივნების ოჯახებთან კონტაქტის შეზღუდვას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების უფლებაში ჩარევა - ეწარმოებინათ სატელეფონო საუბრები ქურთულ ენაზე ოჯახის წევრებთან - ვერ მიიჩნევა აუცილებლად. 88/2 (p) წესის ფორმულირების ცვლილება..., მოხმობილი მთავრობის მიერ (იხ. პარა. 44 ზემოთ), რომლითაც შეიცვალა თურქულის გარდა სხვა ენაზე სატელეფონო საუბრის წარმოების მოთხოვნის პირობები, ადასტურებს სასამართლოს დასკვნის მართებულობას. მოცემული „წესის“ ცვლილების მიხედვით, პატიმრის მიერ ხელმოწერილი განცხადება მასზედ, რომ მის ნათესავს არ ესმის თურქული, უკვე საკმარის საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
...
აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს, ერთხმად, გააერთიანოს საჩივრები;
...
3. ადგენს, ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
...
შესრულებულია ფრანგულად და გაცხადებულია წერილობით 2014 წლის 22 აპრილს, სასამართოს რეგლამენტის 77 $ $ 2 და 3 მუხლების თანახმად.
სტენლი ნაისმითიგიდო რაიმონდი
სასამართლოს განმწესრიგებელიპრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2 და სასამართლოს რეგლამენტის 74 § 2 მუხლების შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლეების რაიმონდი და კარაკაშის ცალკეული მოსაზრება.
გ.რ.ა.
ს.ჰ.ნ.
მოცემულ თარგმანს არ ერთვის თანმხვედრი/განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy