Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
1997 წლის ივლისი
ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (N. 2) Oberschlick v. Austria (N.2)
(საჩივარი- 20834/92)
გადაწყვეტილება, 1 ივლისი, 1997
მე-10 მუხლი
გამოხატვის თავისუფლება
ფაქტები – მომჩივანმა, ვენაში მცხოვრებმა ჟურნალისტმა - ბატონმა გერჰარდ ობერშლიკმა პერიოდულ გამოცემა „ფორუმში“ (რომლის რედაქტორსაც თავად წარმოადგენდა) გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით, „პ.ს. იდიოტი და არა ნაცისტი“, რომელიც ეხებოდა „ავსტრიის თავისუფლების პარტიის“ ლიდერისა და ერთ-ერთი ლანდის გუბერნატორის - ბატონი იორგ ჰაიდერის წარმოთქმულ სიტყვას მეორე მსოფლიო ომში მებრძოლ ჯარისკაცებზე. მის სიტყვაში მან განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ჯარისკაცები, მათ შორის ისინი ვინც გერმანული არმიის რიგებში ირიცხებოდნენ, მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და მაშასადამე, ავსტრიელები მათ „კარგ“ და „ცუდ“ ჯარისკაცებად კი არ უნდა ყოფდნენ, არამედ მადლიერებას უნდა გამოხატავდნენ, ვინაიდან სწორედ მათ უზრუნველყვეს ამჟამინდელი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება. აღნიშნული სიტყვა მწვავედ იყო გაკრიტიკებული ზემოთ ხსენებულ სტატიაში, რომელშიც ავტორი პოლიტიკოსს „იდიოტად“ მოიხსენიებდა.
1991 წლის მაისში, მას შემდეგ რაც პოლიტიკოსმა - ბ-ნმა ჰაიდერმა ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში შეიტანა სარჩელი, ვენის სისხლის სამართლის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტი ობერშლიკი შეურაცხყოფის მიყენებაში ცნო დამნაშავედ და სასჯელის ზომად 20 დღის მანძილზე ყოველდღიურად 200 ავსტრიული შილინგის გადახდა განუსაზღვრა (გადაუხდელობის შემთხვევაში კი 10-დღიანი პატიმრობა). სასამართლოს შეფასებით, სიტყვა „იდიოტი“ წარმოადგენდა შეურაცხყოფას და მისი გამოყენების მიზანი შესაძლებელია, ყოფილიყო მხოლოდდამხოლოდ პირის დამცირება. შესაბამისად, ეს სიტყვა ვერასდროს ვერ იქნებოდა გამოყნებული რაიმე ფორმის ობიექტური კრიტიკისთვის.
1992 წლის მარტში, ვენის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს განაჩენი, თუმცა შეამცირა სასჯელის ზომა და ყოველდღიური ჯარიმის ოდენობა 200-ის მაგივრად 50 შილინგად განსაზღრა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სადავო სიტყვა სტატიის სათაურში იყო. მართალია, გამოცემაში მოცემული იყო როგორც პოლიტიკოსის სიტყვა, ისე მისი ჟურნალისტისეული შეფასება, სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით, მკითხველები, რომლებსაც არ წაუკითხავთ არც ბატონი ჰაიდერის სიტყვა და არც ბატონი ობერშლიკის სტატია, ტერმინ „იდიოტს“ არა პოლიტიკოსის სიტყვებიდან გამომდინარე შეფასებით დასკვნას, არამედ უშუალოდ მის პიროვნებას დაუკავშირებდნენ. შედეგად, ეს წარმოადგენდა იმგვარ შეურაცხყოფას, რაც ობიექტური კრიტიკის მისაღებ ფარგლებს ცდებოდა.
სამართალი – 29. სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მარტო იმ „ინფორმაციასა“ და „იდეებზე“, რომლებიც დადებითადაა მიღებული ან არასაზიანოდ არის მიჩნეული საზოგადოების მიერ, არამედ ასევე ისეთ „ინფორმაციასა“ და „იდეებზე“, რომლებიც შესაძლოა, შეურაცხყმყოფელი, სოკისმომგვრელი ან შემაწუხებელი იყოს.
ეს პრინციპები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრესასთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ მან არ უნდა გადააბიჯოს „სხვათა რეპუტაციის დასაცავად“ შექმნილ საზღვრებს, მის მთავარ მოვალეობას პოლიტიკურ ან საზოგადოების ინტერესის სხვა საკითხებზე ინფორმაციისა და იდეების გავრცელება წარმოადგენს.
რაც შეეხება დასაშვებ კრიტიკას, აღსანიშნავია, რომ მისი ფარგლები კერძო პირთან შედარებით, გაცილებით უფრო ფართოა საჯარო თანამდებობის მქონე პოლიტიკოსის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკოსის ყოველი სიტყვა და ქმედება როგორც ჟურნალისტების, ისე საზოგადოების მხრიდან ახლო დაკვირვებისა და კრიტიკის ობიექტია, საჭიროა, მან უფრო მეტი ტოლერანტულობა გამოავლინოს, განსაკუთრებით, როდესაც ის თავად აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც დიდი ალბათობით გამოიწვევს კრიტიკას. მართალია, მას აქვს უფლება, დაცული იყოს მისი რეპუტაცია საჯარო კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობის დროსაც, თუმცა აღნიშნული დაცვის მოთხოვნები უნდა შეფასდეს პოლიტკურ საკითხთა ღია დისკუსიის ინტერესების პირისპირ, რადგან გამონაკლისები გამოხატვის თავისუფლებიდან ვიწროდ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული (იხ.Oberschlick v. Austria (no. 1), 23 May 1991, Series A no. 204, pp.25-26, paras. 57-59, და Vereinigung demokratischer Soldaten Österreichs and Gubi v. Austria, 19 December 1994, Series A no. 302, p. 17, para. 37).
31. სტრასბურგის სასამართლო არ იზიარებს ეროვნულ დონეზე რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსაზრებებს ობიექტური კრიტიკის ფარგლებთან დაკავშირებით. ევროპულ სასამართლოს სურს ამ მიმართულებით, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ მის წინაშე სადავოდ გამხდარი სასამართლო გადაწყვეტილებების განხილვა უნდა მოხდეს მთლიანობაში, მოცემული საქმის შუქზე, მათ შორის მომჩივნის სტატიისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რა გარემოებებშიც ის დაიწერა (იხ. Oberschlick (no. 1) -ის გადაწყვეტილება, p. 26, para. 60).
აღნიშნულიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ბატონი ჰაიდერის სიტყვა, რომელსაც ბატონი ოპერშლიკი საკუთარ სტატიაში განიხილავდა. პოლიტიკოსის სიტყვა მოიცავდა ერთი მხრივ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ყველა ჯარისკაცი, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მხარეს იყო ის, იბრძოდა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის და საბოლოოდ, წვლილი შეიტანა დღევანდელი დემოკრატიული საზოგადოების დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში. ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ მხოლოდ იმ პირებს, ვინც გაწირეს საკუთარი სიცოცხლე იმ ომის დროს, ჰქონდათ უფლება, ესარგებლათ გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღნიშნული სიტყვით გამოსვლისას ბატონ ჰაიდერს სურდა, რომ ყოფილიყო პროვოკაციული და შედეგად, გამოეწვია მძაფრი რეაქციები.
32. რაც შეეხება ბატონი ობერშლიკის სტატიას, ის გამოქვეყნდა პოლიტიკოსის გამოსვლით სიტყვასთან ერთად და სწორედ ბატონი ჰაიდერის ნათქვამს ეხმიანებოდა. საკუთარ სტატიაში მომჩივანი მოკლედ, დაახლოებით 20 სტრიქონის ფარგლებში, ხსნიდა, თუ რატომ ახასიათებდა ის პოლიტიკოსს იდიოტად, და არა ნაცისტად - კერძოდ, იმ მიზეზის გამო, რომ საკუთარ სიტყვაში ბატონმა ჰაიდერმა ფაქტობრივად, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა საკუთარი თავისთვისაც გამორიცხა.
33. სასამართლოს შეხედულებით, მომჩივნის სტატია და განსაკუთრებით, გამოყენებული სიტყვა - „იდიოტი“ ცალსახად შესაძლებელია, მიჩნეულ იქნეს საკამათოდ, თუმცა ის არ წარმოადგენდა უსაფუძვლო, პირადი ხასიათი შეტევას, რადგან ავტორმა ობიექტური შეფასებით, საკმაოდ გასაგებად ახსნა, რომ მის მიერ მოცემული ტერმინის გამოყენება, ბატონი ჰაიდერის წარმოთქმული პროვოკაციული სიტყვით იყო განპირობებული. როგორც ესეთი, ჟურნალისტის სტატია ისევე, როგორც მის მიერ შერჩეული სიტყვა იყო ბატონი ჰაიდერის გამოსვლით პროვოცირებული პოლიტიკური დისკუსიის შემადგენელი ნაწილი და წარმოადგენდა მოსაზრებას, რომლის უტყუარობის მტკიცების საჭიროება არ არსებობდა. აღნიშნული მოსაზრება შესაძლოა გადაჭარბებულად იქნეს მიჩნეული, განსაკუთრებით ყველანაირი ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობის პირობებში, თუმცა ზემოთ განხილული გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნულს მოცემულ საქმეში ადგილი არ ჰქონია (იხ. De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-I, p. 236, para. 47).
34. მართალია, რომ პოლიტიკოსისთვის საჯაროდ „იდიოტის“ წოდება შესაძლოა შეურაცხყოფდეს მას. თუმცა, მოცემულ საქმეში, ეს ტერმინი არაპროპორციულად ვერ მიიჩნევა იმ აღშფოთებასა და გულისწყრომასთან მიმართებით, რაც ბატონმა ჰაიდერმა გააზრებულად გამოიწვია. რაც შეეხება სტატიის პოლემიკურ ტონს, რომლის შეფასებაც სტრასბურგის სასამართლოს კომპეტენციას ცდება, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ კონვენციის მე-10 მუხლი იცავს არამარტო გამოხატული ინფორმაციისა და იდეების შინაარსს, არამედ იმ ფორმასაც, რა ფორმითაც ხდება მათი მიწოდება მკითხველისთვის (იხ. Oberschlick (no. 1) -ის გადაწყვეტილება, p. 25, para. 57 ).
35. დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა, ეჩვენებინა მომჩივნის მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაში ჩარევის საჭიროება. შედეგად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
დასკვნა:დაირღვა მე-10 მუხლი (შვიდი ხმით ორის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები