ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის, პოლიციის განცხადებათა მტკიცებულებითი ღირებულებისა და ეფექტური გამოძიების შესახებ.
პოლიციის მიერ განმცხადებლისთვის მიყენებული დაზიანების ხასიათი და ხარისხი: დარღვევა.
არასათანადო მოპყრობის შესახებ განმცხადებლის განცხადებებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიება არ იყო სრულყოფილი, დროული, სათანადო და ეფექტური: დარღვევა.
სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეასრულეს საფუძვლიანი, დროული და ეფექტური გამოძიების მოთხოვნები: დარღვევა.
საქმე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“
CASE OF OCHELKOV v. RUSSIA
განცხადება N17828/05
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2013 წლის 11 აპრილი
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებელი - დიმიტრი ოჩელკოვი, რუსეთის მოქალაქეა, დაბადებული 1979 წელს, ამჟამად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ყაჩაღობისა და ქურდობისთვის. დაპატიმრებამდე იგი ცხოვრობდა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ ზავოლჟიეში (რუსეთი). კონვენციის მესამე მუხლზე დაყრდნობით (წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მან განაცხადა, რომ დაპატიმრების შემდეგ იგი პოლიციამ აწამა ორჯერ - 2002 წლის იანვარსა და 2003 წლის თებერვალში. პირველად მანქანის გატაცების ეჭვის საფუძველზე დაპატიმრების შემთხვევაში იგი ამტკიცებდა, რომ დაადეს ხელბორკილები, დააბეს თოკით, თავში ჩაარტყეს სკამის ფეხი და ურტყამდნენ წიხლებს მთელ სხეულზე, სანამ საბოლოოდ ხელი არ მოაწერა აღიარებას. მეორედ იგი დააპატიმრეს ტელევიზორის ქურდობის ეჭვის საფუძველზე და ამტკიცებდა, რომ იგი ხელბორკილებით მიაბეს რკინის სეიფზე, სცემეს, ურტყამდნენ წიხლებს, გამოიყენეს ელექტროშოკი, სახეზე გაუკეთეს ნიღაბი და გადაუკეტეს ჰაერი, სანამ გონება არ დაკარგა. ბატონი ოჩელკოვი ასევე აცხადებდა განაცხადში, რომ წამების შესახებ მის განცხადებებთან დაკავშირებით რუსეთის ორგანოების მიერ განხორციელებული გამოძიება არასათანადო იყო.
II. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა 2002 წლის 16 და 17 იანვრის შემთხვევებზე
(ა) ზოგადი პრინციპები
80. როგორც სასამართლომ სხვა შემთხვევებში დაადგინა, კონვენციის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას. ყველაზე რთულ შემთხვევებშიც კი, როგორიცაა ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კონვენცია -მისი სრული გაგებით, კრძალავს წამებასა და არაადამიანურ, ან ღირსების შემლახველ მოპყრობას და დასჯას, დანაშაულის მსხვერპლის ქცევის მიუხედავად (იხ. ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N26772/95, §119, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2000‑IV და ჩალალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1996 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, კრებული განჩინებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ 1996-V, გვ. 1855, § 79). კონვენციის მე-3 მუხლი არ ითვალისწინებს გამონაკლისებს და დაუშვებელია ამ მუხლის მოთხოვნებიდან გადახვევა კონვენციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც კი, როდესაც საფრთხე ემუქრება ხალხის სიცოცხლეს (იხ. სელმუნი საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N25803/94, § 95, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 1999-V და ასენოვი და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ანგარიშები 1998-VIII, გვ. 3288, § 93).
81. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ მიყენებული ტანჯვა და დამცირება ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა სცდებოდეს ტანჯვის ან დამცირების იმ აუცილებელი ელემენტების ფარგლებს, რომლებიც უკავშირდება ლეგიტიმური მოპყრობის ან დასჯის მოცემულ ფორმას. ის ღონისძიებები, რომლებიც ართმევს პირს თავისუფლებას, ხშირად შესაძლებელია მოიცავდეს ზემოთ აღნიშნულ ასეთ ელემენტს. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ პირი დაკავებულია იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც თავსებადია მის ადამიანურ ღირსებასთან და გამოყენებული ზომების ფორმა და მეთოდი მას არ უნდა აყენებდეს ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც აღემატება დაპატიმრებისთვის დამახასიათებელი ტანჯვის გარდაუვალ დონეს (იხ. კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N30210/96, §§92-94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2000-XI).
82. დაპატიმრებულებთან მიმართებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირები, რომლებიც არიან პატიმრობაში და მოწყვლად მდგომარეობაში, სახელმწიფო ორგანოები ვალდებულები არიან, დაიცვან მათი ფიზიკური ჯანმრთელობა (იხ. ტარარიევა რუსეთის წინააღმდეგ N4353/03, §73, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2006 წ. (ამონარიდები); სარბანი მოლდოვას წინააღმდეგ, N3456/05, § 77, 2005 წლის 4 ოქტომბერი და მუიზელი საფრანგეთის წინააღმდეგ, N67263/01, §40, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2002‑IX). იმ პირთან დაკავშირებით, რომელსაც აღეკვეთა თავისუფლება, ნებისმიერი ფიზიკური ძალის გამოყენება, რომელიც არ განხორციელებულა მკაცრად აუცილებელი საჭიროებით, ლახავს ადამიანურ ღირსებას და წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლით განსაზღვრული უფლების დარღვევას (იხ. შეიდაიევი რუსეთის წინააღმდეგ, N65859/01, § 59, 2006 წლის 7 დეკემბერი; რიბიჩი ავსტრიის წინააღმდეგ, 1995 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება, სერიები A, N336, §38 და კრასტანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, N50222/99, § 53, 2004 წლის 30 სექტემბერი).
83. სასამართლომ აღნიშნა, რომ არასათანადო მოპყრობის შესახებ განცხადებები, უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი მტკიცებულებით. მათი შეფასებისას, სასამართლომ ზოგადად გამოიყენა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტი (იხ. ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1978 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება, სერიები A, N25, გვ. 64-65, § 161). თუმცა ასეთი მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად მტკიცე, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან ან ფაქტის მსგავსი უტყუარი პრეზუმფციიდან. როდესაც შემთხვევები სრულად ან ძირითადი ნაწილით ხვდება სახელმწიფო ორგანოების განსაკუთრებული ცოდნის ფარგლებში, როგორც მათი კონტროლის ქვეშ დაპატიმრებული პირების შემთხვევაში, დაზიანებებთან დაკავშირებით იქმნება ფაქტის მყარი პრეზუმფცია, მათი დაპატიმრებისას განხორციელების შესახებ. მართლაც, მტკიცების ტვირთი შეიძლება დაეკისროს სახელმწიფო ორგანოებს, რათა უზრუნველყონ დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ახსნა-განმარტების წარდგენა (იხ. სალმანი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N21986/93, § 100, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2000-VII).
84. როდესაც მიმდინარეობს ეროვნული სამართალწარმოება, სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს, ჩაანაცვლოს ეროვნული სასამართლოების მიერ გაკეთებული შეფასებები ფაქტების შესახებ საკუთარი შეფასებით და როგორც ზოგადი წესი, სწორედ ამ სასამართლოებმა უნდა შეაფასონ წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. კლაას გერმანიის წინააღმდეგ, 1993 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება, სერიები A, N269, გვ. 17, § 29). თუმცა სასამართლო არაა შებოჭილი ეროვნული სასამართლოების დასკვნებით, ჩვეულებრივ გარემოებებში იგი ითხოვს დამაჯერებელ ელემენტებს, რათა გადაუხვიოს ფაქტების შესახებ დასკვნებს, რომლებიც დადგენილია ამ სასამართლოების მიერ (იხ. მატკო სლოვენიის წინააღმდეგ, N43393/98, § 100, 2006 წლის 2 ნოემბერი). როდესაც განცხადებები გაკეთებულია კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განსაკუთრებულად საფუძვლიანად უნდა შეამოწმოს იგი (იხ.(mutatis mutandis) , რიბიჩი, § 32).
(ბ) არსებულ საქმეში ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება
(i) ფაქტების დადგენა
85. არსებულ საქმეში მხარეების მიერ სადავო არ გამხდარა და სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წლის 16 იანვარს, გვიან საღამოს, განმცხადებელი დააპატიმრეს და წაიყვანეს ზავოლჟიეს პოლიციის განყოფილებაში. მომდევნო დღის საღამოს იგი გამოუშვეს განყოფილებიდან, რის შემდეგაც საავადმყოფოში მივიდა, სადაც დაუდგინეს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, გონების დაკარგვა და მრავლობითი დაზიანებები თავის, ზურგის, მკლავებისა და გულმკერდის არეში. განმცხადებელი 2002 წლის 29 იანვრამდე საავადმყოფოში დარჩა, სადაც ქირურგიის განყოფილებაში სტაციონალური მკურნალობა ჩაუტარდა.
86. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ წარადგინა მოვლენების ორი ვერსია, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია, განმცხადებელს ზოგიერთი დაზიანება მაინც მიეღო.
87. კერძოდ, არასათანადო მოპყრობის შესახებ მისი საჩივრების განხილვის განმავლობაში განმცხადებლის 2002 წლის 8 ივნისს გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით, სასამართლო ამტკიცებდა, რომ 2002 წლის 17 იანვარს, დაკითხვის პერიოდში სკამიდან წამოდგომისას მან რამდენჯერმე მიარტყა თავი წიგნის თაროს. თუმცა, სასამართლო ამ ახსნა-განმარტებაში დარწმუნებული არ არის. იგი აღნიშნავს, რომ მოვლენათა ის ვერსიები, რომლებიც მოცემულია განმცხადებლის მიერ პირველად წარმოთქმულ განცხადებებში, სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობის შესახებ გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ გაკეთდა. პოლიციელებს, რომლებსაც განმცხადებელი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებდა, არასოდეს აღუნიშნავთ, რომ დაინახეს, როგორ მიარტყა თავი განმცხადებელმა. სასამართლოს მხედველობიდან არ გამორჩენია ასევე ის, რომ განმცხადებლის თავის დაზიანების შესახებ ახსნა-განმარტება წარადგინა თავად განმცხადებელმა მხოლოდ საპოლიციო გამომძიებლებთან, ქალბატონ ს-სთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც იმავე პოლიციის განყოფილებიდან იყო, სადაც არასათანადო მოპყრობა დაფიქსირდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა შეცვალა, როგორც თავისი განცხადებები, ისე მისი დაზიანებების გამომწვევი ნამდვილი მიზეზი, განსახილველ შემთხვევაში ჩართულ ოფიციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ. სასამართლო ვერ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ განმცხადებელი დააშინეს იმ პირებმა, რომლებსაც იგი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებდა (იხ. კოლიბაბა მოლდოვას წინააღმდეგ, N29089/06, § 49, წლის 23 ოქტომბერი და ბათი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ N33097/96 და N57834/00, § 100, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2004‑IV (ამონარიდები)). აღნიშნული დასკვნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თუ სასამართლო დაეთანხმება მთავრობის მოსაზრებას, რომ 2002 წლის 8 ივნისის დაკითხვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, განმცხადებელმა სცადა გამოეთხოვა საკუთარი საჩივარი არასათანადო მოპყრობის შესახებ და თხოვნით მიმართა გამომძიებლებს, დაესრულებინათ გამოძიება. სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ განმცხადებელი პროკურატურის ორგანოებსა და შემდეგ სასამართლოში წარდგენილ საჩივრებში ცალსახად აფიქსირებდა მოსაზრებას, რომ პატიმრობაში მას არასათანადოდ მოეპყრნენ პოლიციელები. განმცხადებელმა არაერთხელ უარყო იმ განცხადების სიზუსტე, რომელიც 2002 წლის 8 ივნისს გამომძიებელთან გააკეთა.
88. უფრო მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის ახსნა-განმარტებები არ შეესაბამება განმცხადებლის მიერ მიღებულ თავის ტრავმების ხასიათს, როგორც დაფიქსირებულია საავადმყოფოს 2002 წლის 17 იანვრის ანგარიშსა და ექსპერტთა მოსაზრებებში. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ გამორიცხავს პატიმრობაში მომხდარი ინციდენტების შესაძლებლობას, იგი არ გულისხმობს მხედველობიდან იმ ფაქტის გამორჩენას, რომ ქალა-ტვინის დახურულ ტრავმასა და გონების დაკარგვასთან ერთად, ექიმებმა განმცხადებლის თავზე სხვადასხვა ადგილას არსებული დალურჯებები აღწერეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული აღწერილობა შეესაბამება იმ ფიზიკურ შედეგებს, რომლებიც გამოწვეულია მტკიცე ზედაპირით ან ბლაგვი საგნით მრავალჯერადი და არა ერთჯერადი ზემოქმედებით. აღნიშნულ მოსაზრებას ასევე განამტკიცებს ექსპერტების უმოქმედობა - დაედგინათ, შეიძლებოდა თუ არა დაზიანებები განმცხადებლის მიერ თაროზე თავის მირტყმის შედეგი ყოფილიყო.
89. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომელიც არ გაუხდია სადავოდ მთავრობას და დადასტურებულია რუსეთის საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებებში. კერძოდ, სახელმწიფო ორგანოებმა განიხილეს ის შესაძლებლობაც, რომ განმცხადებელმა თავის დაზიანებები მიიღო, საკუთარი უყურადღებო ქმედებების შედეგად. მათ საგამოძიებო ექსპერიმენტის მეშვეობით, ხელახლა აღადგინეს პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული მოვლენები. განმცხადებლის თანახმად, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ის თავისი სიმაღლის გამო, სკამიდან ადგომისას თაროს თავს ვერ მიარტყამდა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მან მთავრობას სთხოვა, წარმოედგინა გამოძიების სრული დოკუმენტაცია 2002 წლის 16 და 17 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა მთავრობამ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მასალები შერჩევით წარადგინა დოკუმენტაციიდან. ზემოაღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებ ჩანაწერი მათ შორის არ იყო. მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის თაობაზე ნებისმიერი სახის ახსნა-განმარტების არარსებობის გათვალისწინებით, სასამართლო მზადაა გააკეთოს დასკვნა მთავრობის ქმედებიდან გამომდინარე. იგი ასევე აღნიშნავს, რომ 2004 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ განმცხადებლის მიერ თაროზე თავის მირტყმით თავის დაზიანების მიღების ალბათობა იყო ძალიან მცირე, თუ მთლიანად შეუძლებელი არა, რადგან განმცხადებელი კონკრეტულ მდგომარეობაში რამდენჯერმე უნდა ამდგარიყო და ყოველ ჯერზე მიერტყა თავი თაროსთვის. უფრო მეტიც, მთავრობის მოსაზრების არადამაჯერებლობის მიუხედავად, სასამართლოს თვალსაზრისით, საჭიროა აღნიშნოს, რომ ხელისუფლებამ არ გააკეთა ახსნა-განმარტება მის მიერ აღწერილ გარემოებებში, რატომ არ გამოიძახეს დაუყოვნებლივ ექიმი განმცხადებლისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად და თავის დაზიანების აღსაწერად, რომელიც საკმაოდ სერიოზული იყო.
90. განმცხადებლის დაზიანებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობა, პოლიციელების განცხადებებზე დაყრდნობით, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ განმცხადებელი დაპატიმრებამდე მონაწილეობდა ჩხუბში. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ეთანხმება განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები უმნიშვნელოა, რადგან არაა გამყარებული არანაირი მტკიცებულებით. არასათანადო მოპყრობის შესახებ განმცხადებლის საჩივართან დაკავშირებული გამოძიების ეფექტურობის გამოკვლევამდე, სასამართლომ აღნიშნა, რომ გამომძიებლებს არ შეუმოწმებიათ, მონაწილეობდა თუ არა განმცხადებელი ჩხუბში. უფრო მეტიც, სამედიცინო ექსპერტებმა, რომლებმაც გასინჯეს განმცხადებელი გამოძიებისას, დაადგინეს, რომ დაზიანებები საავადმყოფოში მისვლამდე ოცდაოთხი საათით ადრე იყო მიყენებული. იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი დააპატიმრეს 2002 წლის 16 იანვარს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე და შეამოწმეს საავადმყოფოში მომდევნო დღის საღამოს 6 საათის შემდეგ, მთავრობის მტკიცება, რომ განმცხადებელმა მიიღო დაზიანებები უცნობ პირებთან ჩხუბის დროს, არ იყო დამაჯერებელი.
91. გარდა ამისა, სასამართლოს მხედველობიდან არ გამორჩენია განმცხადებლის დაკავებასა და დაპატიმრებასთან დაკავშირებული გარემოებები. იგი იზიარებს მთავრობის მოსაზრებას, რომ განმცხადებელი დააკავეს მანქანის გატაცების ეჭვის საფუძველზე. ამავდროულად, ოფიციალური ჩანაწერი ჩამოთვლის მისი თავისუფლების აღკვეთის სრულიად განსხვავებულ საფუძვლებს: თითქოს განმცხადებელი იყო მთვრალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და მისი შესახედაობა მიჩნეულ იქნა ადამიანური ღირსებისა და საზოგადოებრივი მორალის შელახვად. შესაბამისად, მას ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და დააჯარიმეს 10 რუბლით. სადავო არაა მხარეებს შორის ის, რომ განმცხადებელი განყოფილებაში იყო თხუთმეტ საათზე მეტი ხნით მას შემდეგ, რაც შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ღამე მანქანის მოპარვაში მისი მონაწილეობის შესახებ დაკითხეს ადვოკატის გარეშე. ასევე უდავოა, რომ განმცხადებელი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან აღიარა სისხლის სამართლის დანაშაული. ვინაიდან სასამართლო არაა უფლებამოსილი არსებულ საქმეში შეაფასოს განმცხადებლის დაკავების კანონიერება ან განიხილოს მის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოების ნაკლოვანება. იგი მზადაა, დაადგინოს, რომ განმცხადებლის დაკავების გარემოებები უფრო დამაჯერებელს ხდის მის განცხადებას იმის შესახებ, რომ პოლიციელებმა გამოიყენეს ძალა მისგან აღიარების მისაღებად.
92. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა დეტალურად აღწერა არასათანადო მოპყრობის შესახებ და მიუთითა ადგილი, დრო და ხანგრძლივობა. სასამართლომ ასევე მიუთითა იმის შესახებ, რომ განმცხადებელი მუდმივად აცხადებდა პოლიციელების მხრიდან მისი პატიმრობაში ყოფნის დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ. მან მაშინაც დაადანაშაულა პოლიციელები, როდესაც შესაძლებლობა მიეცა თავისუფლად გაეკეთებინა განცხადებები საგამოძიებო ორგანოების ან შიდა სასამართლოების წინაშე. ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობისთვის შესაძლებელი იყო, გაებათილებინა განმცხადებლის მოსაზრებები სადავო მოვლენის შესახებ საკუთარი დამაჯერებელი ვერსიისა და მათი ვერსიის საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარდგენით. მართლაც, მთავრობას არ წარუდგენია რაიმე დამაჯერებელი ახსნა-განმარტება იმაზე, როგორ მიიღო განმცხადებელმა დაზიანებები.
93. ასეთ შემთხვევებში, პატიმრობაში მყოფი პირისთვის მიყენებული დაზიანებების თაობაზე სახელისუფლებო ორგანოების პასუხისმგებლობისა და ამ კონკრეტულ საქმეში მთავრობის დამაჯერებელი ახსნა-განმარტების არარსებობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მას შეუძლია გააკეთოს დასკვნები მთავრობის ქმედებიდან გამომდინარე და ადასტურებს კონვენციით მოთხოვნილი მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით იმას, რომ განმცხადებლისთვის მიყენებული დაზიანებები იყო იმ მოპყრობის შედეგი, რომელზეც იგი დავობდა და რისთვისაც პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრებოდა (იხ. სელმუნი საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N25803/94, § 88, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 1999‑V; მეჰმეთ ემინ იუკსელი თურქეთის წინააღმდეგ, N40154/98, § 30, 2004 წლის 20 ივლისი; მიხეიევი რუსეთის წინააღმდეგ, N77617/01, §§ 104-105, 2006 წლის 26 იანვარი; დედოვსკი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, N7178/03, §§ 78-79, 2008 წლის 15 მაისი). ამიტომ სასამართლო გამოიკვლევს იმ მოპყრობის სიმძიმეს, რომელსაც განმცხადებელი დაექვემდებარა მის განცხადებებსა და საქმეში არსებულ ელემენტებზე დაყრდნობით.
(ii) არასათანადო მოპყრობის სიმძიმის შეფასება
94. იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა არასათანადო მოპყრობის კონკრეტული ფორმის კვალიფიკაცია წამებად, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე არსებულ იმ განსხვავებაზე, რომელიც არსებობს ამ ცნებასა და არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას შორის. სასამართლომ უკვე მიუთითა წინა საქმეებში, რომ აღნიშნული განსხვავებით განზრახული იყო არაადამიანური მოპყრობისთვის სპეციალური სტიგმის მინიჭება, რომელიც ძალიან მძიმე და სასტიკ ტანჯვას იწვევს. მოპყრობის სიმძიმის გარდა, არსებობს გადამწყვეტი ელემენტი, რომელიც განსაზღვრავს წამებას მწვავე ტკივილის ან ტანჯვის განზრახ მიყენების თვალსაზრისით, მათ შორის, ინფორმაციის მიღების, სასჯელის დაკისრების ან დაშინების მიზნით (იხ. სალმანი თურქეთის წინააღმდეგ, [დიდი პალატა], N21986/93, §114, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2000‑VII). სასამართლოს თანმიმდევრული მიდგომის თანახმად, მოპყრობა ითვლება „არაადამიანურად“ თუ ის არის წინასწარ განზრახული, გამოიყენება საათების განმავლობაში უწყვეტად და იწვევს ან სხეულის რეალურ დაზიანებას, ან ფიზიკურ, ან ფსიქიკურ ტანჯვას. ის მიჩნეული იქნება „დამამცირებლად“, თუ იწვევს მსხვერპლის ისეთ გრძნობებს, როგორიცაა შიში, ტკივილი და შეურაცხყოფის უფრო მაღალი ხარისხი და ამცირებს მათ (იხ. კუდლა, §92). მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, იყო თუ არა მოპყრობის მიზანი მსხვერპლის შეურაცხყოფა ან დამცირება, მაგრამ ნებისმიერი ასეთი მიზნის არარსებობა გამოირიცხავს მე-3 მუხლის დარღვევას (იხ.პირსი საბერძნეთის წინააღმდეგ, N28524/95, §74, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2001-III და კალაშნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, N47095/99, § 101, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2002-VI).
95. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის, რომ განმცხადებელი სცემეს პოლიციელებმა და ამ ცემის შედეგად მან მიიღო დაზიანებები. სასამართლო არ აღიარებს არც ერთ გარემოებას, რომელსაც შეეძლო აუცილებლობად ექცია განმცხადებლის მიმართ ძალადობის გამოყენება. არ დამტკიცებულა, რომ განმცხადებელმა წინააღმდეგობა გაწია დაპატიმრებისას, სცადა გაქცევა ან არ შეასრულა პოლიციელების კანონიერი ბრძანებები. უფრო მეტიც, არ არსებობს მითითება, რომ განმცხადებელმა დაკავებისას ან შემდგომ პოლიციის განყოფილებაში დაპატიმრებისას საფრთხე შეუქმნა პოლიციის თანამშრომლებს, მაგალითად, ღიად იარაღის ტარებით ან მათზე თავდასხმით (იხ. ნეჩდეტ ბულუტი თურქეთის წინააღმდეგ, N77092/01, §25, 2007 წლის 20 ნოემბერი, და ბერლიისკი პოლონეთის წინააღმდეგ, N27715/95 და N30209/96, §62, 2002 წლის 20 ივნისი). ამასთან, ჩანს, რომ ძალის გამოყენება იყო რეპრესიული ხასიათის და მიზნად ისახავდა განმცხადებლის დამცირებასა და ჩვენების მიცემის იძულებას. გარდა ამისა, იმ მოპყრობას, რომელიც განხორციელდა განმცხადებლის წინააღმდეგ, უნდა გამოეწვია მისი ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს აშკარად არ გამოუწვევია მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივი დაზიანება.
96. შესაბამისად, განმცხადებლის დაზიანებების ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაზე, რაც განხორციელდა განმცხადებლის მიმართ პოლიციის მიერ, რითაც დაირღვა ეს დებულება.
(გ) გამოძიების სავარაუდო არაადეკვატურობა
97. სასამართლოს თვალსაზრისით, როდესაც პირი აცხადებს არასათანადო მოპყრობის შესახებ მე-3 მუხლის დარღვევის კონტექსტში, კონვენციის პირველი მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფოს ძირითად ვალდებულებებთან ერთად - „უზრუნველყონ თავიანთი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა პირისათვის კონვენციით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“, გამოძიების ვალდებულება „არის არა შედეგის მიღების ვალდებულება, არამედ საშუალების გამოყენების ვალდებულება“: ყველა გამოძიება არ უნდა იყოს აუცილებლად წარმატებული ან არ უნდა ადგენდეს იმას, რაც თანხვედრაშია მოვლენები განმცხადებლის განცხადებასთან. თუმცა, უნდა შეძლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და თუ განცხადებები ადასტურებენ მის სიმართლეს, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება და დასჯა. ამგვარად, არასათანადო მოპყრობის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებების შესახებ გამოძიება უნდა იყოს საფუძვლიანი. აღნიშნული გულისხმობს, რომ სახელისუფლებო ორგანოებმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიონ, რა მოხდა და არ უნდა დაეყრდნონ ნაჩქარევ ან დაუსაბუთებელ დასკვნებს, რათა დაასრულონ გამოძიება ან დააფუძნონ თავიანთი გადაწყვეტილებები აღნიშნულ დასკვნებს. მათ უნდა გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა დაიცვან ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულება, მათ შორის, თვითმხილველის ჩვენება და ნივთმტკიცება. გამოძიების პროცესის ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის, დაადგინოს დაზიანების მიზეზი ან განსაზღვროს პასუხისმგებელი პირი, რისკის ქვეშ დააყენებს ამ სტანდარტს, დროულობისა და გონივრული სისწრაფის შესახებ მოთხოვნებს, რომლებიც იგულისხმება ამ კონტექსტში (იხ. მიხეიევი, § 107 და შემდგომი პარაგრაფები, ასენოვი და სხვები ბულგარეთს წინააღმდეგ, 1998 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ანგარიშები 1998‑VIII, § 102 ; ტიაგუნოვა რუსეთის წინააღმდეგ, N19433/07, § 65, 2012 წლის 31 ივლისი).
98. არსებულ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი მე-3 მუხლის თანხმად, განმცხადებლის მიმართ ცუდ მოპყრობაზე. ამიტომ, ამასთან დაკავშირებული განმცხადებლის საჩივარი „სადავოა“. ამგვარად, სახელისუფლებო ორგანოებს აქვთ ვალდებულება, განახორციელონ იმ გარემოებების ეფექტური გამოძიება, როდესაც განმცხადებელმა დაზიანებები მიიღო (იხ. კრაცანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, N50222/99, § 58, 2004 წლის 30 სექტემბერი).
99. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოებმა, რომლებმაც შეიტყვეს განმცხადებლის ცემის შესახებ, ჩაატარეს წინასწარი გამოძიება, რომელსაც შედეგად არ მოჰყოლია სისხლისსამართლებრივი დევნა ცემაში დამნაშავე პირებისთვის. არასათანადო მოპყრობის შესახებ განმცხადებლის საჩივარი ასევე დაექვემდებარა შიდა სასამართლოს მოკვლევას. სასამართლოს აზრით, საკითხი ეხება არა იმას, ჩატარდა თუ არა გამოძიება, ვინაიდან მხარეები არ დავობდნენ მის არსებობაზე, არამედ განხორციელდა თუ არა იგი გულმოდგინედ, განზრახული ჰქონდათ თუ არა სახელისუფლებო ორგანოებს ამ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და მათი სისხლისსამართლებრივი დევნა, შესაბამისად, იყო თუ არა გამოძიება „ეფექტური“.
100. სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ განმცხადებელი სრულად ეყრდნობოდა გამოძიებას, რომ იგი მოიძიებდა მისი საჩივრის გამამყარებელ მტკიცებულებებს. გამომძიებლებს ჰქონდათ სამართლებრივი უფლებამოსილება, დაეკითხათ პოლიციელები, გამოეძახებინათ მოწმეები, მისულიყვნენ დანაშაულის ადგილზე, შეეგროვებინათ ნივთმტკიცებები და გადაედგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი განმცხადებლის მოსაზრების ჭეშმარიტების დასადგენად. მათი როლი გადამწყვეტი იყო არა მარტო დანაშაულის ჩამდენთა წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საქმის საწარმოებლად, არამედ განმცხადებლის მიერ სხვა სამართლებრივი დაცვის საშულებების გამოსაყენებლად, რათა მიეღო კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც მას მიადგა (იხ. ბარაბანშჩიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, N36220/02, §57, 2009 წლის 8 იანვარი).
101. შესაბამისად, სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს გამოძიების დროულობას, რომელიც ითვლება სახელისუფლებო ორგანოების მიზანდასახულობის კრიტერიუმად, განახორციელონ განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობაში პასუხისმგებელი პირების სისხლისსამართლებრივი დევნა (იხ. სელმუნი საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N25803/94, §§78 და 79, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 1999-V). 2002 წლის 18 იანვარს არსებულ საქმეში განმცხადებლის მშობლები დავობდნენ არასათანადო მოპყრობაზე ქალაქ გოროდეტსის სახელმწიფო ბრალმდებლის წინაშე. პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება ცემის შესახებ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ და მიიღო პირველი გადაწყვეტილება, რომელიც უარს ამბობდა პოლიციელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების დაწყებაზე საჩივრის შეტანიდან მხოლოდ ათი დღის გასვლის შემდეგ.
102. სასამართლომ აღნიშნა რამდენიმე სერიოზული შეუსაბამობა, რომელიც ხელს უშლიდა გამოძიების სანდოობასა და ეფექტურობას და ყურადღება გაამახვილა გამოძიების საფუძვლიანობის შეფასებაზე. პირველ რიგში, სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი გადაწყვეტილება, რომელიც უარს ამბობდა სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოების დაწყების თაობაზე წინამდებარე შემთხვევებთან დაკავშირებით, მიღებული იყო განმცხადებლის მშობლების მიერ საჩივრის შემოტანის დღეს. გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო პოლიციელებისა და იმ საავადმყოფოს ორი წარმომადგენლის განცხადებებზე, სადაც განმცხადებელი გადაიყვანეს 2002 წლის 17 იანვარს და ავადმყოფობის ისტორიას, რომელშიც ჩამოთვლილი იყო მისი დაზიანებები. სასამართლო ვერ ხსნის იმ გარემოებას, რომ გამომძიებელმა დაასრულა გამოძიება აღნიშნული დაზიანებების გამომწვევი მიზეზების ახსნა-განმარტების მოძიების მცდელობის გარეშე ავადმყოფის ისტორიის მიუხედავად, რომელიც ადასტურებს ძალიან სერიოზულ დაზიანებებს განმცხადებლის სხეულზე. ასევე, გამომძიებელი ინფორმირებული იყო განმცხადებლის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით სტაციონარული მკურნალობისთვის. სასამართლო უფრო მეტად შეშფოთებულია იმით, რომ გამომძიებელმა ხელახლა გაიმეორა საავადმყოფოს პერსონალის განცხადებები, თითქოს არ დაუნახავთ განმცხადებლის სხეულზე არსებული ან ახალი დაზიანებები, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ განმცხადებელი დაზიანებების გამო გადაიყვანეს სტაციონალური მკურნალობისთვის. სასამართლო შეშფოთებულია მოწმის ჩვენების განმეორებითი გადახედვის შესახებ გამომძიებლის მიდგომით, განსაკუთრებით განმცხადებლის მოსაზრებების გათვალისწინებით, საიდანაც ირკვევა, რომ საავადმყოფოს პერსონალის ერთი განცხადებაც არ ყოფილა ზუსტად ასახული გამომძიებლის გადაწყვეტილებაში.
103. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2002 წლის 5 თებერვლამდე არ ჩატარებულა საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმება განმცხადებლის დაზიანებების რაოდენობასა და ხარისხთან დაკავშირებით. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სათანადო სამედიცინო შემოწმება არსებითი დაცვის მექანიზმია არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ. სასამართლოს ექიმს უნდა ჰქონდეს ოფიციალური და დე-ფაქტო დამოუკიდებლობა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სპეციალური ცოდნით და მინიჭებული უნდა ჰქონდეს ფართო უფლებამოსილება (იხ. აკქოჩი თურქეთის წინააღმდეგ, N22947/93 და N22948/93, § 55 და § 118, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2000‑X). როდესაც ექიმი წერს ანგარიშს იმ პირის სამედიცინო შემოწმების შემდეგ, რომელიც დავობს, რომ აწამეს, მნიშვნელოვანია, ექიმმა დაადგინოს დაზიანებების შესაბამისობის ხარისხი. დასკვნა, რომელიც წამების ფაქტს ადასტურებს უნდა ეფუძნებოდეს შესაძლო დიფერენციალური დიაგნოსტიკის ანალიზს (დაზიანებები, რომლებიც არ უკავშირდება წამებას - მათ შორის, თვითდაზიანება და დაავადებები). სასამართლო არაა დარწმუნებული, რომ აღნიშნული განხორციელებულ იქნა არსებულ საქმეში. 2002 წლის 5 თებერვლის ანგარიშში ექსპერტმა არ მიუთითა განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ განმამტკიცებელ განცხადებებზე. მისი დასკვნები დაყვანილი იყო ძალიან ზოგად და ბუნდოვან დაკვირვებამდე, როგორიცაა ობიექტის ბლაგვი ზედაპირი და მყარი სტრუქტურა, რითაც განმცხადებელი იყო ნაცემი. პირველი ექსპერტის ანგარიშის ხარვეზების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს იმას, რომ დამატებითი ექსპერტიზა არ განხორციელებულა 2003 წლის იანვრამდე, ანუ განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობიდან ერთი წლის განმავლობაში. სასამართლო დარწმუნებულია, რომ დამატებითი ექსპერტის მოსაზრების მოთხოვნის გაჭიანურებამ გამოიწვია ექსპერტების უუნარობა, მისულიყვნენ უტყუარ დასკვნამდე განმცხადებლის დაზიანებების საფუძველთან დაკავშირებით.
104. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა მტკიცებულების შეფასების შერჩევითი და გარკვეულწილად შეუსაბამო მიდგომა აირჩიეს. სასამართლოსთვის წარდგენილი გადაწყვეტილებიდან აშკარაა, რომ გამომძიებლებმა საკუთარი დასკვნები ძირითადად იმ პოლიციელების ჩვენებებზე დაამყარეს, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის ჩვენებიდან ამონარიდი გათვალისწინებული იყო გამოძიების დასრულების შესახებ გადაწყვეტილებაში, გამომძიებლებს არ მიუჩნევიათ აღნიშნული ჩვენება სანდოდ, რადგან ის პირად მოსაზრებას ასახავდა და განმცხადებლის მხრიდან ბრალდების შემცველ ტაქტიკას წარმოადგენდა. გამომძიებლები დაეთანხმნენ პოლიციელების ჩვენებების სანდოობას, მიუხედავად იმისა, რომ მათი განცხადებები წინააღმდეგობრივი იყო და აღნიშნული შეიძლებოდა ყოფილიყო თავდაცვის ტაქტიკა და განმცხადებლის სანდოობისათვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად. სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის მიერ განხორციელებულმა გამოძიებამ ჩვენებების შეფასებისას განსხვავებული სტანდარტები გამოიყენა: განმცხადებლის მიერ მიცემული ჩვენება ჩაითვალა სუბიექტურად მაშინ, როცა პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენება ასეთად არ იქნა მიჩნეული. ამ უკანასკნელის ჩვენებების სანდოობა ასევე სადავო უნდა იყოს, რადგან ბრალმდებლის მიერ განხორციელებული გამოძიება მიზნად ისახავდა დაედგინა, ეკისრებოდათ თუ არა პასუხისმგებლობა პოლიციელებს დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის ბრალდების საფუძველზე (იხ. ოგნიანოვა და ჩობანი ბულგარეთის წინააღმდეგ, N46317/99, §99, 2006 წლის 23 თებერვალი). უფრო მეტიც, სასამართლო უცნაურად მიიჩნევს იმას, რომ გამომძიებლებს არასოდეს გამოუძიებიათ, რატომ გახდა განმცხადებელი იძულებული, შეეცვალა თავისი 2002 წლის 8 ივნისის ჩვენება და მოგვიანებით გამოეთხოვა კიდეც თავისი საჩივარი არასათანადო მოპყრობის შესახებ. მათ ასევე არ უცდიათ უამრავი შეუსაბამობების აღმოფხვრა პოლიციელების განცხადებებში, დაწყებული განმცხადებლის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერით, დამთავრებული მათი ვერსიით, თუ როგორ მიიღო განმცხადებელმა დაზიანებები.
105.სასამართლო აღნიშნავს, რომ გამომძიებელთა გადაწყვეტილებების უმრავლესობა არ ეყრდნობა მოწმე პოლიციელების არც ერთ განცხადებას. სადავო შემთხვევიდან რამდენიმე წელი არ იყო გასული, რომ მათ განმცხადებლის თანამოპასუხე - ბატონი თ. დაკითხეს, რომელთანაც ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ თავისი საჩივრით არასათანადო მოპყრობის შესახებ, ცილი დასწამა პოლიციელებს. სასამართლო არ მიიჩნევს ამ განცხადებებს სანდოდ სადავო შემთხვევების ხანდაზმულობის გათვალისწინებით. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ მოწყვლად პოზიციას, რომელშიც აღმოჩნდა ბატონი თ. გამომძიებლების წინაშე ჩვენების მიცემისას იმის გათვალისწინებით, რომ იგი გრძელვადიან პატიმრობაში იყო.
106. განმცხადებლის არასათანადო მოპყრობის შესაძლო მოწმეებთან დაკავშირებით, სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ვინაიდან საგამოძიებო ორგანოებს შეიძლებოდა არ ჰქონოდათ ინფორმაცია იმ პირების ვინაობის თაობაზე, რომლებმაც სავარაუდოდ დაინახეს განმცხადებელი პოლიციის განყოფილებაში ან შეესწრნენ მისი სავარაუდო ცემის ფაქტს, მათ საკუთარი ინიციატივით უნდა გადაედგათ ნაბიჯები შესაძლო თვითმხილველების იდენტიფიცირებისათვის. სასამართლო შეშფოთებულია გამომძიებელთა განსაკუთრებული სურვილით, გადამოწმების გარეშე სარწმუნოდ მიეჩნიათ, განმცხადებლის დაზიანების ნებისმიერი ახსნა-განმარტება იმდენად, რამდენადაც იგი არ გულისხმობდა პოლიციელების ქმედებებს. სასამართლო კიდევ ერთხელ გაკვირვებულია იმ დასკვნით, რომლის თანახმად, განმცხადებელმა დაზიანებები ჩხუბში მიიღო და განმცხადებლის მიერ სხვა მესამე პირების წინააღმდეგ საჩივრების არარსებობის აღნიშვნით, გამომძიებელმა დაასრულა გამოძიება ყოველგვარი მტკიცებულების მოძიების გარეშე, რომ ჩხუბი რეალურად მოხდა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ დამადასტურებელი მტკიცებულების მოუძიებლობა და მათი მოკრძალებული დამოკიდებულება პოლიციელების მიმართ, გამოძიების სერიოზულ ხარვეზად უნდა იქნეს მიჩნეული (იხ. აიდინი თურქეთის წინააღმდეგ, 1997 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, ანგარიშები 1997‑VI, § 106). სასამართლოს დასკვნა ამ შედეგთან დაკავშირებით განმტკიცებულია რაიონული სასამართლოს დასკვნებით, რომ გამომძიებლებმა ვერ შეასრულეს ბრძანებები, მოეძებნათ დამატებითი მტკიცებულება, რომელიც ნათელს მოჰფენდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
107.სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის უფლება - ეფექტური მონაწილეობა მიიღოს გამოძიებაში, არ იყო დაცული. გამომძიებლების გადაწყვეტილებებიდან ირკვევა, რომ განმცხადებელს მხოლოდ მიანიჭეს მოწმის საპროცესო სტატუსი და ამგვარად წაართვეს მას უფრო ფართო უფლებები, რომელიც მას მსხვერპლის სტატუსით შეეძლო გამოყენებინა (იხ. ალექსანდრ სოკოლოვი რუსეთის წინააღმდეგ, N20364/05, § 59, 2010 წლის 4 ნოემბერი). განმცხადებლის ნათესავები, როგორც სწორედ იქნა აღნიშნული რაიონული სასამართლოს მიერ, დატოვეს სამართალწარმოების მიღმა, გამომძიებლების მიერ მათი დაკითხვის გაჭიანურებით. სასამართლო ასევე აღნიშნავს გამომძიებლების მიერ რამდენიმე შემთხვევაში გადაწყვეტილების განმცხადებლისთვის დროულად გადაცემის შეუსრულებლობას. ამიტომ, სახელისუფლებო ორგანოებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა საქმის წარმოების პროცესის სერიოზული გადაცდომებისთვის, რომელიც გამოწვეულია მათ მიერ საქმის არასათანადო შესრულებით.
108. რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების ზემოაღნიშნული უმოქმედობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძიება, რომელიც არასათანადო მოპყრობის შესახებ განმცხადებლის საჩივართან დაკავშირებით 2002 წლის 16 და 17 თებერვალს განხორციელდა, არ იყო საფუძვლიანი, დროული, ადეკვატური ან ეფექტური. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი მისი საპროცესო ნაწილის თანახმად.
III. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა 2003 წლის 14 და 15 თებერვლის შემთხვევებში
(ა) სავარაუდო არასათანადო მოპყრობა
113. მხარეთა მოსაზრებებისა და მათ მიერ წარდგენილი ყველა მასალის გამოკვლევის შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2003 წლის 14 თებერვალს განმცხადებელი დააპატიმრეს და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც იგი პატიმრობაში იყო 2003 წლის 17 თებერვლამდე, როდესაც მას სისხლისსამართლებრივი ბრალდება წაეყენა. განმცხადებლის სამედიცინო შემოწმების შემდეგ, 2003 წლის 22 მარტს სამედიცინო ექსპერტმა გამოსცა ანგარიში, რომელშიც დაფიქსირებული იყო რამდენიმე დალურჯება განმცხადებლის მკლავზე, მხრებზე, გულმკერდსა და ზურგზე და ორი დალურჯება ნიკაპსა და ლოყაზე.
114. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობა ეროვნული საგამოძიებო ორგანოების დასკვნებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ განმცხადებელმა დაზიანებები მიიღო დაპატიმრებისას, როდესაც მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელების კანონიერ ბრძანებას, უარი თქვა პოლიციის მანქანაში ჩაჯდომაზე და მიეჯახა მანქანას, როდესაც პოლიციელები ცდილობდნენ მის შეჩერებას. განმცხადებელმა წარადგინა 2003 წლის 14 და 15 აპრილის დეტალური აღწერილობა, სადაც ამტკიცებდა, რომ პოლიციელებმა სცემეს, სული შეუხუთეს და ელექტროშოკით აწამეს. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2006 წლის თებერვალში გამომძიებელთან გასაუბრებისას, განმცხადებელმა მიუთითა კიბეზე წაქცევაზე, როგორც დაზიანებების შესაძლო მიზეზზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი მხარე არ დავობდა შემთხვევის ამ ვერსიაზე, სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ მის გამოკვლევას.
115. სასამართლოს თვალსაზრისით, როდესაც საკითხთან დაკავშირებული სადავო მოვლენების შესახებ სრულად ან ნაწილობრივ ექსკლუზიურად ეცნობებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც ეს ხდება პატიმრობაში მყოფ პირთა საქმეებთან მიმართებით, წარმოიშობა ფაქტის დასაბუთებული პრეზუმფცია იმ დაზიანებებთან დაკავშირებით, რომელიც მირებულია პატიმრობის დროს (იხ. სალმანი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N21986/93, § 100, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო ECHR, 2000‑VII). მისთვის წარდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, სასამართლო არაა დარწმუნებული, რომ განმცხადებელმა მიიღო ექსპერტის 2003 წლის 22 მარტის ანგარიშში ჩამოთვლილი დაზიანებები იმ გარემოებებში, რომლებიც მთავრობის მიერაა აღწერილი. ის აღნიშნავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც ასუსტებს მთავრობის ვერსიას. სასამართლო უყურადღებოდ ვერ დატოვებს იმ ფაქტს, რომ განმცხადებელი პოლიციაში სამი დღის განმავლობაში იყო პატიმრობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, მისთვის დანაშაულის ჩადენაში ბრალის წაყენების გარეშე. ამ სამი დღის განმავლობაში მას არ შეეძლო ადვოკატის ნახვა და ოჯახის წევრებს არ აცნობეს მისი დაკავების შესახებ. განმცხადებლის დაკავების უჩვეულო გარემოებები, ასევე მთავრობის მიერ ნაწილობრივ აღიარება, რომ სამი დღის განმავლობაში დაკავების საფუძვლები არასაკმარისი იყო, ამყარებს განმცხადებლის მტკიცებას, რომ იგი დაკავებულ იქნა ძალის გამოყენებით მისგან აღიარების მიღების მიზნით. სასამართლომ მისი თანმიმდევრული მიდგომის კიდევ ერთხელ გამეორებით, რომ აღიარებული ან თვითნებური დაკავების შემთხვევები, როგორც ეს მოხდა განმცხადებლის საქმეში, დაკავებულს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის, სასამართლო მზადაა, დააკისროს სახელმწიფოს უფრო მძიმე მტკიცების ტვირთი, რათა მან წარადგინოს მტკიცებულება, რომ უარყოს დაკავების განმავლობაში ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის, განსაკუთრებით კი არაადამიანური მოპყრობის შესახებ სასამართლო განცხადებებში არსებული ეჭვი. იგი არ მიიჩნევს, რომ მთავრობამ დააკმაყოფილა ასეთი მტკიცების ტვირთი არსებულ საქმეში.
116. უპირველესად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ განმცხადებელს სამედიცინო შემოწმება ან გამოკვლევა დაპატიმრების შემდეგ არ ჩატარებია, რაც გაკვირვებას იწვევს, მით უფრო, რომ მთავრობის მტკიცებით განმცხადებელმა დაპატიმრებისას წინააღმდეგობა გაწია, რის შემდეგაც მიადგა დაზიანებები. მხოლოდ 2003 წლის 18 თებერვალს, ანუ დაპატიმრებიდან ოთხი დღის შემდეგ, როდესაც განმცხადებელს საშუალება მიეცა ენახა საკუთარი ადვოკატი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამედიცინო შემოწმების ჩატარების თაობაზე. სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან თავის შეკავება - შეემოწმებინათ განმცხადებელი დაუყოვნებლივ მისი პოლიციის განყოფილებაში მიყვანისთანავე, წარმოადგენს დამატებით არგუმენტს მოვლენების შესახებ მისი ვერსიის გასამყარებლად. ასევე იკვეთება, რომ კიდევ ერთ დაყოვნებას ჰქონდა ადგილი სამედიცინო შემოწმების ავტორიზაციასა და მის ჩატარებას შორის. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს გარკვეული ეჭვები აქვს განმცხადებლის დაზიანებების თაობაზე 2003 წლის 22 მარტს ექსპერტის მიერ მომზადებული ანგარიშის ხარისხთან დაკავშირებით. სასამართლო მიუთითებს ანგარიშის გამოუსწორებელ ნაკლზე, რომელიც შეუძლებელს ხდის, რომ უტყუარობის საკმარისი ხარისხით დადგინდეს განმცხადებლის სამედიცინო შემოწმების თარიღი და დაადასტუროს ან უარყოს მისი განცხადებები ორი დღის მანძილზე პოლიციის განყოფილებაში არასათანადო მოპყრობის შესახებ.
117. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ერთ თვითმხილველს, რომელიც განმცხადებლის დაკავებას ესწრებოდა, არ მიუცია ჩვენება, რომ მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. ფაქტობრივად, პოლიციელების ვერსია წინააღმდეგობაშია ორი მოწმის, ბატონი თ-ს და ქალბატონი ფ-ს მიერ მოვლენების აღწერასთან. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ყურადღებას აქცევს ორი მოწმის კავშირს განმცხადებელთან, მათი ჩვენების დეტალური ხასიათი, ასევე ის ფაქტი, რომ ისინი იმეორებდნენ თავიანთ ჩვენებას მთლიანი გამოძიების ფარგლებში, იძლევა კონკრეტული ეჭვის გაფანტვის შესაძლებლობას მათ განცხადებებთან დაკავშირებით. განმცხადებლის თანმიმდევრული ჩვენება მისი დაზიანებების ხასიათისა და წარმომავლობის შესახებ სასამართლოსთვის ჯერჯერობით არის ის საფუძველი, რომ არ დააკმაყოფილოს მოვლენების შესახებ მთავრობის ვერსია, როგორც არადამაჯერებელი. ის ერთადერთი ეპიზოდი, როდესაც განმცხადებელმა შეცვალა თავისი განცხადება და სცადა თავისი საჩივრის უკან გამოთხოვა 2006 წლის თებერვალში, არ ცვლის აღნიშნულ დასკვნას. სასამართლო არაა მზად, განმარტოს განმცხადებლის ქცევა სხვაგვარად, გარდა იმისა, რომ მას ჰქონდა იმედგაცრუება არასათანადო მოპყრობის შესახებ მის საჩივართან დაკავშირებით სახელისუფლებო ორგანოების ზედაპირული და დაგვიანებული რეაგირების გამო.
118. საბოლოოდ, 2003 წლის 22 მარტს შედგენილი ხარვეზიანი საექსპერტო ანგარიშის მიუხედავად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ არც ერთი მხარე არ დავობს იმის თაობაზე, რომ ექსპერტმა არ აღრიცხა გარკვეული დაზიანებები, ან არასწორად ჩაწერა მათი მდებარეობა (განმცხადებლის სხეულზე). მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებების ხასიათი ეჭვქვეშ აყენებს პოლიციელების მიერ სავარაუდოდ გამოყენებული „წამების“ ზოგიერთი ხერხის შესახებ განმცხადებლის აღწერილობას, მათი მდებარეობა, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ დაზიანებები აღმოჩენილია ზურგზე, მხრებზე და მკლავებზე, ამყარებს განმცხადებლის განცხადებას, რომ იგი იწვა იატაკზე, ხელები ხელბორკილით ჰქონდა შეკრული და ზურგზე დადებული, ერთი პოლიციელი მის ზურგზე იჯდა და მეორე პოლიციელი კი სცემდა და წიხლებს ურტყამდა.
119. ასეთ შემთხვევებში სასამართლო მიიჩნევს, რომ მისთვის წარდგენილი მასალა საკმარისი მტკიცებულებაა განმცხადებლის ვერსიის დასამტკიცებლად და გონივრულ ეჭვს მიღმა მიიჩნევს, რომ მას პოლიციელები 2003 წლის 14 და 15 თებერვალს არასათანადოდ მოექცნენ. სასამართლო ვერ ხედავს განმცხადებლის წინააღმდეგ ძალის გამოყენების აუცილებლობას. ძალადობა, რომელსაც პოლიციელებმა განზრახ მიმართეს, განმცხადებლის შეშინებას, დამცირებასა და მისი ფიზიკური ან მორალური წინააღმდეგობის შესუსტებას ისახავდა მიზნად. გარდა ამისა, განმცხადებლის დაზიანებების რაოდენობისა და ხარისხის შეფასებისას, იმ მოპყრობას - როდესაც ის სცემეს, ძლიერი ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა უნდა გამოეწვია.
120. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი, რადგან 2003 წლის 14 და 15 თებერვალს რუსეთის სახელისუფლებო ორგანოები განმცხადებელს არაადამიანურად მოეპყრნენ და აღნიშნული დებულება დაარღვიეს.
(ბ) გამოძიების სავარაუდო არაადეკვატურობა
121. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამედიცინო მტკიცებულება, არასათანადო მოპყრობის შესახებ განმცხადებლის საჩივარი და ის ფაქტი, რომ იგი მანამდე დავობდა პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფაზე, წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ იგი შეიძლება კვლავ ყოფილიყო პოლიციის სისასტიკის მსხვერპლი. ამიტომ განმცხადებლის საჩივარი ამ საკითხთან დაკავშირებით „სადავოა“. სახელისუფლებო ორგანოებს ჰქონდათ ვალდებულება, განეხორციელებინათ ეფექტური გამოძიება იმ გარემოებებთან დაკავშირებით, როდესაც განმცხადებელმა დაზიანებები მიიღო (იხ. კრასტანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, N50222/99, § 58, 2004 წლის 30 სექტემბერი).
122. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2003 წლის 14 და 15 თებერვლის მოვლენების გამოძიება ისეთივე ხარვეზებით ხასიათდებოდა, როგორი ხარვეზების იდენტიფიცირებაც სასამართლომ 2002 წლის 16 და 17 თებერვალს მოახდინა პოლიციის სისასტიკის შესახებ განმცხადებლის განცხადებების გამოძიებისას. 2003 წლის 18 თებერვალს, განმცხადებლის საჩივრის შეტანის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საგამოძიებო ორგანოებს სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა დაეწყოთ და დაესრულებინათ გამოძიება, საბოლოო გადაწყვეტილება კი 2006 წლის 5 მაისს მიიღეს. საქმის წარმოება შეწყდა და ოთხჯერ განახლდა, რადგან გამოძიება არასრულად და არაადეკვატურად ჩაითვალა. სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საქმის განმეორებით განხილვას შემდგომი გამოძიებისთვის შეუძლია, გამოამჟღავნოს შიდა საბრალდებო სისტემის ნაკლოვანებები (იხ. ფილატოვი რუსეთის წინააღმდეგ, N22485/05, § 50, 2011 წლის 8 ნოემბერი; გლადიშევი რუსეთის წინააღმდეგ, N2807/04, § 62, 2009 წლის 30 ივლისი და ალიბეკოვი რუსეთის წინააღმდეგ, N8413/02, § 61, 2009 წლის 14 მაისი). გამომძიებლებმა დიდი მონდომებით დაასრულეს საქმის წარმოება მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა უარი თქვა თავის საჩივარზე არასათანადო მოპყრობის შესახებ ისე, რომ არ გამოიძიეს განმცხადებლის პირადი მოტივი ან არ დაადგინეს, იყო თუ არა მისი ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი. ასეთმა ნაკლოვანებებმა და ორგანოების მხრიდან გულგრილმა დამოკიდებულებამ, სასამართლოს აზრით, გამოიწვია მნიშვნელოვანი (ძვირფასი) დროის დაკარგვა და გაართულა განმცხადებლის განცხადებების გამოძიება (იხ.აბლიაზოვი რუსეთის წინააღმდეგ, N22867/05, § 58, 2012 წლის 30 ოქტომბერი).
123. წლების მანძილზე გამომძიებლები ამყარებდნენ საკუთარ გადაწყვეტილებებს განსაკუთრებით პოლიციელების განცხადებებზე, მათი ჩვენებების სანდოობის ეჭქვეშ დაყენების გარეშე, რათა გამოეკვლიათ შეუსაბამობები მათ განცხადებებში და მოეძებნათ ინფორმაციის სხვა დამოუკიდებელი წყარო, რომელიც მხარს დაუჭერდა ან უარყოფდა მოვლენების შესახებ მათ ვერსიას. მაშინაც კი, როდესაც საბოლოოდ განცხადებები იქნა მიღებული ორი მოწმისგან - განმცხადებლის თანამგზავრებისგან, გამომძიებელმა გამოიყენა განსხვავებული დამოკიდებულება მათი სიზუსტისა და სანდოობის შეფასებისადმი, რომელთაგანაც ერთ-ერთი გამოიყენეს პოლიციელების განცხადებათა შეფასებისას. თუმცა სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მოწმის ჩვენების დამამტკიცებელი მნიშვნელობა არ უნდა იქნეს ავტომატურად წარდგენილი ან გასაჩივრებული მოწმის სახელმწიფო ორგანოებთან, ან ეჭვმიტანილთან, ან მსხვერპლთან კავშირის გათვალისწინებით. უფრო მეტიც, სასამართლოს აუხსნელად მიაჩნია ის, რომ გამომძიებლებმა არ დაკითხეს დანარჩენი მგზავრები, ვინც განმცხადებლის მანქანაში იყვნენ ან არ სცადეს მოეძებნათ სადავო მოვლენის ნებისმიერი სხვა თვითმხილველი.
124. სასამართლო უკმაყოფილოა სამედიცინო ექსპერტის მტკიცებულების ხარისხით, რომელიც შეგროვებული იყო სამართალწარმოების პროცესში. სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლებმა გასცეს ბრძანება განმცხადებლის სამედიცინო შემოწმების შესახებ 2003 წლის თებერვალში და შემდეგ გაესაუბრნენ ექსპერტს, რომელმაც ანგარიში შეადგინა, უყურადღებოდ არ ტოვებს იმ ფაქტს, რომ მათ არასოდეს მოუთხოვიათ ექსპერტისთვის, მოეხდინა განმცხადებლის დაზიანებების გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება. მაშინ, როცა ისინი იძიებდნენ, შეიძლებოდა თუ არა მიეღო განმცხადებელს დაზიანებები პოლიციის მანქანასთან შეჯახების შედეგად. გამომძიებლებს არ უკითხავთ ექსპერტისთვის, მსგავსი დაზიანებების მიღება შეიძლებოდა, თუ არა იმ გარემოებებში, რომლებსაც განმცხადებელი აღწერდა. ამიტომ სასამართლო ადგენს, რომ გამომძიებელთა ძალისხმევა მიმართული იყო უფრო მეტად განმცხადებლის საჩივრის უარყოფაზე ნაჩქარევი და ფორმალური (ზერელე) გზით, ვიდრე მისი განცხადებების შინაარსის საფუძვლიან შემოწმებაზე.
125. არ შეიძლება სასამართლომ უყურადღებოდ დატოვოს განმცხადებლის შეზღუდული მონაწილეობა გამოძიებაში და გამომძიებლების მცდელობები, არ ჩაერთო განმცხადებელი და მისი ადვოკატი საქმის წარმოებაში მათთვის გადაწყვეტილების გადაცემის დაგვიანებით ან საქმის დოკუმენტაციაზე წვდომაზე უკანონოდ უარის თქმით. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ განმცხადებლის უფლება, ეფექტურად მიიღოს მონაწილეობა გამოძიებაში, დაცული იყო (იხ. დენის ვასილიევი რუსეთის წინააღმდეგ, N32704/04, § 126, 2009 წლის 17 დეკემბერი).
126. ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამომძიებლის ინერტულობამ და ყოყმანმა, მოეძებნას დამადასტურებელი მტკიცებულება, ხელს უშლის 2003 წლის 14 და 15 თებერვლის მოვლენების სწორი, სანდო და ზუსტი ჩანაწერის შექმნას.
127. ზემოთ იდენტიფიცირებული ხარვეზების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ სახელისუფლებო ორგანოებმა ვერ შეასრულეს დროული, საფუძვლიანი და ეფექტური გამოძიების მოთხოვნები (იხ. ქიშმირი თურქეთს წინააღმდეგ, N27306/95, § 117, 2005 წლის 31 მაისი; ანგელოვა და ილიევი ბულგარეთის წინააღმდეგ, N55523/00, § 103, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2007-IX და ვლადიმერ ფედოროვი, § 70). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი მისი საპროცესო ნაწილის თანახმად.
Full & Egal Universal Law Academy