Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC.
OGHLISHVILI v. GEORGIA
ოღლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ
საჩივარი no. 7621/19
გადაწყვეტილება
ფაქტები
2. მომჩივანი დაიბადა 1964 წელს და ცხოვრობს საქართველოში, გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში. მას წარმოადგენდა ბატონი ა. მერებაშვილი, პრაქტიკოსი იურისტი საქართველოდან.
3. მთავრობას წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს აგენტი, ბატონი ბ.ძამაშვილი.
4. საქმის ფაქტები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.
I. მოვლენები რომელიც განვითარდა 2017 წლის 18 ოქტომბერს მომჩივნის შვილის გარდაცვალების შემდეგ.
5. ე.ნ., მომჩივნის ქალიშვილი, დაქორწინებული იყო რ.გ.-ზე და მასთან ერთად 2013 წლიდან ცხოვრობდა მისი ოჯახის სახლში, სოფელ შილდაში, ქალიშვილთან და დედამთილთან, თ.გ.-სთან ერთად.
6. როგორც შემდგომში შესაბამისი სისხლის სამართლის გამოძიებიდან დადგინდა (იხ. პარაგრაფები 15-32 ქვემოთ), ე.ნ.-ს ურთიერთობა ქმართან და დედამთილთან დაიძაბა ქორწინებიდან დაახლოებით ორი წლის თავზე. უთანხმოების მიზეზი ის გახდა, რომ ე.ნ. გვიანობამდე მუშაობდა, რამაც დედამთილში ეჭვები აღძრა ქმრის ერთგულებასთან დაკავშირებით და საბოლოოდ აიძულა იგი დაედანაშაულებინა ქორწინების მიღმა არსებულ ურთიერთობასა და შვილის ღალატში.
7. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მომჩივანმა შეატყობინა პოლიციას თავისი ოჯახური პრობლემების შესახებ, იყო, როდესაც 2017 წლის 12 ოქტომბერს მან დარეკა გადაუდებელი სატელეფონო ზარით და განაცხადა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ დედამთილი და ქმარი. მათ სახლში სასწრაფოდ მივიდნენ ყვარლის რაიონული პოლიციის თანამშრომლები და ოჯახის ყველა წევრი გამოკითხეს.
8. მომჩივნის ქალიშვილთან ინტერვიუს სიტყვასიტყვითი ჩანაწერი აჩვენებს, რომ მან ოფიცრებს განუცხადა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შელაპარაკება მოუხდა დედამთილთან მათ მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. კამათის მიზეზი გახდა თ.ღ.-ს ბრალდებები ე.ნ.-ს მიმართ, იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა იგი ქმრის ერთგული, მას შემდეგ, რაც ე.ნ.-მ ღამე გაათენა მეგობართან (იხ. პარაგრაფი 19 ქვემოთ). ე.ნ.-მ პოლიციელებს განუცხადა, რომ სიდედრმა მას სახეში მუშტი დაარტყა. მან ასევე უთხრა პოლიციას, რომ მის ქმარს არასოდეს მიუყენებია მისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა და რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან ახსენა მისი სახელი გადაუდებელი სატელეფონო ზარის დროს (იხ. პარაგრაფი 7 ზემოთ) იყო ის, რომ იგი იმყოფებოდა დიდ ემოციურ სტრესში. მან პოლიციას დედამთილის მიმართ შემაკავებელი ზომების მიღება სთხოვა.
9. 2017 წლის 12 ოქტომბერს პოლიციაში გამოკითხვისას თ.გ.-მ დაადასტურა, რომ იგი ეკამათებოდა ე.ნ.-ს იმ დღეს იმის გამო, რომ იგი წინა ღამით სახლში არ იმყოფებოდა, რამაც დაადასტურა თ.გ.-ს შიში, რომ ე.ნ. მის შვილს ღალატობდა. თუმცა თ.გ.-მ უთხრა პოლიციას, რომ მას არასოდეს დაურტყამს მომჩივნის ქალიშვილისთვის და რომ, პირიქით, ეს ე.ნ. იყო რომელმაც მას სასტიკად დაარტყა სახეში კამათის დროს და რომ მის შვილს მოუწია ჩარევა და მისი დაცვა ე.ნ.-ს ძალადობრივი ქცევისგან.
10. 2017 წლის 12 ოქტომბერს პოლიციაში გამოკითხვისას რ.გ.-მ დაადასტურა, რომ მისი მეუღლე გასულ ღამეს არ იყო სახლში და დასძინა, რომ არც მან და არც დედამისმა არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი. როდესაც ცოლი საბოლოოდ დაბრუნდა სახლში, ვერც მან და ვერც დედამ ვერ დამალეს თავიანთი ბრაზი, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. მან პოლიციას განუცხადა, რომ ეს ე.ნ. იყო რომელმაც დედას სახეში მუშტი დაარტყა და ორი ქალის დასამშვიდებლად მას მოუწია კონფლიქტი ჩარევა. მან ასევე განუცხადა პოლიციას, რომ მას არასდროს მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა ცოლისთვის და რომ დედამ მას პირველად ცოლის ერთგულებისადმი ეჭვი 2017 წლის 12 ოქტომბერს გაუმხილა.
11. პოლიციამ, იმავე დღეს, სამედიცინო შემოწმება დაუნიშნა ე.ნ.-ს და მის დედამთილს. მან აჩვენა, რომ ე.ნ.-ს მარცხენა მხარზე მცირე სისხლჩაქცევა ჰქონდა, მაგრამ თ.გ.-ს არ აღენიშნებოდა რაიმე სახის დაზიანების ხილული ნიშნები მის პირადად.
II. ე.ნ.-ს გარდაცვალება 2017 წლის 18 ოქტომბერს და შემდგომი გამოძიება
12. 2017 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, ე.ნ. ჩამოხრჩობილი იპოვეს. მისი ცხედარი ოჯახის სახლის ღვინის სარდაფში აღმოაჩინა გ.გ.-მ, ე.ნ.-ს ძმამ (იხ. პარაგრაფი 17 ქვემოთ). მომხდარის შესახებ პოლიციას დაახლოებით 08:40 საათზე ეცნობა და იმავე დღეს დაიწყო სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის სავარაუდო ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ყვარლის სამმართველო („ყვარლის კრიმინალური პოლიცია“).
13. მომდევნო თვეების განმავლობაში სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში სხვადასხვა ნაბიჯები გადაიდგა. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ჩაატარა სარდაფში სასამართლო ექსპერტიზა მათ შორის, ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც მოიცავდა შემთხვევის ადგილასა და ცხედარზე აღმოჩენილი სხვადასხვა ბიოლოგიური ნიმუშების შეგროვებას და ანალიზს. პოლიციამ დაკითხა ე.ნ.-ს ქმარი, დედამთილი და სიძე, ასევე მომჩივანი, ე.ნ.-ს მეგობრები, კოლეგები და მეზობლები და ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვისზეც დადგინდა, რომ კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან ცოტა ხნით ადრე. ჯამში ოცდახუთზე მეტი მოწმე დაიკითხა. პოლიციამ ასევე შეამოწმა ე.ნ.-ს მობილური ტელეფონი და მოიპოვა მის გარდაცვალებამდე ყველა შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარის მონაცემები.
14. ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.
A. შეგროვებული მტკიცებულებები
15. ე.ნ.-ს ცხედრის გარეგანი დათვალიერების შესახებ პირველი დასკვნა პოლიციის თანამშრომელმა შეადგინა 2017 წლის 18 ოქტომბერს 11:00 საათიდან 12:10 საათამდე. ამგვარად, ცხედარი იპოვეს თოკზე ჩამოკიდებული, წელსქვემოთ შიშველი. ორივე მუხლზე კანის სერიოზული დაზიანებები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. შემდგომი სისხლჩაქცევები და კანის დაზიანებები ასევე ხილული იყო ე.ნ.-ს სახის მარცხენა მხარეს, ცხვირისა და ზედა ტუჩის მიდამოში და ასევე მის ყელზე.
16. 2017 წლის 18 ოქტომბერს პოლიციაში პირველად დაკითხვისას, ე.ნ.-ს ქმარმა რ.გ.-მ განაცხადა, რომ ის თბილისში იმყოფებოდა სამუშაოდ, როდესაც მისი ცოლი სოფელ შილდაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მან ასევე დაამატა, რომ ე.ნ.-ს ჰქონდა თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება. მან გაიხსენა, რომ მან ადრე სცადა თავის ჩამოხრჩობა იმავე ღვინის სარდაფში მათ სახლში 2017 წლის აგვისტოში, მაგრამ საბედნიეროდ მან დროულად იპოვა იგი და ჩამოხსნა თოკიდან. რ.გ.-მ განაცხადა, რომ როდესაც თავის მეუღლეს ჰკითხა თუ რატომ სურდა სიცოცხლის დასრულება, მან უპასუხა, რომ გარდაცვლილი მამა ეძახდა. ე.ნ.-ს ქმარმა ზოგადად განაგრძო და დაამატა, რომ მისი ცოლი თითქოს დეპრესიაში იყო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მან ასევე მიუთითა 2017 წლის 12 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის ყველა გარემოებაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დედასა და ე.ნ.-ს შორის ურთიერთობის დაძაბულობის მიზეზს წარმოადგენდა დედის აზრი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ურთიერთობა ქორწინების მიღმა. რაც შეეხება ე.ნ.-ს მუხლებზე აღმოჩენილ კანის დაზიანებებსა და სისხლჩაქცევებს, რ.გ. ვარაუდობდა, რომ ისინი შესაძლოა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულმა ღორმა მიაყენა.
17. პოლიციაში დაკითხვისას, ასევე 2017 წლის 18 ოქტომბერს, ე.ნ.-ს მაზლმა, გ.გ.-მ განაცხადა, რომ მისი ძმის სახლში დაახლოებით დილის 8:00 საათზე წასვლის მიზეზი ის იყო, რომ დედამ სთხოვა ღორების გამოკვება რადგან მისი ძმა თბილისში იმყოფებოდა. მისი თქმით, მარანში თოკზე ჩამოკიდებული ცხედარი რომ დაინახა, იმდენად შეეშინდა, რომ მაშინვე საკუთარ სახლში გაიქცა, რათა დედისთვის (რომელიც იმ დროს მასთან იმყოფებოდა) ეთქვა. გამომძიებლის კითხვაზე თუ რატომ არ გამოიძახა პოლიცია ან სასწრაფო დახმარება დაუყონებლივ მან უპასუხა, რომ იგი იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში, რამაც ხელი შეუშალა მას დაუყონებლივ მიეღო საჭირო ზომები. მისი თქმით, ცხედრის აღმოჩენის შესახებ პოლიციას რამდენიმე საათის შემდეგ შეატყობინა. მან ასევე განაცხადა, რომ დედისა და ძმისგან იცოდა, რომ მისმა რძალმა რამდენიმე თვით ადრე სცადა თვითმკვლელობა.
18. ე.ნ.-ს დედამთილი თ.გ დაიკითხა 2017 წლის 19 ოქტომბერს. მან დაადასტურა, რომ ხშირი კამათი ჰქონდა ე.ნ.-სთან მისი ამორალური საქციელის გამო. ე.ნ. ხშირად გვიან ბრუნდებოდა სახლში, თუმცა ოფიციალურად არსად იყო დასაქმებული და სხვა მამაკაცებთან ერთად ნახეს. თ.გ.-მ ასევე განუცხადა გამომძიებლებს, რომ მან 2017 წლის 16-17 ოქტომბრის ღამე გაატარა გ.გ.-ს სახლში და დაამატა გამომძიებლის კითხვის პასუხად, რომ გ.გ. მთელი ღამე სახლში იმყოფებოდა. თ.გ. ასევე იტყობინება, რომ მომჩივნის ქალიშვილს ძალიან რთული ხასიათი ჰქონდა და ფსიქიკურად მყიფე იყო და რომ ე.ნ.-მ მანამდე რამდენიმე თვით ადრე სცადა თვითმკვლელობა იმავე მარანში.
19. 2017 წლის 19 ოქტომბერს პოლიციამ დაკითხა ე.ნ.-ს მეგობარი რომლის სახლშიც ის იმყოფებოდა 12 ოქტომბრის ღამეს (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ). მოწმემ განაცხადა, რომ მიზეზი ე.ნ.-ს მასთან ღამით დარჩენის იყო ის რომ, ე.ნ-ს სურდა დედამთილი და ქმარი მიეხვედრებინა, რომ თუ ფსიქოლოგიური შევიწროება გაგრძელდებოდა, რომელიც ძირითადად თ.გ.-სგან ხდებოდა, იგი მზად იყო დაეტოვებინა ისინი. მოწმემ თქვა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბრის ღამეს მას გულწრფელი საუბარი ჰქონდა მომჩივნის ქალიშვილთან, რომლის დროსაც ე.ნ.-მ აღიარა, რომ ის იმ დონემდე იყო მისული, რომ "ან სახლიდან უნდა გაქცეულიყო ან თავი მოეკლა, რადგან ვეღარ უმკლავდებოდა სტრესს". მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ე.ნ. იყო ემოციურად ძალიან არასტაბილური და ზოგადად ნერვიული ადამიანი და რომ მას შეეძლო ძალიან ადვილად აღელვებულიყო და გაღიზიანებულიყო. მოწმემ ასევე დაამატა, რომ იმავე ღამის განმავლობაში მან გაიგო როგორ ესაუბრებოდა ე.ნ. თითქმის ორი საათის განმავლობაში უცნობ მამაკაცს მობილურ ტელეფონზე.
20. ინციდენტის შემდეგ პოლიციამ უახლოესი მეზობლებიც დაკითხა. ყველამ დაადასტურა, რომ სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ე.ნ.-სა და მის დედამთილს შორის ძალიან ხშირი იყო და რომ მათ მართლაც შეიტყვეს ე.ნ.-ს თავის ჩამოხრჩობის წარუმატებელი მცდელობის შესახებ 2017 წლის აგვისტოში. ყველამ განაცხადა, რომ ისინი ე.ნ.-ს მიიჩნევდნენ ემოციურად არასტაბილურ ადამიანად. ზოგიერთმა მეზობელმა დაამატა, რომ რეგულარულად ხედავდნენ გ.გ.-ს სტუმრად ე.ნ. სახლში გვიან საღამოს, მაშინაც კი, როცა მისი ძმა, ე.ნ.-ს ქმარი სახლიდან გასული იყო. ერთ-ერთმა მეზობელმა დაამატა, რომ გ.გ. მისი ცხედრის აღმოჩენის დღეს, დაახლოებით 06:30 საათზე მის სახლთან შეამჩნიეს; მეზობელმა დააზუსტა, რომ დროის სისწორეში დარწმუნებული იყო, რადგან გ.გ. თავისი ვენახისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა.
21. 2017 წლის 21 ოქტომბერს, ე.ნ.-ს დაკრძალვაზე გ.გ.-მ ხეზე ჩამოხრჩობით სცადა თვითმკვლელობა. თუმცა ის მეზობლებმა გადაარჩინეს.
22. ამ ინციდენტის შემდეგ თითქმის მაშინვე რ.გ.-მ დაიწყო საკუთარი ძმის საჯაროდ ბრალდება იმის შესახებ, რომ მან ე.ნ. გააუპატიურა და მოკლა. გამომძიებელმა ის ამ ბრალდებებთან დაკავშირებით 2017 წლის 24 ოქტომბერს დაკითხეს. რ.გ.-მ თქვა, რომ მისი ძმის თვითმკვლელობის მცდელობამ ცოლის დაკრძალვისას დააფიქრა, რომ მისი ძმა შესაძლოა ე.ნ.-ს სიკვდილში იყო გარეული. ამასთან დაკავშირებით რ.გ.-მ ასევე აღიარა, რომ მას ძმის ყოფილ საცოლესთან ჰქონდა რომანი და რომ ამან შესაძლოა მის ძმას მისცა მოტივი, რომ ე.ნ-ს გაუპატიურებით გასწორებოდა მას.
23. 2017 წლის 24 ოქტომბერს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გამომძიებლის მიერ დასმული კითხვის პასუხად, ე.ნ.-ს სხეულზე ან სხეულის შიგნით არ აღენიშნება სპერმის კვალი.
24. 2017 წლის 8 ნოემბერს გამოიცა ე.ნ.-ს ცხედრის ყოვლისმომცველი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩატარდა 2017 წლის 18 ოქტომბერს, 15:00 საათზე. მისმა შედეგებმა აჩვენა, რომ სხეულის ვიზუალური გამოკვლევის დროს გამოვლენილი დაზიანებების გარდა (ორივე მუხლზე და სახეზე და ყელზე - იხილეთ პარაგრაფი 15 ზემოთ) ასევე იყო კანის დაზიანებები და სისხლჩაქცევები ყბის ქვედა ნაწილზე, მარცხენა მხარეზე, მარჯვენა მაჯაზე, მუცლის ქვედა მარცხენა ნაწილზე, თეძოებზე, ორივე ბარძაყზე, მარჯვენა დუნდულა კუნთზე, ვულვის გარეთა ნაკეცებზე, ორივე ფეხის ქვედა წინა ნაწილებსა (ტერფებთან და მუხლების უკანა მიდამოში) და მარჯვენა ფეხზე. ექსპერტებმა შეაფასეს, რომ მაშინ, როცა ზოგიერთი დაზიანებები (კერძოდ, მარცხენა წინამხრის, მარჯვენა ხელისა და მარჯვენა დუნდულის კუნთზე) მიყენებული იყო სიკვდილამდე ექვსი ან შვიდი დღით ადრე, ყველა სხვა სისხლჩაქცევები და კანის დაზიანება მიყენებული იყო მსხვერპლის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ექსპერტებმა ასევე დაადასტურეს, რომ გარდაცვალების მიზეზი დახრჩობით გამოწვეული ასფიქსია იყო და გარდაცვალების მომენტიდან სასამართლო ექსპერტიზის დაწყებამდე არანაკლებ ჩვიდმეტი საათი იყო გასული. ანგარიშში ასევე აღნიშნული იყო, რომ ე.ნ. არ იყო ორსულად და რომ სხეულიდან შეგროვებული და სარდაფიდან ამოღებული სხვა ბიოლოგიური ნიმუშები ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზე იყო.
25. 2017 წლის 12 ნოემბერს გამომძიებელმა დაკითხა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც შეადგინა 2017 წლის 8 ნოემბრის დასკვნა. ექსპერტმა ჩათვალა, რომ ე.ნ.-ს სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები მიყენებული იყო სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ის ცოცხალი იყო. მან დასძინა, რომ ასეთი დაზიანებები შეიძლება მიყენებული იყოს დარტყმით, ბიძგით, მოჭერით ან სხვა მეტ-ნაკლებად ძალადობრივი ფიზიკური კონტაქტით.
26. 2017 წლის 25 დეკემბერს მომჩივანს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი მისი ქალიშვილის გარდაცვალებაზე აღძრული სისხლის სამართლის გამოძიების დროს და მიეცა წვდომა საქმის მასალებზე.
27. 2018 წლის 10 იანვარს სასამართლო ექსპერტებმა გამოაქვეყნეს მორიგი დასკვნა, რომლის ძირითადი მიგნება იყო, რომ ე.ნ.-ს სხეულზე აღმოჩენილ ტანსაცმელზე და მის ირგვლივ მიწაზე მიმოფანტულ ტანსაცმელზე სპერმის კვალი არ აღინიშნებოდა, ხოლო ტანსაცმლის ნაწილი შეღებილი იყო სისხლით, რომელიც ემთხვეოდა ე.ნ.-ს სხეულიდან აღებულ ნიმუშებს. მოხსენებაში ასევე საუბარი იყო სპერმით დასვრილ შარვალსა და წინდებზე. ისინი აღმოჩენილი იყო სარდაფში და, როგორც ჩანს, ეკუთვნოდა ერთ მამაკაცს, რომლის დნმ-ის პროფილი არ შეესაბამებოდა სამი მამაკაცის (კერძოდ გ.გ.-სა და ორი მეზობლის) არცერთ ნიმუშს, რომელიც სასამართლო ექსპერტს გამომძიებლებმა მიაწოდეს.
28. 2018 წლის 19 იანვარს საქმეზე მომუშავე ექსპერტმა განაცხადა, რომ შავი ბიუსტჰალტერი, რომელიც ღვინის სარდაფში იქნა აღმოჩენილი და ეკუთვნოდა ე.ნ.-ს გაჭრილი იყო რაღაც ბასრი საგნით, შესაძლოა დანით.
29. 2018 წლის 28 მაისს დანაშაულის გამოვლენის კიდევ ერთი დასკვნა გამოიცა. მისი დასკვნებიდან გამომდინარეობდა, რომ ლურჯი ბამბის ბოჭკოები, რომლებიც ნაპოვნი იქნა ე.ნ.-ს ფრჩხილებ ქვეშ (ორივე ხელზე), ორივე მაჯაზე და ტანსაცმელზე მსგავსი იყო ლურჯი ჯინსის შარვლის ბოჭკოების, რომელიც ე.ნ.-ს ძმას ეცვა 2017 წლის 11-12 ოქტომბერს (და რომელიც პოლიციამ მტკიცებულების სახით ამოიღო). ამავდროულად, დასკვნა იტყობინება, რომ ე.ნ.-ს ტანსაცმლის ბოჭკოები არ იქნა აღმოჩენილი გამომძიებლების მიერ გ.გ.-ს ამოღებულ ტანსაცმელზე, მათ შორის მის შარვალზე.
30. 2018 წლის 18 ივლისს ყვარლის რაიონის მაგისტრატმა მოსამართლემ გამომძიებლებს უფლება მისცა, მიეღოთ ყველა შესაძლო ინფორმაცია ე.ნ.-ს მობილური ტელეფონიდან და მის მობილურზე მისი ცხედრის აღმოჩენის წინა დღეებში გაგზავნილ სატელეფონო ზარებთან და ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით შესაბამისი სატელეკომუნიკაციო კომპანიებისგან.
31. ამგვარად მოპოვებულმა მონაცემებმა პოლიციას საშუალება მისცა დაედგინა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთანაც ე.ნ.-ს ჰქონდა ხშირი და ხანგრძლივი სატელეფონო კომუნიკაცია, მათ შორის ერთი დღით ადრე, სანამ მას გარდაცვლილს იპოვიდნენ (იხ. პარაგრაფი 19 ზემოთ). პოლიციამ დაკითხა ეს მამაკაცი, რომელიც, როგორც ჩანს, რ.გ.-ს და გ.გ.-ს შორეული ნათესავი იყო და ცხოვრობდა მეზობელ სოფელში, 2018 წლის 27 სექტემბერს, თუმცა მისი ჩვენებიდან მნიშვნელოვანი ან ახალი ინფორმაცია არ გამჟღავნებულა. მან განაცხადა, რომ ე.ნ. იყო მისი მეგობარი და რომ არაფერი იცოდა იმ ოჯახური საკითხების შესახებ, რაც მას აწუხებდა დედამთილთან და ქმართან.
32. 2019 წლის 6 თებერვალს გამომძიებელმა გამოსცა საპროცესო ოქმი, რომელიც ადასტურებდა, რომ მან რამდენჯერმე, ამაოდ სცადა სხვა მობილური ტელეფონის მფლობელის იდენტიფიცირება, რომელთანაც ე.ნ.-ს გარდაცვალებამდე ჰქონდა ხშირი კონტაქტი.
B. მოვლენათა შემდგომი განვითარება
33. საქმის მასალების უახლესი ინფორმაციით, რომელიც თარიღდება 2022 წლის აპრილიდან, ე.ნ.-ს გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდებოდა, ყვარლის კრიმინალური პოლიციის ზედამხედველობით (იხ. პუნქტი 12 ზემოთ). 2022 წლის 13 იანვარს მომჩივნისთვის საქმის მასალებზე წვდომის მიცემის გარდა, 2019 წლის 6 თებერვლის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ღონისძიება არ ჩატარებულა.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
34. ე.ნ.-ის გარდაცვალების მომენტში სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი ითვალისწინებდა, რომ “თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური შელახვით” ისჯებოდა ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
35. სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - თვითმკვლელობამდე მიყვანა - ექცეოდა იმავე კოდექსის 12 § 2 მუხლით გათვალისწინებულ ნაკლებად მძიმე დანაშაულებში, სასჯელის გამო რომელიც მისთვის იყო განსაზღვრული.
36. სსკ-ის მე-11 1-ელი პრიმა მუხლის მიხედვით, რიგ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებს, 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩათვლით, უნდა მიეცეს დამატებითი კვალიფიკაცია “ოჯახური დანაშაულის” შემთხვევაში, თუ სავარაუდ დამნაშავეები იყვნენ ოჯახის წევრები და ოჯახი. ამ დებულების მიზნებისათვის, ნებისმიერი პირი, რომელიც ცხოვრობს მსხვერპლის ოჯახში, მათ შორის, სიძე შეიძლება იყოს ასეთი „ოჯახური დანაშაულის ჩამდენი“.
37. სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის (ბ) ქვეპუნქტი და მე-2 ნაწილი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის გამოძიების ხანდაზმულობის ვადად განსაზღვრავს ექვს წელს. თუ პირისთვის დანაშაულის ჩადენიდან ექვსი წლის მანძილზე სისხლისსამართლებრივი ბრალი არ წაუყენებიათ, მაშინ დამნაშავე თავისუფლდება ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
38. 2019 წლის 15 ოქტომბრისათვის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106 § 1(1) მუხლი შესაძლებლობას აძლევდა ოჯახური დანაშაულის მსხვერპლს გაესაჩივრებინა დანაშაულის არარსებობის გამო გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არა მხოლოდ იერარქიულად ზემდგომ პროკურორთან, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოშიც.
სამართალი
კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა39. მომჩივანი დავობდა კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით, არსებითი პოზიტიური და პროცედურული ვალდებულებების დარღვევის თაობაზე. კერძოდ, მისი საჩივრები შეეხებოდა: (ა) პოლიციის წარუმატებლობას დაეცვათ მისი ქალიშვილი ოჯახური ძალადობისაგან მაშინ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და (ბ) მათ წარუმატებლობას ჩაეტარებინათ ეფექტური სისხლისსამართლებრივი გამოძიება მისი ქალიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე. მე-2 მუხლი იკითხება შემდეგნაირად:
მუხლი 2
“1.ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული ...”
ა. დასაშვებობა
მხარეთა წარდგინებები40. რაც შეეხება მომჩივნის საჩივარს პოლიციის მიერ მისი არსებითი პოზიტიური ვალდებულებების სავარაუდო შეუსრულებლობის გამო, კერძოდ, უზრუნველყოთ მისი ქალიშვილის დაცვა ოჯახური ძალადობისაგან, მთავრობამ მიუთითა, რომ საჩივარი დაუშვებელი იყო სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი ეროვნული საშუალებების ამოუწორაობის გამო. ისინი მიუთითებდნენ, რომ მომჩივანმა არც პოლიციას უჩივლა და არც სისხლისსამართლებრივი საჩივარი შეიტანა პოლიციის უწყების წინააღმდეგ მისი თანამშრომლების სავარაუდო დაუდევრობის ფაქტზე. რაც შეეხება მე-2 მუხლის პროცედურულ ნაწილს, მთავრობამ მიუთითა, რომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მომჩივნის ქალიშვილის თვითმკვლელობის შესახებ გამოძიება აკმაყოფილებდა ოპერატიულობის, დამოუკიდებლობისა და ყოველმხრივ გამოკვლევის მოთხოვნებს (მეტი არგუმენტებისათვის, იხილეთ ქვემოთ, პარაგრაფი 45).
41. მომჩივანი შეეწინააღმდეგა მთავრობის მითითებებს. რაც შეეხება, საჩივარს, იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივნის ქალიშვილი ვერ დაიცვეს ოჯახური ძალადობისაგან, მომჩივანმა აღიარა, რომ მას არ მიუმართავს პოლიციის წინააღმდეგ არც სამოქალაქო და არც სისხლისსამართლებრივი საშუალებისათვის, თუმცა ამტკიცებდა, რომ არც ერთი ეს საშუალება ეფექტური არ იყო კონვენციის 35-ე მუხლის მიზნებისათვის. ამასთან დაკავშირებით, მან მიუთითა, რომ ვინაიდან პოლიციისათვის სრულიად ცნობილი იყო იმ რისკების თაობაზე, რაც მისი ქალიშვილის სიცოცხლეს ემუქრებოდა ოჯახური ძალადობის გამო, მაგრამ ამის მიუხედავად, უგულებელყვეს პოლიციის მოვალეობები, ვინაიდან არ მიუღია რაიმე მნიშნელოვანი ზომა, რომელიც მიმართული იქნებოდა მომჩივნის ქალიშვილის სიცოცხლისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ, ვერც ერთი ზემოხსენებული პროცესი ვერ იქნებოდა მაკომპენსირებელი. რაც შეეხება მომჩივნის ქალიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სისიხლისსამართლებრივი გამოძიების არაეფექტურობას, მომჩივანი ამტკიცებდა ამას და მიუთითებდა საგამოძიებო ორგანოების უუნარობაზე დაედგინათ მისი ქალიშვილის გარდაცვალების გარშემო არსებული გარემოებები.
2. სასამართლოს შეფასება
42. რაც შეეხება საჩივარს კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების დარღვევის შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენიმე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით, სადაც საჩივრების არსი წინამდებარე შემთხვევის მსგავსი იყო, ვინაიდან, ეხებოდა სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობასა და დაუდევრობას ოჯახში ძალადობის განვითარებასა და მსხვერპლის გარდაცვალებით დასრულებაში (მკვლელობით ან თვითმკვლელობით). ამ საქმეებიდან ჩანს, რომ წინამდებარე საქმის მსგავსი გარემოებების არსებობისას კონვენციის 35 § 1 მუხლის მიზნებისათვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი საშუალება იყო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა საქმეში ჩართული სამართალდამცავების წინააღმდეგ (იხილეთ, A and B v. Georgia, no. 73975/16, § 43, 10 თებერვალი 2022; Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, § 60, 8 ივლისი 2021, შემდგომი მითითებებით, და Gaidukevich v. Georgia, no. 38650/18, §§ 62 და 53, 15 ივნისი 2023). თუმცა მომჩივანს არც ეს სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალება მოუთხოვია, რომელიც ამ გარემოებებში ყველაზე შესაფერისი იყო და არც სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებისთვის მიუმართავს. (რაც შეეხება სამოქალაქო სამართლის დაცვის საშუალების საკითხს, შეადარეთ, A and B v. Georgia, ციტირებული ზემოთ, § 45). აქედან გამომდინარე საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლის პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით პოლიციასთან მიმართებით არ უნდა დაკმაყოფილდეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო.
43. რაც შეეხება საჩივარს კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 (a) მუხლის მნიშვნელობით. შესაბამისად, უნდა მივიჩნიოთ დასაშვებად.
ბ. არსებითი მხარე
მხარეთა არგუმენტები44. მომჩივანმა მიუთითა, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიება მისი ქალიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების გარშემო იყო არაეფექტური. მთავარი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ექვს წელზე მეტი ხნის მანძილზე გამოძიებამ ვერ მივიდა რაიმე საბოლოო დასკვნამდე, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაუყოვნებლივ დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. მთავარი ღიად დარჩენილი საკითხი იყო, მომჩივნის შვილი ნამდვილად თვითმკვლელობამდე მიიყვანეს თუ არა და თუ ასე იყო, გამოიწვია თუ არა ე.ნ.-ის ქმრისა და დედამთილის მიერ ჩადენილმა ოჯახში ძალადობის შემთხვევამ მისი თვითმკვლელობა, თუ მომჩივნის ქალიშვილი მოკლეს და ეს თვითმკვლელობას დაამსგავსეს. მომჩივანმა ასევე ახსენა საქმის რამდენიმე საეჭვო გარემოება, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ე.ნ.-ის სიძემ თავის ჩამოხრჩობა სცადა მისი ქალიშვილის დაკრძალვის დღეს, ასევე მეუღლის მიერ ე.ნ.-ის ძმის მისამართით ფორმალურად გაკეთებული მკვლელობის ბრალდებები და შეუსაბამობა იმ პერიოდებს შორის, როდესაც გ.გ. ამტკიცებდა, რომ შედიოდა ქმრის სახლში და როდესაც მეზობელმა იგი იმავე სახლთან დაინახა (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 17-22). მომჩივანი დავობდა, რომ სადავო გარემოებები არ იქნა გამოძიებული. იგი ასევე დავობდა, რომ გაუგებარი იყო თუ საერთოდ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ გამომძიებლები სასამართლო სამედიცინო დასკვნას მრავალი ფიზიკური დაზიანების შესახებ, რომელიც მის ქალიშვილს მიაყენეს, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, მაშინ როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ასევე ის ფაქტი, რომ გარდაცვლილის ფრჩხილების ქვეშ და მის ტანსაცმელზე აღმოჩენილი ლურჯი ბამბის ბოჭკოები გ.გ.-ის ლურჯი ჯინსის შარვლის მსგავსი იყო. მთლიანობაში, მომჩივანმა დაასკვნა, რომ არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ მისი ქალიშვილი თუნდაც არ მოეკლათ მას სულ მცირე ფიზიკური შეურაცხყოფა (და სავარაუდოდ გაუპატიურება) მაინც მიაყენეს გარდაცვალებამდე, რასაც, თავის მხრივ, შესაძლოა თვითმკვლელობა გამოეწვია.
45. მთავრობამ პასუხად განაცხადა, რომ გამოძიება მომჩივნის ქალიშვილის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით სავსებით ადეკვატური იყო. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეროვნულმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ - ე.ნ.-ის ცხედრის აღმოჩენის დღესვე და იგი განახორციელა საფუძვლიანად - ოცდახუთზე მეტი მოწმის დაკითხვით სასამართლო-სამედიცინო და სხვა ექსპერტიზის ჩატარებით. მომჩივნის არგუმენტების პასუხად, კერძოდ, რომ ე.ნ. მოკლეს ან სულ მცირე იგი სიკვდილამდე დაექვემდებარა სექსუალურ ან სხვა ტიპის ფიზიკურ შეურაცხყოფას, მთავრობა ამტკიცებდა, რომ ასეთი დასკვნების გამოტანა გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით შეუძლებელი იყო. ამის საპირისპიროდ, რამდენიმე მოწმის ჩვენება მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ მომჩივნის ქალიშვილი იყო ემოციურად არასტაბილური ადამიანი, რომელმაც სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე თავის ჩამოხრჩობა სცადა. მთავრობამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსხვერპლის სხეულში ან მასზე ვერანაირი სპერმის კვალი ვერ იპოვეს, რამაც, მათი აზრით, გამორიცხა ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ გარდაცვალებამდე იგი გააუპატიურეს ან სხვაგვარი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამდენად, მთავრობამ დაასკვნა, რომ ყველაზე შესაფერისი ახსნა თუ როგორ გარდაიცვალა ე.ნ. 2017 წლის 18 ოქტომბერს იყო ის, რომ მან თავი მოიკლა ხანგრძლივი ემოციური არასტაბილურობის შედეგად.
2. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
46. კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულება, ერთად აღებული, კონვენციის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ზოგად ვალდებულებასთან, „[თავისი] იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოს კონვენციით განსაზღვრული ყველას უფლებები და თავისუფლებები“, გულისხმობს, რომ როდესაც მკვლელობა ხდება უნდა არსებობდეს რაიმე სახის ეფექტური ოფიციალური გამოძიება. (იხილეთ, Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey [GC], no. 24014/05, § 169, 14 აპრილი 2015). გამოძიების ვალდებულების სპეციფიკური მოთხოვნები შეიძლება იხილოთ საქმეში მუსტაფა ტუნჩი (ციტირებული ზემოთ §§ 169-82; იხილეთ ასევე Giuliani and Gaggio v. Italy [GC], no. 23458/02, §§ 298-306, ECHR 2011 (extracts), და Mazepa and Others v. Russia, no. 15086/07, §§ 69-70, 17 ივლისი 2018). დასკვნის სახით, მე-2 მუხლის პროცედურულ მოთხოვნასთან შესაბამისობის რამდენიმე პარამეტრი არსებობს: საგამოძიებო ზომების ადეკვატურობა; გამოძიების ოპერატიულობა და გამოძიების ჩატარების გონივრული დრო; გარდაცვლილის ოჯახის ჩართულობა; და გამოძიების დამოუკიდებლობა. ეს ელემენტები ურთიერთდაკავშირებულია და ერთად აღებული, საშუალებას იძლევა განისაზღვროს გამოძიების ხარისხი (იხ. Mazepa and Others, ციტირებული ზემოთ, § 225).
47. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ ოჯახში ძალადობის ყველა ფაქტზე ეფექტური გამოძიების წარმოების ვალდებულება, წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულების არსებით ელემენტს კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების მიხედვით (ბოლო წყაროსთვის იხილეთ, Tunikova and Others v. Russia, nos. 55974/16 და 3 სხვა, § 114, 14 დეკემბერი 2021). ასეთი გამოძიების ეფექტურობისათვის, იგი უნდა იყოს სწრაფი და საფუძვლიანი; ეს მოთხოვნები ვრცელდება მთლიან სამართალწარმოებაზე (იხილეთ, M.A. v. Slovenia, no. 3400/07, § 48, 15 იანვარი 2015, და Kosteckas v. Lithuania, no. 960/13, § 41, 13 ივნისი 2017). ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მტკიცებულების დასაცავად, სასამართლო სამედიცინო მტკიცებულების ჩათვლით. განსაკუთრებული გულმოდგინებაა საჭირო ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით, და ოჯახური ძალადობის სპეციფიკური ხასიათი მხედველობაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ეროვნული სამართალწარმოებისას. სახელმწიფოს მიმართ არსებული გამოძიების ვალდებულება არ იქნება დაკმაყოფილებული თუ ეროვნული სამართლით შემოთავაზებული დაცვა მხოლოდ თეორიულად იარსებებს; უპირველეს ყოვლისა, იგი ასევე ეფექტურად უნდა მოქმედებდეს პრაქტიკაში, ეს კი მოითხოვს საქმის დაუყოვნებლივ გამოკვლევას ზედმეტი გაჭიანურების გარეშე (იხილეთ Opuz v. Turkey, no. 33401/02, §§ 145-51 და 168, ECHR 2009; T.M. and C.M. v. the Republic of Moldova, no. 26608/11, § 46, 28 იანვარი 2014; და Talpis v. Italy, no. 41237/14, §§ 106 და 129, 2 მარტი 2017). ეფექტურობის პრინციპი ნიშნავს, რომ ეროვნული ორგანოები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან, რომ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენება დაუსჯელი დარჩეს. ეს აუცილებელია საზოგადოების კანონის უზენაესობისადმი რწმენისა და მხარდაჭერის შესანარჩუნებლად და იმის პრევენციისათვის, რომ თითქოს ხელისუფლების მხრიდან ძალადობის შემწყნარებლობას ან მასზე თვალის დახუჭვას აქვს ადგილი (იხილეთ, Okkalı v. Turkey, no. 52067/99, § 65, ECHR 2006‑XII (ამონარიდები)).
(b) ამ პრინციპების გამოყენება საქმის გარემოებებზე
48. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიება მომჩივნის ქალიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყო და რომ სამართალდამცავმა ორგანომ პირველი რამდენიმე თვის მანძილზე გულმოდგინედ ჩაატარეს იგი და რომ მომჩივანს სათანადოდ მიენიჭა დაზარალებულის აუცილებელი პროცედურული სტატუსი. სასამართლო ვერ ხედავს გამოძიების კრიტიკის ადგილს ოპერატიულობის ან გარდაცვლილი პირის ოჯახის ჩართულობის მოთხოვნების პერსპექტივიდან. სასამართლო ასევე ვერ ხედავს რაიმე ხარვეზს გამოძიების დამოუკიდებლობაში, რომელსაც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის კრიმინალური პოლიცია ატარებს ხოლო მომჩივანს სხვაგვარი არგუმენტი არ წარმოუდგენია.
49. ე.ნ.-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჰიპოთეზები იქნა წამოყენებული. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი ქალიშვილი თუ არ მოუკლავთ სიკვდილამდე სულ მცირე ფიზიკური შეურაცხყოფა მაინც მიაყენეს და მთავრობა ამტკიცებდა, რომ გოგონამ თავი მოიკლა ემოციური არასტაბილურობის გამო. სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიმე საბოლოო დასკვნის არარსებობის პირობებში, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნეს გამოძიების დროს, შეუფერებელია მომჩივნის ქალიშვილის გარდაცვალების ზუსტ გარემოებებზე სპეკულირება. თუმცა სასამართლოს არ შეუძლია არ დაეთანხმოს მომჩივანს, იმის შესახებ, რომ რიგი მნიშვნელოვანი საკითხები სრულად უნდა ყოფილიყო გამოძიებული ხელისუფლების მიერ, ისეთი როგორიცაა მაგალითად, საკითხი მოეპყრნენ თუ არა ე.ნ.-ს არასათანადოდ გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე - გარდაცვლილის სხეულზე რიგი დაზიანებებისა და სისხლჩაქცევების არსებობა არ შეიძლება ამ მხრივ უგულებელყოფილი იქნეს (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 15 და 24-25) - და გამართლდა თუ არა ე.ნ.-ის სიძეზე გაჩენილი ეჭვი - ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გ.გ.-ის თვითმკვლელობის მცდელობას და ამ უკანასკნელის მიმართ ე.ნ.-ის მეუღლის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 21-22). ამასთან დაკავშრებით, სასამართლო იმეორებს, რომ გამოძიების ეფექტურობისათვის, მისი დასკვნები დაფუძნებული უნდა იყოს რელევანტური ელემენტების ძირფესვიან ანალიზზე და, რომ გამოძიების ყველა სანდო ხაზის ადეკვატურად გამოურკვევლობა ძირს უთხრის გამოძიების შესაძლებლობას დაადგინოს საქმის გარემოებები და პასუხისმგებელი პირი ( იხილეთ, Tsintsabadze v. Georgia, no. 35403/06, § 93, 15 თებერვალი 2011; Vachkovi v. Bulgaria, no. 2747/02, §§ 86 და 88, 8 ივლისი 2010; და Kolevi v. Bulgaria, no. 1108/02, § 201, 5 ნოემბერი 2009).
50. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება უკვე ექვსი წელია მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სამართალწარმოების კონტექსტში შესაძლოა გაჭიანურება არ ჩანდეს გადაჭარბებულად, ცალსახა ხდება, რომ გამოძიების გაჭიანურებით ხელისუფლებამ მას უკვე წაართვა, ნებისმიერი პოტენციური სამომავლო სარგებლიანობა. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობით ხანდაზმულობის ვადა ამ დანაშაულისათვის, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, ექვსი წელია. ეს დრო უკვე გავიდა და ბრალი ჯერ კიდევ არავისთვის წაუყენებიათ (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 34-37). ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვალდებულებები შეიძლება ჩაითვალოს ძნელად შესრულებულად, როდესაც, როგორც წინამდებარე საქმეში, ხელისუფლების უმოქმედობამ ისე გააჭიანურა გამოძიება, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა (შეადარეთ, Ashot Malkhasyan v. Armenia, no. 35814/14, §§ 117 და 118, 11 ოქტომბერი 2022, მასში არსებული შემდგომი მითითებებით, და ასევე, Magnitskiy and Others v. Russia, nos. 32631/09 და 53799/12, § 271, 27 აგვისტო 2019, შემდგომი მითითებებით). მართლაც, იგი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდების ვადის ამოწურვა, თავისთავად საკმარისად სერიოზული ჩავარდნაა მე-2 მუხლის პროცედურული კუთხით საკითხის დასაყენებლად (იხილეთ, Mosendz v. Ukraine, no. 52013/08, § 107, 17 იანვარი 2013).
51. წინამდებარე საქმეში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მის ხელში არსებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა ორ წელზე ნაკლებ დროში, მას შემდეგ რაც ე.ნ. გარდაცვლილი იპოვეს, მათ სხვა მნიშვნელოვანი საგამოძიებო ნაბიჯები არ გადაუდგამთ 2019 წლის 6 თებერვლის შემდეგ (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 32 და 33). რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაუშვა ხელისუფლებამ გამოძიების სტაგნაცია ამის შემდგომ, უკვე ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მთავრობამ ეს კითხვა ღიად დატოვა. თუკი გამოძიების სტაგნაციის მიზეზი იყო ის, რომ გამომძიებლებმა მათ მიერ შეგროვებული ინფორმაცია არ მიიჩნიეს ვინმესთვის სისხლისსამართლებრივი ბრალდების წაყენებისათვის საკმარისად, მაშინ გამოძიება უნდა შეწყვეტილიყო დანაშაულის არარსებობის გამო. გამოძიების შეწყვეტა, სულ მცირე, შესაძლებლობას მაინც მისცემდა მომჩივანს მიეღო დამატებითი გადახედვის საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ადეკვატურობაზე, პირველ რიგში, ზემდგომი პროკურორის მიერ და შემდეგ ასევე, ვინაიდან სავარაუდო დანაშაული იყო “ოჯახური” დანაშაული, პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 38).
52. მთლიანობაში, სასამართლოს სხვა არაფერი შეუძლია გარდა იმ დასკვნის გამოტანისა, რომ საგამოძიებო ორგანომ წინამდებარე საქმეში აქამდე ყველა სანდო ხაზი ადეკვატურად ვერ გამოიკვლია და რომ არსებობდა უმოქმედობის მნიშვნელოვან პერიოდი, რომელიც სრულად მიეკუთვნება საგამოძიებო ორგანოს; შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამ განგრძობად გამოძიებას დაუკარგა შესაძლო სარგებლიანობისა და ეფექტურობის პოტენციალი.
გამოძიების სათანადო ტემპით წარმართვის აშკარა წარუმატებლობა, რაც ვერ იქნება გამართლებული როგორც მისი კომპლექსურობით ისე სხვა ობიექტური სირთულეებით, და სათანადო გულმოდგინების ნაკლებობა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 49), აშკარად არ შეესაბამება ეროვნული ხელისუფლების მიმართ არსებულ მოთხოვნებს გამოიჩინონ განსაკუთრებული გულმოდგინება და გამბედაობა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოძიებისას (შეადარეთ Tërshana v. Albania, no. 48756/14, § 160, 4 აგვისტო 2020, და Sakvarelidze v. Georgia, no. 40394/10, §§ 53 და 54, 6 თებერვალი 2020) და შესაძლოა გაგებულიც კი იყოს როგორც საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ე.ნ.-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენის სურვილის აშკარა არარსებობა. ზემოთ ხსენებული მოსაზრებები საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ დაადგინოს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ აწარმოა ეფექტური გამოძიება.
53. შესაბამისად ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას პროცედურულ ნაწილში.
კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები54. კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით, მომჩივანმა გაიმეორა საჩივრები (i) ოჯახში ძალადობის შემთხვევების მართვაში პოლიციის დაუდევრობასთან დაკავშირებით და (ii) შინაგან საქმეთა სამინისტროს წარუმატებლობის თაობაზე ჩაეტარებინა ეფექტური სისხლისსამართლებრივი გამოძიება ე.ნ.-ის აშკარა თვითმკვლელობის ფაქტზე.
55. რაც შეეხება საჩივრის წინა ნაწილს, სასამართლო მას დაუშვებლად აცხადებს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, უკვე დასახელებული მიზეზებით (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 42).
56. რაც შეეხება ბოლო საჩივარს, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი უკავშირდება უკვე განხილულ საკითხს მე-2 მუხლის პოზიტიურ პროცედურულ ნაწილთან მიმართებით. შესაბამისად იგი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს. თუმცა, საქმის არსებითი საკითხების თაობაზე მისი წინა დასკვნების ფონზე (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 48-53), სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ საჩივრების განცალკევებით გამოკვლევის აუცილებლობა კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით.
iii. კონვენციის 41 მუხლის გამოყენება
57. კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
“თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
a. ზიანი
58. მომჩივანმა მოითხოვა 25,000 ევრო (eur) არამატერილურ ზიანთან დაკავშირებით.
59. მთავრობამ განაცხადა, რომ მოცემული ოდენობა გაუმართლებელი იყო საქმის გარემოებებში.
60. სასამართლო ეთანხმება, რომ მომჩივანს მიადგა არამატერიალური ზიანი, რისი კომპენსირებაც მხოლოდ დარღვევის დადგენით შეუძლებელია. იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ამასთან დაკავშირებით მომჩივანს მიანიჭოს 12,000 ევრო და დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რაც კი შეიძლება მას დაეკისროს.
ბ. ხარჯები და დანახარჯები
61. მომჩივანს არ გამოუხატავს რაიმე პრეტენზია ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით.
ამ მიზეზებით, სასამართლო, ერთხმად,
აცხადებს დასაშვებად საჩივარს კონვენციის მე-2 მუხლის პოზიტიური პროცედურული ნაწილის ფარგლებში, ისევე როგორც მე-3 და მე-13 (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 56) მუხლებით გათვალისწინებულ შესაბამის საჩივრებს მომჩივნის ქალიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობაზე ეფექტური გამოძიების არარსებობასთან დაკავშირებით და დაუშვებლად აცხადებს საჩივრების დარჩენილ ნაწილს;ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ ნაწილის დარღვევას;ადგენს, რომ არ არსებობს კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული საჩივრების განხილვის აუცილებლობა მომჩივნის ქალიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობაზე სისხლისსამართლებრივი გამოძიების არაეფექტურობასთან დაკავშირებით;ადგენს,(ა) რომ სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების საბოლოო მიღების დღიდან სამი თვის განმავლობაში 12,000 ევრო (თორმეტი ათასი ევრო), დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება დაეკისროს, არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, რომელიც უნდა კონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით;
(ბ) რომ სამი თვის გასვლიდან ანგარიშსწორებამდე ზემოაღნიშნულ თანხებზე გადასახდელი იქნება მარტივი საპროცენტო განაკვეთი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული საკრედიტო განაკვეთის ტოლი დეფოლტის პერიოდში, დამატებით 3 პროცენტული სარგებელი;
დაუკმაყოფილებლად ცნობს მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.