Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
ო.ჯ. და ჯ.ო. საქართველოს წინააღმდეგ
O.J. and J.O. v. Georgia and Others
საჩივარი 42126/15 და 42127/15
2023 წელი, 19 დეკემბერი
შესავალი
1. საჩივრები შეეხება მომჩივანთა დავას, იმის შესახებ რომ მათ არასათანადოდ ეპყრობოდნენ დაკავების და შემდგომი უკანონო დაპატიმრების დროს საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (შემდგომში, „აფხაზეთი“) და რომ მათ ვერ ისარგებლეს საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვით აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს წინაშე (“The Defacto SCA”) რომელმაც მათ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „აფხაზეთის კონსტიტუციური წყობისათვის ჯაშუშობის საფუძველზე საფრთხის შექმნის გამო“. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ ტერმინი „აფხაზეთი“ გულისხმობს რეგიონს საქართველოში, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელისუფლების დე ფაქტო კონტროლის მიღმაა. გარდა ამისა, საჩივრები შეეხება სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების არარსებობას მათ საჩივრებთან დაკავშირებით.
2. 2022 წლის 16 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ევროპის საბჭოს წესდების მე-8 მუხლით დადგენილი პროცედურის საფუძველზე, მიიღო დადგენილება CM/RES (2022) 2, რის შედეგადაც, 2022 წლის 16 მარტიდან რუსეთის ფედერაციას შეუწყდა ევროპის საბჭოს წევრობა.
ფაქტები
I. პატიმრობა და მომჩივანთა განაჩენები
7. მომჩივანთა წარმომადგენელი იყო ბატონი დ. ხაჩიძე, რომელიც მუშაობდა თბილისში.
8. მომჩივანთა მიერ მოწოდებული არგუმენტების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებები შესაძლებელია შემდეგნაირად შეჯამდეს.
9. საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მათ ვერ შეძლეს ინფორმაციის მოპოვება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და რომ ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ მომჩივანთა განცხადებებს. რუსეთის მთავრობას სადავოდ არ გაუხდია მომჩივნების მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ სადავო მოვლენებში რუსი აგენტები მონაწილეობდნენ.
10. 2012 წლის 15 მარტს ორივე მომჩივანი დააკავეს აფხაზეთში, გალის რეგიონის სოფელ თაგილონში მეორე მომჩივანის სახლში. დაკავება განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმის გუნდმა, რომელმაც სახლის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინა ორი ყუმბარა და ერთი სანადირო დანა.
11. მომჩივანთა წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის სამართალწარმოება ჯაშუშობის ბრალდებით. 2013 წლის 16 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ორივე მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი (იხილეთ 1-ელი პარაგრაფი ზემოთ). პირველ მომჩივანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 6 თვის ვადით, ხოლო მეორე მომჩივანს 13 წლის ვადით. კერძოდ, აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის დასაწყისში მომჩივნებმა, რომლებიც მოქმედებდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის განყოფილების ინსტრუქციებით, დაიქირავეს დ.კ - ჯარისკაცი რუსეთის მესაზღვრეების სამხედრო ნაწილიდან სოფელ თალიგონში - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმატორად და თავად მონაწილეობდნენ როგორც შუამავლები საქართველოს ხელისუფლებისათვის ინფორმაციის მიწოდებაში.
12. მომჩივანთა განცხადებით, დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური მათ არასათანადოდ მოეპყრო დაკავების დროს, ისევე როგორც შემდგომში რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც ტარდებოდა მათი დაკითხვა საქართველოს თავდაცვის სამინიტროსა და ზემოხსენებულ რუს ინფორმატორთან კავშირების შესახებ. სავარაუდოდ, ორივე მომჩივანი სკამებზე ხელბორკილებდადებული სცემეს და აწამეს წყლის გამოყენებით. ამასთან, პირველ მომჩივანს კბილის ამოსაღები პინცეტის გამოყენებით მოერყა კბილები, თუმცა არ მოსძვრა. მას ასევე დაემუქრნენ გაუპატიურებით და უთხრეს, რომ ჩანაწერი ინტერნეტში გავცელდებოდა. მეორე მომჩივანს ყელზე ჰქონდა თოკი მიბმული დახრჩობის სიმულაციისათვის.
13. 2012 წლის 19 მარტს მომჩივნებს დაენიშნათ ადვოკატები, რომლებმაც მათ ცემის შეწყვეტის მიზნით დანაშაულის აღიარება ურჩიეს. საბოლოოდ, ორივე მომჩივანმა განაცხადა, რომ მათ კავშირი ჰქონდათ თავდაცვის სამინისტროსთან (იხილეთ პარაგრაფი 11 ზემოთ). 2012 წლის 23 მარტს ორივე მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯაშუშობისათვის (იხილეთ პარაგრაფი 1 ზემოთ). ამასთან, მეორე მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი საბრძოლო მასალის და ცივი იარაღის არამართლზომიერი შენახვის გამო.
14. მომჩივანთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „აღიარების“ შემდეგ მათ უფრო იშვიათად სცემდნენ, მაინც გრძელდებოდა არასათანადო მოპყრობა მაშინ, როდესაც კვირაში ორჯერ იმყოფებოდნენ დაკითხვაზე დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის და რუსეთის სამხედრო პერსონალის მიერ, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში მუშობდნენ.
15. მომჩივნებმა, პატიმრობის პირველი 6 თვე სოხუმში, დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გაატარეს, ხოლო დანარჩენი სამი თვე სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში. შემდგომში ისინი გადაიყვანეს დრანდის ციხეში სადაც მათი პროცესი გაიმართა.
16. როგორც ჩანს, დ.კ. (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 11) დააკავეს რუსეთში და ბრალი დასდეს სახელმწიფოს ღალატში. სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში, სავარაუდოდ, მან აღიარა რომ იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმატორი და ამხილა მომჩივნები.
17. მომჩივანთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ აფხაზეთის დე ფაქტო უზენაეს სასამართლოს მოახსენეს, რომ მათი აღიარებები მოპოვებულ იქნა წამების გამოყენებით, აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლო დაეყრდნო ამ ჩვენებებს, როგორც მტკიცებულებას და გამოიყენა მათი მსჯავრდებისთვის.
18. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო ათი დღის ვადაში, როგორც ეს მითითებული იყო აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში; თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აპელაცია უშედეგო იქნებოდა, მომჩივნებმა აღარ გაასაჩივრეს იგი.
19. მომჩივანთა თქმით, საქართველოს მთავრობა ინფორმირებული იყო მათი დაკავებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ მათი დაკავების პირველივე დღეებიდან.
20. მომჩივანთა ოჯახის წევრები არაერთხელ დაუკავშირდნენ თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს, რომლებმაც არაერთხელ დაარწმუნეს ისინი, რომ ყველანაირი ზომა იქნა მიღებული მომჩივანთა გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ასევე, 2015 წლის 6 თებერვალს მომჩივანთა ნათესავებმა წერილი მისწერეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს (სახელმწიფო მინისტრი). ინფორმაცია შემდგომში გადაეცა გენერალურ პროკურორს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს.
21. 2015 წლის 20 თებერვალს მომჩივნის მეუღლემ საპასუხო წერილი მიიღო სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან, რომლის საფუძველზეც მას ეცნობა, რომ მიმდინარეობდა კონსულტაციები მომჩივნებთან დაკავშირებით და რომ სიახლეების შესახებ საქმის კურსში ამყოფებდნენ. მოგვიანებით, 2015 წელს პირველი მომჩივნის დამ წერილი მისწერა სახელმწიფო მინისტრს. 2015 წლის 4 აგვისტოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უპასუხა მას და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა „პოზიტიურ გარემოებებს“ მომჩივნებთან დაკავშირებით და კვლავ არწმუნებდა მას, რომ ოჯახი ინფორმირებული იქნებოდა შემდგომი სიახლეების შესახებ.
22. 2016 წლის 10 მარტს ორივე მომჩივანი გაანთავისუფლეს საქართველოს ხელისუფლების ჩარევის შედეგად, კერძოდ, მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც მათ აწარმოეს დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებასთან 2015 წლის მაისში (იხილეთ პარაგრაფი 36 ქვემოთ).
II ურთიერთობები მოპასუხე სახელმწიფოებსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის.
ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის
1. მომჩივანთა არგუმენტები
23. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაცია სამხედრო ძალების მეშვეობით, 1993 წლიდან ახორციელებდა აფხაზეთის ტერიტორიის ეფექტურ კონტროლს.
2. საქართველოს მთავრობის არგუმენტები
24. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთის მუდმივი და გადამწყვეტი მხარდაჭერა ჰქონდა, რამდენადაც ისინი არსებობდნენ და აგრძელებდნენ არსებობას რუსეთის სამხედრო ძალის, ეკონომიკის, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის წყალობით. კერძოდ, აფხაზეთი შერწყმული იყო რუსეთის სამხედრო, უსაფრთხოების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარულ სექტორს. აღნიშნული უფრო მეტად წარმოაჩინა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ კანონის გამოყენებამ; რუსეთის უშუალო ჩართულობამ აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციაში, მათ შორის ძირითადმა პოზიციებმა დე ფაქტო თავდაცვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ორგანოებში; რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ; რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებამ; რუსეთის მიერ აფხაზეთთან საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით ხელშეკრულებების ხელმოწერამ; რუსეთის მიერ აფხაზეთის განგრძობადმა ოკუპაციამ; რუსეთის მიერ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიის „საზღვრების“ კონტროლმა; რუსეთის ჯარისა და სამხედრო ბაზების სიმრავლემ; რუსეთის მიერ აფხაზეთის ადმინისტრაციის მნიშვნელოვანმა ფინანსურმა მხარდაჭერამ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მათმა ინვესტიციამ, გაზის მილსადენების ჩათვლით.
3. რუსეთის მთავრობის არგუმენტები
25. რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 2008 წლის 22 აგვისტოს რუსეთის ჯარი, რომელიც საქართველოში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობდა, საქართველოს დროებითი ოკუპირებული რეგიონებიდან აფხაზეთის (და სამხრეთ ოსეთის) საზღვართან, უსაფრთხოების ზონებში გაიყვანეს. ისინი გაიყვანეს 2008 წლის 1-ელი სექტემბრისათვის. 2008 წლის 9 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოებიც გადავიდნენ ზემოხსენებულ უსაფრთხოების ზონებში, ხოლო წინამდებარე საქმის მოვლენები სავარაუდოდ 2012 წელს მოხდა.
26. რუსეთის მთავრობამაც აღნიშნა, რომ მომჩივნები „აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის“ ოფიცრებმა დააკავეს, რომლებიც წარმოადგენდნენ „სამთავრობო ორგანოს, რომელიც არ ექვემდებარებოდა რუსეთის ფედერაციას“. ამასთან, მომჩივნები იმყოფებოდნენ სოხუმში, აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, რომელიც „არ განეკუთვნებოდა რუსეთის ფედერაციის კომპეტენციას“.
ევროსასამართლოს შეფასება
1. მომჩივნების ხელმოწერები ევროსასამართლოს წინაშე წარდგენილ საჩივრებში არსებულ დოკუმენტებზე
45. ევროსასამართლო იზიარებს იმ გარემოებას, რომ მომჩივნები დააკავა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ევროსასამართლოში საჩივრის შეტანის დროს, მომჩივნებმა მართებულად მიანიჭეს უფლებამოსილება თავიანთ წარმომადგენელს მათი სახელით ემოქმედა ევროსასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მათი განცხადებით, კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან დამოკიდებული იყო დე ფაქტო ხელისუფლების ნებაზე, რაც მოპასუხე სახელმწიფოებს სადავო არ გაუხდიათ, ევროსასამართლო ეთანხმება, რომ წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების მინიჭება, საჩივრის ფორმისაგან დამოუკიდებლად, არ წარმოშობს პრობლემას ევროსასამართლოსთვის მიმართვის პროცედურასთან შესაბამისობის კუთხით. ამასთან, ევროსასსასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობის მიერ წამოჭრილი საკითხი არ შეიძლება გახდეს კონვენციის 35-ე მუხლის მიხედვით საჩივრის მიუღებლობის საფუძველი. შესაბამისად, საჩივრის
მიუღებლობასთან დაკავშირებული პოზიცია არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საჩივარი არ შეიძლება მიუღებლად იქნეს ცნობილი პროცედურული წესების შეუსრულებლობის გამო (იხილეთ Tokel b. Turkey no. 23662/08, §§ 45-48, 9 თებერვალი 2021, შემდგომი მითითებებით).
46. ამასთან, ევროსასამართლო იზიარებს მომჩივნების პოზიციას,რომ განსხვავება მომჩივნების პასპორტებზე და მინდობილობის ფორმებზე არსებულ ხელმოწერებს შორის შესაძლოა განპირობებული იყოს, პასპორტების გაცემიდან უფლებამოსილების ფორმაზე ხელის მოწერამდე ხანგრძლივი პერიოდის გასვლით.
2. ექვსთვიანი ვადის დაცვა
47. რაც შეეხება განცხადებას, რომ საჩივრები შეტანილ იქნა 6 თვიანი ვადის დარღვევით, რომელიც კონვენციის საფუძველზე მოქმედებდა ამ მოვლენების დროს, ევროსასამართლო აღნიშნავს შემდეგს. სამართლებრივი დაცვის საშუალებების არარსებობისას, ევროსასამართლოში საჩივრის შეტანის ვადა მომჩივნებისთვის გამოითვლება იმ ქმედების ან გადაწყვეტილების დღიდან, რომელიც მიიჩნევა რომ არ მოდის შესაბამისობაში კონვენციასთან, და რომ, აღნიშნული არ ვრცელდება
„განგრძობად სიტუაციაზე“ (იხილეთ, Georgia v. Russia (I) (Dec.) no. 13255/07, § 47, 30 june 2009). არც ერთ მოპასუხე მთავრობას არ მიუთითებია, რომ საჩივრებთან დაკავშირებით არსებობდა სამართლებრივი დაცვის რაიმე ქმედითი საშუალება. შესაბამისად, ევროსასამართლო ადგენს, რომ ვინაიდან საჩივრებთან დაკავშირებით არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები, მომჩივნებისთვის აუცილებელი იყო ევროსასამართლოსთვის მიემართათ 6 თვის ვადაში იმ დროიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა სადავო ქმედებებს.
48. იმის გათვალისწინებით, რომ საჩივარი ყოველთვის სავარაუდო ფაქტებით ხასიათდება (იხილეთ Radomilja and Others v Croatia [GR] nos. 37685/10 და 22768/12, § 115, 20 მარტი 2018), ევროსასამართლო მიუთითებს, რომ მომჩივნები პირველ რიგში დავობდნენ, რომ მათ თავდაპირველად დაკავების დროს მოეპყრნენ არასათნადოდ ხოლო შემდგომში დაკითხვისას (იხილეთ პარაგრაფები 12 და 14 ზემოთ). თუმცა, მათ ცალსახად არ უდავიათ, და შეუძლებელია საქმის მასალებიდანაც დავასკვნათ, რომ მათი სავარაუდო არასათანადო მოპყრობა გაგრძელდა 2013 წლის 16 აპრილს, მათი გასამართლების შემდეგ (იხილეთ პარაგრაფები 12 და 14 ზემოთ). მე-3 მუხლის საფუძველზე შედგენილ საჩივრებში, ფატქობრივი გარემოებების აღწერის კონტექსტში, სადავო არ ყოფილა 2013 წლის 16 აპრილის შემდეგ აფხაზეთის დე ფატო ხელისუფლების მიერ მომჩივნებისთვის ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან/და ინტენსიური მენტალური ტანჯვის გამოწვევა, ამდენად ევროსასამართლო ადგენს, რომ ამგვარი საჩივარი არც ერთ მომჩივანს არ წარუდგენია.
49. ევროსასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივანთა წინასწარი პატიმრობა, რომლის განხილვაც უნდა მოხდეს კონვენციის მე-5 § 1 (c) მუხლის საფუძველზე, დასრულდა 2013 წლის 16 აპრილს, იმ დღეს, როცა ისინი დამნაშავედ ცნეს. ეს ასევე იყო ის დღე, როდესაც მათ წინააღმდეგ მიმდინარე სიხლის სამართლის სამართალწარმოება, რომელთან დაკავშირებითაც ისინი დავობდნენ კონვენციის მე-6§§ 1 და მე-3 მუხლებით, დასრულდა მათი მსჯავრდებით. აღნიშნული მათ არ გაუსაჩივრებიათ. თუმცა მომჩივნებმა ევროსასამართლოში საჩივარი წარადგინეს 2015 წლის 21 აგვისტოს, კონვენციით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ, კონკრეტულად კონვენციის მე-3, მე-5 § 1 (c) და მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პარაგრაფების საფუძველზე.
50. გარდა იმისა, რომ ისინი დავობდნენ, რომ მათი დაპატიმრება მოხდა აფხაზეთში 2016 წლის მარტამდე, მაშინ როდესაც ისინი გაათავისუფლეს და რომ „სიტუაციას ჰქონდა განგრძობადი ხასიათი“, მომჩივნებს არ განუმარტავთ, რატომ ან როგორ შეეშალათ ხელი 2013 წლის 16 მარტიდან 6 თვის ვადაში საჩივრის წარდგენაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომჩივანთა მხრიდან რაიმე განმარტების გაკეთების არარსებობის პირობებში, ევროსასამართლოს არ ევალება იმის გამორკვევა თუ რატომ არ წარადგინეს მათ საჩივარი ვადის გასვლამდე (შეადარეთ Mamasakhlisi and Others v. Georgia no. 29999/04, §§ 254-55 და 271-74, 7 მარტი 2023).
51. ამასთან, ამ საქმის განსაკუთრებული გარემოებების მხედველობაში მიღებით (შეადარეთ Mocanu and Others v. Romania [GC] nos. 10865/09 and 2 Others § 275, ECHR 2014 და Mamasakhlisi and Others, ციტირებული ზემოთ, § 273), ევროსასამართლო მზადაა გაიზიაროს არგუმენტი, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავება წარმოადგენდა სერიოზულ დაბრკოლებას მომჩივნებისთვის მიემართათ ევროსასამართლოსთვის კონვენციით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული შეიძლება გამომდნარეობდეს მომჩივანთა წარდგინებებიდან იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ნათესავებთან და ადვოკატთან კომუნიკაცია დე ფაქტო ადმინისტრაციის ნებაზე იყო დამოკიდებული (იხილეთ პარაგრაფი 36 ზემოთ). ევროსასამართლო ადგენს, რომ აღნიშნული დაბრკოლება საკმარისია კონვენციის მე-3, მე-5 § 1 (c) და მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პარაგრაფების შესაბამისად წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით დადგენილი ვადის დაცვის შესრულებისგან გასათავისუფლებლად (შეადარეთ Mamasakhlisi and Others, ციტირებული ზემოთ, § 273).
52. ამასთან, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ იმ დროს, როდესაც მომჩივნებმა საჩივარი შეიტანეს ევროსასამართლოში, ისინი კვლავ სავარაუდო უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, რაც შეეხება საჩივრებს, რომლებიც უნდა იქნეს განხილული კონვენციის მე-5 § 1 (ა) მუხლის საფუძველზე, ისინი არ ყოფილა წარდგენილი ექვსთვიანი ვადის დარღვევით იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გარემოებები არ იყო დასრულებული.
53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრები არ ყოფილა წარდგენილი ვადის დარღვევით. ამ კუთხით, რუსეთის მთავრობის არგუმენტაცია არ უნდა დაკმაყოფილდეს.
IV. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
63. მომჩივნები დავობდნენ, რომ დაკავებისას და შემდგომში პატიმრობის დროს, არაერთხელ აწამეს. ისინი დაეყრდნენ კონვენციის მე-3 მუხლს, რომლის თანახმად:
„ადამიანის წამება, არაადამინური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.“
64. მოპასუხე სახელმწიფოებს არ წარუდგენიათ ამ საჩივართან დაკავშირებით, რაიმე სპეციალური წარდგინება. მათი კომენტარები საჩივართან დაკავშირებით ზოგადად შეჯამებულია მე-8 პარაგრაფში.
65. ევროსასამართლო, ქვემოთ განხილული მიზეზების გამო, ადგენს, რომ მე-3 მუხლის საფუძველზე წარდგენილი მომჩივანთა საჩივრები დაუშვებელია.
66. უდავოა, რომ კონვენცია აბსოლუტური თვალსაზრისით კრძალავს წამებას და არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას დაზარალებულის ქმედების მიუხედავად (სხვასთან ერთად იხილეთ Labita v. Italy [GC] no. no. 26772/95, § 119, ECHR 2000-IV, და Selmouni v. France [GC] no. 25803/94, § 95, ECHR 1999-V). გარდა ამისა, როდესაც განსახილველი მოვლენები, მთლიანად ან დიდწილად ექვემდებარება ხელისუფლების ექსკლუზიურ ცოდნას, როგორც პატიმრობისას მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პირების შემთხვევაში, ჩნდება ძლიერი ვარაუდი პატიმრობის დროს ამგვარი დაზიანებების მიღების თაობაზე. მართლაც, მტკიცების ტვირთი შეიძლება დაეკისროს მთავრობას, რათა წარადგინოს დამაკომაყოფილებელი და დამაჯერებელი არგუმენტაცია. (იხილეთ Ribitsch v. Austria, დეკემბერი 1995, § 34, შერიეს Series A no 336, და Salman v. Turkey [GC] no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII).
67. მიუხედავად ზემოთქმულისა, არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივარი გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით (იხილეთ, Jalloh v. Germany [GC] no. 54810/00, § 67, ECHR 2006-IX). მტკიცებულებების შესაფასებლად ევროსასამართლო იყენებს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამგვარი მტკიცებულება შეიძლება მომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო და თანმიმდევრული დასკვნებიდან ან ფაქტების მსგავსი გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იქვე).
68. ევროსასამართლოს აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მომჩივნები სავარაუდო წამების შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდნენ დაახლოებით სამი წელი და შესაბამისად შეზღუდული ჰქონდათ შესაძლებლობა მოეპოვებინათ ან შეეგროვებინათ ამგვარი მოპყრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (იხილეთ პარაგრაფები 12-14 და 51 ზემოთ). მიუხედავად ამისა, ევროსასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ მომჩივნებს არ წარუდგენიათ სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა აფხაზეთში მათი დაპატიმრების შემდეგ რაიმე ფიზიკური ზიანის მიყენებას (შეადარეთ Mangîr and Others v. the Republic of Moldova and Russia, no. 50157/06, § 47, 17 ივლისი 2018 და Tanış v. Turkey (dec.), no. 15442/08, §§ 46-49, 9 თებერვალი 2016). ამასთან, მათ არ წარმოუდგენიათ განთავისუფლების შემდეგ ფსიქოლოგიური შეფასების რაიმე დასკვნა (შეადარეთ Mamasakhlisi and Others, §389). ევროსასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი პატიმრობიდან გათავისუფლებისას პირთა დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოკვლევის მნიშვნელობას (იხილეთ Akkoç v. Turkey, nos. 22947/93 და 22948/93, § 118, ECHR 2000-X). მომჩივნების მიერ არასათანადო მოპყრობის თაობაზე მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (იხილეთ პარაგრაფები 12 და 14 ზემოთ), მათი გათავისუფლების შემდგომ მომზადებულ სამედიცინო დასკვნებს შეეძლოთ მოეწოდებინათ მნიშვნელოვანი პრიმა ფაციე მტკიცებულება, თუ მათში ასახული იქნებოდა, მაგალითად ფიზიკური დაზიანებების ან ფსიქოლოგიური შედეგების შესაძლო ნიშნები, რაც მომჩივნებზე სავარაუდო არასათანადო მოპყრობას შეეძლო გამოეწვია (შეადარეთ და განასხვავეთ Mamasakhlisi and Others, ციტირებული ზემოთ, §§390 და 395). ამასთან, მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ რაიმე სხვა მტკიცებულება, როგორიცაა მაგალითად, ადვოკატის ან ოჯახის წევრების ჩვენებები, რათა დაედასტურებინათ მოვლენების მათი ვერსია (შეადარეთ, Mutatis Mutandis, Borodin v. Russia, no. 41867/04, § 99, 6 ნოემბერი 2012, და Mangir and Others, ციტირებული ზემოთ, § 47).
69. შესაბამისად, მართალია მომჩივნებმა წარმოადგინეს მათ მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ საკმაოდ დეტალური ანგარიში, ევროსასამართლოს არ შეუძლია წარმოდგენილი მასალების საფუძველზე prima facie, დაადგინოს, რომ ისინი დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას.
70. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლო ადგენს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივარი დაუშვებელია, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი და უარი უნდა ეთქვას კონვენციის 35 §§ 1 და მე-4 მუხლის საფუძველზე.
V. კონვენციის მე-5 § 1 მუხლის (ა) და (c) პუნქტების სავარაუდო დარღვევა
71. მომჩივნები დავობდნენ, რომ აფხაზეთში უკანონოდ დააპატიმრეს. ისინი ეყრდნობოდნენ კონვენციის მე-5 § 1 მუხლს. ევროსასამართლო მიიჩნევს რომ საჩივარი შეეხება მომჩივანთა სავარაუდო უკანონო წინასწარ პატიმრობას და პატიმრობის გაგრძელებას მსჯავრდების შემდგომ, 2013 წლის 16 მარტს, რაც განხილული უნდა იყოს კონვენციის 5 § 1 მუხლის (ა) და (c) პუნქტებით, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 5 § 1 (ა) და (c) პუნქტები
„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა. კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირისა;
...
c. პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;
2. ევროსასამართლოს შეფასება
75. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საფუძველზე კონვენციის მე-5 § 1 მუხლის შესახებ დადგენილია, რომ თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ (ა)-დან (ფ) ქვეპუნქტის ჩათვლით ჩამოთვლილ ერთ-ერთ გამონაკლისს, არამედ ასევე უნდა იყოს „კანონიერი“; აღნიშნული მოითხოვს საკანონმდებლო საფუძვლის არსებობას ეროვნულ კანონმდებლობაში და შესაბამისობას კანონის უზენაესობასთან, კონცეფციასთან, რომელიც კონვენციის თითოეულ მუხლის შემადგენელი ნაწილია.
76. საქმეში მამასახლისის და სხვები (Mamasakhlisi and Others) (ციტირებული ზემოთ, §§ 422-28) ევროსასამართლომ პირველად განიხილა, საჩივრები უკანონო დაკავების და პატიმრობის შესახებ, სასამართლოში საქმის განხილვამდე და მსჯავრდების შემდგომ, რასაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბრძანებით 2007 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში. მწირია მოპასუხე მთავრობების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეროვნული კანონმდებლობის სპეციფიკური დებულებების შესახებ, რაც სამართლებრივ საფუძველი უნდა ყოფილიყო, აღნიშნული მიუთითებს აფხაზეთის იურიდიულ და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაციის ოფიციალური წყაროების ნაკლებობაზე, ასევე არ არსებობს იმის საფუძველი, რომ რეგიონში არსებობდა კონვენციასთან თავსებადი სასამართლო ტრადიციის ამსახველი სისტემა, საქართველს სხვა რეგიონების მსგავსად, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 5§1 მუხლის (ა) და (c) პუნქტების მნიშვნელობით დე ფაქტო ხელისუფლებას და სასამართლოებს არ შეეძლოთ მომჩივნების “კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება“. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების დაკავება და დაპატიმრება უკანონო იყო ამ დებულების მიზნებისათვის და არღვევდა კონვენციის 5 § 1 მუხლის (ა) და (c) პუნქტებს.
77. რაიმე ახალი და მნიშვნელოვანი საპირისპირო ინფორმაციის არარსებობიდან გამომდინარე, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში მამასახლისი და სხვები (Mamasakhlisi and Others) (იქვე) ასახული დასკვნა ასევე ვრცელდება წინამდებარე საქმეზეც. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში დაირღვა კონვენციის 5 § 1 მუხლის (ა) და (c) პუნქტები.
3.მოპასუხე სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა
78. ამის შემდეგ, ევროსასამართლომ უნდა დაადგინოს შეასრულა თუ არა საქართველომ პოზიტიური ვალდებულებები, კერძოდ, გაატარა თუ არა საჭირო ღონისძიებები აფხაზეთის ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად, როგორც მისი იურისდიქციის გამოხატულება, და გაატარა თუ არა საჭირო ღონისძიებები მომჩივანთა უფლებების დასაცავად (იხილეთ, გამოსაყენებელი პრინციპების შესახებ, Ilaşcu and Others, § 333, და Catan and Others, § 109, ორივე ციტირებული ზემოთ; ასევე იხილეთ პარაგრაფი 60 ზემოთ). პოზიტიური ვალდებულების პირველ ასპექტთან დაკავშირებით, საქართველოს მოეთხოვებოდა თავი შეეკავებინა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერისაგან და მეორე, მიეღო მის ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური, იურიდიული თუ სხვა ზომა, იმისათვის, რომ აღედგინა კონტროლი ამ ტერიტორიაზე.
79. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს არასოდეს უღიარებია აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ევროსასამართლოშიც არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ საქართველომ ოდესმე მხარი დაუჭირა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისფულებას. საქმეში მამასახლისი და სხვები Mamasakhlisi and Others (ციტირებული ზემოთ, § 400) ევროსასამართლო ასკვნის, რომ 2007 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია, საკუთარი უფლებამოსილების აღსადგენად აფხაზეთის რეგიონზე, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი სუვერენიეტის დამტკიცებას, საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიკაციამდე და მის შემდეგ და ასევე როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე. 2008 წლის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული ასეთი ინფორმაციის მიხედვით, რომელიც სადავადო არ გაუხდიათ სხვა მხარეებს, ევროსასამართლო ადგენს, რომ საქართველომ მის ძალებში არსებული შესაბამისი ზომები მიიღო, გასწია საშინაო და საერთაშორისო ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავდა აფხაზეთში მცხოვრებთათვის კონვენციის უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიას.
80. რაც შეეხება საქართველოს პოზიტიური ვალდებულებების მეორე ასპექტს, კერძოდ, აუცილებელ ღონისძიებებს მომჩივანთა უფლებებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, ევროსასამართლო ადგენს, რომ სწორედ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო მომჩივანთა განთავისუფლება ათთვიანი მიზანმიმართული და ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ.
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა უმოქმედობა გამოიჩინა და არ გადადგა საჭირო ნაბიჯები მომჩივანთა საჩივრებთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ამის შესახებ შეიტყო, ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე შესაბამის პერიდოში კონვენციით გარანტირებული უფლებების რეგისტრირებული დარღვევების დიდი ოდენობისა და თითოეული მათგანის მაღალ დიპლომატიურ საფეხურზე განხილვის შეფერხების
გათვალისწინებით ევროსასამართლო ვერ დაასკვნის, რომ რეაგირების ნაკლებობა (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 22 და 36) წარმოადგენდა საქართველოს მიერ იმ ნაბიჯების გადადგმის განუხორციელებლობას, რაც მას შეეძლო გადაედგა მომჩივანთა უფლებების დასაცვის უზრუნველსაყოფად (შეადარეთ Mozer, ციტირებული ზემოთ, § 154).
81.რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, რუსეთის მიერ შესაბამის პერიოდში აფხაზეთზე ეფექტური კონტროლის შესახებ ევროსასამართლოს ზემოთ მოცემული დასკვნის საფუძველზე, ევროსასამართლო ადგენს, რომ ვინაიდან აფხაზეთის ხელისუფლება დამოკიდებული იყო რუსეთის ხელისუფლებაზე, ამ შემთხვევაში კონვენცია ითვალისწინებდა რუსეთის პასუხისმგებლობას.
82. შესაბამისად, საქართველოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-5 § 1 მუხლის (ა) და (c) პუნქტების დარღვევას, ხოლო რუსეთის ფედერაციის მიერ კი დაირღვა ეს დებულებები მომჩივნებთან დაკავშირებით.
VI. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პარაგრაფების სავარაუდო დარღვევა
83. მომჩივნები დავობდნენ, რომ აფხაზეთში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესში მათ არ ჰქონიათ სამართლიანი სასამართლო განხილვა. ისინი ეყრდნობოდნენ მე-6 მუხლის 1-ელ და მე-3 პარაგრაფებს, რომლის თანახმად:
1. ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს.
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
ა. მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით გააცნონ წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი;
ბ. ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად;
გ. დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;
დ. თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში;
ე. ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მას არ შეუძლია გაიგოს სასამართლოში გამოყენებული ენა ან ილაპარაკოს ამ ენაზე.
2. ევროსასამართლოს შეფასება
86. ევროსასამართლო ხელმეორედ აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 § 3 მუხლის საფუძველზე მომდინარე ვალდებულებები განიხილება, როგორც კონვენციის მე-6 § 1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული ასპექტები. შესაბამისად, ევროსასამართლო მომჩივანთა საჩივრებს განიხილავს ამ დებულებების გათვალისწინებით (იხილეთ, სხვასთან ერთად, Kornev and Karpenko v. Ukraine, no. 17444/04, § 63, 21 ოქტომბერი 2010). გარკვეულ შემთხვევებში, სასამართლო, რომელიც მიეკუთვნება ისეთ, სასამართლო სისტემას, რომელიც არ არის აღიარებული საერთაშორისო სამართლით შესაძლოა ჩაითვალოს როგორც “კანონით შექმნილი ტრიბუნალი”, იმ პირობით, რომ იგი განეკუთვნება სასამართლო სისტემის ნაწილს, რომელიც მოქმედებს “კონსტიტუციურ და სამართლებრივ საფუძველზე” და ასახავს კონვენციასთან შესაბამის სასამართლო ტრადიციას, რათა პირმა ისარგებლოს კონვენციით გარანტირებული უფლებებით (იხილეთ Ilaşcu and Others, ციტირებული ზემოთ, § 460).
87. ევროსასამართლომ უკვე დაადგინა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლო ვერ კვალიფიცირდება როგორც „კანონით შექმნილი ტრიბუნალი“ კონვენციის მე-6 § 1 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხილეთ Mamasakhlisi and Others, ციტირებული ზემოთ, §440, შემდგომი მითითებებით; ასევე იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 76). მოცემულ საქმეში შესაბამისი ინფორმაციის არარსებობის პირობებში, ევროსასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, რომ სხვაგვარად დაადგინოს. კერძოდ, იგი ადგენს, რომ მომჩივნებს არ უსარგებლიათ სამართლიანი სასამართლო მოსმენით კანონით შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის წინაშე. ამასთან, მის წინაშე არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ევროსასამართლო ადგენს, რომ შეუძლებელია ითქვას, რომ მომჩივნებს ჰქონდათ რეალური საშუალება დაეცვათ თავი და ესარგებლათ ადვოკატის დახმარებით მთელი პროცესის განმავლობაში კონვენციის მე-6 § 3 (c) მუხლის მიხედვით (ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იხილეთ Ibrahim and Others v. The United [GC], nos. 50541/08 and 3 others, § 255, 13 სექტემბერი 2016). შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-6 § 1 მუხლი, მე- 6 § 3 მუხლთან ერთობლიობაში.
3. მოპასუხე სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა
88. ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის საფუძველზე, მოცემულ საქმეში სხვადასხვა საჩივრებთან დაკავშირებით არსებითი განსხვავება არ არსებობს რომელიმე მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობებს შორის (შეადარეთ Mozer, ციტირებული ზემოთ, § 183, და Mamasakhlisi and Others, ციტირებული ზემოთ, § 429). გარდა ამისა, ევროსასამართლო ადგენს, რომ აფხაზეთის სამართლებრივ და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია, როგორც ეს აღწერილია 76-ე პარაგრაფში, არ შეიძლება მიეწეროს საქართველოს.
89. შესაბამისად, კონვენციის მე-5 მუხლის საფუძველზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით (იხილეთ პარაგრაფი 76), ზემოხსენებული მიზეზების გათვალისწინებით, ევროსასამართლო ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე- 6 მუხლის 1-ელი და მე-3 პარაგრაფების დარღვევას საქართველოს მხრიდან. მეორე მხრივ, 81-ე პარაგრაფში დასახელებული მიზეზების გათვალისწინებით, ევროსასამართლო ადგენს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პარაგრაფების დარღვევას რუსეთის ფედერაციის მიერ.
VII. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები
90. დასასრულს, მომჩივნები დავობდნენ, რომ მათ საჩივრებთან დაკავშირებით არ ჰქონიათ სამართლებრივი დაცვის ქმედითი ეროვნული საშუალებები. ისინი ეყრდნობოდნენ მე-13 მუხლს, რომლის თანახმად:
“ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.”
91. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ მე-3 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. მომჩივნებს არ აქვთ რაიმე “სადავო სასარჩელო მოთხოვნა” მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევაზე კონვენციის
მე-13 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე-13 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივარი ასევე არის აშკარად დაუსაბუთებელი.
92. ევროსასამართლო ადგენს, რომ მე-13 მუხლის საფუძველზე წარდგენილი მომჩივანთა საჩიავრი მჭიდრო კავშირშია ზემოთ განხილულ მე-5 და მე-6 მუხლებთან და შესაბამისად დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. მიუხედავად ამისა, 77-ე და 87-ე პარაგრაფების გათვალისწინებით, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ მე-13 მუხლის დამოუკიდებლად განხილვის აუცილებლობა არ არსებობს.
VIII. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
93. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად
“თუ ევროსასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
94. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მან დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა კონვენციის დარღვევის გამო. შესაბამისად, იგი სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ მომჩივანთა საჩივრებს განიხილავს მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მას არ დაუდგენია კონვენციის რომელიმე დებულების დარღვევა საქართველოს მხრიდან, იგი არ განიხილავს სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნებს საქართველოსთან მიმართებით.
ამ მიზეზების გათვალისწინებით, ევროსასამართლო ერთხმად,
1. ადგენს, რომ იგი უფლებამოსილია განიხილოს მომჩივანთა საჩივრები, ვინაიდან ისინი ეხება 2022 წლის 16 სექტემბრამდე მომხდარ ფაქტებს;
3. დასაშვებად აცხადებს მომჩივანთა საჩივრებს კონვენციის მე-5 § 1 მუხლის (ა) და (c) პუნქტებთან, მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პარაგრაფებთან და მე-13 მუხლებთან დაკავშირებით, დანარჩენს კი აცხადებს დაუშვებლად;
4. ადგენს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მომჩივნებთან მიმართებით დაირღვა კონვენციის 5 § 1 (ა) მუხლი, ხოლო ეს მუხლი არ დარღვეულა საქართველოს მიერ;
5. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პარაგრაფები რუსეთის ფედერაციის მიერ, თუმცა არა საქართველოს მიერ;
6. ადგენს, რომ დანარჩენი საჩივრების არსებითი განხილვა საჭირო არ არის
7. ადგენს,
(ა) რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გადაუხადოს მომჩივანს სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად 16,000 ევრო (თექვსმეტი ათასი ევრო), ამასთან ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება იყოს გადასახდელი არამატერიალური ზიანის ანაზღაურების გამო, გაიცემა მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისათვის მოქმედი კურსით;
8. უარყოფს მომჩივანის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიანი დაკმაყოფილების თაობაზე.