© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მესამე სექცია
საქმე ოფუზი თურქეთის წინააღმდეგ
(საჩივარი No.33401/02)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
27 ივნისი 2009
საბოლოო
09/09/2009
წინამდებარე გადაწყვეტილება შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
წინამდებარე საქმეზე ოფუზი თურქეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მესამე სექცია) პალატის შემდეგი შემადგენლობით:
ჯოზეფ კასადევალ, თავმჯდომარე
ელიზაბეტ ფურა-სანდსტრომ,
კორნელიუ ბირსან,
ალვინა გიულუმიან,
ეხბერტ მეიერ,
ინეტა ზიმელე,
იშილ კარაკაშ, მოსამართლეები,
და სანტიაგო კესადა, სასამართლო გამწესრიგებელი,
2008 წლის 7 ოქტომბერსა და 2009 წლის 19 მაისს განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურა
1.საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (N. 33401/02) თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც 2002 წლის 15 ივლისს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის მიხედვით ქალბატონმა ნაჰიდე ოფუზმა ("მომჩივანი") სასამართლოში შეიტანა.
2.მომჩივანს წარმოადგენდა ბ-ნი მ. ბეშტაში, ადვოკატი, რომელიც პრაქტიკას ეწევა დიარბაქირში. თურქეთის მთავრობა ("მთავრობა") წარმოდგენილი გახლდათ მისი წარმომადგენლის მიერ.
3.მომჩივანი აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ დაიცვეს იგი და მისი დედა ოჯახური ძალადობისაგან, რომელმაც გამოიწვია მისი დედის გარდაცვალება, ხოლო თავად მომჩივანის მიმართ კი არასათანადო მოპყრობა.
4.2006 წლის 28 ნოემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მთავრობისათვის შეეტყობინებინა საჩივრის შესახებ. კონვენციის 29 § 3 მუხლის მიხედვით; მან გადაწყვიტა საქმის არსებითი მხარე მის მისაღებობასთან ერთად განეხილა.
5.მესამე მხარის კომენტარები წარმოდგენილ იქნა INTERIGHT-ის მიერ, რომელსაც პრეზიდენტის მიერ მიენიჭა უფლება ჩართულიყო საქმეში (კონვენციის მუხლი 36 § 2 და სასამართლო რეგლამენტის 44 § 2 მუხლი). მთავრობამ პასუხი გასცა მოცემულ კომენტარებს (სასამართლო რეგლამენტის წესი 44 § 5).
6.მოსმენა მისაღებობასა და არსებითი მხარის განხილვაზე შედგა საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2008 წლის 7 ოქტომბერს (სასამართლო რეგლამენტის წესი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მოპასუხე სახელმწიფოს მხარეს
ქ-ნი დენიზ აკჩაი, თანა-წარმომადგენელი
ქ-ნი ესრა დემირ,
ქ-ნი ზეუნეო გოკშენ აკარ,
ბ-ნი გიურჩაი შეკერ,
ქ-ნი გიულსიუნ ბიუკერ,
ქ-ნი ელიფ ერკან,
ბ-ნი მურატ იარდიმკი, მრჩევლები
(ბ) მომჩივანის მხარეს
ბ-ნი მესუტ ბეშტაშ,
ქ-ნ არზუ ბაშერ, ადვოკატები;
(გ) " INTERIGHT-ის მესამე მხარის სახელით
ქ-ნი ანდრეა კუმბერ, უფროსი იურისტი,
ქ-ნი დოინა იონა სტრაისტენუ, იურისტი
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ ქ-ნი აკჩაი, ბ-ნი ბეშაში და ქ-ნი კუმბერი.
ფაქტები
I. საქმის გარემოებანი
7.მომჩივანი დაიბადა 1972 წელს და ცხოვრობს დიაბაკირში.
8.მომჩივანის დედა დაქორწინდა ა.ო.-ზე რელიგიური ცერემონიის შესაბამისად. 1990 წელს მომჩივანმა და ჰ.ო.-მ, ა.ო.-ს ვაჟმა დაიწყეს ურთიერთობა და ერთად ცხოვრება. ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ 1995 წლის 12 ნოემბერს. მათ შეეძინათ სამი შვილი 1993, 1994 და 1996 წლებში. მომჩივანსა და ჰ.ო.-ს ჰქონდათ ცხარე დისკუსიები ურთიერთობის დასაწყისიდანვე. მოცემული ფაქტები არ გასაჩივრებულა მთავრობის მიერ.
1. პირველი თავდასხმა მომჩივანსა და მის დედაზე ჰ.ო-სა და ა.ო-ს მიერ
9.1995 წლის 10 აპრილს მომჩივანმა და მისმა დედამ შეიტანეს სარჩელი დიარბაკირის პროკურატურაში, აცხადებდნენ რა, რომ ჰ.ო. და ა.ო. მათ ფულს თხოვდნენ, სცემეს და დაემუქრნენ მოკვლით. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ ჰ.ო.-ს და მის მამას სურდათ სხვა კაცების მოყვანა შინ.
10.იმავე დღეს, მომჩივანი და მისი დედა შეამოწმა ექიმმა. მომჩივანის სამედიცინო დასკვნა აღნიშნავდა ნაწიბურების არსებობას სხეულზე, ჰემატომასა და მარცხენა წარბის შეშუპებას, ასევე ფრჩხილებით ნაჩხაპნს კისრის მიდამოებში. მომჩივანის დედის შესახებ შედგენილი სამედიცინო დასკვნაც ადასტურებდა ნაწიბურებსა და შეშუპებას სხეულზე. 1995 წლის 20 აპრილს გამოიცა საბოლოო ანგარიშები, რომელიც ადასტურებდა პირველი ანგარიშის დასკვნებს და აღნიშნავდა, რომ განსახილველი დაზიანებანი საკმარისი იყო რათა მომჩივანი და მისი დედა ეღიარებინათ შრომისუუნაროდ ხუთი დღის განმავლობაში.
11.1995 წლის 25 აპრილს პროკურორმა ბრალი წაუყენა ჰ.ო.-სა და ა.ო.-ს მკვლელობის მუქარისა და მიყენებული სხეულის დაზიანებების საფუძველზე. 1995 წლის 15 ივნისს დიარბაკირის პირველმა მაგისტრატთა სასამართლომ შეწყვიტა თავდასხმის საფუძველზე აღძრული საქმე, რადგანაც მომჩივანმა და მისმა დედამ გამოიხმეს სარჩელები და შესაბამისად აღარ არსებოდა საფუძველი სამართალწარმოების განსახორციელებლად სისხლის სამართლის კოდექსის 456 § 4 მუხლის მიხედვით.
12.1995 წლის 11 სექტემბერს დიარბაკირის მეორე მაგისტრატთა სასამართლომ გაამართლა მოპასუხეები მკვლელობის მუქარის საქმეში მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო და ასევე შეწყვიტა თავდასხმის შესახებ საქმისწარმოება, აღნიშნა რა, რომ იგი უკვე განხილული გახლდათ დიარბაკირის პირველ მაგისტრატთა სასამართლოს მიერ.
2. ჰ.ო.-ს მეორე თავდასხმა მომჩივანზე
13.1996 წლის 11 აპრილს, დავის დროს, ჰ.ო.-მ ძალიან მძიმედ სცემა მომჩივანი. მოცემული შემთხვევის შედეგად შედგენილი სამედიცინო დასკვნა აღნიშნავდა ზედაპირულ სისხლდენას დაზარალებულის მარჯვენა თვალის ირგვლივ, სისხლდენას მარჯვენა ყურიდან, ჰემატომას მომჩივანის მარცხენა მხარზე და ტკივილს ზურგი არეში. ანგარიში უთითებდა, რომ მომჩივანის დაზიანებანი სიცოცხლისათვის სახიფათო გახლდათ. იმავე დღეს, პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე და ერთი მოსამართლის გადაწყვეტილებით ჰ.ო.-ს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.
14.1996 წლის 12 აპრილს, სისხლის სამართლის კოდექსის 456 § 2 და 457 § 1 მუხლების საფუძველზე, პროკურორმა დიარბაკირის სისხლის სამართლის სასამართლოს წარუდგინა ჰ.ო.-ს საბრალდებო დასკვნა დამამძიმებელი გარემოებაში ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების გამო.
15.1996 წლის 14 აპრილს ჰ.ო.-მ პირველი მაგისტრატთა სასამართლოს პრეზიდენტის სახელზე შეიტანა განაცხადი, სადაც ითხოვდა გათავისუფლებას სასამართლო პროცესამდე. მან აღნიშნა, რომ ცოლთან ჩხუბის დროს იგი გაბრაზდა და გაარტყა მას ორჯერ თუ სამჯერ. შემდეგ, მისმა სიდედრმა, რომელიც საავადმყოფოში მუშაობს, გააკეთა სამედიცინო დასკვნა, რომელმაც გამოიწვია მისი უმიზეზო დაკავება. მან აღნიშნა, რომ არ სურდა ოჯახისა და საქმის დაკარგვა და ინანა რომ სცემა ცოლს.
16.1996 წლის 16 აპრილს მეორე მაგისტრატთა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჰ.ო.-ს თხოვნა სასამართლო სხდომამდე გათავისუფლების შესახებ და გადაწყვიტა, რომ მისი წინასწარი პატიმრობა უნდა გაგრძელებულიყო.
17.1996 წლის 14 მაისს შედგა მოსმენა, მომჩივანმა წარმოადგინა მისი სასარჩელო მოთხოვნა. პროკურორმა მოითხოვა ჰ.ო.-ს გათავისუფლება სასამართლო მოსმენამდე , სამართალდარღვევის ბუნებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი უკვე სრულიად გამოჯანმრთელებული გახლდათ. შესაბამისად, სასამართლომ გაათავისუფლა ჰ.ო.
18.1996 წლის 13 ივნისს მომჩივანმა უკან გაიტანა საჩივარი, აღნიშნა რა, რომ იგი და მისი მეუღლე მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ.
19.1996 წლის 18 ივლისს სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალდარღვევა ხვდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 456 § 5 მუხლის ფარგლებში, რომელიც სისხლისსამართლებრივი წარმოების გასაგრძელებლად საჭიროებდა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივრის არსებობას. შესაბამისად, საქმე შეწყდა მომჩივანის მიერ უკან გამოხმობილი საჩივრის გამო.
3. ჰ.ო.-ს მესამე თავდასხმა მომჩივანსა და მის დედაზე
20.1998 წლის 5 თებერვალს, მომჩივანმა, მისმა დედამ, დამ და ჰ.ო.-მ იჩხუბეს, რომლის შედეგადაც ჰ.ო.-მ დანა დაარტყა მომჩივანს. შედეგად, ჰ.ო.-ს, მომჩივანსა და მის დედას მიადგათ ჭრილობები. სამედიცინო ანგარიშები ადასტურებდნენ ჭრილობების არსებობას, რომელთა შედეგადაც ისინი შრომისუუნაროები შეიქნენ შვიდი, სამი და ხუთი დღით.
21.1998 წლის 6 მარტს პროკურორმა გადაწყვიტა არ დაეწყო დევნა არცერთი მათგანის წინააღმდეგ მოცემული ინციდენტის გამო. მან დაასკვნა რომ მართლაც, არსებობდა საკმარისი მტკიცებულებანი ჰ.ო.-ს მიმართ დევნის დასაწყებად დანით თავდასხმისა და სხვა სამართალარღვევების, მათ შორის ცემისა და ქონების დაზიანების, თუმცა, აღნიშნული შესაძლოა გამხდარიყო კერძო საჩივრების საფუძველი და რომ ადგილი არ ჰქონდა საქმის აღძვრის საჯარო ინტერესს.
22.მომჩივანი დედამისთან გადავიდა საცხოვრებლად.
4. მეოთხე თავდასხმა ჰ.ო.-ს მიერ მომჩივანსა და მის დედაზე: მუქარა და თავდასხმა (მანქანის გამოყენებით) რომელსაც შედეგად მოჰყვა განქორწინების სამართალწარმოების დაწყება
23.1998 წლის 4 მარტს ჰ.ო.-მ დააჯახა მანქანა მომჩივანსა და მის დედას. მომჩივანის დედას მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებანი. პოლიციის განყოფილებაში ჰ.ო. აღნიშნავდა, რომ მოცემული ინციდენტი უბედურ შემთხვევას წარმოადგენდა. მას სურდა მომჩივანისა და დედამისის მანქანით წაყვანა, რაზეც მათ უარი განუცხადეს და განაგრძეს ფეხით სვლა. ამის შემდეგ ისინი წინ გადაუდგნენ მანქანას. მომჩივანის დედა აცხადებდა, რომ ჰ.ო.-მ მათ მოუწოდა ჩამსხდარიყვნენ მანქანაში ან უარის შემთხვევაში მოკლავდა მათ. იმის გამო, რომ მათ არ სურდათ მანქანაში ჩაჯდომა ისინი გაიქცნენ, ჰ.ო.-მ მაქანა დააჯახა მომჩივანს, რომელიც წაიქცა. მაშინ როდესაც მომჩივანის დედა ცდილობდა დახმარებოდა საკუთარ შვილს, ჰ.ო.-მ მოატრილა მანქანა და ამჯერად მას დაეჯახა. მომჩივანის დედა გონს მოვიდა საავადმყოფოში. პოლიციისადმი მიცემულ ჩვენებებში მომჩივანმა დაადასტურა დედამისის ჩვენება და აღნიშნა, რომ მისი ქმარი ცდილობდა მათ მოკვლას საკუთარი მანქანით.
24.1998 წლის 5 მარტს ერთი მოსამართლისაგან შემგდარმა დიარბაკირის მაგისტრატთა სასამართლომ ჰ.ო.-ს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
25.1998 წლის 19 მარტს პროკურორმა დაიწყო სისხლის სამართალწარმოება ჰ.ო.-ს წინააღმდეგ დიარბაკირის მესამე სისხლის სამართლის სასამართლოში მკვლელობის მუქარისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების საფუძველზე. იმავე დღეს სასამართლო ექსპერტიზის სამედიცინო ინსტიტუტმა წარმოადგინა სამედიცინო ანგარიში, რომლის მიხედვითაც მომჩივანს მუხლებზე აღენიშნებოდა კანის დაზიანებანი. ესქპერტიზამ დაასკვნა, რომ მომჩივანის დაზიანებანი მას შრომისუუნაროს ხდიდა ხუთი დღის ვადით.
26.1998 წლის 20 მარტს მომჩივანმა დაიწყო განქორწინების საქმისწარმოება ჰ.ო.-ს მიმართ მკვეთრი დაპირისპირების საფუძველზე. იგი აღნიშნავდა, რომ მისი მეუღლე თავს არიდებდა ქმრისა და მამის ვალდებულებების შესრულებას. მას ცუდად ექცეოდა, რაც დასტურდებოდა სამედიცინო ანგარიშებით. იგი ამასთანავე მიუთითებდა, რომ მის ქმარს შინ სხვა ქალები მოყავდა. მომჩივანი მიუთითებს, რომ მან განქორწინების განცხადება მოგვიანებით უკანვე გამოიტანა ქმრის მხრიდან მუქარისა და ზეწოლის გამო.
27.1998 წლის 2 აპრილს მომჩივანმა და მისმა დედამ შეიტანეს განცხადება დიარბაკირის მთავარ პროკურატურაში, ითხოვდნენ რა შესაბამისი ორგანოებისაგან დაცვითი ზომების განხორციელებას ჰ.ო.-სა და მისი მამის მიერ განხორციელებული მკვლელობის მუქარის გამო.
28.1998 წლის 2 და 3 აპრილს პოლიციის ოფიცრებმა ჩვენება ჩამოართვეს მომჩივანს, მის დედას, ძმას და ამ უკანასკნლის ცოლს, ისევე როგორც ჰ.ო.-სა და მის მამას. მომჩივანმა და მისმა დედამ აღნიშნეს, რომ ჰ.ო. ეცადა მათ მოკვლას მანქანით და დაემუქრა მომჩივანს მოკვლით თუკი იგი არ დაუბრუნდებოდა ჰ.ო.-ს. მათ აღნიშნეს, რომ მომჩივანს უკვე დაწყებული ჰქონდა განქორწინების სამართალწარმოება და რომ მას არ სურდა ჰ.ო.-სთან საცხოვრებლად დაბრუნება. მომჩივანის ძმამ და მისმა ცოლმა მიუთითეს, რომ მომჩივანს დედამისმა გადაათქმევინა ქმართან დაბრუნება და რომ მათ არაფერი იცოდნენ ჰ.ო.-სა და მისი მამის მხრიდან განხორციელებული მუქარების შესახებ. ჰ.ო.-მ აღნიშნა, რომ მისი ერთადრთი მიზანი გახლდათ ოჯახის გაერთიანება, მაგრამ მას ამაში ხელს სიდედრი უშლიდა. მან ასევე მიუთითა, რომ იგი მივიდა მომჩივანის ძმასთან და ოჯახის სხვა უფროს წევრებთან დახმარების სათხოვნელად, მაგრამ უშედეგოდ. იგი აღნიშნავდა, რომ არასდროს დამუქრებია მომჩივანს ან მის დედას და რომ მათი ბრალდებები ცილისმწამებლური გახლდათ. ჰ.ო.-ს მამამ მიუთითა, რომ მომჩივანის დედას სურდა მისი ქალიშვილის განქორწინება ჰ.ო.-სთან და სხვა პირზე გათხოვება.
29.1998 წლის 4 აპრილით დათარიღებულ ანგარიშში დიარბაკირის უშიშროების დირექტორატის სამართლისა და წესრიგის დეპარტამენტის დირექტორმა შეატყობინა მთავარ პროკურატურას მომჩივანისა და მისი დედის მიერ წარმოდგენილი ბრალდებების ირგვლივ გამოძიების შედეგები. მან დაასკვნა, რომ მომჩივანმა მიატოვა ქმარი და საცხოვრებლად წავიდა საკუთარ დედასთან. ჰ.ო.-ს მრავალი თხოვნა ცოლისადმი დაბრუნებულიყო უარყოფილ იქნა მიმჩივანის დედის მიერ, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჰ.ო.-ს და აღნიშნა, რომ ჰ.ო. მას ემუქრებოდა. ჰ.ო.-მ 25 დღე გაატარა ციხეში სიდედრზე მანქანის დაჯახების გამო და გათავისუფლების შემდე სთხოვა რამდენიმე მედიატორს დაერწმუნებინათ მისი ცოლი შინ დაბრუნებულიყო. თუმცა, დედამისმა მომჩივანს არ მისცა ჰ.ო.-სთან დაბრუნების უფლება. ორივე მხარე ემუქრებოდა ურთიერთს. შემდეგ დედამ მოისურვა შვილის დაშორება ჰ.ო.-სთან რათა შური ეძია მის ყოფილ ქმარზე, მუდმივად სწამებდა ცილს და "ტყუილად ხარჯავდა" უშიშროების ძალების დროს.
30.1998 წლის 14 აპრილს დიარბაკირის მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა ჰ.ო.-სა და მის მამას ა.ო.-ს მომჩივანისა და მისი დედის მისამართით მკვლელობის მუქარის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 188 § 1 მუხლის საფუძველზე.
31.1998 წლის 30 აპრილს დიარბაკირის სისხლის სამართლის სასამართლომ გაათავისუფლა ჰ.ო. საქმის განხილვის განმავლობაში. მან ასევე აღნიშნა, რომ არ გააჩნდა იურისდიქცია მოცემულ საქმეზე და გადააგზავნა იგი დიარბაკირის ასიზთა სასამართლოში.
32.1998 წლის 11 მაისს ასიზთა სასამართლომ დანაშაული დააკვალიფიცირა მკვლელობის მცდელობად. 1998 წლის 9 ივლისის მოსმენის დროს ჰ.ო.-მ გაიმეორა, რომ ინციდენტი უბედურ შემთხვევას წარმოდგენდა; მანქანის კარი ღია იყო და შემთხვევით მოხვდა მომჩივნებს მანქანის დაძვრისას. მომჩივანმა და მისმა დედამ დაადასტურეს ჰ.ო.-ს ჩვენება და აღნიშნეს, რომ აღარ სურდათ სამართალწარმოების გაგრძელება.
33.1998 წლის 23 ივნისს დიარბაკირის ასიზთა სასამართლომ გაამართლა ჰ.ო. და მისი მამა მკვლელობის მუქარასთან დაკავშირებულ საქმეში მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდებული უარყოფდა ბრალდებებს, ხოლო მომჩივნებმა კი საჩივრები უკან გამოიხმეს. მომჩივანმა განაგრძო ჰ.ო.-სთან თანაცხოვრება.
34.1998 წლის 9 ივლისს მომჩივნის დედას ჩაუტარდა კიდევ ერთი გამოკვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებანი არ იყო სიცოცხლისათვის სახიფათო, მაგრამ საკმარისი იყო მისი 25 დღით შრომისუუნაროდ საღიარებლად.
35.1998 წლის 8 ოქტომბრის მოსმენაზე მომჩივანმა და მისმა დედამ საჩივრები უკან გამოიხმეს. მათ აღნიშნეს, რომ მანქანის კარი ღია იყო და რომ ჰ.ო. შემთხვევით დაეჯახა მათ. ჰ.ო.-ს წინააღმდეგ საჩივრების ირგვლივ დაკითხვისას, მომჩივანმა და მისმა დედამ აღნიშნეს, რომ მათ იჩხუბეს ჰ.ო.-სთან და ბრალდებები სიბრაზის საფუძველზე წაუყენეს.
36.1998 წლის 17 ნოემბერს დიარბაკირის ასიზთა სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმე უნდა შეწყვეტილიყო მომჩივანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, რადგანაც მან უკან გამოიხმო საჩივარი. თუმცა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა რომ მომჩივნის დედამაც გამოიხმო საჩივარი, ჰ.ო. მაინც უნდა ცნობილიყო დამნაშავედ მოცემული სამართალდარღვევისათვის, რადგანაც დაზიანებანი უფრო სერიოზული ხასიათისა გახლდათ. შედეგად, სასამართლომ ჰ.ო.-ს მიუსაჯა სამი თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა. მოგვიანებით საპატიმრო სასჯელი შეიცვალა ჯარიმით.
5. ჰ.ო.-ს მეხუთე თავდასხმა მომჩივანზე, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება
37.2001 წლის 29 ოქტომბერს მომჩივანმა მოინახულა დედამისი. მოგვიანებით იმავე დღეს ჰ.ო.-მ დაურეკა მას და სთხოვა შინ დაბრუნება. მომჩივანმა, შეეშინდა რა, რომ მისი მეუღლე ისევ ძალას გამოიყენებდა მის წინააღმდეგ, უთხრა დედამისს "ეს კაცი მე დამანაკუწებს". დედამ მოუწოდა მომჩივანს დაბრუნებულიყო შინ შვილებთან. 45 წუთის შემდეგ ერთერთი ბავშვი მივიდა მასთან და უთხრა, რომ მამამ დედა დაჭრა და მოკლა. მომჩივანის დედა გაიქცა მის სახლში. მან ნახა, რომ მომჩივანი ძირს იწვა და სისხლი სდიოდა. მეზობლების დახმარებით მან მომჩივანი ტაქსიში ჩასვა და წაიყვანა დიარბაკირის სახელმწიფო საავადმყოფოში. საავადმყოფოს პერსონალმა უთხრა მას, რომ მომჩივანის ვითარება სერიოზული გახლდათ და გადაიყვანეს იგი დიკლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, რომელიც უკეთ იყო აღჭურვილი. მომჩივანის შესახებ სამედიცინო ანგარიშში აღინიშნა, რომ მას სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დანით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. თუმცა ჭრილობები სიცოცხლისათვის სახიფათოდ არ იქნა მიჩნეული.
38.დაახლოებით 11.30-ზე, იმავე დღეს ჰ.ო. ჩაბარდა პოლიციას. პოლიციამ ჩამოართა მას დანა, რომელიც მან გამოიყენა ინციდენტის დროს. ჰ.ო. აღნიშნავდა, რომ მისი ცოლი და ბავშები ჯერ ისევ არ იყვნენ შინ დაბრუნებლნი როდესაც იგი 18 საათზე დაბრუნდა. მან დაურეკა მათ და სთხოვა შინ დაბრუნება. დაბრუნებისას მან ჰკითხა მომჩივანს "რატომ დაბოდიალობ გარეთ? რატომ არ მომიმზადე საჭმელი?" მომჩივანმა უპასუხა "ჩვენ დედაჩემთან ვისადილეთ" და გაუმასპინძლდა ხილით. მათ განაგრძეს დავა. მან ჰკითხა "რატომ დადიხარ დედაშენთან ასე ხშირად? ნუ ივლი ასეთი სიხშირით, იყავი შინ და მიხედე ბავშვებს!" დავა გართულდა და რაღაც მომენტში მომჩივანი მას ჩანგლით დაესხა თავს. მათ დაიწყეს ჩხუბი, რომლის დროსაც მან დაკარგა კონტროლი, აიღო ხილის დანა და დაჭრა ცოლი; არ ახსოვს რამდენჯერ დაარტყა დანა. იგი აცხადებდა, რომ მისი ცოლი მასზე დიდი ტანისა იყო და მას სხვა გზა არ ქონდა რომ არ ეპასუხა მისი თავდასხმისათვის. მან დაამატა, რომ მისი ცოლი არ იყო ცუდი ადამიანი და რომ ისინი ერთად მშვიდად ცხოვრობდნენ ორი წლის წინ. თუმცა, მას შემდეგ რაც მომჩივანის დედამ დაიწყო მათ ქორწინებაში ჩარევა მათ ჩხუბი დაიწყეს. მან აღნიშნა, რომ წუხდა ჩადენილ ქმედების გამო. ჰ.ო. გაათავისუფლეს მისგან ჩვენების მიღების შემდეგ.
39.2001 წლის 31 ოქტომბერს მომჩივნის დედის ადვოკატმა განცხადებით მიმართა დიარბაკირის პროკურატურას. განცხადებაში ადვოკატი აღნიშნავდა, რომ მომჩივანის დედამ უთხრა მას რომ ჰ.ო. სცემდა მის ქალიშვილს ძალიან მწარედ, რაც დაიწყო დაახლოებით ხუთი წლის წინ, რის შემდეგაც იგი დააკავეს და დააპატიმრეს. თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს პირველივე მოსმენაზე. იგი აღნიშნავდა, რომ მისი კლიენტი და მომჩივანი იძულებულნი იყვნენ გამოეტანათ უკან საჩივრები ჰ.ო.-ს მიერ სიცოცხლის მოსპობის განგრძობადი მუქარისა და ზეწოლის გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ დადიოდა ხმები ჰ.ო.-ს ქალთა ტრეფიკინგში ჩართულობის შესახებ. ბოლოს იგი შეეხო 1998 წლის 4 მარტის ინციდენტს (იხ. ზემოთ) აცხადებდა რა, რომ ამგვარი სერიოზული ინციდენტის შემდეგ ჰ.ო.-ს გათავისუფლება მორალურად საზიანო იყო და ითხვოვდა მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.
40.2001 წლის 2 ნოემბერს მომჩივანის ადვოკატმა წარმოადგინა საჩივარი მთავარ პროკურატურაში დიკლის სამდიცინო ფაკულტეტის საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო ანგარიშის ირგვლივ, რომელმაც დაასკვნა რომ მომჩივანის ჭრილობანი არ იყო სიცოცხისათვის სახიფათო. ადვოკატმა მოითხოვა ახალი სამედიცინო გამოკვლევა.
41.2001 წლის 9 ნოემბერს მომჩივანმა შეიტანა განცხადება დიარბაკირის მთავარ პროკურატურაში სადაც ჩიოდა, რომ დავის შედეგად მას ჰ.ო.-მ მიაყენა მრავალი ჭრილობა. იგი თხოვდა პროკურორს გაეგზავნა იგი სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში ახალი სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად.
42.2001 წლის 8 ნოემბერს მომჩივანმა გაიარა ახალი სამედიცინო შემოწმება დიარბაკირის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში პროკურორის ინსტრუქციების შესაბამისად. სასამართლო ექსპერტიზის ექიმმა დაადასტურა დანით მიყენებული ჭრილობების არსებობა მარცხენა მაჯაზე (3 სმ სიგრძის), მარცხენა თეძოზე (5 სმ სიღრმის), კიდევ ერთი 2სმ სიღრმის ჭრილობა მარცხენა თეძოზე და ჭრილობა მარცხენა მუხლს ზემოთ. მან მიიჩნია, რომ მოცემული ჭრილობები არ იყო სიცოცხლისათვის სახიფათო, მაგრამ მომჩივანს შრომისუუნაროდ შეიქმდა შვიდი დღის განმავლობაში.
43.2001 წლის 12 დეკემბერს პროკურორმა საბრალდებო დასკვნა წარმოადგინა დიარბაკირის მაგისტრატთა სასამართლოს წინაშე, რომლის მიხედვითაც ჰ.ო.-ს ბრალს დებდა დანით თავდასხმაში სისხლის სამართლის კოდექსის 456 § 4 და 457 § 1 მუხლების საფუძველზე.
44.2002 წლის 23 მაისის სისხლის სამართლის დადგენილებით დიარბაკირის მეორე მაგისტრატთა სასამართლომ ჰ.ო.-ს დააკისრა 839,957,040 თურქული ლირის ოდენობით ჯარიმა მომჩივანზე დანით თავდასხმის გამო. მან გადაწყვიტა, რომ თანხის გადახდა შესაძლებელი გახლდათ რვა ნაწილობრივი გადარიცხვის შედეგად.
6. მეექვსე ინციდენტი, როდესაც ჰ.ო. დაემუქრა მომჩივანს
45.2001 წლის 14 ნოემბერს მომჩივანმა შეიტანა სისხლის სამართლის საჩივარი დიარბაკირის პროკურატურაში, სადაც მიუთითა, რომ ჰ.ო. მას ემუქრებოდა.
46.2002 წლის 11 მარტს პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ გარდა მომჩივნის ბრალდებებისა არ არსებობდა კონკრეტული მტკიცებულება ჰ.ო.-ს მსჯავრდებისათვის.
7. მომჩივანის დედამ შეიტანა სარჩელი პროკურატურაში სადაც მიუთითა სიცოცხლის მოსპობის შესახებ მუქარაზე ჰ.ო.-სა და ა.ო.-ს მხრიდან
47.2001 წლის 19 ნოემბერს მომჩივანის დედამ შეიტანა სარჩელი პროკურატურაში. განცხადებაში იგი აღნიშავდა, რომ ჰ.ო., ა.ო. და მათი ნათესავები მუდმივად ემუქრებოდნენ მას და მის ქალიშვილს. კერძოდ კი ჰ.ო.-მ მას უთხრა "მოგკლავ შენც, შენს შვილებსაც და მთელს შენს ოჯახსაც!" იგი ასევე აწუხებდა მას და არღვევდა მის პირად სივრცეს მისი საკუთრების ირგვლივ დანებითა და იარაღის თანხლებით გამოჩენით. იგი აღნიშნავდა, რომ ჰ.ო.-ს ბრალი იქნებოდა თუ მას ან მის ოჯახს რაიმე მოუვიდოდა. იგი ასევე შეეხო 2001 წლის 29 ოქტომბრის მოვლენებს, როდესაც მან მომჩივანი დანით დაჭრა (იხ. ზემოთ). განცხადების პასუხად, 2002 წლის 22 ნოემბერს პროკურორმა მისწერა წერილი დიარბაკირის უშიშროების დირექტორატს და სთხოვა მათ აეღოთ ჩვენებები მომჩივანისა და ჰ.ო.-საგან და წარმოედგინათ საგამოძიებო ანგარიში პროკურატურისათვის.
48.ამასობაში, 2001 წლის 14 დეკემბერს მომჩივანმა კიდევ ერთხელ დაიწყო განწორწინების სამართალწარმოება დიარბაკირის სამოქალაქო სასამართლოში.
49.2001 წლის 23 დეკემბერს პოლიციამ ჩვენება ჩამოართვა ჰ.ო.-ს მომჩივანის დედის მიერ წარმოდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით. მან უარყო მის წინააღმდეგ გაკეთებული ბრალდებები და აღნიშნა, რომ მისი სიდედრი, რომელიც ერეოდა მის ქორწინებაში და გავლენას ახდენდა მის ცოლზე ეწეოდა ამორალურ ცხოვრებას და ემუქრებოდა მას. პოლიციამ ჩამოართვა ჩვენებები მომჩივანის დედას 2002 წლის 5 იანვარს. მან მიუთითა, რომ ჰ.ო. მიდიოდა მისი სახლის ზღურბლთან ყოველ დღე, აჩვენებდა დანას ან იარაღს და ემუქრებოდა მას, მის ქალიშვილსა და შვილიშვილებს სიკვდილით.
50.2002 წლის 10 იანვარს ჰ.ო.-ს ბრალად წაეყენა სისხლის სამართლის კოდექსის 191 § 1 მუხლის მიხედვით სასიკვდილო მუქარის წარმოება.
51.2002 წლის 27 თებერვალს მომჩივნის დედამ წარმოადგინა კიდევ ერთი განცხადება დიარბაკირის პროკურატურაში. იგი აღნიშნავდა, რომ ჰ.ო.-ს მუქარა ძლიერდებოდა. ჰ.ო. მეგობრებთან ერთად მას ავიწროვებდა, ემუქრებოდა და აგინებდა ტელეფონით. მან აღნიშნა, რომ მისი სიცოცხლე უშუალო საფრთხის წინაშე იყო და სთხოვა პოლიციას მიეყურადებინათ მისი სატელეფონო საუბრებისათვის და ემოქმედათ ჰ.ო.-ს მისამართით. იმავე დღეს პროკურატურამ თურქეთის ტელეკომის დირექტორატს მოსთხოვა დიარბაკირში პროკურატურისათვის წარედგინათ ყველა იმ ნომრის მონაცემი რომელიც დარეკავდა მომჩივნის ტელეფონზე შემდეგი თვის განმავლობაში. პასუხის მიუღებლობის გამო, პროკურორმა მოთხოვნა გაიმეორა 2002 წლის 3 აპრილს.
52.2002 წლის 16 აპრილს დიარბაკირის მაგისტრატთა სასამართლომ დაკითხა ჰ.ო. სიდედრზე დანით თავდასხმის გამო. მან გაიმეორა იგივე რაც აღნიშნა პოლიციაში და დაამატა, რომ არ სურდა მისი ცოლი წასულიყო დედის სანახავად, რადგან დედა მას ამორალური ცხოვრებისაკენ მოუწოდებდა.
8. მომჩივნის დედის მკვლელობა ჰ.ო.-ს მიერ
53.2001 წლის 29 ოქტომბრის შემდეგ მომჩივანი ცხოვრობდა დედამისთან.
54.სასამართლოსათვის უცნობ დღეს მომჩივნის დედამ აწარმოვა მოლაპარაკებები სატრანსპორტო კომპანიასთან მისი ავეჯის იზმირში გადასატანად. ჰ.ო.-მ შეიტყო მოცემულის შესახებ და სავარაუდოდ უთხრა "სადაც არ უნდა წახვიდე მოგძებნი და მოგკლავ!" მუქარის მიუხედავად 2002 წლის 11 მარტს ავეჯი დაიტვირთა სატრანსპორტო კომპანიის ავტომობილზე. მანქანამ ორი გზა განახორციელა კომპანიის ტრანსფერის ცენტრსა და სახლს შორის. მესამე გზაზე მომჩივნის დედამ სთხოვა მძღოლს შეიძლებოდა თუ არა მასთან ერთად წასულიყო სატრანსფერო ცენტრში. იგი დაჯდა წინა სკამზე, მძღოლის გვერდით. გზად ტაქსი გაჩერდა მანქანის პირდაპირ და დაიწყო სიგნალი. სატრანსპორტო კომპანიის მძღოლი, იფიქრა რა რომ ტაქსი რაიმე მისამართის კითხვას აპირებდა, გაჩერდა. ჰ.ო. გადმოვიდა ტაქსიდან. მან გააღო წინა მგზავრის კარი, სადაც მომჩივნის დედა იჯდა და იყვირა რაღაც ამდაგვარი "სად მიგაქვს ავეჯი?" და ესროლა მას. მომჩივნის დედა ადგილზე გარდაიცვალა.
9. სისხლის სამართალწარმოება ჰ.ო.-ს წინააღმდეგ
55.2002 წლის 13 მარტს დიარბაკირის პროკურატურამ საბრალდებო ოქმი წარმოადგინა დიარბაკირის ასიზთა სასამართლოს წინაშე, რითაც ბრალი წაუყენა ჰ.ო.-ს განზრახ მკვლელობაში სისხლის სამართლის კოდექსის 449 § 1 მუხლის მიხედვით.
56.პოლიციისათვის, პროკურატურისა და სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებებში ჰ.ო. აღნიშნავდა, რომ მან მომჩივნის დედა მოკლა რადგან იგი უბიძგებდა მის ცოლს ამორალური ცხოვრების წარმოებისაკენ, მსგავსად საკუთარისა, და ართმევდა მას საკუთარ ცოლსა და შვილებს. მან ასევე მიუთითა, რომ ინციდენტის დღეს, როდესაც მან გარდაცვლილს ჰკითხა თუ სად მიჰქონდა ავეჯი და თუ სად იყო მისი ცოლი, გარდაცვლილმა უპასუხა "..., მე წავიყვან შენს ცოლს და გავყიდი მას". მან აღნიშნა, რომ დაკარგა კონტროლი და ესროლა მას საკუთარი ღირსებისა და შვილების დასაცავად.
57.2008 წლის 26 მაისით დათარიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებაში, დიარბაკირის ასიზთა სასამართლომ მსჯავრი დასდო ჰ.ო.-ს მკვლელობასა და იარაღის უკანონო ფლობაში. სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა გარდაცვლილის მიერ პროვოკაციის შედეგად და სასამართლო განხილვაზე კარგად მოქცევის გამო, სასამართლომ შეუმსუბუქა თავდაპირველი სასჯელი და მიუსაჯა 15 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და 180 ახალი თურქული ლირა ჯარიმის სახით. მსჯავრდებულის მიერ წინასწარ პატიმრობაში გატარებული დროისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება განიხილებოდა აპელაციაზე, სასამართლომ ბრძანა ჰ.ო.-ს გათავისუფლება.
58.სააპელაციო წარმოება ჯერ ისევ მიმდინარეობს საკასაციო სასამართლოს წინაშე.
10. მოვლენების განვითარება ჰ.ო.-ს გათავისუფლების შემდეგ
59.2008 წლის 15 აპრილით დათარიღებული განცხადებით, მომჩივანმა შეიტანა სისხლისსამართლებრივი საჩივარი იზმირის კემალფაშას მთავარ პროკურატურაში დიარბაკირის მთავარ პროკურატურაში წარსადგენად და შესაბამის ორგანოებს სთხოვა ზომების მიღება მისი სიცოცხლის დასაცავად. მან აღნიშნა, რომ მისი ყოფილი ქმარი, ჰ.ო. გათავისუფლებული იყო ციხიდან და რომ აპრილის დასაწყისში იგი მივიდა მომჩივნის მეგობარი კაცის - მ.მ.-ის სანახავად, რომელიც მუშაობს დიარბაკირის მშენებლოზე და იკითხა მისი მისამართი. ჰ.ო. დაემუქრა მას და უთხრა, რომ მოკლავდა მას და მომჩივანს. მომჩივანი აღნიშნავდა, რომ ჰ.ო.-ს უკვე მოკლული ჰყავდა მისი დედა და უჭოჭმანოდ მოკლავდა მასაც. იგი მუდმივად იცვლიდა მისამართს რათა ჰ.ო.-ს არ მიეგნო მისთვის. საბოლოოდ, მან თხოვა პროკურატურას არ დაემალა განცხადებაზე მითითებული მისი მისამართი თუმცა კონფიდენციალურად შეენახა მისი მეგობარი კაცის სახელი, თუ მას ან მის ნათესავებს რამე მოუვიდოდათ პასუხისმგებელი ჰ.ო. იქნებოდა.
60.2008 წლის 14 მაისს მომჩივნის წარმომადგენელმა შეატყობინა სასამართლოს. რომ მომჩივნის ქმარი გათავისუფლებული იყო ციხიდან და განაახლა მუქარა მომჩივნის მისამართით. იგი ჩიოდა, რომ მიუხედავად მისი თხოვნისა არ მიღებულა არანაირი ზომა. შესაბამისად, იგი სასამართლოს თხოვდა მთავრობისათვის მოეთხოვა ჯეროვანი დაცვის უზრუნველყოფა.
61.2008 წლის 16 მაისით დათარიღებულ წერილში სამდივნომ მთავრობას გადაუგზავნა მომჩივნის თხოვნა კომენტირებისათვის და სთხოვა შეეტყობინებინათ სასამართლოსათვის მის დასაცავად განხორციელებული ზომების შესახებ.
62.2008 წლის 26 მაისს იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში მყოფმა საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა გააგზავნა ფაქსით წერილი დიარბაკირის მთავარ პროკურატურაში მომჩივნის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრების ირგვლივ. მან შეატყობინა მთავარ პროკურატურას, რომ სასამართლოს წინაშე იხილებოდა მომჩივნის სარჩელი და სთხოვა მიეწოდებინათ ინფორმაცია ჰ.ო.-ს სასჯელის აღსრულების მხრივ არსებული მდგომარეობის, იზმირის ქემფაშას მთავარ პროკურატურაში მომჩივანის სისხლისსამართლებრივი საჩივრის მდგომარეობისა და მისი სიცოცხლის დასაცავად მიღებული ზომების შესახებ.
63.იმავე დღეს დიარბაკირის მთავარი პროკურატურის პროკურორმა მისწერა დიარბაკირის გუბერნატორის ოფისს და ჰკითხა მომჩივნის დაცვის მიზნით განხორციელებული ზომების შესახებ.
64.დიარბაკირის მთავარი პროკურატურის 2008 წლის 28 მაისის წერილი დიარბაკირში შეჰიტლერის ცენტრალური პოლიციის დირექტორატისა და პროკურატურისადმი თხოვდა პოლიციას გამოეძახებინა ჰ.ო. გამოძიებასთან დაკავშირებით.
65.2008 წლის 29 მაისს ა.ე.-მ დაკითხრა ჰ.ო. მომჩივანის მიერ შეტანილი სისხლისსამართლებრივი საჩივრის საფუძველზე. ჰ.ო.-მ უარყო ბრალდებები მომჩივნის მიმართ მუქარის განხორციელების თაობაზე და აღნიშნა, რომ იგი ამგვარ ბრალდებებს იმიტომ უყენებდა მას, რომ შეეწუხებინა იგი ციხიდან გამოსვლის შემდეგ. იგი აღნიშნავდა, რომ არანაირ მტრობას არ განიცდიდა მომჩივნის მიმართ და რომ იგი საკუთარ თავს უძღვნიდა თავის ოჯახსა და შვილებს.
66.2008 წლის 3 ივნისს ა.ე.-მ ჩამოართვა ჩვენება მომჩივნის მეგობარ კაცს, მ.მ.-ს. ამ უკანასკნელმა მიუთითა, რომ ჰ.ო.-მ დაურეკა მას და ჰკითხა მომჩივანის მისამართი და უთხრა, რომ მოკლავდა მას. მ.მ. არ შეხვედრია ჰ.ო.-ს და მის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, თუმცა დაურეკა მომჩივანს და შეატყობინა ჰ.ო.-ს მუქარის შესახებ.
67.2008 წლის 20 ივნისის წერილით მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს, რომ მომჩივნის ქმარს ჯერ არ ჰქონდა სასჯელი მოხდილი, მაგრამ გათავისუფლებული გახლდათ გასაჩივრების სამართალწარმოების მიმდინარეობის განმავლობაში, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული წინასწარი პატიმრობის ნებადართული ზღვარის დარღვევა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადგილობრივი გუბერნტორის სამსახური და მთავარი პროკურატურა ინფორმირებულნი იყვნენ მომჩივანის საჩივრის შესახებ და მიღებული ჰქონდათ მითითებანი მის დასაცავად უსაფრთხოების ზომების შესახებ.
68.საბოლოოდ, 2008 წლის 14 ნოემბერს მომჩივანის იურიდიულმა წარმომადგენელმა შეატყობინა სასამართლოს, რომ მისი კლიენტის სიცოცხლე უშუალო საფრთხის წინაშე იყო, რადგანაც შესაბამის ორგანოებს მიღებული არ ჰქონდათ არანაირი ზომა ყოფილი მეუღლისაგან დასაცავად. სასამართლოს სამდივნომ მოცემული წერილი იმავე დღეს გადაუგზავნა მთავრობას და სთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა იმ ზომების შესახებ, რომელიც მათ ჰქონდათ მიღებული მომჩივანის დასაცავად.
69.2008 წლის 21 ნოემბერს მთავრობამ შატყობინა სასამართლოს, რომ პოლიციას მიღებული ჰქონდა კონკრეტული ზომები მომჩივანის დასაცავად მისი ყოფილი ქმრისაგან. კერძოდ კი მომჩივნის ქმრის ფოტო და თითის ანაბეჭდები დაიგზავნა რეგიონის პოლიციის განყოფილებებში, რათა მათ შესძლებოდათ მისი დაკავება მომჩივანის საცხოვრებლის ახლოს გამოჩენის შემთხვევაში. პოლიციამ დაკითხა მომჩივანი მის მიერ წარმოდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ მისი ქმარი მას არ დამუქრებია ბოლო თვენახევრის განმავლობაში.
II. შესაბამისი კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
70.შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის დებულებანი, რომელსაც ეფუძნებოდა სასამართლო მოცემულ საქმეში მოიცავს შემდეგს:
1. სისხლის სამართლის კოდექსი
მუხლი 188
"ძალის გამოყენებით ან მისი მუქარით მეორე პირის იძულება ჩაიდინოს ან თავი შეიკავოს რაიმეს ჩადენისაგან ან მოითხოვოს მისი ნებართვა რაიმე ქმედების ჩასადენად ... ისჯება პატიმრობით ექვსი თვის ვადიდან ერთ წლამდე ვადით და ჯარიმით ერთი ათასადან სამი ათას ლირამდე ..."
მუხლი 191 § 1
"კანონით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ნებისმიერი პირი, რომელიც დაემუქრება მეორე პირს მკაცრი და უსამართლი ზიანის მიყენებით დაისჯება ექვსი თვით პატიმრობით."
მუხლი 449
"თუკი მკვლელობა ჩადენილია:
ა. ცოლის, ქმრის, დის ან ძმის, შვილად ამყვანი დედის, ნაშვილები ბავშვის, დედინაცვალის, მამინაცვალის, გერის, სიმამრის, მამამთილის, სიდედრის, დედამთილის, სიძის ან რძლის მიმართ ... დამნაშავე პასუხს აგებს სამუდამო პატიმრობით..."
მუხლი 456 §§ 1, 2 და 4
"პირი, რომელიც მეორე პირს მიაყენებს ფიზიკურ ტანჯვას ან დააზიანებს მის კეთილდღეობას ან მიაყენებს ცერებრალურ ზიანს სიცოცხლის მოსპობის მიზნის გარეშე, დაისჯება ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადიანი პატიმრობით.
როდესაც მოქმედება წარმოადგენს მსხვერპლის სიცოცხლისადმი საფრთხეს ან იწვევს ორგანოების ან გრძნობების მუდმივ სისუსტეს ან სამეტყველო აპარატის პერმანენტულ სირთულეს ან სახეზე მუდმივ დაზიანებას ან ფიზიკურ ან გონებრივ ავადმყოფობას ოცი ან მეტი დღის ვადით, ან ხელს უშლის დაზარალებულს მისი ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულებაში იმავე რაოდენობის დღეების განმავლობაში, დამნაშავეს მიესჯება ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა.
...
თუკი მოქმედებას არ გამოუწვევია ავადმყოფობა ან ხელი არ შეუშლია მსხვერპლისათვის განეხორციელებინა მისი ჩვეული სამუშაოს შესრულება ან მოცემული ვითარება არ გაგრძელებულა ათ დღეზე ხანგრძლივი ვადით, დამნაშავე პასუხს აგებს პატიმრობით ორიდან ექვს თვემდე ვადით ან დაეკისრება დიდი ჯარიმა თორმეტი ათასიდან ასორმოცდაათი ათას ლირამდე ოდენობით, იმ პირობით რომ დაზარალებული პირი წარმოადგენს საჩივარს..."
მუხლი 457
"თუკი 456-ე მუხლში მითითებული მოქმედებანი ჩადენილია 449-ე მუხლში აღნიშნული პირების წინააღმდეგ ან თუკი მოქმედებანი ჩადენილია ფარული ან აშკარა იარაღით ან საზიანო ქიმიური ნივთიერებებით, სასჯელი გაიზრდება ძირითადი სასჯელის მესამედიდან ნახევრამდე ოდენობით."
მუხლი 460
"456-ე და 459-ე მუხლებში მითითებულ ვითარებებში, როდესაც დევნის დაწყება დამოკიდებულია (მსხვერპლის მიერ) საჩივრის წარდგენაზე, თუკი მომჩივანი უკან გამოიხმობს საჩივარს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, დევნა შეწყდება."
2. ოჯახის დაცვის შესახებ კანონი (კანონი ნო.4320, 14 იანვარი 1998)
მუხლი 1
"თუ მეუღლე ან ბავშვი ან ოჯახს სხვა წევრი, მცხოვრები ერთ ჭერქვეშ დაექვემდებარება ოჯახურ ძალადობას და თუ სამოქალაქო საქმეების განმხილველი მაგისტრატთა სასამართლო არ მიიღებს აღნიშნული ფაქტის შესახებ შეტყობინებას მოცემული პირის ან მთავარი პროკურატურის მხრიდან, მოსამართლე, ინციდენტის ბუნების გათვალისწინებით, უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით დაადგინოს ერთი ან მეტი ქვემორე მოცემული ზომის ან სხვა მსგავსი ზომის გამოყენება, რომელსაც ის საჭიროდ მიიჩნევს. თავდამსხმელ მეუღლეს შესაძლებელია მოეთხოვოს:
(ა) არ განახორციელოს ძალადობრივი ქმედება ან მუქარა მეუღლის ან შვილების მიმართ (ან ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახის სხვა წევრების მიმართ),
(ბ) დატოვოს საერთო სახლი და დაუთმოს იგი მეუღლესა და შვილებს, მათი არსებობის შემთხვევაში და არ მიუახლოვდეს სახლს სადაც ცხოვობენ მისი მეუღლე და შვილები, ან მათ სამუშაო ადგილებს,
(გ) არ დააზიანოს მეუღლის ქონება (ან ბავშვების ან ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახის სხვა წევრების),
(დ) არ შეაწუხოს მეუღლე და შვილები (ან ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახის სხვა წევრები) საკომუნიკაციო დანადგარების გამოყენებით,
(ე) სამართალდამცავებს ჩააბაროს ნებისმიერი იარაღი ან მსგავსი დანადგარი,
(ვ) არ მივიდეს საერთო სახლში ალკოჰოლის ან სხვა გამაბრუებელი ნივთიერების გავლენის ქვეშ მყოფი, არ გამოიყენოს ამგვარი ნივთიერებები საერთო სახლში.
ზემოთხსენებული ზომები შესაძლოა დაწესდეს არაუმეტეს ექვსი თვის ვადით. დამნაშავე მეუღლე გაფრთხილებულ იქნას დაკისრებული ზომების შეუსრულებლობიდან გამომდინარე შედეგების, მათ შორის დაკავების და პატიმრობის მისჯის შესახებ. მოსამართლემ შესაძლოა მოითხოვოს დროებითი საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა, მსხვერპლის ცხოვრების სტანდარტის გათვალისწინებით.
1 ნაწილის საფუძველზე წარმოდგენილი განაცხადს არ დაეკისრება სასამართლო ბაჟი."
მუხლი 2
" სასამართლო დაცვის ორდერის ასლს გადაუგზავნის მთავარ პროკურატურას. მთავრი პროკურატურა განახორციელებს ბრძანების აღსრულების ზედამხდველობას სამართალდამცავი ორგანოების საშუალებით.
დაცვის ორდერისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანო საკუთარი ინიციატივით განახორციელებს გამოძიებას, მსხვერპლისაგან საჩივრის წარდგენის საჭიროების გარეშე და გადასცემს დოკუმენტებს პროკურატურას დაუყოვნებლივ.
მთავარი პროკურატურა დევნას განახორციელებს მაგისტრატთა სასამართლოში იმ მეუღლის წინააღმდეგ, რომელიც არ დაემორჩილება დაცვის ორდერს. საქმეზე მოსმენის ჩატარების ადგილის განსაზღვრა და დაჩქარებული წარმოება განხორციელდება ნო.3005 კანონის დებულებათა შესაბამისად ფლაგრანტე დელიცტო საქმეების პროცედურის მიხედვით."
3. ოჯახის დაცვის შესახებ კანონის საიმპლემენტაციო დებულებები, 1 მარტი 2008
71.მოცემული დებულებები, რომლებიც შეიქმნა კანონი ნო. 4320 საიმპლემენტაციოდ, აყალიბებს იმ ზომებს, რომელიც უნდა განხორციელდეს ოჯახური ძალადობის ჩამდენი ოჯახის წევრების მიმართ და ადგენს იმ პროცედურებსა და პრინციპებს, რომელიც უნდა განსაზღვრავდეს მოცემული ზომების გამოყენებას ოჯახურ ძალადობას დაქვემდებარებული ოჯახის წევრების დასაცავად.
ბ. შესაბამისი საერთაშორისო და შედარებითი სამართალი
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია ოჯახურ ძალადობასა და ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციასთან მიმართებაში
72.კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (ჩEDAჭ) მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1979 წელს. თურქეთმა მისი რატიფიცირება მოახდინა 1986 წლის 19 იანვარს.
73.CEDAWგანმარტავს ქალთა დისკრიმინაციას როგორც " ... ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან შეზღუდვას, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება ან სრული უარყოფა." სახელმწიფოთა ვალდებულება, განსაზღვრული CEDAWმე-2 მუხლში, აღნიშნავს შემდეგს:
"მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალის დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას, თანახმა არიან ყველა შესატყვისი საშუალებით, დაუყოვნებლივ განახორციელონ ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის პოლიტიკა და ამ მიზნით, კისრულობენ ვალდებულებას:
...
ე) მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ნებისმიერი პირის, ორგანიზაციისა თუ საწარმოს მხრიდან ქალის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად;
ვ) მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, საკანონმდებლოს ჩათვლით, იმ მოქმედი კანონების, დადგენილებების, ჩვეულებებისა და პრაქტიკის შასაცვლელად ან გასაუქმებლად, რომელიც ქალის დისკრიმინაციას აწესებს."
74.ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა (შემდგომში "CEDAWკომიტეტი") დაადგინა, რომ "სქესზე დაფუძნებული ძალადობა წარმოადგენს დისკრიმინაციის ფორმას, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ქალთა უნარს ისარგებლონ უფლებებითა და თავისუფლბებით მამაკაცებთან თანასწორ საწყისებზე" და შესაბამისად იკრძალება CEDAW 1 მუხლით. სქესზე დაფუძნებული ძალადობის ზოგად კატეგორიაში, კომიტეტი მოიაზრებს ძალადობას "ინდივიდუალური მოქმედებით" და "ოჯახურ ძალადობას". შესაბამისად, სქესზე დაფუძნებული ძალადობა კავშირშია სახელმწიფოს ვალდებულებებთან. ზოგადი რეკომენდაცია ნო. 19 გვთავაზობს ამგვარი ვალდებულებების კატალოგს და მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას "განახორციელოს ყველა სამართლებრივი და სხვა ზომები რაც საჭირო გახლავთ ქალთა დასაცავად სქესზე დაფუძნებული ძალადობისაგან, მათ შორის სისხლისსამართლებრივი სანქციები, სამოქალაქო მისაგებლები და საკომპენსაციო დებულებანი, რათა ქალები დაცულ იყვნენ ძალადობის ნებისმიერი ფორმისაგან." დასკვნით კომენტარებში თურქეთის მეოთხე და მეხუთე პერიოდულ ანგარიშზე პასუხად (შემდგომში "დასკვნითი კომენტარები") "CEDAWკომიტეტმა" გაიმეორა, რომ ძალადობა ქალების წინააღმდეგ, მათ შორის ოჯახური ძალადობა წარმოადგენდა დისკრიმინაციის ფორმას (იხ. CEDAW/C/TUR/4-5 and Corr.1, 15 თებერვალი 2005, § 28 ).
75.ამასთანავე, ზოგად რეკომენდაცია ნო.19-ში მოცემულ განმარტებებში "CEDAWკომიტეტმა" მიუთითა შემდეგი:
" ...6. კონვენცია 1 მუხლში განმარტავს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციას. დისკრიმინაციის განმარტება მოიცავს სქესზე დაფუძნებულ ძალადობას, ანუ ძალადობას მიმართულს ქალის წინააღმდეგ იმის გამო, რომ იგი ქალია ან იმ ფორმებს რომელიც ქალებზე არაპროპორციულად ვრცელდება. იგი მოიცავს ფიზიკური, გონებრივი თუ სექსუალური ზიანისა თუU ტანჯვის მიყენებას, ამგვარი ქმედებების განხორციელების მუქარას, იძულებას და თავისუფლების სხვა შეზღუდვებს. სქესზე დაფუძნებული ძალადობა შესაძლებელია არღვევდეს კონვენციის კონკრეტულ დებულებებს, მიუხედავად იმისა თუ რამდენად აშკარად არის ხსენებული ძალადობა აღნიშნულ დებულებებში.
7. სქესზე დაფუძნებული ძალადობა, რომელიც ასუსტებს ან უარყოფს ქალთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სარგებლობას ზოგადი საერთაშორისო სამართლისა თუ ადამიანის უფლებათა კონვენციების შესაბამისად, წარმოადგენს დისკრიმინაციას კონვენციის 1 მუხლის მნიშვნელობით.
კომენტარები კონვენციის კონკრეტულ მუხლებზე
...
მუხლები 2(ვ) და 10 (გ)
11. ტრადიციული დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც ქალები კაცის ქვემდგომად ითვლებოდნენ ან ეკისრებოდათ სტერეოტიპული ფუნქციების განხორციელების ვალდებულება, ჯერ ისევ იწვევს ძალადობისა თუ იძულების ფართოდგავრცელებულ პრაქტიკას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას და შეურაცხყოფას, იძულებით ქორწინებას, მზითევთან დაკავშირებულ გარდაცვალებებს, მჟავით თავდასხმასა და ქალთა წინადაცვეთას. ამგვარი განწყობები და პრაქტიკა ამართლებს სქესზე დაფუძნებულ ძალადობას როგორც ქალთა დაცვისა თუ კონტროლის ფორმას. ძალადობა ქალის ფიზიკურ და გონებრივ შეუვალობაზე შედეგად ართმევს მათ ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობისა და გამოყენების საშუალებას და მათ შესახებ ცოდნას. მოცემული კომენტარი უპირატესად ვრცელდება რეალურ ან დამუქრებულ ძალადობაზე, სქესზე დაფუძნებული ძალადობის შედეგები ხელს უწყობს ქალთა სუბორდინირებულ როლებში შენარჩუნებას და ეხმარება მათი პოლიტიკური ჩართულობის დაბალი ზღვარის შენარჩუნებასა და მწირ განათლებას, უნარებსა და დასაქმების შესაძლებლობებს."
76.საქმეში A.T. v. Hungary (2005 წლის 26 იანვრის განჩინება), სადაც მომჩივანი აღნიშნავდა, რომ მისი მეუღლე (ჩვეულებითი სამართლის მიხედვით) და მისი ორი შვილის მამა მას ფიზიკურაც უსწორდებოდა და ემუქრებოდა 1998 წლიდან მოყოლებული, CEDAWკომიტეტმა მიმართა უნგრეთს "უზრუნველეყო მომჩივანისა და მისი ოჯახის ფიზიკური და გონებრივი შეუვალობა" ისევე როგორც მიეცა მისთვის ბავშვებთან ერთად უსაფრთხო საცხოვრებელი და ბავშვის დახმარება, იურიდიული დახმარება და გაეცა კომპენსაცია მისი უფლებების დარღვევის პროპორციულად. კომიტეტმა ასევე წარუდგინა რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია უნგრეთს ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ქალთა დაცვის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ეფექტიანი გამოძიების, სამართლებრივი და მართლმსაჯულების პროცესების დადგენისა და მკურნალობისა და დახმარების რესურსების გაზრდის გზით.
77.საქმეში Fatma Yıldırım v. Austria (2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება) რომელიც ეხებოდა ქ-ნი ილდირიმის მკვლელობას მისი ქმრის მიერ, CEDAWკომიტეტმა დაადგინა, რომ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ დაარღვია მისი ვალდებულება დაეცვა ფატმა ილდირიმი. შესაბამისად, მან დაასკვნა, რომ წევრმა სახელმწიფომ დაარღვია CEDAWკონვენციის 2(ა) და (გ) - (ვ) დებულებები, ისევე როგორც მე-3 მუხლი კომიტეტის მე-19 ზოგად რეკომენდაციასთან ერთობლიობაში, და გარდაცვლილი ფატმა ილდირიმის სიცოცხლისა და ფიზიკური და გონებრივი შეუვალობის შესაბამისი უფლებები.
78.გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ (1993) 4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს "განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები".
79.2006 წლის 20 იანვრით დათარიღებულ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის წინაშე წარდგენილ მესამე ანგარიშში (E/CN.4/2006/61) ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ არსებობს ჩვეულებითი სამართლის ნორმა რომელიც "სახელმწიფოებს ავალდებულებს ჯეროვნად აიცილონ თავიდან და სათანადოდ უპასუხონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობას."
2. ევროპის საბჭო
80.2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაში რეკ(2002)5, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა inter alia რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმრების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით.
81.მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე აღნიშნავდა, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ დამამძიმებელ ან გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
82.ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს ოჯახში ძალადობის ყველა ფორმა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად დაეკვალიფიცირებინათ და გაეთვალისწინებინათ იმგვარი ზომების მიღება, inter alia, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას განესაზღვრა დროებითი ზომები მსხვერპლთა დასაცავად, დამნაშავისათვის კონტაქტის, მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებისა და მიახლოების, დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრების ან შესვლის ასაკრძალად, დადგენილი ზომების ნებისმიერი დარღვევისათვის სასჯელის დაკისრება დამნაშევეზე და პოლიციის, სამედიცინო და სოციალური სერვისებისათვის სავალდებულო რეაგირების ოქმის შექმნა.
3. ინტერ-ამერიკული სისტემა
83.საქმეში Velazquez-Rodriguez ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ აღნიშნა:
"უკანონო მოქმედებამ, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და რომელიც თავდაპირველად არ არის უშუალოდ სახელმწიფოზე მიკუთვნებადი (მაგალითად იმის გამო, რომ წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ ჩადენილ ქმედებას ან იმიტომ, რომ ვერ დადგინდა დამნაშავეს ვინაობა) შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფოს საერთაშორისო პასუხისმგებლობა არა უშუალოდ მოქმედების გამო, არამედ იმის გამო, რომ სახელმწიფომ არ განახორციელა ჯეროვანი ქმედებანი დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან არ გასცა სათანადო პასუხი, როგორც ეს მოითხოვებოდა კონვენციის მიერ."
84.სახელმწიფოს პასუხისმგებლობისადმი კერძო მოქმედებების მიკუთვნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფოს უუნარობა დაემორჩილოს ვალდებულებას და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც ეს არის აღნიშნული ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის 1(1) მუხლში. ინტერ-ამერიკული სასამართლოს პრაქტიკა ასახავს მოცემულ პრინციპს სახელმწიფოსადმი საერთაშორისო პასუხისმგებლობის ხშირი დაკისრებით მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციის, გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის ან ოჯახებისათვის სათანადო რეპარაციების მიკუთვნებისას ჯეროვანების ნაკლებობის გამო.
85.ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენციის, დასჯისა და აღმოფხვრის 1994 წლის ინტერ-ამერიკული კონვენცია (Belém do Pará Convention) განსაზღვრავს სახელმწიფოთა ვალდებულებებს სქესზე დაფუძნებული ძალადობის აღმოსაფხვრელად. იგი წარმოადგენს ერთადერთ მრავალმხრივ ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებას, რომელიც ეხება მხოლოდ ქალთა წინააღმდეგ ძალადობას.
86.ინტერ-ამერიკული კომისია იზიარებს ინტერ-ამერიკული სასამართლოს მიდგომას სახელმწიფო პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კერძო პირთა მოქმედებისა და უმოქმედობის საფუძველზე. საქმეში Maria Da Penha v. Brazil, კომისიამ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მიერ ჯეროვანი მოქმედებების განუხორციელებლობა ოჯახური ძალადობის პრევენციისა და გამოძიების შესახებ იწვევდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ამერიკული კონვენციის და Belém do Pará Convention მიხედვით. ამასთანავე, ბრაზილიამ დაარღვია მომჩივანის უფლებები და არ განახორციელა მისი ვალდებულებანი (inter alia, Belém do Pará კონვენციის მე-7 მუხლის მიხედვით, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებს დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმა), მათ შორის განხორციელებული უმოქმედობითა და დამდგარი ძალადობისადმი შემწყნარებლობით. უფრო კონკრეტულად კი, კომისიამ აღნიშნა შემდეგი:
" ... სახელმწიფო ორგანოთა შემწყნარებლობა არ იფარგლება მხოლოდ ამ საქმით; მეტიც, იგი ზოგად წესს უფრო წარმოადგენს. მოცემული სიტუაციის უგულვებელყოფა მთელი სისტემის მიერ ემსახურება ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ფსიქოლოგიური, სოციალური და ისტორიული საფუძვლებისა და მიზეზების შენარჩუნებასა და წახალისებას.
იმის გათვალისწინებით, რომ მარია და პენიას მიერ განცდილი ძალადობა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი მოქმედებების ზოგადი უგულვებელყოფისა და ნაკლებობის დასტურს დამნაშავეთა გასამართლებისა და მსჯავრდების არარსებობის სახით, კომისიის აზრით მოცემული საქმე წარმოადგენს არა მხოლოდ გასამართლებისა და მსჯავრდების ვალდებულების უგულვებელყოფას, არამედ მსგავსი დამამცირებელი შემთხვევების პრევენციის ვალდებულების დარღვევასაც. ზოგადი და დისკრიმინაციული სასამართლო არაეფექტიანობა ამასთანავე ქმნის ოჯახური ძალადობისათვის სახარბიელო ამინდს, რადგანაც საზოგადოება ვერ ხედავს სახლმწიფოს, როგორც საზოგადოების წარმომადგენლის სურვილს გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამგვარი მოქმედებების დასასჯელად."
4. შედარებითი სამართლის მასალები
87.ევროპის საბჭოს 11 წევრ სახელმწიფოში, კერძოდ ალბანეთში, ავსტრიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ესტონეთში, საბერძნეთში, იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, სან მარინოში, ესპანეთში და შვეიცარიაში სახელმწიფო ორგანოებს ევალდებათ სისხლის სამართალწარმოების გაგრძელება ოჯახური ძალადობის საქმეებში მსხვერპლის მიერ წარმოდგენილი საჩივრის უკან გამოხმობის მიუხედავად.
88.27 წევრ სახელმწიოში, კერძოდ კი ანდორაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელგიაში, ბულგარეთში, კვიპროსში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დანიაში, ინგლისსა და უელსში, ფინეთში, ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიის რესპუბლიკაში, საფრანგეთში, საქართველოში, გერმანიაში, უნგრეთში, ირლანდიაში, ლატვიაში, ლუქსემბურგში, მალტაში, მოლდოვაში, ნიდერლანდებში, რუსეთის ფედერაციაში, სერბიაში, სლოვაკეთში, შვედეთში, თურქეთში და უკრაინაში ხელისუფლებას გააჩნია თავისუფალი შეფასების ზღვარი რათა გადაწყვიტოს თუ რამდენად საჭიროა ოჯახური ძალადობის ჩამდენთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გაგრძელება. სამართლებრივ სისტემათა მნიშვნელოვანი ნაწილი განასხვავებს დანაშაულებს, რომელიც გახლავთ კერძოდ გასამართლებადი (რომლისთვისაც მსხვერპლის საჩივარი წინაპირობას წარმოადგენს) და საჯაროდ გასამართლებადი (როგორც წესი უფრო სერიოზული დანაშაულები, რომელთა შემთხვევაშიც გასამართლება საჯარო ინტერესს განეკუთვნება).
89.ზემოთხსენებული 27 სახელმწიფოს კანონმდებლობიდან და პრაქტიკიდან ჩანს, რომ გადაწყვეტილება გაგრძელდეს თუ არა საქმე მაშინ როდესაც მსხვერპლმა უკან გამოიხმო მისი საჩივარი, განეკუთვნება ბრალმდებელი ორგანოების პრეროგატივას, რომელიც უწინარეს ყოვლისა ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესს სისხლის სამართალწარმოების გაგრძელებისას. რიგ იურისდიქციებში, მაგალითად ინგლისსა და უელსში, გადაწყვეტილების მიღებისას, გაგრძელდეს თუ არა სისხლის სამართალწარმოება ოჯახური ძალადობის ჩამდენთა წინააღმეგ, ბრალმდებელი ორგანოები (სამეფო პროკურატურა) ვალდებულნი არიან განიხილონ რიგი ფაქტორები, მათ შორის: სამართალდარღვევის სერიოზულობა; მსხვერპლის მიადგა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზიანი; გამოიყენა თუ არა მოპასუხემ იარაღი; თავდასხმის მერე განახორციელა თუ არა მოპასუხემ მუქარა; მოპასუხემ დაგეგმა თუ არა თავდასხმა; ოჯახში მცხოვრებ ბავშვებზე გავლენა (მათ შორის ფსიქოლოგიური); მოპასუხის მიერ თავდასხმის განმეორების ალბათობა; მსხვერპლის ან ნებისმიერი პირის, რომელიც იყო ან შეიძლება გახდეს ჩართული ვითარებაში, მიმართ ჯანმრთელობისა და უსაფრთოებისადმი გაგრძობადი საფრთხე; მსხვერპლის ახლანდელი ურთიერთობა მოპასუხესთან; მსხვერპლის სურვილის წინააღმდეგ სამართალწარმოების გაგრძელების შედეგად გავლენა ურთიერთობაზე; ურთიერთობის ისტორია, კერძოდ კი ადგილი ჰქონდა თუ არა ძალადობრივ შემთხვევებს წარსულში; მოპასუხის კრიმინალური წარსული, კერძოდ კი ჰქონდა თუ არა ჩადენილი აქამდე ძალადობა. მოქმედებების შემდგომი განვითარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აქცენტი კეთდება ბალანსის დაჭერაზე მსხვერპლისა და ბავშვთა მე-2 და მე-8 მუხლით დაცულ უფლებებზე.
90.რუმინეთი გახლავთ ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც სისხლის სამართალწარმოების გაგრძელებას აფუძნებს სრულიად და ყველა ვითარებაში მსხვერპლის სურვილებზე/საჩივრებზე.
ბ. ანგარიშები თურქეთში ოჯახური ძალადობისა და ქალთა მდგომარეობის შესახებ
1. იასამნისფერი სახურავის ქალთა თავშესაფრის ფონდის (Mor Çatı Kadın Sığınağı Vakfı) ანგარიში 2007 წლის 7 ივლისით დათარიღებული ნო. 4320 კანონის იმპლემენტაციის შესახებ
91.მოცემული ანგარიშის მიხედვით კანონი ნო. 4320 (იხ. პარაგრაფი 70, ზემოთ) ჯერ არ არის სრულად იმპლემენტირებული. ბოლო წლებში გაიზარდა "დაცვის ორდერებისა" თუ სასამართლო ორდერების გამოცემა საოჯახო სასამართლოების მიერ. თუმცა, რიგი სასამართლოები, სიცოცხლის საფრთხის წინაშე მყოფი ქალების მიერ წარმოდგენილი განაცხადების პასუხად მაინც ნიშნავენ მოსმენებს ორი და ხანდახან სამი თვის დაგვიანებით. მოცემულ პირობებში, მოსამართლეები და პროკურორები ნო.4320 კანონით განსაზღვრულ მოქმედებებს იყენებენ ისე, თითქოს ეს უკანასკნელი წარმოადგენდეს განქორწინების შესახებ დავას, მაშინ როდესაც კანონი მიზნად ისახავს დაუყოვნებელ მოქმედებას იმ ქალთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ საკუთარი სიცოცხლის დაცვას. სასამართლო ორდერის გამოცემის შემდეგ, ქალებს უდგებათ რიგი პრობლემები მათი იმპლემენტაციის გზაზე.
92.ანგარიშის გამოცემამდე ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 900 ქალმა მიმართა Mor Çatı -ს და არ დაიშურა ძალისხმევა ესარგებლათ ნო. 4320 კანონით, თუმცა მათგან მხოლოდ 120 მიაღწია მიზანს. Mor Çatı-მ დაადგინა სერიოზული პრობლემების არსებობა კანონი ნო. 4320 იმპლემენტაციის გზაზე. კერძოდ კი აღინიშნა, რომ ოჯახური ძალადობა ჯერ კიდევ სარგებლობს გარკვეული შემწყნარებლობით პოლიციის განყოფილებებში და რომ რიგი პოლიციის ოფიცრები ცდილობენ არბიტრის როლის მორგებას, ან იკავებენ კაცის მხარეს ან სთავაზობენ ქალებს გამოიტანონ საჩივარი. არსებობს სერიოზული პრობლემები კანონი ნო. 4320 საფუძველზე გამოცემული სასამართლო ორდერის ქმრისათვის მიტანისას. რიგი ქალების მიერ Mor Çatı-სთან მუშაობის სურვილის გამოთქმისას, სასამართლო ორდერები არ იქნა იმპლემენტირებული, რადგან მათი ქმრები პოლიციის ოფიცრები იყვნენ ან მეგობრული ურთიერთობა ჰქონათ ამა თუ იმ პოლიციის განყოფილების ოფიცრებთან.
93.ამასთანავე, ხშირია გაუმართლებელი გაჭიანურება სასამართლოს მიერ სასამართლო ორდერის გამოცემისას. აღნიშნული შედეგად იწვევს დამოკიდებულებას, როდესაც სასამართლოები ოჯახური ძალადობის შესახებ საჩივრებს განიხლავენ განქორწინების სამართალწარმოების მსგავსად. მიიჩნევა, ამგვარი გაჭიანურებების მიღმა დგას ეჭვი, რომ ქალებმა შესაძლოა წარმოადგნინონ ამგვარი განაცხადები მაშინ როდესაც ისინი ძალადობას არც კი დაქვემდებარებულან. ბრალდება, რომ ადგილი აქვს კანონი 4320 -ის ბოროტად გამოყენებას არ არის მართებული. იმის გამო, რომ ეკონომიკური ტვირთი თითქმის 100%-ით მამაკაცს ეკისრება, ქალისათვის შეუძლებელს ხდის მოითხოვოს კანონი ნო. 4320 იმპლემენტაცია, თუკი უშუალოდ სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე. დაბოლოს, სასამართლო ორდერები საკმაოდ შეზღუდული ხასიათისაა ან იშვიათია მათი ვადის გაგრძელეა სასამართლოების მიერ.
2. კვლევითი ანგარიში წარმოდგენილი ქალთა უფლებების ინფორმაციისა და იმპლემენტაციის დიარბაკირის ადვოკატთა ასოციაციის მიერ (KA‑MER) ნო. 4329 კანონის იმპლემენტაციის შესახებ, დათარიღებული 2005 წლის 25 ნოემბრით
94.მოცემული ანგარიშის მიხედვით, თურქეთში განვითრდა ძალადობის კულტურა და ძალადობა შეწყნარებულია ცხოვრების მრავალ სფეროში. დიარბაკირის სამოქალაქო საქმეების მაგისტრატთა (sulh hukuk mahkemesi) და სამი სამოქალაქო სასამართლოს (asliye hukuk mahkemesi) მიერ განხილული სასამართლო დავების ანალიზის მიხედვით 1998 წლიდან, როდესაც კანონი ძალაში შევიდა, 2005 წლის სექტემბრამდე ნო. 4320 კანონის მიხედვით განხილულ იქნა 183 საქმე. მათ შორის 104 შემთხვევაში სასამართლომ განსაზღვრა სხვადასხვა ზომები, ხოლო დანარჩენ 79 შემთხვევაში კი აღნიშნა, რომ არ არსებობდა საფუძველი გამოეცა ორდერი, უარი განაცხადა მიეღო რაიმე ზომა ან აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე არ გააჩნდა იურისდიქცია.
95.მიუხედავად ოჯახური ძალადობის პრობლემის მნიშვნელობისა, ძალიან მცირე რაოდენობის მომჩივანს თუ უსარგებლია მოცემული კანონით, რადგანაც ან საზოგადოებამ ზოგადად არ იცის მის შესახებ ან ნდობის მასშტაბი სამართალდამცავი ორგანოებისადმი ძალიან დაბალია მოცემულ რეგიონში. პრობლემათა უმეტესობა გამოწვეული გახლდათ სასამართლო ორდერების გამოცემის დაგვიანებით და ხელისუფლების მიერ მათი იმპლემენტაციის ზედამხედველობის არარსებობით.
96.ამასთანავე, პოლიციის ოფიცერთა ნეგატიური დამოკიდებულება პოლიციის განყოფილებებში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მიმართ წარმოადგენს ერთ-ერთ დაბრკოლებას ქალების მიერ მოცემული კანონით სარგებლობის გზაზე. ქალები, რომლებიც მიდიან პოლიციის განყოფილებაში ოჯახურ ძალადობას დაქვემდებარების გამო აღმოჩნდებიან ისეთი დამოკიდებულების წინაშე, რომელიც მიიჩნევს, რომ ოჯახის პრობლემა წარმოადგენს პირად საკითხს, რომელშიც ჩარევა პოლიციას არ სურს.
97.მოცემული ანგარიში ადგენს რეკომენდაციებს ნო. 4320 კანონის იმპლემენტაციისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის გასაუმჯობესებლად.
3. დიარბაკირის KA-MER გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზის სტატისტიკა 1997 წლის 1 აგვისტოდან 2007 წლის 30 ივნისამდე
98.მოცემული სტატისტიკური ინფორმაციის შესახებ ანგარიში მომზადდა 2,484 ქალთან ჩატარებული ინტერვიუს შედეგად. როგორც ჩანს ყველა მომჩივანი დაექვემდებარა ფსიქოლოგიურ ძალადობას და 60% კი ფიზიკურ ძალადობას. მსხვერპლთა უდიდესი რაოდენობა ხვდება 20-30 წლის ასაკობრივ ჯგუფში (43%). მათგან 57% დაოჯახებულია. მსხვერპლთა უმრავლესობას არ აქვს მიღებული განათლება ან აქვს დაბალი განათლების მაჩვენებელი. მათ შორის 78% არის ქურდისტანული წარმოშობის. მსხვერპლთა 91%, რომელმაც დარეკა გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზე, არის დიარბაკირიდან. მსხვერპლთა 85% არ გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო.
4. AMNESTY INTERNATIONAL 2004 წლის ანგარიში "თურქეთი: ქალები ოჯახური ძალადობის წინაშე"
99.ანგარიშის მიხედვით, სტატისტიკური ინფორმაცია თურქეთში ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ შეზღუდული და არასარწმუნოა. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ ოჯახური ძალადობის კულტურა ქალებს ორმაგი განსაცდელის წინაშე აყენებს როგორც ძალადობის მსხვერპლებებს, ისე სამართალზე წვდომაშეზღუდულ პირებს. ქალები მოწყვლადი ჯგუფებიდან, მაგალითად მცირე შემოსავლიანი ოჯახებიდან ან კონფლიქტისა თუ ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დევნილობაში მყოფები, განსაკუთრებით დიდი საფრთხის ქვეშ არიან. ამ მხრივ დადგინდა, რომ დანაშაულები ქალების წინააღმდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში დიდწილად დაუსჯელია.
100.აღინიშნა, რომ ქალთა უფლებების დამცველები იბრძვიან საზოგადოების დამოკიდებულების შესაცვლელად, რადგან იგი შემწყნარებელია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მიმართ. ხშირად იგივე პოზიციას იზიარებენ მოსამართლეები, მთავრობის მაღალჩინოსანი წარმომადგენლები და საზოგადოებრივი აზრის ლიდერები. მას შემდეგად კი, რაც საკანონმდებლო ცვლილებებით მოიხსნა სამართლებრივი ავტორიზაცია დისკრიმინაციული მოპყრობისათვის, დამოკიდებულება, რომელიც ზეწოლას ახორციელებს ქალებზე ადასტურებს, რომ ქცევის რიგი წესები მაინც ზღუდავენ ქალთა არჩევანს.
101.ანგარიში მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის სისტემის ვერცერთ დონეზე ხელისუფლება ვერ ახერხებს დროულად ან მკაცრად უპასუხოს ქალთა საჩივრებს გაუპატიურების, სექსუალური ძალადობის და ოჯახში სხვა ძალადობის ფორმებთან დაკავშირებით. პოლიცია ინერტულია ოჯახური ძალადობის პრევენციასა და გამოძიებასთან მიმართებაში, მათ შორის ქალთა ძალადობრივად გარდაცვალების შემთხვევაშიც კი. პროკურორები უარს აცხადებენ დაიწყონ გამოძიება იმ საქმეებზე, რომლებიც მოიცავენ ოჯახურ ძალადობას და არ იღებენ დაცვით ზომებს იმ ქალთა მიმართ, რომლებიც საფრთხის წინაშე არიან ოჯახში ან საზოგადოებაში. პოლიცია და საამართლოები არ უზრუნველყოფენ რომ კაცები, რომლებსაც ეგზავნებათ სასამართლო ორდერი, მათ შორის დაცვის ორდერები, დაემორჩილონ მას. სასჯელის დაკისრებისას ისინი მათ არაჯეროვანი შემწყნარებლობით ექცევიან უკიდურესად სუსტ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მსხვერპლის მხრიდან მხოლოდ "პროვოკაციის" არსებობის გამო.
102.ქალები, რომლებსაც სჭირდებათ სამართალი და ძალადობისაგან დაცვა, მრავალი დაბრკოლების წინაშე დგანან. პოლიციის ოფიცრებს ხშირად სჯერათ, რომ მათი ვალდებულება გახლავთ მოუწოდონ ქალებს დაბრუნდნენ შინ და "დამშვიდნენ" და არ იძიებენ ქალთა საჩივრებს. მრავალი ქალი, განსაკუთრებით სოფლად, ვერ ახერხებს ოფიციალური საჩივრის წარმოდგენას, რადგნც მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მათ გაკიცხვას, კრიტიკას და რიგ შემთხვევაში ძალადობასაც კი დააქვემდებარებს.
103.მიუხედავად იმისა, რომ რიგმა სასამართლოებმა დაიწყეს რეფორმების იმპლემენტაცია, სასამართლოს დისკრეცია ოჯახური ძალადობის ჩამდენ პირებზე არაჯეროვანი შემწყნარებლობით აისახება. სასჯელები ასეთ შემთხვევებში ხშირად მცირდება მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც განაგრძობს "სასტიკი პროვოკაციის" არსებობის გათვალისწინებას ჩვეულების, ტრადიციისა თუ ღირსების წინააღმდეგ.
104.ბოლოს, ანგარიში თურქეთის მთავრობას, საზოგადოებასა და რელიგიურ ორგანიზაციებს სთავაზობს რიგ რეკომენდაციებს ოჯახური ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად.
5. კვლევითი ანგარიში ღირსების დანაშაულების შესახებ, მომზადებული დიარბაკირის ადვოკატთა ასოციაციის "სამართლიანობა ყველასათვის" პროექტისა და ქალთა უფლებების ინფორმაციისა და იმპლემენტაციის ცენტრის მიერ
105.მოცემული ანგარიში მომზადდა რათა სამართლებრივ ჭრილში განხილულიყო ე.წ. ღირსების დანაშაულების ფენომენი. განხორციელდა დიარბაკირის ასიზთა და ბავშვთა სასამართლობის წინაშე განხილულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების კვლევა. კვლევის მიზანი გახლდათ სასამართლოს წინაშე წარდგენილი ამგვარი უკანონო მკვლელობების პროპორციის დადგენა, მათ მიმართ სასამართლოს დამოკიდებულება, მოპასუხეთა დაცვის ხაზი მოცემულ საქმეებში, სოციალურ სტრუქტურათა როლი (მაგ. საოჯახო საბჭოების და ჩვეულების) და მკვლელობის მიზეზების განსაზღვრა. ამ მხრივ გაანალიზდა 1999-დან 2005 წლებში დიარბაკირის ასიზთა და ბავშვთა სასამართლოების განხილული საქმეები. შვიდი წლის განმავლობაში გამოიკვეთა 59 საქმე, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება. მოცემულ საქმეებში არსებობდა 71 მსხვერპლი/მოკლული პირი და 81 ადამიანი იქნა გასამართლებული.
106.მკვლევარების მიხედვით საქმეებში, სადაც მსხვერპლი/მოკლული პირი გახლდათ მამაკაცი, აღინიშნებოდა, რომ მოპასუხენი დაცვისას მიუთითებდნენ, რომ მსხვერპლმა/მოკლულმა პირმა იგი გააუპატიურა, განახორციელა სექსუალური ძალადობა ან მოიტაცა მოპასუხის ნათესავი, ან ცდილობდა მოპასუხის ნათესავის პროსტიტუციაში ჩართვას. საქმეებში სადაც მსხვერპლი/მოკლული პირი გახლდათ ქალი, მოპასუხეები საკუთარი თავის დასაცავად აღნიშნავდნენ, რომ მსხვერპლი/მოკლული პირი მოკლეს იმის გამო, რომ ელაპარაკებოდა სხვა კაცებს, ხელი მიჰყო პროსტიტუციას ან უღალატა მეუღლეს. 46 გადაწყვეტილებაში შესამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ იქნა გაუმართლებელი პროვოკაცია. 61 მსჯავრდების შემთხვევაში გამოყენებული იქნა თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლი, რომელიც იძლევა სასჯელის შემსუბუქების დისკრეციულ უფლებას.
კანონმდებლობა
I. მისაღებობა
107.მთავრობა აპროტესტებდა სარჩელის მისაღებობას ორ საფუძველზე.
1. კონვენციის 35 § 1 მუხლით დადგენილი ექვს-თვიანი ვადის დაუცველობა
108.მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანს არ დაუცავს ექვს-თვიანი ვადა იმ მოვლენებთან მიმართებაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2001 წლამდე. ისინი დავობდნენ, რომ მოვლენები რომელიც მოხდა 1995-2001 წლებში განსაზღვრული ვადის მიღმა იყო ჩადენილი. თუკი მომჩივანი არ გახლდათ კმაყოფილი ეროვნული ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით იმ მოვლენების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ზემოთსენებულ პერიოდში, მას უნდა წარედგინა სარჩელი კომისიისათვის, ან მე-11 ოქმის ძალაში შესვლიდან სასამართლოსათვის ექვსი თვის ვადაში ყოველი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
109.მომჩივანი დავობდა, რომ მან სარჩელი შეიტანა გასაჩივრებული მოვლენებიდან ექვსი თვის ვადაში. მისი აზრით მოვლენები ერთიანობაში და არა ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყო განხილული.
110.სასამართლო იმეორებს, რომ ექვსი თვის ვადის წესის მიზანი, კონვენციის 35 § 1 მუხლის მიხედვით არის კანონისმიერი დაცვის ხელშეწყობა და იმის უზრუნველყოფა, რომ კონვენციიდან გამომდინარე საკითხების განხილვას ადგილი ჰქონდეს გონივრულ ვადაში (იხ. Kenar v. Turkey, no. 67215/01 (dec.), 1 დეკემბერი 2005). სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით, როდესაც არ არსებობს სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალება, ექვსი თვე აითვლება გასაჩივრებული მოქმედების თარიღიდან.
111.ამ მხრივ სასამართლო აღნიშნავს, რომ 1995 წლის 10 აპრილიდან მოყოლებული მომჩივანი და მისი დედა გახლდნენ ჰ.ო.-ს მხრიდან მათ ფიზიკურ ხელშეუვალობაზე მრავალჯერადი თავდასხმისა და მუქარის მსხვერპლნი. ძალადობის მოცემულმა ქმედებებმა გამოიწვია მომჩივანის დედის სიკვდილი, ხოლო მომჩივანს კი მიაყენა ძლიერი ტანჯვა და ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებულ მოვლენებს შორის არსებობდა ინტერვალი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგადი ძალადობა რომელსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ მომჩივანი და მისი დედა ვერ განიხილება ინდივიდუალურ, ცალკეულ მოვლენებად და შესაბამისად მიჩნეულ უნდა იქნას ურთიერთდაკავშირებულ მოვლენათა ერთობლიობად.
112.აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა საჩივარი წარმოადგინა ექვსი თვის ვადაში მისი დედის ჰ.ო.-ს მიერ მკვლელობიდან, ანუ იმ მომენტიდან როდესაც მან შეიტყო ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი დაცვის არაეფექტიანობის შესახებ - ვერ შეაჩერეს რა სათანადო ორგანოებმა ჰ.ო. შემდგომი ძალადობის ჩადენისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული გარემოებები არ მიუთითებენ მომჩივანის მხრიდან საჩივრის წარმოდგენისას დაგვიანებაზე მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ მის საჩივრებს არ მოჰყვებოდა ვითარების გამოსწორება, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექვსთვიანი ვადის დინების ასათვლელ თარიღად არ უნდა განისაზღვროს 2002 წლის 13 მარტამდე განვითარებული მოვლენები (იხ. პარაგრაფი 54, ზემოთ). ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივანის ყოფილმა ქმარმა განაგრძო მუქარა მისი სიცოცხლისა და კეთილდღეობის წინააღმდეგ, შესაბამისად, რთულია ითქვას, რომ ძალადობის მოცემული მოდელი დასრულებული გახლდათ (იხ. პარაგრაფები 59-69, ზემოთ).
113.მოცემული საქმის სპეციფიკური კონტექსტიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის საჩივრები წარმოდგენილი იქნა კონვენციის 35 § 1 მუხლით განსაზღვრულ ექვსთვიან ვადაში. სასამართლო, შესაბამისად, არ აკმაყოფილებს მთავრობის პირველად პრეტენზიას ამ კუთხით.
2. სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურაობა
114.მთავრობამ შემდეგ აღნიშნა, რომ მომჩივანს არ ამოუწურავს სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები, რადგან მან და მისმა დედამ უკან გამოიხმეს საჩივრები მრავალგზის და თავად გამოიწვიეს სისხლის სამართალწარმოების შეწყვეტა. მთავრობა აღნიშნავდა, რომ მომჩივანს არც ნო. 4320 კანონით უზრუნველყოფილი დაცვით უსარგებლია და რომ მან ხელი შეუშალა პროკურორს მიემართა საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოსათვის, გამოიხმო რა უკან საჩივრები. მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ მომჩივანს შეეძლო ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლით განსაზღვრული დაცვის საშუალებებით სარგებლობა, რადგან ამ უკანაკსნელთა ეფექტიანობა აღიარებული გახლდათ სასამართლოს მიერ წინა საქმეებში (ციტატა,Aytekin v. Turkey, 23 September 1998, Reports of Judgments and Decisions 1998-VII). საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით Ahmet Sadık v. Greece (15 ოქტომბერი 1996, § 34, Reports 1996-) და Cardot v. France (19 მარტი 1991, § 30, Series A No. 200) მთავრობა დავობდა, რომ მომჩივანს არ წამოუყენებია, არსობრივადაც კი, დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი ეროვნული ორგანოების წინაშე, და შეაბამისად მისი საჩივრები მიუღებლად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.
115.მომჩივანი მიუთითებდა, რომ მან ამოწურა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი დაცვის ყველა ხელმისაწვდომი საშუალება. იგი დავობდა, რომ სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი არ იყო ქმედითი იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი დედის სიცოცხლის დაცვა და მისი ქმრის მიერ არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილება მისი და მისი დედის მისამართით. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს ნო. 4320 კანონით განსაზღვრული სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოუყენებლობის შესახებ, მომჩივანმა აღნიშნა, რომ კანონი ძალაში შევიდა 1998 წლის 14 იანვარს, მაშინ როდესაც მოვლენათა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განვითარებული გახლდათ. ნო. 4320 კანონის ძალაში შესვლამდე არ არსებობდა ოჯახური ძალადობისაგან დაცვის მექანიზმი. ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად მისი მრავალჯერადი სისხლის სამართლის საჩივრებისა მთავარ პროკურატურაში, ნო. 4320 კანონით განსაზღვრული დაცვის არცერთი ზომა არ გამოყენებულა მისი და დედამისის სიცოცხლისა და კეთილდღეობის დასაცავად.
116.სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით მთავარია იმის დადგენა, გამოიყენა თუ არა მომჩივანმა ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის საშუალებანი, კერძოდ კი ნო. 4320 კანონით განსაზღვრული ზომები და იყვნენ თუ არა ეროვნული ორგანოები ვალდებულნი განეგრძოთ სისხლის სამართალწარმოება მომჩივანის ქმრის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა საჩივრები უკან გამოიხმეს. მოცემული შეკითხვები უშუალო კავშირშია სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ეფექტიანობასთან მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ოჯახური ძალადობისაგან დაცვისას. შესაბამისად, სასამართლო ამ შეკითხვებს აერთიანებს საქმის არსებით მხარესთან და განიხილავს მათ კონვენციის მე-2, მე-3 და მე-14 მუხლების ჭრილში (იხ. სხვათა შორის, Şemsi Önen v. Turkey, no. 22876/93, § 77, 14 მაისი 2002).
117.ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 მუხლის მიხედვით. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის მიუღებელი რომელიმე სხვა საფუძველზე, შესაბამისად მას მისაღებად მიიჩნევს.
II. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
118.მომჩივანი ჩიოდა, რომ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევით ხელისუფლების ორგანოებმა ვერ დაიცვეს მისი დედის სიცოცხლე, რომელიც მოკლულ იქნა მისი ქმრის მიერ. მე-2 მუხლის მიხედვით:
1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. დაუშვებელია სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, გარდა სიკვდილით დასჯისა, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მომჩივანი
119.მომჩივანი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ოჯახური ძალადობისადმი ხელისუფლება და საზოგადოება შემწყნარებელი გახლდათ და რომ ოჯახური ძალადობის ჩამდენნი დაუსჯელები რჩებოდნენ. ამ მხრივ მან აღნიშნა, რომ მიუხედავად დიარბაკირის მთავარ პროკურატურაში წარდგენილი მრავალი სისხლის სამართლის საჩივრისა, ნო. 4320 კანონში მითითებული დაცვის არცერთი ზომა არ გამოყენებულა მომჩივნისა და მისი დედის სიცოცხლისა და კეთილდღეობის დასაცავად. პირუკუ, რიგ შემთხვევებში ხელისუფალნი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ მომჩივანი და მისი დედა უარი ეთქვათ ჰ.ო.-ს წინააღმდეგ საჩივრებზე. ხელისუფლების ორგანოები სრულიად პასიურები იყვნენ ჰ.ო.-ს მიერ სიცოცხლის წინააღმდეგ მუქარისადმი და დატოვეს იგი და მისი დედა მოძალადის ანაბარად.
120.მომჩივანმა აღნიშნა, რომ 2002 წლის 27 თებერვლის განცხადებით მისმა დედამ მიმართა მთავარ პროკურატურას და შეატყობინა ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს ჰ.ო.-ს მიერ მის წინააღმდეგ წარმოებული მუქარის შესახებ. თუმცა, პროკურორმა არაფერი გააკეთა აწ გარდაცვლილის სიცოცხლის დასაცავად. მომჩივანის აზრით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ სერიოზულად არ განიხილა მისი დედის საჩივარი წარმოდგენდა საზოგადოებისა და ეროვნული ორგანოების მიერ ოჯახური ძალადობისადმი შემწყნარებლობის ნათელ მაგალითს.
121.მომჩივანი ასევე აღნიშნავდა, რომ მართალია ჰ.ო.-ს მსჯავრი დაეკისრა მკვლელობისათვის, მასზე დაკისრებული სასჯელი არ იყო შემაკავებელი და დიდწილად იმაზე ნაკლები იყო ვიდრე ზოგადად გამოიყენება მკვლელობის შემთხვევაში. მსუბუქი სასჯელის დაკისრებამ გამოიწვია ის, რომ ასიზთა სასამართლოს წინაშე შესაგებელის წარდგენისას, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მოკლა დედამისი საკუთარი ღირსების დასაცავად. თურქეთის სისხლის სამართლის სასამართლოებში ზოგად პრაქტიკას წარმოადგენდა სასჯელის შემცირება "ღირსების დანაშაულების" შემთხვევაში. "ღირსების დანაშაულებისას" სისხლის სამართლის სასამართლოები დამნაშავეს აკისრებდნენ ძალიან მსუბუქ ან საერთოდ არანაირ სასჯელს.
2. მთავრობა
122.მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა განახორციელეს დაუყოვნებელი და ხელშესახები მოქმედებანი მომჩივანისა და მისი დედის მიერ წარმოდგენილი საჩივრების პასუხად. ამ მხრივ, მათი საჩივრების შეტანის შემდეგ, ხელისუფლებამ დაარეგისტრირა საჩივრები, აწარმოვა სამედიცინო შემოწმება, მოუსმინა მოწმეებს, გამოიკვლია შემთხვევის ადგილი და გადასცა მომჩივანთა საჩივრები შესაბამის ორგანოებს. საჭიროების შემთხვევაში და ინციდენტის სიმძიმის მიხედვით, აგრესორი დაკავებულ იქნა და მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის სასამართლოების მიერ. მოცემული წარმოება განხორციელდა მაქსიმალურად მცირე ვადებში. ხელისუფლებამ გამოამჟღავნა ჯეროვანება და მგრძნობელობა საჩივრებთან დაკავშირებით და ადგილი არ ჰქონია მათ უგულვებელყოფას.
123.თუმცა, საჩივრების უკან გამოხმობით მომჩივანმა და მისმა დედამ შესაბამის ორგანოებს არ მისცეს საშუალება განეგრძოთ სისხლის სამართალწარმოება ჰ.ო.-ს წინააღმდეგ და შედეგად ხელი შეუწყვეს აგრესორის დაუსჯელობას. ამ მხრივ საქმის მასალებიდან არ ჩანდა, რომ მომჩივანმა და მისმა დედამ საჩივრები უკან გამოიხმეს ჰ.ო.-ს ან გამოძიებაზე პასუხისმგებელი პროკურორის ზეწოლის შედეგად. სისხლის სამართალწარმოების გაგრძელება აგრესორის წინააღმდეგ დამოკიდებული გახლდათ მომჩივანის მიერ წარდგენილ საჩივრებზე, რადგანაც მოცემულ სისხლის სამართლებრივ მოქმედებებს არ მოჰყოლია ათ დღეზე ხანგრძლივი ვადით ავადმყოფობა ან შრომისუუნარობა სისხლის სამართლის კოდექსის 456 § 4, 457 და 460 მუხლების შესაბამად. მეტიც, უმეტეს შემთხვევებში სისხლის სამართლის სასამართლოებმა მსჯავრი არ დასდეს ჰ.ო.-ს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. შესაბამისად, ხელისუფლებას ვერ მოეთხოვებოდა მომჩივანისა და მისი ქმრის დაშორება და ამ უკანასკნელის მსჯავრდება მანამდე, სანამ ისინი ერთად ცხოვრობდნენ როგორც ოჯახი, რადგანაც აღნიშნული განხილული იქნებოდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად.
124.რაც შეეხება მომჩივანის დედის მიერ 2002 წლის 27 თებერვალს წარმოდგენილ განცხადებას, მთავრობა აღიშნავდა, რომ მისი შინაარსი არ განსხვავდებოდა აქამდე წარდგენილთაგან და ზოგადი ხასიათისა იყო. მასში მითითებული არ გახლდათ ხელშესახები ფაქტი ან კონკრეტული მითითება რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაესკვნათ, რომ იგი მართლაც საფრთხის წინაშე იმყოფებოდა. მოცემულ განცხადებაში დედას არ მოუთხოვია დაცვა და მხოლოდ მისი საჩივრის სწრაფ განხილვასა და მომჩივანის ქმრის დასჯას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, 2002 წლის 27 თებერვალს განცხადების მიღების შემდეგ, სახელმწიფო ორგანოებმა დაარეგისტრირეს საჩივარი და ჩაატარეს მოსმენა 2002 წლის 27 მაისს, რომელსაც მოჰყვა შემდგომი მოსმენები. საბოლოოდ, ჰ.ო.-ს მიერ მომჩივანის დედის მკვლელობის შემდეგ იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი და შეეფარდა მკაცრი სასჯელი.
3. INTERIGHTS
125.საერთაშორისო პრაქტიკის მითითებით INTERIGHTS -მა აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც ხელისუფლება ჯეროვნად არ ახდენდა ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთას, მათ შორის კერძო პირების მიერ ჩადენილი ძალადობისას, ან ადგილი არ ჰქონდა გამოძიებას, გასამართლებასა და დასჯას მოცემული დანაშაულის ჩადენისათვის, სახელმწიფო შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს მოცემული მოქმედებებისათვის. წამების აკრძალვისა და სიცოცხლის უფლების jus cogens ბუნება ითხოვდა სამაგალითო ჯეროვანების გამომჟღავნებას სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ქმედებების გამოძიებისა და გასამართლებისას.
126.ოჯახური ძალადობის კონტექსტში დაზარალებულნი ხშირად იყვნენ დაშინებული ან მუქარის ქვეშ რათა ან არ განეცხადებინათ დანაშაულის შესახებ, ან უკან გამოეხმოთ საჩივრები. შესაბამისად, სახელმწიფოს და არა დაზარალებულს, ეკისრება პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დაუსჯელობისაგან დაცვის ვალდებულება. საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულია, რომ დაინტერესებულ პირთა ფართო წრეს, და არა მხოლოდ დაზარალებულს, უნდა შეეძლოს განაცხადოს და საფუძველი დაუდოს ოჯახურ ძალადობის შესახებ გამოძიებას. ამასთანავე, საერთაშორისო პრაქტიკა სულ უფრო აქტიურად გვთავაზობს, რომ როდესაც არსებობს საკმარისი მტკიცებულება და იგი საზოგადო ინტერესად მიიჩნევა, ოჯახური ძალადობის ჩამდენ პირთა გასამართლება უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, როდესაც მსხვერპლს უკან გააქვს საჩივარი. საკითხის ამგვარი განვითარება მიუთითებს პოზიციის შესახებ, რომლის მიხედვითაც დამნაშავის ეფექტიანი გასამართლება არა მსხვერპლის, არამედ სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს.
127.მაშინ როდესაც გადაწყვეტილება – არ გასამართლდეს პირი, რიგ შემთხვევებში აუცილებლად არ აღნიშნავს სახელმწიფოს ჯეროვანი ვალდებულებების დარღვევას, კანონი ან პრაქტიკა, რომელიც ავტომატურად აჩერებს ოჯახური ძალადობის შემთხვევის გამოძიებას მსხვერპლის მიერ საჩივრის უკან გამოხმობის გამო შესაძლოა სახელმწიფოს ვალდებულების დარღვევად ჩაითვალოს. მოცემული ვალდებულებების გათვალისწინებითა და CEDAWკომიტეტი მიერ განხილულ Fatma Yıldırım v. Austria საქმეზე მითითებით (ციტირებული შესაბამისი საერთაშორისო მასალის ნაწილში) აღინიშნა, რომ სახელმწიფომ არა მარტო უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობა, არამედ იზრუნოს პრაქტიკაში მის ეფექტიან იმპლემენტაციასა და აღსრულებაზეც.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. მომჩივანის დედის სიცოცხლის სავარაუდო დაუცველობა
ა) შესაბამისი პრინციპები
128.სასამართლო იმეორებს, რომ 2 § 1 მუხლის პირველი წინადადება სახელმწიფოს აკისრებს განზრახი და უკანონო სიცოცხლის მოსპობისაგან არა მარტო თავის შეკავების, არამედ სათანადო ნაბიჯების გადადგმის ვალდებულებასაც, რათა უზრუნველყოს მის იურისდიქციაში მყოფ პირთა სიცოცხლის დაცვა L.C.B. v. the United Kingdom 9 ივნისი 1998, § 36, Reports 1998-III ). მოცემული სახელმწიფოს აკისრებს უწინარეს ვალდებულებას დაიცვას სიცოცხლე ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დებულებების შექმნით, რომელიც თავიდან აიცილებს დანაშაულების ჩადენას, რასაც განამტკიცებს სამართალდამცავი მექანიზმი მოცემული დებულებების დარღვევის პრევენციის, აღმოფხვრისა და დასჯის გზით. ვალდებულება ასევე მოიცავს ხელისუფების პოზიტიურ ვალდებულებას განახორციელონ პრევენციული ოპერატიული ზომები იმ პირთა სიცოცხლის დასაცავად, რომლებიც არიან სხვა პირთა მიერ სისხლისსამართლებრივი მოქმედებების ჩადენის საფრთხის წინაშე Osman v. the United Kingdom, 28 ოქტომბერი 1998, § 115, Reports 1998-VIII, ციტირებული Kontrová v. Slovakia, no. 7510/04, §49, ECHR 2007 ... (ამონარიდები)).
129.თანამედროვე საზოგადოებაში პოლიციის ვალდებულებების განხორციელების, ადამიანის ქცევის განუჭვრეტელობისა და იმ ოპერატიული არჩევანის გათვალისწინებით, რომელიც უნდა გაკეთდეს პრიორიტეტებისა და რესურსების მიხედვით, პოზიტიური ვალდებულების მასშტაბი არ უნდა იქნას იმგვარად განმარტებული, რომ შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი დაეკისროს ხელისუფლებას. სიცოცხლისადმი გაცხადებული ყოველი სავარაუდო საფრთხე, შესაბამისად, ვერ დააკისრებს ხელისუფლებას კონვენციისეულ ვალდებულებას მიიღოს დაუყოვნებელი ზომები საფრთხის მატერიალიზაციისაგან დასაცავად. იმისათვის, რომ დადგეს პოზიტიური ვალდებულება, უნდა დამტკიცდეს, რომ ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა პირის სიცოცხლისადმი მესამე პირის სისხლისსამართლებრივი ქმედებით გამოწვეული რეალური და დაუყოვნებელი საფრთხის არსებობა მოცემულ დროს და რომ მათ, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ მიიღეს ზომები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც მათ გონივრულობის ფარგლებში მოეთხოვებოდათ საფრთხის თავიდან ასარიდებლად. კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი გახლავთ პოლიციის მიერ მათი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა რათა მოახდინონ დანაშაულის კონტროლი და პრევენცია შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და გარანტიების დაცვით, რომელიც ლეგიტიმურ შეზღუდვას უწესებს მათ მიერ დანაშაულის გამოძიებასა და დამნაშავის სასამართლოსადმი წარდგენას, მათ შორის კონვენციის მე-5 მუხლით დადგენილი გარანტიების ჩათვლით (იხ. Osman, ციტირებული ზემოთ § 116).
130.სასამართლოს აზრით, როდესაც არსებობს პრეტენზია მასზედ, რომ ხელისუფლებამ დაარღვია პოზიტიური ვალდებულება დაეცვა სიცოცხლის უფლება ზემოთხსენებული პრევენციისა და აღკვეთის ვალდებულების ფარგლებში რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული პირის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენა, სასამართლომ უნდა განსაზღვოს თუ რამდენად იცოდა ან უნდა სცოდნოდა, კონკრეტულ დროს ადამიანის ან ადამიანთა სიცოცლის წინააღმდეგ მესამე მხარის სისხლისსამართლებრივი ქმედებებით შექმნილი რეალური და დაუყოვნებელი საფრთხის არსებობა და თუ რამდენად არ გამოიყენა მისი უფლებამოსილების ფარგლებში არსებული ზომები, რომელიც, გონივრულად განხილვისას, შესაძლებელია გამოყენებულ ყოფილიყო საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ასევე, მე-2 მუხლით დაცული უფლების ბუნებისა და კონვენციის სქემაში არსებული ფუნდამენტური მნიშვნელობის გათვალისწინებით, მომჩივანის მხრიდან საკმარისია იმის ჩვენება, რომ ხელისუფლებამ არ გააკეთა ყველაფერი, რაც მას გონივრულობის ფარგლებში მოეთხოვებოდა, რათა თავიდან აეცილებინათ რეალური და დაუყოვნებელი საფრთხე სიცოცხლის წინააღმდეგ რომელიც მათ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ. სწორედ ეს გახლავთ შეკითხვა, რომელსაც პასუხი შესაძლებელია გაეცეს მხოლოდ ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებების გაანალიზების შემდეგ (Ibid.).
ბ). ზემორე პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
i) საქმის მასშტაბი
131.ყოველივე აღნიშნულის გააზრებით, სასამართლო განსაზღვრავს თუ რამდენად შეასრულა ეროვნულმა ხელისუფლებამ დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება მიეღო პრევენციული ოპერატიული ზომები მომჩივანის დედის სიცოცხლის დასაცავად. ამ მხრივ, უნდა დადგინდეს თუ რამდენად იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ მათ, იმ დროისათვის, მომჩივანის დედის მიმართ ჰ.ო.-ს სისხლისსამართლებრივი მოქმედებებიდან გამომდინარე რეალური და აშკრა საფრთხის არსებობა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მასალებით ჩანს, რომ მთავარი შეკითხვა მოცემულ საქმეში გალავთ იმის დადგენა თუ რამდენად ჯეროვნად იმოქმედეს ადგილობრივმა ხელისუფლებს ორგანოებმა ძალადობის აღსაკვეთად მომჩივანისა და მისი დედის მიმართ, კერძოდ კი რამდენად განახორციელეს სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომები ჰ.ო.-ს მიმართ მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა.
132.თუმცა, მოცემული საკითხის განხილვამდე, სასამართლომ უნდა აღნიშნოს, რომ ოჯახური ძალადობის საკითხი - რომელსაც შესაძლოა სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, დაწყებული ფიზიკურიდან, დამთავრებული ფსიქოლოგიურ თუ სიტყვიერ ძალადობამდე - ვერ შემოიფარგლება მოცემული საქმის გარემოებებით. იგი წარმოდგენს ზოგად პრობლემას, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ხშირად არ საჯაროვდება, რადგან ილუქება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ვრცელდება არა მხოლოდ ქალებზე. სასამართლო იაზრებს, რომ კაცებიც შესაძლოა იყვნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი და ბავშვებიც ხშირად წარმოადგენენ მოცემული დანაშაულის მსხვერპლებს, იქნება ეს პირდაპირ თუ არაპირდაპირ. შესაბამისად, მოცემული საქმის ანალიზისას სასამართლო გაითვალისწინებს განსახილველი პრობლემის სიმძიმეს.
ii) შეეძლოთ თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ჰ.ო.-ს მიერ სასიკვდილო თავდასხმის განჭვრეტა
133.მოცემული საქმის გარემოებების განხილვისას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს და მის ქმარს ჰ.ო.-ს დასაწყისიდანვე პრობლემური ურთიერთობა ჰქონდათ. განხეთქილებების შედეგად, ჰ.ო. მიმართავდა ძალადობას მომჩივანისა და მისი დედის მიმართ, რომელიც ერეოდა მათ ურთიერთობაში საკუთარი შვილის დასაცავად. იგი, შესაბამისად შეიქმნა ჰ.ო.-ს სამიზნე, რომელიც მას აბრალდებდა საკუთარ პრობლემებს (იხ. პარაგრაფი 28, ზემოთ). ამ მხრივ სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხაზი გაუსვას რიგ მოვლენებსა და მათზე ხელისუფლების რეაქციებს:
(i) 1995 წლის 10 აპრილს ჰ.ო.-მ და ა.ო.-მ სცემეს მომჩივანი და მისი დედა, გამოიწვიეს რა მძიმე ფიზიკური დაზიანებანი და დაემუქრნენ მოკვლით. მართალია მომჩივანმა და მისმა დედამ თავდაპირველად შეიტანეს საჩივარი მოცემული ინციდენტის გამო, მაგრამ სისხლის სამართალწარმოება ჰ.ო.-სა და ა.ო.-ს მიმართ შეწყდა, რადგანაც დაზარალებულებმ უკან გამოიხმეს საჩივრები (იხ. პარაგრაფები 9-11 ზემოთ);
(ii) 1996 წლის 11 აპრილს ჰ.ო.-მ ისევ სცემა მომჩივანი და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებანი. ჰ.ო. დაკავებულ იქნა და მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე სხეულის მძიმე დაზიანების გამო. თუმცა, ჰ.ო.-ს გათავისუფლების შემდეგ, მომჩივანმა უკან გამოიხმო საჩივარი და ჰ.ო.-ს ისევ მოეხსნა ბრალდება (იხ. პარაგრაფები 13-19 ზემოთ);
(iii) 1998 წლის 5 თებერვალს ჰ.ო. თავს დაესხა მომჩივანსა და მის დედას დანით. სამივენი მძიმედ დაშავდნენ და პროკურორმა გადაწყვიტა არავის წინააღმდეგ აღეძრა საქმე, რადგანაც არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებანი (იხ. პარაგრაფები 20 და 21 ზემოთ);
(iv) 1998 წლის 4 მარტს ჰ.ო. საკუთარი მანქანით დაეჯახა მომჩივანსა და მის დედას. ორივე მსხვერპლი მძიმედ დაზიანდა, სამედიცინო ანგარიშების მიხედვით მომჩივანი შრომისუუნარო იყო შვიდი დღის განმავლობაში, ხოლო მისი დედის ჭრილობები კი სიცოცხლისათვის საზიანო გახლდათ. მოცემული ინციდენტის შემდეგ, დაზარალებულებმა სთხოვეს პროკურატურას მიეღო დამცავი ზომები ჰ.ო.-ს მიერ განხორციელებული სასიკვდილო მუქარის გათვალისწინებით; მომჩივანმა დაიწყო განქორწინების პროცესი. პოლიციის გამოძიებამ დაზარალებულთა მიერ წარმოდგენილ მუქარასთან დაკავშირებით დაადგინა, რომ ორივე მხარე ემუქრებოდა ურთიერთს და რომ მომჩივანის დედა ბრალდებებს შვილის ჰ.ო.-საგან დასაშორებლად აკეთებდა შურისძიების მიზნი და ასევე "ფუჭად ხარჯავდა" სამართალდამცავთა დროს. ჰ.ო.-ს წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი ძიება სასიკვდილო მუქარისა და მკვლელობის მცდელობის საფუძველზე, თუმცა ჰ.ო.-ს გათავისუფლების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 31, ზემოთ), მომჩივანმა და მისმა დედამ ისევ უკან გამოიხმეს საჩივრები. ამჯერად, მართალია ბრალმდებელმა მოუხსნა ჰ.ო.-ს ბრალდება სიცოხლისადმი მუქარისა და მომჩივანისათვის ცემის გამო, მაგრამ დიარბაკირის ასიზთა სასამართლომ მას მსჯავრი დასდო დედის სხეულის დაზიანებაში და მიუსაჯა სამთვიანი პატიმრობა, რომელიც შემდეგ შეუმსუბუქა და დააკისრა ჯარიმის გადახდა (იხ. პარაგრაფები 23-26 ზემოთ);
(v) 2001 წლის 29 ოქტომბერს ჰ.ო.-მ მომჩივანს დანით მიაყენა რამდენიმე ჭრილობა დედამისთან სტუმრად წასვლის გამო. ჰ.ო. ჩაბრდა პოლიციას და ამტკიცებდა, რომ ცოლს თავს დაესხა ჩხუბის დროს, რომელიც გამოწვეული გახლდათ მისი სიდერის ჩარევით მათ ქორწინებაში. ჰ.ო.-საგან ჩვენებების აღების შემდეგ, პოლიციის ოფიცრებმა იგი გაათავისუფლეს. თუმცა, მომჩივანის დედამ მიმართა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა ჰ.ო.-ს დაპატიმრება. ასევე იგი აღნიშნავდა, რომ მან და მისმა ქალიშვილმა საჩივრები უკან გამოიხმეს ჰ.ო.-ს მიერ მათ სიცოცხლეზე მუქარისა და ზეწოლის განხორციელების გამო. შედეგად, ჰ.ო.-ს მსჯავრი დაედო დანით თავდასხმაში და დაჯარიმდა (იხ. პარაგრაფები 37-44);
(vi) 2001 წლის 14 ნოემბერს ჰ.ო. დაემუქრა მომჩივანს, თუმცა მოცემულის გამო პროკურატურას მისთვის ბრალი არ წაუყენებია კონკრეტულ მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო (იხ. პარაგრაფები 45 და 46 ზემოთ);
(vii) 2001 წლის 19 ნოემბერს მომჩივანის დედამ განცხადება შეიტნა ადგილობრივ პროკურატურაში, ჩიოდა რა მიმდინარე მუქარისა და შევიწროების შესახებ ჰ.ო.-ს მხრიდან, რომელიც იარაღს ატარებდა. პოლიციამ ისევ ჩამოართვა ჩვენებები ჰ.ო.-ს და გაათავისუფლა იგი, თუმცა პროკურატურამ მის წინააღმდეგ აღძრა საქმე სიცოცხლის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარის გამო (იხ. პარაგრაფები 47-49):
(viii) მოგვიანებით, 2002 წლის 27 თებერვალს, მომჩივანის დედამ მიმართა პროკურატურას და შეატყობინა, რომ მუქარა გაძლიერდა და რომ მათი სიცოცხლე დაუყოვნებელი საფრთხის წინაშე იყო. მან შესაბამისად სთხოვა პოლიციას მიეღოთ ზომები ჰ.ო.-ს წინააღმდეგ. პოლიციამ ჩამოართვა ჰ.ო.-ს ჩვენება და მაგისტრატთა სასამართლომ დაკითხა მოცემული ბრალდებების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ რაც მან მოკლა მომჩივანის დედა. ჰ.ო.-მ უარყო ბრალდებები და აცხადებდა, რომ არ სურდა მის ცოლს მოენახულებინა დედამისი, რომელიც ამორალურ ცხოვრებას ეწეოდა (იხ. პარაგრაფები 51-52 ზემოთ).
134.ზემოთმოცემულ მოვლენათა გათვალისწინებით, ჩანს რომ მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ადგილი ჰქონდა მზარდ ძალადობას ჰ.ო.-ს მხრიდან. ჰ.ო.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულები საკმარისად სერიოზული გახლდათ რათა მათ საპასუხოდ განსაზღვრულიყო პრევენციული ზომები და აშკარაა, რომ ადგილი ჰქონდა განგრძობად საფრთხეს დაზარალებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართ. ურთიერთობების ისტორიის განხილვისას, ნათელი გახლდათ, რომ დამნაშავეს ჰქონდა ოჯახური ძალადობის წინარე შემთხვევები და, შესაბამისად არსებობდა მომავალი ძალადობის მნიშნველოვანი საფრთხე.
135.ამასთანავე, დაზარალებულთა ვითარების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და დედამ განაცხადი შეიტანა მთავარ პროკურატურაში, სადაც მიუთითებდა, რომ მისი სიცოცხლე უშუალო საფრთხის წინაშე იყო და სთხოვდა პოლიციას მიეღო ზომები ჰ.ო.-ს მიმართ. თუმცა, ხელისუფლების ორგანოების რეაქცია მომჩივანის დედის თხოვნაზე შემოიფარგლა ჰ.ო.-საგან დედის ბრალდებებზე ჩვენებების აღებით. თხოვნის წარმოდგენიდან დაახლოებით ორ კვირაში, 2002 წლის 11 მარტს, მან მოკლა მომჩივანის დედა (იხ. პარაგრაფი 54).
136.მოცემულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებს შეეძლოთ განეჭვრიტათ ჰ.ო.-ს მიერ სასიკვდილო თავდასხმის განხორციელება. მართალია სასამართლო ვერ ასკვნის სრული სიზუსტით, რომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა და რომ მკვლელობა არ მოხდებოდა მათ მიერ განსხვავებულად მოქცევის შემთხვევაში, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი აღნიშნავს, რომ გონივრული ზომების მიუღებლობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა შედეგის შეცვლა ან მიყენებული ზიანის შემცირება, საკმარის საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დასადგომად (იხ.E. and Others v. the United Kingdom, no. 33218/96, § 99). შესაბამისად, სასამართლო ახლა განიხილავს თუ რა ზომები იქნა მიღებული ხელისუფლების ორგანოების მიერ მომჩივანის დედის მკვლელობის თავიდან ასაცილებლად.
iii) გამოამჟღავნეს თუ არა ჯეროვანი გულმოდგინება ხელისუფლების ორგანოებმა მომჩივანის დედის მკვლელობის თავიდან ასაცილებლად
137. მთავრობა აღნიშნავდა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ბრალდმდებელი ორგანოები იწყებდნენ სისხლის სამართალწარმოებას ჰ.ო.-ს წინააღმდეგ, მათ უწევდათ სამართალწარმოების შეწყვეტა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან მომჩივანსა და მის დედას უკან გაჰქონდათ საჩივრები. მათი აზრით, ხელისუფლების ორგანოების მიერ ნებისმიერი შემდგომი ჩარევა განხილული იქნებოდა დაზარალებულთა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევად. მომჩივანმა აღნიშნა, რომ მასა და მის დედას უწევდათ საჩვირების უკან გამოხმობა ჰ.ო.-საგან მკვლელობის მუქარისა და ზეწოლის გამო.
138.სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის არ არსებობს ზოგადი შეთანხმება დევნის გაგრძელებაზე ოჯახური ძალადობის ჩამდენი პირის მიმართ მაშინ, როდესაც მსხვერპლს უკან გააქვს საჩივრები (იხ. პარაგრაფები 87-88 ზემოთ). მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ორგანოების ვალდებულება მოქმედების განსაზღვრისას შეინარჩუნონ ბალანსი მე-2, მე-3 თუ მე-8 მუხლებს შორის, ზოგადად აღირებულია. ამ მხრივ, წევრ სახელმწიფოთა პრაქტიკის ანალიზის შედეგად (იხ. პარაგრაფი 89 ზემოთ), სასამართლო აღიშნავს, რომ არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს დევნის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას:
დანაშაულის სერიოზულობის ხარისხი;
მსხვერპლის დაზიანება ატარებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ხასიათს;
გამოიყენა თუ არა ბრალდებულმა იარაღი;
თავდასხმის შემდეგ განახორციელა თუ არა ბრალდებულმა მუქარა;
დაგეგმა თუ არა ბრალდებულმა თავდასხმა;
ოჯახში მცხოვრებ ბავშვებზე გავლენა (მათ შორის ფსიქოლოგიური); დამნაშავის მიერ ხელახალი დანაშაულის ჩადენის ალბათობა;
მსხვერპლის ან ნებისმიერი სხვა პირის, რომელიც იყო ან შეიძლება იყოს ჩართული, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისადმი განგრძობადი საფრთხე;
დაზარალებულის ახლანდელი ურთიერთობა ბრალდებულთან; დევნის განხორციელების შემთხვევში ურთიერთობაზე სავარაუდო გავლენა;
ურთიერთობის ისტორია, განსაკუთრებით, არსებობდა თუ არა ძალადობის შემთხვევები წარსულში;
და ბრალდებულის კრიმინალური წარსული, განსაკუთრებით კი წინა ძალდობრივი დანაშაულის არსებობა.
139.მოცემული პრაქტიკიდან შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ რაც უფრო სერიოზულია დანაშაული ან დიდია მომავალი დანაშაულების ჩადენის საფრთხე, მით უფრო გონივრულია, რომ პროკურატურამ განაგრძოს საქმის წარმოება საჯარო ინტერესების დასაცავად იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მსხვერპლი უკან გამოიხმობს წარმოდგენილ საჩივრებს.
140.რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, რომ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ნებისმიერი მცდელობა განეცალკევებინათ მომჩივანი მისი ქმრისაგან, განხილული იქნებოდა მათი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის დარღვევად, და იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის კანონმდებლობით არ არსებობს ვალდებულება გაგრძელდეს საქმე იმ შემთხვევებში, როდესაც დაზარალებული მხარე უკან გამოიხმობს წარმოდგენილ საჩივარს და რომ მას არ მიდგომია დაზიანება, რომელიც მას ათი ან მეტი დღით შრომისუუნაროდ შეიქმნდა, სასამართლო ახლა განიხილავს თუ რამდენად ჯეროვანი ბალანსი იქნა დაცული მსხვერპლის მე-2 და მე-8 მუხლით დაცულ უფლებებს შორის.
141.სასამართლო აღნიშნავს, რომ ჰ.ო. ძალადობას მიმართავდა მომჩივანთან ურთიერთობის დაწყებისთანავე. მრავალგზის მომჩივანმაც და მისმა დედამაც განიცადეს ფიზიკური ზიანი და დაექვემდებარნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, შიშსა და განცდებს. რიგი თავდასხმებისას ჰ.ო. იყენებდა ცივ იარაღს, მაგ. დანას, ხან პისტოლეტს, და მუდმივად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით როგორც მომჩივანს, ისე მის დედას. მომჩივანის დედის მკვლელობის ფაქტის გათვალისწინებით, შესაძლოა აღინიშნოს, რომ ჰ.ო. გეგმავდა თავდასხმას, რადგანაც თან ატარებდა დანასა და იარაღს და დადიოდა მსხვერპლის სახლის გარშემო თავდასხმამდე გარკვეული დროით ადრე (იხ. პარაგრაფები 47 და 54, ზემოთ).
142.მომჩივანის დედა იქცა მიზნად მისი სავარაუდო ჩართულობის გამო წყვილის ურთიერთობაში; წყვილის შვილებიც შესაძლოა განხილულ იქნან მსხვერპლად იმ ფსიქოლოგიური გავლენის გამო, რაც მათზე იქონია ოჯახში არსებულმა ძალადობამ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოცემულ საქმეში შემდგომი ძალადობა არა მარტო შესაძლო, არამედ განჭვრეტადიც კი გახლდათ ჰ.ო.ს ძალადობრივი საქციელისა და კრიმინალური წარსულის, ისევე როგორც მსხვერპლთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართ განგრძობადი მუქარისა და ურთიერთობაში არსებული ძალადობის ისტორიის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 10, 13, 23, 37, 45, 47 და 51 ზემოთ).
143.სასამართლოს აზრით არ იკვეთება, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს სათანადოდ განეხილათ ზემორე ფაქტორები როდესაც ზედიზედ იღებდნენ გადაწყვეტილებას ჰ.ო.-ს მიმართ დევნის შეწყვეტაზე. პირიქით, მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს მათი აზრით "ოჯახურ ცხოვრებაში" ჩაურელობას (იხ. პარაგრაფი 123 ზემოთ). მეტიც, საქმეში არ არსებობს მითითება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა გაანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები. და ყოველივე ეს მიუხედავად მომჩივანის დედის მიერ დიარბაკირის პროკურატურაში იმის გაცხადებისა, რომ მან და მისმა ქალიშვილმა საჩივრები უკან გამოიხმეს ჰ.ო.-ს მიერ მოკვლის მუქარისა და ზეწოლის გამო (იხ. პარაგრაფი 39 ზემოთ). ასევე ნიშანდობლივია, რომ დაზარალებულებმა საჩივრები უკან გამოიხმეს ჰ.ო.-ს თავისუფლად ყოფნის ან პატიმრობიდან გათავისუფლების დროს (იხ. პარაგრაფები 9-12, 17-19, 31 და 35 ზემოთ).
144.მთავრობის არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ნებისმიერი შემდგომი ჩარევა გამოიწვევდა მსხვერპლთა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევას, სასამართლო მოიხმობს მის გადაწყვეტილებას ოჯახური ძალადობის მსგავს საქმეზე (იხ. Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, § 83, 12 ივნისი 2008 ), სადაც მან დაადგინა, რომ ხელისუფლების ხედვა, რომ დახმარება საჭირო არ გახლდათ, რადგანაც დავა ეხებოდა "პირად საქმეს", შეუსაბამო გახლდათ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებთან უზრუნველეყო მომჩივნების მიერ უფლებებით სარგებლობა. ამასთანავე, სასამართლო იმეორებს, რომ რიგ შემთხვევებში, ეროვნული ხელისუფლების ორგანოების ჩარევა ინდივიდთა პირად თუ ოჯახურ ცხოვრებაში შეიძლება აუცილებელი გახლდეთ მათი ჯანმრთელობისა და სხვათა უფლებებისა თუ სისხლისსამართლებრივი მოქმედებების ჩადენისაგან დასაცავად (იხ. K.A. and A.D. v. Belgium, no. 42758/98 da 45558/99, § 81, 17 თებერვალი 2005). მომჩივანის დედის წინაშე არსებული საფრთხის სერიოზულობა ხელისუფლების ორგანოების მიერ ჩარევას მოცემულ საქმეში აუცილებელს ხდიდა.
145.სასამართლო წუხს, რომ მოცემულ საქმეში წარმოებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებანი მკაცრად იყო დამოკიდებული მომჩივანისა და მისი დედის მიერ საჩივრების ბოლომდე მიყოლაზე, იმ დროს მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის დებულებათა მიხედვით; კერძოდ, აწ გაუქმებული სისხლის სამართლის კოდექსის 456 § 4, 457 და 460-ე მუხლებით, რომელიც დევნის განმახორციელებელ ორგანოებს არ აძლევდა სისხლისსამართლებრივი გამოძიების გაგრძელების უფლებას, რადგანაც კონკრეტულ სისხლისსამართლებრივ მოქმედებებს შედეგად არ ჰქონდათ გამოწვეული ათ დღით ან მეტი ვადით ავადმყოფობა ან შრომისუუნარობა (იხ. პარაგრფი 70 ზემოთ). სასამართლო აღნიშნვს, რომ მოცემულ დებულებათა გამოყენება და ეროვნული ხელისუფლების ორგანოების კუმულატიური უუნარობა გაეგრძელებინათ ჰ.ო.-ს წინააღმდეგ საქმისწარმოება, ართმევდა მომჩივანის დედას მისი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას. სხვაგვარად რომ ვთქვთ, მაშინ მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ კი მინიმუმ ათდღიანი ავადმყოფობის ან შრომისუუნარობის მოთხოვნა, არ შეესაბამებოდა სახელმწიფოს განუყოფელ ვალდებულებას შექმნას და ეფექტიანად გამოიყენოს ოჯახური ძალადობის დამსჯელი სისტემა და შესთავაზოს მსხვერპლს საკმარისი გარანტიები. სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს, რომ ჰ.ო.-ს მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით, დევნის განმახორციელებელ ორგანოებს უნდა შესძლებოდათ სამართალწარმოების გაგრძელება საჯარო ინტერესის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულების მიერ უკან იქნა გამოხმობილი საჩივრები (იხ. ამ მხრივ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია რეკ(2002)5, §§ 80-82 ზემოთ).
146.საკანონმდებლო ბაზის გარდა, რომელიც ხელს უშლის ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიან დაცვას, სასამართლომ ასევე უნდა განიხილოს თუ რამდენად გამოამჟღავნეს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა ჯეროვანი გულმოდგინება მომჩივანის დედის სიცოცხლის უფლების დასაცავად სხვა შემთხვევებში.
147.ამ მხრივ სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად გარდაცვლილის საჩივრისა, რომლის მიხედვითაც ჰ.ო. მას ავიწროვებდა, არღვევდა მის პირად სივრცეს მისი საკუთრების გარშემო სიარულითა და დანებისა და იარაღების ტარებით (იხ. პარაგრაფი 47 ზემოთ), პოლიციამ და ბრალმდებელმა ორგანოებმა ვერ შეძლეს ჰ.ო.-ს დაპატიმრება ან სხვა შესაბამისი ზომების მიღება იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ მას ჰქონდა იარაღი და მისი გამოყენებით ახორციელებდა ძალადობრივ მუქარას (იხ. Kontrová, ციტირებული ზემოთ, § 53). მაშინ როდესაც მთავრობა დავობდა, რომ არ არსებობდა ხელშესახები მტკიცებულება მასზედ, რომ მომჩივანის დედის სიცოცხლე უშუალო საფრთხის წინაშე იყო. სასამართლო აღნიშნავს, საქმიდან არ იკვეთება რომ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს შეეფასებინოთ ჰ.ო.-ს მიერ შექმნილი საფრთხე და დაესკვნათ, რომ მისი დაპატიმრება არაპროპორციული ნაბიჯი იქნებოდა. პირიქით, ხელისუფლებამ საერთოდ არ განიხილა საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებში დამნაშავეთა უფლებები ვერ იქნება მსხვერპლთა სიცოცხლისა და ფიზიკური და გონებრივი ხელშეულხებლობის უფლების საპირწონე (იხ. the Fatma Yıldırım v. Austria da A.T. v. Hungary CEDAW კომიტეტის გადაწყვეტილებანი, ორივე ციტირებული ზემოთ, §§ 12.1.5 და 9.3, შესაბამისად).
148.ამასთანავე, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია მიიღოს პრევენციული ოპერატიული ზომები საფრთხის წინაშე მყოფი ინდივიდის სიცოცხლის დასაცავად, მოლოდინი არსებობდა, რომ ხელისუფლების ორგანოები, იმ ეჭვმიტანილთან დაკავშირებით, რომელსაც გააჩნია ძალადობრივი თავდასხმების კრიმინალური წარსული, მიიღებდნენ ვითარების სიმძიმის შესაბამის სპეციალურ ზომებს მომჩივანის დედის დასაცავად. ამ მხრივ, ადგილობრივი პროკურორი ან მოსამართლე მაგისტრატთა სასამართლოში უფლებამოსილი გახლდათ საკუთარი ინიციატივით განესაზღვრა ნო. 4320 კანონის 1 და მე-2 ნაწილებში ჩამოთვლილი ერთი ან მეტი დაცვითი ღონისძიება (იხ. პერაგრაფი 70 ზემოთ). მათ ასევე შეეძლოთ ამკრძალავი ორდერის გამოცემა, რომელიც ჰ.ო.-ს აუკრძალავდა მომჩივანის დედასთან დაკონტაქტრებას, კომუნიკაციის დამყარებას, მიახლოვებას ან განსაზღვრულ ზონაში შესვლას (ამ მხრივ იხ. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია რეკ(2002)5, § 82, ზემოთ). სინამდვილეში კი პირიქით, მოსარჩლის დედის მხრიდან დაცვის განმეორებადი თხოვნის მიუხედავად, პოლიციამ და მაგისტრატთა სასამართლომ ჰ.ო.-ს ჩამოართვეს ჩვენებები და გაათავისუფლეს იგი (იხ. პარაგრაფები 47-52 ზემოთ). მაშინ როდესაც ჩვენებების მიღებიდან თითქმის ორი კვირის განმავლობაში სახელმწიფო ორგანოები პასიურობდნენ, ჰ.ო.-მ სასიკვდილოდ ესროლა მომჩივანის დედას.
149.მოცემულ ვითარებაში, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა გამოამჟღავნეს ჯეროვანი გულმოდგინება. მათ, შესაბამისად, ვერ შეასრულეს დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება დაეცვათ მომჩივანის დედის სიცოცხლის უფლება კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად.
2) მომჩივანის დედის მკვლელობის სისხლისსამართლებრივი გამოძიების ეფექტიანობა
150.სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლის პირველ წინადადგებაში ჩადებული პოზიტიური ვალდებულებები ამასთანავე არაპირდაპირ ითხოვენ ეფექტიანი და დამოუკდებელი სისტემის არსებობას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მკვლელობის მიზეზების დადგენა და დამნაშავე მხარის დასჯა mutatis mutandis, Calvelli and Ciglio v. Italy, [GC], no. 32967/96, ECHR 2002, § 51). ამგვარი გამოძიების მთავარი მიზეზი გახლავთ იმ ეროვნული კანონების ეფექტიანი იმპლემენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს სიცოცხლის უფლების დაცვას საქმეებში, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს წარმომადგენელებსა და ორგანოებს, რათა უზრუნველყოფილი იქნას მათი ანგარიშვალდებულება მათსავე პასუხისმგებლობის ფარგლებში მომხდარი გარდაცვალებებისათვის (იხ.Paul and Audrey Edwards, ციტირებული ზემოთ, §§ 69 და 71). დაუყოვნებლობისა და გონივრული სისწრაფის მოთხოვნა ნაგულისხმევია კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში განხორციელებადი ეფექტიანი გამოძიების კონტექსტში (იხ.Yaşa v. Turkey, 2 სექტემბერი 1998, §§ 102 104, Reports 1998-VI; Çakıcı v. Turkey [GC], no. 23657/94, §§ 80-87 და 106, ECHR 1999-IV). უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია, რიგ ვითარებებში არსებობდეს დაბრკოლებები ან სირთულეები, რომელიც გამოძიების პროგრესს აყოვნებს. თუმცა, ხელისუფლების დაუყოვნებელი პასუხი ცივი იარაღის გამოყენებაზე ზოგადად აუცილებელია, რათა შენარჩუნებულ იქნას საზოგადოების მიერ ხელისუფლების კანონის უზენაესობისადმი მორჩილებისა და უკანონო მოქმედებებისადმი შეუმწყნარებლობის მორჩილება (იხ. Avşar v. Turkey, no. 25657/94, § 395, ECHR 2001-VII (ამონარიდები)).
151.სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ მართლაც განხორციელდა სრულფასოვანი გამოძიება მომჩივანის დედის მკვლელობის საქმეში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჰ.ო. გასამართლდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი მკვლელობასა და იარაღის უკანონო ფლობაში დიარბაკირის ასიზთა სასამართლოს მიერ, სამართალწარმოება ჯერ ისევ მიმდინარეობს საკასაციო სასამართლოს წინაშე (იხ. პარაგრაფები 57 და 58, ზემოთ). შესაბამისად, მოცემული სისხლის სამართალწარმოება, რომელიც გრძელდება უკვე ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ვერ მიიჩნევა დაუყოვნებელ პასუხად ხელისუფლების მიერ განზრახი მკვლელობის ძიებისადმი საქმეში, სადაც დამნაშავემ უკვე აღიარა დანაშაულის ჩადენა.
3. დასკვნა
152.ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ ვითარებაში, ზემოთხსენებული უუნარობის შედეგად სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო მისაგებლები თანაბრად არაქმედითი გახლდათ. შესაბამისად, იგი არ იზიარებს სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურველობის შესახებ მთავრობის პირველად პრეტენზიას (იხ. პარაგრაფი 114 ზემოთ).
153.მეტიც, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის სისტემა არ წარმოადგენდა ადექვატურ წინაღობას რომელიც შეძლებდა ჰ.ო.-ს მიერ ჩადენილი უკანონო მოქმედებების ეფექტიან პრევენციას. შექმნილი წინაღობები, რომელიც გამომდინარეობდა კანონმდებლობიდან, ისევე როგორც ხელმისაწვდომი საშუალებების გამოუყენებლობიდან, ზიანს აყენებდა მოქმედი მართლმსაჯულების სისტემას - როგორც მის შემაკავებელ ფაქტორს, ისევე მის როლს, რომელიც მას უნდა ეთამაშა მომჩივანის დედის სიცოცხლის უფლების დასაცავად კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით. სასამართლო ამ მხრივ იმეორებს, რომ მას შემდეგ რაც საქმე სასამართლოს წინაშე წარსდგება, ეროვნულ ხელისუფლებას აღარ აქვს საშუალება დაეყრდნოს მხვერპლის დამოკიდებულებას საკუთარი ვალდებულების - მიიღოს ადექვატური ზომები, რომელმაც შესაძლოა აღკვეთოს აგრესორის მიერ მსხვერპლის ფიზიკური შეუვალობის წინააღმდეგ მუქარა - შეუსრულებლობის გასამართლებლად (იხ. Osman v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 116). გამომდინარე აღნიშნულიდან, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას.
III. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
154.მომჩივანი ჩიოდა, რომ იგი დაექვემდებარა ძალადობას, ჯანმრთელობის დაზიანებასა და მკვლელობის მუქარას რამდენჯერმე და რომ ხელისუფლება გულგრილად მოეკიდა მის მდგომარეობას , რამაც გამოიწვია ტკივილი და შიში კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით. ეს უკანასკნელი აღნიშნავს შემდეგს:
"არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს".
ა. მხარეთა არგუმენტები
155.მომჩივანი მიუთითებდა, რომ დაზიანებანი და ტკივილი, რომელიც მან განიცადა მისი ქმრის მიერ ძალადობის შედეგად, აღწევდა წამების დადგენილ ზღვარს კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად. მიუხედავად მიმდინარე ძალადობისა და მის მიერ დახმარების არაერთი თხოვნისა, ხელისუფლების ორგანოებმა ვერ დაიცვეს იგი საკუთარი მეუღლისაგან. მისი თქმით ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ძალადობა სახელმწიფოს ზედამხედველობით ხორციელდებოდა. ოჯახური ძალადობისადმი ხელისუფლების ორგანოების მიერ გამომჟღავნებული უგულვებელყოფა და შემწყნარებლობა მომჩივანში აღძრავდა დამცირების, უმედობისა და მოწყვლადობის შეგრძნებას.
156.მთავრობა აღნიშნავდა, რომ მომჩივანის მიერ საჩივრების უკან გამოხმობა და მისი უუნარობა ეთანამშრომლა ხელისუფლების ორგანოებთან, ბრალმდებელ ორგანოებს ხელს უშლიდა მისი მეუღლის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი წარმოების გაგრძელებისაგან. ისინი ასევე ანიშნავდნენ, რომ ნო. 4320 კანონით დადგენილი მისაგებელის გარდა, მომჩივანს შეეძლო მოეთხოვა თავშესაფარი ერთ-ერთ იმ საცხოვრებელში, რომელიც სახელმწიფო ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი იყო ქალთა დასაცავად. ამ მხრივ, მომჩივანს შეეძლო მიემართა სოციალური სერვისებისა და ბავშვთა დაცვის სააგენტოს დირექტორატისათვის რათა მოეთხოვა ერთ-ერთ საცხოვრებელში განთავსება. მოცემული საცხოვრებლების მისამართი საიდუმლო იყო და დაცული გახლდათ ხელისუფლების ორგანოების მიერ.
157. INTERIGHTS-ი აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი იყვნენ მიეღოთ გონივრული ზომები რათა დაუყოვნებლივ ემოქმედათ არასათანადო მოპყრობის შესაჩერებლად - მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენდა მას, საჯარო თუ ფიზიკური პირი - რომლის შესახებაც მათ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ. ოჯახური ძალადობის რთულად გასარკვევი ხასიათიდან გამომდინარე და ქალთა განსაკუთრებული მოწყვლადობის გამო, რომლებსაც ხშირად ეშინიათ ძალადობის შესახებ გაცხადება, სახელმწიფოს ეკისრება მომეტებული ყურადღების გამოჩენის ვალდებულება.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. შესაბამისი პრინციპები
158.სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს იმისათვის რათა მოხვდეს მე-3 მუხლის ფარგლებში. მოცემული მინიმუმის შეფასება შედარებითია: იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, მათ შორის მოპყრობის ბუნებასა და კონტექსტზე, ხანგრძლივობაზე, მის ფიზიკურ და გონებრივ შედეგებზე და, რიგ შემთხვევებში, მსხვერპლის სქესზე, ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე (იხ. Costello‑Roberts v. the United Kingdom, 25 მარტი 1993, § 30, Series A No. 247-C).
159.რაც შეეხება იმას თუ რამდენად შეიძლება პასუხისმგებელი იყოს სახელმწიფო მე-3 მუხლის ფარგლებში იმ არასათანადო მოპყრობისათვის, რომელიც ხორციელდება არასახელმწიფო ერთეულის მიერ, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ კონვენციის 1 მუხლით მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა იკისრეს ვალდებულება საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ყველა უნზრუნველყონ კონვენციით განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობით, რაც მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, სახელმწიფოსაგან ითხოვს იმგვარი ზომების მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მოცემული სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი პირები არ დაექვემდებარონ წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასა თუ სასჯელს, მათ შორის კერძო პირების მიერ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასაც (იხ.mutatis mutandis, H.L.R. v. France, 29 აპრილი 1997, § 40, Reports 1997 III). ბავშვები და სხვა მოწყვლადი პირები განსაკუთრებული უფლებით არიან აღჭურვილნი რათა ისარგებლონ პიროვნული ხელშეუვალობის სერიოზული დარღვევის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან დაცვით (იხ. A. v. the United Kingdom, 23 სექტემბერი 1998, § 22, Reports 1998 VI).
2. ზემორე პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
160.სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანი შესაძლოა მოაზრებულ იქნას "მოწყვლად პირად" რომელიც სარგებლობს სახელმწიფოს დაცვით (იხ.A. v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 22). ამ მხრივ, იგი ყურადღებას ამახვილებს მომჩივანის მიერ წარსულში გადატანილ ძალადობაზე, ჰ.ო.-ს მიერ მუქარაზე ციხიდან გამოსვლის შემდეგ და მის შიშზე არ დაქვემდებარებოდა შემდგომ ძალადობას, ისევე როგორც მისი სოციალურ მდგომარეობაზე, კერძოდ კი ქალთა მოწყვლადობაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში.
161.სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანის მიერ გადატანილი ძალადობა ფიზიკური დაზიანებებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის სახით საკმარისად სერიოზული გახლდათ რათა მიეღწია არასათანადო მოპყრობისათვის კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით.
162.შესაბამისად, სასამართლომ უნდა განსაზღვროს თუ რამდენად მიიღეს ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა გონივრული ზომები რათა თავიდან აეცილებინთ მომჩივანის ფიზიკურ ხელშეუვალობაზე განმეორებითი თავდასხმა.
163.მოცემული შეფასების გაკეთებისას და იმის გათვალისწიებით, რომ სასამართლო ადგენს კონვენციის I ნაწილში მოცემული უფლებებისა და თავისუფლებების საბოლოო ავტორიტეტულ ინტერპრეტაციას, სასამართლო განიხილავს თუ რამდნად გაითვალისწინეს ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა მსგავს თემებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი, იმ შემთხვევების ჩათვლით როდესაც იგი სხვა სახელმწიფოებს ეხებოდა.
164.კონვენციის დებულებებისა და კონკრეტულ შემთხვევებში წევრ სახელმწიფოთა ვალდებულებების მასშტაბების განმარტებისას (იხ. mutatis mutandis, Demir and Baykara v. Turkey [GC], no. 34503/97, §§ 85 და 86, 12 ნოემბერი 2008) სასამართლო ითვალისწინებს შესაბამის შეთანხმებასა და საერთო ღირებულებს, რომელიც გააჩნიათ ევროპულ სახელმწიფოებს და სპეციალიზებულ საერთაშორისო ინსტრუმენტებს, მაგ. ჩEDAჭ, და ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების განვითარებაზე, მაგ. Belém do Pará კონვენცია, რომელიც სპეციალურად აყალიბებს სახელმწიფოთა ვალდებულებებს სქესზე დაფუძნებული ძალადობის აღმოსაფხვრელად.
165.აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიზანი არ გახლავთ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების ჩანაცვლება და მათ ნაცვლად მისი არჩევა იმ შესაძლო ღონისძიებათა ფართო სპექტრიდან, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი პოზიტიური ვადლებულებების განსახორციელებლად (იხ. mutatis mutandis, Bevacqua and S. v. Bulgaria, ციტირებული ზემოთ, § 82). ამასთანავე, კონვენციის მე-19 მუხლით და იმ პრინციპების მიხედვით, რომელთა შესაბამისად კონვენცია მიზნად ისახავს არა თეორიული ან ილუზორული, არამედ პრაქტიკული და ქმედითი უფლებების გარანტირებას, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფოს ვალდებულება - დაიცვას მის იურისდიქციაში მყოფ პირთა უფლებები - ჯეროვნად შესრულდეს Nikolova and Velichkova v. Bulgaria, no. 7888/03, § 61, 20 დეკემბერი 2007).
166.ფაქტების გაანალიზებისას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, კერძოდ კი პოლიცია და პროკურატურა, არ დარჩენილა სრულიად უმოქმედოდ. ძალადობის მომცველი ყოველი შემთხვევის შემდეგ მომჩივანი წარედგინებოდა სამეციდინო გამოკვლევისათვის და ხდებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მისი ქმრის წინააღმდეგ. პოლიციამ და პროკურატურამ დაკითხეს ჰ.ო. მის სისხლისსამართლებრივად დასჯად მოქმედებებთან დაკავშირებით, დააპატიმრეს ორ შემთხვევაში, ბრალი წაუყენეს სიცოცხლის წინააღმდეგ მუქარისათვისა და სხეულებრივი დაზიანებების მიყენებისათვის, ხოლო მომჩივანის შვიდ ადგილას დანით დაჭრის შემდეგ მსჯავრის დასდეს და დააკისრეს ჯარიმის გადახდის ვალდებულება (იხ. პარაგრაფები 13, 24 და 44 ზემოთ).
167.თუმცა, მოცემულ ზომათაგან არცერთი არ აღმოჩნდა საკმარისი ჰ.ო.-ს შესაჩერებლად რათა არ ჩაედინა შემდეგი ძალადობრივი ქმედება. ამ მხრივ, მთავრობა ბრალს მომჩივანს დებდა საჩივრების უკან გამოხმობისა და ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობის არ წარმოების გამო, რამაც გამოიწვია ჰ.ო.-ს წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოების შეწყვეტა, რადგანაც იმ დროისათვის მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა ითხოვდა დაზარალებულის აქტიურ ჩართულობას (იხ. პარაგრაფი 70 ზემოთ).
168.სასამართლო იმეორებს მის მოსაზრებას მე-2 მუხლიდან გამომდინარე საჩივრებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ბაზა ბრალმდებელ ორგანოებს უნდა აძლევდეს სისხლის სამართლის გამოძიების გაგრძელების საშუალებას ჰ.ო.-ს წინააღმდეგ მიუხედავად მომჩივანის მიერ უკან გამოხმობილი საჩივრებისა, რადგან ჰ.ო.-ს მიერ ჩადენილი ძალადობა საკმარისად სერიოზული გახლდათ რათა გამოეწვია დევნა და არსებობდა მომჩივანის ფიზიკური ხელშეულხებლობის წინააღმდეგ განუწყვეტელი საფრთხე (იხ. პარაგრაფები 137-148 ზემოთ).
169.თუმცა, რთულია ითქვას, რომ ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა გამოამჟღავნეს საჭირო გულმოდგინება მომჩივანის წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმების განმეორების თავიდან ასაცილებლად, რადგან მომჩივანის ქმარი მათი მხრიდან ყოველგვარი დაბრკოლების შექმნის გარეშე, დაუსჯელად ჩადიოდა დანაშაულებს და ამით ზიანს აყენებდა კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებს (იხ. mutatis mutandis, Maria da Penha v. Brazil, ციტრებული ზემოთ, §§ 42-44). მაგალითისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი მნიშვნელოვანი შემთხვევის შემდეგ (იხ. პარაგრაფები 9 და 10), ჰ.ო.-მ კიდევ ერთხელ სასტიკად სცემა მომჩივანი, გამოიწვია რა დაზიანებანი რომელიც საკმარისად სერიოზული გახლდათ რათა მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დაეყენებინა და მიუხედავად ამისა გათავისუფლდა სასამართლო მოსმენამდე "დანაშაულის ბუნებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა სრულად აღიდგინა ჯანმრთელობა." სამართალწარმოება საბოლოოდ შეწყდა რადგან მომჩივანმა უკან გამოიხმო საჩივრები (იხ. პარაგრაფები 13 და 19 ზემოთ). ამის შემდეგ ჰ.ო. კიდევ ერთხელ დაესხა თავს მომჩივანსა და მის დედას დანის გამოყენებით და მიაყენა მათ სერიოზული დაზიანებანი. ბრლამდებელმა ორგანოებმა სამართალწარმოება შეწყვიტეს ყოველგვარი ჯეროვანი გამოძიების ჩატარების გარეშე (იხ. პარაგრაფები 20 და 21). მეტიც, ჰ.ო.-მ საკუთარი მანქანა დააჯახა მომჩივანსა და მის დედას, ამჯერად ამ უკანასკნელს მიაყენა მძიმე, ხოლო მომჩივანის დედას კი სასიცოცხლოდ სახიფათო დაზიანებანი. მან მხოლოდ 25 დღე გაატარა ციხეში და დაჯარიმდა მომჩივანის დედისათვის სერიოზული დაზიანების მიყენების გამო (იხ. პარაგრაფები 23-36 ზემოთ). დაბოლოს, სასამართლო განსაკუთრებით განაცვიფრა დიარბაკირის მაგისტრატთა სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაეკისრებინა მხოლოდ მცირე ჯარიმა მომჩივანის შვიდ ადგილას დანით დაჭრის გამო, რომლის გადახდის უფლებაც ჰ.ო.-ს მიეცა ნაწილ-ნაწილ (იხ. პარაგრაფები 37 და 44).
170.აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანის ყოფილი ქმრის ქმედებებზე პასუხი იყო აშკარად არაადექვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ფონზე (იხ.mutatis mutandis, Ali and Ayşe Duran v. Turkey, no. 42942/02, § 54, 8 აპრილი 2008). შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებანი მოცემულ საქმეში ადასტურებენ ეფექტიანობის ნაკლებობასა და გარკვეულ შემწყნარებლობას და რომ მათ არ გააჩნდა შესამჩნევად პრევენციული ან აღმკვეთი გავლენა ჰ.ო.-ს საქციელზე.
171.რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, რომ ნო. 4320 კანონით არსებულ მისაგებელთან ერთად, მომჩივანს შეეძლო თავშესაფრის მოთხოვნა ქალთა დასაცავად შექმნილ საცხოვრებელში, სასამართლო აღნიშნავს, რომ 198 წლის 14 იანვრამდე - ანუ იმ დღემდე, როდესაც კანონი ნო. 4320 ძალაში შევიდა - თურქეთის კანონმდებლობა არ აყალიბებდა კონკრეტულ ადმინიტრაციულ და პოლიტიკურ ზომებს მოწყვლად ჯგუფთა დასაცავად ოჯახური ძალადობისაგან. ამ თარიღის შემდეგაც კი არ ჩანდა, რომ ეროვნულ ორგანოებს აქტიურად გამოეყენებინოთ კანონით განსაზღვრული ზომები და სანქციები მომჩივანის დასაცავად საკუთარი ქმრისაგან. ჰ.ო.-ს მიერ მთლიანობაში ჩადენილი ძალადობის გათვალისწინებით, პროკურატურას საკუთარი ინიციატივით უნდა გამოეყენებინა ნო. 4320 კანონით განსაზღვრული ზომები, მომჩივანის მიერ კანონის საიმპლემენტაციოდ კონკრეტული მოთხოვნის წარდგენის მოლოდინის გარეშე.
172.აღნიშნულის შემდეგ რომც დავუშვათ, რომ მომჩივანი განთავსებულიყო ერთ-ერთ საცხოვრებელში, როგორც ამას მთავრობა გვთავაზობს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ დროებითი გამოსავალი. მეტიც, არ აღნიშნულა, რომ არსებობდა რაიმე ოფიციალური ღონისძიება, რომელიც ურზუნველყოფდა მსხვერპლთა უსაფრთხოებას მოცემულ საცხოვრებლებში.
173.საბოლოოდ, სასამართლო შეშფოთებული აღნიშნავს, რომ მომჩივანის მიერ განცდილი ძალაობა არ დასრულებულა და რომ ხელისუფლება განაგრძობდა უმოქმედობას. ამ მხრივ სასამართლო მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ჰ.ო.-ს ციხიდან გამოშვებიდან მალევე მან ისევ დაიწყო მუქარის განხორციელება მომჩივანის ფიზიკური ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (იხ. პარაგრაფი 59 ზემოთ). მომჩივანის მიერ 2008 წლის 15 აპრილს წარდგენილი განცხადების მიუხედავად, სადაც იგი დევნის განმახორციელებელ ორგანოებს თხოვდა ზომების მიღებას მის დასაცავად, არაფერი გაკეთებულა მანამდე, სანამ სასამართლომ არ მოთხოვა მთავრობას ინფორმაციის წარმოდგენა ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. მოცემული თხოვნის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს ინსტრუქციების მიხედვით, დიარბაკირის პროკურტურამ დაკითხა ჰ.ო. სასიკვდილო მუქარის შესახებ და ჩამოართვა ჩვენებები მომჩივანის ახლანდელ მეგობარ მამაკაცს (იხ. პარაგრაფები 60-67)
174.მომჩივანის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ შეატყობინა სასამართლოს, რომ მომჩივანის სიცოცხლე უშუალო საფრთხის წინაშე იყო ხელისუფლების ორგანოების განგრძობადი უუნარობის გამო მიეღოთ საკმარისი ზომები მისი კლიენტის დასაცავად (იხ. პარაგრაფი 68, ზემოთ). როგორც ჩანს, მხოლოდ მოცემული საჩივრის გადაცემისა და სასამართლოს მიერ ახსნა-განმარტების თხოვნის შემდეგ, დაიწყო ადგილობრივმა ხელისუფლებამ კონკრეტული ზომების მიღება მომჩივანის დასაცავად (იხ. პარაგრაფები 69 ზემოთ).
175.მე-3 მუხლის ფარგლებში წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარმოდგენილი მისაგებლების ზოგადი არაეფექტიანობის გათვალისწინებით, სასამართლო უარყოფს მთავრობის პრეტენზიას სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურავობის შესახებ.
176.სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას სახელმწიფო ორგანოების მიერ დამცავი ღონისძიებების - რომელიც მიზნად ისახავდა ეფექტიანი ზომების მიღებას მომჩივანის მიმართ მისი ქმრის მიერ პიროვნული ხელშეუვალობის სერიოზული დარღვევის თავიდან ასაცილებლად - განუხორციელებლობის გამო.
IV. კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლთან ერთიანობაში კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა
177.მომჩივანი ჩიოდა მე-14 მუხლით მე-2 და მე-3 მუხლებთან ერთად, რომ იგი და მისი დედა დისკრიმინირებულნი იყვნენ სქესის საფუძველზე.
კონვენციის მე-14 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად."
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მომჩივანი
178.მომჩივანი მიუთითებდა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა დისკრიმინაციული გახლდათ და სათანადოდ არ იცავდა ქალებს, რადგანაც ქალის სიცოცხლე ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნეოდა ოჯახური ერთობის გამო. ყოფილი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც იმ დროს ძალაში გახლდათ, შეიცავდა მრავალ დებულებას რომელიც ქალს განასხვავებდა კაცისაგან, მაგალითად, კაცის ოჯახის უფროსობა, მისი სურვილების უპირატესი ძალა ოჯახური ერთობის სახელით და სხვა. მაშინდელი სისხლის სამართლის კოდექსიც მეორეხარისხოვან მოქალაქეებად განიხილავდა ქალებს. ქალი უპირატესად განიხილებოდა საზოგადოებისა და მამაკაცის საკუთრებად ოჯახში. ყველაზე მნიშვნელოვან ინდიკატორად შესაძლოა მივიჩნიოთ სექსუალური დანაშაულები, რომელიც გაწერილი გახლდათ ნაწილში სათაურით "ზოგად მორალსა და ოჯახურ წესრიგთან დაკავშირებული დანაშაულები" მაშინ როდესაც სექსუალური დანაშაულები ქალთა წინააღმდეეგ წარმოადგენს უშუალო თავდასხმას ქალის პიროვნულ უფლებებსა და თავისუფლებებზე. სისხლის სამართლის კოდექსის ამგვარი აღქმის გამო, პირებს, რომლებიც ოჯახის ღირსების გამო კლავდნენ საკუთარ ცოლებს ეკისრებოდათ უფრო მსუბუქი სასჯელი. ის ფაქტი, რომ ჰ.ო.-ს მიესაჯა 15 წლიანი სასჯელი წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის ამგვარი კლასიფიკაციის შედეგს.
179.მთავრობის მიერ, 2002 და 2004 წელს სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის კოდექსებში გატარებული რეფორმების მიუხედავად, ოჯახური ძალადობა კაცის მხრიდან მაინც შეწყნარებული გახლდათ და დამნაშავეები დაუსჯელნი რჩებოდნენ სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. მომჩივანი და მისი დედა იყვნენ მე-2, მე-3, მე-6 და მე-13 მუხლების დარღვევის მსხვერპლნი მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები იყვნენ. ამ მხრივ, მომჩივანმა სასამართლოს ყურადღება მიმართა იმ ფაქტისაკენ თუ რაოდენ წარმოუდგენელი გახლდათ კაცი გამხდარიყო მსგავს დარღვევათა მსხვერპლი.
2. მთავრობა
180.მთავრობა ამტკიცებდა, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობდა სქესობრივი დისკრიმინაცია, რადგან ძალადობა ორმხრივი გახლდათ. ამასთანავე, არასწორია იმის მტკიცება, რომ დისკრიმინაცია ინსტიტუციონალიზებული იყო და გამომდინარეობდა სისხლისა თუ ოჯახური სამართლიდან ან სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკიდან. ასევე არამართებულია იმის მითითება, რომ ეროვნული კანონმდებლობა შეიცავდა რაიმე სახის ფორმალურ და აშკარა განსხვავებას კაცებსა და ქალებს შორის. არ დამტკიცებულა, რომ ეროვნულმა ხელისუფლებლის ორგანოებმა მომჩივანის სიცოხლის უფლება სწორედ იმის გამო არ დაიცვეს, რომ იგი ქალი გახლდათ.
181.მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ 2002 და 2004 წლის რეფორმების შემდეგ, კერძოდ კი სამოქალაქო კოდექსის დებულებათა გადახედვისა და ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებით, ასევე ნო. 4320 კანონის ძალაში შესვლით, თურქეთის კანონმდებლობა აყალიბებდა საკმარის გარანტიებს ოჯახური ძალადობისაგან ქალთა დასაცავად, რომელიც ამასთანავე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გახლდათ. დასკვნის სახით მთავრობამ აღნიშნა, რომ სარჩელი მიუღებლად უნდა გამოცხადდეს, რადგანაც მას არ ამოუწურავს სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები, რადგან მოცემული ბრალდებები არასდროს წარდგენილა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების წინაშე და, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი არსს მოკლებული გახლდათ.
3. INTERIGHTS
182 INTERIGHTS-მა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს უუნარობა დაიცვას ქალი ოჯახური ძალადობისაგან უტოლდება მისი ვალდებულების დარღვევას უზრუნველყოს კანონისმიერი თანაბარი დაცვა სქესის მიუხედავად. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საერთაშორისო აღიარება - როგორც გაეროში ისე ინტერ-ამერიკულ სისტემებში- სულ უფრო მეტად ვრცელდებოდა მასზედ, რომ ძალადობა ქალთა წინააღმდეგ წარმოადგენდა უკანონო დისკრიმინაციის ფორმას.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. შესაბამისი პრინციპები
183.მის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაში საქმეზე D.H. and Others v. Czech Republic ([GC], no. 57325/00, 13 ნოემბერი 2007, §§ 175-180) სასამართლომ ჩამოაყალიბა დისკრიმინაციის შესახებ შემდეგი პრინციპები:¨
"175. სასამართლომ საკუთარი პრაქტიკით დაადგინა, რომ დისკრიმინაცია ნიშნავს განსხვავებულ მოპყრობას ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე იმ პირთა მიმართ, რომელიც მეტ-ნაკლებად მსგავს ვითარებაში იმყოფებიან (Willis v. the United Kingdom, no. 36042/97, § 48, ECHR 2002-IV; და Okpisz v. Germany, no. 59140/00, § 33, 25 ოქტომბერი 2005). ... ასევე აღიარებულია, რომ ზოგადი პოლიტიკა ან ზომები, რომელსაც არაპროპორციული გავლენა აქვს ცალკეულ ჯგუფზე შეიძლება მიჩნეულ იქნას დისკრიმინაციულად მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის მიზანმიმართულად განსაზღვრული მოცემული ჯგუფისათვის (იხ. Hugh Jordan v. the United Kingdom, no. 24746/94, § 154, 4 მაისი 2001; და Hoogendijk v. the Netherlands (dec.), no. 58461/00, 6 იანვარი 2005) და მოცემული პოტენციურად კონვენციის საწინააღმდეგო დისკრიმინაცია შეიძლება მიღებულ იქნას დე ფაცტო ვითარების შედეგად (იხ.Zarb Adami v. Malta, no. 17209/02, § 76, ECHR 2006-..)...
177. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს მოცემულ სფეროში, სასამართლომ დაადგინა, რომ მას შემდეგ რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ იგი გამართლებული გახლდათ (იხ. სხვა მრავალს შორის, Chassagnou and Others v. France [GC], nos. 25088/94, 28331/95 და 28443/95, §§ 91-92, ECHR 1999-III; და Timishev, ციტირებული ზემოთ, § 57).
178. რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა საქმეში Nachova and Others (ციტირებული ზემოთ, § 147) რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარგანსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომელიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის ისეთი დასკვნებით რომელიც შესაძლოა გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისობაში მყოფი დასკნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცებულების ტვირთის დაკისრება ურთიერთკავშირშია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციის განსახილველ უფლებასთან.
179. სასამართლომ ასევე აღიარა, რომ კონვენციური სამართალწარმოება ყველა საქმეში მკაცრად არ იყენებს affirmanti incumbit probatio პრინციპს (ის ვინც ბრალს დებს ვალდებულია თავად დაამტკიცოს ბრალდება - affirmanti incumbit probatio (ამონარიდები),no.24351/94, § 272, ECHR 2003 V). რიგ შემთხვევებში, როდესაც საქმის საფუძველში არსებული მოვლენები სრულიად ან დიდწილად არასწორია, რის შესახებაც მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებმა იციან, მტკიცების ტვირთი შესაძლოა ხელისუფლებას დაეკისროს რათა წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი და დამარწმუნებელი განმარტება (იხ. Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; და Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV). საქმეში Nachova and Others (ციტირებული ზემოთ, § 157). სასამართლოს არ უარყვია მოპასუხე მთავრობისათვის მოეთხოვა გაებათილებინა სადავო ბრალდება დისკრიმინაციის შესახებ რიგ საქმეებში, მიუხედავად იმისა, რომ მიიჩნია რომ რთული იქნებოდა ამის გაკეთება მოცემულ საქმეში, სადაც ბრალდება ეხებოდა რასობრივ საფუძველზე ძალადობრივი აქტის ჩადენას. მან აღნიშნა, რომ მრავალი ქვეყნის სასამართლო სისტემაში პოლიტიკის, გადაწყვეტილებისა თუ პრაქტიკის დისკრიმინაციული გავლენის მტკიცება საჭიროებს დასაქმებისას ან მომსახურების დებულებების განსაზღვრისას სავარაუდო დისკრიმინაციის განზრახვის დადასტურებასაც.
180. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება სტატისტიკა წარმოადგენდეს მტკიცებულებას, სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ სტატისტიკა თავისთავად ვერ ადასტურებს იმგვარი პრაქტიკის არსებობას, რომელიც შესაძლოა დისკრიმინაციულად დაკვალიფიცირდეს (Hugh Jordan, ციტირებული ზემოთ, § 154). თუმცა შედარებით ბოლოდროინდელ საქმეებში დისკრიმინაციის შესახებ, სადაც მომჩივანები ზოგადი ღონისძიების ან de facto სიტუაციის განსხვავებულ შედეგებზე მიუთითებდნენ (Hoogendijk, ციტირებული ზემოთ; და Zarb Adami, ციტირებული ზემოთ, §§ 77-78), სასამართლო დიდწილად დაეფუძნა მხარეთა მიერ წარმოდგენილ სტატისტიკას რათა დაედგინა მსგავს ვითრებაში ორ ჯგუფს შორის (კაცები და ქალები) განსხვავებული მოპყრობის არსებობა. შესაბამისად Hoogendijk განჩინებაში სასამართლომ მიუთითა შემდეგი: "როდესაც მომჩივანს შეუძლია, უდავო ოფიციალური სტატისტიკის საფუძველზე, ამტკიცოს prima facie, რომ გარკვეული წესის არსებობა - მიუხედავად იმისა, რომ იგი ფორმულირებულია ნეიტრალური ფორმით - რეალურად აშკარად ახდენს გავლენას ქალთა უფრო დიდ რაოდენობაზე, ვიდრე კაცებზე, მოპასუხე მთავრობა ვალდებულია დაადასტუროს, რომ აღნიშნული არის ობიექტური ფაქტორების შედეგი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის სექსის საფუძველზე დისკრიმინაციასთან. თუკი ვალდებულება - დაადასტურო, რომ განსხავება ქალებსა და კაცებზე გავლენაში პრაქტიკაში არ არის დისკრიმინაციული - არ გადადის მოპასუხე მთავრობაზე, პრაქტიკაში უკიდურესად რთული იქნება მომჩივანთათვის ამტკიცონ არაპირდაპირი დისკრიმინაციის არსებობა."
2. ზემორე პრინციპების გამოყენება მოცემული საქმის ფაქტებში
ა. დისკრიმინაციის არსი ოჯახური ძალადობის კონტექსტში
184.სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ როდესაც იგი განიხილავს კონვენციის დებულებათა ობიექტსა და მიზანს, იგი ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის დამოკიდებულებას მის წინაშე წარმოდგენილი საკითხის მიმართ. ევროპულ სახელმწიფოთათვის საერთო საერთაშორისო თუ ეროვნული სამართლის სტანდარტები - რომელიც მოიცავს წესთა და პრინციპთა ერთობლიობას, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოთ უმრავლესობის მიერ - ასახავს იმ რეალობას, რომლის უგულვებელყოფაც სასამართლოს არ ძალუძს მაშინ, როდესაც მას მიმართავენ კონვენციის იმ დებულებათა მასშტაბის განსამარტად, რომელთან დაკავშირებითაც არ არსებობს საკმარისი სიცხადით განმარტების სხვა უფრო კონვენციური საშუალება (იხ.Saadi v. the United Kingdom [GC], no.13229/03, § 63, ECHR 2008 ..., ციტირებული საქმეში Demir and Baykara ციტირებული ზემოთ, § 76).
185.ამ მხრივ, როდესაც განიხილება ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის განმარტება და მასშტაბი, სასამართლო პრაქტიკით განსაზღვრულ დისკრიმინაციის უფრო ზოგად მნიშვნელობასთან ერთად (იხ. პარაგრაფი 183 ზემოთ), სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითზე უფრო სპეციალიზებული სამართლებრივი ინსტრუმენტების დებულებანი და საერთაშორისო მართლმსაჯულების ორგანოთა გადაწყვეტილებანი.
186.ამ მხრივ, CEDAWქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციას 1 მუხლში განმარტავს როგორც "... ... ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან შეზღუდვას, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება ან სრული უარყოფა".
187.CEDAWკომიტეტმა არაერთგზის გაიმეორა, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ოჯახური ძალადობაც, წარმოადგენს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ფორმას (იხ. პარაგრაფი 74 ზემოთ).
188.გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ ცალსახად აღიარა კავშირი სქესის საფუძველზე ძალადობასა და დისკრიმინაციას შორის მიუთითა რა რეზოლუციაში 2003/45 რომ "ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმა ხორციელდება ქალთა მიმართ de jure და de facto დისკრიმინაციის კონტექსტში საზოგადოებაში ქალთათვის უფრო დაბალი სტატუსის მინიჭებით, რაც კიდევ უფრო უარესდება იმ დაბრკოლებების შექმნით, რომელთა გადალახვაც ხშირად უწევთ ქალებს სახელმწიფოსაგან მისაგებელის მისაღებად."
189.ამასთანავე, Belém do Pará კონვენცია, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ რეგიონულ მრავალმხრივ ადამიანის უფლებათა კონვენციას, რომელიც ეხება მხოლოდ ქალთა წინააღმდეგ ძალადობას, აღწერს, რომ ყოველი ქალის უფლება იყოს თავისუფალი ძალადობისაგან მოიცავს, სხვა მრავალს შორის, მის უფლებას იყოს თავისუფალი დისკრიმინაციის ყველა ფორმისაგან.
190.დაბოლოს, ინტერ-ამერიკულმა კომისიამაც დაახასიათა ქალთა წინააღეგ ძალადობა დისკრიმინაციის ფორმად, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფოს უუნარობით ჯეროვნად იმოქმედოს რათა თავიდან აიცილოს და გამოიძიოს ოჯახური ძალადობის შესახებ საჩივარი (იხ.Maria da Penha v. Brazil,ციტირებული ზემოთ, § 80).
191.ზემოთმოცემულ წესებიდან და გადაწყვეტილებეიდან გამომდინარეობს, რომ სახლმწიფოს უუნარობა დაიცვას ქალები ოჯახური ძალადობისაგან არღვევს მათ უფლებას თანასწორ დაცვაზე კანონის წინაშე და მოცემული უუნარობა არ არის სავალდებულო იყოს განზრახი.
ბ. ოჯახური ძალადობის მიმართ არსებული მიდგომა თურქეთში
192.სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია თურქეთის მაშინ მოქმედი კანონმდებლობა არ განასხვავებდა აშკარად ქალსა და კაცს შორის საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას, მაგრამ იგი მაინც საჭიროებდა რიგ ცვლილებებს რათა შესაბამისობში ყოფილიყო საერთაშორისო სტანდარტებთან რომელიც პატივს ცემდა ქალის სტატუსს დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოების პრინციპების შესაბამისად. მსგავსაც CEDAWკომიტეტისა (იხ. დასკვნითი კომენტარები §§ 12-21), სასამართლო მიესალმება მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, კერძოდი კი ნო. 4320 კანონის მიღებას, რომელიც აყალიბებს კონკრეტულ ზომებს ქალთა ოჯახური ძალადობისაგან დასაცავად. შესაბამისად ჩანს, რომ სავარაუდო დისკრიმინაცია, რომელიც განიხილება მოცემულ საქმეში არ ეფუძნებოდა კანონმდებლობას per se არამედ უფრო გამომდინარეობდა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ზოგადი დამოკიდებულებიდან, იქედან თუ როგორ ეპყრობოდნენ პოლიციის განყოფილებებში იმ ქალებს, რომლებიც აცხადებდნენ ოჯახური ძალადობის შესახებ, ისევე როგორც მართლმსაჯულების პასიურობუდან მსხვერპლთა ეფექტიანად დასაცავად. სასამართლო აღნიშნავს, რომ თურქეთის მთავრობამ უკვე აღიარა პრაქტიკაში მოცემული სირთულეების არსებობა CEDAWკომიტეტის წინაშე საკითხის განხილვისას (იბიდ).
193.სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა წარმოადგინა ანგარიშები და სტატისტიკა მომზადებული ორი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის - დიარბაკირის ადვოკატთა ასოციაციისა და Amnesty International-ის მიერ - რათა დაედასტურებინა ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის არსებობა (იხ. პარაგრაფები 91-104 ზემოთ). იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ანგარიშებში მოცემული მიგნებები და დასკვნები არ გასაჩივრებულა მთავრობის მიერ სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე, სასამართლო მათ გაითვალისწინებს მოცემულ საქმეში მიღებულ საკუთარ მიგნებებთან ერთად (იხ. Hoogendijk, ციტირებული ზემოთ; და Zarb Adami, ციტირებული ზემოთ, §§ 77-78 ).
194.მოცემული ანგარიშების შესწავლის შემდეგ სასამართლო ასკვნის, რომ ოჯახური ძალადობის ყველაზე მაღალი გაცხადებულ მსხვერპლთა რაოდენობა არის დიარბაკირში, სადაც ცხოვრობდა მომჩივანი მაშინ და რომ ყველა დაზარალებული პირი ქალი გახლდთ, რომლებიც უმეტესწილად ფიზიკური ძალადობის მსხვერპლს წარმოადგენდნენ. მოცემულ ქალთა უდიდესი უმრავლესობა წარმოშობით ქურდისტანიდან იყო, იყვნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ან მიღებული ჰქონდათ დაბალი განათლება და, როგორც წესი, არ გააჩნდათ შემოსავლის დამოუკიდებელი წყარო (იხ. პარაგრაფი 98 ზემოთ).
195.ამასთანავე, ჩანს რომ ადგილი ჰქონდა ნო. 4320 კანონის იმპლემენტაციის სერიოზულ პრობლემას, ანუ იმ კანონს, რომელსაც მთავრობა აქტიურად ახსენებდა ოჯახური ძალადობის შემთხვევაში ქალთათვის არსებულ მისაგებლად. ზემოთხსენებული ორგანიზაციების მიერ წარმოებული კვლევა აღნიშავს, რომ როდესაც დაზარალებულები აცხადებდნენ ოჯახური ძალადობის შესახებ პოლიციის განყოცილებებში, პოლიციის ოფიცრები არ იძიებდნენ მათ საჩივრებს, არამედ ცდილობდნენ მედიატორის როლის შესრულებას არწმუნებდნენ რა დაზარალებულებს დაბრუნებულიყვნენ შინ და უკან გამოეხმოთ საჩივრები. ამ მხრივ, პოლიციის ოფიცრები პრობლემას მიიჩნევდნენ "ოჯახურ საქმედ, რომელში ჩარევაც მათ არ შეეძლოთ" (იხ. პარაგრაფები 92. 96 და 102).
196.მოცემული ანგარიშებიდან ასევე ჩანს, რომ სასამართლო ორდერის გამოცემა უმიზეზოდ ყოვნდებოდა, ნო. 4320 კანონის მიხედვით, რადგანც სასამართლოები მათ განქორწინების დავად და არა სასწრაფოდ სამოქმედო საკითხად მოიაზრებდნენ. გაჭიანურება ასევე ხშირი იყო როდესაც საქმე ეხებოდა აგრესორების მიმართ ორდერის მიწოდებას, რაც განპირობებული გახლდათ პოლიციის ოფიცრების ნეგატიური დამოკიდებულებით (იხ. პარაგრაფები 91-93, 95 და 101 ზემოთ). ამასთანავე, ოჯახური ძალადობის ჩამდენი პირები არ იღებდნენ სასჯელს, რომლის შედეგადაც მათ აღარ მოუნდებოდათ შემედგი დანაშაულის ჩადენა, რადგან სასამართლოები სასჯელს ამსუბუქებდნენ ჩვეულების, ტრადიციისა თუ ღირსების გამო (იხ. პარაგრაფები 103 და 106 ზემოთ).
197.მოცემული პრობლემების შედეგად, ზემოთხსენებული ანგარიშები გვთავაზობს, რომ ოჯახური ძალადობა შეწყნარებულია ხელისუფლების ორგანოების მიერ და რომ მთავრობის მიერ აღნიშნული მისაგებლები არ ფუნქციონირებს ეფექტიანად. მსგავსი დასკვნები და წუხილი იქნა გამოთქმული CEDAWკომიტეტის მიერ, როდესაც აღნიშნა "თურქეთში ქალთა წინააღმდეგ მუდმივი ძალადობის, მათ შორის ოჯახური ძალადობის" არსებობა და მოუწოდა მოპასუხე სახელმწიფოს გაეძლიერებინა მონდომება რათა თავიდან აეცილებინა და დაემარცხებინა ძალადობა ქალთა წინააღმდეგ. მან ასევე აღნიშნა ოჯახის დაცვის კანონის სრული იმპლემენტაციის, ეფექტიანობის ჯეროვანი მონიტორინგისა და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების აუცილებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ქალთა წინააღმდეგ ძალადობა, უზრუნველყოფილ იქნას დაცვა და დამხმარე სერვისები დაზარალებულთათვის და დასჯილ და რეაბილიტირებულ იქნან დამნაშავენი (იხ. დასკვნითი კომენტარები § 28).
198.ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა მოახერხა წარმოედგინა და გაემყარებინა უდავო სტატისტიკური ინფორმაციით, prima facie მითითება მასზედ, რომ ოჯახური ძალადობა ძირითადად ქალებზე ვრცელდებოდა და რომ ზოგადი და დისკრიმინაციული მართლმსაჯულებითი პასიურობა თურქეთში ქმნიდა კლიმატს, რომელიც ხელსაყრელი გახლდათ ოჯახური ძალადობისათვის.
გ. იყვნენ თუ არა მომჩივანი და მისი დედა დისკრიმინირებულნი ხელისუფლების ორგანოების უუნარობით უზრუნველეყოთ კანონის წინაშე მათი თანასწორი დაცვა
199.სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის სისტემა, რომელიც მოქმედებდა მოცემულ დროს არ ხასიათდებოდა ადექვატური ამრიდებელი ეფექტით, რომელიც შეძლებდა ჰ.ო.-ს უკანონო მოქმედებების ეფექტიან პრევენციას მომჩივანისა და მისი დედის პირადი ხელშეუვალობის წინააღმდეგ და შესაბამისად არღვევდა მათ უფლებებს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების მიხედვით.
200.იმის გათვალისწინებით, რომ მართალია არამიზანმიმართულად, მაგრამ მაინც, თურქეთში არსებობდა ზოგადი და დისკრიმინაციული მართლმსაჯულებითი პასიურობა რომელსაც უპირატესი გავლენა ჰქონდა ქალებზე, სასამართო მიიჩნევს, რომ მომჩივანისა და მისი დედის მიერ განცდილი ძალადობა შესაძლოა მიჩნეულ იქნას სქესზე დაფუძნებულ ძალადობაც, რაც წარმოადგენს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ფორმას. მიუხედავად ბოლო წლებში მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმებისა, აგრესორების მიმართ მართლმსაჯულების სისტემის ზოგადი რეაგირების არარსებობა და დაუსჯელობა, როგორც ეს დადასტურდა მოცემულ საქმეშიც, აღნიშნავდა, რომ არ არსებობდა საკმარისი მონდომება განხორციელებულიყო შესაბამისი საპასუხო მოქმედებანი ოჯახური ძალადობის მოსაგვარებლად (იხ. განსაკუთრებით CEDAWმუხლი 9, ციტირებული ზემოთ პარაგრაფში 187 ზემოთ).
201.ითვალისწინებს რა ეროვნული მისაგებლების ეფექტიანობის ნაკლებობას მომჩივანისა და მისი დედის მიმართ კანონის წინაშე დაცვის თანასწორობის სარგებლობისას კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან მიმართებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა განსაკუთრებულ პირობებს, რომელთა შედეგადაც მომჩივანს მოეხსნა სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლო უარყოფს მთავრობის პრეტენზიას კონვენციის მე-14 მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურველობის შესახებ.
202.აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე-2 და მე-3 მუხლებთან ერთბლიობაში.
V. კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლების სავარაუდო დარღვევა
203. კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით, მომჩივანი ჩიოდა, რომ სისხლის სამართალწარმოება ჰ.ო.-ს წინააღმდეგ არაეფექტიანი იყო და ვერ სთავაზობდა საკმარის დაცვას მასა და მის დედას.
204.მთავრობა არ დაეთანხმა მოცემულ არგუმენტს.
205.კონვენციის მე-2, მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევის დადგენის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 153, 176 და 202 ზემოთ), სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს იგივე ფაქტების განხილვას მე-6 და მე-13 მუხლების ფარგლებში.
VI. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
206.კონვენციის 41-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას."
ა. ზიანი
207.მომჩივანი ითხოვდა 70,000 თურქულ ლირას (დაახლოებით 35,000 ევროს) მატერიალური ზიანისათვის, რომელიც გამომდინარეობდა მისი დედის გარდაცვალებიდან და 250,000 თურქულ ლირას (დაახლოებით 125,000 ევროს) არამატერიალური ზიანისათვის. მან აღნიშნა, რომ მისი დედის მოკვლის შემდეგ, იგი ვეღარ სარგებლობდა მისი ეკონომიკური დახმარებით. მისი ყოფილი ქმრის მიერ ჩადენილმა ძალადობამ და დედის მკვლელობამ მას მიაყენა დაძაბულობა და ტანჯვა, ისევე როგორც აღუდგენადი ზიანი მის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და თვით-შეფასებას.
208.მთავრობამ აღნიშნა, რომ მოთხოვნილი თანხა გაუმართლებელი გახლდათ საქმის ვითარების გათვალისწინებით. მან მიუთითა, ალტერნატიულად, რომ რაოდენობა გადაჭარბებული იყო და ნებისმიერი კომპენსაცია ამ კუთხით არ უნდა იწვევდეს გაუმართლებელ გამდიდრებას.
209.რაც შეეხება მომჩივანის მოთხოვნას მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მაშინ როდესაც მომჩივანმა დაადასტურა, რომ რიგ შემთხვევებში იგი თავშესაფარს საკუთარი დედის სახლში ეძებდა, მას არ დაუდასტურებია, რომ იგი ფინანსურად დედამისზე იყო დამოკიდებული. თუმცა, მოცემული არ გამორიცხავს კომპენსაციას მატერიალური ზიანისათვის იმ მომჩივანისათვის, რომელიც დაადასტურებს, რომ მისი ოჯახის ახლო წევრმა განიცადა კონვენციის დარღვევა (იხ. Aksoy v. Turkez, 19 დეკემბერი 1996, § 113, Reports 1996-VI, სადაც მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მომჩივანის მიერ მის გარდაცვალებამდე, დაკარგული შემოსავლისა და სამედიცინო ხარჯებისათვის, რომელიც გამოდინარეობდა პატიმრობიდან და წამებიდან, გათვალისწინებულ იქნა სასამართლოს მიერ როდესაც მან მომჩივანის მამას, რომლმაც განაგრძო სამართალწარმოება, მიაკუთვნა კომპენსაცია). მოცემულ საქმეში, თუმცა, მატერიალური ზინის მოთხოვნა ეხება სავარაუდო მატერიალურ დანაკარგს, რომელიც გამომდინარეობდა მომჩივანის დედის გარდაცვალებიდან. სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ მომჩივანის დედას მიადგა რაიმე მატერიალური ზიანი გარდაცვალებამდე. შესაბამისად, სასამართლო მოცემულ ვითარებაში არ მიიჩნევს სწორად მომჩივანს მიაკუთვნოს კომპენსაცია მატერიალური ზიანისათვის.
210.მეორეს მხრივ, რაც შეეხება არამატერიალურ ზიანს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ეჭვგარეშედ განიცადა ტანჯვა და დაძაბულობა მისი დედის მოკვლისა და ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო მიეღოთ საკმარისი ზომები რათა თავიდან აეცილებინათ მისი ქმრის მიერ ჩადენილი ოჯახური ძალადობა და დაესაჯათ იგი შესაბამისად. თანასწორ საწყისებზე განსაზღვირსას, სასამართლო მომჩივანს მიაკუთვნებს 30,000 ევროს იმ ზიანისათვის რომელიც მას მიადგა კონვენციის მე-2, მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევისათვის.
ბ. ხარჯები
211.მომჩივანი ითხოვდა 15,500 თურქულ ლირას (დაახლოებით 7,750 ევროს) სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად. მოცემული მოიცავდა საქმის მომზადების დროს გაწეულ ანაზღაურებასა და ხარჯებს (იურისტის სამუშაო 38 საათის განმავლობაში) და სასამართლოს მოსმენაზე სტრასბურგში დასწრებას, ისევე როგორც სხვა ხარჯებს, მათ შორის ტელეფონი, ფაქსი, თარგმნა და სტაციონარული ნივთების შეძენა.
212.მთავრობა აღნიშნავდა, რომ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის გათვალისწინებით, მომჩივანის მოთხოვნა უარყოფილ უნდა ყოფილიყო.
213.სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მომჩივანი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დასტურდება, რომ მან მართლაც და აუცილებლობის ფარგლებში გასწია მოცემული ხარჯი, რომელიც გონივრული ოდენობისაა. მოცემულ სამეში, ხელთ არსებული ინფორმაციისა და ზემორე კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს მიაკუთვნოს მომჩივანს 6,500 ევრო სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების ხარჯებისათვის, გამოკლებული 1,494 ევრო, რომელიც მან მიიღო ევროპის საბჭოსაგან იურიდიული დახმრების სახით.
გ. საურავი
214.სასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1.უარყოფს მთავრობის პირველად პრეტენზიას ექვსი თვის ვადის წესის სავარაუდო დარღვევის შესახებ;
2.აერთიანებს კონვენციის მე-2, მე-3 და მე-14 მუხლების საფუძველზე წარმოდგენილი საჩივრების არსებით მხარესა და მთავრობის პირველად პრეტენზიებს სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწრავობის შესახებ და უარყოფს მათ;
3.აცხადებს საჩივარს მისაღებად;
4.ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას მომჩივანის დედის გარდაცვალების გამო;
5.ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან;
6.ადგენს, რომ არ არსებობს კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლებით საჩივრების განხილვის საჭიროება;
7.ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი მე-2 და მე-3 მუხლებთან ერთობლიობაში;
8.ადგენს:
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში, მომჩივანს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხა თურქულ ლირებში გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად:
(i) მთლიანობაში 30,000 ევრო (ოცდაათი ათასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მოცემულ ანაზღაურებას არამატერიალური ზიანისათვის;
(ii) 6,500 ევრო (ექვსი ათას ხუთასი ევრო), გამოკლებული 1,494 ევრო მიღებული ევროპის საბჭოსაგან იურიდიული დახმარების სახით, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მოცემული ხარჯების ანაზღაურებას;
(ბ) ზემოხსენებული სამი თვის გასვლიდან ანაზღაურებამდე, თანხას დაეკისრება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
9.უარყოფს მომჩივანის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია წერილობით 2009 წლის 9 ივნისს, სასამართლო რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მიხედვით.
სანტიაგო კესადაჯოზეფ კასადევალი
სასამართლო გამწესრიგებელი პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy